ჟანა დე ვალუა
ჟანა დე ვალუა (ფრანგ. Jeanne de Valois), ან წმინდა ჟანა ფრანგი (ფრანგ. Sainte Jeanne de France; დ. 23 აპრილი, 1464 — გ. 4 თებერვალი, 1505) — ვალუას დინასტიის წარმომადგენელი. საფრანგეთის მეფე ლუი XI-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ შარლოტა სავოიელის ასული. საფრანგეთის მეფე შარლ VIII-ის და. ორლეანის ჰერცოგინია 1476-1498 და საფრანგეთის დედოფალი 1498 წლის აპრილიდან დეკემბრამდე როგორც ლუი XII ორლეანელის პირველი მეუღლე. ტახტზე ასვლიდან სულ რვა თვეში ლუიმ პაპ ალექსანდრე VI-ს ჟანასთან უნაყოფობის გამო გაცილება სთხოვა. განქორწინების შემდეგ ლუი ჟანას ძმის, განსვენებული შარლის ქვრივზე, დედოფალ ანა ბრეტონელზე დაქორწინდა. ამის შემდეგ ჟანა განშორდა სამეფო კარს და მონაზვნად აღიკვეცა, თუმცა საკუთარი შემოსავლისა და უზრუნველყოფილი ცხოვრების გამო ლუიმ მას ბერის ჰერცოგინიობა უბოძა. მისი გარდაცვალებიდან მრავალი საუკუნის შემდეგ, 1950 წლის 28 მაისს რომის პაპმა პიუს XII-მ ჟანა კათოლიკური ეკლესიის წმინდანად შერაცხა.
ჟანა დე ვალუა | |
---|---|
Jeanne de Valois | |
საფრანგეთის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 7 აპრილი, 1498 |
მმართ. დასასრული: | 15 დეკემბერი, 1498 |
წინამორბედი: | ანა ბრეტონელი |
მემკვიდრე: | ანა ბრეტონელი |
ორლეანის ჰერცოგინია | |
მმართ. დასაწყისი: | 8 სექტემბერი, 1476 |
მმართ. დასასრული: | 7 აპრილი, 1498 |
წინამორბედი: | მარია კლეველი |
მემკვიდრე: | ეკატერინე მედიჩი |
ბერის ჰერცოგინია | |
მმართ. დასაწყისი: | 7 აპრილი, 1498 |
მმართ. დასასრული: | 4 თებერვალი, 1505 |
წინამორბედი: | ფრანსუა დე ვალუა |
მემკვიდრე: | მარგარიტა დე ვალუა |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 23 აპრილი, 1464 |
გარდ. თარიღი: | 4 თებერვალი, 1505, (40 წლის) |
მეუღლე: |
ლუი XII, საფრანგეთის მეფე (ქ. 1476 - განქ. 1498) |
დინასტია: | ვალუები |
მამა: | ლუი XI, საფრანგეთის მეფე |
დედა: | შარლოტა სავოიელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ადრეული ცხოვრება და ოჯახი
რედაქტირებაჟანა დაიბადა 1464 წლის 23 აპრილს გრაფ პიერ II დე ბრიზის ციხესიმაგრეში, დრეს საგრაფოში, რომელიც თავის დროზე ჟანას ბაბუის, მეფე შარლ VII-ის დიდი მოკავშირე იყო ინგლისელებთან ბრძოლისას. ჟანა იყო საფრანგეთის მეფე ლუი XI-ისა და მისი მეორე ცოლის, დედოფალ შარლოტა სავოიელის ქალიშვილი. მას ჰყავდა ორი და-ძმა, მომავალში საფრანგეთის მეფე შარლ VIII და შემდგომში ბურბონის ჰერცოგინია ანა დე ვალუა. ჯერ კიდევ ჟანას ღრმა ბავშვობაში მამამისმა ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ჟანა ცოლად მიჰყვებოდა მისსავე ბიძაშვილს, ორლეანის ჰერცოგის ვაჟ ლუი დე ვალუა-ორლეანს. დაბადებიდანვე იგი ძალიან ბევრი დაავადებითა და დეფექტით იტანჯებოდა. ხშირად, როგორც მისი აღმზრდელი გადია აბობდა, მას სისხლი პირდაპირ კეფიდან სდიოდა, ამასთან სიარულიც უჭირდა და თანაც ხერხემლის გამრუდებაც ჰქონდა, რის გამოც ბევრი ფიქრობდა, რომ იგი მალევე დაიღუპებოდა.
სამეფო ტრადიციისდა თანახმად, მეფე ლუიმ თავისი ქალიშვილები, პრინცესა ჟანა და პრინცესა ანა აღსაზრდელად ბარონ ფრანსუა დე ლინირესსა და მის მეუღლეს, ბარონესა ანა დე კულანს მიაბარეს, რომლებიც უშვილოები იყვნენ. სწორედ ამიტომ მათ ეს გოგონები საკუთარი შვილებივით უყვარდათ, მისი დეფექტების გამო კი განსაკუთრებულად ჟანაზე ზრუნავდნენ. პრინცესები აგრეთვე იღებდნენ საუკეთესო განათლებას. ისინი სწავლობდნენ ქსოვას, ქარგვას, ხატვას, მუსიკას, დაკვრას, ჯირითს, მათემატიკას, პოეტიას, ლათინურს, ბერძნულსა და კიდევ რამდენიმე უცხო ენასაც.
გარდა ასეთი განათლებისა, მათი აღზრდა ითვალისწინებდა პრინცესების ჭეშმარიტ კათოლიკე ქალებად ქცევას. განსაკუთრებით ჟანას შეუყვარდა თავისი ღმერთი და რელიგია. მან მალევე სთხოვა მამას, რომ ამბუაზის სამლოცველო ეჩუქებინა მისთვის, რაზეც მეფემ საყვარელ ქალიშვილს უარი ვერ უთხრა. ცნობილია, რომ ჟანა ლოცვაში ძალიან დიდ სიამოვნებას ჰპოვებდა და საკმაოდ დიდ დროსაც ატარებდა სამლოცველოში. იგი ძალიან რელიგიური იყო და ყველა კათოლიკურ წესს ზედმიწევნით იცავდა, რის გამოც მას პაპმა წმინდა ფრანჩესკოს ორდერი უბოძა.
1471 წელს მეფე ლუი XI-მ ბრძანა, რომ ნოტრ-დამში ავე მარიას საგალობელი აღევლინათ, რათა ომი ფრანგების სასარგებლოდ შემოტრიალებულიყო. როგორც აღმოჩნდა ჟანამ ამ საგალობელში ძირეული ცვლილებები შეიტანა, რაც შემდგომში იმით ახსნა, რომ მას თვით ღვთისმშობელი გამოეცხადა, რომელმაც უბრძანა ამის გაკეთება. ის რომ დაბალი ფენიდან ყოფილიყო კოცონზე დაწვავდნენ მკრეხელობისთვის, თუმცა ვინაიდან თავად საფრანგეთის მეფის ასული იყო, ეს ყველამ ღვთიურ სასწაულად გამოაცხადა.
ქორწინება
რედაქტირება1473 წელს საფრანგეთის მეფე ლუი XI-მ ხელი მოაწერა თავისი ორივე ქალიშვილის საქორწინო კონტრაქტს. 1476 წლის 8 სექტემბერს, 14 წლის ჟანა დაქორწინდა თავისსავე ბიძაშვილზე, ორლეანის ჰერცოგ ლუი დე ვალუაზე. ლუი დე ვალუას აიძულეს მისთვის არასასურველ, მანკიან და უნაყოფო ჟანაზე დაქორწინება. ამით ლუი XI იმედოვნებდა, რომ ვინაიდან მისი გოგონა ბავშვს ვერ გააჩენდა, ორლეანელი ვალუების დინასტიაც შეწყდებოდა და ასე დასრულდებოდა მათი პრეტენზიებიც სამეფო ტახტზე. მართალია ლუი ქორწინებით უკმაყოფილო იყო, მაგრამ იგი თავისი ახალი ცოლის მკურნალობას მაინც შეეცადა.
1483 წელს მეფე ლუი XI გარდაიცვალა, ტახტზე კი მისი ვაჟი შარლ VIII ავიდა, რომელიც ჯერ კიდევ ბავშვი იყო. ვინაიდან ამ დროს მათი დედა, დედოფალი შარლოტა სავოიელიც აღარ იყო ცოცხალი (როცა მას ქმრის გარდაცვალების შესახებ აცნობეს, იმ წუთასვე გული გაუსკდა და ისიც იმავე დღეს დაიღუპა როცა ლუი XI), პატარა შარლის რეგენტად მისი უფროსი და, ბურბონის ჰერცოგინია ანა დე ვალუა დაინიშნა. 1484 წელს ჟანას ქმარმა რამდენიმე გავლენიან ფრანგ დიდგვაროვანთან ერთად დაიწყო მეფის დამხობისაკენ მიმართული სამოქალაქო ომი, რომელიც 1488 წლამდე გაიწელა. სწორედ ამ პერიოდში შეეძინა ლუის მისი პირველი და უკანონო ვაჟი, რომელიც შემდგომში ბერგის არქიეპისკოპოსი გახდა. ამ ომის მიმდინარეობისას კი, თავად ჟანა იტალიაში წავიდა სამოგზაუროდ, სადაც იგი მილანსა და ოსტიას ეწვია. ჟანა ქმრის მიმართ ყოველთვის იჩენდა სათნოებასა და პატივისცემას, თუმცა მას მისი გახარება არ შეეძლო, რადგან ამას მხოლოდ განქორწინებით შესძლებდა. 1488 წელს კი დამარცხებული ლუი ანას ბრძანებით მის მოკავშირეებთან ერთად დილეგში გამოკეტეს. 1491 წელს ლუი გაანთავისუფლეს, რის შემდეგაც იგი თავად შარლს უახლოვდება და იტალიური ომების დროს თანაც კი გაჰყვა მას.
მას შემდეგ, რაც შარლ VIII უბედური შემთხვევის შედეგად (დაბალ კარში შედიოდა, სადაც ჭერს თავი ისე მიარტყა, რომ შერყევა მიიღო და დაიღუპა), ჟანას ქმარი ლუი XII საფრანგეთის მეფე გახდა, მან მალევე მოითხოვა რომის პაპისაგან ჟანასთან განქორწინება და თან პაპს გარდაცვლილი შარლის ცოლზე, ქვრივ დედოფალ ანა ბრეტონელზე დაქორწინება სთხოვა. ანა ბრეტანის ჰერცოგინია და მისი უკანასკნელი მმართველი იყო, მასზე ქორწინებით კი ლუი ბრეტანსაც შემოიმტკიცებდა და მემკვიდრესაც მიიღებდა.
ლუის იმდენად სურდა ჟანასთან განქორწინება და ანაზე დაქორწინება, რომ რომის პაპს ზედიზედ რამდენიმე ელჩობა გაუგზავნა. იგი პაპ ალექსანდრე VI-ს უმტკიცებდა, რომ ქორწინება აუცილებლად უნდა ეცნო ბათილად. ლუი აცხადებდა, რომ ჟანასთან ქორწინების დროს იგი თოთხმეტი წლის, ანუ არასრულწლოვანი იყო, ასევე მისი უამრავი ფიზიკური მანკიერების გამო არასდროს არ წოლილა მასთან და ამის გამო ფაქტობრივად ქორწინება არც არსებობდა. ამ ფაქტმა დედოფალი ცხადია განარისხა და ლუის საწინააღმდეგოდ განაცხადა, რომ მასთან სამჯერ ან ოთხჯერ გაიყო სარეცელი. დედოფალს შემოწმებაც კი ჩაუტარდა, რითაც დამტკიცდა, რომ იგი ქალწული არ იყო. ამით ფაქტობრივად ჟანამ მოიგო დავა, მაგრამ რომის პაპმა ალექსანდრემ ლუის მაინც მისცა განქორწინება. 1498 წლის 15 დეკემბერს რომის პაპმა პირადად თავისი ვაჟი ჩეზარე ბორჯია გააგზავნა საფრანგეთში, რომელმაც მათ განქორწინების საბუთი ჩაუტანათ და თანაც იქვე ჟანას ფრეილინაზე, შარლოტ დ'ალბრეზე დაქორწინდა. პაპმა ეს იმიტომ გააკეთა, რომ იტალიური ომის მძვინარების ეპოქაში არ სურდა საფრანგეთის მეფის გადამტერება. სასახლიდან მიმავალმა ყოფილმა დედოფალმა განაცხადა, რომ იგი ყოველდღე ილოცებდა ლუის სულის გადასარჩენად. დედოფლის სტატუსის ჩამორთმევის შემდეგ მას ბერის ჰერცოგინიობა მიენიჭა, რის შემდეგაც იგი სწორედ ბერის საჰერცოგოში დასახლდა და იქვე გარდაიცვალა.
რელიგიური ცხოვრება და წმინდანობა
რედაქტირებაროდესაც ჟანა ბერში გადასახლდა, იქ დაუახლოვდა ადგილობრივ მოძღვარ გაბრიელ მარს, რომელთან ერთადაც მან დაიწყო თავისი რელიგიური მოღვაწეობა. ჟანამ საფრანგეთში თავი ღვთისმშობლის დასმულად გამოაცხადა და იქ კათოლიკური ეკლესიის დახვეწას შეუდგა. იგი აცხადებდა, რომ მას ხშირად ეცხადებოდა ღვთისმშობელი მარიამი და იესო ქრისტე, ასევე იგი ამბობდა, რომ თავად სწორედ ღვთის ქალიშვილი იყო. მანვე დააარსა ობოლთა და გლახაკთა საყოველთაო დახმარების ფონდი. 1500 წელს კი 11 ფრანგი პროტესტანტი მოაქცია კათოლიკობაზე. 1502 წლის 12 თებერვალს მან თვით პაპ ალექსანდრეს მისწერა წერილი და უთხრა, რომ მის უდიდეს შეცდომას პატიობდა. მომდევნო წელს დაიწყო თავისი პირველი მონასტრის მშენებლობა. ამავე წლის 21 ნოემბერს მან და გაბრიელ მარმა დააარსეს წმინდა მარიამის ორდერი, რომლის მიღებაც მხოლოდ ქალებს შეეძლოთ.
ჟანა გარდაიცვალა 1505 წლის 4 თებერვალს, 40 წლის ასაკში. იგი დაკრძალეს მისსავე აგებულ ანანსიადის მონასტერში. თუმცაღა საფრანგეთის რელიგიური ომების პერიოდში ჰუგენოტებმა 1570 წელს მისი საფლავი გახსნეს და მისი ნეშტი შეურაცხყვეს. ჰუგენოტებმა მის გვამს დაკრძალვაც კი არ აღირსეს და გადამწვარი მონასტრის გარეთ დააგდეს. როგორც ამბობენ, სწორედ ამის შემდეგ დაიწყო მთელი რიგი სასწაულების სერია. მის გვამზე შეხებით უამრავი ადამიანი განიკურნა, რაც ასე გრძელდებოდა XVII საუკუნის მეორე ნახევრამდე. 1742 წლის 21 აპრილს პაპმა ბენედიქტე XIV-მ მისი წმინდანად შერაცხვის იდეა გამოთქვა, თუმცა იგი წმინდანად 1950 წლის 28 მაისს რომის პაპმა პიუს XII-მ შერაცხა.
ლიტერატურა
რედაქტირება- "St. Joan of Valois". AmericanCatholic.org. Archived from the original on 20 January 2012.
- "Vie de sainte Jeanne de France". L'Ordre de la Vièrge Marie .
- Gibson, Mary Lou. "Saints for our times: French saint endured much torment from her family", Diocese of Austin, February 8, 2013 Archived 14 October 2015 at the Wayback Machine.
- Capes, Florence. "St. Jeanne de Valois." The Catholic Encyclopedia Vol. 8. New York: Robert Appleton Company, 1910. 10 October 2015
- André Vauchez, Michael Lapidge, "Encyclopedia of the Middle Ages: A-J", p.776, 2000 : "Infirm from birth, she was obliged by her father, Louis XI, to marry her cousin, Louis of Orleans. The king wished, by a union considered sterile, to extinguish this rival collateral dynasty."
- "The Eclectic Magazine of Foreign Literature, Science, and Art, Volume 33", p.42, 1854: "Louis XI compelled him to marry his deformed and sterile daughter Joan, threatening him with death by drowning, if he refused."
- Loughlin, James. "Pope Alexander VI." The Catholic Encyclopedia Vol. 1. New York: Robert Appleton Company, 1907. 10 October 2015
- Hale, p.16 "The King's case was so weak that if the Pope, Alexander VI, had not been committed to granting the annulment for political purposes, he would have lost it."
- "St. Joan of Valois". Catholic.org. Retrieved: 26 October 2014.