ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „პარეხი“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. პარეხი ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია.

პარეხი,[1][2] ასევე პარეხთა[3]მონასტერი შუა საუკუნეების საქართველოში, ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით, ისტორიულ კლარჯეთში, მდინარე კარჩხალის ხეობის კლდოვან მასივში (თანამედროვე თურქეთის ტერიტორია). IX-X საუკუნეებში პარეხი გარკვეულ როლს ასრულებდა საეკლესიო-სამონასტრო და კულტურულ-ლიტერატურულ ცხოვრებაში. პარეხელ მოღვაწეებს დაუწერიათ ამ სავანის დამაარსებლის „მიქელ პარეხელის ცხოვრება“, რომლითაც ბასილი ზარზმელს (X საუკუნე) უსარგებლია „სერაპიონ ზარზმელის ცხოვრების“ წერისას. მიქელ პარეხელი თანამედროვე სამეცნიერო ლიტერატურაში ხშირად იხსენიება, როგორც მიქაელი. ცნობილია აგრეთვე მწიგნობარი ილარიონ პარეხელი (დაახლოებით IX-X საუკუნეების მიჯნა), რომელსაც პატივით იხსენიებს გიორგი მერჩულე (X საუკუნე). პარეხის სამონასტრო ანსამბლიდან შემორჩენილია ორი მთავარი ტაძრისა და სხვა ნაგებობათა ნანგრევები.[2]

პარეხი

პარეხის მონასტერი

პარეხი — თურქეთი
პარეხი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°15′07″ ჩ. გ. 41°59′24″ ა. გ. / 41.25194° ჩ. გ. 41.99000° ა. გ. / 41.25194; 41.99000
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: თურქეთი თურქეთი, კლარჯეთი
სასულიერო სტატუსი უმოქმედო
ხუროთმოძღვრების აღწერა
დეტალები

ზედა და ქვედა ტაძრების განივი ჭრილი, ხედი აღმოსავლეთისაკენ. წყვეტილი ხაზებით აღნიშნულია კდლები, რომლებიც დღეს დანგრეულია ან მიწის ქვეშაა მოყოლილი.

მდებარეობა

 
პარეხის მონასტერი ჰორიზონტალურ კლდოვან შვერილზე

პარეხის მონასტერი მდებარეობს მდინარე კარჩხლის ხეობაში, მდინარე იმერხევიდან დაახლოებით 15 კილომეტრით ჩრდილოეთით, ხოლო ბერთის მონასტრიდან 8 კმ–ის მოშორებით. საავტომობილო უასფალტო გზა მიდის მხოლოდ სოფელ პარეხის (პარეხთას) გარეუბნამდე. თვითონ მონასტერი სოფლიდან აღმოსავლეთისაკენ ნახევარი საათის სავალზე მდებარეობს. პარეხის სამონასტრო კომპლექსი დაახლოებით 150 მეტრის სიგრძის ჰორიზონტალურ შვერილზეა განლაგებულ, რომელიც ნაწილობრივ კლდეშია გამოკვეთილი და ხეობიდან 80 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. კლდის ზედა ნაწილი მონასტერს ზემოდან აქვს გადმოფარებული და მას მიუვალს ხდის[3].

მონასტერს ერთადერთი მისადგომი აქვს დასავლეთიდან, რომლის კარიბჭეც დღეისათვის მთლიანად ჩაქცეულია. კარიბჭიდან იწყება ვიწრო და გრძელი ბილიკი, რომლის სიგანე 1,5–დან 5 მეტრამდე მერყეობს, ხოლო სიგრძე 150 მეტრს შეადგენს. ბილიკი პარეხის მონასტერში მოღვაწე განდეგილი ბერების საცხოვრებლებისა და აქ არსებული სხვა სამონასტრო ნაგებობებისაკენ მიემართება[3].

კლდოვან მასივში სიგრძეზე გაშენებული სამონასტრო კომპლექსის შუაში, სატრაპეზოსთან ახლოს, ჩამოედინება პატარა ჩანჩქერი, რომელთანაც პატარა ცისტერნაცაა მოწყობილი. გალავანში შემოსასვლელი ჭიშკრიდან ჩრდილო-დასავლეთით ორი წყლის წისქვილია, უფრო დასავლეთით კი მინდვრები და ხეხილის ბაღები მდებარეობს. გარშემო მთები დაფარულია ნაძვნარით, ფიჭვნარით, წიფლნარითა და შინდის ბუჩქებით. ვახტანგ ჯობაძე თვლის, რომ მონასტერში არსებული ჩანჩქერი თავისი ცისტერნით და მონასტრის ირგვლივ არსებული გარემო სრულიად უზრუნველყოფდა ბერებს სასმელი წყლით, საკვებით, ასევე შეშითა და საშენი მასალით[3].

ნაგებობები

 
პარეხის ზედა და ქვედა ტაძრების ნანგრევები

პარეხის სამონასტრო კომპლექსიდან დღეისათვის რამდენიმე ნაგებობაა შემორჩენილი, თუმცა ყველა მათგანი მეტ-ნაკლებად დანგრეულია. მათ შორისაა სენაკები, საკუჭნაოები და სატრაპეზო. ყველაზე მნიშვნელოვანი დღეისათვის შემორჩენილ ნაგებობებს შორის არის ორი, დაახლოებით პარალელურად მდგარი ეკლესია, რომლებიც ბილიკის სამხრეთითაა განლაგებული. ეკლესიები აგებულია სპეციალურად აგებულ სუბსტრაქციაზე, კლდოვან შვერილზე[4]

ზედა ეკლესია

ზედა ეკლესია (ასევე პირველი ეკლესია[5], ან ჩრდილოეთის ეკლესია[1]) აგებულია მონასტერზე გამავალი ბილიკის დონეზე. წარმოადგენს კამაროვან, მართკუთხა წაგრძელებულ დარბაზს ზომებით 11,15 X 4,75 . აქვს ნახევარწრიული აფსიდა (4 X 2,4 მეტრი). აფსიდში ორი ერთმანეთის სიმეტრიულად განლაგებული 0,65 სიგანის ნიშაა. საშენი მასალა ადგილზევეა მოპოვებული; ქვების წყობა საკმაოდ უხეშია. კედლების შიდა და გარე მხარე სხვადასხვა ზომის ცუდად დამუშავებული ქვებისაგანაა აგებული, რიგებიც არათანაბარია. ქვებს შორის ადგილის ამოსავსებად ალაგ–ალაგ გამოყენებულია კირი. ინტერიერში ქვები შედარებით კარგადაა დამუშავებული და წყობაც სწორია. უკეთაა შემონახული |ეკლესიის დასავლეთის, ჩრდილოეთისა და აფსიდის კედელი. სამხრეთის კედელი თითქმის მთლიანადაა დანგრეული. |ეკლესიის ინტერიერი მისივე ნამსხვრევებითაა ამოვსებული. სამხრეთი ნაწილი 5 მეტრის სუბსტრაქციას ეყრდნობა. ეკლესიას დასავლეთის მხრიდან აქვს 1,2 სიგანის შესასვლელი. შესასვლელისკენ მცირე კიბე ჩადის, რომლის ნაწილიც დღესაც შემორჩენილია. ეკლესიას სარკმლები აქვს აფსიდასა და დასავლეთის კედელზე, შემოსასვლელი კარის თავზე; ასევე სამხრეთის კედელზე, რომელიც ამჟამად მთლიანად დანგრეულია, ხოლო ჩრდილოეთის კედელზე, სავარაუდოდ უსაფრთხოებისათვის, ღიობი არაა[5].

ტიპოლოგიურად პარეხის ზედა ეკლესია არაა გამონაკლისი ქართულ არქიტექტურაში. საქართველოში შუა საუკუნებში ფართოდ იყო გავრცელებული ცალნავიანი დარბაზული ეკლესიების მშენებლობა[6]. VIII-IX საუკუნეებში ეკონომიურად ღარიბ და მოსახლეობისაგან დაცლილ ტაო-კლარჯეთში ხუროთმოძღვრების ეს სტილი განსაკუთრებით პოპულარული იყო, სტრუქტურული სიმარტივისა და მასალის ეკონომიურობის გამო[7].

ტაო-კლარჯეთში VIII-IX საუკუნეების მიჯნაზე აგებული ცალნავიანი დარბაზული ეკლესიების ძირითადი დამახასიათებელი ნიშნები საერთოა[7]:

  1. პილასტრებისა და ცილინდრულ კამარათა საბჯენი თაღების არარსებობა.
  2. აფსიდის ორივე მხარეს სიმეტრიული ნიშები. აფსიდა, ძირითადად, გარე მართკუთხედშია მოწყობილი.
  3. ეკლესიის სამხრეთ და ჩრდილოეთ მხარეებზე მინაშენები იშვიათია.
  4. სამშენებლო მასალად, ძირითადად, გამოყენებულია უხეშად დამუშავებული ქვები და ბლომად კირი.
  5. არქიტექტურული დეკორის არარსებობა.

ამგვარივეა პარეხის ზედა ეკლესიის აგებულებაც. გამონაკლისია მხოლოდ ის, რომ მას ჩრდილოეთის მხრიდან მოგრძო და კამაროვანი სათავსი აქვს მიდგმული. მასში მოხვედრა შესაძლებელია ეკლესიის მთავარი დარბაზიდან 1,55 მეტრი სიგანის კარით. სათავსს აღმოსავლეთის მხრიდან ნახევარწრიული აფსიდა აქვს, რომელშიც ერთი სარკმელია. სათავსის დასავლეთ ნაწილში ადგილობრივი მოსახლეობის მიერ თიხის ქვევრების აღმოჩენის საფუძველზე ვახტანგ ჯობაძე ვარაუდობს, რომ სათავსი კვეთისათვის გამოიყენებოდა. ამის შესაძლებლობას შუა საუკუნეების სხვა ქართული ძეგლებიც ადასტურებს, რომლებშიც მსგავსი ქვევრებია აღმოჩენილი[8].

პარეხის ზედა ეკლესიის უახლოეს პარალელებს წარმოადგენს სიჩხეკი[9], უკიამი[10] და ტახტაკრანი[11], სადაც, მსგავსად პარეხის ტაძრისა, ჩრდილოეთის მინაშენში მოხვედრა მხოლოდ ეკლესიიდანაა შესაძლებელი.

ქვედა ეკლესია

 
პარეხის ზედა ეკლესიის გეგმა

ქვედა ეკლესია (ასევე მეორე ეკლესია[7], ან სამხრეთის ეკლესია[1]) ზედა ეკლესიაზე ექვსი მეტრით ქვემოთ, ოთხმოცმეტრიანი შვეული კლდის პირზე დგას. აგებულია საგანგებოდ ამოყვანილ სუბსტრაქციაზე. ეკლესია სამნავიანი ბაზილიკის ტიპისაა. კედლების სისქე საშუალოდ 0,95 მეტრია. პირველ ეკლესიასთან შედარებით უკეთაა ნაგები. შიდა და გარე საპირე წყობას თანაბარ რიგებად დალაგებული გათლილი ქვები შეადგენს, რომელთაგან ზოგი დაწახნაგებული არაა. რიგებს შორის კირი მინიმალური რაოდენობითაა გამოყენებული. შიდა და გარე საპირე წყობას შორის კენჭებზე დასხმული კირის ხსნარით ამოყვანილია კედლის გული. აღმოსავლეთ და ნაწილობრივ დასავლეთ წყობის რიგები მონაცვლეობით შედგება ორი სხვადასხვა სიმაღლის ქვებისაგან (0,40 და 14 ). ვახტანგ ჯობაძე აღნიშნავს, რომ ქვათა ამგვარი წყობა მისთვის მხოლოდ წირქოლის ეკლესიაშია ცნობილი[12], რომელიც VIII საუკუნითაა დათარიღებული[13], თუმცა, ვახტანგ ჯობაძის აზრით, ამ თარიღმა IX საუკუნის მიწურულამდეც შეიძლება გადმოიწიოს.[7]

პარეხის ქვედა ეკლესიას ერთადერთი შესასვლელი კარი დასავლეთის მხრიდან აქვს, რომლის სიგანე 1,20 მეტრია. კარის წინ 4,10 X 12 მეტრის ფართობის ტერასაა, რომელიც დღეისათვის ნაწილობრივ ჩანგრეულია. ტერასასთან ჩადიოდა სპეციალური კიბე, რომელიც დღეს აღარ არსებობს. ეს კიბე ზედა ეკლესიის ჩრდილო–დასავლეთი კუთხიდან იწყებოდა[14].

 
პარეხის ქვედა ეკლესიის გეგმა

ეკლესიის სამხრეთ კედელში არის კიდევ ერთი, 1,20 მეტრი სიგანის კარი[15]. იგი უფსკრულის პირასაა გამოღებული და, შესაბამისად, შესასვლის ფუნქცია ვერ ექნებოდა. ზღურბლის ზემოთ არსებული ღრმულები ადასტურებს, რომ ეს აივნის კარი იყო. დავით ხოშტარია ფიქრობს, რომ ამ კარს შესაძლოა ხის კიბე ადგებოდა, ხოლო კარის წინ მდებარე აივანი კიბის ბაქანს წარმოადგენდა[1]. ვახტანგ ჯობაძე ქართული არქიტექტურისათვის ამ უჩვეულო ელემენტს მშენებლის თავბრუდამხვევი ხედებით შთაგონებას მიაწერს და არა ეკლესიის აგების ტრადიციულ წესებს[14].

აფსიდის სამხრეთ მარესა და დასავლეთ კედელზე არსებულ პილასტრებზე შემონახულია ბრტყელი და სადა იმპოსტები. ამდენად, შენობის რეკონსტრუირება უნდა მოხდეს, როგორც სამნავიანი ფართოთაღებიანი ბაზილიკისა (მაქსიმალური სიგრძე 12 მეტრი, სიგანე — 8,30 მეტრი). აფსიდა (სიგანე — 4,30 მეტრი, სიღრმე — 3,70 მეტრი), რომელსაც ორი გვერდითი სათავსი ეკვრის შესასვლელებით გვერდითი ნავებიდან, ექსტერიერში შვერილი არ არის. ჩრდილოეთის კედელს ფარავს ზედა ეკლესიის სუბსტრაქცია, ამიტომ სინათლის ძირითადი წყარო ეკლესიაში სამხრეთის კედლის ღიობები — დიდი სარკმელი და აივნის კარი იქნებოდა, აგრეთვე ამჟამად დანგრეული შუა ნავის სარკმლები[14].

ნიკო მარმა ჩრდილოეთის ერთ–ერთ კედელზე კაპიტელისა და სინათლის ნაკლებობის გათვალისწინებით დაასკვნა, რომ ეკლესია გუმბათიანი იქნებოდა. ეს მოსაზრება უარყო ვახტანგ ჯობაძემ. მისი გამოკვლევით დასტურდება, რომ პარეხის მთავარი ქვედა ეკლესია სამნავიანი ბაზილიკაა და ტიპოლოგიურად ახლოს დგას ხანძთასთან ახლოს მდებარე ნუკას საყდარსა და ესბეკის ეკლესიასთან. აღსანიშნავია, რომ ნიკო მარის მიერ ნახსენები კაპიტელი ვახტანგ ჯობაძეს ვერ უპოვნია[14]. ქვედა ეკლესიას სამნავიან ბაზილიკად განიხილავს დავით ხოშტარიაც[1]

სამლოცველო, საძვალე

გიორგი მერჩულე „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“ გვაწვდის ცნობას, რომ მონასტრის დამფუძნებელი — მიქაელი და მისი მოწაფე, ბასილი მონასტერშივე არიან დაკრძალულები:

 
პარეხის მონასტრის ორი მთავარი ტაძარი და მიმდებარე ტერიტორია
ნეტარი მიქელ ... პარეხთა შინა მრავალთა წელიწადთა ცხოვნდა და აღ-რაჲ-ესრულა, მუნვე დაემარხა. და აწ საფლავი მისი და დიდებულისა მამისა ბასილისი ... ერთგან არიან და კაცთა კურნებასა მიჰმადლებენ, რომელნი სარწმუნოებით მივლენან მათდა

ნიკო მარი სამონასტრო კომპლექსის ჩრდილოეთ მხარეს ახსენებს მოზრდილ სამარხს[16], რომელშიც მან ადამიანის ძვლები იპოვა. გიორგი მერჩულეს ცნობის საფუძველზე ნიკო მარმა დაასკვნა, რომ ეს უნდა იყოს მიქაელ პარეხელისა და ბასილის საძვალე[17].

ნიკო მარის მოსაზრებას დამაჯერებლად არ მიიჩნევს ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ბუბა კუდავა. წმინდა მამების საძვალედ იგი მიიჩნევს მონასტრის ძირითად ნაგებობებთან შედარებით ახლოს მდგარ მცირე ზომის შენობას, რომელსაც ნიკო მარი „მცირე ეკლესიას“ (церковка) უწოდებს. ამ ნაგებობას ვახტანგ ჯობაძე საერთოდ არ განიხილავს, ხოლო ბრუნო ბაუმგარტნერი და დავით ხოშტარია მას სამლოცველოდ მოიხსენიებენ. ბუბა კუდავას მოსაზრებას მხარს უჭერს ნაგებობის საკურთხეველში, აფსიდის ჩრდილოეთ მხარეს ნახევრად ჩანგრეული ღიობის არსებობა. ამგვარი ღიობები, როგორც წესი, სწორედ წმინდა მამების საძვალეებს წარმოადგენდნენ. ბუბა კუდავას მოსაზრებით, ამ ნაგებობის შემორჩენილ კედელზე არსებული წარწერაც სწორედ საძვალესა და მის საკურთხეველში მოთავსებულ სიწმინდეს უნდა უკავშირდებოდეს[18].

სამლოცველო (საძვალე, მცირე ეკლესია) მონასტრის მთავარი ეკლესიებიდან 150 მეტრის მოშორებით დგას. მისი გადახურვა ჩანგრეულია. ძლიერაა დაზიანებული ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლებიც. შედარებით კარგადაა შემონახული დასავლეთისა და აღმოსავლეთის კედლები, რომლებიც პირდაპირ კლდეზეა მიშენებული. კლდე ნაწილობრივ შეჭრილია შენობის ინტერიერშიც და აფსიდის სამხრეთ ნაწილში ჩანს. კარი, როგორც ჩანს, ჩრდილოეთიდან ჰქონდა (ახლა მორღვეულია) — აქედან ადგება მას ბილიკი. კედლები უხეშად ნატეხი ქვით არის ნაშენი და შიგნიდან შელესილია[1].

სხვა ნაგებობები

ვახტანგ ჯობაძე მონასტრის ამჟამად ჩაქცეული დასავლეთის კარიბჭიდან ჩრდილოეთის სამონასტრო ნაგებობებისაკენ მიმავალ ბილიკზე იხსენიებს რამდენიმე ნაგებობას. ესაა განდეგილი ბერების ორი დიდი კლდეში ნაკვეთი სენაკი, რომლებიც აღმოსავლეთისა და სამხრეთის მხარეებიდან დამცავი კედლებითაა გამაგრებული. გარდა ამისა, კლდოვანი შვერილის შუა ნაწილში სამიდან ხუთამდე ნაგებობაა, რომელთა დანიშნულებაც დაუდგენელია. ყველა მათგანი აგებულია უხეშად გათლილი ქვებით, რომელთა თანაბარზომიერებაც დაუცველია. ვახტანგ ჯობაძე ვარაუდობს, რომ ისინი შესაძლოა სენაკები ან საკუჭნაოები იყოს[3]. მათ შორის ყველაზე დიდი და უკეთ შემონახულია 8,9 X 5,7 ზომების მართკუთხა შენობა. მისი ერთადერთი შემოსასვლელი აღმოსავლეთიდანაა. დასავლეთითა და სამხრეთით ორი პატარა, შიდა მხარეს გაფართოებული, სარკმელია. ნიკო მარი, რომელმაც პარეხის მონასტერი 1904 წელს ინახულა, ამ ნაგებობას სატრაპეზოდ თვლიდა[19].

ისტორია

პარეხის მონასტრის არც ერთი ნაგებობა ზუსტად დათარიღებული არაა. მშენებლობის სტილის, შიდა სივრცის მოწყობისა და „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“ დაცული მონაცემების მიხედვით ზედა ეკლესია IX საუკუნეში უნდა იყოს აგებული, ხოლო ქვედაIX-X საუკუნეების მიჯნაზე[14].

 
პარეხის მონასტერი ჰორიზონტალურ კლდოვან შვერილზე

კლარჯეთის იმ სავანეთა შორის, რომლებიც 830-840-იან წლებში მოიარეს ბაგრატ კურაპალატმა და მისმა ძმებმა, პარეხი არ იხსენიება[1]. გრიგოლ ხანძთელის ბიოგრაფიული მონაცემებისა და ლიტერატურული წყაროს — „სერაპიონ ზარზმელის ცხოვრების“ მიხედვით მონასტრისა და ზედა ეკლესიის შედარებით უფრო ზუსტ დათარიღებას გვაძლევს ვახტანგ ჯობაძე და ასკვნის, რომ მიქაელ პარეხელს მონასტერი გრიგოლ ხანძთელის სიცოცხლეში დაუარსებია (759-861); პარეხთა დაარსდა მას შემდეგ, რაც მიქაელმა ოპიზის სავანე აღადგინა, ანუ 826 წლის შემდეგ. შესაბამისად, პარეხის მონასტრის დაარსებისა და ზედა ეკლესიის აგების თარიღად ვახტანგ ჯობაძე 826-861 წლებს ასახელებს[20]. იგი იქვე აღნიშნავს, რომ მონასტრის მშენებლობა უფრო სავარაუდებელია გრიგოლ ხანძთელის მოღვაწეობის ბოლო პერიოდში, როცა 730–იან წლებში მურვან ყრუს მიერ დანგრეული ტაძრების აღდგენა მოათავეს და ახალი მონასტრების მშენებლობა დაიწყეს. ეს დაახლოებით 830 წლის შემდეგ უნდა მომხდარიყო[21]. მიქაელ პარეხელი ამ პერიოდისათვის უკვე დამკვიდრებული იყო პარეხში, როგორც მარტომყოფი ბერი. დამოუკიდებელი კენობიტური მონასტრის დაარსებამდე პარეხი მახლობლად მდებარე ბერთის მონასტრის ერთგვარ შტოდ განიხილებოდა[1]. ამ პერიოდიდან კი (IX საუკუნის II ნახევარი) მიქაელი, როგორც ჩანს, შეუდგა სენაკების, სემინარიის შენობისა და სამლოცველოს მშენებლობას. ზედა ეკლესია ვახტანგ ჯობაძეს სწორედ მიქაელ პარეხელის დროინდელ ნაგებობად მიაჩნია[22].

მეორე, ქვედა ეკლესიის დასათარიღებლად არანაირი წერილობითი წყარო არ არსებობს. მისი დათარიღება დღეისათვის მხოლოდ არქიტექტურული ანალიზითაა შესაძლებელი. ვახტანგ ჯობაძე ფიქრობს, რომ იგი შესაძლოა IX საუკუნის ბოლოს ან X საუკუნის დასაწყისში აშენებულიყო სამეურნეო პირობების გასაუმჯობესებლად, მაშინ, როცა ძველი, პატარა ეკლესია ვეღარ აკმაყოფილებდა მზარდი სამონასტრო თემის მოთხოვნებს[22].

დამატებითი ისტორიული მასალები მონასტერში მიმდინარე საქმიანობის შესახებ ძალიან მწირია. მიუხედავად ამისა, ცნობილია, რომ პარეხი ლიტერატურული მოღვაწეობის მნიშვნელოვანი ცენტრი იყო ძველ საქართველოში. მიქაელ პარეხელის გარდაცვალების შემდეგ, IX საუკუნის ბოლოსა და X საუკუნის დასაწყისში პარეხელ ბერებს მისი ბიოგრაფია შეუდგენიათ, თუმცა ნაწარმოების არც ერთი ხელნაწერი დღემდე შემონახული არაა. ამავე ხანებში პარეხის მონასტერში მოღვაწეობდა განთქმული მწიგნობარი ილარიონი, რომელიც დიდი პატივითაა მოხსენიებული გიორგი მერჩულეს მიერ „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“. XV-XVI საუკუნეების მინაწერი პარხლის 1241 წლის ოთხთავზე, შესრულებული პარეხის მონასტრის მოძღვრის — მაკარის მიერ[23], ადასტურებს, რომ პარეხი ამ ხანებშიც მოქმედი იყო[22].

წარწერები

XX საუკუნეში პარეხის მონასტერი პირველად ნიკო მარმა 1904 წელს ინახულა და აღწერა, თუმცა წარწერა, როგორც ჩანს, ვერ შეამჩნია. პარეხში წარწერები ვერც შემდგომი პერიოდის მკვლევრებმა ნახეს — ვახტანგ ჯობაძე, ბრუნო ბაუმგარტნერი. ქართველ ხელოვნებათმცოდნეთა ექსპედიციამ 1995 წელს მონასტრის სამხრეთ ნაწილში მდებარე ნაგებობის (სამლოცველო) აფსიდში წარწერა შეამჩნია, თუმცა მისი დაფიქსირება და შესაწავლა ვეღარ მოასწრო. პირველი მოკლე ცნობა წარწერის არსებობის შესახებ დავით ხოშტარიამ გამოაქვეყნა. მისი თქმით, სამლოცველოს აფსიდში შემონახულია ბათქაშის ფრაგმენტი ზედ დატანილი ძლიერ გაცრეცილი ფრესკული ასომთავრული წარწერით[1]. 10 წლის შემდეგ, ექსპედიციის წევრს, გიორგი ბაგრატიონს ეს წარწერა ადგილზე აღარ დახვდა[24].

 
პარეხი

2008 წელს პარეხის მონასტრის იმავე სამლოცველოში გიორგი კალანდიამ პირველად შეამჩნია და გადაიღო სხვა, აქამდე უცნობი წარწერა. 2010 წლის სექტემბერში წარწერა ადგილზე შეისწავლა ისტორიის დოქტორმა ბუბა კუდავამ. პარეხის წარწერის ასლი გადმოიღო კალიგრაფმა დავით მაისურაძემ[24].

წარწერა ძნელად შესამჩნევია, ძლიერაა დაზიანებული და რთულად იკითხება. შესრულებულია სამლოცველოს ინტერიერში, სამხრეთის კედლის შელესილობაზე, შავი მელნით, ლამაზი კალიგრაფიული ნუსხურით. წარწერა შვიდსტრიქონიანია, იკითხება ფრაგმენტულად. წარწერაში ამოკითხული რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი ცხადყოფს, რომ იგი მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავდა პარეხის მონასტრის ადრეული პერიოდის შესახებ[25].

წარწერაში მოხსენიებულია ბაგრატ კურაპალატი: „ადიდენ ღმერთმან ბაგრატ კურა[პალატი]". სიტყვა „ადიდენ“ მიანიშნებს, რომ ბაგრატი წარწერის შესრულებისას ცოცხალია. ამ ტიტულით საქართველოს ისტორიაში სამი მეფეა ცნობილი: ბაგრატ I კურაპალატი და ერთიანი საქართველოს მეფეებიბაგრატ III და ბაგრატ IV. ბუბა კუდავას მოსაზრებით, მონასტრის ნაგებობების ქრონოლოგიის, მშენებლობის სტილისა და ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით ყველაზე ლოგიკური წარწერაში ბაგრატ I კურაპალატის მოხსენიებაა, რადგან „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ მიხედვიდ იგი ცნობილია, როგორც არაერთი საეკლესიო ცენტრის ქტიტორი. ბუბა კუდავა იქვე აღნიშნავს, რომ ბაგრატი შესაძლოა არა მონასტრის დაარსების, არამედ მისი მშენებლობის გარკვეული ეტაპის (საძვალის) ქტიტორი იყოს[26]. თუკი წარწერაში მოხსენიებულ ბაგრატ კურაპალატს გავაიგივებთ ბაგრატ I-თან (826–876), წარწერა ნუსხური დამწერლობის ერთ-ერთი უძველესი ნიმუში გამოდის.

მიუხედავად ამისა, ბუბა კუდავა აღნიშნავს, რომ წარწერაში მოხსენიებული მეფე შესაძლოა ბაგრატ III (978–1014, კურაპალატი 1001 წლიდან) ან ბაგრატ IV-ც (1027–1072, კურაპალატი 1029/1030 წლიდან) იყვნენ, რასაც წარწერის პალეოგრაფიული მონაცემებიც უჭერს მხარს. წარწერაში ჩანს დღეისათვის ცნობილი X-XI საუკუნეებისათვის დამახასიათებელი ხელი[27].

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

ლიტერატურა

  • ხოშტარია, დ. (2005). კლარჯეთის ეკლესიები და მონასტრები. თბილისი: არტანუჯი. 
  • ჯობაძე, ვახტანგ (2007). ადრეული შუა საუკუნეების ქართული მონასტრები ისტორიულ ტაოში, კლარჯეთსა და შავშეთში (Early Medieval Georgian Monasteries in Historic Tao, Klajet'i, and Savset'i). თბილისი. .
  • კუდავა, ბუბა (2010). უცნობი ნუსხური წარწერა პარეხის მონასტრიდან, საერთაშორისო კონფერენცია ტაო კლარჯეთი – მოხსენებათა თეზისები. თბილისი. 
  • თაყაიშვილი, ექვთიმე (1938). არქეოლოგიური ექსპედიცია კოლა-ოლთისში და სოფელ ჩანგლში 1907 წელს. პარიზი. 
  • მარი, ნიკო (1911). Дневник поездки в Шавшетию и Кларджию. С.ПБ.. 
  • გ. ბაგრატიონი, მოგზაურობა თურქეთში, ძეგლის მეგობარი. 1996.-N1/92.-გვ.38-39.
  • დ. მუსხელიშვილი, მენაბდე ლ., ქსე, ტ. 7, გვ. 683, თბ., 1984

სქოლიო

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 1.7 1.8 დ. ხოშტარია, კლარჯეთის ეკლესიები და მონასტრები, გამომცემლობა „არტანუჯი“, თბ. 2005 წ.
  2. 2.0 2.1 დ. მუსხელიშვილი, ლ. მენაბდე, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. VII, თბილისი, 1984, გვ. 683
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 ჯობაძე (2007), გვ. 65
  4. ჯობაძე (2007), გვ. 65-66
  5. 5.0 5.1 ჯობაძე (2007), გვ. 66
  6. ცალნავიანი დარბაზული ეკლესიების შესახებ საუბრობენ რ. მეფისაშვილი და ე. ცინცაძე. იხ. Arts, გვ. 117–119
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 ჯობაძე (2007), გვ. 67
  8. ჯობაძე (2007), გვ. 66-67
  9. თაყაიშვილი (1938), გვ. 51, ტაბ. 24d
  10. თაყაიშვილი (1938), გვ. 73, ტაბ. 25c
  11. თაყაიშვილი (1938), გვ. 14, ტაბ. 25c
  12. Г. Чубинашвили, „Архитектурные памятники VIII и IX веков в Ксанском ущелье“, AG 1, 1942, გვ. 16, სურ. 19, ტაბ 32, 61
  13. Г. Чубинашвили, „Архитектурные памятники VIII и IX веков в Ксанском ущелье“, AG 1, 1942, გვ. 19
  14. 14.0 14.1 14.2 14.3 14.4 ჯობაძე (2007), გვ. 68
  15. ჯობაძე (2007), ტაბ. 58, 59
  16. მარი (1911), გვ. 173–178, ტაბ. 57–58
  17. მარი (1911), გვ. 175–176, ტაბ. 57–58
  18. კუდავა (2010), გვ. 58–59
  19. მარი (1911), გვ. 177
  20. ჯობაძე (2007), გვ. 68-69
  21. პარეხის თარიღთან დაკავშირებით იხილეთ ასევე: ლ. მენაბდე, კერები I, გვ. 427
  22. 22.0 22.1 22.2 ჯობაძე (2007), გვ. 69
  23. სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები, XIII-XV სს, ტექსტები და გამოკვლევა მომზადებულია ქრ. შარაშიძის მიერ, თბილისი, 1982, გვ. 69
  24. 24.0 24.1 კუდავა (2010), გვ. 58
  25. კუდავა (2010), გვ. 59
  26. კუდავა (2010), გვ. 59-60
  27. კუდავა (2010), გვ. 60