იუნონა (ლათ. Iuno) — რომაულ მითოლოგიაში ოჯახის, დედობის, ქალების და ქალთა ნაყოფიერების ქალღმერთი. ითვლებოდა რომ ყველა ქალს ჰყავს თავისი იუნონა (ისევე როგორც ყველა კაცს თავისი გენიუსი). იუნონა იყო იუპიტერის მეუღლე, მას ბერძნულ ჰერასთან აიგივებდნენ. იუნონას კულტმა რომში დაპყრობილი იტალიური ქალაქებიდან გადმოინაცვლა და მას ახალი ფუნქციები და ეპითეტები დაემატა: „დედოფალი“, ლუცინა (ნათელი), „ბავშვის დამბადებელი“. მას ასახავდნენ მეომრადაც, ეტლზე, თხის ტყავით, ფარით და შუბით. იუნონა იუპიტერთან და მინერვასთან ერთად კაპიტონიუმურ ტრიადაში შედიოდა, მათ ეძღვნებოდათ კაპიტოლიუმზე ტაძარი.

იუნონას ქანდაკება ვატიკანის მუზეუმიდან

იუნონას თაყვანს უმეტესად გათხოვილი ქალები სცემდნენ. გაუთხოვარ საყვარლად მყოფ ქალებს მის ალტართან შეხება ეკრძალებოდათ. მისი დღესასწაულები იყო 1 მარტს იუნონა ლუცენას მატრონალიები და დაუდგენელი წარმოშვების კაპიტოლინას ნონები 7 ივნისს. ამ უკანასკნელ დღესასწაულში მონა ქალებიც იღებდნენ მონაწილეობას.

ქორწილისას იუნონას მოუხმობდნენ და მშობიარობის შემდეგ მას სწირავდნენ მსხვერპლს. როგორც ნაყოფიერების ქალღმერთს, მას აკავშირებდნენ ფავნთან.

პროვინციებში იუნონას აიგივებდნენ ადგილობრივ ქალღმერთებთან ანალოგიური თვისებებით. ფილოსოფიაში იუნონა ასახიერებდა მიწას და ჰაერს, რაც იუპიტერის - ეთერის ქვემოთ არის.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება