კრისტინა ლოთარინგიელი

კრისტინა ლოთარინგიელი (იტალ. Cristina di Lorena; დ. 16 აგვისტო 1565 — გ. 19 დეკემბერი 1637) — ლოთარინგიის ჰერცოგ შარლ III-ისა და მისი მეუღლის, საფრანგეთის პრინცესა კლაუდია ვალუას უფროსი ქალიშვილი. ტოსკანის დიდ ჰერცოგინია 1589 - 1609 წლებში როგორც ფერდინანდო I-ის მეუღლე. ტოსკანის დიდი ჰერცოგის კოზიმო II-ის დედა. თავისი შვილიშვილის ფერდინანდო II-ის რეგენტი 1621-1630 წლებში.

კრისტინა ლოთარინგიელი
ტოსკანის დიდ ჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი: 3 მაისი 1589
მმართ. დასასრული: 17 თებერვალი 1609
წინამორბედი: ბიანკა კაპელო
მემკვიდრე: მარია მაგდალინა ავსტრიელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 16 აგვისტო 1565
დაბ. ადგილი: სტანისლას სასახლე, ნანსი, ლოთარინგიის საჰერცოგო
გარდ. თარიღი: 19 დეკემბერი 1637 (72 წლის)
გარდ. ადგილი: პიტის სასახლე, ფლორენცია, ტოსკანის დიდი საჰერცოგო
მეუღლე: ფერდინანდო I მედიჩი
შვილები: კოზიმო II მედიჩი
ელეონორა მედიჩი
კატერინა მედიჩი
ფრანჩესკო მედიჩი
კარლო მედიჩი
ფილიპინა მედიჩი
ლორენცო მედიჩი
მარია მადალენა
კლაუდია მედიჩი
დინასტია: ლოთარინგიული დინასტია (დაბადებით)
მედიჩების დინასტია (ქორწინებით)
მამა: შარლ III ლოთარინგიელი
დედა: კლაუდია ვალუა
რელიგია: კათოლიციზმი

ადრეული ცხოვრება და წარმომავლობა

რედაქტირება

კრისტინა დაიბადა 1565 წლის 16 აგვისტოს, ლოთარინგიის საჰერცოგოს დედაქალაქ ნანტში. იგი იყო ლოთარინგიის ჰერცოგ შარლ III-ისა და მისი მეუღლის, საფრანგეთის პრინცესა კლაუდია ვალუას მეორე შვილი და პირველი ქალიშვილი.

დედის მხრიდან მისი პაპა-ბებია იყვნენ საფრანგეთის მეფე ანრი II და დედოფალი ეკატერინე მედიჩი. ამავე ხაზით მისი ბიძები საფრანგეთის მეფე ფრანსუა II, შარლ IX და ანრი III, ხოლო დეიდები ესპანეთის დედოფალი ელიზაბეტ ვალუა და ნავარის დედოფალი მარგარიტა ვალუები იყვნენ. მამის მხრიდან მისი პაპა-ბებია იყვნენ ლოთარინგიის ჰერცოგი ფრანსუა I და მისი ცოლი, კრისტინა დანიელი (ვის პატივსაცემადაც დაარქვეს სახელი და რომელსაც თავისი ბებიის, დანიის დედოფალ კრისტინა საქსონიელის პატივსაცემად ერქვა სახელი), რომელიც თავის მხრივ დანიის, ნორვეგიისა და შვედეთის მეფე კრისტიან II-ისა და დედოფალ იზაბელა ავსტრიელის ქალიშვილი იყო. ამრიგად კრისტინას დიდ ბებიად ერგებოდა ესპანეთის გამაერთიანებელი დედოფალი ისაბელ კასტილიელი.

ამგვარი დიდი წარმომავლობის გამო, იგი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი საპატარძლო იყო. ამის გამო, იგი ბავშვობიდანვე იღებდა საუკეთესო განათლებას, ასევე სწავლობდა რამდენიმე უცხო ენას.

როდესაც კრისტინა ათი წლის იყო, 1575 წელს, დედამისი, კლაუდია ვალუა 28 წლის ასაკში გადაჰყვა მეცხრე მშობიარობას. ამის შემდეგ მამამისი მეორედ აღარ დაქორწინებულა.

ტოსკანის დიდი ჰერცოგინია

რედაქტირება

1587 წელს, უძეოდ გარდაიცვალა ტოსკანის დიდი ჰერცოგი ფრანჩესკო I მედიჩი, რის გამოც, ტახტზე მისი ძმა, ფერდინანდო I ავიდა, რომელიც მალევე შეუდგა საცოლის ძიებას. მან თავის საცოლედ კრისტინა ლოთარინგიელი შეარჩია. აღსანიშნავია, რომ ფერნანდოს მამა, კოზიმო I და კრისტინას ბებია, ეკატერინე მედიჩი ღვიძლი ბიძაშვილები იყვნენ. ფერდინანდოს ამ არჩევანზე დიდი გავლენა სწორედ ეკატერინემ მოახდინა, რადგან დიდი ჰერცოგი საცოლეს ესპანეთში უფრო ეძებდა, რადგან სურდა ესპანელ პრინცესაზე ქორწინებით შეემსუბუქებინა ის მძიმე ტვირთი, რაც ტოსკანის ესპანეთის ვასლად გახდომას ახლდა.

1589 წლის 3 მაისს, ფლორენციის საკათედრო ტაძარში შედგა კრისტინასა და ფერდინანდო I-ის ქორწინება. მათ ჯვარი თავად პაპმა დასწერათ, რის გამოც ქორწინებას არაერთი ევროპელი მონარქი და დელეგატი ესწრებოდა. ჯვრისწერას ფლორენციაში დიდი გასართობი ღონისძიება მოჰყვა. ამ დროს გაიმართა ბანკეტი, ბურთით თამაშობები, დაიდგა კომედიები და მუსიკალური წარმოდგენები. განსაკუთრებულად მაღალი წრის სტუმრებისათვის, მეტად დახვეწილი ბანკეტი გაიმართა პიტის სამეფო სასახლეში. სასახლის ეზოში გაიმართა იმიტირებული საზღვაო ბრძოლაც. დღევანდელ ვალუტაში გადაყვანით, ეს ქორწილი დაახლოებით თხუთმეტი მილიონი დოლარი დაჯდა. თავად კრისტინას მზითვში 600,000 დუკატი და 50,000 ფლორინი გაატანეს. ამას გარდა, საქორწინო საჩუქრის სახით, ეკატერინე მედიჩიმ თავის მფლობელობაში მყოფი ურბინოს საჰერცოგო უანდერძათ.

კრისტინასა და ფერდინანდოს ბედნიერი ქორწინება ჰქონდათ, რომელშიც მან ცხრა ბავშვი გააჩინა, აქედან ოთხი ვაჟი და ხუთი გოგონა. როგორც ცნობილია, კრისტინა ტოსკანაში მფარველობდა ხელოვნებასა და მეცნიერებას, მასვე მიეწერება გალილეო გალილეის სამეცნიერო წამოწყების დაფინანსება.

ტოსკანის რეგენტი

რედაქტირება

1609 წელს, ფერდინანდო I-ის გარდაცვალების შემდეგ, დიდი ჰერცოგი მისი და კრისტინას უფროსი ვაჟი, კოზიმო II გახდა. კრისტინას ახლო და მეტად თბილი ურთიერთობა ჰქონდა თავის რძალთან, ახალ ჰერცოგინია მარია მაგდალინა ავსტრიელთან. კოზიმო II-ის მმართველობა არც თუ ისე ხანგრძლივი აღმოჩნდა. იგი 1621 წელს გარდაიცვალა და ტახტზე მისი 10 წლის ვაჟი, ფერდინანდო II ავიდა. ტრადიციისა და კანონის მიხედვით, მის სრულწლოვანებამდე ქვეყანას რეგენტის სტატუსით მართავდა დედამისი, მარია მაგდალინა, თუმცა მან თავისზე დაკისრებულ უზარმაზარ პასუხისმგებლობას ვერ გაუძლო, ამიტომაც თანა-რეგენტად კრისტინა დაინიშნა. ამრიგად, კრისტინა ტოსკანის რეგენტი გახდა, თუმცა ყველაფერს რძალთან ერთად აკეთებდა. მათი ცხრაწლიანი კოლექტივური რეგენტობა, იტალიის ისტორიაში „ტუტრიჩი“-ს სახელითაა ცნობილი. რადგანაც კრისტინა და მარია მაგდალინა ერთმანეთის ანალოგიური პიროვნებები იყვნენ, თითქმის არასოდეს კამათობდნენ გადაწყვეტილების მიღებისას. მალე მათ ფერდინანდო II დააქორწინეს რომის პაპ ურბან VIII-ის ბიძაშვილ ვიტორია დელა როვერეზე, რომელიც ასევე კრისტინას ქალიშვილ კლაუდია მედიჩის ასული და ურბინოს ერთადერთი მემკვიდრე იყო, რითაც ურბინოს საჰერცოგო საბოლოოდ მიუერთდა ტოსკანას.

1626 წელს, მან და მისმა რძალმა, გამოსცეს ახალი კანონი, რომლის მიხედვითაც ტოსკანის ყველა მოქალაქეს, საჰერცოგოს საზღვრებს გარეთ განათლების მიღება აეკრძალა. 1630 წელს ფერდინანდო II სრულწლოვანი გახდა, რითაც დასრულდა მათი რეგენტობა. ამ ამბიდან სულ მალე, 1631 წელს გარდაიცვალა მარია მაგდალინა ავსტრიელიც. დარჩენილი წლები კრისტინამ ფუფუნებასა და სიმშვიდეში გაატარა. იგი გარდაიცვალა 1637 წლის 19 დეკემბერს პიტის სასახლეში, ფლორენციაში, 72 წლის ასაკში. კრისტინა ლოთარინგიელი დაკრძალეს ფლორენციაში, სან-ლორენცოს სახელობის ბაზილიკაში, მისივე მეუღლის გვერდით.

  1. კოზიმო II (1590-1621), ტოსკანის დიდი ჰერცოგი, იქორწინა ავსტრიის პრინცესა მარია მადლენა ჰაბსბურგზე;
  2. ელეონორა (1591-1617);
  3. კატერინა (1593-1629), იქორწინა მანტუისა და სიენის ჰერცოგ ფერდინანდო გონძაგაზე;
  4. ფრანჩესკო (1594-1614);
  5. კარლო (1595-1666), კარდინალი და ოსტიის არქიეპისკოპოსი;
  6. ფილიპინა (1598-1602);
  7. ლორენცო (1599-1648);
  8. მარია მადლენა (1600-1633);
  9. კლაუდია (1604-1648), პირველად იქორწინა ურბინოს ჰერცოგ ფერდინანდო დელა როვერეზე, ხოლო მეორედ იქორწინა ავსტრიისა და ტიროლიის ჰერცოგ ლეოპოლდ V ჰაბსბურგზე.

წინაპრები

რედაქტირება

ტიტულები

რედაქტირება
  • 16 აგვისტო, 1565 - 3 მაისი, 1589: მისი უმაღლესობა კრისტინა, ლოთარინგიის პრინცესა;
  • 3 მაისი, 1589 - 17 თებერვალი, 1609: მისი უდიდებულესობა ტოსკანის დიდი ჰერცოგინია კრისტინა ლოთარინგიელი;
  • 17 თებერვალი, 1609 - 19 დეკემბერი, 1637: მისი უდიდებულესობა ტოსკანის ქვრივი დიდი ჰერცოგინია კრისტინა ლოთარინგიელი;

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Sheila Barker: Christine of Lorraine and Medicine at the Medici Court. In: Giovanna Benadusi, Judith C. Brown: Medici Women. The Making of a Dynasty in Grand Ducal Tuscany. Centre for Reformation and Renaissance Studies, Toronto 2015, ISBN 978-0-7727-2180-8, S. 157–183 (PDF; 878 kB).
  • L. Bertoni: Cristina di Lorena, granduchessa di Toscana. In: Dizionario Biografico degli Italiani. Band 31. Istituto della Enciclopedia italiana, Rom 1985 (online).
  • Hilarion de Coste: Christine de Lorraine, Grande Duchesse de Toscane. In: Les Eloges et vies des reynes, princesses, dames et damoiselles illustres en piété, courage et doctrine, qui ont fleury de nostre temps, et du temps de nos peres. Band 1, 2. Auflage. Sébastien et Gabriel Cramoisy, Paris 1647, S. 417–432 (online დაარქივებული 2017-01-03 საიტზე Wayback Machine. ).
  • Mitch Stokes (2011). Galileo. Thomas Nelson Inc. p. 43. ISBN 9781595550316.
  • Kelley Harness (2006). Echoes of Women's Voices: Music, Art, and Female Patronage in Early Modern Florence. University of Chicago Press. p. 18. ISBN 9780226316598.
  • Anne J. Cruz & Maria Galli Stampino (2016). Early Modern Habsburg Women: Transnational Contexts, Cultural Conflicts, Dynastic Continuities. Routledge. p. 44. ISBN 9781317146926.
  • Elisa Goudriaan (2017). Florentine Patricians and Their Networks: Structures Behind the Cultural Success and the Political Representation of the Medici Court (1600-1660). BRILL. p. 20. ISBN 9789004353589.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება