თამარ ივერი (თამარ ჯავახიშვილი; დ. 8 სექტემბერი, 1971, თბილისი) — უცხოეთში მოღვაწე ქართველი საოპერო მომღერალი (სოპრანო).

ბიოგრაფია რედაქტირება

დაიბადა ქალაქ თბილისში. 1996 წელს დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია.

თამარ ივერი ცნობილია, როგორც ქართველი სოპრანო. ის მსოფლიოში აღიარებული ოპერის მომღერალია, რომელიც წლებია საზღვარგარეთ მოღვაწეობს, ცნობილ საოპერო თეატრის სცენებზე გამოდის და დიდი აღიარებითა და პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებასა თუ მსმენელთა წრეებში. თუმცა, მან საქართველოსა თუ საზღვარგარეთ, მხოლოდ თავისი საოპერო ნამღერითა თუ შესრულებით არ დაამახსოვრდა საზოგადოების დიდ ნაწილს თავი. მისმა ჰომოფობიურმა გამონათქვამებმა ლგბტ თემის მიმართ, როდესაც მან უმცირესობათა წარმომადგენლები „ფეკალურ მასებს“ შეადარა, დიდი აჟიოტაჟი და გამოხმაურება გამოიწვია არა მარტო მის სამშობლოში, არამედ მთელს მსოფლიოში. იგი მსოფლიო დონის გაკიცხვის საგნად იქცა და მისი ნათქვამი წლების განმავლობაში არ კარგავდა რეზონანსს. სწორედ, ეს გახდა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც მას ოპერა ავსტრალიამ კონტრაქტი შეუწყვიტა და რამდენიმე გასტროლიც ჩაეშალა.

სწორედ მის სახელს უკავშირდება, ასევე ოპერისა და ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელის დავით კინწურაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლება. სწორედ, თამარ ივერი ადანაშაულებდა კინწურაშვილს ნეპოტიზმში, არაპროფესიონალიზმსა და კორუფციაში, რის შემდეგადაც მაშინდელა კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ის თანამდებობიდან გაათავისუფლა.

თამარ ივერს ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. მისი მამა, საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტიავთანდილ ჯავახიშვილი, ასევე ოპერის მომღერალი იყო.

აღსანიშნავია, რომ თამარ ივერი ბავშვობიდან მღერის. მისი დებიუტი ბათუმის საოპერო თეატრში შედგა. სადაც, ის სოლო პარტიას ასრულებდა. შემდეგ, იყო დეზდემონას როლი და მისი ნიჭის საერთაშორისო აღიარება. გამოდიოდა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სცენაზე. იყო ბონის (გერმანიის) და გრაცის (ავსტრიის) საოპერო თეატრების სოლისტი. 2001 წლიდან კოტრაქტით მუშაობს ვენეციის თეატრ „ლა ფენიჩეში“.

აღსანიშნავია, რომ თამარ ივერს აქვს შესრულებული ცნობილი პარტიები, მათ შორის უნდა აღინიშნოს:

  • მარეხი, მარო (ზაქარია ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“, დაისი“)
  • ქეთო (ვიქტორ დოლიძის „ქეთო და კოტე“)
  • ელისაბედი, დეზდემონა, ლუკრეცია, ლეონორა, ლუიზა მილერი (ჯუზეპე ვერდის „დონ კარლოსი“, „ოტელო“, „ორი ფოსკარი“, „ტრუბადური“, „ლუიზა მილერი“),
  • ტატიანა, ლიზა (ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი“, „პიკის ქალი“)
  • მიმი, ლიუ, ანჟელიკა, ტოსკა (პუჩინის „ბოჰემა", „ტურანდოტი“, „მოწყალების და ანჯელიკა“, „ტოსკა“)
  • ნედა (ლეონკავალოს „ჯამბაზები“)
  • დონა ანა, ელექტრა, ვიტელია, (მოცარტის „დონ ჯოვანი“, „იდომენეოსი“, „ტიტეს გულმოწყალება“)

2004-2008 წლებში მისი დებიუტები შედგა მეტროპოლიტენ ოპერაში (აშშ) და ჰიუსტონის დიდ საოპერო სცენაზე. ვენის საოპერო თეატრის სცენაზე შესრულებული აქვს მრავალი პარტია. 2014 წელს დააარსა ფონდი „უსაფრთხო საზოგადოება“. ამავე წელს გამართა საქველმოქმედო აქცია ლგბტ თემის მხარდასაჭერად და მათ კიდევ ერთხელ მოუხადა ბოდიში თავისი ჰომოფობიური გამონათქვამის გამო.

თანამშრომლობს ცნობილ დირიჟორებთან, მათ შორის: ლორინ მააზელი, სერ კოლინ დევისი, დანიელ ბარენბოიმი, რიკარდო მუტი, ჯეიმზ ლივაინი, ანტონიო პაპანო, დანიელ ორენი და ფაბიო ლუისი.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები რედაქტირება

  • 1999 - მოცარტის სახელობის საერთაშორისო კონკურსი(ზალცბურგი), „გრან პრი“, I პრემია
  • 1998 - საერთაშორისო კონკურსი „ვერდის ხმები“, II პრემია, (ბუსეტო, იტალია)
  • ჰელპმანის პრესტიჟული პრემია(ავსტრალია)
  • მემედ აბაშიძის სახელობის პრემია
  • „შტაატსოპერა“ ებერჰარდ ვეხტერის ჯილდო(ვენა), ტატიანას როლის საუკეთესო შესრულებისათვის

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება