მარი დე ბურბონი (ფრანგ. Marie de Bourbon; დ. 15 ოქტომბერი, 1605 – გ. 4 ივნისი, 1627) — ბურბონთა დინასტიის გვერდითი შტოს წარმომადგენელი. მონტესპიერის ჰერცოგ ანრი დე ბურბონისა და მისი ცოლის, ანრიეტა კატრინა დე ჟოიოსის ერთადერთი ქალიშვილი და ბურბონთა დინასტიის მონტესპიერის შტოს უკანასკნელი წარმომადგენელი. მონტესპიერის ჰერცოგინია მამის გარდაცვალების შემდეგ. 1626 წელს ცოლად გაჰყვა საფრანგეთის მეფე ლუი XIII-ის ძმას, ორლეანის ჰერცოგ გასტონ დე ბურბონს, რომელთანაც მხოლოდ ერთი გოგონა შეეძინა, რომელზე მშობიარობასაც გადაჰყვა 21 წლის ასაკში.

მარი დე ბურბონი
Marie de Bourbon
ორლეანის ჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი: 6 აგვისტო, 1626
მმართ. დასასრული: 4 ივნისი, 1627
წინამორბედი: ეკატერინე მედიჩი
მემკვიდრე: მარგარიტა ლოთარინგიელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 15 ოქტომბერი, 1605
დაბ. ადგილი: შატო დე გაილონი, გაილონი, საფრანგეთი
გარდ. თარიღი: 4 ივნისი, 1627, (21 წლის)
გარდ. ადგილი: ლუვრის სასახლე, პარიზი, საფრანგეთი
მეუღლე: გასტონი, ორლეანის ჰერცოგი
შვილები: ანა მარი ლუიზა, მონტესპიერის ჰერცოგინია
დინასტია: ბურბონები
მამა: ანრი დე ბურბონი
დედა: ანრიეტა კატრინა დე ჟოიოსი
რელიგია: კათოლიციზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

მარი დე ბურბონი დაიბადა 1605 წლის 15 ოქტომბერს გაილონში, საფრანგეთში მდებარე ერის დეპარტამენტში, ნორმანდიის საჰერცოგოში. იგი იყო მონტესპიერის ჰერცოგ ანრი დე ბურბონისა და მისი ცოლის, ანტიეტა კატრინა დე ჟოიოსის ერთადერთი ქალიშვილი და მათი მემკვიდრე.

ვინაიდან იგი ჰერცოგ დე მონტესპიერის ერთადერთი შვილი იყო, მარი საფრანგეთში ცნობილი იყო როგორც ჰერცოგინია დე მონტესპიერი. როდესაც იგი სულ ორი წლის იყო, დანიშნეს საფრანგეთის მეფე ანრი IV-ის შუათანა ვაჟ ნიკოლას ანრი დე ბურბონზე, რომელიც ნიშნობიდან მალევე, 1611 წელს 4 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შემდეგ ორლეანის ახალი ჰერცოგი და ტახტის რიგით მეორე მემკვიდრე ანრის უმცროსი ვაჟი გასტონი გახდა.

1608 წელს მამის გარდაცვალების შემდეგ, სამი წლის მარი დე ბურბონი მონტესპიერის ჰერცოგინია და მისი სრულუფლებიანი მმართველი გახდა. ეს საჰერცოგო ფრანგულ საჰერცოგოებს შორის ერთ-ერთი უძველესი იყო, რომელიც 1539 წელს გადაურჩა სამეფო დომენში გაერთიანებას. მარი საფრანგეთის მეფე ჟან II ვალუასა და ლუი IX წმინდას პირდაპირი შთამომავალი იყო, რის გამოც იგი უმაღლესი რანგის არისტოკრატიას განეკუთვნებოდა.

იმის გამო, რომ ვინც მარიზე იქორწინებდა მას ერგებოდა მონტესპიერიც, მასზე დაქორწინება გასტონ დე ბურბონმა მოისურვა, რომელსაც თავისი ძმის, ლუი XIII-ისა და კარდინალი რიშელიეს წინააღმდეგ ბრძოლისთვის მოკავშირეები სჭირდებოდა.

გასტონისა და მარის ქორწინება 1626 წლის 6 აგვისტოს შედგა ქალაქ ნანტში, სადაც ამ ქორწინებას დაესწრნენ საფრანგეთის მეფე ლუი XIII, მისი მეუღლე, დედოფალი ანა ავსტრიელი და გასტონის დედა, საფრანგეთის დედა-დედოფალი მარია მედიჩი. ამიერიდან მარი უკვე ორლეანის ჰერცოგინია და საფრანგეთის სამეფო ოჯახის წევრი გახდა, ხოლო გასტონი მონტესპიერის საჰერცოგოს დაეპატრონა.

წყვილს თავიანთი ხანმოკლე ქორწინებიდან სულ ერთი შვილი ჰყავდათ:

  1. ანა მარი ლუიზა (დ. 29 მაისი, 1627 – გ. 3 აპრილი, 1693), მონტესპიერის ჰერცოგინია, გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;

სუსტი ჯანმრთელობის მქონე მარი დე ბურბონი პირველსავე მშობიარობას გადაჰყვა. იგი ბავშვის გაჩენიდან რამდენიმე დღის მანძილზე ებრძოდა სიკვდილს და საბოლოოდ 1627 წლის 4 ივნისს, 21 წლის ასაკში დაიღუპა. მისი ახალშობილი ქალიშვილი მონტესპიერის ჰერცოგინია გახდა და ამით გადარჩა მონტესპიერი დომენში გაერთიანებას. საბოლოოდ მისმა ქალიშვილმა, 1693 წელს, გარდაცვალების წინ მონტესპიერის საჰერცოგო საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ის უმცროს ძმას, ორლეანის ჰერცოგ ფილიპ I-ს უანდერძა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Gavard, Charles (1848). Galeries historiques du Palais de Versailles [Historical Galleries of the Palace of Versailles] (in French). Impr. Royale. pp. 206, 320. Retrieved 27 May 2018.
  • Sackville-West, V.. Daughter of France:The life of Anne Marie Louise d'Orléans, duchesse de Montpensier 1627-1693
  • Patricia M. Ranum, "Mademoiselle de Guise, ou les défis de la quenouille," XVIIe Siècle (1984), pp.221-32.
  • Ranum, Portraits, pp. 449-54
  • Counts and Dukes of Guise