მარგარიტა დე ვალუა

მარგარიტა დე ვალუა (ფრანგ. Marguerite de Valois, ბასკ. Margarita Valoiskoa; აგრეთვე ცნობილი როგორც დედოფალი მარგო დ. 14 მაისი, 1553 — გ. 27 მარტი, 1615) — ვალუას დინასტიის წარმომადგენელი. ნავარის, შემდგომში კი საფრანგეთის დედოფალიც.

მარგარიტა დე ვალუა
Marguerite de Valois
ნავარის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 18 აგვისტო 1572
მმართ. დასასრული: 17 დეკემბერი 1599
წინამორბედი: მარგარიტა ანჟულიმელი
მემკვიდრე: მარია მედიჩი
საფრანგეთის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 2 აგვისტო 1589
მმართ. დასასრული: 17 დეკემბერი 1599
წინამორბედი: ლუიზა დე ლორენ-ვედემონი
მემკვიდრე: მარია მედიჩი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 14 მაისი 1553
დაბ. ადგილი: პარიზი, საფრანგეთი
გარდ. თარიღი: 27 მარტი 1615 (61 წლის)
გარდ. ადგილი: პარიზი, საფრანგეთი
მეუღლე: ანრი IV ბურბონი
დინასტია: ვალუები
მამა: ანრი II ვალუა
დედა: ეკატერინე მედიჩი
რელიგია: კათოლიციზმი
ხელმოწერა:

საფრანგეთის მეფე ანრი II-ისა და მისი ცოლის, დედოფალ ეკატერინე მედიჩის მეშვიდე შვილი. საფრანგეთის სამი მეფის: ფრანსუა II-ის, შარლ IX-ისა და ანრი III-ის უმცროსი და. 1572 წელს მიათხოვეს ნავარის მეფე ანრი III-ს. ქორწინებიდან რამდენიმე დღეში მარგარიტას დედამ რელიგიური კონფლიქტების ჩახშობის მიზნით მოაწყო ე.წ. წმინდა ბართლომეს ღამე, რასაც ათასობით ჰუგენოტის სიცოცხლე შეეწირა, მარგარიტა და მისი ქმარი კი ტყვედ აიყვანეს და ორი წლის შემდეგ ძლივს შეძლეს ნავარაში გაქცევა.

ანრისა და მარგარიტას ქორწინება არასოდეს ყოფილა ნამდვილი. ისინი წლების მანძილზე სრულიად დაუფარავად ღალატობდნენ ერთმანეთს და ამაზე არცერთს არ ჰქონია პრეტენზია. 1585 წლიდან დაიწყო ომი საფრანგეთის ტახტისათვის, რომელშიც მარგარიტამ ნეიტრალური მდგომარეობა შეინარჩუნა, იგი ქმრისა და ძმისგან მოშორებით, ოვერნში გადასახლდა და რამდენიმე წელი იქ ცხოვრობდა. 1589 წელს მისი ძმა ანრი III მოკლეს და საფრანგეთის მეფე მარგარიტას ქმარი ანრი IV გახდა.

მათი ქორწინება კარგად მიდიოდა, მანამ სანამ ანრის საყვარელთან შვილი არ გაუჩნდა. იგი მიხვდა, რომ სურდა კანონიერი მემკვიდრე, რის გამოც 1599 წელს გასცილდა უნაყოფო მარგარიტას და ცოლად შეირთო მარია მედიჩი, რომელთანაც უამრავი შვილი შეეძინა. მარგარიტა დაესწრო მარია მედიჩის დედოფლად კურთხევას, რის შემდეგაც რამდენიმე დღეში ანრი IV მოკლეს და ტახტზე მისი ვაჟი ლუი XIII ავიდა.

მარგარიტა ძალიან განათლებული და დახვეწილი ქალი იყო. მან დიდი როლი ითამაშა საფრანგეთის სამეფო კარის კულტურული ცხოვრების დახვეწასა და განვითარებაში. მას უყვარდა ძველი ბერძნული ფილოსოფია და თავადაც იზიარებდა მას. საფრანგეთში პატიმრობისას მან დაწერა და გამოაქვეყნა თავისი მემუარები. იგი მართლაც ერთ-ერთი ყველაზე მოდური ქალი იყო ევროპის ისტორიაში, რომელმაც დაამკვიდრა ჩაცმის ახალი სტილი.

იგი თავისი ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ადამიანია. ქალი რომლის გამოც ვალუას დინასტია ბურბონებმა შეცვალეს. სწორედ ისაა ვალუას დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი. მასზე უამრავი ლეგენდა და ნაწარმოებია შეთხზული. სწორედ მარგარიტას ცხოვრების უმნიშვნელოვანეს პერიოდს მიუძღვნა ალექსანდრე დიუმამ თავისი უკვდავი ნაწარმოები დედოფალი მარგო (La Reine Margot).

ბიოგრაფია

რედაქტირება

საფრანგეთის პრინცესა

რედაქტირება

ბავშვობის წლები და განათლება

რედაქტირება
 
დედოფალი ეკატერინე მედიჩი თავის შვილებთან - შარლ IX-თან, ანრისთან, ფრანსუასთან და მარგარიტასთან - ერთად, 1561 წელი

მარგარიტა ვალუა დაიბადა 1553 წლის 14 მაისს შატო დე სენ-ჟერმენ-ან-ლაიში. იგი იყო საფრანგეთის მეფე ანრი II-ისა და მისი ცოლის, დედოფალ ეკატერინე მედიჩის მეშვიდე შვილი და მესამე ქალიშვილი. მისი სამი ძმა - ფრანსუა II, შარლ IX და ანრი III საფრანგეთის მეფეები გახდნენ, ხოლო მისი უფროსი და, პრინცესა ელიზაბეტ ვალუა შემდგომში ესპანეთის დედოფალი გახდა.

მან თავისი ბავშვობა შატო დე სენ-ჟერმენ-ან-ლაიში გაატარა თავის უფროს დებთან, პრინცესა ელიზაბეტთან და პრინცესა კლაუდიასთან ერთად. ასევე მათთან ერთად იზრდებოდა მათი უფროსი ძმის, ფრანსუას საცოლე, შოტლანდიის დედოფალი მერი სტიუარტი. პატარა პრინცესების აღზრდაზე ზრუნავდა გრაფინია შარლოტ დე ვიენი, რომელიც დახასიათებულია როგორც „ბრძენი და სათნო კათოლიკე ქალბატონი“. 1559 წლის იანვარში მარგარიტას და, პრინცესა კლაუდია ლოთარინგიის ჰერცოგ შარლ III-ს მიათხოვეს, ხოლო ამავე წლის ივნისში პრინცესა ელიზაბეტი მიათხოვეს ესპანეთის მეფე ფილიპე II-ს. ფილიპესა და ელიზაბეტის ქორწილში დაიღუპა მარგარიტას მამა, მეფე ანრი II. ამის შემდეგ ტახტზე ადის მარგარიტას ძმა ფრანსუა II. ვინადან მისი დები უკვე საფრანგეთში აღარ ცხოვრობდნენ, მარგარიტა შატო დე ამბუაზში გადაიყვანეს და თავის ძმებთან ერთად იზრდებოდა. 1560 წელს ფრანსუა II გარდაიცვალა, რის გამოც მეფე მარგარიტას კიდევ ერთი ძმა, შარლ IX გახდა, მისი მცირეწლოვანების გამო კი რეგენტად ეკატერინე მედიჩი დაინიშნა. აქედან მოყოლებული შარლი თავის დას განსაკუთრებით დაუახლოვდა. სწორედ ამ დროს შეარქვა შარლმა მას მეტსახელად მარგო.

სამეფო კარზე პრინცესა მარგარიტა სწავლობდა გრამატიკას, კლასიკურ ლიტერატურას, ისტორიასა და ლექსების წერას. ამასთან გარდა მშობლიური ფრანგულისა, მარგარიტამ იცოდა ბერძნული, იტალიური, ესპანური, ლათინური და პორტუგალიური. მან ასევე ბრწყინვალედ იცოდა პროზა, პოეზია, ცხენოსნობა და ცეკვა. აღსანიშნავია, რომ მარგარიტასთან აუდიენციისას, ვენეციის ელჩი გააოცა მისმა მჭერმეტყველებამ და შორსმჭვრეტელობამ, რის გამოც მან ასეთი რამ განაცხადა:

 
„ვინც ნახა საფრანგეთის სამეფო კარი და არ უნახავს მარგარიტა ვალუა, მას არც საფრანგეთი უნახავს და არც სამეფო კარი.“

1564-66 წლებში სამეფო ოჯახთან ერთად მონაწილეობა მიიღო საფრანგეთის გარშემო მოგზაურობაში. ამ პერიოდში საფრანგეთში საშინელი რელიგიური ომები მიმდინარეობდა კათოლიკეებსა და ჰუგენოტებს შორის. სწორედ ამიტომ 1560 წლიდან ეკატერინე მედიჩის მოწოდებით დაიწყო მოლაპარაკება მარგარიტასა და პორტუგალიის მეფე სებასტიან I-ის ქორწინებასთან დაკავშირებით, რომელიც უშედეგოდ დასრულდა.

ქორწინება

რედაქტირება

საქორწინო მოლაპარაკებები

რედაქტირება
 
პრინცესა მარგარიტა 1560 წელს, შესრულებულია ფრანსუა კოლუეტის მიერ

1565 წელს სამხრეთ საფრანგეთში მოგზაურობისას სამეფო ოჯახი შეხვდა წლების უნახავ ელიზაბეტ ვალუას მის მეუღლესთან, ფილიპე II-თან ერთად. მათ თან ახლდათ ჰერცოგი ალბათ. ფრანგებმა და ესპანელებმა განიხილეს ფრანკო-ესპანური ალიანსის კიდევ უფრო გაძლიერების შესაძლებლობა. მათ წამოჭრეს მარგარიტასა და ფილიპეს ვაჟის (რომელიც პირველ ცოლთან ჰყავდა), ასტურიის პრინც დონ კარლოსის ქორწინების საკითხი. თუმცა ესპანელებმა ამ წინადადებაზე უარი განაცხადეს. ამის შემდეგ ეკატერინემ დაიწყო საღვთო რომის იმპერატორ მაქსიმილიან II-ის ვაჟის, ავსტრიის ერცჰერცოგ რუდოლფისა და მარგარიტას ქორწინებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები, მაგრამ ესეც კრახით დასრულდა.

თინეიჯერობის ასაკში მარგარიტა და მისი ძმა, ანჟუს ჰერცოგი ანრი ძალიან ახლო მეგობრები იყვნენ. 1568 წელს, ანრიმ დატოვა სამეფო კარი და სამეფო არმიაში გაწევრიანდა, თავის საყვარელ 15 წლის დას კი დედამისთან მისი ინტერესების დაცვა დაავალა. ამასთან დაკავშირებით მარგარიტა წერდა:

 
„მისი სიტყვების შემდეგ, ჩემში ისეთი რეზოლუციისა და უფლებამოსილების გრძნობა გამეფდა, როგორიც არც კი მეგონა თუ გამაჩნდა. ბუნებრივად გავხდი გაბედული, და გავოცდი, როდესაც აღმოვაჩინე, თუ რამდენად შეცვლილი პიროვნება ვიყავი. მისი თხოვნა სასიამოვნო იყო ჩემთვის, რამაც მომცა საშუალება აღმომეჩინა, რომ უფრო შედეგიანი ვიყავი, ვიდრე ოდესმე მიფიქრია.“

1568 წელს გარდაიცვალა ესპანეთის დედოფალი, მარგარიტას და ელიზაბეტ ვალუა. ამით ფაქტობრივად გაწყდა ფრანკო-ესპანური ალიანსი, რაც რელიგიური ომების ქარ-ცეცხლში გახვეული საფრანგეთისთვის ნამდვილი კატასტროფა იყო. ამიტომ ეკატერინემ მალევე დაიწყო თავისი შვილების, განსაკუთრებით კი 15 წლის მარგარიტას დაოჯახებაზე ფიქრი.

სწორედ ამ პერიოდში გამჟღავნდა მარგარიტას და სამეფო ოჯახის უდიდესი მტრის, ანრი დე გიზის სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ. როგორც ბევრი ისტორიკოსი თვლის მათ რომანი ჰქონდათ, თუმცა ამის დამამტკიცებელი საბუთი არ არსებობს. ეკატერინე მედიჩის მისი ქალიშვილის და გიზის რომანის შესახებ ამბავი მიუტანეს. გაცეცხლებულმა ეკატერინემ კი ეს ყველაფერი შარლ IX-ს უამბო. ამით გამწარებული შარლი და ეკატერინე შუაღამისას შევიდნენ მარგარიტას საძინებელში, საწოლიდან გადმოათრიეს, სცემეს, საღამური შემოახიეს და თმით ათრიეს, ხოლო ანრი დე გიზი სამეფო კარიდან გააძევეს.

ამ საშინელმა ინცინდენტმა მარგარიტასა და მის ძმას შორის დიდი სიძულვილი ჩამოაგდო. მარგარიტას, რომელსაც აქამდეც არ უყვარდა დედა, ამის შემდეგ სამუდამოდ შესზიზღდა იგი.

ქორწინება ანრი ნავარელზე

რედაქტირება
 
ანრი III ნავარელი და მარგარიტა ვალუა

1570 წელს ეკატერინე მედიჩიმ შარლ IX დააქორწინა საღვთო რომის იმპერატორ მაქსიმილიან II-ის ასულ ელიზაბეთ ავსტრიელზე. ამ ქორწინების ჩავლისთანავე ეკატერინემ დაიწყო მარგარიტასა და ნავარის ახალგაზრდა მეფე ანრი III-ს შორის საქორწინო მოლაპარაკებები. ანრი წარმოშობით ფრანგი ჰუგენოტი და ჰუგენოტების მთავარი ლიდერი იყო. გარდა ამისა იგი იყო ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი, რითაც იგი ვალუების ყველაზე ახლო ნათესავი და ტახტის მემკვიდრე იყო. ამასთან იგი მარგარიტას ნათესავიც იყო, ვინაიდან ანრის ბებია - მარგარიტა ანჟულიმელი და მარგარიტას ბაბუა ფრანსუა I ღვიძლი და-ძმა იყვნენ. ასე, რომ ამ ქორწინებით უნდა მოგვარებულიყო საფრანგეთში კათოლიკეებსა და ჰუგენოტებს არსებული დაპირისპირება.

1572 წლის 11 აპრილს მარგარიტა ვალუა და ანრი ნავარელი დაინიშნნენ. ერთ-ერთ წერილში ანრის დედა, ნავარის დედა-დედოფალი ჟანა დ'ალბრე მარგარიტაზე წერდა:

 
„მან ჩემზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინა, რაც ჩამოაყალიბა მისმა დამატყვევებელმა სილამაზემ, თავისუფალმა ხასიათმა და საოცარმა განათლებულობამ.“

თუმცა ვითარება მალევე შეიცვალა. პარიზში ჩასული ჟანა ეკატერინემ ხელთათმანებით მოწამლა, თუმცა ანრიმ ქორწილზე უარი მაინც არ თქვა.

1572 წლის 18 აგვისტოს ნოტრ-დამის საკათედრო ტაძარში 19 წლის მარგარიტა და ანრი დაქორწინდნენ. ამ ქორწინებას წესით ჰუგენოტები და კათოლიკეები უნდა შეერიგებინა, მაგრამ ასე არ მოხდა. ამასთან ეს ქორწინება რომის პაპმა გრიგოლ XIII-მ უკანონოდ სცნო. აგრეთვე საინტერესო ფაქტი მოხდა ჯვრისწერისას. ჰუგენოტმა ანრი ნავარელმა კატეგორიული უარი განაცხადა კათოლიკურ ტაძარში ჯვრისწერაზე, რის გამოც იგი ტაძრის გარეთ დარჩა, საკურთხეველთან კი იგი მარგარიტას ძმამ, ნავარელის სეხნია ანრი დე ვალუამ, ანჟუს ჰერცოგმა შეცვალა.

მეთექვსმეტე საუკუნის ერთ-ერთი ფრანგი მწერლის გადმოცემის მიხედვით საქორწინო ცერემონიალზე როცა მარგარიტას ჰკითხეს თანახმა იყო თუ არა ცოლად ანრის გაჰყოლოდა იგი დიდი ხნის მანძილზე დუმდა, მას მღვდელმა კითხვა რამდენჯერმე გაუმეორა რის შემდეგაც განრისხებულმა შარლ IX-მ ზურგიდან ხელი ჰკრა მარგარიტას, რის შემდეგაც ძალიან დაბალი ხმით განაცხადა თანხმობა. თავად მარგარიტა, ქორწილის დღეზე თავის მემუარებში ასეთ რამეს წერდა:

 
„მე სამეფო ეტიკეტის ყველა წესის დაცვით წესრიგში ვიყავი. მე მქონდა გვირგვინი, სამეფო ბეჭედი, სამეფო გერბი და ბრილიანტებით მოოჭვილი სკიპტრა. ჩემი ოთახის კარის გარშემო ლურჯი ლენტი იყო შემოვლებული, რაც მხოლოდ სამი პრინცესის (იგულისხმება თავად მარგარიტა და მისი დები, ელიზაბეტი და კლაუდია) პრივილეგია იყო. ოთახის შემოსასვლელთან პლატფორმა იყო, რომელიც ჩემს წოდებრივ სიმაღლეზე მიუთითებდა. უზარმაზარი ოქროს კაბა მემოსა. ქვემოთ უამრავი ხალხი იყო შეკრებილი, რომელთაც უკვე დაევიწყებინათ მტრობა და თბილად გვესალმებოდნენ. ჩვენ კარდინალ დე ბურბონის წინამძღოლობით მივადექით ეკლესიის კარიბჭეს, რომელიც ამ დღისთვის სადღესასწაულოდ იყო მორთული. ამის შემდეგ, ჯვრისწერისთვის საკურთხეველთან ტრიბუნა დადგეს, გვერდით კი მგალობელთა ორი გუნდი იყო, აქედან ერთი წამყვანი, მეორე კი ტაძრის შემოსასვლელში გალობდა. ნავარის მეფე უკანასკნელი შემოვიდა და პირველი გავიდა ტაძრიდან.“

წმინდა ბართლომეს ღამე

რედაქტირება
 
სამეფო ოჯახი ათვალიერებს წმინდა ბართლომეს ღამეს დაღუპულთა გვამებს

ქორწილიდან ექვსი დღის შემდეგ, კათოლიკეებმა ისარგებლეს ქორწილზე ჩამოსული უამრავი ჰუგენოტის პარიზში ყოფნით და 24 აგვისტოს, ღამის ორ საათზე, წმინდა ბართლომეს ხსენების დღეს ანრი დე გიზისა და ეკატერინე მედიჩის მეთაურობით სასტიკად გაჟლიტეს ათი ათასობით ჰუგენოტი. ამ ღამით 10 000 ჰუგენოტი მოკლეს და როგორც თავად თქვა, ეკატერინემ მოწყალება გაიღო და მათ „საფლავი“ უბოძათ, ერთი დიდი ორმოს სახით. თუმცა ბართლომეს ღამე ამით არ დასრულდა. ამ ღამით დაწყებული ხოცვა ოქტომბრამდე გაგრძელდა და მთელ საფრანგეთს მოედო. კათოლიციზმის ერთგულებისა და დაცვისთვის პაპმა ეკატერინეს გამოსახულებიანი მონეტები მოაჭრევინა.

დღემდე მიიჩნევა, რომ ეკატერინემ თავისი ქალიშვილი ნავარის მეფეს მხოლოდ იმიტომ მიათხოვა, რომ პარიზში უამრავი ძლევამოსილი ჰუგენოტი შემოეტყუებინა. ეკატერინე მედიჩის საშინელი პოლიტიკის გამო 1562-1598 წლებში საფრანგეთში სისხლის მღვრელი რელიგიური ომები მძვინვარებდა. ამას მოჰყვა ფრანგების უკმაყოფილება ვალუას დინასტიისადმი და გიზებისა და ბურბონების მიერ ტახტისთვის ბრძოლის ატეხვა.

თავის მემუარებში მარგარიტა ვალუა იხსენებდა, რომ ბართლომეს ღამისას მან ერთი ჰუგენოტის სიცოცხლე იხსნა, რომელიც უეცრად შევარდა მის ოთახში და ნავარის დედოფალს გადარჩენას ევედრებოდა. სწორედ ეს მემუარი და ხოცვა გახდა შემდგომში ალექსანდრე დიუმას შთაგონების წყარო, რამაც მას თავისი უკვდავი რომანის დედოფალი მარგოს დაწერისკენ უბიძგა.

ბართლომეს ღამის აბმების ჩაცხრობის შემდეგ, ეკატერინემ მარგარიტას შესთავაზა, რომ ანრის მოაშორებდა, თუმცა მარგარიტამ მიუგო, რომ მასთან უკვე ჰქონდა სქესობრივი კავშირი და ყოველმხრივ მისი ცოლი იყო. მოგვიანებით იგი თავის მემუარებში წერდა:

 
„მე ეჭვი მაქვს, რომ მისი ჩემი და ჩემი მეუღლის განშორების მიზანი, ანრის თავიდან მოცილება და ჩემი მონასტერში გამომწყვდევა იყო...“

ცნობილია, რომ მარგარიტა ხოცვის დაწყებამდე მისმა დამ, ჰერცოგინია კლაუდია ვალუამ გააფრთხილა, რომელიც დის ქორწილში იყო ჩასული და შემთხვევით გაიგონა მოსალოდნელი ხოცვის შესახებ. სწორედ ამით მოახერხა ანრი ნავარელმა გადარჩენა.

ზოგიერთი ისტორიკოსი ირწმუნება, რომ მათ ოჯახში იყო ინცესტის შემთხვევები და მარგარიტას თავის ძმებთან რომანი ჰქონდა, თუმცა ამის დამადასტურებელი საბუთები და მხილველები არ არსებობს. ეს უბრალოდ ცილისწამებაა და გამონაგონია მკითხველის უფრო დასაინტერესებლად.

თავად მარგარიტას მემუარებიდან, ბართლომეს ღამის შესახებ შესახებ ბევრ რამეს ვიგებთ. იგი ასეთ რამეს წერდა:

 
დედოფალი მარგარიტა მკვლელებისგან იცავს ლა მოლს. ნახატი შექმნილია 1836 წელს, დიუმას ნაწარმოებზე დაყრდნობით
 
ბართლომეს ღამით აგონიაში ჩავარდნილ შარლ IX-ს ამშვიდებს მისი ცოლი, დედოფალი ელიზაბეთ ავსტრიელი და დედამისი, დედა-დედოფალი ეკატერინე მედიჩი
 
„ხოცვა-ჟლეტის შესახებ ჩემთვის არაფერი უთქვამთ, ეს მხოლოდ მაშინ შევიტყვე, როდესაც უკვე დაწყებული იყო მოქმედება. ადმირალ დე კოლინის მოკვლის გამო, ჰუგენოტები დიდად შეძრწუნებულნი იყვნენ, ბატონი დე გიზი კი შიშობდა, რომ თუ ყველას იგივეს არ გაუკეთებდა, მასვე შემოუბრუნდებოდა ცუდად. ჰუგენოტები მეც ეჭვის თვალით მიყურებდნენ, რადგან კათოლიკე ვიყავი, თუმცა კათოლიკეების მხრიდან ჰუგენოტებთან იმიტომ გადავედი, რომ მსურდა ნავარის მეფისათვის მემსახურა. ასე რომ, ჩემთვის არავის არაფერი უთქვამს, სანამ საღამოს დედა-დედოფალი (იგულისხმება ეკატერინე მედიჩი) არ ვნახე, რომელსაც გულში ჩემი და, ლოთარინგიის ჰერცოგინია (იგულისხმება კლაუდია ვალუა) ჰყავდა ჩახუტებული, რომელიც ამ ამბის გამო ძალიან შეწუხებული იყო. როგორც კი დედოფალმა შემნიშნა, დასაძინებლად წასვლა მიბრძანა და მეც დავემორჩილე. ამ დროს ჩემმა დამ მას ხელი გააშვებინა, მე გამომყვა და ტირილით მითხრა: „ჩვენს ღმერთს გაფიცებ, ჩემო დაო, იქ არ წახვიდე...

მისმა ნათქვამმა ძალიან შემაშინა. დედოფალმა, დედაჩემმა, ეს მალევე შენიშნა და ძალიან გაბრაზდა. მან ჩემს დას თავისთან დაუძახა და უთხრა, რომ ჩემთვის არაფერი ეთქვა. ჩემმა დამ მას უთხრა, რომ არ იყო საჭირო ასეთი მსხვერპლის გაღება, რომ თუ რამე არასწორად მოხდებოდა დავიღუპებოდი. დედა-დედოფალმა უპასუხა, რომ თუ ღმერთს ვუყვარდი, ამ უბედურებას ამაცილებდა. თუმცა, როგორც არ უნდა ყოფილიყო, მე უნდა წავსულიყავი, რადგან ისინი ეჭვობდნენ, რომ ვუსმენდი.

უეცრად დავინახე, რომ ისინი კამათობდნენ და ერთმანეთის სიტყვებს არ უსმენდნენ. დედოფალმა კიდევ ერთხელ მიბრძანა, რომ საწოლში ჩავწოლილიყავი. ჩემი და, ცრემლიანი თვალებით დამემშვიდობა და მშვიდობიანი ღამე მისურვა, თუმცა შეუძლებელია იმის აღწერა, თუ რაოდენ ძლიერად მეშინოდა მაშინ. მოულოდნელად, ჩემდა უნებურად დავიწყე ლოცვა, რათა ღვთისგან მფარველობა და შეწევნა მიმეღო, თუმცა არ ვიცოდი ვისგან, ან რისგან ვთხოვდი შველას. ამასთან, ჩემი მეუღლე, მეფე, უკვე დასაძინებლად იყო წასული და მითხრა, რომ მეც დამეძინა. როდესაც გადავწყვიტე დასაძინებლად წავსულიყავი, ჩემს ოთახში, საწოლის ირგვლივ ოცდაათი, ან ორმოცი ჰუგენოტი იდგა, რომელთაც არ ვიცნობდი. როგორც აღმოჩნდა, ისინი ჩემს მეუღლეს გამოეგზავნა ჩემს დასაცავად. ისინი მთელი ღამის განმავლობაში ადმირალ დე კოლინის ტრაგიკული სიკვდილის შესახებ საუბრობდნენ და გადაწყვიტეს მეფისთვის სამართლიანობის აღდგენა მოეთხოვათ, იმ შემთხვევაში კი თუ იგი ამას არ გააკეთებდა, თავად აღასრულებდნენ. ამ დროს ჩემს გულში ცრემლად ვიღვრებოდი და ვერ ვიძინებდი უბედურების მოლოდინში. მთელი ღამე ასე გავიდა, თვალის მოუხუჭავად. როდესაც გათენდა ჩემი ქმარიც გამოჩნდა, რომელსაც მეფე შარლთან წასვლა და სამართლიანობის მოთხოვნა სურდა. იგი ჩემს ოთახში ამ ამბის ჰუგენოტებთან სათქმელად შემოვიდა. როგორც იქნა, გადაიარა იმ ღამემ, რომელზეც ჩემი და მაფრთხილებდა. ამის შემდეგ ჩემმა სეფექალებმა კარი ჩაკეტეს და დაცვა გააყენეს, რათა მშვიდად ძილი შემძლებოდა.

ჩაძინებიდან ერთი საათის შემდეგ მამაკაცის განწირულმა ყვირილმა გამაღვიძა, რომელიც გაიძახოდა: „ნავარელი! ნავარელი!“. მე და ჩემმა ქალბატონებმა ვიფიქრეთ, რომ ასე ჯოჯოხეთურად მეფე ყვიროდა, თუმცა ეს უბრალოდ ლამაზი მამაკაცი იყო, სახელად ბატონი ლერანი, რომელიც ხოცვისას კათოლიკეებმა ისრებითა და ხმლით დაეჭრათ. იგი მოულოდნელად შემოვარდა ჩემს საძინებელში და პირდაპირ საწოლთან მოვარდა, თან კი ოთხი მშვილდოსანი შემოჰყვა. როგორც აღმოჩნდა, რომ მას ჩემს საწოლში ჩაწოლით უნდოდა თავის შველა. განწირული ლერანი მკლავებში ჩავიკარი და ბოლომდე ვიცავდი, თუმცა ვგრძნობდი, რომ გააფთრებული მშვილდოსნები არც მე დამინდობდნენ. მე არ ვიცნობდი ამ კაცს და არც ის ვიცოდი, დამნაშავე იყო თუ არა, თუმცა მისი მდევრები ერთობ გაცეცხლებულები იყვნენ. ჩვენ ორივემ ტირილი დავიწყეთ, თანაბრად შეშინებულებმა. ბოლოს და ბოლოს, სწორედ ამ დროს შემოვიდა ჩემი დაცვის უფროსი, ბატონი დე ნანსი, რომელმაც მშვილდოსნები ჩემი ოთახიდან გაყარა. ამის შემდეგ, დაჭრილის გადარჩენა განვიზრახე. მისი სამოსი მთლიანად სისხლში იყო ამოსვრილი და სუნთქვაც უჭირდა. ბატონმა დე ნანსმა მითხრა, რომ გავიდოდა და დარწმუნდებოდა, რომ ჩემი ქმარი, მეფე თავის ოთახში იყო და ჩემთან არ მოვიდოდა. ამის შემდეგ ბატონი ლერანი საკუთარ პერანგში გავახვიე და ჩემი დის, ლოთარინგიის ჰერცოგინიასთან წავიყვანე, რა დროსაც იგი მკვდარი უფრო იყო, ვიდრე ცოცხალი. პატარა ოთახში შევედი, სადაც ჩემს დას ეძინა და გავაღვიძე. იგი ერთდროულად შეშფოთდა და გამიწყრა კიდევაც, თუმცა ლერანის დაბინავებასა და გამოჯანმთრელებაში მაინც დამეხმარა...“

ნავარის დედოფალი

რედაქტირება

ტყვეობის წლები და შეთქმულებების ქსელი

რედაქტირება
 
ნავარის დედოფალი მარგარიტა ვალუა 1572 წელს

წმინდა ბართლომეს ღამემ დამღუპველად იმოქმედა შარლ IX-ის ფსიქიკაზე, რომლის ჯანმრთელობაც დღითიდღე უარესდებოდა. 1573 წელს შარლის ძმა და ამავდროულად მისი მემკვიდრე, ანრი დე ვალუა პოლონეთისა და ლიტვის მეფედ აირჩიეს, რის გამოც ტახტთან ყველაზე ახლოს მარგარიტას უმცროსი ძმა, ფრანსუა დე ვალუა იყო. ანრიმ როგორც კათოლიკობის დამცველმა პოლონეთში პროტესტანტების მიმართ ხისტი პოლიტიკის გატარება დაიწყო. ამრიგად რადგან ანრი უკვე ძალიან შორს იყო საფრანგეთიდან, ტახტის მემკვიდრედ ფრანსუა სცნეს. თუმცა ფრანსუა მალე ჰუგენოტებს გაურიგდათ მეფე შარლის წინააღმდეგ. იგი იმდენად სულსწრაფი იყო, რომ ვერ ითმენდა და რაც შეიძლება მალე სურდა გვირგვინის დადგმა.

მარგარიტამ თავდაპირველად თავის ქმარს მოუწოდა თავი აერიდებინა შეთქმულებაში მონაწილეობისგან, მაგრამ მალე თავადაც ჩაება ძმის წინააღმდეგ ინტრიგების ხლართვაში. მარგარიტას ჩართვის მიზეზი ძალიან მარტივია, მას მისი ძმა და ჰუგენოტები ნავარის ტახტის დაბრუნებასა და ნამდვილ, გვირგვინოსან დედოფლად გადაქცევას დაჰპირდნენ.

1574 წლის აპრილში შეთქმულება გამოააშკარავეს. ცხადია სამეფო ოჯახის წევრები მარტივად გამოძვრნენ და შარლმა ერთ-ერთი ჰუგენოტი და მარგარიტას საყვარელი ჟოზეფ ბონიფაც დე ლა მოლი დასაჯეს სიკვდილით. მისი თავის მოკვეთის შემდეგ შარლი ისე განაგრძობდა და-ძმასთან და სიძესთან ურთიერთობას თითქოს არაფერი მომხდარიყო. მარგარიტამ თავის ქმარს წერილი მისწერა, სადაც ატყობინებდა, რომ იგი ანრი დე ბურბონის მხარდამჭერი იყო. იგი თავის მემუარებში წერდა:

 
„ჩემს ქმარს, რომელსაც სურდა ჩემი დახმარება და ტყვეობიდან დახსნა, ეს არ გამოუვიდა, რადგან მას არ ჰყავს დამხმარენი. ღვთის შეწევნით ამას მე გავაკეთებ დიდი კმაყოფილებით და სიურპრიზს მოვუწყობ ჩემს ნათესავებს, რათა გაიგონ ვისთან აქვთ საქმე !“

1574 წლის 30 მაისს შარლ IX უძეოდ გარდაიცვალა. მეფე მისი ძმა ანრი III ვალუა გახდა, რომელიც ამავდროულად პოლონეთ-ლიტვის მეფე იყო, რის გამოც ქვეყნის მართვის სადავეები კვლავ ეკატერინე მედიჩიმ ჩაიგდო ხელში. ახალი მეფე მთლიანად დედამისის განსახიერება იყო, რომელიც მარგარიტასთვის მეფის ღალატის პატიებას არ აპირებდა.

ანრი ნავარელსა და მარგარიტას შორის ურთიერთობა გაუარესდა. ვინაიდან მარგარიტა მთელი ამ წლების მაძილზე არ დაორსულებულა და იყო საშიშროება, რომ მემკვიდრე საერთოდ არ გაჩნდებოდა. თუმცა სწორედ ამ დროს ანრის შეუყვარდა თავისი სიდედრის, დედა-დედოფალ ეკატერინე მედიჩის ფრეილინა შარლოტ დე სოვი. იგი ერთ-ერთი იყო ეკატერინეს ჯაშუშთაგან, რომლებიც მამაკაცებს საწოლში ჩათრევით სასურველ ინფორმაციას სძალავდნენ. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ შარლოტის გამო ანრისა და ფრანსუას შორის დიდი განხეთქილება ჩამოვარდა.

 
მარგარიტას უმცროსი ძმა, ალანსონის ჰერცოგი ფრანსუა დე ვალუა 1576 წელს

შეიძლება ითქვას, რომ შარლოტმა კი არ დააშორა, არამედ უფრო გააერთიანა მარგარიტა და ანრი. ამის შემდეგ ისინი შეთანხმდნენ, რომ ეს მხოლოდ პოლიტიკური ქორწინება იყო და მოკავშირეები იყვნენ, თუმცა ორივეს შეეძლო მასთან გაეტარებინა დრო, ვისთანაც სურდა. ამის შემდეგ იწყება ანრი ნავარელის დაუსრულებელი რომანები. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ მარგარიტაც არ კარგავდა უქმად დროს. მან მალევე გაიჩინა საყვარლად ძალიან სიმპათიური ფრანგი დიდგვაროვანი ლუი დ'ამბუაზი, რომელიც შეუყვარდა კიდეც.

საბოლოოდ ანრი დე ბურბონი და ფრანსუა დე ვალუა 1575 წლის სექტემბერში ნავარაში გაიქცნენ. მაგრამ ანრიმ თავისი ცოლის, დედოფალ მარგარიტა ვალუას თან წაყვანა არ მოისურვა. მოგვიანებით მარგარიტამ ლუვრში დატოვებული ქმრის წერილი იპოვნა, სადაც ამის გამო ბოდიშს უხდიდა. ამასთან დაკავშირებით მარგარიტა თავის მემუარებში წერდა:

 
„გარდა ამისა, ჩემი მშობლიური ტყვეობისას მე მქონდა საიდუმლო სიამოვნება, მე მქონდა უამრავი წიგნი და გამუდმებით ვკითხულობდი... ჩემი ტყვეობა და პატიმრობა, მხოლოდ იმით იყო კარგი, რომ სწავლას დავუდე გული და ძალიან შევიყვარე. კარგად გავიაზრე საკუთარი მისია, უნდა ვიყო ერთგული დედოფალი, თუმცა ამას თან ახლავს თავისი ბრწყინვალე უპირატესობები, რომლებსაც აქამდე რატომღაც ვერ ვამჩნევდი.“

ალანსონის ჰერცოგი ჰუგენოტებთან გაერთიანდა და მათთან ერთად რელიგიური ომები განაახლა. მან თავის დედასა და ძმას უარი განუცხადათ მოლაპარაკებაზე, მანამ სანამ მარგარიტა ტყვეობაში ჰყავდათ. ამის შემდეგ მათ დადეს ბლუას ედიქტი, რომლითაც გარკვეულწილად უფლებები გაეზარდათ ჰუგენოტებსაც და მარგარიტასაც. უნდა აღინიშნოს, რომ მარგარიტაზე ძალიან იმოქმედა მისი უფროსი დის, ლოთარინგიის ჰერცოგინია კლაუდია დე ვალუას ტრაგიკულმა გარდაცვალებამ 1575 წელს, ახალგაზრდა ასაკში, რომელიც მათი უფროსი დის, ესპანეთის დედოფალ ელიზაბეტ დე ვალუას მსგავსად მშობიარობას გადაჰყვა.

ანრი ნავარელი კვლავ ჰუგენოტი გახდა და ნავარაში დაბრუნდა. მას შემდეგ რაც ანრიმ ნავარის ტახტი დაიბრუნა ფრანგებს მისი ცოლის განთავისუფლება მოსთხოვა. თუმცა ეკატერინე მედიჩიმ და ანრი III-მ მის განთავისუფლებაზე უარი განაცხადეს, იმის შიშით, რომ ჰუგენოტები მას გამოიყენებდნენ და ფრანგებს დათმობაზე წასვლა მოუწევდათ. თუმცა ეკატერინემ დაარწმუნა ანრი ნავარელი, რომ იგი კათოლიციზმზე კვლავ მოქცეულიყო და მხოლოდ ამის შემდეგ გაატანდა ქალიშვილს. თუმცა ეკატერინემ ეს მხოლოდ იმიტომ გააკეთა, რომ ანრი პარიზში ჩაეტყუებინა, სადაც მისი მოკვლა სცადა.

დიპლომატიური მისია ფლანდრიაში

რედაქტირება
 
ნავარის დედოფალი მარგარიტა ვალუა

1577 წელს მარგარიტა მის გაქცეულ ძმასთან, ალანსონის ჰერცოგთან გააგზავნეს ფლანდრიაში. ფლანდრია კათოლიკური ესპანეთის ფარგლებში შემავალი პროვინცია იყო, რომელიც 1576 წლიდან ესპანელებს აუჯანყდა და საფრანგეთის პრინცს, ფრანსუა დე ვალუას ფლანდრიაში გამეფება შესთავაზეს, იმ შემთხვევაში თუ იგი მათ ესპანელებისგან გაანთავისუფლებდა. ანრი III-ს საერთოდ არ აწყობდა ქვეყნის ჩრდილოეთით კიდევ ერთი ახალი პროტესტანტული სახელმწიფო, მით უმეტეს თუ მის ტახტზე მისი მეამბოხე ძმა უნდა მჯდარიყო. სწორედ ამიტომ, ანრიმ მშვენივრად იცოდა, რომ ფრანსუასთვის მარგარიტას სიტყვას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და იგი მასთან დიპლომატიური მისიით მიავლინა.

ნავარის დედოფალი მარგარიტა ვალუა ორი თვის მანძილზე თერმული წყლებით სახელგანთქმულ ფლანდრიულ ქალაქ სპაში გაჩერდა, სადაც ბრწყინვალე დასვენება მოიწყო. მიუხედავად ამისა, მარგარიტა ფლანდრიელებისთვის მტერი და ბნელი რელიგიის მოციქული იყო, რის გამოც ისინი მას არც ისე თავაზიანად ეპყრობოდნენ. მიუხედავად ამისა მან კარგი დრო გაატარა იქ და ასევე ქალაქ ნემურში შეხვდა ესპანეთის მეფის ნახევარ-ძმას, დონ ხუან ავსტრიელს. მარგარიტა და ხუანი ძალიან მეგობრულად შეხვდნენ ერთმანეთს. ნავარის დედოფალი ფლანდრიაში ყოფნას ძალიან წელავდა, რადგან მისთვის საფრანგეთში დაბრუნება ძალიან სარისკო იყო, თუმცა ესპანელებთან და ფლანდრიელებთან ყოფნასაც ვერ იტანდა.

შეიძლება ითქვას, რომ პირველ ეტაპზე მარგარიტას სიტყვამ ფრანსუაზე ვერ გაჭრა, თუმცა მას შემდეგ, რაც ესპანეთის მეფის უძლეველმა არმიამ მიწასთან გაასწორა ფრანგული არმია, ფრანსუა მარგარიტას პარიზში გაჰყვა.

საფრანგეთის სამეფო კარზე დაბრუნებულ ფრანსუას დედამისი და მისი ძმა საშინლად ეპყრობოდნენ, რის გამოც მან კიდევ ერთი შეთქმულების მოწყობა განიზრახა. 1578 წელს შეთქმულების გამო დააპატიმრეს ალანსონის ჰერცოგი, მარგარიტა ვალუა და მისი საყვარელი ლუი დ'ამბუაზი. მარგარიტა და ფრანსუა უბრალოდ სასახლეში გამოკეტეს, ლუი კი ბასტილიის ციხეში გადაიყვანეს. დაპატიმრებიდან რამდენიმე დღეში ფრანსუამ გაქცევა მოახერხა თავისი დის ფანჯრიდან ჩამოშვებული თოკის წყალობით.

ნერაკის კარზე

რედაქტირება
 
დედოფალი მარგარიტა 1580 წელს, შესრულებულია კორნელ დე ლიონის მიერ (ზეთი ტილოზე), ინახება ორეგონის ხელოვნების მუზეუმში

ცოტა ხნის შემდეგ, მარგარიტამ უარყო თავისი მონაწილეობა ამ გაქცევის საქმეში, რის შემდეგაც, ბოლოს და ბოლოს მიიღო ნებართვა, რომ თავის ქმარს შეერთებოდა. ეკატერინეს იმედი ჰქონდა, რომ ამით დასრულდებოდა უნაყოფობის წლები და ვალუებს მამრობითი სქესის მემკვიდრე შეეძინებოდათ, ვინაიდან მისი უფროსი ძმა, ფრანსუა II უშვილოდ აღესრულა, შარლ IX-ს დედოფალ ელიზაბეთ ავსტრიელთან მხოლოდ ერთი გოგონა ჰყავდა, ანრი III-ს ცოლი, დედოფალი ლუიზა დე ლორენი უნაყოფობით იტანჯებოდა, ფრანსუა ალანსონელი ვერ ქორწინდებოდა. ამრიგად, ვალუას დინასტიის შეწყვეტის სერიოზული საფრთხე არსებობდა, რის აღმოფხვრასაც ეკატერინე მედიჩი ყოველნაირად ცდილობდა. ეკატერინემ თავისი სიძე ახალ სამეფო ქორწილზეც კი მიიპატიჟა და იმედი გამოთქვა, რომ იგი კარგი ქმარი იქნებოდა. დედა-დედოფალი და ანრი III იმედოვნებდნენ, რომ მარგარიტა შეძლებდა მათ შერიგებას სამხრეთ-დასავლეთში არსებულ ჰუგენოტ მეამბოხეებთან.

მარგარიტა პარიზში თავის ქმართან და თავის კანცლერთან, გამოჩენილ ჰუმანისტ, მაგისტრატსა და პოეტ გი დიუ ფორ დე პიბრაკთან ერთად დაბრუნდა. დიდი ძებნის შემდეგ, როგორც იქნა ფრანგებმა იპოვნეს ნავარის მეფე, თუმცა მისი დატყვევება აღარ შეეძლოთ. ეკატერინე და მისი სიძე ერთმანეთს ნერაკის კონფერენციაზე შეხვდნენ 1579 წელს. მიუხედავად ყველაფრისა, დედა-დედოფალმა სასწრაფოდ დატოვა ნერაკი და პარიზში გაბრუნდა.

მისი უკან გაბრუნების შემდეგ ნავარის მეფე-დედოფალი პოში გადავიდა, სადაც დედოფალ მარგარიტას უკრძალავდნენ კათოლიკური წესებით ღვთის მსახურებას. ამის შემდეგ, ისინი შატო დე ნერაკში დასახლდნენ, რომელიც ანრის დედის, დედოფალ ჟანა დ'ალბრეს საგვარეულოს მთავარი რეზიდენცია იყო, რომელიც საფრანგეთის რელიგიური ომების დროს ბეარნელებისათვის ძირითად დასაყრდენს წარმოადგენდა. როგორც აღმოჩნდა, აქ ყოფნა მარგარიტას ძალიან მოსწონდა, რაზეც თავის მემუარებში წერდა:

 
„ჩვენი რეზიდენცია, სადაც მე დროის უდიდეს ნაწილს ვატარებდი, იყო ნერაკი, რომელიც იმდენად ბრწყინვალე იყო, რომ ჩვენ ვერანარ განსხვავებას ვერ ვპოულობდით მასა და საფრანგეთის სამეფო კარს შორის. ჩვენთან ერთად აქ იმყოფებოდა ნავარის პრინცესაც (იგულისხმება კატრინ დე ბურბონი), ჩემი ქმრის და. მის გარდა იქ ჩემი რამდენიმე მხლებელი ქალბატონიც იყო. ჩემი ქმარი, მეფე, აქ უამრავ ლორდსა და დიდგვაროვანს იღებდა, რამაც ეს საოცარი ადგილი ნამდვილად ჰუგენოტების სამეფო კარად აქცია. ხანდახან დროს მდინარის ნაპირას, პარკში სეირნობით ვკლავდი, რომელიც უღრან ტყეს ესაზღვრებოდა და სამი ათასი იარდის იყო. დანარჩენ დღეებში უწყინარი გასართობებით ვკავდებოდით. შუადღისას, ან შებინდებისას კი ჩვენ ბურთით ვთამაშობდით.“
 
შატო დე ნერაკი

ამ პერიოდში დედოფალი მარგარიტა ნერაკში დახვეწილი სამეფო კარის შექმნაზე მუშაობდა. იგი მართლაც აყალიბებდა ნამდვილ ლიტერატურულ აკადემიას. მის კარზე მოღვაწეობდნენ აგრიპა დ'ობინე და სალუსტ მონტეგი, რომლებიც დედოფალს ხშირად უკითხავდნენ თავიანთ ნაწარმოებებს.

 
მარგარიტა ვალუა და მისი ძმა, ალანსონის ჰერცოგი ფრანსუა, უკანა ფონზე კი ჟაკ დე არლაი

ნერაკის სამეფო კარზე განვითარებულმა საოცარმა სათავგადასავლო მოვლენებმა დიდი გავლენა იმოქმედა უდიდეს ინგლისელ დრამატურგ უილიამ შექსპირზე, რომელმაც ამ ამბებთან დაკავშირებით ახალი პიესაც კი შექმნა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მარგარიტას რომანი ჰქონდა მისი ქმრის ერთ-ერთ ყველაზე გამოჩენილ თანამოაზრე ვიკომტ დე ტურენთან. თავის მხრივ, ანრი ნავარელიც აქტიურად ცდილობდა თავისი მეუღლის მომხიბვლელი სეფექალების საწოლში შეტყუებას. 1579 წელს რელიგიური ომები კვლავ განახლდა, რასაც შემდგომში „შეყვარებულთა ომი“ ეწოდა.

ზემოთ ხსენებული კონფლიქტის პროვოკაცია ნავარის მეფის გენერალმა, გიენის გუბერნატორმა მოახდინა. ამ კონფლიქტმა მარგარიტა და ანრი უფრო დაუახლოვა ერთმანეთს. ყოველივე ეს მხოლოდ ერთი წლის მანძილზე, 1580 წლამდე გრძელდებოდა. ამ დროს დედოფალმა თავისი ძმის, მედროვე ალანსონის ჰერცოგის მოლაპარაკებებში ჩართვით გადაჭრა პრობლემა. მთელი ეს ბრძოლები, 1580 წელს დაგვირგვინდა ფლეის ზავით.

ფრანსუა ალანსონელის ნერაკში ჩასვლიდან მალევე, მარგარიტას მისი ძმის მხლებელი, შამპვალონის მარკიზი ჟაკ დე არლაი შეუყვარდა. მათ მიერ ერთმანეთთან გაგზავნილი წერილებიდან ჩანს, რომ წყვილი ძალიან იყო ერთმანეთით გატაცებული. ეს იყო სიყვარული, რომელიც აერთიანებდა სულსა და ხორცს, რაც იმას ნიშნავდა, რომ მარგარიტას იგი წინამორბედთა მსგავსად მხოლოდ გარეგნული სილამაზის გამო კი არ იზიდავდა, არამედ მისი შინაგანი სამყაროც უყვარდა.

მოლაპარაკებების დასრულებისთანავე ალანსონი უკან გაბრუნდა და ჟაკიც, როგორც მისი მხლებელი უკან გაჰყვა, რამაც დედოფლის მდგომარეობა დაამძიმა. ამას დაერთო ისიც, რომ ადგილობრივი დიდებულის ასული, ფრანსუაზ დე მონმორანს-ფოსე, რომელიც მხოლოდ 14 წლის იყო, ანრი ნავარელთან რომანი ჰქონდა გაბმული და სულ მალე იგი დაფეხმძიმდა. მარგარიტამ ფრანსუაზს სასახლის დატოვება და სხვა შატოში გადასვლა მოსთხოვა, თუმცა მან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა და ნერაკში დარჩა, იმ იმედით, რომ ანრი მასზე დაქორწინდებოდა. ამასთან დაკავშირებით, მარგარიტა წერდა:

 
„იმ მომენტიდან მის (იგულისხმება ფრანსუაზი) წასვლამდე, რომელიც რამდენიმე თვეს გაიწელა, ჩემი ქმარი არც კი მელაპარაკებოდა... ჩვენ თითქოს ერთ ოთახში გვეძინა, თუმცა სხვადასხვა საწოლებში...“

საბოლოოდ, გათამამებულმა ფრანსუაზმა, რომელსაც იმედი ჰქონდა, რომ ვაჟის გაჩენის შემდეგ ანრი გასცილდებოდა ცოლს, მასზე იქორწინებდა და დედოფალი გახდებოდა, მკვდარი გოგონა გააჩინა და მისი გეგმებიც დაიმსხვრა. დედოფალი მარგარიტა ამ ფაქტზე თავის მემუარებში წერდა:

 
„რა სასიამოვნოა, როდესაც ღმერთმა შეისმინა ჩემი თხოვნა და მოკლა მისი ქალიშვილი, ჯერ კიდევ დაბადებამდე...“

სკანდალი პარიზში

რედაქტირება
 
ანრი III-ის ცოლის დის ქორწილი. მეფე ანრი III მარცხენა კუთხეში ზის ტახტზე, მის გვერდით დედა-დედოფალი ეკატერინე მედიჩი, დედოფალი ლუიზა დე ლორენ-ვედემონი, მათ უკან კი გიზის ჰერცოგი ანრი I და მისი ძმები

1582 წელს მარგარიტა პარიზში დაბრუნდა. მან ვერ შეძლო ქმრისთვის მემკვიდრის გაჩენა და ამით პოზიციის გაძლიერება. ნერაკის დატოვების მიზეზად იგი ამას ასახელებდა, თუმცა რეალური მიზეზი დღემდე ბუნდოვანია. ეჭვგარეშეა, რომ მას იქ არსებული მტრული ატმოსფეროდან გაქცევა უნდოდა, რათა თავის საყვარელ შამპავალონთან ყოფნა, ან ფრანსუა ალანსონელის მხარდაჭერა შესძლებოდა. უფრო მეტიც, ანრი III-მ და დედა-დედოფალმა ეკატერინე მედიჩიმ მას ლუვრის სამეფო კარზე დაბრუნება სთხოვეს. თავის მხრივ, მათ იმედი ჰქონდათ, რომ ამით ანრი ნავარელს მოიზიდავდნენ.

დედოფალი მარგარიტა თავიდან ძალიან კარგად მიიღო მისმა ძმამ, მეფე ანრი III-მ. მარგარიტა ქმართან აქტიურ მიმოწერას აწარმოებდა და ამავდროულად სამეფო კარის ცხოვრებაში ფეხის აწყობას ცდილობდა. მართალია მათ ანრი ნავარელი ლურში ჩასვლაზე ვერ დაითანხმეს, თუმცაღა დაარწმუნეს, რომ მისი საყვარელი ფრანსუაზი სამეფო კარიდან გაეძევებინა. 1582 წლიდან 1583 წლამდე ნავარის დედოფალმა შამპავალონთან რომანი განაახლა, რომელიც ამ დროს პარიზში დაბრუნდა.

იმავდროულად, მარგარიტასა და მის ძმას, მეფე ანრი III-ს შორის ურთიერთობა დაიძაბა. ყოველივე ეს იმან გამოიწვია, რომ ისედაც დაცემის გზაზე მდგარი ანრი კვლავ აღზევების ალტერნატიულ გზაზე ფიქრობდა, რა დროსაც მისმა ამ დროისათვის უკვე ერთადერთმა დამ მოახერხა და მის მოსისხლე მტრებთან — ჰერცოგ დე ეპერნონთან და ჰერცოგ დე ჟოიზესთან გააბა კავშირი. გარდა ამისა, მარგარიტამ თავისი საყვარელი ძმა, ალანსონი, რომელიც ამ დროს ჰოლანდიაში იბრძოდა, დაარწმუნა, რომ არაფრით დაჰყოლოდა ანრის სურვილს და ესპანეთისთვის ომი არ გამოეცხადებინა.

 
მეფე ანრი III

1583 წლის ივნისში მარგარიტა თავს ძლიერ შეუძლოდ გრძნობდა, რასაც მოჰყვა ჭორების ახალი ტალღა, იმის თაობაზე, რომ დედოფალი მისი საყვარლისგან იყო ფეხმძიმედ. ანრი III დიდად უკმაყოფილო იყო მისი რეპუტაციითა და ქცევებით, ამიტომაც მან საკუთარი და, რომელიც ამავდროულად მეზობელი ქვეყნის დედოფალიც იყო სამეფო კარიდან გააძევა. ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა, რამაც მთელი ევროპის სკანდალიზება გამოიწვია. დედოფლის გარემოცვამ ანრი III-ის ბრალდებების შეწყვეტა მოითხოვა, მეფემ კი თავის დას სამეფო კარის ქირურგი გაუგზავნა და იმ შემთხვევაში თუ მარგარიტა ორსულად იქნებოდა აბორტის გაკეთება უბრძანა, თუნდაც მისი სურვილის საწინააღმდეგოდ.

უფრო მეტიც, ამ დროს გავრცელდა ჭორები, რომ ნავარის მეფე უარს აცხადებდა ცოლის მიღებაზე. შემდგომში მან ამის მიზეზები განუმარტა ანრი III-ს, რომელმაც ყოველივე ეს მიიღო. ნავარის დედოფალი მთელი რვა თვის განმავლობაში რჩებოდა გაურკვეველ მდგომარეობაში და საფრანგეთ-ნავარის სამეფო კარებს შორის მოლაპარაკებების დასრულებას ელოდებოდა.

1584 წლის 13 აპრილს, ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ მარგარიტამ მიიღო ნავარაში დაბრუნებისა და დედოფლის პრივილეგიების აღდგენის უფლება, თუმცა იქ ჩასულს ყველა ცივად დახვდა. სიტუაცია სულ უფრო უარესდებოდა. 1584 წლის ივნისში, სრულიად მოულოდნელად გარდაიცვალა მარგარიტას საუკეთესო მეგობარი და ძმა, ფრანსუა ალანსონელი, თანაც ისე, რომ შვილები არ დარჩენია. იმ გარემოებაში, რომ მარგარიტას არცერთ ძმას შვილები არ ჰყავდა, საფრანგეთის ტახტის პირველ მემკვიდრედ ჰუგენოტი ანრი ნავარელი იქცა. მას ტახტი ორგვარად ეკუთვნოდა: როგორც მარგარიტას ქმარს და როგორც მეფე შარლ V-ის პირდაპირ შთამომავალს. ცხადია, ამ ყოველივეს დიდი პროტესტი მოჰყვა კათოლიკე ფრანგების მხრიდან. მარგარიტას მდგომარეობას ისიც ართულებდა, რომ 1585 წლიდან, ანრი ნავარელის საყვარელი დიანა დ'ანდუინი მეფეს დედოფალთან განქორწინებასა და მასზე შეუღლებას სთხოვდა, თუმცაღა ანრი მიხვდა, რომ მარგარიტასთან განქორწინებით საფრანგეთის ტახტსაც დაკარგავდა, ამიტომაც იგი დიანას დაშორდა.

აჯანყება და ოვერნში გადასახლება

რედაქტირება
 
დედოფალი მარგარიტა

1585 წელს ევროპელთათვის უპრეცედენტო რამ მოხდა: დედოფალმა მარგარიტამ თავისი სურვილით მიატოვა ქმარი. იგი აპროტესტებდა კათოლიკური ლიგის შექმნას, სადაც კათოლიკე ფრანგები გაერთიანდნენ, რომლებიც ჰუგენოტების კი არა, სამეფო ოჯახის წინააღმდეგ იბრძოდნენ. ეს ყოველივე მას შემდეგ დაიწყო, რაც ანრი III-მ თავის მემკვიდრედ თავისი სიძე, ნავარის ჰუგენოტი მეფე დაასახელა. იგი ხვდებოდა, რომ შესაძლო იყო სამომავლოდ საფრანგეთის სამეფო ტახტი დაეკარგა, ამიტომაც თავად დაიწყო მოქმედება. მარგარიტამ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა განიზრახა, სადაც მის ძმას დაამხობდა და მონასტერში გაგზავნიდა, ტახტზე კი ანრი ნავარელთან ერთად ავიდოდა. ამრიგად, ნავარის დედოფალმა დიდი ჯარების შეგროვება დაიწყო და ქალაქ აგენში შეიკეტა, სადაც რამდენიმე თვეს დარჩა და აჯანყებისთვის ემზადებოდა. სულ მალე მისი შეიარაღებული ძალები აგენის გარშემო მდებარე მეფის მომხრე ქალაქებს შეესივნენ.

თუმცა, დედოფლის პრეტენზიებით გადაღლილმა აგენის გაბრაზებულმა გუბერნატორმა ანრი III-ის მხარეს გადასვლა არჩია. ეკატერინე მედიჩიმ გადაწყვიტა მეამბოხე შვილის სათანადოდ დასჯა და სამეფო არმიით დაიძრა აგენისკენ, საიდანაც მარგარიტამ ძლივს მოასწრო გაქცევა. ნავარის დედოფალს ფრანგები უკან მიჰყვნენ, რის გამოც იგი იძულებული გახდა ობიაკის მიუვალი ციხესიმაგრისთვის შეეფარებინა თავი, რომლის მფლობელიც მისი ძველი საყვარელი იყო.

ერთი წლის შემდეგ, სამეფო ოჯახის მიერ გაწეული ალყისა და ბლოკადის გამო, მარგარიტას აღარ შეეძლო ობიაკში დარჩენა, რის გამოც ცოტა ხნით ჩრდილოეთ ოვერნში გადავიდა, რომელიც დედამისის, დედა-დედოფალ ეკატერინე მედიჩის სამფლობელოს წარმოადგენდა. სამეფო ჯარებმა აქ მას მარტივად შემოარტყეს ალყა. უკვე გადაღლილმა მარგარიტამ დანებება და ბედისათვის მინდობა გადაწყვიტა.

1586 წლის 13 ოქტომბერს მარგარიტა უზონის ციხესიმაგრეში, ოვერნში, მისი ძმის, ანრი III-ის ბრძანებით დააპატიმრეს. ეკატერინე მედიჩის სურვილის მიუხედავად, ანრიმ ის ობიაკში გამოკეტა. მარგარიტა სიკვდილით დასჯას ელოდა და დედამისს წერილიც კი გაუგზავნა, სადაც ეკითხებოდა, როდის მივიდოდა მასთან აღსასრული. დედა-დედოფალს, მიუხედავად იმისა, რომ ანრის გარდა გულზე არცერთი შვილი არ ეხატებოდა, მაინც ებრალებოდა მარგარიტა სიკვდილისთვის, ვინაიდან ამ დროს მისი ათი შვილიდან მხოლოდ ის და ანრიღა იყვნენ ცოცხლები. სწორედ ამიტომ, დედა-დედოფალმა მეფე მოატყუა, რომ ნავარის დედოფალი ორსულად იყო და მისი სიკვდილით დასჯა უნდა გადაედო.

მოულოდნელად, 1587 წელს, კათოლიკური ლიგის ერთ-ერთმა ლიდერმა, მარკიზ დე კალინაკმა ობიაკი აიღო და დედოფალი გაანთავისუფლა. საფრანგეთის სამეფო კარზე გავრცელდა ჭორები, რომ მარკიზმა დედოფალი შეურაცხჰყო, თუმცა დაზუსტებული არაა როგორ. უმეტესობის მოსაზრებით მან დედოფალს ფული შესთავაზა ღამის მასთან გატარების სანაცვლოდ, რაზეც საპასუხოდ მკაცრი სილა მიიღო, მაგრამ ეს მხოლოდ ჭორები იყო და ისტორიულ დონეზე დაზუსტებული არაა. ამ დროისათვის საფრანგეთის ტახტის მემკვიდრედ კვლავ ანრი ნავარელი რჩებოდა.

მიუხედავად განთავისუფლებისა, მარგარიტამ უზონის ციხეში გადაცხოვრება და იქ დარჩენა მოისურვა, სადაც ცხოვრების შემდგომი თვრამეტი წელი გაატარა. მისი უზონში ცხოვრების დროს, მის შესახებ უამრავი ლეგენდა გაჩნდა. სწორედ აქ ყოფნისას, 1589 წლის იანვარში ჯერ დედის, დედა-დედოფალ ეკატერინე მედიჩის, ხოლო ამავე წლის აგვისტოში უკვე ძმის, ანრი III-ის სიკვდილის შესახებ შეიტყო. ამრიგად, 1589 წელს მარგარიტამ თავისი ოჯახის უკანასკნელი წევრებიც დაკარგა, თუმცა ეს დიდად არ აღელვებდა, რადგან დედაც სძულდა და ძმაც. ამრიგად, მისი ნავარელი ქმარი საფრანგეთის მეფე ხდება ანრი IV-ის სახელით, მარგარიტა კი ერთდროულად საფრანგეთისა და ნავარის დედოფლად იქცა. მაგრამ, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ანრის საფრანგეთის კათოლიკური მოსახლეობა თავის მეფედ არ სცნობდა.

ამ პერიოდში, მარგარიტას საშუალება მიეცა ნერაკში დაბრუნებულიყო და თავისი ოცნება აესრულებინა, ანუ აქ შეექმნა ინტელექტუალების, მუსიკოსებისა და მწერლების სამეფო კარი. მან აღადგინა ნერაკის სასახლე და დიდი სამუშაო გასწია მისი რეკონსტრუქციისას. მისი ფინანსური მდგომარეობა მას შემდეგაც გაუმჯობესდა, რაც მისმა რძალმა, შარლ IX-ის ქვრივმა დედოფალმა ელიზაბეთ ავსტრიელმა, რომელთანაც ყოველთვის თბილი ურთიერთობა ჰქონდა, თავისი შემოსავლის ნახევარი აჩუქა.

1594 წელს, დედოფალმა მარგარიტამ წერილი მიიღო თავისი მეგობარ პიერ დე ბურდეილესგან, რომელიც ბრანტომის სახელითაა ცნობილი. ბრანტომმა შემდგომში მის ცხოვრებაზე წერა დაიწყო, სადაც უამრავი შეცდომა იყო გაპარული, რის გამოსასწორებლადაც მარგარიტამ საკუთარ ცხოვრებაზე თავად დაიწყო მემუარების წერას. იგი იყო პირველი ქალი, მთელი მსოფლიოს ისტორიაში, რომელმაც ეს გააკეთა. მოგვიანებით,მისი გარდაცვალების შემდეგ, 1628 წელს მისი მემუარები დაიბეჭდა და გაყიდვაშიც კი გაიშვა. დედოფალ მარგარიტას უზონში უამრავი მწერალი და საზოგადო მოღვაწე სტუმრობდა.

საფრანგეთის დედოფალი

რედაქტირება

ანრისთან შერიგება და განქორწინება

რედაქტირება
 
გაბრიელა დ'ესტრე

საფრანგეთის ტახტზე ასვლის შემდეგ, მარგარიტა ანრის დაუახლოვდა, თუმცა მასთან დაწოლაზე კვლავ უარს აცხადებდა. აღსანიშნავია, რომ ისეთ მექალთანე მეფეს, როგორც ანრი IV იყო, ფრანგ ქალბატონებში მაინც ცუდი რეპუტაცია ჰქონდა, როგორც მამაკაცს, რადგანაც მას ყოველთვის საშინელი ნივრისა და ცხვრის სუნი ასდიოდა და დიდად ბანაობაც არ მოსწონდა. მიუხედავად ამისა, ისევე როგორც ყველა მონარქს, ანრისაც მემკვიდრე სჭირდებოდა, რათა ბურბონთა დინასტია გაგრძელებულიყო. ვინაიდან დედოფალი უარს აცხადებდა ამაზე, სხვა ქალის ნახვა გახდა საჭირო, რის გამოც 1593 წელს ანრიმ მარგარიტას პირველად შესთავაზა განქორწინება. ამაზე დედოფლისგან მკაცრი უარი მიიღო, რადგან მარგარიტა თვლიდა, რომ საფრანგეთის ტახტი მხოლოდ მას ეკუთვნოდა. ამასთან ერთად, მარგარიტამ მშვენივრად იცოდა, რომ მეფეს თავისი ძალაუფლების განმტკიცებისთვის მემკვიდრე სჭირდებოდა, ამიტომაც იგი თავად ეხმარებოდა ანრის ახალი მეწყვილის პოვნაში.

მარგარიტა განსაკუთრებით მას შემდეგ დაუახლოვდა ანრის, რაც მან კათოლიკობა მიიღო. თუმცა, მიუხედავად ამისა, მარგარიტა საბოლოოდ მაინც დასთანხმდა. პაპისაგან ქორწინების ანულირების მისაღებად, მეფე-დედოფალმა მათ შორის შეუსაბამობის გამოსაკვეთად თამაში დაიწყეს და სამეფო კარის თვალწინ სპექტაკლებს დგავდნენ, ვითომდა ერთმანეთი სძულდათ. ამ დროს, დედოფლის ფინანსური მდგომარეობა კიდევ უფრო გაუმჯობესდა. ანრისა და მარგარიტას შორის ნამდვილი უთანხმოება უკვე 1595 წელს ჩამოვარდა, როდესაც მეფემ თავის საყვარელ გაბრიელა დ'ესტრეზე ქორწინება მოისურვა, რომელთანაც უკვე ჰყავდა უკანონო შვილები, მათ შორის ვაჟიც, სეზარი, რომელიც ვანდომის გრაფის წოდებას ფლობდა. მარგარიტასათვის მეტად შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა იმის წარმოდგენა, რომ იგი, როგორც დედოფალი უბრალო მარკიზის ასულს უნდა ჩაენაცვლებინა, რომელიც აქამდე მეფესთან იწვა. ამრიგად, დედოფალმა ამაზე შემდეგი რამ განაცხადა:

 
„ჩემთვის საეჭვოა, რომ ჩემი ადგილი ისეთმა ქალბატონმა უნდა დაიკავოს, რომელიც ასეთი დაბალი წარმომავლობისაა და ერთადერთ სათქმელად ის აქვს, რომ ახალი სიცოცხლის გაჩენა შეუძლია.“
 
ანრი IV-ისა და მარია მედიჩის ქორწინება

დედოფალმა ამ საქმის თავად მოგვარება გადაწყვიტა დედამისის მეთოდებით და მან ორსული გაბრიელა ფორთოხლით მოწამლა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იგი პირდაპირ არ მომკვდარა და მეტად ვერაგული შხამით იყო მოწამლული. ფეხმძიმე გაბრიელას, მოწამვლის შემდეგ, ეკლამპსია განუვითარდა, ანუ ნაყოფი და შიგნეულობა მუცელშივე გაეხრწნა და 1599 წელს ტრაგიკულად გარდაიცვალა. მარგარიტამ ამაზე კომენტარი არ გააკეთა, თუმცა მის სიკვდილში ბრალს ყველა დედოფალს სდებდა. ამავდროულად, 1599 წლის 24 ოქტომბერს, რომის პაპმა კლემენტ VIII-მ მათი ქორწინების ანულირება მოახდინა, რითაც მარგარიტა აღარც ნავარის და აღარც საფრანგეთის დედოფალი იყო. ამ ამბიდან სულ ერთ წელიწადში, ასევე პაპის მოთხოვნით ანრი IV ტოსკანის დიდ ჰერცოგ ფრანჩესკო I-ის ასულ მარია მედიჩიზე დაქორწინდა, რომელიც ძალზედ ნაყოფიერი ქალი აღმოჩნდა და მეფეს ცხრა შვილი გაუჩინა, აქედან სამი ვაჟი.

აღსანიშნავია, რომ განქორწინების შემდეგ, ანრისა და მარგარიტას შორის პოზიტიური ურთიერთობა გაგრძელდა. თავისი ძმის მეფობის დროს განცდილი ოცწლიანი დევნილობის შემდეგ, მარგარიტამ ამოისუნთქა და მშვიდი ცხოვრება დაიწყო. მან მემკვიდრეობით მიიღო ოვერნი და მთელი ის მიწები, თავისი სასახლეებით, რომლებიც აქამდე ეკატერინე მედიჩის ეკუთვნოდა.

ამის შემდეგ იგი ხშირად ჩადიოდა ოვერნში მდებარე უზონის სასახლეში, რომლის დიასახლისადაც იქცა. მეორეს მხრივ, მარგარიტა ვალუას აქტიური ურთიერთობა ჰქონდა თავისი ძმის, შარლ IX-ის ბასტარდთან, ანგულემის გრაფ შარლ დე ვალუასთან, რომელიც მეფე შარლს თავის საყვარელ მარი ტუშესგან ჰყავდა. ცნობილია, რომ მარგარიტა და შარლი ოვერნში ანრი IV-ის ჩამოგდებას და ვალუას დინასტიის კვლავ გამეფებას გეგმავდნენ, თუმცა ისინი შარლის ნახევარ-დამ, ანრიეტა დ'ანტრაგმა გასცათ, რომელიც ანრის საყვარელი გახდა. კარგად ინფორმირებულმა ანრი IV-მ, 1604 წელს შეთქმულთათვის მთელი საკუთრების კონფისკაცია მოახდინა. მარგარიტა ვალუა არ აპირებდა ასე ადვილად დაეთმო ეკატერინე მედიჩისგან და ანრი III-გან მემკვიდრეობით მიღებული ვრცელი მიწები. იგი პარიზში ჩავიდა, გაასაჩივრა და ხანგრძლივი სასამართლო განხილვები დაიწყო. საბოლოოდ მარგარიტამ დაიბრუნა თავისი კუთვნილი მიწები და მეფისგან პარიზში დასახლების უფლებაც მიიღო.

უკანასკნელი წლები პარიზში

რედაქტირება
 
ხანში შესული მარგარიტა

1605 წელს, ოვერნში გატარებული 19 წლის შემდეგ მარგარიტამ დედაქალაში დაბრუნება გადაწყვიტა. იქ ჩასულმა დედოფალმა შთაბეჭდილება მოახდინა პარიზელებზე. მისი კანი წითელი და გლუვი იყო, საოცრად ექსტრავაგანტულად ეცვა და ქერა თმები ლამაზად ჰქონდა გაკეთებული, ზუსტად ისე, როგორც 20 წლის წინ იყო მოდაში. მისმა დაბრუნებამ ხალხს თითქოს თვალწინ დაუყენა ვალუების მმართველობის ხანა და ნოსტალგია გამოიწვია, რის გამოც პარიზელთა კეთილგანწყობა მალე მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს იგი უკვე ხანში შესული და საკმაოდ გასუქებული იყო, ხალხს მაინც ხიბლავდა.

დედოფალი მარგარიტა პარიზში ხელოვნების მფარველად და ღარიბთა შემწედ გადაიქცა.

1606 მარგარიტამ მოახერხა და საბოლოოდ დაიბრუნა დედამისის მემკვიდრეობა, რომელზეც უკვე მისი ძმის შვილი ედავებოდა. ამის გამო, შარლ ანგულიმელზე გამწყრალმა მარგარიტამ თავის მემკვდიდრედ ანრი IV-ის ვაჟი, საფრანგეთის დოფინი ლუი დე ბურბონი დაასახელა. ეს იყო ბურბონთა ოჯახისათვის მეტად მნიშვნელოვანი მოვლენა, ვინაიდან ვალუას დინასტიის უკანასკნელმა წარმომადგენელმა, ანუ მარგარიტა დე ვალუამ თავის მემკვიდრედ ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი დაასახელა, რაც ერთგვარად სიმბოლურიც იყო.

მან მეგობრული ურთიერთობა დაამყარა ახალ დედოფალ მარია მედიჩისთან. აქვე უნდა ითქვას, რომ ანრი IV-ის ცოლები მისმა საყვარელმა, შარლ ანგულიმელის ნახევარ-დამ, ანრიეტა დ'ანტრაგმა გააერთიანა, რომელსაც დედოფლობაზე ჰქონდა პრეტენზია. მარგარიტა აქტიურად ჩაება სამეფო კარის ცხოვრებაში. იგი მარიას ხშირად ეხმარებოდა ფრანგებისთვის თავის მოწონებაში, სამეფო ღონისძიებების დაგეგმვაში და ასევე ბავშვების აღზრდაშიც კი. 1608 წელს, მარიამ რიგით მესამე ვაჟი გააჩინა, ორლეანის ჰერცოგი გასტონი, რომლის ნათლიადაც ანრიმ მარგარიტა აირჩია, რაზეც იგი სიხარულით დასთანხმდა.

 
დედოფალი მარგო 1610 წელს მარია მედიჩის საფრანგეთის დედოფლად კურთხევის ცერემონიალზე

ამ დროისათვის, მარგარიტამ პარიზის მარჯვენა სანაპიროზე თავისი სასახლე აიშენა და იქ დასახლდა, სადაც გაატარა უკანასკნელი წლები. მას ოტელ დე ლა რეინე მარგარიტა დე ვალუა ეწოდა და იგი 1609 წელს აშენდა ჟან ბულანის დიზაინით. მალე ეს სასახლე პარიზის პოლიტიკური და ინტელექტუალური ცენტრი გახდა. დედოფალი მარგარიტა აქ შესანიშნავ თეატრალურ წარმოდგენებს მართავდა. ხშირად ამ წარმოდგენებს დიდი ბანკეტები მოსდევდა, რომელიც დილამდე გრძელდებოდა.

1610 წლის 13 მაისს მარგარიტა სენ-დენის სააბატოში დაესწრო მარია მედიჩის დედოფლად კურთხევის ცერემონიალს. მეორე დღეს, მარგარიტას დაბადების დღეს, 14 მაისს, ფანატიკოსმა ფრანსუა რავაიაკმა ანრი IV მოკლა. ამის გამო ტახტზე მცირეწლოვანი ლუი XIII ავიდა, რომლის რეგენტის მარია მედიჩი გახდა. მას, როგორც რეგენტს მთელი ქვეყნის ტვირთი კისერზე დააწვა. მარია მედიჩის უამრავი დიპლომატიური როლი ჰქონდა, იღებდა უცხოელ ელჩებს, გეგმავდა ლუი XIII-ის ქორწინებას და იწვევდა გენერალურ შტატებს. 1614 წლიდან, მარიამ ლუისათვის საცოლის მოძებნა და სასულიერო პირებთან ურთიერთობა მარგარიტას დააკისრა. ეს იყო მისი უკანასკნელი დავალება.

მარგარიტა ვალუამ ახალგაზრდა მეფის საცოლედ მისივე თანატოლი, სილამაზით სახელგანთქმული ესპანეთისა და პორტუგალიის მეფე ფილიპე III-ის ასული ანა ავსტრიელი შეარჩია, რაზეც მარია მედიჩი სიხარულით დასთანხმდა. მარგარიტამ გადამტერებულ ესპანეთთან უფრო დასაახლოვებლად ორმაგი დინასტიური ქორწინება შესთავაზა მარიას, ანუ ანასა და ლუისთან ერთად დაქორწინდებოდნენ ფილიპე III-ის უფროსი ვაჟი, ასტურიის პრინცი ფილიპე და მარია მედიჩის უფროსი ასული ელიზაბეტიც, რაც ასეც მოხდა, თუმცა მათ ქორწინებას მარგარიტა ვეღარ მოესწრო.

1614 წლიდან მარგარიტამ დიდი ფემინისტური საქმიანობა წამოიწყო. იგი ქალების განათლებისათვის ხელის შეწყობას და მათი უფლებების გაზრდას ცდილობდა. ასევე პირველად მსოფლიოს ისტორიაში მან განაცხადა, რომ ღმერთმა ევა ადამის მსგავსად ტალახით შექმნა და არა მისი ნეკნიდან. მისივე მტკიცებით, ღმერთმა სამყარო მხოლოდ მამაკაცებისთვის კიარა, ქალებისთვისაც შექმნა სადაც კაცებსა დაქალებს თანაბარი უფლებები უნდა ჰქონოდათ. ცხადია, ამ ეპოქაში მის განცხადებებს ბევრი ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა, თუმცა მან ჩაუყარა საფუძველი იმას, რისთვისაც შემდგომ საუკუნეებში ქალებმა აქტიურად დაიწყეს ბრძოლა, რომელიც ნაწილობრივ დღესაც გრძელდება და აქტუალობას არ კარგავს.

1615 წლის მარტის დასაწყისში დედოფალი მარგარიტა მძიმედ დაავადდა. 1615 წლის 27 მარტს მარგარიტა ვალუა თავისსავე აგებულ სასახლეში გარდაიცვალა, 61 წლის ასაკში, რითაც საბოლოოდ შეწყვიტა არსებობა ვალუას დინასტიამ. მის დაკრძალვაზე, მისმა ახლო მეგობარმა პაულ დე პონშარტრენმა ძალზედ ამაღელვებელი სიტყვა წარმოსთქვა, რომელიც ასე ჟღერდა:

 
„აქ, პარიზში, გარდაიცვალა დედოფალი მარგარიტა, ვალუას დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი. დაბადებით პრინცესა, სავსე სიკეთითა და კეთილშობილებით. იგი მიზნად ისახავდა ჩვენი სახელმწიფოს კეთილდღეობისათვის მიმართულ საქმეებსა და ჩვენი ნებისმიერი მტრის განადგურებას. სამწუხაროა, იგი ვეღარ გააგრძელებს ამ დიად საქმეს, ჩვენ კი მხოლოდ სინანული შეგვიძლია.“

დედოფალი მარგარიტა დაკრძალეს სენ-დენის სააბატოში, რომელიც ვალუას დინასტიის საგვარეულო აკლდამა იყო. საფრანგეთის რევოლუციის დროს, ისევე როგორც სხვა ბევრი მონარქის აკლდამა, მარგარიტასიც გახსნეს და წაბილწეს, თუმცა მისი ნეშტის პოვნა დღემდე ვერ მოახერხეს.

მემკვიდრეობა

რედაქტირება

დედოფალი მარგოს მითი

რედაქტირება

დედოფალი მარგარიტას ცხოვრებას აბუნდოვანებს „დედოფალი მარგოს“ მითი, რომელშიც იგი ჩანს როგორც ინცესტიკი და ოჯახს ჩამოშორებული ქალი. მისი ცხოვრების მანძილზე მისი მისამართით უამრავი ცილისმწამებლური ისტორია შეითხზა. თუმცა მისი საგანქორწინებო პამფლეტი, რომელიც ბერ თეოდორე აგრიპა დ'ობინეს მიერაა დაწერილი, მის ნამდვილ სახეს გვაჩვენებს და შეგვიძლია ვთქვათ, რომ მის მთავარ დამცველად გვევლინება.

1630 წლისთვის, კარდინალმა რიშელიემ, რომელსაც სძულდა დედოფალი მარია მედიჩი და სრულიად ქალთა სქესი, მათი პოლიტიკისგან ჩამოსაშორებლად მარგარიტას ცხოვრებაზე უამრავი შავი ლეგენდა შეთხზა, რომელშიც მარიაც გარია.

თავად მარგოს მითი XIX საუკუნეში დაიბადა და მან ფართო გზა ჰპოვა ალექსანდრე დიუმას (მამა) ტრილოგიაში ვალუებზე, 1845 წელს კი წმ. ბართლომეს ღამით შთაგონებულმა მწერალმა მასზე თავისი ლეგენდარული რომანი დაწერა, სახელად „დედოფალი მარგო“. იგი აქ აღწერს ლუვრის კარის ამაზრზენ ინტრიგებსა და მარგარიტას ბრძოლას თავის გადარჩენისთვის.

XIX-XX საუკუნის ისტორიკოსები, უკვე ცდილობდნენ დედოფლის პრესტიჟის აღდგენას. ისინი ცდილობდნენ ბოლომდე გამოერკვიათ მისი ცხოვრება, სკანდალები, საიდუმლო წერილები და ასე შემდეგ. საბოლოოდ, მათ ნარკვევებზე დაყრდნობით ჩანს, რომ მარგარიტა იყო ქალი, რომელიც სამოქალაქო ომის დროს არსეულ არეულობაში, თავისი დედისა და ძმების ზეწოლის მიუხედავად, ცდილობდა თავის გადარჩენას და ამისათვის არ ინტრიგების ხლართვას ერიდებოდა. ასევე დაამტკიცეს, რომ იგი პოლიტიკურ თამაშებში თავისი ნებითვე ერთვებოდა და ამით ცდილობდა საკუთარი მდგომარეობის გაუმჯობესებას. თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, ბევრის თვალში, დედოფალი დღესაც დაბალი ავტორიტეტით სარგებლობს მისი მრავალრიცხოვანი რომანებისა და ამპარტავნების გამო.

მხოლოდ 1990-იან წლებში, ამერიკელმა ისტორიკოსებმა მოახერხეს დედოფალი მარგოსა და ნამდვილი მარგარიტა ვალუას პიროვნებების ერთმანეთისაგან გამიჯვნა, რამაც ბევრ რამეს აჰხადა ფარდა. თუმცა, ლიტერატურულ და კინემატოგრაფიულ ნამუშევრებში იგი მაინც გარყვნილ, სისხლიან და ამბიციურ ქალად გვევლინება.

მარგარიტას სახე ლიტერატურაში, კინოსა და ტელევიზიაში

რედაქტირება

1845 წელს, ალექსანდრე დიუმას მიერ დაწერილი „დედოფალი მარგო“, შემდგომში უამრავი ხელოვანის მუზად იქცა, რომლებმაც ამ თემაზე შექმნეს თავიანთი შემდეგი ნაწარმოებები:

  • 1910: „დედოფალი მარგო“, ფრანგული ფილმი, რომელიც გადაიღო კამილა დე მორლონმა, მარგარიტას როლი კი ბერტა ბოვიმ მოირგო;
  • 1914: „დედოფალი მარგო“, ფრანგული ფილმი, რომელიც გადაიღო რეჟისორმა ანრი დეზფონტენმა, სადაც მისი როლი ლეონიტა მაზარტმა შეასრულა;
  • 1935: „მარგო“, ფრანგული თეატრალური პიესა ედუარდ ბურდეს ავტორობით, რომელიც არაერთხელ დაიდგა წარმატებით;
  • 1954: „დედოფალი მარგო“, აგრეთვე ფრანგული ფილმი, რომლის ავტორიც რეჟისორი ჟან დრევილე გახდა, მარგარიტას როლი კი ჟანა მორემ ითამაშა;
  • 1960: „ვინ მოკლა ანრი IV ?“, იტალიური სერიალი სტელიო ლორენცის რეჟისორობით, სადაც მარგარიტას ეპიზოტურ როლს ნელი ბენედეტი ასრულებს;
  • 1961: „დედოფალი მარგო“, დრამატული ფრანგული სერიალი რენე ლუკოს ავტორობით, სადაც დედოფლის როლი ფრანსუაზ პრევოზმა შეასრულა;
  • 1962: „ანრი მესამე“, დრამატული ფრანგული ფილმი, რომელიც რეჟისორმა აბდერ ისკერმა გადაიღო, სადაც მარგარიტას როლი მაგალი ნოელმა ითამაშა;
  • 1979: „მეფე, რომელიც სამხრეთიდან მოვიდა“, ფრანგულ-გერმანული ფილმი, რომლის რეჟისორიც მარსელ კამუსი იყო, ხოლო მარგარიტას როლი კატერინა იაკობმა მოირგო;
  • 1989: „ეკატერინე დე' მედიჩი“, ფრანგული ტელესერიალი, სადაც მარგარიტას როლს იზაბელ გელინასი თამაშობს;
  • 1990: „ვაჟკაცი ქალბატონები“, ფრანგული ფილმი ჟან-შარლ ტაშელის რეჟისორობით, რომელიც დაყრდნობილია ბრანტომის წყაროებს, სადაც მარგოს როლი მარიანა ბაზლერმა შეასრულა;
  • 1994: „დედოფალი მარგო“, ფრანგული ფილმი, რომლის რეჟისორიც პატრის შერე იყო, ხოლო მარგარიტა ვალუას როლი იზაბელ აჯანმა ითამაშა;
  • 2010: „ანრი მეოთხე“, გერმანული ფილმი, სადაც მოთხრობილია ანრი ნავარელის ისტორია მისი ბავშვობიდან ქორწინებამდე, სადაც მარგარიტას როლს არმელა დეცჩი თამაშობს;
  • 2013: „სამეფო“, ამერიკული ტელესერიალი, სადაც მოთხრობილია მარიამ სტიუარტის ტრაგიკული ცხოვრება, რომლის უკანასკნელ სერიაშიც მარგარიტა ჩანს, როცა ეკატერინე მედიჩი ამცნობს ნავარის მეფეზე დანიშვნის ამბავს. აქ მისი ეპიზოტური როლი რებეკა ლიდიარდმა მოირგო;
  • 2018: „ანრი მეოთხე2“ გერმანული ფილმი, რომეცის „ანრი მეოთხის“ გაგრძელებაა და მონათხრობია ანრი ნავარელის ცხოვრება ქორწინებიდან გარდაცვალებამდე. აქ მარგარიტას როლი კვლავ არმელა დეცჩმა ითამაშა;

გარდა ალექსანდრე დიუმასი, მარგარიტას ცხოვრებაზე სხვა ბევრმა მწერალმაც შექმნა თავისი ნამუშევარი. 1594-95 წლებში ლეგენდარულმა ინგლისელმა მწერალმა უილიამ შექსპირმა დაწერა თავისი ნაკლებად ცნობილი პიესა „სიყვარულის ლაბირინთში დაკარგულები“, რომელიც მან მარგარიტასა და ანრის მიუძღვნა. მის რომანებზე, ინგლისის დედოფალ ანრიეტა მარია ფრანგის ბრძანებით დაწერეს პიესა „ჩემი მტერი, ანუ თავად მე“. ასევე ეკატერინე მედიჩზე დაწერილი ტრილოგია, სახელად „იტალიელი ქალბატონი“, სადაც მეორე ტომი ძირითადად მარგარიტასთან ურთიერთობაზეა დაწერილი. 1990 წელს სიდნეის ოპერაში დაიდგა მარგარიტაზე დაწერილი საოპერო ნამუშევარი „ჰუგენოტები“. ამასთან ერთად, XX საუკუნეში მოღვაწე ავსტრიელმა მწერალმა შტეფან ცვაიგმა დაწერა წიგნი „მარიამ სტიუარტი“, სადაც იგი არაერთხელ ეხება მარგარიტას, როგორც მარიამ სტიუარტის მულსა და შემდეგში უკვე ნავარის დედოფალსა და მნიშვნელოვან პოლიტიკურ ფიგურას.

წარმოშობა

რედაქტირება

წინაპრები

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Anselme de Sainte-Marie, Père (1726). Histoire généalogique et chronologique de la maison royale de France [Genealogical and chronological history of the royal house of France] (in French). 1 (3rd ed.). Paris: La compagnie des libraires.
  • Pierre de Bourdeille, seigneur de Brantôme, Illustrious Dames of the Court of the Valois Kings. Translated by Katharine Prescott Wormeley. New York: Lamb, 1912. OCLC 347527.
  • Jacqueline Boucher, Deux épouses et reines à la fin du XVIe siècle: Louise de Lorraine et Marguerite de France, Saint-Étienne, Presses universitaires de Saint-Étienne, 1998, ISBN 978-2862720807. (ფრანგულად)
  • David Buisseret, Henry IV, King of France, New York: Routledge, 1990. ISBN 0-04-445635-2.
  • Cesarina Casanova, Regine per caso. Donne al governo in età moderna, Bari, Editori Laterza, 2014. ISBN 978-88-581-0991-5. (იტალიურად)
  • Jean Castarède, La triple vie de la reine Margot, Éditions France-Empire, Paris, 1992, ISBN 2-7048-0708-6. (ფრანგულად)
  • Benedetta Craveri, Amanti e regine. Il potere delle donne, Milano, Adelphi, 2008, ISBN 978-88-459-2302-9. (იტალიურად)
  • Leonie Frieda, Catherine de Medici. London: Phoenix, 2005. ISBN 0-7538-2039-0.
  • Janine Garrisson, Marguerite de Valois, Paris, Fayard, 1994. (ფრანგულად)
  • Nancy Goldstone, The Rival Queens, Little Brown and Company, 2015.
  • Charlotte Haldane, Queen of Hearts: Marguerite of Valois, 1553–1615, London: Constable, 1968.
  • Marc P. Holt, The French Wars of Religion, 1562–1629, Cambridge: Cambridge University Press, 2005.
  • Robert J. Knecht, The French Wars of Religion, 1559–1598, 1989
  • Robert J. Knecht, Catherine de' Medici. London and New York: Longman, 1998. ISBN 0-582-08241-2.
  • Michel Moisan, L'exil auvergnat de Marguerite de Valois (la reine Margot) : Carlat-Usson, 1585–1605, Editions Creer, 1999. (ფრანგულად)
  • Alain Mourgue, Margot, reine d'Usson, Editions Le Manuscrit, 2008. (ფრანგულად)
  • Julianne Pidduck, La Reine Margot, London and New York, I.B. Tauris, 2005. ISBN 1-84511-100-1.
  • Vincent J. Pitts, Henri IV of France; His Reign and Age, JHU Press, 2009.
  • Robert J. Sealy, The Myth of Reine Margot: Toward the Elimination of a Legend, Peter Lang Publishing, 1994.
  • Nicola Mary Sutherland, The Massacre of St. Bartholomew and the European conflict, 1559–1572 (1973)
  • Natalie R. Tomas, The Medici Women: Gender and Power in Renaissance Florence. Aldershot, UK: Ashgate, 2003. ISBN 0-7546-0777-1.
  • Éliane Viennot, Marguerite de Valois. La reine Margot, Paris, Perrin, 2005 ISBN 2-262-02377-8. (ფრანგულად)
  • Kathleen Wellman, Queens and Mistresses of Renaissance France, 2013
  • Whale, Winifred Stephens (1914). The La Trémoille family. Boston, Houghton Mifflin. p. 43.
  • Hugh Noel Williams, Queen Margot, wife of Henry of Navarre, New York, Harper and brothers, 1907.
  • Marguerite of Valois, Memoirs of Marguerite de Valois, written by herself, New York, Merrill & Baker, 1800
მარგარიტა დე ვალუა
დაიბადა: 14 მაისი 1553 გარდაიცვალა: 27 მარტი 1615
წინამორბედი:
მარგარიტა ანჟულიმელი
ნავარის დედოფალი
1572-1599
შემდეგი:
მარია მედიჩი
წინამორბედი:
ლუიზა დე ლორენ-ვემონტი
საფრანგეთის დედოფალი
1589-1599
შემდეგი:
მარია მედიჩი