ძველი ახლო აღმოსავლეთი

ძველი ახლო აღმოსავლეთი — ტერმინი, რომელიც ასახავს ახლო აღმოსავლეთის ისტორიის პერიოდს, როდესაც წინაისტორიული კულტურებიდან ძველი ცივილიზაციების აღმოცენება და განვითარება მოხდა. გეოგრაფიულად მოიცავს მესოპოტამიას (თანამედროვე ერაყი, სამხრეთ-აღმოსავლეთი თურქეთი, სამხრეთ-დასავლეთი ირანი, ჩრდილოეთ-აღმოსავლეთი სირია, ქუვეითი), ძველ ეგვიპტეს, ძველ ირანს (ელამი, მიდია, პართია, სპარსეთი), ანატოლიას (მცირე აზია), ლევანტს (თანამედროვე სირია, ლიბანი, პალესტინა, ისრაელი, იორდანია) და არაბეთის ნახევარკუნძულს, ასევე კვიპროსს და, ხშირად, სამხრეთ კავკასიასაც.

ახლო აღმოსავლეთი კაციობრიობის ცივილიზაციის აკვნადაა მიჩნეული. ამ რეგიონს უკავშირდება მსოფლიო ისტორიის უმნიშვნელოვანესი მოვლენები: უადრესი მიწათმოქმედების, პირველი დამწერლობის, ქალაქური დასახლებების, რელიგიური და სამხედრო სისტემების, კანონმდებლობის, ფინანსური ანგარიშგების ჩასახვა და განვითარება. ძველი ახლო აღმოსავლეთის ისტორიის დასაწყისად ხშირად ძვ. წ. IV ათასწლეულში შუმერული კულტურის აღმოცენებას თვლიან. ის მოიცავს ბრინჯაოს და რკინის ხანას, დასასრულად კი ძვ. წ. VI საუკუნეში აქამენიანთა იმპერიის ექსპანსია ან ძვ. წ. IV საუკუნეში ალექსანდრე მაკედონელის გამოჩენა, ზოგჯერ კი ახ. წ. VII საუკუნეში ისლამის გავრცელება და არაბთა დაპყრობითი ომები სახელდება.

პერიოდიზაციარედაქტირება

ძველი ახლო აღმოსავლეთის ისტორიის პერიოდიზაციის სტანდარტიზაცია საკმაოდ რთული ამოცანაა. სხვადასხვა ქვერეგიონის ისტორიის კონკრეტული პერიოდის მახასიათებლად განსხვავებული კრიტერიუმი გამოიყენება; მაგალითად, ძველი ეგვიპტის ისტორიის პერიოდიზაცია პოლიტიკური ორგანიზაციის ნიშნით ხდება („სამეფო“, „გარდამავალი პერიოდი“), ძვ. წ. II-I ათასწლეულების მესოპოტამიისა — ლინგვისტური (ცენტრალური და სამხრეთ მესოპოტამია — ძველი, შუა, ახალი და გვიანი ბაბილონეთი, ჩრდილოეთ მესოპოტამია — ძველი, შუა, ახალი და გვიანი ასურეთი), ძვ. წ. II ათასწლეულის შუა და გვიანი პერიოდის ლევანტისა — არქეოლოგიური (გვიანბრინჯაოს ხანა I, II და III). თითოეული ეს სქემა კარგად ახასიათებს ძველი ისტორიის ზოგიერთ ასპექტს, მაგრამ ვერ ასახავს სხვა ნიშან-თვისებებს.[1] ძველი ახლო აღმოსავლეთის პერიოდიზაციის ზოგადი სქემა შემდეგნაირად გამოიყურება:

სპილენძის ხანა ქალკოლითი
(ძვ. წ. 4500 – 3300)
ადრეული ქალკოლითი ძვ. წ. 4500 – 4000 უბეიდი (მესოპოტამია)
გვიანი ქალკოლითი ძვ. წ. 4000 – 3300 გჰასული (პალესტინა), ურუკი (სამხრეთი მესოპოტამია), გერზე (ეგვიპტე), პრედინასტიური ეგვიპტე, პროტო-ელამური
ბრინჯაოს ხანა
(ძვ. წ. 3300 – 1200)
ადრებრინჯაოს ხანა
(ძვ. წ. 3300 – 2100)
ადრებრინჯაოს ხანა I ძვ. წ. 3300 – 3000 ეგვიპტე ნაქადა III-დან ადრეულ სამეფომდე, ფინიკიელების დასახლებები
ადრებრინჯაოს ხანა II ძვ. წ. 3000 – 2700 ადრედინასტიური პერიოდი (მესოპოტამია)
ადრებრინჯაოს ხანა III ძვ. წ. 2700 – 2200 ეგვიპტის ძველი სამეფო, აქადის იმპერია, ადრეული ასურეთი, ძველი ელამური პერიოდი, შუმერულ-აქადური სახელმწიფოები
ადრებრინჯაოს ხანა IV ძვ. წ. 2200 – 2100 ეგვიპტის პირველი გარდამავალი პერიოდი
შუა ბრინჯაოს ხანა
(ძვ. წ. 2100 – 1550)
შუა ბრინჯაოს ხანა I ძვ. წ. 2100 – 2000 ურის მესამე დინასტია
შუა ბრინჯაოს ხანა II A ძვ. წ. 2000 – 1750 მინოსის კულტურა, ადრებაბილონური სამეფო, ეგვიპტის შუა სამეფო
შუა ბრინჯაოს ხანა II B ძვ. წ. 1750 – 1650 ეგვიპტის მეორე გარდამავალი პერიოდი
შუა ბრინჯაოს ხანა II C ძვ. წ. 1650 – 1550 BC ხეთების ძველი სამეფო, მინოსის ამოფრქვევა
გვიანი ბრინჯაოს ხანა
(ძვ. წ. 1550 – 1200)
გვიანი ბრინჯაოს ხანა I ძვ. წ. 1550 – 1400 ხეთების შუა სამეფო, შუა ელამური პერიოდი, ეგვიპტის ახალი სამეფო
გვიანი ბრინჯაოს ხანა II A ძვ. წ. 1400 – 1300 ხეთების ახალი სამეფო, მითანი, უგარითი, მიკენის ცივილიზაცია
გვიანი ბრინჯაოს ხანა II B ძვ. წ. 1300 – 1200 ასურეთის შუა სამეფო, ფინიკიელთა კოლონიზაცია
რკინის ხანა
(ძვ. წ. 1200 – 539)
რკინის ხანა I
(ძვ. წ. 1200 – 1000)
რკინის ხანა I A ძვ. წ. 1200 – 1150 ტროა VII, ჰეკლა 3-ის ამოფრქვევა, ზღვის ხალხები
რკინის ხანა I B ძვ. წ. 1150 – 1000 ახალხეთური სამეფოები, ახალი ელამური პერიოდი, არამეელები
რკინის ხანა II
(ძვ. წ. 1000 – 539)
რკინის ხანა II A ძვ. წ. 1000 – 900 საბერძნეთის ბნელი ხანა, ისრაელის გაერთიანებული სამეფო
რკინის ხანა II B ძვ. წ. 900 – 700 ისრაელის სამეფო (სამარია), ურარტუ, ფრიგია, ნეო-ასურული იმპერია, იუდეველთა სამეფო, კართაგენის დაარსება
რკინის ხანა II C ძვ. წ. 700 – 539 ახალბაბილონური სამეფო, მიდია, ნეო-ასურული იმპერიის დაცემა, ფინიკია, ანტიკური საბერძნეთი, აქემენიანთა სახელმწიფოს წარმოშობა
ანტიკური ხანა აქემენიანთა იმპერია ძვ. წ. 539 – 330 აქემენიანები
ელინისტური ხანა ძვ. წ. 330 – 31 ძველი მაკედონია, სელევკიდების სახელმწიფო, პერგამონის სამეფო, პტოლემეების სამეფო, პართია
რომი და სპარსეთი
გვიანანტიკური პერიოდი
ძვ. წ. 31 – ახ. წ. 634 რომის იმპერია/აღმოსავლეთ რომის იმპერია, პართია, სასანიანთა იმპერია, არაბთა დაპყრობითი ომები

ახლო აღმოსავლეთის ძველი ცივილიზაციების ევოლუციარედაქტირება

ძველ ახლო აღმოსავლეთში ცივილიზაციების წარმოშობას ხელსაყრელი გეოგრაფიული და ეკოლოგიური გარემო განაპირობებდა, მათ შორის, მოხერხებული სახმელეთო კავშირები და მთელი წლის განმავლობაში ნაოსნობისთვის ხელმისაწვდომი წყლები. მკაცრი კლიმატის გამო ხალხთა დიდი მასების გადაადგილება კასპიის ზღვის ჩრდილოეთით შეზღუდული იყო, ცენტრალური ევრაზია კი ხშირად ძალიან მშრალი ზაფხულით ხასიათდებოდა. ამავე დროს, აზიასა და აფრიკას შორის სახმელეთო მიმოსვლა სუეცის ყელის ვიწრო ზოლით იყო შესაძლებელი. ირანისა და ჩრდილოეთ აფრიკის უდაბნოებში შედარებით აქტიური გადაადგილებები ხდებოდა სპეციალური გზებით, ნილოსის დაბლობის ორივე მხარეს.

მსოფლიოს ისტორიაში ამ გეოგრაფიული რეგიონის მნიშვნელობა განაპირობა ასევე იმ ფაქტმა, რომ წყლის რესურსებმა და კლიმატმა იდეალური გარემო შექმნა მიწათმოქმედების აღმოცენებისთვის უკვე ძვ. წ. VIII თუ IX ათასწლეულში. მარცვლეულის ბევრი სახეობა აქ ველურად ხარობდა, ჭაობები და ნაკადულების ქსელები კი ადვილად შეიძლებოდა სარწყავად გამოყენებულიყო და ამ მიწებზე ხორბალი და ქერი მოეყვანათ. დაახლოებით ძვ. წ. 9 000-7 000 წლებით თარიღდება პირველი სამიწათმოქმედო იარაღები — ძვლისგან დამზადებული ნამგლის ტარები და კაჟის პირები, რომლებიც პალესტინაშია აღმოჩენილი. ამ პერიოდის ნაშთები მესოპოტამიასა და ირანში გამოვლენილია ზაგროსის მთიანეთის სამხრეთ ფერდობების გამოქვაბულებში დასავლეთ ირანსა და ერაყს შორის. მესოპოტამიაში ირიგაციის მასშტაბური და სისტემატური გამოყენების ზუსტად დათარიღებას აძნელებს ის, რომ ირიგაციის მქონე უძველესი არქეოლოგიური ძეგლები ტიგროსისა და ევფრატის წყალდიდობების მოქმედებით დიდი ხნის წინ დაფარა ალუვიურმა ნიადაგებმა. წარსულში არქეოლოგები მიიჩნევდნენ, რომ ირიგაციის სამშობლო ზაგროს მთისწინა ტერიტორიები იყო და უძველესი მიწათმოქმედები ირანის დაბლობებში ცხოვრობდნენ. შემდგომდროინდელმა გათხრებმა და ზედაპირულმა კვლევებმა კი გამოავლინა, რომ მიწის ინტენსიური მორწყვა პირველად ძვ. წ. VI ათასწლეულის დასაწყისში ტიგროსის ზედა წელისა და ევფრატის აუზში, ასევე მათი შენაკადების მიმდებარე რაიონებში დაიწყეს. კიდევ უფრო ადრე, მცირე მასშტაბით ირიგაციას მისდევდნენ პალესტინაში (მაგ., იერიქონის მიდამოებში) ძვ. წ. VII ათასწლეულში. მესოპოტამიის ჩრდილოეთსა და აღმოსავლეთში, წყლის მთავარი ნაკადები ზომიერი წყალუხვობის დროს ნაწილობრივ გადაჰყავდათ მდინარეების პარალელურად გათხრილ არხებში, რაც დიდი ფართობის ტერიტორიის ირიგაციის საშუალების იძლეოდა. ასეთი დეფლექტორული ირიგაციით შესაძლებელი იყო დიდი ტევადობის დამბების უარყოფითი შედეგების, კერძოდ საგუბარ ავზებში ტალახის დიდი მასების დაგროვების, აცილება.

არაუგვიანეს ძვ. წ. V ათასწლეულისა, ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ მესოპოტამიაში მოზრდილი ქალაქური ტიპის დასახლებები, მაგალითად, ნინევია, გაჩნდა; რეგიონის სამხრეთი ამ დროს ჯერ კიდევ ძირითადად დაჭაობებული იყო ადრინდელი ნილოსის დელტის მსგავსად. ევფრატი ნაკლებად წყალუხვი იყო, ვიდრე მეზობელი ტიგროსი, თუმცა ეს უკანასკნელი უფრო ჩქარი იყო და, ამდენად, ირიგაციისთვის უფრო მნიშვნელოვანი (ამავდროულად, რთულიც). მესოპოტამიის მდინარეებისგან განსხვავებით, ნილოსი ეგვიპტეში უფრო პროგნოზირებადი მდინარე იყო, ვინაიდან ასეულობით კილომეტრის მანძილზე ჭაობიან ადგილებში მიედინებოდა. წლიური წყალუხვობის პერიოდები საკმაოდ დიდი იყო, რაც ნაოსნობას ხელს უშლიდა, თუმცა, მესოპოტამიური მდინარეებისთვის დამახასიათებელი პერიოდული გამანდგურებელი წყალდიდობები აქ იშვიათობა იყო.

მესოპოტამია და ეგვიპტე ძვ. წ. III-II ათასწლეულებშირედაქტირება

 
უბეიდის კულტურა მესოპოტამიაში (ძვ. წ. 5900-4300)

მსოფლიოში უძველესი ჩვენთვის ცნობილი ურბანული და დამწერლობის მქონე კულტურა ძვ. წ. IV საუკუნის მიწურულიდან შუმერებმა განავითარეს სამხრეთ მესოპოტამიაში. დაახლოებით ძვ. წ. 2300 წელს სემიტმა ბელადმა სარგონმა სრულიად ბაბილონეთი დაიპყრო და საფუძველი ჩაუყარა აქადის პირველ დინასტიას, რომლის ბატონობამ თითქმის საუკუნენახევარი გასტანა. აქადის მეფეები სამხრეთ-დასავლეთ აზიაში პირველი მმართველები იყვნენ, რომლებმაც ე. წ. ნოყიერი ნახევარმთვარის და მიმდებარე ტერიტორიების დაქვემდებარება მოახერხეს. მათ მიერ გაგზავნილი სავაჭრო ექსპედიციები ცენტრალურ ანატოლიამდე და ირანამდე და, კიდევ უფრო შორს, ინდოეთსა და ეგვიპტემდე აღწევდნენ. აქადის დინასტიის აღსასრულის შემდეგ შუმერულ ცივილიზაციას აღორძინების ხანა დაუდგა; ეს პერიოდი ურის მესამე დინასტიის (ძვ. წ. XXI-XX საუკუნეები) სახელითაა ცნობილი. მას მოჰყვა სემიტების მორიგი შემოსევა და მათ მიერ ძველბაბილონური სახელმწიფოს (ძვ. წ. XIX-XVI საუკუნეები) შექმნა, რომლის ყველაზე ცნობილი მმართველი ხამურაბია. ძვ. წ. XVII საუკუნეში ბაბილონეთსა და სირია-პალესტინაში ახალი ეთნიკური ნაკადები გაჩნდა: კასიტები ზაგროსის მთიანეთიდან, ხურიტები, შესაძლოა, ამიერკავკასიის უკიდურესი სამხრეთიდან და ინდოევროპელები, სავარაუდოდ, ცენტრალური აზიიდან. ამით დასრულდა მესოპოტამიური ცივილიზაციის ფორმაციული ფაზა.

ძვ. წ. 3000 წლის მომდევნო პერიოდში ნილოსის დაბლობზე ძვ. წ. IV ათასწლეულში აღმოცენებული მცირე სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები ეგვიპტის პირველი დინასტიის მმართველობის ქვეშ გაერთიანდნენ. ამ დროისთვის ეგვიპტელები უკვე ფლობდნენ დამწერლობას. დაახლოებით ძვ. წ. 2686 და ძვ. წ. 2160 წლებს შორის ეგვიპტეში ე. წ. ძველი სამეფოს პერიოდია, რომელსაც ძლიერი მონარქია და რთული ბიუროკრატიული აპარატი მართავდა. ძვ. წ. III ათასწლეულის ბოლოს ეგვიპტის სამეფო დაიშალა, თუმცა კვლავ გაერთიანდა XII დინასტიის პერიოდში (ძვ. წ. 1991-1786). ამ ორი საუკუნის განმავლობაში ეგვიპტელებმა დაიპყრეს ნუბია, ლიბია, პალესტინა და სირიის სამხრეთი. ძვ. წ. 1800 წლის შემდეგ ეგვიპტის სახელმწიფო დაიშალა და ძვ. წ. 1700 წლის ახლო ხანებში, მომდევნო საუკუნენახევრის მანძილზე, აზიიდან მოსული „ჰიქსოსების“ ბატონობის ქვეშ მოექცა.

ახალი სახელმწიფოები და ხალხებირედაქტირება

 
ეგვიპტის სამეფო და ახლო აღმოსავლეთი დაახლ. ძვ. წ, 1450 წელს.
 
ფარაონ ტუტანხამონის ოქროს ნიღაბი, დაახლ. ძვ. წ. 1325 (ეგვიპტის მუზეუმუ, კაირო)

ძვ. წ. XVI საუკუნის დამლევს ეგვიპტეში ადგილობრივმა XVIII დინასტიამ შეძლო მომხდურების დამარცხება და ეგვიპტის ახალი სამეფო შექმნა. ეგვიპტელებმა კვლავ განავრცეს სამეფოს საზღვრები სირია-პალესტინამდე და ჯერ მითანის ხურიტულ სამეფოს შეეჯახნენ, შემდეგ კი კონფლიქტი მოუხდათ ხეთებთან, რომლებიც ძვ. წ. XIV საუკუნეში ანატოლიიდან სამხრეთით, სირიაში მიიწევდნენ. ეგვიპტეში აღმოჩენილი ე.წ. ამარნის არქივი — თიხის ფირფიტებზე ბაბილონურად შესრულებული დიპლომატიური მიმოწერა — უმნიშვნელოვანესი წყაროა ამ პერიოდის ისტორიის შესასწავლად. მესოპოტამიაში ამ დროს ბაბილონეთის კასიტური დინასტია და ასურეთი დომინირებდნენ. ეს უკანასკნელი ძვ. წ. XIV საუკუნის დასაწყისში მითანის დამორჩილების შედეგად აღზევდა. სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა საგულდაგულოდ შედგენილი ხელშეკრულებებით რეგულირდებოდა, თუმცა ეს შეთანხმებები მუდმივად ირღვეოდა. მითანის დაცემის (დაახლ. ძვ. წ. 1350) შემდეგ ხეთები და ბაბილონელები ასურეთს დაუპირისპირდნენ. დაახლოებით ძვ. წ. 1230 წელს ასურეთმა ბაბილონეთი დაიპყრო, ძვ. წ. 1200 წლისთვის კი მეზობელი ხალხების სხვადასხვა ჯგუფების თავდასხმამ ბოლო მოუღო ხეთების იმპერიას. ამით დასრულდა ცივილიზებული მსოფლიოს ე. წ. პირველი „საერთაშორისო ხანა“.

ძვ. წ. XIII საუკუნის მეორე ნახევარში აღინიშნა ხალხთა ახალი მძლავრი ნაკადები ეგეოსის ზღვის რეგიონში, ანატოლიასა და მესოპოტამიაში. მათ გამოჩენას ქრონოლოგიურად ემთხვევა ტროის ომი, ხეთების სამეფოს დაცემა და საბერძნეთის, კვიპროსისა და სირია-პალესტინის ბევრი ზღვისპირა ქალაქის განადგურება. ამ ხალხებს შორის იყვნენ ფრიგიელები, რომლებიც ბალკანეთიდან გავრცელდნენ და ხეთების ყოფილი სახელმწიფოს შუაგულში დაკვიდრდნენ, და ფილისტინელები, რომლებმაც პალესტინის ტერიტორია დაიკავეს. ამავე პერიოდში მდინარე იორდანის აღმოსავლეთით და დასავლეთ პალესტინაში შეიქმნა ებრაელებმა ტომობრივი კავშირი, რომელიც დაახლოებით ძვ. წ. 1020-960 წლებში, საულისა და დავითის დროს სამეფოდ ჩამოყალიბდა. უფრო აღმოსავლეთით, ირანულენოვანი ტომები, მიდიელების წინამძღოლობით ცენტრალური აზიიდან დღევანდელი ირანის ტერიტორიაზე შეიჭრნენ. სამხრეთიდან და დასავლეთიდან კი მესოპოტამიაში სემიტური მოდგმის არამეელები მოვიდნენ. ამ ხალხების ასპარეზზე გამოსვლამ ძველი ახლო აღმოსავლეთის ისტორიაში გადამწყვეტი როლი ითამაშა.

ძვ. წ. XI საუკუნეში არამეელებისა და სხვა მონათესავე ტომების ზეწოლით ასურეთის სახელმწიფო მნიშვნელოვნად დაემცრო. მხოლოდ ძვ. წ. X საუკუნის ბოლოს შეძლეს ასურელებმა კვლავ მოძლიერება და ძვ. წ. 850 წლისათვის მიდიის დასავლეთი, ამიერკავკასიის სამხრეთი სანახები, ბაბილონეთი და სირია დაიპყრეს. მომდევნო საუკუნეებში, ძვ. წ. 630 წლამდე, ასურეთის იმპერია უფრო და უფრო ფართოვდებოდა; ჰქონდა კარგად ორგანიზებული სახელმწიფოებრივი სისტემა; დომინანტი ენა არამეული იყო.

ფილისტინელთა და არამეელთა შემოსევის ტალღის ჩავლის შემდეგ სირიის სანაპიროებზე კვლავ აღდგა ქანაანელი ფინიკიელების ენერგიული სავაჭრო დასახლებები. ძვ. წ. X და IX საუკუნეებში ფინიკიელები ფართოდ გავიდნენ ხმელთაშუა ზღვაში, დააარსეს კოლონიები ჩრდილოეთ აფრიკაში და უფრო დასავლეთით, იბერიის ნახევარკუნძულზე. ძვ. წ. VI საუკუნის შემდგომ პერიოდში მათი გავლენა დასავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში დაქვეითდა, რეგიონში სავაჭრო ჰეგემონია კი ფინიკიელთა ჩრდილოაფრიკულმა კოლონიამ — კართაგენმა იგდო ხელთ.

ძვ. წ. VII საუკუნის ბოლოს მიდიელებმა და ქალდეელებმა ასურეთის იმპერია გაანადგურეს. ქალდეელთა დინასტიამ ბაბილონეთში ასურული სახელმწიფოებრივი ტრადიცია გააგრძელა; განვითარდა ვაჭრობა. მათ მიერ შექმნილი ახალი ბაბილონის სამეფო ნაბუქოდონოსორ II (დაახლ. ძვ. წ. 605-561) იმ დროის უძლიერი სახელმწიფო გახდა. მისი საბრძანებელი ანატოლიაში ტავრის მთებიდან არაბეთის აღმოსავლეთამდე და ირანის სამხრეთ რეგიონების სიღრმეში ვრცელდებოდა. მიუხედავად მისი ხანმოკლე არსებობისა, ახალი ბაბილონის იმპერიამ უდიდესი გავლენა მოახდინა მის თანამედროვე ხალხებზე, განსაკუთრებით ებრაელებსა და ძველ ბერძნებზე. მისი ბატონობის ხანა ებრაელთა ძველ ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პერიოდია და ბაბილონის ტყვეობის სახელითაა ცნობილი, ბერძენთა წარმოდგენებში კი ბაბილონის ბრწყინვალება მითიური საბურველით შეიმოსა.

აქემენიანთა იმპერია და მისი მემკვიდრეებირედაქტირება

 
ბაბილონის იშთარის კარიბჭის დეტალი, დაახლ. ძვ. წ. 575 (პერგამონის მუზეუმი, ბერლინი.
 
არტაქსერქსე I-ის აკლდამა აქემენიანთა სატახტო ქალაქ პერსეპოლისში.

ძვ. წ. VI საუკუნეში ირანში სპარსელთა ტომებმა კიროს დიდის მეთაურობით სძლიეს მონათესავე მიდიელებს და ძვ. წ. 549 წელს აქემენიანთა იმპერია დაარსეს. მომდევნო პერიოდში მათ დაიპყრეს ლიდია (ძვ. წ. 546) და ბაბილონეთი (ძვ. წ. 539). არამეული სპარსეთის იმპერიის ოფიციალური ენა გახდა, რელიგია კი — ზოროასტრიზმი. კიროსის ზომიერმა პოლიტიკამ ბოლო მოუღო დაპყრობილი ხალხების დეპორტაციისა და მათი მემკვიდრეობის განადგურების ასურულ-ბაბილონურ პრაქტიკას. შეიქმნა მძლავრი ბიუროკრატიული აპარატი, რომელიც აქემენიანთა ვრცელი იმპერიის ადმინისტრირებას უზრუნველყოფა. მისი ძლიერების მწვერვალზე სპარსეთი მთელ ახლო აღმოსავლეთს და ზოგიერთ მიმდებარე მიწას მოიცავდა, მათი ექსპანსია ევროპაში კი ბერძენთა მედგარმა წინააღმდეგობამ შეაჩერა.

ძვ. წ. 334 წელს მაკედონელთა მეფე ალექსანდრე ანატოლიაში შეიჭრა და ცხრაწლიანი ომის შემდეგ აქემენიანთა სამეფო მთლიანად დაიპყრო. ამ მოვლენას გარდამტეხი ეფექტი ჰქონდა ძველი ახლო აღმოსავლეთის ისტორიაში და ახალი, ელინისტური ეპოქის დასაწყისი გახდა. ალექსანდრეს სიკვდილის (ძვ. წ. 323) შემდეგ მაკედონელთა იმპერია რამდენიმე სახელმწიფოდ დაიშალა. ანატოლიის უმეტეს ნაწილზე, მესოპოტამიასა და ირანზე კონტროლი სირიელმა სელევკიდებმა დაამყარეს. დაახლოებით ძვ. წ. 250 წელს კასპიის ზღვის სამხრეთაღმოსავლეთით მდებარე მცირე ტერიტორიიდან შემოჭრილმა ნახევრადმომთაბარე პართელებმა მთელი ირანი დაიპყრეს, სელევკიდებისგან დამოუკიდებელი სამეფო შექმნეს და ძვ. წ. II საუკუნეში მესოპოტამიაში დაიწყეს ექსპანსია. ახ. წ. III საუკუნეში მნიშვნელოვნად ელინიზირებული პართელები სპარსელმა სასანიანებმა ჩაანაცვლეს. სასანიანთა მმართველობის პერიოდში (ახ. წ. 224-642) სპარსეთის იმპერია მნიშვნელოვნად გაფართოვდა და ახლო აღმოსავლეთში რომის უმთავრესი კონკურენტი გახდა. 636 წელს სასანიანთა იმპერია ისლამის დროშის ქვეშ გაერთიანებულმა არაბებმა დაიპყრეს. ამით დასრულდა ძველი ახლოაღმოსავლური ცივილიზაციის უკანასკნელი ფაზა.

ისლამამდელი არაბეთირედაქტირება

ძვ. წ. III ათასწლეულის ბოლოს არაბეთის ნახევარკუნძული დასავლეთაზიური ცივილიზაციის ნაწილი გახდა. ძვ. წ. II ათასწლეულის შუა ხანებში სამხრეთ არაბეთსა და ნოყიერი ნახევარმთვარის რეგიონს უკვე სავაჭრო-საქარავნო გზები აკავშირებდა. ძვ. წ. XII საუკუნის ახლო პერიოდში აქლემის მოშინაურებამ გააიოლა უდაბნოში ადამიანთა გადაადგილება; არაბეთის სამხრეთში საბის სამეფო აღმოცენდა. უფრო აღმოსავლეთით, ჯერ კიდევ ძვ. წ. XXIV საუკუნეში კუნძული ბაჰრეინი მესოპოტამიას, სამხრეთ არაბეთსა და ინდოეთს შორის ვაჭრობის საკვანძო პუნქტი გახდა. სავაჭრო ურთიერთობები განსაკუთრებით რომაულ-ბიზანტიურ ეპოქაში გაცხოველდა მას შემდეგ, რაც ხმელთაშუაზღვისპირეთის ხალხები მიხვდნენ ინდოეთის ოკეანეში ზღვაოსნობისთვის მუსონების მნიშვნელობას. ახ. წ. V-VI საუკუნეებში ქრისტიანი ეთიოპიელების აქსუმის სამეფოს ექსპანსიამ და სასანიანთა საპასუხო ინტერვენციამ სამხრეთ არაბეთის სახელმწიფოები მნიშვნელოვნად შეარყია და განაპირობა ეკონომიკური დაღმასვლა, რამაც VII საუკუნეში მუსლიმ არაბების სწრაფ გამარჯვებას შეუწყო ხელი.

ძველი ახლო აღმოსავლეთის კულტურარედაქტირება

რელიგიარედაქტირება

 
ასურული ბარელიეფი ნიმრუდის მცირე ტაძრიდან.

ახლო აღმოსავლეთის ხალხთა რელიგიური წარმოდგენები მრავალფეროვანი იყო და დიდი გავლენა იქონია ძველბერძნულ მითოლოგიაზე. ეგვიპტელების, ბაბილონელების, ფინიკიელთა და ანატოლიის ხალხთა კოსმოგონიური რწმენები ნაწილობრივ დასავლეთითაც გავრცელდა და საფუძველი შეუქმნა ძვ. წ. VII-VI საუკუნეებში ჰესიოდეს, ორფისტულ, თალესის და ანაქსიმანდრეს კოსმოგონიურ სისტემებს. გარკვეული აღმოსავლური ელემენტები შეინიშნება პითაგორას და პლატონის ნააზრევშიც, თუმცა მათი ნათლად გარჩევა საკმაოდ ძნელია. ძვ. წ. III საუკუნიდან ახალოაღმოსავლური გავლენები ბერძნულ კულტურაზე კიდევ უფრო გაძლიერდა. ბაბილონურმა ასტროლოგიამ გავლენა მოახდინა სტოიცისტურ ფილოსოფიაზე. ასევე ნავარაუდებია ძველებრაული გავლენა სტოიცისტურ ეთიკაზე.

გვიანდელი ეგვიპტური რელიგიური წარმოდგენებები ელინისტური ეგვიპტიდან საბერძნეთში ჰერმეტიზმის მიმდევართა გზით გავრცელდა ძვ. წ. II საუკუნეში. მათი გავლენა საუკუნეების მანძილზე შესამჩნევი ევროპულ ასტროლოგიასა და ალქიმიაზე.

იუდაიზმის ნაწილობრივი ელინიზაციის და ახ. წ. I საუკუნეში ქრისტიანობის აღმოცენების შემდეგ ებრაული რელიგიური კულტურა სწრაფად გავრცელდა ბერძნულ-რომაულ სამყაროშიც. აქ მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ფარისეველთა მიმდინარეობამ, ესენების სექტამ, ქრისტიანმა მოციქულებმა და ასევე სამარიტელების მცირე, მაგრამ გავლენიანმა არაორთოდოქსალურმა ჯგუფმა. ქრისტიანობის გავრცელების გარიჟრაჟზე სამარიტელმა სიმონ მოგვმა შექმნა ახალი მოძღვრება, რომელსაც გნოსტიციზმი ეწოდა და სწრაფად გავრცელდა რომაულ და ირანულ სამყაროში. ახ. წ. III საუკუნის ბოლოსთვის არსებობდა მისი მრავალრიცხოვანი განშტოებები, რომლებიც იუდაიზმის, ქრისტიანობის, ზოროასტრიზმის და ბერძნულ-რომაული პოლითეიზმის სხვადახვა ელემენტებს აერთიანებდა. ახ. წ. IV საუკუნისთვის ქრისტიანობამ ძლიერ დევნას გაუძლო და მისი მიმდევრების სიმტკიცის წყალობით გამარჯვება იზეიმა რომის იმპერიის უმეტეს ნაწილსა და სხვა მიმდებარე რეგიონებში. აღმოსავლეთით ზოროასტრიზმი ძირითად რელიგიად რჩებოდა ირანელებსა და მათ მეზობლად მცხოვრებ ზოგიერთ ხალხში მანამ, სანამ ის VII საუკუნეში არაბების დაპყრობითმა ომებმა არ ჩაანაცვლა ისლამით, რომელიც იუდაისტურ-ქრისტიანული ძირის მქონე მონოთეისტური რელიგია იყო.

მეცნიერება და კანონმდებლობარედაქტირება

 
ძველიეგვიპტური ასტრონომიული ფრესკა დენდერადან.

ძველ მესოპოტამიასა და ეგვიპტეს მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სხვადასხვა დარგში უდიდესი მიღწევები ჰქონდათ. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია მესოპოტამია, რომელიც ხშირად ხალხთა და კულტურათა ცვლილებების ეპიცენტრში იყო და ღია რჩებოდა უცხო გავლენების მიმართაც. ამავდროულად, ეგვიპტე შედარებით იზოლირებული იყო, მისი მოსახლეობა კი — სტაბილური.

ეგვიპტელები კარგად ფლობდნენ მეცნიერების გამოყენებით დარგებს — მედიცინას, საინჟინრო საქმეს და აგეგმვას; მესოპოტამიაში დიდი პროგრესი განიცადა ასტრონომიამ და მათემატიკამ. ასტრონომიის განვითარებას ხელი შეუწყო ასტროლოგიამ, რომელიც მისნობაში გამოყენებული ძირითადი კვაზი-მეცნიერება იყო. ეგვიპტელები ასტრონომიაში ბაბილონელებს ჩამორჩებოდნენ, მაგრამ ბევრად უსწრებდნენ ძირითადად მაგიურ წარმოდგენებზე დამყარებული ბაბილონურ მედიცინას. ეგვიპტელებს დიდი წარმატებები ჰქონდათ საინჟინრო საქმესა და არქიტექტურაში, რაც მონუმენტური პირამიდებისა და გრანიტითა და ქვიშაქვით ნაგები დახვეწილი ტაძრების მშენებლობაში გამოვლინდა. თავის მხრივ, ბაბილონში მნიშვნელოვნად განვითარდა გამოყენებითი დარგები, მაგალითად, საირიგაციო საქმე.

ეგვიპტიდან და მესოპოტამიიდან მეცნიერებაცა და ფსევდომეცნიერებაც ფინიკიასა და ანატოლიაში გავრცელდა, ფინიკიელებმა კი ეს ცოდნა ხმელთაშუაზღვისპირეთის სხვა ხალხებს, განსაკუთრებით, ბერძნებს, გაუზიარეს. არქეოლოგიური გათხრების მონაცემები ცხადჰყოფს კულტურული გავლენის გავრცელების ტრაექტორიას ეგვიპტიდან სირიაში, ფინიკიასა და კვიპროსზე, ასევე საბერძნეთში. მესოპოტამიური გავლენა იგრძნობა ხეთების მიერ ბაბილონური მეცნიერებისა და მისნობის ტრადიციის ნაწილობრივ შეთვისებასა და მის შემდგომ გავრცელებაში ფინიკიის გზით. ეგვიპტელებსა და მესოპოტამიის ხალხებს მათი ცოდნა წერილობითი მემკვიდრობის სახით არ შემოუნახიათ; ინფორმაცია ნაწილ-ნაწილ გადაეცემოდა პირადი კავშირების გზით.

ბაბილონური მათემატიკური მეცნიერებისა და კანონმდებლობის საფუძვლების გაზიარება დასავლეთის მიმართულებით მსგავსი პრინციპებით ხდებოდა. ადრებაბილონური მათემატიკური ცოდნა გადაეცემოდა ცალკეული შემთხვევების აღწერის სახით, რომელშიც მოცემული იყო პირობა და მისი ამოხსნა. ეს მოდელი პირველად გვიანშუმერულ კანონებში გვხვდება; კანონთმცოდნეობიდან პრობლემის დასახვისა და გადაწყვეტის ეს მეთოდი მეცნიერებაში გავრცელდა და არ შეცვლილა დიდი ხნის მანძილზე ძვ. წ. I ათასწლეულის განმავლობაში. მსგავი სისტემა ხეთურ სამართალში და ებრაულ ე. წ. კოვენანტის კანონებში, ასევე უძველეს ბერძნულ — დრაკონულ და გორტინის კოდექსებში. ყოველი მათგანის ფორმულირება მსგავსია: შესავალი პირობა (protasis), მეორეული პირობა ან პირობები და დასკვნა (apodosis). მაგალითი ხამურაბის ბაბილონური კოდექსიდან: „თუ კაცი ბრალს სდებს მეორეს და ადანაშაულებს მკვლელობაში, მაგრამ ვერ ამტკიცებს ამას, მბრალდები სიკვდილით უნდა დაისაჯოს“. პრეცედენტული სამართლის გავრცელებასთან ერთად აღმოჩნდა, რომ ამგვარ ფორმულირებებთან შედარებით განზოგადებული დებულებებისა და აკრძალვების ჩამოყალიბება კანონთა კოდექსის შედგენის უფრო მარტივი და ლოგიკური გზა იყო (მაგალითად, ებრაული „დეკალოგი“ — „ათი მცნება“).

შემდეგი ნაბიჯი განზოგადებული გეომეტრიული ამოცანების ფორმულირება იყო, რაშიც პირველობა მცირეაზიელ (იონიელ) ბერძენს, თალესს ეკუთვნის. მის მიერ დაახლოებით ძვ. წ. 600 წელს განზოგადებული სახით ჩამოყალიბებული დებულებები მათემატიკური თეორემის „აღმოჩენად“ ითვლება. თალესის მიერ მათემატიკური დებულების დასამტკიცებლად აბსოლუტური ლოგიკის გამოყენება უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო ემპირიული მეცნიერული აზროვნების ეპოქაში.

ქრისტიანობის პერიოდის რომაულ სამართალში ეთიკისა და მორალის იუდეისტურ-ქრისტიანული კონცეფცია ჭარბობდა. საბოლოოდ, სამართლის რომაული ფორმები მთელ დასავლეთ სამყაროში გავრცელდა და, ამგვარად, იურიდიული საკითხების მიმართ ბიბლიური მიდგომები თითქმის უნივერსალური გახდა.

ანბანირედაქტირება

ანბანური დამწერლობის შექმნა ძველი ახლო აღმოსავლეთის უდიდესი მიღწევა იყო. მიუხედავად იმისა, რომ ანბანამდელი სამწერლობო სისტემები თანდათან უფრო ფონეტიკური ხდებოდა, მათი შესწავლა და გამოყენება კვლავ მეტად რთული იყო. ასევე მოუხერხებელი იყო მათი შემცვლელი მარცვლოვანი (სილაბური) დამწერლობები. ადრეჰიქსოსურ პერიოდში (ძვ. წ. XVII საუკუნე) ეგვიპტეში მცხოვრებმა სემიტებმა მოახდინეს იეროგლიფური სიმბოლოების გარკვეული ადაპტაცია, რომელიც უძველესი ცნობილი წმინდა კონსონანტური დამწერლობაა. მისი მიბაძვით და ხმოვნების აღმნიშვნელი ორი სიმბოლოს დამატებით კიდევ ერთი სისტემა შეიქმნა ჩრდილოეთ სირიაში.

ეს ანბანი სწრაფად გავრცელდა და საკმაოდ ფართო გამოყენება ჰპოვა სემიტების ჩრდილო-დასავლეთ განშტოებებში (ქანაანელები, ებრაელები, არამეელები, ფინიკიელები). ძვ. წ. IX საუკუნეში ფინიკიელები მას უკვე დასავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში იყენებდნენ, ძვ. წ. VIII საუკუნეში კი ბერძნებმა და ფრიგიელებმა მისი ადაპტირება მოახდინეს. ანბანის გაცნობიდან მალევე ძველ საბერძნეთში ნამდვილი კულტურული და ლიტერატურული რევოლუცია მოხდა, ბერძნებმა კი ეს ცოდნა კი ევროპის სხვა ხალხებში გავრცელდა.

ლიტერატურარედაქტირება

  • ძველი აღმოსავლეთის ხალხთა ისტორია / თსუ, საქ. მეცნ. აკად. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტ. და ეთნოგრაფ. ინ-ტი ; [რედ.: გ. მელიქიშვილი]. - (მე-3 შესწ. გამოც.). - თბ. : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1999.
  • ძველი აღმოსავლეთის ხალხთა ისტორიის ქრესტომათია / საქ. სსრ მეცნ. აკად., ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინ-ტი ; [რედ.: გრ. გიორგაძე]. - თბ. : მეცნიერება, 1990.
  • ძველი ცივილიზაციების ფორმირება მახლობელ აღმოსავლეთსა და ცენტრალურ მედიტერანულ სამყაროში / ეკა ავალიანი; [რედ.: გრიგოლ გიორგაძე] ; თსუ, კულტურის ისტორიისა და თეორიის კათედრა. - თბ. : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 2001.
  • ძველაღმოსავლური და ქართველოლოგიური ძიებანი / ნანა ხაზარაძე; [რედ.: გრიგოლ გიორგაძე, დავით მუსხელიშვილი] ; საქ. მეცნ. აკად., ისტორიისა და ეთნოლოგიის ინ-ტი. - თბ. : მემატიანე, 2001.
  • ძველი მსოფლიოს ისტორიის ენციკლოპედია / ჯეინ ბინგემი, ფაიონა ჩენდლერი, ლიზა მილერი და სხვ. ; ილ.: ინკლინკ ფაირენცე და სხვ. ; ქართ. გამოც. მუშაობდნენ: მთარგმნ. ციცო ხოცუაშვილი ; რედ.: რუსუდან გორგაძე, მარინე სოხაძე. - [თბ. : ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2006].
  • Pittman, Holly (1984). Art of the Bronze Age: southeastern Iran, western Central Asia, and the Indus Valley. New York: The Metropolitan Museum of Art. ISBN 9780870993657. 
  • Hallo, William W.; Simpson, William Kelly (1997) The Ancient Near East: A History 2nd Edition, 2nd ed., Cengage Learning. ISBN 978-0155038196. 
  • Mieroop, Marc Van De (2015) A History of the Ancient Near East, ca. 3000-323 BC, 2nd ed., John Wiley & Sons. ISBN 9781118718162. 

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. Dassow, Eva von (2016). "Temporality and Periodization in Ancient Near Eastern History". Social Science History 36 (1): 113–143. .