ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „ცოფი“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. ცოფი ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია.

ცოფი ან ჰიდროფობია[1] (ლათ. rabies — სიგიჟე) — ტეტანუსის მსგავსად მწვავე ქირურგიული სპეციფიკური ინფექციაა, რომელიც მიმდინარეობს ცენტრალური ნერვული სისტემის მძიმე, აღუდგენელი დაზიანებით და, როგორც წესი, სიკვდილით მთავრდება. მისი თავიდან აცილების ერთადერთი გზა ანტირაბიული (ცოფის საწინააღმდეგო) აცრების დროული და კვალიფიციური ჩატარებაა, გამოცდილი ქირურგ-რაბიოლოგის ზედამხედველობით.

სხვა ინფექციური დაავადებებისაგან განსხვავებით ცოფი თითქმის არ ვრცელდება, რადგან ამ დაავადების თანამედროვე სპეციფიკური პროფილაქტიკის მეთოდი ძლიერ ეფქტიანია და ავადობის შემთხვევები გვხვდება მხოლოდ იმ პირებში, რომლებსაც არ ჩაუტარებიათ ანტირაბიული აცრები ან ჩაიტარეს არასრულყოფილად.

ცოფის ვირუსი

ცოფის ინფექციას იწვევს ნეიროტროპული ვირუსი, რომელიც აზიანებს მასპინძელი ორგანიზმის ნერვულ ცენტროებს და თავის ტვინის ქერქს. ცოფის გამომწვევი ვირუსი მიეკუთვნება რაბდოვირუსების ოჯახის (ლათ. Rhabdoviridae) ლისავირუსის გვარს (ლათ. Lyssavirus).

ისტორია

ძაღლების ცოფით დაავადების შესახებ ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან იცოდნენ. ჯერ კიდევ ჰომეროსის „ილიადაში“ ბერძნები ჰექტორს ცოფიან ძაღლს უწოდებდნენ. ჩვ.წ. I საუკუნეში კ. ცელსმა აღწერა ცოფი ადამიანში და შემოიტანა ამ დაავადების დასახელება ჰიდროფობია. ეს სახელწოდება ამ დაავადებას მან უწოდა მთავარი და ყველაზე უფრო დამახასიათაბელი სინდრომის მიხედვით: წყლის არა მარტო შეხედვამ, არამედ მისმა ხმაურმა, ხოლო ზოგჯერ სიტყვა წყლის გაგონებამაც კი შეიძლება ავადმყოფში უძლიერესი შეტევა გამოიწვიოს. 1770 წელს ვან სვიტენმა პირველად აღწერა ცოფის პარალიზური ფორმა. 1884 ცინკემ დაამტკიცა დაავადების გადატანის შესაძლებლობა დაავადებული ცხოველის ნერწყვით. ცოფის ვირუსული ეტიოლოგია 1903 წელს დაამტკიცა პოლ რემლენჟემ. 1892 წელს ვ.ბაბოშმა, ხოლო 1903 წელს ა.ნეგრიმ განგლიოზურ უჯრედებში აღწერეს სპეციფიკური ჩანართები, განსაკუთრებული ციტოპლაზმური სტრუქტურები, რომელთაც შემდგომში ბებეშ-ნეგერის სხეულაკები ეწოდა. მათი აღმოჩენა უჯრედში ცოფის არსებობის უდავო დასტურია.

ცოფის შესწავლის საქმეში და მის საწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების შემუშავებაში უდიდესი ღვაწლი მიუძღვის ლუი პასტერს. პასტერმა ცოფის საწინააღმდეგო პირველი აცრა ჩაატარა 1885 წლის 6 ივნისს და სრული წარმატებით დამთავრდა. მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერმა ვერ აღმოაჩინა ამ დაავადების გამომწვევი აგენტი, მან შეიმუშავა პროფილაქტიკური აცრების შესანიშნავი მეთოდი, ხოლო თვით პრეპარატს ე.ჯენერის პატივსაცემად „ვაქცინა“ უწოდა.

სტრუქტურა

ცოფის ვირუსს ტყვიისებრი ფორმის სხეული აქვს, სიგრძით — 180 ნმ და განივკვეთის დიამეტრით — 75 ნმ. ერთი ბოლო კონუსურია, ხოლო მეორე — ბრტყელი ან ჩაღრმავებული. ლიპოპროტეინის კაფსიდი[2] დაფარულია გლიკოპროტეინის ურიცხვი ღეროთი, თუმცა ისინი არ ფარავენ ბრტყელ (ჩაღრმავებულ) ბოლოს. კაფსიდის ქვემოთ არის მატრიქს[3]-პროტეინის ფენა, რომელიც შესაძლოა ინვაგინირებულ[4] იქნეს ბრტყელ ბოლოზე.

ადამიანის ვირუსებს ახასიათებთ კუბური სიმეტრია, თუმცა ცოფის ვირუსის კაფსიდს აქვს მცენარეთა ვირუსებისთვის სახასიათო – სპირალური სიმეტრია, ამითაა გამოწვეული მისი ცილინდრული ფორმაც. ვირუსის ბირთვი შედგება სპირალურად დალაგებული რიბონუკლეოპროტეინისგან[5]. გენომი წარმოდგენილია დაუნაწევრებელი ხაზოვანი რნმ-ით. გარდა ამისა, გენომში გვხვდება ტრანსკრიპტაზა[6] და ზოგიერთი სტრუქტურული პროტეინი.

   
ცოფის ვირუსის გრძივი და განივი კვეთები, სქემა

ინფიცირება

ნებისმიერი ძუძუმწოვარი შეიძლება დაავადდეს ცოფით, თუმცაღა ბალახისმჭამელებში ცოფი იშვიათად შეიმჩნევა. ბევრი ცხოველი ვირუსის მატარებელია. ამ მხრივ ადამიანთათვის განსაკუთრებით საშიშნი არიან: ღამურები, ვირთხები, მაწანწალა ძაღლები და კატები, მელიები, სკუნსები.

ვირუსი დაავადებულ ცხოველში განთავსებულია ნერვულ დაბოლოებებზე და ნერწყვში. ცოფის ვირუსი ადამიანის ორგანიზმში შეიძლება მოხვდეს დაავადებული ცხოველის ნერწყვიდან არა მხოლოდ თვალით შესამჩნევი ჭრილობებიდან (ნაკბენი, ნაკაწრი), არამედ მიკროტრავმებიდანაც (დადორბვლისას), თუმცა დიდი მნიშვნელობა აქვს ნაკბენის და ნერწყვის კანზე მოხვედრის ხარისხს.

განსაკუთრებით საშიშია ნაკბენი ჭრილობები თავის, სახისა და კისრის არეში, რადგან ასეთ შემთხვევაში დაავადების საინკუბაციო პერიოდი მოკლდება!

 
მიკროგრაფა: ცოფის ვირუსის (პატარა მუქი–რუხი ტყვიის მაგვარი ნაწილაკები) შეჭრა ნერვულ უჯრედში

დაავადებული ცხოველი განსაკუთრებულად აგრესიულია, პირიდან სდის დორბლი და შეიძლება ეცეს ადამიანს პროვოცირების გარეშეც.

იშვიათად, მაგრამ ვირუსით დაინფიცირება შეიძლება საჰაერო გზებითაც სხეულის ლორწოვანი გარსის გავლით. მსგავს შემთხვევებს შეიძლება შევხვდეთ ძირითადად გამოქვაბულებში, სადაც ბუდობენ ცოფით ინფიცირებული ღამურები.

გაცილებით იშვიათია ადამიანებს შორის ურთიერთდაინფიცირება. ცოფით დაავადებული ადამიანის უხვი ნერწყვით დაზიანებული საფარვლის ინფიცირების შემდეგად დასაშვებია ერთი ადამიანიდან მეორეზე ჰიდროფობიის გავრცელება, რის გამოც უნდა ჩატარდეს ანტირაბიული პროფილაქტიკური მკურნალობა. ძალზე იშვიათია ორგანოთა გადანერგვისას დაინფიცირების შემთხვევები.

საინკუბაციო პერიოდი

მას შემდეგ, რაც ვირუსი მოხვდება ადამიანის სხეულში, ის პირდაპირ ან არაპირდაპირ აღწევს პერიფერიულ ნერვულ სისტემაში და ნერვების გალით მოგზაურობს ცენტრალური ნერვული სისტემის მიმართულებით, სანამ არ მიაღწევს მას. ამ პერიოდში ვირუსის აღმოჩენა რთულია — ეს არის ვირუსის საინკუბაციო პერიოდი. ის გრძელდება 15 დღიდან 55 დღემდე, მაგრამ ზოგ შემთხვევაში შეიძლება გაგრძელდეს ნახევარი წელი და მეტიც. ყველაშემთხვევაში დროულად დაწყებული ვაქცინაცია აძლიერებს უჯრედულ იმუნიტეტს და თავიდან აგვაცილებს დაავადების განვითარებას.

დიაგნოსტიკა

კლინიკური სურათი

საინკუბაციო პერიოდს მოყვება უშუალოდ ავადმყოფობა, რომელიც მოიცავს 3 სტადიას:

  • ვირუსის ცხოველქმედების(ცენტრ. ნერვული სისტემის დათრგუნვის) სტადია:
    გრძელდება 1-3 დღე. თან ახლავს მომატებული ტემპერატურა 37,2-37,3 °С-მდე, საერთო მოდუნება, ცუდი ძილი ან უძილობა, ავადმყოფი აღელვებულია. ტკივილი ნაკბენ ადგილზე შეიგრძნობა, ჭრილობის მოშუშების შემთხვევაშიც კი.
  • აღგზნების სტადია:
    გრძელდება 4-დან 7 დღემდე. გამოიხატება ძლიერ მომატებული მგრძნობელობით გრძნობათა ორგანოების მცირე გაღიზიანებისას: კაშკაშა შუქი, ქარის ქროლვა, ხმაური, სხვადასხვაგვარი ბგერები – წყლის ჩხრიალი, იწვევს კუნთების კრუნჩხვებს. პაციენტი ხდება აფორიაქებული, აგრესიული, ეწყება ჰალუცინაციები(მხედველობითი, სმენითი, ყნოსვითი), ბოდვა, პარანოია.
  • დამბლის სტადია:
    გრძელდება რამდენიმე საათიდან 2-3 დღემდე. ვითარდება თვალის კუნთების და ქვედა კიდურების დამბლა. სუნთქვის დამძიმება:ნაწილობრივი ან სრული მოშლა, რაც თავისთავად უკვე იწვევს პაციენტის სიკვდილს. სიკვდილი როგორც წესი დგება გულის დამბლით.

ავადობის საერთო ხანგრძლივობაა 5-8 დღე, იშვიათად 10-12 დღე.

 
ცოფით დაავადებული პაციენტი, 1959

სიმპტომები

დაავადებული ადამიანის ერთ-ერთი უმთავრესი სიმპტომია — წყლის შიში(აქედან მოდის სახელი — ჰიდროფობია) საყლაპავი კუნთების თანმხლები სპაზმებით: საკმარისია წყლის ან საჭმლის დანახვაც, რომ ეს შეუძლებელს ხდის დაავადებულისთვის ერთი ჭიქა წყლის მიღებასაც კი.

არა ნაკლებ მნიშვნელოვანია აეროფობიის სიმპტომი — ჰაერის მცირე მოძრაობაზეც კი კუნთების რეფლექსური სპაზმი. სახასიათოა ასევე გაძლიერებული ნერწყვის და ცრემლის გამოყოფა, ზოგიერთ პაციენტს გამუდმებით სდის ნერწყვი პირიდან თხელ ნაკადად.

დაავადებიდან მე–2 მე–3 დღეს მეტყველება გაუგებარი ხდება, ჰალუცინაციების შედეგად ავადმყოფი ადგილს ვერ პოულობს, აგრესიულია და ცდილობს სადღაც გაიქცეს.

როგორც წესი დაავადების გამოვლენა ლაბორატორიულ დამოწმებას არ საჭიროებს, თუმცა ეს შესაძლებელია, მათ შორის ბოლო დროს შემუშავებული მეთოდითაც: თვალის გარსიდან აღებული ნაცხში ხდება ვირუსის ანტიგენის აღმოჩენა.

მკურნალობა

 
ქვეყნები, სადაც ცოფის ვირუსი აღმოიფხვრა: ავსტრალია, ახალი ზელანდია, ფიჯი, გუამი, ჰავაი, გაერთიანებული სამეფო, ირლანდია, ნორვეგია, შვედეთი, ფინეთი, ისლანდია, იაპონია და ტაივანი.

სიმპტომური ცოფი პრაქტიკულად არ იკურნება. თანამედროვე მედიცინას არ გააჩნია პრეპარატი, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა უკვე დაავადებული პაციენტის განკურნება. არსებობს მხოლოდ 6 შემთხვევა დაფიქსირებული 2007 წელს, როდესაც პაციენტი სიმპტომების გაჩენის მერე გამოჯანმრთელდა .[7] მკურნალობა სიმპტომურია, მსგავსად სხვა ვირუსული დაავადებებისა – იფარგლება სიმპტომების მოხსნით, რაც პაციენტის მდგომარეობას მეტნაკლებად ამსუბუქებს. კუნთების სპაზმები იხსნება დამაწყნარებელი და საძილე საშუალებებით, სუნთქვით მოშლილობებს აკომპენსირებენ ტრაქეატომიით და ხელოვნური სუნთქვის აპარატით.

მიუხედავად განუკურნებადობისა, შესაძლებელია ავადობის პრევენცია, რაც მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია ვაქცინაციის დროულად დაწყებაზე.

მკურნალობა „ხელოვნური კომის“ გამოყენებით

2005 წელს უისკონსინის შტატში, აშშ-ში, დაფიქსირდა უპრეცედენტო შემთხვევა, 15 წლის გოგონა ჯინა გისი სრულად განიკურნა ცოფისგან ვაქცინაციის გარეშე, მკურნალობა კი სიმპტომების გაჩენის შემდეგ დაიწყო[8]. მკურნალობისას ჯინა შეიყვანეს ხელოვნურ კომაში და გაუკეთეს ორგანიზმის იმუნური აქტივობის მასტიმულირებელი პრეპარატები. მეთოდი ემყარებოდა მოსაზრებას, რომ ვირუსი კი არ ანადგურებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, არამედ იწვევს მისი ფუნქციის დროებით მოშლას. თუ თავის ტვინის ფუნქციონირებას დროებით შეაჩერებდნენ ხელოვნური კომით, ამით ტვინს დაიცავდნენ ზიანისგან, ხოლო ორგანიზმი ამასობაში შეძლებდა ანტისხეულების გამომუშავებას და ვირუსის დამარცხებას. ერთი კვირა კომაში ყოფნის და რამდენიმე თვიანი მკურნალობის შედეგად ჯინა გისი ჯანმრთელი გაწერეს ჰოსპიტალიდან.

ეს მეთოდი შესაბამის წყაროებში ცნობილია, როგორც „ჯინას მკურნალობა“. ჯინას პირველადი დახმარების ერთ-ერთი ექიმი , 2007 წ. ჟურნალ „საენტიფიქ ამერიქენ“-ში ამ მეთოდს მოიხსენიებს : „მილუოკის პროტოკოლად“[9].

მიუხედავად წარმატებისა, ყველა სხვა შემთხვევაში მეთოდმა არ გაამართლა. ამასთან დაკავშირებით დღემდე მიმდინარეობს კამათი სამედიცინო წრეებში, თუ რატომ გამოჯანმრთელდა ჯინა. ზოგიერთის აზრით ჯინას ჰქონდა არაჩვეულებრივად ძლიერი იმუნიტეტი და ინფიცირება მოხდა საკმაოდ სუსტი ვირუსით.

პრევენცია

პირველადი დახმარება

ანტირაბიული სამედიცინო დახმარება შედგება უპირველეს ყოვლისა ნაკბენი ჭრილობების პირველადი ქირურგიული დამუშავებისაგან და რა თქმა უნდა ანტირაბიული სამკურნალო პროფილაქტიკური იმუნიზაციისაგან.

ნაკბენი ჭრილობების პირველადი ქირურგიული დამუშავების დროს ქირურგი-რაბიოლოგის მიერ დაცული უნდა იყოს შემდეგი წესები:

  • ნაკბენი ჭრილობების კიდეები და ფუძე არ იკვეთება მრავალრიცხოვანი ნერვული დაბოლოებების დაზიანებათა გამო;
  • ჭრილობა ირეცხება ჯერ უხვი საპნიანი წყლის ჭავლით, შემდეგ მასზე ედება ასეპტიური ნახვევი;
  • განსაკუთრებული, სასიცოცხლო ჩვენების გარდა, ნაკბენი ჭრილობის გაკერვა 3 დღის განმავლობაში არ შეიძლება, ვინაიდან ნაკერების დადებისას იქმნება იდეალური პირობები ნერვულ დაბოლოებებზე ცოფის ვირუსის მოხვედრისათვის. 3 დღის (ვირუსის ცხოველქმედების ვადა) შემდეგ ჩვენებისამებრ შესაძლებელია ჩატარდეს ნაკბენი ჭრილობის ანატომიური მთლიანობის ოპერაციული აღდგენა;
  • ნაკბენი ჭრილობების მკურნალობის დროს ცოფის თავიდან აცილებასთან ერთად აუცილებელია ტეტანუსის პროფილაქტიკა.

პოსტ-ექსპოზიციური პროფილაქტიკა

ცოფზე საეჭვო ცხოველთან კონტაქტის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა ჩატარდეს ანტირაბიული (პოსტ-ექსპოზიციური) სამკურნალო-პროფილაქტიკური იმუნიზაცია. სასურველია აცრის დაწყება არა უგვიანეს მე–14 დღისა, რადგან აცრა ცოფის მიმართ ადამიანის ორგანიზმის შეუვალობას ქმნის აცრის დაწყებიდან მხოლოდ 2-3 კვირის შემდეგ, თუმცა

დაავადების ხანგრძლივი ინკუბაციური პერიოდის გათვალისწინებით, ანტირაბიული პროფილაქტიკური მკურნალობის კურსი ინიშნება ცხოველის მიერ დაზარალებულის დაკბენიდან რამდენიმე თვის გავლის შემდეგაც კი!

ცოფის საწინააღმდეგო იმუნოთერაპიის დანიშვნისას აუცილებელია დაზიანების კატეგორიის და კონტაქტის (კონტაქტის ქვეშ იგულისხმება ნაკბენი ჭრილობები, ნაკაწრები, დაბეჟილობები და დადორბვლის მიდამო) ხასიათის გათვალისწინება:

  • დაზიანება და კანის საფარველის დადორბვლა არ აღინიშნება. კონტაქტი არაპირდაპირია. ცხოველი ცოფით დაავადებული. მკურნალობა არ ინიშნება;
  • დაუზიანებელი კანის საფარველის დადორბვლის და დაბეჟილობების ერთეული ზედაპირული ნაკბენების ან ნაკაწრების შემთხვევაში სხეულზე, ზედა და ქვედა კიდურებზე (გარდა თავისა, სახისა, კისრისა, მტევნისა, ხელის და ფეხის თითებისა, გენიტალიებისა) მიყენებული შინაური და სასოფლო-სამეურნეო ცხოველების მიერ, დაუყოვნებლივ ინიშნება ანტირაბიული ვაქცინაციის სრული კურსი 0, 3, მე-7, მე-14, 30-ე და 90-ე დღეს (0-ვან დღედ ვაქცინის გაკეთების პირველი დღე ითვლება). მაგრამ თუ 10 დღიანი ვეტმეთვალყურეობის შემდეგ, დამკბენი ცხოველი ცოცხალია და ჯანმრთელია ვაქცინაცია უნდა შეწყდეს (ე. ი. მე-3 ინექციის შემდეგ — პირობითი კურსი). ყველა სხვა შემთხვევაში, როდესაც შეუძლებელია დამკბენ ცხოველზე დაკვირვება (მოკლეს, დაიღუპა, გაიქცა, დაიკარგა) ვაქცინაცია უნდა გაგრძელდეს მოქმედი სქემით;
  • ნებისმიერი სახის ლორწოვანი გარსების დადორბვლის, სხვადასხვა სახის ნაკბენის თავის, სახის, კისრის, მტევნის, ხელის და ფეხის თითების, გენიტალიების არეში, ნებისმიერი ლოკალიზაციის მრავლობითი და ერთეული ღრმა ნაკბენი ჭრილობების, მიყენებული შინაური და სასოფლო-სამეურნეო ცხოველების მიერ, აგრეთვე გარეული ცხოველების, ღამურებისა და მღრნელების მიერ ნებისმიერი ლოკალიზაციის დადორბვლის და დაზიანების შემთხვევაში დაუყოვნებლივ ინიშნება კომბინირებული მკურნალობა ანტირაბიული იმუნოგლობულინით 0-ვან დღეს + ვაქცინაციის სრული კურსი 0, 3, მე-7, მე-14, 30-ე და 90-ე დღეს. იმ შემთხვევაში, როდესაც შესაძლებელია დამკბენ ცხოველზე 10 დღიანი დაკვირვება, რომლის შემდეგაც იგი ცოცხალია, ჯანმრთელი, მკურნალობა უნდა შეწყდეს (ე. ი. მე-3 ინექციის შემდეგ — პირობითი კურსი). ყველა სხვა შემთხვევაში, როდესაც შეუძლებელია ცხოველზე მეთვალყურეობა, უნდა გაგრძელდეს მკურნალობა მოქმედი სქემით.

კონცენტრირებული ანტირაბიული ვაქცინა აინდუცირებს ცოფის საწინააღმდეგო ანტისხეულების გამომუშავებას. ერთჯერადი დოზა (1,0მლ) შეიცავს 2,5 ს. ე. (საერთაშორისო ერთეული) ანტიგენს.

ვაქცინის შეყვანის წესები

ამპულის შიგთავს ხსნიან 1,0 მლ საინექციო წყალში. გახსნილი ვაქცინა შეყავთ ნელი ნაკადით მხრის სარტყელში- დელტისებური კუნთის შუა მესამედში (5 წლამდე ბავშვებში საინექციო ადგილია ბარძაყის კუნთის წინა გვერდითა ზედა ნაწილი). აკრძალულია ვაქცინის შეყვანა დუნდულო კუნთში.

ვაქცინირებული 30წთ-ის განმავლობაში უნდა იმყოფებოდეს სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ. საპროცედურო კი აღჭურვილი უნდა იყოს ანტიშოკური თერაპიის საშუალებებით.

ჰიდროფობიით დაავადებულთან კონტაქტში მყოფი სამედიცინო პერსონალი დაუყოვნებლივ უნდა იყოს გაფრთხილებული ნერწყვით შესაძლო ინფიცირების შესახებ, რის გამოც მათ უნდა გაიკეთონ სათვალე, ატარონ ხელთათმანი, ჩაიცვან ხალათი და ა. შ. რათა თავი დაიცვან ავადმყოფის მიერ გამოყოფილ ნერწყვთან უნებლიე კონტაქტისგან.

ანტირაბიული იმუნოგლობულინი

ანტირაბიული იმუნოგლობულინი ინიშნება ჩვენებისამებრ მკურნალობის ადრეულ ეტაპზე (არაუგვიანეს 3 დღე-ღამისა) ცოფიან, ცოფზე საეჭვო ან უცხო ცხოველთან კონტაქტის შემდეგ. ანტირაბიული იმუნოგლობულინი ვაქცინის შეყვანის შემდეგ არ კეთდება. ანტირაბიულ იმუნოგლობულინს გააჩნია ცოფის ვირუსის ნეიტრალიზაციის უნარი. ჰეტეროლოგიური (ცხენის) ანტირაბიული იმონოგლობულინი ინიშნება დოზით 40ს. ე. (საერთაშორისო ერთეული), ხოლო ჰომოლოგიური (ადამიანის) — 20 ს. ე. 1კგ სხეულის მასაზე.

ანტირაბიული იმუნოგლობულინის შეყვანამდე სავალდებულოა კანშიგა და კანქვეშა სინჯების ჩატარება, რომლის შემდეგაც გათვლილი დოზა ინფილტრირებული უნდა იყოს ნაკბენი ჭრილობის გარშემო და მის სიღრმეში, თუ ჭრილობის ანატომიური მდებარეობა (თითები და ა. შ.) არ იძლევა მთელი დოზის შეყვანის საშუალებას, დარჩენილი პრეპარატი შეყავთ ძირითადად დუნდულო კუნთში.

დაზარალებულს, რომელსაც უახლოეს 24სთ-ში გაუკეთდა ანტიტეტანური შრატი, ანტირაბიულ იმუნოგლობულინს უკეთებენ წინასწარი სინჯების გარე-შე. იმუნოგლობულინის შეყვანის შემდეგ, დაზარალებული უნდა იმყოფებოდეს სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ 1 საათის განმავლობაში.

პრე-ექსპოზიციური პროფილაქტიკა

დღესდღეობით პრე-ექსპოზიციური იმუნიზაცია გამოიყენება ძირითადად შინაურ ცხოველებში. მრავალ ქვეყანაში შინაური ცხოველების აცრა სავალდებულოა.

პრე-ექსპოზიციური პროფილაქტიკის პრაქტიკა არსებობს ისეთი პროფესიის ადამიანთათვის, რომელთა სამუშაო დაკავშირებულია ჰიდროფობიით დაავადების რისკთან: ლაბორატორიების თანამშრომლებს, რომლებიც მუშაობენ ცოფის „ქუჩის“ ვირუსთან, ვეტერინარებს, მონადირეებს, მეტყევეებს, ძაღლების დამჭერი ბრიგადის წევრებს, სასაკლაოს მუშაკებს, ტაქსიდერმისტებს (მეფიტულეებს).

პირველადი იმუნიზაცია — 3 ინექცია 0, მე-7 და 30-ე დღეს 1.0მლ დოზით.

პირველადი რევაქცინაცია 1 წლის შემდეგ — 1 ინექცია 1.0 მლ.

შემდეგი რევაქცინაციები ყოველ 3 წელიწადში — 1 ინექცია 1.0 მლ.

ცოფი ცხოველებში

ცხოველებში ცოფი მთელ მსოფლიოშია გავრცელებული. ბუნებრივ პირობებში ავადდება როგორც შინაური, ისე გარეული ცხოველი. სასოფლო–სამეურნეო ცხოველები ავადდებიან გარეული ცხოველების დაკბენით.

ცხოველებში განარჩევენ ცოფის 5 კლინიკურ ფორმას: აბორტულს, შებრუნებითს, ატიპურს, აგზნებითს, წყნარს. მაგ.: ძაღლებში ცოფის მიმდინარეობა ატიპურია, კატებში – აგზნებითი, წვრილ და მსხვილფეხა რქოსან საქონელში – აგზნებითი და წყნარი, ღორებში – მკვეთრად აგზნებითი.

 
ძაღლის ცოფით დაავადების ერთ-ერთი სიმპტომი — დორბლის დენა პირიდან

პრევენცია:

  • დაავადებულ ცხოველებს სპობენ, ხოლო ცოფიანი ცხოველებისგან დაკბენილებს აძლევენ ვაქცინას;
  • ძაღლებისა, კატების და სხვა შიანური ცხოველების პრე-ექსპოზიციური პროფილაქტიკა;
  • კარანტინული პერიოდის შემოღება ცხოველთა საერთაშორისო ტრანსპორტირებაში, ცოფით სარისკო რეგიონებიდან დაავადების გაუვრცელებლობისთვის.

ცოფი ძაღლებში

ძაღლებში ცოფს ხანგრძლივი ისტორია აქვს. პირველი წერილობითი ცნობები ცოფის შესახებ გადმოცემულია ეშნუნას კოდექსში, დაწერილი ძვ. წ. 1930 წ (ხამურაბის კანონებზე 3 ს.–ით ადრე ), რომელიც ამბობს, რომ ცოფის სიმპტომების მქონე ძაღლის მეპატრონემ უნდა მიიღოს პრევენციული ზომები კბენისგან დასაცავად. თუ ცოფით დაავადებული ძაღლის კბენის შედეგად დაიღუპება ადამიანი, მეპატრონე სასტიკად დაისჯება.

მნიშვნელოვანი ფაქტები

  • მსოფლიოში, ყოველ 15 წუთში ცოფისგან 1 ადამიანი იღუპება[8].
  • სიკვდილიანობის 99 % მოდის ცოფით ავადობაზე: აფრიკაში, აზიაში და სამხრეთ ამერიკაში, სადაც ყოველწლიურად დაახლოებით 30 000 ადამიანი კვდება ცოფისგან.

საინტერესო ცნობები

  • ცოფის პროფილაქტიკური მკურნალობის ეფექტური მეთოდების შემუშავება ლუი პასტერის სახელთან და მის თანამოაზრეებთან, ემილ რუსთან და შამბერლანთან არის დაკავშირებული.
  • 1885 წლის 6 ივლისს, 9 წლის ელზასელ ბიჭუნას — იოზეფ მაისტერს პირველად შეუყვანეს გამოჩენილი ფრანგი მეცნიერის ლუი პასტერის მიერ მიღებული ანტირაბიული ვაქცინა. ბავშვი გარდაუვალ სიკვდილს გადაურჩა, რამაც საფუძველი ჩაუყარა ანტირაბიული სამედიცინო დახმარების სამსახურის არსებობის აუცილებლობას.

სქოლიო

  1. წყლის შიში — ცოფის ძველი სახელწოდებაა, თუმცა ამჟამადაც იხმარებაა
  2. ბიო. კაფსიდი — ვირუსის გარსი;
  3. ბიო. მატრიქსი — ქსოვილთშორისი ნივთიერება;
  4. ბიო. ინვაგინაცია — უჯრედული ბადის ზრდა ციტოპლაზმის მიმართულებით;
  5. ბიო. შედგება რნმ-სგან და პროტეინისგან;
  6. ბიო. უჯრედის ბირთვში ნუკლეინ მჟავების მდგომარეობა, რომლის დროსაც დნმ არის დამოკიდებული, ხოლო რნმ პოლიმერაზა;
  7. VIROLOGY — CHAPTER TWENTY RABIES სამხ. კაროლინის უნივერსიტეტი, მედიცინის სკოლა;
  8. 8.0 8.1 „ცოფისგან განკურნებული ამერიკელი გოგონა ჰოსპიტალიდან გაწერეს“ მედპორტალის ახალი ამბების განყოფილება (რუს.)
  9. სახელი იმ ქალაქის მიხედვითაა, რომლის ჰოსპიტალშიც უმკურნალეს ჯინას. როდნი ე. უილობი, უმც., „ცოფის წამალი?“ ჟურ. საენტიფიქ ამერიქენ-ი, V. 256, No. 4, აპრილი 2007, p. 95 ([1] დაარქივებული 2007-10-20 საიტზე Wayback Machine. )

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ცოფი&oldid=4695298“-დან