ელიზაბეტ დე ვალუა
ელიზაბეტ დე ვალუა (ფრანგ. Élisabeth de Valois, ესპ. Isabel de Valois; დ. 2 აპრილი, 1545, ფონტენბლოს სასახლე, პარიზი, საფრანგეთის სამეფო — გ. 3 ოქტომბერი, 1568, არანხუესის სასახლე, მადრიდი, ესპანეთის იმპერია), აგრეთვე ცნობილია, როგორც ისაბელი — ვალუას დინასტიის ანჟულიმელთა განშტოების წარმომადგენელი. საფრანგეთის მეფე ანრი II-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ ეკატერინე მედიჩის მეორე შვილი და პირველი ქალიშვილი. ესპანეთის კოლონიური იმპერიის დედოფალი 1559-1568 წლებში როგორც ფილიპე II-ის მესამე ცოლი.[1]
ელიზაბეტ დე ვალუა | |
---|---|
Élizabeth de Valois | |
ელიზაბეტ ვალუას პორტრეტი, შესრულებულია სოფონისბა ანგისოლას მიერ 1565 წელს | |
ესპანეთის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 22 ივნისი, 1559 |
მმართ. დასასრული: | 3 ოქტომბერი, 1568 |
წინამორბედი: | მერი ტიუდორი |
მემკვიდრე: | ანა ავსტრიელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 2 აპრილი, 1545 |
დაბ. ადგილი: | ფონტენბლოს სასახლე, პარიზი, საფრანგეთის სამეფო |
გარდ. თარიღი: | 3 ოქტომბერი, 1568, (23 წლის) |
გარდ. ადგილი: | არანხუესის სასახლე, მადრიდი, ესპანეთის იმპერია |
დაკრძ. ადგილი: | ესკორიალი, მადრიდი, ესპანეთი |
მეუღლე: | ფილიპე II, ესპანეთის მეფე |
შვილები: |
1. ისაბელ კლარა ეუხენია, ავსტრიის ერცჰერცოგინია 2. კატალინა მიკაელა, სავოიის ჰერცოგინია |
დინასტია: | ვალუები |
მამა: | ანრი II, საფრანგეთის მეფე |
დედა: | ეკატერინე მედიჩი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
დაიბადა ფონტენბლოს სასახლეში და გაიზარდა თითქმის მისსავე ასაკის ძმასთან, საფრანგეთის დოფინ ფრანსუასთან და მის მომავალ ცოლთან, შოტლანდიის დედოფალ მერი სტიუარტთან ერთად, რომელთანაც ძალიან ახლო და მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა მთელი ცხოვრების მანძილზე. მშვიდი და კეთილი ელიზაბეტი ხშირად ეწინააღმდეგებოდა ეკატერინე მედიჩს, მაგრამ დედოფალს ის მაინც გამორჩეულად უყვარდა.
1551 წლიდან იგეგმებოდა მისი დაქორწინება ინგლისის მეფე ედუარდ VI-ზე, თუმცა სასიძოს ადრეული გარდაცვალების გამო ქორწინება ვერ შედგა.[2] ამის შემდეგ იგი დანიშნეს ესპანეთის მეფე ფილიპე II-ის ერთადერთ ვაჟზე, ასტურიის პრინც დონ კარლოსზე. თუმცა, 1559 წელს დადებული კატო-კამბრეზის სამშვიდობო ხელშეკრულების შემდეგ ელიზაბეტი პირდაპირ მეფე ფილიპეს შერთეს ცოლად[3]. სწორედ მათ ქორწილში დაიღუპა ელიზაბეტის მამა. მათი მარიონეტული ქორწინება ჯერ ნოტრ-დამში შედგა, სადაც ფილიპეს როლს ალბას ჰერცოგი ასრულებდა, ნამდვილი ქორწილი კი გვადალახარაში გაიმართა.[3] ამრიგად 14 წლის ელიზაბეტი ესპანეთის დედოფალი გახდა, როგორც ფილიპეს მესამე ცოლი.
მეფე ფილიპე ძლიერ მოიხიბლა თავისი მეუღლით, რის გამოც სამეფო კარიდან თავისი ყველა საყვარელი გაუშვა და მიუხედავად ასაკობრივი სხვაობისა, თავად ელიზაბეტსაც მალევე შეუყვარდა ქმარი. თავის წერილებში იგი დედას უმხელს, რომ ქორწინებით დიდად კმაყოფილი იყო. ფილიპე ზრუნავდა თავისი ცოლის გართობასა და სიამოვნებაზე, რის გამოც მან დაუქირავა პირველი იტალიელი ქალი მხატვარი სოფონისბა ანგისოლა, რომელიც ესპანეთის სამეფო კარის მხატვარი იყო 1569 წლამდე.[4] ელიზაბეტი ზრუნავდა სამ ახალგაზრდა პრინცზე, რომლებიც სამეფო კარზე ცხოვრობდნენ, ესენი იყვნენ დონ კარლოსი (ფილიპეს ვაჟი პირველი ცოლისგან), დონ ხუანი (ფილიპეს მამის, იმპერატორ კარლ V-ის უკანონო ვაჟი) და ალესანდრო ფარნეზე (კარლ V-ის უკანონო ქალიშვილის, მარგარეტის ვაჟი). სწორედ ამის გამო მეფესა და დედოფალს კიდევ უფრო ახლო და თბილი ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ.[5] მიუხედავად დონ კარლოსის უცნაური და შეშლილი ქმედებებისა, ელიზაბეტს მისდამი მაინც კარგი დამოკიდებულება ჰქონდა და როცა ფილიპემ იგი დააპატიმრებინა, დედოფალი რამდენიმე დღის განმავლობაში ტიროდა.[6]
მიუხედავად ასეთი ბედნიერებისა მან ვერ შესძლო ფილიპესთვის მემკვიდრე გაეჩინა.[7] მას მხოლოდ ორი ქალიშვილი ეყოლა — ისაბელ კლარა ეუხენია და კატალინა მიკაელა. საბოლოოდ კი 1568 წელს 23 წლის ასაკში მშობიარობას გადაჰყვა. [8]მართალია ფილიპე დიდად განიცდიდა მის დაკარგვას, მაგრამ მან მაინც იქორწინა მეოთხედ ანა ავსტრიელზე, რომელთანაც შეეძინა მომავალი მეფე ფილიპე III.[8]
მისი გარდაცვალების შემდეგ მრავალი ისტორია და ლეგენდა შეთხზეს მის ცხოვრებაზე. ამათგან ყველაზე საინტერესოა ელიზაბეტისა და დონ კარლოსის ფარული სიყვარულის ისტორია, რომელიც ოპერა „დონ კარლოსს“ დაედო საფუძვლად.
ბავშვობა
ელიზაბეტი დაიბადა 1545 წლის 2 აპრილს ფონტენბლოს სამეფო სასახლეში, პარიზში. საფრანგეთის დოფინ ანრი დე ვალუასა და მისი ცოლის, მადამ დოფინ ეკატერინე მედიჩის მეორე შვილი და პირველი ქალიშვილი. მიუხედავად იმისა, რომ დოფინთა წყვილს უკვე ჰყავდათ ვაჟი — პრინცი ფრანსუა, გოგონას გაჩენა მაინც არ გაჰხარებიათ, რადგან მათი უფროსი ვაჟი ძალზედ სუსტი და ავადმყოფი ბავშვი იყო, რის გამოც მათ „სათადარიგოდ“ მეორე ვაჟიც სურდათ. ელიზაბეტის მამა იყო საფრანგეთის მეფე ფრანსუა I-ისა და მისი განსვენებული მეუღლის, დედოფალ კლაუდია დე ვალუას შუათანა ვაჟი.
ეკატერინე მედიჩი მაინც ძალიან ღელავდა და ქალიშვილის აღზრდაზე დიდ დროსა და ენერგიას ხარჯავდა, რადგან ძმის მსგავსად ელიზაბეტიც საკმაოდ სუსტი ბავშვი იყო.
პრინცესა ელიზაბეტი დაბადებიდანვე გამოირჩეოდა საკმაოდ არამყარი ჯანმრთელობით. მართალია მას რაიმე თანდაყოლილი მანკი არ ჰქონია, მაგრამ მას ძალიან მალე და ადვილად ეყრებოდა ყველა სენი და ვირუსი. 1545 წელსვე, სულ რამდენიმე თვის ელიზაბეტი გრიპით დაავადდა, რომელმაც ამავე წელს შეიწირა ბიძამისის, ორლეანის ჰერცოგ შარლ დე ვალუას ჯერ მხედველობა, შემდეგ კი სიცოცხლეც. მას შემდეგ რაც გრიპს სასწაულებრივად გადაურჩა ფილტვების ანთება შეეყარა. როგორც ვიცით ეს დაავადება მაშინ განუკურნებლად მიიჩნეოდა, რის გამოც უკვე ყველა ფიქრობდა, რომ პატარა პრინცესა დიდხანს ვერ გაატანდა. მიუხედავად ამისა, ელიზაბეტი რთულად, მაგრამ მაინც განიკურნა, რაც ყველამ ღვთიურ სასწაულად მიიჩნია და დიდი ნადიმიც გაიმართა. თუმცა მისი ბავშვობის ავადმყოფობები ამით არ დასრულებულა და წლების მანძილზე მას კიდევ არაერთი სენი შეეყარა.
ნათლობა
ელიზაბეტი ჯერ კიდევ მაშინ დაიბადა, როდესაც საფრანგეთში ბაბუამისი ფრანსუა I მეფობდა, მამამისს კი ორლეანის ჰერცოგის წოდება ჰქონდა. 1546 წელს ფრანგებსა და ინგლისელებს შორის დამყარდა არდრეს მშვიდობა, რითაც მათ შორის მიმდინარე ორწლიანი ომი შეწყდა და ქალაქი ბულონიც ფრანგებს დაუბრუნდა.
სწორედ ამ დროს შედგა ფრანსუას უფროსი შვილიშვილის, პრინცესა ელიზაბეტის ნათლობაც. ინგლისელი ელჩები და დიდგვაროვნები, ფრანგებთან ერთად ესწრებოდნენ და მონაწილეობასაც იღებდნენ ამ ცერემონაში. ის ინგლისელები, რომლებიც მის ნათლობას ესწრებოდნენ იყვნენ ჯონ დადლი, ლორდი საილსი და ინგლისის ადმირალი ლორდი თომას ჩენელი. ყველა ეს დიდებული ფონტენბლოს სასახლეში დააბინავეს. ელიზაბეტის ნათლობა, სწორედ რომ ფონტენბლოში იგეგმებოდა, რომლის შესასვლელთანაც ამ ამბის აღსანიშნავად ვარსკვლავის ფორმის ოქროს პლატფორმა ააგეს, რომელიც ლურჯი აბრეშუმით იყო მორთული. პლატფორმის გარშემო დიდი მაგიდები იყო, სადაც მოსული სტუმრების საოცარი საჩუქრები ეწყო. აქ იყო ყველაფერი საუკეთესო, დაწყებული უძვირფასესი სამკაულებით, დასრულებული შვეიცარიელი გვარდიელების მიერ მირთმეული განძით.
ნათლობა წმინდა ტრინიტეს სახელობის სამლოცველოში შედგა, რომელიც იტალიელი დიზაინერების მიერ იყო გაფორმებული. კედლებზე ჩამოკიდებული იყო მეფე ჰენრი VIII-ის მიერ გამოგზავნილი ძვირფასი ფარდაგები, ხოლო საკურთხევლამდე სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოტანილი სპარსული ხალიჩები იყო დაფენილი. ნათლობა 1546 წლის 6 ივნისს შედგა. თავდაპირველად ცერემონიის დაწყებამდე ფრანსუა I-ის ბრძანებით ორასი ფრანგი ოფიცერი განლაგდა, რათა მოსული სტუმრების დაცვა უზრუნველეყოთ.
პატარა ელიზაბეთი ოთხ წარჩინებულ ფრანგს ეჭირა ხელში. მისი ნათლიები კი იყვნენ მამამისის დედინაცვალი, მეფე ფრანსუა I-ის მეორე მეუღლე დედოფალი ელეონორ ავსტრიელი და ასევე ფრანსუას დის შვილი, ნავარის დედოფალი ჟანა დ’ალბრე. გარდა ამისა ამ დიდ ცერემონიალს ესწრებოდა უამრავი ფრანგი დიდგვაროვანი. ცნობილია, რომ კარდინალ დე ბურბონისა და ბევრი სხვა ეპისკოპოსისათვის ეკლესიაში ადგილი აღარ დარჩა, რამაც დიდად გაანაწყენა ისინი.
ცერემონიის დაწყების თანავე გალობაც დაიწყო. მეფე და ელიზაბეტის მშობლები საკურთხევლის მარჯვნივ ისხდნენ. კარდინალმა დე ბურბონმა იკითხა, თუ რა დაარქვეს პატარა პრინცესას, ინგლისის ელჩმა კი საკმაოდ ხმამაღლა წამოიყვირა ელიზაბეტი. ამ შეძახილმა ცერემონიალის შეფერხება გამოიწვია, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი კარგად დასრულდა. იმავე საღამოს მეფე ფრანსუამ დიდი საზეიმო ბანკეტი გამართა, რასაც ბოლოს ბალეტი და სიმღერები მოჰყვა. მომდევნო დღეს დიდი ტურნირი გაიმართა, სადაც ელიზაბეტის მამა, დოფინი ანრი შეერკინა ლავალის გრაფს. რაღათქმაუნდა დოფინმა გაიმარჯვა, ლავალმა და მისმა მხლებლებმა კი დამარცხება აღიარეს.
დედამისის, მადამ დოფინ ეკატერინე მედიჩის გადაწყვეტილებით პატარა ელიზაბეტი ამიერიდან სენ-ჟერმენ-ან-ლაის სასახლეში გაიგზავნა აღსაზრდელად და განათლების მისაღებად.
მშობლები
ელიზაბეტის დედა, ეკატერინე მედიჩი იყო ურბინოს ჰერცოგ ლორენცო II მედიჩისა და მისი ცოლის, მადლენ დე ლა ტურ ოვერნელის ერთადერთი შვილი. ეკატერინე დაიბადა 1519 წლის 13 აპრილს ფლორენციის სამეფო სასახლეში. ეკატერინეს დედა, ჰერცოგინია მადლენი ქალიშვილის გაჩენიდან სულ ორ კვირაში დაიღუპა, ამ ამბიდან ერთ კვირაში კი ლორენცოც გარდაიცვალა. პატარა ეკატერინეზე ზრუნვა ჯერ ბებიამისმა, ალფონსინა ორსინიმ, მისი გარდაცვალების შემდეგ კი მამიდამ, კლარისა მედიჩიმ იკისრა.
რაც შეეხება ელიზაბეტის მამას, ანრი დე ვალუას, იგი საფრანგეთის მეფე ფრანსუა I-ისა და მისი პირველი ცოლის, დედოფალ კლაუდია დე ვალუას შუათანა ვაჟი იყო და ორლეანის ჰერცოგის წოდებას სჯერდებოდა. დედამისი ჯერ კიდევ მაშინ დაიღუპა, როდესაც ანრი სულ ხუთი წლის იყო, ექვს წელიწადში კი ფრანსუამ მეორე ცოლი შეირთო. ეს იყო პორტუგალიის მეფე მანუელ I-ის ქვრივი ელეონორ ავსტრიელი. მეფე ფრანსუას თავიდანვე ჰქონდა იმის დიდი ამბიცია, რომ ანრი ეკატერინეზე დაექორწინებინა და ასე დაჰპატრონებოდა ურბინოს. საბოლოოდ ფრანსუა და ეკატერინეს იმ დროინდელი მეურვე, რომის პაპი კლემენტ VII შეთანხმდნენ მათ დაქორწინებაზე, იმის სანაცვლოდ, რომ ურბინო საფრანგეთს გადაეცემოდა, ვატიკანი კი მხარს ფრანგებს დაუჭერდა ესპანელებთან ბრძოლაში. 1533 წლის 28 ოქტომბერს მარსელში ანრი და ეკატერინე დაქორწინდნენ.
ეკატერინე მედიჩი საფრანგეთის სამეფო კარზე მეტად რთულ მდგომარეობაში ჩავარდა. მას ძალიან ცუდად ეპყრობოდნენ არა მხოლოდ იმიტომ, რომ იგი უცხოელი იყო, იმიტომაც რომ იგი გამდიდრებული ვაჭრების შთამომავალი იყო. თუმცაღა ამ ყოველივეს თავად ეკატერინე დიდ ყურადღებას არ აქცევდა. 1536 წელს კი ანრის უფროსი ძმა, საფრანგეთის დოფინი ფრანსუა გარდაიცვალა, რის შემდეგაც დოფინები ანრი და ეკატერინე გახდნენ. დღემდე ივარაუდება, რომ იგი სწორედ ეკატერინემ მოწამლა. 1537 წლიდან ახალგაზრდა ჰენრიმ თავისზე ოცი წლით უფროსი საყვარელი გაიჩინა დიანა დე პუატიეს სახით, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე გვერდით ჰყავდა. წლების განმავლობაში ანრი ეკატერინეს სახალხოდ და დაუფარავად ღალატობდა არა მხოლოდ დიანასთან. ამრიგად ეკატერინე თანდათან უკანაპლანზე გადავიდა და შეეგუა მეუღლის დაუსრულებელ ღალატს.
ეკატერინესა და ანრის ქორწინების პირველი ათი წლის მანძილზე შვილი არ უჩნდებოდათ, რის გამოც ანრიმ არაერთხელ გამოთქვა განქორწინების სურვილი. ეკატერინე ყველანაირად ცდილობდა ბავშვის გაჩენას. იგი სვამდა და იყენებდა ათასგვარ წამალს თუ ამაზრზენ ნაყენს, მაგრამ მაინც არაფერი შველოდა. საბოლოოდ გადაწყვიტეს, რომ იგი მონასტერში გაეშვათ, ანრი კი მეორედ დაექორწინებინათ. თუმცა ეკატერინეს მეფე ფრანსუა მფარველობდა, რომელიც მათ განქორწინებას აფერხებდა და საბოლოოდ 1544 წლის 20 იანვარს ეკატერინემ ვაჟი გააჩინა, რომელსაც მამამთილის პატივსაცემად ფრანსუა დაარქვა. რადგანაც ახალშობილი ძალიან სუსტი იყო, ეკატერინეს მისი დაკარგვის ეშინოდა, ამიტომაც მომდევნო 12 წლის მანძილზე მან კიდევ ცხრა ბავშვი გააჩინა, აქედან ოთხი ვაჟი და ხუთი გოგონა, რომელთაგან ერთი ვაჟი და ორი გოგონა ჩვილობაში დაიღუპა. საბოლოოდ ეკატერინესა და ანრის ათი შვილიდან მხოლოდ შვიდმა მიაღწია ზრდასრულობამდე.
წარმომავლობა
წარმოშობა და ნათესაური კავშირები
ელიზაბეტ ვალუა პირდაპირი შთამომავალი იყო საფრანგეთის პირველი მეფე ჰუგო კაპეტისა. ასევე მისი წინაპარი იყო საფრანგეთის წმინდანად შერაცხული მეფე ლუი IX. იგი ასევე პირდაპირი შთამომავალი იყო ვალუას დინასტიის დამაარსებელ გრაფ შარლ დე ვალუასი. ელიზაბეტი წარმოადგენდა ვალუას დინასტიის ორლეანელთა გვერდითი შტოს კიდევ ერთი ქვეგანშტოების, ანჟულიმელი ვალუებს, რომლებიც საფრანგეთში 1515 წელს გამეფდნენ ფრანსუა I-ის სახით.
ელიზაბეტი შესაძლოა ითქვას, რომ უამრავ ევროპელ მონარქს ენათესავებოდა. მამამისის დეიდა, რენე დე ვალუა იყო ფერარის ჰერცოგინია, როგორც ერკოლე II დ’ესტეს მეუღლე, რომელიც თავის მხრივ ლუკრეცია ბორჯიას ვაჟი და რომის პაპ ალექსანდრე VI-ის შვილიშვილი იყო. ამ მხრივ ელიზაბეტს ახლო ნათესაური კავშირი ჰქონდა ბორჯიებთან, დ’ესტეებთან და დე გიზებთან, ვინაიდან რენეს ასული ანა სწორედ ფრანსუა დე გიზის მეუღლე იყო. დედის ხაზით იგი ტოსკანელი მედიჩების პირდაპირი შთამომავალი იყო, რაც შემდგომში ფილიპემ გამოიყენა კიდეც ტოსკანაში შესაჭრელად. აღსანიშნავია ისიც, რომ მისი მამიდა მადლენი შოტლანდიის მეფე ჯეიმზ V-ზე იყო დაქორწინებული, რითაც იგი სტიუარტებსაც ენათესავებოდა. ბაბუამისის და, დედოფალი მარგარიტა კი ნავარის მეფეზე იყო გათხოვილი, რითაც იგი როგორც ბურბონებს, ასევე დ'ალბრეებს ენათესავებოდა.
ელიზაბეტს ცხრა და-ძმა ჰყავდა, რომელთაგან სამი ადრევე დაიღუპა, დანარჩენი ექვსნი კი იყვნენ: საფრანგეთისა და შოტლანდიის მეფე ფრანსუა II, ლოთარინგიისა და ბარის ჰერცოგინია კლაუდია ვალუა, საფრანგეთის მეფე შარლ IX, საფრანგეთისა და პოლონეთ-ლიტვის მეფე ანრი III, საფრანგეთისა და ნავარის დედოფალი მარგარიტა ვალუა და ანჟუსა და ალანსონის ჰერცოგი ფრანსუა ვალუა. ცხადია იგი მათი მეუღლეების ნათესავი გამოდიოდა, რომლებიც იყვნენ შოტლანდიის დედოფალი მერი სტიუარტი, ლოთარინგიის მეფე შარლ III, საფრანგეთის დედოფალი ელიზაბეთ ავსტრიელი (რომელიც აგრეთვე ფილიპე II-ის დის შვილი იყო), ასევე დედოფალი ლუიზა დე ლორენ-ვედემონი და მეფე ანრი IV დე ბურბონი.
ქორწინების შემდეგ ელიზაბეტმა კიდევ უფრო მეტი და მძლავრი ნათესაური კავშირები შეიძინა ჰაბსბურგების, ავისების, ოლდენბურგებისა და სხვა წარჩინებულ დინასტიებთან. მისი დედამთილი იყო პორტუგალიის მეფე მანუელ I-ისა და მარია არაგონელის ასული ისაბელ პორტუგალიელი, ხოლო მამამთილი ესპანეთის დედოფალ ხუანა შეშლილისა და ბურგუნდიის ჰერცოგ ფილიპე ლამაზის ვაჟი კარლ V იყო. ამასთან ელიზაბეტს ორი მულიც ჰყავდა - პირველი ეს იყო საღვთო რომის იმპერატრიცა მარია ესპანელი, რომლის ასულიც იყო ელიზაბეტის ძმის ცოლი ელიზაბეთ ავსტრიელი და ასევე ფილიპეს მეოთხე ცოლი ანა ავსტრიელი. ხოლო მეორე მული ეს იყო პორტუგალიის პრინც ჟაო მანუელის ქვრივი ხუანა ავსტრიელი, რომელიც პორტუგალიის მეფე სებასტიან I-ის დედა იყო.
ელიზაბეტს ორი ქალიშვილი ჰყავდა — ისაბელ კლარა ეუხენია და კატალინა მიკაელა. ისაბელ კლარა ეუხენია 1599 წელს ცოლად გაჰყვა თავის ბიძაშვილს, საღვთო რომის იმპერატორ მაქსიმილიან II-ისა და მარია ესპანელის (ფილიპეს და) ვაჟ ალბერტ VII ავსტრიელს, თუმცა მათ შვილები არ ჰყოლიათ. ამრიგად ელიზაბეტი თავისი მულის მძახალიც იყო. მისი მეორე ქალიშვილი კატალინა მიკაელა კი ცოლად გაჰყვა სავოიის ჰერცოგ კარლო ემანუელე I-ს, რომელიც ჰერცოგ ემანუელე ფილიბერტოსა და მისი ცოლის, მარგარიტა ვალუას (ელიზაბეტის მამიდა) ვაჟი იყო, რითაც ელიზაბეტი თავისი მამიდის ძმის შვილიც იყო და მძახალიც. შვილიშვილებიც ელიზაბეტს მხოლოდ კატალინას ხაზით ჰყავდა, რომელთა ქორწინებებითაც იგი დაუნათესავდა ფრანგ ბურბონებს, იტალიელ ფარნეზეებს, დ’ესტეებსა და გონძაგებს.
წინაპრები
პატრიარქატული წარმომავლობა
საფრანგეთის პრინცესა
ადრეული წლები და განათლება
1547 წლის 31 მარტს გარდაიცვალა ელიზაბეტის ბაბუა, საფრანგეთის მეფე ფრანსუა I, რის შემდეგაც მეფე მამამისი ანრი II, ხოლო დედოფალი ეკატერინე მედიჩი გახდა. რაც შეეხება ბაბუამისის ქვრივს, ელეანორ ავსტრიელს, იგი თავის მშობლიურ ესპანეთში დააბრუნეს. ამავე წლის ნოემბერში ელიზაბეტს უმცროსი და, პრინცესა კლაუდია შეეძინა (რომელსაც სახელი ანრის დედის პატივსაცემად დაარქვეს).
ელიზაბეტის დედამ განიზრახა, რომ მისთვის სრულყოფილი განათლება მიეცა. ანრი II-ის გამეფების შემდეგ დიდი სამეფო ოჯახი სენ-ჟერმენ-ან-ლაის სასახლეში გადავიდა და ცხადია, ელიზაბეტმაც სწორედ აქ გაატარა თავისი ბავშვობა. პატარა ელიზაბეტი და კლაუდია აღსაზრდელად სამეფო გადიას, ამიენის ჰერცოგინიას მიაბარეს. გარდა ისტორიის, გეოგრაფიის, ხელოვნების, ლიტერატურის, ასტრონომიის, ფილოსოფიისა და ცეკვისა, პატარა პრინცესები ასევე სწავლობდნენ ხელსაქმეებსაც, როგორებიცაა ქარგვა, ქსოვა და მედიცინაც კი. ზოგადად, ძველი ფრანგული ტრადიცია იყო, რომ მეფის ასულებს აუცილებლად კარგად უნდა სცოდნოდათ მედიცინა და ასევე პირველადი დახმარება.
მიუხედავად ბავშვობაში გადატანილი მთელი რიგი დაავადებებისა, ელიზაბეტს სხეულზე არანაირი მანკი არ დარჩენია. მას ჰქონდა თეთრი ქათქათა კანი, დიდი, ცოცხალი, მუქი ყავისფერი თვალები (რაც დედისგან მიიღო მემკვიდრეობით) და გრძელი, შავი ხვეული თმა. გარდა ამისა ჰქონდა საკმაოდ პროპორციული და დახვეწილი ნაკვთები. დედოფალი ეკატერინე კი მისი დაბადებიდანვე ზრუნავდა ელიზაბეტის წელის დაწვრილებაზე და თავიდანვე აჩვევდა კორსეტის ტარებას.
1548 წლის 13 აგვისტოს საფრანგეთის სამეფო კარზე თავისი მცირე ამალითურთ ჩავიდა შოტლანდიის ხუთი წლის დედოფალი მერი სტიუარტი, რომელიც ელიზაბეტის ძმაზე, დოფინ ფრანსუაზე დანიშნეს. ანრი II მომავალი რძლისადმი დიდი სიმპატიით განეწყო და იგი ელიზაბეტთან ერთად დააბინავა, რათა გოგონები დებივით აღზრდილიყვნენ. შეიძლება ითქვას, რომ ანრის ჩანაფიქრი ასრულდა და სიცოცხლის ბოლომდე ძალიან ახლო და თბილი ურთიერთობა ჰქონდათ მერისა და ელიზაბეტს. გოგონები ერთად იღებდნენ საუკეთესო განათლებას და შეისწავლიდნენ უცხო ენებს, როგორებიცაა ლათინური, ბერძნული, იტალიური და ესპანური, თავად მერი კი დამატებით ფრანგულსაც სწავლობდა. მერისა და ელიზაბეტის განათლების მსვლელობას დიდი გულისყურით ზედამხედველობდა ანტუანეტ დე ბურბონი, გიზის ჰერცოგინია, რომელიც მერის ბებია იყო, როგორც დედამისის, დედოფალ მარია დე გიზის დედა. გარდა უცხო ენებისა, მათ ასევე ასწავლიდნენ ისტორიას, პოეზიას, რიტორიკას, მუსიკასა და ცეკვას. პატარა ელიზაბეტი მალევე გახდა წარჩინებული მოსწავლე რადგან იგი ყველა საგანს საოცრად მალე ითვისებდა. იგი ძალიან ენერგიული და ცოცხალი გოგონა იყო.
ნიშნობა ედუარდ VI-ზე
მოლაპარაკებები
1550 წლიდან დაიწყო მოლაპარაკებები ელიზაბეტისა და ინგლისისა და ირლანდიის მეფე ედუარდ VI-ის ქორწინებასთან დაკავშირებით.
1551 წლის ივლისში, საფრანგეთის ელჩი მარშალ ანდრეი ეწვია ინგლისის სამეფო კარს რათა ინგლისის ახალგაზრდა მეფე ედუარდსა და საფრანგეთის პრინცესა ელიზაბეტ ვალუას ქორწინებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები ეწარმოებინა. ინგლისელები ფრანგებს ღირსეულად დახვდნენ. მათ აშენებული ჰქონდათ სპეციალურად ამ ვიზიტისთვის საბანკეტო სახლები, სადაც მიმდინარეობდა მოლაპარაკებები და საღამოს დიდი ბანკეტები იმართებოდა. საბანკეტო სახლები ედუარდის ბრძანებით აგებული იყო ჰაიდის ბაღში, სადაც მთელი ინგლისური არისტოკრატია იყრიდა თავს. ასევე იქ იყვნენ მემატიანეები რომლებიც ამ ყველაფერს ასე აღწერდნენ:
საქორწინო კონტრაქტის გაფოქმებამ ფრანგებიც გაახარა. მათ დიდი ბანკეტი გამართეს პრინცესა ელიზაბეტისა და ედუარდის მომავალ შეუღლებასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ ედუარდმა დედინაცვლის, ქვრივი დედოფლის ქეთრინ პარის ზეგავლენით ელიზაბეტს უძვირფასესი ალმასის კოლიე გაუგზავნა.
1551 წლის ზაფხულში ფლორენციელი დიპლომატის ანტონიო გუოჯოტის წყალობით საბოლოოდ დასრულდა საქორწინო მოლაპარაკებები და უკვე მზადება დაიწყო. 1550 წელს ინგლისსა და საფრანგეთს შორის დაიდო სამშვიდობო ხელშეკრულება. ექვსი თვის შემდეგ საღვთო რომის იმპერატორმა კარლ V-მ საფრანგეთში არსებული ვითარების გასარკვევად ანრი II-სა და ეკატერინე მედიჩის ელჩი გაუგზავნა სიმონ რეინარდის სახით, რომელმაც კარლს ანრისა და ეკატერინეს სამეფო კარზე მიმდინარე მოვლენები შემდეგნაირად გააცნო:
ინგლისის მომავალი დედოფალი
1551 წლიდან უკვე დაიწყო დიდი საქორწინო სამზადისი, რასაც შედეგად ელიზაბეტის ინგლისში გადედოფლება უნდა მოჰყოლოდა, ეს კი თავისთავად ინგლისისა და საფრანგეთის ურთიერთობების უკიდურეს დათბობას გამოიწვევდა.
სულ მალე ინგლისის ელჩმა საფრანგეთის სამეფო კარზე ჩაიტანა 13 წლის ედუარდის პორტრეტი, რითაც 6 წლის ელიზაბეტმა პირველად იხილა თავისი საქმრო. ამის სანაცვლოდ ელჩმა ინგლისში ელიზაბეტის პორტრეტი წაიღო, რათა ედუარდსაც ენახა საცოლე. ინგლისის ელჩთან ერთად საფრანგეთში ჩავიდა ლედი ელისაბედი, რომელიც პრინცესა ელიზაბეტის ფრეილინი გახდა და დაევალა მისთვის ინგლისური ენისა და ინგლისის სამეფო კარზე ქცევის წესები სწავლება, რასაც თავი წარმატებით გაართვა.
1551 წლის მარტში ინგლისის ელჩი საფრანგეთს კვლავ ესტუმრა, რის დროსაც მან განაცხადა:
ელჩმა რაც განაცხადა, სრული სიმართლე იყო. ედუარდმა ელიზაბეტის პორტრეტი თავის საძინებელში განათავსა, თუმცა ის არ იყო ჩვეულებრივი პორტრეტი. ელიზაბეტის პორტრეტი იყო ძალიან დიდი, ჩვეულებრივი ადამიანის ზომის, რათა ედუარდს პირდაპირ წარმოეგდინა თავისი საცოლე. ასევე ცნობილია, რომ იგი მის პორტრეტს არც თუ ისე იშვიათად ესაუბრებოდა კიდეც. დღეს ეს პორტრეტიც და ისიც, რომელიც ელიზაბეტს გაუგზავნა ლუვრში ინახება.
1551 წლის 25 ივლისს, ექვსი დღის შემდეგ რაც ფრანგო-ინგლისური ქორწინების კონტრაქტი დაიდო, ედუარდის პირველმა მინისტრმა, ვერვიკის ერლმა ჯონ დადლიმ წერილი გაუგზავნა ჩემბელინის ლორდ თომას დარსის, რომელიც მისი საუკეთესო მეგობარი იყო. წერილში დადლი დარსის მოუთხრობდა ელიზაბეტ ვალუას პორტრეტზე, რომელიც ედუარდის პალატში ეკიდა.
1553 წლის იანვრიდან მოყოლებული, მეფე ედუარდი ძლიერ ავადმყოფობდა, რის შედეგადაც ამავე წლის 6 ივლისს, 15 წლის ასაკში მყოფი ედუარ VI გარდაიცვალა. ცხადია საფრანგეთ-ინგლისის ალიანსი გაუქმდა და ინგლისის ტახტზე ედუარდის და, დედოფალი მერი I ავიდა, რომელიც ფრანგების მოსისხლე მტრის, ესპანელების მოკავშირე გახდა.
ნიშნობა დონ კარლოსზე და ფრანსუას ქორწინება
ფრანგული ტრადიციისდა მიხედვით, უმაღლესი არისტოკრატების შვილები, სამეფო სასახლისგან მოშორებით უნდა აღზრდილიყვნენ, ვინაიდან სამეფო კარზე ბავშვების ადგილი არ იყო. როდესაც ელიზაბეტს ათი წელი შეუსრულდა დედამისმა იგი სამეფო კარზე გადაიყვანა. პრინცესა ელიზაბეტი ძალიან ლამაზი და დახვეწილი მანერების მქონე გოგონა იყო, რომელიც დიდ დროს ატარებდა დედასთან. მიუხედავად იმისა, რომ იგი შოტლანდიის დედოფალ მერი სტიუარტთან ახლოს იყო, მის საუკეთესო მეგობრები მაინც მისი ბიძაშვილები: ვანდომის გრაფინია ჟანა დ’ალბრე და მონტესპიერის ჰერცოგინია ანა დე ბურბონი იყვნენ.
1555 წლის მაისში შედგა ლა მარკის კონფერენცია, რომელზეც საღვთო რომის იმპერატორმა კარლ V-მ და ელიზაბეტის მამამ, საფრანგეთის მეფე ანრი II-მ მოითათბირეს და მშვიდობის დამყარების სურვილი გამოთქვეს. ცხადია მშვიდობის დამყარებისა და მომავალში მყარი ალიანსის შესაქმელად ყველაზე კარგი გზა დინასტიური ქორწინება იყო. ამ მოლაპარაკებებში შუამავლის როლი ინგლისმა მოირგო. საბოლოოდ გადაწყდა ელიზაბეტის დაქორწინება კარლ V-ის ვაჟის, ინგლისის დედოფალ მერი I-ის მეუღლე ფილიპე ესპანელის ვაჟ დონ კარლოსზე. დონ კარლოსი მეფე ფილიპეს თავისი პირველი ცოლისგან, პრინცესა მარია პორტუგალიელისგან ჰყავდა, რომელიც მასზე მშობიარობისას დაიღუპა და რომელიც ასევე ფილიპეს ღვიძლი ბიძაშვილი იყო. ამგვარი ახლო ნათესაური ქორწინების გამო, დონ კარლოსი როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქიკურად იყო ავად. მისი ქცევები ძალიან არასტაბილური, გაუწონასწორებელი და შეურაცხადული იყო, რაც კიდევ უფრო გამწვავდა მას შემდეგ, რაც მან სასახლის დარბაზში დაცემის შედეგად ქვის იატაკზე თავი ძლიერად დაარტყა.
ამ შეთანხმების შესახებ ელიზაბეტმა დიდი ხნის მანძილზე არაფერი იცოდა. მან ეს ამბავი სრულიად ჩვეულებრივად მიიღო და ახლა უკვე ესპანეთში გათხოვებისთვის დაიწყო მზადება, თუმცა სანამ ელიზაბეტი გათხოვდებოდა, სხვა ისეთი ამბები მოხდა, რამაც მთელი მისი მომავალი შეცვალა.
1558 წლის 24 აპრილს ნოტრ-დამში შედგა ელიზაბეტის ძმის, საფრანგეთის დოფინ ფრანსუა დე ვალუასა და შოტლანდიის დედოფალ მერი I სტიუარტის ქორწინება. ქორწილი წარმოუდგენლად პომპეზური იყო. იმ საღამოს საქორწინო ბანკეტზე მოხდა საოცარი სიურპრიზი. უეცრად გაიღო კარი და შევიდა რამდენიმე ოქროს გემი, რომლებზეც სიმპათიური დიდგვაროვნები იდგნენ. მათ გემბანზე აიყვანეს და ეცეკვნენ პრინცესა ელიზაბეტი, პრინცესა კლაუდია, პრინცესა მარგარიტა და დედოფალი ეკატერინე მედიჩი. ეს საოცარი წარმოდგენა იყო სიმბოლური გამოხატულება ბედნიერი ცურვისა, ბრწყინვალე, დიდებული ცხოვრების ტალღებზე. ეს ცეკვა ელიზაბეტმა იმდენად ელეგანტურად შეასრულა, რომ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ყველაზე, განსაკუთრებით კი თავის რძალსა და მეგობარ ჟანა დ’ალბრეზე.
1558 წლის ნოემბერში გარდაიცვალა ინგლისის, ირლანდიისა და ესპანეთის დედოფალი მერი I ტიუდორი, რომელიც ესპანეთის მეფე ფილიპე II-ის ცოლი და დონ კარლოსის დედინაცვალი იყო. ვინაიდან უკვე მეორედ დაქვრივებულ ფილიპეს მემკვიდრედ ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ვაჟის გარდა არავინ ჰყავდა მესამე ცოლის შერთვა განიზრახა. თავდაპირველად მას სურდა თავისსავე ცოლის დაზე, ინგლისის ახალ დედოფალ ელისაბედ I-ზე დაქორწინებულიყო, მაგრამ მას შემდეგ რაც მისგან უარი მიიღო მან საფრანგეთის პრინცესა ელიზაბეტ ვალუაზე დაიწყო ფიქრი, რომელიც ამ დროს უკვე მის ვაჟზე იყო დანიშნული.
კატო-კამბრეზის ზავი
1559 წელს გაფორმდა კატო-კამბრეზის ზავი, რომლის მიხედვითაც ნახევარსაუკუნოვანი იტალიური ომები, რომელიც 1494 წლიდან მოყოლებული მიმდინარეობდა საფრანგეთსა და ჰაბსბურგებს შორის დასრულებულად გამოცხადდა. ამ ზავის მიხედვით ესპანეთის შემადგენლობაში გადადიოდა ნეაპოლი, მილანი, სიცილია და სარდინია, ხოლო ფრანგებს პიემონტი და სავოია რჩებოდათ. ამასთან და სხვა კიდევ მრავალ პუნქტთან ერთად, ზავის თანახმად ესპანეთის მეფე ფილიპე II ცოლად ირთავდა საფრანგეთის მეფის უფროს ასულ ელიზაბეტს, ხოლო ასევე საფრანგეთის მეფე ანრი II-ის უმცროსი და, პრინცესა მარგარიტა ცოლად მიჰყვებოდა სავოიის ჰერცოგ ემანუელე ფილიბერტო I-ს.
ქორწინება ფილიპე II-ზე
საქორწინო მოლაპარაკებები
1558 წელს ფილიპე II-ის მეორედ დაქვრივების შემდეგ მის ახალ საცოლედ ელიზაბეტი არ მოიაზრებოდა. თავად ფილიპეს სურდა თავისივე განსვენებული ცოლის დაზე, დედოფალ ელისაბედ I-ზე დაქორწინება. სწორედ ელისაბედის მტკიცე უარის შემდეგ მოისურვა ფილიპემ ფრანგებთან დამოყვრება. თავდაპირველად ფილიპეს საცოლედ მოიაზრებოდა ელიზაბეტის მამიდა, განსვენებულ მეფე ფრანსუა I-ის ნაბოლარა ასული მარგარიტა ვალუა, რადგან ამ დროს ელიზაბეტი უკვე დანიშნული იყო დონ კარლოსზე, მაგრამ ყველასთვის უცნობი მიზეზებით ფილიპემ უარი თქვა მარგარიტაზე და დაჟინებით მოითხოვა ელიზაბეტზე ქორწინება. სწორედ ამ მიზეზით ელიზაბეტისა და დონ კარლოსის ნიშნობა ჩაიშალა, მარგარიტა კი სავოიის ჰერცოგზე დანიშნეს. ამ დროს ფილიპე 31-ის, ხოლო ელიზაბეტი 13 წლის იყო.
მას შემდეგ რაც მათი ქორწინება გადაწყდა და საქორწინო კონტრაქტიც გაფორმდა უკვე ქორწილისთვის დაიწყო მზადება. მომავალი 1559 წლისათვის საფრანგეთის სამეფო კარზე სამი ქორწინება იგეგმებოდა — იანვარში პრინცესა კლაუდიასა და ლოთარინგიის ჰერცოგის, ივნისში ელიზაბეტისა და ფილიპეს, ხოლო ივლისში მარგარიტასა და სავოიის ჰერცოგის.
11 წლის პრინცესა კლაუდიასა და ჰერცოგ შარლ III-ის ქორწინება 1559 წლის 19 იანვარს შედგა ნოტრ-დამში, თუმცა ისინი კვლავ საფრანგეთში დარჩნენ მომდევნო ქორწილებში დასასწრებად.
მარიონეტული ქორწინება, ტრაგედია და გამგზავრება
1559 წლის მაისში პარიზში დიდი ესპანური დელეგაცია ჩავიდა, თუმცა თავად ფილიპე მასში არ შედიოდა. ვინაიდან ამ დროს ესპანეთის მეფე სხვა უფრო მნიშვნელოვანი საკითხებით იყო დაკავებული, საფრანგეთში თავის წარმომადგენლად ჰერცოგი ალბა გაუშვა. 1559 წლის 22 ივნისს ნოტრ-დამში შედგა ელიზაბეტისა და ფილიპე II-ის მარიონეტული ქორწინება, სადაც ფილიპეს როლი ჰერცოგმა ალბამ მოირგო. ცხადია ყოველივე ამის შემდეგ რამდენიმე კვირიანი დიდი ზეიმი გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო გასართობი ტურნირები, თამაშები, ბანკეტები და ა.შ.
სწორედ ერთ-ერთი ასეთი გასართობი ტურნირისას, 30 ივნისს მეფე ანრი II-მ გამოაცხადა, რომ თავადაც სურდა მასში მონაწილეობა და ბრძოლაში აქამდე დაუმარცხებელი შოტლანდიელი ლორდი მონტგომერი გამოიწვია. ამ ამბამდე ცოტა ხნით ადრე ანრის ნოსტრადამუსმა უწინასწარმეტყველა, რომ იგი ქალიშვილის ქორწილში, ტურნირზე დაიღუპებოდა მესამე შერკინებისას. პირველმა ორმა შერკინებამ ჩვეულებრივად ჩაიარა, თუმცა როდესაც მესამე შეტაკების დრო დადგა მისმა საყვარელმა, დიანა დე პუატიემ მას სთხოვა უარი ეთქვა ბრძოლაზე, რამაც მეფემ უარი განაცხადა. სწორედ ამ შერკინებისას მონტგომერიმ მეფეს თვალში შუბი გაუყარა, რომელიც შუაზე გადატყდა. ანრი ცხენიდან გადმოვარდა და სასწრაფოდ გადაიყვანეს მის საძინებელში. მალევე მან მხედველობა დაკარგა, მაგრამ კვლავ ცოცხლობდა, თუმცა 9 ივლისი ახლოვდებოდა, ამ დღეს კი მისი დისა და სავოიის ჰერცოგის ქორწილი იყო დანიშნული. ანრიმ ისინი მაინც დააქორწინა, მეორე დღეს, 1559 წლის 10 ივლისს კი გარდაიცვალა. ამრიგად ელიზაბეტის ქორწილში მამამისი დაიღუპა, რამაც რეალურად სამეფო ოჯახის წევრები დიდად არ დაადარდიანა.
ახლა უკვე დედა-დედოფალი ეკატერინე მედიჩი ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ თავისი საყვარელი, უფროსი ქალიშვილის საფრანგეთიდან წასვლა მაქსიმალურად გადაედო. იგი გამუდმებით ახერხებდა მიზეზის მოძებნას და ელიზაბეტის საფრანგეთში დაკავებას. სამშობლოში ყოფნის ბოლო თვეები ესპანეთის ახალმა დედოფალმა დედასთან ერთად გაატარა. თუმცაღა მას სამუდამოდ არ შეეძლო საფრანგეთში დარჩენა, რის გამოც 1559 წლის 18 ნოემბერს ელიზაბეტმა დიდ ამალასთან ერთად დატოვა პარიზი. ეკატერინე მედიჩი მას ბლუამდე მიჰყვა, თუმცა შემდეგ უკვე გზის გაგრძელება ფიზიკურად ვეღარ შესძლო. ბლუაში ისინი ერთი კვირით შეჩერდნენ, სადაც ეკატერინე ელიზაბეტს გამოემშვიდობა. როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, თავისი გულცივობით სახელგანთქმულმა ეკატერინემ ამ დროს თავი ვერ შეიკავა და გამომშვიდობებისას ატირდა. ეკატერინე მანამდე გაჰყურებდა ქალიშვილის ეტლს სანამ მისი დანახვა შეეძლო. დედა-დედოფალმა იცოდა, რომ ამის შემდეგ თავის უსაყვარლეს გოგონას ვეღარ ნახავდა, თუმცა მათ შეინარჩუნეს ძალიან აქტიური მიმოწერა და კონტაქტი. მოგვიანებით ეკატერინემ განაცხადა:
„ძალიან რთულია, გყავდეს მოზარდი გოგონა, სახლიდან ასე შორს...“
|
ესპანეთის დედოფალი
ნამდვილი ქორწინება გვადალახარაში
ესპანეთისაკენ მიმავალი ელიზაბეტის ამალაში ფრანგებსა და ესპანელებს შორის დიდი განხეთქილება მოხდა, მაგრამ მან მაინც მოახერხა მათი დაშოშმინება. მიუხედავად ყველაფრისა, ელიზაბეტმა სასწრაფოდ გაუგზავნა ფილიპეს წერილი, სადაც ატყობინებდა, რომ გზას განხეთქილების გამო მეტად ვეღარ აგრძელებდა და გვადალახარაში უწევდა შეჩერება. 4 თებერვალს ელიზაბეტი მენდოსას დიდებული ოჯახის სასახლეში დაბინავდა.
ფილიპე თავის მეუღლეს პირველად სწორედ აქ შეხვდა. მკაცრი ესპანური ეტიკეტის თანახმად ფილიპე დაჩოქებას და ელიზაბეტის ხელზე ამბორს აპირებდა, თუმცა დედოფალმა იგი შეაჩერა და გადაეხვია, რამაც ყველას დიდი გაოცება გამოიწვია.
ესპანეთში ახლად ჩასულ ელიზაბეტს ესპანელებმა მალევე სახელი შეუცვალეს და ისაბელი შეარქვეს, რაც თავისებურად ელიზაბეტის ესპანური ვარიანტია. თავდაპირველად ელიზაბეტს მეუღლისადმი შიში ჰქონდა, რადგან ფილიპე 14 წლის ელიზაბეტზე 18 წლით უფროსი იყო. ასევე მანამდე მას ორი მეუღლე ჰყავდა, რომლებიც ადრეულ ასაკში დაიღუპნენ და ყველაფერ ამას ემატებოდა ფილიპეს შეშლილი ვაჟი, რომელიც ადრე ელიზაბეტის საქმრო იყო. ახალ დედოფალს სამეფო კარის ახალგაზრდა მანდილოსნები უარყოფითად დახვდნენ. ისინი აპროტესტებდნენ და ეწინააღმდეგებოდნენ მათ, რადგან ახლა მეფე უკვე მათ ყურადღებას აღარ აქვევდა. მალე ფილიპემ თავისი ძველი საყვარელი — ისაბელ დე ოსორიოც კი მიატოვა. მიუხედავად ყველაფრისა, ქარიზმატულმა, ცეცხლოვანი ხასიათისა და საკმაოდ ეშხიანი გარეგნობის მქონე დედოფალმა მაინც მოახერხა მდგომარეობის დასტაბილურება.
1560 წლის 2 თებერვალს გვადალახარაში შედგა მათი ნამდვილი და პომპეზური ქორწინება. იგი დიდად კმაყოფილი დარჩა ყოველივეთი და ეკატერინე მედიჩისთან გაგზავნილ ერთ-ერთ წერილში თავის თავს „მსოფლიოში ყველაზე იღბლიან გოგონას“ უწოდებს. თავად ფილიპე კი სრულიად ღიად და დაუფარავად გამოხატავდა აღფრთოვანებას თავისი ახალი ლამაზი და გონიერი მეუღლით. ფილიპეს მასში განსაკუთრებულად მისი დახვეწილი და ელეგანტური ფრანგული მანერები მოსწონდა, აგრეთვე აფასებდა ელიზაბეტის საოცარ გემოვნებასა და მის ფრანგულ გარდერობს, რომელიც ეკატერინე მედიჩიმ გაატანა ესპანეთში.
საზეიმო შესვლა ტოლედოში და თაფლობის თვე
სანამ იგი საკუთრივ დანიშნულების ადგილას მივიდოდა, მანამდე პამპლონაში შეიარა, რომლის ნახვაც ყოველთვის სურდა. ესპანეთის მეფისა და მისი მესამე ცოლის ქორწინება 1560 წლის 4 თებერვალს გვადალახარაში შედგა. წყვილმა აქ რამდენიმე დღე დაჰყო, რის შემდეგაც დედაქალაქ მადრიდისკენ დაიძრნენ.
14 თებერვალს წყვილი ტოლედოსთან ახლოს მდებარე პატარა სოფელში ჩავიდა. სამეფო ამალა ამ სოფელში რამდენიმე დღით დარჩა. პირველი ორი დღე ფილიპეც იქ დარჩა, თუმცა შემდეგ ელიზაბეტი ამალასთან ერთად იქ დატოვა, თავად კი ტოლედოში გაემგზავრა, რათა თვალ-ყური ედევნებინა მისი ახალი მეუღლის დახვედრის მზადებისთვის. მადრიდში ჩასულმა ფილიპემ ტოლედოში თავისი და, დონა ხუანა ავსტრიელი მიავლინა, რათა ელიზაბეტთან ყოფილიყვნენ. ხუანა ელიზაბეტის წინაშე თავისი ფრეილინებითურთ იმ დღესვე წარსდგა. ისინი მალევე დამეგობრდნენ, თუმცა ელიზაბეტი განსაკუთრებულად დაუახლოვდა ალბას ჰერცოგინიასა და პრინცესა დე ებოლის, რომლებიც მთელი დარჩენილი ცხოვრება მისი საუკეთესო მეგობრები იყვნენ. ამავე საღამოს ფილიპმა თავისი საყვარელი ქვეშევრდომი პრინცი დე ებოლი თავის მეუღლესთან გააგზავნა და თავისივე ხელით ნაწერი წერილი გაატანა. ამ წერილით მეფე დედოფალს ატყობინებდა, რომ ქალაქში საზეიმო შესვლისათვის მზადება უკვე დასრულებული იყო და მეორე დილისათვის უკვე შეეძლო იქ ჩასვლა.
ქალაქ ტოლედოს ესპანელები კვირების მანძილზე რთავდნენ თავიანთი ახალი დედოფლის დასახვედრად, ამ დიდ და რთულ პროცესს კი ფილიპეს დები — მარია და ხუანა უძღვებოდნენ. ტოლედოს ქუჩებში ვერცხლისაგან ჩამოსხმული თაღები იდგა, რომლებზეც შემოხვეული იყო ელიზაბეტის საყვარელი შროშანები. ყველა სახლსა და მოედანზე ჩამოკიდებული იყო ვალუას დინასტიის გერბები, რომლის გვერდითაც ეკიდა ჰაბსბურგების დროშა და აგრეთვე დიდი შავი არწივი ყვითელ ფონზე, რაც ფილიპეს მამის, იმპერატორ კარლ V-ის სიმბოლო იყო. ქალაქის ქუჩებში სამი ათასი კავალერისტი იდგა, რათა მოულოდნელობები გამოერიცხათ. ზემოთ ხსენებული კავალერისტები კი შემოსილნი იყვნენ სტანდარტულ მი-პარტის კოსტიუმებში, რომლებზეც უნგრეთის სამეფოს გერბი იყო ამოქარგული. როდესაც ქალაქის კარიბჭე გახსნეს და მასში დედოფალმა ელიზაბეტმა თავისი ამალით შემოაბიჯა ყველამ დაიჩოქა, წინ კი რამდენიმე მამაკაცი გამოვიდა, რომლებმაც იგი დანიშნულების ადგილამდე მიაცილეს.
ელიზაბეტი სამეფო რეზიდენციაში მივიდა, სადაც ფილიპე და მისი ოჯახის წევრები დახვდნენ. მან გაიცნო თავისი ორი მული — მარია და ხუანა, აგრეთვე მარიას ქმარი, ავსტრიის ერცჰერცოგი მაქსიმილიანი და მათი ქალიშვილი ანა, რომელიც დონ კარლოსზე იყო დანიშნული. გაცნობითი ხასიათის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ დიდი წარმოდგენა დაიდგა. სპეციალურად ამისათვის, არანხუესიდან და ტოლედოდან შეკრიბეს საუკეთესო მოცეკვავეები. მოცეკვავე ქალებმა უამრავი სხვადასხვა ცეკვა შეასრულეს, დაწყებული ძველი ესპანური ხანჯლებიანი ცეკვით, დასრულებული არაბული მუცლის ცეკვებით. ისინი მწვანე ხავერდის კოსტიუმებში იყვნენ შემოსილნი, რომლებიც ოქროს კანტებითა და შავი ველვეტებით იყო გაფორმებული. ამის შემდეგ გამოვიდნენ მუსიკოსი მამაკაცები, რომლებმაც დედოფალ ჩამოსვლის აღსანიშნავად სიმღერა მიუძღვნეს.
ყოველივე ამის დასრულების შემდეგ დაიწყო ახალი დედოფლისა და ესპანელი წარჩინებულების ერთმაანეთთან შეხვედრა. ცხადია პირველები სასულიერო წოდებისა და წმინდა ინკვიზიციის აღმსრულებლები იყვნენ, რომლებმაც თავიანთი კეთილგანწყობის გამოსახატავად ელიზაბეტს არაბული შავი ულაყი აჩუქეს. მათ შემდეგ დედოფალთან მივიდა 70 მღვდელი კალატრავას, წმინდა იაგოსა და ალკანტერას ორდენებიდან, ამას კი მოჰყვა კასტილიის სამეფო საბჭოს კონსულთა აუდიენცია, რომელთაც მარკიზი დე მონდეხარი ხელმძღვანელობდა.
სასულიერო წოდების შემდეგ დედოფალს შეხვდა ფილიპეს უახლოესი მრჩეველი პრობლემატური იტალიის საკითხებში, ჰერცოგი დე ფრანკავილა. ამის შემდეგ მის წინაშე წარსდგნენ ესპანელი ოფიცრები, რომლებმაც დედოფალს დაჩოქილებმა შეჰფიცეს ერთგულება და ზუსტად ისეთივე ცხენი აჩუქეს, როგორიც ფილიპეს დედას, განსვენებულ დედოფალ ისაბელ პორტუგალიელს ჰყავდა. ცნობილია, რომ ამ შეხვედრების დროს ელიზაბეტს მუქი ლურჯი ხავერდის კაბა ეცვა, რომელსაც ოქროს წვრილი კანტები ჰქონდა შემოვლებული, კისერთან და სამკლაურებთან კი უძვირფასესი ბეწვი ჰქონდა მიკერებული.
ყოველივე ამის შემდეგ, რაც ზემოთ ხსენებული ოფიციალური შეხვედრები დასრულდა, დედოფალი ელიზაბეტ პუერტა დე ბისაგრას ციხესიმაგრესთან წაიყვანეს, რომლის შესასვლელ კედელზეც ამოტვიფრული იყო ერთმანეთზე გადაჯვარედინებული F (ფილიპეს სახელის პირველი ასო) და I (ელისაბეტის ესპანური სახელის, ისაბელის პირველი ასო). ამ ციხესიმაგრეში დიდი ნადიმი გაიმართა, სადაც ელიზაბეტის გვერდით კარდინალი მენდოსა და მედინას ჰერცოგი ისხდნენ. მათ გარდა სუფრასთან ისხდნენ სხვა უმაღლესი რანგის ესპანელი არისტოკრატები, როგორებიც არიან: ინფანტადოს, ალბას, ოსუნასა და ბრაუნშვაიგის ჰერცოგები, აგრეთვე ონატეს, ბენევენტეს, ნავას, ანგუილასისა და კომარეს გრაფები.
ნადიმის შემდეგ ელიზაბეტის საზეიმო მსვლელობა ტოლედოში გაგრძელდა. თუმცაღა იგი ვისარგას თაღოვან პორტალთან შეაჩერეს, რადგან იქ მოქმედი უმკაცრესი წესები მასში ქალის ფეხის დადგმას კრძალავდა, გარკვეული გამონაკლისის გარდა. ტოლედოს მაიორმა და კონეტაბლმა ელიზაბეტს მოწიწებით სთხოვეს, რომ ფიცი დაედო, რომლის მიხედვითაც პატივს მიაგებდა პორტალის მიღმა მოქმედ წესებს და მხოლოდ ამის შემდეგ შესძლებდა იგი შიგნით შესვლას. მართალია მას ეს ამბავი დიდად არ ესიამოვნა, მაგრამ ფიცი მაინც დადო და მსვლელობა გაგრძელდა.
ამის შემდეგ ელიზაბეტი პუერტა დელ პერდონის კათედრალისკენ დაიძრა. კარდინალ მენდოსას დახმარებით ელიზაბეტი მაღალი საკურთხევლისკენ გაემართა. აქ დედოფალს ტოლედოს არქიეოპისკოპოსი შემოეგება, რომელმაც მას მაღალი სამსხვერპლო და დიდი ოქროს, ძვირფასი ქვებით მორჭვილი ჯვარი აჩვენა, რომელიც დედოფალმა ისაბელ კასტილიელმა და მეფე ფერდინანდ არაგონელმა შესწირეს ამ ეკლესიას გრანადის დაპყრობის შემდეგ. ყოველივე ამის შემდეგ მესა აღავლინეს და საკმეველი დაანთეს.
თავად ფილიპე ამ ოფიციალურ მსვლელობებს ნაკლებად ესწრებოდა. იგი უფრო მეტად დაკავებული იყო ტოლედოს ალკასარის სასახლის კეთილმოწყობით, სადაც წყვილმა თავიანთი ქორწინების პირველი თვეები გაატარა.
ტოლედოს ალკასარში პირველი შესვლისას ფილიპეს ბრძანებით სამეფო ოჯახის ყველა წევრი სასახლის კიბეებზე შეეგება ელიზაბეტს, გარდა დონ კარლოსისა. მას ამჯერადაც ფსიქიკური შეტევა ჰქონდა და თავის ოთახში გამოკეტილი საწოლში იწვა. თუმცაღა ნაცვლად დონ კარლოსისა ელიზაბეტს დონ ხუან ავსტრიელი შეეგება, რომელიც ფილიპეს მამის, იმპერატორ კარლ V-ის უკანონო ვაჟი იყო.
რაც შეეხება დონ კარლოსს, რამდენიმე დღის შემდეგ იგი მომჯობინდა და დედინაცვალთან შესახვედრად გაემართა. იგი მუხლებზე დაეცა და ხელზე ეამბორა დედოფალს, ელიზაბეტმაც გულთბილად მიიღო მისი ასეთი მისალმება. მომდევნო დღეების განმავლობაში ელიზაბეტმა დიასახლისის როლი კარგად მოირგო და სამეფო ოჯახის მართვა დაიწყო. ცნობილია, რომ მომდევნო ორი თვის მანძილზე იგი გამუდმებულ ზეიმებს მართავდა სამეფო კარზე.
20 თებერვალს, მისი ტოლედოში გრანდიოზული შესვლიდან ექვს დღეში ელიზაბეტს საფრანგეთის ელჩი ეწვია. ამ დროისათვის ფილიპე სასახლეში არ იმყოფებოდა, მაგრამ ელჩმა დაასკვნა, რომ დედოფალი ძალიან დიდ დროს უთმობდა მეგობარ ქალბატონებთან ერთად ცეკვასა და ალკოჰოლურ სასმელებს. ამავე ღამეს ელიზაბეთმა საოცარი ცხელებითა და უჩვეულო წყურვილით გაიღვიძა, მეორე დილას კი სახე და კიდურები მთლიანად გამონაყარით ჰქონდა დაფარული და საშინელ ტკივილს გრძნობდა. მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა გადადების საფრთხე, ფილიპე მის საწოლთან იჯდა და მანამდე არ მოსცილდა, სანამ ექიმმა არ მოსთხოვა გასვლა. ექიმმა დიაგნოზი მალევე დაუსვა, ეს ჩუტყვავილა იყო. თუმცაღა დედოფალი ძალიან მალე გამოჯანმრთელდა და სახეზეც არ დარჩენია ნაწიბურები.
პირველი წელი
მას შემდეგ რაც ესპანეთის მეფე-დედოფალმა ტოლედო დატოვეს, ისინი დედაქალაქ მადრიდის არანხუესის სამეფო სასახლეში დაბინავდნენ. ელიზაბეტ ვალუამ ესპანეთის სამეფო კარის არისტოკრატებზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა. თუმცაღა ჩასვლისთანავე მიხვდა, რომ მას ბევრი კონკურენტი ჰყავდა. როგორც ცნობილია, ძალზედ ცეცხლოვანი ხასიათის მქონე ელიზაბეტმა თავის პალატებში დაიბადა ფილიპეს საყვარელი მარია დე ოსორიო, რომელიც შესაძლოა ითქვას მისი ბავშვობის სიყვარული იყო. დედოფალი საკმაოდ მკაცრად ესაუბრა მარიას, რის შემდეგაც ფილიპეს იგი სამეფო კარიდან გააძევებინა. ყოველივე ეს ეკატერინე მედიჩის რჩევა იყო, რომელმაც მთელი ცხოვრება ქმრის საყვარლის ჩრდილში განვლო და არ სურდა მისი ქალიშვილიც ასევე ყოფილიყო.
რენესანსულ საფრანგეთში დაბადებულმა და აღზრდილმა ელიზაბეტმა ესპანეთში ფრანგული წეს-ჩვეულებების გავრცელება დაიწყო. მას ძალიან უყვარდა აზარტული თამაშები, პიკნიკები, ჯირითი, ძვირადღირებული სასმელები და რაც მთავარია ბალ-მასკარადები. ცხადია თანდათანობით მან შესძლო და ყოველივე ეს ესპანელებისათვის ჩვეულებად აქცია.
თავიდან ელიზაბეტს ესპანეთში ძალიან გაუჭირდა. მას ძალიან ენატრებოდა საფრანგეთი, ოჯახი და საკუთარი სახლი, თუმცა ასევე გულმოდგინედ მუშაობდა იმ საკითხზე, რომ შეჩვეულიყო თავის ახალ ამპლუას — ესპანეთის დედოფლობას.
ახალმა დედოფალმა ესპანელებზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინა. ყველა აღფრთოვანებული იყო მისი სილამაზით, დახვეწილი ნაქუთებით, მუქი თვალებით, კეთილშობილური სახითა და საოცრად ელეგანტური ფიგურით, რაც მას ბავშვის გაჩენის შემდეგაც არ დაერღვა.
1560 წლის თებერვალში ელიზაბეტი წითურათი დაავადდა, დიდ ხნიანი მკურნალობის შემდეგ კი ძლივს გამოკეთდა, თუმცა მის დასუსტებულ ორგანიზმს წითურა მალევე შეუბრუნდა. ამის გამო დედოფალი ძირითადად საწოლში იწვა. ფილიპე II მთელი ამ ხნის მანძილზე გვერდიდან არ შორდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ თავისუფლად შეიძლებოდა წითურა მასაც გადასდებოდა, ფილიპე ელიზაბეტის საწოლს არ შორდებოდა და უვლიდა მას. ელიზაბეტი მისი ამგვარი ქმედებით გაოცებული იყო და ნელ-ნელა გადალახა თავდაპირველი შიში რომელიც ქმრის მიმართ ჰქონდა. ამის შემდეგ, მთელი მომდევნო წლები ელიზაბეტი თავისი ქმრის ყველაზე სანდო პირი იყო, რომელთანაც ის პოლიტიკურ პრობლემატურ საკითხებს არჩევდა და რჩევას ეკითხებოდა ხოლმე. ვენეციის ელჩი ჯოვანი სორანტი დედოფალ ელიზაბეტზე ამბობდა:
„ის არის არაჩვეულებრივი გონების მქონე“
|
ფილიპე II ძალიან წინდახედული და გულქვა კაცი იყო. ახალგაზრდა ფრანგი ცოლის ზემოქმედებით კი ის გადაიქცა მხიარულ და მოსიყვარულე ქმრად. ისინი ერთი შეხედვით ხვდებოდნენ რაც სურდა მის მეუღლეს. ელიზაბეტი ცდილობდა დაევიწყებინა თავისი ბავშვობა, თავისი მშობლების უიღბლო ქორწინება და ყოფილიყო ერთგული და სამაგალითო მეუღლე. ფილიპეს მართალია თავისი ცოლი ძალიან უყვარდა და განსხვავებით წინა ცოლებისგან, იგი ელიზაბეტს არასდროს ღალატობდა, მაგრამ ოჯახური ცხოვრება მისთვის მეორე ადგილზე იყო. იგი სულით ხორცამდე მონარქი იყო. მას შეეძლო მთელი დღეები სამხედრო სვლების დაგეგმარებაში, უცხოელებთან მოლაპარაკებებსა და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში გაეტარებინა.
ვენეციის ელჩი ჯოვანი სორანტი ელიზაბეტზე წერდა:
„იგი ესპანეთში ითვლებოდა წმინდანად, მან დაიმსახურა ქმრის და ესპანელი ხალხის სიყვარული. მთელ დღეებს მარტო ატარებდა, მეუღლეს ხედავდა იშვიათად, თუმცა მხოლოდ მაშინ როცა თავად მოისურვებდა ამას“
|
იგი გარდა თავისი გერის დონ კარლოსისა და მაზლ დონ ხუანისა, აგრეთვე ძალიან ახლოს იყო ფილიპეს ნახევარ-დის, პარმის ჰერცოგინია მარგარეტ ავსტრიელის ვაჟ ალესანდრო ფარნეზესთან, რომელიც ესპანეთში სამხედრო განათლებას იღებდა.
მოულოდნელი თავდასხმა
ერთი წლის შემდეგ ესპანეთის დედოფალმა ელიზაბეტ ვალუამ ახალი სახლი და ბედნიერება იპოვნა. მართალია მას ძალიან უყვარდა გართობა, თუმცა არა აღვირახსნილი. მას უყვარდა ტყეში პიკნიკები, რომელთაც თავის საყვარელი ესპანელი ქალბატონების გარემოცვაში აწყობდა ხოლმე. მის კიდევ ერთ საყვარელ საქმიანობას წარმოადგენდა რელიგიური და სამეფო კარის ღონისძიებები. ცნობილია, რომ მას ძალიან აინტერესებდა ესპანური სიწმინდეები, რის გამოც მან მოგზაურობა და მათი მოლოცვა განიზრახა.
დედოფალი ელიზაბეტი ყოველთვის თბილად და გულწრფელად ესალმებოდა ხალხს. როდესაც გამოსვლა იყო, ცხადია მას უამრავი მცველიც ახლდა ხოლმე, მაგრამ ხალხი ყოველთვის კეთილად იყო განწყობილი მის მიმართ და „მშვიდობისა და სიკეთის ისაბელს“ უწოდებდნენ. აგრეთვე ელიზაბეტმა დაარღვია ტრადიცია, რომლის მიხედვითაც ხალხში სამეფო ოჯახის წევრ ქალბატონებს სახე დაფარული უნდა ჰქონოდათ. იგი საზოგადოებაში ყოველთვის ღია სახით ჩნდებოდა, შემდგომ კი უბრალო ადამიანებს უხაროდათ მისი ხილვა და ტრაბახობდნენ კიდევაც, რომ დედოფალი ნახეს. სწორედ ერთ-ერთი ასეთი ხალხში გასვლისას ელიზაბეტს სახიფათო რამ შეემთხვა.
ერთ ჩვეულებრივ დღეს, მზის ჩასვლისას ელიზაბეტმა თან იახლა ჰერცოგინია ალბა, კონდესა დე ურუენა და სხვა ქალბატონები, მათთან ერთად ეტლჩი ჩაჯდა და სანტა კლარას მონასტრისკენ გაემართა, რათა იქ მყოფი მონაზვნებისთვის შესაწირი გადაეცათ. გასვლისას ელიზაბეტს მოულოდნელად შეუერთდა მისი მული, დონა ხუანაც. ხუანამ იგრძნო, რომ წინ ცხელი ღამე იქნებოდა, რის გამოც მათ შესთავაზა, რომ არა მთავარი კარიბჭიდან, არამედ ბაღის მხრიდან გასულიყვნენ, რომელიც ტყეზე გადიოდა და შედარებით გრილი ადგილი იყო. რაღათქმაუნდა დედოფალი ამას დასთანხმდა.
ელიზაბეტი და ჰერცოგინია ალბა, რომლებიც განუყრელი და საუკეთესო მეგობრები იყვნენ, ისე საუბრობდნენ, თითქოს ეტლში მხოლოდ ისინი ყოფილიყვნენ. გზად კიდევ უფრო დაცხა, რის გამოც ელიზაბეტსა და ხუანას მარაოების გამოყენება დასჭირდათ. მალევე ხუანას ბრძანებით სამეფო ეტლი წასახემსებლად შეჩერდა.
წახემსების შემდეგ მათ გზა განაგრძეს. მონასტრამდე კიდევ რამდენიმე საათის სავალი იყო დარჩენილი, რომლის უმეტესი ნაწილიც ქალბატონებმა სიცილსა და სასიამოვნო საბრებში გაატარეს. უეცრად სასიამოვნო ექსკურსია ჩაიშალა და ეტლმა ბრძანების გარეშე სვლა შეანელა, ბოლოს კი გაჩერდა. უეცრად ეტლს ყაჩაღთა რაზმი ეტლს გარს შემოერტყა. მათ გადმოყარეს ქალბატონების ბარგი, თავად დედოფალი კი მიწაზე გადაათრიეს.
დონა ხუანამ და ჰერცოგინია ალბამ დედოფლის გადათრევისას ყაჩაღებს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს, რის გამოც ელიზაბეტი ეტლის ბორბალზე ცუდად მიენარცხა. მართალია მას რაიმე მნიშვნელოვანი დაზიანება არ ჰქონია, მაგრამ უკიდურესად შეშინებული იყო. ქალბატონებმა ყაჩაღებს ძვირფასეულობა გაატანეს, დედოფალი ეტლში დააბრუნეს და სასახლეში დაბრუნდნენ. ელიზაბეტი მის პალატებში გადაიყვანეს, სადაც მალევე მივიდნენ სამეფო კარის ექიმები და ქირურგები. მკურნალობისას კარი გაიხსნა და მასში განრისხებული ფილიპე შემოვიდა.
ფილიპემ ამ შემთხევის შესახებ თავის სამეფო საბჭოში განაცხადა. ექიმებმა მეფეს განუცხადეს, რომ დედოფალი დიდად დაშავებული არ იყო, თუმცა ასეთი სტრესის შემდეგ დასვენებას ურჩევდნენ. ამის შემდეგ ოთახში მხოლოდ დედოფალი, მეფე და კონდესა დე ურუენა დარჩნენ, რაზეც მეფემ გაიცინა კიდევაც, თუმცა ელიზაბეტს ასეთ შორ მანძილებზე მარტო გამგზავრება აუკრძალა.
როდესაც ეიფორიამ გადაიარა, მეფეც და დედოფალიც ძალიან შეურაცხყოფილნი და გაღიზიანებულნი იყვნენ. დილით ელიზაბეტი ჩვეულებისამებრ დაესწრო სამეფო საუზმეს, შემდეგ კი ფილიპესთან ერთად ხალხის წინაშე წარსდგა. ამის შემდეგ ელიზაბეტს პირადი აუდიენცია ჰქონდა საფრანგეთის ელჩ დე ობესპინესთან, რომელმაც შეხვედრის შემდეგ დედოფალ ეკატერინე მედიჩთან წერილი გააგზავნა, სადაც ამგვარი რამ ეწერა:
„მე ვნახე მისი უდიდებულესობა დედოფალი და ღმერთს მადლობა უნდა შევწიროთ, რადგან იგი არ დაშავებულა, თუმცა იგი ისეთი გამოცოცხლებულია, როგორიც აქამდე თავის ცხოვრებაში არასდროს ყოფილა.“
|
ეს თავდასხმა ტოლედოსთან მოხდა, რის შემდეგაც ელიზაბეტს შესძულდა ეს ქალაქი, რაც შემდგომში გადამწყვეტი ფაქტორი გახდა დედაქალაქის ტოლედოდან მადრიდში გადატანისას.
დედოფლობა
მიუხედავად იმისა, რომ ელიზაბეტი უკვე მსოფლიოში უძლიერესი და უმდიდრესი სახელმწიფოს დედოფალი იყო, იგი ჯერ კიდევ გარდატეხის ასაკში იყო და შესაბამისად მოზარდთათვის დამახასიათებელი სიზარმაცე და პატივმოყვარეობაც ახასიათებდა. იგი ყოველთვის ძალიან გვიან მიდიოდა დასაძინებლად და ძალიან იშვიათად ჭამდა. ფილიპემ თავის საყვარელ მეუღლეს ყოველთვიურ პენსიად ოთხმოცი ათასი დუკატი დაუნიშნა. ელიზაბეტს ამდენი ფულიც კი არ ჰყოფნიდა, რის გამოც მალევე ასი ათას დუკატამდე გაუზარდა, მაგრამ ამისდა მიუხედავად ელიზაბეტის ვალები 1565 წლისათვის ასრვა ათას დუკატს შეადგენდა.
ახალგაზრდა და სიცოცხლით სავსე ელიზაბეტი ძალიან დიდ თანხებს ხარჯავდა ცეკვის ოსტატურად სწავლასა და მოდურად ჩაცმაზე. ცნობილია, რომ მას ერთი და იგივე კაბა ორჯერ არასოდეს ეცვა. გარდა ამისა იგი ძალიან აზარტულიც იყო და შეიძლება ითქვას, რომ დედოფალი ხშირად მთელ დღეებს სამაგიდო აზარტულ თამაშებს უთმობდა, როგორებიცაა კარტი, ბანქო და სხვა კამათლიანი თამაშები. ზოგჯერ თამაშებში მთელ ფულს აგებდა და ვალის გასასტუმრებლად ფილიპესგან მალულად სესხულობდა ფულს თავისი მეგობარი ქალბატონებისგან. როგორც უკვე ავღნიშნეთ მას ძალიან უყვარდა კარგად ჩაცმა. 1565 წლის ნათლისღების დღესასწაულზე მხოლოდ მისი კაბა ორმოცდაათი ათასი დუკატი ღირდა.
ფილიპე ამით შექმნილ უხერხულობას ითმენდა და თვალს ხუჭავდა. ცნობილია ისიც, რომ ელიზაბეტის ფრანგ და ესპანელ მსახურებს შორის გამუდმებული დაპირისპირება იყო. თავიდანვე მისი რამდენიმე ფრანგი მსახური უკან გაბრუნდა, მაგრამ დარჩენილებსა და ესპანელებს შორის გამუდმებული შუღლი კვლავ გრძელდებოდა. 1562 წლამდე ფილიპეს მათი ქორწინების კონსუმირება არ მოუხდენია, რადგან თვლიდა, რომ ამისთვის ელიზაბეტი ჯერ კიდევ პატარა იყო. მათ სხვადასხვა ოთახებში ეძინათ, თუმცა მეფეს უყვარდა იგი და მის ბევრ თვისებას აფასებდა. როდესაც ფილიპე დროებით არაგონში გაემგზავრა, ელიზაბეტი თან არ წაუყვანია. წასვლის წინ მან გამოსცა ბრძანებულება, რომელიც მის დაბრუნებამდე უნდა ყოფილიყო მოქმედებაში. ბრძანებულების თანახმად ელიზაბეტს თავისი პალატების დატოვება მხოლოდ დღეში ორჯერ შეეძლო, ისიც სადილსა და ყოველდღიურ მესაზე დასასწრებად. აგრეთვე ცნობილია, რომ დედოფალი შუა დღის ორი საათის შემდეგ არასდროს არ იღებდა სტუმრებს, თავის ოთახს კი საღამოს 10 საათზე კეტავდა. აღსანიშნავია, რომ სენ-ბოვეს აბატი, ელიზაბეტზე ამ პერიოდში ასეთ რამეს წერდა:
„მისი ფიგურა ძალიან მშვენიერია, ასევე თავის დებზე მაღალია, რაც მეტად აღაფრთოვანებთ ესპანეთში, სადაც მაღალი ქალი დიდი იშვიათობაა, რის გამოც, მას უფრო მეტ პატივს მიაგებენ.“
|
ფილიპე არაგონში ცხრა თვით გაემგზავრა. ამ დროს ელიზაბეტმა გადაწყვიტა ესპანურის მასწავლებელი დაექირავებინა, რათა ქმრის დაბრუნებამდე ესპანურად მეტყველება უფრო დაეხვეწა. ამ დროის მანძილზე ელიზაბეტი ძალიან მორჩილი და მშვიდი გახდა. ფილიპე უკან 1564 წლის მაისში დაბრუნდა, რის შემდეგაც წყვილს შორის ურთიერთობა გაუმჯობესდა. დაბრუნებიდან რამდენიმე თვეში ფილიპე დედოფალმა არანხუესის სასახლის ბაღში პიკნიკზე მიიწვია, სადაც მან თავისი ორსულობა ახარა. ელიზაბეტს ორსულობის ჩვეულებრივი სიმპტომები ჰქონდა, როგორებიცაა დიარეა, გამუდმებული სისუსტე და პატარა ტკივილები თავის არეში.
ამავე წლის აგვისტოში, მადრიდში დიდი ზეიმი იმართებოდა, რომელსაც დედოფალი აუცილებლად უნდა დასწრებოდა. თუმცაღა წასვლის წინ დედოფალმა საშინელი ტკივილი იგრძნო მუცლის არეში, რასაც ცხვირიდან სისხლდენაც დაერთო. მან სასწრაფოდ იხმო თავისი ფრეილინა ეუფრასია დე გუსმანი, რომელიც ასევე ორსულად იყო. მალევე დედოფალმა მეფეს წერილი გაუგზავნა, სადაც ვითარება გააცნო და უთხრა, რომ ზეიმს ვეღარ დაესწრებოდა. აღელვებული ფილიპე მალევე მასთან გაჩნდა. ამ დროს ელიზაბეტს ნაადრევი მშობიარობა დაეწყო. მან ორი ტყუპი, თუმცა მკვდარი გოგონა გააჩინა. ამან დედოფალზე საშინლად იმოქმედა. მომდევნო სამი კვირის მანძილზე იგი საწოლიდან არ დგებოდა და არც არავის უშვებდა თავის ოთახში.
ელიზაბეტზე, როგორც ესპანეთის დედოფალზე, პიერ დე ბურდეილი წერდა:
ვიზიტი სამშობლოში
1565 წელს ელიზაბეტის დედამ საფრანგეთსა და ესპანეთს შორის სამიტის იდეა გამოთქვა. ეკატერინე მედიჩის სურდა, რომ პირისპირ შეხვედროდა ფილიპეს და რელიგიურ პრობლემებთან დაკავშირებით ემსჯელა, ამასთან ერთად კი სურდა, რომ თავისი ქალიშვილი მარგარიტა და ვაჟი ანრიც, როგორმე დაენათესავებინა ფილიპესათვის. ფილიპემ სასტიკი უარი განუცხადა ეკატერინეს, რომელსაც პროტესტანტი ჰუგენოტების მიმართ ტოლერანტული პოლიტიკის გატარება სურდა. მან უარი განაცხადა სამიტზე დასწრებაზე. ფილიპე თავის საფრანგეთში გაგზავნილ წერილში იუწყებოდა, რომ სამიტზე მხოლოდ ელიზაბეტს გაუშვებდა, ისიც მხოლოდ იმ პირობით, თუ იქ ჰუგენოტები არ იქნებოდნენ.
სემიტი დაგეგმილი იყო 1565 წლის ზაფხულში, ესპანეთ-საფრანგეთის სასაზღვრო ქალაქ ბაიონში. დედოფალმა ეკატერინემ ამ შეხვედრისათვის სამზადისში 7 000 დუკატი დახარჯა. ელიზაბეტს სურდა დიდი ხნის უნახავ ოჯახზე შთაბეჭდილება მოეხდინა, რის გამოც მან საუცხოო კაბა შეაკერინა და სპეციალურად ამ დღისთვის დაამზადებინა სრულიად ახალი სამკაულები. თავად ელიზაბეტს ეს ყოველივე 80, 000 დუკატი დაუჯდა, მაშინ როცა ფილიპეს ამისთვის მხოლოდ 15, 000 ჰქონდა გამოყოფილი.
ელიზაბეტი ბაიონში გრანდიოზულად შევიდა. იგი შეხვდა ეკატერინეს, თავის დას, პრინცესა მარგარიტას და უმცროს ძმებს — შარლ IX-ს, ანრისა და ფრანსუას. მათ ერთმანეთში ძვირფასი საჩუქრები გაცვალეს, დაიდგა ბალეტი, წყნარი პიკნიკი, იმიტირებული ბრძოლა და დიდი სპექტაკლი მდინარე ბიდასოასთან. ყოველივე ამის შემდეგ ელიზაბეტსა და ეკატერინეს შორის მოლაპარაკებები დაიწყო. ელიზაბეტი მთლიანად ფილიპეს მხრიდან და მისი სიტყვებით საუბრობდა. დედოფალმა ეკატერინემ აღნიშნა, თუ როგორ ესპანელივით იქცეოდა, ეცვა და ლაპარაკობდა მისი გოგონა. ელიზაბეტს უკვე თითქმის აღარაფერი შერჩენოდა ფრანგული. თავად ფილიპე ამ მოლაპარაკებებს სერიოზულად არასდროს უყურებდა. ამ სამიტის შემდეგ ეკატერინემ საფრანგეთში ჰუგენოტების სასტიკი დევნა დაიწყო. ფილიპემ თავის ნაცვლად ელიზაბეტის გაშვებით ნათლად მიანიშნა ეკატერინეს, რომ ეს სამიტი ოჯახური შეკრება უფრო იყო, რომლის დასრულების შემდეგაც ელიზაბეტი კვლავ ესპანეთის სამეფო კარს დაუბრუნდა.
ოცნება მემკვიდრეზე და გოგონების დაბადება
ელიზაბეტის ცხოვრებაში დადგა ცვლილებების დრო. მას გაუჩნდა ცხოვრების მიზანი, თავს თავისუფლად გრძნობდა. ქმარს სახელმწიფო საქმეებში ეხმარებოდა.ახალგაზრდა ფრანგი პრინცესა გარდაიქმნა კეთილგანწყობილ, ღვთისნიერ და შემწყალებელ ესპანეთის დედოფლად. რომელსაც პირველ ადგილზე ეყენა ხალხის კეთილდღეობა. ეკატერინე ქალიშვილის გათხოვებამდე იმედოვნებდა მეგობრულ ურთიერთობას საფრანგეთის და ესპანეთს შორის. იგი შოკირებული იყო, მოვლენის ასეთი განვითარებით, და იგი თავის წერილებში აღნიშავდა, რომ თავისი შვილი იყო ნამდვილი ესპანელი, რაზეც ელიზაბეტმა ერთ-ერთ თავის წერილშო უპასუხა:
„მე ესპანელი ვარ, და ვაღიარებ ეს არის ჩემი მოვალეობა, ამასთან ერთად მე ვარ შენი ქალიშვილი, რომელიც შენ ოდესღაც გაგზავნე ესპანეთში.“
|
ელიზაბეტა კონცენტრირებული იყო, თავის დედოფლობის როლზე და ცდილობდა შეესრულებინა თავისი მოვალეობა.მისი ძირითადი საზრუნავი იყო ტახტის მემკვიდრის დაბადება მაგრამ, თავისი სუსტი აღნაგობის გამო ვერ შეძლო ამის შესრულება.
დონ კარლოსის უცნაური და ხშირად სადისტური ქცევები არ მოსწონდა ელიზაბეტს და ცდილობდა მის დახმარებას. 1560 წელს საფრანგეთიდან მოვიდა ცნობები, რომ ელიზაბეტის ძმა, მეფე ფრანსუა II გარდაიცვალა, მისი ქვრივი მერი სტიუარტი შოტლანდიაში დაბრუნდა, მეფე ელიზაბეტის უმცროსი ძმა, 10 წლის შარლ IX, ხოლო რეგენტი ეკატერინე მედიჩი გახდა. ამრიგად საფრანგეთში ყველაფერი შეიცვალა. ეკატერინეს ფრანკო-ესპანური ალიანსის განსამტკიცებლად თავისი გეგმები ჰქონდა, რასთან დაკავშირებითაც ელიზაბეტს წერილებს უგზავნიდა, რომელშიც ეწერა, რომ სურდა დონ კარლოსისა და მერის დაქორწინება. ეს ფილიპეს გაუხარდა კიდეც, რადგან მერიზე ქორწინებით მისი ვაჟი ხომ შოტლანდიას ხელში ჩაიგდებდა. თუმცა თავად მერიმ როგორც კი შეიტყო კარლოსის პრობლემების შესახებ ქორწინებაზე სასტიკი უარი თქვა. ამის სანაცვლოდ ეკატერინემ ელიზაბეტს შესთავაზა კარლოსისა და მისი უმცროსი დის, მარგარიტა ვალუას ქორწინება, მაგრამ ფილიპემ ამაზე უარი თქვა.
ელიზაბეტს ბავშვის გაჩენა შეეძლო, თუმცა არა ცოცხლის. 1560 წელს მან მკვარი ვაჟი გააჩინა, ხოლო 1564 წელს ორი მკვდარი ტყუპი გოგონა, რასაც თითქმის გადაჰყვა კიდეც. თუ ქორწინებიდან ბავშვი არ ჩნდებოდა, ეს მას არასტაბილურს ხდიდა. იმ ჟამად ტახტის ერთადერთი მემკვიდრე შეშლილი დონ კარლოსი იყო, რაც ნამდვილი კატასტროფა იყო და სასწრაფოდ იყო ბავშვის გაჩენა საჭირო, თუნდაც გოგონასი, ვინაიდან ესპანეთში განსხვავებით საფრანგეთისგან, ქალსაც შეეძლო ტახტზე ასვლა.
1566 წელს საზეიმოდ გამოაცხადეს, რომ დედოფალი ელიზაბეტი ორსულად იყო. იმის გამო, რომ მუცლის მოშლა, ან მკვდარი ბავშვის თავიდან დაბადება თავიდან აეცილებინათ ელიზაბეტმა საფრანგეთიდან წამოყვანილი თავისი ექიმები შემოირტყა გარს, ფილიპემ კი მას ესპანელი ექიმები მიუჩინა. ცხადია ფრანგ და ესპანელ ექიმებს შორის შუღლი ჩამოვარდა. ფრანგულ მხარეს წარმოადგენდნენ მატიე ვინსენტი, მონგაიონი და ბარგენსი, ხოლო ესპანურს ოლივარესი და ხიტერესი. იმის გამო, რომ დედოფლის ჯანმრთელობა დელიკატური იყო, ექიმებს შორის დაძაბულობა მატულობდა და ყველა ერთმანეთს აბრალებდა. ის ფაქტი, რომ ელიზაბეტი უპირატესობას თავის თანამემამულე ექიმებს ანიჭებდა, ესპანელებს ძალიან აღიზიანებდათ.
ერთ დღეს, როდესაც ფილიპე სამეფო კარიდან წასული იყო, დედოფალმა თავის ფავორიტ დოქტორ ვინსენტს სთხოვა რომ მისთვის დედამისის რეცეპტით ემკურნალა, რომელსაც ეკატერინე მედიჩი თავისი ორსულობებისას იყენებდა და საკმაოდ წარმატებული მეთოდიც იყო. ყოველივე ეს გულისხმობდა სამკურნალო, ცხელ წყლებში აბაზანის მიღებას. ცხადია ექიმმაც დედოფლის ფრეილინას, კონდესა დე ურუენას მისთვის ასეთი აბაზანის მომზადება სთხოვა.
კონდესა დაინტერესდა ზუსტად როგორ უნდა მოემზადებინა აბაზანა და ელიზაბეტს ჰკითხა თუ ვისგან მიეღო რჩევა, მან კი უპასუხა, რომ დოქტორი ვინსენტი გაუწევდა კონსულტაციებს და რომ სხვა ექიმთან არ მისულიყო. სამკურნალო აბაზანის მიღების შემდეგ დედოფალთან დონ ხუან მარინკე გამოცხადდა (რომლის ვალდებულებას სამეფო კარზე პროტოკოლის მკაცრი დაცვის უზრუნველყოფა იყო), რომელმაც ელიზაბეტს მოახსენა, რომ დედოფლის პირადი ექიმი მხოლოდ ესპანელი შეიძლებოდა ყოფილიყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ იგი მას ვინსენტთან მკურნალობას უკრძალავდა.
საბოლოოდ სიტუაცია ისე დარეგულირდა, რომ ვინსენტს მიეცა დედოფლისთვის მხოლოდ აბაზანის მომზადებისთვის ეხელმძღვანელა, რადგან მან ასევე იცოდა თმის მოვლის ფარული მეთოდებიც, თუმცა მას დედოფალთან მისვლა ესპანელი ექიმის გარდა არ შეეძლო. ვინსენტი იძულებულიყო დაჰყოლოდათ, რადგან ფილიპე დონ ხუან მარინკეს ემხრობოდა, ელიზაბეტს კი მათ წინააღმდეგ არაფერი შეეძლო.
ორი დღის შემდეგ, დედოფალმა სადილად შავი პუდინგი (რომელიც სისხლიან ძეხვს შეიცავს) მიირთვა, რომელიც ესპანეთის სამეფო კარზე უმაღლეს დელიკატესად ითვლებოდა. მომდევნო დილით ელიზაბეტმა დაიჩივლა, რომ თავის საშინელი ტკივილი და უცნაური შეგრძნებები ჰქონდა. დედოფლის პალატებში სასწრაფოდ შეკრიბეს როგორც ფრანგი, ისე ესპანელი ექიმები, მათ შორის დოქტორი ვინსენტიც. საბოლოოდ მხოლოდ ვინსენტმა შესძლო მისი გადარჩენა კუჭის ამორეცხვით. როგორც ჩანს, პუდინგი ან მოწამლული იყო, ან სულაც არასწორად მომზადებული, რამაც კინაღამ ორსული ელიზაბეტის სიცოცხლე შეიწირა.
ამის შემდეგ ვინსენტი დედოფლის საყვარელი ექიმი გახდა, მაგრამ დონ ხუანის წყალობით მათ მალულად უწევდათ ხოლმე შეხვედრა. როდესაც ვინსენტს ელოდა, ელიზაბეტი კონდესა დე ურუენასაც კი უშვებდა, შემდეგ ექიმი მის საყვარელ სამკურნალო აბაზანას უმზადებდა ელიზაბეტს, რაც მას ძალიან აბედნიერებდა.
საბოლოოდ სამკურნალო აბაზანებმა შედეგი გამოიღო და 1566 წლის 12 აგვისტოს ქალაქ სეგოვიაში მდებარე ვასლანის სასახლეში ელიზაბეტმა ჯანმრთელი გოგონა გააჩინა, რომელსაც ისაბელ კლარა ეუხენია დაარქვეს. ამით ელიზაბეტმა დაამტკიცა, რომ ჯანმრთელი ბავშვის გაჩენა შეეძლო და ესპანეთსაც შეშლილი დონ კარლოსის გარდა უკვე ჰყავდა მემკვიდრე. ცნობილია, რომ ამ მშობიარობას თავად ფილიპეც ესწრებოდა და ცოლს გვერდიდან არ შორდებოდა. სულ რამდენიმე თვეში, 1567 წლის იანვარში დედოფალი კვლავ დაფეხმძიმდა. ამავე 1567 წლის 10 ოქტომბერს მან თავისი მეორე ჯანმრთელი გოგონა გააჩინა, სახელად კატალინა მიკაელა. უნდა ითქვას, რომ ფილიპეს მეორე გოგონას დაბადებამ იმედი ძალიან გაუცრუა, რის გამოც იგი პატარა კატალინას ნათლობას არც კი დაესწრო. მიუხედავად ყველაფრისა, თავად ელიზაბეტს ძალიან უყვარდა თავისი გოგონები და ცდილობდა, რაც შეიძლებოდა მეტი დრო გაეტარებინა მათთან.
უკანასკნელი თვეები, გარდაცვალება და შემდეგ
მეორე ქალიშვილის გაჩენიდან მალევე ელიზაბეტი კვლავ დაორსულდა. 1568 წლის 18 იანვარს, ფილიპემ, რომელსაც ტახტის სხვა ორი მემკვიდრე უკვე ჰყავდა ფსიქიკურად გაუწონასწორებელი დონ კარლოსი დააპატიმრებინა. როდესაც დედოფალმა დონ კარლოსის დაპატიმრების ამბავი გაიგო, გულწრფელად, ცხარე ცრემლით ატირდა და განაცხადა, რომ მართალია იგი ჩვეულებრივი არ იყო, მაგრამ სიკეთის მეტი მისთვის არაფერი გაუკეთებია. მომდევნო რამდენიმე დღის მანძილზე ელიზაბეტი თავის ოთახში იყო გამოკეტილი და ტიროდა. იგი უკვე დეპრესიის პირას იყო. თუმცაღა იგი თანდათან მდგომარეობიდან გამოვიდა. მან ორსულობის მთელი დარჩენილი პერიოდი დასვენებაში, კარტით თამაშში, ხუმრობებსა და გართობაში გაატარა. ამავე წლის 28 ივლისს დონ კარლოსი საპყრობილეში დიზინტერიით გარდაიცვალა. უკვე სექტემბრიდან კი ელიზაბეტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზულად გაუარესდა. იგი გამუდმებით გაღიზიანებული და შეშინებული იყო, რასაც მისივე ჩივილებით მარცხენა მხარეს გაუსაძლისი ტკივილები ერთვოდა. უკანასკნელ დღეებში მას ეს ტკივილები იმდენად გაეზარდა, რომ აღარც ძილი და აღარც ჭამა შეეძლო.
1568 წლის 3 ოქტომბერს, კვირა დღეს დედოფალს საშინლად გართულებული მშობიარობა დაეწყო. სამეფო კარის ყველა ექიმი სასწრაფოდ გაჩნდა მის პალატაში, თავად ელიზაბეტი კი ფილიპეს მოყვანას ითხოვდა. უკანასკნელ წუთებში გაწამებული ელიზაბეტი მას ევედრებოდა, რომ მათი ქალიშვილებისათვის მიეხედა და მის ძმას, ანრის დახმარებოდა საფრანგეთში გასამეფებლად. ელიზაბეტმა ასევე უთხრა, რომ მან იცოდა, რომ დიდი ხნის სიცოცხლე აღარ ჰქონდა დარჩენილი, რის გამოც ბოლო პერიოდის მანძილზე გამუდმებით ლოცულობდა და ამავეს სთხოვდა ფილიპესაც - მისი სულისათვის ლოცვას. ამ სიტყვების შემდეგ ფილიპე მუხლებზე დაეცა. დიდი ტანჯვის შემდეგ ელიზაბეტმა გოგონა გააჩინა, რომელიც მკვდარი იყო, სულ ერთ საათში კი 23 წლის ელიზაბეტიც გარდაიცვალა.
24 ოქტომბერს ელიზაბეტის სახელზე საფრანგეთის სამეფო კარზე პარაკლისი გადაიხადეს. იგი მადრიდში დაკრძალეს, თავის მკვდარშობილ ქალიშვილთან ერთად. საფრანგეთის ელჩი, ეკატერინე მედიჩისთან გაგზავნილ წერილში წერდა, რომ ფილიპე მის კუბოსთან მუხლებზე დაცემული ტიროდა და შემდეგი ორი კვირა ოთახიდანაც კი არ გამოდიოდა. ეკატერინემ ფილიპეს სამძიმარი წერილი გაუგზავნა, სადაც მის ტკივილს იზიარებდა და ეუბნებოდა, რომ მისი უკანასკნელი ნუგეში ელიზაბეტის მიერ გაჩენილი ორი გოგონა იყო. ამის შემდეგ, მალევე ეკატერინემ ფილიპეს შესთავაზა ექორწინა მის უმცროს ქალიშვილ მარგარიტაზე, რათა ალიანსი არ გამწყდარიყო. მართალია ფილიპემ უარი თქვა მარგარიტაზე, მაგრამ სულ ორ წელიწადში, 1570 წელს ცოლად შეირთო თავისივე დის, ასევე დაქვრივებულ მარია ესპანელის უფროსი ასული ანა ავსტრიელი, რომელთანაც საბოლოოდ შეეძინა ესპანეთის მომავალი მეფე ფილიპე III.
1573 წლის 7 ივნისს ფილიპემ ელიზაბეტისა და დონ კარლოსის ნაშტები გადაასვენა მადრიდში, ახლად აგებულ ესკორიალის სამეფო საძვალეთში. 1654 წელს ფილიპე II-ისა და ანა ავსტრიელის შვილიშვილმა, ესპანეთის მეფე ფილიპე IV-მ ესკორიალის რესტავრაციისას, ელიზაბეტის საფლავს ახალი აკლდამა გაუკეთა. ელიზაბეტის ნაშტებს კიდევ ერთხელ მოუწია ტრანსპორტირება, როდესაც ესკორიალი კიდევ ერთხელ განახლდა. რესტავრაციის შემდეგ კი კვლავ მის აკლდამაში დააბრუნეს.
მას შემდეგ რაც 1589 წელს ელიზაბეტის ძმა, მეფე ანრი III უშვილოდ დაიღუპა, მან თავის მემკვიდრედ მარგარიტა და მისი ქმარი დაასახელა. ამას ფილიპეს მხრიდან დიდი პროტესტი მოჰყვა. 1598 წლამდე იგი საფრანგეთის ტახტისათვის იბრძოდა, როგორც განსვენებული ელიზაბეტის მეუღლე. მას ტახტზე მისი და ელიზაბეტის უფროსი ქალიშვილის, ისაბელ კლარა ეუხენიას დასმა ჰქონდა განზრახული. ზოგადად ტახტი მართლას ისაბელს ეკუთვნოდა, რადგან იგი მეფე ანრი II-ის ყველაზე უფროსი შვილიშვილი იყო, თუმცა საფრანგეთში მოქმედი სალიკური კანონის თანახმად ქალს ტახტზე ასვლის უფლება არ ჰქონდა, რის გამოც ფილიპეს საბოლოოდ დაზავება მოუწია.
გლოვა და დაკრძალვა
გარდაცვლილი ელიზაბეტის ცხედარი იმ დღესვე განბანეს და ბალზამირება გაუკეთეს, რის შემდეგაც იგი მას მისი საყვარელი კაბა ჩააცვეს და შავი ხავერდის სუდარაში გაახვიეს, რომელზეც მისივე გერბი იყო ამოქარგული. ამის შემდეგ მისი სხეული გამოსაგლოვად უკვე მზად იყო. იგი კუბოში ჩააწვინეს და სასახლის სამლოცველოში დაასვენეს, სადაც ავე მარიას უკვე გალობდნენ შავ სამოსში გამოწყობილი სტიქაროსნები. იმ სამლოცველოს შესასვლელში, სადაც ელიზაბეტი ესვენა, ჩამოკიდებული იყო ვალუას დინასტიის გერბი, ხოლო მისი კუბოს გარშემო უამრავი სანთელი და მისი საყვარელი შროშანები ეწყო.
შუა დღისას უკვე მგლოვიარედ გამოწყობილმა ესპანურმა არისკოკრატიამ და უცხოურმა დელეგაციებმა იწყეს მოსვლა. მის კუბოსთან ძალიან ბევრი ადამიანი გულწრფელად ტიროდა, განსხვავებით სხვა მონარქებისაგან, რომელთათვისაც ხშირად მსახიობების დაქირავება ხდებოდა საჭირო, რათა ვინმეს ეტირა. საფრანგეთის ელჩმა ბრანტომმა განაცხადა: „არასდროს მინახავს ერთად ასე დამწუხრებული ამდენი ხალხი. უამრავი ადამიანის ტირილისა და დაუსრულებელი მოთქმისაგან ოთახში ძალიან მძიმე ჰაერი იყო. დედოფალი მათი ყველას სიყვარულისა და თაყვანისცემის მთავარ ობიექტად იქცა, რომელთანაც ზოგიერთი პატივისცემის ნიშნად კვლავ აკეთებს რევერანსს.“ სამგლოვიარო ცერემონიას ესწრებოდნენ დედოფლის ოჯახის წევრები და ფრეილინები, მადრიდის სასულიერო პირები, რელიგიური ორდენების წარმომადგენლები, უამრავი ესპანელი არისტოკრატი მამაკაცი და ქალბატონი, უცხოელი ელჩები და მადრიდის სამხედრო გუბერნატორი.
კათოლიკური წესის მიხედვით ელიზაბეტის დაკრძალვამდე მასთან ვინმეს უნდა გაეთია ღამეები. ამის მსურველი იმდენად ბევრი ადამიანი აღმოჩნდა, რომ ის სამლოცველო, რომელშიც დასვენებული იყო დედოფლის ცხედარი, ყველა მსურველს არ ეყო, რის გამოც იგი სხვა უფრო დიდ სამლოცველოში გადაასვენეს. მთელი იმ დღეებისა და ღამეების მანძილზე, სანამ მას დაკრძალავდნენ სტიქაროსნები და მგალობლები შეუწყვეტლივ გალობდნენ და ასრულებდნენ რეკვიემებს. რამდენიმე დღეში გამოსათხოვარი პერიოდი დასრულდა და მისი დაკრძალვის დროც დადგა. დედოფალი ოქროს კუბოში ჩაასვენეს და ისე გაასვენეს სამლოცველოდან. როდესაც კუბო სასახლის ზღურბლს მიუახლოვდა ატყდა დიდი ზარების რეკვა და იარაღის გრუხუნი. ელიზაბეტის სასახლეს საშინელი ტირილით მიჰყვებოდა მისი საუკეთესო მეგობარი - ალბას ჰერცოგინია.
მის სასახლეზე გადაფენილი იყო ლურჯი ხავერდის ნაჭერი, რომელზეც ოქროს კანტი იყო ჩემოვლებული და რომლის ცენტრშიც მისი სამეფო გერბი იყო ამოქარგული. კუბოს თავზე ელიზაბეტის სადედოფლო გვირგვინი იდო, მის პირდაპირ კი წმინდა წყლით სავსე პატარა ლარნაკი.
შავ ძაძებში გამოწყობილი ალბას ჰერცოგინია გვერდიდან არ შორდებოდა ელიზაბეტის სასახლეს. მას კი უკან ელიზაბეტის სხვა ფრეილინები, მეგობრები და მისი მული ხუანა მისდევდა, რომლებიც იმდენად ხმამაღლა და შემზარავად ტიროდნენ, რომ მთელი მადრიდის ქუჩებში ისმოდა ეს ხმა. საბოლოოდ ისე მოხდა, რომ ტირილმა რეკვიემისა და სამღვდელოების ხმაც კი გადაფარა. საბოლოოდ არქიეპისკოპოსმა ბრძანება გასცა, რომ ყველას დაეტოვებინა ტერიტორია, ვინც ელიზაბეტის ახლობელი არ იყო, რათა არსებული ჭყლეტვა ცოტა მაინც შემსუბუქებულიყო.
სამეფო კარის პროტოკოლის დამცველებს დიდად არ მოსწონდათ ალბას ჰერცოგინიისა და სხვა ქალების გადამეტებული გლოვა, რის გამოც ფილიპეს მათი გაძევება სთხოვეს, თუმცა ამაზე უარი განაცხადა.
ამ დიდ ცერემონიაში საშინლად დამწუხრებული ფილიპეც მონაწილეობდა თავის ნახევარ-ძმასთან, დონ ხუან ავსტრიელთან და საუკეთესო მეგობარ დონ ერნანდო დე ტოლედოსთან ერთად. ეს სამი ადამიანი ძალიან ნელა მიჰყვებოდა დედოფლის სასახლეს და გზად განუწყვეტლივ ლოცულობდნენ.
ფილიპეს სურდა, რომ ესპანეთის ყველა მეფე და დედოფალი ესკორიალის სამეფო მავზოლეუმში დაეკრძალა, რომლის მშენებლობაც ამ დროისათვის ჯერ დასრულებული არ იყო, რის გამოც ელიზაბეტი დროებით ლა დესკალსას რეალის კათედრალში დაკრძალა. დედოფლის კუბო თავდაპირველად არსოს, ნაქსურას, მედინასა და ოსუნას ჰერცოგებს მიჰქონდათ, რომლებსაც შემდგომში ჩინჩონის, ალბას, დე პოსას და აგილარის ჰერცოგები შეენაცვლნენ.
ქუჩებში შავი ფერის ნაჭრები იყო ჩამოკიდებული, ხოლო როდესაც მსვლელობა დაიწყო ყველა მადრიდელი ქუჩაში გამოვიდა ამ ყველაფრის სანახავად. ელიზაბეტის დაკრძალვის უდიდესი ცერემონიალი მონაზონმა, დონა ინეს დე ბორჯიამ დაგეგმა და ცხადია ისიც გათვალა, თუ როგორ უნდა ემართა ქუჩაში გამოსული ხალხის დიდი მასა, რომელთა შესაკავებლადაც 1000 ოფიცერი ჩააყენა ქუჩებში.
როდესაც ელიზაბეტის ცხედარი უკვე კათედრალში მიასვენეს მისი აკლდამაში ჩასვენება და შესაბამისი ლოცვების წაკითხვაღა დარჩა. ფილიპემ ამ ცერემონიაზე დასწრების ნება მხოლოდ უაღრესად ახლო პირებს დართო, რომლებიც იყვნენ: დონა ხუანა ავსტრიელი, ჰერცოგინია ალბა, დონ ხუან მანრიკე, პაპის ნუნციო კანტანეო, კარდინალი ესპინოსა, საფრანგეთის ელჩი, პორტუგალიის ელჩი დონ ფრანსისკო პერეირა, ოსუნას ჰერცოგი, არკოს ჰერცოგი, მედინას ჰერცოგი, აგილარის მარკიზი, ალბას ჰერცოგი, ჩინჩონის ჰერცოგი, დონ ენრიკე დე რიბერა, დონ ანტონიო დე ლა კუევა და თავისი დის, იმპერატრიცა მარია ესპანელის ვაჟები - ერცჰერცოგი რუდოლფი და მატიასი.
როდესაც სასახლე გახსნეს და სუდარა მოაშორეს, რათა აკლდამაში დაესვენებინათ, გარდაცვლილი ელიზაბეტი და მისი მკვდარი გოგონა გამოჩნდნენ. ალბას ჰერცოგინიამ სპეციალურად ამ მომენტისთვის წამოღებული სუნამო გააპკურა, რათა ბალზამის სპეციფიკური სუნი დაეფარა. ასევე ამისათვის იყო აკლდამაში უამრავი სურნელოვანი ყვავილი და სანთელი. ელიზაბეტი აკლდამაში ჩაასვენეს და დალუქეს, რითაც ცერემონია დასრულდა. მთელ ამ დაკრძალვასა და სამგლოვიარო პერიოდს აღწერდა ფილიპეს პირადი მემატიანე მარტინ დე გალუცა, რომლის ნაწერებმაც უცვლელად მოაღწია ჩვენამდე. აკლდამის სახურავის დაფარებით ცერემონია დასრულდა და ხალხიც დაიშალა.
მომდევნო ცხრა დღის მანძილზე მადრიდის ყველა ეკლესიაში მხოლოდ დედოფლის სულისათვის ლოცულობდნენ. ყველაფერზე ფილიპეს და, დონა ხუანა ზრუნავდა, რომლის წყალობითაც სასახლეში ყოველ დილასა და საღამოს რამდენიმე თვის მანძილზე ტარდებოდა ელიზაბეტის მოსაგონებელი მესა. მთელი ცხრა დღის მანძილზე ფილიპე მარტო იყო გამოკეტილი და ლოცულობდა, იგი ოთახიდან მხოლოდ იმისათვის გამოდიოდა, რათა სამეფო სამლოცველოში დღეში ორჯერ მესას დასწრებოდა. ამ მომდევნო ცხრა დღის განმავლობაში ქვეყანაში ყველაფერი შეჩერდა და მთელი ესპანეთის უზარმაზარი იმპერიის მასშტაბით საყოველთაო გლოვა გამოცხადდა.
18 ოქტომბერს ქალაქ ატოჩას ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში, აღევლინა დედოფლის სულის ხსნის საზეიმო მესა, რამაც შედარებით შვება მოჰქვარა ფილიპეს. ეს ყველაზე გამორჩეული და ბრწყინვალე ცერემონია იყო. კუერკას ეპისკოპოსი მესის დასრულების შემდეგ საოცრად ორატორული სიტყვით გამოვიდა და დედოფალზე ისაუბრა. ამ ცერემონიის მსგავსი ანალოგები ჩატარდა ტოლედოში, სანტიაგოსა და სეგოვიაშიც, აგრეთვე ესპანეთის სხვა მრავალ ტაძარში. 24 ოქტომბერს კი ელიზაბეტის სამშობლოში, ნოტრ-დამის კათედრალში მისი კიდევ ერთი მოსაგონარი წირვა-ლოცვა აღევლინა. ამგვარად, ესპანეთის დედოფალმა საკმარისზე მეტი პატივისცემა დაიმსახურა მისი ახლობლებისა და ქვეშევრდომებისგან.
ცნობილია, რომ ესპანელებმა ელიზაბეტს „la reyna de la paz y de la bondad“, ანუ „მშვიდობისა და კეთილშობილების დედოფალი“ შეარქვეს.
ლეგენდა
ელიზაბეტის გარდაცვალების შემდეგ, ისევე როგორც ბევრ სხვა მონარქზე ხალხმა უამრავი ლეგენდა შეთხზა, რომელთაგან ერთმა განსაკუთრებული ინტერესი და აღფრთოვანება ჰპოვა საზოგადოებაში. ამ ლეგენდის თანახმად, ელიზაბეტს სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა თავის გერ დონ კარლოსთან. ვინაიდან ისინი მანამდეც დანიშნულები იყვნენ, ეს ლეგენდა უფრო ადვილად დასაჯერებელი იყო.
დონ კარლოსი სულითა და ხორცით ავადმყოფი იყო, ვინაიდან იგი რამდენიმე თაობის მანძილზე ინცესტური ქორწინებების ნაყოფი იყო, თუმცა არსებობს ვერსია, რომ იგი პატარაობაში მძიმე დაცემის შემდეგ შეიშალა.
ელიზაბეტი დიდ დროს ატარებდა კარლოსთან, ცდილობდა მიეღო მონაწილეობა მის ტრაგიკულ ცხოვრებაში.დროთა განმავლობაშიგაჩნდა ორ აახალგაზრდას შორის მიუხედავად ასაკის სხვაობისა ღრმა გრძონა ურთიერთთანაგრძნობა. ელიზაბეტმა დააახლოვა მამა შვილი, გააუმჯობესა მათი ურთიერთობა. მეორე გოგონას დაბადების შემდეგ ის იყო აღშფოთებული იმ ამბით, რომ კარლოსი ფილიპეს მიერ იქნა დაპატიმრებული. ელიზაბეტი თავის საძინებელში ჩაიკეტა და რამდენიმე დღის განმვალობაში ტიროდა. დონ კარლოსი გარდაიცვალა ოთხი თვით ადრე ვიდრე ელიზაბეტი.
მიუხედავად სასიყვარულო ისტორიისა დედინაცვალსა და მის ავადმყოფ გერს შორის, ეს უფრო მეგობრული და პლატონური იყო, ვიდრე ისეთი, როგორადაც შემდგომში მწერლებმა წარმოაჩინეს. მხოლოდ გვიან მიენიჭა მას სასიყავრულო რომანის ისტორია და დაიწერა მასზე რამდენიმე რომანი და ოპერა.
შვილები
ტიტულები
- საფრანგეთის პრინცესა: 2 აპრილი, 1545 – 3 ოქტომბერი, 1568;
- კასტილიის დედოფალი: 22 ივნისი, 1559 – 3 ოქტომერი, 1568;
- კასტილიის გვირგვინში მოიაზრებოდა შემდეგი წოდებები: დედოფალი კასტილიის, ლეონის, გრანადის, ტოლედოს, გალისიის, მურსიის, ხაენის, ალგარვეს, ალგერსიას, გიბრალტარის, კანარის კუნძულების, ინდიელთა, სრულიად კუნძულებისა და ოკეანეებისა. მონილას ლედი.
- ბისკაის ლედი;
- არაგონის დედოფალი:22 ივნისი, 1559 – 3 ოქტომერი, 1568;
- არაგონის გვირგვინში მოიაზრებოდა შემდეგი წოდებები: დედოფალი არაგონის, ვალენსიის, ნავარისა და მაიორკისა. გრაფინია ბარსელონისა და რუსოლინისა;
- ნეაპოლის დედოფალი: 22 ივნისი, 1559 – 3 ოქტომერი, 1568;
- ორივე სიცილიის დედოფალი: 22 ივნისი, 1559 – 3 ოქტომერი, 1568;
- კორსიკას დედოფალი: 22 ივნისი, 1559 – 3 ოქტომერი, 1568;
- სარდინიის დედოფალი: 22 ივნისი, 1559 – 3 ოქტომერი, 1568;
- ჯოსეანოს გრაფინია: 22 ივნისი, 1559 – 3 ოქტომერი, 1568;
- ორისტანოს მაკგრაფინია: 22 ივნისი, 1559 – 3 ოქტომერი, 1568;
- იერუსალიმის დედოფალი: 22 ივნისი, 1559 – 3 ოქტომერი, 1568;
- ათენის ჰერცოგინია: 22 ივნისი, 1559 – 3 ოქტომერი, 1568;
- მილანის ჰერცოგინია: 22 ივნისი, 1559 – 3 ოქტომერი, 1568;
- სიენას მონარქი: 22 ივნისი, 1559 – 3 ოქტომერი, 1568;
- ავსტრიის ერცჰერცოგინია: 22 ივნისი, 1559 – 3 ოქტომერი, 1568;
- ჰაბსბურგის გრაფინია: 22 ივნისი, 1559 – 3 ოქტომერი, 1568;
- ტიროლის გრაფინია: 22 ივნისი, 1559 – 3 ოქტომერი, 1568;
- შვაბიის პრინცესა: 22 ივნისი, 1559 – 3 ოქტომერი, 1568;
- ლოთერის ჰერცოგინია: 22 ივნისი, 1559 – 3 ოქტომერი, 1568;
- ბრაბანტის ჰერცოგინია: 22 ივნისი, 1559 – 3 ოქტომერი, 1568;
- ლიმბურგის ჰერცოგინია: 22 ივნისი, 1559 – 3 ოქტომერი, 1568;
- ლუქსემბურგის ჰერცოგინია: 22 ივნისი, 1559 – 3 ოქტომერი, 1568;
- გელდერსის ჰერცოგინია: 22 ივნისი, 1559 – 3 ოქტომერი, 1568;
- ფლანდრიის გრაფინია: 22 ივნისი, 1559 – 3 ოქტომერი, 1568;
- არტუას გრაფინია: 22 ივნისი, 1559 – 3 ოქტომერი, 1568;
- ენოს გრაფინია: 22 ივნისი, 1559 – 3 ოქტომერი, 1568;
- ჰოლანდიის გრაფინია: 22 ივნისი, 1559 – 3 ოქტომერი, 1568;
- ზელანდიის გრაფინია: 22 ივნისი, 1559 – 3 ოქტომერი, 1568;
- ზუტპენიის გრაფინია: 22 ივნისი, 1559 – 3 ოქტომერი, 1568;
- ფრიზიის ლედი: 22 ივნისი, 1559 – 3 ოქტომერი, 1568;
- სალინსის ლედი: 22 ივნისი, 1559 – 3 ოქტომერი, 1568;
- ომელანდენის ლედი: 22 ივნისი, 1559 – 3 ოქტომერი, 1568;
- უტრეხტის ლედი: 22 ივნისი, 1559 – 3 ოქტომერი, 1568;
- ოვერიხლესის ლედი: 22 ივნისი, 1559 – 3 ოქტომერი, 1568;
- გრონინგენის ლედი: 22 ივნისი, 1559 – 3 ოქტომერი, 1568;
- ბურგუნდიის ჰერცოგინია: 22 ივნისი, 1559 – 3 ოქტომერი, 1568;
- ბურგუნდიის გრაფინია: 22 ივნისი, 1559 – 3 ოქტომერი, 1568;
- ბურგუნდიის პფალცგრაფინია: 22 ივნისი, 1559 – 3 ოქტომერი, 1568;
- შაროლის გრაფინია: 22 ივნისი, 1559 – 3 ოქტომერი, 1568;
- ჩილეს დედოფალი: 22 ივნისი, 1559 – 3 ოქტომერი, 1568;
- ფილიპინების დედოფალი: 22 ივნისი, 1559 – 3 ოქტომერი, 1568;
- სამხრეთ ამერიკის იმპერატრიცა: 22 ივნისი, 1559 – 3 ოქტომერი, 1568;
გერბი
ხელოვნების პატრონაჟი
თავისი ნახევრად იტალიური წარმომადვლობის გამო ელიზაბეტს ძალიან უყვარდა ხელოვნება. ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობიდანვე უკვეთავდა თავის პორტრეტებს. იგი განსაკუთრებულად პატივს სცემდა ფერწერასა და მუსიკას.
სანამ გათხოვდებოდა, დედასთან ერთად საფრანგეთში ეწეოდა მხატვრებისა და მსახიობების მფარველობას, მათთვის შესაბამისი პირობების შექმნასა და ნიჭის გამოვლენაში დახმარებას. მისი საყვარელი მხატვარი იყო ფრანსუა კოლუეტი, რომელმაც მალე თავი ეკატერინე მედიჩისაც მოაწონა და სამეფო კარის მხატვარი გახდა. საფრანგეთში ცხოვრების პერიოდში შექმნილი ელიზაბეტის ყველა პორტრეტი სწორედ ფრანსუას ეკუთვნოდა.
მას შემდეგ რაც ესპანეთში გადასახლდა მან თავისი საქმე განაგრძო. ესპანეთში ჩასვლიდან მალევე მან გაიცნო ისტორიაში ერთ-ერთი პირველი ქალი მხატვარი, წარმოშობით იტალიელი ფერმწერი სოფონისბა ანგისოლა. მალევე ელიზაბეტ ვალუას ხელშეწყობით იგი ესპანეთის სამეფო კარის მხატვარი გახდა. მან დედოფლის დიდი ნდობა მოიპოვა, რომელიც აღფრთოვანებული იყო სოფონისბას შემოქმედებით. იგი მრავალი წლის მანძილზე იყო სამეფო კარის მხატვარი, თუმცა მას შემდეგ რაც ელიზაბეტი გარდაიცვალა მან სამუდამოდ დატოვა ესპანეთი.
გარდა ანგისოლასი, ელიზაბეტი ასევე მფარველობდა გამოჩენილ ესპანელ მხატვარ ანტონიო მურს, რომელმაც მალევე მოაწონა თავი როგორც ელიზაბეტს, ისე ფილიპეს. დედოფალი დიდი სიამოვნებით აფინანსებდა ანტონიოსა და მის მსგავს ნიჭიერ ადამიანებს, რათა ახალი შედევრები შეესრულებინათ.
გარდა მხატვრობისა, ელიზაბეტი ასევე დიდად პატრონობდა ლიტერატურას, ცეკვასა და მუსიკას. მისი მოკლეხნიანი მმართველობის პერიოდში ესპანეთში იტალიურმა და ფრანგულმა რენესანსმა შეაღწია, რასაც ხელოვნების ყველა დარგის საოცარი გაფურჩქვნა მოჰყვა.
ელიზაბეტის სახე ხელოვნებასა და კინემატოგრაფიაში
წიგნები
- გერმანელმა პოეტმა, დრამატურგმა და ისტორიკოსმა ფრიდრიხ შილერმა ელიზაბეტ ვალუასა და დონ კარლოსის სასიყვარულო ურთიერთობაზე დაწერა თავისი ცნობილი ნაწარმოები „დონ კარლოსი“ სადაც ელიზაბეტი და მისი გერი ცენტრალური ფიგურები არიან;
- ავსტრიელი მწერლის, შტეფან ცვაიგის ისტორიულ რომან „მარიამ სტიუარტში“ აღწერილია მერი სტიუარტის მთელი ცხოვრება, სადაც მისი საფრანგეთში ცხოვრების პერიოდში მნიშვნელოვნად ეხება ელიზაბეტს;
- ინგლისელმა მწერალმა მართა უოლკერმა 1857 წელს გამოსცა თავისი პირველი ნაშრომი, სახელად „ელიზაბეტ დე ვალუა, ესპანეთის დედოფალი და ფილიპე II-ის სამეფო კარი“, რომელიც შეგვიძლია ისტორიულ ნარკვევადაც მივიჩნიოთ, რაც ელიზაბეტის ცხოვრებაზე მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდის;
- ასევე ბრიტანელმა მწერალმა ჯოფრი პარკერმა ელიზაბეტისა და ფილიპეს ურთიერთობებზე დაწერა წიგნი სახელწოდებით: „უგუნური მეფე: ფილიპე II-ის ახალი ცოლი“;
- გამოჩენილმა ისტორიკოსმა და მწერალმა სარა გრისტუოდმა დაწერა წიგნი შემდეგი სათაურით: „ დედოფლების თამაში: ქალები რომლებმაც შექმნეს მეთექვსმეტე საუკუნე“, სადაც იგი ელიზაბეტთან ერთად კიდევ რამდენიმე ევროპელ დედოფალზე საუბრობს, როგორებიც არიან მერი სტიუარტი, ანა ბოლეინი, ეკატერინე მედიჩი და ა.შ.
ოპერა
ფრიდრიხ შილერის ნაწარმოებზე დაყრდნობით იტალიელმა კომპიზიტორმა ჯუზეპე ვერდიმ 1867 წელს დაწერა თავისი სახელგანთქმული ოპერა „დონ კარლოსი“, რითაც შემდგომში სახელი გაითქვა. ოპერაში აღწერილია დონ კარლოსის, ფილიპესა და ელიზაბეტის სასიყვარულო სამკუთხედი, თუ როგორ უნდათ ახალგაზრდა შეყვარებულებს ერთად ყოფნა, მაგრამ დესპოტი ფილიპეს გამო ამას ვერ ახერხებენ, საბოლოოდ კი ეს ოპერა ისევე ტრაგიკულად სრულდება როგორც რეალურად მოხდა — ჯერ კარლოსი დაიღუპა, შემდეგ კი ელიზაბეტი.
ვერდის „დონ კარლოსი“ დღემდე წარმატებით იდგმება მთელი მსოფლიოს საოპერო დასების მიერ. მათ შორის ქართულმა საოპერო დასმა დიდი წარმატებით დადგა საფრანგეთში, სადაც ელიზაბეტ ვალუას როლი თამარ ივერმა შეასრულა. ასევე წარმატებით დაიდგა ეს ოპერა ბავარიაში პაატა ბურჭულაძის თაოსნობით, სადაც ელიზაბეტის როლი მარიამ გაუჩმა მოირგო.
1850 წელს ანტონიო ბუცოლას დაწერილი აქვს ოპერა სახელით „ელისაბეტა დი ვალუა“. ყველა ზემოთ ხსენებული ნაწარმოები არის ერთ თემაზე, თუ როგორ უყვართ ელიზაბეტსა და კარლოსს ერთმანეთი და როგორი ტრაგიკული აღსასრული აქვს მათ რომანს. მართლაც ბევრი ვარაუდობს, რომ მათ უყვარდათ ერთმანეთი და ისინი ფილიპემ დააშორა და სწორედ ამიტომ გამოკეტა მან კარლოსი საპყრობილეში.
ფილმი და ტელესერიალები
- 2000-იანი წლების დასაწყისში გამოვიდა ფრანგული ფილმი სახელად „ნოსტრადამუსი“. ფილმი მთლიანად ნოსტრადამუსის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზეა, მაგრამ რამდენიმე ეპიზოდში საკმაოდ კარგად ჩანს ელიზაბეტი. პირველად, როდესაც იგი ეკატერინე მედიჩის მიჰყავს პატარა პრინცესასთან სამკითხავებლად, ხოლო მეორედ თავისსავე ქორწილში, სადაც მეფე ანრი იღუპება.
- 2013 წელს გამოვიდა ამერიკული ტელესერალი სახელწოდებით სამეფო, რომლის პირველ სერიაში ელიზაბეტი ეპიზოდურად ჩანს, იგი ცოლად მიჰყვება ფილიპეს და ამის შემდეგ იგი სერიალში აღარ ჩანს ვინაიდან იქ მოვლენები მიმდინარეობს საფრანგეთში ფრანსუა II-ის მეფობის ეპოქაში. თუმცა მეოთხე სეზონიდან კვლავ ბრუნდება როგორც ძლევამოსილი ესპანეთის დედოფალი რომელიც თავის ნებაზე ატრიალებს საფრანგეთის სამეფო ოჯახს: აშანტაჟებს მათ, ემუქრებათ და ყველანაირად ცდილობს საფრანგეთის ესპანეთის გავლენის ქვეშ მოქცევას, ამიტომ იგი ცდილობს შარლის ტახტიდან ჩამოგდებას და ანრის დასმას, თუმცა საბოლოოდ ელიზაბეტს აპატიმრებენ და ესპანეთში აბრუნებენ. ცხადია ეს ასე არ მომხდარა და უბრალოდ რეჟისორის ფანტაზიაა. ამ სერიალში ელიზაბეტის როლი მოირგო კანადელმა მსახიობმა ანასტასია ფილიპსმა. ასევე აღსანიშნავია, რომ ამ სერიალში მას არა ელიზაბეტი არამედ ლიზა ჰქვია, ეს იმიტომ, რომ ამავე დროს სერიალში ჩანს დედოფალი ელისაბედ I და მაყურებელს რომ არ არეოდა რეჟისორმა ელიზაბეტს სახელი შეუცვალა. ამავე სერიალის მესამე სეზონში, მართალია ელიზაბეტი არ ჩანს, თუმცა ფიგურირებს მისი სახელი, როდესაც სამეფო ოჯახს ხალხი აუჯანყდა და დედოფალმა ეკატერინემ თავისი შვილები ელიზაბეტთან გააგზავნა გადასარჩენად. ეს სერიალი არის სულ ოთხ დედოფალზე, რომელთაგან ელიზაბეტი ერთ-ერთია. ეს ოთხი დედოფალია - შოტლანდიის დედოფალი მერი სტიუარტი, ინგლისის დედოფალი ელისაბედ I, საფრანგეთის დედოფალი ეკატერინე მედიჩი და ესპანეთის დედოფალი ელიზაბეტ ვალუა. იგი ამ სერიალში წარმოჩენილია, როგორც თავისი ქმრის ერთგული, ღრმად მორწმუნე და საფრანგეთში ესპანეთის ინტერესების გამტარებელი.
- 2016–2017 წლებში გამოვიდა ესპანური ტელესერიალი სახელწოდებით „La Reinas”, ანუ დედოფლები. სერიალში მოთხრობილია სამი დედოფლის - ელიზაბეტ ვალუას, მერი სტიუარტისა და ელისაბედ I-ის ისტორია, რომლებიც ერთმანეთის პარალელურად მიმდინარეობს. სერიალი ზუსტად ასახავს ელიზაბეტის ესპანეთში ცხოვრების პერიოდს, სადაც მისი როლი მსახიობმა ლაურა ლედესმამ მოირგო. სერიალში ასახულია ელიზაბეტისა და ფილიპეს ურთიერთობები, რომელზეც დიდი გავლენა აქვს დონ კარლოსის ფსიქიკურ აშლილობას. სერიალი „დედოფლები“ საბოლოოდ ელიზაბეტის მშობიარობას გადაყოლითა და მერი სტიუარტის თავის მოკვეთით სრულდება.
ლიტერატურა
- Nader. Power and Gender in Renaissance Spain: Eight Women of the Mendoza Family, 1450-1650. p. 1.
- Published by Penguin Group / G.P. Putnam's Sons, New York, 2010.
- Helen Nader: (Editor), Power and Gender in Renaissance Spain: Eight Women of the Mendoza Family, 1450-1650. (Champaign: University of Illinois Press, 2003). 224 pages.
- შტეფან ცვაიგი. მარიამ სტიუარტი, გვ. 32.
- Baumgartner, Frederic J. (1988). Henry II, King of France:1547-1559. Duke University Press.
- Carrión, María M. (2010). Subject Stages: Marriage, Theatre and the Law in Early Modern Spain. University of Toronto Press.
- Kamen, Henry (1997). Philip of Spain. Yale University Press.
- Knecht, R.J. (1999). Catherine de'Medici. Longman.
- Nader, Helen, ed. (2003). Power and Gender in Renaissance Spain: Eight Women of the Mendoza Family, 1450-1650. University of Illinois Press.
- Anselme de Sainte-Marie, Père (1726). Histoire généalogique et chronologique de la maison royale de France [Genealogical and chronological history of the royal house of France] (in French). 1 (3rd ed.). Paris: La compagnie des libraires.
- Baumgartner, Frederic J. (1988). Henry II, King of France:1547-1559. Duke University Press.
- Carrión, María M. (2010). Subject Stages: Marriage, Theatre and the Law in Early Modern Spain. University of Toronto Press.
- Isabey, Eugène (1858). "The Departure of Elisabeth of France for Spain". The Walters Art Museum.
- Kamen, Henry (1997). Philip of Spain. Yale University Press.
- Knecht, R.J. (1999). Catherine de'Medici. Longman.
- Nader, Helen, ed. (2003). Power and Gender in Renaissance Spain: Eight Women of the Mendoza Family, 1450-1650. University of Illinois Press.
- Tomas, Natalie R. (2003). The Medici Women: Gender and Power in Renaissance Florence. Aldershot, UK: Ashgate. ISBN 0-7546-0777-1.
- Whale, Winifred Stephens (1914). The La Trémoille family. Boston, Houghton Mifflin. p. 43.
რესურსები ინტერნეტში
- დიპლომატიის ხელოვნება:ელიზაბეტ დე ვალუასა და ედუარდ VI-ის საქორწინო მოლაპარაკებები (ინგლისურად)
- ელიზაბეტ დე ვალუა, ესპანეთის დედოფალი დაარქივებული 2020-08-07 საიტზე Wayback Machine. (ინგლისურად)
- მეთექვსმეტე საუკუნის მსოფლიო: ესპანეთის დედოფალი ელიზაბეტ დე ვალუა დაარქივებული 2016-04-05 საიტზე Wayback Machine. (ინგლისურად)
- ისაბელ დე ვალუა, ესპანეთის დედოფალი (1545-1568) (ესპანურად)
- ელიზაბეტ ვალუას ბნელი ლეგენდა (ინგლისურად)
- საფრანგეთის პრინცესა ელიზაბეტ დე ვალუას ნათლობა (ინგლისურად)
- ესპანეთის დედოფალი ელიზაბეტ დე ვალუა (ინგლისურად)
- განხეთქილება ესპანეთის დედოფლის ექიმებს შორის (1566) (ინგლისურად)
- ესპანეთის დედოფალ ელიზაბეტ დე ვალუას დაკრძალვა (1568) (ინგლისურად)
- ელიზაბეტ ვალუა, ესპანეთის დედოფლის საზეიმო შესვლა ტოლედოში (ინგლისურად)
- მოულოდნელი თავდასხმა ესპანეთის დედოფალზე (1561) (ინგლისურად)
- ელიზაბეტ დე ვალუა (1545-1568) (ინგლისურად)
სქოლიო
პორტალი „ბიოგრაფიები“ | |
ელიზაბეტ დე ვალუა ვიკიციტატებში | |
ელიზაბეტ დე ვალუა ვიკისაწყობში |
ელიზაბეტ დე ვალუა დაიბადა: 2 აპრილი 1545 გარდაიცვალა: 3 ოქტომბერი 1568
| ||
წინამორბედი: მერი ტიუდორი |
ესპანეთის დედოფალი 22 ივნისი, 1559 - 3 ოქტომბერი, 1568 |
შემდეგი: ანა ავსტრიელი |