ალანის ნადინ მორისეტი (ინგლ. Alanis Nadine Morissette) (დ. 1 ივნისი, 1974. ოტავა, კანადა) — წარმოშობით კანადელი, ამერიკელი მომღერალი და კომპოზიტორი, მუსიკალური პროდიუსერი და მსახიობი, რომელსაც თორმეტი ჯუნოს და შვიდი გრემის ჯილდო აქვს მოპოვებული. მას დღეისთვის მსოფლიოში 55 მილიონი ალბომი აქვს გაყიდული.[1][2] მორისეტმა კარიერა კანადაში დაიწყო და ახალგაზრდობაში, ემ-სი-ეი რეკორდსთან თანამშრომლობისას, ორი საცეკვაო პოპ ალბომი ჩაწერა — Alanis და Now Is The Time. მომღერლის საერთაშორისო დებიუტი 1995 წელს როკ მუსიკით შთაგონებული ალბომით — Jagged Little Pill-ით შედგა, რომელიც დღემდე რჩება ქალი-მომღერლის ყველაზე გაყიდვად სადებიუტო ალბომად აშშ-ში. ეს ასევე მსოფლიო მასშტაბით ყველაზე კომერციულად წარმატებული სადებიუტო ალბომია, 30 მილიონზე მეტი გაყიდული ეგზემპლარით.[3][4] ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციაზე და გაერთიანებულ მსოფლიო ჰიტ-აღლუმებზე დაყრდნობით, ალანისი ყველაზე წარმატებული როკ-შემსრულებელი ქალია მუსიკის ისტორიაში. მისი მომდევნო ალბომი — Supposed Former Infatuation Junkie, რომელიც 1998 წელს გამოვიდა, აგრეთვე წარმატებული აღმოჩნდა, ხოლო მოგვიანებით, ალბომებზე Under Rug Swept, So-Called Chaos და თავის ბოლო ნამუშევარზე — Flavors of Entanglement-ზე ალანის მორისეტმა პროდიუსერის სამუშაოც შეითავსა. 2005 წლის თებერვალში, მორისეტი აშშ-ს ნატურალიზებული მოქალაქე გახდა, თუმცა პარალელურად კანადის მოქალაქეობაც შეინარჩუნა.[5]

ალანის მორისეტი
დაბადების სახელი ალანის ნადინ მორისეტი
დაბადების თარიღი 1 ივნისი, 1974 (1974-06-01) (50 წლის)
ოტავა, ონტარიო, კანადა
მოქალაქეობა კანადა და ამერიკა (ორმაგი)
საქმიანობა მომღერალი-სიმღერების ავტორი, მუსიკალური პროდიუსერი, მსახიობი
აქტიური 1987–დღემდე
მეუღლე(ები) მარიო ტრედუეი (იქ. 2010)
პარტნიორ(ებ)ი
შვილ(ებ)ი 1
ინსტრუმენტი ვოკალი, ფორტეპიანო, გიტარა, ფლეიტა, ჰარმონიკა
ჟანრი ალტერნატიული როკი, პოსტ-გრანჟი, პოპ-როკი, ელექტრონიკა
ლეიბლები MCA Canada, Maverick, Collective Sounds
ასოციაციები ტიმ თორნი, Dave Matthews Band
საიტი alanis.com

ადრეული წლები

ალანის მორისეტი დაიბადა ოტავაში (ონტარიო, კანადა) წარმოშობით უნგრელი მასწავლებლის — ჯორჯია მერი ენ ფოიერსტაინის და ფრანკო-კანადელი სკოლის დირექტორის — ალან რიჩარდ მორისეტის ოჯახში.[6] ალანისს ორი ძმა ჰყავს: ტყუპისცალი — უეიდი და უფროსი — ჩედი. ექვსი წლის ასაკში, ალანისმა ფორტეპიანოზე დაკვრა დაიწყო და საკუთარი თავის გამოხატვა ხელოვნების საშუალებით გადაწყვიტა.[7] 1984 წელს, მორისეტმა თავისი პირველი სიმღერა — „Fate Stay with Me“ დაწერა, რომელიც ადგილობრივ ფოლკ-მომღერალს — ლინდზი მორგანს გაუგზავნა. მორგანმა მორისეტი თავის პროტეჟედ აქცია,[7] ხოლო „Fate Stay with Me“ ერთობლივი ძალებით მოძიებული ლეიბლის საშუალებით, მცირეტირაჟიან სინგლად გამოიცა, რომელმაც რამდენიმეჯერ რადიოშიც გაიჟღერა.[7]

ნიუ-იორკში მოსასმენად ჩასულმა მორისეტმა არჩევანი „სტარ სერჩზე“, ამერიკაში პოპულარულ ნიჭიერი ადამიანების კონკურსზე, შეაჩერა, სადაც ალანის ნადინის — თავისი პირველი და შუა სახელებით — წარდგა. მოგვიანებით, შოუში მონაწილეობის მისაღებად, მორისეტი ლოს-ანჯელესში გაემგზავრა, სადაც პირველი ტურის შემდეგ გამოეთიშა ასპარეზს. 1988 წელს, მორისეტმა „ემ-სი-ეი პაბლიშინგთან“ დაიწყო თანამშრომლობა, რომელიც მას თავის ერთ-ერთ დობილ დამოუკიდებელ ლეიბლთან კონტრაქტის გაფორმებაში დაეხმარა.[8] უფროს კლასებში ალანისი ოტავაში იმაკულატას საშუალო სკოლაში და გლების აკადემიურ ინსტიტუტში სწავლობდა.

მუსიკალური კარიერა

1990—1993: Alanis და Now Is the Time

1991 წელს „ემ-სი-ეი რეკორდსმა“ მორისეტის სადებიუტო ალბომი — Alanis გამოუშვა, რომელიც მხოლოდ კანადის მასშტაბით გამოიცა. ალმბომში შესული ყველა სიმღერა ალანისმა თავის პროდიუსერთან — ლესლი ჰოუის თანაავტორობით დაწერა. ალბომის გამოსვლისას, მორისეტს უკვე უარი ჰქონდა ნათქვამი თავის სასცენო სახელზე და მსმენელის წინაშე, უბრალოდ, ალანისის სახელით წარდგა. საცეკვაო პოპის მუსიკალურ ჟანრში გადაწყვეტილმა ალბომმა პლატინის სტატუსი მოიპოვა,[9] ხოლო პირველი სინგლი — „Too Hot“ ჟურნალ „არ-პი-ემის“ სინგლების ჰიტ-აღლუმში საუკეთესო ოცეულში მოექცა; შემდგომი სინგლები — „Walk Away“ და „Feel Your Love“ კი საუკეთესო ორმოცეულში მოხვდა. მორისეტის მზარდმა პოპულარულობამ, არჩეულმა მუსიკალურმა სტილმა და გარეგნობამ, განსაკუთრებით კი თმის ვარცხნილობამ, მას კანადის დები გიბსონის სახელი მოუხვეჭა;[7] ხშირი იყო ტიფანისთან მსგავსებაც. იმავე პერიოდში ალანისი რეპერ ვანილა აისის კონცერტებს ხსნიდა.[10] 1992 წელს მორისეტი ჯუნოს ჯილდოზე სამ ნომინაციაში იყო წარდგენილი: წლის ყველაზე იმედისმომცემი ვოკალისტი ქალი (რომელიც მან მოიგო), წლის სინგლი და საუკეთესო საცეკვაო ჩანაწერი (ბოლო ორ ნომინაციაზე სიმღერა „Too Hot“ იყო წარდგენილი).[11]

1992 წელს, მომღერალმა თავისი მეორე ალბომი Now Is the Time გამოუშვა. ბალადებით შთაგონებული ეს ჩანაწერი, Alanis-თან შედარებით, პოპისთვის დამახასიათებელი სიკაშკაშით ნაკლებად გამოირჩეოდა და უფრო დამაფიქრებელი ტექსტებით იყო დატვირთული.[7] ამ ალბომში შესული სიმღერებიც მორისეტმა თავის პროდიუსერებთან, ლესლი ჰოუისთან და სერჟ კოტთან ერთად დაწერა. ალბომის შესახებ მორისეტი ამბობდა: „ხალხს, რაც უნდა, ის თქვას, თუ უნდათ, ტიფანის შემადარონ… მაგრამ მე განსხვავებულად ვუყურებ ამ ყველაფერს… შენს მომდევნო ალბომს ხალხის მოწონება გარანტირებული აქვს, თუკი ისევ მოწოდების სიმაღლეზე იქნება.“[10] წინამორბედი Alanis-ის მსგავსად, Now Is the Time-იც მხოლოდ კანადაში გამოვიდა და საუკეთესო ორმოცეულში შესულ სამ სინგლს შეიცავდა: „An Emotion Away“-ს, adult contemporary სტილის მსმენელზე გათვლილ ხანმოკლე ჰიტს — „No Apologies“-ს და „(Change Is) Never a Waste of Time“-ს. მიუხედავად იმისა, რომ ჩანაწერი პირველი ალბომის გაყიდვების ნახევარზე ოდნავ მეტი გაიყიდა, კომერციული თვალსაზრისით, Now Is the Time ჩავარდა.[7][12] რადგანაც „ემ-სი-ეი კანადასთან“ კონტრაქტი მხოლოდ ორი ალბომის ჩაწერას ითვალისწინებდა, მორისეტი ყოველგვარი მნიშვნელოვანი თანამშრომლობის გარეშე დარჩა.

1993—1995: ლოს-ანჯელესში გადასვლა

1993 წელს, სკოლის დამთავრების შემდეგ, მორისეტი ოტავადან ტორონტოში გადავიდა,[7] სადაც პირველად დაიწყო მარტო ცხოვრება და პარალელურად სიმღერის ტექსტების რამდენიმე ავტორს შეხვდა, თუმცა ეს მცელობები უშედეგო აღმოჩნდა. რამდენიმე თვის შემდეგ, ნეშვილში მგზავრობასაც არანაირი შედეგი არ გამოუღია. თანამშრომლის პოვნის იმედით შეპყრობილი მორისეტი დროდადრო ლოს-ანჯელესში მოგზაურობდა, სადაც ძალიან ბევრ მუსიკოსთან მუშაობა დაიწყო.

ამავე პერიოდში, მან პროდიუსერი და სიმღერის ტექსტების ავტორი — გლენ ბალარდი გაიცნო, რომელთან შეხვედრის შემდეგ, 10 წუთშივე შემოქმედებით ცდებს შეუდგა.[7] მორისეტის თქმით, ბალარდი მისი პირველი თანამშრომელი იყო, რომელმაც მას საკუთარი ემოციების გამოხატვისკენ უბიძგა. წყვილმა ერთად დაწერა და მოგვიანებით მორისეტის მესამე ალბომი — „Jagged Little Pill“ გამოუშვა. 1995 წლის გაზაფხულზე კი „მავერიკ რეკორდსთან“ გააფორმეს კონტრაქტი.

1995—1998: Jagged Little Pill

„მავერიკ რეკორდსმა“ Jagged Little Pill საერთაშორისო მასშტაბით 1995 წელს გამოუშვა. ლეიბლის ჩანაფიქრით, ალბომი მხოლოდ გეგმით გათვალისწინებული ტირაჟით უნდა გაყიდულიყო, თუმცა მდგომარეობა სწრაფად შეიცვალა, როდესაც გავლენიანი ლოს-ანჯელესური რადიოსადგურის„კეი-არ-ოუ-კიუს“ დიჯეიმ ალბომის პირველი სინგლის — „You Oughta Know“-ს ეთერში გაშვება დაიწყო.[8] მკვეთრი, პირდაპირი ტექსტის წყალობით,[7] სიმღერამ მალევე მიიქცია ყურადღება, ხოლო ამ სიმღერაზე გადაღებულ მუსიკალურ ვიდეოს „ემ-ტი-ვის“ და „მაჩმიუზიკის“ ტელეარხებზე უკვე ხშირად ატრიალებდნენ.

მუსიკალური ნაწყვეტები:
    "You Oughta Know" (1995)
    გრემის ჯილდოს მფლობელი ეს სიმღერა გამოირჩევა თავისი პირდაპირი და უხეში ტექსტით, მიუხედავად ამისა მან მორისეტს საერთაშორისო პოპულარობა მოუპოვა.
    "Ironic" (1996)
    ორი გრემის ჯილდოს ლაურეატი სიმღერა ალანის ერთ-ერთ ყველაზე ცნობად ნამუშევრად მიიჩნევა.
    "You Learn" (1996)
    ამ კომპოზიციაში პირველად ჩნდება მორისეტის შორსმჭვრეტელი, ნიუ-ეიჯური გურუ, რომელიც მღერის იმის შესახებ, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, ადამიანს მნიშვნელოვან გაკვეთილს ასწავლის.
  • ვერ ხსნით ფაილს? იხ. მედია მაშველი.

„You Oughta Know“-ის წარმატების შემდეგ, ალმბომის სხვა ჰიტ-სინგლებმა ალბომი Jagged Little Pill ჰიტ-აღლუმების სათავეში მოაქციეს. „All I Really Want“-მა და „Hand In My Pocket“-მა პირველი სინგლის წარმატება გაიზიარეს, ხოლო აშშ-ში გამოშვებული მეოთხე სინგლი — „Ironic“ მორისეტის უდიდეს ჰიტად იქცა. მეხუთე და მეექვსე სინგლებმა — „You Learn“-მა და „Head over Feet“-მა, Jagged Little Pill-ს „ბილბორდ 200“-ის ალბომების ჰიტ აღლუმში ადგილი საუკეთესო ოცეულში ერთი წლის განმავლობაში შეუნარჩუნეს. ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციაზე დაყრდნობით, აშშ-ში გაყიდული თოთხმეტმილიონიანი ტირაჟის წყალობით, Jagged Little Pill ქალი მომღერლის საერთაშორისო მასშტაბით გამოსულ საუკეთესო სადებიუტო ალბომად ითვლება. ამასთანავე, მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ ალბომი, ფაქტობრივად, მორისეტისთვის მესამე იყო, დანარჩენ მსოფლიოში ალბომის ოცდაათი მილიონი გაყიდული ეგზემპლარის წყალობით, Jagged Little Pill-მა ქალი მომღერლის ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი სადებიუტო ალბომი გახდა.[3][4] ამავე პერიოდში, მორისეტის პოპულარობა მნიშვნელოვნად გაიზარდა კანადაში, სადაც ალბომმა თორმეტგზის პლატინის სტატუსი მოიპოვა,[9] ხოლო სინგლებმა — „Hand In My Pocket“, „Ironic“, „You Learn“ და „Head over Feet“-მა „არ-პი-ემის“ ჰიტ-აღლუმის სათავეში მოქცევა შეძლეს. გარდა კანადისა, ალბომი ბესტსელერი გახდა ავსტრალიასა და გაერთიანებულ სამეფოში.[13][14]

მორისეტის Jagged Little Pill-თან დაკავშირებული წარმატება დაკავშირებული იყო მუსიკალურ სცენაზე ისეთი ქალი მომღერლების გამოჩენასთან, როგორებიცაა ტრეისი ბონემი, მერედით ბრუკსი, პატი როთბერგი და შაკირა, ხოლო 2000-იანი წლების დასაწყისში — ავრილ ლავინი და პინკი.[15] მას ხშირად აკრიტიკებდნენ პროდიუსერთან და შესაძლო იმიჯმეიკერ ბალარდთან თანამშრომლობის გამო. მის წინა ალბომებსაც ნაკლებად სერიოზულად მიიჩნევდნენ, განსაკუთრებით მშობლიურ კანადაში.[7][16] 1996 წლის ჯუნოს დაჯილდოებაზე მორისეტმა ექვსი ჯილდო მოიპოვა: წლის ალბომი, წლის სინგლი („You Oughta Know“), წლის ვოკალისტი ქალი, წლის სიმღერის ტექსტის ავტორი და საუკეთესო როკ-ალბომი.[17] 1996 წლის გრემის დაჯილდოებაზე კი, მორისეტი ქალის საუკეთესო როკ-ვოკალური შესრულების, საუკეთესო როკ სიმღერის (ორივე „You Oughta Know“-ისთვის), საუკეთესო როკ-ალბომისთვის და წლის ალბომისთვის ჯილდოებს დაეუფლა.[18]

მოგვიანებით, 1996 წელს, მორისეტი ალბომ Jagged Little Pill-ის მხარდასაჭერ თვრამეტთვიან მსოფლიო ტურნეში გაემგზავრა, რომელიც მცირე კლუბებში იწყებოდა და დიდი საკონცერტო დარბაზებით მთავრდებოდა. ტეილორ ჰოკინსი, რომელიც შემდეგ ჯგუფ „ფუ ფაიტერსის“ წევრი გახდა, ტურნეს მსვლელობისას დასარტყამ ინსტრუმენტებზე უკრავდა. სიმღერა „Ironic“-ი კი 1997 წლის გრემის დაჯილდოებაზე ორ ნომინაციაზე — წლის ჩანაწერი და საუკეთესო მუსიკალური ვიდეო, მოკლე[19] — იყო წარდგენილი, ხოლო იმავე წლის ჯუნოს დაჯილდოებაზე სიმღერამ წლის სინგლის სახელი მოიხვეჭა. პარალელურად, ჯუნოს დაჯილდოებაზე მორისეტი წლის სიმღერის ტექსტის ავტორი გახდა და ჯილდო საერთაშორისო მიღწევებისთვისაც მიიღო.[20] ვიდეო ფორმატში გამოსული Jagged Little Pill, Live, რომელიც მორისეტის თანაპროდიუსერობით გამოვიდა და მისი ტურნეს უდიდეს ნაწილს ასახავდა, 1998 წლის გრემის დაჯილდოებაზე საუკეთესო მუსიკალური ვიდეო, გრძელის ჯილდოს მფლობელი გახდა.[21]

ტურნეს მსვლელობისას, მორისეტს მუსიკის ინდუსტრიამ იმედები გაუცრუა და განაცხადა, რომ მუდმივმა მგზავრობამ, ხანმოკლე და ზედაპირულმა ურთიერთობებმა და ნარკოტიკებით სავსე წვეულებებმა დაღალა და კარიერის მიტოვება გადაწყვიტა. ბალანსის მისაღწევად მომღერალი იენგარისეული იოგით დაკავდა და ბოლო შოუ-კონცერტის შემდეგ, რომელიც 1996 წლის დეკემბერში გაიმართა, იგი დედასთან, ორ დეიდასთან და ორ მეგობარ გოგოსთან ერთად ინდოეთში გაემგზავრა.[22]

1998—2001: Supposed Former Infatuation Junkie და Alanis Unplugged

სიმღერა „Drift Away“-ს რინგო სტარისეულ ვერსიაში, რომელიც მის 1998 წლის ალბომში — Vertical Man შევიდა, მორისეტი მოწვეული ვოკალისტის ამპლუაში წარდგა, ხოლო Dave Matthews Band-მა მორისეტის ვოკალი თავიანთ სიმღერებში „Don't Drink the Water“ და „Spoon“ გამოიყენეს, რომელიც ალბომში Before These Crowded Streets შევიდა. იმავე პერიოდში ჩაიწერა სიმღერა „Uninvited“, რომელიც 1998 წლის ფილმის „ანგელოზების ქალაქის“ საუნდტრეკი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი კომერციულად სინგლის სახით არ გამოსულა, აშშ-ს რადიოსადგურები თავიანთ ეთერში მას ხშირად ატრიალებდნენ. 1999 წლის გრემის დაჯილდოებაზე სიმღერამ ქალის საუკეთესო როკ-ვოკალური შესრულების და საუკეთესო როკ სიმღერის კატეგორიებში გაიმარჯვა და დამატებით, ნომინირებული იყო კინოფილმისთვის, ტელევიზიისთვის ან სხვა ვიზუალური მედიისთვის დაწერილი საუკეთესო სიმღერის კანდიდატურაზე.[23] მოგვიანებით 1998 წელს, მორისეტმა თავისი რიგით მეოთხე ალბომი Supposed Former Infatuation Junkie გამოუშვა, რომელიც გლენ ბალარდთან თანაავტორობით და თანაპროდიუსერობით შეიქმნა. ალბომში შესული სიმღერების უმეტესობამ, მათ შორის „Would Not Come“-მა და „Unsent“-მა, მორისეტის სიმღერის ტრადიციული სტილი შეცვალეს, ახლა ისინი ერთაკორდიანი მონოტონური მელოდიებისგან და თითქმის პროზაული ტექსტებისგან შედგებოდნენ; ზოგიერთ სიმღერაში საერთოდ არ იყო მისამღერი, ანდა მხოლოდ ბოლოში იყო.

მუსიკალური ნაწყვეტები:
    "Thank U" (1998)
    ყველაზე წარმატებული სინგლი 1998 წლის ალბომიდან Supposed Former Infatuation Junkie, რომელიც ინდოეთში მოგზაურობის შემდეგ დაიწერა.
    "One"
    მიუხედავად იმისა, რომ ეს სიმღერა სინგლის სახით არ გამოსულა, მას ხშირად ატრიალებდნენ ქართული რადიოსადგურების ეთერში.
    "That I Would Be Good" (2000)
    ამ ბალადის საკონცერტო ვერსია 1999 წლის ალბომის Alanis Unplugged-ის პოპულარიზაციის მიზნით გამოვიდა.
  • ვერ ხსნით ფაილს? იხ. მედია მაშველი.

არაოფიციალურად, ლეიბლი ალბომის პირველი გამოშვების მილიონზე მეტი ეგზემპლარის გაყიდვას გეგმავდა.[24] თუმცა, „ბილბორდ 200“-ში პირველ ადგილზე მოხვედრილი ალბომი პირველ კვირაში 469 000-იანი ტირაჟით გაიყიდა, რაც იმ დროისთვის ქალი მომღერლისთვის პირველი კვირის გაყიდვების რეკორდი იყო.[25] ალბომ Supposed Former Infatuation Junkie-ს სიმღერების სიტყვებით დახუნძლულმა, პირადულმა ტექსტებმა ბევრ თაყვანისმცემელში იმედგაცრუება გამოიწვია და მას შემდეგ, რაც იგი წინამორბედ Jagged Little Pill-თან შედარებით მცირე ტირაჟით გაიყიდა, ალმობს ხშირად „მეორე ალბომის სტანდარტული შეცდომის“ აშკარა მაგალითს უწოდებდნენ.[7][26] მიუხედავად ამისა, ჩანაწერმა დადებითი შეფასება დაიმსახურა, მათ შორის ოთხი ვარსკვლავი ჟურნალ „როლინგ სტოუნისგან“.[27] კანადაში ალბომმა ჯუნოს ჯილდო საუკეთესო ალბომისთვის და ოთხგზის პლატინის სტატუსი მოიპოვა.[9][28] სიმღერა „Thank U“, ალბომის ერთადერთი საერთაშორისო მასშტაბის ჰიტ-სინგლი, ნომინირებული იყო 2000 წლის გრემის ჯილდოზე ქალის საუკეთესო პოპ-ვოკალური შესრულების კატეგორიაში, ხოლო ამ სიმღერაზე გადაღებულმა მუსიკალურმა ვიდეომ, რომელშიც მორისეტის შიშველი სხეული იყო აღბეჭდილი, ზომიერი პოლემიკა გამოიწვია.[24][29] თავად მორისეტი რეჟისორის ამპლუაში წარდგა თავისი ორი მუსიკალური ვიდეოსთვის — სიმღერებისთვის „Unsent“ და „So Pure“, რომლებიდანაც პირველმა მაჩმიუზიკის ვიდეო დაჯილდოებაზე გაიმარჯვა საუკეთესო რეჟისორის კატეგორიაში, ხოლო მეორემ ჯუნოს ჯილდო წლის ვიდეოსთვის დაიმსახურა.[28][30] სიმღერა „So Pure“-ზე გადაღებულ მუსიკალურ ვიდეოში მსახიობი დეშ მაიჰოკი მონაწილეობს, რომელთანაც მორისეტს იმ დროს პირადული ურთიერთობა ჰქონდა.[24]

იმავე პერიოდში, მორისეტმა თავისი ვოკალი ჯონათან ელიასის პროექტის The Prayer Cycle-ის ორი სიმღერისთვის — „Mercy“ და „Innocence“-სთვის ჩაწერა, რომლებიც 1999 წელს გამოიცა. იმავე წელს, მორისეტმა თავისი ცოცხალი აკუსტიკური ალბომი Alanis Unplugged გამოუშვა, რომელიც სატელევიზიო გადაცემა MTV Unplugged-ზე მორისეტის გამოსვლისას ჩაიწერა. მასში შევიდა სიმღერები მომღერლის წინა ორი ალბომიდან და დამატებით ოთხი ახალი სიმღერა, რომელთა შორის იყო „King of Pain“ (ჯგუფ „The Police“-ის სიმღერის მორისეტისეული ვერსია) და „No Pressure over Cappuccino“, რომელიც მორისეტმა თავის მთავარ გიტარისტთან, ნიკ ლეშლისთან ერთად დაწერა. პარალელურად, ალბომ Supposed Former Infatuation Junkie-დან სინგლის სახით გამოსული სიმღერა „That I Would Be Good“ აშშ-ის hot adult contemporary რადიოსადგურებზე მცირე ჰიტად იქცა. 1999 წელსვე, მორისეტმა თავისი სიმღერის „Are You Still Mad“-ის საკონცერტო ვერსია ჩაწერა, რომელიც საქველმოქმედო ალბომში Live in the X Lounge II შევიდა. ფესტივალ „ვუდსტოკ '99“-ზე „So Pure“-ის ცოცხალი ინტერპრეტაციისთვის 2001 წლის გრემის დაჯილდოევებაზე მორისეტი ქალის საუკეთესო როკ-ვოკალური შესრულების კატეგორიაში იყო წარდგენილი.[31]

2001—2003: Under Rug Swept და Feast On Scraps

2001 წელს, სტეფანი მაკ-კეისთან ერთად მორისეტმა სიმღერა „Excess“ ჩაწერა, რომელიც ტრიკის ალბომში Blowback შევიდა. 2002 წლის თებერვალში კი თავისი მეხუთე სტუდიური ალბომი, Under Rug Swept, გამოუშვა, სადაც თავისი კარიერის მანძილზე პირველად, ალბომის დამოუკიდებელი ავტორიც და პროდიუსერიც იყო. ალმბომის ჩაწერის დროს, გამოყენებულ ინსტრუმენტთა უმეტესობაზე მორისეტის ბენდი უკრავდა, რომელიც ჯოელ შირერის, ნიკ ლეშლის, კრის ჩანისა და გარი ნოვაკისგან შედგებოდა, თუმცა თავისი წვლილი ერიკ ეივერიმ, დინ დელიომ, ფლიმ და მეშელ ნდიჯიოჩელომაც შეიტანეს. ალბომის ჩაწერის შემდეგ, მორისეტმა მალევე სრულიად ახალი ბენდი აიყვანა, რომელიც ჯეისონ ორმესგან, ზაკ რეისგან, დევიდ ლევიტასგან და ბლერ სინტასგან შედგებოდა და მას შემდეგ უცვლელი შემადგენლობით, მორისეტთან ერთად განაგრძობს მუშაობას.

Under Rug Swept-ის დებიუტი „ბილბორდ 200“-ში პირველ პოზიციაზე შედგა. კანადაში ალბომმა პლატინის სტატუსი მოიპოვა, ხოლო აშშ-ში მისი 1 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა.[9][32] მასში შევიდა ჰიტ-სინგლი „Hands Clean“, რომელიც კანადის სინგლების ჰიტ-აღლუმის სათავეებში მოექცა და რადიოეთერში მნიშვნელოვანი სიხშირით გადიოდა. სიმღერების „Hands Clean“-ის და „So Unsexy“-ის ჩაწერაში გაღებული წვლილისთვის მორისეტმა ჯუნოს ჯილდო წლის პროდიუსერისთვის დაიმსახურა.[33] ალბომიდან გამოიცა აგრეთვე მეორე სინგლი „Precious Illusions“, რომელსაც კანადის და აშშ-ის რადიოსადგურების გარდა, მნიშვნელოვანი წარმატებისთვის არსად მიუღწევია.

მოგვიანებით, 2002 წელს, მორისეტმა ე. წ. „კომბინირებული პაკეტი“, Feast on Scraps, გამოუშვა, რომელშიც მისი რეჟისურით გადაღებული ცოცხალი კონცერტისა და კულისებსმიღმა დოკუმენტური მასალის ამსახველი DVD შევიდა; ასევე, მასში შედიოდა კომპაქტ-დისკი, რომელიც Under Rug Swept-ის ჩაწერის პერიოდიდან მანამდე გამოუქვეყნებელ რვა სიმღერას შეიცავდა. პაკეტი, რომელსაც წინ სინგლი „Simple Together“ უსწრებდა, აშშ-ში დაახლოებით 70 000-იანი ტირაჟით გაიყიდა და ჯუნოს ჯილდოზე წლის მუსიკალური DVD-სთვის იყო ნომინირებული.[32][34]

2004—2005: So-Called Chaos, Jagged Little Pill Acoustic და The Collection

2004 წლის ჯუნოს დაჯილდოებაზე მორისეტი წამყვანის ამპლუაში წარდგა, სადაც იგი სააბაზანო ხალათში იყო გამოწყობილი, რომელიც მოგვიანებით გაიხადა, რათა ხორცისფერი ტრიკოტაჟი გამოეჩინა. ეს ჟესტი ერთგვარი პასუხი იყო აშშ-ში დამკვიდრებულ ცენზურის პერიოდზე, რომელიც სუპერ ბოულ XXXVIII-ის შესვენების შოუს დროს, ჯანეტ ჯექსონის მკერდის გამოჩენის ინციდენტმა გამოიწვია.[35] 2004 წლის მაისში, მორისეტმა თავისი მეექვსე სტუდიური ალბომი, So-Called Chaos, გამოუშვა. ამჯერადაც სიმღერების ტექსტების ავტორი თავად მორისეტი იყო, ხოლო პროდიუსერებად ტიმ თორნი და პოპ მუსიკის პროდიუსერი — ჯონ შენკსი მოიშველია. „ბილბორდ 200“-ის ჰიტ-აღლუმში ალბომის დებიუტი მეხუთე პოზიციაზე შედგა და არაერთგვაროვანი კრიტიკული მიმოხილვები დაიმსახურა. საბოლოო ჯამში, იგი მორისეტის მიერ აშშ-ში ყველაზე ნაკლებად გაყიდვად ალბომად იქცა.[32] მთავარმა სინგლმა — „Everything“ უფროსთა საუკეთესო 40-ეულის სტილის აშშ-ის რადიოსადგურებზე დიდ წარმატებას მიაღწია და სხვაგანაც, კერძოდ კანადაში, ზომიერი პოპულარობით სარგებლობდა, თუმცა აშშ-ის ბილბორდის ცხელი 100-ეულის საუკეთესო 40 სიმღერაში ვერ მოხვდა. იმ გარემოების გამო, რომ სიმღერის ტექსტის პირველი ხაზი შეიცავდა სიტყვას „asshole“ (ვულგ. დებილი ან ნებისმიერი სხვა უუნარო ადამიანი), აშშ-ის რადიოსადგურებმა უარი თქვეს მის ეთერში გაშვებაზე, რამაც სიმღერის სინგლის ვერსიაში ამ სიტყვის „nightmare“-ით (ღამის კოშმარი) ჩანაცვლება გამოიწვია.[35] ალბომის დანარჩენ ორ სინგლს „Out Is Through“-სა და „Eight Easy Steps“-ს „Everything“-თან შედარებით, კომერციული თვალსაზრისით, ნაკლები წარმატება ხვდათ წილად, თუმცა საცეკვაო რემიქსი სიმღერაზე „Eight Easy Steps“ აშშ-ს საკლუბო ჰიტი გახდა.

მუსიკალური ნაწყვეტები:
    "Everything" (2004)
    პირველ სინგლს ალბომიდან So Called Chaos, რომელშიც მორისეტი უფრო დამშვიდებული და საკუთარი თავის მიმართ თვითკრიტიკულია, შედარებით მოკრძალებული პოპულარობა ხვდა წილად.
    "Hand in My Pocket" (2005)
    „Hand in My Pocket“ ეს სიმღერა ალბომ Jagged Little Pill Acoustic-იდან პირველი სინგლი იყო აშშ-ში და მასზე გადაღებული ვიდეოს პრემიერა გაიმართა 2005 წლის ივლისში.
    "Crazy" (2005)
    2005 წელს ალანის მორისეტმა სილის ეს სიმღერა კომპანია „გეპის“ რეკლამისთვის შეასრულა.
  • ვერ ხსნით ფაილს? იხ. მედია მაშველი.

ზაფხულის ტურნეში აშშ-ის გარშემო მორისეტი თავის დიდი ხნის მეგობრებთან და თანამემამულე კანადელებთან — ჯგუფ „ბეანეიკიდ ლეიდისთან“ ერთად გაემგზავრა, რომლის დროსაც არაკომერციულ გარემოს დაცვის ორგანიზაცია „რევერბთან“ ერთად თანამშრომლობდნენ.[36]

Jagged Little Pill-ის გამოსვლიდან ათი წლისთავის აღსანიშნავად, 2005 წლის ივნისში მორისეტმა ამ ალბომის სტუდიური აკუსტიკური ვერსია — Jagged Little Pill Acoustic გამოუშვა. ალბომი გაყიდვაში ექსკლუზიურად „სტარბაქსის“ საცალო გაყიდვის კონცეფციის — „ჰია მიუზიკის“ საშუალებით გავიდა, რომელიც ექვსი კვირის განმავლობაში, ჩანაწერის მხოლოდ ამ ქსელის კაფეების მეშვეობის გავრცელებას ითვალისწინებდა. ალბომის შეზღუდულმა ხელმისაწვდომობამ „მავერიკ რეკორდსსა“ და „ეიჩ-ემ-ვი სამხრეთ ამერიკას“ შორის დაპირისპირება გამოიწვია, რომელმაც „სტარბაქსის“ ექსკლუზიური გაყიდვის პერიოდში, მორისეტის სხვა ალბომები გაყიდვიდან მოხსნა.[37][38] აშშ-ში Jagged Little Pill Acoustic-ის დაახლოებით 300 000 ეგზემპლარი გაიყიდა,[32] ხოლო სიმღერა „Hand in My Pocket“-ზე გადაღებულ მუსიკალურ ვიდეოს აშშ-ში მუსიკალური ტელეარხის — „ვი-ეიჩ-ვანის“ ეთერში ატრიალებდნენ. თანმხლებმა ტურნემ, რომელიც 2005 წლის შუა პერიოდში დაიწყო, ორ თვეს გასტანა, რომლის დროსაც მორისეტი მცირე თეატრალურ დარბაზებში გამოდიოდა. იმავე პერიოდში, მორისეტის სახელი კანადის დიდების ხეივანში შეიტანეს.[1]

2005 წლის შემოდგომაზე მორისეტმა ჯგუფ „როლინგ სტოუნზის“ ტურნეს — A Bigger Bang Tour-ის რამდენიმე კონცერტი გახსნა.

2005 წლის მიწურულს კი მომღერალმა თავისი უდიდესი ჰიტების ალბომიAlanis Morissette: The Collection გამოუშვა. ძირითადმა სინგლმა და ერთადერთმა ახალმა სიმღერამ — სილის „Crazy“-ის მორისეტისეულმა ვერსიამ გარკვეულ წინსვლას უფროსთა საუკეთესო 40-ეულში მიაღწია და საცეკვაო ჰიტი გახდა, თუმცა სხვა ჰიტ-აღლუმებში მინიმალური წარმატება ხვდა წილად, ისევე როგორც მთლიანად ალბომს. The Collection-ის შეზღუდულ გამოშვებაში შევიდა DVD, რომელიც შეიცავს დოკუმენტურ კადრებს ორი გამოუცემელი სიმღერის, „King of Intimation“-სა და „Can’t Not“-ის (სიმღერა „Can’t Not“-ის დამუშავებული ვერსია აგრეთვე შესულია ალბომში Supposed Former Infatuation Junkie), შესახებ მორისეტის 1996 წლის ტურნედან — Can't Not Tour. DVD აგრეთვე შეიცავს სინგლ „Joining You“-ზე გადაღებულ გამოუცემელ ოთხმოცდაათწამიან მუსიკალურ მუსიკალურ ვიდეოს. მოგვიანებით მორისეტმა ფილმისთვის „ნარნიის ქრონიკები: ლომი, ალქაჯი და გარდერობი“ სიმღერა „Wunderkind“ ჩაწერა, რომელიც ოქროს გლობუსის ჯილდოზე საუკეთესო ორიგინალური სიმღერისთვის იყო ნომინირებული.[39]

ალანისმა აგრეთვე ორი სიმღერა ავრილ ლავინთან ერთად შეასრულა: თავისი „Ironic“ და ლავინის „Losing Grip“.

2006-დღემდე: ალბომი Flavors of Entanglement

მორისეტის მუსიკალურ კარიერაში 2006 წელი აღსანიშნავია იმით, რომ მომღერალს არც ერთი საკონცერტო გამოსვლა არ ქონია, სადაც თავისი სიმღერა შეუსრულებია. გამონაკლისია მორისეტის გამოჩენა გადაცემაში „საღამოს შოუ ჯეი ლენოსთან ერთად“, სადაც იანვარში მან სიმღერა „Wunderkind“ შეასრულა.

 
კადრი მუსიკალური ვიდეოდან ჯგუფ „The Black Eyed Peas-ის“ სიმღერის „My Humps“-ის ალანისისეულ პაროდიაზე

2007 წლის 1 აპრილს მორისეტმა გამოუშვა ირონიული პაროდია ჯგუფ „The Black Eyed Peas-ის“ სიმღერა „My Humps“-ზე, რომელიც მან წყნარი, სევდიანი ხმით ჩაწერა, აკომპანემენტს კი მხოლოდ ფორტეპიანო უწევდა. თანმხლები მუსიკალური ვიდეო, რომლის ინტერნეტში ჩვენებასაც „YouTube“ უზრუნველყოფდა და რომელშიც მორისეტი მამაკაცების ჯგუფთან ერთად გამომწვევად ცეკვავდა და ურტყამდა მათ, ვინც მისი „ქალური ბორცვების“ შეხებას ცდილობდა, 7 ივნისისთვის თხუთმეტმა მილიონმა ადამიანმა ნახა.[40] გარკვეული დროის განმავლობაში, სიმღერის ასახსნელად მორისეტს არც ერთი ინტერვიუ არ მიუცია და თეორიის დონეზე ითვლებოდა, რომ ეს საპირველაპრილო ხუმრობა იყო.[41] პასუხად, The Black Eyed Peas-ის ვოკალისტმა — სტეისი (ფერგი) ფერდისონმა მორისეტს დუნდულების ფორმის ნამცხვარი გაუგზავნა, რომელსაც წერილი დაურთო, სადაც თავისი დადებითი დამოკიდებულება გამოხატა.[42] თავისი ბოლო ალბომის გამოშვებისას, მომღერალმა საბოლოოდ განავრცო ვიდეოს შექმნის ისტორია და აღნიშნა, რომ ყოველდღიურად ახალი სიმღერების ჩაწერის დროს ძალიან დაიტვირთა ემოციურად და ერთ დღესაც, გაი სიგსვორთან საუბარში გამოხატა სურვილი, რომ My Humps-ივით მარტივი სიმღერა გაეკეთებინათ და როდესაც მასზე მუშაობა დაიწყეს, სწორედ ამ დროს მიიღეს ხუმრობის გადაწყვეტილება.[40]

2007 წლის აპრილში მორისეტმა მონაწილეობა მიიღო ერთობლივ კონცერტში ნაიტვოჩმენთან (აგრეთვე ცნობილი როგორც, ტომ მორელო ჯგუფებიდან „რეიჯ ეგეინსტ ზი მაშინი“ და „აუდიოსლეივი“) ერთად, რომელიც ლოს-ანჯელესის „ჰოტელ კაფეში“ გაიმართა. ივნისში კი, ოტავაში (ონტარიო, კანადა) სტენლის თასის ფინალის მეოთხე მატჩზე მან აშშ-სა და კანადის სახელმწიფო ჰიმნები შეასრულა.[2] 2008 წლის დასაწყისში, საგანგებო სტუმრის ამპლუაში, მორისეტმა „მეტჩბოქს ტვენტისა“ და „მიუტ მეთის“ ტურნეებში მიიღო მონაწილეობა.

მორისეტის მეშვიდე სტუდიური ალბომი, Flavors of Entanglement, რომლის პროდიუსერი გაი სიგსვორთი იყო, 2008 წლის შუა ხანებში გამოვიდა. მომღერლის განცხადებით, 2008 წლის ბოლოს, იგი ჩრდილოეთ ამერიკის გარშემო ტურნეში გაემგზავრება, მანამდე კი ალბომის საერთაშორისო პოპულარიზაციას სხვადასხვა შოუსა თუ ფესტივალში და სატელევიზიო თუ რადიო გამოსვლებით აპირებს. ალბომის პირველი სინგლი „Underneath“ იყო, რომლის მიხედვით გადაღებული მუსიკალური ვიდეო 2007 წლის ელევეიტის კინოფესტივალზე მოხვდა, რომლის მიზანიც ისეთი მუსიკალური ვიდეოების, კომენტარების, დოკუმენტური თუ მოკლემეტრაჟიანი ფილმების თავმოყრაა, რომლებიც დედამიწაზე კაცობრიობის ცნობიერების ამაღლებას ემსახურებიან.[43]

მორისეტმა აგრეთვე სამეცნიერო სტატიის წერა დაიწყო ქალების პრობლემების შესახებ, რომელიც 2008 წლის მაისის მდგომარეობით, ნახევრამდე იყო დასრულებული. მასში იქნება თავები, რომლებიც სექსუალობას, სილამაზეს, ურთიერთობებს და სამუშაოს შეეხება და ნაწილობრივ იმ ახალგაზრდა ქალების ისტორიებით იყო ინსპირირებული, რომლებიც მორისეტს თავიანთი ტკივილის შესახებ რეგულარულად უყვებიან.[44]

2008 წელს მორისეტმა, სხვა ცნობილ ადამიანებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო მუსიკალური ალბომის ჩაწერაში, რომელსაც სახელად Songs for Tibet ჰქვია და რომლის მიზანიც ტიბეტისა და ამჟამინდელი დალაი ლამასტენზინ გიაცოს მხარდაჭერაა. ალბომის გამოსვლა განგებ დაემთხვა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში 8 აგვისტოს დაწყებულ 2008 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებს და 5 აგვისტოს მისი შეძენა iTunes-ის საშუალებით იყო შესაძლებელი, ხოლო 12 აგვისტოდან მთელი მსოფლიოს მუსიკალურ მაღაზიებში.[45]

სამსახიობო კარიერა

მორისეტის სამსახიობო დებიუტი 1985 წელს, „ორფევსის მუსიკალურ თეატრალურ საზოგადოებასთან“ ერთად შედგა, რომელთან ერთადაც 1988 წელსაც გამოდიოდა სცენაზე.[46] 1986 წელს კი საბავშვო სატელევიზიო შოუს „ამის გაკეთება ტელეეთერში არ შეიძლება“ თვრამეტ ეპიზოდში მიიღო მონაწილეობა. 1993 წელს მორისეტი კინოფილმში „უბრალოდ ერთ-ერთი გოგონა“ გადაიღეს, რომელშიც მთავარ როლს კორი ჰაიმი ასრულებდა. ამ ნამუშევარს ალანისმა მოგვიანებით „საშინელი“ უწოდა.[12]

 
კადრი ტელესერიალიდან „სექსი დიდ ქალაქში“, რომელშიც ალანისის პერსონაჟი — დოუნი კერი ბრედშოუს (სარა-ჯესიკა პარკერი) კოცნის.

1999 წელს, მორისეტი კვლავ დაუბრუნდა დიდ ეკრანს. მან კევინ სმითის ფილმში „დოგმა“ ღმერთის როლი შეასრულა და სიმღერა „Still“ ჩაწერა. ფილმის რეჟისორმა, რომელიც იმავდროულად მორისეტის თაყვანისმცემელიც იყო, რამდენიმეჯერ სთხოვა მას, მონაწილეობა მიეღო ფილმში, თუმცა, მოუცლელობის გამო, მორისეტს ქალის მთავარი როლის შესრულებაზე უარის თქმა მოუხდა. იმ დროისთვის, როცა მორისეტის სამუშაო გრაფიკი ნაკლებად დატვირთული გახდა, მხოლოდ ღმერთის როლი იყო დარჩენილი, რომელიც დიალოგს საერთოდ არ გულისხმობდა და მორისეტს მხოლოდ ერთხელ, ისიც ფილმის ბოლოში უწევდა გამოჩენა. მან, ასევე, მონაწილეობა მიიღო ტელეარხ „HBO“-ს ისეთ პოპულარულ კომედიებში, როგორებიცაა „სექსი დიდ ქალაქში“ და „დაიოკე ენთუზიაზმი“, ხოლო თეატრალურ სცენას სპექტაკლში „ ვაგინას მონოლოგები“ განსახიერებული ერთ-ერთი როლით დაუბრუნდა.

2003 წლის ბოლოს, სპექტაკლში „გამართლებული“ (The Exonerated) მორისეტმა სანი ჯეიკობსის, სიკვდილით დასჯის მომლოდინე პატიმრის, როლი შეასრულა, რომელსაც ბოლოში უდანაშაულოდ ცნობენ და გაათავისუფლებენ. 2006 წლის აპრილში, ემ-ტი-ვი ნიუსმა გამოაცხადა, რომ იმავე წლის მაისში მორისეტი ამ როლს ლონდონში ითამაშებდა.[47]

თავისი სამსახიობო კარიერა ალანისმა 2004 წლის ივლისში კოლ ბორტერის ბიოგრაფიული ფილმში „ფავორიტი“ მონაწილეობით განაგრძო, რომელშიც უსახელო მომღერლის ეპიზოდური როლის თამაშის დროს, სიმღერა „Let's Do It (Let's Fall in Love)“ შეასრულა. 2005 წლის თებერვალში კი, მოწვეული სტუმრის სტატუსით, კანადურ სატელევიზიო შოუში „დეგრასი: მომავალი თაობა“ მიიღო მონაწილეობა, რომელშიც ასევე ფილმ „დოგმას“ მსახიობი ჯეისონ მიუსი და რეჟისორი კევინ სმითი მონაწილეობდნენ.

2006 წელს მან სერიალის „ლავსპრინგ ინტერნეიშენალი“ ერთ-ერთ სერიაში ითამაშა, სადაც უსახლკარო ქალი, სახელად ლუსინდა განასახიარა, ხოლო მოგვიანებით სერიალში „სხეულის ნაწილები“ ლესბოსელი, სახელად პოპი ითამაშა.

მორისეტის ოფიციალურ საიტზე დაყრდნობით, იგი ფილიპ დიკის რომანის „ალბემუტის თავისუფალი რადიოს“ კინოეკრანიზაციაში მიიღებს მონაწილეობას, სადაც სილვიას, ლიმფომისგან მოულოდნელად განკურნებული უბრალო ქალის როლს შეასრულებს. ალანისის თქმით, იგი დიკის წიგნების „დიდი თაყვანისმცემელი“ იყო, რომელთაც „პოეტური და მხატვრულად მდიდარი“ უწოდა.

პირადი ცხოვრება

1993 წელს მორისეტი ტელესერიალ „სავსე სახლის“ მსახიობს დეივ კოულერს ხვდებოდა.[48]

მოზარდობის ასაკში, თოთხმეტიდან თვრამეტ წლამდე, მორისეტი ანორექსიითა და ბულიმიით იყო დაავადებული, რაც მისი პირველი ალბომის ჩაწერის პერიოდში, ხელმძღვანელობის ზეწოლამ გამოიწვია. მომღერალი იხსნენებს, რომ ერთხელ, როდესაც სტუდიაში სიმღერის ვოკალური ნაწილის გადასაკეთებლად მივიდა, პიროვნებამ, რომელმაც გამოიძახა, უთხრა, რომ მას სურდა მის წონაზე დალაპარაკებოდა, რადგან მსუქანი მომღერალი ვერ იქნებოდა წარმატებული. მორისეტი სტაფილოს, შავი ყავის და მელბას ტოსტების დიეტაზე გადავიდა, რამაც მისი სხეულის წონის თხუთმეტი-ოცი ფუნტით (დაახ. 7-9 კგ-ით) კლება გამოიწვია. შედეგად, იგი თერაპიას შეუდგა, რომელსაც მორისეტმა ასე დაახასიათა: „[ჩემი ტვინის] გამოპროგრამების დიდი პროცესი. ვცდილობ მახსოვდეს, რომ როგორი ტანიც არ უნდა მქონდეს, იგი მაინც მშვენიერია თავისი ბუნებრივობით“.[49]

2004 წლის შუა ხანებისთვის, მორისეტი რელიგიური ორგანიზაციის — საყოველთაო სიცოცხლის ეკლესიის ღვთისმსახური გახდა, რომელშიც ნებისმიერ ადამიანს, ყოველგვარი სასყიდელის გარეშე, ნაწილობრივ მყისიერი ზიარების საშუალებას აძლევენ.[50][51] ივნისში კი მორისეტმა ფართო საზოგადოებას მისი და თანამემამულე მსახიობის — რაიან რეინოლდსის დანიშვნის შესახებ აუწყა.[52] იმავე პერიოდში, ალანისმა ინტერვიუ მისცა ბრიტანულ გაზეთს „დეილი მირორს“, რომელშიც იგი თავის ჰომოსექსუალურ გამოცდილებებზე, თოთხმეტი წლის ასაკში ოცდაცხრა წლის მამაკაცთან ინტიმურ ურთიერთობებზე საუბრობდა და მოკლედ შეეხო ნარკოტიკებისადმი მისი დამოკიდებულების საკითხს. სტატიაში მან აღნიშნა: „ჩემი დამღუპველი ჩვევა სამუშაო და საჭმელი იყო. ზოგჯერ ვეწეოდი „პლანს“, თუმცა ალბათ იმდენად მიყვარს ყველაფრის კონტროლი, რომ ნარკომანია ჩემთვის უცხოა“.[53]

2005 წლის თებერვალში, მორისეტი ამერიკის შეერთებული შტატების ნატურალიზებული მოქალაქე გახდა, თუმცა თავისი კანადური მოქალაქეობაც შეინარჩუნა. მორისეტი თავის თავს კანადური წარმოშობის ამერიკელს უწოდებს.[5]

ჟურნალ „როლინგ სტოუნისთვის“ მიცემულ ინტერვიუში მორისეტმა გაამხილა, რომ 2006 წელს საკუთარ წიგნზე მუშაობას აპირებს. თავის წიგნზე მან ასეთი რამ თქვა: „ეს იქნება მთელი ის სიბრძნე, რაც ჩემი ოცდათერთმეტწლიანი ცხოვრების განმავლობაში დავაგროვე (…) ბევრი რამ დაიწერება ურთიერთობებზე, პოპულარობაზე, მოგზაურობაზე, სხეულის აგებულების საკითხებზე, სულზე — ყველაფერი ეს მწვავე იუმორით იქნება გაჯერებული, რადგან ამის გარეშე არ შემიძლია“.[39]

2005 წლის ივნისში ჟურნალმა „პიპლმა“ საზოგადოებას აუწყა, რომ მორისეტი თავის საქმროს — რაიან რეინოლდსს დაშორდა, თუმცა არცერთმა მხარემ ეს ინფორმაცია არ დაადასტურა.[54] მომავალ თვეს ცნობილი გახდა, რომ ისინი ისევ ერთად არიან.[55] „კონტაკტ მიუზიკმა“ კი დაამატა, რომ დაშორების თემა უბრალო „ჭორი“ იყო[56] და გაჩნდა სურათი, სადაც წყვილი ლოს-ანჯელესის ქუჩებში ხელჩაკიდებული დადიოდა.[57] თუმცა, 2007 წლის თებერვალში, მორისეტის და რეინოლდსის წარმომადგენლებმა გამოაცხადეს, რომ წყვილმა თავიანთი დანიშვნის გაუქმების ერთობლივი გადაწყვეტილება მიიღო.[58]

2008 წლის ივნისში, როდესაც მორისეტს მის ახალ ალბომში შესული რამდენიმე გულწრფელი სიმღერის შესახებ ჰკითხეს, უპასუხა: „ცხოვრებაში ძალიან ბევრი ჩავარდნა მქონდა. მთლად ფსკერზეც კი დავშვებულვარ. თუმცა, ეს იმას როდი ნიშნავს, რომ მალევე ვახერხებდი წამოდგომას. ეს ნამუშევარი ჩემი აღორძინების ყველაზე მნიშვნელოვანი ნიმუშია“.[59]

დისკოგრაფია

თეატრალური, კინო- და სატელევიზიო როლები

წელი სახელწოდება მშობლიური სახელი როლი შენიშვნა
1986 ამის გაკეთება ტელეეთერში არ შეიძლება You Can’t Do That on Television საკუთარი თავი -
1993 უბრალოდ ერთ-ერთი გოგონა Just One of the Girls საკუთარი თავი -
1996 მალჰასაო Malhação საკუთარი თავი -
1999 დოგმა Dogma ღმერთი -
1999 ვაგინას მონოლოგები The Vagina Monologues - -
1999 სექსი დიდ ქალაქში Sex and the City დოუნი ეპიზოდი: „ბიჭი, გოგო, ბიჭი, გოგო“
2001 კლასის გაშვება Class Dismissed საკუთარი თავი -
2001 ჯეის და ჩუმი ბობის საპასუხო დარტყმა Jay and Silent Bob Strike Back ღმერთი -
2002 ჩვენ ჯგუფთან ერთად We’re with the Band საკუთარი თავი შესრულებული სიმღერები: „Hands Clean“, „Baba“, „You Oughta Know“, „Thank U“)
2002 დაიოკე ენთუზიაზმი Curb Your Enthusiasm საკუთარი თავი ეპიზოდი: „The Terrorist Attack“
2003 სელებრიდადი Celebridade საკუთარი თავი -
2003 გამართლებული The Exonerated სანი ჯეიკობსი -
2004 ფავორიტი De-Lovely უსახელო მომღერალი შესრულებული სიმღერა: „Let’s Do It, Let’s Fall in Love“
2004 ამერიკული ოცნებები American Dreams მომღერალი ეპიზოდი: „What Dreams May Come“
2005 დეგრასი: მომავალი თაობა Degrassi: The Next Generation დირექტორი ეპიზოდი: „Goin' down the Road: Part 1“
2005 ფაკი Fuck საკუთარი თავი -
2005 უბრალოდ მეგობრები Just Friends საკუთარი თავი ამოჭრილი სცენა
2006 სიყვარული საზღვრებს გარეშე Lovespring International ლუსინდა -
2006 სხეულის ნაწილები Nip/Tuck პოპი -
2007 გონების ჩამორჩენა Head-case საკუთარი თავი -
(უცნობია) ალბემუთის თავისუფალი რადიო Radio Free Albemuth სილვია -

ვიდეოგრაფია

ტურნეები

ჯილდოები და ნომინაციები

გრემის ჯილდოები

წელი ნომინირებული ნამუშევარი ჯიდლო შედეგი
1996 „You Oughta Know“ ქალის საუკეთესო როკ-ვოკალური შესრულება გამარჯვებული
წლის სიმღერა ნომინაცია
საუკეთესო როკ-სიმღერა გამარჯვებული
საუკეთესო ახალი შემსრულებელი ნომინაცია
Jagged Little Pill წლის ალბომი გამარჯვებული
საუკეთესო როკ ალბომი გამარჯვებული
1997 „Ironic“ წლის ჩანაწერი ნომინაცია
საუკეთესო მუსიკალური ვიდეო, მოკლე ნომინაცია
1998 Jagged Little Pill, Live საუკეთესო მუსიკალური ვიდეო, გრძელი გამარჯვებული
1999 „Uninvited“ საუკეთესო როკ-სიმღერა გამარჯვებული
ქალის საუკეთესო როკ-ვოკალური შესრულება გამარჯვებული
კინოფილმისთვის, ტელევიზიისთვის ან სხვა ვიზუალური მედიისთვის დაწერილი საუკეთესო სიმღერა ნომინაცია
2000 „Thank U“ ქალის საუკეთესო პოპ-ვოკალური შესრულება ნომინაცია
2001 „So Pure“ ქალის საუკეთესო როკ-ვოკალური შესრულება ნომინაცია

ყველა ჯილდო

1996

  • ამერიკის მუსიკალური ჯილდო კატეგორიაში „საყვარელი პოპ/როკ შემსრულებელი ქალი“ (ნომინაცია)
  • ამერიკის მუსიკალური ჯილდო კატეგორიაში „საყვარელი ახალი პოპ/როკ შემსრულებლები“ (ნომინაცია)
  • გრემის ჯილდო კატეგორიაში „წლის ალბომი“ ალბომისთვის Jagged Little Pill (გამარჯვებული)
  • გრემის ჯილდო კატეგორიაში „ქალის საუკეთესო როკ-ვოკალური შესრულება“ სიმღერისთვის „You Oughta Know“ (გამარჯვებული)
  • გრემის ჯილდო კატეგორიაში „საუკეთესო ახალი შემსრულებელი“ (ნომინაცია)
  • გრემის ჯილდო კატეგორიაში „საუკეთესო როკ ალბომი“ ალბომისთვის Jagged Little Pill (გამარჯვებული)
  • გრემის ჯილდო კატეგორიაში „საუკეთესო როკ-სიმღერა“ სიმღერისთვის „You Oughta Know“ (გამარჯვებული)
  • გრემის ჯილდო კატეგორიაში „წლის სიმღერა“ სიმღერისთვის „You Oughta Know“ (ნომინაცია)
  • ჯუნოს ჯილდო კატეგორიაში „საუკეთესო ალბომი“ ალბომისთვის Jagged Little Pill (გამარჯვებული)
  • ჯუნოს ჯილდო კატეგორიაში „საუკეთესო ვოკალისტი ქალი“ (გამარჯვებული)
  • ჯუნოს ჯილდო კატეგორიაში „წლის მძიმე როკ ალბომი“ ალბომისთვის Jagged Little Pill (გამარჯვებული)
  • ჯუნოს ჯილდო კატეგორიაში „წლის სინგლი“ სიმღერისთვის „You Oughta Know“ (გამარჯვებული)
  • ჯუნოს ჯილდო კატეგორიაში „წლის სიმღერის ტექსტების ავტორი“ (გამარჯვებული)
  • ემ-ტი-ვის ვიდეო მუსიკალური ჯილდო კატეგორიაში „საუკეთესო რეჟისურა“ მუსიკალური ვიდეოსთვის სიმღერაზე „Ironic“ (ნომინაცია)
  • ემ-ტი-ვის ვიდეო მუსიკალური ჯილდო კატეგორიაში „საუკეთესო მონტაჟი“ მუსიკალური ვიდეოსთვის სიმღერაზე „Ironic“ (გამარჯვებული)
  • ემ-ტი-ვის ვიდეო მუსიკალური ჯილდო კატეგორიაში „ქალის საუკეთესო ვიდეო“ მუსიკალური ვიდეოსთვის სიმღერაზე „Ironic“ (გამარჯვებული)
  • ემ-ტი-ვის ვიდეო მუსიკალური ჯილდო კატეგორიაში „საუკეთესო ახალი შემსრულებელი“ მუსიკალური ვიდეოსთვის სიმღერაზე „Ironic“ (გამარჯვებული)
  • ემ-ტი-ვის ვიდეო მუსიკალური ჯილდო კატეგორიაში „წლის ვიდეო“ მუსიკალური ვიდეოსთვის სიმღერაზე „Ironic“ (ნომინაცია)
  • ემ-ტი-ვის ვიდეო მუსიკალური ჯილდო კატეგორიაში „მაყურებლის არჩევანი“ მუსიკალური ვიდეოსთვის სიმღერაზე „Ironic“ (ნომინაცია)

1997

  • ამერიკის მუსიკალური ჯილდო კატეგორიაში „საყვარელი პოპ/როკ ალბომი“ ალბომისთვის Jagged Little Pill (გამარჯვებული)
  • ამერიკის მუსიკალური ჯილდო კატეგორიაში „საყვარელი პოპ/როკ შემსრულებელი ქალი“ (გამარჯვებული)
  • გრემის ჯილდო კატეგორიაში „საუკეთესო მუსიკალური ვიდეო, მოკლე“ მუსიკალური ვიდეოსთვის სიმღერაზე „Ironic“ (ნომინაცია)
  • გრემის ჯილდო კატეგორიაში „წლის ჩანაწერი“ სიმღერისთვის „Ironic“ (ნომინაცია)
  • ჯუნოს ჯილდო კატეგორიაში „წლის სინგლი“ სიმღერისთვის „Ironic“ (გამარჯვებული)
  • ჯუნოს ჯილდო კატეგორიაში „წლის სიმღერის ტექსტების ავტორი“ (გამარჯვებული)

1998

  • გრემის ჯილდო კატეგორიაში „საუკეთესო მუსიკალური ვიდეო, გრძელი“ ვიდეოსთვის Jagged Little Pill, Live (გამარჯვებული)

1999

  • გრემის ჯილდო კატეგორიაში „ქალის საუკეთესო როკ-ვოკალური შესრულება“ სიმღერისთვის „Uninvited“ (გამარჯვებული)
  • გრემის ჯილდო კატეგორიაში „საუკეთესო როკ-სიმღერა“ სიმღერისთვის „Uninvited“ (გამარჯვებული)
  • გრემის ჯილდო კატეგორიაში „კინოფილმისთვის, ტელევიზიისთვის ან სხვა ვიზუალური მედიისთვის დაწერილი საუკეთესო სიმღერა“ სიმღერისთვის „Uninvited“ (ნომინაცია)

2000

  • გრემის ჯილდო კატეგორიაში „ქალის საუკეთესო პოპ-ვოკალური შესრულება“ სიმღერისთვის „Thank U“ (ნომინაცია)
  • ჯუნოს ჯილდო კატეგორიაში „საუკეთესო ალბომი“ ალბომისთვის Supposed Former Infatuation Junkie (გამარჯვებული)
  • ჯუნოს ჯილდო კატეგორიაში „საუკეთესო ვოკალისტი ქალი“ (ნომინაცია)
  • ჯუნოს ჯილდო კატეგორიაში „საუკეთესო პოპ/უფროსთა ალბომი“ ალბომისთვის Supposed Former Infatuation Junkie (ნომინაცია)
  • ჯუნოს ჯილდო კატეგორიაში „საუკეთესო ვიდეო“ მუსიკალური ვიდეოსთვის სიმღერაზე „So Pure“ (გამარჯვებული)
  • ჯუნოს ჯილდო კატეგორიაში „წლის სიმღერის ტექსტების ავტორი“ სიმღერებისთვის „So Pure“, „Thank U“, „Unsent“ (ნომინაცია)
  • ემ-ტი-ვის ვიდეო მუსიკალური ჯილდო კატეგორიაში „საუკეთესო ქორეოგრაფია“ მუსიკალური ვიდეოსთვის სიმღერაზე „So Pure“ (ნომინაცია)

2001

  • გრემის ჯილდო კატეგორიაში „ქალის საუკეთესო როკ-ვოკალური შესრულება“ სიმღერისთვის „So Pure“ (ნომინაცია)

2003

  • ჯუნოს ჯილდო კატეგორიაში „წლის შემსრულებელი“ (ნომინაცია)
  • ჯუნოს ჯილდო კატეგორიაში „Jack Richardson Producer of the Year“ სიმღერებისთვის „Hands Clean“, „So Unsexy“ (გამარჯვებული)
  • ჯუნოს ჯილდო კატეგორიაში „წლის პოპ ალბომი“ ალბომისთვის Under Rug Swept (ნომინაცია)

2004

  • ჯუნოს ჯილდო კატეგორიაში „წლის მუსიკალური DVD“ ვიდეოსთვის Feast on Scraps (ნომინაცია)

2006

  • ოქროს გლობუსის ჯილდო კატეგორიაში „საუკეთესო ორიგინალური სიმღერა“ სიმღერისთვის „Wunderkind“ (ნომინაცია)

2007

  • ხალხის არჩევანის ჯილდო კატეგორიაში „საყვარელი გადამუშავება“ სიმღერისთვის „Crazy“ (ნომინაცია)
  • ხალხის არჩევანის ჯილდო კატეგორიაში „საყვარელი სიმღერა კინოფილმიდან“ სიმღერისთვის „Crazy“ (ნომინაცია)

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო და დამოწმებები

  1. 1.0 1.1 „Alanis Morissette — 2005 Inductee“. კანადის დიდების ხეივანი.
  2. 2.0 2.1 „Alanis Morissette to sing national anthems at Game 4 of Stanley Cup final“ დაარქივებული 2007-10-07 საიტზე Wayback Machine. . Canadian Press via Maclean's. 1 ივნისი, 2007.
  3. 3.0 3.1 Newman, Melinda. „10 Years On, Alanis Unplugs 'Little Pill'“ დაარქივებული 2008-06-30 საიტზე Wayback Machine. ბილბორდი. 4 მარტი, 2005. წაკითხულია: 16 ნოემბერი, 2006.
  4. 4.0 4.1 Walker, Steven. „The Sound Of A Decade“ დაარქივებული 2011-05-21 საიტზე Wayback Machine. . The Age Blog. 24 აგვისტო, 2007.
  5. 5.0 5.1 „Alanis Morissette becomes U. S. citizen“ დაარქივებული 2009-07-17 საიტზე Wayback Machine. . Associated Press via MSNBC. 17 თებერვალი, 2005.
  6. Alanis Morissette Biography (1974-)
  7. 7.00 7.01 7.02 7.03 7.04 7.05 7.06 7.07 7.08 7.09 7.10 „Transcript: Profiles of Alanis Morissette, Margaret Cho“. CNN People in the News. 4 იანვარი, 2003.
  8. 8.0 8.1 Kawashima, Dale. „Great Publishing Story: John Alexander & Alanis Morissette“ დაარქივებული 2009-06-15 საიტზე Wayback Machine. . Songwriter Universe Magazine. წაკითხულია: 16 ნოემბერი, 2006.
  9. 9.0 9.1 9.2 9.3 „Search Certification Database“ დაარქივებული 2016-01-11 საიტზე Wayback Machine. . Canadian Recording Industry Association.
  10. 10.0 10.1 Farley, Christopher John. „You Oughta Know Her“ დაარქივებული 2013-08-25 საიტზე Wayback Machine. . ტაიმი. 26 თებერვალი, 1996.
  11. „1992 22nd Juno Awards“. ლოს-ანჯელეს ტაიმზი.
  12. 12.0 12.1 Wild, David. „Adventures Of Miss Thing“. როლინგ სტოუნი. 2 ნოემბერი, 1995.
  13. Dale, David. „The top-selling albums and musicians in Australia“. The Sydney Morning Herald. 12 ივლისი, 2005.
  14. Harris, Bill. „Queen rules — in album sales“. Toronto Sun. 17 ნოემბერი, 2006.
  15. Mayer, Andre. „What a Pill“. CBC Arts. 13 ივნისი, 2005.
  16. Hannaham, James. „Alanis In Wonderland“. Spin. 2 ნოემბერი, 1995.
  17. „1996 26th Juno Awards“. ლოს-ანჯელეს ტაიმზი.
  18. „1995 38th Grammy Awards“. ლოს-ანჯელეს ტაიმზი.
  19. „1996 39th Grammy Awards“. ლოს-ანჯელეს ტაიმზი.
  20. „1997 27th Juno Awards“. ლოს-ანჯელეს ტაიმზი.
  21. „1997 40th Grammy Awards“. ლოს-ანჯელეს ტაიმზი.
  22. Morissette, Alanis
  23. „1998 41st Grammy Awards“. ლოს-ანჯელეს ტაიმზი.
  24. 24.0 24.1 24.2 Willman, Chris. "The Second Coming of Alanis" დაარქივებული 2008-10-10 საიტზე Wayback Machine. . Entertainment Weekly. 6 ნოემბერი, 1998, iss. 457.
  25. „'Oops!' Britney breaks record“ დაარქივებული 2007-12-03 საიტზე Wayback Machine. . Chicago Sun-Times. 25 მაისი, 2000.
  26. Lynskey, Dorian. „Are you suffering from DSAS?“. გარდიანი. 19 სექტემბერი, 2003.
  27. Sheffield, Rob. "Album Reviews — Alanis Morissette — Supposed Former Infatuation Junkie " დაარქივებული 2007-05-27 საიტზე Wayback Machine. . როლინგ სტოუნი. 10 დეკემბერი, 1998.
  28. 28.0 28.1 „2000 30th Juno Awards“. ლოს-ანჯელეს ტაიმზი.
  29. "1999 42nd Grammy Awards". ლოს-ანჯელეს ტაიმზი.
  30. Ramirez, Maurice. "Morissette To Release 'Unplugged' Album" დაარქივებული 2009-06-27 საიტზე Wayback Machine. . VH1.com. 4 ოქტომბერი, 1999.
  31. "2000 43rd Grammy Awards". ლოს-ანჯელეს ტაიმზი.
  32. 32.0 32.1 32.2 32.3 Caulfield, Keith. „Ask Billboard“. ბილბორდი. 3 იანვარი, 2006.
  33. „2002 33rd Juno Awards“. ლოს-ანჯელეს ტაიმზი.
  34. „2003 34th Juno Awards“. ლოს-ანჯელეს ტაიმზი.
  35. 35.0 35.1 „Morissette laughs off her display of 'nudity'“ დაარქივებული 2005-03-12 საიტზე Wayback Machine. . Canadian Press via CTV Television Network. 7 აპრილი, 2004.
  36. | R E V E R B |. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-01-26. ციტირების თარიღი: 2008-08-19.
  37. „Morissette in Starbucks album row“. ბი-ბი-სი ნიუსი. 15 ივნისი, 2005.
  38. „HMV pulls Alanis product to protest Starbucks deal“. CBC Arts. 14 ივნისი, 2005.
  39. 39.0 39.1 Baltin, Steve. „Alanis Writing Memoir, Album“ დაარქივებული 2007-04-28 საიტზე Wayback Machine. . როლინგ სტოუნი. 13 იანვარი, 2006.
  40. 40.0 40.1 The Celebrity Truth. „PLW Live — Alanis Morisette Finally Explains My Humps“ დაარქივებული 2008-07-20 საიტზე Wayback Machine. . Undercover.com.au. 7 ივნისი 2008.
  41. Saxberg, Lynn. „Bloggers, 'Tubers all atwitter over Morissette’s video parody of the Peas“ დაარქივებული 2007-10-11 საიტზე Wayback Machine. . The Ottawa Citizen. 5 აპრილი, 2007.
  42. Herndon, Jessica. „Fergie Sends Alanis 'Derriere' Cake for 'Humps' Video“. პიპლი. 11 აპრილი, 2007.
  43. „Official Elevate Film Festival Website“ დაარქივებული 2006-06-03 საიტზე Wayback Machine. . 15 სექტემბერი, 2007.
  44. I’ve been a thorn in people’s sides just by existing The Guardian Unlimited 21 მაისი, 2008
  45. E-Online (22 ივლისი, 2008) Sting, Matthews, Mayer Gamer for Tibet Than Beijing
  46. „Where Are They Now?“ დაარქივებული 2006-04-23 საიტზე Wayback Machine. . ორფევსის მუსიკალური თეატრალური საზოგადოება.
  47. Staff. „For The Record: Quick News On Nick Lachey, Mariah Carey, LL Cool J, Paris Hilton, Velvet Revolver & More“ დაარქივებული 2006-10-22 საიტზე Wayback Machine. . MTV News. 19 აპრილი, 2006.
  48. „You Oughta Know“. Urban Legends Reference Pages. 10 იანვარი, 2000.
  49. McQueen, Ann Marie. „Alanis battled anorexia, bulimia“. Ottawa Sun. 29 ივნისი, 2005. წაკითხულია: 16 ნოემბერი, 2006.
  50. Oppenheimer, Mark. „Yes, Minister“. უოლ სტრიტ ჯორნალი. 2 ივნისი, 2004.
  51. Ali, Lorraine. „Q&A: Alanis Morissette“. ნიუსვიკი via MSNBC. 24 მაისი, 2004.
  52. Silverman, Stephen M. and Midler, Caryn. „Alanis Morissette, Ryan Reynolds Engaged“. პიპლი. 16 ივნისი, 2004.
  53. Martin, Gavin. „Tangled Love Life of Alanis Morissette“. დეილი მირორი. 13 მაისი, 2004.
  54. Silverman, Stephen M. „Alanis Morissette, Ryan Reynolds Split“ დაარქივებული 2006-06-16 საიტზე Wayback Machine. . პიპლი. 7 ივნისი, 2006.
  55. „Ryan Reynolds & Alanis Morrissette: reunited“. LaineyGossip.com. 20 ივლისი, 2006.
  56. „Morissette + Ex Back Together?“ დაარქივებული 2007-06-23 საიტზე Wayback Machine. . contactmusic.com. 28 ივლისი, 2006.
  57. „Alanis Morissette & Ryan Reynolds Pictures: Back Together!!“ დაარქივებული 2006-11-13 საიტზე Wayback Machine. . justjared.com. 31 ივლისი, 2006.
  58. Finn, Natalie. „Alanis & Ryan: Former Infatuation Junkies“. E! Online. 2 თებერვალი, 2007.
  59. „Morissette On Life After Rock Bottom“ დაარქივებული 2008-06-12 საიტზე Wayback Machine. . AOL ივნისი 2008.
  მუსიკის პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები მუსიკაზე.