წელთაღრიცხვაწლების მიხედვით დროის ათვლის მოწესრიგებული სისტემა.

წელთაღრიცხვის სისტემები

რედაქტირება

წელთაღრიცხვის მრავალი სისტემა არსებობს. მაგ: ქორონიკონი, ჰიჯრა, დასაბამითგანი, ქრისტესით წელთაღრიცხვა. წლების გამოსაანგარიშებლად ირჩევენ წელთარღიცხვის დასაწყის თარიღს. ეს უნდა ყოფილიყო აუცილებლად რაიმე მნიშვნელოვანი მოვლენა. მაგ: მეფეთა ზეობა, მიწისძვრა, ოლიმპიური თამაშები, რელიგიური თქმულებები თუ სხვა მოვლენები. სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ქვეყანაში წელთაღრიცხვის დასაწყისად სხვადასხვა წელს იყენებდნენ.

„დასაბამითგანი“

რედაქტირება

წელთაღრიცხვის ერთ-ერთი სისტემა მთელ რიგ ქვეყნებში, რომელიც ათვლის წერტილს სამყაროს შექმნიდან იღებს. ტერმინი „დასაბამითგანი“ აღნიშნავს „თავდაპირველს“, „პირველადს“, „დასაწყისში არსებულს“, „თავიდანვე არსებულს“, „იმთავითვე არსებულს“.

ქრისტიანობის პირველივე საუკუნიდან არაერთი მცდელობა იყო მიმდინარე მოვლენები ბიბლიურ გადმოცემასთან შესაბამისობაში მოეყვანათ. ამისათვის სხვადასხვა ჯგუფებმა დაიწყეს თავიანთი წელთაღრიცხვის შემუშავება. XVIII საუკუნეში მცხოვრებმა მისიონერმა დე-ვინიოლმა, ბიბლიური ქრონოლოგიების 40 წლიანი შესწავლის შემდეგ, თავი მოუყარა 200-მდე ქრონოლოგიას, რომელიც იყენებდა „დასაბამისეულ“ წელთაღრიცხვას, რომლის წლები სამყაროს შექმნიდან ქრისტეს შობამდე 3483-დან 6984 წლის ფარგლებში ვარირებდა.

ქორონიკონი

რედაქტირება

ქორონიკონი წარმოადგენს წელთაღრიცხვის ძველი სისტემას, რომლის ათვლის წერტილს Anno Mundi („ბიბლიური სამყაროს შექმნა“) წარმოადგენდა, ხოლო წლების გადათვლა ხორციელდებოდა ინდიქტიონების (დიდი ან/და მცირე) მიხედვით. გავრცელებული იყო ქრისტიანულ ქვეყნებში და მათ შორის საქართველოშიც.

დიდი ინდიქტიონი წარმოადგენს 532 წლიან ციკლს, რომელიც წარმოადგენს მზის 28-ისა და მთვარის 19 წლიანი ციკლების ნამრავლს. აღნიშნული წლები იმიტომ იქნა აღებული, რომ, ყოველი 532-წლიანი ციკლის შემდეგ ხდებოდა როგორც მზის, ასევე მთვარის ციკლის დამთხვევა და მეორდებოდა წლის ერთი და იგივე დღეები, თვე და რიცხვი და მთვარის ფაზები.

მცირე ინდიქტიონი 15 წლისაგან შედგება და მას ბიზანტიურ წელთაღრიცხვაში იყენებდნენ.

„ქრისტესით“

რედაქტირება

დღევანდელ მსოფლიოში ყველაზე ფართოდ გავრცელებულია ქრისტიანული წელთაღრიცხვა. მისი შემოღება უკავშრდება დიონისე მცირეს (რომაელი ბერი) სახელს, რომლის მოღვაწეობამდე დროის აღრიცხვისთვის გამოიყენებოდა ე.წ. "დიოკლიტიანეს ერა", რაც ქრისტიანებისთვის მიუღებლად და მკრეხელობად ითვლებოდა (დიოკლეტიანე გამოირჩეოდა ქრისტიანთა მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით). დიონისე მცირემ პირველად იხმარა ტერმინი "წლები უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი" და ეს მოვლენა "ახალი ერის" საწყისად აქცია. ეს ცვლილება ქრისტიანული სამყაროსთვის მისაღები აღმოჩნდა და 742 წლიდან ეს უკვე თარიღის აღსანიშნად გამოიყენება. მოგვიანებით "ახალ ერას" სხვაგვარადაც მოიხსენიებენ: "ჩვენი წელთაღრიცხვა", "ქრისტეს აქეთ", "ახალი წელთაღრიცხვა". ბუნებრივია, აუცილებელი გახდა ქრისტეს შობამდელი დროის აღრიცხვაც. შეიქმნა ახალი ტერმინები: "ქრისტეშობამდე", "ჩვენს წელთაღრიცხვამდე", "ძველი წელთაღრიცხვით" და "ძველი ერა".

"დასაბამითგან" - ასე უწოდებდნენ საქართველოში წელთა აღრიცხვას სამყაროს შექმნიდან. ამ სისტემის მიხედვით სამყარო ქრისტეს დაბადებამდე 5604 წელს უნდა შექმნილიყო. ქართულ წყაროებში ისტორიულ მოვლენებს "ქორონიკონითაც" ათარიღებდნენ. მეცნიერები თვლიან, რომ წელთაღრიცხვის ეს სისტემა უცხოეთიდან უნდა შემოსულიყო და ჩვენში, ძირითადად, VIII-XVIII საუკუნეებში გამოიყენებოდა.

მსოფლიოში ფართოდაა გავრცელებული მაჰმადიანური წელთაღრიცხვის სისტემა "ჰიჯრა" (არაბულად "გადასახლება"). ჰიჯრა უკავშირდება ისლამის ფუძემდებლის - მუჰამედის სახელს, რომელიც წარმოშობით მექადან იყო. მას იქ კერპთმსახურების მხრიდან საფრთხე ემუქრებოდა, ამიტომ მოუხდა მედინაში გადასახლება ანუ „გაქცევა“. ეს მოვლენა სავარაუდოდ 622 წელს უნდა მომხდარიყო. ჰიჯრამ გადამწყვეტი როლი შეასრულა ისლამის ფორმირებასა და გავრცელებაში. ის გახდა საფუძველი ისლამური წელთაღრიცხვისა, რომელიც ხალიფა ომარმა 638 წელს შემოიღო. არსებობს მთვარისა და მზისმიერი ჰიჯრის კალენდარი, რომელიც მთვარისა და მზის ფაზების მონაცვლეობას ემყარება. ათვლა ორივე შემთხვევაში 622 წლიდან ხდება.

ლიტერატურა

რედაქტირება