ანა მარი ლუიზა ორლეანელი
ანა მარი ლუიზა ორლეანელი (ფრანგ. Anne Marie Louise d'Orléans; დ. 29 მაისი, 1627 — გ. 5 აპრილი, 1693), აგრეთვე ცნობილი როგორც დიდი მადმუაზელი — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. ორლეანის ჰერცოგ გასტონ დე ბურბონისა და მისი პირველი ცოლის, მონტესპიერის ჰერცოგინია მარი დე ბურბონის პირველი შვილი. საფრანგეთის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ფიგურა, მონტესპიერის უკანასკნელი ბურბონი მმართველი გარდაიცვალა გაუთხოვარი და უშვილო, რის გამოც მონტესპიერი მის ბიძაშვილ ფილიპ ორლეანელს ერგო. მან ცოლობაზე უარი უთხრა ინგლისისა და შოტლანდიის მეფე ჩარლზ II-ს, პორტუგალიის მეფე აფონსუ VI-სა და სავოიის ჰერცოგ კარლო ემანუელე II-ს. მხოლოდ ანტუან ნომპარ დე კუმონტზე ქორწინებაზე იყო თანახმა, რაზეც მეფე ლუი XIV-მ უარი უთხრა, ამის შემდეგ კი აღარც გათხოვილა. იგი ასევე უმსხვილესი მონაწილე იყო ლუი XIV-ის წინააღმდეგ მიმართულ ფრონდას სახელმწიფო გადატრიალებაში, რის გამოც მამამისთან ერთად საფრანგეთის სამეფო კარიდან გააძევეს, თუმცა საბოლოოდ მაინც დაუბრუნდა ვერსალს.
ანა მარი ლუიზა ორლეანელი | |
---|---|
Anne Marie Louise d'Orléans | |
მონტესპიერის ჰერცოგინია | |
მმართ. დასაწყისი: | 4 ივნისი, 1627 |
მმართ. დასასრული: | 5 აპრილი, 1693 |
წინამორბედი: | მარი დე ბურბონი |
მემკვიდრე: | ფილიპ ორლეანელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 29 მაისი, 1627 |
დაბ. ადგილი: | პარიზი, საფრანგეთი |
გარდ. თარიღი: | 5 აპრილი, 1693, (65 წლის) |
გარდ. ადგილი: | პარიზი, საფრანგეთი |
დაკრძ. ადგილი: | 19 აპრილი, 1693, სენ დენის ბაზილიკა |
დინასტია: | ბურბონები |
მამა: | გასტონი, ორლეანის ჰერცოგი |
დედა: | მარი, მონტესპიერის ჰერცოგინია |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ხელმოწერა: | |
ბიოგრაფია
რედაქტირებამემკვიდრეობა და მეტსახელი
რედაქტირებაისტორიულად ანა მარი ლუიზას დიდ მადმუაზელს უწოდებენ, რაც იმითა განპირობებული, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ ტახტზე მისი ბიძაშვილი ფილიპ ორლეანელი ავიდა, რომელსაც ოდითგანვე პატარა მონსინიორით მიმართავდნენ და მათი ერთმანეთისგან განსარჩევად ანა მარი ლუიზას დიდი მადმუაზელი ეწოდა.
იგი დედამისის, მარი დე ბურბონის ერთადერთი მემკვიდრე იყო მონტესპიერის ტახტზე. მონტესპიერი ნორმანდიაში მდებარე ის საჰერცოგო იყო, რომელიც საფრანგეთის სამეფო ხელისუფლებას ჯერ კიდევ არ ემორჩილებოდა და მართავდა ბურბონთა გვერდითი შტო, რომლის ბოლო წარმომადგენელიც ანა მარი ლუიზას დედა იყო და ვინაიდან მას სხვა შვილი არ ჰყავდა ანა მარი ლუიზა მისი ერთადერთი მემკვიდრე იყო მონტესპიერის ტახტზე.
ადრეული წლები და ჩაშლილი ქორწინებები
რედაქტირებაანა მარი ლუიზა დაიბადა 1627 წლის 29 მაისს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში. იგი იყო ორლეანის ჰერცოგ გასტონ დე ბურბონისა და მისი პირველი ცოლის, მონტესპიერის ჰერცოგინია მარი დე ბურბონის პირველი ქალიშვილი. დედამისი მის მშობიარობას გადაჰყვა, რის შედეგადაც მას დედის ხაზით მემკვიდრეობით მონტესპიერის საჰერცოგო და ზღაპრული სიმდიდრე ერგო.
მამამისი საფრანგეთის მეფე ანრი IV-ისა და მისი მეორე ცოლის, დედოფალ მარია მედიჩის უმცროსი ვაჟი იყო. ანა მარი ლუიზას მამიდებად ერგებოდნენ ესპანეთის დედოფალი ელიზაბეტ ფრანგი, სავოიის ჰერცოგინია კრისტინა მარია ფრანგი და ინგლისისა და შოტლანდიის დედოფალი ანრიეტა მარია ფრანგი, ხოლო ბიძად საფრანგეთის მეფე ლუი XIII ერგებოდა. ღრმა ბავშვობიდანვე ანა მარი უსიყვარულოდ და სითბოს გარეშე იზრდებოდა, ვინაიდან მას დედა არ ჰყავდა, სხვა ახლო ნათესავები კი პოლიტიკასა და ინტრიგებში იყვნენ ჩაფლულნი და მისთვის არ ეცალათ. მაგრამ სიტუაცია 1632 წლიდან შეიცვალა, მას შემდეგ, რაც მამამისმა ცოლად მარგარიტა ლოთარინგიელი შეირთო. მარგარიტას იგი საკუთარი შვილივით უყვარდა და საოცარ სიყვარულსა და სითბოს იჩენდა ანა მარის მიმართ. ვინაიდან გასტონმა და მარგარიტამ მეფისა და პაპის ნებართვის გარეშე იქორწინეს, ლუიმ მარგარიტა ქვეყნიდან გააძევა. მარგარიტა ბრიუსელში დასახლდა, სადაც ასევე ლუის მიერ გაძევებული დედამისი, დედა-დედოფალი მარია მედიჩი ცხოვრობდა. ამის შემდეგ კარდინალმა რიშელიემ ანა მარისთვის მონტესპიერში ძალაუფლების წართმევა და მისი სამეფო დომენისათვის მიერთება მოისურვა, რისგანაც იგი გასტონმა დაიცვა. პატარა ანა მარი ლუიზა მშობლიურ სითბოს მეფე ლუი XIII-ისა და მისი ცოლის, დედოფალ ანა ავსტრიელისაგან იღებდა, რომელთაც შვილები ჯერჯერობით არ ჰყავდათ. მალევე მათ ის აღსაზრდელად მადამ დე სენ-ჟორჟს მიაბარეს, რომელიც მას გენეოლოგიასა და მრავალ სხვა რამეს ასწავლიდა.
რაც შეეხება მის დამოკიდებულებას მარგარიტა ლოთარინგიელისადმი, მიუხედავად იმისა, რომ ანა მარი ლუიზა ძალიან მორწმუნე და ნაზი იყო და მარგარიტაც ძალიან თბილი იყო მასთან მიმართებაში, მას დედინაცვალი ძალიან არ მოსწონდა, თუმცა ძალიან უყვარდა და ახლოს იყო თავის ნახევარ-დებთან, განსაკუთრებით კი ფრანსუაზ მადლენთან. მიუხედავად იმისა, რომ ანა მარი ლუიზა შეუხედავი იყო, მას უამრავი საქორწინო შეთავაზება ჰქონდა, ვინაიდან იგი საოცრად დიდი სიმდიდრის პატრონი იყო, იყო საფრანგეთის მეფის ღვიძლი ბიძაშვილი და ასევე ფლობდა უზარმაზარ მიწებს მთელი საფრანგეთის მასშტაბით. მას ხელს სთხოვდნენ მთელი ევროპის მონარქები, როგორებიცაა ინგლისის, შოტლანდიისა და ირლანდიის მეფე ჩარლზ II, პორტუგალიის, ალგარვისა და ბრაზილიის მეფე აფონსუ VI, სავოიისა და პიემონტის ჰერცოგი კარლო ემანუელე II და ასე შემდეგ, თუმცა ანა მარის გათხოვება არ სურდა და ყველა მათგანს ცივი უარით ჰპასუხობდა. ლუი XIV-მაც და თავის დროზე კარდინალმა რიშელიემაც ყველაფერი გააკეთეს მის გასათხოვებლად, მაგრამ ანა მარის არ თხოვდებოდა. ლუის მისი გამოყენება სურდა ესპანეთთან ალიანსისთვის, ასევე შესაძლო იყო მისი გათხოვება სხვა მონარქზეც, თუმცა ვინაიდან ანა მარი ლუიზას სხვა კაცი უყვარდა დაბალი ფენიდან არ თხოვდებოდა. ამის გამო მას ძალიან გაუფუჭდა ურთიერთობა ლუისთან, რაც საბოლოოდ მეფესა და ჰერცოგინიას შორის დიდ მტრობაში გადაიზარდა.
ფრონდა
რედაქტირებაანა მარი ლუიზაზე დიდი გავლენა ჰქონდა მამამისს გასტონ დე ბურბონს, რომელიც მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე ცდილობდა მეფის ჩამოგდებას და ტახტზე ასვლას, რაც ყოველთვის იშლებოდა და გასტონის ქვეყნიდან გაქცევით მთავრდებოდა. გასტონმა თავის ბოლო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისას თავისი უფროსი ქალიშვილი ანა მარი ლუიზაც ჩაითრია. ამ დროს ანა მარის უკვე ცუდი ურთიერთობა ჰქონდა მეფესთან, ამიტომაც მალევე დასთანხმდა. ყველაფერი იმით უნდა დაწყებულიყო, რომ ორლეანი აჯანყდებოდა, რასაც შემდგომში სხვა ფრანგული ქალაქებიც აჰყვებოდნენ და ასე დაამხობდნენ ლუის აბსოლუტურ მონარქიას. 1652 წლის 27 მარტს ორლეანმა უარი განაცხადა სამეფო ხაზინისთვის ხარკის გადახდაზე, რასაც პარიზიდან სადამრსჯელო არმიის გაგზავნა მოჰყვა, ეს კი ბლენუს ბრძოლაში გასტონისა და ანა მარის გამარჯვებით დასრულდა. საბოლოოდ ანა მარი წინ გაუძღვა დიდ ჯარს და ბასტილიას შემოარტყა ალყა, რაშიც მისი ბიძაშვილი კონდეც მონაწილეობდა, იმ პირობით, რომ გამარჯვების შემთხვევაში ანა მარი მას გაჰყვებოდა ცოლად. თუმცა საბოლოოდ ანა მარი დამარცხდა. ლუი XIV-ის არმიამ სასტიკად დაამარცხა მათი ჯარები და საფრანგეთში აბსოლუტიზმმა კიდევ უფრო გაიდგა ფესვები.
გაძევება სამეფო კარიდან და დაბრუნება
რედაქტირებაგანრისხებულმა ლუი XIV-მ მეაბმოხე ნათესავები, ანუ გასტონი და ანა მარი ლუიზა 1652 სამეფო კარიდან გააძევათ. ანა მარი ჯერ სენ-ფორჟეში, რამდენიმე წლის შემდეგ კი ნორმანდიაში მდებარე ერში გადასახლდა. გადასახლებისას მან მემუარების წერას მიჰყო ხელი, სადაც მას დეტალურად ჰქონდა აღწერილი ფრონდა, თუ როგორ ეგოისტურად შეითრიეს იგი ამ ამბავში და შემდეგ როგორ დაისაჯა. იგი აღიარებდა თავის დანაშაულს და ოდესმე პატიების იმედს გამოთქვამდა. მასში ასევე აღწერილია მეჩვიდმეტე საუკუნის ევროპელი ქალების საშინელი ყოფა, როდესაც მათ "ბაზრობის საქონელივით" მიჰყიდდნენ ხოლმე უცხო სამეფო კარს.
დევნილობის პერიოდში იგი დაინტერესდა ხელოვნებით, რა დროსაც დაიცნო რამდენიმე გამოჩენილი მხატვარი და თავისი პორტრეტებიც დაუკვეთა მათ.
მონტესპერის ჰერცოგინიას თავისი დანაშაული 1657 წელს შეუნდეს და სამეფო კარზე დაბრუნების ნება დართეს, თუმცა გასტონი კვლავ დევნილობაში დარჩა სადაც 1660 წელს გარდაიცვალა. სწორედ სამეფო კარზე მეორედ დაბრუნებით იწყება ანა მარი ლუიზას ნამდვილი თავგადასავლები, 43 წლის ასაკში. თუმცა ვერ ვიტყვით, რომ მეფის კარზე მას რაიმე კარგი გადაჰხდა თავს. იგი მალევე მის უკითხავად დანიშნეს მხოლოდ ექვსი წლის ბიჭზე, რომელიც უმაღლესი არისტოკრატიული ოჯახიდან იყო. ამ ქორწინებაზე ლუი XIV-მაც და რომის პაპმაც თანხმობა განაცხადეს. ცხადია ამ ფაქტს ანა მარი საშინლად შეხვდა, იგი ყვიროდა, ტიროდა, მაგრამ არაფერი შველოდა. იგი ახალ უფსკრულში აღმოჩნდა ჩათრეული, რომლიდანაც გამოსავალს ვერ პოულობდა. ფაქტობრივად ანა მარის ათხოვებდნენ ბავშვზე, რომელსაც არც კი იცნობდა. საბოლოოდ ანა მარი ლუიზამ ლუის საყვარელს, მადამ დე მონტესპანს მიმართა დასახმარებლად, რომელსაც მეფეზე ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა. მონტესპანი მას დაჰპირდა, რომ მეფეს ამ თემაზე აუცილებლად დაელაპარაკებოდა. მიუხედავად მონტესპანის გულმოდგინე მცდელობისა მეფე თავის აზრზე დარჩა, თუმცა მადამ დე მონტესპანმა შეძლო და ლუი ანა მარის ზრდასრულ კაცზე დაქორწინებაზე დაითანხმა, რაც ასე თუ ისე შეღავათი იყო. საბოლოოდ 1671 წელს ანა მარი ჰერცოგ დე ლუზანზე დანიშნეს, რომელმაც ჯერ კიდევ ქორწინებამდე დაიწყო მისი ღალატი და სახალხოდ დამცირება, რის გამოც ნიშნობა ჩაიშალა. ბოდიშის ნიშნად ლუიმ ანა მარის უამრავ მამულს კიდევ რამდენიმე საჰერცოგო დაუმატა.
მიუხედავად მისი წოდებების მომატებისა, სამეფო კარზე მისი ავტორიტეტი არ გამოსწორებულა. გარდა წარსულში არსებული აჯანყებისა და შინაბერობისა, ანა მარი ძალიან გულქვა, ეჭვიანი და ძუნწი ქალი იყო, რის გამოც ვერსალში მხოლოდ რამდენიმე მეგობარი ჰყავდა.
გარდაცვალება და დაკრძალვა
რედაქტირებაანა მარი ლუიზა ორლეანელი 1693 წლის 5 აპრილს ვერსალის სარდაფში გარდაიცვალა მოულოდნელი ინსულტით, 65 წლის ასაკში.
მისი ანდერძის მიხედვით მისი გული წმინდა ანას მონასტრის იატაკის ქვეშ დაკრძალეს, ხოლო სხეული წესის მიხედვით სენ დენის სამეფო ბაზილიკაში. 1793 წელს საფრანგეთის რევოლუციის დროს, სხვა მრავალი მონარქის მსგავსად მისი აკლდამაც გახსნეს, გაძარცვეს, ნეშტი შეურაცხჰყვეს და კვლავ დაკრძალეს. მისი გული ერთ-ერთმა ფრანგმა რევოლუციონერმა ამოთხარა წმინდა ანას მონასტრის იატაკიდან და საკმაოდ ძვირად გაცვალა უამრავ ოქროს ჭურჭელში. მოგვიანებით მისი ცხედარი გამოიკვლიეს და აღმოჩნდა რომ მისი ნეშტი მუმიფიცირებული იყო და ბოლომდე გახრწნილი არ იყო.
ლიტერატურა
რედაქტირება- Christian Bouyer, La Grande Mademoiselle, la tumultueuse cousine de Louis XIV, Pygmalion 2004 (ISBN 2-85704-909-9)
- Simone Bertière, Les Femmes du Roi-Soleil. - Éditions de Fallois, 1998. - (ISBN 2-253-14712-5)
- Mémoires de Mlle de Montpensier. Charpentier. 1864-1868. 4 volumes.
- (en) Sophie Marinez, Mademoiselle de Montpensier : Writings, Châteaux, and Female Self-Construction in Early Modern France, Brill/Rodopi, 2017 (ISBN 9789004337206).
- Arvède Barine, La Grande Mademoiselle [archive] sur Wikisource.
- André Castelot, L'Histoire insolite, Paris, Perrin, 1982, 427 p. (ISBN 2-262-00248-7), p. 171.
- « Vente par mademoiselle de Montpensier au duc du Maine des terres, seigneuries et comté d'Eu et de la baronnie de Cuverville, moyennant la somme de 1 600 000 francs, 2 février 1681 ». (Fond de Dreux, papiers de famille, 300 APII 14), cité dans « La Grande Mademoiselle » par Christian Bouyer, Pygmalion, 2004.