მერი I (ინგლისი)

(გადამისამართდა გვერდიდან მერი ტიუდორი)

მერი I (ინგლ. Mary I of England, ესპ. María I de Inglaterra; დ. 18 თებერვალი, 1516, გრინვიჩი, ინგლისი — გ. 17 ნოემბერი, 1558, ლონდონი, ინგლისი) — ტიუდორების დინასტიის წარმომადგენელი. ინგლისისა და ირლანდიის დედოფალი 1553–1558 წლებში, როგორც ჰენრი VIII-ის ასული. მისი მმართველობის პერიოდში ინგლისში პროტესტანტული რეფორმაცია მძვინვარებდა, რა დროსაც დედოფალი ძალიან დიდ სისასტიკეს იჩენდა პროტესტანტების მიმართ, რის გამოც ხალხმა მას სისხლიანი მერი შეარქვა.

მერი I
Mary I

დედოფალი მერი 1554 წელს, შესრულებულია ანტონიო მორის მიერ
ინგლისისა და ირლანდიის დედოფალი
კორონაცია: 1 ოქტომბერი, 1553
მმართ. დასაწყისი: 19 ივლისი, 1553
მმართ. დასასრული: 17 ნოემბერი, 1558
წინამორბედი: ლედი ჯეინ გრეი
მემკვიდრე: ელისაბედ I
ნეაპოლის დედოფალი და მილანის ჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი: 25 ივლისი, 1554
მმართ. დასასრული: 17 ნოემბერი, 1558
წინამორბედი: ისაბელ პორტუგალიელი
მემკვიდრე: ელიზაბეტ ვალუა
ესპანეთის, სარდინიისა და სიცილიის დედოფალი, ბურგუნდიის ჰერცოგინია და ჩვიდმეტი პროვინციის მონარქი
მმართ. დასაწყისი: 16 იანვარი, 1556
მმართ. დასასრული: 17 ნოემბერი, 1558
წინამორბედი: ისაბელ პორტუგალიელი
მემკვიდრე: ელიზაბეტ ვალუა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 18 თებერვალი, 1516
დაბ. ადგილი: გრინვიჩი, ინგლისი
გარდ. თარიღი: 17 ნოემბერი, 1558, (42 წლის)
გარდ. ადგილი: ლონდონი, ინგლისი
მეუღლე: ფილიპე II, ესპანეთის მეფე
(ქ. 1554)
დინასტია: ტიუდორები
მამა: ჰენრი VIII, ინგლისის მეფე
დედა: კატალინა არაგონელი
რელიგია: კათოლიციზმი
ხელმოწერა:

იგი იყო ინგლისისა და ირლანდიის მეფე ჰენრი VIII-ისა და მისი პირველი ცოლის, დედოფალ კატალინა არაგონელის ერთადერთი საერთო ქალიშვილი. მამის გარდაცვალების შემდეგ, 1547 წელს ტახტზე ავიდა ჰენრის ვაჟი ედუარდ VI (რომელიც მესამე ცოლთან, ჯეინ სეიმურთან ჰყავდა), რომელიც 1553 წელს გარდაიცვალა. ვინაიდან ედუარდი ანგლიკანი იყო, ცდილობდა მამის ანდერძი შეეცვალა და ტახტი თავის მამიდაშვილ ჯეინ გრეის დაუტოვა, მერის ნაცვლად, ვინაიდან იცოდა, რომ მერი კვლავ კათოლიკობას აღადგენდა, თუმცა სულ ცხრა დღეში მერიმ ჯეინი ტახტიდან ჩამოაგდო და ინგლისისა და ირლანდიის დედოფალი გახდა. 1554 წელს იგი ცოლად გაჰყვა საღვთო რომის იმპერატორ და ესპანეთის მეფე კარლ V-ის უფროს ვაჟს, ინფანტ ფილიპეს, რომელიც 1556 წელს ესპანეთის მეფე გახდა, მერი კი დედოფალი, თუმცა იგი ესპანეთს არასდროს სწვევია.

მერის ხუთწლიანი მმართველობის პერიოდში ინგლისის მასშტაბით სულ 280-ზე მეტი ადამიანი იქნა დასჯილი სიკვდილით, რაც არც ისე მაღალი მაჩვენებელი იყო იმ ეპოქაში, თუმცაღა მისი სახელის შესაბღალად უწოდეს მას სისხლიანი, მაშინ როცა ესპანეთში მისი ძეგლიც კი დგას, როგორც კათოლიკობის დამცველის. მისი გარდაცვალების შემდეგ ტახტზე მისი ნახევარ-და ელისაბედ I ავიდა (ჰენრი VIII-ისა და მისი მეორე ცოლის, ანა ბოლეინის ქალიშვილი), რომლის 45 წლიანი მმართველობისასაც ინგლისი საბოლოოდ იქცა პროტესტანტულ სახელმწიფოდ.

დაბადება და ოჯახი

რედაქტირება

მერი დაიბადა 1516 წლის 18 თებერვალს პლაცენტიის სასახლეში, გრინვიჩში, ინგლისში. იგი იყო ინგლისისა და ირლანდიის მეფე ჰენრი VIII-ისა და მისი პირველი ცოლის, დედოფალ კატალინა არაგონელის ერთადერთი შვილი, რომელიც ჩვილობაშივე არ დაიღუპა. დედამისმა მრავალი მკვდარი ბავშვი დაბადა. მერიმდე მან ერთი მკვდარი გოგონა და სამი დღემოკლე ვაჟი გააჩინა, მათ შორის კორნუოლის ჰერცოგი ჰენრი, რომელიც რამდენიმე დღეში დაიღუპა.

დაბადებიდან სულ სამ დღეში მერი გრინვიჩში კათოლიკედ მონათლეს. მისი ნათლიები იყვნენ ლორდი ჩანსელორი თომას უოლსერი, მისი პაპიდა, დევონის გრაფინია კათრინ იორკელი და ნორფოლკის ჰერცოგინია აგნეს ჰოვარდი. მის ნათლიად ასევე განიხილებოდა მამამისის ბიძაშვილი, სალისბურის გრაფინია მარგარეტ დე ლა პოლი, თუმცა მისი პროტესტანტიზმისადმი სიმპათიების გამო მერის მონათვლაზე უარი უთხრეს. მომავალ წელს მერი უკვე თავად გახდა ნათლია თავისი მამიდაშვილის — ფრანცისკა გრეის. 1520 წლიდან მერის აღმზრდელად სალისბურის გრაფინია დაუქირავეს.

განათლება და ქორწინების ადრეული გეგმები

რედაქტირება
 
მერი ტიუდორი, როდესაც იმპერატორ კარლ V-ზე იყო დანიშნული

მერი, როგორც ოჯახში ერთადერთი შვილი და მომავალი ტახტის მემკვიდრე, ძვირფასი ბავშვი იყო. იგი დედამისმა საუკეთესო განათლებით უზრუნველყო. კატალინას სურდა მერის როგორც ინგლისური, ასევე ესპანური და კათოლიკური კულტურები კარგად სცოდნოდა, რისთვისაც მას ესპანელი მოძღვრები დაუქირავა აღმზრდელებად. ცხრა წლის ასაკში მერის მშობლიური ინგლისურის გარდა, უკვე გამართულად შეეძლო ლათინურად საუბარი, წერა და კითხვა. იგი ასევე სწავლობდა ფრანგულს, ესპანურსა და ბერძნულს, გარდა ამისა ასწავლიდნენ ცეკვასაც. ერთხელ ჰენრი VIII-მ ვენეციის რესპუბლიკის ელჩს ოფიციალურ შეხვედრაზე მერის შესახებ განუცხადა: „ეს გოგონა არასოდეს ტირის“. რაც შეეხება მის გარეგნობას, გარკვეულწილად იგი დედასაც ჰგავდა და მამასაც. მას ჰქონდა ღია თეთრი კანი, ცისფერი თვალები, მოწითალო-ოქროსფერი თმა და მრგვალი ფორმები.

მერის არსებობის მიუხედავად, მეფე ჰენრი ღრმად იმედგაცრუებული იყო, რომ მის ქორწინებაში ვაჟი არ ჩნდებოდა. იმ დროისათვის მერი ცხრა წლის იყო, როდესაც სამეფო კარის ექიმმა განაცხადა, რომ დედოფალს შვილები აღარ ეყოლებოდა, ან თუ ეყოლებოდა მხოლოდ მკვდარი. 1525 წელს ჰენრიმ მერის თავის მემკვიდრედ გამოცხადება განიზრახა, რისთვისაც იგი უელსში გაუშვა, რათა უელსელ დიდებულებს ის უელსის პრინცესად, ანუ ტახტის მემკვიდრედ გამოეცხადებინათ. მან უელსში სამი წელი გაატარა და იქაურებს თავი დიდად შეაყვარა, რის შემდეგაც 1528 წელს იგი კვლავ ლონდონში დაბრუნდა.

მერის დაბადებიდანვე, ჰენრი VIII მისი მომავალი, პოტენციური ქორწინებების შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებდა. როდესაც მერი მხოლოდ ორი წლის იყო, იგი დანიშნეს საფრანგეთის მეფე ფრანსუა I-ის უფროს ვაჟზე, საფრანგეთის დოფინ ფრანსუა დე ვალუაზე, თუმცა ნიშნობა სამ წელიწადში ჩაიშალა. 1522 წლიდან დაიწყო დიდი მოლაპარაკებები ექვსი წლის მერისა და მის დეიდაშვილს, საღვთო რომის იმპერატორ და ესპანეთის მეფე კარლ V-ის ქორწინებასთან დაკავშირებით. ამ დროს კარლი უკვე ოცდაორი წლის იყო და მერის მსგავს ბავშვზე ქორწინების პერსპექტივა დიდად არ ხიბლავდა, რის გამოც პარალელურად იგი ისაბელ პორტუგალიელთან საქორწინო მოლაპარაკებებს აწარმოებდა. როდესაც ეს ამბავი გამჟღავნდა, კარდინალმა უოლსეიმ ჰენრის შესთავაზა, რომ მერი უკვე დაქვრივებული საფრანგეთის მეფე ფრანსუა I-თვის მიეთხოვებინა, რომელსაც სამი ვაჟი ჰყავდა და მემკვიდრის პრობლემა არ ექნებოდა, ქორწინებით კი ფრანკო-ინგლისურ ალიანსს ერთობ გაამყარებდნენ. მერიზე ქორწინებაზე ფრანსუამ უარი თქვა, რის გამოც ახლა მოლაპარაკებები მის შუათანა ვაჟზე, ორლეანის ჰერცოგ ანრი დე ვალუაზე დაიწყო. თუმცა საბოლოოდ ფრანგებთან ყველა საქორწინო მოლაპარაკება ქორწინების გარეშე დასრულდა.

მოზარდობა

რედაქტირება

იმავდროულად მერის მშობლების ქორწინება უდიდესი საფრთხის წინაშე იყო. იმედგაცრუებულ ჰენრის ვაჟი მემკვიდრე სურდა და ვინაიდან მას კატალინა ვერ აჩუქებდა, მეორე ცოლის შერთვა მოინდომა. ამ მიზეზით განქორწინების თხოვნით ჰენრიმ რომის პაპ კლემენტე VII-ს მიმართა, რომელმაც უარი უთხრა. ჰენრი ამტკიცებდა, რომ კატალინასთან ქორწინება უწმინდური იყო, რადგან იგი მანამდე მის ძმაზე იყო დაქორწინებული. კატალინა მართლაც იყო დაქორწინებული უელსის პრინც არტურ ტიუდორზე, მაგრამ მასთან ქორწინება კონსულირებული არ იყო, რის გამოც კათოლიკური წესების მიხედვით რეალურად ქორწინება არც ყოფილა, ჰენრი კი სულ ტყუილად ამტკიცებდა, რომ კონსულირებული იყო. კატალინასა და არტურის ქორწინება არტურის გარდაცვალების შემდეგ პაპმა ბათილად სცნო და მას მეორედ დაქორწინების ნება დართო, რითაც ჰენრიმ ისარგებლა და ესპანეთთან კავშირის გასაძლიერებლად კატალინა თავად შეირთო ცოლად. ცხადია პაპი განქორწინების ნებას დართავდა, თუმცა მას კარლ V-ის ძლიერ ეშინოდა, რომელიც კატალინას დიშვილი იყო. კარლი ევროპის უძლიერესი მონარქი იყო, რომელსაც მანამდე რომი დარბეული ჰქონდა და რომის პაპი კლემენტეც ტყვედ ჰყავდა. განთავისუფლების შემდეგ კი პაპმა მასთან სიფრთხილე გადაწყვიტა.

1531 წლიდან მერის ხშირი და არარეგულარული მენსტრუაცია და ღრმა დეპრესია ჰქონდა. მიზეზად ექიმები არასწორ სქესობრივ კონტაქტს, ან უფრო საშიშ, იმ დროისთვის უცნობ დაავადებას ასახელებდნენ. მას ნებაც კი არ დართეს, რომ დედა საბოლოოდ ენახა, როდესაც კატალინა სამეფო კარიდან წავიდა. ჰენრი გამოეყო რომის კათოლიკურ ეკლესიას და საკუთარი ანგლიკანური ეკლესია დააარსა. ანგლიკანური ეკლესიის ხელმძღვანელი თავად ჰენრი გახდა, რომელმაც კატალინასთან ქორწინება ბათილად სცნო და 1533 წლის დასაწყისში ცოლად ანა ბოლეინი შეირთო, რომელიც მისგან მალევე დაორსულდა. ჰენრიმ კატალინას უელსის ქვრივი პრინცესის (ანუ არტურის ქვრივის) წოდება უბოძა და მერიც უკანონო შვილად გამოცხადდა. ამიერიდან იგი იწოდებოდა როგორც ლედი მერი და არა პრინცესა მერი. ტახტის მემკვიდრის წოდება კი 1533 წელს დაბადებულ ჰენრისა და ანა ბოლეინის ქალიშვილ ელისაბედს გადაეცა. მერის ოჯახი და ცხოვრება დაინგრა, მისი აღმზრდელი სალისბურის გრაფინია კი ელისაბედს მიუჩინეს.

მერი, ისევე როგორც კატალინა არაგონელი და ბევრი ინგლისელი თუ უცხოელი არისტოკრატი, სასტიკ უარს ამბობდა ანა ბოლეინის დედოფლად, ხოლო ელისაბედის ჰენრის ტახტის მემკვიდრედ ცნობაზე. სრულიად კათოლიკური სამყაროსათვის ტახტის მემკვიდრე მხოლოდ მერი იყო, ელისაბედი კი უკანონოდ შობილი. ცხადია ამის შემდეგ მერისა და ჰენრის შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა. მომდევნო სამი წლის განმავლობაში მამა-შვილი ერთმანეთს ხმასაც არ სცემდა. 1536 წელს კი როდესაც კატალინა კვდებოდა, ჰენრიმ მერის მისი ნახვის ნება არ დართო. მან განუცხადა, რომ დედის ნახვის ნებას მხოლოდ მაშინ მიიღებდა, როცა ანგლიკანობაზე მოექცეოდა, რაზეც მან ცივი უარი განაცხადა. ამის შემდეგ მერის შესძულდა მამა, დედინაცვალი და ნახევარ-დაც, რის გამოც იგი სამეფო კარს განშორდა და ჰერტფორდშირში გადასახლდა.

სრულწლოვანება

რედაქტირება

1536 წელს, კატალინას გარდაცვალებიდან მალევე დედოფალ ანა ბოლეინს ჰენრიმ მისსავე ძმასთან, ჯორჯ ბოლეინთან სქესობრივ კონტაქტში დასდო ბრალი და ორივეს თავები მოჰკვეთათ. პრინცესა ელისაბედი, მერის მსგავსად უკანონოდ გამოცხადდა და სასახლიდან გააძევეს. ანას თავის მოკვეთის მეორე დღესვე ჰენრიმ ცოლად მისი ფრეილინა ჯეინ სეიმური შეირთო, რომელმაც ქმარს მერისთან ურთიერთობების დათბობისაკენ მოუწოდა. ჰენრი ამტკიცებდა, რომ დამნაშავე არაფერში იყო, რომ მან რომის „ბინძურ“ ეკლესიაზე უარი თქვა და რომ მერი მისი კანონიერი ქალიშვილი ვერ იქნებოდა ღვთის წინაშე. შერიგების პირველი ნაბიჯი მერიმ გადადგა, რასაც ჰენრის მიერ მისი კანონიერ შვილად და ტახტის მეორე მემკვიდრედ ცნობა მოჰყვა. ამის შემდეგ პრინცესა მერი კვლავ სამეფო კარს უბრუნდება. მან სამეფო სასახლეში თავისი დიდი პალატები მიიღო და ამასთან დაენიშნა ყოველთვიური დიდი პენსია, რასაც იგი სამკაულებში, ტანსაცმელებსა და აზარტულ თამაშებში ხარჯავდა. სწორედ ამ დროს ინგლისის ჩრდილოეთში, სადაც კათოლიკე ლორდები სახლობდნენ აჯანყება იგეგმებოდა, რომლის მიხედვითაც ანგლიკანი ჰენრის ტირანია უნდა დაემხოთ და ტახტზე კათოლიკე მერი დაესვათ. 1537 წელს ზემოთ ხსენებული აჯანყება უმოწყალოდ იქნა ჩახშობილი. ცხადია მერიზეც მიიტანეს ეჭვი, ვინაიდან აჯანყებიდან ყველაზე დიდი ხეირი მას ერგებოდა, თუმცა ბრალი ვერანაირად ვერ დაუმტკიცეს. ამავე 1537 წელს დედოფალი ჯეინ სეიმური მშობიარობას გადაჰყვა, მან ვაჟი გააჩინა, სახელად ედუარდი. პრინცი ედუარდი ტახტის მემკვიდრე გახდა, რომელსაც ანგლიკანური წესით ზრდიდნენ. ჯეინის გარდაცვალებას მხოლოდ მერი გლოვობდა, რომელმაც მისი ღირსეულად დაკრძალვა უზრუნველყო.

 
პრინცესა მერი 1544 წელს

1539 წლიდან დაიწყო მოლაპარაკებები პრინცესა მერისა და პფალც-ნოიბურგის ჰერცოგ ფილიპე ბავარიელის ქორწინებასთან დაკავშირებით, თუმცაღა ვინაიდან ფილიპე ლუთერანი იყო მერიმ მასზე ქორწინებაზე მტკიცე უარი განაცხადა. 1539 წლიდანვე ჰენრის პირველმა მინისტრმა დაიწყო კლევის საჰერცოგოსთან ალიანსის შესადგენად საქორწინო მოლაპარაკებები, რომლის მიხედვითაც მერი თავისსავე თანატოლ კლევის ჰერცოგს უნდა გაჰყოლოდა ცოლად, მაგრამ მერიმ ასევე რელიგიის გამო ქორწინებაზე უარი თქვა. საბოლოოდ ისე მოხდა, რომ ჰენრი დასთანხმდა კლევის ჰერცოგის დაზე, ანა კლეველზე ქორწინებაზე, რომელიც პორტრეტიდან მეფეს ძალიან მოეწონა. 1539 წლის დეკემბერში, როდესაც ჰენრი და ანა ერთმანეთს შეხვდნენ, ჰენრის იგი გარეგნულად სულაც არ მოეწონა, თუმცა ქორწინების ჩასაშლელად ვერც რაიმე მიზეზი მოიფიქრა. 1540 წლის 6 იანვარს ჰენრი VIII და ანა კლეველი დაქორწინდნენ. მალევე მეფის პირველი მინისტრი, ჰერცოგი კრომველი ღალატისთვის დააპატიმრეს. მას ბრალად ედებოდა პრინცესა მერიზე ქორწინების მცდელობა, რისთვისაც მას თავი მოჰკვეთეს. ამავე წლის 9 ივნისს ჰენრი და ანა ერთმანეთს გასცილდნენ.

ანასთან გაცილებიდან მალევე ჰენრიმ ცოლად კათრინ ჰოვარდი შეირთო, რომელიც სულ ორ წელიწადში, 1542 წლის თებერვალში ღალატისთვის სიკვდილით დასაჯა. ფაქტობრივად ამ პერიოდისთვის მერი უკვე მიჩვეული იყო დედინაცვლების სწრაფ გამოცვლას, რის გამოც იგი მათთან ურთიერთობის აწყობასაც აღარ ცდილობდა, რადგან მისივე თქმით „რამდენიმე თვეში ქვეყანას ახალი დედოფალი ეყოლებოდა“. ამიტომაც სამეფო სასახლეში დედოფლისა და სამეფო დიასახლისის ვალდებულებები მერიმ აიღო თავის თავზე. სულ მალე, 1543 წელს ჰენრი მეექვსედ და საბოლოოდ დაქორწინდა ქეთრინ პარზე. საბოლოოდ სწორედ ქეთრინმა შესძლო სამეფო ოჯახის გაერთიანება და ერთ მუშტად შეკვრა. ახალმა დედოფალმა ჰენრი თავის ქალიშვილებთან შეარიგა და ძალიან დააახლოვა. სწორედ ქეთრინის ზეგავლენით, 1544 წელს ჰენრიმ თავის ანდერძში ცვლილება შეიტანა, რომ ედუარდის უძეოდ გარდაცვალების შემთხვევაში ტახტზე მერი ასულიყო, ხოლო თუ მერიც ასევე უშვილოდ დაიღუპებოდა ინგლისის დედოფალი ელისაბედი გამხდარიყო.

ჰენრი VIII 1547 წელს გარდაიცვალა, რის შემდეგაც ტახტზე მისი და ჯეინ სეიმურის ვაჟი ედუარდ VI ავიდა. მერიმ ამ პერიოდისათვის მემკვიდრეობით ნორფოლკის, შფოლისა და ესექსის საჰერცოგოები მიიღო. იმის გათვალისწინებით, რომ ედუარდი ჯერ კიდევ ბავშვი იყო, მას მმართველად რეგენტი დაენიშნა, რომელიც დედამისის ძმა თომას სეიმური იყო, რომელმაც ცოლად მალევე ჰენრი VIII-ის ქვრივი — ქეთრინ პარი შეირთო. ხელისუფლება მთლიანად ანგლიკანებმა ჩაიგდეს ხელში და ყველას ახალ რჯულზე გადასვლას მოსთხოვდნენ, თუმცა მერი მყარად იდგა კათოლიკურ რწმენაზე და მისი ერთგული რჩებოდა. პარალელურად მისი დეიდაშვილი კარლ V მასზე დიდ ზეწოლას ახორციელებდა და კათოლიციზმის დაცვისკენ მოუწოდებდა.

ედუარდის მეფობის პერიოდში დიდწილად მერი თავის მამულებში იყო და სამეფო კარზე ძალიან იშვიათად ჩნდებოდა. 1550 წელს მერიმ ევროპაში მოგზაურობა მოისურვა, თუმცა მეფემ ამის ნება არ დართო. რელიგიური განსხვავება მერისა და ედუარდის ურთიერთობას ძალიან აფუჭებდა. ერთხელ, 1550 წლის შობაზე მერი, ელისაბედი და ედუარდი შეიკრიბნენ, სადაც ცამეტი წლის ედუარდმა მერის თავისი რელიგიის გამო შეურაცხყოფა მიაყენა. მერიმ მას არაერთხელ განუცხადა, რომ ვიდრე ცოცხალია რელიგიას არ შეიცვლიდა, ედუარდი კი ჰპასუხობდა, რომ სანამ კათოლიკე იყო იგი მის არცერთ თხოვნას არ შეასრულებდა.

მმართველობა

რედაქტირება
 
მერი I 1553 წელს თავის კორონაციაზე პრინცესა ელისაბედთან ერთად

1553 წლის 6 ივლისს, 15 წლის ასაკში ინგლისისა და ირლანდიის მეფე ედუარდ VI გარდაიცვალა ტუბერკულოზით. ედუარდს არ სურდა მის შემდეგ ტახტზე მერი ასულიყო, რადგან იცოდა, რომ ინგლისში კათოლიკობას დააბრუნებდა, ამიტომაც მან ჰენრი VIII-ის მემკვიდრეობის ანდერძი შეცვალა. მას მისმა მრჩევლებმა უთხრეს, რომ კათოლიკობას ხელს მისი მეორე და ელისაბედიც შეუწყობდა, მიუხედავად იმისა, რომ ისიც ანგლიკანი იყო. სწორედ ამიტომ, ქვეყანაში ანგლიკანიზმის შენარჩუნების მიზნით, ედუარდმა ტახტი არცერთ თავის დას არ დაუტოვა.

მერისა და ელისაბედის შემდეგ ტახტზე ყველაზე ახლოს ჰენრი VIII-ის დების შვილები იყვნენ. ვინაიდან ჰენრის უფროსი და მარგარეტ ტიუდორი შოტლანდიაში იყო გათხოვილი, მისი შვილიშვილი მერი I სტიუარტი შოტლანდიის დედოფალი იყო, რასაც ინგლისის შოტლანდიის ქვეშ გაერთიანება და კვლავ კათოლიკობაზე დაბრუნება მოჰყვებოდა, ამიტომაც ედუარდმა არჩევანი ჰენრი VIII-ის უმცროსი დის, სუფოლკის ჰერცოგინია მერი ტიუდორის უფროს შვილიშვილ ლედი ჯეინ გრეიზე შეაჩერა, რომელიც ინგლისელიც იყო და ამასთან ანგლიკანიც. მერიმ როგორც კი ამის შესახებ შეიტყო, ცხადია თავისი მემკვიდრეობის დაცვა მოისურვა და მთელს ინგლისში დიდი ჯარების შეგროვება დაიწყო, რაც 1553 წლის 9 ივლისს კენტის აჯანყებით დაგვირგვინდა, რომელიც ჯეინის ქმარმა გუილდფორდ დადლიმ წარმატებით ჩაახშო.

1553 წლის 10 ივლისს ლედი ჯეინ გრეი სრულიად ინგლისისა და ირლანდიის დედოფალი გახდა, მისი მეუღლე, გუილდფორდ დადლი კი ინგლისისა და ირლანდიის მეფე-კონსორტი. ტახტზე ასულმა ჯეინმა კი მერის ამის თაობაზე წერილი გაუგზავნა. 12 ივლისს მერიმ და მისმა მხარდამჭერმა კათოლიკე ლორდებმა სუფოლკში უდიდესი არმიის შეკრება დაიწყეს. თანდათან ჯეინისა და დადლის მხარდამჭერებიც კი მერის ბანაკში გადავიდნენ. 1553 წლის 19 ივლისს მერიმ სასტიკად დაამარცხა ჯეინი და დადლი, ტახტიდან ჩამოაგდო ისინი და ტაუერში დაატუსაღათ, თავად კი ინგლისისა და ირლანდიის დედოფალი გახდა. ამავე წლის 3 აგვისტოს მერი ლონდონში დიდი ტრიუმფით შევიდა. მას ამ დროს თან ახლდა მისი ნახევარ-და ელისაბედი და 800-ზე მეტი მხარდამჭერი ინგლისელი დიდგვაროვანი.

მერის, როგორც დედოფლის პირველი ნაბიჯი იყო ინგლისის ციხეებიდან რელიგიური ნიშნით დაპატიმრებული ინგლისელი კათოლიკე დიდგვაროვნების განთავისუფლება. დედოფალი მერი ხვდებოდა, თუ რამდენად დიდ საფრთხეს უქმნიდნენ დაპატიმრებული ჯეინი და მისი ქმარი დადლი. მათ ციხიდან მალევე დაიწყეს სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა, რომელიც ცხადია მერის დამხობას ისახავდა მიზნად. სწორედ ამიტომ, ღალატის ბრალდებით 1554 წლის 12 თებერვალს ჯეინ გრეისა და გუილდფორდ დადლის თავები მოჰკვეთეს. მალევე სამეფო საბჭოდან მერიმ დაითხოვა ყველა პროტესტანტი და ჯეინის მომხრე, სანაცვლოდ კი 1555 წლისთვის უკვე მისი მომხრეებითა და კათოლიკეებით სავსე სამეფო საბჭო ჰქონდა. 1553 წლის 1 ოქტომბერს კი უესტმინსტერის სააბატოში მერი I ინგლისისა და ირლანდიის დედოფლად ეკურთხა.

ესპანური ქორწინება

რედაქტირება
 
მერის მეუღლე, ფილიპე ესპანელის პორტრეტი ტიციანის შესრულებით

37 წლის ასაკში მყოფმა მერიმ მთელი თავისი ყურადღება გათხოვებისა და მემკვიდრის გაჩენისაკენ მიაპყრო, რათა ინგლისის ტახტი თავისი პროტესტანტი დისაგან დაეცვა. სწორედ ამ დროს, შესაფერისი მომენტი გამოიყენეს და საღვთო რომის იმპერატორმა და ამავდროულად ესპანეთის მეფე კარლ V-მ მერის თავის უფროს და ერთადერთ ვაჟ ფილიპეზე ქორწინება შესთავაზა. იმისათვის, რომ ფილიპეს მერიზე ექორწინა, რაიმე მაღალი წოდება უნდა ჰქონოდა, რის გამოც კარლმა თავის ვაჟს ნეაპოლის მეფობა და მილანის ჰერცოგობა უბოძა. 1553 წლის მეორე ნახევარში კი დედოფალ მერის ფილიპეს პორტრეტი გაუგზავნეს, რათა თავისი მეუღლე გარეგნული მხარითაც შეეფასებინა. შესაძლოა ითქვას, რომ მერი ფილიპეს გარეგნობით კმაყოფილი დარჩა, თუმცა ამ დროს ფილიპე უკვე იყო დაქვრივებული და ვაჟიც ჰყავდა.

სამეფო საბჭომ და პირველმა მინისტრმა დედოფალს ფილიპეზე ქორწინების ნება მხოლოდ მაშინ დართო, თუკი იგი ინგლისს ჰაბსბურგების მორიგ კოლონიად არ გადააცევდა. სრულიად ინგლისში ქორწინების ეს იდეა არაპოპულარული იყო. საყოველთაოდ ცნობილი იყო, რომ ესპანეთის ინფანტი ფილიპე ფანატიკოსი კათოლიკე და მისი თავგამოდებული დამცველი იყო. ამგვარი მონარქის გამოჩენამ ინგლისელი პროტესტანტების შეძრწუნება გამოიწვია, ხალხში სერიოზული შფოთვა კი მას შემდეგ დაიწყო, რაც ფილიპემ მერის ხელი ოფიციალურად ითხოვა. ინგლისელმა პროტესტანტებმა თავდაპირველად მერის ტახტის დათმობა მოსთხოვეს ელისაბედის სასარგებლოდ, რაზეც ცხადია ცივი უარი მიიღეს. ამის შემდეგ განსვენებული ჯეინ გრეის მამა, სუფოლკის ჰერცოგი ჰენრი გრეი სამხრეთელი დიდგვაროვნების აჯანყებას ჩაუდგა სათავეში, რომელიც ცნობილი გახდა, როგორ უაიტის აჯანყება. ისინი მიზნად ისახავდნენ ჯერ კიდევ გასათხოვარი მერის ჩამოგდებას და ელისაბედის გამეფებას. როდესაც აჯანყებულებმა ლონდონამდე მიაღწიეს, წინ მერის უზარმაზარი არმია გადაეღობათ და სასტიკად დაამარცხათ აჯანყებულები. მერიმ აჯანყების მოთავეებს თავები მოჰკვეთათ, უბრალოდ მონაწილეები კი ჯერ დააპატიმრა და შემდეგ გადაასახლა. მიუხედავად იმისა, რომ თავად ელისაბედი ამ აჯანყებასთან არაფერ შუაში იყო და არც კი იცოდა ამის შესახებ, იგი ლონდონის ტაუერში ორი თვით დააპატიმრეს, შემდეგ კი ვუდსტოკის სასახლეში შინაპატიმრობაში მოათავსეს.

გარდა იმპერატრიცა მატილდასი და ლედი ჯეინ გრეისი, მერი ინგლისის ისტორიაში პირველი ქალი მონარქი იყო. თუმცა განსხვავებით მატილდასა და ჯეინისაგან იგი ერთპიროვნული და დამოუკიდებელი მმართველი იყო, რის გამოც შეგვიძლია მივიჩნიოთ ინგლისის პირველ ქალ მონარქად. მიუხედავად იმისა, რომ ფილიპესა და მერის, ბებია-ბაბუა ანუ ისაბელ კასტილიელი და ფერდინანდ არაგონელი საერთ ჰყავდათ, ისინი მაინც არ მიიჩნეოდნენ ახლო ნათესავებად. საქორწინო კონტრაქტის მიხედვით, ქორწინების შემდეგ ფილიპე ესპანელი უნდა ყოფილიყო ინგლისისა და ირლანდიის მეფე, რასაც თავად ინგლისელებიც აღიარებდნენ. ყველა მიღებულ კანონსა და დადგენილებაზე კი უნდა ყოფილიყო როგორც მერის, ისე ფილიპეს ხელმოწერა, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ძალაში ვერ შევიდოდა. თავად ფილიპე კმაყოფილი არ იყო ამით, რადგან მას ინგლისის ერთპიროვნული მეფობა სურდა. მას არანაირი სულიერი და ხორციელი გრძნობები არ გააჩნდა მერისადმი და მასზე ქორწინება მხოლოდ სტრატეგიული მიზნების განსახორციელებლად სჭირდებოდა. ფილიპეს პირველმა მდივანმა რაი დე გომესმა ოფიციალურ წერილში განაცხადა: „ეს ქორწინება ხორციელდება არა ხორციელი და სულიერი ლტოლვის, არამედ იმისთვის, რომ გამოსწორდეს ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობა და ჩევინარჩუნოთ გავლენა ქვემო ქვეყნებში“.

როგორც ზემოთ უკვე ავღნიშნეთ, მერისთან ქორწინებამდე კარლ V-მ თავის ვაჟს ნეაპოლის მეფობა და მილანის ჰერცოგობა უბოძა, ამასთან ფორმალურად იგი ხდებოდა იერუსალიმის მეფეც. ამიტომაც ქორწინების შემდეგ მერი გახდა ნეაპოლისა და იერუსალიმის დედოფალი, მილანის ჰერცოგინია და ასევე ასტურიის პრინცესა, ანუ ესპანეთის მომავალი დედოფალი. 1554 წლის 25 ივლისს უინჩესტერის საკათედრო ტაძარში მერი I და ფილიპე II დაქორწინდნენ, მათი პირველი შეხვედრიდან სულ ორი დღის შემდეგ. ფილიპეს ინგლისურად საუბარი არ შეეძლო, ამიტომაც წყვილი ესპანურ, ფრანგულ ან ლათინურ ენაზე საუბრობდა ხოლმე.

ცრუ ორსულობა

რედაქტირება
 
დედოფალი მერი ტიუდორი თავის ქმართან, მეფე ფილიპე ესპანელთან ერთად

1554 წლის სექტემბრიდან დედოფალ მერის მენსტრუაცია შეუწყდა. მან შედარებით წონაშიც მოიმატა და გამუდმებული დიარეა დასჩემდა დილაობით. ყველა ამ სიმპტომიდან გამომდინარე მთელს სამეფო კარსა და მათ შორის ექიმებსაც სჯეროდათ, რომ დედოფალი ორსულად იყო და ნანატრ მემკვიდრეს გააჩენდა. პარლამენტმა კი სასწრაფოდ მიიღო ახალი დადგენილება, რომ თუ დედოფალი მშობიარობას გადაჰყვებოდა ბავშვის რეგენტად ფილიპე დანიშნულიყო. 1555 წლის აპრილის ბოლოს მერიმ თავის დას, პრინცესა ელისაბედს შინა პატიმრობა მოუხსნა და თავისთან დაიბარა რათა მშობიარობისას დახმარებოდა, როგორც ეს მოსალოდნელი იყო. ვენეციის რესპუბლიკის ელჩი ჯოვანი მიჩეილი აღნიშნავს, რომ ამ დროს ფილიპემ ტახტის შენარჩუნების მიზნით მერის ზურგს უკან ელისაბედს სთხოვა ხელი, იმ შემთხვევაში, თუ მერიც და ბავშვიც დაიხოცებოდნენ. თავად ფილიპეს წერილებიდან, რომელსაც თავის სიძეს, ავსტრიის ერცჰერცოგ მაქსიმილიან II-ს უგზავნიდა ვიგებთ, რომ ფილიპე ეჭვობდა, რომ მერი ორსულად არ იყო.

აპრილის ბოლოს ლონდონის ეპარქიაში წირვა-ლოცვა აღევლინა, რომელშიც ხალხი ღმერთს მადლობას სწირავდა დედოფლის ფეხმძიმობისთვის და ევედრებოდნენ, რომ ვაჟი გაჩენილიყო. თუმცა გავიდა აპრილი, აპრილს მაისი მიჰყვა, მაისს კი ივნისი, მაგრამ დედოფალს მშობიარობა არ ეწყებოდა. საფრანგეთის ელჩმა ანტუან დე ნუალესმა პირველად სრულიად თამამად გამოთქვა თავისი აზრი, იმის შესახებ, რომ დედოფალი ორსულად არ იყო. 1555 წლის ივლისამდე მერის მაინც ჰქონდა ორსულობის ნიშნები, რის შემდეგაც სამეფო კარის ექიმმა განაცხადა, რომ დედოფალს მუცლის უკმარისობა ჰქონდა და ის ბავშვს არ ელოდებოდა. როგორც სამეფო კარის მემატიანემ განაცხადა: „ქარის მოტანილი ორსულობა, ქარმავე წაიღო“. მეფე ფილიპე საშინლად განარისხა ამგვარმა სიცრუემ. მან მერის „ღვთის სასჯელი“ და „ამაზრზენი მატყუარა“ უწოდა. ამის შემდეგ მეფე ფილიპემ სამუდამოდ დატოვა ინგლისი და თან გაიყოლა თავისი უზარმაზარი ესპანური ჯარები, რომელიც მერისა და მის ქვეყანას იცავდა. ფილიპე თავისი არმიითურთ ქვემო ქვეყნებში დაბრუნდა და ფლანდრიასა და საფრანგეთში ომი წამოიწყო. ქმრის ასეთმა დაკარგვამ მერიზე საშინლად იმოქმედა, რამაც იგი ღრმა დეპრესიაში ჩააგდო. მერიმ განაცხადა, რომ მეუღლე განსაკუთრებულად უყვარდა და მისი არ ყოფნა სასოწარკვეთას ჰგვრიდა.

პრინცესა ელისაბედი სამეფო კარზე 1555 წლის ოქტომბრამდე დარჩა და დედოფლის ფავორიტად იქცა. ვინაიდან მერი ორსულად არ იყო და ფილიპეც განშორდა მას, რაც იმას ნიშნავდა, რომ ვეღარც დაფეხმძიმდებოდა, ტახტის პირველი მემკვიდრე ელისაბედი, ხოლო მეორე მემკვიდრე მისი მამიდაშვილი, შოტლანდიის დედოფალი მერი I იყო, რომელიც ამავდროულად საფრანგეთის დოფინ ფრანსუა დე ვალუაზე იყო გათხოვილი. ფილიპემ საბოლოოდ დაარწმუნა მერი, რომ ელისაბედი მის ბიძაშვილზე, სავოიის ჰერცოგ ემანუელე ფილიბერტოზე დაექორწინებინა, რითაც ფილიპე ინგლისში ჰაბსბურგთა გავლენას მერის გარდაცვალების შემდეგაც შეინარჩუნებდა. მართალია ამ ქორწინებაზე ინგლისის პარლამენტმა თანხმობა განაცადა, თუმცა თავად ელისაბედმა უარი თქვა და პარლამენტის თანხმობა უკვე მეორე ხარისხოვანი იყო.

რელიგიური პოლიტიკა

რედაქტირება
 
ინგლისური მონეტა დედოფალ მერი I-ის გამოსახულებით, მოჭრილია 1555 წელს

ტახტზე ასვლის მეორე თვეშივე, დედოფალმა მერიმ გააკეთა განცხადება, იმის თაობაზე, რომ ინგლისის სამეფოში მხოლოდ კათოლიკური რელიგიის აღმსარებლობა იყო ნებადართული, სულ რამდენიმე თვეში კი ანგლიკანური ეკლესიის ყველა მოძღვარი დაპატიმრებულ იქნა. 1553 წლის სექტემბერში დედოფალმა მერიმ ინგლისის პარლამენტი მოიწვია, რომელსაც მიაღებინა ახალი კანონი, რომლის მიხედვითაც ჰენრი VIII-ისა და დედამისის, კატალინა არაგონელის ქორწინება ძალაში შევიდა, რითაც ელისაბედი უკანონო შვილად, ანა ბოლეინი კი მეფის საყვარლად გამოცხადდა. მან ასევე გააუქმა ედუარდის მეფობისას მიღებული ანგლიკანური კანონები. მან აღადგინა კათოლიკური სასულიერო წოდება და ინგლისი კვლავ ძველებურად დაყო ექვს საარქისაეპისკოპოდ, რომლებიც თავის მხრივ საეპოსკოპოსოებად და ეპარქიებად იყოფოდა.

მერიმ კვლავ აღადგინა რომის კათოლიკურ ეკლესიასთან კავშირი და მამისა და ძმის მმართველობისას მიღებული პროტესტანტული რეფორმა გააუქმა. ფილიპემ ინგლისის პარლამენტი დაარწმუნა, რომ ჰენრის მიერ მიღებული რომთან გამოყოფის კანონი გაეუქმებინათ, რის შემდეგაც ინგლისიცა და ირლანდიაც კვლავ რომის კათოლიკური ეკლესიის იურისდიქციაში გადავიდა. მერისა და რომის პაპ იულიუს III-ს შორის შეთანხმება მრავალი თვის მანძილზე მიმდინარეობდა, რაც საბოლოოდ რომთან კავშირის აღდგენით დასრულდა. 1554 წელს პაპმა ინგლისის კათოლიკურ წიაღში დაბრუნება დაამტკიცა და მის მონარქს ინგლისის მიწიდან ერესის აღმოფხვრის კურთხევაც მისცა.

 
დედოფალი მერი ტიუდორი 1554 წელს

ერეტიკოსთა ამოჟლეტის უფლების მიღების შემდეგ ინგლისსა და ირლანდიაში პროტესტანტების სასტიკი დევნა დაიწყო. მხოლოდ არისტოკრატთა ფენიდან, მერის ბრძანებით 800-ზე მეტი ინგლისელი და ირლანდიელი პროტესტანტი დიდგვაროვანი დააპატიმრეს. დედოფალმა მერიმ ინგლისის პარლამენტთან ერთად პირველი დადგენილებები 1555 წლის თებერვალში გამოსცა, რომლის მიხედვითაც ყველა პროტესტანტი კოცონზე უნდა დამწვარიყო, გამონაკლისი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებოდა, თუ კათოლიკობაზე მოექცეოდა. ათი ათასობით ინგლისელმა პროტესტანტმა ქვეყნიდან საფრანგეთში, გერმანიაში, ჰოლანდიასა და დანიაში გაქცევით უშველა თავს, უფრო მეტმა კათოლიკობა მიიღო, დანარჩენებმა კი, რომლებსაც არც ქვეყნიდან გასაქცევი საშუალება არ ჰქონდათ და არც რწმენა არ დასთმეც, კოცონზე დაასრულეს სიცოცხლე. საერთო ჯამში 283 ადამიანამდე იქნა კოცონზე დაწვული. ცოცხლად დაწვა იმდენად არაჰუმანურ ხერხად მიიჩნიეს, რომ ესპანელმა დიდგვაროვანლა ალფონსო დე კასტრომ ფილიპეს საყვედურიც კი უთხრა. ცხადია პროტესტანტთა ამგვარი უსასტიკესი დევნა მიმდინარეობდა მთელს ევროპაში. მალევე დედოფალი მისმა უახლოესმა მრჩეველმა, ჰერცოგმა ნორფოლკმა გააფრთხილა კიდეც, რომ სასჯელის ასეთმა მკაცრმა აღსრულებამ, შესაძლოა აჯანყება გამოიწვიოსო. გატანჯულ ინგლისელებში ჩამოყალიბდა ანტი-კათოლიკური და ანტი-ესპანური დამოკიდებულება, რაც საუკუნეების მანძილზე გაგრძელდა.

საგარეო პოლიტიკა

რედაქტირება

დედოფალი მერიც და ზოგადად ტიუდორები ყოველთვის ძალიან დიდ ყურადღებას უთმობდნენ ირლანდიის შემომტკიცებას. მერისა და ფილიპეს ერთობლივი მმართველობისას გაიზარდა ინგლისელი კოლონისტებისა და ზოგადად ინგლისელების გადასახლება ცენტრალური ირლანდიის აუთვისებელ ტერიტორიებზე. ისინი მკვიდრ ირლანდიელებს კარგად ეპყრობოდნენ და ცდილობდნენ მათში ინგლისური ენისა და კათოლიციზმის გაღრმავებას. მათ ირლანდიაში დააარსეს უამრავი დიდი ქალაქი, როგორებითაა მერიბურგი (დღევანდელი პორტ-ლიში) და ფილიპსთაუნი (დღევანდელი დაინგენი).

1556 წელს მერის მამამთილმა, კარლ V-მ ფილიპე II-ის სასარგებლოდ დათმო ესპანეთის, ბურგუნდიის, სიცილიის, სარდინიისა და ჩვიდმეტი პროვინციის ტახტი, რითაც ფილიპე ზემოთ ხსენებული ქვეყნების მეფე, ხოლო მერი დედოფალი გახდა. ფილიპე გადადგომის ცერემონიალზე ბრიუსელში ჩავიდა სადაც მეფედ ეკურთხა, თუმცა მერი კვლავ ინგლისში დარჩა. 1556 წელსვე ფილიპე საფრანგეთს დაუზავდა. მეორე თვეში კი საფრანგეთის ელჩი მერის წინააღმდეგ მიმართულ შეთქმულებაში მონაწილეობაში ამხილეს. ამას ესპანელების მიერ საფრანგეთში შეჭრა მოჰყვა. პარალელურად აჯანყებულები საფრანგეთში გაიქცნენ.

1557 წელს ფილიპე ინგლისში დაბრუნდა, რადგან იგი მერიმ დაარწმუნა, რომ საფრანგეთის წინააღმდეგ ომში უნდა გაერთიანებულიყვნენ. დედოფალი მერი დაჟინებით მოითხოვდა საფრანგეთთან ომის გამოცხადებას, პარლამენტი და მრჩევლები კი გამალებით ეწინააღმდეგებოდნენ. ამის მიზეზი ის იყო, რომ საფრანგეთი ინგლისის სავაჭრო პარტნიორი იყო და ხაზინაში ძირითადი შემოსავალი ქვეყანას აქედან ჰქონდა, ომის გამოცხადების ყველაფერ ამას დაჰკარგავდნენ, ამ წელს კი ინგლისში საშინელი გვალვა იყო და ასე ქვეყანაში შიმშილობა გარდაუვალი გახდებოდა. 1557 წლის ივნისში მოვიდა ცნობა, რომ მერის მიერ გაძევებული მეამბოხეები ფრანგების დახმარებით მის წინააღმდეგ დიდ ლაშქარს აგროვებდნენ. მერიმ ეს საბაბად გამოიყენა და საფრანგეთს ომი გამოუცხადა, რამაც მასსა და რომის პაპს შორის ურთიერთობა ძალიან დაძაბა, ვინაიდან პაპი პავლე IV საფრანგეთის მეფე ანრი II-ის ერთგული მოკავშირე იყო. ომი მართალია ხანმოკლე იყო, თუმცა ინგლისისათვის კატასტროფული შედეგები მოიტანა. გარდა იმისა, რომ ომით ინგლისმა საფრანგეთი და მისი მოკავშირე შოტლანდია და რომის პაპი გადაიმტერა, 1558 წელს საფრანგეთის მეფე ანრი II-მ აიღო უკანასკნელი ფრანგული ციხესიმაგრე კალე, რომელიც ინგლისელებს ეკავათ 1347 წლიდან მოყოლებული და ინგლისის ვაჭრობისთვის გარდამტეხი მნიშვნელობა ჰქონდა. ამის შემდეგ ევროპაში დაეცა ინგლისის ავტორიტეტი და ამასთან მისი ხაზინაც სულ უფრო კოტრდებოდა.

კომერცია და შემოსავალი

რედაქტირება
 
ფილიპესა და მერის გამოსახულებიანი ვერცხლის მონეტა

მერის მმართველობის წლები ინგლისში განსაკუთრებული სისველით გამოირჩევა. მთელი ამ წლების მანძილზე მხოლოდ ერთხელ იყო გვალვა, დანარჩენ დროს გაუთავებლად, ზოგჯერ თვეობითაც კი წვიმდა გადაუღებლად, რაც შემდგომში წყალდიდობას, მოსავლისა და სახლების წალეკვასა და შიმშილობას იწვევდა. მერის ფილიპესთან ქორწინებისდა მიუხედავად, ინგლისი არასდროს სარგებლობდა ესპანეთის უზარმაზარი სიმდიდრით, რომელიც მათ ახალი სამყაროდან მოჰქონდათ. ესპანელები ინგლისელებს ახალ სამყაროში ფეხის დადგმის საშუალებასაც არ აძლევდნენ, არათუ იქ კოლონიების დაარსებისას, თუმცა დისგან განსხვავებით, მერის მეკობრეობით ესპანური ოქროს მოპარვა არ შეეძლო. ვაჭრობის გაზრდისა და ინგლისის ეკონომიკის გადარჩენის მიზნით, მერის მრჩევლები განაგრძობდნენ ახალი ხერხების გამოგონებას. მან გამოსცა სამეფო ქარტია და ასევე შეკრიბა ცნობილი კარტოგრაფები, რომლებსაც ახალი მსოფლიო რუკების ატლასის შექმნა დაავალათ, იმ იმედით, რომ ესპანელებისგან თავისუფალ ახალ მიწებს მიაგნებდნენ. ცნობილი ინგლისელი მეზღვაურები სამხრეთ აფრიკის კოლონიზაციას სთავაზობდნენ, საიდანაც პორტუგალიელებსა და ჰოლანდიელებს უამრავი ოქრო მოჰქონდათ. ეს იდეა სრულიად შესაძლებელი იყო, მაგრამ სამეფო ხაზინაში ამგვარი უზარმაზარი იდეის განსახორციელებელი თანხები არ იყო.

დედოფალმა მერიმ იცოდა, რომ სამეფო საბჭოსა და პარლამენტის წვრი დიდებულები ხაზინიდან უფრო მეტ ფულს იღებდნენ, ვიდრე მათ ოფიციალურად ეკუთვნოდათ. სწორედ ამის აღსაკვეთად დედოფალმა გამოსცა ახალი კანონი, იმის შესახებ, რომ თითოეულ დიდგვაროვანს უნდა წარედგინა სპეციალური საბუთი თუ თვიურად რამდენი ფულის აღება ეკუთვნოდა ხაზინიდან და შემდეგ დედოფლის ნდობით აღჭურვილ პირთან ერთად მიეღო თავისი წილი. ამასთან ყოველი თვის ბოლოს უნდა ჩატარებულიყო ხაზინის ხარჯთაღიცხვა, რათა ერთი მონეტაც კი არ დაკარგულიყო. 1558 წელს დედოფალმა მერიმ გამოსცა ტარიფების წიგნი, რომელშიც აღწერილი იყო მოვალეობების მიხედვით, ზუსტად ვის რამდენი შემოსავალი უნდა ჰქონოდა, რაც 1604 წლამდე მოქმედებდა.

ინგლისში ჰენრი VIII-ისა და ედუარდ VI-ის მიერ დაწყებული ეკონომიკური კრიზისის გამოსწორება მერიმ სცადა, თუმცა არაფერი გამოუვიდა. საბოლოოდ გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე მან შეიმუშავა ეკონომიკური რეფორმების მთელი რიგი, თუმცა მის სიცოცხლეში ეს ვერ მოესწრო, მაგრამ ელისაბედ I-მა ეფექტურად გამოიყენა ეს რეფორმები, რამაც ინგლისი კრიზისიდან გამოიყვანა.

გარდაცვალება და შემდეგ

რედაქტირება
 
მერი I 1558 წელს

1557 წელს ფილიპეს ვიზიტის შემდეგ, მერი კვლავ ფიქრობდა, რომ ორსულად იყო. მან ზუსტად გამოთვალა და ბავშვი 1558 წლის მარტში უნდა დაბადებულიყო. მან პარლამენტს კვლავ მიაღებინა კანონი, რომ თუ იგი მშობიარობას გადაჰყვებოდა, ფილიპე მისი რეგენტი ყოფილიყო. თუმცაღა გაიარა მარტმაც, გაზაფხულმაც და ზაფხულმაც და როგორც წინა შემთხვევისას გაირკვა, მერი ორსულად არ იყო. სასოწარკვეთილ დედოფალს მოუწია იმ აზრთან შეგუება, რომ ტახტს თავის პროტესტანტ დას — ელისაბედს უტოვებდა.

1558 წლის მაისიდან მერი დაავადდა, რამაც მისი საშინლად დასუსტება გამოიწვია. მისი გაუსაძლისი ტკივილებისა და ავადმყოფობის მიზეზად ექიმებმა საკვერცხის კისტა, ან საშვილოსნოს სიმსივნე დაასახელეს. 1558 წლის 17 ნოემბერს, წმინდა ჯეიმზის სასახლეში დედოფალი მერი I 42 წლის ასაკში გარდაიცვალა, ყველასაგან მიტოვებული. ტახტზე ელისაბედ I ავიდა, რომლის ხელიც ფილიპემ ითხოვა, თუმცა უარი მიიღო. ელისაბედს მალევე უდიდეს კონკურენტად მოევლინა მისი მამიდაშვილი, შოტლანდიისა და საფრანგეთის დედოფალი მერი I სტიუარტი, რომელიც სიკვდილამდე აცხადებდა ინგლისზე პრეტენზიას და გამუდმებით შეთქმულებებს უწყობდა ელისაბედს. როდესაც ბრიუსელში მყოფ ფილიპეს მეორე ცოლის დაკარგვა შეატყობინეს გაუხარდა და თავის დას, პორტუგალიის პრინცესა ხუანა ესპანელს წერილიც კი მისწერა, სადაც ამბობდა, რომ „ზურგიდან დიდი ტვირთი მოიშორა“.

1558 წლის 14 დეკემბერს მერი დედამისის, დედოფალ კატალინა არაგონელის გვერდით დაკრძალეს მისივე სურვილით, თუმცა საბოლოოდ იგი უესტმინსტერის სააბატოში ელისაბედ I-ისა და მერი სტიუარტის გვერდით დაკრძალეს. მეტიც, ელისაბედსა და მერის გვერდიგვერდ აქვთ საფლავები. ეს ინგლისის, ირლანდიისა და შოტლანდიის მეფე ჯეიმზ I-ის სურვილით განხორციელდა, რომელმაც მათ საფლავებზე ამოაკვეთინა შემდეგი რამ: „Regno consortes et urna, hic obdormimus Elizabetha et Maria sorores, in spe resurrectionis“, რაც ლათნურად ნიშნავს: „ამ სამარხში განვისვენებთ ჩვენ, დედოფალი დები ელისაბედი და მერი, მკვდრეთით აღსდგომის იმედი გვაქვს“.

ტიტულები, წოდების სტილი და გერბი

რედაქტირება
 
დედოფალ მერი I-ის გერბი
  • უელსის პრინცესა: 1516-1533, 1547-1553;
  • ინგლისის დედოფალი: 1553-1558;
  • ირლანდიის დედოფალი: 1553-1558;
  • ასტურიის პრინცესა: 1554-1556;
  • ავსტრიის ერცჰერცოგინია:1554-1558;
  • ნეაპოლის დედოფალი:1554-1558;
  • იერუსალიმის დედოფალი:1554-1558;
  • მილანის ჰერცოგინია:1554-1558;
  • ესპანეთის დედოფალი: 1556-1558;
  • სიცილიის დედოფალი: 1556-1558;
  • სარდინიის დედოფალი: 1556-1558;
  • ჩილეს დედოფალი: 1556-1558;
  • სამხრეთ და ცენტრალური ამერიკის იმპერატრიცა: 1556-1558;
  • ბურგუნდიის ჰერცოგინია: 1556-1558;
  • ლუქსემბურგის ჰერცოგინია: 1556-1558;
  • ბრაბანტის ჰერცოგინია: 1556-1558;
  • გელდერნის ჰერცოგინია: 1556-1558;
  • ლიმბურგის ჰერცოგინია: 1556-1558;
  • არტუას გრაფინია: 1556-1558;
  • ფლანდრიის გრაფინია: 1556-1558;
  • ენოს გრაფინია: 1556-1558;
  • ჰოლანდიის გრაფინია: 1556-1558;
  • ნამიურის გრაფინია: 1556-1558;
  • ზელანდიის გრაფინია: 1556-1558;
  • ზუტპენიის გრაფინია: 1556-1558;
  • ჰაბსბურგის გრაფინია:1554-1558;
  • ტიროლის გრაფინია:1554-1558;

როდესაც მერი I ტახტზე ავიდა, ჩვეულებრივ მან მიიღო სამეფო წოდება ჰენრი VIII-ისა და ედუარდ VI-ის სტილში, რომელიც ამგვარად ჟღერს: „მერი, ღვთის ნებით დასმული, დედოფალი ინგლისისა, საფრანგეთისა და ირლანდიისა, კათოლიკური რწმენის დამცველი და ინგლისისა და ირლანდიის საღმრთო ეკლესიის მიწიერი მოთავე“. 1553 წლის შობას მერიმ თავის წოდებაში სიტყვა ანგლიკანური კათოლიკურით ჩაანაცვლა.

ფილიპესა და მერის ქორწინების შემდეგ, მათ საერთო წოდება უნდა ჰქონოდათ, რაც ასე გამოითქმოდა: „ფილიპე და მერი, ღვთის ნებით დასხმული მეფე და დედოფალი ინგლისისა, საფრანგეთისა, ნეაპოლისა, იერუსალიმისა და ირლანდიისა, კათოლიკური რწმენის დამცველნი, პრინცი და პრინცესა სრულიად ესპანეთისა და ორი სიცილიისა, ერცჰერცოგი და ერცჰერცოგინია ავსტრიისა, ჰერცოგი და ჰერცოგინია მილანისა, ბურგუნდიისა და ბრაბანტისა, გრაფი და გრაფინია ჰაბსბურგისა, ფლანდრიისა და ტიროლისა“. ამ წოდებას ისინი ატარებდნენ 1554 წლიდა 1556 წლამდე, მანამ სანამ კარლ V ტახტიდან გადადგებოდა, ამის შემდეგ კი მათი წოდება ასე ჟღერდა: „ფილიპე და მერი, ღვთის ნებით დასმული მეფე და დედოფალი ინგლისისა, სრულიად ესპანეთისა, საფრანგეთისა, ორივე სიცილიისა, ნეაპოლისა, სარდინიისა, იერუსალიმისა და ირლანდიისა, კათოლიკური რწმენის დამცველნი, ერცჰერცოგი და ერცჰერცოგინია ავსტრიისა, ჰერცოგი და ჰერცოგინია მილანისა, ბურგუნდიისა და ბრაბანტისა, მონარქნი ქვემო ქვეყნებისა, გრაფი და გრაფინია ჰაბსბურგისა, ფლანდრიისა და ტიროლისა“.

წინაპრები

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Calender of State Papers, Spain
  • Duffy, Eamon (2009). Fires of Faith: Catholic England Under Mary Tudor. New Haven, CT: Yale University Press. ISBN 0-300-15216-7.
  • Haigh, Christopher (1992). English Reformations: religion, politics and society under the Tudors. Oxford: Clarendon Press.
  • Hoyle, R. W. (2001). The Pilgrimage of Grace and the Politics of the 1530s. Oxford: Oxford University Press. ISBN 0-19-925906-2.
  • Loades, David M. (1989) Mary Tudor: A Life. Oxford: Basil Blackwell. ISBN 0-631-15453-1.
  • Paget, Gerald (1977). The Lineage & Ancestry of HRH Prince Charles, Prince of Wales. Edinburgh & London: Charles Skilton. OCLC 79311835.
  • Porter, Linda (2007) Mary Tudor: The First Queen. London: Little, Brown. ISBN 978-0-7499-0982-6.
  • Tittler, Robert (1991). The Reign of Mary I. Second edition. London & New York: Longman. ISBN 0-582-06107-5.
  • Waller, Maureen (2006). Sovereign Ladies: The Six Reigning Queens of England. New York: St. Martin's Press. ISBN 0-312-33801-5.
  • Weikel, Ann (2004; online edition 2008). "Mary I (1516–1558)" in Oxford Dictionary of National Biography (subscription or UK public library membership required). Oxford University Press. doi:10.1093/ref:odnb/18245.
  • Weir, Alison (1996). Britain's Royal Families: The Complete Genealogy. London: Pimlico. ISBN 0-7126-7448-9.
  • Whitelock, Anna (2009). Mary Tudor: England's First Queen. London: Bloomsbury. ISBN 978-0-7475-9018-7.
  • Doran, Susan and Thomas Freeman, eds. (2011). Mary Tudor: Old and New Perspectives. Palgrave MacMillan.
  • Erickson, Carolly (1978). Bloody Mary: The Life of Mary Tudor. Garden City, NY: Doubleday. ISBN 0-385-11663-2.
  • Loades, David M. (1991). The Reign of Mary Tudor: Politics, Government and Religion in England, 1553–58. Second edition. London and New York: Longman. ISBN 0-582-05759-0.
  • Prescott, H. F. M. (1952). Mary Tudor: The Spanish Tudor. Second edition. London: Eyre & Spottiswoode.
  • Ridley, Jasper (2001). Bloody Mary's Martyrs: The Story of England's Terror. New York: Carroll & Graf. ISBN 0-7867-0854-9.
  • Waldman, Milton (1972). The Lady Mary: a biography of Mary Tudor, 1516–1558. London: Collins. ISBN 0-00-211486-0.
  • Wernham, R. B. (1966). Before the Armada: the growth of English foreign policy, 1485-1588. London: Jonathan Cape.
მერი I (ინგლისი)
დაიბადა: 18 თებერვალი 1516 გარდაიცვალა: 17 ნოემბერი 1558
წინამორბედი:
ლედი ჯეინ გრეი
ინგლისისა და ირლანდიის დედოფალი
1553-1558
შემდეგი:
ელისაბედ I
წინამორბედი:
ისაბელ პორტუგალიელი
ნეაპოლის დედოფალი და მილანის ჰერცოგინია
1554-1558
შემდეგი:
ელიზაბეტ ვალუა
წინამორბედი:
ისაბელ პორტუგალიელი
ესპანეთის, სიცილიისა და სარდინიის დედოფალი, ბურგუნდიის ჰერცოგინია და ჩვიდმეტი პროვინციის მონარქი
1556-1558
შემდეგი:
ელიზაბეტ ვალუა