ჟანა დე ბურბონი (ფრანგ. Jeanne de Bourbon; დ. 3 თებერვალი, 1338, ვენსენი, საფრანგეთი — გ. 6 თებერვალი, 1378, პარიზი, საფრანგეთი) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. ბურბონის ჰერცოგ პიერ I-ისა და მისი მეუღლის, პრინცესა იზაბელ დე ვალუას ასული. საფრანგეთის დედოფალი 1364-1378 წლებში როგორც შარლ V-ის მეუღლე. საფრანგეთის მეფე შარლ VI-ისა და ასევე ორლეანის ჰერცოგის, ვალუა-ორლეანთა დინასტიის დამაარსებელ ლუი I-ის დედა.

ჟანა დე ბურბონი
საფრანგეთის დედოფალი
კორონაცია: 1 ივნისი, 1364
მმართ. დასაწყისი: 8 აპრილი, 1364
მმართ. დასასრული: 6 თებერვალი, 1378
წინამორბედი: ჟანა I ოვერნელი
მემკვიდრე: იზაბელა ბავარიელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 3 თებერვალი, 1338
დაბ. ადგილი: ვენსენი, საფრანგეთი
გარდ. თარიღი: 6 თებერვალი, 1378, (40 წლის)
გარდ. ადგილი: პარიზი, საფრანგეთი
მეუღლე: შარლ V, საფრანგეთის მეფე
შვილები: შარლ VI, საფრანგეთის მეფე
ლუი I, ორლეანის ჰერცოგი
კატრინი
დინასტია: ბურბონები
მამა: პიერ I, ბურბონის ჰერცოგი
დედა: იზაბელ დე ვალუა
რელიგია: კათოლიციზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ადრეული წლები

რედაქტირება

ჟანა დაიბადა 1338 წლის 3 თებერვალს შატო დე ვენსენში, საფრანგეთში. იგი იყო ბურბონის ჰერცოგ პიერ I-ისა და მისი ცოლის, პრინცესა იზაბელ დე ვალუას ასული. როგორც დედის, ისე მამის მხრიდან იგი საფრანგეთის მეფე ლუი IX-ის პირდაპირი შთამომავალი იყო, თუმცა გარდა ამისა, დედის მხრიდან იგი საფრანგეთის მეფე ფილიპ VI-ის დის შვილიც იყო.


1340 წლიდან 1343 წლამდე მიმდინარეობდა დიდი საქორწინო მოლაპარაკებები ჟანასა და სავოიის გრაფ ამადეო VI-ის ქორწინებასთან დაკავშირებით. ამ ქორწინებას წესით უნდა დაეახლოვებინა გადამტერებული საფრანგეთი და სავოია, მაგრამ ნიშნობა ჩაიშალა.

დედოფლობა

რედაქტირება
 
დედოფალ ჟანასა და მეფე შარლ V-ის ქანდაკებები

1350 წლის 8 აპრილს ჟანა დააქორწინეს თავისსავე ბიძაშვილზე, საფრანგეთის მეფე ფილიპ VI-ის შვილიშვილ შარლ დე ვალუაზე (მომავალში მეფე შარლ V). მათი ქორწინებიდან მალევე ფილიპი გარდაიცვალა, ტახტზე კი ჟანას მამამთილი, მეფე ჟან II ავიდა, რომელიც მალევე ტყვედ ჩაუვარდა ინგლისელებს და სწორედ მათ ტყვეობაში დაიღუპა იგი 1364 წელს. ამის შემდეგ საფრანგეთის მეფე მისი მეუღლე, შარლ V გახდა, ჯერ კიდევ ახალგააზრდა ჟანა კი 1364 წლის 8 აპრილს საფრანგეთის დედოფლად იქცა.

ჟანასა და შარლის ურთიერთობა დოფინობის პერიოდში, შესაძლოა ითქვას, რომ ძალიან დაძაბული იყო. თუმცაღა მას შემდეგ, რაც შარლი ტახტზე ავიდა და ისინი სამეფო კარზე გადავიდნენ, მათი ურთიერთობა დალაგდა და დათბა. მეტიც, შარლი კრიტიკულ სიტუაციებში ყოველთვის მეუღლეს ეკითხებოდა რჩევას. ჟანა საკმაოდ გონიერი ქალი იყო და ყოველთვის კარგ პოლიტიკურ რჩევებს აძლევდა მეფეს, თუმცა შარლიც მეტად ჭკვიანი კაცი იყო, რის გამოც მათ მოახერხეს ინგლისელთა მიერ მიტაცებული ფრანგული მიწების დაბრუნება. ამის გამო ფრანგმა ხალხმა ძალიან შეიყვარა მეფე-დედოფალი, მეტიც მათ შარლს ბრძენი შეარქვეს.

დედოფალი ჟანა ფსიქიკურად მყიფე პიროვნება იყო და მასზე კატასტროფულად მოქმედებდა შვილების პატარა ასაკში დაკარგვა. 1372 წელს კი პრინცი ლუის გაჩენის შემდეგ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებულად დამძიმდა. ცხადია ამან ძლიერ შეაშფოთა მეფე შარლი და მთელი სამეფო კარი, რის გამოც მეფემ ჟანას გამოჯანმრთელებისთვის ლოცვა სთხოვა ხალხს. შარლს გათვლილი ჰქონდა, რომ თუ იგი დაიღუპებოდა და ამ დროს მისი მემკვიდრე სრულწლოვანი არ იქნებოდა, მაშინ მის რეგენტად ჟანა დაინიშნებოდა, მაგრამ მისი შერყევის შემდეგ თავისი ანდერძი შეცვალა და რეგენტად თავისი ბიძაშვილი დანიშნა.

გარდაცვალება და დაკრძალვა

რედაქტირება

დედოფალი ჟანა დე ბურბონი გარდაიცვალა პარიზის რეზიდენციაში, 1378 წლის 6 თებერვალს, თავისი მეორმოცე დაბადების დღიდან სამი დღის შემდეგ. ცნობილია, რომ ჟანას გარდაცვალების მიზეზი მისი ბოლო, მეცხრე, უკიდურესად გართულებული მშობიარობა გახდა. მან საბოლოოდ გოგონა გააჩინა, სახელად კატრინი. მეფე შარლი საყვარელი ცოლის გარდაცვალებამ გაანადგურა და მეორედ ქორწინებაზე კატეგორიული უარი განაცხადა. ჟანა დაკრძალეს სენ დენის სამეფო ბაზილიკაში, სადაც განისვენებს საფრანგეთის ყველა მეფე და დედოფალი.

  1. ჟანა (დ. სექტემბერი, 1357 — გ. 21 ოქტომბერი, 1360), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  2. ბონა (დ. 1358 — გ. 7 დეკემბერი, 1360), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  3. ჟანი (დ. 6 ივნისი, 1366 — გ. 21 დეკემბერი, 1366), გარდაიცვალა ჩვილობაში;
  4. შარლ VI (დ. 3 დეკემბერი, 1368 — გ. 22 ოქტომბერი, 1422), საფრანგეთის მეფე, ცოლად შეირთ იზაბელა ბავარიელი, რომელთანაც შეეძინა 11 შვილი, მათ შორის ოთხი საფრანგეთის დოფინი, საფრანგეთის მეფე შარლ VII, ინგლისის დედოფლები იზაბელა და კატრინი და აგრეთვე ბურგუნდიის ჰერცოგინია მიშელი;
  5. მარი (დ. 27 თებერვალი, 1370 — გ. ივნისი, 1337), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  6. ლუი I (დ. 13 მარტი, 1372 — გ. 23 ნოემბერი, 1407), ორლეანის ჰერცოგი, ვალუა-ორლეანთა დინასტიის დამაარსებელი, ცოლად შეირთო მილანის ჰერცოგის ასული ვალენტინა ვისკონტი, რომელთანაც შეეძინა ოთხი შვილი, მათ შორის ორლეანის ჰერცოგი შარლი (საფრანგეთის მეფე ლუი XII-ის მამა);
  7. იზაბელა (დ. 24 ივლისი, 1373 — გ. 13 თებერვალი, 1377), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  8. ჟანი (დ. 1374 — გ. 1376), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  9. კატრინი (დ. 4 თებერვალი, 1378 — ნოემბერი, 1388), მის მშობიარობას გადაჰყვა თავად ჟანა, 10 წლის ასაკში ცოლად შერთეს მისსავე ბიძაშვილს, მონტესპიერის გრაფ ჟან დე ვალუას, რის შემდეგაც მალევე გარდაიცვალა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Cox, Eugene L. (1967). The Green Count of Savoy. Princeton, New Jersey: Princeton University Press. LCCN 67-11030.
  • Tuchman, Barbara W, En Fjärran Spegel. Det stormiga 1300-talet. Atlantis, Stockholm, 1994. ISBN 91-7486-260-X, sid 304.
  • Les chroniques de sire Jean Froissart... avec notes par J.A.C. Buchon, Tome II, A. Desrez Libraire-Editeur, Paris, 1835, p. 19.
  • J. A. Buchon, Collection des Chroniques nationales françaises écrites en langue vulgaire du treizième au seizième siècle, Chroniques de Froissart, Tome VII, Verdière, Libraire, Paris, 1824, p. 61