რომის ისტორია ქალაქის დაარსებიდან (წიგნი)

ისტორია ქალაქის დაარსებიდან (ლათ. Ab Urbe condita) — ტიტუს ლივიუსის ფუნდამენტური ნაშრომი რომის ისტორიის შესახებ. ნაშრომი შეადგენს 142 წიგნს, რომლიდანაც მხოლოდ 35 შემორჩა.

სცენა ლივიუსის ისტორიიდან, მარსის სამსხვერპლოზე
Ab urbe condita, 1493

წიგნებზე მუშაობა ლივიუსმა ძვ. წ. 27 წლიდან დაიწყო და როგორც მიიჩნევენ დასრულება ვერ მოასწრო. მისი ნაშრომების დიდმა ნაწილმა ჩვენამდე ვერ მოაღწია. ეს ნაწარმოები მოიცავს რომის ისტორიას მისი ლეგენდარული დაარსებიდან (ძვ. წ. 753) ავგუსტუსის გერის დრუზუსის სიკვდილამდე (ძვ. წ. 9). სრულიად შემოინახა 35 წიგნი, I-X წიგნები, ანუ პირველი დეკადა, სადაც აღწერილია ქალაქის ისტორია დაარსებიდან ძვ. წ. 293 წლამდე, ანუ მესამე სამნიტურ ომამდე, XXI—XLV წიგნები, სადაც მოცემულია ისტორია ძვ. წ. 218 წლიდან, ანუ მეორე პუნიკური ომიდან ძვ. წ. 167 წლამდე, ანუ მესამე მაკედონურ ომამდე, ასევე შემორჩა XCI წიგნის ფრაგმენტები, სადაც სერტორიუსთან ომია აღწერილი და CXX წიგნის ფრაგმენტები, სადაც ციცერონის სიკვდილზეა საუბარი.

არსებობს მოსაზრებები რომ პირველი წიგნები დაიწერა ძვ. წ. 27 - ძვ. წ. 25 წლებში, IX წიგნი დაიწერა ძვ. წ. 20 წელს, ხოლო უკანასკნელი წიგნები ავგუსტუსის სიკვდილის შემდეგ. ავტორს ალბათ სურდა ნაშრომის დასრულება პირველი იმპერატორის სიკვდილით, მაგრამ ვერ მოასწრო.

ნაწარმოების დეკადებად დაყოფა და მის ბაზაზე მოკლე თხზულებების შედგენა დაახლოებით IV საუკუნიდან დაიწყო. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ გადმოცემული თხზულებებიდან პერიოქები არის.

ლივიუსი თავის ნაშრომებში უფრო ადრინდელ ისტორიკოსებს ეყრდნობოდა (უმცროსი ანალისტები): ლუციუს ელიუს ტუბერონუსს, გაიუს ლიცინიუს მაკრუსს, ვალერიუსს ანციუმიდან, ფაბიუს პიქტორს, კალპურნიუს პიზონს, კლავდიუს კვადრიგირიუსს და პოლიბიუსს.

ლივიუსის მიერ გადმოცემული ფაქტები იმდენად სანდოა, რამდენადაც მისი წყაროები. თვითონ იგი აკრიტიკებს რომის დაარსების ტრადიციულ ლეგენდას და გვთავაზობს ისტორიულად უფრო მისაღებ ვერსიას.

ლივიუსის ნაშრომი გაჟღენთილია პატრიოტული სულისკვეთებით. იგი ახდენს წარსულის იდეალიზაციას და გმობს მისი თანამედროვეების მორალურ და ზნეობრივ დაცემულობას. მისი ასეთი სულისკვეთება და მორალიზმი ავგუსტუსის პოლიტიკას კარგად შეეფერებოდა. ლივიუსი აქცენტს აკეთებს ცალკეულ გამოჩენილ პიროვნებებზე, მათ გმირობებზე და მორალურ თვისებებზე. დაწვრილებით აღწერს მათ საქმიანობას და გადმოსცემს მათ სიტყვით გამოსვლებს. ეს სიტყვები ძალიან კარგადაა დამუშავებული ლივიუსის მიერ. ჩვენამდე მოღწეულ ნაწილში 400 წარმოთქმულ სიტყვას ვხვდებით.

ტიტუს ლივიუსის ნაშრომი ლიტერატურული თვალსაზრისით მართლაც უბადლოა. გადმოცემის ნიჭით და დრამატიზაციით იგი ახერხებს წარსულის სურათების გაცოცხლებას. მისი შესანიშნავი პროზის სტილი არ ჩამოუვარდება ციცერონისას.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Foster, B.O. [1874] (2008). Livy. Trollope Press. 
  • Livy (1994). Ab vrbe condita Book VI. Cambridge: Cambridge University Press. 
  • Niebuhr, Barthold Georg; Smith, William (Translator); Schmitz, Leonhard (Translator) (1844). The History of Rome. Philadelphia: Lea & Blanchard. 
  • Seeley, J.R. (1881). Livy, Book I, with Introduction, Historical Examination and Notes, 3rd, Oxford: Clarendon Press. 

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება