ზალცბურგი
ზალცბურგი (გერმ. Salzburg) — ავსტრიის სიდიდით მეოთხე ქალაქი ვენის, გრაცისა და ლინცის შემდეგ; არის ამავე სახელწოდების ფედერალური მხარის დედაქალაქი. მდებარეობს ზალცბურგის დაბლობზე, მდინარე ზალცახის ორივე ნაპირზე. ზალცბურგს ჩრდილო-დასავლეთით ესაზღვრება ბავარიაში მდებარე ქალაქი ფრაილასინგი, დანარჩენი მხრიდან კი მთლიანად ზალცბურგ-უმგებუნგის ოლქი (Salzburg-Umgebung) აკრავს გარშემო.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ზალცბურგი Salzburg | |||||
ზალცბურგის პანორამა | |||||
| |||||
ქვეყანა | ავსტრია | ||||
ფედერალური მხარე | ზალცბურგი | ||||
შიდა დაყოფა | Aigen, Altstadt, Elisabeth-Vorstadt, Gneis, Gneis Süd, Gnigl, Itzling, Itzling Nord, Kasern, Langwied, Lehen, Leopoldskron-Moos, Liefering, Maxglan, Maxglan West, Morzg, Mülln, Neustadt, Nonntal, Parsch, Riedenburg, Salzburg-Süd, Schallmoos, Taxham, Hellbrunn, Heuberg და Gaisberg | ||||
კოორდინატები | 47°48′00″ ჩ. გ. 13°02′00″ ა. გ. / 47.80000° ჩ. გ. 13.03333° ა. გ. | ||||
ბიურგერმაისტერი | ჰაინც შადენი | ||||
პირველი ხსენება | ძვ. წ. 15 | ||||
ადრეული სახელები | იუვავუმი | ||||
ფართობი | 65,7 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 424 მ | ||||
მოსახლეობა | 148 521 კაცი (2012, 1 იანვარი) | ||||
სიმჭიდროვე | 2 262,66 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||||
სატელეფონო კოდი | 0662 | ||||
საფოსტო ინდექსი | 5020, 5023, 5026, 5061, 5071, 5081, 5082 | ||||
საავტომობილო კოდი | S | ||||
ოფიციალური საიტი | stadt-salzburg.at | ||||
488 წლიდან დაიწყო ამავე ადგილას მდებარე რომაული ქალაქის, იუვავუმის დასუსტება. 696 წელს ზალცბურგი ხელახლა დაარსდა, როგორც საეპისკოპოსო ცენტრი, 798 წლიდან კი იგი უკვე მთავარეპისკოპოსის სარეზიდენციო ქალაქია. ზალცბურგის მთავარი საშემოსავლო რესურსი იყო მარილის მოპოვება და ვაჭრობა, ასევე დამატებით წყაროს წარმოადგენდა ოქროს მოპოვებაც. ქალაქის სიმბოლო, ჰოენზალცბურგი დღევანდელ ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი ციხესიმაგრეა და მისი ძირითადი ნაწილი XI საუკუნეშია აგებული. XVII საუკუნიდან, მთავარეპისკოპოს ვოლფ დიტრიხისა და მისი შთამომავლების პერიოდში, ზალცბურგმა, როგორც მთავარეპისკოპოსთა რეზიდენციამ, თავისი ძირითადი ბრწყინვალება შეიძინა. ამ პერიოდში აიგო ჰელბრუნის სასახლე და მისი პარკი, შადრევნები და მთავარი გამზირები ქალაქში. ყველაზე ცნობილ ზალცბურგელად ასახელებენ 1756 წელს აქ დაბადებულ ვოლფგანგ ამადეუს მოცარტს, რის გამოც ქალაქს ზედმეტი სახელითაც მოიხსენიებენ — „მოცარტშტადტი“ (გერმ. Mozartstadt, მოცარტის ქალაქი); მოცარტის სახელს ატარებს ასევე ზალცბურგის აეროპორტიც. ზალცბურგის ძველი ქალაქი მისი მსოფლიოში განთქმული ბაროკოს არქიტექტურით გერმანულენოვანი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესოდ შემონახული ქალაქის ცენტრია და 1996 წლიდან იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი.
დღეს ზალცბურგში ხშირად ტარდება გამოფენები და კონგრესები, ქალაქში მრავლადაა სავაჭრო და სხვადასხვა მომსახურების ობიექტები, ასევე განვითარებულია ტურიზმიც. საერთაშორისო მნიშვნელობას ქალაქს, სხვა მრავალთან ერთად, ანიჭებს ზალცბურგის ფესტივალები, რომელთა წყალობითაც ზალცბურგს კიდევ ერთი ზედმეტი სახელი — „ფესტშპილშტადტი“ (Festspielstadt, ფესტივალის ქალაქი) დაუმკვიდრდა. ხელსაყრელი მდებარეობის გამო, ზალცბურგზე გადის ევროპის რამდენიმე საერთაშორისო მაგისტრალი, როგორც ტრანსალპური, ისე აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით. ქალაქი გამოირჩევა ალპური ბუნებით. ზალცბურგი ასევე სტუდენტური ქალაქია ქვეყნის სამი უმსხვილესი უნივერსიტეტით.
გეოგრაფია
მდებარეობა
ზალცბურგი მდებარეობს ალპების უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში, ზალცბურგის დაბლობის ცენტრში. ქალაქის ისტორიული ნაწილი მდინარე ზალცახის ნაპირზეა გაშენებული და შემოსაზღვრულია ფესტუნგსბერგის, მენხსბერგის მთებითა და ამ უკანასკნელის დასავლეთის გაგრძელებით — რაინბერგით.
ძველი ქალაქის აღმოსავლეთით, ზალცახის მარჯვენა სანაპიროზე აღმართულია მთა კაპუცინერბერგი, ქალაქის სამხრეთით ჰელბრუნის მთა და მორცგის გორაკი, ალტლიფერინგის უბნის დასავლეთით კი მდებარეობს გორა გრაფენჰიუგელი. ზალცბურგს სამხრეთ-დასავლეთიდან ესაზღვრება 1853 მეტრი სიმაღლის მთა უნტერსბერგი, რომელზეც მოწყობილია ფუნიკულიორი. ლანდშაფტში დომინირებს ასევე დასავლეთით მწვერვალი ჰოხშტაუფენი, სამხრეთით კი შტაინბერგის მთები გელის მწვერვალით, ჰაგენგებირგესა და ტენენგებირგეს მთიანი მასივები. ქალაქის აღმოსავლეთით მდებარე 1288 მეტრი სიმაღლის მთა გაისბერგი და ზალცკამერგუტის მთები ზალცბურგის დაბლობის საზღვარს ქმნიან. ჩრდილოეთიდან ქალაქის საზღვრამდე აღწევს პლაინბერგის მთის განშტოება მასზე აღმართული მარია-პლაინის კათოლიკური ბაზილიკით. ჩრდილო-აღმოსავლეთით ფლახგაუს (ზალცბურგ-უმგებუნგის) ბორცვიანი ლანდშაფტი უერთდება ალპების მთისწინეთს. მდინარე ზალცახისა და ზაალახის დახურული ჭალის ტყის სარტყელი ჩრდილოეთით ქალაქის საზღვრებში იჭრება.
ზაალახის დასავლეთით მდებარე ჭალის ტყე და მის უკან არსებული გორაკ ბორცვები, ე. წ. ჰეგლი (Högl), უკვე ბავარიის ტერიტორიაა და ბერხტესგარდენერ-ლანდის რაიონს ეკუთვნის. ჩრდილო-დასავლეთით ზალცბურგის უბან ლიფერინგ-როტს ესაზღვრება ბავარიული ქალაქი ფრაილასინგი და მისგან მხოლოდ მდინარე ზაალახითაა გამოყოფილი.
ზალცბურგის დაბლობში მდებარე ძველი ქალაქის სიმაღლე ზღვის დონიდან 420-დან 426 მეტრამდე მერყეობს. ქალაქის უმაღლესი წერტილია 1288 მეტრი სიმაღლის მწვერვალი გაისბერგის მთაზე, ყველაზე დაბალი კი ზაალახის სანაპიროა, რომლის სიმაღლეც 404 მეტრია. ზალცბურგის თემს სულ 65,68 კმ² ფართობის ტერიტორია ეკუთვნის. აქედან 2238 ჰექტარი განაშენიაბულია (34%), 53 ჰექტარი სატრანსპორტო გზებს უკავია (7,7%), 1080 ჰა — ტყეებს (16,5%), ხოლო 342 ჰა — წყლებს (5,2%)[1].
უბნები
დღეს ზალცბურგი ისტორიული კადასტრული თემური დაყოფისაგან დამოუკიდებლად შედგება 24 უბნისაგან (Stadtteil) და სამი მოსაზღვრე ლანდშაფტური რაიონისაგან. ქალაქის ისტორიულ ცენტრს ქმნის მდინარე ზალცახის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროზე გაშენებული ზალცბურგის ალტშტადტი (გერმ. Altstadt, ძველი ქალაქი), რომელსაც ეკვრის შუა საუკუნეების დროინდელი, დღეს უკვე ცენტრად ქცეული გარეუბნები მიულნი და ნონტალი.
დაახლოებით 1900 წლისათვის ალტშტადტის აღმოსავლეთით გაჩნდა უბანი რიდენბურგი. მარჯვენა სანაპიროზე მდებარე დანგრეული ძველი ბასტიონისა და ყაზარმის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა ანდრეფირტელის უბანი, იგივე ნოიშტადტი. ცენტრალური სადგურის დასავლეთით შეიქმნა უბანი ელიზაბეთ-ფორშტადტი, მიულნის ჩრდილოეთით კი — ლეენი.
უბნები აიგენი, პარში, იცლინგი და გნაისი არსებითად 1900 წლის შემდგომ პერიოდში აშენდა. შემდგომში გარეუბნებად ქცეული თავდაპირველი სოფლები, მაქსგლანი დასავლეთით, ლიფერინგი ჩრდილო-დასავლეთით, გნიგლი აღმოსავლეთით და მორცგი სამხრეთით ქალაქის უბნებად პირველ და მეორე მსოფლიო ომებს შორის პერიოდში იქცნენ. ამავე პერიოდში შექმნეს მოოსის ქუჩის გასწვრივ წარმოქმნილმა გრძივმა დასახლებებმა ლეოპოლდსკრონ-მოოსის უბანი.
1950 წლის შემდეგ შეიქმნა ყველაზე ახალი ურბანული უბანი ზალცბურგ-ზიუდი, რომელიც სამ ნაწილად იყოფა: იოზეფიაუ, ჰერნაუ და ალპენზიდლუნგი. ქალაქის შემოგარენში არსებული სოფლების შემოერთების შედეგად ჩამოყალიბდა ასევე უბნები ლანგვიდი, კაზერნი, ტაქსჰარმი და შალმოოსი XX საუკუნის შუა წლებში, ასევე იცლინგ-ნორდის უბანი ჩრდილოეთში, რომელიც ზალცბურგის საზღვრებს გარეთ არსებულ ბერგჰაიმის თემს უშუალოდ ესაზღვრება. გნაისის სამხრეთით მდებარეობენ ასევე მცირე და ახალი დასახლებები აიხეტჰოფზიდლუნგი და ბირკენზიდლუნგი, რომლებიც გნაის-ზიუდის სახელით არიან გაერთიანებულნი. აეროპორტის სამხრეთით მდებარეობს უბანი მაქსგლან-ვესტი, რომელსაც ეკუთვნის ქენდლერზიდლუნგის დასახლება და ყოფილი მცირე სოფლები პოინტინგი და ლოიგი. კენდლერზიდლუნგის გაგრძელება უკვე სცდება ზალცბურგის ფარგლებს და ვალს-ზიცენჰაიმის თემს მიეკუთვნება; პოინტინგი და ლოიგი კი ვალსერ-ჰიმელრაიხს უკავშირდება. გარდა საცხოვრებელი უბნებისა, ზალცბურგის შემადგენლობაში შედის დახურული ლანდშაფტური ზონები: ჰელბრუნი, ასევე გაისბერგისა და ჰოიბერგის მთები[2].
კადასტრული თემები
ზალცბურგი 14 ისტორიული კადასტრული თემისაგან შედგება: ზალცბურგი, მაქსგლანი, მორცგი, გნიგლი, იცლინგი, აიგენ I, ლიფერინგ I და ლეოპოლდსკრონი, ასევე გარეუბნებში მდებარე ბერგჰაიმ II, გაისბერგ I, ჰოიბერგ I, ჰალვანგ II, ზიცენჰაიმ II და ვალს II. ქალაქის უბნების დღევანდელი დასახელებები დიდწილად ემთხვევა სწორედ კადასტრული თემების სახელწოდებებს, რომელთა საზღვრებიც ძირითადად XIX საუკუნის დასაწყისში ჩამოყალიბდა. სახელწოდება აიგენ I მიუთითებს, რომ თავდაპირველი თემი აიგენის დიდი ნაწილი თანდათანობით ქალაქ ზალცბურგს შეუერთდა, მისი მეორე მცირე ნაწილი კი 1935—1939 წლებში აიგენ II-ის სახელწოდებით მეზობელ ელსბეთენის თემში გაერთიანდა.
ისტორია
ადრეული ისტორია და ბავარიული ეპოქა
ქალაქის ტერიტორია ნეოლითის პერიოდიდან დღემდე ყოველთვის დასახლებული იყო. ლატენის კულტურის დროს ზალცბურგი წარმოადგენდა კელტური სახელმწიფო ნორიკუმის ადმინისტრაციულ ცენტრს. ძვ. წ. 15 წელს რომაელთა შემოჭრის შემდეგ ქალაქის მთებზე მცხოვრები მოსახლეობა, რომაული ქალაქის გეგმარების წესების შესაბამისად, დღევანდელი ქალაქის ცენტრის — ალტშტადტის ტერიტორიაზე ჩამოსახლდა. ახალი ქალაქი რომის იმპერატორ კლავდიუსის შემდეგ მუნიციპიუმ კლავდიუმ იუვავუმის სახელწოდებით უკვე რომაული პროვინცია ნორიკუმის ერთ-ერთ უძლიერეს ქალაქს წარმოადგენდა. 488 წელს, ხალხთა დიდი გადასახლების დასაწყისში ნორიკუმის პროვინციის დაკარგვის შემდეგ რეგიონში დარჩა რომანო-კელტური მოსახლეობის ერთი ნაწილი. VI საუკუნეში ეს ტერიტორია ბავარებმა (ბაიუვარებმა) აითვისეს. დაახლოებით 696 წელს ეპისკოპოსმა რუპერტმა ბავარიის ჰერცოგ თეოდო II-ისაგან მიიღო რომაული ქალაქის ნაშთები აღმოსავლეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთში სამისიონერო საქმიანობის გასამართავად. მან განაახლა წმინდა პეტრეს მონასტერი და დააარსა ნონბერგის დედათა მონასტერი. ზალცბურგის მხარემ თავისი გაცხოველებული მარილის მოპოვებითა და ფართომასშტაბიანი სამისიონერო საქმიანობით მალე მოიპოვა გავლენა და ძალაუფლება შიდა ბავარიაზე[3]. 996 წელს ოტო III-ის დროს ზალცბურგში საბაზრო, სამონეტო და საბაჟო სამართალი ყალიბდება, 1120-1130 წლებიდან უკვე დოკუმენტებში მოიხსენიება ქალაქის მოსამართლე. ქალაქის ყველაზე ძველი დღემდე ცნობილი კანონი 1287 წლიდან მოდის[4].
მთავარეპისკოპოსის სარეზიდენციო ქალაქი
1322 მიულდორფის ბრძოლის შემდეგ მთავარეპისკოპოსსა და ბავარიის მმართველობას შორის მტრული დამოკიდებულება დამყარდა. შედეგად ზალცბურგი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა საღვთო რომის იმპერიაში. XV საუკუნეში ქალაქის ეკონომიკური აყვავება ხელს უწყობდა მოქალაქეობრივი თვითშეგნების განვითარებას მზარდი უფლებებითა და მოვალეობებით. მთავარეპისკოპოსმა ლეონჰარდ ფონ კოიჩახმა, რომელმაც ეკონომიკურად დიდ წარმატებას მიაღწია, საბოლოოდ ძალისმიერი გზით წერტილი დაუსვა ამ ავტონომიას. მარტინ ლუთერის თეზისების გავრცელებიდან მალევე ქალაქის მოსახლეობის დიდი ნაწილი პროტესტანტიზმისაკენ გადაიხარა, შემდგომ კი, 1590 წლამდე შეურყეველი პროტესტანტები მთელი რეგიონის მასშტაბით გავრცელდნენ. მთავარეპისკოპოსის ავტორიტარული ხელისუფლების კრიტიკა კოიჩახის პერიოდში კიდევ უფრო გაიზარდა. 1525 წელს აჯანყებულმა ღარიბებმა და გლეხებმა ალყაში მოაქციეს ჰოენზალცბურგის ციხესიმაგრე, რომელშიც მთავარეპისკოპოსი მატთოის ლანგ ფონ ველენბურგი იყო გამაგრებული. საბოლოოდ აჯანყებულები მხოლოდ შვაბთა კავშირის დაქირავებული ჯარების საშუელებით აიძულეს, უკან დაეხიათ. 1600 წლისათვის მთავარსაეპისკოპოსო მარილისა და ოქროს მოპოვების წყალობით მაშინდელ გერმანულ-რომაული იმპერიის უმდიდრეს სამთავროთა რიცხვს მიეკუთვნებოდა. ამ პერიოდში მოახდინა ეპისკოპოსმა ვოლფ დიტრიხ ფონ ვაიტერაუმ ალტშტადტის (ცენტრის) რეკონსტრუქცია[5]. დიდი გვიანრომანული სტილის ტაძარი დაანგრიეს და მთავარეპისკოპოს მარკუს სიტიკუსის თაოსნობით ახალი ააშენეს ადრეული ბაროკოს სტილში[6].
მთავარეპისკოპოს პარის ფონ ლოდრონის ჭკვიანურმა ნეიტრალურმა პოლიტიკამ მოახერხა ის, რომ ზალცბურგი გამოეთიშა ოცდაათწლიან ომს. ამ პერიოდში ზალცბურგი იქცა ერთ-ერთ ყველაზე კარგად გამაგრებულ ქალაქად ევროპაში[7].
ზალცბურგი მალევე იქცა კონტრრეფორმაციის ცენტრად; აშენდა მონასტრები, სასულიერო სემინარია და არაერთი ბაროკოს სტილის ეკლესია, მოსახლეობის დიდი ნაწილი საერო საძმოებში ერთიანდებოდა[8]. 1732 წელს ეპისკოპოსმა ლეოპოლდ ანტონ ფონ ფირმიანმა ზალცბურგში დარჩენილი პროტესტანტების დიდი ნაწილი აიძულა გადასახლებულიყო.
მთავარეპისკოპოს ჰიერონიმუს ფონ კოლორედოს მმართველობის დროს 1772-1800 წლებში ზალცბურგი გვიანი განმანათლებლობის ცენტრად იქცა, სადაც მეცნიერება და ხელოვნება ზენიტში იყო[9].
ავსტრიის ნაწილი
1803 წელს ზალცბურგი ნაპოლეონის განაწილებით სეკულარიზებული საკურფიურსტო გახდა, 1805 წელს ბერხტესგადენთან ერთად ავსტრიის იმპერიას შეუერთდა, ხოლო 1810 წელს კვლავ ბავარიის სამეფოს შემადგენლობაში შევიდა[10]. 1800, 1805 და 1809 წლებში ზალცბურგი ნაპოლეონის ჯარებს ეკავა და იძარცვებოდა.
1816 წელს ქალაქის დიდი ნაწილი კვლავ ავსტრიის იმპერიის შემადგენლობაში აღმოჩნდა. თავდაპირველად ზალცბურგი მცირე მნიშვნელობის ზემო ავსტრიული ქალაქი იყო, რომლითაც მცირე რაოდენობით საკურორტო დამსვენებლების გარდა მხოლოდ რამდენიმე მხატვარი და მწერალი ინტერესდებოდა. ქალაქის სილამაზით აღფრთოვანებული ეს დამსვენებლები ავრცელებდნენ ინფორმაციას ზალცბურგის შესახებ, რაც ხელს უწყობდა თანდათან მის ტურისტულ ცენტრად ქცევას. 1860 წელს დაიწყეს ქალაქის გალავნისა და სხვა სიმაგრეთა დანგრევა. იმავე წელს იზეიმა ზალცბურგის მოსახლეობამ ვენა-ზალცბურგისა და ზალცბურგი-მიუნხენის რკინიგზის ხაზების გახსნა. ეს ხელს უწყობდა ქალაქის ზრდასა და ვაჭრობის გაჩაღებას[11]. პირველი მსოფლიო ომის დასრულებამ ზალცბურგშიც შიმშილი გამოიწვია, რაც ეკონომიკამ მხოლოდ ეტაპობრივად მოაგვარა.
1935 წლიდან 1939 წლამდე ზალცბურგს მიუერთდა რამდენიმე მეზობელი დასახლება. ნაცისტური რეჟიმის პერიოდში 1938 წლიდან ქალაქში დაიწყო დაპატიმრებები და გადასახლებები პოლიტიკური მოწინააღმდეგეებისა, ებრაელებისა და სხვა უმცირესობებისა. 1944-1945 წლებში აშშ-ის მიერ განხორციელებულმა დაბომბვამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ზალცბურგს. 1945 წელს ქალაქი გადაარჩინა პოლკოვნიკმა ჰანს ლეპერდინგერმა დაუმორჩილებლობის გამოცხადებით, რის შედეგადაც ამერიკელებს ქალაქი უბრძოლველად გადასცა. ომის შემდეგ ზალცბურგი ამერიკის ობერკომანდოსის შტაბი იყო. ომის შემდგომ პირველ წლებში ქალაქი გამოირჩეოდა სიღარიბის გამო დევნილთა სიმრავლით. მხოლოდ ეტაპობრივად მოხერხდა მათი ბარაკების ჩანაცვლება ახალ უბნებში აგებული საცხოვრებლებით. 1962 წელს ხელმეორედ გახსნეს 1810 წელს გაუქმებული უნივერსიტეტი. შემდეგ წლებში ზალცბურგი წარმატებულ ქალაქად იქცა ვაჭრობის, სამართლისა და ტურიზმის სფეროებში[12].
მოსახლეობა
დემოგრაფია
1550 წლისათვის ზალცბურგის მოსახლეობა დაახლოებით 8 000 მცხოვრებს ითვლიდა. XVII საუკუნის პირველ ნახევარში მოსახლეობა უმნიშვნელოდ, მეორე ნახევარში კი მნიშვნელოვნად გაიზარდა. 1795 წელს, საეპისკოპოსოს მოშლიდან ცოტა ხანში, მოსახლეობა 16 837 კაცს შეადგენდა. 1817 წელს, ნაპოლეონის პერიოდის შემდეგ, რომელიც დაპყრობებით, ძარცვითა და დამცირებებით იყო გამორჩეული, მოსახლეობის რაოდენობა 12.037-მდე შემცირდა. 1860 წლის შემდეგ ეკონომიკური წინსვლის შედეგად მოსახლეობის ზრდის ტემპმა იმატა და კიდევ უფრო გაიზარდა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ. 1934 წელს ჯერ კიდევ ქალაქის პატარა ტერიტორიაზე უკვე 40.232 ადამიანი ცხოვრობდა.
1935-1939 წლებში რამდენიმე მიმდებარე დასახლების ქალაქში შემოერთების შედეგად მოსახლეობა ნახტომისებურად 77.170-მდე გაიზარდა. მეორე მსოფლიო ომმა დიდი დანაკარგები გამოიწვია როგორც ზალცბურგიდან გაწვეულ ჯარისკაცთა შორის, ისე სამოქალაქო მოსახლეობაში. ამერიკული ოკუპაციის პირობებში 1955 წლამდე მოსახლეობა კვლავ მატულობდა. 15 000 დევნილის ზალცბურგში დასახლების შედეგად მცხოვრებთა რაოდენობამ 1947 წელს 99.244 შეადგინა, ეკონომიკურმა წინსვლამ 1970 წლამდე ასევე მოსახლეობის მნიშვნელოვანი მატება გამოიწვია. 1979 წლიდან 1990 წლამდე ზალცბურგის მოსახლეობა თითქმის უცვლელი დარჩა, მომდევნო 18 წლის განმავლობაში კი დაახლოებით 12 000 მცხოვრებით გაიზარდა[13][14].
მოსახლეობის შემადგენლობა
ბავშვების საშუალო რაოდენობა 36 396 საშუალოდ შეადგენს 0,97-ს[1]. მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა პროგნოზი მიმდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობის შემოდინებისა და იმიგრაციისა, დღევანდელი ქალაქის მდგომარეობა მეტყველებს იმაზე, რომ მოსახლეობის რაოდენობა უცვლელი რჩება ან კლებულობს[15].
ზალცბურგის მოსახლეობის 77% ავსტრიაშია დაბადებული. ბოსნიასა და ჰერცეგოვინაშია დაბადებული ქალაქის მცხოვრებთა 4,1%, სერბეთსა და მონტენეგროში — 4%, გერმანიაში — 3,9%, ევროკავშირის სხვა სახელმწიფოებიდან კი — 2,9%. მოსახლეობის 2% თურქეთიდანაა გადმოსახლებული. უცხოეთში დაბადებულთა ყველაზე დიდი წილით — 36,9%-ით გამოირჩევა ელიზაბეთ-ფორშტადტის უბანი, შალმოოსში კი 35% უცხოელია. დიდი რაოდენობით არაავსტრიელი ცხოვრობს ასევე ლეენში. ამ უბნის სამხრეთ ნაწილში მცხოვრებთა 15% ისლამის მიმდევარია. უცხოელთა ყველაზე ნაკლები წილია ლეოპოლდსკრონ-მოოსის უბანში[1].
ქალაქის მოსახლეობის 13% 15 წელზე უმცროსია, 69% 15-სა და 64 წელს შორისაა, 18% კი 64 წელზე უფროსია. ბავშვებისა და მოზარდების წილი 15 წელს ქვემოთ ყველაზე მაღალია მაქსგლანისა და მაქსგლან-ვესტის გარეუბნებში (21%), უფროსებისა კი რიდენბურგში (22%). მოზარდთა ყველაზე დიდი წილი შრომისუნარიან ასაკში ალდშტადტის მარჯვენა ნაპირზეა (80%)[16].
რელიგია
ზალცბურგი ცნობილია ძლიერი კათოლიკური ეკლესიით. 1803 წელს საეპისკოპოსოს გაუქმებამდე ზალცბურგში ეკლესია და სახელმწიფო ერთ მთლიანობას წარმოადგენდნენ. კათოლიკური ეკლესიის სიძლიერეზე მეტყველებს ევანგელური და ებრაული თემებისა და ანაბაპტისტების სიძნელეები ქალაქში. ზალცბურგის ქალაქის ლანდშაფტში ჭარბობს კათოლიკური ეკლესიების სამრეკლოები; ამ ყველაფრის გამო ქალაქი XIX საუკუნემდე გერმანული რომის სახელს ატარებდა. მხოლოდ 1781 და 1782 წლების ტოლერანტობის ედიქტებით მიეცათ თავისუფალი რელიგიიური აღმსარებლობის უფლება მართლმადიდებლებს, პროტესტანტებსა და იუდეველებს. XX საუკუნის მეორე ნახევრიდან, ომის მიერ გამოწვეული დევნისა და მიგრაციის შედეგად, ქალაქში მომრავლდნენ სხვადასხვა რელიგიის მიმდევარები. 2001 წელს ყველაზე მრავალრიცხოვანი კვლავ კათოლიკები იყვნენ და შეადგენდნენ მოსახლეობის 55,4%-ს. 2001 წლის შემდეგ ზალცბურგში, ისევე როგორც დანარჩენ ავსტრიაში, კათოლიკეთა რაოდენობა შემცირდა[17]. 2001 წელს რაოდენობით კათოლიკებს მოსდევდა მოსახლეობა რელიგიური რწმენის გარეშე, რომელთა წილიც 17,1%-ს შეადგენდა, მცოვრებთა 6,5%-ის მრწამსი კი უცნობი იყო[18]. სიდიდით მესამე ჯგუფს ქმნიდნენ მუსლიმები (6,8%), მეოთხე ადგილზე კი ევანგელისტები იყვნენ 6,7%-ით. ეს უკანასკნელი რელიგიური გაერთიანება სამ სამწყსოდაა დაყოფილი და თავისი ტაძრები გააჩნია ნოიშტადტის, გნაისისა და ტაქსჰაიმის უბნებში. მართლმადიდებელ ქრისტიანთა საზოგადოებას (სერბული, რუმინული და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიები) ეკუთვნის მოსახლეობის 5,3%. რუსული მართლმადიდებლური ეკლესია დგას ლეენის უბანში, ხოლო რუმინული — შალმოოსის აღმოსავლეთ ნაწილში.
ზალცბურგის მოსახლეობის 1,6%-ს შეადგენენ ძველი კათოლიკები, მეთოდისტები, ნეოაპოსტოლური მრწამსის მიმდევრები, მორმონები, იეჰოვას მოწმეები და სხვა. არსებობს ასევე მენონიტებისა და ბაპტისტების თემებიც[19]. კათოლიკური ეკლესია მართლმადიდებლურ, ევანგელისტურ, ძველ კათოლიკურ ეკლესიებსა და მეთოდისტებს შორის აწარმოებს დიალოგს ოკუმენური რაიონების შესახებ; რეგულარულად აღესრულება საერთო ღვთისმსახურება.
ისეთი რელიგიების მიმდევარნი, როგორიცაა ბუდიზმი, ბაჰაიზმი, ინდუიზმი და სიქიზმი, საერთო ჯამში მოსახლეობის 0,7%-ს შეადგენენ. ზალცბურგელთა 0,06% არის წევრი ისრაელის კულტურული თემისა, რომელსაც ეკუთვნის ზალცბურგის სინაგოგა. სამი მეჩეთის გვერდით, რომლებიც შალმოოსში, იცლინგსა და ნოიშტადტში მდებარეობენ, შალმოოსში დგას ასევე სიქისტთა ტაძარი გურდვარა. ბუდისტური სამლოცველოები მდებარეობენ ალტშტადტის მარჯვენა ნაპირზე და, ლეენსა და ლიფერინგში.
პოლიტიკა
ადგილობრივი პოლიტიკა 1880 წლის შემდეგ
პოლიტიკური ძალების გამოღვიძების დროიდან მონარქიის დასრულებამდე ზალცბურგი გამოირჩეოდა პოლიტიკურად მზარდი ანტილიბერალიზმით. ქალაქში იყო მძლავრი კლერიკალური და გერმანულ-ნაციონალური ძალები, რომლებიც ძირითადად დაქუცმაცებულნი და ერთმანეთის მიმართ მტრულად განწყობილნი იყვნენ. რობერტ პროისლერი 1914 წელს იყო პირველი სოციალ-დემოკრატი ზალცბურგის სათემო საბჭოში. გადაჭარბებულმა დანახარჯებმა 1890 წლისათვის თითქმის ქალაქის ფინანსური ნგრევა გამოიწვია. მონარქიის დამხობის შედეგად ზალცბურგის სათემო საბჭო გათავისუფლდა იმპერიული ცენტრალური ხელისუფლებისაგან. საბჭოს წევრთა რაოდენობა 30-დან 40-მდე გაიზარდა. ქრისტიან-სოციალები, სოციალ-დემოკრატები და გერმანელ-ნაციონალები შედეგად ფლობდნენ ხმების დაახლოებით ერთნაირ წილს. ავსტრიის ფედერალური სახელმწიფოსა და ნაციონალ-სოციალისტური ავტორიტარული რეჟიმის პირობებში ადგილობრივი მმართველობა თითქმის აღარ იყო თავისუფალი და ექვემდებარებოდა დიქტატურას.
ადგილობრივი პოლიტიკა 1945 წლის შემდეგ
ომის შემდგომი პირველი წლები გამოირჩევა ავსტრიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის მჭიდრო თანამშრომლობით ქალაქის ბიურგერმაისტერ (მერ) ანტონ ნოიმაირთან, ავსტრიის სახალხო პარტიასთან და ავსტრიის კომუნისტურ პარტიასთან. 1957 წლიდან 1970 წლამდე ქალაქის ადგილობრივ მთავრობას მეთაურობდა ალფრედ ბეკი.
1972 წელს პირველად გავიდა ზალცბურგელ მოქალაქეთა ინიციატივები არჩევნებზე. დაგეგმილი იყო ფრაიზაალისა და ჰელბრუნის გამზირის ლანშაფტური ბაღის ობსტრუქცია. ერთი მხრივ დიდ მასშტაბზე უნდა შენარჩუნებულიყო ქალაქის მწვანე სივრცე, მეორე მხრივ კი უნდა აგებულიყო ახალი ფრაიზაალის უნივერსიტეტი. ახალმა კონფლიქტმა მშენებლობასა და ლანდშაფტის დაცვას შორის, რომელიც დღემდე გრძელდება, 1976 წელს ხელი შეუშალა საგზაო ქსელის დაგეგმილ გაფართოებას. 1984 წელს გაზეთი „ზალცბურგერ ნახრიხტენი“ იტყობინებოდა, რომ „ის, რასაც წლების განმავლობაში საზოგადოებრივ კეთილდღეობის სახელით ზეიმობდნენ — კერძოდ ხალხისთვის ჭერის შექმნა, გარდაიქმნა და ქალაქის ლანდშაფტის კიბოდ იქცა“[20].
1965 წელს ხელოვნების ისტორიკოსი ჰანს ზედლმაირი მიუთითებდა ქალაქის ძველი უბნის, ალტშტადტის ნგრევის პროცესზე. მხარის მმართველმა (ლანდესჰაპტმანი) ჰანს ლეხნერმა, სამოქალაქო ინიციატივეის მხარდაჭერით, 1967 წელს იზრუნა პირველი დაცული ანსამბლისათვის. 1980 წელს მსახიობ ჰერბერტ ფუქსის, მხატვარ ვილჰემ კაუფმანისა და რიხარდ ჰერლის სამოქალაქო ინიციატივების შედეგად გაუმჯობესდა ალტშტადტის დაცვა[21].
ზალცბურგის პოლიტიკის საკამათო პუნქტად დარჩა მზარდი შიდასაქალაქო საავტომობილო მოძრაობა. შიდაქალაქის ასოციაცია (Innenstadtgenossenschaft) 1960 წლის შემდეგ ეწინააღმდეგებოდა ალტშტადტში დაგეგმილ ფეხით მოსიარულეთა ზონის მშენებობასა და მოძრაობისათვის ხელის შეშლას. მას შემდეგ, რაც თანდათან საჯარო ტრანსპორტს მიენიჭა უპირატესობა, ძირითადად მოქალაქეთა ინიციატივით, 1970 წლიდან 1994 წლამდე 22 ქუჩაზე ავტობუსებისთვის ცალკე სამოძრაო ზოლი გაკეთდა.
1999 წლიდან ზალცბურგის ბიურგერმაისტერი (მერი) ხალხის მიერ პირდაპირი გზით აირჩევა. ამ პერიოდიდან ბიურგერმაისტერის თანამდებობა ჰაინც შადენს (სოციალ-დემოკრატიული პარტია) უკავია. მისი პირველი მოადგილე 2009 წლიდან ავსტრიის სახალხო პარტიის წარმომადგენელი ჰარალდ პროინერია, მეორე მოადგილე კი მარტინ პანოში სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან; საკრებულოს წარმომადგენლები არიან კლაუდია შმიდტი (სახალხო პარტია) და იოჰან პადუჩი (მოქალაქეთა სიებიდან)[1].
ქალაქის მმართველობა
თემის საბჭო შედგება სულ 40 წევრისაგან. ერთი ბიურგერმაისტერის გარდა ქალაქის მთავრობა შედგება მისი ორი მოადგილისა და საკრებულოს ორი წარმომადგენლისაგან, რომლებიც შესაბამისი პარტიის ხმების რაოდენობის მიხედვით (პროპორციული სისტემა) ინიშნებიან. ქალაქის სენატი, რომელიც თემის საბჭოს მუდმივ კომიტეტს წარმოადგენს, უპირველესად სამართლებრივ და ფინანსურ საკითხებზეა პასუხისმგებელი და ოცი წევრისაგან შედგება.
თემის საბჭოს არჩევნები |
30.10. 1949 |
18.10. 1953 |
20.10. 1957 |
14.10. 1962 |
8.10. 1967 |
8.10. 1972 |
2.10. 1977 |
3.10. 1982 |
4.10. 1987 |
4.10. 1992 |
7.3. 1999 |
7.3. 2004 |
1.3. 2009 |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ხმების წილი (%) | 79,3 | 86,5 | 77,6 | 78,5 | 79,7 | 70,7 | 73,2 | 71,4 | 62,3 | 55,2 | 60,5 | 64,8 | 57,5 |
ავსტრიის სოციალ-დემოკრატიული პარტია | 15 | 15 | 16 | 16 | 19 | 17 | 16 | 15 | 21 | 12 | 13 | 19 | 15 |
ავსტრიის სახალხო პარტია | 12 | 14 | 13 | 14 | 13 | 14 | 14 | 12 | 9 | 11 | 11 | 11 | 11 |
ავსტრიის თავისუფლების პარტია* | 12 | 10 | 10 | 9 | 8 | 9 | 8 | 6 | 6 | 6 | 8 | 4 | 5 |
მოქალაქეთა სიები | — | — | — | — | — | — | 2 | 7 | 4 | 7 | 6 | 6 | 7 |
სხვა** |
KPÖ:1 |
KPÖ:1 |
KPÖ:1 |
KPÖ:1 |
— |
— |
— |
— |
— |
ABP:2 LM:2 |
ABP:2 |
— |
TAZL:2 |
* ავსტრიის თავისუფლების პარტიაში მოისაზრება მათი წინამორბედი დამოუკიდებელთა საარჩევნო პარტია; ** KPÖ: ავსტრიის კომუნისტური პარტია, ABP: ავსტრიის მძღოლთა და მოქალაქეთა ინტერესების პარტია, LM: Masopust-ის სია, TAZL: Tazl-ის სია და კოალიცია მომავალი ავსტრიისათვის
პარტნიორობა
პირველი პარტნიორული ხელშეკრულება 1964 წელს გაფორმდა შამპანის ძველ დედაქალაქ რეიმსთან. ეს კულტურული ქალაქი, ისევე როგორც ზალცბურგი, დიდი ხნის განმავლობაში ევროპის სასულიერო ცენტრი იყო. 1967 წელს დაემატა ატლანტა, 1973 წელს კი ვერონა თავისი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეტანილი ქალაქის ძველი ნაწილით. ნიკარაგუის ქალაქი ლეონი ლათინური ამერიკის ერთ-ერთი უღარიბესი ადგილია, რომელსაც ზალცბურგი ეხმარება განვითარების პროექტებით, ისევე როგორც სიგიდა ტანზანიაში. ორივე მათგანი 1984 წლიდან ზალცბურგის პარტნიორი ქალაქებია. რინგიდა, რომელიც 1918 წლამდე გერმანიის აღმოსავლეთ აფრიკას ეკუთვნოდა, მდებარეობს ტურიზმის მიღმა კილიმანჯაროს განშტოებაზე და მნიშვნელოვანია მისი დახმარება. იტალიის ქალაქი ბუსეტო 1988 წლიდან არის პარტნიორი და ზალცბურგთან განსაკუთრებით აკავშირებს თავისი მუსიკალური ტრადიცია. პარტნიორული ხელშეკრულება 1989 წელს გაფორმდა ასევე ვილნიუსთან, აღმოსავლეთი ევროპის აღმოსავლური და რელიგიური კულტურის ცენტრთან.
გერმანიაში საქსონიის დედაქალაქი დრეზდენი 1991 წლიდან აწარმოებს კულტურულ გაცვლა-გამოცვლას ზალცბურგთან აღმოსავლეთ გერმანიაში. იაპონიის ქალაქი კავასაკი 1992 წელს გახდა ზალცბურგის პარტნიორი. 2000 წლიდან ქალაქის კიდევ ერთი პარტნიორია მერანო იტალიის რეგიონ ბოლცანოდან (სამხრეთი ტიროლი). 2004 წელს ზალცბურგმა შანხაისთან დამეგობრებით გააღრმავა ისედაც მრავალმხრივი ურთიერთობა ჩინეთთან.
გერბი
ზალცბურგის გერბი წარმოადგენს ფარს, რომელზეც წითელ ფონზე გამოსახულია ვერცხლისფერი გალავანი ქალაქისა. გალავნის ცენტრში ქალაქის ჭიშკარია, რომლის ორივე კარი ღიაა, ჭიშკრის დამცავი რკინის ბადე კი მაღლაა აწეული. გალავნის უკან მოჩანს ვერცხლისფერი და ექვსკუთხა კოშკი ოქროსფერი სახურავით. მის ორივე მხარეს დგას უფრო ვიწრო, დაბალი ვერცხლისფერი მრგვალი კოშკები ასევე ოქროსფერი წვეტიანი სახურავებით.
დღემდე მოღწეული უძველესი გამოსახულება ზალცბურგის გერბისა აღმოჩენილია ქალაქის ერთ-ერთ ბეჭედზე, რომელიც 1249 წლით თარიღდება. ამ სახით გერბი გამოიყენებოდა XV საუკუნემდე. დღევანდელი გერბი წარმოადგენს უფრო მოგვიანებით შექმნილი გვიანგოთური ქალაქის ბეჭდის განვითარებას. რამდენიმე წლის წინ გამოიყენებოდა დეტალებით უფრო მეტად დატვირთული გერბი, დღეს კი მისი ძლიერ სტილიზებული ვერსია გამოიყენება[13].
ღირსშესანიშნაობები
ზალცბურგის ძველი უბნები: ალტშტადტი, ნოიშტადტი, მიულნი, მენხსბერგი, კაპუცინენბერგი და ასევე ნონტალის ზოგიერთი ნაწილი 1996 წლის 5 დეკემბერს იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიყვანა[22].
ეკლესიები
ბაროკოს სტილის პირველი ეკლესია ალპების ჩრდილოეთით — ზალცბურგის ტაძარი 1614—1628 წლებშია აგებული. უძველესი დღემდე შემორჩენილი მონასტერი გერმანულენოვან სივრცეში არის წმინდა პეტრეს მონასტერი მისივე სახელობის მთავარი ტაძრით, რომელიც ასევე ზალცბურგში მდებარეობს. ნონბერგის სააბატო ნონბერგის ტაძრით მსოფლიოს მასშტაბით უძველესი დედათა მონასტერია, რომელიც დაარსების დღიდან დღემდე უწყვეტად ფუნქციონირებს. თავისი მნიშვნელობით გამორჩეულია კოლეჯის ტაძარი — ბაროკოს სტილის ხუროთმოძღვრის, იოჰან ბერნჰარდ ფიშერ ფონ ელახის უმთავრესი არქიტექტურული ნამუშევარი. ერლახის გეგმით აიგო ზალცბურგში ასევე სამების ტაძარი, წმინდა მარკოზის ტაძარი და იოჰანსშპიტალკირხე. ნონბერგის ტაძრის გარდა გოთური სტილის ნაგებობებს მიეკუთვნება ზალცბურგის ფრანცისკანელთა ეკლესია და ბიურგერშპიტალკირხე. ძველი, მოგვიანებით ბაროკოს სტილში გადაკეთებული ტაძრებია მიქაელის ეკლესია, იმბერგის ეკლესია და მილნის სამრევლო ტაძარი. წმინდა კაეტანისა და ერჰარდის ეკლესიები ნონტალში ბაროკოს ეპოქაში შექმნა ჯოვანი გასპარე ზუჩალიმ[23].
ჰოენზალცბურგის ციხესიმაგრე
ჰოენზალცბურგის ციხესიმაგრის უძველესი ნაწილი 1077 წელსაა აგებული, მაშინ, როცა ინვესტიტურის კონფლიქტების დასაწყისში პაპის ერთგული მთავარეპისკოპოსი გებჰარდი იმპერატორის ერთგული ჯარებისაგან თავის დაცვას ცდილობდა. ციხის წრიული გალავანი გლეხთა პირველი მღელვარებისა და თურქების პირველი მუქარის დროს 1465—1485 წლებში განახლდა და კიდევ უფრო გაძლიერდა 1500 წლისათვის, მთავარეპისკოპოს ლენჰარდ ფონ კოიჩახის მმართველობის დროს. მან ციხესიმაგრეში ააგო ბრწყინვალე პალატა და ციხელმდე ასასვლელად ააგო „რაისცუგი“, მსოფლიოს დღემდე მოღწეული უძველესი ფუნიკულიორი. პარის ლოდრონმა ძველი ციხე შუასაუკუნეების ციხესიმაგრედ აქცია, რომელსაც საარტილერიო ბასტიონის სახით ძლიერი დაცვა გააჩნდა. ციხესიმაგრის ფართობი 7 000 კმ²-ზე მეტს შეადგენს, ბასტიონთან ერთად კი — 14 000 კმ²-ზე მეტს და ევროპის ერთ-ერთ უდიდეს ციხეს წარმოადგენს.
სასახლეები და საერო ნაგებობები
მანიერიზმისა და ბაროკოს ეპოქაში არაერთი მთავარეპისკოპოსი აშენებინებდა ბრწყინვალე საზაფხულო რეზიდენციებს ქალაქის შემოგარენში. მათგან უძველესია ფრაიზაალის სასახლე, რომელიც ეპისკოპოს-ადმინისტრატორმა პრინცმა ერნსტ ბავარიელმა 1549 წელს ააგო.
ვოლფ დიტრიხ ფონ რაიტენაუ 1606-1607 წლებში აშენებდა მირაბელის სასახლეს, რომელსაც მის დროს ალტენაუს სასახლე ეწოდებოდა. მარკუს სიტიკუს ფონ ჰოენემსმა 1613—1615 წლებში ააგო ჰელბრუნის დიდი სასახლე თავისი ლანდშაფტური ბაღით. მთავარეპისკოპოს იოჰან ერნსტ ფონ თუნის მიერ დაწყებული კლესჰაიმის სასახლის მშენებლობა ქალაქის ჩრდილო-დასავლეთით მისი სიკვდილის შემდეგ ლეოპოლდ ანტონ ფონ ფირმიანმა განაგრძო. იოჰან ერნსტის შთამომავალმა საიმპერატორო თავადმა ფრანც ანტონ ფონ არახმა კლესჰაიმის სასახლის მშენებლობა შეწყვიტა და ცნობილ ბაროკოს სტილის არქიტექტორ იოჰან ლუკას ფონ ჰილდებრანდტს დაავალა მირაბელის სასახლის ბაროკოს სტილის სახელმწიფო სასახლედ გადაკეთება. ლეოპოლდ ანტონ ფონ ფირმიანმა თავისთვის და თავისი ძმისშვილი ლაკტანცისათვის ააგებინა ლეოპოლდსკრონის სასახლე[24].
ჰელბრუნის გამზირის ლანდშაფტური ბაღი გადაჭიმულია ფრაიზაალის მწვანე სივრციდან სამხრეთით სასახლემდე და პარკამდე. სასახლის წყლის პარტერში მდებარეობს ჰელბრუნის შადრევნები. ჰელბრუნის მთაზე დგას სასახლე მონატსშლესლი და კლდეში ნაკვეთი ქვის თეატრი. ჰელბრუნის ორი არქიტექტურული ღერძი ქმნის ჰელბრუნის გამზირს. ლანდშაფტურ გარემოს ქმნის ანიფის სასახლეც. ჰელბრუნის გამზირის გასწვრივ მდებარეობს ჰელბრუნის სასახლის აშენებიდან მალევე აგებული დიდებულთა მცირე სასახლეები, რომლებიც ლანდშაფტურ ბაღს ყოფენ. მათ შორისაა კაიზერბურგი და ფრონბურგი, ჰერნაუს სასახლე, რომელსაც სახელი ჰერენ-აუს მინდვრებისა და ტყეების მიხედვით ეწოდა, ლასერჰოფი, რომელიც ლასერთა საგვარეულოს უკავშირდება, ასევე ემსლიბი და ემსბურგის სასახლეები გამზირის სამხრეთ ნაწილში[25].
აიგენის სასახლე ზალცბურგის ძველი ღირსშესანიშნაობაა გაისბერგის მთის განშტოებაზე, რომლის ნახევრად ბუნებრივი პარკი XVII საუკუნიდან XX საუკუნის დასაწყისამდე ცნობილი იყო თავისი წყაროებით. მენხსბერგის მთაზე აღმართულია მცირე რეზიდენციები იოჰანესშლესლი და მარკეტენდერშლესლი. სასახლისმაგვარი სიმაგრეებია პარის ლონდონის მიერ აგებული ფრანცისკიშლესლი კაპუცინენბერგის მთაზე და ძველი ნოიჰაუსის სასახლე კიუბერგზე[24].
საერო ნაგებობათა შორის სხვა ღირსშესანიშნაობათაგან აღსანიშნავია ზალცბურგის ძველი და ახალი რეზიდენცია კურანტით. ახალ რეზიდენციაში დღეს ზალცბურგის მუზეუმი ფუნქციონირებს. აღსანიშნავია ასევე ძველი უნივერსიტეტი თავისი დიდი აუდიტორიით და საკმაოდ ძველი რატუშა კერნის უბანში. ძველი უნივერსიტეტის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს ფესტივალთა სახლი. აქ არის ასევე ზიგმუნდის კარიბჭე, ავსტრიის უძველესი საგზაო გვირაბი.
ქუჩები და მოედნები ალტშტადტში
ცენტრალურ ქუჩაზე — გეტრაიდეგასეზე, რომელიც ვაჭრობისათვის უკვე ძველ დროში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა, მდებარეობს ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის დაბადების სახლი. სხვა მნიშვნელოვანი ქუცები და მოედნებია დომპლაცი (ტაძრის მოედანი) მარიამის სვეტით, რომელსაც კაპიტელპლაცის მოედანი, კაპიტელგასეს ქუჩა და რეზიდენციის მოედანი ესაზღვრება თავისი „რეზიდენციის შადრევნით“; ასევე მოცარტის მოედანი მისივე ძეგლით, ვააგპლაცი, ძველი ბაზრის მოედანი ფლორიანის შადრევნით, ზიგმუნდ-ჰაფნერის გასასვლელი და მიმდებარე პატარა რატუშის მოედანი. თავიანთ ისტორიულ ხასიათს ინარჩუნებენ ასევე ქუჩები კაიგასე, კროტახგასე და პფაიფერგასე ზალცახის მარცხენა სანაპიროზე, აგრეთვე შტაინგასე და ლინცის ქუჩა ნოიშტადტის მხარეს. ალტშტადტის მნიშვნელოვანი ნაწილებია აგრეთვე გრისგასე ანტონ ნოიმაირის მოედანსა და სახელმწიფო ხიდს შორის, იუდენგასე და ჰერენგასე[24].
სასაფლაოები
კულტურულად და ისტორიულად მნიშვნელოვანია ზალცბურგის ალტშტადტის ორივე დიდი სასაფლაო. წმინდა პეტრეს ტაძართან არსებული სასაფლაო „პეტერსფრიდჰოფი“ უძველესია ქალაქში დღემდე შემორჩენილ სასაფლაოებს შორის. სებასტიანფრიდჰოფის სახელით ცნობილი სასაფლაო მთავარეპისკოპოსმა ვოლფ დიტრიხმა მოაწყო იტალიური კამპოსანტოს სასაფლაოს მიხედვით. სასაფლაოს ცენტრში მისი მავზოლეუმი მდებარეობს. ქალაქ ზალცბურგისა და მთლიანად ზალცბურგის მხარის უდიდესი სასაფლაოა 1879 წელს აგებული საქალაქო სასაფლაო გნაისის უბანში. ზალცბურგის მხარის დღემდე ერთადერთი კრემატორიუმი 1931 წელს გაიხსნა. 1891 წელს გაიხსნა და მოგვიანებით გაფართოვდა გნაისის დიდი სასაფლაო პატარა ეკლესიის ეზოში. მრავალჯერ გაფართოვდა ასევე შუა საუკუნეების დროინდელი მაქსგლანის სასაფლაო. მცირე სასაფლაოები მდებარეობს ძირითადად ქალაქის შემოგარენში არსებული ეკლესიების ირგვლივ. ნონბერგის დედათა მონასტრის ეზოში იდილიურად განლაგებულ სასაფლაოში ორდენის გარდაცვლილი წევრები იკრძალებოდნენ. ნონტალში მდებარე ჯარისკაცთა სასაფლაოზე 1803—1882 წლებში არაერთი ზალცბურგელი ჯარისკაცი დაკრძალეს. 1893 წლიდან აიგენში მდებარეობს ასევე ებრაული სასაფლაო.
კულტურა
ზალცბურგი — მუსიკის ქალაქი
ისტორია
მთავარეპისკოპოს არნის პერიოდში ზალცბურგს მუსიკალური ტრადიციები უკვე გააჩნდა, ზალცბურგელი მუსიკოსები, მეცნიერებთან ერთად, მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებულნი კარლოს დიდთან. რომის პაპმა იოანე VIII-მ 870 წელს ზალცბურგის მთავარეპისკოპოსს ვატიკანისათვის სთხოვა ორგანი და კარგი ორგანისტი ზალცბურგიდან. მთავარეპისკოპოს ებერჰარდ II-ის დროს მოღვაწეობდა ნაიდჰარტ ფონ როიენტალი, რომელსაც არაერთი სიმღერისა და მელოდიის ავტორობა მიეწერება. 1424 წელს ებერჰარდ III-სთან ცხოვრობდა მუსიკოსი ოსვალდ ფონ ვოლკენშტაინი. პილგრიმ II ფონ პუხჰაიმის მმართველოდბის დროს ზალცბურგში მოღვაწეობდა ასევე მენხ ფონ ზალბურგი, რომლის ხალხურ მოტივებზე შექმნილი სასულიერო და საერო სიმღერები დღემდეა ცნობილი.
მთავარეპისკოპოს მატთეუს ლანგ ფონ ველენბურგის მმართველობის პერიოდში ზალცბურგში მოღვაწეობდნენ კომპოზიტორები ჰაინრიხ ფინკი, კასპარ კლანერი და „ორგანისტთა მეფედ“ წოდებული პაულ ჰოფჰაიმერი. აქ ცხოვრობდა ადრეული პროტესტანტული საეკლესიო სიმღერების ავტორი პაულ სპერატუსიც, სანამ მას ქალაქიდან განდევნიდნენ. 1591 წელს მთავარეპისკოპოსმა ვოლფ დიტრიხმა დააარსა კარის კაპელა და გუნდი 78 მუსიკოსის შემადგენლობით. 1614 წლის 27 იანვარს მარკუს სიტიკუსმა გახსნა ახალი კარის თეატრი და ზალცბურგი აქცია სადღესასწაულო მუსიკისა და თეატრის ქალაქად, სადაც პირველი საოპერო წარმოდგენები სრულდებოდა იტალიის საზღვრებს გარეთ. განსაკუთრებით ბრწყინვალე იყო ზალცბურგის ტაძრის კურთხევის ცერემონია 1628 წელს, რომელსაც მუსიკალურ ხელმძღვანელობას სტეფანო ბერნარდი უწევდა; იგი თავად იყო ავტორი ცერემონიაზე შესრულებული რამდენიმე ნაწარმოებისა.
მთავარეპისკოპოს მაქს განდოლფის მიერ დაფინანსებული კომპოზიტორი გეორგ მუფატი 1678—1687 წლებში საეპისკოპოსო კარის ორგანისტი იყო. კარის კაპელმაისტერი და ვაჟთა გუნდის ხელმძღვანელი ამ პერიოდში ჰაინრიხ იგნაც ფრანც ბიბერი იყო. მისი ვაჟი კაპელმაისტერის თანამდებობაზე ჩაანაცვლა ლეოპოლდ მოცარტმა. მოცარტამდე ზალცბურგში მოღვაწეობდნენ ასევე კომპოზიტორები იოჰან ერნსტ ებერლინი და მისი მოსწავლე ანტონ კაიეტან ადლგასერი. ცნობილი ზალცბურგელი საეკლესიო მუსიკოსის იოჰან მიხაელ ჰაიდნის ორი ცნობილი მოსწავლე იყო კარლ მარია ფონ ვებერი და სიგიზმუნდ ფონ ნოიკომი. 1805 წელს ზალცბურგის დამოუკიდებელი სამთავროს გაუქმების შემდეგ სამთავრო კარის კაპელის ტრადიციაც[26].
1841 წელს დაარსდა ტაძრის მუსიკალური გაერთიანება და მოცარტეუმი, 1847 წელს კი — ზალცბურგის „ლიდერტაფელი“ დაარსდა; ორივე მათგანს სიცოცხლის ბოლომდე ალიოს ტაუქსი ხელმძღვანელობდა. 1842 წელს მოცარტის პირველი ძეგლის გახსნით საფუძველი ჩაეყარა „მოცარტის ფეტივალთა“ ტრადიციას, რასაც მოჰყვა ძირითადად იოზეფ ფრიდრიხ ჰუმელისა და ლილი ლემანის ხელშეწყობით 1920 წელს ზალცბურგის ფესტივალების დაარსება. უბრალო ფრანცისკანელმა ბერმა პატერ პეტერ ზინგერმა არაერთი სასულიერო მუსიკალური ნაწარმოები შექმნა. 1880 წლისათვის ზალცბურგის კარის თეატრში მოღვაწეობდა სიმღერების ავტორი ჰუგო ვოლფი. 1792 წელს ზალცბურგში დაიბადა კომპოზიტორი ფრანც ქსავერ გრუბერი, ავტორი მსოფლიოში ცნობილი საშობაო სიმღერისა „წყნარი ღამე, წმინდა ღამე“ (Stille Nacht, heilige Nacht). მისმა შვილიშვილმა ფრანც ქსავერმა 1921 წელს შეკრიბა ტაძრის გუნდი მოხალისე მომღერლებისაგან, რომელმაც მოგვიანებით იოზეფ მესნერის მეთაურობით დიდ წარმატებას მიაღწია. საერთაშორისო ფონდი მოცარტეუმი დაარსდა 1870 წელს, ამავე სახელწოდების მუსიკალური სასწავლებელი კი 1880 წელს. მოცარტეუმში მოღვაწეობდნენ კლემენს კრაუსი, ბერნჰარდ პაუმგარტნერი, კლაუს აგერი და გერჰარდ ვიმბერგერი. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აქ მოღვაწეობდნენ ცეზარ ბრესგენი და კარლ ორფი[26].
ზალცბურგის უძველესი ორკესტრია მოცარტეუმის ორკესტრი. იგი მოცარტეუმის აკადემიის ლექტორებისა და წარჩინებული მოსწავლეებისაგან შეიქმნა. როგორც ქალაქ ზალცბურგისა და ზალცბურგის მიწის სიმფონიური ორკესტრი, მისი პრიორიტეტი ვენის კლასიკური სკოლაა. „კამერატა ზალცბურგი“ — ქალაქის კამერული ორკესტრი, 1952 წელს დაარსდა ბერნჰარდ პაუმგარტნერის მიერ და მოგვიანებით ოცი წლის განმავლობაში მას სანდორ ვეგი უძღვებოდა. 1998 წელს ახალგაზრდა მუსიკოსებთან ერთად ელიზაბეთ ფუქსმა დააარსა და მას შემდეგ თავად უძღვება ზალცბურგის ახალგაზრდა ფილარმონიის ორკესტრს. ქალაქ ზალცბურგიდანაა აგრეთვე ავსტრიის ახალი მუსიკის ანსამბლი, რომელიც 1975 წელს კლაუს აგერისა და ფერენც ტორნაის მიერ დაფუძნდა[27].
მოცარტი და ზალცბურგი
კომპოზიტორისა და ვიცეკაპელმაისტერ ლეოპოლდ მოცარტისა და მისი მეუღლის, ანა მარია პერტლის ვაჟი ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი ზალცბურგში 1756 წელს გეტრაიდეგასეს ქუჩის 9 ნომერში დაიბადა. ლეოპოლდი მოღვაწეობდა მთავარეპისკოპოს ზიგისმუნდ გრაფ შრატენბახის კარის კაპელაში, რომელსაც იოჰან მიხაელ ჰაიდნი მეთაურობდა. შრატენბახი ხელს უწყობდა მოცარტის ოჯახს. შვიდი წლის ვუნდერკინდი ამადეუს მოცარტი ყურადღებას იპყრობდა თავისი საკონცერტო მოგზაურობებით.
ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი 1769 წელს ზალცბურგში აუნაზღაურებელი კარის კონცერტმაისტერი გახდა, 1772 წელს ახლად არჩეული მთავარეპისკოპოსის ჰიერონიმუს კოლორედოს დროს კი კაპელის კონცერტმაისტერად დასახელდა. მიუხედავად ამისა, თავისუფლების მოყვარული მოცარტისათვის ზალცბურგის მუსიკალური ცხოვრება საკმაოდ შეზღუდული იყო[27]. მას არ შეეძლო ასევე ზალცბურგის დიდ სამუსიკო თეატრში წარმოდგენების მოწყობა. ამ ყველაფრის გამო მან მოღვაწეობა თავისი სიცოცხლის ბოლომდე ვენაში გააგრძელა, სადაც იგი 1791 წელს გარდაიცვალა. ფართო საზოგადოებაში მოცარტის სახელი და მისი ნაწარმოებები გარდაცვალებიდან მხოლოდ დიდი ხნის შემდეგ გახდა ცნობილი. 1835 მწერალმა იულიუს შილინგმა პირველად გამოთქვა იდეა, რომ ზალცბურგში მოცარტის ძეგლი დადგმულიყო; მისი ინიციატივა 1842 წელს განხორციელდა. თავდაპირველად მოცარტის მოედანზე საზეიმოდ გახსნილ მოცარტის ქანდაკებას მხოლოდ ზოგიერთი დამთვალიერებელი ცნობდა. მიუხედავად ამისა, ძეგლის გახსნის საზეიმო ღონისძიება ყველაზე მასშტაბური იყო დიდი ხნის განმავლობაში, რაც კი ქალაქს ენახა. მოცურავე ნავებით, სადღესასწაულო განათებებითა და სხვა ატრაქციონებით შეიქმნა ნამდვილი სახალხო დღესასწაული ამადეუს მოცარტის პატივსაცემად. მოცარტის ნამუშევრების პირველ სრულ გამოცემაზე მუშაობა 1907 წელს დაასრულა მოცარტეუმის ფონდმა. დღეს ზალცბურგის ბევრი ადგილი და დაწესებულება მუსიკოსის სახელს ატარებს. 1877 წლიდან ზალცბურგში ტარდებოდა ასევე მოცარტისათვის მიძღვნილი საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი, 1920 წლიდან კი იგი უფრო მასშტაბური ხასიათისაა და ცნობილია ზალცბურგის ფესტივალთა სახელწოდებით[28].
ზალცბურგის ფესტივალები
მასშტაბური სერიული ღონისძიებები კონცერტებით, საოპერო წარმოდგენებით, სასიმღერო საღამოებითა და სპექტაკლებით ზალცბურგში 1920 წლიდან იმართება ზალცბურგის ფესტივალთა ფარგლებში. ამ ფესტივალებს საფუძვლად დაედო ზალცბურგის მოცარტისადმი მიძღვნილი ზეიმები და მუსიკალური ფესტივალები, რომლებიც XIX საუკუნეში იმართებოდა. 1917 წელს ჰაინრიხ დამიშის ინიციატივით დაარსდა საფესტივალო გაერთიანება, რომლის მეთაურობაც მაქს რაინჰარდტმა იკისრა ჰუგო ფონ ჰოფმანსთალის ხელშეწყობით. ფესტივალების ფარგლებში ჩატარებული პირველი ღონისძიება იყო რაინჰარდტის ინსცენირებით დადგმული ჰოფმანსთალის პიესა „იედერმანი“ 1920 წლის 22 აგვისტოს ტაძრის წინ.
ჰერბერტ ფონ კარაიანის მიერ დაარსდა და შემდეგ ზალცბურგის ფესტივალების ნაწილი გახდა სააღდგომო (1967) და სულთმოფენობის ფესტივალები. ეს უკანასკნელი კარაიანის გარდაცვალების შემდეგ ძირითადად ბაროკოს სტილის მუსიკას ეძღვნება. ამ ფესტივალებისათვის ძირითადად გამოიყენება დიდი ფესტივალთა სახლი, ფელზენრაიტშულეს დარბაზი და მცირე ფესტივალთა სახლი (იგივე მოცარტის სახლი). წარმოდგენებისათვის ასევე ხშირად გამოიყენება მოცარტეუმის დიდი დარბაზი. ამათ გარდა ფესტივალთა ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებებისათვის სხვა დარბაზები და ადგილებიც გამოიყენება
კლასიკური მუსიკა
კლასიკური მუსიკის წარმოდგენებისათვის ზალცბურგში ვენის დარბაზთან და დიდ დარბაზთან ერთად გამოიყენება იამაჰას დარბაზი მოცარტეუმჰაუსში, კამერული მუსიკისათვის კი ზოლიტერის დარბაზი მოცარტეუმის უნივერსიტეტის შენობაში. აქ მდებარე დარბაზი გროსერ-სტუდიო თეატრალურ წარმოდგენებს ეთმობა.
მირაბელის სასახლის მარმარილოს დარბაზში 1954 წლიდან იმართება ზალცბურგის სასახლის კონცერტები. 1991 წლიდან ყოველწლიურად 250-ზე მეტი კამერული კონცერტი ტარდება სოლო-მევიოლინე ლუც ლესკოვიცის მუსიკალური ხელმძღვანელობით.
ფესტივალთა ფარგლებს მიღმა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღონისძიებაა მოცარტეუმის საერთაშორისო ფონდის მიერ ორგანიზებული დიალოგები. იგი გულისხმობს ნაწარმოებთა თანამედროვე ინტერპრეტაციებს, ზალცბურგის მოცარტის კვირეულსა და სხვა კონცერტებს მოცარტეუმის დიდ დარბაზში.
ზალცბურგის კულტურის გაერთიანება, სხვა საკონცერტო წარმოდგენებთან ერთად, ორგანიზატორია ზალცბურგის კულტურის დღეებისა, ასევე სხვადასხვა საოპერო და საბალეტო წარმოდგენებისა. ზალცბურგის ბახის საზოგადოების მოწყობილ კონცერტთა ფარგლებში ძირითადად ბაროკოს სტილის მუსიკა, უპირველესად იოჰან სებასტიან ბახის ნწარმოებები სრულდება. ღონისძიებათა ერთ-ერთი განსაკუთრებული სერიაა მუსიკა ახალგაზრდა ხალხისათვის.
მუსიკალური ფესტივალი ასპექტე-ზალცბურგი თანამედროვე მუსიკას ეძღვნება, იგი წარმოადგენს საერთაშორისო ფესტივალს თანამედროვე მუსიკისათვის.
ზალცბურგი საკმაოდ მდიდარია კამერული მუსიკის წარმოდგენებით. რეგულარული წარმოდგენები აქ ზალცბურგის ციხესიმაგრის კონცერტების, ზალცბურგის სასახლის კონცერტების (მირაბელის სასახლებში), ზალცბურგის კარის მუსიკის ფარგლებში იმართება. 1950 წელს ტობი რაიზენის მიერ დაარსებული ზალცბურგის წინასაშობაო სიმღერების ფესტივალი ქალაქის გარეთაც საკმაოდ ცნობილია. იგი ფესტივალთა სახლში მაყურებელს ყოველწლიურად სთავაზობს წინასაშობაო-ფოლკლორულ გუნდს ინსტრუმენტული მუსიკის თანხლებით[29]
ჯაზი და ალტერნატიული მუსიკა
ფესტივალი ჯაზის შემოდგომა ზალცბურგში 1996 წლიდან ტარდება. აქ ჯაზის მსოფლიო ვარსკვლავებთან ერთად ავსტრიელი მუსიკოსებიც იღებენ მონაწილეობას. ღონისძიებათა მთელ სერიას წარმოადგენს ჯაზი ალტშტადტში, რომლებიც 2000 წლიდან ყოველწლიურად ოქტომბრის ბოლოსა და ნოემბრის დასაწყისში იმართება მოედნებზე, დარბაზებში, კაფე-ბარებსა და კლუბებში; დასწრება ყოველთვის თავისუფალია.
1981 წელს დაარსებული ჯაზ-იმ-თეატერის სახელით ცნობილ საკონცერტო სერიებისაგან 2002 წელს შეიქმნა ჯაზის კლუბი ჯაზიტი. ალტერნატიული ჯაზის კლუბი მნახველს ამასთანავე სთავაზობს ოთახს ექსპერიმენტული ელექტრონული მუსიკისათვის. 1983 წლიდან არსებობს Jazzclub Life Salzburg, რომელიც ძირითადად ჯაზის ტრადიციულ ფორმებს ეძღვნება.
ARGE-Kultur Salzburg, რომელიც ARGE Rainberg-ისგან შეიქმნა და შემდეგ ARGE Nonntal-ის სახელით იყო ცნობილი, წარმოადგენს საპროტესტო მოძრაობას მზარდი ფესტივალთა კულტურის წინააღმდეგ. იგი თავისი დახურული გაერთიანებებით ალტერნატიული კულტურის მნიშვნელოვანი ცენტრია.
1993 წელს გაიხსნა როკის სახლი და ყოველწლიურად 200-მდე წარმოდგენას მართავს. მასში არსებულ ექვს სარეპეტიციო დარბაზს ძირითადად ზალცბურგის ბენდები იყენებენ. ბავშვებისა და მოზარდებისათვის ეწყობა მუსიკალური სემინარები.
აკორდეონის გაერთიანება Akkorde – On – Stage აკორდეონის ორკესტრ ფილ-ჰარმონიასთან (გერმ. Viel-Harmonie; ბევრი ჰარმონია) 2004 წლიდან არსებობს. ისინი ხალხური მუსიკის სტილში აკორდეონით წარმოადგენენ სხვადასხვა თანამედროვე მუსიკის მიმდინარეობებს.
ლიტერატურა
ქალაქის ერთ-ერთი უძველესი ლიტერატურული აღწერილობაა ლობლიდი, რომელიც ნიურნბერგელმა მწერალმა ჰანს ზაქსმა 1549 წელს ზალცბურგის შესახებ დაწერა. ზალცბურგში დიდხანს ცხოვრობდნენ პოეტი ფრანც შტელცჰამერი და სილვესტერ ვაგნერი. მონარქიის გვიან პერიოდში აქ ცხოვრობდნენ ასევე იმპრესიონისტი ჰერმან ბარი, ნოველებისა და რომანების ავტორი ფრანც კარლ გინზკი, ლიბრეტისტი, ლირიკოსი, დრამატურგი და ფესტივალთა ერთ-ერთი ფუძემდებელი ჰუგო ფონ ჰოფნასთალი, ეპიკოსი თომას მანი, ესსეისტი შტეფან ცვაიგი, ასევე რომანებისა და მოგზაურობის წიგნთა ავტორი ერიკ ვიკენბურგი. ლირიკოსმა გეორგ ტრაკლმა, ლირიკული ექსპრესიონიზმის ერთ-ერთმა მნიშვნელოვანმა მიმდევარმა, არაერთი მხატვრული ლექსი უძღვნა ზალცბურგს, სადაც მან თავისი ხანმოკლე ცხოვრების დიდი ნაწილი გაატარა. ხელოვანის პატივსაცემად 1952 წელს დაწესდა გეორგ ტრაკლის პრემია ლირიკაში. ზალცბურგში ცხოვრობდნენ აგრეთვე გალინა დიურაგინი, გეორგ რენდლი, ლირიკოსი ერნა ბლაასი, იოჰანეს ფროიმბიხლერი, რომლის ლიტერატურული ნაწარმოებები მოგვიანებით ცნობილი გახდა ასევე ზალცბურგში მცხოვრები მისი შვილიშვილის თომას ბერნჰარდის მიერ. გერჰარდ ამანსჰაუზერი და მისი ვაჟი მარტინ ამანსჰაუზერი პოპულარულები არიან თავიანთი ლექსებითა და რომანებით. გარდა ამისა, ზალცბურგში ცხოვრობდნენ ასევე ცნობილი პოეტი ჰანს კარლ არტმანი და პეტერ ჰანდკე, კრისტინე ჰაიდეგერი და ვალტერ კაპახერი. ზალცბურგში დაიბადნენ მწერლები ბოდო ჰელი, კათრინ რეგლა და კარლ-მარკუს გაუსი.
1991 წლიდან ლეენის უბანში არსებობს ზალცბურგის ლიტერატურული სახლი, რომელიც ერთგვარ მედიატორს წარმოადგენს პრეტენზიების მქონე თანამედროვე მწერლობისათვის. აქ მუშაობენ აგრეთვე სხვადასხვა ლიტერატურული გაერთიანებები, მათ შორის ზალცბურგის ავტორთა ჯგუფი და ლიტერატურული ფორუმი ლეზელამპე თავისი ლიტერატურული ჟურნალით SALZ (ზალც). მრავამხრივი ლიტერატურული ღონისძიებები, რომელიც 1977 წელს ადოლფ ჰასლინგერმა დააარსა, იმართება ზალცბურგის ლიტერატურული არქივის მიერ[27].
2008 წლიდან ყოველი წლის დასაწყისში იმართება აგრეთვე ლიტერატურის ფესტივალი, რომლის ფარგლებშიც ქალაქის სხვადასხვა ადგილებში ცნობილი მწერლები თავიანთ ნაწარმოებებს წარმოადგენენ.
თეატრი
დღევანდელი ზალცბურგის მხარის თეატრი 1775 წელს მთავარეპისკოპოს კოლორედოს მიერ დაარსდა კარის თეატრის (Hoftheater) სახელწოდებით, როგორც ზალცბურგელთა საგანმანათლებლო დაწესებულება და 1893 წელს იგი განახლდა, როგორც ქალაქის თეატრი. იგი დღეს ქალაქ ზალცბურგისა და ზალცბურგის მხარის საკუთრებაშია და თავისი ოპერებით, ოპერეტებით, სპექტაკლებით, საცეკვაო წარმოდგენებითა და საბავშვო დადგმებით 240 წელიწადზე მეტია, რაც ქალაქის უმნიშვნელოვანეს კულტურულ ცენტრს წარმოადგენს. 1913 წელს ანტონ აიხერმა ზალცბურგის მარიონეტთა თეატრის დაარსებით აღადგინა ბაროკოს დროინდელი ქალაქის ძველი ტრადიცია. მარიონეტთა თეატრში ამ დროიდან იდგმება მოცარტისა და სხვა კომპოზიტორების ოპერები, ასევე ზღაპრები.
ზალცბურგის მხარის თეატრის დადგმებისა და ფესტივალთა პერიოდის სპექტაკლების გარდა თითქმის ყოველდღიურად ტარდება თეატრალური წარმოდგენები ზალცბურგის სპექტაკლთა სახლში, ყოფილ „ელიზაბეთბიუნეში“. სპექტაკლთა სახლი ავსტრიის უდიდესი თეატრია, რომელიც ყოველწლიურად დაახლოებით ათ სპექტაკლსა და ერთ საბავშვო წარმოდგენას დგამს ორ თეატრალურ დარბაზში. მასთანაა დაკავშირებული ასევე თეატრალური სკოლა და გამომცემლობა საბავშვო მიუზიკლებისათვის. სპექტაკლები რეგულარულად იდგმება ტოიჰაუსში, მცირე თეატრში, ზალცახის თეატრში, ზოგჯერ ასევე ოვალშიც, ევროპარკის სცენებზე. 1970 წელს დაარსდა ზალცბურგის ქუჩის თეატრი, რომელიც ყოველწლიურად ფესტივალთა პერიოდში ცხენებზე გამობმული მცირე სცენითა და წარმოდგენებით მრავალ მნახველს ახარებს.
მუზეუმები
ზალცბურგის ორი ყველაზე დიდი და პოპულარული მუზეუმია ზალცბურგის ბუნების სახლი და ზალცბურგის მუზეუმი. ბუნების სახლი, რომელიც 1924 წელს ზოოლოგ პროფესორ ედუარდ პაულ ტრაცის მიერ დაარსდა, ძირითადად ბუნებისა და ტექნიკის სფეროებს ეძღვნება. აქ 2008 წელს განთავსდა ზალცბურგის მუზეუმის თავდაპირველი დარბაზები, 2009 წლის ივლისის ბოლოს კი ზალცბურგის განახლებული მუზეუმი ხელახლა გაიხსნა.
ზალცბურგის მუზეუმი 1834 წელს დაარსდა პროვინციალმუზეუმის სახელწოდებით და თავდაპირველად კაიზერის ქვრივის, კაროლინე ავგუსტას მიერ ფინანსდებოდა. თავდაპირველი კაროლინო-ავგუსტეუმი 2007 წელს ახალ რეზიდენციაში გადავიდა უკვე ზალცბურგ-მუზეუმის სახელწოდებით[30]. მუზეუმი უპირველესად წარმოაჩენს ქალაქ ზალცბურგისა და ზალცბურგის მხარის ხელოვნებისა და კულტურის ისტორიას. მასთან დაკავშირებული მუზეუმებია აგრეთვე პანორამა-მუზეუმი, ფოლკლორის მუზეუმი ჰელბრუნის სასახლეში, სათამაშოების მუზეუმი და ყოფილ მუსიკალურ საკრავთა მუზეუმი, ასევე დომგრაბუნგსმუზეუმი რეზიდენციის მოედანზე და ციხესიმაგრის მუზეუმი[30]. მნიშვნელოვანია აგრეთვე ზალცბურგის ბაროკოს მუზეუმი მირაბელის სასახლის ეზოს ორანჟერეაში და ზალცბურგის ტაძრის მუზეუმი. ეს უკანასკნელი დამთვალიერებელს გარდა რეგულარული ექსპონატებისა მნახველს სთავაზობს დიდწილად აღდგენილ სამთავარეპისკოპოსო საოცრებათა ოთახს. ასევე აღდგენილი კრებული ზალცბურგის მთავართა ზეთის ნახატებისა ძველი რეზიდენციის გალერეაშია წარმოდგენილი. აქ არსებული მთავარეპისკოპოსის ოთახები მუზეუმისაგან დამოუკიდებლად აგრეთვე ხელმისაწვდომია დამთვალიერებელთათვის. აღსანიშნავია აგრეთვე მცირე მუზეუმები, რომლებიც მოცარტის ცხოვრებას ეძღვნება და მოწყობილია მის დაბადებისა და საცხოვრებელ ბინებში.
თანამედროვე ზალცბურგის მუზეუმი, რომელიც განთავსებულია მენხსბერგის მთასა და რუპერტინუმში, ეძღვნება თანამედროვე სახვით ხელოვნებას. რუპერტინუმში მდებარეობს აგრეთვე ავსტრიული ფოტოგრაფიისათვის მნიშვნელოვანი ინსტიტუტები: ოტო ბრაიხას მიერ 1983 წელს დაარსებული „ფოტოგრაფიისა და მედიის კოლექცია“ „ავსტრიული ფოტოგრაფიითურთ“. ფოტოგრაფიის სფეროში მნიშვნელოვანია აგრეთვე მეორე ინსტიტუტი „ფოტოჰოფი“, რომელიც 1981 წელსაა დაფუძნებული და 2012 წლიდან ლეენის უბანში მდებარეობს.
სახვითი ხელოვნება
შუა საუკუნეების ზალცბურგში მხატვრობას ძირითადად ბერები მისდევდნენ. წმინდა პეტრეს მონასტრის ანტიფონარი (საგალობელთა კრებული), რომელიც დღეს ავსტრიის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ინახება, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია შუა საუკუნეთა ალპების რეგიონში წიგნის მხატვრობის თვალსაზრისით. ქალაქში ქიმნებოდა არაერთი რომანულ და გოთურ სტილში მოხატული წიგნი ევროპული რანგისა. მნიშვნელოვანია ნონბერგის მონასტრის ეკლესიის გვიანი შუა საუკუნეების კედლის მხატვრობა და გოთური მინის ფანჯრები. ზალცბურგის მოქალაქეები იყვნენ გვიანი გოთიკის ხელოვანები რუელანდ ფრუეაუფ უფროსი, მისი ვაჟი და კონრად ლაიბი.
XVI საუკუნის ზალცბურგელი მხატვარია ჰანს ბოკსბერგერი; მისი შესრულებულია ადრეული ქალაქი ზალცბურგის პეიზაჟები. შემორჩენილია ასევე მისი თანამედროვის ალბრეხტ ალტდორფერის მიერ დახატული ზალცბურგის ხედები. ბაროკოს სტილის პირველი და ყველაზე ცნობილი მხატვრები სამხრეთგერმანულ-ავსტრიულ სივრცეში იყვნენ ზალცბურგელი იოჰან მიხაელ როტმაირი (ნახატები წარმოდგენილია რეზიდენციაში, კაიეტანისა და სამების ეკლესიებში) და მარტინო ალტომონტე (მხატვრობა რეზიდენციაში). ამ ეპოქის მესამე მნიშვნელოვანი მხატვარი ზალცბურგში იყო პაულ ტროგერი, რომლის მოხატულია საკურთხევლისა და გუმბათის ფრესკები კაიეტანის ეკლესიაში. მისმა ფრესკამ სებასტიანის ეკლესიის ჭერზე დღემდე ვერ მოაღწია. სწორედ მხატვართა დამსახურებაა ზალცბურგის „ხელახლა აღმოჩენა“ რომანტიზმის ეპოქაში. უპირველესად ფერდინანდ ოლივიერსა და ადრიან ლუდვიგ რიხტერს, მოგვიანებით კი იოჰან ფიშბახს ხიბლავდა ბრწყინვალე და ამავდროულად დაძველებული ქალაქის ესთეტიკა და მისი მიმდებარე ლანდშაფტი. მათმა ნახატებმა მოგზაურთა აღწერილობებთან ერთად ხელი შეუწყვეს ქალაქში ტურიზმის აღმასვლას. ქალაქსა და მის შემოგარენს ხატავდნენ აგრეთვე ანდრეას ნესელთალერი, რუდოლფ ფონ ალტი და ჰუბერტ ზატლერი.
XIX საუკუნეში მოღვაწეობდა ზალცბურგში დაბადებული ჰანს მაკარტი, რომლის ნახატებიც დიდ გავლენას ახდენდა ხელოვანთა ახალ თაობაზე. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ შემოქმედებით ცხოვრებას ეწეოდა ანტონ ფაისტაუერი, რომელმაც დიდმასშტაბიანი ფრესკები შექმნა მორცგის ეკლესიასა და ზალცბურგის ფესტივალთა სახლში. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ოსკარ კოკოშკამ ჰოენზალცბურგის ციხესიმაგრეში დააარსა სახვითი ხელოვნების საერთაშორისო საზაფხულო აკადემია. ზალცბურგში ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ ასევე მხატვრები ედუარდ ბოიმერი და ვილჰემ კაუფმანი.
შუა საუკუნეების ზალცბურგში ქანდაკების ხელოვნებას თითქმის ყოველთვის საკრალური დატვირთვა ჰქონდა. გვიანი გოთიკის ცნობილი მოქანდაკეები იყვნენ მიხაელ პახერი და ფაიტ შტოსი. მიხაელ პახერმა ფრანცისკანელთა ეკლესიისათვის შექმნა ცენტრალური ევროპის ერთ-ერთი უდიდესი და ულამაზესი სკულპტურული კარედი, რომლისგანაც მხოლოდ მადონას ქანდაკებაა შემორჩენილი. ფაიტ შტოსის სკოლას ეკუთვნის ნონბერგის იოჰანის-კაპელის მცირე კარედი. ბაროკოს პერიოდის ყველაზე ცნობილი ზალცბურგელი მოქანდაკეა ბერნჰარდ მიხაელ მანდლი. იტალიელ ხელოვანთაგან აღფრთოვანებულმა მანდლმა დამოუკიდებელი სკულპტურები შექმნა. მას ეკუთვნის მაგალითად პეტრესა და პავლეს ქანდაკებანი მთავარი ტაძრის ფასადზე. ზალცბურგის XVIII საუკუნის ხელოვნებაში გამორჩეული ადგილი უკავია გეორგ რაფაელ დონერს, რომელსაც ადრეულ ნამუშევრებს მიეკუთვნება მარმარილოს კიბე მირაბელის სასახლეში. მნიშვნელოვანი ხელოვანები იყვნენ ზებასტიან შტუმპფეგერი, იოჰან გეორგ ჰიტცლი და ანტონ პფაფინგერი. ბაროკოს ფორმათა მეტყველება XIX საუკუნის დასაწყისამდე როკოკოში გადაიზარდა. ზალცბურგის ცნობილი ძეგლები შექმნა იოჰან ბაპტისტ ჰაგენაუერმა, მათ შორისაა მარიამის ქანდაკება ტაძრის მოედანზე, ასევე ზიგმუნდის ჭიშკრის სკულპტურული ნაწილი. გვიანი კლასიციზმის ზალცბურგელი ხელოვანია იოჰან პიგერი. XX საუკუნის მოქანდაკეთა შორის თავისი ნამუშევრებით გამორჩევა ჯაკომო მანცუ[27]. არსებობს ზალცბურგის ფონდი, რომელსაც ეკუთვნის მანფრედ ვაკოლბინგერის, ანზელმ კიფერის, მარიო მერცის, მარინა აბრამოვიჩის, მარკუს ლიუპერცის, ჯეიმზ ტარელის, სტეფან ბალკენჰოლის, ენტონი კრეგის, კრისტიან ბოლტანსკის, ჟაუმე პლენსას, ბრიჯიტ კოვანცისა და ერვინ ვურმის ნამუშევრები[31].
-
ჭერის მხატვრობა სამების ეკლესიაში, იოჰან მიხაელ როტმაირი
-
ბერნჰარდ მიხაელ მანდლის სკულპტურული ნამუშევრები
-
რაფაელ დონერის კიბე მირაბელის სასახლეში
-
საგუნდო კაპელები ფრანცისკანელთა ეკლესიაში
-
ზალცბურგის ფონდი, მანფრედ ვაკოლბინგერის სკულპტურა „Connection“
არქიტექტურა
რომანტიზმი და გოტიკა
რომანტიზმისა და გოტიკის არქიტექტურის ეკლესიები, ადრეული სამონასტრო ნაგებობები და საცხოვრებელი სახლები მრავლად იყო შუა საუკუნეების ზალცბურგში. ეპისკოპოს კორნარდ III-ის მიერ აგებული სამნავიანი ტაძარი იმ დროისათვის უდიდესი ბაზილიკა იყო ალპების ჩრდილოეთით. ფრანცისკანელთა ეკლესიის პრესბიტერიუმი, რომლის მშენებლობაც ჰანს ფონ ბურგჰაუსის მიერ დაიწყო და სტეფან კრუმენაუერის მიერ დასრულდა, ერთ-ერთი ყველაზე ღირსშესანიშნავი ძეგლია სამხრეთგერმანული გოტიკისა. გოტიკის მიწურულისათვის აიგო ნონბერგის ეკლესია, მარგარეტის კაპელა პეტრეს სასაფლაოზე, გეორგის კაპელა და სამმართველო დარბაზები ჰოენზალცბურგის ციხესიმაგრეში.
რენესანსი და ბაროკო
ვინჩენცო სკამოცის მიერ შთაგონებულმა დიტრიხ ფონ რაიტენაუმ დაიწყო შუა საუკუნეების ქალაქის გარდაქმნა არქიტექტურული იდეალებისაკენ მიმართულ გვიანი რენესანსის ქალაქად, „გერმანულ რომად“. ვინჩენცო სკამოცის დაგეგმილი უზარმაზარი ტაძრის მშენებლობა მთავარეპისკოპოსის დამხობის გამო ვერ მოხერხდა. მოგვიანებით სანტინო სოლარიმ წამოიწყო ახალი ტაძრის მშენებლობა, რომელიც ადრეული ბაროკოს სტილის პირველი ეკლესია იყო ზალცბურგში. იგი ერთგვარი პიონერი აღმოჩნდა მრავალ ტაძართა მშენებლობის საქმეში სამხრეთგერმანია-ავსტრიის რეგიონში. მარკუს სიტიკუსმა და პარის ლოდრონმა ქალაქის გარდაქმნა განაგრძეს ისეთი მნიშვნელოვანი ნაგებობებით, როგორებიცაა ჰელბრუნის სასახლე, მთავართა რეზიდენცია, უნივერსიტეტის შენობა, ციხესიმაგრის გალავანი და სხვა. მთავარეპისკოპოს გუიდობალდ ფონ თუნის ბრძანებით რეზიდენციის დიდი შადრევნის მშენებლობას ხელმძღვანელობდა ჯოვანი ანტონიო დარია. ჯოვანი გასპარე ზუკალიმ იმავე ეპისკოპოსის განკარგულებით შექმნა ერჰარდისა და კაიეტანის ეკლესიები ალტშტადტის სამხრეთ ნაწილში.
ქალაქის გარდაქმნა დაასრულა არქიტექტორ იოჰან ბერნჰარდ ფიშერ ფონ ერლახის ნაგებობებმა მთავარეპისკოპოს იოჰან ერნსტ ფონ თუნის დროს. ერნსტ თუნის შემდეგ გაფართოება შეჩერდა, ეკლესიები აღარ აშენებულა როკოკოს სტილში. ახალ მცირე იმპულსს წარმოადგენდა მთავარეპისკოპოს სიგმუნდ გრაფ შრატენბახის მიერ ზიგმუნდის კარიბჭისა და ტაძრის მოედანზე მარიამის ქანდაკების აგება. ზემო ავსტრიისაგან, ბავარიისა და ტიროლისაგან ზალცბურგის გამოყოფის შედეგად ზალცბურგში დაიწყო სამშენებლო უმოქმედების ხანგრძლივი პერიოდი. ქალაქმა სამშენებლო სამუშაოები მხოლოდ XIX საუკუნეში განაახლა. არქიტექტორებს იაკობ ჩეკონსა და კარლ ფრაიჰერ ფონ შვარცს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით იმ პერიოდის ქალაქის განვითარებაში.
კლასიკური და ომის შემდგომი მოდერნი
ზალცბურგში ხშირია კლასიკური მოდერნისტული და ასევე თავისებური ომის შემდგომი მოდერნის სტილის ნაგებობები. ამის მაგალითია „ცანვურცენჰაუსი“ (საცხოვრებელი სახლი, ლინცის ქუჩა 22, მარჯვენა ალტშტადტი), ღია აუზი ლეოპოლდსკრონში (აშენებულია 1964 წელს) და 1957 წელს აგებული ყოფილი კონგრესის სახლი, რომელიც მოგვიანებით ხელახლა აშენდა[32]. არქიტექტურის ამ ეპოქაში აგებული ცნობილი შენობაა 1960 წელს გახსნილი ფესტივალთა დიდი სახლი, რომლის არქიტექტორიც კლემენს ჰოლცმაისტერია.
თანამედროვე არქიტექტურა
ალტშტადტის უბანში ისტორიული ანსამბლის დარღვევის გარეშე რთულია თანამედროვე არქიტექტურის ჩასმა; მიუხედავად ამისა, ამის მაგალითებიც არსებობს, ალტშტადტის თანამედროვე არქიტექტურული ნაგებობებია ახლადაშენებული მოცარტეუმი პირდაპირ ბაროკოს სტილის მირაბელის ბაღში (არქიტექტურა: რობერტ რეხენაუერი)[33], 2001 წელს თავიდან აგებული კონგრესის სახლი (არქიტექტურა: მაუერი)[34], 2011 წელს გახსნილი უნიპარკ-ნონტალი (არქიტექტურა: შტორხ ელეს პარტნერი)[35], 2001 წელს ახლად აშენებული მაკარტსტეგი (არქიტექტურა: HALLE1)[36], ასევე კრისტინე და ჰორსტ ლეხნერების[37] მიერ აგებული საცხოვრებელი და ატელიეს სახლი პრაისტერჰაუსის ქუჩაზე (მარჯვენა ალტშტადტი), რომელმაც ზალცბურგის მხარის არქიტექტურული პრემია დაიმსახურა. უკანასკნელ წლებში ალტშტადტის გარეთაც გაჩნდა დომინანტი თანამედროვე ნაგებობები. უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის შენობას (არქიტექტურა: ვილჰემ ჰოლცბაუერი), რომელიც ფრაიზაალის მწვანე რაიონის განაპირად დგას, აქვს მაღალი დარბაზი ზამთლის ბაღით. შენობის დიდი კორპუსი დაყოფილია და ფუნქციურადაა დაპროექტებული.
ბლობიტექტურის სტილში აგებული მინის შენობა Hangar 7 (არქიტექტურა: ფოლკმარ ბურგსტალერი)[38] ზალცბურგის აეროპორტში ემსახურება ავსტრიელ მილიარდერ დიტრიხ მატეშიტცსა და მის საკუთარ ფლოტს Flying Bulls-ს; შენობა თვითმფრინავების თავისუფალ, საჯარო მუზეუმს წარმოადგენს. ტაქსჰაიმში მდებარე ევროპარკს (არქიტექტურა: მასიმილიანო ფუკსასი) ვიბრაციული გადახურვა გააჩნია.
კინო და ფილმი
1921 წელს ზალცბურგის ლუდსახარშმა შტიგლმა მაქსგლანში მდებარე სამეურნეო დანიშნულების შენობა გადასცა ახლად დაარსებულ ფირმას — სალცბურგის კუნსტფილმს. აქ ფილმის მწარმოებელმა კომპანიამ მოაწყო ლაბორატორია და კინოთეატრი. პირველი დოკუმენტური ფილმი იყო 1921 წლის ფესტივალები, პირველი მხატვრული ფილმი კი — კარლო პრინეტის ტრაგედია (1924). მაქსგლანის კინო მაშინდელ ავსტრიაში სიდიდით მეორე იყო დედაქალაქ ვენის გარეთ[39].
1905 წელს კაიგასეს ქუჩაზე სასტუმრო კაზერებროიში განთავსდა „მოცარტკინო“. ბოლოს იგი 1987 წელს გაბართოვდა. ზალცბურგის ერთ-ერთი დიდი კინოთეატრის, ელმო-კინოს წინამორბედი 1947 წელს გაჩნდა პლაინის დაწყებითი სკოლის სავარჯიშო დარბაზში. 1949 წელს ალფრედ და ელზე მორაველცებმა 100 მაყურებლისათვის განკუთვნილი ახალი შენობა ააშენეს ლეენის ხიდთან. ამას 1977 წელს დაემატა მეორე, ოთხი წლის შემდეგ მესამე და მეოთხე, 1980 წლის შემდეგ კი მეხუთე დარბაზიც, მათგან უდიდესი 435 მაყურებელს იტევს. შტაინგასეს ქუჩის დასაწყისში მდებარეობს კინოთეატრი, რომლის პროგრამის ყურადღების ცენტრში კულტურული ფილმები და რეტროსპექტივებია. გარდა ამისა, აქ ყოველ შემოდგომაზე ტარდება „მთის კინოფესტივალი“. სადგურისწინა მოედანზე მდებარეობს CityCenter, რომელშიც განთავსებულია კინოთეატრი Cineplexx City.
რეგულარული ღონისძიებები
ყოველწლიურად რეგიონის მასშტაბით ტარდებამუსიკალური ღონისძიებები: მოცარტის კვირეული იანვარში, ასპექტე-ფესტივალი მარტში, სააღდგომო ფესტივალები აღდგომის პერიოდში, ბეგეგნუნგენი მაისში, სულთმოფენობის ფესტივალები და ცნობილი ზალცბურგის ფესტივალები ივლისსა და აგვისტოში. შემოდგომით იმართება ზალცბურგის კულტურის დღეები, ჯაზის შემოდგომა და დიალოგე-ფესტივალი.
სხვა ყოველწლიური ღონისძიებებია ლიტერატურის ფესტივალი მაისში და ზომერსცენე (ზაფხულის სცენები) ივლისში. პოპულარული სახალხო დღესასწაულებია ზალცბურგის დულტი სულთმოფენობისას და რუპერტიკირტაგი სექტემბერში. ცნობილია ასევე წლიური საშობაო ბაზრობები, სადაც ადგილობრივი, ხელნაკეთი ნაწარმია გამოტანილი. ყველაზე მნიშვნელოვანი ბაზრობები იმართება ტაძრის მოედანზე, მირაბელის მოედანზე, ჰოენზალცბურგის ციხესიმაგრესა და ჰელბრუნში. „ვინთერფესტი“ (ზამთრის ზეიმი) არის თანამედროვე საცირკო ხელოვნების ფესტივალი ზალცბურგის სახალხო ბაღში.
გარემო და ეკოლოგია
გეოლოგია
ქალაქი უშუალოდ ალპების ჩრდილოეთ კალთაზე მდებარეობს. გაისბერგის მთა კიუბერგითურთ, კაპუცინენბერგი და ფესტუნგსბერგი წინა კირქვის ალპების ნაწილებია. მათი დანაოჭებული ფერდობები ალპების ჩრდილოეთ ზღვარს ქმნიან, რომელიც ქალაქს აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით კვეთს. ჩრდილოეთით მდებარე ბორცვები ფლიშის ზონას და შესაბამისად ალპების მთისწინეთს მიეკუთვნება[40].
ზალცბურგის ქვაბული გამყინვარების პერიოდის ზალცახის მყინვარის შედეგად შეიქმნა. თავდაპირველად წყლით სავსე ქვაბულში დანალექი ქანები წარმოიშვა. მხოლოდ მენხსბერგი, რაინბერგი და ჰელბრუნის მთა წარმოადგენენ კონგლომერატების ნარჩენებს უკანასკნელი ორი გამყინვარებათშორისი პერიოდიდან. ზალცბურგის ქვაბული მდინარე ზალცახთან ახლოს ალუვიონისაგან შედგება. მარცხენა სანაპიროზე ზემოთა მხარეს თვალშისაცემ, ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ ქალაქზე გამავალ ტერასებს სასაფლაოს ტერასები ასრულებს, რომლებზეც ლიფერინგისა და მორცგის უბნებში ნოყიერი სუფთა ნიადაგი იქმნებოდა, მაშინ, როცა შალმოოსსა და ლეოპოლდკრონერ-მოოსში ჭაობიანი მიწები იყო[41].
კლიმატი
ზალცბურგში კლიმატი ზომიერად თბილია. ოკეანური კლიმატის გავლენა უფრო ძლიერია, ვიდრე კონტინენტურისა. 1971 წლიდან 2000 წლამდე საშუალო წლიური ტემპერატურა 9 °C-ს აღწევს. იანვრის საშუალო ტემპერატურაა −0,8 °C, ივლისში კი 18,6 °C-მდე მატულობს. ნალექების რაოდენობა შედარებით მაღალია. უკვე აღნიშნულ პერიოდში წლიურად საშუალოდ 1184 მმ ნალექი მოდის[42]. ნალექების მხრივ ყველაზე მდიდარი თვე ივლისია საშუალოდ 160 მმ-ით, ყველაზე ნაკლები ნალექი კი, საშუალოდ 70 მმ-ზე ცოტა, იანვარში, თებერვალსა და მარტში მოდის. ზალცბურგში ალპების სიახლოვის გამო ხშირია ფიონები სამხრეთის თბილი და მშრალი ქარებით. მდინარე ზალცახის მდებარეობის გამო ქალაქში ქარი უპირატესად ჩრდილოეთის ან სამხრეთის მიმართულებით უბერავს. ძლიერი ქარი ძირითადად ჩრდილო-დასავლეთიდან მოდის.
საშუალო თვიური ტემპერატურა და ნალექები ზალცბურგის აეროპორტთან
წყარო: 1971-2000 წლების მონაცემები ZAMG-ს მიხედვით
|
ბუნებრივი ძეგლები და დაცული ტერიტორიები
ზალცბურგში სულ 41 ბუნებრივი ძეგლია, ძირითადად ძველი, ლანდშაფტის ჩამოყალიბებაში ან კულტურულად მნიშვნელოვანი ხეები. ლანდშაფტის დაცულ ნაწილებს მიეკუთვნება 1615 წელს გაშენებული ჰელბრუნის გამზირი. უძველესი დღემდე შემორჩენილი სამამულო გამზირია ევროპაში და ძველ ხეთა უდიდესი რეზერვია ქვეყანაში მაღალმთიენი რეგიონის გარეთ. იგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხეზე მცხოვრები ხოჭოების, ღამურებისა და კოდალების დაცვისათვის. ალმკანალის არხთან მდებარეობს ხუთასი თავგადაჭრილი ხე[43]; ისინი უძველესი თავგადაჭრილი ხეებია ზალცბურგის მხარეში. ხეების თავის გადაჭრის ტრადიცია შუა საუკუნეებიდან უწყვეტად მომდინარეობს. კლდოვანი სტეპი რაინბერგის მთაზე თავს უყრის განსაკუთრებით სიმშრალის მოყვარულ მცენარეებსა და ცხოველებს[44]. დიდი ხნის განმავლობაში თითქმის გამოუყენებელი ტყეებია იცლინგერ-აუ, კიუბერგი[45] და გაისბერგის ტყის ფონდი.
ქალაქის მწვანე მიდამოს დიდი ნაწილი დაცულ ლანდშაფტებს წარმოადგენს, მათ შორისაა კაპუცინენბერგის, მენხსბერგისა და რაინბერგის მთები. დაცულ ლანდშაფტებს მიეკუთვნება აგრეთვე ჰელბრუნის მწვანე რაიონი და ჰელბრუნის გამზირი, მოორის კულტივირებული ლანდშაფტი ლეოპოლდსკრონერ-მოოსის უბანში, ლეოპოლდსკრონის მიმდებარე ლანდშაფტური რეგიონი და ზალცახის ტბის მწვანე მიდამო.
მწვანე გარემოს დეკლარაცია
1985 წელს ქალაქმა ზალცბურგმა ძვირფასი ლანდშაფტების მზარდი განადგურების საპასუხოდ მიიღო მწვანე გარემოს დეკლარაცია (გერმ. Grünlanddeklaration), რომლითაც ხელშეუხებელი ბუნებისა და ტერიტორიის საზღვრები დაადგინა. 2008 წელს დეკლარაციაში ცვლილებები შევიდა, იგი სამართლებრივად განმტკიცდა და მისი ძალაში ყოფნის ვადა 30 წლით განისაზღვრა. დეკლარაციით შეზღუდულია განსაზღვრულ ტერიტორიაზე საცხოვრებელი უბნების მშენებლობა, ამავდროულად ხელი ეწყობა საცხოვრებელ ზონაში მშენებლობის განვითარებას და მის საზღვრებში მოქცეულ აუთვისებელ მიწის ნაკვეთთა გამოყენებას[46].
თავისუფალი დრო
სპორტი
სპორტული ობიექტები
ზალცბურგში 59 სავარჯიშო და სპორტული დარბაზია, ასევე 39 საფეხბურთო მოედანი. გარდა ამისა, ქალაქში არის 22 სპორტული ობიექტი ტენისისათვის 68 ღია და 18 დახურული დარბაზით. ხუთი ღიაცისქვეშა საცურაო აუზი და ლიფერინგის ტბა ზაფხულში ცურვისათვის გამოიყენება. პარაცელსუსბადი და კურჰაუსი მთელი წლის განმავლობაში მომუშავე დახურული საცურაო აუზებია. ზალცბურგს აქვს თერთმეტი სათამაშო მოედანი, სამი სკვოშის დარბაზი, ერთი ყინულის არენა, სამი მინიგოლფის მოედანი და შვიდი სპორტული სროლის ობიექტი[1]. მნიშვნელოვანი სპორტული ობიექტია ალპენშტრასეს სპორტული დარბაზი, რომელიც სპორტის სხვადასხვა სახეობებისათვის გამოიყენება და 2200 სტუმარს იტევს.
გაერთიანებები
ზალცბურგის სპორტული გაერთიანებები ავსტრიის სამ მთავარ სპორტულ ასოციაციაში, ASKÖ-ში, ASVÖ-სა და ქრისტიანულ შპორტუნიონში. ზალცბურგის სატანვარჯიშო გაერთიანება 1861 წელს დაარსდა, მაქსგლანის სატანვარჯიშო გაერთიანება კი — 1902 წელს. უძველესი წმინდა სპორტული კლუბი ზალცბურგის ფედერალურ მხარეში არის ზალცბურგის ათლეტიკ-სპორტული კლუბი ნონტალის უბნიდან. „არბაიტერ შპორტკლუბ ზალცბურგი“ მაქსგლანის უბანში 1922 წლიდან არსებობს.
ზალცბურგის ყველაზე წარმატებული საფეხბურთო გუნდი იყო 1933 წელს დაარსებული სპორტული გაერთიანება „აუსტრია სალცბურგი“. 2003 წელს გუნდი გადავიდა ვალს-ზიცენჰაიმის სტადიონზე, სადაც 2008 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის დროს სამი მატჩი ჩატარდა. 2005 წელს გუნდს სახელი გადაერქვა და „რედ ბული ზალცბურგი“ ეწოდა, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში კი სამჯერ გახდა ავსტრიის ჩემპიონი. მისი ძველი სახელწოდების მიხედვით, როგორც გუნდის „მორალური“ მემკვიდრე ხელახლა დაარსდა სპორტული გაერთიანება „აუსტრია ზალცბურგი“ და ჯერ ნონტალში, შემდეგ კი მაქსგლანში თამაშობდა. 1977 წელს „ზალცბურგის ყინულის ჰოკეის კლუბის“ სახელით დაარსებული ჰოკეის კლუბი „რედ ბული ზალცბურგი“ 2004 წლიდან პირველ ლიგაში თამაშობს. ქალთა ყინულის ჰოკეის კლუბმა „რავენს ზალცბურგმა“ 2005-2006 წლების სეზონის ჩემპიონატში გაიმარჯვა. 1984 წელს „ზალცბურგ ლიონსმა“ გაიმარჯვა ავსტრიის პირველ ჩემპიონატში ამერიკულ ფეხბურთში. დღეს ისინი „ზალცბურგ ბულსის“ სახელით მაღალი დონის სამოყვარულო სპორტს თამაშობენ მეორე კლასის დივიზიონში.
აქტიური დასვენების სახით ზალცბურგში არსებობს ინვალიდის ეტლით ცეკვისა და სპორტის გაერთიანება „WheelChairDancers“[47]. გაერთიანების ძლიერი მოცეკვავე წყვილები ეროვნული ნაკრების წევრები არიან და ავსტრიას წარმოადგენენ საერთაშორისო შეჯიბრებებში. 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატში ჰანოვერში ერთ-ერთმა წყვილმა ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა[48].
2004 წლიდან ყოველწლიურად იმართება ზალცბურგის მარათონი AMREF-ის ფონდის მიერ. სირბილის ფესტივალში ალტშტადტისა და ძველი ქუჩების გავლით ოცდაათზე მეტი ეროვნების მორბენალი იღებს მონაწილეობას. ზალცბურგსა და მის შემოგარენში ჩატარდა 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ქუჩის ველოსპორტში. რბოლის დღეს მთავარ ღონისძიებას 330 000-ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა. ზალცბურგი წარდგენილი იყო 2010 და 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის ქალაქის კანდიდატად, თუმცა ჟიურიმ სხვა გადაწყვეტილება მიიღო.
საჯარო პარკები
ფართოდაა ცნობილი ჰელბრუნის სასახლის დიდი პარკის ჩრდილოეთით მდებარე დიდი რენესანსული ბაღი თავისი გეომეტრიული გზებითა და წყლის გუბურებით. სამხრეთით მდებარეობს თავდაპირველად საკრალური დატვირთვის ვილდნისპარკი. ცნობილი ბაღებია აგრეთვე ბაროკოს სტილის მირაბელის ბაღი ჰეკენთეატრთან, ცვერგისა და ბასტიონის ბაღებთან ერთად. მირაბელის ბაღს ნოიშტადტის უბანში ესაზღვრება საკურორტო პარკი.
ძველი ბაღებისაგან შეიქმნა დღევანდელი ბარონ-შვარც-პარკი შალმოოსის უბანში. იგი შეიქმნა შალმოოსჰოფის ბაღისა და გვიანდელი დიდი ბაღის, ბარონ-შვარც-ვილას ადგილზე. მინესჰაიმის პარკი გნიგლის უბანში არის შემორჩენილი ნაწილი მინესჰაიმის სასახლის თავდაპირველი ბაღისა. პროიშენპარკი აიგენ-აბფალტერში თავდაპირველად ვილა პროიშენის ბაღს წარმოადგენდა. მაქსგლან-ბურგფრიდში მდებარე შტელცლპარკი XX საუკუნის დასაწყისში ვილების მფლობელისა და მოგვიანებით მაქსგლანის მერის, შტელცლის ბაღი იყო.
ძველად ფრანც-იოზეფის სახელით ცნობილი სახალხო ბაღი პარშში კაიზერ ფრანც იოზეფ I-ის მმართველობის 50-ე საიუბილეო წელთან დაკავშირებით ხელახლა შეიქმნა. იგი დღემდე ზალცბურგის ერთ-ერთი რეკრეაციული პუნქტია. იმავე პერიოდში შეიქმნა დონენბერგპარკი ნონტალის უბანში. იგი შეიქმნა ნონტალში მდებარე მოხუცთა სახლის ბაღის მრავალჯერ გაფართოების შედეგად.
ზალცახის ტბის დასახლებასთან ახლოს მდებარე დასვენების ზონა ზალცახის ტბასთან არის პარკის სტილში განაშენიანებული ტერიტორია. იგი 1967 წელს რეკულტივირებული დიდი ნაგავსაყრელის ადგილზე შეიქმნა და თავისი საბანაო ტბითა და სხვა მცირე ტბებით მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომია. ლეენის უბანში მდებარეობს ლეენის პარკი, რომელიც ყოფილი ჭალის ნარჩენია. 1996 წელს ზალცბურგის სააქციო საზოგადოებამ შალმოოსში მდებარე დოქტორ ჰანს ლეხნერის პარკი ზალცბურგის მოსახლეობას გადასცა[15].
გასტრონომია
ზალცბურგში მეტწილად წარმოდგენილია ტრადიციული რეგიონული და ავსტრიული სამზარეულო, რომელიც გვხვდება როგორც ეროვნულ, ისე ბურჟუაზიულ გარემოსა და ნაწილობრივ ამაღლებულ ატმოსფერებშიც. ზოგიერთი ზალცბურგული სასაუზმე ფართოდ ცნობილია რეგიონის მასშტაბითაც. ალტშტადტში ბურჟუაზიული და ამაღლებული ატმოსფეროს მქონე რესტორნების გვერდით არის მრავალი კაფე და ბარი თავისი სცენებით ახალგაზრდა პუბლიკისათვის. ამგვარი კაფე-ბარები ძირითადად ზალცახის გასწვრივ მდებარეობენ.
ზალცბურგში ღირსშესანიშნავი საგვარეულო გასტრონომიაა 1621 წელს დაარსებული ლუდსახარში აუგუსტინერ ბროი კლოსტერ მიულნი, რომელსაც სახალხო მეტყველებაში „ბროიშტიუბლს“ უწოდებენ. აქ ლუდი ქვის ბაკლებში პირდაპირ ხის კასრებიდან ისხმება. ისტორიულ გარემოს ქმნის არაერთი დარბაზი, ლუდის ბაღი და მაღაზიები, რომლებში პურ-ფუნთუშეული და ხორცი იყიდება წასახემსებლად. ტრადიციებით მდიდარი ლუდის ბარი, რომელიც ძველ ბავარიულ ხასიათს ატარებს, არა მარტო საყვარელი შეკრების ადგილია მრავალი ზალცბურგელისათვის, არამედ ტურისტული ღირსშესანიშნაობის დატვირთვაც აქვს.
კულინარია
1890 წელს ზალცბურგელმა კონდიტერმა პაულ ფიურსტმა გამოიგონა მოცარტკუგელი, შოკოლადის ბურთულა მარციპანის გულით. იგი ქალაქის კულინარიულ ღირსშესანიშნაობად გადაიქცა. მოცარტკუგელს დღეს სხვადასხვა მწარმობელი კომპანია ამზადებს. ზალცბურგისათვის ტიპურია აგრეთვე ზალცბურგის ნოკერლი, ტკბილი ნამცხვარი დაშაქრული და ათქვეფილი კვერცხით. პოპულარულია აგრეთვე ბოსნა, მსუბუქი კერგი, რომელიც ღორის ხორცის ძეხვის, დაჭრილი ხახვის, საწებლისა და თეთრი პურის ნაჭრებისაგან შედგება; იგი პირველად 1949 წელს დამზადდა.
ეკონომიკა და ინფრასტრუქტურა
ზალცბურგი არის ეკონომიკური ცენტრი იმ რეგიონისა, რომელიც ჩრდილოეთით ზემო ავსტრიის მხარემდე, დასავლეთით კი ბავარიის შიდა რაიონებამდე აღწევს. მოსაზღვრე ოლქ ზალცბურგ-უმგებუნგთან ერთად ქალაქი ბიზნესმენთათვის მიმზიდველ გარემოს წარმოადგენს. ამგვარად იგი ფედერალური მხარის ეკონომიკური ძრავაა. ქალაქის ეკონომიკური სიძლიერე მთლიან მხარეში უხეში გამოთვლებით 43 %-ს შეადგენს[49]. 2001 წლის მონაცემებით ზალცბურგს ჰქონდა 7 838 საწარმო, რომელშიც დასაქმებული იყო 100 055 თანამშრომელი 10 210 ცალკეულ სამუშაო ადგილზე. 2001 წელს 10 729-ით მეტი მუშა დასაქმდა, ვიდრე ათი წლის წინ, რაც 12 %-იან ზრდას ქმნის. სამუშაო ადგილთა რაოდენობა 1991 წლიდან 2001 წლამდე 24,8 %-ით, 8 182-დან 10 210-მდე გაიზარდა. ამავდროულად ზალცბურგში გამოკვეთილია მცირე ბიზნესის სტრუქტურა[49].
ზალცბურგში დასაქმებულთა დიდი ნაწილი ქანქარისებური მიგრანტია. მათგან 44.082, რაც პროცენტულად 57 %-ს შეადგენს, ზალცბურგ-უმგებუნგის ოლქიდან დადის ზალცბურგში სამუშაოდ, 13 % — ტენენგაუს ოლქიდან, ზალცბურგის მხარის სხვა ოლქებიდან — 9 %. ზალცბურგში დასაქმებულ არაზალცბურგელთა 14 % ზემო ავსტრიიდან, ძირითადად ბრაუნაუსა და ფეკლაბრუკის ოლქებიდან არიან, დანარჩენი ფედერალური მხარეებიდან კი — 7 %. ზალცბურგიდან გამავალი დასაქმებული ქანქარისებური მიგრანტების რაოდენობა 15 027 ადამიანს შეადგენს, ისინი უპირატესად ზალცბურგ-უმგებუნგის ოლქში ქალაქთან ახლოს მდებარე საწარმოებში მუშაობენ[50].
ბიზნესი
ზალცბურგი ცნობილ საერთაშორისო ბიზნესმენთა ადგილსამყოფელია. ზალცბურგის უდიდესი ეკონომიკური საწარმოა პორშე ჰოლდინგი, რომლის კონსოლიდირებული შემოსავალი 2007 წელს 12,84 მილიარდ ევროს შეადგენს. იგი ძირითადად საქმიანობს ავტომობილთა ექსპორტის, იმპორტისა და ვაჭრობის საქმეებში. მეორე ადგილზე 10,88 მილიარდი ევროთი მას მოსდევს ავსტრიის სავაჭრო სააქციო საზოგადოება შპარი (Spar)[51][52]. ყოველდღიურ პროდუქტთა საცალო ვაჭროდა და შოპინგცენტრების განვითარება და წარმოება დღეს ავსტრიაში ერთ-ერთი გავლენიანი ბიზნესია.
უდიდესი და უძველეის ავსტრიული შმნახველი სალაროა სააქციო საზოგადოება ვიუსტენროტ ფერზიხერუნგსი. მნიშვნელოვანია ავტომობილთა საიმპორტო ფირმები BMW-აუსტრია და მერსედეს-ბენც-ავსტრია. ზალცბურგის უდიდესი გადამზიდავი სამსახურებია ლაგერმაქს ლაგერჰაუსი და სს შპედიციონს, რომელიც არა მარტო ამანათთა სატვირთო გადაზიდვას ახორციელებს, არამედ ავტომობილთა ლოგისტიკისა და ექსპრეს-მომსახურებებიც გააჩნია. ავსტრიის უდიდესი კერძო ლუდსახარშია შტიგლი (ან შტიგლბრაუერაი). იგი ჯერ კიდევ 1492 წელს დაარსდა ალტშტადტში და 1863 წლიდან მაქსგლანში მდებარეობს. 2005 წელს შტიგლის ლუდსახარში გაფართოვდა და ამ დროისათვის თანამედროვე საწარმო გახსნა[53].
სავაჭრო ცენტრები
ზალცბურგში ტრანსრეგიონული სავაჭრო ცენტრებია ალტშტადტის მაღაზიები (2005 წლის ბრუნვა: 206 მლნ. ევრო) და ოიროპარკი (ან ეუროპარკი) ტაქსჰაიმში. ოიროპარკი, კვადრატულ მეტრზე გათვლილი ბრუნვით, ყველაზე წარმატებული სავაჭრო ცენტრია ავსტრიაში. გარდა ამისა, 2007 წელს იგი პირველი სავაჭრო ცენტრი გახდა ავსტრიაში, რომელიც შოპინგ-ცენტრთა საერთაშორისო საბჭომ (ICSC) მსოფლიოს საუკეთესო შოპინგ-ცენტრად დაასახელა.
რეგიონული შოპინგ-ცენტრებია ალპენშტრასე (წლიური ბრუნვა: 135 მლნ. ევრო), ცენტრუმ-იმ-ბერგი უმგებუნგთან ერთად (66 მლნ.) და სადგურის ზონა (56 მლნ.). ადგილობრივი სავაჭრო ცენტრების ჩათვლით ზალცბურგის მასშტაბით 217 514 მ² სავაჭრო ფართობზე წლიური ბრუნვა 909 მილიონ ევროს აღწევს.
2009 წელს ზალცბურგის აეროპორტთან ახლოს 28 000 მ² საერთო ფართობზე სავაჭრო ცენტრი Designer Outlet გაიხსნა[49].
ტურიზმი
ტურიზმი ქალაქისათვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური ფაქტორია. 2007 წელს ზალცბურგში 2,1 მილიონმა სტუმარმა გაათენა ღამე, ამ მონაცემით იგი ვენის შემდეგ მეორე ადგილზეა ავსტრიის ქალაქებში. მზარდი საკონფერენციო და საგამოფენო ტურიზმი, ასევე საერთაშორისო ფრენები ხელს უწყობენ ამ სფეროს განვითარებას[54]. 5,5 მილიონი დღის სტუმარმა 2007 წელს ზალცბურგში დაახლოებით 137 მილიონი ევრო დახარჯა, რითაც გაამყარა დაახლოებით 1800 სამუშაო ადგილი ქალაქში.
ზალცბურგელთა 5,6 % უშუალოდ ტურიზმის სფეროშია დასაქმებული, თუმცა მათი გავლენა დიდია მომსახურების სხვა სფეროებზეც, უპირველესად კი ვაჭრობაზე. ფესტივალებზე ჩამოსულ ტურისტთა წყალობით წლიური საერთო ეკონომიკური შემოსავალი 153 მილიონ ევროს აღწევს, დასაქმების ეფექტი კი დაახლოებით 1600 სამუშაო ადგილს ქმნის. ფესტივალების გარდა ზალცბურგს მიმზიდველობას მატებს მოცარტის კვირეული, სააღდგომო დღესასწაულები, სულთმოფენობის ფესტივალები, ბაროკოსა და საშობაო ზეიმები, ასევე ისეთი ღირსშესანიშნაობები, როგორიცაა ჰოენზალცბურგის ციხესიმაგრე (დაახლოებით 845 000 დამთვალიერებელი), მოცარტის დაბადებისა და საცხოვრებელი სახლები (დაახლოებით 400 000 დამთვალიერებელი) და ჰელბრუნის სასახლე (დაახლოებით 300 000 დამთვალიერებელი). ზალცბურგში ტურისტული მნიშვნელობა აქვს აგრეთვე საგამოფენო ვაჭრობებსა და კონფერენციებს[49].
სამრეწველო გამოფენები
სამრეწველო გამოფენათა ცენტრის წყალობით ზალცბურგი, როგორც სამრეწველო გამოფენათა ქალაქი, უფრო და უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. 2005 წელს სამრეწველო გამოფენათა ცენტრში ოცი ღონისძიება ჩატარდა 250 000 სტუმრის თანდასწრებით. ლიფერინგის უბნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში თხუთმეტ წრიულად განლაგებულ დარბაზს სულ 34 721 მ² ფართობი უკავია. მას გააჩნია საკუთარი გასასვლელი სწრაფმავალ გზაზე და 3400 ადგილი პარკირებისათვის, რის გამოც სამრეწველო გამოფენათა ცენტრი მასშტაბური ღონისძიებების დროს პარკირების ჩამჭრელი მოედნის ფუნქციასაც ასრულებს. უშუალოდ გამოფენათა ცენტრის გვერდით მდებარეობს ახლად აშენებული დიდი და მრავალმხრივი გამოყენების ღონისძიებათა დარბაზი ზალცბურგარენა.
ტრანსპორტი
ტრანსპორტის განვითარება
ზალცბურგში ტრანსპორტის განვითარებისათვის დამახასიათებელია კერძო შიდა წვის ძრავიანი ტრანსპორტის სტაბილური ზრდა. ამის საპირისპიროდ მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანპორტისათვის განკუთვნილ გზათა წილი 1995 წლიდან 2004 წლამდე 21 %-დან 16 %-მდე შემცირდა, რაც ცენტრალური ევროპის საშუალო მაჩვენებელზე დაბალია. 1995 წლიდან 2008 წლამდე 12 %-დან 20 %-მდე გაიზარდა ველოსიპედთა მოძრაობა[49].
ადრეული შუა საუკუნეებიდან 1859 წლამდე შტადტბრიუკეს ხიდი, დღევანდელი შტაატსბრიუკეს ადგილას, ერთადერთი ხიდი იყო მდინარე ზალცახზე. იმ პერიოდში, შემდეგი უახლოესი ხიდები დაახლოებით 20 კილომეტრის მოშორებით, ჩრდილოეთით ქალაქ ლაუფენსა და სამხრეთით ქალაქ ჰალაინში მდებარეობდა. თავდაპირველად ხიდის ცენტრში, შემდეგ კი ზალცახის მარცხენა ნაპირზე მებაჟეებმა საგზაო საბაჟო მოაწყვეს. 1859 წელს გაიხსნა ზალცბურგის მეორე ხიდი კაროლინენბრიუკე, ერთი წლის შემდეგ კი — რკინიგზის ხიდი. ავტობანის ხიდთან ერთად ლეენის, კაროლინერბრიუკისა და შტაატსბრიუკეს ხიდები უმნიშვნელოვანესი გადამკვეთი გზებია მდინარე ზალცახზე.
სანტრანსპორტო მოძრაობის რეგულირების სპეციალური ღონისძიებები
ზალცბურგში დიდი ხანია არსებობს ალტშტადტის უბანში ფეხით მოსიარულეთა ზონაში ავტომობილებით შენობამდე მისასვლელი გზის პრობლემა. მოძრაობის აკრძალვის წესის ხშირი დარღვევის გამო 2010 წლის 21 ივნისს ძალაში შევიდა „ბარიერთა რეგულაცია“ (Pollerregelung). საერთო ჯამში 36-მა ბარიერმა უნდა აღკვეთოს ალტშტადტში ავტომობილთა უკანონო გადაადგილება. ბარიერები ზოგან მყარადაა დამონტაჟებული, ზოგან კი დისტანციური მართვით შესაძლებელია მისი გზის დონემდე დაწევა. ამ უკანასკნელთა დაწევა შესაძლებელია აგრეთვე პოლიციის გასაღებებით, მოცარტის მოედანზე კი ე. წ. „ევრო-გასაღებითაც“. გადატვირთულ საათებში, 6:00-დან 10:00 საათამდე ბარიერები დაწეულია. ფეხით მოსიარულეთა ზონაში ეს დრო 11:00 საათამდეა გაფართოებული.
ზაფხულის პერიოდში გადატვირთული მოძრაობის გამო 2012 წელს შემოიღეს ე. წ. შუა დღის რეგულაცია. 16 ივლისიდან 17 აგვისტომდე მარცხენა ალტშტადტის უბანში 10:00-დან 14:00 საათამდე აკრძალულია ზიგმუნდის კარიბჭეში, მიულნის ბორცვსა და შტაატსბრიუკეს ხიდზე გადაადგილება. გამონაკლისს ქმნიან სასტუმროებში მცხოვრები სტუმრები. სატრანსპორტო მოძრაობის რეგულირებების ამგვარ ღონისძიებებს ხშირად განსხვავებული შეფასებები და საჯარო დისკუსიები მოჰყვება[55].
ქვეითთა და ველოსიპედთა მოძრაობა
ზალცბურგში, განსაკუთრებით ალტშტადტში ბევრ ადგილამდე შესაძლებელია ქვეითად ან ველოსიპედით სწრაფად მისვლა. ალტშტადტის უბნის დიდი ნაწილი ქვეითთა ზონადაა გამოცხადებული. მნიშვნელოვან როლს ასრულებს ველოსიპედი, რომლის წილიც ქალაქის ტრანსპორტებში 18 %-ია და ამ მაჩვენებლით ზალცბურგი ერთ-ერთი პირველია ავსტრიაში (ინსბრუკის, ბრეგენცისა და გრაცის შემდეგ)[56]. 1991 წლიდან ქალაქის მმართველობაში მუშაობს ველოსიპედთა მოძრაობის დამოუკიდებელი კოორდინატორი. დღეს ქალაქს გააჩნია 170 კილომეტრის სიგრძის საველოსიპედე გზები[57]. განსაკუთრებით პოპულარულია ველოსიპედის გზები ზალცახის გასწვრივ. ამ გზებით შესაძლებელია მთელი ქალაქის სიგრძეზე გადაადგილება საავტომობილო გზის გადაკვეთის გარეშ. ხიდების გადაკვეთა მიწის ქვეშ ხდება, მდინარის მეორე ნაპირზე გადასვლა კი უპრობლემოდ ხდება ფეხით მოსიარულეთა ხიდების გამოყენებით.
საველოსიპედე მოძრაობას ხელს უწყობს აგრეთვე ზალცბურგის ველოსიპედების დაქირავების ნაწილობრივ უფასო სისტემა სითიბაიკი. მთავარ სადგურსა და იცლინგის სადგურზე აგებულია ველოსიპედთა დაცული სადგომები.
საზოგადოებრივი ტრანსპორტი
1940 წელს ზალცბურგს აქვს ტროლეიბუსების ქსელი, რომელიც მოგვიანებით არაერთხელ გაფართოვდა. ზალცბურგის ტროლეიბუსები, რომლებსაც ექსპლუატაციას სააქციო საზოგადოება ზალცბურგი უწევს შტადტბუს-ზალცბურგის სახელით, უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი ტრანსპორტია ქალაქში. ტროლეიბუსის ხაზების ხარვეზებს, რაც გამოიხატება ფრაილასინგისა და ზიცენჰაიმისაკენ მიმავალი გზების არარსებობაში, ავსებს ალბუსის ავტობუსების ხაზები. ავტობუსებისა და ტროლეიბუსების ქსელი ჯამში 117,3 კმ სიგრძისაა, შედგება 72 ტროლეიბუსისა და 38 ავტობუსისაგან; 2005 წელს ამ ხაზებით 45 მილიონმა მგზავრმა ისარგებლა[49].
ქსელი ძირითადად ვარსკვლავისებური ფორმითაა აგებული. ამრიგად ზოგიერთი მნიშვნელოვანი პუნქტი არაა ერთმანეთთან დაკავშირებული. მიმდებარე თემებთან დაკავშირება შესაძლებელია რეგიონული საავტობუსო ქსელის, პოსტბუსის დახმარებით. სატრანსპორტო კომპანიები ზალცბურგის სატრანსპორტო ასოციაციაში არიან შეთანხმებულები და დადგენილი აქვთ ერთიანი სატარიფო სისტემა.
ზალცბურგი რკინიგზის მნიშვნელოვანი საკვანძო პუნქტია. ზალცბურგის მთავარი სადგური ყოველდღიურად დაახლოებით 20 000 მგზავრს ემსახურება. ზალცბურგი არის უკანასკნელი სადგური ავსტრიის აღმოსავლეთის რკინიგზისა, რომელიც ზალცბურგს აღმოსავლეთ ავსტრიასთან და დედაქალაქ ვენასთან აკავშირებს. სამხრეთით მიემართება ზალცბურგ-ტიროლის რკინიგზა. მიუნხენი და ინსბრუკი ზალცბურგთან როზენჰაიმ-ზალცბურგის რკინიგზითაა დაკავშირებული. ზალცბურგისაკენ მოემართებიან გერმანიის რკინიგზის სწრაფმავალი და რეგიონული მატარებლებიც.
ზალცბურგიდან გამავალი რკინიგზის ხაზები ემსახურება აგრეთვე რეგიონულ ტრანსპორტს და მრავალ ქანქარისებურ მიგრანტს აძლევს საშუალებას, ზალცბურგში სწრაფად მოხვდეს. ახლო მანძილის უმნიშვნელოვანეს ტრანსპორტს წარმოადგენს ზალცბურგის ტრამვაი, რომელიც სულ უფრო მეტად სცილდება ქალაქის საზღვრებს და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის დატვირთვას იძენს. ზალცბურგის მთავარი სადგურიდან ფრაილასინგამდე მონაკვეთში დაგეგმილი ოთხი ახალი სადგურიდან სამი უკვე გაიხსნა. ტაქსჰამ-ოიროპარკის სადგური 2006 წლის 17 ივნისს ამუშავდა. 2009 წლის დეკემბერში მჭიდროდ დასახლებულ უბნებში ფუნქციონირება დაიწყო მიულნისა და აიგლჰოფის გაჩერებებმა. 2014 წლამდე ზაალახბრიუკედან ფრაილასინგამდე უნდა გაგრძელდეს, ასევე 2013 წელს დაგეგმილია ლიფერინგის ახალი სადგურის გახსნაც. ცენტრალური სადგურიდან სამხრეთით მდებარე სადგურებიც (ზალცბურგ-ზიუდი, აიგენი, გნიგლი, პარში და ზამი) ძირითადად ახალი აშენებულია[58]. სააქციო საზოგადოება ზალცბურგი ზალცბურგ-ლამპრეხტსჰაუზენისა და ბიურმოოს-ტრიმელკამის სარკინიგზო ხაზებზე ექპლუატაციას უწევს ტრამვაის ორ მნიშვნელოვან ხაზს ზალცბურგის ცენტრალურ ნაწილში. S1-ის ხაზი ადგილობრივი სადგურიდან ობერნდორფისა და ბიურმოოსის გავლით მიემართება ლაპრეხტსჰაუზენის თემისაკენ, S11 კი ემსახურება ტრიმელკამს.
2008 წელს მთავარი სადგურის დიდი ნაწილი თავიდან აშენდა. მანამდელი ტერმინალის გარდაქმნის შედეგად მიღებულ იქნა გადასასვლელებიანი სადგური, რომელიც რამდენიმე მატარებლის ერთდროულად გაჩერების საშუალებას იძლევა. ადვილად მისადგომობასთან ერთად განსაკუთრებით თვალშისაცემია ის ფაქტი, რომ შნარჩუნებულია ძეგლთა დაცვის ქვეშ მყოფი ნაგებობა, აგრეთვე შენარჩუნებულია ცენტრალური პლათფორმის ისტორიული გადახურვაც[59].
სატვირთო გადაზიდვებს ემსახურება მთავარი სადგურის აღმოსავლეთით მდებარე სატვირთო სადგური, ასევე გნიგლსა და შალმოოსს შორის არსებული დიდი სათადარიგო სადგური. სატვირთო მოძრაობისათვის გამოიყენება აგრეთვე გნიგლის, შალმოოსის, იცლინგისა და მაქსგლანის სარკინიგზო სადგურები.
მსუბუქი ავტომობილები და საჰაერო ტრანსპორტი
ქალაქის შიგნით ავტომობილების ყველაზე მეტი დატვირთვა მოდის ფოგელვიდერის ქუჩის (50 000 ავტომობილი დღიურად), ლეენის ხიდის (43 000 ავტომობილი), ფიურბერგისა (34 000 ავტომობილი) და ალპების ქუჩის (33 000 ავტომობილი) ჩრდილოეთით. ქალაქის მნიშვნელოვან ქუჩებზე ავტომობილთა რაოდენობა 1961 წლიდან 2005 წლამდე 300 %-ით გაიზარდა. ჯანსაღი ჰაერის შენარჩუნების მიზნით, ევროკავშირის კანონთა აღსრულების გზით, აუცილებელი ხდება ღონისძიებები ინდივიდუალური ტრანსპორტის მომრავლების წინააღმდეგ[49].
ქალაქის სატრანსპორტო სისტემის დამატებით გადატვირთვას იწვევს ტურისტთა სეზონური ნაკადები. ამის გამო ფესტივალების პერიოდში ქალქის შიდა უბნებში მოძრაობის შეფერხებისაგან თავის დასაცავად ყოველი ავტომობილი, რომელსაც ნომერზე ზალცბურგის განმასხვავებელი ნიშანი არ გააჩნია, გაჩერებული უნდა იქნეს ქალაქის პერიფერიებში არსებულ პარკირების დიდ მოედნებზე. როგორც ალპების ქუჩის სამხრეთით, ისე აღმოსავლეთით ბაზრის მოედანთან მდებარეობს პარკირების დიდი პარკ-ენდ-რაიდ-მოედნები. ქალქის შიდა უბნები, ქვეითთა სავალი ზონების გარდა, წარმოადგენენ მცირე ხნის ფასიანი პარკირების ზონებს[60]. ამ ადგილებიდან ქალაქის ცენტრამდე მისვლა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მარტივადაა შესაძლებელი.
ზალცბურგზე გადის ავსტრიის ორი სწრაფმავალი გზა (ავტობანი), A1 და A10. ავტობანიდან ქალაქში არის გადასახვევები შემდეგი მიმართულებებით: ზალცბურგ-ნორდი, მესენცენტრუმი, ზალცბურგ-მიტე, კლესჰაიმი, ზიცენჰაიმი, აეროპორტი, ზალცბურგ-ვესტი და ზალცბურგ-ზიუდი. ჯერჯერობით დაგეგმვის პროცესშია გადასახვევის მშენებლობა ჰაგენაუს მიმართულებით. ზალცბურგ-ნორდიდან ზალცბურგ-ვესტამდე მონაკვეთზე გაყვანილია აგრეთვე შიდასაქალაქო სწრაფმავალი გზა (ავტობანი).
ზალცბურგის ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის სახელობის აეროპორტი მაქსგლანის უბანში მდებარეობს. 2007 წელს იგი 1 946 422 მგზავრს მოემსახურა. ზამთრის ძლიერი ტურიზმის გამო ტენდენცია მთლიან რეგიონში მზარდია[61].
ელექტროენერგია, სასმელი წყალი და კანალიზაცია
დაახლოებით 60 000 მომხმარებელს ელექტროენერგიით, ისევე როგორც სასმელი წყლით, დიდწილად სააქციო საზოგადოება ზალცბურგი ამარაგებს. მხოლოდ მოსახლეობის მცირე ნაწილს, ძირითადად გაისბერგში მცხოვრებთ, აქვთ პირადი კვების წყაროები. მენხსბერგზე მდებარე ორი დიდი რეზერვუარი, თითოეული 25 000 კუბური მეტრის მოცულობით, აგრეთვე სხვადასხვა მცირე რეზერვუარები უზრუნველყოფენ ქალაქის მომარაგებას წყლით. სასმელი წყლის დიდი ნაწილი სანქტ-ლეონჰარდისა და გლანეგის ჭებიდან მოდის. ჯერ კიდევ რამდენიმე ათწლეულის წინ ქალაქის დიდი ნაწილი სასმელ წყალს ფიურსტენბრუნის წყაროებიდან იღებდა. მიწისქვეშა წყლების უცვლელი ხარისხის გამო მოხდა გადასვლა მიწისქვეშ წყლის საკმაოდ ღრმა დონეებიდან მოპოვებაზე.
კანალიზაციის ქსელის ძირითადი ნაწილის მშენებლობა 2004 წელს დასრულდა. მხოლოდ 100 მოშორებით მდებარე ნაგებობა, ძირითადად გაისბერგის მთაზე, დღემდე არაა დაკავშირებული ქალაქის კანალიზაციის ქსელს.
ნაგვის გატანა აკისრია ქალაქის დასუფთავების სერვისს. საყოფაცხოვრებო ნარჩენები ზიგერვიზენში მდებარე სისუფთავის კონტროლის ასოციაციის საწარმოებში მექანიკურად და ბიოლოგიურად გადამუშავდება. 1994 წლიდან ცალკე ხდება ბიოლოგიური ნაგვის შეგროვება.
ჯანმრთელობა
ზალცბურგი ორი უდიდესი, ერთმანეთისაგან მოშოებით მდებარე საავადმყოფოა კრისტიან დოპლერის კლინიკა ლიფერინგის სამხრეთ ნაწილში და ზალცბურგის მხარის საავადმყოფო, ასევე ცნობილი წმინდა იოანეს საავადმყოფოს სახელით, რომელიც მიულნში მდებარეობს. 2004 წლის შემდეგ ისინი, ზალცბურგის სხვა საავადმყოფოებთან ერთად, გაერთიანებული არიან ზალცბურგის მხარის კლინიკების საზოგადოებაში.
წმინდა იოანეს საავადმყოფო 1695 წელს დაარსდა მთავარეპისკოპოს იოჰან ერნსტ ფონ თუნის მიერ. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იგი ხელახლა აშნდა და გაიხსნა. საბოლოოდ 2001 წელს აიგო ქირურგიის დეპარტამენტის შენობა. ყოველწლიურად 1 000 საწოლში დაახლოებით 48 000 პაციენტია სტაციონარული ზედამხედველობის ქვეშ 19 დეპარტამენტსა და შვიდ ინსტიტუტში.
ამ ორი დიდი საავადმყოფოს გარდა ზალცბურგში მდებარეობს ავარიის დაზღვევის ფონდის კუთვნილი ავარიების საავადმყოფო ოისერენ-შტაინში, მოწყალე გულის ძმათა საავადმყოფო კაიეტანის ეკლესიის გვერდით, დიაკონესათა საავადმყოფო აიგენში, დოქტორ პრიერის სანატორიუმი, ვერლეს კერძო კლინიკა, ასევე სპეციალური საავადმყოფო და სამკურნალო საცხოვრებელი ალკოჰოლსა და წამალზე დამოკიდებულთათვის.
უსაფრთხოება
პოლიცია
ქალაქის უსაფრთხოების უფლებამოსილებით სარგებლობს ზალცბურგის სამხარეო პოლიციის დირექცია. ქალაქის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს მათი ჯგუფი, რომელსაც ზალცბურგის საქალქო პოლიციის ჯგუფი ეწოდება (Stadtpolizeikommando).
მოხუცთა სახლები
ზალცბურგში მდებარე მოხუცთა 13 სახლში დაახლოებით 1600 მოხუცებული ცხოვრობს. მათგან დაახლოებით 1000 ხუთ უდიდეს მოხუცთა სახლში სახლობს, ესენია ჰელბრუნის, იცლინგის, ლიფერინგის, ნონტალისა და ტაქსჰაიმის მოხუცებულთა სახლები, ყველა მათგანი ქალაქის მმართველობას ეკუთვნის. მოხუცებულთა დიდ სახლს უძღვება აგრეთვე აიგენის დიაკონიაც. გარდა მოხუცთა სახლებისა, ქალაქი ზალცბურგი ხშირად აწყობს ღონისძიებებს მოხუცებულთათვის, დასავენებელ აქციებსა და მოხუცთა სადილებს.
განათლება და მეცნიერება
ბავშვები და მოზარდები
ზალცბურგში 30 ბავშვთა გასართობი პუნქტია 600 ადგილით ბავშვებისათვის და 200 ადგილით მშობლებისათვის, ამ პუნქტებს ბავშვები და მშობლები ერთად სტუმრობენ. შესაბამისი ასაკის ბავშვთა 65 % ქალაქის 31 საბავშვო ბაღში სწავლობს. ამ ბაღებში შესაძლებელია ბავშვის დატოვება ნაშუადღევსაც[1].
ზალცბურგს აქვს სკოლის მოსწავლეთა 350 ადგილიანი და სტაჟიორთათვის 240 ადგილიანი საერთო საცხოვრებლები. სტუდენტთა 20 საერთო საცხოვრებლის მეშვეობით, რომელიც საერთო ჯამში 2000-ზე მეტ მცხოვრებს ემსახურება, ზალცბურგი საშუალებას აძლევს უცხოელ სტუდენტებს, განათლება ამ ქალაქში მიიღონ. მოსწავლეთა და სტუდენტთა საერთო საცხოვრებლები ძირითადად ზალცბურგის სტუდენტთა მომსახურებისა და საეკლესიო ორგანისაციების მიერ იმართება.
სკოლები
განათლების ავსტრიული სისტემის შესაბამისად, ზალცბურგის 24 უბანში სხვადასხვა ტიპის დაწყებითი სკოლები არსებობს: 26 სახალხო სკოლა (Volksschule), ცხრა მთავარი სკოლა (Hauptschule) და შვიდი სპეციალური სკოლა (Sonderschulen). ქალაქის ოცი გიმნაზიიდან სამს საეკლესიო ინსტიტუტები მართავენ[62].
უფრო მაღალი საფეხურის არაერთი სკოლა მდებარეობს ნონტალის უბანში, მათ შორისაა ნონტალის ფედერალური გიმნაზია, BORG-ნონტალი, ფედერალური რეალ-გიმნაზია, BORG-აკადემიენშტრასე და ეკონომიკურ მეცნიერებათა ფედერალური რეალ-გიმნაზია. ამაჟამად მშენებლობის პროცესში არსებული უნიპარკ-ნონტალის მეშვეობით ნონტალის უბანი დახურულ ერთეულსა და განათლების ცენტრს შექმნის ქალაქში[1]. ქალაქის სხვა გიმნაზიებიდან აღსანიშნავია ზალცბურგის აკადემიური გიმნაზია რიდენბურგში, ფედერალური გიმნაზია ცაუნერგასე მაქსგლანში, კრისტიან დოპლერის გიმნაზია მიულნში და მუსიკალური გიმნაზია იცლინგში.
კათოლიკური კერძო სკოლებია საეპისკოპოსო კერძო გიმნაზია ბორომოიმი პარშში, ქრისტეს გულის მისიონერთა გიმნაზია ლიფერინგში, ასევე წმინდა ურსულას გიმნაზია და ზედა საფეხურის რეალ-გიმნაზია აიგენში. კიდევ ერთი კერძო სკოლაა რუდოლფ შტაინერის სკოლა (ვალდორფ-შულე), რომელსაც 200-ზე მეტი მოსწავლე ჰყავს[1]. ინგლისურენოვანი სკოლებია International Preparatory School მოოსშტრასეს ქუჩაზე და Salzburg Seminar ლეოპოლდსკრონის ციხესიმაგრეში.
გარდა ზოგადსაგანმანათლებლო გიმნაზიებისა, ზალცბურგში არსებობს ექვსი პროფესიული საშუალო და მაღალი საფეხურის სკოლა, სადაც საერთო ჯამში 3500-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს. მათ რიცხვს ეკუთვნის ფედერალური კომერციული აკადემია და ფედერალური კომერციული სკოლა, ანაჰოფის სახელით ცნობილი მაღალი ფედერალური სასწავლებელი ეკონომიკური პროფესიებისათვის და ტექნიკური ფედერალური სასწავლებელი[63]. კათოლიკური კერძო სასწავლებლებია სოციალური მენეჯმენტის სასწავლო დაწესებულება, საბავშვო ბაღის პედაგოგიური სასწავლებელი და სპეციალური სკოლა სამეურნეო პროფესიებისათვის[64].
-
ნონტალის სახალხო სკოლა
-
ბოროროიმი
-
კრისტიან დოპლერის გიმნაზია
აკადემიები
სახელოვნებო აკადემიაა სახვითი ხელოვნების საერთაშორისო საზაფხულო აკადემია. პედაგოგიური უმაღლესი სასწავლებელი იძლევა განათლებას სახალხო და მთავარი სკოლების მასწავლებელთათვის[65], რელიგიური პედაგოგიური აკადემია კი — კათოლიკური რელიგიის მასწავლებლებისათვის. ზალცბურგის სარეკლამო დიზაინის აკადემია საკომუნიკაციო დიზაინის სწავლებისათვისაა განკუთვნილი. დამწყებ ჟურნალისტებს ემსახურება ავსტრიის კურატორიისა და ჟურნალისტური განათლების მედიის აკადემია.
სამედიცინო სფეროში ფუნქციონირებენ მედდების აკადემია, ასევე აკადემია ოკუპაციური თერაპიისა და ორთოპედილი საქმიანობისათვის. გარდა ამისა, განათლება შესაძლებელია აგრეთვე მედიცინურ-ტექნიკურ ლაბორატორიულ, რადიოლოგიურ-ტექნიკურ და ფსიქოთერაპიულ სფეროებში. ზალცბურგის კვების აკადემია მეცნიერულად უდგება კვებით მედიცინას[66].
უნივერსიტეტები
ზალცბურგში მდებარეობს ავსტრიის სამი დიდი უნივერსიტეტი.
უძველესია ზალცბურგის პარის ლოდრონის უნივერსიტეტი. იგი 1622 წელს დაარსდა, 1810 წელს მიატოვეს, ხოლო 1962 წელს ოთხი კლასიკური — კათოლიკური თეოლოგიის, სამართალმცოდნეობის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა (დღეს კულტურისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა) და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტებით ხელახლა დაარსდა. მას 11 000 სტუდენტი და 1 600 თანამშრომელი ჰყავს კვლევის, სწავლებისა და მმართველობის სფეროებში და ამ მონაცემებით უდიდესი სასწავლო დაწესებულებაა როგორც ქალაქ ზალცბურგში, ისე ზალცბურგის მხარეში[67]. 2001 წელს დაფუძნდა ზალცბურგის მენეჯმენტისა და ბიზნესის სკოლა[68]. იგი ეკონომიკის საუნივერსიტეტო კურსებს სთავაზობს მხოლოდ იმ სტუდენტებს, რომელთაც აკადემიური ხარისხი ზალცბურგის პარის ლოდრონის უნივერსიტეტისაგან მიიღეს.
უმაღლესი სასწავლებელი მოცარტეუმი[69], რომელიც ჯერ კიდევ 1939—1953 წლებში ფუნქციონირებდა, 1970 წელს აღდგა. მოცარტეუმი თავის სტუდენტებს სთავაზობს საშემსრულებლო კურსებს სიმებიან, სასულე და სხვა სახის ინსტრუმენტებზე. გარდა ამისა არსებობს პედაგოგიური მიმართულების სპეციალობები და კურსები თეატრალურ, სასცენო და სარეჟისორო ხელოვნებაში.
სამედიცინო კერძო უნივერსიტეტი პარაცელსუსი (PMU) 2003 წელს ორი მესამედით კერძო, ხოლო ერთი მესამედი სახელმწიფო სახსრებით დაარსდა სტუდენტებს სთავაზობს კურსებს ჰუმანურ მედიცინაში, საექთნო მეცნიერებაში, ასევე დიპლომის შემდგომ სწავლებას მოლეკულურ მედიცინაში. სტუდენტთა კლინიკური განათლება შესაძლებელია ზალცბურგის საუნივერსიტეტო კლინიკებში. პარაცელსუსი პრაქტიკული განათლების სფეროში თანამშრომლობს აგრეთვე ზემო ბავარიის საავადმყოფოებთან, უპირველესად კი როზენჰაიმის კლინიკასთან.
მოზრდილთა განათლება
მოზრდილთა განათლებაში (Erwachsenenbildung) იგულისხმება ორგანიზებული არასაუნივერსიტეტო სწავლის გაგრძელება სწავლების პირველი საფეხურის დასრულების შემდეგ. მოზრდილთა განათლებას ემსახურება ზალცბურგის სახალხო უმაღლესი სასწავლებელი 1000-ზე მეტი კურსით. აღსანიშნავია აგრეთვე წმინდა ვირგილის საეკლესიო განათლების სახლი, კათოლიკური განათლების სასწავლებელი და სამხარეო დამატებითი განათლების ინსტიტუტი მოზარდთა განათლების სფეროში. პროფესიული დამატებითი განათლების, აგრეთვე მოზარდთა განათლების კუთხით მუშაობენ პროფესიული სწავლების ინსტიტუტი და ეკონომიკის სწავლების ინსტიტუტი.
ბიბლიოთეკები
ზალცბურგის საქალაქო ბიბლიოთეკა ყოველდღიურად დაახლოებით 1000 სტუმარს ემსახურება და ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დაწესებულებაა მომსახურების სფეროში. ძველად დიდწილად მირაბელის სასახლეში განთავსებული ბიბლიოთეკა 2009 წლის დასაწყისში ლეენის უბანში, არქიტექტურული ბიურო HALLE1-ის მიერ შექმნილ თანამედროვე დიზაინის შენობაში გადასახლდა[70]. იგი რამდენიმე დეპარტამენტადაა დაყოფილი: მთავარი ბიბლიოთეკა, საბავშვო ბიბლიოთეკა, მედიათეკა და მობილური ბიბლიოთეკა. 2009 წლიდან შესაძლებელია აგრეთვე ციფრული მედიის მიღება პირდაპირ ინტერნეტის საშუალებითაც.
უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, რომელსაც ცალკეული ფაკულტეტისა და სპეციალობების ბიბლიოთეკებიც ეკუთვნის, უპირველესად სტუდენტებისთვის, აკადემიკოსების, ლექტორებისა და მეცნიერებისთვისაა განკუთვნილი, თუმცა მათი მასალები ხელმისაწვდომია ფართო საზოგადოებისათვისაც. მოცარტეუმის უნივერსიტეტიც ასევე საკუთარ მდიდარ ბიბლიოთეკას ფლობს.
კიდევ ერთი საჯაროდ ღია სპეციალური ბიბლიოთეკაა 1985 წელს დაარსებული რობერტ იუნგკის ბიბლიოთეკა მომავლის კითხვებისათვის, რომელიც იმბერგის ქუჩაზე მდებარეობს.
გარდა ამისა, არსებობს კიდევ რამდენიმე კერძო სპეციალური ბიბლიოთეკა, რომელთა მასალებიც მხოლოდ საზოგადოების შეზღუდული წრისათვისაა ხელმისაწვდომი. ასეთია მაგალითად მოცარტეუმის ფონდის ბიბლიოთეკა, ვილფრიდ ჰასლაუერის პოლიტოლოგიური ბიბლიოთეკა, წმინდა პეტრეს მონასტრის ბიბლიოთეკა და მაქს რაინჰარდტის ბიბლიოთეკა ლეოპოლდსკრონის სასახლეში.
მედია
ქალაქ ზალცბურგის უმნიშვნელოვანესი მედია-საშუალებაა ყოველდღიური გაზეთი „ზალცბურგერ ნახრიხტენი“. მისი გავრცელების არეალი მოიცავს ქალაქ ზალცბურგსა და ზალცბურგის მხარეს. გაზეთის ტირაჟმა 2008 წელს 100 000 ეგზემპლარს მიაღწია[71][72].
„ზალცბურგერ ფენსტერი“ (დაარსდა 1979 წელს) და შტადტ-ნახრიხტენი (2002 წლის აპრილიდან) ყოველკვირეული უფასო გაზეთებია. „ზალცბურგერ ფოლკსცაიტუნგი“ (სახალხო გაზეთი) 8 500 გაყიდული გაზეთით ავსტრიაში ყველაზე მცირე ყოველდღიური საგაზეთო გამოცემაა. პარტაიცაიტუნგი (პარტიის გაზეთი), რომელიც 2005 წლამდე ავსტრიის სახალხო პარტიას ეკუთვნოდა, დღეს დამოუკიდებელია.
ყოფილი გაზეთი „ასფალტერი“, დღეს „აპროპოსის“ სახელით ცნობილი, არის ყოველთვიური ქუჩის გაზეთი, რომლის შმუშავება და გაყიდვაც, სოციალური პროექტების ფარგლებში, ძირითადად უსახლკაროთა მიერ ხდება.
2005 წლიდან ყოველთვიურად გამოიცემა „ნახრიხტენილუსტრირტე ეხო“ (ილუსტრირებული ამბების ექო).
ნონტალის უბანში მდებარე ზალცბურგის სამხარეო სტუდია ORF[73] ავსტრიის სამაუწყებლო კომპანიის ფილიალია. მისი შნობა, რომელიც 1972 წელს არქიტექტორ გუსტავ პაიხლის მიერ აიგო, დღეს ძეგლთა დაცვის ქვეშ იმყოფება. სტუდიაში იწერება როგორც Ö2-ისა და რადიო-ზალცბურგის გადაცემები, ისე სატელევიზიო საინფორმაციო გადაცემა ზალცბურგი დღეს (Salzburg heute). ORF-ზალცბურგის რეგიონული მასშტაბის გადამცემი ანძა 1930 წლიდან აღმართულია გაისბერგის მთაზე. ზალცბურგიდან გადაიცემა რადიო-მაუწყებლობა ანტენე-ზალცბურგი, რომელიც სიძველით მეორეა მთელ ავსტრიაში. 1995 წლიდან იგი თავისი გადაცემის რეჟიმით რადიომელოდიის სახელწოდებით აქცენტს საზოგადოებაზე აკეთებს.
1998 წელს დაარსებული ზალცბურგის თავისუფალი მაუწყებლობა „რადიოფაბრიკა“ ერთადერთი საზოგადოებრივი რადიოა ზალცბურგში. პროგრამები მოხალისე თანამშრომლების მიერ იქმნება. რადიოფაბრიკა ჩართულია აგრეთვე საზოგადოებრივი ტელევიზია TV FS1-ის საქმიანობაშიც, რომელიც 2012 წლიდან მსგავსი კონცეფციით მაუწყებლობს.
1998 წელს მაუწყებლობა დაიწყო კერძო რადიომ „Welle 1“ (ტალღა 1). ყოფილი რეგიონალური მაუწყებლობა Salzburg TV უპირველესად ეხებოდა ქალაქ ზალცბურგისა და ზალცბურგის მხარის მნიშვნელოვან მოვლენებს, დღეს კი მისი მაუწყებლობის მიღება Servus TV-ის სახელწოდებით შესაძლებელია ავსტრიაში, გერმანიაში და ასევე სხვაგან სატელიტის საშუალებით.
2007 წლის 21 ნოემბრიდან არსებობს სიახლეების ონლაინ-პორტალი SALZBURG24, რომელიც უპირატესად რეგიონალურ სიახლეებს აშუქებს ზალცბურგიდან, ზემო ავსტრიიდან და ბავარიიდან. SALZBURG24 ეკუთვნის შპს medienhaus.com-ს, რომელიც თავის მხრივ მედიაკომპანია ფორარლბერგის მედიის სახლის შემადგენელი ნაწილია.
პიროვნებები
საპატიო მოქალაქეთა დასახელება ქალაქ ზალცბურგის უმაღლესი ჯილდოა. მასთანაა დაკავშირებული ზალცბურგის მოქალაქის ყველა უფლება მოვალეობების გარეშე. პირველად საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა ლანდშაფტების მხატვარ იოჰან მიხაელ ზატლერს 1829 წლის 6 მაისს. თითქმის ასი წლის შემდეგ, 1920 წელს კამერული მომღერალი ლილი ლემანი გახდა პირველი ქალი, რომელიც საპატიო მოქალაქედ აირჩიეს[74].
კულტურის სფეროში დასახელებულ სხვა პიროვნებებთან ერთად ზალცბურგისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ კრისტიან დოპლერსა და პარაცელსუსს:
კრისტიან დოპლერი 1803 წელს ქვის მთლელთა შეძლებულ ოჯახში, ბაზრის მოედნის პირველ ნომერ სახლში დაიბადა, მოცარტის საცხოვრებელი სახლის გვერდით. 1850 წელს იგი ვენაში გადავიდა სამუშაოდ ექსპერიმენტული ფიზიკის პროფესორად უნივერსიტეტში, აქ მან დააარსა და ხელმძღვანელობდა უნივერსიტეტის ფიზიკის ინსტიტუტს. მან აღმოაჩინა დღეს ფართოდ გამოყენებადი დოპლერის ეფექტი. დოპლერის აღმოჩენები საფუძვლად დაედო არაერთ სამეცნიერო შრომას, მათ შორის ერნსტ მახის, ალბერტ აინშტაინისა და ვერნერ ჰაიზენბერგის. დოპლერი გარდაიცვალა 1853 წელს ტუბერკულოზით, ვენეციაში შვებულებისას[75].
თეოფრასტუს ბომბასტუს ფონ ჰოენჰაიმი, უფრო ცნობილი პარაცელსუსის სახელით, დასაფლავებულია ზალცბურგის სებასტიანის სასაფლაოზე, ლინცის ქუჩაზე. 1524-1525 წლებში იგი ცხოვრობდა პფაიფერგასეს 11 ნომერში. პარაცელსუსი, რომელიც 1525 წელს ამბოხებულებს მიემხრო, გაიქცა ზალცბურგიდან და 1540 წელს დაბრუნდა და აქვე გარდაიცვალა 1541 წელს[76].
ფილმები
თავისი კარგად შემონახული ისტორიული უბნების წყალობით ზალცბურგი ხელსაყრელ გარემოს ქმნის ფილმზე მუშაობისათვის. ქვემოთ მოყვანილია მხოლოდ მცირე ჩამონათვალი იმ ორასზე მეტი ფილმიდან, რომლებიც ზალცბურგშია გადაღებული:
- 1965: მუსიკის ჰანგები, ტრაპის ოჯახის ეკრანიზაცია[77].
- 1993: ჰეიდი, იოჰანა შპირის ნოველის მიხედვით[78].
- 2004: იედერმანი, ეკრანიზაცია კრისტიან შტიუკლის მიხედვით[79].
- 2004: Silentium, ვოლფ ჰაასის ამავე სახელწოდების ნაწარმოების ეკრანიზაცია.
- 2005: La traviata, ოპერის ეკრანიზაცია ანა ნეტრებკოს მონაწილეობით დიდ ფესტივალთა სახლში[80].
- 2006: Mozart – Ich hätte München Ehre gemacht, ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის ცხოვრების ეკრანიზაცია[81].
- 2006: ფიგაროს ქორწინება, იტალიური მიუზიკლი, გადაღებული მცირე ფესტივალთა სახლში[82].
- 2009: Knight and Day, ამერიკული კომედია ტომ კრუზისა და კამერონ დიასის მონაწილეობით.
რესურსები ინტერნეტში
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 784 ინგლ. • რუს. • ფრ. |
- stadt-salzburg.at, ქალაქ ზალცბურგის ოფიციალური საიტი
- salzburg.gv.at, ზალცბურგის მხარის ოფიციალური საიტი
- salzburg.at, SALZBURG.AT – პლათფორმა ზალცბურგის რეგიონისათვის
ლიტერატურა და წყაროები
- Josef Brettenthaler: Salzburger Synchronik. Salzburg 2005, ISBN 3-85380-055-6.
- Paul Buberl: Die Denkmale des Gerichtsbezirkes Salzburg. Band 11, Wien 1916.
- Bernd Euler, Dehio Salzburg (Hrsg.): Salzburg Stadt und Land. Wien 1986, ISBN 3-7031-0599-2.
- Heinz Dopsch, Hans Spatzenegger: Geschichte Salzburgs. Salzburg 1984, ISBN 3-7025-0197-5.
- Heinz Dopsch, Robert Hoffmann: Salzburg. Die Geschichte einer Stadt. 2. aktualisierte Auflage. Salzburg, Wien/München 2008, ISBN 978-3-7025-0598-1.
- Lieselotte Eltz-Hoffmann: Die Kirchen Salzburgs. Salzburg 1993, ISBN 3-7025-0308-0.
- Franz Fuhrmann: Salzburg in alten Ansichten. Salzburg/Wien 1963, ISBN 978-3-7017-0291-6.
- Adolf Haslinger, Peter Mittermayr: Salzburger Kulturlexikon. Residenzverlag, 2001, ISBN 3-7017-1129-1.
- Robert Messner, Verband der wissenschaftlichen Gesellschaft Österreichs (Hrsg.): Salzburg im Vormärz. Wien 1993, ISBN 3-85369-930-8.
- Bernhard Paumgartner: Salzburg. Salzburg 1966.
- Stadt Salzburg (Hrsg.): Historischer Atlas der Stadt Salzburg. In: Schriftenreihe des Archivs der Stadt Salzburg. Nr. 11, Salzburg 1999.
- Hans Sedlmayr: Salzburg – Stadt ohne Landschaft. Salzburg 1970, ISBN 978-3-7013-0445-5.
- Hans Tietze, Franz Martin: Österreichische Kunsttopographie Band IX. Die kirchlichen Denkmale der Stadt Salzburg. Wien 1912.
- Friederike Zaisberger: Geschichte Salzburgs. Wien 1998, ISBN 3-7028-0354-8.
- Franz Valentin Zillner: Geschichte der Stadt Salzburg. In: Sonderbände der Mitteilungen der Salzburger Landeskunde. Salzburg 1885 (Reprint).
სქოლიო
- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 1.7 Magistrat Salzburg, Archiv und Statistisches Amt (Hrsg.): Salzburg in Zahlen. Nr. 4, 2008.
- ↑ Magistrat Salzburg, Amt für Stadtplanung und Verkehr, Planerstellung unter Leitung von Senatsrat Dr. R. Medicus
- ↑ Heinz Dopsch, Hans Spatzenegger: Geschichte Salzburgs, Band I/1, S. 437–462. Salzburg 1984, ISBN 978-3-7025-0197-6.
- ↑ Peter Kramml et al.: Stadt Salzburg, Geschichte in Bildern und Dokumenten, S. 12 und 14. Salzburg 2002, ISBN 3-901014-76-4.
- ↑ Amt der Salzburger Landesregierung (Hrsg.): Fürsterzbischof Wolf Dietrich von Raitenau, S. 196–226. (Buch zur Salzburger Landesausstellung 1987).
- ↑ Eva Stahl: Leben und Spiele eines geistlichen Fürsten S. 153–293. Wien 1988, ISBN 3-85002-259-5.
- ↑ Reinhard Rudolf Heinisch: Paris Graf Lodron. Reichsfürst und Erzbischof von Salzburg S. 88 ff, S. 120 ff. Wien 1991, ISBN 3-85002-312-5.
- ↑ Christian Greinz: Die fürsterzbischöfliche Kurie und das Stadtdekanat zu Salzburg S. 270 ff. Salzburg 1929.
- ↑ Adolph Bühler: Salzburg und seine Fürsten, S. 199 ff. Bad Reichenhall 1910.
- ↑ Pert Peternel: Salzburg-Chronik. Salzburg 1984, ISBN 3-7023-0167-4.
- ↑ Fritz Koller, Hermann Rumschöttel: Bayern und Salzburg im 19. und 20. Jahrhundert. Vom Salzachkreis zur EUregio. Samson 2006, ISBN 3-921635-98-5.
- ↑ Roland Floimair (Hrsg.): Von der Monarchie bis zum Anschluss. Salzburg 1993.
- ↑ 13.0 13.1 13.2 Peter Kramml, Sabine Veits-Falk, Thomas Weidenholzer: Stadt Salzburg. Geschichte in Bildern und Dokumenten. Kostbarkeiten aus dem Stadtarchiv. Archiv der Stadt Salzburg, Salzburg 2002, ISBN 3-901014-76-4.
- ↑ 14.0 14.1 Peter Kramml et al.: Historische Atlas der Stadt Salzburg. Schriftenreihe des Archivs der Stadt Salzburg Nr. 11, Tafel I, 16 gestaltet von Guido Müller. Archiv der Stadt Salzburg, Salzburg 1999.
- ↑ 15.0 15.1 Magistrat Salzburg, Amt für Stadtplanung und Verkehr (Hrsg.): Räumliches Entwicklungsprogramm 2007.
- ↑ Räumliches Entwicklungskonzept der Stadt Salzburg, Plan 10.7.. 2009 (Stand 2006).
- ↑ ზალცბურგის ეპარქიის სტატისტიკური მონაცემები
- ↑ Österreichisches Statistisches Zentralamt (Hrsg.): Statistik Austria, Volkszählung 2001.
- ↑ Christliche Kirchen und Gemeinschaften in Salzburg. Erzdiözese Salzburg. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-15. ციტირების თარიღი: 2012-08-28.
- ↑ Salzburger Nachrichten vom 28./29. April 1984.
- ↑ Heinz Dopsch, Robert Hoffmann: Geschichte der Stadt Salzburg, S. 588–629. Universitätsverlag A. Pustet, Salzburg 1996, ISBN 3-7025-0340-4.
- ↑ ზალცბურგის ისტორიული ცენტრი იუნესკოს საიტზე
- ↑ Lieselotte Eltz-Hoffmann: Die Kirchen Salzburgs. Verlag Anton Pustet, Salzburg 1993.
- ↑ 24.0 24.1 24.2 Bernd Euler, Dehio Salzburg (Hrsg.): Salzburg Stadt und Land, S. 515 ff. Wien 1986, ISBN 3-7031-0599-2.
- ↑ Reinhard Medicus: Die Hellbrunner Allee und ihre Umgebung. In: Mitteilungen der Gesellschaft der Salzburger Landeskunde. Salzburg 2006.
- ↑ 26.0 26.1 Paul Becker, Kulturamt der Stadt Salzburg (Hrsg.): Stadt der Musik. Band VI, Salzburg 1961.
- ↑ 27.0 27.1 27.2 27.3 Adolf Haslinger, Peter Mittermayr: Salzburger Kulturlexikon. Salzburg 2001, ISBN 3-7017-1129-1.
- ↑ Erich Schenk: Mozart – Eine Biographie. München 1978.
- ↑ Advent und Weihnachtsveranstaltungen. TSG Tourismus Salzburg GmbH, abgerufen am 17. Dezember 2008[მკვდარი ბმული]
- ↑ 30.0 30.1 Umsiedelung des Salzburg Museums in die Neue Residenz. Salzburg Museum, abgerufen am 28. Dezember 2008.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-12-30. ციტირების თარიღი: 2012-09-16.
- ↑ Salzburg Foundation
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-12. ციტირების თარიღი: 2012-09-20.
- ↑ http://www.nextroom.at/building.php?id=28859&inc=home
- ↑ http://www.architektmaurer.com/1/index.php/de/kongressslzbg
- ↑ http://www.nextroom.at/event.php?id=14058
- ↑ http://www.nextroom.at/building.php?id=2227
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-05. ციტირების თარიღი: 2012-09-20.
- ↑ http://www.nextroom.at/building.php?id=3741&inc=datenblatt
- ↑ Christian Strasser: The Sound of Klein-Hollywood: Filmproduktion in Salzburg, Salzburg im Film. Wien 1993, ISBN 3-85437-047-4.
- ↑ H. Bögel und K. Schmidt: Kleine Geologie der Ostalpen, S. 46 ff. Verlag Ott, Thun 1976, ISBN 3-7225-6247-3.
- ↑ S. Prey: Geologische Karte der Umgebung der Stadt Salzburg. Verlag der geol. Bundesanstalten Österreichs, Wien 1969.
- ↑ Klimaspiegel & Temperaturen in Salzburg. Zentralanstalt für Meteorologie und Geodynamik (ZAMG), abgerufen am 17. Dezember 2008.
- ↑ Reinhard Medicus: Die Kopfweiden am Almkanal. In: Bastei. Nr. 2, 2004 (Zeitschrift des Salzburger Stadtvereines).
- ↑ Reinhard Medicus: Der Rainberg in Natur- und Kulturgeschichte. In: Bastei. Nr. 1, 2004 (Zeitschrift des Salzburger Stadtvereines).
- ↑ Reinhard Medicus: Der Gniglerberg (Kühberg) in Natur- und Kulturgeschichte. In: Der Gardist. Der Gardist, 2008 (Zeitschrift der Salzburger Bürgergarde).
- ↑ Grünlanddeklaration Reformierte Grünland-Deklaration, ზალცბურგის ოფიციალური საიტი
- ↑ [85.126.61.154/tanzen/1/index.php Salzburger Rollstuhltanzsportverein „WheelChairDancers“]
- ↑ Bronze bei der Weltmeisterschaft 2010. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-31. ციტირების თარიღი: 2012-09-27.
- ↑ 49.0 49.1 49.2 49.3 49.4 49.5 49.6 Magistrat Salzburg, Amt für Stadtplanung und Verkehr (Hrsg.): Räumliches Entwicklungskonzept der Stadt Salzburg 2007 (REK).
- ↑ Magistrat Salzburg, Archiv und Statistisches Amt (Hrsg.): Salzburg in Zahlen. Nr. 3, 2005 (Zur Großzählung Salzburg des Jahres 2001).
- ↑ შპარი, მონაცემები და ფაქტები
- ↑ შპარი, მონაცემები და ფაქტები — პრესრელიზი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-09-02. ციტირების თარიღი: 2012-09-29.
- ↑ ზალცბურგის შტიგლის ლუდსახარშის ისტორია
- ↑ Nächtigungszahlen von Stadt und Land Salzburg. Statistik Austria
- ↑ Streit um Salzburger Altstadt eskaliert. Salzburger Nachrichten.
- ↑ VCÖ-Untersuchung: Innsbruck ist Österreichs neue Radfahrhauptstadt - 20.09.2012. VCÖ und VCÖ-Forschungsinstitut. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17.10.2012. ციტირების თარიღი: 01.10.2012.
- ↑ Informationen über das Radfahrnetzt der Stadt Salzburg. Salzburg Stadt, Verkehrskoordination. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-10. ციტირების თარიღი: 2012-10-01.
- ↑ Informationsseite zum S-Bahn Ausbau. ÖBB Infrastruktur Bau AG. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-26. ციტირების თარიღი: 2012-10-03.
- ↑ Informationen zum Umbau des Salzburger Hauptbahnhofes. ÖBB Infrastruktur Bau AG. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-03-10. ციტირების თარიღი: 2012-10-03.
- ↑ Park & Ride Daten Salzburg Süd. Stadt Salzburg
- ↑ Salzburg airport – Daten und Fakten. Salzburg Airport
- ↑ Allgemeinbildende Höhere Schulen im Land Salzburg. AHS-BSA-BUND. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-03-08. ციტირების თარიღი: 2012-10-05.
- ↑ Berufsschulen der Stadt. StandortAgentur Salzburg. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-11-08. ციტირების თარიღი: 2012-10-10.
- ↑ Kirchliche geführte Schulen. Erzdiözese Salzburg
- ↑ Webseite über das Bildungsangebot der Pädagogischen Hochschule Salzburg. Pädagogische Hochschule Salzburg
- ↑ Salzburger Nährstoff Akademie. Nährstoff-Akademie Salzburg
- ↑ Daten der Paris-Lodron Universität Salzburg. Universität Salzburg. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-12-19. ციტირების თარიღი: 2012-10-10.
- ↑ Gesellschafter der SMBS. University of Salzburg Business School. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-04-05. ციტირების თარიღი: 2012-10-10.
- ↑ მოცარტეუმის ოფიციალური ვებ-გვერდი
- ↑ Neue Salzburger Stadtbibliothek. Stadt Salzburg Online
- ↑ Daten und Fakten der Salzburger Nachrichten. Salzburger Nachrichten
- ↑ Medienanalyse 2008. Salzburger Nachrichten. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-20. ციტირების თარიღი: 2012-10-12.
- ↑ ORF-ის ოფიციალური საიტი
- ↑ Josef Gassner: Die Ehrenbürger der Landeshauptstadt Salzburg. Selbstverlag des Museums Carolino Augusteum, Salzburg 1954.
- ↑ Alec Eden: Christian Doppler: Leben und Werk.. Landespressebureau, Salzburg 1988, ISBN 3-85015-069-0.
- ↑ Udo Benzenhöfer: Paracelsus. 3. Auflage. Rowohlt TB, Reinbek bei Hamburg 2003, ISBN 3-499-50595-9.
- ↑ მუსიკის ჰანგები, გერმანული და ინგლისური ვერსიები.
- ↑ ჰეიდი, გერმანული და ინგლისური ვერსიები.
- ↑ იედერმანი, გერმანული და ინგლისური ვერსიები.
- ↑ La traviata, გერმანული და ინგლისური ვერსიები.
- ↑ Mozart – Ich hätte München Ehre gemacht, გერმანული და ინგლისური ვერსიები.
- ↑ ფიგაროს ქორწინება, გერმანული და ინგლისური ვერსია.