ჰანიბალი
ჰანიბალი, ბარკა (დ. ძვ. წ. 247 ან ძვ. წ. 246 — გ. ძვ. წ. 183) — კართაგენის მხედართმთავარი და სახელმწიფო მოღვაწე, კართაგენის საზოგადოების წარჩინებულთა გვარის წარმომადგენელი. რომის რესპუბლიკის მოსისხლე მტერი და კართაგენის უკანასკნელი დიდი ლიდერი.
ჰანიბალი | |
---|---|
მეტსახელი | ბარკა |
ეროვნება | კართაგენელი |
დაბადების თარიღი | ძვ. წ. 247 |
დაბადების ადგილი | კართაგენი |
გარდაცვალების თარიღი | ძვ. წ. 183 |
გარდაცვალების ადგილი | ლიბისა, ბითინია |
ჯარის სახეობა | military of ancient Carthage |
წოდება | მხედართმთავარი |
ბრძოლები/ომები |
საგუნტის ალყა, ტიცინოს ბრძოლა, ტრებიის ბრძოლა, ტრაზიმენის ტბის ბრძოლა, კანეს ბრძოლა, ზამის ბრძოლა, კროტონის ბრძოლა |
ჯილდოები | illustrious son[1] |
კავშირი |
ჰამილკარ ბარკა, ჰასდრუბალ ბარკა, მაგონ ბარკა |
კარგი განათლება მიიღო, ფლობდა ოთხ ენას. ძვ. წ. 218 წელს წამოიწყო II პუნიკური ომი, ყველასათვის მოულოდნელად გადალახა ალპები და შეიჭრა იტალიაში. რამდენიმე ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა (ძვ. წ. 218 წელს მდინარე ტიცინოსთან, ძვ. წ. 217 წელს ტრაზიმენის ტბასთან, ძვ. წ. 216 წელს კანესთან), მაგრამ რომაელთა წინააღმდეგობა მაინც ვერ გატეხა. ძვ. წ. 203 წელს ჰანიბალი დაბრუნდა აფრიკაში, ძვ. წ. 202 წელს ზამასთან (აფრიკა) ბრძოლაში რომაელებმა დაამარცხეს. ძვ. წ. 201 წელს რომთან დადებული ხელშეკრულებით ჰანიბალი კართაგენს მართავდა. ძვ. წ. 195 წელს გაიქცა სირიის მეფესთან, ანტიოქე III-სთან და მისი სამხედრო მრჩეველი გახდა. ანტიოქე III დიდის დამარცხების შემდეგ რომაელებმა მოითხოვეს ჰანიბალი, მაგრამ იგი გაიქცა და თავი შეაფარა არმენიას, შემდეგ კრეტაზე გადავიდა, იქიდან — ბითინიაში. რომაელებმა ბითინიელებს მოსთხოვეს რომის საშიში მტრის, ჰანიბალის გაცემა. ჰანიბალმა თავი მოიწამლა. დაკრძალულია ლიბისაში (ბოსფორის აზიის სანაპიროზე), ქვის სარკოფაგში, რომელსაც აწერია: „აქ მარხია ჰანიბალი“.
ჰანიბალი ალექსანდრე მაკედონელთან, იულიუს კეისართან, სციპიონ აფრიკელსა და პიროს ეპიროსელთან ერთად მიიჩნევა ძველი მსოფლიოს ყველაზე დიდ მხედართმთავრად, სახელმწიფო მოღვაწედ და სტრატეგად. ისტორიკოსი თეოდორ აირო დოჯი ჰანიბალს „სტრატეგიის მამას“ უწოდებს[2].
სახელის ეტიმოლოგია
სახელი ჰანიბალი ფინიკიურად ხმოვნების გარეშე იწერება – ḤNBʻL. აღნიშნული სიტყვის ხმოვნები საუბრისას წარმოადგენს სადავო საკითხს. არსებობს მისი ეტიმოლოოგიის რამდენიმე ვერსია:
ბავშვობიდან მთავარსარდლობამდე
ჰანიბალი დაიბადა ცნობილი სარდლისა და პოლიტიკური მოღვაწის, ჰამილკარ ბარკას ოჯახში. ჰამილკარს ჰანიბალის გარდა ორი ვაჟი (ჰასდრუბალი და მაგონი) და რამდენიმე ასული ჰყავდა, რომელთა სახელები არაა ცნობილი[7]. ჰამილკარის მრავალრიცხოვან შთამომავლებს შორის ისტორიაში წარუშლელი კვალი მხოლოდ მისმა ვაჟებმა დატოვეს. ბიჭები განსაკუთრებული ნიჭითა და უნარით გამოირჩეოდნენ. ჰამილკარის ვაჟთა შორის უფროსი ჰანიბალი იყო, რომელიც ძვ. წ. 247 წელს დაიბადა. ჰამილკარი თავის ვაჟებს სიამაყით ლომის ბოკვრებს უწოდებდა. „ლომის ბოკვრებმა“ ყრმობა, უმეტესად მამის სამხედრო ბანაკებში გაატარეს[8].
ჰამილკარი თავისი დროისათვის განათლებული ადამიანი იყო და ცდილობდა, შვილებისთვისაც შესაფერისი ცოდნა მიეცა. ამ მიზნით იგი ფართოდ უღებდა თავისი ოჯახის კარს უცხოელ სწავლულებს. ცნობილია, რომ მაშინდელ კულტურულ სამყაროში ყოველგვარი ცოდნის გამავრცელებლები ბერძნები იყვნენ. ისინი ძირითადად გვევლინებიან, როგორც მასწავლებლები და სამხედრო საქმის სპეციალისტები. ჰამილკარის ოჯახში ბერძენი სწავლულები მის შვილებს გადასცემდნენ ელინისტური სამყაროს მიღწევებს კულტურისა და მეცნიერების დარგში. ცნობილია, რომ ჰანიბალი არა მარტო სწავლობდა ბერძენი სწავლულებისაგან, არამედ მეგობრობდა კიდეც მათთან[9].
ჰანიბალი ცხრა წლის იყო, როდესაც მამამ ესპანეთში წაიყვანა. გამგზავრების წინ, მსხვერპლთშეწირვის დროს მამამ ჰანიბალი სამსხვერპლოსთან მიიყვანა და უბრძანა დაეფიცა, რომ სიკვდილამდე რომაელთა მტერი იქნებოდა. ჰანიბალმა დაიფიცა და სიკვდილამდე ამ ფიცის ერთგული დარჩა[10].
ძვ. წ. 229 წელს ჰამილკარი გარდაიცვალა. 18 წლის ჰანიბალი ამ დროს კართაგენში იმყოფებოდა. ახალმა მთავარსარდალმა ჰასდრუბალმა იგი სასწრაფოდ გაიწვია[11]. ჰანიბალს ყოყმანი არ დაუწყია, მაგრამ იბერიაში მის გამგზავრებას წინ აღუდგა ანტიბარკიდული პარტიის წარმომადგენელი ჰანონი. სენატორების უდიდესმა ნაწილმა ჰანონს მხარი არ დაუჭირა და დადგენილების საფუძველზე ჰანიბალი ესპანეთში გაემგზავრა. მისმა გამოჩენამ ესპანეთში მყოფ კართაგენელებში აღტაცება გამოიწვია. ჰასდრუბალმა 18 წლის ჰანიბალი კავალერიის უფროსად დანიშნა[12].
ესპანეთში გადასული ჰანიბალი აქტიურად ჩაება სამხედრო ოპერაციებში. ჰასდრუბალის ხელქვეით სამსახური ჰანიბალისათვის სერიოზული სკოლა გამოდგა. მთავარსარდლის ყოველ დავალებას იგი გულმოდგინედ ასრულებდა, მისი მარჯვენა ხელი გახდა, რითაც ხელი შეუწყო კართაგენის არმიის წინსვლას. ჰასდრუბალმა ესპანეთში დააარსა ქალაქი ახალი კართაგენი, რომელიც კართაგენის იბერიის დედაქალაქი გახდა[13]. ძვ. წ. 221 წელს ჰასდრუბალი თავისმა მსახურმა მოკლა. კართაგენის არმიამ მთვარსარდლად ჰანიბალი დაასახელა. კართაგენის სენატმაც დაადასტურა ლაშქრის გადაწყვეტილება. სამოღვაწეო ასპარეზზე ჰანიბალის გამოსვლით ახალი ეპოქა დაიწყო კართაგენის ისტორიაში. ეს იყო ყველაზე საინტერესო და დაძაბული, დიდებითა და მწუხარებით აღსავსე ეპოქა კართაგენი-რომის ურთიერთობაში[14].
მთავარსარდალი ესპანეთში
ორი წლის განმავლობაში ჰანიბალმა გააფართოვა კართაგენის გავლენა პირენეის ნახევარკუნძულის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილზე[15]. ძვ. წ. 221 წელს მან დაიწყო კამპანია ოლკადების წინააღმდეგ და აიღო მათი დედაქალაქი კარტალა (რომელსაც პოლიბიოსი ალტალიას უწოდებს), რამაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ახლომახლო მცხოვრებ ტომებზე. ბევრმა, მტრის სიძლიერით დამფრთხალმა, ნებაყოფლობით ცნო კართაგენის ბატონობა. ჰანიბალი დიდი ნადავლით დაბრუნდა ქალაქ ახალ კართაგენში გამოსაზამთრებლად[16]. გამოზამთრების შემდეგ ვაკცეებზე ილაშქრა, მოულოდნელი თავდასხმით გატეხა მათი წინააღმდეგობა და აიღო ქალაქი ჰერმანდიკა (თანამედროვე სალამანკა). ვაკცეების მეორე ქალაქი არბოკალა მტერს ღირსეულად აღუდგა წინ, მრავალრიცხოვანი მოსახლეობა თავგანწირვით იბრძოდა, მაგრამ გამარჯვება მაინც კართაგენელებს დარჩათ.
ამ გამარჯვების მიუხედავად ოლკადებსა და ვაკცეებს ფარ-ხმალი არ დაუყრიათ. ისინი სწრაფად გაერთიანდნენ და იერიში მიიტანეს კართაგენელებზე. აჯანყებულებმა კარპეტანებიც მიიმხრეს და უზარმაზარ სამხედრო ძალას მოუყარეს თავი[17]. ტიტუს ლივიუსის ცნობით გაერთიანებულ იბერთა არმია 100 ათას მეომარს ითვლიდა. ჰანიბალი თავისი ლაშქრით მდინარე ტაგუსის ნაპირთან იდგა. მან პირდაპირი შეტაკების გეგმა უარყო, არმია მოხერხებულ ადგილას გაამაგრა და მხოლოდ თავდაცვაზე ზრუნვას შეუდგა. დაღამებისას მან თავის მეომრებს უბრძანა, უხმაუროდ გადაელახათ ტაგუსი და მდინარის მეორე ნაპირზე გამაგრებულიყვნენ. ასეც მოხდა. დილით კი იბერიელებმა დაინახეს, რომ კართაგენელებს ბანაკი მიეტოვებინათ. მათ ეს იოლი გამარჯვების მაუწყებლად მიიჩნიეს და სასწრაფოდ შეუდგნენ მდინარის გადალახვას. ჰანიბალმა ისინი მდინარის შუაგულამდე შეუშვა და იქ შეაგება ცხენოსნები. იბერებმა შეტევას ვერ გაუძლეს და უწესრიგოდ გაიფანტნენ. კართაგენის არმია ლტოლვილებს დაედევნა, კარპეტანიაში შეიჭრა და ააოხრა იგი. აჯანყებულებმა თავი დამარცხებულად სცნეს და კართაგენის მორჩილება აღიარეს[18].
ამ გამარჯვების შემდეგ პირენეს ნახევარკუნძულზე მდინარე იბერის სამხრეთით არსებული ყველა ქალაქი და ტომი ჰანიბალს დაემორჩილა. გამონაკლისი იყო მხოლოდ ქალაქი საგუნტი (ამჟამად საგუნტო). ჰანიბალმა კარგად იცოდა, რომ საგუნტის საქმეებში ჩარევა რომთან დააპირისპირებდა, ვინაიდან ქალაქი რომაელთა მოკავშირე იყო. ამავე დროს, ჰანიბალის აზრით, სწორედ საგუნტი იყო საუკეთესო ასპარეზი რომთან ომის წამოსაწყებად. მიზნის მისაღწევად მიზეზის გამონახვა მარტივად შეიძლებოდა, თუმცა ჰანიბალმა საგუნტსა და მის მეზობლებს შორის ურთიერთობის გამწვავება გადაწყვიტა. ყოველნაირად უწყობდა ხელს საგუნტელებსა და ტურდეტანებს შორის მტრობის გაღვივებას. პარალელურად ჰანიბალი ცდილობდა, ნელ-ნელა დაეძაბა რომისა და კართაგენის ურთიერთობა და ანტირომაულად განეწყო კართაგენის არისტოკრატიული ოლიგარქია. ჰანიბალმა კართაგენის სენატს აცნობა, რომ რომაელები აგულიანებდნენ იბერებს და კართაგენის წინააღმდეგ განაწყობდნენ. საბოლოოდ კართაგენის ხელისუფლებამ ჰანიბალს დაავალა საგუნტის მიმართ ისე ემოქმედა, როგორც თვითონ მიიჩნევდა საჭიროდ[19].
ძვ. წ. 219 წელს, ჰანიბალის ბრძანებით, კართაგენის არმია ქალაქ საგუნტის მიმართულებით დაიძრა. ჰანიბალი სამი მხრიდან უტევდა ქალაქს, მაგრამ საგუნტის დამცველები ღირსეულად იგერიებდნენ მტრის თავდასხმას. ერთ-ერთი შეტაკების დროს ჰანიბალი დაიჭრა კიდეც. ახალი შეტევა უფრო მძაფრად დაიწყო ჰანიბალის გამოჯანმრთელების შემდეგ. საგუნტელებმა დახმარებისათვის ელჩები ჯერ კიდევ ძვ. წ. 220 წელს გააგზავნეს რომში, მაგრამ საგუნტის თხოვნა უყურადღებოდ დატოვეს[20]. რომში მხოლოდ მაშინ დაინტერესდნენ საგუნტის საკითხით, როდესაც გაიგეს, რომ ქალაქი ალყაში იყო მოქცეული. სენატმა დიპლომატიური გზით სცადა პრობლემის მოგვარება და ჰანიბალთან ელჩობა გააგზავნა. რომის წარმომადგენლები გამოცხადნენ ესპანეთში, მაგრამ საგუნტის ალყით გართულმა ჰანიბალმა ისინი არ მიიღო[21]. ამის შემდეგ განაწყენებული ელჩები კართაგენში გაეშურნენ. რომაელებმა კართაგენის სენატს მოსთხოვეს, შეეწყვიტათ საომარი მოქმედება საგუნტის წინააღმდეგ და ჰანიბალი დაესაჯათ. მიუხედავად ანტიბარკისტული პარტიის გაძლიერებისა, კართაგენის სენატმა ომის შეწყვეტასა და ჰანიბალის დასჯაზე უარი განაცხადა. ელჩები გაწბილებულები დაბრუნდნენ. რვათვიანი ალყის შემდეგ ქალაქი საგუნტი დაეცა[22]. ჰანიბალის ბრძანების თანახმად, მამრობითი სქესის ყველა მოზარდი ამოხოცეს, ქალები და ბავშვები ტყვედ ჩაიგდეს, ხოლო საგუნტის ტერიტორიაზე დაასახლეს ფინიკიელი კოლონისტები[23]. საგუნტის დაცემის შემდეგ რომმა კვლავ გაგზავნა მისია კართაგენში და დაავალა, ჰანიბალის დაუსჯელობის შემთხვევაში, ომი გამოეცხადებინათ. ელჩებმა თავიანთი პრეტენზიები წარუდგინეს კართაგენის სენატს. ბუნებრივია, კართაგენელები არ აპირებდნენ ჰანიბალის დასჯას. ელჩობამ დავალებისამებრ ომი გამოუცხადა კართაგენს. კართაგენის სენატმა ომის გამოცხადების ამბავი ჰანიბალს შეატყობინა, რომელიც ამ დროს საკუთარ არმიასთან ერთად ახალ კართაგენში იმყოფებოდა გამოსაზამთრებლად. ჰანიბალმა რომაელთა მოსალოდნელი თავდასხმის მოგერიების მიზნით კართაგენის გარნიზონი გააძლიერებინა. ესპანეთის საქმეების მოწესრიგება და კართაგენის დაცვა თავის ძმას, ჰასდრუბალს დაავალა, რომელსაც მეორე ფრონტი უნდა გაეხსნა აპენინის ნახევარკუნძულზე, მას შემდეგ, რაც ჰანიბალი იტალიაში შეიჭრებოდა.
იტალიური კამპანია
ესპანეთიდან იტალიამდე
ჰანიბალმა მთელი ზამთარი საომარ სამზადისში გაატარა. ძვ. წ. 218 წლის გაზაფხულზე მან უზარმაზარი არმიით დატოვა ახალი კართაგენი და გეზი აღმოსავლეთისაკენ აიღო[24]. დაუბრკოლებლად გადალახა მდინარე იბერი და შეუდგა მდინარესა და პირენეს მთებს შორის მცხოვრები ტომების დაპყრობას. პოლიბიოსის ცნობით, ჰანიბალის არმიაში შედიოდა 90 ათასი ქვეითი, 12 ათასი ცხენოსანი და 37 საბრძოლო სპილო[25]. აღნიშნული არმიის მეშვეობით საკმაოდ ადვილად დაიმორჩილა მდინარე იბერის ჩრდილოეთით მდებარე ტერიტორიებზე მცხოვრები ილერგეტები, ბარგუსიები, ავზეტანები და პირენეს მისადგომებთან მცხოვრები ლაცეტანები. მათ მმართველად თავისი ერთ-ერთი სარდალი დანიშნა, რომელსაც 10 ათასი ქვეითი და ათასი ცხენოსანი დაუტოვა, თვითონ კი გზა განაგრძო პირენეების მთებისაკენ. სანამ ჰანიბალის არმია ესპანეთში იმყოფებოდა, სარდალი მეომრებს ლაშქრობის გეგმას არ უმხელდა. მაგრამ პირენეს მთებთან მიახლოებამ იგი აიძულა, საიდუმლო გაემჟღავნებინა. შეუდგა თუ არა არმია პირენეის ფერდობებს, იბერ მეომართა ნაწილი უკმაყოფილებამ მოიცვა. შორეული ლაშქრობის ამბავმა ისინი აღაშფოთა. სამი ათასმა კარპეტანმა თვითნებურად მიატოვა კართაგენის არმია, მიუხედავად ამისა ჰანიბალმა არმიიის მთლიანობა შეინარჩუნა და არმიამაც გზა განაგრძო. ჰანიბალმა გადალახა პირენეი. იმისათვის, რომ ადგილობრივ ტომებს ლაშქარი მშვიდობიანად გაეტარებინა, მათთან ელჩობას აგზავნიდა და მათ უსაფრთხო გატარების პირობის მიღებას ავალებდა. კართაგენის არმიამ დაუბრკოლებლად გაიარა გალია და აგვისტოს დასაწყისში მდინარე როდანუსამდე მიაღწია[26]. მდინარის გადალახვა კი საკმაოდ გაუძნელდა, რადგან მდინარის ნაპირას მცხოვრები ვოლკები კართაგენელებს საკმაოდ მტრულად შეხვდნენ. მათ მტკიცე ზღუდე შექმნეს მეორე ნაპირზე, რამაც გადალახვის შესაძლებლობა მინიმუმამდე დაიყვანა. ჰანიბალმა გამოსავალი ნახა, მდინარის აღმა ააყოლა თავისი ჯარისკაცების გარკვეული ნაწილი ჰანონის მეთაურობით, ძირითადად ესპანელები, გადალახეს მდინარე და ზურგიდან თავს დაესხნენ ვოლკებს სწორედ იმ მომენტში, როდესაც ჰანიბალმა დაიწყო მდინარის გადალახვა. ხანგრძლივი შეტაკებების შემდეგ ვოლკები გაიქცნენ.
რომაელები, თავის მხრივ, საკუთარ გეგმებს ახორციელებდნენ ჰანიბალის წინააღმდეგ. ისინი ფიქრობდნენ, ორმაგი დარტყმა მიეყენებინათ კართაგენის ძალებისათვის. ერთ კონსულს, პუბლიუს კორნელიუს სციპიონს, დაევალა ესპანეთში ლაშქრობა, ხოლო მეორეს, ტიბერიუს სემპრონიუს ლონგუსს დაევალა აფრიკაში გადასვლა და კართაგენზე თავდასხმა. სციპიონი ესპანეთში დაგვიანებით გაემგზავრა, რადგან იტალიის ჩრდილოეთში მცხოვრები გალების აჯანყებამ შეაყოვნა. მასალიასთან სციპიონმა გაიგო ჰანიბალის მიერ პირენეების გადალახვის ამბავი, კონსულისათვის ნათელი გახდა ჰანიბალის გეგმები. ასეთ ვითარებაში სციპიონმა სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა, რათა იტალია ჰანიბალთან შესახვედრად მოემზადებინა[27].
მდინარე როდანუსის სანაპიროზე ყოფნისას ჰანიბალთან გამოცხადდნენ ჩრდილო იტალიაში მცხოვრები გალი ტომების, ბოიების ელჩები ბელად მაგალუსის მეთაურობით და კავშირი შესთავაზეს. ბოიებმა მეგზურობაც კი შესთავაზეს კართაგენის არმიას და იტალიაში უმოკლესი გზით გადაყვანას დაპირდნენ. დაყოვნება არ შეიძლებოდა, შემოდგომა ახლოვდებოდა, ალპებში თოვლს დადებდა და გამოზამთრება გალიაში მოუხდებოდა. ეს კი რომს კარგად მომზადების საშუალებას მისცემდა. ალპების დანახვისას ჰანიბალმა ამაღელვებელი სიტყვით მიმართა ჯარისკაცებს. მისმა მიმართვამ შედეგი გამოიღო. მეორე დღეს მეომრები სალაშქროდ მზად იყვნენ. მდინარე რონას გადალახვიდან მეოთხე დღეს მოლაშქრენი როდანუსისა და მის შენაკად იზარას შორის მცხოვრებ ალობროგებს მიადგნენ, რომელთა შორისაც დინასტიური ომი მიმდინარეობდა. ჰანიბალი ჩაერია მათ ბრძოლაში, ერთ-ერთ ძმას დაეხმარა მეორის წინააღმდეგ და კართაგენელების ზურგიდან დაცვასაც მიაღწია, მანამ სანამ ისინი ალპებს არ მიაღწევდნენ[28].
მთელი დაბლობი კართაგენის ლაშქარმა დაუბრკოლებლად გაიარა, როგორც კი სიმაღლეებს შეუდგნენ, პრობლემებმაც იჩინეს თავი, ჯერ იყო და ალობროგების განაწყენებულმა ნაწილებმა მიაყენეს სერიოზული ზარალი ჰანიბალის არმიას, შემდეგ მთებში დამხვდურმა უცნობმა ტომმა (რომლის სახელიც წყაროებში არ დასტურდება) უღალატა ჰანიბალის არმიას. რაც უფრო მაღლა მიდიოდა ჰანიბალის არმია, მით უფრო იზრდებოდა ადგილობრივ ტომთა წინააღმდეგობაც. მიუხედავად ყველაფრისა, მეცხრე დღეს ჰანიბალმა, როგორც იქნა მიაღწია უღელტეხილს. გადაქანცული მეომრები ორი დღით დაასვენა მთავარსარდალმა. ალპების კალთებზე დაფენილმა შემოდგომის თოვლმა და გაუსაძლისმა ამინდმა დიდი გავლენა მოახდინა მეომრებზე.
„მეომრებო, ალპების გადალახვით თქვენ
გადადიხართ არა მარტო იტალიის, არამედ
რომის კარიბჭეზეც. ამიერიდან ყველაფერი ისე
წარიმართება, როგორც გვსურს, ერთი ან ორი
ბრძოლა ჩვენს ფერხთა წინაშე დააჩოქებს
იტალიასაც და მის დედაქალაქსაც“
მეომრები აშკარად უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ. ჰანიბალმა კვლავ თავისი ორატორული ნიჭი გამოიყენა მეომრების გასამხნევებლად. არმია უყოყმანოდ შეუდგა ალპების კალთებზე დაშვებას და იტალიის მიმართულებით წინსვლას[29]. მეტისმეტად გაჭირდა ალპების სამხრეთი კალთების დაძლევა. მართალია, ადგილობრივ ტომთა თავდასხმები მინიმუმამდე შემცირდა, მაგრამ თოვლისა და ცუდი გზის გამო მეომართა დანაკლისი იმდენივე იყო, რამდენიც ალპებში აღმა ასვლისას. სექტემბრის ბოლოსთვის ჰანიბალის არმიამ გადალახა ალპები და პადუსის ველზე გავიდა, თუმცა ეს იყო მხოლოდ მცირე ნაწილი იმ არმიისა, რომელიც მას ესპანეთში ჰყავდა[30].
ჰანიბალის ლაშქარმა მთელი გზა ახალი კართაგენიდან მდინარე პადუსის ნაპირებამდე ხუთ თვეში გაიარა. აქედან ალპების გადალახვას დასჭირდა 15 დღე, მაგრამ გზის ეს მონაკვეთი ყველაზე მძიმე და რთული იყო. ზარალის უდიდესი ნაწილიც სწორედ ამ მონაკვეთზე მოდიოდა. ხუთი თვის განმავლობაში არმიამ გაიარა 1 600 კმ. თუმცა კართაგენის არმიამ ყველა წინაღობა დასძლია და იტალიაში შევიდა. პადუსის ველზე გასული კართაგენის არმია 12 ათას აფრიკელს, 8 ათას იბერსა და 6 ათას ცხენოსანს ითვლიდა[31].
ჰანიბალმა დიდი მსხვერპლი გაიღო, ვიდრე აპენინის ნახევარკუნძულს მიაღწევდა, მაგრამ შედეგიც შესაბამისი იყო: კართაგენის არმიამ ფეხი დადგა იტალიის მიწაზე. ჰანიბალის წინაპრების ოცნების პირველი ეტაპი განხორციელდა.
ჰანიბალი იტალიაში
იტალიაში კართაგენის არმიის შეჭრამ მთელი ნახევარკუნძული ააფორიაქა, რომაელები ასეთ მოულოდნელ თავდასხმას არ ელოდნენ. ამ საგანგებო ცნობამ რომის სენატი აიძულა, კართაგენთან ომის გეგმა შეეცვალა. სიცილიიდან სასწრაფოდ გამოიწვიეს კონსული ლონგუსი, რომელიც აფრიკაში სალაშქროდ იყო გამზადებული. რომის სენატი ასევე ფრთხილად ეკიდებოდა ციზალპიელ გალებსა და იტალიკებთან ურთიერთობას, რადგან კარგად იცოდა მათი ანტირომაული განწყობილება და სავარაუდო იყო, ისინი ადვილად მიმხრობოდნენ ჰანიბალის არმიას[32]. ჰანიბალიც არ კარგავდა დროს და არმიის შევსების მიზნით ადგილობრივი ტომების გადაბირებას შეუდგა. ჰანიბალმა კავშირი შესთავაზა ტავრინების გალურ ტომს, მაგრამ მათ უარი თქვეს მოკავშირეობაზე. ჰანიბალმა ალყა შემოარტყა მათ დედაქალაქს (თანამედროვე ტურინი), სამი დღის ალყის შემდეგ აიღო და სასტიკად გაუსწორდა ტავრინებს. მათი განადგურების შემდეგ დანარჩენმა გალურმა ტომებმა უსიტყვოდ დაიკავეს კართაგენელთა მხარე[33].
ტიცინოს ბრძოლა
პადუსის მარცხენა მხარეს მდგარმა ჰანიბალმა შეიტყო, რომ სციპიონი უკვე პადუსის ველზე იდგა. კართაგენის ლაშქარი მდინარის ნაპირს მიუახლოვდა. ძვ. წ. 218 წლის ოქტომბერში კართაგენელები და რომაელები მდინარე პადუსის (პოს) ჩრდილოეთ ნაპირზე შეხვდნენ, მდინარეებს სესიასა და ტიცინოს შორის. რომის კონსულისა და კართაგენის სარდლის საბრძოლო ტაქტიკა მკვეთრად განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან. სციპიონი დინჯად ცდილობდა შეეკრა რომისკენ მიმავალი გზები, ჰანიბალი სწრაფი მოქმედებებით რომაელებს ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა. პირველი არევ-დარევის შემდეგ თანაბარი ბრძოლა გაიმართა. ხელჩართულ ბრძოლაში სციპიონი დაიჭრა, იგი გადაარჩინა მისმა 17 წლის შვილმა, შემდეგში სციპიონ აფრიკელად (უფროსი) ცნობილმა. მომხდარით შეშფოთებულმა რომაელებმა დიდი წვალებით გაარღვიეს ალყა და ბანაკში დაბრუნდნენ[34].
რომაელები ასეთ სწრაფსა და მოულოდნელ დამარცხებას არ ელოდნენ. სციპიონი გრძნობდა, რომ მისი არმია მტრის ხელახლა თავდასხმას ვერ გაუძლებდა და ლაშქრის გადარჩენაზე უნდა ეზრუნა. საჭირო იყო საიმედო თავშესაფრის პოვნა. სციპიონმა მეორე ღამესვე აყარა ლაშქარი და მდინარე პადუსი ფარულად გადალახა. ჰანიბალმა გვიან გაიგო მტრის გაქცევა, თავისი მეომრები დაადევნა და მაინც მოახერხა რამდენიმე ათასი ლტოლვილი რომაელი მეომრის ხელში ჩაგდება. სციპიონმა ქალაქ პლაცენციას შეაფარა თავი[35]. პადუსის ნაპირებზე მყოფ ჰანიბალთან გამოცხადდნენ ციზალპელი გალების წარმომადგენლები და მეგობრობა და თანამშრომლობა შესთავაზეს. ჰანიბალის არმიის რიგები დღითი დღე ახალი მეომრებით ივსებოდა და ის დანაკლისი, რაც ესპანეთიდან იტალიამდე განიცადა, სულ მოკლე ხანში თითქმის ანაზღაურდა[36].
პირველმა გამარჯვებამ ჰანიბალის მდგომარეობა განამტკიცა და მის არმიას მოქმედების ახალი გეგმები დაუსახა.
ტრებიის ბრძოლა
ტიცინოს დაზვერვითი ბრძოლის შემდეგ ჰანიბალი ცდილობდა რომაელები კვლავ ბრძოლის ველზე გამოეწვია, რათა მათთვის გამანადგურებელი დარტყმა მიეყენებინა. რომაელებიც არ ისხდნენ გულხელდაკრეფილნი. პირველი მარცხის შემდეგ ლტოლვილმა სციპიონმა პლაცენციაში დარჩენის გეგმა უარყო და უფრო საიმედო თავშესაფრის ძებნას შეუდგა, სანამ მეორე კონსული ლონგუსი არ შეუერთდებოდა. მისი არჩევანი მდინარე ტრებიას, პადუსის მარჯვენა შენაკადის ნაპირზე შეჩერდა. სციპიონს აქვე შეუერთდა რომის მეორე კონსული ტიბერიუს სემპრონიუს ლონგუსი. ვინაიდან სციპიონი ჯერ კიდევ ავადმყოფობდა, უმაღლესი მთავარსარდლობა ლონგუსმა იკისრა.
ძვ. წ. 218 წლის დეკემბერში კართაგენის არმია მდინარე ტრებიას მარცხენა ნაპირს მიადგა. ჰანიბალმა თავის უმცროს ძმა მაგონს დაავალა, ათასი ქვეითითა და ათასი მხედრით მდინარე ტრებიას აღმა აჰყოლოდა და მის ზემო წელზე ჩასაფრებულიყო. გამოწვევის მიზნით რომელთა ბანაკს ნუმიდიელი ცხენოსნები შეუსია, რომლებიც მოწინააღმდეგის ბანაკს გარს უვლიდნენ ისრების სროლითა და შეურაცხმყოფელი შეძახილებით[37]. დანარჩენ მეომრებს კი საომრად მზადყოფნისაკენ მოუწოდა. ლონგუსი წამოეგო ანკესს, აჰყარა არმია და ბრძოლაში ჩაბმის ბრძანება გასცა. ნუმიდიელებმა მცირედი ბრძოლის შემდეგ გეგმის თანახმად უკან დახევა დაიწყეს და მდინარე უკანვე გადალახეს, რომაელები კვალში მიჰყვნენ და დეკემბრის სუსხიან დღეს, თოვლჭყაპში, მდინარე გადალახეს, სადაც ჰანიბალის ძირითადი რაზმი მათ უკვე ელოდებოდა. პირველმა შეტაკებამ ცხადყო კართაგენელთა უპირატესობა, მალე მდინარის ზემოთში ჩასაფრებულმა მაგონმა მოწინააღმდეგეს ზურგიდან დაარტყა. რომის განწირულმა არმიამ კართაგენელების ალყიდან თავი ძლივს დააღწია და დაახლოებით 10 ათასი კაცით თავი ქალაქ პლაცენციას შეაფარა. ტრებიასთან ბრძოლაში კარგად გამოჩნდა ჰანიბალის, როგორც მხედართმთავრის, ღირსებანი. ამ გამარჯვებამ კართაგენელებს რომისაკენ გაუხსნა გზა. ტრებიას ბრძოლის შემდეგ მთელი ციზალპიური გალია, რამდენიმე უმნიშვნელო ტომის გამოკლებით, ჰანიბალის მხარეზე გადავიდა. ჰანიბალი კარგად გრძნობდა, რომ პირველი გამარჯვება დიდი ომის მხოლოდ შესავალი იყო და წინ კიდევ დიდი ბრძოლები ელოდა, ამიტომ მთელი ზამთარი სამზადისში გაატარა. სამზადისში იყვნენ რომაელებიც, რომლებმაც ძვ. წ. 217 წლისათვის კონსულებად აირჩიეს გნეუს სერვილიუს გემინუსი და გაიუს ფლამინიუსი. მათ ახალი არმიის შეკრება დაიწყეს მტერთან ანგარიშის გასასწორებლად[38].
ტრაზიმენის ტბის ბრძოლა
ახალმა კონსულებმა გადაწყვიტეს დაეკავებინათ შუა იტალიაში შესაჭრელად ყველაზე მოხერხებული გასასვლელი არიმინუმთან და არეციუმთან[39]. ჰანიბალმა აირჩია მესამე, უფრო ძნელად სავალი გზა. მან გაიარა ქალაქი პისტორია და ადიდებული მდინარის შედეგად დატბორილი და დაჭაობებული არნოს ველი[40]. მარცხნივ ჩამოიტოვა არეციუმი, სადაც გაიუს ფლამინიუსი იყო ჩასაფრებული და შეიჭრა ეტრურიაში. ფლამინიუსმა როგორც კი შეიტყო ჰანიბალის მანევრირების შესახებ, არ დაელოდა სერვილიუსს და ფორსირებული მარშით გაეშურა მასთან შესახვედრად. არეციუმიდან მიმავალი გზა გადიოდა ტრაზიმენის ტბის ჩრდილოეთ სანაპიროზე, რომელიც ვიწრო დაბლობს წარმოადგენდა. დაბლობს ჩრდილოეთიდან მაღალი მთები ერტყა, დასავლეთიდან შესასვლელი ვიწრო ხეობას წარმოადგენდა, ხოლო აღმოსავლეთისკენ გასასვლელი — ციცაბო ფლატეს. ჰანიბალმა სწორედ ეს ადგილი ამოირჩია ჩასაფრებისათვის: აღმოსავლეთით, გასასვლელთან მსუბუქად შეიარაღებულები ჩაასაფრა, დასავლეთით მძიმე ქვეითი ჯარი და გალები, ხოლო მთებს შუბოსნები და მსროლელები შეუსია[41]. სისხლისმღვრელ ბრძოლაში რომაელთა არმიის ნახევარი დაიღუპა, ბრძოლის ველზე დაეცა თავად მთავარსარდალი ფლამინიუსი[42].
იმ დროს, როდესაც ფლამინიუსი ტრაზიმენის ტბასთან განადგურდა, რომის მეორე კონსული სერვილიუსი არიმინუმში იდგა. გაიგო თუ არა ჰანიბალის ეტრურიაში შესვლის ამბავი, გადაწყვიტა, შეერთებოდა ფლამინიუსს, მაგრამ შეიტყო, რომ ფლამინიუსი წასულიყო მტრის შესახვედრად. მანაც გეზი იმავე მიმართულებით აიღო, წინასწარ გაგზავნა 4 ათასი ცხენოსანი, რომელთაც ფლამინიუსის არმიის ბედი ეწიათ. სერვილიუსმა ვერ გაბედა ჰანიბალთან შებმა და ბრძოლას თავი აარიდა. ამან კართაგენელებს შუა იტალიის დაპყრობა გაუადვილა. ტრაზიმენთან ტრიუმფმა რომისაკენ გზა გაუხსნა ჰანიბალს, მაგრამ მან სულ სხვა გზა აირჩია. რომზე პირდაპირ შეტევის ნაცვლად იტალიის საბოლოო აოხრება გადაწყვიტა, მისი აზრით ეს გარესამყაროსაგან იტალიის სრულ იზოლაციას გამოიწვევდა და დაასუსტებდა. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლებოდა ფიქრი რომის აღებაზე.
ეტრურიიდან კანემდე
ტრაზიმენის ტბასთან გამარჯვების შემდეგ ჰანიბალი ისე მოიქცა, რომ არავინ ელოდა. იმის ნაცვლად, მეორე კონსულს შებმოდა ან პირდაპირ რომზე გაელაშქრა, ქალაქს გვერდი აუქცია და აღმოსავლეთის მიმართულებით ადრიატიკის ზღვის სანაპიროსკენ გაემართა. გაიარა უმბრებისა და პიცენების მხარე, მოაოხრა მთელი უმბრია და აურაცხელი სიმდიდრე იგდო ხელთ. მისი ნაკვალევი ნახანძრალს ჰგავდა[43][44]. ადრიატიკის ზღვაზე გასვლის შემდეგ ჰანიბალმა არმია დაასვენა და, გარდა ამისა, სამშობლოსთანაც დაამყარა კავშირი, რათა თავისი წარმატებები ეცნობებინა. არმიის დასვენების შემდეგ ჰანიბალმა დალაშქრა ცენტრალური იტალიის ტომები: მარსები, მარუცინები, პელიგნები და შეიჭრა აპულიაში. საგულდაგულოდ ააოხრა აპულია და სალაშქროდაც იქ დაიბანაკა.
რომის სენატი ჰანიბალის წარმატებებმა სასოწარკვეთილებაში ჩააგდო. ორი კონსულიდან ერთი შორეულ ჩრდილოეთში იმყოფებოდა, მეორე ბრძოლაში დაეცა, ქვეყნის დაცვა საფრთხის ქვეშ იდგა. რომის სენატმა გამოსავალი დიქტატორის არჩევაში დაინახა. დიქტატორად აირჩიეს კვინტუს ფაბიუს მაქსიმუსი, ხოლო მის მოადგილედ, კავალერიის უფროსად, მარიუს მინუციუს რუფუსი[45][46].
ფაბიუს მაქსიმუსი მოვალეობის შესრულებას შეუდგა და ოთხი ლეგიონით გაემართა ჰანიბალის წინააღმდეგ. გზაში შეიერთა არიმინუმიდან მომავალი სერვილიუსის არმია. მიუახლოვდა ჰანიბალს და მისგან 50 სტადიონის (დაახლ. 10 კმ.) დაშორებით დაბანაკდა. ფაბიუს მაქსიმუსი ომში ჩაბმას არ ჩქარობდა, ჰანიბალიც ნაცნობი ტაქტიკით მათ გამოწვევას ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ. ჰანიბალისათვის ნათელი გახდა, რომ მოწინააღმდეგემ ტაქტიკა შეცვალა და ეს ცვლილება მოხუცი დიქტატორის დამსახურება იყო[47].
ფაბიუს მაქსიმუსის მოქმედების გამო საკმაოდ შეფიქრიანდა ჰანიბალი, თუ ასე გაგრძელდებოდა მისი გეგმა განწირული იყო. თუმცა ფაბიუს მაქსიმუსის ქმედებას მოწინააღმდეგეები გამოუჩდნენ თავად რომაელ მეომართ შორის. ისინი საყვედურს გამოთქვამდნენ დიქტატორის ტაქტიკის მიმართ. განსაკუთრებით აქტიურობდა მისი მოადგილე მარიუს მინუციუს რუფუსი. ფაბიუსი მოთმინებით იტანდა დამცირებას და თავის გეგმას დინჯად ასრულებდა. ჰანიბალს კვალდაკვალ დაჰყვებოდა და წვრილ-წვრილი თავდასხმებით დიდ ზარალს აყენებდა. მას მსგავსი შეტაკებებით სურდა აღედგინა რომაელ მეომართა მხნეობა, რაც ადრინდელი დამარცხებებით საგრძნობლად იყო გატეხილი[48].
ჰანიბალის ყოველი ცდა დიქტატორი ბრძოლაში გამოეწვია მარცხით მთავრდებოდა. ჰანიბალმა ბრძოლის ასპარეზი აპულიიდან სამნიუმში გადაიტანა. მოაოხრა ბენევენტუმის ოლქი, ქალაქები ბენევენტუმი და ვენუზია. დიქტატორი კვლავ თავს იკავებდა[49]. ჰანიბალმა კამპანიის დალაშქვრა გადაწყვიტა. საჭირო იყო კაზინუმის გზის ჩაკეტვა, რათა რომი კამპანიელებს ვერ დახმარებოდა. ჯარი კაზინუმისაკენ დაძრა, თუმცა შემთხვევით კაზილინუმში აღმოჩნდა. ჰანიბალმა ამის გამო მეგზურები ჯვარზე გააკრა და ახლა მხოლოდ იმასღა ცდილობდა, როგორმე არმია გაეყვანა კაზილინუმის ვიწრო ხეობიდან. ფაბიუს მაქსიმუსმა მოხერხებულად ჩაუკეტა ხეობა ჰანიბალს. ამრიგად, ჰანიბალის მთელი საბრძოლო ძალა ალყაში აღმოჩნდა. ჰანიბალმა კვლავ სცადა რომაელთა გამოწვევა, ამჯერად დიქტატორმა გამოწვევა მიიღო და ერთმანეთთან საომრად გაემზადნენ. მცირე შეტაკების შემდეგ თავთავიანთ ბანაკებს დაუბრუნდნენ. კართაგენის არმია აშკარა საფრთხის წინაშე იდგა. თუმცა გამოსავალი მაინც მოიძებნა: კართაგენის სარდალს სურსათის მარაგის სახით კამპანიიდან ჰყავდა გამორეკილი ორი ათასი ხარი. ჰანიბალმა ბრძანა, ხარების რქებზე ჩირაღდნები დაემაგრებინათ. ღამე აანთეს ჩირაღდნები და და ხარები მწვერვალებისაკენ გარეკეს. სიბნელეში ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს მეომრები გარბოდნენ. გადასასვლელების ჩამკეტმა რომაელმა მეომრებმა მოძრავი აალებული ფიგურები, რომ დაინახეს, იფიქრეს, კართაგენელები შეტევაზე გადმოვიდნენო, შეშინებულებმა საგუშაგო მიატოვეს და ცეცხლოვან ფიგურებს მიაშურეს. ხარებს უკან კართაგენელთა მცირე რაზმები მოსდევდნენ. მათ შორის შეტაკებაც მოხდა, მაგრამ სწრაფად შეწყდა სიბნელის გამო. რომაელებს საგუშაგოები მიტოვებული ჰქონდათ. ამით ისარგებლა ჰანიბალმა და დაბრკოლების გარეშე გაიარა უმეთვალყუროდ დატოვებული ხეობა. ჰანიბალი ამის შემდეგ სამნიუმში გადავიდა და ახლა მისი მოოხრება დაიწყო. ზამთრის გასატარებლად კი აპულიას მიაშურა[50].
კანე
ამასობაში კვინტუს ფაბიუს მაქსიმუსის დიქტატორობის ვადა ამოიწურა. რომში ბრძოლა გაჩაღდა უმაღლესი ხელისუფლების დასაკავებლად. კონსულობას რამდენიმე ადამიანი ესწრაფოდა. საბოლოოდ დემოკრატებისა და არისტოკრატების კინკლაობის შემდეგ კონსულებად აირჩიეს გაიუს ტერენციუს ვარონი – დემოკრატებიდან და ლუციუს ემილიუს პავლე – არისტოკრატებიდან. ისინი განსხვავებული ადამიანები იყვნენ და სხვადასხვაგვარად უდგებოდნენ ჰანიბალის იტალიაში ლაშქრობის საქმესაც. ტერენციუს ვარონი სწრაფი შეტევის მომხრე იყო, ემილიუს პავლე კი ყოფილ დიქტატორ ფაბიუს მაქსიმუსის ტაქტიკის მომხრე იყო. ძვ. წ. 216 წლის გაზაფხულზე რომის კონსულები კართაგენის არმიისაკენ დაიძრნენ, აპულიაში შეიერთეს იქ მდგარი ლეგიონები და მიუახლოვდნენ მდინარე აუფიდიუსს, იმ ადგილს, სადაც კართაგენის ლაშქარი იყო დაბანაკებული. რომის რესპუბლიკის არმია 80 ათასი ქვეითისა და 6 ათასი ცხენოსნისგან შედგებოდა, კართაგენელები თითქმის ორჯერ ნაკლები იყვნენ (40 ათსი ქვეითი და 10 ათასი ცხენოსანი)[49].
როდესაც ჰანიბალი თავის მახლობლებთან ერთად შორიდან ზვერავდა მრავალრიცხოვან რომაელთა პოზიციებს, მისმა ერთ-ერთმა თანამებრძოლმა ჰისკონმა გაკვირვება გამოთქვა მტრის სიმრავლის გამო, რაც გულგატეხილობას უფრო ჩამოჰგავდა. ჰანიბალმა ეს შენიშნა და მიუგო:
„–მაგრამ არის უფრო საოცარი რამ ჰისკონ.
– მაინც რა? — შეეკითხა ჰისკონი. – ის, რომ იმ მრავალრიცხოვან ადამიანთა შორის ერთ კაცს ვერ ნახავ, სახელად ჰისკონი, რომ ერქვას, — მიუგო ჰანიბალმა[51].“ |
ჰანიბალის ხუმრობა სწრაფად მოედო მთელ არმიას. მეომრებს გამარჯვების რწმენა შთაუნერგა.
ჰანიბალმა კარგად იცოდა რომის არმიის შემდაგენლობა, დაახლოებით 2/3 ახალწვეულები იყვნენ. ყოველივე ეს წარმატების გარანტიას იძლეოდა. ბრძოლის დაწყებამდე ხერხს მიმართა: ღამე თავის ბანაკს ადგილი შეაცვლევინა და უფრო ხელსაყრელ ადგილას განალაგა. დილით რომაელებმა მათი მიტოვებული ბანაკი დაიკავეს. ვარონი ამტკიცებდა, რომ ჰანიბალმა ბრძოლის ველიდან გაცლა ამჯობინაო. ემილიუს პავლე შექმნილი მდგომარეობის განსჯის წინადადებას აყენებდა, მაგრამ ყველაფერი მისი სურვილის საწინააღმდეგოდ წარიმართა. ვარონს სურდა ყველაფერი მისი სარდლობის პერიოდში გაეკეთებინა.
ვარონმა არმია აუფიდიუსის ნაპირზე განალაგა. ემილიუს პავლეს აზრით, აუფიდსიუსის მარცხენა ნაპირი რომის არმიისათვის ხელსაყრელი არ იყო. ჰანიბალმაც გადასხა არმია მდინარის მარცხენა ნაპირზე, კანეს ველზე და საბრძოლველად მოემზადა. ჰანიბალმა კარგად გაითვალისწინა კანეს ველის გეოგრაფიული მდებარეობა. ადრიატიკის ზღვიდან მონაბერი ქარი აუფიდიუსის ნაპირზე მტვრის კორიანტელს აყენებდა. კართაგენელები ზღვის ნაპირისკენ ზურგით იდგნენ, რომაელები სახით. კართაგენელთა მოძრაობით გამოწვეულ მტვრის კორიანტელს ქარი პირდაპირ სახეში აყრიდა რომის არმიას. ბრძოლის დაწყებიდან მალევე კართაგენელთა ფლანგს 500 ნუმიდიელი ცხენოსანი გამოეყო და რომაელთა მხარეს მიაშურა, იარაღი დაყარეს და მათ მხარეზე „გადავიდნენ“. ბრძლა გაგრძელდა, სულ მალე ნუმიდიელმა მეომრებმა იშიშვლეს აბჯრის შიგნით დამალული ხმლები და ზურგიდან დაარტყეს მტერს. რომის უზარმაზარი არმია ალყაში აღმოჩნდა. ალყაში მოქცეულ რომაელთა რიგები აირია, დაირღვა ლეგიონთა სიმტკიცე. კანე რომაელთა სასაფლაო გახდა. მეომართა მხოლოდ მცირე ნაწილმა მოახერხა გაქცევა ვარონის მეთაურობით. ემილიუს პავლე კი კანეს ემსხვერპლა. ომის მსვლელობისას რომაელთა დანაკარგმა 50 ათასი ადამიანი შეადგინა[52], ხოლო კართაგენელთა დანაკარგი 6 ათასს არ აღემატებოდა[53].
არმიის ხელმძღვანელობა ჰანიბალს რომისაკენ საბრძოლველად მოუწოდებდა, განსაკუთრებით აქტიურობდა კავალერიის ხელმძღვანელი მაჰარბალი. იგი მოუწოდებდა ჰანიბალს რომისაკენ დაძრულიყო და არწმუნებდა, რომ მეხუთე დღეს გამარჯვებას კაპიტოლიუმში იზეიმებდა. ჰანიბალს მოეწონა მისი გაბედული გამოსვლა, თუმცა გალაშქრების წინადადება უარყო. მაჰარბალმა ჰანიბალს უთხრა:
„რა თქმა უნდა, ერთ ადამიანს არ აძლევენ ღმერთები ყველაფერს. შენ, ჰანიბალო, მტრის დამარცხება შეგიძლია, გამარჯვების გამოყენება კი არა[54].“
|
კართაგენის არმიამ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. რომი არნახულ განსაცდელში ჩავარდა. ყოველდღე მოსალოდნელი იყო ქალაქის გარემოცვა. სენატის აზრით ჰანიბალს წინ უკვე აღარაფერი ეღობებდა, ასე ფიქრობდნენ კართაგენის დანარჩენი სარდლებიც. მაგრამ თვით ჰანიბალი თავს იკავებდა მარადიული ქალაქის ალყაზე. მან ბრძოლაში დაღუპული კართაგენელთა არმიის ჯარისკაცები დაასაფლავა, მისივე ბრძანებით მოძებნეს და მიწას მიაბარეს რომის კონსული ემილიუს პავლე[55].
კანეს შემდეგ
რომის მდგომარეობა კანესთან ბრძოლის შემდეგ გაუარესდა. სენატში დაისვა საკითხი ახალი დიქტატორის არჩევის შესახებ. აირჩიეს კიდეც მარკუს იუნიუსი. სახელმწიფო ბრძოლისათვის მზადებას შეუდგა. ჰანიბალმა თავისი ძმა მაგონი კართაგენში გააგზავნა, რომ სენატისათვის შეეხსენებინა დახმარების საჭიროება. სენატში მაგონის ბრწყინვალე გამოსვლის შემდეგ გადაწყვიტეს იტალიაში გაეგზავნათ 4 ათასი ნუმიდიელი, 40 სპილო და ფული.
ამ პერიოდში რომში კონსულებად აირჩიეს ტიბერიუს სემპრონიუს გრაკქუსი და ლუციუს პოსტუმიუს ალბინუსი, ალბინუსი მოვალეობის შესრულებას არც შესდგომია ისე დაიღუპა ერთ-ერთ ბრძოლაში და მის ნაცვლად აირჩიეს მარკუს კლავდიუს მარცელუსი. არსებითად შეიცვალა მდგომარეობა კანეს ბრძოლის შემდეგ. იტალიკები საბოლოოდ დარწმუნდნენ, რომ რომი მათ ვერ დაიცავდა და თითქმის უომრად ჩაბარდნენ ჰანიბალს. კართაგენელთა მხარეს გადავიდნენ: ატელანები, კალატინები, ჰირპინები, აპულიელების ნაწილი, სამნიტები, ბრუტიუმელები, ლუკანები, უზენიტები, თითქმის მთელი ბერძნული სანაპირო და ციზალპური გალია[56].
იტალიკთა მხოლოდ მცირე ნაწილმა შეინარჩუნა სიმტკიცე და არ შეუშინდა ჰანიბალისაგან მოსალოდნელ რისხვას, კანეს ველიდან 8 კილომეტრში მდებარე ქალაქმა კანუზიუმმა ბრძოლაში გადარჩენილ რომაელ მეომრებს დაეხმარა.
გაზაფხულზე ბრძოლა კვლავ განახლდა. ჰანიბალმა ტირენიის ზღვის სანაპიროზე გადასვლა და დამკვიდრება სცადა, რათა აფრიკასთან მუდმივი საზღვაო კავშირი დაემყარებინა. ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ქალაქ ნეაპოლის ხელში ჩაგდება. ნეაპოლი რომაელებს იმდენად მტკიცედ ჰქონდათ დაცული, რომ ჰანიბალმა იქ შეღწევა ვერ შეძლო. სამაგიეროდ, ქალაქ კაპუამ მიიწვია ჰანიბალი და დანებდა. ამის შემდეგ კართაგენის არმიამ იერიში მიიტანა ქალაქ კაზილინუმზე და ხანგრძლივი ალყის შემდეგ ქალაქი აიღო. იქვე ახლოს მდგომმა რომის არმიამ კართაგენელებთან შებრძოლება ვერ გაბედა. ჰანიბალი სასტიკად გაუსწორდა კაზილინუმის მცხოვრებლებს[57].
კონსული მარკუს კლავდიუს მარცელუსი ქალაქ ნოლაში იდგა და გამუდმებით თავს ესხმოდა ჰანიბალის მოკავშირე ჰირპინებსა და კავდინელ სამნიტებს, საგულდაგულოდ აოხრებდა მათ მიწა-წყალს. ჰანიბალი მოკავშირეთა დასახმარებლად ქალაქ ნოლასკენ დაიძრა. შეიერთა კართაგენიდან მოსული დამხმარე ძალები და შეუდგა ნოლას გარემოცვას. კონსულმა მარცელუსმა შორიდანვე შენიშნა მტრის მოახლოება და თავისი არმიით ქალაქის კარიბჭესთან დახვდა, მაგრამ წვიმისა და ნისლის გამო იმ დღეს ბრძოლა არ გამართულა. თუმცა მალე შეებნენ ერთმანეთს, მარცელიუსმა ბრწყინვალედ უხელმძღვანელა თავის არმიას და არა მარტო მოიგერია მტრის შემოტევა, მნიშვნელოვანი ზარალიც მიაყენა მას და უკუაქცია[58]. ჰანიბალმა ზამთრის გასატარებლად აპულიას მიაშურა და ქალაქ არპთან დაბანაკდა[59].
ძვ. წ. 214 წლისათვის რომში კონსულებად აირჩიეს კვინტუს ფაბიუს მაქსიმუსი კუნქტატორი და მარკუს კლავდიუს მარცელუსი. მათ უზარმაზარი არმია შეაიარაღეს და ანტიჰანიბალური წინააღმდეგობის ორგანიზებას შეუდგნენ. ზოგადად შეიმჩნეოდა რომაელთა მიერ გააქტიურება, უფრო გამბედავად უტევდნენ კართაგენელების მომხრე კაპუელებს. მათ თხოვნით მიმართეს ჰანიბალს, რათა დაეცვა ქალაქი რომაელთაგან, ჰანიბალმა დატოვა არპი და კაპუის ახლოს დაბანაკდა, რითაც უზრუნველყო ქალაქის უსაფრთხოება. მცირე ხნის შემდეგ ჰანიბალმა ქალაქის დაცვა ნუმიდიელებსა და ესპანელებს დაავალა, თვითონ კი ავერნის ტბის მიმართულებით, ქალაქ პუტეოლზე სალაშქროდ გაემართა[60]. ჰანიბალმა პუტეოლის აღება ვერ შეძლო. სამაგიეროდ ააოხრა მისი შემოგარენი[61].
ვიდრე ჰანიბალი ამ საქმეებით იყო დაკავებული, ფაბიუს მაქსიმუსმა ალყა შემოარტყა ქალაქ კაზილინუმს, სადაც კართაგენის გარნიზონი იდგა. იმავე დროს ბენევენტუმს მიადგნენ ჰანონი და ტიბერიუს გრაკქუსი[კ 1] . გრაკქუსის მეომრები ძირითადად მონები იყვნენ, ბრძოლის დაწყების წინ გრაკქუსმა მათ გამოუცხადა: მონა, რომელიც მტრის თავს მიუტანდა, თავისუფლად ცხადდებოდა. მეორე დღეს გრაკქუსმა მონა-მეომრებს თავისუფლების მიღება მიულოცა. ვიდრე ბენევენტუმთან ეს ამბები ხდებოდა, ჰანიბალმა ააოხრა ნეაპოლის შემოგარენი და ქალაქ ნოლასაკენ გაემართა, მაგრამ მარცელუსმა არამარტო მოიგერია ჰანიბალის შეტევა, არამედ სერიოზული მარცხი მიაყენა მას და აიძულა, ნოლას მიდამოებს გასცლოდა[62].
ჰანიბალმა არმია ტარენტუმისაკენ დაძრა. ფაბიუსი კაზილინუმის რკალში მოსაქცევად ემზადებოდა, რომ შეიტყო, კამპანიელები მონების დიდ არმიას ამზადებენ რომაელებზე თავდასასხმელადო. ფაბიუსმა ნოლაში მყოფ მარცელიუსს დახმარება სთხოვა. მარცელიუსი მაშინვე კაზილინიუმისაკენ გაეშურა, კონსულებმა კიდევ ერთი გამარჯვება იზეიმეს. მარცელიუსი კვლავ ნოლაში დაბრუნდა, ფაბიუსი კი სამნიუმის განდგომილ ქალაქთა დასჯას შეუდგა. რომმა საგრძნობლად გაიუმჯობესა მდგომარეობა. ტარენტუმის გზას დამდგარი ჰანიბალი საფუძვლიანად არბევდა იტალიას და ასე მიუახლოვდა ქალაქს, სადაც დაბანაკდა კიდეც. სანამ კართაგენელები ქალაქს მიაღწევდნენ, რომაელებმა ქალაქის გასამაგრებლად ბრუნდიზიუმიდან პროპრეტორი ვალერიუსი მოიწვიეს, რომელიც აქტიურად ჩაუდგა სათავეში ტარენტუმის დაცვას. ჰანიბალმა რამდენიმე დღე დაჰყო ტარენტუმთან და მომავალი ზამთრის გატარება სალაპიაში გადაწყვიტა[63].
ძვ. წ. 213 წლისათვის რომის რესპუბლიკის კონსულებად აირჩიეს კვინტუს ფაბიუს მაქსიმუსი (კუნქტატორის შვილი) და ტიბერიუს სემპრონიუს გრაკქუსი. გრაკქუსი ლუკანიაში გაემგზავრა, ფაბიუს-უმცროსი – აპულიაში. ფაბიუს-უმცროსთან გამოცხადდა ქალაქ არპის მოქალაქე დაზიუს ალტინუსი და ფაბიუსს ქალაქის გადაცემა შესთავაზა. კონსული მოეთათბირა სამხედრო საბჭოს და არპის საალყოდ მზადებას შეუდგნენ. გვიან ღამით მისი არმიის წევრები ქალაქის გალავანზე გადაძვრნენ და რომაელებს კარები გაუღეს. ღამის ბრძოლა დიდხანს არ გაგრძელებულა და ქალაქი კვლავ რომაელებმა დაიბრუნეს. ომის გაჭიანურებამ კართაგენის მხარეზე გადასულ იტალიკებს, რწმენა შეურყია და კვლავ რომაელების მხარეზე გადასვლა დაიწყეს. ეს ჰანიბალისათვის კარგს არაფერს მოასწავებდა[64].
ძვ. წ. 212 წელს ჰანიბალმა მისთვის დამახასიათებელი ხრიკებით აიღო ქალაქი ტარენტუმი, თუმცა აკროპოლისში კვლავ რომაელები რჩებოდნენ[65][66]. მალევე ჩაბარდა ქალაქები მეტაპონტი და თურიუმი. კამპანიაში ბრძოლა გარდამავალი წარმატებებით მიმდინარეობდა. კაპუას ალყა შემოარტყეს რომაელებმა. ჰანიბალმა რომაელები დაამარცხა ჰერდონიაში, ამის შემდეგ წავიდა კაპუაში და რომაელების ალყა მოხსნა, მაგრამ როგორც კი ჰანიბალი გაემართა აპულიაში, ქალაქი რომაელებმა კვლავ ალყაში მოაქციეს. აპულიაში ჰანიბალმა დაამარცხა შემთხვევით შემხვედრი ცენტურიონ ცენტენიუსის 8 ათასიანი და ფულვიუსის 20 ათასიანი არმიები. ჰანიბალი კვლავ ტარენტუმს მიუბრუნდა, რათა როგორმე აეღო ქალაქის აკროპოლისი, ჰანიბალის მცდელობა მარცხით დამთავრდა ქალაქის შიდა ციხე კვლავ რომაელებს რჩებოდათ[67].
მაკედონია და სიცილია
კანესთან გამარჯვების შემდეგ იტალიის სრული დაპყრობისაკენ გზა ხსნილი იყო. ჰანიბალის მხარეზე გადავიდა იტალიაში რომის შემდეგ მეორე ქალაქი კაპუა, მაგრამ ჰანიბალის გეგმის თანახმად საჭირო იყო ანტირომაული კოალიციის უფრო გაძლიერება. ამ მხრივ იგი ყველაზე დიდ იმედებს ამყარებდა მაკედონიის მეფე ფილიპე V-ზე, რომელიც ელინისტურ აღმოსავლეთში საკმაოდ ძლიერ მეფედ ითვლებოდა. თვით ფილიპე V-ც ესწრაფოდა ჰანიბალთან კავშირს[68].
ფილიპე V-ს ძალიან აფიქრებდა ბალკანეთში რომაელთა გაძიერება, ამიტომ იგი კართაგენელებზე უკეთეს მოკავშირეს ვერც ინატრებდა. როდესაც დარწმუნდა, რომ კართაგენელთა გამარჯვება საეჭვო აღარ იყო, გადაწყვიტა მაკედონიაც ჩაერთო ომში. ამ მიზნით ფილიპე V-მ ძვ. წ. 215 წელს იტალიაში ელჩები გააგზავნა, რომ მოესინჯა ჰანიბალის დამოკიდებულება მაკედონიისადმი. ელჩობა გადავიდა იტალიაში, მაგრამ სიფრთხილის მიუხედავად რომაელებს გადაეყარნენ და ლუცერიაში მდგომ პრეტორს მიჰგვარეს. მისია თითქმის განწირული იყო, მაგრამ მისმა მეთაურმა ქსენოფანემ გამოსავალი მონახა, მან პრეტორს განუცხადა, რომ გამოგზავნილები არიან მაკედონიის მეფე ფილიპე V-ის მიერ რომაელ ხალხთან მეგობრული ურთიერთობის დასამყარებლად. გახარებულმა ელჩობამ გულთბილად გააცილა ელჩები და დაარიგა როგორ არ უნდა წასულიყვნენ, რომ კართაგენელებს არ გადაყროდნენ. პრეტორის ამ დარიგების წყალობით ძალიან მარტივად მიაგნო ქსენოფანემ კართაგენელებს. ჰანიბალმა სიხარულით მიიღო ფილიპე V-ის წარმომადგენელი და კავშირიც გააფორმა. ხელშეკრულების თანახმად ფილიპეს იტალიის ნაპირებისაკენ უნდა გაეგზავნა ფლოტი და უნდა ებრძოლა, როგორც ზღვაზე, ისე ხმელეთზე. მაკედონია ვალდებული იყო ებრძოლა რომის საბოლოოდ განადგურებამდე. თუმცა ტერიტორიაზე პრეტენზია არ უნდა განეცხადებინა. სამაგიეროდ იტალიის დაპყრობის შემდეგ ჰანიბალი კისრულობდა თავისი არმიით ბალკანეთში გადასვლას და იქ ბრძოლას ფილიპე V-ს სასარგებლოდ. იტალია დარჩებოდა კართაგენს, საბერძნეთი – მაკედონიას[69].
ჰანიბალმაც გააყოლა თავისი ელჩობა მაკედონელებს, მაგრამ უკან დაბრუნების დროს ისინი რომაელებმა შეიპყრეს, ელჩებმა წამებას ვერ გაუძლეს და აღიარეს თავიანთი მისიის მიზანი. რომის ხელისუფლებამ სასწრაფო ღონისძიება მიიღო, გააძლიერა ადრიატიკის ზღვის სანაპიროს დამცველი ფლოტი, რათა მაკედონიისათვის იტალიაში გადასვლის საშუალება არ მიეცათ. მაკედონიის მეფემ ომში ჩაბმა ვერ გაბედა, პირობის შესრულების მიზნით ეპირში შეიჭრა, მაგრამ რომაელებმა უკან გააბრუნეს. ფილიპე V-ს გამოცოცხლება დაეტყო ძვ. წ. 212 წელს, როდესაც ჰანიბალმა ტარენტუმი აიღო. საომარ სამზადისსაც შეუდგა, მაგრამ რომაული დიპლომატიის მიერ ადგილზე შექმნილმა პრობლემამ ფილიპე აიძულა საკუთარ სამშობლოს დაცვაზე ეზრუნა. საბოლოოდ ფილიპე V რომაულმა დიპლომატიამ გაანეიტრალა და ძვ. წ. 205 წელს ფილიპე იძლებული გახდა რომთან ზავი დაედო[70].
მეორე პუნიკურ ომში დიდი ყურადღება დაეთმო სიცილიის საკითხსაც. თუ პირველი პუნიკური ომი რომსა და კართაგენს შორის სიცილიის გამო დაიწყო, მეორე ომის დროს იგი განზე რჩებოდა. ომის დასაწყისში სიცილიის ქალაქთა შორის უმთავრესი, სირაკუზი, რომის მოკავშირედ გამოდიოდა, მაგრამ ჰანიბალის პირველივე გამარჯვება საკმარისი გახდა რომთან კავშირის გასაწყვეტად. ქალაქის ტირანმა ჰიერონიმემ კავშირი დაამყარა კართაგენთან და რომაელები ქალაქიდან განდევნა. რომი ცდილობდა სიცილიაზე კართაგენის ბატონობა არ დაეშვა. იგი სტრატეგიული პუნქტი იყო ხმელთაშუა ზღვაში. მის ხელში ჩაგდებაზე დამოკიდებული იყო ომის შემდგომი გაგრძელება. სიცილიის საკითხმა ერთობ სერიოზული ხასიათი მიიღო. რომის სენატი იძულებული გახდა, იქ თავისი კონსული მარცელიუსი გაეგზავნა. ძვ. წ. 214 წელს მარცელიუსი დიდი ფლოტით და არმიით სიცილიაში გადავიდა და დაიწყო ბრძოლა სირაკუზის წინააღმდეგ. მარცელიუსმა ალყა შემოარტყა სირაკუზს, მაგრამ ქალაქს გმირულად იცავდნენ, სირაკუზის თავდაცვას სათავეში ედგა ძველი სამყაროს უდიდესი მეცნიერი, მათემატიკოსი და ფიზიკოსი არქიმედე[71].
კართაგენმა სასწრაფოდ გაგზავნა არმია სირაკუზის დასახმარებლად ჰამილკონის მეთაურობით, სიცილიაში გადასულმა ჰამილკონმა აიღო ქალაქი აკრაგანტი, თუმცა სირაკუზთან იგი და მისი არმია ციებ-ცხელებამ იმსხვერპლა. არქიმედემ ქალაქის გეოგრაფიული მდებარეობის გამოყენებით, სირაკუზი მიუდგომელ სიმაგრედ აქცია. მიუხედავად ამისა, მტრის ჭარბი ძალების შემოტევას ვერ გაუძლო და სისხლიდან დაცლილი სირაკუზი ძვ. წ. 212 წელს რომაელებს დანებდა. მარცელუსმა ქალაქი საძარცვად გადასცა თავის მეომრებს, სირაკუზში შეჭრილი რომაელების მსხვერპლი გახდა მეცნიერი არქიმედეც. ქალაქი სირაკუზი საბოლოოდ რომის ხელისუფლებას დაექვემდებარა. ამ გამარჯვების შედეგად რომაელებმა კუნძული სიცილია თავის გავლენას დაუქვემდებარეს[72].
Hannibal ante portas
ჰანიბალის ლაშქრობამ ადრინდელი ეფექტი დაკარგა. გაქრა ძლევამოსილი სარდლის ბრწყინვალება. იგი თავის მოკავშირეებსაც ვეღარ იცავდა. მისი სისუსტე განსაკუთრებით გამოვლინდა ქალაქ კაპუის მიმართ. რომის სარდლობამ გადაწყვიტა ქალაქის დაბრუნება ნებისმიერი საზღაურის ფასად და ქალაქი ალყაში მოაქცია. ჰანიბალი ყველანაირად ცდილობდა ქალაქი შეენარჩუნებინა, რადგან კარგად იცოდა, რომ თუ ქალაქი რომაელებს დაუბრუნდებოდა, კართაგენი საბოლოოდ დაკარგავდა ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერას. ჰანიბალი ცდილობდა რომაელები როგორმე ბრძოლაში ჩაეთრია, მაგრამ მოწინააღმდეგე მოხერხებულად არიდებდა თავს პროვოკაციას. ჰანიბალი კრიტიკულ სიტუაციაში აღმოჩნდა: არავითარი ძალა აღარ არსებობდა რომაელთა მოთმინებიდან გამოსაყვანად, კაპუას სურსათი აკლდა, მოსალოდნელი იყო 211 წლის კონსულების პუბლიუს სუპიციუს გალბა მაქსიმუსისა და გნეუს ფულვიუს ცენტუმალუს მაქსიმუსის ახალი არმიებით გამოჩენა, რაც გამოიწვევდა კაპუასთან განლაგებული კართაგენის არმიის ალყაში მოქცევას. ჰანიბალს გეგმა უნდა შეეცვალა, იგი ისეთ გზას უნდა დადგომოდა, რაც კაპუასაც შეუნარჩუნებდა და რომაელებში არეულობასაც გამოიწვევდა. ასეთად მას რომის მიმართულებით გალაშქრება ესახებოდა[73].
ჰანიბალმა ელვისებურად მოამზადა არმია, დაუყოვნებლივ აიღო გეზი სამნიუმისაკენ და გადავიდა „ლათინურ გზაზე“, რომელიც პირდაპირ რომისაკენ მიემართებოდა. ფულვიუს ფლაკუსმა ეს ამბავი მაშინვე სენატს აცნობა. ფაბიუს მაქსიმუსმა კარგად იცოდა ჰანიბალის ავანტიურის შესახებ და მის მანევრებს სრული სიმშვიდით შეხვდა. სწორედ ამის გამო რომის არმიამ კაპუას ალყა არ მოხსნა. თუმცა ფულვიუს ფლაკუსი დედაქალაქისაკენ გაემგზავრა, რათა მტრისთვის რომის მისადგომებთან მისვლა დაესწრო. რომის მოსახლეობა პანიკამ მოიცვა, სასტიკი მტერი ქალაქის კარიბჭეს უახლოვდებოდა. კართაგენის არმია რომის გარეუბანში დაბანაკდა. ლაციუმი დაარბია და ააოხრა. ჰანიბალი პირველად იმყოფებოდა რომთან ასე ახლოს გადაწყვიტა შეეთვალიერებინა მისი კედლები და 2 000 მეომრის თანხლებით მიადგა მის გალავანს[74].
რომის კედლებთან ლეგენდარული ჰანიბალი იდგა. Hannibal ante portas![75][კ 2] — „ჰანიბალი კართანაა!“ — რომაელთა ხსოვნაში დარჩა, როგორც ყველაზე დიდი საშიშროება, რომლის მსგავსი მარადიულ ქალაქს მანამდე არ განეცადა.
ჰანიბალმა მცირე ხნით დაჰყო ქალაქის მახლობლად, მას არც უცდია რომზე თავდასხმა, თუმცა აქტიურად დაიწყო შემოგარენის ძარცვა და აოხრება. ამასობაში ჰანიბალი საბოლოოდ დარწმუნდა, რომ რომაელები კაპუას ალყას არ მოხსნიდნენ და ამჟამინდელი ლაშქრობის გაგრძელება არაფრის მომცემი იყო. ლაციუმი მიატოვა და სამხრეთისკენ დაიძრა. რომის არმია საფარიდან გამოვიდა და დაედევნა, ჰანიბალმა მათ სერიოზული ზიანი მიაყენა. თუმცა კვლავ უკუიქცა. ჰანიბალისთვის კაპუის საქმეებშიც ჩარევამაც აზრი დაკარგა, ქალაქი ბედის ანაბარა დატოვა, კამპანიას გაეცალა და თავი ბრუტიუმს შეაფარა. ლაციუმიდან ჰანიბალის წასვლამ რომაელებს საშუალება მისცა დამატებითი ძალებით მიეხედათ კაპუისათვის. რომის არმია კაპუაში შეიჭრა, ქალაქს ჩამოერთვა დამოუკიდებელი თვითმმართველობა. კაპუის აღება რომის უდიდესი გამარჯვება და ჰანიბალის სერიოზული წარუმატებლობა იყო. მისი ავტორიტეტი მოკავშირეებს შორის საშინლად დაეცა[76]. მათს უმეტეს ნაწილში დაიწყო პრორომაული აჯანყებები[77].
ძვ. წ. 209 წელს რომის კონსულებად აირჩიეს კვინტუს ფაბიუს მაქსიმუსი (მეხუთედ) და კვინტუს ფულვიუს ფლაკუსი (მეოთხედ). სარდლობამ მოქმედების სფერო გაინაწილა, ფაბიუსს იერიში უნდა მიეტანა ტარენტუმზე, ფლაკუსსა და პროკონსულ მარცელუსს კი ჰანიბალის დევნა განეგრძოთ. ფაბიუსი ტარენტუმს მიადგა. ფლაკუსმა და მარცელუსმა კანუზიასთან გამართულ ბრძოლაში ჰანიბალი დაამარცხეს. ამ მარცხის შემდეგ ჰანიბალს თითქმის ერთბაშად ჩამოშორდნენ ადრინდელი მოკავშირეები: ჰირპინები, ლუკანები და ვულციენტები. ჰანიბალმა გადაწყვიტა ტარენტუმი მაინც შეენარჩუნებინა, მაგრამ გზაში გაიგო, რომ ტარენტუმი უკვე რომაელთა ხელში იყო[78].
ძვ. წ. 208 წელს კონსული გახდა მარკუს კლავდიუს მარცელუსი, რომელსაც კართაგენელებთან ბრძოლის დიდი გამოცდილება ჰქონდა. იგი ადრე ერიდებოდა ჰანიბალთან შებმას, მაგრამ ახლა ესწრაფოდა მასთან შებრძოლებას. მიუახლოვდა აპულიაში მდგომ ჰანიბალის ბანაკს და დაიწყო მისი დაზვერვა. დაზვერვის დროს ერთ-ერთ მაღლობზე ჩაუსაფრდნენ ნუმიდიელები და ალყაში მოაქციეს 220 კაციანი მცირე რაზმი. ბრძოლის დროს მარცელუსი დაიღუპა, მეორე კონსული ტიტუს კვინქტიუს კრისპინუსი დაიჭრა და გაქცევით უშველა თავს. უსარდლოდ დარჩენილმა არმიამ ბრძოლის გაგრძელება ვერ გაბედა და იქაურობას გაშორდა, გამარჯვება კართაგენელებს დარჩათ[79].
ჰანიბალი უმცირეს მომენტსაც კი არ უშვებდა ხელიდან, რომ თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა. მას ხელთ ჩაუვარდა მარცელიუსის ბეჭედი და სცადა ამ ბეჭდის სათავისოდ გამოყენება. ჰანიბალმა მრავალი წერილი დააგზავნა მოსახლეობაში. იგი მარცელიუსის სახელით მოსახლეობას დანებებას მოუწოდებდა. ბეჭდის ამბავი იცოდა კრისპინუსმა და წინასწარ მიიღო ზომები, სასწრაფოდ დააგზავნა მაცნეები და ყველას შეატყობინა ბეჭდის ამბავი. მოსახლეობა გააფრთხილა, რომ ბეჭედი ჰანიბალის ხელში იყო და არ აჰყოლოდნენ მის პროვოკაციას. არც ამჯერად გაუმართლა ჰანიბალს. ამის შემდეგ იგი ქალაქ ლოკრის მიმართულებით გაემართა, რათა ქალაქის მცხოვრებლებს დახმარებოდა. ჰანიბალის გამოჩენამ რომაელები აიძულა ქალაქს გასცლოდნენ და ქალაქი ხელში ჩაიგდო[80]. აქედან კართაგენის არმია ბრუტიუმში შეიჭრა. რომის არმია ვენუზიაში იყო გამაგრებული. კრისპინუსმა სენატს შეატყობინა, მძიმე ჭრილობის გამო არმიის ხელმძღვანელობა არ შემიძია და შემცვლელი გამომიგზავნეთო. ვენუზიაში სარდლად ფაბიუს მაქსიმე უმცროსი გაიგზავნა. თვით კრისპინუსი კი იმავე წლის ბოლოს გარდაიცვალა. ჰანიბალი ნაკლები წარმატებებით, მაგრამ ისევ განაგრძობდა სამხრეთი იტალიის აოხრებას[81].
რომის მისადგომებიდან გამობრუნებული ჰანიბალის ლაშქარი, რამდენიმე გამარჯვების მიუხედავად, აღარ ჰგავდა ტრაზიმენის ტბასთან და კანესთან ტრიუმფით გამარჯვებულ არმიას. ჰანიბალის ერთადერთი იმედი იყო ჰასდრუბალი, მას შეეძლო ძმის გადარჩენა, მაგრამ ისიც არანაკლებ ომს აწარმოებდა იბერიაში. იგი რომაელებს მტკიცედ ჰყავდათ მიჯაჭვული პირენეს ნახევარკუნძულზე და მისი დატოვების საშუალებას არ აძლევდნენ[82].
ჰასდრუბალი იტალიაში
რომაულმა დიპლომატიამ თავიდანვე სწორად შეაფასა ესპანეთის ფრონტის მნიშვნელობა და ძალას არ იშურებდა რათა ჰასდრუბალი იბერიაში დაეტოვებინათ. სენატმა იბერიაში ჯერ კორნელიუს სციპიონი, შემდეგ მისი ძმა გნეუს სციპიონი გააგაზავნა პირენეს ნახევარკუნძულზე. ძვ. წ. 217 წელს სციპიონები შეიჭრნენ ჰასდრუბალის სამფლობელოში და დაიწყეს კართაგენელების გავლენის სფეროს შევიწროება. მომდევნო 216 წელს რომის არმია ორად გაიყო და შეტევა განახორციელეს როგორც ხმელეთიდან, ასევე ზღვიდან. ჰასდრუბალმა კარგად იცოდა, რომ მისი მთავარი მიზანი იტალიაში გადასვლა იყო, სწორედ ამიტომ კართაგენის სენატმა ესპანეთში გაგზავნა ჰამილკონი, ხოლო ჰასდრუბალს იტალიისკენ გამგზავრება ურჩია. რომაელებს სამზადისი შეუმჩნეველი არ დარჩენიათ და სციპიონები შეუდგნენ ძალთა გაერთიანებას რათა იტალიისაკენ მიმავალი გზა გადაეჭრათ ჰასდრუბალისათვის. მათ კართაგენელთა ერთგული ტომების აოხრება დაიწყეს. ჰასდრუბალმა კი რომის მხარეზე გადასულ ესპანეთის ქალაქებს შეუტია. რომაელებმა იბერებს თავი ანებეს და ჰასდრუბალს შეუტიეს. ბრძოლაში კართაგენელები დამარცხდნენ[83].
ჰასდრუბალმა იტალიაში შეჭრის იმედი დაკარგა, ამას თან დაერთო ნუმიდიის ბელადის სიფაქსის განდგომა და იგი კართაგენში დაბრუნდა ამ საქმეების მოსაგვარებლად. სიფაქსმა კვლავ მორჩილება იკისრა. აფრიკის საქმეების მოგვარების შემდეგ ჰასდრუბალმა ისევ ესპანეთს მიაშურა. მან აღადგინა დაკარგული მდგომარეობა და შეუდგა რომაელთა შევიწროებას. რომაელები და კართაგენელები მნიშვნელოვანი ბრძოლაში შეხვდნენ ერთმანეთს. ბრძოლაში კართაგენმა ბრწყინვალე გამარჯვებას მიაღწია. პუბლიუს კორნელიუს სციპიონი და მისი ძმა გნეუს კორნელიუს სციპიონ კალვი ბრძოლის ველზე დაიღუპნენ[84].
გამარჯვებამ ჰასდრუბალი თითქმის მთელი ესპანეთის მფლობელი გახადა. მას უკვე შეეძლო ეფიქრა იტალიაში ლაშქრობაზე და ჰანიბალთან შეერთებაზე. ისიც შეუდგა იტალიაში გადასასვლელად მზადებას.
რომის სენატმა დაღუპული სციპიონების ნაცვლად კლავდიუს ნერონი გააგზავნა იბერიაში. ჰასდრუბალი გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა, გადაწყვიტა თავი მოლაპარაკებებით დაეძვრინა. დაღამებისთანავე ჯარის ნაწილი ვიწროებით სამშვიდობოს გაიყვანა. პარალელურად, მოლაპარაკებას რამდენიმე დღის განმავლობაში აჭიანურებდა, ჰასდრუბალმა მოლაპარაკებების პერიოდში მთელი არმიის გაყვანა მოახერხა. ნერონის წარუმატებლობამ რომის სენატს ახალი კანდიდატურის შერჩევა გადააწყვეტინა. პირველ სხდომაზე კანდიდატურა არავის წამოუყენებია, მეორე სხდომაზე დუმილი დაარღვია ესპანეთში დაღუპული პუბლიოს სციპიონის 24 წლის ვაჟმა პუბლიუს კორნელიუს სციპიონ აფრიკელმა. მან სენატს მიმართა:
„მე ვარ უახლოესი მემკვიდრე, შური ვიძიო მამისა და ბიძის სიკვდილისათვის. ვალდებული ვარ, სამშობლოს აოხრებისათვის სამაგიერო მივუზღა მტერს. მე ვკისრულობ უმაღლეს მთავარსარდლობას. ჩემმა ახალგაზრდობამ არ უნდა შეუშალოს ხელი სარდლად დანიშვნას. თუ უფროსთაგან ვინმეს სურს იბერიაში არმიის ხელმძღვანელობა, მზად ვარ, დავუთმო, ოღონდ მე მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი სალაშქროდ წასვლა და, როგორც ლეგატი, ისე გავემგზავრები[85].“
|
რადგან სხვა კანდიდატი არ გამოჩენილა, სენატმა მთავარსარდლობა ახალგაზრდა სციპიონს დააკისრა. ძვ. წ. 209 წელს სციპიონი იბერიაში გადავიდა და პირველი შეტევა ახალ კართაგენზე მიიტანა. ქალაქი სციპიონის ხელში გადავიდა. ჰასდრუბალი რომაელებთან გადამწყვეტი შეხვერისათვის მზადებას შეუდგა. ბრძოლა გაიმართა ძვ. წ. 208 წელს ბეკულასთან. ჰასდრუბალი დანაკარგების მიუხედავად პირენეს მთებისაკენ გაიჭრა, სადაც შეუერთდნენ მაგონი და ჰასდრუბალ გისგონის ძე. სციპიონმა დადევნება ვერ გაბედა. მთავარსარდლებმა გადაწყვიტეს იტალიისაკენ გზა ჰასდრუბალს გაეგრძელებინა. ადგილობრივმა მოსახლეობამ იგი მშვიდობით გაატარა. ალპებშიც ნაკლები წინააღმდეგობა შეხვდა და ძვ. წ. 207 წლის ზაფხულში იტალიაში შევიდა[86].
ჰასდრუბალმა ჰანიბალს მაცნე გაუგზავნა და გაერთიანების ადგილი შეატყობინა, მაცნეები რომაელებმა ჩაიგდეს ხელში და აწამეს. წამებისას მათ ათქმევინეს, რომ ძმები უმბრიაში, ქალაქ ნარნიის მახლობლად უნდა შეხვედროდნენ. ხელისუფლებას უნდა ეჩქარა, რომ ძმების არმიების გაერთიანება არ დაეშვა. ჰანიბალი მაცნეს ელოდა, ჰასდრუბალი დარწმუნებული იყო, რომ მაცნეებმა ადგილზე ჩააღწიეს. ასე იდგნენ ჩრდილოეთ იტალიაში ჰასდრუბალი და სამხრეთ იტალიაში ჰანიბალი. კონსულმა ნერონმა, რომელსაც ჰანიბალის შეჩერება ევალებოდა, დაასკვნა, რომ რადგან ჰანიბალმა არაფერი იცის ძმის შესახებ სჯობს მცირე რაზმი დაეტოვებინა მის სათვალთვალოდ, ძირითადი რაზმით კი იგი ცენტრალური იტალიის გავლით მეორე კონსულ სალინატორს შეერთებოდა და ჰასდრუბალის წინააღმდეგ ემოქმედათ. ჰასდრუბალმა უზარმაზარი არმიის ხილვის შემდეგ გაცლა ამჯობინა. იგი უმბრიისკენ გაემართა, სადაც მისი აზრით ჰანიბალს შეხვდებოდა. თუმცა რომაელებთან შეტაკება გარდაუვალი გახდა. ძვ. წ. 207 წლის 23 ივნისს მდინარე მეტავართან გაიმართა სასტიკი ბრძოლა. ბრძოლაში დაიღუპა ჰასდრუბალი და განადგურდა მისი არმია[87].
რომის არმიამ სამხრეთისაკენ გადაინაცვლა და ჰანიბალს მიუახლოვდა. ნერონმა ორ აფრიკელ ტყვეს ჰასდრუბალის მოჭრილი თავი გაატანა ჰანიბალთან. ძმის სიკვდილით გამწარებულს თანამებრძოლებისათვის უთქვამს: „კართაგენის ბედი ჩემთვის უკვე ცნობილიაო“[88]. ჰანიბალი არ ცდებოდა. ჰასდრუბალის სიკვდილით კართაგენს ყველაზე მტკიცე ბურჯი გამოეცალა. რომაელები მტრის საბოლოო განადგურებისათვის ემზადებოდნენ.
რომაელები აფრიკაში
ჰანიბალის იტალიაში ყოფნა რომაელთათვის უკვე საფრთხეს აღარ წარმოადგენდა. ვითარება შეიცვალა, ახლა რომაელები გადადიან შეტევაზე და ჰანიბალი სასტიკად გაურბის მათთან შებრძოლებას. ჰანიბალის მეორე ძმა მაგონი ბალეარის კუნძულებზე აგროვებდა არმიას ძმის დასახმარებლად, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი ჩანდა[89].
ძვ. წ. 206 წელი ჰანიბალმა სრულ უმოქმედობაში გაატარა. გასაოცარი ერთიანობა იყო არმიაში. რომი კი აქტიური შეტევისათვის ემზადებოდა. ძვ. წ. 205 წლისათვის რომის კონსულებად აირჩიეს კორნელიუს სციპიონი და პუბლიუს ლიცინიუს კრასუს დივე. სციპიონმა გადაწყვიტა ბრძოლის ასპარეზი აფრიკაში გადაეტანა. სციპიონის გეგმას რომის სენატში ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა, თუმცა საბოლოოდ გადაწყდა სციპიონის აფრიკაში ლაშქრობა, თუმცა სენატმა დაფინანსებაზე უარი უთხრა და უფლებათა და მოქმედებათა არეც შეუზღუდეს: მას მხოლოდ სიცილია გადასცეს[90].
ძვ. წ. 205 წელს ჰანიბალის უმცროსი ძმა მაგონი ბალეარის კუნძულებიდან იტალიაში ჩადის. სწორედ აქ გებულობს სციპიონის გადაწყვეტილებას და არმიის ნაწილს აფრიკაში აგზავნის კართაგენის დასაცავად. ჰანიბალი ამ დროს ბრუტიუმში იდგა. მისი სურვილით აღმართეს სამსხვერპლო და მსხვერპლი შესწირეს ქალღმერთ იუნონას ტაძარს, სამსხვერპლოზე ამოკვეთეს წარწერა ფინიკიურ და ბერძნულ ენებზე, რომელშიც ვრცლად იყო მოთხრობილი მთელი მისი ლაშქრობის ამბავი. ეს წარწერა უნახავს და წაუკითხავს პოლიბიოსს[91].
სციპიონი კი სიცილიაში გადავიდა და დაიწყო მზადება აფრიკაში სალაშქროდ. მანამდე თავის მეგობარს გაიუს ლელიუსს უბრძანა დაეზვერა აფრიკის სანაპირო. ლელიუსი დაუყოვნებლივ შეუდგა დავალების შესრულებას. იგი მიადგა ჰიპონ რეგიუმის შემოგარენს და დაიწყო მისი აოხრება. ჰანიბალი კი ამ დროს იტალიაში უმოქმედოდ იდგა. კართაგენმა მას შემდეგ რაც გაარკვიეს, რომ ზღვიდან შემოჭრილი მტერი სციპიონი არ იყო. დაიწყეს მაგონისათვის დამხმარე ძალის შეგოვება. მას გაუგზავნეს 25 ხომალდი, 6 ათასი ქვეითი, 800 მხედარი და 7 სპილო, მასვე ებრძანა ახალი არმიით მიახლოებოდა რომს და შეერთებოდა ჰანიბალს[92].
სციპიონიც თითქმის მზად იყო აფრიკაში გადასასვლელად, როდესაც გაიგო, რომ ჰანიბალი ქალაქ ლოკრს უახლოვდებოდა. იგი გაემართა იტალიისაკენ ზღვიდან მიადგა ლოკრს, გააძლიერა ქალაქის გარნიზონი და ლოკრი ჰანიბალისათვის მიუწვდომელი გახადა. ამის შემდეგ სციპიონი დაბრუნდა სიცილიაში და აფრიკაში გადასვლის სამზადისს შეუდგა[93].
ძვ. წ. 204 წლის გაზაფხულზე რომის არმია აფრიკაში გადავიდა. ლაშქარმა ბანაკი ქალაქ უტიკასთან დასცა. სციპიონის პირველი ნაბიჯი აფრიკაში იყო უტიკის მახლობლად მდებარე პატარა ქალაქის აღება[კ 3]. რომის ყურადღება აფრიკისკენ იყო მიპყრობილი. მთელი ზამთარი სციპიონმა სამზადისში გაატარა. მან უტიკასთან, მასინისას დახმარებით სასტიკად დაამარცხა კართაგენის მომხრე სიფაქსის და ჰასდრუბალის არმია. მალე დამარცხებულმა მოკავშირეებმა 30–ათასიანი არმია შეკრიბეს და სციპიონს დაუპირისპირდნენ, თუმცა ეს ბრძოლაც წააგეს. სციპიონმა საბოლოოდ სიფაქსი გაანადგურა, ხოლო ნუმიდიის მეფედ მასინისა დანიშნა. აღნიშნული წარმატებები რომაელებს კართაგენის სრული განადგურების გარანტიას აძლევდა[94].
ზამა
აფრიკაში მრავალგზის დამარცხებამ კართაგენი დაარწმუნა, რომ სახელმწიფოს ბრძოლის გაგრძელება აღარ შეეძლო. ქვეყანას ზავი თუ გადაარჩენდა. ოცდაათი წარჩინებული კართაგენელი გამოცხადდა რომაელთა ბანაკში და მორჩილად მოიყარეს ფეხი სციპიონის წინაშე. ელჩებმა ომზე პასუხისმგებლობა მთლიანად ჰანიბალს გადააბრალეს და ქალაქის შეწყალება სთხოვეს[95]. სციპიონი ზავზე დათანხმდა, თუმცა ძალზედ მძიმე პირობები შესთავაზა: კართაგენს რომისათვის უნდა დაებრუნებინა ტყვეები, ემიგრანტები, გაქცეული მონები, დაუყვნებლივ გამოეყვანა არმია იტალიიდან და გალიიდან; უარი ეთქვა ესპანეთზე და ყველა იმ კუნძულზე, რომელიც იტალიასა და აფრიკას შორის მდებარეობდა; რომისათვის გადაეცა ყველა სამხედრო ხომალდი, 20-ის გარდა; გადაეხადა 500 ათასი საწყაო ხორბალი, 300 ათასი საწყაო ქერი და კონტრიბუცია 5 ათასი ტალანტის ოდენობით. კართაგენის ხელისუფლებამ უარყო სციპიონის პირობები, მაგრამ დროის მოგების მიზნით მოლაპარაკება მაინც განაგრძო. კართაგენის ელჩები რომშიც კი ჩავიდნენ, მაგრამ ქალაქში არ შეუშვეს, არც მათი წინადადება მიიღეს. სენატმა სციპიონს შეუთვალა ომი განეგრძო, ხოლო ელჩები უპასუხოდ დაითხოვეს[96].
ჩრდილოეთ იტალიაში დაიჭრა და კართაგენისაკენ მგზავრობის დროს გზაში ძვ. წ. 203 წელს გარდაიცვალა ჰანიბალის უმცროსი ძმა მაგონი. კართაგენის მაცნეები ჰანიბალთან გამოცხადდნენ და სამშობლოში დაბრუნება უბრძანეს. ჰანიბალს მეტი გზა არ ჰქონდა. ჰანიბალმა შეკრიბა იტალიური წარმოშობის მებრძოლები და აფრიკაში ბრძოლის გაგრძელება შესთავაზა, თუმცა ამ იდეით ისინი ვერ მოხიბლა. უარის გამო იტალიკები ერთიანად გაჟლიტა კართაგენის არმიამ. ჰანიბალმა აფრიკაში გადასასვლელად დაიწყო მზადება. ამის აღსანიშნავად რომში ხუთდღიანი ზეიმი გაიმართა[97].
ძვ. წ. 203 წელს ჰანიბალი აფრიკაში დაბრუნდა. ძვ. წ. 203–202 წლების ზამთარი ლაშქრის შეგროვებას მოანდომა. სციპიონთან საბრძოლველად თავისი არმია ქვეყნის სიღრმეში ქალაქ ზამასთან დაბანაკდა. მანამდე მან ჯაშუშები მიუგზავნა სციპიონს, სციპიონმა ისინი არ დასაჯა, მთელი თავისი სიძლიერე აჩვენა და ისე გააგზავნა უკან. ჰანიბალი გაოგნდა სციპიონის თვითდაჯერებულობით. ჰანიბალმა ჯაშუშებისაგან შეიტყო ასევე, რომ მასინისაც მათ რიგებში იყო. ჰანიბალმა სცადა მოლაპარაკებებით გამოესწორებინა რთული სიტუაცია. სციპიონს შესთავაზა შეხვედრა, რომაელმა სარდალმა მაშინვე თანხმობა განაცხადა. ჰანიბალი იმყოფებოდა ზამასთნ, კართაგენიდან ხუთი დღის სავალზე, შეხვედრის ადგილადაც ეს განსაზღვრეს. სციპიონმა და ჰანიბალმა თითო თარჯიმანთან ერთად, თანაბარი მანძილით დატოვეს თავიანთი ლაშქარი. ისტორიკოსი ტიტუს ლივიუსი ასე გადმოგვცემს ამ შეხვედრის ამბავს:
„თავდაპირველად ორივენი გაკვირვებულნი მდუმარედ შეჰყურებდნენ ერთმანეთს. ბოლოს დუმილი ჰანიბალმა დაარღვია. მან სციპიონს მიმართა:
— რადგან ბედმა ასე ინება, რომ მე რომაელებთან ომის ამტეხი, რომელსაც გამარჯვება, რამდენიმეჯერ ხელში მეპყრა, ზავის სათხოვნელად თვით გამოვცხადდი, კმაყოფილი ვარ, რომ თხოვნა შენთან მიხდება. შენ მრავალ წარჩინებათა შორის ქებას იმსახურებ იმითაც, რომ დაგითმო ჰანიბალმა, რომელსაც ღმერთებმა მრავალ რომაელ სარდალზე გამარჯვება აჩუქეს. შენ დაუსვი წერტილი ამ ომს, რომელიც დასაწყისში თქვენი დამარცხებებით უფრო გამოირჩეოდა, ვიდრე ჩვენით. ბედმა საოცრად დამცინა. იარაღს ხელი მოვკიდე მამაშენის კონსულობისას, იმავე რომაელ მხედართმთავარს შევებრძოლე პირველად და დავამარცხე. ამჟამად კი მის შვილთან ზავის სათხოვნელად უიარაღოდ მოვედი. რა თქმა უნდა ყველაზე კარგი ის იქნებოდა, ღმერთებს ჩვენი მამებისათვის ჩაენერგათ აზრი, თქვენ დაკმაყოფილებულიყავით იტალიაზე ბატონობით, ჩვენ კი აფრიკას დავჯერდებოდით. განა თქვენთვის სიცილია და სარდინია იმად ღირს, რაც მან ფლოტი, არმია და სახელოვანი ადამიანები შეიწირა? წარსული შეიძლება გაკიცხო, მაგრამ მისი გამოსწორება შეუძლებელია. თქვენ ხედავდით მტრის არმიას იტალიაში, ახლა კი ჩვენც იმავე მდგომარეობაში ვართ თქვენ საკუთარი ქალაქის კარიბჭესთან ხედავდით მტრის დროშებსა და იარაღს, დღეს კი კართაგენში გვესმის რომის ბანაკის ხმაური. ამრიგად, მოლაპარაკება დაზავების შესახებ იწყება მაშინ, როდესაც თქვენ იმყოფებით საუკეთესო მდგომარეობაში. ჩვენ გვინდა მხოლოდ მშვიდი განწყობილება, რომლის გარეშეც გამორიცხულია მშვიდი განსჯა. რაც შემეხება მე, სამშობლოდან წავედი პატარა ბიჭი და მოხუცი დავბრუნდი. ჩემმა წლებმა, გამარჯვებებმა და მარცხმა ისე აღმზარდეს, რომ უპირატესობას გონებით განსჯას ვანიჭებ. მაგრამ მე შენი ახალგაზრდობისა და ბედის მეშინია, ვაითუ დინჯად ვერ განსაჯო ყოველივე. შენი მდგომარეობა ბრწყინვალეა, ჩვენი საეჭვო. შენთვის ზავის დადება საპატიოა, ჩვენთვის აუცილებელი. პუბლიუს კორნელიუსო, ზავის დადების შემთხვევაში ყველაფერი შენს ხელთ იქნება, სხვა შემთხვევაში კი მოგიწევს იმ ბედით დაკმაყოფილება, რასაც ღმერთები გიწყალობებენ. ჩვენ უარს ვამბობთ სიცილიაზე, სარდინიასა და ესპანეთზე, აგრეთვე ყველა იმ კუნძულზე, რომელიც აფრიკასა და იტალიას შორის მდებარეობს; თანახმა ვართ ფლობდეთ ხმელეთსა და ზღვას. მე არ უარვყოფ, რომ ფინიკიური გულწრფელობა საეჭვოა თქვენთვის იმის გამო, რომ ახლახან სავსებით გულწრფელად ვითხოვეთ ზავი, მაგრამ მის გაფორმებას არ დაველოდეთ. სიმტკიცის თვალსაზრისით მთავარი ყურადღება უნდა მიექცეს იმას, ვინ ითხოვს ზავს. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, თქვენმა მამებმა უარყვეს ზავი იმის გამო, რომ ელჩობა არ იყო საკმარისი პატივდებული. ახლა კი მე, ჰანიბალი, გთხოვ ზავს. არც მოვითხოვდი, რომ სასარგებლოდ არ ვთვლიდე. ხოლო იმის გამო, რისთვისაც მოვითხოვე, მტკიცედ დავიცავ მას[98][99].“ |
სციპიონის სიტყვა მოკლე იყო და ყველაფერი ნათლად მოახსენა ჰანიბალს: გადმოგვეცით კართაგენი წინააღმდეგობის გარეშე, თუ არადა ბედი კვლავ ბრძოლის ველს მოვანდოთო. რა თქმა უნდა ჰანიბალს ასეთ წინადადებაზე დათანხმება არ შეეძლო. მოლაპარაკებები შეწყდა. სარდლები დაუბრუნდნენ ბანაკს. ბრძოლის ადგილი გარკვეული იყო – ზამა. ორივე მხარე კარგად ხვდებოდა, რომ ეს ბრძოლა ხანგრძლივი მეორე პუნიკური ომის ბოლო პუნქტი იყო. ბრძოლა დაიწყო, თავდაპირველად გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, საბოლოოდ გამარჯვება რომაელებს დარჩათ. კართაგენი უკვე დაჩოქებული იყო. ლტოლვილმა ჰანიბალმა დედაქლაქში დაბრუნება ვერ გაბედა და ჰადრუმეტუმს შეაფარა თავი. იგი მოგვიანებით დაბრუნდა ქალაქში, რომელიც 36 წელი არ ენახა[100].
კართაგენის არმიის დანაკარგები დიდი იყო: 20 ათასზე მეტი მეომარი დაიღუპა, ამდენივე ტყვედ ჩავარდა, დაიღუპა 11 სპილო. სციპიონის დანაკარგები 5 ათასს არ აღემატებოდა. კართაგენის მმართველი წრეები გამოსავალს ზავში ხედავდნენ. ზავის დადება და ომის დამთავრება სციპიონსაც ეჩქარებოდა, რადგან კარგად იცოდა კართაგენის აღება მარტივი არ იქნებოდა, რაც მის ავტორიტეტზე ცუდად იმოქმედებდა. სციპიონმა ისევ მძიმე პირობები წაუყენა კართაგენელ ელჩებს. ზავის მიხედვით, ფაქტობრივად, ქალაქი ერთიანად ჩანაგდებოდა, მაგრამ დამოუკიდებლობას ინარჩუნებდა. რომს გადასცა მთელი საზღვაო ფლოტი, დაიტოვა მხოლოდ 10 გემი; რომს გადაეცა ყველა საბრძოლო სპილო; აეკრძალა აფრიკაში და აფრიკის გარეთ რომის ნებართვის გარეშე საომარი მოქმედების წარმოება. კონტრიბუციას იხდიდა 10 ათასი ტალანტის ოდენობით. ზავის პირობები კართაგენის სახალხო კრებაზე განიხილის და დიდი დაპირისპირებების მიუხედავად ჰანიბალის სიტყვით გამოსვლის შემდეგ ზავის პირობებს დასთანხმდნენ. კართაგენის ელჩობა რომში ჩავიდა ჰასდრუბალ ჰედუსის ხელმძღვანელობით. ძვ. წ. 201 წელს ზავი დაიდო, რომაელთა მოთხოვნები დაკმაყოფილდა. კორნელიუს სციპიონი ტრიუმფით დაბრუნდა რომში. რომაელებმა ჰანიბალის დამმარცხებელს პუბლიუს კორნელიუს სციპიონ „აფრიკელი“ უწოდეს[101].
აღსასრული
კართაგენი დამარცხდა. ამით ბოლო მოეღო 16 წლიან სისხლისმღვრელ ომს. მკაცრმა ზავმა კართაგენი აფრიკულ სახელმწიფოდ აქცია, ამით სარგებლობდა ნუმიდიის მეფე მასინისა და ხშირი თავდასხმებით აოხრებდა კართაგენის სამფლობელოებს. ასეთ მდგომარეობას ბუნებრივია ვერ ურიგდებოდა ჰანიბალი. მან მთავარი ყურადღება აღმოსავლეთზე, სირიაზე გადაიტანა. სირიის მხარდაჭერის იმედით ჰანიბალი ბრძოლის ახალი გეგმის შემუშავებას შეუდგა. რომიც უთვალთვალებდა ჰანიბალს. საზავო ხელშეკრულების შემდეგ იგი ყველანაირ სამხედრო საქმეს ჩამოაშორეს. უცნობია ხელშეკრულების დადებიდან ჰანიბალი რა საქმიანობას ეწეოდა[102].
ძვ. წ. 196 წელს ჰანიბალი კართაგენის უმაღლეს თანამდებობაზე, სუფეტად აირჩიეს[103][კ 4]. მას შემდეგ, რაც ჰანიბალმა მმართველ ფენებში რეფორმების გატარება გადაწყვიტა იგი კართაგენის ოლიგარქიის ძლიერ წინააღმდეგობას წააწყდა. ჰანიბალმა მტკიცედ აიღო ხელში მმართველობის სადავეები და თავის კონტროლს დაუქვემდებარა ყველა მაგისტრი[104]. ანტიჰანიბალური მოძრაობა ჰანიბალის წარმატებების პარალელურად იზრდებოდა. გაბატონებული ზედაფენა შეთქმულების მზადებას შეუდგა. მათ რომის დახმარების იმედი ჰქონდათ. მხოლოდ რომი აღუდგენდა იმ უფლებებს, რომელიც ჰანიბალის რეფორმების შედეგად დაკარგეს. ჰანიბალის პოლიტიკით უკმაყოფილონი მაცნეს მაცნეზე აგზავნიდნენ რომში საგანგაშო ცნობებით. რომის ყურამდე მათი დახმარებით მივიდა ცნობა ჰანიბალისა და სელევკიდების სირიის მეფის ანტიოქე III დიდის კავშირების შესახებ. რომის სენატმა საკმაო ყოყმანის შემდეგ კართაგენში გააგზავა მისია, რომელსაც უნდა დაეზუსტებინა ჰანიბალის საქმიანობა[105].
რომის წარმომადგენლები კართაგენში ჩამოვიდნენ. ჰანიბალი მაშინვე მიხვდა მოწინააღმდეგეებისა და სენატის განზრახვას. მან გაქცევა გადაწყვიტა. ჰანიბალი დაღამებისას კართაგენიდან უჩუმრად გაიპარა და თავის ციხესიმაგრეში ქალაქ ტაპსთან მივიდა, აქედან ავიდა ხომალდზე და გეზი აღმოსავლეთისკენ აიღო. ჰანიბალმა დაუბრკოლებლად მიაღწია ფინიკიის ქალაქ ტვიროსამდე. აქ რამდენიმე დღე დაჰყო და სირიაში გაემგზავრა. გამოცხადდა სირიის მეფე ანტიოქე III-სთან და თავისი სამსახური შესთავაზა. ხანგრძლივი თათბირის შემდეგ ანტიოქესა და ჰანიბალს შორის დაიდო შეთანხმება, რომლის ძირითადი პუნქტი რომთან ბრძოლის გაგრძელება იყო. ანტიოქე რომთან ომს აქამდე ვერ ბედავდა, ჰანიბალის აზიაში გადასვლამ საბოლოოდ დაუსვა წერტილი მის ყოყმანს. აფრიკა და სელევკიდური აღმოსავლეთი რომის წინააღმდეგ გაერთიანდნენ[106].
ანტიოქეს მხარდაჭერით დაიმედებულმა რომთან ბრძოლის ახალი გეგმა შეადგინა და მეფეს წარუდგინა. გეგმის თანახმად აუცილებელი იყო ბრძოლის ველის კვლავ იტალიაში გადატანა. ჰანიბალი არწმუნებდა ანტიოქეს, რომ ეს იყო რომის დაჩოქების ყველაზე რეალური გზა. ჰანიბალი შეუდგა ანტირომაული კოალიციის შექმნას, მასში კი მისი აზრით ყველა ელინისტური სამეფო უნდა გაერთიანებულიყო. დიდ როლს აკისრებდა კართაგენსა და ბალკანეთს. თუმცა კართაგენში ანტიჰანიბალური პარტია იყო გასანადგურებელი. გეგმა ასეთი იყო: ანტიოქეს 100 გემით, 10 ათსი ქვეითით და 1 000 მხედრით ჰანიბალი აფრიკაში დაბრუნდებოდა და ოპოზიციას გაანადგურებდა, ამავდროულად სირიის მეფეს საბერძნეთი უნდა დაეკავებინა და იქიდან იტალიაში შეჭრის მუდმივი საშიშროების ქვეშ რომი აეძულებინა, მის მიმართ ყურადღება არ მოედუნებინა, ამასობაში ჰანიბალი კართაგენიდან შეიჭრებოდა აპენინის ნახევარკუნძულზე და აიძულებდა რომაელებს ეფიქრათ სამშობლოს დაცვაზე. ანტიოქე ჰანიბალის გეგმას ეჭვის თვალით უყურებდა. მისი ინტერესები ბალკანეთს არ სცდებოდა. სწორედ ამ დროს, ძვ. წ. 192 წელს, რომაელებით შეწუხებულმა ეტოლიელებმა დახმარება ანტიოქეს სთხოვეს. მეფეც სწრაფად გადავიდა ევროპაში. რომაელებმა ომის ასპარეზი აზიაში გადაიტანეს. სულ მალე დარწმუნდნენ რომ ანტიოქეს გააქტიურების მიზეზი ჰანიბალი იყო, ის აგულიანებდა. სანამ ჰანიბალი სირიაში იქნებოდა საქმე ვერ გამოსწორდებოდა, რომაელების მცდელობის მიუხედავად ჰანიბალსა და ანტიოქეს შორის შუღლი ვერ ჩამოაგდეს. რომაელებსა და სელევკიდებს შორის გადამწყვეტი ბრძოლა ძვ. წ. 190 წელს მაგნეზიასთან გაიმართა. ანტიოქე სასტიკად დამარცხდა. მეფე იძულებული იყო ზავი ეთხოვა, ხელშეკრულება გაფორმდა ძვ. წ. 188 წელს ქალაქ აპამეაში. ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით ანტიოქეს ჰანიბალი რომისათვის უნდა გადაეცა[107].
ცხოვრების უკანასკნელი წლები
ბრძოლის დამთავრებისთანავე ჰანიბალმა სირია მიატოვა და გაიქცა, მან კარგად იცოდა რასაც მოსთხვდნენ რომაელები ანტიოქეს. იგი გადავიდა კუნძულ კრეტაზე და ქალაქ გორტინში დაისადგურა, რათა მშვიდად მოეფიქრებინა, რომელი ქვეყნისათვის შეეფარებინა თავი[108]. ჰანიბალმა კარგად აწონ-დაწონა მოქმედების გეგმა. კრეტაზე დარჩენა საშიში იყო. მას უფრო საიმედო თავშესაფარი სჭირდებოდა. მისი არჩევანი ბითინიაზე შეჩერდა. ძვ. წ. 186 წელს ჰანიბალი გამოცხადდა ბითინიის მეფე პრუსია I-თან და რომაელებთან ბრძოლის გეგმა გადაუშალა[109]. პრუსია I-ს ამ დროს ბრძოლა ჰქონდა პერგამონის მეფე ევმენ II-სთან, რომელიც რომის მოკავშირედ ითვლებოდა. ჰანიბალის პოლიტიკას სწორედ ევმენ II აღუდგა წინ. ბითინია-პერგამონის ომში ევმენიმ რომაელების დახმარებით გაანადგურა ბითინიელები, მაგრამ განმეორებით ბრძოლაში ჰანიბალმა გაანადგურა პერგამონის არმია. რომაელთათვის ნათელი გახდა თუ ვინ იდგა ამ გამარჯვების უკან. რომის სენატმა გადაწყვიტა კართაგენელის საბოლოოდ მოშორება, სასწრაფოდ შეადგინა ელჩობა და გააგზავნეს ბითინიაში. ელჩობამ პრუსიას მოსთხოვა თუკი ქვეყანაში სიმშვიდის შენარჩუნება უნდოდა ჰანიბალი გადაეცა, მეფეს სხვა გამოსავალი არ ჰქონდა. იმავე დღეს ჰანიბალის ადგილსამყოფელი კოშკი რომაელებმა ალყაში მოაქციეს, გადაკეტეს ყველა საიდუმლო გვირაბი და გასასვლელი. იგი მიხვდა, რომ ხაფანგში იყო გამომწყვდეული. სასოწარკვეთილმა ბეჭდიდან საწამლავი დალია და 64-65 წლის გარდაიცვალა[110].
პიროვნება
რომაელი ისტორიკოსი ტიტუს ლივიუსი ასე აღწერს ჰანიბალს:
„არასოდეს არ ყოფილა ერთი და იგივე ადამიანის სული ორი განსხვავებული მოვალეობისადმი - მბრძანებლობისა და მორჩილებისადმი ასე ზომიერად მისადაგებული. ამიტომ ძნელია განასხვავოთ ვინ უფრო მეტად უფრტხილდებოდა მათ მთავარსარდალი თუ ჯარი. ჰასდრუბალი არასოდეს არ ნიშნავდა ასე ხალისით რაზმის მეთაურს, მას ვისაც დავალებული ჰქონდა საქმე, რომელიც მოითხოვდა გამბედაობასა და სიმტკიცეს. მაგრამ ჯარისკაცები არავის მეთაურობის დროს არ იყვნენ ასე თვითდაჯერებულები და მამაცები. იგი თვითონ იყო გამბედავი და საშიშროების დროს ფრთხილი. არ ყოფილა ისეთი საქმე, რომლის დროსაც ის დაღლილიყო ფიზიკურად ან სულიერად დაცემულიყო. სიცხეს და სიცივეს იტანდა ერთნაირი მოთმინებით; ჭამდა და სვამდა იმდენს რამდენსაც ითხოვდა ბუნება და არა სიამოვნებისათვის; . არ აქცევდა ყურადღებას არც დღეს და არც ღამეს - ისვენებდა იმ დროს როდესაც თავისუფალი იყო სამუშაოსაგან. ასევე ის არ იყენებდა რბილ საწოლს და არ ითხოვდა სიჩუმეს დასაძინებლად; ხშირად ხედავდნენ მას, როგორ გაეხვეოდა სამხედრო ლაბადაში და იძინებდა იმ ჯარისკაცებს შორის, რომლებიც იდგნენ სადარაჯოზე. არ გამოირცეოდა ჩაცმულობით, მისი ამოცნობა შესაძლებელი იყო შეიარაღებით და ცხენით; იგი პირველი მიისწრაფვოდა ბრძოლაში და ბოლო ტოვებდა ბრძოლის ველს; თუმცა ერთნაირად ფლობდა, როგორც ღირსებას ასევე მანკიერებას. მისი სისასტიკე მიდიოდა არაადამიანურობამდე, მისი ვერაგობა ზღვარს გადადიოდა, მან არ იცოდა არც სიმართლე, არც სიკეთე, არ ეშინოდა ღმერთის, არ იცავდა ფიცს, არ სცემდა თაყვანს წმინდანებს[111].“
|
ეს ჰანიბალის „პროგრამული პორტრეტია“, რომელიც წარმოადგინეს რომაელმა ისტორიკოსებმა[112]. ისინი აღწერდნენ ჰანიბალს გადაჭარბებულად და არაობიექტურად, აღიარებდნენ რა მის სამხედრო ნიჭს, ჩქარობდნენ ხაზი გაესვათ მისი ნაკლოვანი მხარეებისათვის. ეს შეიძლება ტრადიციული რომაული კონსერვატიზმის შედეგი იყოს.რომაელი ისტორიკოსები ხაზს უსვამდნენ რომელების ღირსებებს და მოწინააღმდეგეში ღირსების არ ქონას[113].
რომაულ ისტორიოგრაფიაში გაჩნდა ჰანიბალის აღწერის განსაზღვრული სტერეოტიპები, რომლებიც ნათლად ჩანს ტიტუს ლივიუსის აღწერაში. ბერძენი ისტორიკოსი პოლიბიოსი შეეცადა თავის თხზულებაში უარი ეთქვა ზოგიერთი რომაელი ავტორის ჰანიბალის ნეგატიურ დახასიათებაზე. იგი ერიდებოდა ესაუბრა ჰანიბალის სიხარბეზე, სისასტიკეზე და ველურობაზე, სექსუალურ გარყვნილებასა და კანიბალიზმზე[113]. იგი წერდა, რომ სიხარბეში ჰანიბალი დაადანაშაულეს ბარკიდების პოლიტიკურმა მოწინაღმდეგეებმა, რაც შეეხება სისასტიკეს, პოლიბიოსი თვლიდა, რომ არ შეიძლება ილაპარაკო მხედართმთავრის სისასტიკეზე და იგნორირება გაუკეთო მისი გამოყენების კონკრეტულ გარემოებებს[114]. ჰანიბალის სისასტიკის უამრავი გამოვლინება, აღწერილია რომაელი ისტორიკოსების მიერ, მაშინ როდესაც ყურადღებას არ ამახვილებდნენ რომაელთა სისასტიკეზე[115].
პირადი ცხოვრება
ჰანიბალის პირადი ცხოვრების შესახებ ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი. ტიტუს ლივიუსი წერს, რომ ესპანეთში ყოფნის დროს ჰანიბალი დაქორწინდა კასტულონის ტომის იბერიელზე, თუმცა მის სახელს არ ახსენებს[116]. პოეტი სილიუს იტალიკუსი მას იმილკას უწოდებს. ჰანიბალმა იგი იტალიაში ლაშქრობის დაწყების წინ ესპანეთში დატოვა და მეტად აღარ უნახავს.
რომაელი სიტორიკოსები ჰანიბალს ადანაშაულებდნენ ასევე სექსუალურუ გარყვნილებაში. კერძოდ, აპიანე მას ადანაშუალებდა იმაში, რომ იგი ლუკანიაში მიეცემოდა ფუფუნებას და სიყვარულს, ხოლო პლინიუსი წერდა, რომ „აპულიაში არის ქალაქი, სახელად სალაპია, რომელიც ცნობილია იმის გამო, რომ ჰანიბალს იქ ჰყავდა მეძავი ქალი“[117].
მხედართმთავრული ნიჭი
ჰანიბალი ძველი სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი მხედართმთავარი იყო, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სამხედრო ხელოვნების განვითარებაში ჰანიბალის სტრატეგია ხასიათდებოდა სამხედრო-პოლიტიკური გარემოს სწორად შეფასების უნარით და მოწინააღმდეგის ბანაკში დაპირისპირების გამოყენებით, ზურგში არმიაზე მზრუნველობით, მყარი კომუნიკაციების უზრუნველყობით და მომარაგების გარეშე გულმოდგინე დაზვერვის ორგანიზება. ჰანიბალის არმიის ფუძედ ითვლებოდა სახმელეთო ჯარები, მთავარი დამრტყმელი ძალა იყო კავალერია. ჰანიბალის ტაქტიკის დამახასიათებელი თვისებები არის მოწინააღმდეგის შესაძლებლობების კარგად ცოდნა, მათი სუსტი მხარეების გამოყენება, ბრძოლისათვის გულმოდგინე მომზადება, თამამი მანევრირება და სწრაფვა მოწინააღმდეგის სრული განადგურებისაკენ, მოულოდნელობების მოხერხებულად გამოყენება და მოქმედების ახალი საშუალებები, ადგილმდებარეობის განსაკუთრებულობის გათვალისწინება. ჰანიბალის მხედართმთავრული ხელოვნების გვირგვინი არის კანეს ბრძოლა, რომელიც გახდა ახალი ეტაპი ტაქტიკის განვითარებაში, მოწინააღმდეგის ძალებზე ალყის შემორტყმისა და მისი სრული განადგურების პირველი მაგალითი[118].
რელიგიური შეხედულებები
რომაელი ისტორიკოსები ჰანიბალს ვერაგობაში და ღმერთებისადმი უპატივცემულობაში ადანაშაულებენ. ამასთანავე ტიტუს ლივიუსი ეწინააღმდეგება თავის თავს და აღწერს როგორ ეთაყვანება ფინიკიურ ღმერთებს. იგი წერდა, ვიდრე ჰანიბალი ესპანეთს დადიოდა ჰადესში, რათა მელკართისათვის შესაწირავი მიერთმია[119]. მელკართის განსაკუთრებული ადგილი ეჭირა ბარკიდების ოჯახურ პანთეონში[120]. ისტორიკოსი გ. პიკარდი თვლიდა, რომ ლივიუსს ხშირად მოჰყავდა მაგალითები ჰანიბალის რელიგიურობაზე, უბრალოდ გაიმეორა საყვედური, რომელიც წარმოიშვა კართაგენელებს შორის და ვერ შესძლო შეეფასებინა ის კრიტიკულად, იმიტომ, რომ ცუდად ერკვეოდა კართაგენელების თეოლოგიურ ნიუანსებში[121]. მეორე ვერსიის თანახმად ლივიუსმა გაიმეორა, რომაელი ისტორიკოსების ბრალდებები, რომლებიც ჰანიბალს უღმერთობაში ადანაშაულებდნენ[122]. რომაელი ისტორიკოსების ნაშრომებში მოყვანილია ჰანიბალის რელიგიურობის სხვა მაგალითებიც. ალპებზე გადასვლის შემდეგ ჰანიბალმა აღავლინა სამადლობელი ლოცვები[123]. იტალიაში პატივს სცემდა წმინდანებს და არაერთხელ გადაარჩინა სალოცავი ტაძრები თავისი ჯარისკაცებისაგან. პოლიბიოსის მიხედვით იუნონას ტაძარში მან ქალღმერთს მსხვერპლი შესწირა და სამსხვერპლოზე ამოჰკვეთა სალაშქრო წარწერა.[124]
ლიტერატურული მემკვიდრეობა
ჰანიბალს მიაწერენ ბითინიაში ცხოვრების პერიოდში დაწერილ რამდენიმე თხზულებას. კორნელიუს ნეპოტი წერდა:
„დავამატებთ, რომ ამ ძლევამოსილ კაცს, რომელიც დათვირთული იყო დიადი სამხედრო საქმეებით, არ ენანებოდა დრო სამხედრო მეცადინეობებზე, რადგან მას შემდეგ დარჩა რამდენიმე თხზულება ბერძნულ ენაზე, მათ შორის წიგნი როდოსელებისადმი, სადაც გნეუს მანლიუს ვულსონის აზიაში საგმირო საქმეებია აღწერილი[125].“
|
პირველი ცნობილი ტექსტია ჰანიბალის გზავნილი როდოსელებისადმი, რომელიც აღწერს გნეუს მანლიუს ვულსონის მცირე აზიაში განხორციელებულ პოლიტიკას. გზავნილი არ შეიძლება დაწერილი ყოფილიყო ძვ. წ. 189 წელზე ადრე, როდესაც ვულსონმა დაიწყო გალათიური ომი. ჰანიბალი თავის წერილში ყველაზე მეტად როდოსელების ყურადრებას ამახვილებს რომაელი ჯარისკაცების სისასტიკეზე. ტექსტი არაა შემონახული ჩვენს დრომდე[126].
ჩვენამდე მოაღწია ჰანიბალის ყალბმა გზავნილმა ათენელების მიმართ, რომელიც დაწერილია პაპირუსზე და ახლა ინახება ჰამბურგში. მასში ავტორი, ვითომ ჰანიბალი, წარმოდგენილია, როგორც „კართაგენის მეფე“, რომელიც ბერძნებს რომაელების წინააღმდეგ აჯანყების დაწყებისკენ მოუწოდებს. თანამედროვე მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ეს წერილი დაწერილი იყო ძვ. წ. 190-185 წლებს შორის. სავარაუდოდ ეს წერილი ჰანიბალის სიკვდილის შემდეგ უნდა იყოს გავრცელებული[127].
ხსოვნა
პლინიუს უფროსი წერდა, რომ მის დროს (I საუკუნის შუა წლები), ჰანიბალის თვითმკვლელობის შორიახლოს, ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო გენახათ საფლავის ბორცვი[128]. ბიზანტიელი ისტორიკოსი იოანე ცეცე ამბობს, რომ სეპტიმიუს სევერუსის მმართველობისას, რომელიც წარმოშობით აფრიკიდან იყო, ბორცვი გარშემორტყმული იყო თეთრი მარმარილოს საფარით. ეს შესაძლებელია მართლაც ასე ყოფილიყო, რადგან სეპტიმიუს სევერუსი 193-195 წლებში ამ ადგილების ახლოს იმყოფებოდა, მაშინ როდესაც ბიზანტიონს ალყა შემოარტყა, სადაც გამაგრებული იყვნენ მისი მოწინააღმდეგის პესცენიუს ნიგერის მომხრეები[129].
რომაელი ისტორიკოსები ჰანიბალის პიროვნებას ზედმეტად არაობიექტურად აღწერენ. აღიარებდნენ რა მის ნიჭს, იქვე ხაზს უსვამდნენ მის ნაკლოვანებებს. რომაულ ისტორიოგრაფიაში ჰანიბალის აღწერისას ჩამოყალიბდა განსაზღვრული სტერეოტიპები, რომელიც კარგად ჩანს ტიტუს ლივიუსის აღწერილობაში. მსგავსმა მიდგომამ ჰანიბალი წარმოაჩინა „სამხედრო დამნაშავედ“[114]. მისი დახასიათებისას განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებდნენ ვერაგობაზე, რომელიც დამახასიათებელი იყო ყველა ფინიკიელისათვის („პუნიკური ვერაგობა“). ეს ეპითეტი მოგვიანებით ჰანიბალთან ასოცირდებოდა. ასევე მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა ჰანიბალის რომაულ დახასიათებაში მის სისასტიკეს. ციცერონი ერთმანეთს ადარებდა ჰანიბალსა და პიროსს, ხაზს უსვამდა პირველის სისასტიკესა და მეორეს ადამიანურობას. რომაელი ისტორიკოსები ასევე ახდენენ იულიუს კეისრისა და პომპეუსის სამოქალაქო ომსა და ჰანიბალის ომს. ფლორუსი ტიტუს ლივიუსის ნაშრომზე დაყრდნობით აღნიშნავდა, რომ პიროსისა და ჰანიბალის შეჭრამ უფრო ნაკლები უბედურება და ნგრევა მოუტანა, ვიდრე მოკავშირეთა ომმა[130]. ციცერონი კი ჰანიბალის ლაშქრობას ადარებდა ძვ. წ. 49 წლის ცეზარის რომზე ლაშქრობას[131], მარკუს ანტონიუსს კი უწოდა მეორე ჰანიბალი, რომელმაც ყველაზე მეტი ზარალი მიაყენა იტალიას, ვიდრე მისმა წინამორბედმა[132]. ლუკანმა ერთმანეთს შეადარა ჰანიბალის ალპებზე გადასვლა და კეისრის მიერ რუბიკონზე გადასვლა, როგორც ორი სხვადასხვა სახის გმირობა. ჰორაციუსი წერდა, რომ ჰანიბალი იყო ნაკლებად საშიში, ვიდრე ხანგრძლივი სამოქალაქო ომები[133].
პრინციპატის დაწყებასთან ერთად ჰანიბალის ნეგატიური სახე თანდათან ქრება. ქალაქი კართაგენიც აღადგინეს ძვ. წ. I საუკუნეში. კლასიციზმის ეპოქაში ჰანიბალის სახე არც თუ პოპულარული იყო. ჰანიბალის პიროვვნების ჩამოყალიბებაში მკვეთრი შემობრუნება ხდება XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე. უკვე მონტესკიემ ნაშრომში „ფიქრები რომაელების დიდებისა და დაცემის მიზეზებზე“ აღმოაჩინა მსგავსება კართაგენსა და მის თანამედროვე ინგლისს შორის. შატობრიანმა განავითარა ეს შედარება და პარალელები გაავლო ჰერცოგ მალბოროსა და ჰანიბალს შორის. ჰანიბალის როლსა და მნიშვნელობაზე კარდინალური გადახედვა ხდება ნაპოლეონის ეპოქაში. ამან თავისი ასახვა ჰპოვა იმ დროის ოფიციალურ პორტრეტისტიკაში. მხატვარმა დავიდმა თავის ნახატს „ნაპოლეონის გადასვლა სენ-ბერნარზე“ მიაწერა ჰანიბალისა და კარლოს დიდის სახელები. ვინჩენცო მონტიმ „პრომეთეში“ (1797 წ.) ნაპოლეონს უწოდა „მეორე ჰანიბლი და იტალიის განმათავისუფლებელი“. თვითონ ნაპოლეონიც, წმინდა ელენეს კუნძულებზე გადასახლებისას საკუთარ თავს სწორედ ჰანიბალს ადარებდა. ისტორიკოსებმა ჰანიბალის პიროვნებისადმი ინტერესი XIX საუკუნიდან გამოიჩინეს[134].
მხატვრული ლიტერატურა
ჰანიბალმა დიდი კვალი დატოვა ხელოვნებასა და კულტურაში, როგორც ადამიანმა, რომელმაც გავლენა მოახდინა ევროპის ისტორიის მსვლელობაზე. მისი ალპებზე ექსპედიცია რჩება ძველი დროის ერთ-ერთ მონუმენტალურ სამხედრო გმირობად, რომელიც ხელოვანთათვის შთაგონების წყარო აღმოჩნდა.
მას ეძღვნება რამდენიმე ისტორიული რომანი. კერძოდ ჯეკ ლინდსეის „ჰანიბალი“, გიორგი გულიას „ჰანიბალი, ჰამილკარის ვაჟი“, ალექსანდრე ნემიროვსის „ჰანიბალის სპილოები“, როს ლეკის „ჰანიბალი“ და ჰანს ბაუმანის „მე მივდიოდი ჰანიბალთან“[135].
ჰანიბალი კინემატოგრაფიაში
წელი | ფილმი | შენიშვნა |
2006 | ჰანიბალი (Hannibal — Rome’s Worst Nightmare)[136] | BBC-ს მიერ დამზადებული სატელევიზიო ფილმი ალექსანდრ სიდიგის მონაწილეობით[137] |
2005 | ჰანიბალი რომის წინააღმდეგ[138] | ამერიკული დოკუმენტური ფილმი National Geographic Channel-ის მიერ დამზადებული |
2005 | ჰანიბალის ნამდვილი ისტორია[139] | ამერიკული დოკუმენტური ფილმი |
2001 | ჰანიბალი — ადამიანი, რომელსაც სძულს რომი[140] | ბრიტანული დოკუმენტური ფილმი |
1997 | ჰანიბალის უდიდესი ომები | ინგლისური დოკუმენტური ფილმი |
1996 | გულივერის მოგზაურობა | მაგიურ სარკეში ჰანიბალი არის გულივერი. |
1959 | ჰანიბალი (Annibale)[141] | იტალიური მხატვრული ფილმი ვიქტორ მეტიურის მონაწილეობით[142] |
1955 | საყვარელი იუპიტერი[143] | ამერიკული მხატვრული ფილმი ჰოვარდ კილის მონაწილეობით[144] |
1937 | სციპიონ აფრიკელი — ჰანიბალის დამარცხება (Scipione l’africano)[145] | იტალიური მხატვრული ფილმი |
1914 | ქაბირია[146] | იტალიური მუნჯი ფილმი |
დროის ხაზი
ლიტერატურა
- გიორგაძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 600.
- ლატარია თ., კილასონია ე., 100 საუკეთესო ბრძოლა, თბ., 2010
- ქავთარია გ., ჰანიბალი, გამოჩენილ ადამიანთა ცხოვრება, თბ.: ნაკადული, 1979.
- Габриэль Р. А., Ганнибал. Военная биография величайшего врага Рима = Hannibal: The Military Biography of Rome's Greatest Enemy, М.: Центрполиграф, 2012. — გვ. 318, 3000 ეგზ., ISBN 978-5-227-03130-3.
- Кораблев И. Ш., Ганнибал, М.: Наука, 1976.
- Корнелий Непот, О знаменитых иноземных полководцах / Пер. с лат. и коммент. Н.Н. Трухиной, М.: Изд-во МГУ, 1992. — გვ. 208.
- Лансель С., Ганнибал, Жизнь замечательных людей, М. 2002.
- Трухино В. Е., Войны и сражения Древнего мира, Ростов-на-Дону: Феникс, 2006. — გვ. 521, ISBN 5-222-09075-2.
რეკომენდებული ლიტერატურა
- Badian E. Rome and Antiochos the Great: A Study in Cold War // Classical Philology. — Chicago: The University of Chicago Press, 1959. — В. 54. — № 2. — С. 81—99.
- De Beer G. Hannibal: Challenging Rome’s Supremacy. — New York: Viking Press, 1969.
- Hoyos D. Hannibal’s Dinasty: Power and Politics in the Western Mediterranean, 247 — 183 BC. — London: Routledge, 2003.
- Lazenby J. F. Hannibal’s War: A Military History of the Second Punic War. — Norman: Unversity of Oklahoma Press, 1994.
- Brizzi G. Annibale. Strategia e immagine. — Perouse, 1984.
რესურსები ინტერნეტში
- ჰანიბალის ბიოგრაფია დაარქივებული 2011-05-14 საიტზე Wayback Machine.
- ჰანიბალი
- Hannibal's life by Cornelius Nepos, latin transcription and translation to German დაარქივებული 2014-07-13 საიტზე Wayback Machine.
- ჰანიბალის ისტორია
- ჰანიბალი FactBehindFiction.com-ზე დაარქივებული 2013-08-27 საიტზე Wayback Machine.
კომენტარები
სქოლიო
- ↑ https://tufas.palma.cat/system/documents/attachments/000/000/027/original/51ef57c395415b6dc808842654d4327368bbc4c4.pdf
- ↑ Ayrault Dodge, Theodore (1995). Hannibal: A History of the Art of War Among the Carthaginians and Romans Down to the Battle of Pydna, 168 BC. Da Capo Press.
- ↑ 3.0 3.1 Benz, Franz L. 1982. Personal Names in the Phoenician and Punic Inscriptions. P. 313—314
- ↑ 4.0 4.1 Baier, Thomas. 2004. Studien zu Plautus' Poenulus. P. 174
- ↑ Friedrich, Johannes, Wolfgang Röllig, Maria Giulia Amadasi, and Werner R. Mayer. 1999. Phönizisch-Punische Grammatik. P.53.
- ↑ 6.0 6.1 Brown, John Pairman. 2000. Israel and Hellas: Sacred institutions with Roman counterparts. P. 126—128
- ↑ Габриэль Р. А. Ганнибал. Военная биография величайшего врага Рима = Hannibal: The Military Biography of Rome's Greatest Enemy. — М., 2012. с., 19
- ↑ ქავთარია (1979), გვ. 20
- ↑ ქავთარია (1979), გვ. 21
- ↑ ქავთარია (1979), გვ. 22
- ↑ Лансель С., Ганнибал, Жизнь замечательных людей, М. 2002. с. 77
- ↑ ქავთარია (1979), გვ. 23-24
- ↑ Лансель С., Ганнибал, Жизнь замечательных людей, М. 2002. с. 79
- ↑ ქავთარია (1979), გვ. 25
- ↑ Лансель С., Ганнибал, Жизнь замечательных людей, М. 2002. с. 90
- ↑ Полибий. Всеобщая история
- ↑ Кораблев И. Ш., Ганнибал, М. 1976, с. 62
- ↑ ტიტუს ლივიუსი, რომის ისტორია ქალაქის დაარსებიდან, XXI, 5, 17
- ↑ ქავთარია (1979), გვ. 27
- ↑ ტიტუს ლივიუსი, რომის ისტორია ქალაქის დაარსებიდან, XXI, 6, 2
- ↑ ტიტუს ლივიუსი, რომის ისტორია ქალაქის დაარსებიდან, XXI, 6, 8
- ↑ Полибий. Всеобщая история, XXI, 6, 8
- ↑ Аппиан, РИМСКАЯ ИСТОРИЯ, СИРИЙСКИЕ ДЕЛА
- ↑ Лансель С., Ганнибал, Жизнь замечательных людей, М. 2002. с. 106
- ↑ Полибий. Всеобщая история, III, 35, 1
- ↑ Лансель С., Ганнибал, Жизнь замечательных людей, М. 2002. с. 120
- ↑ Лансель С., Ганнибал, Жизнь замечательных людей, М. 2002. с. 122
- ↑ Лансель С., Ганнибал, Жизнь замечательных людей, М. 2002. с. 128
- ↑ ტიტუს ლივიუსი, რომის ისტორია ქალაქის დაარსებიდან, XXI, 35, 9
- ↑ ქავთარია (1979), გვ. 41
- ↑ Полибий. Всеобщая история, III, 56, 4
- ↑ Кораблев И.Ш. Ганнибал, Москва, "Наука", 1976, с. 89
- ↑ Лансель С., Ганнибал, Жизнь замечательных людей, М. 2002. с. 139
- ↑ ქავთარია (1979), გვ. 47-48
- ↑ ტიტუს ლივიუსი, რომის ისტორია ქალაქის დაარსებიდან, XXI, 46
- ↑ Полибий. Всеобщая история, III, 67
- ↑ ლატარია თ., კილასონია ე., 100 საუკეთესო ბრძოლა, თბ., 2010, გვ., 47
- ↑ ქავთარია (1979), გვ. 53-54
- ↑ Полибий. Всеобщая история, III, 77, 1–2
- ↑ ტიტუს ლივიუსი, რომის ისტორია ქალაქის დაარსებიდან, XXII, 2, 2
- ↑ ლატარია თ., კილასონია ე., 100 საუკეთესო ბრძოლა, თბ., 2010, გვ., 48–49
- ↑ Кораблев И.Ш. Ганнибал, Москва, "Наука", 1976, с. 108
- ↑ Полибий. Всеобщая история, III, 86, 1–5
- ↑ ტიტუს ლივიუსი, რომის ისტორია ქალაქის დაარსებიდან, XXII, 8, 1
- ↑ Полибий. Всеобщая история, III, 87, 6–9
- ↑ ტიტუს ლივიუსი, რომის ისტორია ქალაქის დაარსებიდან, XXII, 8, 6
- ↑ ქავთარია (1979), გვ. 62
- ↑ ქავთარია (1979), გვ. 63
- ↑ 49.0 49.1 ტიტუს ლივიუსი, რომის ისტორია ქალაქის დაარსებიდან, XXII, 13, 1
- ↑ ქავთარია (1979), გვ. 65-66
- ↑ ქავთარია (1979), გვ. 69
- ↑ ტიტუს ლივიუსი, რომის ისტორია ქალაქის დაარსებიდან, XXII, 51
- ↑ Полибий. Всеобщая история, III, 117, 6
- ↑ ტიტუს ლივიუსი, რომის ისტორია ქალაქის დაარსებიდან, XXII, 51, 2
- ↑ ქავთარია (1979), გვ. 75
- ↑ Лансель С., Ганнибал, Жизнь замечательных людей, М. 2002. с. 178
- ↑ Лансель С., Ганнибал, Жизнь замечательных людей, М. 2002. с. 183
- ↑ ტიტუს ლივიუსი, რომის ისტორია ქალაქის დაარსებიდან, XXIII, 43-46
- ↑ Лансель С., Ганнибал, Жизнь замечательных людей, М. 2002. с. 187
- ↑ Лансель С., Ганнибал, Жизнь замечательных людей, М. 2002. с. 199
- ↑ ქავთარია (1979), გვ. 82
- ↑ ტიტუს ლივიუსი, რომის ისტორია ქალაქის დაარსებიდან, XXIV, 176
- ↑ ქავთარია (1979), გვ. 83
- ↑ ქავთარია (1979), გვ. 85
- ↑ Полибий. Всеобщая история, VIII, 24–34
- ↑ ტიტუს ლივიუსი, რომის ისტორია ქალაქის დაარსებიდან, XXV 11
- ↑ ქავთარია (1979), გვ. 89-90
- ↑ ქავთარია (1979), გვ. 91
- ↑ ტიტუს ლივიუსი, რომის ისტორია ქალაქის დაარსებიდან, XXIII, 33-34
- ↑ Полибий. Всеобщая история, VII, 9
- ↑ ტიტუს ლივიუსი, რომის ისტორია ქალაქის დაარსებიდან, XXIV, 34
- ↑ ქავთარია (1979), გვ. 95-96
- ↑ ტიტუს ლივიუსი, რომის ისტორია ქალაქის დაარსებიდან, XXVI, 8, 5
- ↑ ქავთარია (1979), გვ. 99
- ↑ Энциклопедический словарь крылатых слов и выражений – Ганнибал у ворот. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-05. ციტირების თარიღი: 2012-02-05.
- ↑ Шустов В. Е. Войны и сражения Древнего мира. — Ростов-на-Дону: Феникс, 2006, с. 270-271
- ↑ Кораблев И.Ш. Ганнибал, Москва, "Наука", 1976, с. 241
- ↑ პლუტარქე, ფაბიუსი პარალელური ბიოგრაფიები, 21-23
- ↑ პლუტარქე, მარცელიუსი პარალელური ბიოგრაფიები, 29
- ↑ ტიტუს ლივიუსი, რომის ისტორია ქალაქის დაარსებიდან, XXVII, 28
- ↑ ქავთარია (1979), გვ. 103-104
- ↑ Лансель С., Ганнибал, Жизнь замечательных людей, М. 2002. с. 228
- ↑ ქავთარია (1979), გვ. 106-107
- ↑ ტიტუს ლივიუსი, რომის ისტორია ქალაქის დაარსებიდან, XXV, 35
- ↑ ქავთარია (1979), გვ. 110-111
- ↑ ქავთარია (1979), გვ. 113
- ↑ ტიტუს ლივიუსი, რომის ისტორია ქალაქის დაარსებიდან, XXVII, 47
- ↑ ტიტუს ლივიუსი, რომის ისტორია ქალაქის დაარსებიდან, XXVII, 55,11-13
- ↑ ტიტუს ლივიუსი, რომის ისტორია ქალაქის დაარსებიდან, XXVIII, 37
- ↑ ტიტუს ლივიუსი, რომის ისტორია ქალაქის დაარსებიდან, XXIX, 1
- ↑ Полибий. Всеобщая история
- ↑ ქავთარია (1979), გვ. 121-122
- ↑ Кораблев И.Ш. Ганнибал, Москва, "Наука", 1976, с. 280
- ↑ ქავთარია (1979), გვ. 129-130
- ↑ ტიტუს ლივიუსი, რომის ისტორია ქალაქის დაარსებიდან, XXX, 22
- ↑ ქავთარია (1979), გვ. 131-132
- ↑ ტიტუს ლივიუსი, რომის ისტორია ქალაქის დაარსებიდან, XXX, 28
- ↑ ქავთარია (1979), გვ. 135-137
- ↑ ტიტუს ლივიუსი, რომის ისტორია ქალაქის დაარსებიდან, XXX, 30
- ↑ Полибий. Всеобщая история, XV, 14
- ↑ ქავთარია (1979), გვ. 140-144
- ↑ Лансель С., Ганнибал, Жизнь замечательных людей, М. 2002. с. 283
- ↑ ტიტუს ლივიუსი, რომის ისტორია ქალაქის დაარსებიდან, XXXIII, 46
- ↑ Кораблев И. Ш., Ганнибал, М. 1976, с. 309
- ↑ Лансель С., Ганнибал, Жизнь замечательных людей, М. 2002. с. 285
- ↑ ქავთარია (1979), გვ. 150
- ↑ Полибий. Всеобщая история, XXI, 14, 7
- ↑ კორნელიუს ნეპოტი, О знаменитых иноземных полководцах, 9
- ↑ Лансель С., Ганнибал, Жизнь замечательных людей, М. 2002. с. 321
- ↑ კორნელიუს ნეპოტი, О знаменитых иноземных полководцах, 12, 3-5
- ↑ ტიტუს ლივიუსი, რომის ისტორია ქალაქის დაარსებიდან, XXI, 4
- ↑ Лансель С., Ганнибал, Жизнь замечательных людей, М. 2002. с. 339
- ↑ 113.0 113.1 Габриэль Р. А. Ганнибал. Военная биография величайшего врага Рима = Hannibal: The Military Biography of Rome's Greatest Enemy. — М., 2012. с., 31
- ↑ 114.0 114.1 Лансель С., Ганнибал, Жизнь замечательных людей, М. 2002. с. 340
- ↑ Габриэль Р. А. Ганнибал. Военная биография величайшего врага Рима = Hannibal: The Military Biography of Rome's Greatest Enemy. — М., 2012. с., 36
- ↑ ტიტუს ლივიუსი, რომის ისტორია ქალაქის დაარსებიდან, XXIV, 41,7
- ↑ პლინიუსი, ბუნებრივი ისტორია, XVI, 4
- ↑ Советская военная энциклопедия
- ↑ ტიტუს ლივიუსი, რომის ისტორია ქალაქის დაარსებიდან, XXI, 21, 9
- ↑ Лансель С., Ганнибал, Жизнь замечательных людей, М. 2002. с. 104
- ↑ Picard G. Hannibal. — Paris, 1967, p. 114
- ↑ Лансель С., Ганнибал, Жизнь замечательных людей, М. 2002. с. 105
- ↑ Габриэль Р. А. Ганнибал. Военная биография величайшего врага Рима = Hannibal: The Military Biography of Rome's Greatest Enemy. — М., 2012. с., 17
- ↑ Полибий. Всеобщая история, III, 33, 18
- ↑ კორნელისუ ნეპოტი, ჰანიბალი, 13
- ↑ Лансель С., Ганнибал, Жизнь замечательных людей, М. 2002. с. 323
- ↑ Brizzi G. Annibale. Strategia e immagine. — Perouse, 1984, р. 101]
- ↑ პლინიუსი, ბუნებრივი ისტორია, V, 148
- ↑ Лансель С., Ганнибал, Жизнь замечательных людей, М. 2002. с. 338
- ↑ ფლორუსი. VI. 11
- ↑ ციცერონი. ატიკის შესახებ. VII. 11. 1
- ↑ ციცერონი. ფილიპიკები. V. 25-27
- ↑ ჰორაციუსი, ეპოდები, XVI, 8
- ↑ Лансель С., Ганнибал, Жизнь замечательных людей, М. 2002. с. 348
- ↑ Бауман Г. Я шел с Ганнибалом: историко-приключенческая повесть / Пер. с нем. Н. Бурловой и Ю. Коринца. — Москва: Детская литература, 1983.
- ↑ Hannibal (TV 2006). Internet Movie Database. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-05. ციტირების თარიღი: 2012-01-12.
- ↑ Full cast and crew for Hannibal (2006) (TV). Internet Movie Database. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-05. ციტირების თარიღი: 2012-01-12.
- ↑ Hannibal vs Rome. Internet Movie Database. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-05. ციტირების თარიღი: 2012-01-12.
- ↑ The True Story of Hannibal. Internet Movie Database. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-05. ციტირების თარიღი: 2012-01-12.
- ↑ Hannibal: The Man Who Hated Rome. Internet Movie Database. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-05. ციტირების თარიღი: 2012-01-12.
- ↑ Annibale. Internet Movie Database. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-05. ციტირების თარიღი: 2012-01-12.
- ↑ Full cast and crew for Annibale. Internet Movie Database. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-05. ციტირების თარიღი: 2012-01-30.
- ↑ Jupiter's Darling. Internet Movie Database. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-05. ციტირების თარიღი: 2012-01-12.
- ↑ Full cast and crew for Jupiter's Darling. Internet Movie Database. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-05. ციტირების თარიღი: 2012-01-30.
- ↑ Scipione l'africano. Internet Movie Database. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-05. ციტირების თარიღი: 2012-01-12.
- ↑ Cabiria. Internet Movie Database. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-05. ციტირების თარიღი: 2012-01-12.