ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „ციხიდან გაქცევა“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. ციხიდან გაქცევა ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია.

ციხიდან გაქცევა (ინგლ. Prison Break) — ამერიკული ტელესერიალი, რომლის გადაღება 2005 წელს დაიწყო და გაგრძელდა 2009 წლამდე. სერიალის პრემიერა გაიმართა ამერიკულ ტელეკომპანია ფოქსის სამაუწყებლო კომპანიაზე, 2005 წლის 29 აგვისტოს.

ციხიდან გაქცევა
ჟანრი მოქმედებითი
თრილერი
დრამა
ავტორი პოლ შერინგი
მონაწილეობენ დომინიკ პარსელი
უენტუორთ მილერი
ამორი ნოლასკო
ვეიდ უილიამსი
რობერტ კნეპერი
კრის ვეინსი
სარა უეინ კელისი
დანი გარსია
ჯოდი ლინ ო'კიფი
უილიამ ფიხტნერი
მაიკლ რაპაპორტი
კრის უილიამსი
თემის კომპოზიტორი რამინ ჯავადი
ქვეყანა აშშ
სეზონი 5
ეპიზოდი 90 (ეპიზოდების სია)
წარმოება
პროდიუსერ(ებ)ი გერი ა. ბრაუნი (2005-)
თანაპროდიუსერები:
ელენ მარი ბლამი (2005-)
კარინ უშერი (2005-)
ხანგრძლივობა 42 წთ.
ეთერი
ორიგინალური არხი Fox
ჩვენების ფორმატი 480i (SDTV)
720p (HDTV)
1080i (HDTV)
აუდიო ფორმატი Dolby Digital 5.1 არხებით
ეთერში თავდაპირველად:
29 აგვისტო, 2005 (2005-08-29) — 15 მაისი, 2009 (2009-05-15)
დაბრუნდა:
4 აპრილი, 2017 (2017-04-04) – დღემდე
რესურსები ინტერნეტში

სერიალის სიუჟეტი ეხება ორი ძმის ამბავს. ლინკოლნ ბეროუზი სიკვდილმისჯილია მკვლელობისთვის, რომელიც მას არ ჩაუდენია, ხოლო მისი ძმა, მაიკლ სკოფილდი, საგულდაგულოდ ცდილობს მისი ციხიდან გაყვანას.

სერიალის აღმასრულებელი პროდიუსერები არიან პოლ შერინგი, კევინ ჰუკსი, მეთ ოლმსტიდი, მარტი ანდელსტეინი, დაუნ პარუსი, ნილ მორიცი და ბრეტ რატნერი[1]. სერიალისთვის მთავარი მუსიკა შეთხზულია რამინ ჯავადის მიერ და ნომინირებული იყო პრაიმტაიმის ემის ჯილდოზე 2006 წელს[2].

სერიალი ხუთი სეზონისგან შედგება. პირველი და მეორე სეზონები შეიცავს 22 ეპიზოდს. მესამე 13-ს, მეოთხე სეზონი 24-ს, ხოლო მეხუთე — 9 სერიას.

2017 წლის 12 დეკემბერს დომინიკ პარსელმა თავის Instagram-ზე განაცხადა, რომ მიმდინარეობდა სერიალის მე-6 სეზონზე მუშაობა.[3] 2018 წელს Fox-მა ოფიციალურად დაადასტურა ზემოაღნიშნული ინფორმაცია.[4]

წარმოება

ჩანაფიქრი

ციხიდან გაქცევის ორიგინალურ იდეას — კაცი განზრახ ხვდება ციხეში, რომ დაეხმაროს ვინმეს (ამ შემთხვევაში მის ძმას) ციხიდან გაქცევაში — პოლ შერინგს სთავაზობდა დაუნ პარუსი, რომელსაც უნდოდა ნამდვილი მოქმედებითად ორიენტირებული სერიები გადაეღო. შერინგს ეს აზრი მოეწონა და დაიწყო უსამართლოდ გასამართლებული ერთ-ერთი ძმის ამბავზე სიუჟეტის მომზადება. 2003 წელს მან ეს იდეა ფოქსს გააცნო, რაზეც ამ უკანასკნელისგან უარი მიიღო. ამის შემდეგ იგი რამდენიმე ხანი კიდევ ხვეწდა იდეას, თუმცა ამაოდ. მის შეთავაზებას კვლავ უარყოფითი პასუხი მოჰქონდა, რადგან არხების ხელმძღვანელობის აზრით, ეს იდეა უფრო შეესაბამებოდა ფილმს, და არა ტელესერიალს[5]. შემდგომ, ციხიდან გაქცევის მინისერიალად გადაღების პერსპექტივა გაჩნდა. ამ დროს სცენარის ყურადღება სტივენ სპილბერგმა მიიპყრო. ამგვარად, ციხიდან გაქცევა მინისერიალად აღარ გამოცემულა. პოპულარულ სერიალებთან ერთად, როგორებიცაა დაკარგულები და 24, ფოქს ნეტვორკმა ციხიდან გაქცევის გადაღება 2004 წელს დაიწყო[6]. საცდელი ეპიზოდი გადაიღეს ერთი წლის შემდეგ, მას შემდეგ რაც შერინგმა დაწერა სცენარი და ხუთ თვის შემდეგ, სერიალის სარეკლამო რგოლიც გამოვიდა[7].

მსახიობების შერჩევა

შერჩევის პროცესი მაიკლ სკოფილდის როლისთვის დაიწყო წარმოებამდე რამდენიმე კვირით ადრე. ინტერვიუში, პოლ შერინგმა განაცხადა, თუ როგორი უნდა ყოფილიყო მსახიობი ამ როლისთვის: „ამ როლის შემსრულებელი უნდა იყოს იდუმალებით მოცული, მაგრამ ვენთვორთ მილერის გარდა ყველა მსახიობი იყო ყალბი“[8]. წარმოებამდე ერთი კვირით ადრე უენტორტ მილერი წარდგა აუდიტორიის წინაშე. მან შერინგზე დადებითი შთაბეჭდილება მოახდინა თავისი გამოსვლით. იგი როლზე შემდეგ დღესვე აიყვანეს[9].

დომინიკ პარსელი შერჩევაზე წარმოებამდე სამი დღით ადრე მივიდა და, შესაბამისად, იგი ბოლო მსახიობი იყო, რომელიც არჩეულ მსახიობთა გუნდს შეუერთდა.[9] პარსელი მოსინჯეს ლინკოლნ ბაროუსის როლზე, რომელიც მიჩნეულია საშიშ პიროვნებად. იგი არის მაიკლ სკოფილდის ძმა. ჯონ დოიზე მუშაობის შემდეგ, პარსელს ჰქონდა ახლო თანამშრომლობა ფოქსთან. აქედან, იგი გააგზავნეს „ციხიდან გაქცევის“ საპილოტო სცენარზე[5]. პირველად, შერინგი ფიქრობდა, რომ პარსელი იყო „ზედმეტად მიმზიდველი ბიჭი“, მას შემდეგ რაც აუდიტორიის წინაშე იგი თავისი ფლამბოიანტური თმის სტილით გამოჩნდა. თუმცა პარსელმა მოიგო როლი და გადაღების პირველ დღეს გადაპარსული თმებით ჩავიდა. შერინგი გააოცა ორი მთავარ მსახიობს შორის ფიზიკურმა მსგავსებამ.[8]

მიუხედავად იმისა, რომ ამორი ნოლასკომ აღიარა, რომ მას კითხვა არ უყვარდა, იგი სცენარმა „ძალზედ ჩაითრია“. აუდიტორიის წინაშე იგი ფერნანდო სუკრეს როლისთვის წარდგა. მისმა ნერვიულობამ პოლ შერინგი მოხიბლა. მან განაცხადა, რომ ნოლასკო იყო მათი საუკეთესო არჩევანი.[10].

სცენარის წაკითხვის შემდეგ, უეიდ უილიამსს საწყის ეტაპზე არ უნდოდა ბრედ ბელიკის როლის განსახიერება, რადგან ეს პერსონაჟი, მისი თქმით, „საშინელი და საზიზღარი“ იყო. მისი უხალისობა წარმოიშვა ოთხი წლის ქალიშვილის მამობისას. თუმცა, მისმა მენეჯერმა დაარწმუნა იგი მოესინჯა თავისი თავი ბელიკის როლში. შედეგი წარმატებული გამოდგა.

სარა უეინ კელისი იყო პირველი მსახიობი ქალი, რომელიც აუდიტორიის წინაშე სარა ტანკრედის როლის შესრულებისთვის წარდგა[9] და იყო ასევე პირველი, რომელიც გახდა ძირითადი შერჩევის წევრი[11]. ის როლზე თითქმის მყისვე აიყვანეს[10].

შერჩევის სხვა წევრები იყვნენ რობინ ტუნი, მარშალ ოლმანი, პოლ ადელსტეინი და პიტერ სტორმეირი, რომლებმაც განასახიერეს ვერონიკა დონოვანი, ელ. ჯეი. ბაროუსი, პოლ კელერმანი და ჯონ აბრუცი.

გადაღების ადგილები

 
ფოქს რივერ შტეიტის გამოსასწორებელი ციხე

ციხიდან გაქცევის პირველი სეზონის უმრავლესობა გადაღებულია ჩიკაგოში[12]. გადაღება ხდებოდა ჯოლიეტის ციხეში, რომელიც გადაღებულია როგორც ფოქს რივერ შტეიტის გამოსასწორებელი ციხე. ლინკოლნის კამერა, საავადმყოფო და ციხის ეზო გადაღებულია ამავე ციხეში[13]. ლინკოლნის საკანში იყო დატყვევებული ცნობილი ამერიკელი მკვლელი ჯონ უეინ გეისი. გარე სცენები არის გადაღებული ჩიკაგოში, ვუდსტოკში და ჯოლიეტში. ასევე გადაღების ადგილები შეიცავს ო’ჰაირის საერთაშორისო აეროპორტს ჩიკაგოში და ტორონტოს ონტარიოში, კანადა. ციხიდან გაქცევის ყოველ ეპიზოდზე იხარჯებოდა $$2 მილიონი აშშ დოლარი ილინოისის შტატში, ხოლო საბოლოო დანახარჯმა 2005 წელს მიაღწია $24 მილიონ აშშ დოლარს[12].

განახლებული მეორე სეზონის გადაღება დაიწყო 2006 წლის 15 ივნისს დალასში, ტეხასი[14]. გადაღებები ხორციელდებოდა პატარა ელმში, დეკატურში და მინერალ უელსში[15]. ბევრმა ამ ადგილებიდან წარადგინა სხვადასხვა ამერიკული ქალაქები[16]. სავარაუდოდ შოუზე დაიხარჯა $50 მილიონი აშშ დოლარი დალასში[17]. მეორე სეზონის ბოლო სამი სერია გადაღებულ იქნა პენსაკოლაში, ფლორიდას შტატში[18]. თითოეული ეპიზოდის გადაღება გრძელდებოდა რვა დღე და დაახლოებით $1.4 მილიონი აშშ დოლარი იგზავნებოდა თითო ეპიზოდიდან ადგილობრივ ეკონომიკაში[19].

მესამე სეზონი გადაიღეს ტეხასში და თითო ეპიზოდის ბიუჯეტი შეადგენდა $3 მილიონ აშშ დოლარს[20]. თითოეული გარე სცენა ლინკოლნისა და გრეტჩენის მონაწილეობით საჭიროებდა პანამადან გასვლას.

მეოთხე სეზონი ძირითადად გადაიღეს ლოს-ანჟელესში, კალიფორნია. მისი პირველი ეპიზოდი იყო სპეციალურად ორსაათიანი.

მუსიკა

სერიალის მთავარი მუსიკა შეთხზულია რამინ ჯავადის მიერ, და ნომინირებული იყო პრაიმტაიმის ემის ჯილდოზე 2006 წელს. პირველი ორი სეზონის საუნდტრეკების კრებული ციხიდან გაქცევა: ორიგინალური სატელევიზიო საუნდტრეკი გამოიცა 2007 წლის 28 აგვისტოს[21]. ჯავადიმ და ფერი კორსტენმა გამოუშვეს მთავარი მუსიკის რემიქსი სახელად: „Prison Break Theme (Ferry Corsten Breakout Mix)“, როგორც სინგლი, რომელიც გამოიცა ფოქს მუსიკის მიერ 2006 წელს.

სიუჟეტი და ეპიზოდები

 
მაიკლ სკოფილდი და ლინკოლნ ბეროუზი

პირველი სეზონი შეიცავს 22 ეპიზოდს. ლინკოლნ ბეროუზი არის ტერენს სტიდმენის მკვლელობაში ეჭვმიტანილი, რომელიც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ძმაა. ლინკოლს გამოუტანეს სიკვდილით დასჯის განაჩენი და გადააგზავნეს ფოქს რივერ შტეიტის გამოსასწორებელ ციხეში, იმისთვის რომ შემდგომში სიკვდილით დაესაჯათ. ლინკოლნის ძმა, მაიკლ სკოფილდი არის დარწმუნებული ძმის უდანაშაულობაში. ამიტომ მან გადაწყვიტა მისი ციხიდან გამოყვანა და შეიმუშავა გეგმა. იმისთვის, რომ შესულიყო მის ძმასთან ფოქს რივერ შტეიტში, იგი პოლიციას ჩაბარდა ბანკის გაძარცვის ფაქტზე. მაიკლმა ციხეში შესვლისთანავე დაიწყო გაქცევისთვის მზადება, რაშიც გარედან ლინკოლნის ახლო მეგობარი ვერონიკა დონოვანი ეხმარებოდა. საბოლოოდ, სეზონის ბოლოს, მაიკლი და ლინკოლნი ექვს სხვა პატიმართან ერთად გაიქცნენ ციხიდან.

მეორე სეზონი შეიცავს 22 ეპიზოდს და გრძელდება პირველი სეზონის დასასრულის მოვლენებით. სცენარი იწყება ფოქს რივერ შტეიტიდან გაპარვიდან 8 საათის შემდეგ მომხდარი მოვლენებით. ახალ სეზონში ახალი პერსონაჟები გვხვდება, მათ შორის ფედერალური აგენტი ალექსანდრე მაჰოუნი, რომლის მიზანია დაიჭიროს და დაატყვევოს რვა გაქცეული. მეორე სეზონის ბოლოს, მაიკლ სკოფილდს დააპატიმრებენ და გააგზავნიან სონას ფედერალურ გამოსასწორებელ ციხეში.

მესამე სეზონი შეიცავს 13 ეპიზოდს და გრძელდება მეორე სეზონის დასასრულის მოვლენებით. სონას ციხეში მაიკლ სკოფილდთან ერთად გააგზავნეს აგენტი ალექსანდრე მაჰოუნი, თეოდორ ბეგუელი და ბრედ ბელიკი. მაიკლ სკოფილდი დააპატიმრეს მკვლელობის მცდელობისთვის, ამ დროს კი ლინკოლნ ბეროუზს მოუხსნეს ყველა დანაშაული. გრეტჩენ მორგანის მეთაურობით, გაიტაცეს ლინკოლნის შვილი „ელ-ჯეი“ და სკოფილდის შეყვარებული სარა ტანკრედი. მათ შეთავეზეს ლინკოლნს, რომ გამოეყვანა სკოფილდის დახმარებით სონას ციხიდან ჯეიმზ ვისტლერი, და მხოლოდ ამის შემდეგ გაანთავისუფლებდნენ ელ. ჯეი. ბეროუზსა და სარა ტანკრედს. მაიკლი საბოლოოდ ჩაუდგა ხელმძღვანელობაში ვისტლერის გაპარვას (მაჰოუნისა და მის მეგობარ, ლუიშ გალეგოსთან ერთად), თუმცა გაპარვა ლეჩეროს, ბეგველსა და ბელიკსაც უნდოდათ, რაც მათ თავისით ვერ მოახერხეს. სეზონის ბოლოს ელ. ჯეი. გაათავისუფლეს ვისტლერის სანაცვლოდ. ამ დროს ფერნანდო სუკრეც ჩასვეს სონას ციხეში. მაიკლს უნდოდა სარას მკვლელისთვის შური ეძია.

მეოთხე სეზონის ძირითადი შინაარსი არის განვითარებული აგენტ დონ შელფის მიერ, რომელიც იბრძვის სცილის მოსაპოვებლად.

პერსონაჟები

ციხიდან გაქცევის თითოეული სეზონისთვის არჩეულ იქნა ათი ან მეტი ახალი მსახიობი ბევრ ვარსკვლავთან ერთად. პირველი სეზონის პერსონაჟები ძირითადად იყვნენ ფოქს რივერ შტეიტის გამოსასწორებელი ციხის პატიმრები. მეორე სეზონიდან პატიმრებს დაემატათ ბევრი მთავარი გმირი, მათ შორის FBI-ის აგენტი, რომლის მთავარი მიზანი იყო რვა გაქცეული პატიმრის შეპყრობა. მესამე სეზონმა, რომელიც გადაღებულია პანამაში, გაგვაცნო ოთხი ახალი მთავარი პერსონაჟი, ორი მათგანი ფედერალური სონას გამოსასწორებელი ციხის პატიმარი. ყველაზე დიდი ცვლილებები შეიტანა სერიალში პერსონაჟების სიკვდილმა. სერიების შემქმნელი, პოლ შერინგი ხსნის, რომ მთავარი პერსონაჟების სიკვდილი „აუდიტორიას შესძენს მეტ საშიშროებას ჩვენ პროტაგონისტებზე“[22] .

მთავარი პერსონაჟები

 
პირველი სეზონის მთავარი პერსონაჟები

სერიალის გმირები არიან ლინკოლნ ბეროუზი (განასახიერებს დომინიკ პარსელი) და მაიკლ სკოფილდი (განასახიერებს უენტორტ მილერი). ლინკოლნი არის უმაღლესი სასწავლებლიდან გამორიცხული და დამნაშავედ აღიარებული არამზადა, რომელსაც უსამართლოდ დააბრალეს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ძმის, ტერენს სტიდმენის მკვლელობა. ლინკოლნის ძმა სკოფილდი მუშაობდა ინჟინერ-კონსტრუქტორად, სანამ ძმის გადასარჩენად თავს გაწირავდა. მან, ძმის გადარჩენის მიზნით, საგულდაგულოდ შეადგინა ციხიდან გასაქცევი გეგმა, შემდეგ კი ის მთელს ტანზე სვირინგის სახით მოიხატა. მთელი სერიების განმავლობაში, მაიკლი და ლინკოლნი გვაჩვენებენ ერთმანეთის სიყვარულს. ისინი არიან ერთადერთი პერსონაჟები, რომლებიც ყველა სერიაში გამოჩნდნენ.

ვერონიკა დონოვანი (განასახიერებს რობინ ტუნი) არის მაიკლის და ლინკოლნის ბავშვობის მეგობარი. მან განიხილა სკოფილდის გეგმა და გახდა ლინკოლნის ადვოკატი. პირველ სეზონში იგი თამაშობს ერთ-ერთ მთავარ როლს.

„ელ-ჯეი“ (განასახიერებს მარშალ ოლმანი) არის ლინკოლნ ბეროუზის თინეიჯერი ვაჟი. იგი ძალიან განიცდიდა მამამისის სიკვდილით დასჯის განაჩენს. ის იძულებული გახდა გადამალულიყო, ვინაიდან მას ეძებდნენ ლინკოლნის სიკვდილის მსურველები.

ორი ყველაზე აღსანიშნავი პერსონაჟები, რომლებსაც მაიკლი შეხვდა ფოქს რივერ შტეიტის გამოსასწორებელ ციხეში არიან ფერნანდო სუკრე (განასახიერებს ამორი ნოლასკო) და თეოდორ „ტი-ბეგ“ ბეგუელი (განასახიერებს რობერტ კნეპერი). სუკრეს მოქმედება დამოკიდებულია მის სურვილზე, რომ შეხვდეს მის მეგობარ გოგონას. მან განავითარა მეგობრული ურთიერთობა მაიკლთან და ლინკოლთან და მათი მოკავშირე გახდა. თი-ბეგი ბოროტი პიროვნებაა, რომელიც ვერ აფასებს მის გარშემო სიტუაციას, და ყველა მისი მტერი ჰგონია.

მისი დაჭერის შემდეგ, ჯონ აბრუცი (განასახიერებს პიტერ სტორმარი) გახდა გავლენიანი პიროვნება ფოქს რივერ შტეიტის გამოსასწორებელ ციხეში. იგი იყო ჩიკაგოს მაფიის ლიდერი. მან შეთავაზა მაიკლს გაქცევის გეგმა, სანაცვლოდ კი მას უნდა გაეგო მისგან თავისი დანაშაულის თვითმხილველის, ოტო ფიბონაჩის ადგილმდებარეობა. იგი რეგულარურად თამაშობდა პირველი სეზონის პირველ ნახევარში, შემდეგ კი პირველი სეზონის დასასრულს დაბრუნდა. ბენჯამინ მაილს ფრანკლინი (განასახიერებს როკმონდ დანბარი) არის ფოქს რივერის პატიმარი. იგი დაეჭვდა მაიკლში. როდესაც გაიგო მისი გაპარვის გეგმის ამბავი, როგორც თი-ბეგმა, მანაც აიძულა მაიკლი, რომ იგიც გაეპარებინა. თუმცა იგი იყო ბევრად თანამგრძნობი და კეთილი, ვიდრე თი-ბეგი.

როგორც ყველა სხვა პატიმარს, მაიკლი შეხვდა ფოქს რივერის ოფიცერ ბრედ ბელიკს (განასახიერებს უეიდ უილიამსი). ბელიკი თავიდანმე ანტიპათიურად განეწყო მაიკლის მიმართ და მასთან დაპირისპირება დაიწყო.

სარა ტანკრედი (განასახიერებს სარა უეინ კელისი) არის ციხის ექიმი, რომელსაც მოეწონა სკოფილდი, შემდეგ კი ეს გრძნობა სასიყვარულო ინტერესებში გადაეზარდა. იგი არის ილინოისის გუბერნატორის შვილი, რომელიც იყო იმ გეგმის ერთ-ერთი წევრი, რომლის შედეგადაც ლინკოლნს მიუსაჯეს სასიკვდილო განაჩენი. საბოლოოდ იგი გადავიდა მაიკლის მხარეს და დაეხმარა ციხიდან გაქცევაში.

პოლ კელერმანი (განასახიერებს პოლ ადელსტეინი) გაგვეცნო, როგორც საიდუმლო სამსახურის აგენტი, რომელიც მუშაობდა ვიცე პრეზიდენტისთვის, რომ ეთვალთვალა, მიმდინარეობდა თუ არა ლინკოლნ ბაროუსის სიკვდილით დასჯა სწორედ. იგი ხან ავკაცი იყო, ხან კი მაიკლის და ლინკოლნის მომხრე.

მეორე სეზონში გამოჩნდნენ ახალი მთავარი პერსონაჟები, მათ შორის FBI-ს აგენდი ალექსანდრე მაჰოუნი (განასახიერებს უილიამ ფიხტნერი), რომლის მიზანია თვალი ადევნოს გაქცეული პატიმრების გადაადგილებას და შეიპყროს ისინი. მეორე სეზონში სარა ტანკრედი გახდა ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი. სეზონის ბოლოს, სერიალს გამოეთიშა პოლ ადელსტეინის პერსონაჟი, რომელიც მკვლელობაც იქნა გათამაშებული, თუმცა იგი დაბრუნდა მეოთხე სეზონში.

სამი მთავარი პერსონაჟის გამორთვის შემდეგ, მესამე სეზონში გვხვდება ოთხი მნიშვნელოვანი პერსონაჟი: ლეჩერო (განასახიერებს რობერტ უისდომი) — სონას პატიმარი, ჯეიმზ ვისტლერი (განასახიერებს კრის ვეინსი) — სონას პატიმარი, გრეტჩენ მორგანი (განასახიერეფს ჯოდი ლინ ო’კიფი) და სოფია ლუგო (განასახიერებს დანი გარსია) — ვისტლერის მეგობარი გოგონა. სარა უეინ კელისის პერსონაჟის, სარა ტანკრედის მოკვეთილი თავი იპოვეს მეოთხე ეპიზოდში, მიუხედავად ამისა იგი დაბრუნდა მეოთხე სეზონში[23].

გამეორებადი პერსონაჟები

პირველი სეზონიდან მთავარი გამეორებადი პერსონაჟები არიან: ფოქს რივერის უფროსი ჰენრი პოუპი (განასახიერებს სტეისი კიჩი), ადვოკატი ნიკ სავრინი (განასახიერებს ფრენკ გრილო), სპეციალური აგენტი დანიელ ჰეილი (განასახიერებს დენი მაკარტი) შეთქმულების ერთგული საიდუმლო სამსახურის წარმომადგენელი ჩარლზ ვესტმოურლენდი (განასახიერებს მუსი ვოტსონი). მაიკლს ჯეროდა, რომ იგი იყო დ. ბ. კუპერი და ჰქონდა დამალული $$5 მილიონი აშშ დოლარი ციხის გარეთ. ფოქს რივერი სხვა პატიმრები, რომლებიც მაიკლთან ერთად გაიქცნენ ციხიდან არიან დევიდ 'ტვინერი' აპოლსკისი (განასახიერებს ლეინ გარისონი) და ჩარლზ 'ჰეივაირი' პატოშიკი (განასახიერებს საილას ვირ მიშელი).

მეორე სეზონში გამოჩნდა უილიამ 'ბილ' კიმი (განასახიერებს რეჯი ლი), რომელსაც დავალებული ჰქონდა მაჰოუნის და კელერმანის მოქმედებების თვალთვალი.

ტერენს სტიდმანის პერსონაჟი განასახიერა ორმა მსახიობმა. პირველ სეზონში ჯონ ბილინგსლეიმ, ხოლო შემდეგ ჯეფრი პერიმ. სტიდმანის და, კაროლინა რეინოლდსი (განასახიერებს პატრისია ვეტიგი) პირველ სეზონში იყო აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ხოლო შემდეგ პრეზიდენტი.

ნიკა ვოლეკი (განასახიერებს ჰოლი ვალენკი) გამოჩნდა პირველ ორ სეზონში როგორც მაიკლის ცოლი.

რეაქცია

რეიტინგი და კრიტიკული გამოხმაურება

თითოეული სეზონის რეიტინგი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი მაყურებელი ჰყავს მის ეპიზოდებს. მაყურებლის რაოდენობას ითვლის ნილსენ მედია რისერჩი. დათვლის პერიოდი იწყება სექტემბერის მიწურულს და მთავრდება მაისის ბოლოს.

სეზონი ტრანსლირების
პერიოდი
ჩვენების
თარიღი
რეიტინგი მაყურებელი (მილიონებში)
1 2005—2006 ორშაბათი 21:00 ET
(20:00 ET შუა სეზონი)
#55 12.1[24]
2 2006—2007 ორშაბათი 20:00 ET #51 10.1[25]
3 2007—2008- ორშაბათი 20:00 ET #68 8.2 [26]

ფოქსი ტელესერიალს ზურგს უმაგრებს დიდი სარეკლამო კამპანიით. შოუს დებიუტი შედგა 2005 წლის 29 აგვისტოს და მყისვე შეიძინა 10.5 მილიონი მაყურებელი. ფოქსი ყველაზე დიდ წარმატებას ზაფხულში ორშაბათობით აღწევდა. ორსაათიანი პრემიერა შედგებოდა ორი ეპიზოდისაგან[27]. ნილსენ რისერჩის განმარტებით, ეს იყო მეშვიდე პრემიერა, რომელმაც მიაღწია ამგვარ წარმატებას და მიიზიდა მაყურებლის დიდი რაოდენობა[28]. ძლიერმა სადებიუტო შესრულებამ სერიალს მრავალ კრიტიკოსთა ქება მოუტანა. ნიუ-იორკ ტაიმზის აზრით, ციხიდან გაქცევა ბევრად დამაინტრიგებელი იყო, ვიდრე სხვა სერიები და უეჭველად ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური[29]. ყოველკვირეულმა გართობამ ციხიდან გაქცევა მიიჩნია 2005 წლის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ახალ სერიალად[30]. მეორე მხრივ, იყვნენ ნეგატიურად განწყობილი კრიტიკოსებიც. ვაშინგტონ პოსტი მიიჩნევდა, რომ სერიალი ერთფეროვნული და ზედმეტად გადატვირთული იყო[31]. თავდაპირველად თითოეულ სეზონში უნდა ყოფილიყო 13 ეპიზოდი, მაგრამ სერიალის პეპულარობის გასაზრდელად სეზონს დაემატა 9 ეპიზოდი[6].

მეორე სეზონის პრემიერამ 9.4 მილიონი მაყურებელი მიიზიდა[32], ხოლო მესამის პერემიერამ — 7.51, რომელიც ყველაზე დაბალ მაჩვენებლად არის მიჩნეული სერიალის ისტორიის განმავლობაში[33].

ჯილდოები

ციხიდან გაქცევამ პირველი ნომინაცია 13 ეპიზოდის გამოშვების შემდეგ მიიღო, ხალხის რჩეულ ჯილდოზე, 2005 წელს, კატეგორიაში „ახალი რჩეული დრამა ტელესერიალი“. ციხიდან გაქცევამ ერთადერთი ჯილდო 2006 წლის იანვარში მოიგო. ამავე წელს მან მიიღო ორი ნომინაცია ოქროს გლობუსის 63-ე დაჯილდოებაზე, კატეგორიებში „საუკეთესო დრამა ტელესერიალი“ და „საუკეთესო მსახიობი დრამა ტელესერიალში“, უენტორტ მილერის შესრულებისთვის. შოუს მთავარმა მსახიობმა, უენტორტ მილერმა ასევე მიიღო ნომინაცია სატურნის ჯილდოზე, კატეგორიაში საუკეთესო ტელესერიალის მსახიობი. ამავე დაჯილდოებაზე, 2005 წელს სერიალი იყო წარდგენილი, ნომინაციაზე „საუკეთესო ტელესერიალი“. 2006 წელს, სერიალი იყო ნომინირებული ტელევიზიის კრიტიკოსების ასოციაციის ჯილდოზე, კატეგორიაში საუკეთესო დრამა ტელესერიალი. ტექნიკური ჯილდოები შეიცავს ედის ჯილდოზე და პრაიმტაიმ ემის ჯილდოს ნომინაციებს. 2006 წლის დეკემბერს, რობერტ კნეპერი იყო ნომინირებული სატელაიტის ჯილდოზე, კატეგორიაში „მეორეხარისხოვანი როლი სერიალში, მინისერიალსა ან ტელესერიალში“.

გავრცელება

ტელევიზია

ტელესერიალი მრავალ ენაზე ითარგმნა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გავიდა სატელევიზიო ეთერში.

ჩრდილოეთ ამერიკა

კანადას ჰქონდა აშშ-ს მსაგვსი განრიგი. სერიალი გადაეცემოდა გლობალ TV-ს მეშვეობით. ციხიდან გაქცევა იყო ერთადერთი ახალი ტელესერიალი, რომელმაც მოახერხა 2005/2006-წლების საუკეთესო ოცეულში ადგილის დაკავება. პირველმა სეზონმა კანადაში მიიზიდა 876,000 მაყურებელი 18-დან 49 წლამდე, ხოლო საერთოდ 1.4 მილიონი[34]. მისმა მეორე სეზონმა კი კანადაში მიაღწია მაყურებლების უმაღლეს მაჩვენებელს.

ოკეანეთი

ჩრდილოეთ ამერიკაში წარმატებასთან ერთად, ციხიდან გაქცევის ასევე წარმატებული პრემიერა გაიმართა ავსტრალიის ტელეკომპანია სევენზე, 2006 წლის 1 თებერვალს და მიიზიდან 1.94 მაყურებელი, მალევე ეს ციფრი 2.09 მილიონამდე გაიზარდა[35]. პირველი სეზონის ყურადღება საშუალოდ მიიპყრო 1.353 მილიონმა მაყურებელმა[36]. ციხიდან გაქცევამ ასევე წარმატება მიაღცია ახალ ზელანდიაში, სადაც მან მოიგო ხალხის რჩეული ჯილდო, კატეგორიაში ახალი რჩეული დრამა ტელესერიალი.

მეორე სეზონი, რომელიც ავსტრალიურმა ტელეკომპანიამ, სევენმა გააცნო ხალხს, როგორც „ციხიდან გაქცევა — გაგცევაზე“, პირველად გავიდა ეთერში 2007 წლის 31 იანვარს, ახალი დროით, 9:30 pm საათზე. ახალ სეზონს ჰყავდა 1.226 მილიონი მაყურებელი[37]. მესამე სეზონმა მიიზიდა შედარებით ნაკლები, 899,000 მაყურებელი და გავიდა მეთვრამეტე ადგილზე ყველაზე მაღალმაყურებლიან ტელესერიალებს შორის[38]. მესამე სეზონის 9-13 სერიების ჩვენება დაიგეგმა 2008 წლის დასაწყისში, თუმცა ჯერჯერობით ისინი არ უჩვენებიათ ტელეეკრანებზე. სერიალის გამოერობა აჩვენა ავსტრალიურმა ტელეკომპანიამ ფოქსი8.

ევროპა

პირველი სეზონის პრემიერა დიდ ბრიტანეთში გაიმართა ტელეკომპანიის, Five-ის მიერ. თითო ეპიზოდის ტრანსლაციისთვის კომპანია იხდიდა £500,000[39]. დიდ ბრიტანეთში, უკანასკნელ სერიებს აჩვენებენ მსოფლიო პრემიერიდან ერთ კვირაში. ირლანდიაში ციხიდან გაქცევა გადის RTÉ Two-ს მიერ, აშშ-ში გასვლიდან ერთ დღეში. სერიალის პერემიერა საფრანგეთში მოეწყო 2006 წლის 31 აგვისტოს. შოუს ჰყავდა 5.5 მილიონი მაყურებელი[40]. პირველი სეზონის ბოლო და მეორე სეზონის პირველ ეპიზოდებს საფრანგეთში ჰყავდა 7.5 მილიონი მაყურებელი, და გახდა ყველაზე მაღალმაყურებლიანი შოუ საფრაგეთში 2006 წელს[41]. მეორე სეზონის პრემიერა გაიმართა 2007 წლის 13 სექტემბერს, 5.3 მილიონი მაყურებლისთვის[42]. მესამე სეზონის პრემიერა გაიმართა 2007 წლის 29 ნოემბერს.

პოლონეთში, სერიალის პრემიერა მოეწყო 2007 წლის 28 იანვარს 7 მილიონი მაყურებლით და გახდა ყველაზე მაღალმაყურებლიანი უცხოური ეპიზოდი პოლონეთის ისტორიაში. ის ასევე იყო ყველაზე მაღალშეფასებული სერიალი 16-დან 49 წლამდე მაყურებლისთვის[43]

ციხიდან გაქცევის პრემიერა გერმანიაში შედგა 2007 წლის 21 ივნისს, RTL ტელევიზიის მიერ. 14-დან 49 წლამდე ასაკის 1.32 მილიონი მაყურებელი დაფიქსირდა[44] ესპანეთში ციხიდან გაქცევა გადის ტელეკომპანია ფოქსისა და ლა სექსტას მეშვეობით.

საბერძნეთში ციხიდან გაქცევას აჩვენებს ტელეკომპანია ANT1. პრემიერამ, რომელიც შედგა 2008 წლის 2 იანვარს მიიზიდა 769.000 მაყურებელი. ციხიდან გაქცევამ მიაღწია წარმატებას სხვა ტელესერიალებთან ერთად. მეორე დღეს ნაჩვენებ ეპიზოდზე მაყურებლის რაოდენობა გაიზარდა და მიაღწია 870.000-ს. პირველი სეზონის უკანასკნელი სერია გავიდა 2008 წლის 5 თებერვალს და ჰყავდა დაახლოებით 900.000 მაყურებელი[45]. ის გახდა მეორე უცხოური ტელესერიალი, რომელმაც მიაღწია ასეთ წარმატებას. სერიალის მეორე სეზონის პრემიერა მოხდა 2008 წლის 17 მარტს[45].

სერბეთში ციხიდან გაქცევას აჩვენებს ტელეკომპანია RTS 1, კვირაობით, 23:00 CET საათზე.

აზია

პირველ სეზონს ჰონგ-კონგში აჩვენებდა ტელეკომპანია TVB Pearl, 2006 წლის 5 სექტემბრიდან 2007 წლის 21 იანვრამდე. მან მიაღწია წარმატებას და მიიზიდა 260,000 მაყურებელი, რომელიც შემდეგ 470,000-მდე გაიზარდა, ხოლო სეზონის ბოლო სერიებს 590,000 მაყურებელი ჰყავდა[46] მეორე სერიის ჩვენება დაიწყო ამავე კომპანიამ 2007 წლის 6 მარტს. მეორე სეზონის პრემიერას ჰყავდა 270,000 მაყურებელი, რომელიც ნელ-ნელა 310,000-მდე გაიზარდა.. TVB Pearl-ის განმარტებით, მეორე სეზონმა რეიტინგით პირველ სეზონს გადააჭარბა[47] მაყურებლის ყველაზე დიდი მაჩვენებელი დაფიქსირდა მხოლოდ 402,000. ციხიდან გაქცევა არ უჩვენებიათ ჩინეთში, მაგრამ იგი ხელმისაწვდომია მათთვის ინტერნეტით, ონლაით ტელევიზიით და მაღაზიებით[48]

ციხიდან გაქცევის პირველი სეზონი ინდოეთში აჩვენა ტელეკომპანიამ Star World 2007 წლის ზამთარში, და მალევე მოიპოვა პოპულარობა.

აფრიკა

ციხიდან გაქცევის პრემიერა სამხრეთ აფრიკაში მოხდა ტელეკომპანია M-Net-ს მეშვეობთ, 2006 წლის 17 იანვარს. მეორე სეზონის პრემიერა: 2007 წლის 6 მარტს, მესამე სეზონის კი 2008 წლის 5 თებერვალს. შოუმ მიაღწია წარმატებას და მიიზიდა ბევრი მაყურებელი.

სერიების ჩვენება დაიწყო ტელეკომპანიამ SABC3, 2008 წლის 8 მაისს.

DVD და Blu-ray გამოშვებები

ციხიდან გაქცევის DVD ვერსიები გამოიცა შემდეგ ქვეყნებში: აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი, და ავსტრალია.

DVD-ები ეპიზოდები დისკები გამოშვების თარიღები
რეგიონი 1 რეგიონი 2 რეგიონი 4
სეზონი 1 22 6 8 აგვისტო, 2006[49] 18 სექტემბერი, 2006[50] 13 სექტემბერი, 2006[51]
სეზონი 2 22 6 4 სექტემბერი, 2007[52] 20 აგვისტო, 2007[53] 17 სექტემბერი 2007[54]
სეზონი 3 13 4 12 აგვისტო, 2008 19 მაისი, 2008[55]

პირველი სეზონის Blu-ray ფორმატში გამოშვება დაიგეგმა 2007 წლის დასაწყისში. საბოლოოდ კი გამოიცა 13 ნოემბერს, 2007. Blu-ray-ს სეტი შეიცავდა 6 დისკს. ციხიდან გაქცევა გახდა პირველი ტელესერიალი, რომელიც გამოუშა ფოქსმა Blu-ray ფორმატში. უცნობი მიზეზის გამო, მეორე სეზონი არ გამოცემულა Blu-ray ფორმატში. თუმცა მესამე სეზონის Blu-ray გამოშვება იგეგმება. 19 მაისს მესამე სეზონის მთლიანი სეტი DVD ფორმატში გამოიცა .

საეთერო ინფორმაცია

ციხიდან გაქცევის პირველი სეზონის პრემიერა გაიმართა ფოქს ნეთვორქზე ამერიკაში, 2005 წლის 29 აგვისტოს 9:00 საათზე (ET). შემდეგ შოუ გაგრძელდა 2006 წლის 20 მარტს. სერიალის დაწყება გადმოიტანეს ერთი საათით ადრე და დაიწყო 8:00 საათზე (ET). პირველი სეზონი დასრულდა 2006 წლის 15 მაისს. მეორე სეზონი გრძელდებოდა 2006 წლის 21 აგვისტოდან 2007 წლის 2 აპრილამდე, და გადიოდა ყოველ ორშაბათს 8:00 საათზე (ET). მეორე სეზონის პრემიერა მოეწყო ფოქსზე 2007 წლის 24 აგვისტოს, შემდეგ კი აჩვენეს სხვადასხვა ტელევიზიის ვებსაიტებზე.[56]. მესამე სეზონის პრემიერა გაიმართა 2007 წლის 17 სექტემბერს და გაგრძელდა 2008 წლის 18 თებერვლამდე.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. ფოქსის სამაუწყებლო კომპანია, ციხიდან გაქცევის შოუს ინფო დაარქივებული 2008-05-10 საიტზე Wayback Machine. , ციხიდან გაქცევის ოფიციალური საიტი. წაკითხვის თარიღი: 13 სექტემბერი, 2007.
  2. ემის ნომინაციები ყველა კატეგორიაში დაარქივებული 2007-01-26 საიტზე Wayback Machine. გაერთიანებული პრესა. 6 ივლისი, 2006. წაკითხვის თარიღი 10 ოქტომბერი, 2006.
  3. Schwartz, Ryan. (14 დეკემბერი, 2017) Prison Break Update: Dominic Purcell Says Season 6 Is 'In the Works'. TVLine. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-06-26. ციტირების თარიღი: 14 დეკემბერი, 2017.
  4. Abrams, Natalie. (4 იანვარი, 2018) Fox developing 'new iteration' of Prison Break. Entertainment Weekly. ციტირების თარიღი: 8 იანვარი, 2018.
  5. 5.0 5.1 Goldman, E., „Paley Fest: ციხიდან გაქცევა“, IGN. 13 მარტი, 2007. წაკითვის თარიღი 23 მარტი, 2007.
  6. 6.0 6.1 Breaking Out Is Hard To Do დაარქივებული 2020-04-09 საიტზე Wayback Machine. “ ყოველკვირეული სანახაობა. 26 აგვისტო, 2005. წაკითხვის თარიღი: 5 დეკემბერი, 2005.
  7. Daswani, M., პოლ შერინგი დაარქივებული 2006-11-21 საიტზე Wayback Machine. , WorldScreen.com, აპრილი 2006. წაკითხვის თარიღი: 19 მაისი, 2007.
  8. 8.0 8.1 ავსტრალიის გაერთიანებული პრესა, ციხიდან გაქცევის წარმატება, სიდნი მორნინგ ჰერალდი, 27 იანვარი, 2006. წაკითხვის თარიღი: 19 მაისი, 2007.
  9. 9.0 9.1 9.2 ციხიდან გაქცევის DVD-ს სიახლეები, მეორე სეზონის განხილვა!. TV Guide. 8 აგვისტო, 2006. წაკითხვის თარიღი: 17 სექტემბერი, 2006.
  10. 10.0 10.1 ციხიდან გაქცევის პალეის ფესტივალიდან, 2007, TheTVAddict.com, 10 მარტი, 2007. წაკითხვის თარიღი: 19 მაისი, 2007.
  11. ციხიდან გაქცევის პირველი სეზონის DVD-ს კომენტარი — აჯანყებები, ბურღები და ეშმაკი (ნაწილი 1)
  12. 12.0 12.1 Ryan, M, „ჯოლიეტის ციხე არის 'გაქცევის' ვარსკვლავი“, The Chicago Tribune. 24 აგვისტო, 2005. წაკითხვის თარიღი: 5 დეკემბერი, 2005.
  13. გადაღებაზე ვიზიტი: ციხიდან გაქცევა დაარქივებული 2006-05-15 საიტზე Wayback Machine. IGN. 17 მარტი, 2006. წაკითხვის თარიღი: 14 სექტემბერი, 2006.
  14. გაერთიანებული პერსა, „ახალ 'ციხიდან გაქცევას' გადაიღებენ დალასში დაარქივებული 2007-11-02 საიტზე Wayback Machine. “ MSN. 15 მაისი, 2006. წაკითხვის თარიღი: 17 მაისი, 2006.
  15. მთავარი პროდუქცია დაარქივებული 2006-11-01 საიტზე Wayback Machine. “ მინერალ ველსის ინდექსი. 14 სექტემბერი, 2006. წაკითხვის თარიღი: 15 სექტემბერი, 2006.
  16. 'ციხიდან გაქცევის' მეორე სეზონი დაარქივებული 2006-08-21 საიტზე Wayback Machine. “ Chicago Tribune. 18 აგვისტო, 2006. წაკითხვის თარიღი: 15 სექტემბერი, 2006.
  17. დალასი ესალმება ტელევიზიის სერიებს დაარქივებული 2006-10-19 საიტზე Wayback Machine. . დალასის ფილმების რწმუნება. 15 მაისი, 2006. წაკითხვის თარიღი: 17 იანვარი, 2007.
  18. Moon, T., „'ციხიდან გაქცევის' hits beach დაარქივებული 2007-09-14 საიტზე Wayback Machine. “, პენსაკოლას სიახლეების ჟურნალი. წაკითხვის თარიღი: 2 აპრილი, 2007.
  19. Sayres, S, „სატელევიზიო პროდუქციები“, ფოქს 4 სიახლეები. 12 თებერვალი, 2007. წაკითხვის თარიღი: 15 თებერვალი, 2007.
  20. Weatherford, Angela, „ჰოლივუდის პატარა ნაწილი დაარქივებული 2009-09-20 საიტზე Wayback Machine. “, Athens Review, 13 დეკემბერი, 2007. წაკითხვის თარიღი: 14 დეკემბერი, 2007.
  21. ციხიდან გაქცევა (ორიგინალური სატელევიზიო საუნდტრეკი), Amazon.com. წაკითხვის თარიღი: 13 დეკემბერი, 2007.
  22. უიატი, ედუარდ, „'ციხიდან გაქევაში', მსახიობების სამუშაო არასდროსაა უვნებელი“, ნიუ-იორკ ტაიმსი, 20 აგვისტო, 2006. წაკითხვის თარიღი: 13 სექტემბერი, 2007.
  23. Watch with Kristin — Breaking! ციხიდან გაქცევა სარა უეინ კელისი დაბრუნდება!
  24. 'Prison' Breaks 'til March; 'Reunion' Ending Early დაარქივებული 2005-12-02 საიტზე Wayback Machine. “. Zap2it.com. 29 ნოემბერი, 2005. წაკითხვის თარიღი: 23 დეკემბერი, 2006.
  25. Berman, Marc „პროგრემის შედგენის საზოგადოების წევრიკვირის მედია. 6 თებერვალი, 2007. წაკითხვის თარიღი: 6 თებერვალი, 2007.
  26. TV-ს რეიტინგი 2007—2008 სეზონზე. საუკეთესო 200-ეული
  27. 'ციხიდან' გაქცევის სიძლიერი ფოქსისთვის დაარქივებული 2007-11-17 საიტზე Wayback Machine. “ Zap2it.com. 30 აგვისტო, 2005. წაკითხვის თარიღი: 17 თებერვალი, 2006.
  28. კვირის საუკეთესო ათი შოუ ნილსენ რესირჩის მიერ IMDb. არქიცი. წაკითხვის თარიღი: 17 თებერვალი, 2006.
  29. Jailhouse Heroes Are Hard to Find“. ნიუ-იორკ ტაიმსი. 29 აგვისტო, 2005. წაკითხვის თარიღი: 15 სექტემბერი, 2006.
  30. Get Caught Up On 'Prison Break' დაარქივებული 2007-01-02 საიტზე Wayback Machine. “. ყოველკვირეული გართობა. წაკითხვის თარიღი: 15 სექტემბერი, 2006.
  31. 'Prison Break': Sharpen Up Those Spoons“. ვაშინგტონ პოსტი. 29 აგვისტო 2005. წაკითხვის თარიღი: 15 სექტემბერი, 2006.
  32. პრემიერებიUSA Today. 29 აგვისტო, 2006. წაკითხვის თარიღი: 31 აგვისტო, 2006.
  33. "ყოველკვირეული პროგრამების რეიტინგი (Week of 9/17)[მკვდარი ბმული], " ABC Medianet, 25 სექტემბერი, 2007. წაკითხივს თარიღი: 1 ნოემბერი, 2007.
  34. გლობალ TV-ის რეიტინგები CNW Telbec. 18 სექტემბერი, 2006. წაკითხვის თარიღი: 1 ოქტომბერი, 2006.
  35. ციხიდან დაჭერის მაყურებლები დაარქივებული 2006-02-06 საიტზე Wayback Machine. “ News.com.au. February 2, 2006. Retrieved on February 17, 2006.
  36. ტელევიზია სევენ 2006 წელს დაარქივებული 2008-06-12 საიტზე Wayback Machine. სევენ. 4 დეკემბერი, 2006. წაკითხვის თარიღი: 6 დეკემბერი, 2006.
  37. Heroes and Prison Break Deliver for SevenWorld Screen 2 თებერვალი, 2007. წაკითხვის თარიღი: 3 თებერვალი, 2007.
  38. სევენი — ყოველდღიური რეიტინგი დაარქივებული 2007-10-05 საიტზე Wayback Machine. სევენი. 27 სექტემბერი, 2007. წაკითხვის თარიღი: 30 სექტემბერი, 2007.
  39. Sweney, Mark, „Sky One snatches ციხიდან გაქცევაThe Guardian, 5 ივნისი, 2007. წაკითხვის თარიღი: 14 ნოემბერი, 2007.
  40. Prison Break, la série phénomène, crée l'événement sur M6 დაარქივებული 2006-11-26 საიტზე Wayback Machine. M6 1 სექტემბერი, 2006. წაკითხვის თარიღი: 12 ნოემბერი, 2006.
  41. 1ère chaîne avec Prison Break დაარქივებული 2008-06-30 საიტზე Wayback Machine. M6 9 ნოემბერი, 2006. წაკითხვის თარიღი: 12 ნოემბერი, 2006.
  42. Audience Prison break : retour gagnant pour M6 Le Blog TV News 14 სექტემბერი, 2007. წაკითხვის თარიღი: 22 სექტემბერი, 2007.
  43. ციხიდან გაქცევა პოლსტარზე, WirtualneMedia. 30 იანვარი, 2007. წაკითხვის თარიღი: 14 თებერვალი, 2007.
  44. Meza, E., „'Heroes' heads to Germany“, Variety, 29 ივნისი, 2007. წაკითხვის თარიღი: 3 ივლისი, 2007.
  45. 45.0 45.1 AGB ნილსენ მედია რესირჩი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-04-30. ციტირების თარიღი: 2008-06-29.
  46. 59萬觀眾睇《逃》結局 創英文收視紀錄“, Yahoo! სიახლეები. J23 იანვარი, 2007. წაკითხვის თარიღი: 17 მარტი, 2007.
  47. 《逃2》首播搶走31萬觀眾“, Yahoo! სიახლეები. 8 მარტი, 2007. წაკითხვის თარიღი: 17 მარტი, 2007.
  48. ციხიდან გაქცევის პოპულარობა ჩინეთში დაარქივებული 2008-04-23 საიტზე Wayback Machine. “,BuddyTV. 3 აპრილი, 2007. წაკითხვის თარიღი: 4 აპრილი, 2007.
  49. ციხიდან გაქცევა – სეზონი 1 (2005). Amazon.com. ციტირების თარიღი: 2007-05-25.
  50. ციხიდან გაქცევა – სეზონი 1 – დასრულებული (2006). Amazon.co.uk. ციტირების თარიღი: 2007-07-12.
  51. ციხიდან გაქცევა — დასრულებული სეზონი 1 (6 დისკიანი სეტი დაარქივებული 2007-06-01 საიტზე Wayback Machine. , EzyDVD. წაკითხვის თარიღი: 21 ივნისი, 2007.
  52. ციხიდან გაქცევის DVD-ების სიახლეები: სეზონი 2 კვლავ შეფერხდა.... TVShowsonDVD.com (2007-05-18). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-05-20. ციტირების თარიღი: 2007-05-25.
  53. ციხიდან გაქცევა – სეზონი 2 – დასრულებული (2007). Amazon.co.uk. ციტირების თარიღი: 2007-07-12.
  54. ციხიდან გაქცევა — დასრულებული მეორე სეზონი (6 დისკიანი სეტი) დაარქივებული 2007-07-05 საიტზე Wayback Machine. , EzyDVD. წაკითხვის თარიღი: 21 ივნისი, 2007.
  55. ციხიდან გაქცევა — დასრულებული სეზონი 3 (4 დისკიანი სეტი), Amazon.co.uk. წაკითხვის თარიღი: 7 აპრილი, 2008.
  56. Woodson, Alex, „ფოქსი 'Break,' 'K-Ville' get Web peeks“, ჰოლივურის რეპორტიორი, 24 აგვისტო, 2007. წაკითხვის თარიღი: 13 სექტემბერი, 2007.


  კინოს პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები კინოს შესახებ.