ხუან ავსტრიელი
დონ ხუან ავსტრიელი (ესპ. Don Juan de Austria; დ. 24 თებერვალი, 1547, რეგენსბურგი, გერმანია ― გ. 1 ოქტომბერი, 1578, ნამიურთან ახლოს, ბელგია) ― ჰაბსბურგთა დინასტიის წარმომადგენელი. ესპანური ნიდერლანდების შტატჰალტერი 1576-1578 წლებში. საღვთო რომის იმპერატორ კარლ V-ის უკანონო ძე, ესპანეთის მეფე ფილიპე II-ის ნახევარ-ძმა. თავისი დროის ერთ-ერთი გავლენიანი პოლიტიკური ფიგურა.
ხუან ავსტრიელი | |
---|---|
წოდებები
ესპანური ნიდერლანდების შტატჰალტერი (1576-1578) | |
დაიბადა | 24 თებერვალი, 1547 |
გარდაიცვალა | 1 ოქტომბერი, 1578, (31 წლის) |
საგვარეულო | ჰაბსბურგები |
მამა | კარლ V, საღვთო რომის იმპერატორი |
დედა | ბარბარა ბლომბერგი |
ხელმოწერა | |
რელიგია | კათოლიციზმი |
ბიოგრაფია
რედაქტირებახუანი დაიბადა 1547 წლის 24 თებერვალს რეგენსბურგში. იგი იყო საღვთო რომის იმპერატორ კარლ V-ისა და მისი საყვარლის, მომღერალ ბარბარა ბლომბერგის უკანონო ვაჟი. აღსანიშნავია, რომ მამამისს სხვა საყვარლისგან მის გარდა კიდევ ჰყავდა ერთი უკანონო შვილი, ერცჰერცოგინია მარგარეტის სახით. 1539 წელს იმპერატორ კარლის საყვარელი მეუღლე, დედოფალი იზაბელა პორტუგალიელი გარდაიცვალა და სწორედ ამის შემდეგ დაიწყო მან ბარბარასთან ურთიერთობა. მამის მხრიდან მას ასევე ჰყავდა სამი ნახევარ-და-ძმა: პრინცი ფილიპე, ინფანტა მარია და ინფანტა ხუანა.
1554 წლიდან კარლმა ხუანი ესპანეთში, ვალიადოლიდში გადაიყვანა და აღსაზრდელად ვილაგარსია-დე-კამპოსის სასახლის მფლობელს, ლუის დე კიხადასა და მის მეუღლეს, მაგდალენა დე ულიოლას მიაბარა. ისინი მას განათლებას თავიანთ შვილებთან ერთად აძლევდნენ. 1558 წელს,სიკვდილის წინ კარლმა იგი საბოლოოდ აღიარა თავის შვილად და სახელიც სწორედ თავისი დედის, დედოფალ ხუანა I-ის პატივსაცემად შეურჩია.
კარლის გარდაცვალებასთან ერთად ესპანეთის მეფე ხუანის ნახევარ-ძმა, ფილიპე II ხდება. აღსანიშნავია, რომ ძმებს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. ფილიპეს მეუღლე, დედოფალი ელიზაბეტ დე ვალუა მფარველობდა ხუანს და საშუალებას აძლევდა მას კარგი სამხედრო განათლება მიეღო.
ესპანეთის სამეფო კარზე ხუანი განათლებას თავისივე ასაკის პრინცებთან: ასტურიის პრინც დონ კარლოსთან (ფილიპე II-ის ძე) და პარმის პრინც ალესანდრო ფარნეზესთან (მისი დის, მარგარეტის ძე) ერთად იღებდა და შესაბამისად, იგი მათთან ყოველთვის ახლოს იყო. 1562 წელს მან ალკალა-დე-ენარესის უნივერსიტეტში განათლების მიღება დაასრულა, რომელსაც მისი ნახევარ-და, პორტუგალიის პრინცის ქვრივი ხუანა უფინანსებდა.
სწავლის დასრულების შემდეგ იგი დაბრუნდა სამეფო კარზე, სადაც ესწრებოდა ისეთ ღონისძიებებს, როგორებიცაა: ალესანდრო ფარნეზესა და მარია პორტუგალიელის ქორწილი, ასევე ფილიპე II-ის ქალიშვილების, ისაბელ კლარა ეუხენიასა და კატალინა მიკაელას ნათლობები და სხვა.
1565 წლიდან იგი აქტიურად ჩაება ესპანეთის სამხედრო კამპანიებში. ამ წელს იგი ოსმალებს ებრძოდა მალტაზე, რაც ტრიუმფით დაგვირგვინდა. მოგვიანებით მას ასევე არაერთი ბრძოლის გადახდა მოუწია ნეაპოლსა და ჩრდილოეთ იტალიაში ესპანეთის მმართველობის შესანარჩუნებლად, რის გამოც ძმამ იგი ჯერ ადმირალის, შემდეგ კი გენერლის წოდებითაც დააჯილდოვა. 1568 წელს სასტიკად ჩაახშო სამხრეთ ესპანეთში მიმდინარე ალპუხარასის აჯანყება, რითაც ფილიპეს განსაკუთრებული სიმპათია და მადლიერება დაიმსახურა.
1570 წლიდან რომის პაპ პიუს V-ის მოწოდებით იგი აქტიურად იბრძოდა კვიპროსზე, ისევდაისევ ოსმალთა წინააღმდეგ. 1572 წელს სწორედ ხუანი გაუძღვა ფილიპეს გაგზავნილ ესპანურ ფლოტილიას და დაამარცხა კიდეც ოსმალები ლეპანტოს ბრძოლაში, მაგრამ საბოლოოდ დამარცხდა და 1573 წელს ოსმალებმა კვიპროსი დაიპყრეს.
უკვე 1576 წლის 5 მაისს, შტატჰალტერ ლუის დე რეკესენსის გარდაცვალების შემდეგ, ფილიპე II-მ ესპანური ნიდერლანდების შტატჰალტერად ხუანი დანიშნა, რის შემდეგაც იგი ბრიუსელში გადასახლდა. 1577 წლის მაისში იგი ბრიუსელში დიდი ზეიმით შევიდა, მაგრამ ეს დიდ ხანს არ გაგრძელებულა. 1577 წლის 25 ივლისს მან ალყა ჩემოარტყა პროტესტანტებით გამაგრებულ ქალაქ ნამიურს და აიღო იგი. 1578 წლის იანვარში კი გემბლუს ბრძოლაში სასტიკად დაამარცხა ვილემ ორანელი, რის შემდეგაც მან ბრიუსელის უნია ჩამოაყალიბა და გეგმავდა ჩრდილოეთ ნიდერლანდებზე იერიშის მიტანას, მაგრამ მოულოდნელად ტიფით დაავადდა და 1578 წლის 24 თებერვალს ნამიურთან ახლოს, 31 წლის ასაკში გარდაიცვალა.
რომანები და შთამომავლობა
რედაქტირებაროგორც ცნობილია, ხუანს თავისი ცხოვრების განმავლობაში უამრავი საყვარელი ჰყავდა:
- მარია დე მენდოსა (1545-1570), მისი ნახევარ-დის, პორტუგალიის ქვრივ პრინცესა ხუანას სეფექალი, ფრანკავილას ჰერცოგ დიეგო დე მენდოსას ასული, რომელთანაც ჰყავდა ერთი უკანონო ქალიშვილი:
- მარია ანა ავსტრიელი (1569-1629), სანტა-მარია-ლა-რეალ-დე-ლას-უელგას მონასტრის აბატისა;
- ანა დე ტოლედო, მასთან შვილები არ ჰყოლია;
- ზენობია საროტოსია (დ. 1540), იტალიელი არისტოკრატი, ვინჩენცო სარასტროსიოსა და ვიოლანტე გაროფანოს ასული, რომელთანაც ჰყავდა ერთი უკანონო ვაჟი:
- სახელი უცნობია (1574), დაიბადა მკვდარი;
- დიანა ფალანგოლა (დ. 1556), ფანიანოს სენიორ სციპიონე ფალანგოლას ასული, რომელთანაც ჰყავდა ერთი უკანონო ქალიშვილი:
- ხუანა ავსტრიელი (1573-1630), ცოლად გაჰყვა პიეტრაპერსიის პრინც ფრანჩესკო ბრანჩიფორტეს, რომელთანაც შეეძინა ხუთი გოგონა: მარგერიტა, ფლავია, კატერინა, ელიზაბეტა და ანა;
ლიტერატურა
რედაქტირება- Fernand Braudel, The Mediterranean and the Mediterranean World in the Age of Philip II. 2 vols. New York, Harper, 1972, translated from La Méditerranée et le monde méditerranéen à l'époque de Philippe II, 2nd éd., Paris: 1966
- Capponi, Niccolò, Victory of the West: The Great Christian-Muslim Clash at the Battle of Lepanto (2006)
- Coloma, Luis, The Story of Don John of Austria, trans. Lady Moreton, New York: 1912. John Lane Company.
- Dennis, Amarie. Don Juan of Austria. Madrid, privately printed, 1966. A sensitive study of Don John, by an American long resident in Spain, it rests mainly on contemporary sources and has a lively treatment of Lepanto.
- Essen, Léon van der. Alexandre Farnèse, Prince de Parme, Gouverneur Général des Pays-Bas (1578–92), 5 vols., Brussels, 1933–35
- Guilmartin, J.F. Gunpowder and Galleys (revised edition, 2003)
- Petrie, Sir Charles. Don John of Austria. New York: 1967.
- Stirling-Maxwell, William. Don John of Austria. 2 vols. London: 1883.
- Törne, P. O. de, Don Juan d'Autriche et les projets de conquête de l'Angleterre (1928)