ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „აბუ-სიმბალი“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. აბუ-სიმბალი ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია.
აბუ-სიმბალის ტაძარი იეროგლიფებში
pr
Z1
U6C12C2F31S29U6

Per-Ra-mesisu-meri-Amun
Pr-Rˁ-msj-sw-mrj-Jmn
სახლი რამზესისა, ამონისგან საყვარელისა
[1]
mM16G1N25

Meha
Mḥ3
მეჰას მთა

აბუ-სიმბალის დიდი ტაძარი

აბუ-სიმბალი, ასევე აბუ-სიმბელი (არაბ. أبو سنبل ან أبو سمبل) — ორი, კლდეში ნაკვეთი ძველეგვიპტური ტაძარი ნასერის ტბის დასავლეთ ნაპირზე, მდინარე ნილოსის მარცხენა სანაპიროზე. მდებარეობს ისტორიული ნუბიის ეგვიპტურ ნაწილში, ამავე სახელწოდების მცირე დასახლებიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით. აგებულია ძვ. წ. XIII საუკუნეში, ძველი ეგვიპტის ახალი სამეფოს ფარაონის, XIX დინასტიის წარმომადგენლის, რამზეს II-ის მიერ.

აბუ-სიმბალის ნუბიური მონუმენტები*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

აბუ-სიმბალის ორივე ტაძრის პანორამა, დღევანდელი მდებარეობა
ქვეყანა ეგვიპტის დროშა ეგვიპტე
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები i, iii, vi
სია [1]
რეგიონი** არაბული ქვეყნები
კოორდინატები 22°20′13″ ჩ. გ. 31°37′32″ ა. გ. / 22.33694° ჩ. გ. 31.62556° ა. გ. / 22.33694; 31.62556
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1979  (მე-3 სესია)
ნომერი 88
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.

აბუ-სიმბალის კლდეში ნაკვეთი დიდი ტაძარი აგებულია თავად რამზეს II-ის განდიდებისათვის, ხოლო მეორე, შედარებით მცირე ჰატჰორის ტაძარი ეგვიპტის დიდი დედოფლის — ნეფერტარის მოსაგონრად აიგო. ორივე ტაძარი 1979 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია მოხვედრილი. რამზესისა და ჰატჰორის ეს ორი ტაძარი დღეს აღარ მდებარეობს იქ, სადაც თავდაპირველად გამოკვეთეს კლდეში. 1968 წელს ასუანის კაშხალის მშენებლობასთან დაკავშირებით აბუ-სიმბალის ტერიტორია წყლით დაიფარა, მანამდე კი, 1963 წლიდან ძეგლთა გადასარჩენად აქტიური სამუშაოები მიმდინარეობდა, ტაძრები ნაწილებად დახერხეს, იმავე მიდამოებში 64 მეტრით მაღლა გადაიტანეს და ხელახლა ააშენეს. აბუ-სიმბალის ეს შემაღლებული ადგილი ტაძრებითურთ დღეს ნასერის ტბაში კუნძულს ქმნის, რომელიც ჩრდილო-დასავლეთი მხრიდან დასახლებულ პუნქტს (აბუ-სიმბალი) დამბებით უკავშირდება; დამბაზე გაყვანილია სპეციალური გზა მიმოსვლისათვის.

სახელწოდება „აბუ-სიმბალი“ (ან „აბუ-სიმბელი“) არის ევროპული ვარიანტი არაბული დასახელებისა „აბუ სუნბულ“, რომელიც ამ ადგილის ანტიკური სახელიდან, „იპსამბულიდან“ მომდინარეობს[2]. ძველი ეგვიპტის ახალი სამეფოს პერიოდში, როდესაც ტაძრები აიგო, სავარაუდოდ ამ ადგილს მეჰა ეწოდებოდა. აბუ-სიმბალიდან დაახლოებით 20 კილომეტრით სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობდა პატარა სოფელი იბშეკი[3], რომელშიც იდგა პატარა ტაძარი, ჰატჰორის სახელზე აგებული (აბუ-სიმბალის მცირე ტაძარიც ჰატჰორისაა). ეს ტერიტორია, რომელიც თანამედროვე სუდანის საზღვრებშია მოქცეული, თავდაპირველად კი ნილოსის მეორე ჭორომის ჩრდილოეთით მდებარეობდა, დღეს ნუბიის ტბით არის დაფარული.

მდებარეობა

რედაქტირება
 
 
მდებარეობა ეგვიპტეში

აბუ-სიმბალი მდებარეობს ეგვიპტის სამხრეთ ნაწილში, ასუანის საგუბერნატოროში, სუდანის საზღვრის სიახლოვეს. სუდანის საზღვარი ტაძრებიდან სამხრეთ-დასავლეთით მხოლოდ 20 კილომეტრითაა დაშორებული. საგუბერნატოროს დედაქალაქი ასუანი, რომელიც აბუ-სიმბალიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 250 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს, ტაძართა კომპლექსს საავტომობილო გზით უკავშირდება, რომელიც ნასერის ტბის დასავლეთით ლიბიის უდაბნოში გადის. ეს გზა ძირითადად ტურისტულ ავტობუსებს ემსახურება, ორივე ტაძარს ყოველთვის ბევრი დამთვალიერებელი ჰყავს. ნასერის ტბა სანაოსნოა, ამიტომ ტაძრებამდე მისვლა ტბის გავლითაცაა შესაძლებელი. ზოგიერთი საკრუიზო გემი ასუანის კაშხლის მხოლოდ ზემო ნაწილში მოძრაობს. აბუ-სიმბალის აეროპორტის საშუალებით ეს ადგილი საჰაერო ტრანსპორტისთვისაც მისაწვდომია.

 
ჰატჰორის ტაძარი ნასერის ტბასთან

ძველ დროში ტაძრები ნილოსის დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობდა, პირველსა და მეორე ჭორომებს შორის. ჭორომები მდინარის სწრაფდინებიანი მონაკვეთებია დიდი ლოდებით, სადაც ძველეგვიპტელთათვის ნაოსნობა მეტად მოუხერხებელი იყო. დღეისათვის ორივე ეს ჭორომი ასუანის კაშხლის მშენებლობის შემდეგ ნასერის ტბამ დაფარა, რომელსაც სახელწოდება კაშხლის მშენებლობის დროინდელი ეგვიპტის პრეზიდენტის, გამალ აბდელ ნასერის სახელის მიხედვით ეწოდა. რამზეს II-ის დროს ნილოსის მეორე ჭორომთან გადიოდა ეგვიპტის სამეფოს საზღვარი. ამ ადგილას ეგვიპტური ტაძრების მშენებლობის ძირითადი მიზანი მოხარკე ნუბიელთათვის ეგვიპტის სიძლიერისა და მარადიული ძალაუფლების დემონტრაცია იყო.

კვლევა და ტაძართა გადაადგილება

რედაქტირება

ტაძრების აღმოჩენა

რედაქტირება

1813 წელს შვეიცარიელი მეცნიერი იოჰან ლუდვიგ ბურკჰარდტი (1784-1817) კასრ-იბრიმის სამხრეთით მდებარე მიდამოების შესწავლას აწარმოებდა ნუბიაში[4]. უკან წამოსვლისას მან ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრებისგან შეიტყო ერთი განსაკუთრებული სილამაზის ტაძრის შესახებ, რომელიც ნილოსის ნაპირთან მდებარეობდა ; მოგვიანებით ამ ადგილს ბურკჰარდტის ჩანაწერებსა და აღნიშვნებში ებსამბელი ეწოდა (ანტიკური სახელწოდების მიხედვით)[5]. ამგვარად გახდა იოჰან ბურკჰარდტი პირველი ევროპელი, რომელმაც 1813 წლის 22 მარტს იხილა ნეფერტარის სადიდებლად აგებული ჰატჰორის ტაძარი აბუ-სიმბალში[6]. მიდამოს დათვალიერებისა და გამოკვლევის შედეგად მან აღმოაჩინა მეორე, უფრო დიდი რამზეს II-ის ტაძარი, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი ქვიშის დიუნებით იყო დაფარული. ტაძრის შიდა ნაწილი, რომელიც ქვიშით იყო ამოვსებული, მკვლევარისთვის მიუწვდომელი დარჩა[5].

 
რამზესის ერთ-ერთი კოლოსალური ქანდაკების ქვიშისგან თავისუფალი ნაწილი, 1850 წ. Maxime Du Camp–ის ფოტო
 
მდებარეობა ლეპსიუსის მიხედვით
 
მდგომარეობა 1845-1849 წლებში
 
1905-1907 წლების ფოტო

დიდი ტაძრის აღმოჩენის შესახებ ბურკჰარდტი თავის დღიურში აღნიშნავდა[7]:

ჩემი მზერა მიიპყრო კოლოსალური ქანდაკებების ჯერ კიდევ ხილვადმა ნაწილმა... ისინი კლდეში გამოთხრილ ღრმულში მდებარეობდნენ. სამწუხაროა, რომ თითქმის მთლიანად დაფარულნი არიან ქვიშით, რომელიც ამ ადგილებში ქარს ტყის ნაკადულის წყლის მსგავსად მოაქვს მთებიდან. ერთ ქანდაკებას ჯერ კიდევ ქვიშის ზემოთ შერჩენია თავი და მკერდისა და მკლავის ნაწილები. მისი მეზობელი საერთოდ აღარ ჩანს, რადგან თავი აკლია და სხეული კი, მხრების ჩათვლით ქვიშის ქვეშაა. დანარჩენი ორი ქანდაკებიდან კი მხოლოდ თავსაბურავების ხილვაა შესაძლებელი.

კაიროში დაბრუნებულმა ბურკჰარდტმა აღმოჩენილი ტაძრები აღუწერა იტალიელ მოგზაურს ჯოვანი ბატისტა ბელცონის (1778-1823), აღმოჩენის შესახებ თავად მმკვლევარისაგან შეიტყო ასევე ბრიტანეთის გენერალურმა კონსულმა ჰენრი სალტმა. სალტის დავალებით ბელცონი 1817 წელს გაემგზავრა ნუბიაში და იხილა აბუ-სიმბალი[5]. ამავე დროს მან 1817 წლის 1 აგვისტოს ქვიშისგან ნაწილობრივ გამოათავისუფლა დიდი ტაძრის შესასვლელი და მოამზადა შიდა ნაწილის გასაწმენდად[8]. ბელცონი ტაძრის შესახებ წერდა:

ჩვენი პირველი შთაბეჭდილება იყო, რომ საქმე აშკარად საკმაოდ დიდ ნაგებობასთან გვქონდა; ჩვენი გაოცება კიდევ უფრო გაიზარდა, როდესაც აღმოვაჩინეთ, რომ ეს ძალიან მდიდარი ტაძარი იყო, ულამაზესი რელიეფებით, ფრესკებითა და კოლოსალური ქანდაკებებით მორთული.

აბუ-სიმბალის ტაძართა მეცნიერული კვლევა 1828 წელს ფრანგულ-ტოსკანური ექსპედიციით დაიწყო, რომელსაც ჟან-ფრანსუა შამპოლიონი და იპოლიტო როზელინი ხელმძღვანელობდნენ. მათ ერთად შეადგინეს დოკუმენტაცია ტაძრების მდგომარეობის შესახებ. შემდეგი ექსპედიციები 1830 წელს რობერტ ჰეისა და 1844 წელს კარლ რიხარდ ლეპსიუსის ხელმძღვანელობით მოეწყო. რობერტ ჰეი იყო პირველი, რომელმაც ტაძრების დასაცავად, ქვიშისაგან მუდმივი ამოვსების საწინააღმდეგოდ ტექნიკური ღონისძიებბი ჩაატარა[9]. იმის გამო, რომ ევროპაში აბუ-სიმბალი მალევე გახდა ცნობილი, უკვე XIX საუკუნეში მას ბევრი მოგზაური სტუმრობდა. ზოგიერთმა მათგანმა საკუთარი სახელი გრავიურის სახით სამუდამოდ დატოვა ტაძრის ფასადებზე. საუკუნის მიწურულისთვის უფრო და უფრო იწმინდებოდა ქვიშისგან მჯდომარე რამზეს II-ის კოლოსალური ქანდაკება, თუმცა დიდი ტაძრის ფასადის სრული გათავისუფლება ქვიშისგან მხოლოდ 1909 წელს მოხერხდა[7].

ტაძრების გადაადგილება

რედაქტირება

1950-იან წლებში ასუანის კაშხლის მშენებლობის დაგეგმვამ საფრხის წინაშე დააყენა აბუ-სიმბალის ორივე ტაძრის არსებობა. ისინი გეგმით ფილისა და ქალაბშის ანტიკურ ეგვიპტურ დასახლებებთან ერთად წყალსაცავის წყლის ქვემოთ უნდა მოხვედრილიყვნენ. უკვე 1955 წლისათვის დამტკიცებული იყო, რომ ახალ წყალსაცავს უნდა აეთვისებინა მთელი ასუანის ტერიტორია სუდანის საზღვრამდე. 1960 წლის 8 მარტს იუნესკომ საერთაშორისო დახმარება ითხოვა ტაძართა გადასარჩენად[10]. გადარჩენის სხვა მრავალ გეგმას შორის 1963 წლის ივნისში შეირჩა შვედური პროექტი, რომელიც ტაძრის ნაწილ-ნაწილ დაჭრას, დაჭრილი კლდის ლოდების გადაადგილებასა და უფრო შემაღლებულ ადგილას ტაძრის ხელახლა აშენებას ითვალისწინებდა[11].

 
ტაძრის მდებარეობის ცვლილების ამსახველი მოდელი

ტაძართა ამგვარი გადაადგილების პროექტი მართლაც განხორციელდა, როგორც მსოფლიო მნიშვნელობის სახალხო პროექტი; ნაგებობების გადატანის პროცესი 1963 წლის ნოემბრიდან 1968 წლის სექტემბრამდე გაგრძელდა. სამუშაოები ეგვიპტური, გერმანული, ფრანგული, იტალიური და შვედური სამშენებლო ფირმების მიერ ერთობლივად მიმდინარეობდა. 1968 წლის 22 სექტემბერს აბუ-სიმბალის ტაძართა წარმატებული გადაადგილება ოფიციალურად იზეიმეს[12]. 1971 წლის 15 იანვარს ასუანის კაშხლის გახსნისას ეგვიპტის მაშინდელმა პრეზიდენტმა ანვარ ალ-სადათმა მადლობა გადაიხადა საერთო ჯამში 23 ნუბიური და ტაძრისა და მონუმენტის გადარჩენისათვის[13]:

ხალხს შეუძლია სასწაულის მოხდენა, როდესაც ჩვენ ერთი მიზნის მისაღწევად შეთანხმებულად და ერთად ვმუშაობთ.

 
სამუშაოები ტაძართა გადაადგილებისას

საწყის ეტაპზე გაკეთდა 17 ათასი ხვრელი კლდეში, რათა ქვის ქანდაკებები 33 ტონა ეპოქსიდური ფისით გაემყარებინათ. გარდა ამისა, რკინის სამაგრები ხელს უწყობდა სტაბილურობას. ამის შემდეგ აბუ-სიმბალის ტაძრები დახერხეს 1036 ნაწილად, ქვის ბლოკებად, რომელთა წონა 7-დან 30 ტონამდე მერყეობდა. ის ადგილები, სადაც კლდე გაიხერხა, დღეს ზოგიერთ ადგილას შესამჩნევია. ტაძართა ახალი ადგილი ძველიდან 180 მეტრით ჩრდილო-დასავლეთით და 64 მეტრით მაღლა მდებარეობს. ახალ ადგილზე გადატანისას არ შეცვლილა ტაძართა ორიგინალური ორიენტირება (მიმართულება). პირველი ბლოკი 1965 წლის 12 მაისს დაეშვა ახალ ადგილზე, ნომრით — GA 1A01. გარდა უშუალოდ ტაძრის ბლოკებისა, დაიჭრა და გადატანილ იქნა ტაძრების მიმდებარე კლდის 1112 ბლოკი, რათა ახალ ადგილზე არ დარღვეულიყო აბუ-სიმბალის თავდაპირველი სახე[11].

გადაადგილების შემდეგ ტაძრების შიდა ნაწილები ნაწილობრივ ჩამოკიდებულია სპეციალურად მათ თავზე მოწყობილ რკინაბეტონის გუმბათებზე, შესაბამისად აბუ-სიმბალი დღევანდელი სახით აღარ წარმოადგენს ნამდვილ კლდეში ნაკვეთ ტაძარს. დამჭერი გუმბათები დღეს გარედან დაფარულია ნაყარი ქვიშითა და კლდის ლოდებით (მათ შორისაა თავდაპირველი ორიგინალიდან მოტანილი ქვებიც), რის გამოც შესახედაობით ტაძრები ერთიანობაში კვლავ თავდაპირველ იერს ინარჩუნებენ. ხელახლა მშენებლობისას დიდი სამშენებლო ტექნიკური ენერგია გახდა საჭირო, რათა შედეგი რამზეს II-ის მიერ აგებულ ორიგინალთან მაქსიმალურად მიახლოებული ყოფილიყო[14]. აბუ-სიმბალის გადაადგილების პროექტის ღირებულებამ საბოლოოდ 80 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც მსოფლიოს 50-ზე მეტმა სახელმწიფომ დააფინანსა. აბუ-სიმბალის მაგალითი გახდა ერთ-ერთი მიზეზი 1972 წელს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციის მიღებისა და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიების შედგენისა[15].

ნაგებობები

რედაქტირება

აბუ-სიმბალი თავისი ტაძრებით, როგორც „მეორე სამეფო სასახლე“, წარმოადგენდა „ღვთაებრივი ქვეყნის“ ერთგვარ წარმომადგენლობას, სადაც რამზესი, როგორც ღვთაებრივი ლეგიტიმურობის მქონე ამქვეყნიური მმართველი, ღმერთების ქვეყნისა და დედამიწის დამაკავშირებლად გვევლინება. ამგვარად აბუ-სიმბალის ტაძრები ცასა და დედამიწას შორის დამაკავშირებელი ხიდის მოვალეობას ასრულებდნენ[16].

 
რამზესის დიდი ტაძარი II.
 
ნეფერტარისთვის აგებული ჰატჰორის ტაძარი

აბუ-სიმბალის ტაძართა დაგეგმარებისა და აშენების ზუსტი თარიღები ცნობილი არაა, თუმცა მიჩნეულია რომ სამშენებლო სამუშაოები ნუბიის მეფისნაცვლის, იუნის დროს მიმდინარეობდა. ერთ-ერთი წარწერა, რომელიც მცირე ტაძრის სიახლოვესაა აღმოჩენილი, გვაუწყებს, რომ მეფემ ერთ ახლო ნაცნობს დაავალა სამშენებლო სამუშაოების დაწყებაზე ზედამხედველობა[17]. ძვ. წ. 1260 წლიდან ძვ. წ. 1250 წლამდე პერიოდი საზოგადოდაა მიღებული აბუ-სიმბალის ტაძართა აგების სავარაუდო თარიღად[2]. დროის ამ მონაკვეთში ექვცევა დიდი ეგვიპტელი დედოფლის, ნეფერტარის გარდაცვალების თარიღიც (სავარაუდოდ ძვ. წ. 1255 წელი), რომელიც რამზეს II-ის (მმართველობის წლები: ძვ. წ. 1279-1213) ცხოვრებაში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობდა. მისი სახელი უკანასკნელად მოიხსენიება რამზეს II-ის მმართველობის 24-ე წელს, აბუ-სიმბალის ტაძართა გახსნასთან დაკავშირებით[18].

აბუ-სიმბალის კომპლექსის შექმნის დროის შესახებ უპირველეს ინფორმაციას იძლევა ტაძართა შიდა კედლებზე არსებული ფერადი რელიეფური გამოსახულებები. მაგალითად დიდი ტაძრის რელიეფურ ფრესკებზე ასახულია სცენები რამზეს II-ისა და მისი თანამმართველი მამის, სეტი I-ის საომარი კამპანიებიდან, რომელთა დათარიღებაც სხვა წყაროებითაა შესაძლებელი. თარიღის დაზუსტების კიდევ ერთ წყაროს წარმოადგენს ფრესკების ტექსტებში მოხსენიებული ცალკეული სახელები ან ცნობილ პიროვნებათა ჩამონათვალი. რამზეს II-ის მესამე ვაჟი, პრინცი რამზესი, რომელიც მალევე, ფარაონ რამზესის 24-ე მმართველობის წლამდე გარდაიცვალა, ტაძრის ტექსტებში სამჯერაა მოხსენიებული ეგვიპტელთათვის დამახასიათებელი ტიპური გარდაცვლილის ნიშნის გარეშე, რაც აბუ-სიმბალის ტაძართა მშენებლობის თარიღს ძვ. წ. 1253 წლით შემოფარგლავს.

რამზეს II-ისა და ისისნოფრეტის ქალიშვილი ბინტანატი თავდაპირველად დიდი ტაძრის ფასადზე, ქანდაკების სახითაა გამოსახული მჯდომარე ფარაონის კოლოსალური ქანდაკების ფეხებთან. აქ იგი წარწერაში უბრალო ტიტულითაა მოხსენიებული: ფარაონის ქალიშვილი. ტაძრის შიდა მხარეს, დიდი სვეტებიანი დარბაზის რელიეფის ქვედა ნაწილში იგი უკვე ახალი ტიტულით იხსენიება — „დიდი სამეფო ცოლი“. ამ ტიტულს იგი დედის გარდაცვალებამდე, ძვ. წ. 1246 წელს უკვე ფლობდა. დიდი ტაძრის შიდა ნაწილი, როგორც ჩანს, ფარაონის 34-ე მმართველობის წელს უკვე დასრულებული იყო, ვინაიდან ინტერიერში არსად იხსენიება რამზეს II-ის მიერ ამ წელს ცოლად მოყვანილი ხეთების მეფის ასული მაატჰორნეფერურა. მისი ქანდაკება მხოლოდ შემდეგ მიუდგამთ სამხრეთი ფასადის ბოლოში[19].

აბუ-სიმბალის ორივე ტაძარი წარმოადგენს ტრადიციულ ეგვიპტურ კლდის სამარხს, რომელიც მთლიანად კლდეშია ნაკვეთი. გერმანელმა ეგვიპტოლოგმა დიტერ არნოლდმა აბუ-სიმბალის ტაძრები ამგვარად აღწერა: „კლდეში ნაკვეთი შედევრი, რომელსაც თავისი მნიშვნელობით მხოლოდ ინდური კლდეში ნაკვეთი ტაძარი ელორა შეიძლება შევადაროთ“[4]. ნეფერტარისათვის აგებული ჰატჰორის ტაძარი სიდიდით დაახლოებით რამზესის ტაძრის ნახევარს შეადგენს. დიდი ტაძრის სიღრმე კლდეში გამოკვეთილი დარბაზის ბოლომდე 63 მეტრს შეადგენს (გაზომილია შემოსასვლელის ჩათვლით). ორივე ტაძრის მშენებლობაზე მრავალი მონა მუშაობდა[20].

დიდი ტაძარი

რედაქტირება

აღწერილობა და მითოლოგიური კავშირები

რედაქტირება
 
დიდი ტაძრის გეგმა

აბუ-სიმბალის დიდი ტაძარი არქიტექტურული ელემენტების მხრივ წარმოადგენს ეგვიპტური „ყველა წმინდანთა ტაძრის“ გადატანას კლდეში. კლდის ფერდობი აქ ტაძრის ჭიშკრის მოვალეობას ასრულებს. ტაძრის შიდა მხარეში საკურთხევლამდე ჩამწკრივებულია და ერთმანეთს მისდევს წარწერებითა და რელიეფებით მდიდრულად მორთული დარბაზები. საკურთხეველში ფრესკების სახით წარმოდგენილია ტაძარში თაყვანცემული ღვთაებების გამოსახულებები. რამზესის ტაძარში XVIII–დან XX დინასტიის ჩათვლით განადიდებდნენ სამ მთავარ ღვთაებას: პტაჰი (ქალაქი მემფისიდან), ამონ-რა (თებედან) და რა-ჰორაქტი (ჰელიოპოლისიდან)[21].

 
რა-ჰორაქტი ტაძრის შესასვლელის თავზე

გარდა ამისა, ტაძრის ინტერიერის რელიეფურ გამოსახულებებზე განდიდებულია ჰორიც, ქალაქ მეჰას ღვთაება. აქ იგი წარმოდგენილია მისი ერთ-ერთი სახეობის — ჰორაქტის სახით. ასევე გვხვდება რასა და ჰორის შერწყმით მიღებული ახალი ღვთაება რა-ჰორაქტი. ჰორი და რა-ჰორაქტი გარეგნულად მსგავსი ღვთაებებია, ორივე შევარდენის თავითაა წარმოდგენილი. მათ შორის განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ რა-ჰორაქტს დამატებით თავზე მზის დისკო ადგას, შემოხვეული წმინდა გველით. ზოგჯერ ჰელიოპოლისურ რა-ჰორაქტსა და ჰორს აბსოლუტურად ერთნაირადაც გამოსახავდნენ, მაგალითად ქალაქ ბეჰდეტში (დღევანდელი ედფუ). ჰორის კულტის ქალაქ მეჰაში გავრცელება უკავშირდება ფარაონ სენუსერტ III-ის მიერ ამ ღვთაების განდიდებას ნუბიის ოთხ ქალაქში: მეჰას გარდა ჰორის მადიდებელი ქალაქები იყო ბაკი (დღეს კუბანი), მიამი (ანიბა) და ბუჰენი (ვადი-ჰალფა). XII დინასტიის პერიოდში ჰორის განსაკუთრებული თაყვანისცემა მიმართული უნდა ყოფილიყო ნუბიის ეგვიპტეში ინტეგრაციისაკენ[22].

მიუხედავად ამისა, რადგან მეჰის ჰორი მაინც ადგილობრივ ღვთაებად ითვლებოდა, რამზესის ტაძრის მდებარეობის შერჩევისას და ასევე მასში თაყვანცემული ღვთაებების არჩევისას ჰორს მხოლოდ მეორეხარისხოვანი ადგილი ეკავა. აბუ-სიმბალის დიდი ტაძრის მთავარი მოვალეობა მაინც ძველეგვიპტელი ფარაონების დიდი ძალაუფლების ჩვენება იყო სამეფოს განაპირა მხარეში. რამზეს II-ს ამგვარად სურდა წარმოეჩინა თავისი, როგორც „გაპიროვნებული ღვთის შვილის“ სახე და ღვთაებრივი ლეგიტიმურობა დედამიწაზე.

აღსანიშნავია, რომ ტაძრის გაფორმებაში ხშირად ვხვდებით თავად რამზესის გამოსახულებებს ღვთაება ჰორის ფორმაში. მაგალითად, დიდი სვეტებიანი დარბაზის სამხრეთ სვეტზე, ღვთაება ჰატჰორის (ჰორის მეუღლე) ზემოთ გამოსახულია შევარდენის თავიანი ღმერთი ადამიანის ყურებითა და ვერძის რქებით. გამოსახულებას მიწერილი აქვს რამზესის სრული სახელი — უსერ-მაატ-რა-სეტეპ-ენ-რა, რომელიც ფარაონმა თავად დაირქვა. ამავე დარბაზის ერთ-ერთი გვერდითი ოთახის დასავლეთ კედელზე „დიდებული ღმერთის“ სახელით წარმოდგენილია რამეზისუმერიამუნი (რამზესის ერთ-ერთი სახელი), კვლავ შევარდენის თავით. ეს გამოსახულება ავსებს იმ ადგილს, სადაც წესით ჰორი (მეჰადან) უნდა იყოს — აქვეა წარმოდგენილი ამონ-რა (თებე), რა-ჰორაქტი (ჰელიოპოლისი), სამი ქალაქის (ბუჰენი, მიამი და ბაკი) ჰორი, აკლია მხოლოდ ქალაქ მეჰას ჰორი, რომელსაც ფარაონის ზემოთაღნიშნული ფრესკა იკავებს[22].

რამზეს II-ის კოლოსალური ქანდაკებები დიდი ტაძრის შესასვლელთან

       

აბუ-სიმბალის ახალი ტაძარი ემსახურებოდა მეფური ფილოსოფიის ახლებურ გაგებას რამზესის მიერ, რომელიც საკუთარ თავში ღვთაებრივ ლეგიტიმურ მმართველს, სხვა ღვთაებათა თანასწორუფლებიან ღმერთს ხედავდა. ამას მოწმობს ზემოთ წარმოდგენილი ოთხი 21 მეტრი სიმაღლის ერთნაირი ქანდაკება რამზეს II-ისა, ზემო და ქვემო ეგვიპტის ორმაგი გვირგვინებით; ეს ქანდაკებები „იცავენ“ ტაძრის შესასვლელ ჭიშკარს[23]. თითოეული ქანდაკების ყურებს შორის მანძილი (სახის სიგანე) ოთხ მეტრს აღემატება, ხოლო ტუჩების სიგრძე ერთ მეტრზე მეტია[24]. ჩრდილოეთი მხარის ორ მჯდომარე ქანდაკებას გაკეთებული აქვს წარწერა: „რამზესი, ამონის მიერ საყვარელი“ და „რამზესი, ატონის მიერ საყვარელი“, ხოლო სამხრეთის ქანდაკებებს: „რამზესი, მბრძანებელი მზე“ და „რამზესი, მბრძანებელი ორი ქვეყნისა“.

ტაძრის შესავლელის სამხრეთით მჯდომარე პირველივე ქანდაკება სრული არ არის, მისი სხეულის მოტეხილი ნაწილები, ტანი და თავი, ფასადის წინ უბრალოდ ალაგია. ეს ქანდაკება ტაძრის აშენებიდან სულ მცირე ხანში, რამზესის 34-ე მმართველობის წელს მიწისძვრის შედეგად დაზიანდა[25]. რამზესის კოლოსალური ქანდაკებები შემჯდარია კლდეში ნაკვეთ ფასადის სტრუქტურაში, რომლის სიგრძეა 38 მეტრი, ხოლო სიმაღლე — 32 მეტრი. ქანდაკებები ჭიშკრის მარცხნივ და მარჯვნივ წყვილ-წყვილად მდებარეობენ სპეციალურად მოწყობილ ტერასაზე. ქვემოდან ტერასის სიმაღლემდე მიემართება ცხრა საფეხურიანი კიბე[26].

ფრიზი წმინდა მაიმუნების, მზის მაიმუნების გამოსახულებებით

 

ტაძრის ფასადს ზემო ნაწილში გასდევს ფრიზი, რომელიც მორთულია დღემდე შემორჩენილი 16 (თავდაპირველად კი 21) პავიანის, ეგრეთ წოდებული მზის მაიმუნების (ან წმნიდა მაიმუნების) მჯდომარე ქანდაკებებით. სწორედ ეს ფრიზი იყო, რამაც ტაძრის ხელმეორედ აღმოჩენისას 1813 წელს შვეიცარიელი მკვლევარის იოჰან ლუდვიგ ბურკჰარდტის ყურადღება მიიქცია და მთლიანად ქვიშით ამოვსებულ დიდ ტაძარზე აფიქრებინა. ეს პავიანების ფრიზი, რომლის ფოტოსაც თქვენ ამ აბზაცის ზემოთ ხედავთ (2009), არის ტაძრის ის ნაწილი, რომელიც პირველად ნათდება მზის ამოსვლისას. ფრიზის ქვემოთ, ტაძრის ფასადიდან ამოზნექილ კარნიზზე გაკეთებულია რკალური ღარი წმინდა გველების გამოსახულებებითა და წარწერებით. ეს გველებიანი ფრიზი სიმბოლურად ტაძრის დამცავ ფუნქციას ასრულებს. გველებიანი კარნიზის ქვემოთ ეგვიპტური იეროგლიფებით ჩაწერილი წარწერაა გაკეთებული, რომელიც ტაძრის ფასადს მთელ სიგანეზე გასდევს[24].

ტაძრის შესასვლელის თავზე გამოჭრილია ნიშა, რომელშიც დგას რა-ჰორაქტის, ჰელიოპოლისის მზის ღვთაების ქანდაკება. იგი აქ წარმოდგენილია რასთვის დამახასიათებელი მზის დისკოთი თავზე; მარჯვენა ხელში უკავია ე. წ. უსერის ნიშანი, რომელიც ცხოველის თავისა და ყელის სტილიზირებული სიმბოლოა და სიძლიერეს, ძლევამოსილებას აღნიშნავს; მარცხენა ხელში კი უჭირავს მაატის ფიგურა, მსოფლიო წესრიგის ეგვიპტური სიმბოლო. ეს სიმბოლოები ერთობლიობაში შეიძლება წაიკითხოს, როგორც რამზესის ერთ-ერთი სახელი — უსერ-მაატ-რა — „ძლევამოსილია რას მაატი“, ამგვარად ფარაონი საკუთარ თავს წარმოაჩენს, როგორც ღვთაბა რას ხორცშესხმას, ინკარნაციას[27]. მზის ღვთაების შესასვლელთან განთავსება სიმბოლურად მზის ამოსვლასაც უკავშირდება, რასაც ტაძრის მდებარეობა ორიენტირებაც შეესაბამება. რა-ჰორაქტის ქანდაკების ორივე მხარეს ტაძრის ფასადზე რელიეფური გამოსახულებებია, ერთ-ერთზე ქალღმერთი მაატია წარმოდგენილი.

 
ნეფერტარის ფიგურა
 
დიდი სვეტებიანი დარბაზი
 
დიდი ტაძრის კამერა

რამზეს II-ის კოლოსალური ქანდაკების ფეხებთან, ტაძრის შესასვლელთან, მისი ოჯახის წევრების უფრო მომცრო ქანდაკებებია გამოკვეთილი. ფეხების გვერდით და მათ შორის დგას დედოფალ ნეფერტარის, ფარაონის რამდენიმე შვილისა და მისი დედის — ფარაონ სეტი I-ის მეუღლის — დედოფალ ტუიას (რამზესის თანამესაყდრე) სკულპტურები. ფარაონის შვილების ქანდაკებებიდან წარწერა გაკეთებული აქვს რამზესის ვაჟიშვილს, ამონჰერხეპეშეფსა და ქალიშვილებს — ბინტანატს, ნებეტაუისა და მერიტამონს. მეოთხე ქალიშვილის ქანდაკება სახელის გარეშეა[27]. ყველა ეს სკულპტურა დგას რამზესის ქანდაკებების ტახტის დონეზე, ტერასის დონეზე ოდნავ მაღლა. რელიეფების წინა და გვერდითა მხარეებზე გამოსახული არიან ასევე ნუბიელი და აზიელი ტყვეები[20].

შესასვლელიდან უკანასკნელ ღმერთების ქანდაკებებიან კამერამდე (საკურთხევლამდე) კლდეში გამოკვეთილი დერეფნის სიგრძე 63 მეტრს შეადგენს. დერეფანი იწყება დიდი სამნავიანი სვეტებიანი დარბაზით[27]. ორ მწკრივად და ოთხ რიგად ჩამწკრივებული და რელიეფური გამოსახულებებით მორთული სვეტები 18 მეტრი სიგრძისა და 16,7 მეტრი სიგანის დარბაზს სამ ნაწილად ყოფენ[20]. ათ მეტრიანი სვეტების წინ განთავსებული ქანდაკებები ცენტრალური ნავის გასწვრივ ქმნიან დერეფანს, რომელიც შემდეგი კამერისკენ მიემართება. ამ ქანდაკებებში გამოსახულია თავად რამზეს II, ოსირისის ატრიბუტებითა და ფორმით, მარჯვენა მხარის ქანდაკებები ძველეგვიპტური ორმაგი გვირგვინით არიან წარმოდგენილნი, ხოლო მარცხნივ მდგომი ქანდაკებები — ზემო ეგვიპტის გვირგვინით. თუმცა, წარწერები ფარაონისა და ოსირისის თანასწორობაზე; აქ საუბარია ფარაონის მეტად კომპლექსურ კავშირებზე სამ ღვთაებასთან, ამონთან, ატონთან და რა-ჰორაქტთან.

სვეტებიანი დარბაზის ცენტრალური ნავი დაახლოებით ორჯერ უფრო განიერია, ვიდრე მისგან სვეტებით გამოყოფილი გვერდითი ნავები. სვეტები ერთმანეთს არქიტრავით უკავშირდება. ცენტრალური ნავის ჭერის ფრესკაზე გამოსახულია ღვთაება ნექბეტი, სვავის ფორმით, გვირგვინითა და გაშლილი ფრთებით. იგი სიმბოლურად თავისი ფრთებით იცავს კლანჭებში დაჭერილ კარტუშას, რომელშიც ფარაონის სახელია ჩაწერილი. ჩრდილოეთის კედელზე გაკეთებულია 17 მეტრი სიგრძისა და 9 მეტრი სიმაღლის რელიეფი ძვ. წ. 1274 წელს ხეთების წინააღმდეგ გამართული კადეშის ბრძოლის ამსახველი სცენებით. ამ ბრძოლაში ვერცერთმა მხარემ წარმატებას ვერ მიაღწია, თუმცა რელიეფებზე ეგვიპტელთა გამარჯვებაა აღწერილი. მიუხედავად იმისა, რომ აქ აღწერილი ბრძოლა რეალურ ვითარებას არ შეესაბამება, იგი მაინც კარგად წარმოაჩენს ეგვიპტელთა მაშინდელ საბრძოლო ხელოვნებას.

გარდა ამისა, დარბაზი გაფორმებულია ფარაონის მიერ დაპყრობილი ქვეყნების, ლიბიის, ქუშისა და რეტიენუს (პალესტინის) წინააღმდეგ წარმოებული ბრძოლების ამსახველი სცენებით. დარბაზის მორთულობა ხოტბას ასხამს რამზეს II-ის, როგორც „ყოველთვის გამარჯვებულის“ საბრძოლო საქმიანობას. დიდი სვეტებიანი დარბაზის ბოლოში, ორივე გვერდითი ნავი ოთხი კარით უკავშირდება მთლიანობაში რვა გვერდით კამერას, მათგან ორი სავარაუდოდ ტაძრისთვის საჭირო ჭურჭლის შესანახად იყო განკუთვნილი[28] . ტაძრის მთავარ ღერძზე, დიდი სვეტებიანი დარბაზს მოსდევს მცირე ოთხსვეტიანი დარბაზი. დიდ დარბაზს იგი უკავშირდება კარით, რომელიც წარსულში ორფრთიანი იქნებოდა. ოთხი სვეტი წყვილ-წყვილადაა განლაგებული მთავარი ღერძის ორივე მხარეს და, დიდი რვასვეტიანი დარბაზის მსგავსად, მცირე დარბაზს სამ ნაწილად ჰყოფს. სვეტები აქაც არქიტრავითაა დაკავშირებული ერთმანეთთან. სვეტებზე წარმოდგენილია გამოსახულებები, რომლებიც აღწერენ, თუ როგორ მიიღეს და შეიყვარეს ღმერთებმა ფარაონი. დარბაზის კედლებზე ილუსტრირებული სცენებია: მსხვერპლშეწირვისა და თაყვანისცემის რიტუალები, ასევე ნილოსში სპეციალური ნავით გამართული წმინდა პროცესია. შემდეგი ღია კარი გადის საკურთხევლის წინა ოთახში; ამ ოთახიდან მოჩანს საკურთხეველი, ტაძრის ყველაზე წმინდა ადგილი, სადაც პტაჰის, ამონ-რას, რამზეს II-ისა და რა-ჰორაქტის (მარცხნიდან მარჯვნივ) ნატურალური ზომის მჯდომარე ქანდაკებები დგას. ფარაონი აქ ღვთაებრივ სამეულთანაა გათანაბრებული[29].

აღსანიშნავია, რომ რელიეფთა ხარისხი, რაც ტექნიკასა და სიზუსტეში გამოიხატება, შესასვლელიდან ტაძრის ბოლო ოთახამდე თანდათან მცირდება[29]. გარდა ამისა, შემდგომში ჩამატებული დამცავი კედლები მოწმობს, რომ ტაძარი ჯერ კიდევ რამზესის სიცოცხლეში დაზიანდა მიწისძვრის შედეგად. შესაძლოა ეს ის მიწისძვრა იყოს, რამაც ტაძრის შესასვლელის კოლოსალური ქანდაკება დააზიანა.

„მზის სასწაული“ საკურთხეველში

რედაქტირება

აბუ-სიმბალის დიდი ტაძრის საკურთხევლის „მზის სასწაული“ ეწოდება მოვლენას, რომელიც აქ წელიწადში ორჯერ ხდება. „მზის სასწაულის“ დროს შემოსასვლელი ჭიშკრიდან შემოსული მზის სხივები ღრმად იჭრებიან ტაძრის შიდა სივრცეში, აღწევენ უკანასკნელ ოთახამდე — საკურთხევლამდე და მასში მყოფი ოთხი მჯდომარე ქანდაკებიდან ანათებენ სამს: ამონ-რას (თებედან), გაღმერთებულ რამზესსა და რა-ჰორაქტს (ჰელიოპოლისიდან). უკიდურეს მარცხენა კუთხეში მჯდომი ქანდაკება ღვთაება პტაჰისა, რომელიც მიწის ღმერთად ითვლებოდა და დაკავშირებული იყო გარდაცვლილთა სამეფოსთან, მარცხენა მკლავის გარდა მთლიანად ბნელში რჩება[4].

 
ტაძრის საკურთხეველი: პტაჰი, ამონ-რა, რამზეს II და რა-ჰორაქტი (მარცხნიდან მარჯვნივ)

ტაძრის აგების შემდეგ რამზესის მმართველობის განმავლობაში ეს მოვლენა ყოველთვის 21 თებერვალსა და 21 ოქტომბერს ხდებოდა. მზის წელიწადის ცვალებადი ხანგრძლივობა იწვევს იმას, კალენდარული წელიწადისათვის მზის აზიმუტის თარიღი თანდათან იცვლება. გარდა ამისა, აბუ-სიმბალის „მზის სასწაულის“ თარიღის ცვლილებაზე გავლენას ახდენა ნაკიანი წელიწადიც. ამ მოვლენის წანაცვლება დროში ორივე მიმართულებით ხდება[30]. ამიტომ სამეცნიერო ლიტერატურაში „მზის სასწაულის“ თარიღთან დაკავშირებით სხვადასხვა მონაცემებია. ვარაუდი, რომ თარიღების ცვლილება გამოწვეულია ტაძრის მდებარეობის ხელოვნური ცვლილებით, ასტრონომების მიერ უარყოფილია[31].

ეს მოვლენა ყოველთვის 21 თებერვლისა და 21 ოქტომბრის ახლო ხანებში ხდება. არსებობს ასევე მცდარი ვარაუდი იმის შესახებ, რომ მზის სასწაული შესაძლოა ოდესმე მარტისა და სექტემბრის თანაბარდღეღამიან რიცხვებშიც (ბუნიობისას) ხდებოდა ან მოხდება. ბუნიობა, რომელიც 19-დან 21 მარტამდე და 22 ან 23 სექტემბერს ხდება, მხოლოდ დღისა და ღამის ხანგრძლივობის გატოლებას უკავშირდება და გაზაფხულისა და შემოდგომის ასტრონომიულ დასაწყისადაა მიჩნეული. დღეს უკვე დამტკიცებულია, რომ „მზის სასწაულის“ მოვლენას კავშირი არა აქვს გაზაფხულისა და შემოდგომის ბუნიობასთან.

მცირე ტაძარი

რედაქტირება
 
მცირე ტაძრის გეგმა

დიდი ტაძრიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, დაახლოებით 150 მეტრის მოშორებით მდებარეობს ე. წ. მცირე ტაძარი, რომელიც დედოფალ ნეფერტარის განსადიდებლად ქალღმერთ ჰატჰორის სახელზეა აგებული. ჰატჰორი ეგვიპტურმითოლოგიაში ითვლებოდა ღვთაება ჰორის მეუღლედ და წარმოადგენდა მთავარ ღვთაებას ქალაქ იბშეკში, რომელიც აბუ-სიმბალის სიახლოვეს მდებარეობდა. დიდ ტაძარში რამზეს II–ს ღვთაება ჰორი შეესაბამება; ამის მსგავსად, რამზესმა საკუთარ მეუღლეს, დიდებულ დედოფალ ნეფერტარს სადიდებლად აუგო მცირე ტაძარი, რომელშიც დედოფალი ჰორის მეუღლი — ჰატჰორის სახითაა წარმოდგენილი. ერთ-ერთი წარწერა ტაძრის შიდა კედელზე გვატყობინებს[13]

რამზესმა, სამართლიანობის მცველმა, ამონისაგან საყვარელმა, შექმნა ეს ღვთაებრივი საცხოვრებელი თავისი საყვარელი მეუღლის, დიდებული დედოფლის ნეფერტარისთვის.

მცირე ტაძრის ფასადიც კლდეშია შეჭრილი. კლდეში გამოკვეთილი, პირდაპირ მიწის დონეზე ვერტიკალურად მდგარი ფიგურები, რომელთაგან თითოეულს მარცხენა ფეხი ოდნავ წინ აქვს გადმოდგმული, გვიჩვენებენ რამზეს II–სა და დედოფალ ნეფერტარს ჰატჰორის ფორმით. ექვსი ქანდაკება ერთმანეთისაგან გამოყოფილია სპეციალური კლდეში ნაკვეთი ტიხრებით, თითოეული ტიხარი თანაბარი ზომისაა და სიმაღლით ათ მეტრს აჭარბებს. ამ ტიხრებზე ღრმად ამოკვეთილი ეგვიპტური იეროგლიფებია გამოსახული. თანაბარი ზომისაა ასევე ფარაონისა და დედოფლის ქანდაკებებიც. ეს ნეფერტარისთვის უდიდეს ჯილდოს წარმოადგენდა, ვინაიდან ეგვიპტეში, როგორც წესი, დედოფლებს გაცილებით მცირე ზომებში გამოსახავდნენ, ვიდრე ფარაონს. ასეა მაგალითად აბუ-სიმბალის დიდ ტაძარში, სადაც ფარაონის ოჯახის წევრები რამზესის უზარმაზარი ქანდაკებების ფეხებთან მხოლოდ პატარა სკულპტურების სახით არიან წარმოდგენილნი. მცირე ტაძრის შესასვლელში მშობელთა ქანდაკებებს შორის მდგარი შემცირებული ზომების ფიგურები აქვთ მიძღვნილი ფარაონის შვილებს, ვაჟებს: ამონჰერხეპეშეფს, პარაჰერვენემეფს, მერირესა და მერიატუმს, ასევე ქალიშვილებს: მერიტამონსა და ჰენუტაუის[32].

ქანდაკებები მცირე ტაძრის შესასვლელში

           

ნეფერტარის ორი ქანდაკება წარმოდგენილია თავზე მზის დისკოთი, ორი ბუმბულითა და ჰატჰორისათვის დამახასიათებელი ძროხის რქებით. ორივე ქანდაკებას მარცხენა ხელში უჭირავს სისტრა, სპეციალური საკრალური ინსტუმენტი, რომელიც აქ ჰატჰორის დიდებას გამოხატავს. დედოფლის ორივე ქანდაკებას გვერდებში უდგას სულ ოთხი განსხვავებული ქანდაკება რამზესისა. ფასადის მარცხენა ნაწილში რამზესი წარმოდგენილია ზემო ეგვიპტის გვირგვინით, ხოლო მარჯვენა მხარეს ძველეგვიპტური გაერთიანებული სამეფოს ორმაგი გვირგვინით; გარდა ამისა, მარჯვენა მხარის ქანდაკებების თავები შემკულია ვერძისრქიანი თავსამკაულებით, ხოლო მარცხნივ მდგომი ქანდაკებები დავზე სირაქლემის დიდი ბუმბულებით არიან დამშვენებულნი[32]. ამგვარ ბუმბულებიან გვირგვინს ჰენუს გვირგვინი ეწოდება (ეგვიპტ. henu en per-duat aa cheperu) და სიმბოლურად ფარაონის ხელახალ დაბადებას გამოხატავს. რამზესის გამოსახულებები ტიპურ ეგვიპტურ სამოსშია წარმოდგენილი.

 
ნეფერტარი ხელში სისტრით

მცირე ტაძრის ინტერიერი კლდეში 21 მეტრის სიღრმეზე იჭრება. აგებულია დიდი ტაძრის მსგავსად, ბოლოში საკურთხევლით, თუმცა უფრო უბრალო გეგმით. ტაძრის შესასვლელს აგვირგვინებს რელიეფებით მორთული ფრიზი ეგვიპტური კობრების გამოსახულებებით. ფრიზის თავზე გამოსახულია კარტუში რამზეს II-ის სახელით. შესასვლელში ორივე მხარეს რელიეფური გამოსახულებებია; ხელმარცხნივ გამოსახულია ფარაონი, რომელიც ძღვენს სწირავს ქალღმერთ ჰატჰორს, ხოლო მარჯვნივ — ნეფერტარი, რომელიც თაყვანს სცემს ისიდას. ჭიშკარი პირდაპირ უკავშირდება სამნავიან დარბაზს, რომელშიც ნავები ერთმანეთისაგან გამოყოფილია ორ მწკრივში ჩალაგებული სამ-სამი სვეტით; სვეტები ერთმანეთს არქიტრავებით უკავშირდება. ცენტრალური ნავის მხრიდან სვეტები მორთულია ჰატჰორის სახის სტილიზირებული გამოსახულებებით[33]. მათ უკანა მხარეს იეროგლიფები აღწერენ რამზესისა და ნეფერტარის ცხოვრების მნიშვნელოვან მოვლენებს[34].

 
რამზეს II ღვთაება სეთსა და ჰორს შორის

ექვსსვეტიანი დარბაზი, რომელიც ტაძრის პირველი ოთახია, უმეტესად საკრალურ-რელიგიური ბუნების სცენებითაა მორთული. ჰატჰორის სვეტების გვერდებში ეგვიპტური მითოლოგიის სხვადასხვა ღვთაებებია გამოსახული. დარბაზის კედლებზე აღწერილია ეგვიპტის ლიბიელი და ნუბიელი მტრების რიტუალური მკვლელობები. რიტუალური მკვლელი აქ თავად რამზესია, რასა და ამონის ფორმით წარმოდგენილი, რომელსაც უკან უდგას დედოფალი ნეფერტარი ჰატჰორის თავსამკაულით. ფრესკების სხვა სცენებში ფარაონი ძღვენს სწირავს სხვადასხვა ღვთაებებს[33].

ექვსსვეტიანი დარბაზის სამივე ნავის ბოლოში თითო კარია, რომლებიც უკავშირდებიან მომდევნო, განივად განლაგებულ საკურთხევლის წინა ოთახს. ამ ოთახის ჩრდილოეთითა და სამხრეთით კიდევ ორი მომცრო კამერაა, რომელთა კედლებიც მორთული არაა. განივი ოთახის ცენტრში, ტაძრის მთავარი ღერძის გასწვრივ კიდევ ერთი კარია, რომელიც აბუ-სიმბალის მცირე ტაძრის უკანასკნელ ოთახში, საკურთხეველში გადის. უკანა კედლის მარცხენა მხარეს, სპეციალურად მოწყოფილ ნიშაში ორ სვეტს შორის წმინდა ძროხის ფორმით წარმოდგენილია ქალღმერთი ჰატჰორი[33]. აქ ნეფერტარი გამოსახულია ჰატჰორის სხვა, უფრო გავრცელებული ფორმით, რაც დეილ ელ-ბაჰარის ტაძარში არსებული ჰატშეფსუტის გამოსახულების მსგავსია. რელიეფები აღწერენ გვირგვინის დადგმის სცენებსა და დედოფლის დაცვას სიყვარულისა და ნაყოფიერების ქალღმერთებისაგან.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 88
ინგლ.რუს.ფრ.
  1. Rainer Hannig: Großes Handwörterbuch Ägyptisch-Deutsch: (2800-950 v. Chr.). S. 1143.
  2. 2.0 2.1 Noelle Watson: International Dictionary of Historic Places, Volume 4 − Middle East and Africa, Fitzroy Dearborn Publishers 1996, გვ.16, ISBN 1-884964-03-6
  3. Rainer Hannig: Großes Handwörterbuch Ägyptisch-Deutsch: (2800-950 v. Chr.). გვ. 1110.
  4. 4.0 4.1 4.2 Dieter Arnold: Die Tempel Ägyptens. გვ. 78.
  5. 5.0 5.1 5.2 Valeria Manferto de Fabianis, Fabio Bourbon (Hrsg.): Archäologica – Die Enzyklopädie der untergegangenen Kulturen. Aus dem Englischen von Sabine Bartsch, Verlag White Star, Vercelli 2004, ISBN 3-8289-0568-4, S. 200.
  6. Wolfram Giese: Die Felsentempel von Abu Simbel, Schätzer der Welt / Erbe der Menschheit, Daten & Fakten. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-06-20. ციტირების თარიღი: 2011-02-19.
  7. 7.0 7.1 Winfried Maaß, Nicolaus Neumann, Hans Oberländer, Jörn Voss, Anne Benthues: 100 Weltwunder – Die größten Schätze der Menschheit in 5 Kontinenten. Naumann & Göbel Verlag 2000, ISBN 3-625-10556-X, გვ. 194.
  8. Giovanna Magi: Assuan – Philae – Abu Simbel. გვ. 71.
  9. Die Tempelanlage von Abu Simbel. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-04-14. ციტირების თარიღი: 2011-02-19.
  10. Valeria Manferto de Fabianis, Fabio Bourbon (Hrsg.): Archäologica – Die Enzyklopädie der untergegangenen Kulturen. Aus dem Englischen von Sabine Bartsch, Verlag White Star, Vercelli 2004, გვ. 202, ISBN 3-8289-0568-4
  11. 11.0 11.1 Giovanna Magi: Assuan – Philae – Abu Simbel. S. 93.
  12. Zahi A. Hawass: The mysteries of Abu Simbel: Ramesses II and the Temples of the Rising Sun
  13. 13.0 13.1 Thomas Veser, Jürgen Lotz, Reinhard Strüber, Christine Baur, Sabine Kurz: Schätze der Menschheit – Kulturdenkmäler und Naturparadiese unter dem Schutz der UNESCO Welterbekonvention. Bechtermünz 2000, ISBN 3-8289-0757-1, S. 22.
  14. Hourig Sourouzian in: Ägypten - Die Welt der Pharaonen: Die Felsheiligtümer von Abu Simbel. გვ.  213
  15. Kurzer historischer Abriss des World Heritage Center (englisch)
  16. Rolf Gundlach: „Horus im Palast“ – Legitimation, Gestalt und Wirkungsweise des politischen Zentrums im pharaonischen Ägypten. In: Werner Paravicini: Das Gehäuse der Macht: Der Raum der Herrschaft im interkulturellen Vergleich Antike, Mittelalter, Frühe Neuzeit (Mitteilungen der Residenzen-Kommission der Akademie der Wissenschaften zu Göttingen, Sonderheft 7). Christian-Albrechts-Universität, Kiel 2005, S. 15–26.
  17. T.G.H. James: Ramses II. - Der große Pharao. გვ.177
  18. Heike C. Schmidt, Joachim Willeitner: Nefertari, Gemahlin Ramses’ II., Mainz 1994, ISBN 3-8053-1529-5, S. 48–49.
  19. Marco Zecchi: Abu Simbel, Assuan und die Nubischen Tempel. გვ. 94.
  20. 20.0 20.1 20.2 Giovanna Magi: Assuan – Philae – Abu Simbel. Casa Editrice Bonechi, Florenz 2008, ISBN 978-88-7009-240-0, გვ. 81.
  21. Marco Zecchi: Abu Simbel, Assuan und die Nubischen Tempel. გვ. 85.
  22. 22.0 22.1 Marco Zecchi: Abu Simbel, Assuan und die Nubischen Tempel. გვ. 100.
  23. Elke Blumenthal: Die Göttlichkeit des Pharao: Sakralität von Herrschaft und Herrschaftslegitimierung im Alten Ägypten. In: Franz-Reiner Erkens: Die Sakralität von Herrschaft: Herrschaftslegitimierung im Wechsel der Zeiten und Räume. Akademie, Berlin 2002, ISBN 3-05-003660-5, გვ. 58.
  24. 24.0 24.1 Giovanna Magi: Assuan – Philae – Abu Simbel. S. 79.
  25. Valeria Manferto de Fabianis, Fabio Bourbon (Hrsg.): Archäologica – Die Enzyklopädie der untergegangenen Kulturen. Aus dem Englischen von Sabine Bartsch, Verlag White Star, Vercelli 2004, გვ. 201, ISBN 3-8289-0568-4
  26. Marco Zecchi: Abu Simbel, Assuan und die Nubischen Tempel. გვ. 63.
  27. 27.0 27.1 27.2 Marco Zecchi: Abu Simbel, Assuan und die Nubischen Tempel. Aus dem Italienischen von Susanne Tauch, White Star Publishers, Vercelli 2004, გვ. 67, ISBN 88-540-0070-1
  28. Marco Zecchi: Abu Simbel, Assuan und die Nubischen Tempel. გვ. 70.
  29. 29.0 29.1 Marco Zecchi: Abu Simbel, Assuan und die Nubischen Tempel. გვ. 74.
  30. Astronomische Berechnungen mit Umrechnungsprogramm Ephemeris Tool 4,5 gemäß Jean Meeus: Astronomische Algorithmen; Leipzig, Berlin, Heidelberg: Barth, 19942; ISBN 3-335-00400-0.
  31. Ephemeris Tool 4,5 gemäß Jean Meeus: Astronomische Algorithmen; Leipzig, Berlin, Heidelberg: Barth, 19942; ISBN 3-335-00400-0.
  32. 32.0 32.1 Marco Zecchi: Abu Simbel, Assuan und die Nubischen Tempel. გვ. 88.
  33. 33.0 33.1 33.2 Marco Zecchi: Abu Simbel, Assuan und die Nubischen Tempel. გვ. 92.
  34. Giovanna Magi: Assuan – Philae – Abu Simbel. გვ. 90.