ისაბელ დე ვალუა
ისაბელ დე ვალუა (ფრანგ. Isabelle de Valois; დ. 9 ნოემბერი, 1389, პარიზი, საფრანგეთი — გ. 13 სექტემბერი, 1409, ბლუა, საფრანგეთი) — ვალუას დინასტიის წარმომადგენელი. დაბადებიდან საფრანგეთის პრინცესა. საფრანგეთის მეფე შარლ VI-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ იზაბელა ბავარიელის უფროსი ქალიშვილი. საფრანგეთის მეფე შარლ VII-ისა და ინგლისის დედოფალ კატრინ დე ვალუას უფროსი და. 1396-1399 წლებში ინგლისის დედოფალი და ირლანდიის ლედი, როგორც რიჩარდ II-ის მეუღლე. დაქვრივების შემდგომ მეორედ გაათხოვეს მისსავე ბიძაშვილზე, შარლ დე ვალუაზე, რომელიც ორლეანის ჰერცოგი იყო. ისაბელს მასთან მხოლოდ 1 ქალიშვილი შეეძინა.
ისაბელ დე ვალუა | |
---|---|
ინგლისის დედოფალი | |
კორონაცია: | 8 იანვარი 1397 |
მმართ. დასაწყისი: | 1 ნოემბერი 1396 |
მმართ. დასასრული: | 30 სექტემბერი 1399 |
წინამორბედი: | ანა ბოჰემიელი |
მემკვიდრე: | ჟანა ნავარელი |
ორლეანის ჰერცოგინია | |
მმართ. დასაწყისი: | 29 ივნისი, 1407 |
მმართ. დასასრული: | 13 სექტემბერი, 1409 |
წინამორბედი: | ვალენტინა ვისკონტი |
მემკვიდრე: | ბონა არმანიაკი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 9 ნოემბერი 1389 |
დაბ. ადგილი: | პარიზი, საფრანგეთის სამეფო |
გარდ. თარიღი: | 13 სექტემბერი 1409 (19 წლის) |
გარდ. ადგილი: | ბლუა, საფრანგეთის სამეფო |
მეუღლე: |
რიჩარდ II, ინგლისის მეფე შარლ I, ორლეანის ჰერცოგი |
შვილები: | ჟანა ვალუა, ალანსონის ჰერცოგინია |
დინასტია: | ვალუები |
მამა: | შარლ VI ვალუა |
დედა: | იზაბელა ბავარიელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაადრეული ცხოვრება
რედაქტირებაისაბელს დაბადებიდანვე განსაკუთრებით რთულ პერიოდში მოუწია ცხოვრება. ეს ის პერიოდია, როდესაც ინგლისსა და საფრანგეთს შორის საფრანგეთის ტახტისათვის ბრძოლა მიმდინარეობს, ანუ ასწლიანი ომი. ისედაც საშინელ მდგომარეობაში მყოფი საფრანგეთის მდგომარეობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც ისაბელის მამა შარლ VI ჭკუიდან შეირყა.
ინგლისელთა დროებით შესაჩერებლად ისაბელის მშობლებმა დინასტიურ ქორწინებას მიმართეს და ისაბელი, როგორც უფროსი ქალიშვილი ინგლისის მეფეზე დანიშნეს. ამ დროს ისაბელი მხოლოდ 7 წლის იყო, ხოლო მისი საქმრო, ინგლისის მეფე რიჩარდ II — 29 წლის. ის ფაქტი, რომ ისაბელი ჯერ ბავშვი იყო, მოლაპარაკებისას პრობლემად იქცა, თუმცა რიჩარდმა განაცხადა, რომ ეს მისთვის პრობლემას არ წარმოადგენდა და საფრანგეთთან მშვიდობის შესანარჩუნებლად იქორწინებდა მასზე. თავიდან ისაბელი მამის ტოლ კაცთან ქორწინებაზე უარს აცხადებდა, თუმცა მის დასათანხმებლად რიჩარდმა ინგლისური დელეგაცია გააგზავნა. მათ უამბეს, თუ როგორი იქნებოდა ინგლისის დედოფლობა და ზოგადად მეფის ცოლობა. აღუწერეს ის ბედნიერება და ძალაუფლება, რასაც თვითონ, მისი ოჯახი და საფრანგეთი მიიღებდა, თუკი რიჩარდზე იქორწინებდა. საბოლოოდ, ისაბელი ქორწინებაზე დათანხმდა. მეფე რიჩარდმა საუცხოო საჩუქრები დაამზადებინა და საფრანგეთში სამოგზაუროდ და დასაოჯახებლად გაემგზავრა. მან მოგზაურობა პარიზიდან დაიწყო, შემდეგ კი კალეში გადავიდა, სადაც 1396 წლის 31 ოქტომბერს რიჩარდ II და ისაბელ დე ვალუა დაქორწინდნენ.
ინგლისის დედოფალი
რედაქტირებაქორწინების შემდეგ დედოფალი ისაბელი მეუღლეს ინგლისში გაჰყვა, სადაც იგი უინძორის სასახლეში (იმ დროისთვის ინგლისის მეფეთა სამეფო რეზიდენცია) დააბინავეს. ისაბელს აუყვანეს ინგლისელი ფრეილინები და ზედამხედველი ქალი, რომელთაც მისთვის უნდა ესწავლებინათ დედოფლის უფლება-მოვალეობები, ინგლისური ადათ-წესები და ინგლისში ქცევის წესები. 1397 წლის 8 იანვარს კი შედგა ისაბელ დე ვალუას ინგლისის დედოფლად კორონაცია.
მიუხედავად იმისა, რომ მათი კავშირი მხოლოდ პოლიტიკა იყო და მეტი არაფერი, რიჩარდსა და ისაბელს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. ცნობილია, რომ მეფე ხშირად დადიოდა დედოფლის საძინებელში, მას კარგად ეპყრობოდა და ერთმანეთს პატივს სცემდნენ. ასევე ცნობილია, რომ რიჩარდსა და ისაბელს ხშირად ჰქონდათ იუმორისტული საუბრებიც. გავრცელებული ინფორმაციით, ისაბელი დიდი პატივით სარგებლობდა ინგლისში და ერთი სული ჰქონდა, სანამ თავის მეუღლეს იხილავდა ხოლმე.
1399 წელს რიჩარდი ირლანდიის დასაპყრობად წავიდა, ხოლო დედოფლის უსაფრთხოებისათვის ისაბელი პორტჩესტერის ციხესიმაგრეში გადავიდა საცხოვრებლად. რიჩარდის არყოფნით ისარგებლა იორკის ჰერცოგმა და აჯანყება წამოიწყო, ამის გამო ისაბელი ჯერ უოლინგფორდის, შემდეგ კი ლიდზის ციხესიმაგრეში გაიქცა. 1399 წლის 30 სექტემბერს აჯანყებულმა დიდგვაროვნებმა რიჩარდი და ისაბელი ტახტიდან ჩამოაგდეს და დააპატიმრეს. ტახტზე კი ჰენრი IV ლანკასტერი ავიდა, რომელმაც დედოფალი ისაბელი ტყვეობიდან გაათავისუფლა, მეფე კი კვლავ საპატიო ტყვეობაში დატოვა. თუმცა დედოფალი მაინც ფორმალურ პატიმრობაში იმყოფებოდა უინძორის სასახლეში. 1400 წლის 14 თებერვალს რიჩარდი საპყრობილეში გარდაიცვალა. ისაბელი კი კვლავ პატიმრობაში დარჩა.
დარჩენილი ცხოვრება
რედაქტირებასაფრანგეთის სამეფო კარმა, რიჩარდის გარდაცვალების შემდგომ კატეგორიულად მოითხოვა ისაბელის საფრანგეთში დაბრუნება. მეფე ჰენრი IV-მ თავდაპირველად უარი განაცხადა, ვინაიდან გადაწყვეტილი ჰქონდა ისაბელი დაექორწინებინა თავის ვაჟ ჰენრი V-ზე. მაგრამ მას შემდეგ, რაც ჰენრიმ ისაბელზე ქორინება კატეგორიულად გამორიცხა სიტუაცია შეიცვალა. ჰენრი IV კი ისაბელის გლოვას (ის რიჩარდს რამდენიმე თვე გლოვობდა) არაფრად აგდებდა, თუმცა 1400 წელს ისაბელი კვლავ საფრანგეთში დაბრუნდა.
1406 წელს ჰენრი IV-მ თავისი წინადადება, რომ ისაბელი მის ვაჟს გაჰყოლოდა ცოლად კვლავ შესთავაზა ფრანგებს, თუმცა საფრანგეთის სამეფო კარმა ერთხმად უარი განაცხადა.
1406 წლის 29 ივნისს ისაბელ დე ვალუა მიათხოვეს მისსავე ბიძაშვილს, შარლ დე ვალუას, რომელიც ორლეანის ჰერცოგი იყო. 1409 წლის 13 სექტემბერს ისაბელ დე ვალუა მშობიარობას გადაჰყვა, 19 წლის ასაკში. მან ჯანმრთელი გოგონა გააჩინა, რომელსაც ჟანა დაარქვეს. მისი ქალიშვილი ალანსონის ჰერცოგინია გახდა და 1424 წელს გარდაიცვალა. ისაბელი ბლუაში დაკრძალეს, 1624 წელს მისი ცხედარი ამოთხარეს და აღმოჩნდა, რომ იგი სქელ ოქროს სუდარაში იყო გახვეული. ამის შემდეგ იგი პარიზში გადაასვენეს და იქ დაკრძალეს.
წინაპრები
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Jeffrey Hamilton, The Plantagenets: History of a Dynasty, (Continuum, 2010), 205.
- Robert Knecht, The Valois: Kings of France 1328-1589, (Hambledon Continuum, 2007), 51.
- Boutell, Charles (1863), A Manual of Heraldry, Historical and Popular, London: Winsor & Newton, p. 148