ანტუან ლოთარინგიელი
ანტუან ლოთარინგიელი (ფრანგ. Antoine de Lorraine), მეტსახელად კეთილი (ფრანგ. Le Bon; დ. 4 ივნისი, 1489 — გ. 14 ივნისი, 1544) — ლოთარინგიის ჰერცოგი 1508-1544 წლებში. ჰერცოგ რენე II-ის უფროსი ვაჟი და ფრანსუა I-ის მამა. საფრანგეთისა და პოლონეთის დედოფალ ლუიზა დე ლორენ-ვედემონის პაპა.
ანტუან ლოთარინგიელი | |
---|---|
ლოთარინგიის ჰერცოგი | |
მმართ. დასაწყისი: | 10 დეკემბერი, 1508 |
მმართ. დასასრული: | 14 ივნისი, 1544 |
წინამორბედი: | რენე II |
მემკვიდრე: | ფრანსუა I |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 4 ივნისი, 1489 |
დაბ. ადგილი: | ბარ-ლე-დუკი, ლოთარინგია |
გარდ. თარიღი: | 14 ივნისი, 1544, (55 წლის) |
გარდ. ადგილი: | ბარ-ლე-დუკი, ლოთარინგია |
მეუღლე: | რენე დე ბურბონ-მონპესიერი |
შვილები: |
ფრანსუა I, ლოთარინგიის ჰერცოგი ნიკოლა, მერკორის გრაფი ანა, ორანჟის პრინცესა |
მამა: | რენე II, ლოთარინგიის ჰერცოგი |
დედა: | ფილიპა გელდერნელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაანტუანი დაიბადა 1489 წლის 4 ივნისს ბარ-ლე-დუკში. იგი იყო ლოთარინგიის ჰერცოგ რენე II-ისა და მისი მეუღლის, ფილიპა გელდერნელის უფროსი ვაჟი. მისი უმცროსი ძმა, კლოდი, გახდა გიზის დინასტიის დამაარსებელი და შოტლანდიის დედოფალ მარი დე გიზის მამა, მისი ხაზით კი ბრიტანეთის მონარქთა წინაპარი. ის და კლოდი საფრანგეთის მეფე ლუი XII-ის კარზე დიდი ავტორიტეტით სარგებლობდნენ და მის სიძესთან, ფრანსუა ანგულიმელთანაც ახლოს იყვნენ, ვის პატივსაცემადაც დაარქვა ანტუანმა თავის პირველ ვაჟს სახელი.
1508 წლის 10 დეკემბერს, მამის გარდაცვალების შემდეგ ანტუანი ლოთარინგიის ჰერცოგი გახდა. 1509 წელს მან დედამისი თავის რეგენტად დასვა, თავად კი ლუი XII-ს შეუერთდა ჩრდილოეთ იტალიაში ლაშქრობაში. აქ მან მონაწილეობა მიიღო ანიადელოს ბრძოლაში, რომელიც 1509 წლის 14 მაისს გაიმართა ფრანგებსა და ვენეციელებს შორის და რომელიც ფრანგების ტრიუმფით დაგვირგვინდა. 1515 წლის 1 იანვარს ლუი XII გარდაიცვალა და საფრანგეთის მეფე მისი სიძე, ფრანსუა I გახდა. ამავე წლის სექტემბერში, ანტუანი და ფრანსუა კვლავ შეიჭრნენ იტალიაში, სადაც 15 სექტემბერს ლოთარინგიის ჰერცოგმა მონაწილეობა მიიღო მარინიანოს ბრძოლაში. ამ დროს, ლოთარინგიაში სიტუაციის გამწვავების გამო იგი იძულებული გახდა საფრანგეთის მეფე შუა ბრძოლაში მიეტოვებინა და უკან დაბრუნებულიყო. ამის გამო, იგი ვერ დაესწრო 1525 წლის პავიის ბრძოლას, სადაც ფრანსუა I ესპანელებმა დაატყვევეს და მადრიდში გამოკეტეს. ამავე ბრძოლაში მოკლეს ანტუანის ძმაც, ლამბესკის გრაფი ფრანსუა ლოთარინგიელი.
ლოთარინგიაში, ისევე როგორც სხვა ევროპულ სახელმწიფოებში, ამ პერიოდში რეფორმაცია მძვინვარებდა, რომელთან გამკლავებაც ანტუანს მოუწია. რეფორმაციის საწინააღმდეგოდ, 1523 წლის 26 დეკემბერს მან გამოსცა ედიქტი, რომლის მიხედვითაც საჰერცოგოში პროტესტანტების სასტიკი დევნა დაიწყო. ამან სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავა, რაც 1524 წელს ალზაკის გლეხთა აჯანყებით დასრულდა. აჯანყებულებმა დაიკავეს სავერნი და სცადეს სენ-დიეს დაკავებაც. 1525 წლის მაისში აჯანყდნენ ბიტშერლანდელი გლეხებიც. ამის საწინააღმდეგოდ ანტუანმა ანტი-რეფორმაციული ექსპედიცია წამოიწყო, რა დროსაც, 1525 წლის 17 მაისს მან დაიბრუნა სავერნი, ხოლო 20 მაისს, ზელეშტატის მახლობლად გაანადგურა აჯანყებული გლეხები.
ანტუანმა წარმატებით მოახერხა რეფორმაციული ტალღის შეჩერება და მეტიც, მან გააფართოვა საჰერცოგოს საზღვრები. 1525 წლიდან მან იმპერატორ კარლ V-ისა და ფრანსუა I-ს შორის დაწყებულ ბრძოლაში ნეიტრალიტეტი შეინარჩუნა. თუმცა, მიუხედავად ამისა, იგი ფარულად ყოველთვის სარგებლობდა ფრანგების მხარდაჭერით. 1542 წლის 26 აგვისტოს დაიდო ნურემბერგის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ლოთარინგიის საჰერცოგო საღვთო რომის იმპერატორისაგან დამოუკიდებელ ერთეულად ჩამოყალიბდა.
1538 წელს თავისი ბიძაშვილის, შარლ დ'ეგმონის გარდაცვალების შემდეგ იგი პრეტენზიას აცხადებდა გელდერნისა და ზუტპენიის საჰერცოგოებზე, თუმცა ამაოდ.
1539 წლიდან დაიწყო ანტუანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება. როგორც ცნობილია, ამ დროს ანტუანმა თავის ძმისწულს, შოტლანდიის დედოფალ მარი დე გიზს სთხოვა მისთვის შოტლანდიური ცხენი გაეგზავნა, რადგან თვლიდა, რომ მასზე ჯირითი ნაკლებად გაუჭირდებოდა. წლების მანძილზე საშინელი თავის ტკივილებით გატანჯული ანტუანი გარდაიცვალა 1544 წლის 14 ივნისს ბარ-ლე-დუკში, 55 წლის ასაკში.
ქორწინება და შვილები
რედაქტირება1515 წლის 26 ივნისს ანტუანმა ცოლად შეირთო მონპესიერის ჰერცოგ გილბერტ დე ბურბონისა და კლარა გონძაგას ასული რენე დე ბურბონ-მონპესიერი, ბურბონის ჰერცოგ შარლ III-ის და, რომელთანაც შეეძინა ექვსი შვილი:
- ფრანსუა I (1517-1545), ლოთარინგიის ჰერცოგი 1544-1545 წლებში. ცოლად შეირთო კრისტინა დანიელი, რომელთანაც შეეძინა შვილები, მათ შორის ჰერცოგი შარლ III და ბავარიის ჰერცოგინია რენატა ლოთარინგიელი;
- ანა (1522-1568), პირველად იქორწინა ორანჟის პრინც რენე შალონზე, რომლის დაღუპვის შემდეგაც ცოლად გაჰყვა აერშოტის ჰერცოგ ფილიპე II-ს;
- ნიკოლა (1524-1577), მერკორის გრაფი. პირველად იქორწინა მარგარიტა დ'ეგმონზე, რომელთანაც შეეძინა ოთხი შვილი, მათ შორის საფრანგეთის, ლიტვისა და პოლონეთის დედოფალი ლუიზა დე ლორენ-ვედემონი. პირველი დაქვრივების შემდეგ იქორწინა ჯოვანა სავოიელზე, რომელთანაც კიდევ ექვსი შვილი შეეძინა და რომლის დაღუპვის შემდეგაც მესამედ დაქორწინდა კატრინ დე გიზზე, რომელთანაც კიდევ ხუთი შვილი გაუჩნდა;
- ჟანი (1526-1532), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
- ანტუანი (1528), გარდაიცვალა ჩვილი;
- ელიზაბეთი (1530), გარდაიცვალა ჩვილი;
ლიტერატურა
რედაქტირება- Bogdan, Henry (2013). La Lorraine des ducs (in French). Tempus.
- Carroll, Stuart (2009). Martyrs and Murderers: The Guise Family and the Making of Europe. Oxford University Press.
- Wood, Marguerite, ed. (1923). Balcarres Papers. vol.1. SHS.