ფრანსუა II (საფრანგეთი)

ფრანსუა II (ფრანგ. François II; დ. 19 იანვარი, 1544, ფონტენბლოს სასახლე, პარიზი, საფრანგეთი — გ. 5 დეკემბერი, 1560, სასტუმრო გროსლოტი, ორლეანი, საფრანგეთი) — ვალუას დინასტიის წარმომადგენელი. საფრანგეთის მეფე 1559-1560 წლებში. შოტლანდიის კონსორტი მეფე 1558-1560 წლებში როგორც დედოფალ მერი I სტიუარტის მეუღლე.

ფრანსუა II
საფრანგეთის მეფე
კორონაცია: 21 სექტემბერი, 1559
მმართ. დასაწყისი: 10 ივლისი, 1559
მმართ. დასასრული: 5 დეკემბერი, 1560
წინამორბედი: ანრი II
მემკვიდრე: შარლ IX
შოტლანდიის კონსორტი მეფე
მმართ. დასაწყისი: 24 აპრილი, 1558
მმართ. დასასრული: 5 დეკემბერი, 1560
წინამორბედი: მარი დე გიზი (როგორც დედოფალი)
მემკვიდრე: ჰენრი სტიუარტი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 19 იანვარი, 1544
დაბ. ადგილი: ფონტენბლოს სასახლე, პარიზი, საფრანგეთი
გარდ. თარიღი: 5 დეკემბერი, 1560, (16 წლის)
გარდ. ადგილი: სასტუმრო გროსლოტი, ორლეანი, საფრანგეთი
მეუღლე: მერი I, შოტლანდიის დედოფალი
(ქ. 1558)
დინასტია: ვალუები
მამა: ანრი II, საფრანგეთის მეფე
დედა: ეკატერინე მედიჩი
რელიგია: კათოლიციზმი
ხელმოწერა:

მან საფრანგეთის ტახტი თხუთმეტი წლის ასაკში დაიკავა, მას შემდეგ, რაც მამამისი, ანრი II უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა თავისი ქალიშვილის ქორწილში. მისი ერთობ ხანმოკლე მეფობის პერიოდში მომზადდა ნიადაგი საფრანგეთის რელიგიური ომების დასაწყებად.

მისი სისუსტის გამო ქვეყანას დედამისი, დედოფალი ეკატერინე მედიჩი და ცოლის ნათესავი დე გიზები მართავდნენ, რომელთაც ჩამოაყალიბეს ერთგვარი კათოლიკური ფრთა. მან ვერ შეძლო დახმარებოდა თავის სიდედრს შოტლანდიაში კათოლიკობის დასაცავად, რითაც ისარგებლეს შოტლანდიელმა რეფორმატორებმა და ქვეყანა განუდგა კათოლიკობას.

ფრანსუას უშვილოდ გარდაცვალების გამო ტახტზე მისი ძმები ადიან, რომელთა მმართველობის პერიოდმაც რელიგიური ომების დროს გაიარა და მათი გარდაცვალებით დასრულდა ვალუას დინასტიაც.

ბავშვობა და განათლება რედაქტირება

 
ანრი II-ის ოჯახი, საათის ისრის მიმართულებით: საფრანგეთის მეფე ფრანსუა I, მისი ცოლი კლაუდია ვალუა, მეფე შარლ IX, მისი ცოლი ელიზაბეთ ავსტრიელი, ესპანეთის დედოფალი ელიზაბეტ ვალუა, ალანსონის ჰერცოგი ფრანსუა ვალუა, ლოთარინგიის ჰერცოგინია კლაუდია ვალუა, მისი ქმარი შარლ III, საავოიის ჰერცოგინია მარგარიტა ვალუა, ნავარის დედოფალი მარგარიტა ვალუა, საფრანგეთის მეფე ანრი III, შოტლანდიის დედოფალი მერი სტიუარტი და საფრანგეთის მეფე ფრანსუა II, ცენტრში კი თავად ანრი და ეკატერინე მედიჩი

ფრანსუა დაიბადა 1544 წლის 19 იანვარს ფონტენბლოს სამეფო სასახლეში. იგი იყო საფრანგეთის დოფინ ანრი დე ვალუასა და მისი ცოლის, ეკატერინე მედიჩის პირველი შვილი, რომელსაც ისინი ქორწინების თერთმეტი წლის განმავლობაში ელოდნენ. მას სახელი პაპის, საფრანგეთის იმჟამინდელი მეფის, ფრანსუა I-ის პატივსაცემად დაარქვეს. იგი იმავე წლის 10 თებერვალს მონათლეს. მისი ნათლიები იყვნენ საფრანგეთის მეფე ფრანსუა I, რომის პაპი პავლე III და ნავარის დედოფალი მარგარიტა ანგულიმელი (მისი პაპიდა). 1546 წლიდან იგი ლანგედოკის გუბერნატორი ხდება. უკვე 1547 წლის 31 მარტს ფრანსუა I გარდაიცვალა, მეფე კი ანრი II ხდება, რის გამოც ფრანსუას საფრანგეთის დოფინის წოდება ენიჭება.

ფრანსუას აღმზრდელები იყვნენ გუბერნატორი ჟან დ’უმიერი და მისი მეუღლე, ფრანსუაზ დე კონტა. მისთვის განათლების მისაცემად დედოფალმა ეკატერინემ ნეაპოლიდან ჩამოიყვანა გამოჩენილი რეპეტიტორები, რომლებიც მას ძველ ბერძნული სკოლის მეთოდებით ასწავლიდნენ. მას ცეკვას ვირჯილიო ბრაჩესკო ასწავლიდა, ხოლო ფარიკაობას — ჰექტორ მანტუელი.

1548 წლის 27 იანვარს გაფორმებული შატიიონის ხელშეკრულებით მამამისმა, მეფე ანრი II-მ 4 წლის ფრანსუა დანიშნა შოტლანდიის 5 წლის დედოფალ მერი I სტიუარტზე, რომელიც იყო ანრი II-ის განსვენებული დის, მადლენის აწ უკვე გარდაცვლილი ქმრის, მეფე ჯეიმზ V-ისა და მისი მეორე ცოლის, დედოფალ მარი დე გიზის ერთადერთი ასული. ამასთან, მერი დედის მხრიდან ლოთარინგიის ჰერცოგ ანტუანის შთამომავალი და ჰერცოგ კლოდ დე გიზის შვილიშვილი იყო, რის გამოც მას საფრანგეთში მრავალი მფარველი ჰყავდა. ფრანსუა და მერი ერთად იზრდებოდნენ და ერთმანეთს კარგად უგებდნენ. მერი თავის ასაკთან შედარებით მომხიბვლელი და მჭევრმეტყველი ბავშვი იყო, ხოლო ფრანსუა დაბალი და ხმაურიანი. ანრი II-მ განაცხადა: „ისინი პირველივე დღიდან კარგად შეეწყვნენ ერთმანეთს, ჩემი ვაჟი და ის კარგად უვლიან ერთმანეთს, ისე იქცევიან, თითქოს დიდი ხანია იცნობენ ერთმანეთს“.

უკვე 1558 წლის 24 აპრილს 14 წლის დოფინი ფრანსუა ნოტრ-დამში დააქორწინეს 15 წლის მერი I-ზე, რითაც იგი შოტლანდიის კონსორტი მეფე გახდა. ამ ქორწინების შემდეგ საფრანგეთის მეფეებს დარჩებოდათ შოტლანდია, რის შემდეგაც მარტივი იქნებოდა ანრი II-ის ოცნების ახდენა — ინგლისის, მასთან ერთად კი მთელი ბრიტანეთის საფრანგეთისთვის მიერთება. ვინაიდან მერი ინგლისის მეფე ჰენრი VII-ის პირდაპირი შთამომავალი იყო მარგარეტ ტიუდორის ხაზით, მას ჰქონდა უფლება და შესაბამისად პრეტენზიაც ინგლისის ტახტზე, რაც ანრის წისქვილზე ასხამდა წყალს, თუმცა მისი ოცნება ვერ ახდა, რადგან ფრანსუას მერისთან შვილები არ ჰყოლია.

გამეფება რედაქტირება

 
ანრი II-ის საბედისწერო ტურნირი

ფრანსუასა და მერის დაქორწინების შემდეგ ანრი II თავისი დანარჩენი შვილების ქორწილების ორგანიზებას შეუდგა. 1559 წელს მან დაასრულა ნახევარსაუკუნიანი იტალიური ომები, მოკავშირეებად ქცეულ მტრებთან ალიანსის შესანაჩუნებლად კი დინასტიური ქორწინება საუკეთესო გამოსავალი იყო. ამ მიზნით მან 1559 წლის დასაწყისში თავისი შუათანა ასული, პრინცესა კლაუდია ცოლად ლოთარინგიის ჰერცოგ შარლ III-ს შერთო, რასაც იმავე წლის 22 ივნისს მოჰყვა უფროსი ასულის, პრინცესა ელიზაბეტის დაქორწინება ესპანეთის მეფე ფილიპე II-ზე. მათ ქორწილში გამართულ საზეიმო ტურნირზე ანრიმაც მიიღო მონაწილეობა, რომელსაც გრაფმა მონტგომერიმ თვალში შუბი მოარტყა და მძიმედ დაჭრა, რის გამოც იმავე წლის 10 ივნისს ანრი II გარდაიცვალა და მეფე ფრანსუა II გახდა. 1559 წლის 21 სექტემბერს ფრანსუა ლოთარინგიის კარდინალმა შარლმა რეიმსის კათედრალში საფრანგეთის მეფედ აკურთხა. ვინაიდან ფრანსუა დაბადებიდანვე სუსტი და დასნეულებული ბიჭი იყო, მან ვერ გაუძლო ოქროს გვირგვინის სიმძიმეს, რის გამოც მას რამდენიმე დიდებული იჭერდა, რომ არ წაქცეულიყო. ასევე ეჭირათ მის ქორწილშიც. კორონაციის შემდეგ სამეფო კარი დასასვენებლად და საზეიმოდ ლუარას ხეობაში, შატო დე ბლუაში გადავიდა.

ფრანგული კანონების მიხედვით 15 წლის ფრანსუა სრულწლოვანად ითვლებოდა, რის გამოც თეორიულად რეგენტი არ სჭირდებოდა. თუმცაღა, იგი ახალგაზრდა და გამოუცდელი იყო, ერთობ მყიფე ჯანმრთელობით, რის გამოც ფრანსუამ მთელი ძალაუფლება თავისი ცოლის ბიძებს, დე გიზებს გადაულოცა, რომლებიც ისედაც დიდი ძალაუფლებით სარგებლობდნენ საფრანგეთში. ამრიგად, ძალაუფლება ხელში ფრანსუა დე გიზმა და მისმა ძმამ, ლოთარინგიის კარდინალმა შარლ დე გიზმა აიღეს დედა-დედოფალ ეკატერინე მედიჩისთან ერთად. თავიდან დედოფალი ეკატერინე არ ერეოდა პოლიტიკაში, რადგან ქმარს გლოვობდა, თუმცა სამგლოვიარო პერიოდის დასრულების შემდეგ აქტიურად ჩაება ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში.

გიზების აღზევებამ ცუდად იმოქმედა მათ მთავარ მეტოქეზე, საფრანგეთის კონეტაბლ ან დე მონმორანსზე. ახალი მეფის შეთავაზებით მან სამეფო კარი დატოვა და თავის მამულებში გაემგზავრა „დასასვენებლად“. სამეფო კარიდან ასევე გააძევეს ანრი II-ის საყვარელი დიანა დე პუატიეც. მათ გარდა კიდევ მრავალი მსახური და თანამდებობის პირი დაითხოვეს, რომლებიც ხელს უშლიდნენ ეკატერინეს და დე გიზებს, რაც ცნობილია, როგორც „სასახლის რევოლუცია“.

მიუხედავად მისი სამეფო კარიდან მოცილებისა, ან დე მონმორანსი ბოლომდე დარჩა პოლიტიკაში. იგი დაესწრო როგორც ფრანსუას კორონაციას, ისე ყოველ სამეფო საბჭოს სხდომას. ამასთან, სულ მალე საფრანგეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში შემოდის მისი ვაჟი, ფრანსუა დე მონმორანსიც.

მეფობა რედაქტირება

საშინაო პოლიტიკა რედაქტირება

კათოლიკურ-პროტესტანტული დაპირისპირება რედაქტირება

ფრანსუა II-ის ხანმოკლე მეფობის პერიოდში რელიგიური კრიზისი დომინირებდა, რომელმაც საფუძველი მოუმზადა შემდეგში რელიგიური ომების დაწყებას. მისმა არაპოპულარულმა და რეპრესიულმა პოლიტიკამ პროტესტანტების მიმართ, განაპირობა ამბუაზის შეთქმულების მოწყობა, რა დროსაც გავლენიანმა ჰუგენოტებმა სცადეს სახელმწიფო გადატრიალების გზით ვალუებისა და გიზების მმართველობის დამხობა. მართალია ამბოხი ჩაახშეს, მაგრამ მზარდი უკმაყოფილების პირობებში მთავრობამ მათთან შერიგება სცადა. ეკატერინე მედიჩის გავლენით ფრანსუამ მოლაპარაკებები დაიწყო ახალი მოძრაობის წარმომადგენლებთან, თუმცა მათი აგიტატორების მიმართ კვლავ შეუმწყნარებელ პოლიტიკას ატარებდა. ამის გამო მოლაპარაკებები ჩაიშალა და ქვეყანაში წვრილ-წვრილი ამბოხები გრძელდებოდა, რამაც ძლიერად შეარყია მეფის ავტორიტეტი.

გიზების მთავრობის არაპოპულარობა რედაქტირება

ამბუაზის კონსპირაცია რედაქტირება

შერიგების პოლიტიკა რედაქტირება

პროვინციების ამბოხი რედაქტირება

საგარეო პოლიტიკა რედაქტირება

შოტლანდიის დაკარგვა რედაქტირება

გარდაცვალება რედაქტირება

ტიტულები და ჰერალდიკა რედაქტირება

სხვადასხვა პერიოდში ფრანსუა ფლობდა შემდეგ ტიტულებს:

  • საფრანგეთის მეფე (1559-1560)
  • შოტლანდიის კონსორტი მეფე (1558-1560)
  • ბრეტანის ჰერცოგი (1544)
  • ლანგედოკის გუბერნატორი (1546-1547)
  • საფრანგეთის დოფინი (1547-1559)

წინაპრები რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • Christin, Olivier (1991). Une révolution symbolique : l'iconoclasme huguenot et la reconstruction catholique. Le sens commun. Paris: Éditions de Minuit. ISBN 9782707313911.
  • Cloulas, Ivan (1985). Henri II. Paris: Fayard. ISBN 9782213013329.
  • Cuisiat, Daniel, ed. (1998). Lettres du cardinal Charles de Lorraine (1524–1574). Travaux Humanisme Renaissance. Geneva: Droz. ISBN 9782600002639.
  • Duchein, Michel (1998). Histoire de l'Écosse. Paris: Fayard. ISBN 9782213602288.
  • Duchein, Michel (1985). Élisabeth Ire d'Angleterre. Paris: Fayard. ISBN 9782213639659.
  • Farquhar, Michael (2001). A Treasure of Royal Scandals: The Shocking True Stories History's Wickedest, Weirdest, Most Wanton Kings, Queens, Tsars, Popes, and Emperors. New York: Penguin Books. ISBN 0-7394-2025-9.
  • Guy, John (2004). My Heart is My Own. London: Fourth Estate. ISBN 9781841157528.
  • Jouanna, Arlette, ed. (1998). Histoire et dictionnaire des guerres de religion, 1559–1598. Robert Laffont.