ხამურაბის კანონები
ხამურაბის კანონები — შეიქმნა ბაბილონში მეფე ხამურაბის მიერ ძვ. წ. XVIII საუკუნეში.
ხამურაბის კანონები მესოპოტამიის ისტორიაში არაა პირველი კანონმდებლობა. კანონების ჩვენამდე მოღწეული პირველი კოდექსი შუმერ მეფეს შულგის ეკუთვნის. შემდეგი ჩვენამდე მოღწეული კანონმდებლობა ისინის სამეფოს მეფეს ლიპიტ-იშტარს მიეკუთვნება. ხოლო ხამურაბის კანონების უშუალო წინამორბედია ეშნამუს კანონები, რომლებიც ძვ. წ. 1790 წლით თარიღდება.
ამრიგად, აშკარაა მესოპოტამიის იურისპუდენციის ტრადიციის განვითარება. იმ დროს არ არსებობდა დღევანდელი ცნება „nullum crimen sine lege - დანაშაული არ არსებობს კანონის გარეშე“. ამიტომ მესოპოტამიელი იურისტები არ ცდილობდნენ კანონებში ყველანაერი შემთხვევები აესახათ. მესოპოტამიური იურისპუდენციის განვითარების კულმინაცია კი სწორედ ხამურაბის კანონები იყო. მესოპოტამიიდან ჩვენ არ გვაქვს სამართალმცოდნეობაზე არანაირი თეორიული ნაწარმოები, მიუხედავად ამისა ჩანს, რომ ხამურაბის კანონები არის კანონების შეგროვების, სისტემატიზაციის და განზოგადების ნაყოფი. ისეთი შემთხვევა როგორიცაა მაგალითად განზრახ მკვლელობა, საერთოდ არაა ნახსენები. ასეთ საქმეებზე განაჩენი ჩვეულების საფუძველზე გამოჰქონდათ. ძველ ბაბილონში არსებობდა თანამედროვე პრინციპიც „ერთ საქმეზე ორჯერ გადაწყვეტილება არ გამოიტანება“.
ბაბილონური სამართალი, ისევე როგორც სხვა ძველი სამართლები, არ იყოფოდა კრიმინალურ, საოჯახო, სამოქალაქო და სხვა დარგებად. ხამურაბის კანონებში კარგადაა განსაზღვრული დანაშაულებისათვის სასჯელები. ფართოდ გამოიყენებოდა სიკვდილით დასჯაც. ძირითადად კი ხელმძღვანელობდნენ „ტალიონის პრინციპით“, ანუ სარკისებრი პრინციპით, რაც იმას ნიშნავს, რომ სასჯელი დანაშაულის საფასური იყო.
ხამურაბის კანონები ძველი მესოპოტამიის მთელი ისტორიის განმავლობაში ითვლებოდა ეტალონად, მას სწავლობდნენ შემდეგი თაობების იურისტები და იგი საფუძვლად ედო შემდეგ შექმნილ კანონებს. ჩვენამდე ხამურაბის კანონების ტექსტის 40-მა ეგზემპლარმა მოაღწია.
შექმნის ისტორია
რედაქტირებახამურაბის (ჰამრაბი; მმართველობდა ძვ.წ. 1796 - 1750 წწ.) რწმენით ის ღმერთების მიერ იყო არჩეული მისი ხალხისთვის კანონების დასაწერად. კანონების კოდექსის თავფურცელში ის აღნიშნავს „ანუმ და ბელმა სახელით მომიხმეს მე, ჰამურაბი, ღვთისმოშიში, ამაღლებული უფლისწული, რათა ქვეყნისთვის მომეტანა ჭეშმარიტების მმართველობა“.
კანონები დანომრილია 1-დან 282-მდე (ნომრები 13 და 66-99 დაკარგულია) და დაწერილია ძველბაბილონური შრიფტით 2.5 მეტრიან სტელებზე. ისინი აღმოაჩინეს 1901 წლის დეკემბერში სუსაში, ელამი, ამჟამად ხუზესტანი, ირანი, და სავარაუდოდ ძვ. წ. მე-12 საუკუნის ელამის მეფე შუტრუკ-ნაჰუნტეს წეილებად ჩათვალეს. ამჟამად ისინი ლუვრის მუზეუმშია გამოფენილი, პარიზში.
ხამურაბის კანონები იწყება „პროლოგით“, რომელშიც ძირითადად ბაბილონის და ხამურაბის განდიდებაა, შემდეგ თვითონ კანონები, და ბოლოს „ეპილოგი“, სადაც კანონთა დამრრვევთა მიმართ წყევლაა. თვითონ კანონები შემდეგ ნაწილებად იყოფა: 1. მარლთმსაჯულების ძირითადი პრინციპები. 2. მეფის, ტაძრების და თავისუფალი ხალხის ქონების დაცვა. 3. სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებული ნორმები. 4. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციები. 5. სავაჭრო და კომერციული ოპერაციები. 6. საოჯახი სამართალი. 7. ფიზიკური დასახიჩრება. 8. მოძრავ ქონებასთან და მის დაქირავებასთან დაკავშირებული ოპერაციები. პროლოგი და ეპილოგი არქაული ლიტერატურული ენითაა დაწერილი, ხოლო თვით კანონები — მშრალი საქმიანი ენით.
ამ კოდექსს ხშირად იურიდიული კონცეფციის პირველ ნიმუშად მოიხსენიებენ და ის იმდენად მარტივია, რომ თვით მეფესაც კი არ ძალუძს მისი შეცვლა. ხამურაბის ბრძანებით კოდექსი ქვაზე გამოკვეთეს, რათა ისინი უცვლელი დარჩენილიყო.
ხამურაბის კოდექსი ძველი ახლო აღმოსავლეთის კანონთა კრებულებიდან ერთ-ერთი იყო. ამ კოდექსთა უმრავლესობა მონათესავე კულტურებიდან მომდინარეობს შედარებით მცირე გეოგრაფიული არეალიდან და მათში შესულ კანონთა დიდი ნაწილი ერთმანეთს ემსგავსება. ურ-ნამუს ადრეული კოდექსი (ძვ. წ. XXI ს. ურ-ილის დინასტია), ჰიტიტთა კანონთა კოდექსი (ძვ. წ. 1300 წ.) და მოსეს კანონი (ძვ. წ. 1400 წ.) - ყველა მოიცავს მუხლებს, რომლებიც ხამურაბის კანონთა მსგავსი პარაფრაზია.
ნიმუშები
რედაქტირებაკოდექსში სულ 282 კანონია. ზოგიერთი მათგანი ამგვარია:
- თუ ერთი მეორეს მკვლელობას დასწამებს, მაგრამ ბრალდებას ვერ დაუმტკიცებს, ბრალმდებელი სიკვდილით დაისჯება.
- თუ ერთი მეორეს ბრალს დასდებს და დაამტკიცებს მას, ბრალმდებელი ფულით უნდა დასაჩუქრდეს.
- თუ მოსამართლე გადაწყვეტილებას მიიღებს, მაგრამ მოგვიანებით გაირკვევა, რომ ის მცდარი იყო, მან თორმეტჯერ მეტი უნდა გადაიხადოს ვიდრე ბრალდებულმა და მოსამართლის უფლებას სამუდამოდ დაჰკარგავს.
- თუ ერთი მეორის ვაჟს მოიპარავს, მას მოკლავენ და დამარხავენ რიტუალის გარეშე.
- თუ ვინმე გაპარულ მონას იპოვის და მას პატრონს მოუყვანს, პატრონმა მპოვნელს ორი შეკელი უნდა გადაუხადოს.
- თუ ქურდი მოპარვისას დაიჭირეს, ის სიკვდილით უნდა დაისაჯოს.
- თუ მავანი არხს არ მოუვლის და არხი გაირღვევა, ის ფულზე გაიყიდება, რათა ამ ფულით ანაზღაურდეს წყლით გაფუჭებული მარცვლეულის საზღაური.
- თუ მავანი მეზობლის სახნავ-სათესს დატბორავს, მაშინ მან უნდა იწვნიოს დანაკლისი.
- თუ მავანი საკუთარ ბაღს მებაღეს მისცემს მოსავლელად და მებაღე ოთხი წლის განმავლობაში სამსახურს პირნათლად შეასრულებს, მეხუთე წელს მფლობელი მებაღეობაში თავადაც უნდა დასაქმედეს.
- თუ მებაღე საკუთარ საქმეს პირნათლად ვერ შეასრულებს, მან უნდა დაფაროს დანაკლისი ზარალიან წელიწადს მეზობლის მოსავლის რაოდენობის მიხედვით.
- თუ მავანი ვალში ჩავარდა და მას ვერ იხდის, მაშინ მან საკუთარი თავი, მეუღლე, ვაჟი და ქალიშვილი უნდა გაჰყიდოს; სამ წელიწადში ისინი უნდა გათავისუფლდნენ.
- თუ მავანი ვალის სანაცვლოდ მონას გაჰყიდის, ესეც მისაღებია, დასაშვებია.
- თუ მავანი ქალს შეირთავს, მაგრამ მასთან კავშირი არ აქვს, ამგვარი ქორწინება გაბათილდება.
- თუ გათხოვილი ქალი მრუშობს, ისიც და მისი საყვარელიც უნდა შეიპყრონ და წყალში ჩაყარონ, მაგრამ ცოლს შეიძლება სასჯელი მოეხსნას, თუ ქმარი მას მეფეს აჩუქებს, როგორც მონას.
- თუ მამაკაცი იძალადებს სხვა კაცის ქალზე, მოძალადეს სიკვდილით დასჯიან, ქალი კი უდანაშაულო იქნება.
- თუ მამაკაცი ომში ტყვედ აიყვანეს, ხოლო ქალი სახლს მიატოვებს საჭმლის სიუხვის მიუხედავად, ეს ქალი წყალში უნდა გადაიგდოს.
- თუ მამაკაცი ომში ტყვედ აიყვანეს და შინ საჭმელი არ არის, მაშინ ცოლი თავისუფლდება სხვა სახლში წასასვლელად.
- თუ მამაკაცი შინიდან გაიქცევა, ხოლო ცოლი სხვა სახლში გადავა, თუ ქმარი მოგვიანებით დაბრუნდა, ცოლი არ არის ვალდებული დაბრუნდეს.
- თუ მამაკაცი გაყრას მოინდომებს ცოლთან, რომელსაც მისგან შვილები ჰყავს, მაშინ მამაკაცის მიწისა და ფულის ნაწილი ცოლს უნდა გადაეცეს. როცა შვილები გაიზრდებიან, ცოლი შეიძლება ხელმეორედ გათხოვდეს.
- თუ მამაკაცი გაყრას მოინდომებს ქალთან, რომელსაც მისგან შვილები არ ჰყავს, მაშინ მამაკაცმა ქალს უნდა დაუბრუნოს მზითევი და ფული, რომელიც ქალმა მამის ოჯახიდან მოიტანა.
- თუ მამაკაცი ვაჟს იშვილებს და ვაჟი მშვილებლის ოჯახში გაიზრდება, ვაჟის ნამდვილ მშობელს არ აქვს უფლება მისი დაბრუნება მოითხოვოს.
- თუ მავანი გაარტყამს მამაკაცს, რომლის რანგი მისაზე მაღალია, მაშინ მას 60 როზგი უნდა მოხვდეს საჯაროდ.
- თუ მავანი გაარტყამს მამაკაცს იმავე რანგით, მან ერთი ოქროს მინა უნდა გადაუხადოს.
- თუ მონა გაარტყამს მის მფლობელს, მონას ყური მოეჭრება.
- თუ მამაკაცი ორსულ ქალს გაარტყამს და ამის გამო ქალს მუცელი მოეშლება, მამაკაცმა მას 10 შეკელი უნდა გადაუხადოს.
- თუ მავანი მასზე დაბალი რანგის მამაკაცს გაარტყამს, მაშინ დაზარალებულმა იგივე ზიანი უნდა მიაყენოს მას.
- თუ მშენებელი სახლს ააგებს საგულდაგულოდ, მფლობელმა სახლის ყოველი ზედაპირისთვის მას 2 შეკელი უნდა უზღოს.
- თუ მშენებელი კარგად ვერ ააშენებს და შენობა დაინგრევა, იგი მოკლულ იქნება.
- თუ მფლობელის ვაჟი მოკვდება, მშენებლის ვაჟს მოკლავენ.
- თუ მავანი სახლის კედელს გაანგრევს მის გასაძარცვად და მას დაიჭერენ, სასჯელის სახით მას კედელში ჩააშენებენ.
- თუ ვაჟიშვილი დედას ხელს გაარტყამს, მას ხელებს მოჰკვეთენ.
- თუ ვაჟიშვილი იტყვის, რომ მისი დედა ან მისი მამა მისი მშობელი არაა, მას ენას მოჰკვეთენ.