მარია დე’ მედიჩი (იტალ. Maria de' Medici; დ. 3 აპრილი, 1540 — გ. 19 ნოემბერი, 1557) — მედიჩების დინასტიის წარმომადგენელი. ტოსკანის ჰერცოგ კოზიმო I-ისა და ელეონორ ტოლედოელის უფროსი ასული. დანიშნული იყო მოდენას ჰერცოგ ალფონსო II-ზე, თუმცა ქორწინებამდე გარდაიცვალა.

მარია მედიჩი
დაბადების თარიღი 3 აპრილი, 1540
ფლორენცია, ტოსკანა
გარდაცვალების თარიღი 19 ნოემბერი, 1557, (17 წლის)
ლივორნო, ტოსკანა
ეროვნება იტალიელები
რელიგია კათოლიციზმი
მშობლები მამა: კოზიმო I მედიჩი
დედა: ელეონორ ტოლედოელი

ბიოგრაფია

რედაქტირება

მარია დაიბადა 1540 წლის 3 აპრილს ფლორენციაში. იგი იყო ტოსკანის ჰერცოგ კოზიმო I-ისა და მისი პირველი მეუღლის, ელეონორ ტოლედოელის პირველი შვილი. მას მხოლოდ ერთი უფროსი ნახევარ-და ჰყავდა მამის ხაზით, სახელად ბია, რომელიც 1542 წელს გარდაიცვალა. მის მშობლებს მის შემდეგ კიდევ ათი საერთო შვილი ეყოლათ, მამამისს კი მათ გარდა კიდევ სამი არალეგიტიმური შვილი ჰყავდა.

კოზიმო I-სა და ელეონორ ტოლედოელს მართალია მრავალი შვილი ჰყავდათ, თუმცა თითქმის ყველა ან ჩვილობაში დაიღუპა, ან უბრალოდ ძალიან ადრე. მაგალითად: სამი ბავშვი ჩვილობაშივე გარდაიცვალა, თავად მარიაც არასრულწლოვანი იყო როცა დაიღუპა, მისი და, ლუკრეციაც ადრეულ ასაკში მოწამლეს, 34 წლის იზაბელა მოკლეს, ფრანჩესკო იდუმალ პირობებში, ასევე ახალგაზრდა გარდაიცვალა და ა.შ. მხოლოდ ფერდინანდო იყო, რომელმაც შედარებით დიდხანს იცოცხლა და ისეთი შთამომავლობაც დატოვა, რომლებმაც გააგრძელეს დინასტია.

მარია თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე განათლებული გოგონა იყო. იგი განათლებას თავის ძმებთან ერთად იღებდა ვეჩოს ვილაში. მათ მასწავლებლებს შორის აღსანიშნავია ფრანჩესკო რიჩო და ანტონიო და ბარგა. მარიას თავისუფლად შეეძლო ლათინურად, ფრანგულად, ესპანურად და ბერძნულად საუბარი. 1557 წელს, როდესაც იგი სულ ჩვიდმეტი წლის იყო, დანიშნეს ფერარას, მოდენასა და რეჯოს ჰერცოგ ალფონსო II-ზე. როდესაც მარია ალფონსოსთან ჩასასვლელად დაიძრა, გზად დიდი ჭაობების გავლა მოუწია, სადაც მალარია შეეყარა და ამავე წლის 19 ნოემბერს, გზაში, ქალაქ ლივორნოში გარდაიცვალა და აქვე დაკრძალეს. ამის შემდეგ ალფონსომ მის მეორე დაზე, ლუკრეცია მედიჩიზე იქორწინა, რომელიც მალევე მოაწამვლინა და ავსტრიელ ერცჰერცოგინიაზე იქორწინა. მისმა ძმამ, ფრანჩესკო I-მა მის პატივსაცემად დაარქვა სახელი თავის ასულ მარიას, რომელიც შემდგომში საფრანგეთისა და ნავარის დედოფალი გახდა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Murphy, Caroline P. (2008). Murder of a Medici Princess. USA: Oxford University Press. ISBN 0-19-531439-5
  • Staley, Edgcumbe The Tragedies of the Medici
  • Schultes, Lothar (2017): "Der Tod und das Mädchen – Bia oder Maria de' Medici?" In: Mitteilungen der Gesellschaft für vergleichende Kunstforschung in Wien, 69, Nr. 1/2, February 2017, p. 1– 6.