პირველი პუნიკური ომი
პირველი პუნიკური ომი | |||
---|---|---|---|
პუნიკური ომების ნაწილი | |||
მდგომარეობა ხმეთლაშუა ზღვაში ძვ. წ. 264 წელს. | |||
თარიღი | ძვ. წ. 264-ძვ. წ. 241 | ||
მდებარეობა | ხმელთაშუა ზღვა, სიცილია, სარდინია | ||
შედეგი | რომაელთა გამარჯვება | ||
ტერიტორიული ცვლილებები |
სიცილია რომის პროვინციად იქცა | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
პირველი პუნიკური ომი ვიკისაწყობში |
პირველი პუნიკური ომი — ძვ. წ. 264-ძვ. წ. 241 წლებში რომაელებსა და კართაგენს შორის დასავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში ბატონობისთვის განხორციელებულ ბრძოლათა სერია. ისტორიაში პუნიკური ომების სახელით შევიდა რომაელებსა და კართაგენელებს შორის მომხდარი ძვ. წ. III - ძვ. წ. II საუკუნეებში სამი ომი. რომლებშიც რომაელებმა მოიპოვეს გამარჯვება, ხოლო მესამე პუნიკური ომის შედეგად კართაგენი სრულიად განადგურდა და მისი ტერიტორიები რომს ერგო.
23 წლის განმავლობაში ორივე მხარე ცდილობდა კონტროლი მოეპოვებინა ხმელთაშუა ზღვაზე. კართაგენი, რომელიც მდებარეობდა ხამხრეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთში, დღევანდელი ტუნისის ადგილას, კონფილიქტის დასაწყისში წარმოადგენდა წარმოადგენდა მნიშვნელოვან ძალას დასავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთის ქვეყნებში. ამის მიუხედავად რომმა საბოლოოდ მოწინააღმდეგეს აჯობა, როგორც საზღვაო, ისე ხმელეთზე ბრძოლაში და დააკისრა მძიმე ფინანსური ჯარიმა.
რომსა და კართაგენს შორის ომების სერიას ეწოდა "პუნიკური", კართაგენელების ლათუნური სახელწოდების, პუბების გამო.
წინარეისტორია
III საუკუნისთვის რომაელებმა უკვე მთლიანად დაიმორჩილეს აპენინებზე მცხოვრები ერები, გალების გარდა. ამ პერიოდისთვის მათ უკვე მოგერიებული ჰყავდათ იმ დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მხედართმთავარი პიროსი ეპიროსიდან. ამ ეტაპზე მათი ინტერესების სფეროში არა მხოლოდ ნახევარკუნძული, არამედ სამხრეთით მდებარე კუნძული სიცილია მოექცა.
სიცილიას აკონტროლებდა რომის მოკავშირე სახელმწიფო კართაგენი, რომელთანაც რომს ოდითგანვე მეგობრობა აკავშირებდა. კართაგენი ამ პერიოდისთვის სიძლიერით არ ჩამოუვარდებოდა რომს. მისი ჰეგემონია ვრცელდებოდა ჩრდილო-დასავლეთ აფრიკაზე, ძლიერი ფლოტი კი აკონტროლებდა დასავლეთ ხმელთაშუა ზღვას და მათ უკვე ჰქონდათ კოლონიები სიცილიაზე, სარდინიაზე, კორსიკაზე და პირენეის ნახევარკუნძულზე.
ამ დროისთვის რომს ჰყავდა კარგად გაწვრთნილი არმია და შედარებით სუსტი ფლოტი. ეს ომი არ გამოირჩეოდა დიდი ბრძოლებით. უმეტესად ხდებოდა ქალაქების ხანგძლივი ალყა, კომუნიკაციებისთვის ბრძოლა და უპრეცედენტო მასშტაბების საზღვაო ბრძოლები. ომის მსვლელობისას რომაელებმა ისწავლეს ახალი ტიპის გემების მშენებლობა, როგორიცაა კვინკერემები, გეკსერები და გეპტერები. ასევე შეიმუშავეს ყვავებით გემების აბორდაჟზე აღება.
ადრე თუ გვიან ეს ორი სახელმწიფო უნდა დაპირისპირებოდა ერთმანეთს ხმელთაშუა ზღვაზე ბატონობის მოსაპოვებლად. ომის დაწყების საბაბად სიცილიაში დაწყებული კონფლიქტი გახდა. სირაკუზის ტირანის, აგათოკლეს გარდაცვალების შემდეგ, მის სამსახურში მყოფი კამპანიელი დაქირავებული მეომრები უნდა დაბრუნებულიყვნენ იტალიაში, თუმცა ამის ნაცვლად, მათ სიცილიური ქალაქი მესინა აიღეს. იგივე ბედი ეწია მესინის სრუტის აღმოსავლეთით მდებარე იტალიურ ქალაქ რეგიუმს. რეგიუმის შეშინებულმა მოსახლეობამ დაცვა და დახმარება რომს სთხოვა. რომაელებმა გამოგზავნეს 4000 კაციანი გარნიზონი დეციუს იუბელიუს კამპანუსის მეთაურობით. გარნიზონი, რომელიც ასევე კამპანიელებისგან შედგებოდა, თავიანთი მესინელი თანამემამულეების მიბაძვითა და დახმარებით ცოტა ხანში აჯანყდა და რეგიუმის მოსახლეობა დაარბია. ძვ. წ. 271 წელს[1] აჯანყება რომაელებმა ჩაახშეს, ხოლო ქალაქი მის მკვიდრ მოსახლეობას დაუბრუნეს.[2]
მესინაში გამაგრებული კამპანიელების წინააღმდეგ კი სირაკუზელების ახალი ტირანი ჰიერონ II იბრძოდა. საბოლოოდ მან მდინარე ლონგანუსთან გამართულ ბრძოლაში კამპანიელები დაამარცხა. დამარცხებულ იტალიელთა ნაწილმა დახმარება კართაგენს სთხოვა, ნაწილმა კი რომს. კონფლიქტში თავდაპირველად კართაგენელები ჩაერივნენ. ჰიერონმა, რომელსაც არ სურდა კართაგენთან ღია დაპირისპირება მესინას თავი დაანება და სირაკუზაში დაბრუნდა. ქალაქს კვლავ კამპანიელები განაგებდნენ, თუმცა იქ უკვე კართაგენული გარნიზონიც ჩადგა.[3]
სიცილიაზე მიმდინარე მოვლენებმა რომის ყურადღებაც მიიპყრო. რომაელები თავდაპირველად ორჭოფობდნენ, ვინაიდან არ ამართლებდნენ კამპანიელებს, მაგრამ მათი არ დახმარება ნიშნავდა კუნძულზე კართაგენის ჰეგემონიას.[4] ამიტომ ძვ. წ. 264 წელს რომაელები დათანხმდნენ დახმარების აღმოჩენაზე. პრო-კართაგენელი ისტორიკოსის, ფილინუსის მიხედვით, ამით მათ დაარღვიეს ძვ. წ. 306 წლის შეთანხმება, რომლის თანახმად მათ ჯარებს არ უნდა დაედგათ ფეხი სიცილიაზე, თუმცა ბერძენი ისტორიკოსი პოლიბიოსი უარყოფს ასეთი შეთანხმების არსებობას.[5]
ომის დაწყება
მესინა
ამ მოვლენებმა განაპირობა რომში სახალხო კომიციის მიერ ომის დაწყების გამოცხადება და ორი ლეგიონი კონსულ აპიუს კლავდიუს კაუდექსის მეთაურობით ჩავიდა სიცილიაში. მიუხედავად იმისა, რომ კართაგენელები მესინის სრუტეს აკონტროლებდნენ, კონსულმა მაინც შეძლო ღამის საფარქვეშ სიცილიაზე გადასვლა მოკავშირეთა ფლოტის გამოყენებით. მამერტინელებს ამასობაში უკვე განედევნათ კართაგენელები და ქალაქი რომაელებს გადასცეს. კართაგენელებმა გარნიზონის მეთაური ჰანონი ქალაქის დაკარგვისთვის ჯვარს აცვეს.[6] სხვა წყაროების მიხედვით, რომაელი სამხედროები, რომელთაც პირველად გადაკვეთეს სრუტე იყვნენ ძირითადი არმიის წინ გამოგზავნილი რაზმი ტრიბუნი გაიუს კლავდიუსის მეთაურობით. სწორედ ისინი დაეხმარნენ მამერტინელებს ქალაქიდან ჰანოს განდევნაში.[7]
კართაგენელებმა სიცილიაში გამოგზავნეს ჰანო, ჰანიბალის ძე. მან განამტკიცა კავშირები სიცილიის ქალაქებთან, ახალი ხელშეკრულება დადო სირაკუზის მეფე ჰიერონთან და ამის შემდეგ დაიწყო მესინის ალყა. პირველად შეტევაზე რომაული არმია გადავიდა. კლავდიუსმა ჯერ სირაკუზელებს შეუტია და ჰიერონი აიძულა, რომ არმიასთან ერთად სირაკუზაში გაბრუნებულიყო.[8] მეორე დღეს, გამთენიისას, სირაკუზელების ბედი გაიზიარეს კართაგენელებმაც.[7]
მესინასთან ბრძოლების მიმდინარეობაზე ზოგიერთი ისტორიკოსის მონათხრობი რადიკალურად განსხვავებულია. დიოდორე სიცილიელის ვერსიით, სირაკუზელებმა ჩათვალეს, რომ კართაგენელებმა მათ უღალატეს და რომაელებს სრუტის გადმოლახვის ნება დართეს. ამიტომ ჰიერონი თავისი არმიით უბრძოლველად დაბრუნდა სირაკუზაში. რომაელთა წინააღმდეგ ბრძოლა მხოლოდ კართაგენელებს მოუწიათ, რომლებიც დამარცხდნენ.[9]
შემდეგი საბრძოლო მოქმედებები სიცილიაში
მესინასთვის ბრძოლების შემდეგ მოვლენების ზუსტი აღდგენა შეუძლებელია, ვინაიდან იმ დროინდელი ისტორიკოსების მონაყოლები ერთმანეთს არ ემთხვევა. ვარაუდობენ რომ რომაელებმა სცადეს ქალაქ ეხტელას აღება, ასევე სირაკუზასაც შემოარტყეს ალყა, თუმცა მათი მოქმედებები აღარ იყო უწინდებურად წარმატებული. აპიუს კლავდიუსი კინაღამ ბერძენთა ტყვეობაში მოხვდა და სავარაუდოდ რეგიიში დაბრუნება მოუწია.
შემდეგი ძვ. წ. 263 წლის კონსულები გახდნენ მანიუს ვალერიუს მაქსიმუსი და მანიუს ოტაცილიუს კრასუსი. ისინი 4 ლეგიონით და დამხმარე ჯარებით სიცილიაში ჩავიდნენ. მათ მოუარეს მთა ეტნას, აიღეს გადრანა და კენტორინი. სხვა ქალაქები კი კეთილი ნებით დაემორჩილნენ. სულ დიოდორეს ცნობებით 67 ქალაქი გადავიდა რომაელთა მხარეს. რომაელები სირაკუზამდე მისულნი არც იყვნენ, როდესაც ჰიერონმა ჩათვალა რომ მათთან დაპირისპირებას ზავი სჯობს და კონსულებთან ელჩები გაუშვა. ზღვაზე კართაგენელთა უპირატესობის გამო, რომაულ ჯარებს სერიოზული პრობლემა შეექმნათ მომარაგებაში, ამიტომ მათ ხელს აძლევდა ჰიერონთან კავშირი და ისინი დათანხმდნენ. სირაკუზას რომაელთათვის კონტრიბუცია უნდა გადაეხადა. კონტრიბუციის რაოდენობას სხვადასხვა ავტორი სხვადასხვანაერად ასახელებს.
ჰიერონთან სამშვიდობო ხელშეკრულების დადების შემდეგ სიცილიაში 4 ლეგიონის ნაცვლად მხოლოდ 2 დარჩა, ხოლო კართაგენელთა სამხედრო კონტიგნტი სიცილიაზე პირიქით - გაიზარდა. თავის ფორპოსტად მათ ქალაქი აგრიგენტუმი აირჩიეს. დასავლეთ სიცილიაში რომაელებსა და კართაგენელებს შორის მიმდინარეობდა ბრძოლები ცალკეული ქალაქებისთვის. დიოდორეს ცნობებით, რომაელები ხანგძლივად და უშედეგოდ ცდილობდნენ მაკელას აღებას. ეგესტა და ალიკა თავისი ნებით გადავიდნენ რომაელთა მხარეს. ილარი, ტირიტი და ასკელი კი რომაელებმა ძალის გამოყენებით აიღეს.
აგრიგენტუმის ალყა
ძვ. წ. 262 წელს რომაელების ყურადღების კონცენტრაცია სწორედ ამ ქალაქზე მოხდა, რომელშიც კართაგენელები იყვნენ გამაგრებულნი. ახალი კონსულები ოთხივე ლეგიონით ქალაქისკენ გაემართნენ და დაახლოებით 1,5 კმ-ში დაბანაკდნენ. რომაელი ჯარისკაცები მიმოიფანტნენ მინდვრების საძარცვად, კართაგენელებმა ეს რომ დაინახეს, გამოვიდნენ ქალაქიდან და თასვს დაესხნენ მიმოფანტულ ჯარისკაცებს და უკუაქციეს ისინი. შემდეგ ბანაკს დაესხნენ თავს, მაგრამ რომაული დისციპლინის წყალობით, მათ შეძლეს ბანაკის შენარჩუნება და საბოლოოდ უკუაქციეს კართაგენელები. ამის შემდეგ კართაგენელები ერიდებოდნენ დიდი ბრძოლების გამართვას. ამის გამო რომაელებმა ბანაკი ორად გაყვეს და ქალაქის სხვადასხვა მხარეს განალაგეს, ხოლო ბანაკებს შორის მანძილი მათ თხრილებით გაამაგრეს. ამრიგად ქალაქი სრულ ალყაში აღმოჩნდა.
შემდეგი 5 თვის მანძილზე არანაირი ცვლილებები არ მომხდარა. რადგან ქალაქში დაახლოებით 50 000 ადამიანი იყო ჩაკეტილი. იქ შიმშილი დაიწყო. კართაგენელთა მხედართმთავარი ჰანიბალ გისკო ხვდებოდა რომ მდგომარეობიდან დამოუკიდებლად ვერ გამოვიდოდა და კართაგენში შიკრიგებს აგზავნიდა დახმარების თხოვნით. კართაგენიდან სიცილიაში ჰანონთან ჩამოვიდა ჯარები და სპილოები. ამ უკანასკნელმა 30 000 ფეხოსნით, 1500 მხედრით და 50 სპილოთი აიღო ქალაქი ჰერაკლიუმი, სადაც რომაული არმიის სურსათ-სანოვაგე ინახებოდა. რომაელებსაც რთული დღეები დაუდგათ, მაგრამ ისინი ჰიერონმა იხსნა. ამასობაში რომაელი ჯარისკაცები საკმაოდ დასუსტებულები იყვნენ ავადმყოფობებით. ჰანონმა ჩათვალა რომ ბრძოლისთვის ხელსაყრელი დრო დადგა და და სცადა რომაელთა საბრძოლველად გამოწვევა, მაგრამ ეს უკანასკნელნი არ წამოეგნენ პროვოკაციას.
კიდევ ორი თვე გავიდა. ქალაქში შიმშილი გაუსაძლისი გახდა. რომაელებისთვისაც გაუსაძლისი გახდა ალყა, ამიტომ ორივე მხარეს ხელს აძლევდა ბრძოლის დაწყება. მხარეები ბანაკენის წინ დაეწყვნენ და ბრძოლა დაიწყო. რომაელებმა მოახერხეს კართაგენელთა წინა ფლანგის გარღვევა და არეულობა შეიტანეს მათ მწყობრში. ფინიკიელთა უმეტესობა განადგურებულ იქნა, უმცირესობამ თავი ჰერაკლიუმს შეაფარა. კართაგენელთა დანაკარგების შესახებ სხვადასხვა ავტორები სხვადასხვანაერად წერენ, თუმცა ერთი რაც ცხადია, მათ ძალიან მძიმე დანაკარგი განიცადეს. იმავე ღამეს, ჰანიბალი ქალაქში მყოფი ჯარებით ჩუმად გავიდა ქალაქიდან. რომაელებმა გვიან აღმოაჩინეს ეს და უკანა რიგებს დაესხნენ თავს. შემდეგ კი უბრძოლველად აიღეს ქალაქი. აგრიგენტუმის აღების შემდეგ რომში დაბრუნებულმა კონსულებმა ტრიუმფი გადაიხადეს.
ზღვაზე საომარი მოქმედებები
აგრიგენტუმის შემდეგ სიცილიის არაზღვისპირა ქალაქები რომაელთა მხარეს გადავიდნენ, ხოლო ზღვისპირა ქალაქები მხარს კართაგენს უჭერდნენ, ვინაიდან ამ უკანასკნელთ ძლიერი ფლოტი ჰყავდათ და ზღვას უწინდებურად აკონტროლებდნენ. ამის გარდა, კართაგენის ფლოტი თავს იტალიის ზღვისპირა ქალაქებსაც ესხმოდა.ამ გარემოებებმა რომაელები აიძულა ფლოტის მშენებლობა დაეწყოთ. ომის დასაწყისისთვის მათ საერთოდ არ ჰყავდათ საკუთარი გემები და სიცილიაში ჯარების გადასაყვანად ნეაპოლელთა და ტარანტელთა გემებით სარგებლობდნენ.
რომაელებმა განიძრახეს 20 სამგემბანიანი და 100 ხუთგემბანიანი გემების აშენება. საქმეს ისიც ართულებდა, რომ ხუთგემბანიანი გემების მშენებლობა იტალიაში არ იცოდნენ. ახლად აგებული ფლოტის მეთაური გნეუს კორნელიუს სციპიონი გახდა. იგი ფლოტითურთ მესინასკენ გაემართა. მან განიზრახა ლიპარის კუნძულების დაკავება და იქ 16 გემით გაემართა. ამის შესახებ შეიტყო ჰანიბალმა, რომელიც პანორმაში იყო და გაუშვა 20 გემი რომაელებისკენ ბოოდესის მეთაურობით. ღამე ბოოდესმა გნეუს კორნელიუსის გემებს გზა გადაუღობა. რომაელები დანებდნენ და კორნელიუსი ტყვედ ჩავარდა.
ცოტა მოგვიანებით ჰანიბალი თავს ესხმოდა იტალიის სანაპიროებს და რომაულ ფლოტს გადაეყარა. გემების უმეტესობა დაკარგა და თავს ძლივს უშველა.
რომის ფლოტის ახალი მეთაური გაიუს დუილიუსი გახდა. რომაელებმა დაამუშავეს გემის აბორდაჟით აღების ტექნიკა, რათა საზღვაო ბრძოლებში ჩვეული სახმელეთო ბრძოლის მეთოდები გამოეყენებინათ. აბორდაჟულ კაუჭებს ყვავები უწოდეს. სწორედ ასე აღჭურვა დუილიუსმა ფლოტი. კართაგენული ფლოტი ქალაქ მილის მიდამოებში თარეშობდა. რომაული ფლოტი მათკენ გაემართა. გათამამებული კართაგენელები 130 გემით გამოვიდნენ ზღვაში. ისინი საკუთარ უპირატესობაში იმდენად დაჯერებული იყვნენ რომ, პოლიბიუსის ცნობით, არც იცავდნენ საბრძოლო წყობას. რომაელებმა კართაგენელთა ავანგარდი, 30 გემი აიღეს ამ ბრძოლაში, ჰანიბალმა საკუთარი გემი მიატოვა და ნავით გაიქცა. რომაელები კართაგენულ გემებს აბორდაჟით იღებდნენ. საერთო ჯამში, რომაელებმა ხელში 31 გემი ჩაიგდეს, 14 ჩაძირეს, ტყვედ 7 000 აიყვანეს და მოკლეს 3 000.
ჰანიბალი კი დარჩენილი ფლოტით დაბრუნდა კართაგენში, საიდანაც უფრო მრავალრიცხოვანი ჯარით სარდინიაში გადავიდა (ძვ. წ. 258). სარდინიაზე ჰანიბალი რომაელებმა დაამარცხეს, და ამ უკანასკნელმა ფლოტის დაკარგვის შემდეგ თავი კართაგენს შეაფარა, სადაც იგი სიკვდილით დასაჯეს. ხოლო დუილიუსი პირველი მხედართმთავარი გახდა, ვინც ტრიუმფი საზღვაო ბრძოლისთვის მოიპოვა. მას პატივისცემის ნიშნით რომაელებმა მეჩირაღდნე და მესალამურე მიუჩინეს, რომლებიც ქეიფის შემდეგ სახლში აცილებდნენ.
საბრძოლო მოქმედებები სიცილიაში
ზღვაზე გამარჯვებამ რომაელები კიდევ უფრო შეაგულიანა. მათ ეგესტო ალყისგან გაათავისუფლეს და აიღეს მაკელა. რომაელებსა და მათ მოკავშირეებს შორის დავა მოხდა, თუ ვისი დამსახურება იყო მილთან გამარჯვება. ამ დავის გამო მათ ცალ-ცალკე გაშალეს ბანაკები პაროპსა და ტერმას შორის. ჰამილკარი, კართაგენული სახმელეთო ჯარების მხედართმთავარი, მათ მოულოდნელად დაესხა თავს ბანაკის გაშლისას და სხვადასხვა ცნობებით რომაელთა დანაკარგები 4000-დან 6000-მდე იყო.
ძვ. წ. 259 წელს სიცილიაში საომარ მოქმედებებს რომაელთა მხარეს ხელმძღვანელობდნენ კონსულები ლუციუს კორნელიუს სციპიონი და გაიუს აკვილიუს ფლორუსი. კართაგენელებმა აიღეს მაზარა და შეიჭრნენ აღმოსავლეთ სიცილიაში, თუმცა ფლორუსმა ხელი შეუშალა მათ წინსვლას. სციპიონი კი კორსიკაზე საკმაოდ წარმატებულად იბრძოდა. მან ასევე დაამარცხა საზღვაო ბრძოლაში კართაგენელთა ახალი ადმირალი ჰანონი. შემდეგ სციპიონი სარდინიაში გადავიდა, სადაც არანაკლები წარმატებით იბრძოდა და კუნძულის ჩრდილო-დასავლეთი დაიკავა. რომში იგი ტრიუმფით დაბრუნდა.
შემდეგ ძვ. წ. 258 წელს რომაელებმა ახალი კონსულების, ალულუს ატილუს კალატინუსისა და გაიუს სულპიციუს პატერკულუსის მეთაურობით, შეუტიეს პანორმას, სადაც კართაგენელთა ბაზა იყო. კართაგანელებმა ბრძოლა არ მიიღეს, რომაელებს კი არ სურდათ ქალაქის ალყა, ისინი ქალაქ გიპანისკენ გაემართნენ და აიღეს იგი. მათ ასევე ქალაქები მიტისტატი, კამარინა და ენა აიღეს და ლიპარების აღება სცადეს, მაგრამ ჰამილკარმა დაასწრო მათ.
ამასობაში კონსული სულპიციუსი სარდინიაში მოქმედებდა. მას აფრიკაში გადასვლა უნდოდა, მაგრამ ვერ მოახერხა. კართაგენელებმა კუნძულზე ჰანონი გააგზავნეს, მან დაამარცხა რომაელები, და მათ სარდინიაზე დროებით უკან დახევა მოუწიათ.
შემდეგ წელს, რომაულ ფლოტს კონსული გაიუს ატილიუს რეგულუსი მეთაურობდა. იგი სიცილიის ჩრდილოეთ სანაპირო ქალაქ ტინდარისთან იდგა. მისი ბაზის გასწვრივ კართაგენული ფლოტი მიემართებოდა. კონსულმა ბრძანა სასწრაფოდ დადევნებოდნენ წინა გემებს. კართაგენელებმა დაინახეს რომ 10 გემი მათ დაედევნა, როდესაც ძირითადი ძალები პორტიდან არ იყვნენ გამოსული. მათ შემოატრიალეს ფლოტი და ბრძოლა გამართეს. რომაელებმა ფიასკო განიცადეს, კონსულის გემიც კინაღამ მტრის ხელში აღმოჩნდა. ამასობაში დანარჩენი რომაული ფლოტიც მოვიდა შემთხვევის ადგილზე. მათ 10 კართაგენული გემი ჩაძირეს და 8 ხელში ჩაიგდეს. კართაგენელებმა დაიხიეს ლიპარის კუნძულებისკენ. ამ ბრძოლაში გამარჯვებას ორივე მხარე ისაკუთრებდა.
ომის აფრიკაში გადატანა
ამ რიგად, წინა წლების საბრძოლო მოქმედებების შედეგად, რომაელთა უპირატესობა სიცილიაზე ცხადი გახდა. რომაელთა შემდეგი მიზანი უკვე ლიბია იყო. კართაგენელებისთვის ცხადი იყო, რომ, თუ რომაელები ლიბიაში გადმოსხდომას შეძლებდნენ, მაშინ ადგილობრივი მოსახლეობა მათ წინააღმდეგობას არ გაუწევდა, ამიტომ კართაგენელებმა მთელი ყურადღება ზღვაზე გადაიტანეს, რათა რომაელთა აფრიკაში გადმოსვლა არ დაეშვათ.
ეკნომის კონცხთან ბრძოლა
ძვ. წ. 256 წელს სიცილიის სამხრეთ ნაპირებთან, ეკნომის კონცხთან შეხვდნენ რომაული და კართაგენული ფლოტები. რომაელთა ფლოტში 330 გემი იყო, და მათ კონსულები მარკუს ატილიუს რეგულუსი და ლუციუს მანლიუს ვულსონი ხელმძღვანელობდნენ. კართაგენელთა 350 გემიან ფლოტს კი ჰანონი და ჰამილკარი მეთაურობდნენ.
კართაგენული ფლოტი ერთ ხაზად დაეწყო, ხოლო რომაული სოლისებრად. ბრძოლა რომაელებმა დაიწყეს. კართაგენული ცენტრი დაიშალა, რომაელებმა მათ დევნა დაუწყეს, რამაც ფლოტის გაყოფა გამოიწვია. როდესაც რომაული ფლოტის ნაწილებს შორის მანძილი გაიზარდა, ჰამილკარმა კართაგენელებს სიგნალი მისცა და კართაგენული ფლოტი თავს დაესხა წინ მყოფ რომაულ გემებს. კართაგენული ფლოტის მეორე ნაწილმა კი ჰანონის მეთაურობით, შეუტია უკან დარჩენილ რომაულ გემებს. მიუხედავად ამ მდგომარეობისა, რომაელებმა ჯერ ჰამილკარის ფლოტი სძლიეს, ხოლო შემდეგ ჰანონის. ბრძოლის შედეგად რომაელებმა 24 გემი დაკარგეს, ხოლო კართაგენელებმა 30-ზე მეტი, და რომაელებმა 64 გემი ჩაიგდეს ხელში.
ლიბიაში გადასვლა
ბრძოლის შედეგად დაზიანებული გემების შეკეთების შემდეგ, რომაელები ლიბიისკენ გაეშურნენ და ქალაქ ასპიდომისთან გადმოსხდნენ. ალყის შედეგად ქალაქი რომაელთა ხელში გადავიდა. რომიდან მოსული ბრძანების თანახმად ლუციუს მანლიუსი ფლოტით და ნადავლით დაბუნდა რომში. აფრიკაში რომაელთა და კართაგენელთა პირველი შეხვედრა ქალაქ ადისთან მოხდა. რომაელები კართაგენელთა ბანაკს ორი მხრიდან დაესხნენ. რელიეფის გამო კართაგენელებმა მხედრები და სპილოები სათანადოდ ვერ გამოიყენეს. რომაულმა პირველმა ლეგიონმა უკან დაიხია და კართაგენელები დაედევნენ, მაგრამ მდევრებს უკნიდან მეორე ლეგიონმა შეუტია და სასტიკად დამარცხა. კართაგენელებმა 18 000 მოკლული და 5 000 ტყვე დაკარგეს. რომაელებმა გაძარცვეს კართაგენელთა ბანაკი. ამის შემდეგ რაღაც პერიოდი კართაგენელები ვეღარ უწევდნენ რომაელებს წინააღმდეგობას. სხვადასხვა ცნობებით რეგულისმა 74-დან 200-მდე ქალაქი ჩაიგდო ხელში.
ძვ. წ. 255 წელს დაიწყო სამშვიდობო მოლაპარაკებები. რეგულისმა შემდეგი პირობები დააყენა: კართაგენს რომისთვის უნდა გადაეცა სიცილია და სარდინია, არ ეწარმოებინა ომები რომის ნებართვის გარეშე და რომისთვის სამხედრო დახმარება უნდა აღმოეჩინა. კართაგენელები არ დათანხმდნენ ამ პირობებზე და მოლაპარაკებები ჩაიშალა.
ამასობაში კართაგენელთა ჯარებს ბერძენი დაქირავებული ჯარისკაცები შეემატნენ. მათ შორის იყო ლაკონიელი ქსანთიპოსი. იგი სათავეში ჩაუდგა კართაგენელებს და რომაელებს შეებრძოლა ქალაქ ტანეტთან. პოლიბიუსის ცნობებით, კართაგენელებს 12 000 ქვეითი, 4 000 მხედარი და 100 სპილო ჰყავდათ. ბრძოლა ტუნისის ტბასთან დაბლობზე გაიმართა, სადაც კართაგენელებს მაქსიმალურად ეფექტურად შეეძლოთ სპილოების და მხედრების გამოყენება. ბრძოლის ადგილამდე რომაელებს გრძელი მარშის გაკეთება მოუწიათ, თან გზაზე მათ მიმდებარე გორებიდან ქვებს ესვროდნენ. ამიტომ ბრძოლის დაწყებისას ისინი უკვე დაღლილები იყვნენ. რომაელებს იმედი ჰქონდათ რომ სწრაფი იერიშით დააბნევდნენ მტერს.
კართაგენელებმა წინ სპილოები დააყენეს, უკან კი ქვეითები იყვნენ, ფლანგებზე კი მხედრობა და მსუბუქად შეიარაღებული დაქირავებული ჯარები განალაგეს. რომაული წყობა ტრადციული იყო, წინ მსუბუქად შეიარაღებული ქვეითები, უკან მძიმედ შეიარაღებულნი, ფლანგებზე კი ცხენოსნები.
კართაგენულმა მხედრებმა საკმაოდ მალე უკუაქციეს რომაელი მხედრები. მარცხენა ფლაგნის რომაელმა ქვეითებმა დაარტყეს კართაგენულ მარჯვენა ფრთას და უკუაქციეს. რომაელთა პირველი როგები სპილოებმა გადათელეს. ხოლო ვინც სპილოებს გადაურჩა, კართაგენელთა ხელში აღმოჩნდა. რომაული ქვეითების უკანა რიგები კი კართაგენული ცხენოსნების ალყაში აღმოჩნდნენ. კონსული მარკუსი და 500 ლეგიონერი კართაგენელებმა ტყვედ აიყვანეს. რომაული არმიიდან 2000 ჯარისკაცი გადარჩა.
ასე დასრულდა რეგულუსის აფრიკული ექსპედიცია. კართაგენელბმა სასტიკად დასაჯეს რომაელთა მხარეს გადასული ადგილობრივი მოსახლეობა. რომაელებმა გადარჩენილი ჯარისკაცების დასახსნელად ფლოტი გაუშვეს ასპიდისკენ და გადარჩენილი ჯარისკაცებითურთ დაბრუნდნენ სიცილიაში.
კვლავ დაპირისპირება სიცილიაში
კართაგენული ფლოტი ჰასდრუბალის მეთაურობით დაბანაკდა ლილიბეუმთან. კართაგენიდან წამოსული რომაული ფლოტი კი სიცილიის ნაპირებთან ქარიშხალში მოყვა და თითქმის მთლიანად განადგურდა. რომაელებმა 3 თვეში 200 გემი ააშენეს და კონსულების ალულუს ატილუს კალატინუსის და გნეუს კორნელიუს სციპიონ ასინას მეთაურობით სიცილიისგენ გააგზავნეს. ამ ფლოტს ქარიშხალში გადარჩენილებიც შეუერთდნენ და პანორმისკენ გაემართნენ, პანორმა ამ დროისთვის კუნძულზე კართაგენელთა უდიდესი ქალაქი იყო. ალყის და ხანგძლივი ბრძოლის შედეგად რომაელებმა აიღეს ქალაქი. კართაგენელთა ხელში კუნძულის მხოლოდ დასავლეთი ნაწილი დარჩა.
ძვ. წ. 253 - ძვ. წ. 252 წლებში რომაელებმა ისევ სცადეს აფრიკაში გადასხდომა, მაგერამ უშედეგოდ. საბოლოოდ მათი ფლოტი ისევ ქარიშხალმა იმსხვერპლა და მათ დროებით საზღვაო უპირატესობისთვის ბრძოლაზე უარის თქმა მოუწიათ. ამასობაში კი სიცილიაში რომაელები საკმაოდ წარმატებულად იბრძოდნენ.
ძვ. წ. 251 წელს ჰასდრუბალმა ისევ შეუტია პანორმას, სადაც კონსული ლუციუს ცეცილიუს მეტელუსი იყო გამაგრებული. რომაელები ისრებს ესროდნენ სპილოებს, სპილოები უკან გაიქცნენ და არიეს კართაგენელთა რიგები. მხოლოდ ამის შემდეგ შეუტიეს რომაელებმა და ალყაში მოაქციეს კართაგენელთა არმია. კართაგენელთა დანაკარგები სხვადასხვა ავტორებთან სხვადასხვაა. ცეცილიუს მეტელუსი რომში ტრიუმფით დაბრუნდა.
რომაელთა წარუმატებლობა ზღვაზე
ამ გამარჯვებამ რომაელები გაათამამა, მათ თავიდან აღჭურვეს ფლოტი და ძვ. წ. 250 წელს ლილიბეუმის ალყა დაიწყეს. რომაელებს მეთაურობდნენ კონსულები გაიუს ატილიუს რეგულუსი და ლუციუს მანლიუს ვულსონი. რომაელები ორ ბანაკად გაიყვნენ. დრო და დრო რომაელთა და კართაგენელთა შორის პატარა ბრძოლები იმართებოდა. ქალაქი კინაღამ ჩააბარეს შეთქმულმა დაქირავებულმა ჯარებმა, მაგრამ კართაგენელებმა დროულად შეიტყვეს შეთქმულების შესახებ და აღკვეთეს იგი. კართაგენულმა ფლოტმა ატარბალის მეთაურობით გაარღვიეს ალყა და ქალაქში შეიტანეს სურსათი და ფული, თან არმიას ჯარისკაცები შეემატნენ. რომაელები პერმანენტულად ცდილობდნენ ლილიბეუმის ბუხტის გამაგრებას, მაგრამ კართაგენელები დრო და დრო ახერხებდნენ ბლოკადის გარღვევას.
რომაელებმა ქალაქის კედლის აღებაც სცადეს, მაგრამ უშედეგოდ. ქარიშხლით ისარგებლეს კართაგენელებმა და ცეცხლი წაუკიდეს რომაულ ციხეების დასანგრევ მანქანებს. მთელი ტექნიკა განადგურდა. დრეპანიდან კართაგენული მხედრები ხელს უშლიდნენ რომაელებს მოეპოვებინათ საკვები. ბოლობოლო შიმშილისგან რომაელები ჰიერონმა იხსნა, თუმცა ეს არ იყო საკმარისი და რომაელებს ბოლობოლო მოუწიათ ალყის მოხსნა.
ლილიბეუმის ალყის წარუმატებლობის გამო, რომაელებმა გადაწყვიტეს იერიში კართაგენელთა სხვა ფორპოსტზე - დრეპანაზე მიეტანათ. რომაულ ფლოტს პუბლიუს კლავდიუს პულქერი მეთაურობდა. რომაელები 123[10] მიადგნენ დრეპანას. პუბლიუსს უნდოდა კართაგენელებს უეცრად დასხმოდა თავს, მაგრამ არ გამოუვიდა, ატარბალმა მოასწრო ფლოტის გამზადება და პორტიდან გამოყვანა. კართაგენელებმა რომაელები ნაპირისკენ შეავიწროვეს და დაამარცხეს. რომაული ფლოტიდან მხოლოდ 30 გემი გადარჩა, 93 გემი ჩაიძირა. რომაელებმა 8 000 დაკარგეს დაღუპულებით და 20 000 ტყვედ ჩავარდა.
იმავე ძვ. წ. 249 წელს კიდევ ერთი საზღვაო შეტაკება მოხდა ფინტიუმთან. ამ შეტაკების შესახებ სხვადასხვა ისტორიკოსების ცნობები განსხვავდება. პოლიბიუსის თანახმად იგი უშედეგო აღმოჩნდა ორივე მხარისთვის, რომაელები ნაპირზე გადავიდნენ და იქიდან გემებს კატაპულტებით ესროდნენ, ხოლო დიოდორეს თანახმად რომაელები აქაც სასტიკად დამარცხდნენ. ამ უბედურებას რომის დანარჩენი ფლოტის ქარიშხალში დაღუპვაც მიემატა.
ამავე წელს წარუმატებელი კომპანიის გასაუმჯობესებლად რომაელებმა დანიშნეს დიქტატორი ალულუს ატილუს კალატინუსი, იგი ჩავიდა სიცილიაში, მაგრამ საქმეს ვერაფრით ვერ უშველა.
ძვ. წ. 248 წელს სიცილიაში კართაგენელებს უკვე ჰამილკარ ბარკა ხელმძღვანელობდა. მან ჩაახშო დაქირავებულ ჯარებში ამბოხი გადაუხდელი ხელფასების გამო. ამავე წელს ამოიწურა რომსა და სირაკუზას შორის სამშვიდობო ხელშეკრულების ვადა, რომაელებმა სამუდამო სამშვიდობო ხელშეკრულება დადეს ჰიორინემესთან.
249 წლის წარუმატებლობების გამო რომაელებმა უარი თქვეს საზღვაო ბრძოლებზე, მაგრამ კერძო პირები მაინც აშენებდნენ გემებს და აწუხებდნენ აფრიკის სანაპიროებს.
ჰამილკარ ბარკა კი თავს ესხმოდა იტალიის სანაპიროებს. პანორმასთან კი აწუხებდა რომაელ ლეგიონერებს. მთა ერიქსთან ხდებოდა პერიოდულად შეტაკებები, სამი წლის მანძილზე აქ რომაელები და კართაგენელები თითქმის ყოველდღე მართავდნენ შეტაკებებს, მაგრამ გადამწყვეტ ბრძოლამდე საქმე არ მისულა.
სახმელეთო ოპერაციები სიცილიაში
ამ პერიოდში უკვე ორივე სახელმწიფო გამოიფიტა ომისგან, ფინანსური პრობლემები უფრო სახიფათო იყო კართაგენისთვის, ვინაიდან ის დაქირავებულ ჯარებს ეყრდნობოდა. ამრიგად, რომაელთა იმედი რომ ომს სახმელეთო ჯარებით მოიგებენ, არ გამართლდა. კართაგენელებმა სცადეს ეგვიპტისგან აეღოთ სესხი. პტოლემეოსმა ფულის მიცემაზე უარი თქვა, მან სცადა შუამავლობა სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად, მაგრამ უშედეგოდ. ფინანსური სირთულეების გამო კართაგენული ფლოტის აქტივობა საგრძნობლად შემცირდა.
ჰამილკარ ბარკამ აიღო ქალაქი ერექსი. რომაული ჯარი მთაზე იყო განლაგებული, ბარკამ მთის მისადგომები გაამაგრა. პირველ ბრძოლაში რომაელებმა სძლიეს, მაგრამ მეორე ბრძოლაში დამარცხდნენ. ამ ბრძოლებში რომაელებმა გადმოიბირეს გალი დაქირავებული ჯარისკაცები, აქამდე რომაულ არმიაში არ იყო დაქირავების პრაქტიკა.
საზღვაო ომის განახლება და რომის გამარჯვება
სახმელეთო ოპერაციების წარუმატებლობის გამო ძვ. წ. 242 წელს რომში იმ დასკვნამდე მივიდნენ რომ ფლოტის გარეშე გამარჯვება შეუძლებელია. ახალი ფლოტის ასაშენებლად რომის სახელმწიფოს არ ჰქონდა ფული, ამიტომ სენატმა დაავალა მდიდარ მოქალაქეებს საკუთარი ხარჯებით აეშენებინათ ფლოტი, ანაზღაურებას მხოლოდ გამარჯვების შემთხვევაში დაპირდნენ. რომაელებმა ისარგებლეს იმით რომ კართაგენელთა ფლოტი აღარ იდგა ლილიბეუმთან და დრეპანთან, და ზღვიდან ჩაკეტეს ისინი. თუმცა დრეპანის აღება ამჯერადაც ვერ მოახერხეს.
რომაელები დარწმუნდნენ რომ გადამწყვეტი ბრძოლა ზღვაზე უნდა მოხდეს, ამიტომ ისინი საგანგებოდ ავარჯიშებდნენ მეზღვაურებს და ჯარისკაცებს.
კართაგენელებმაც გამოუშვეს ფლოტი ჰანონის მეთაურობით. ჰანონს განზრახული ჰქონდა ჩასულიყო სიცილიაში და შეერთებოდა იქ არსებულ ჯარს, რომელსაც ბარკა ხელმძღვანელობდა. რომის კონსული გაიუს ლუტაციუს კატულუსი მიხვდა ამ განძრახვას და გადაწყვიტა გზა მოეჭრა ჰანონისთვის. ამოცანას ქარიც ართულებდა, მაგრამ კონსულმა რისკი არჩია. დრეპანასგან განსხვავებით, რომაული გემები უკეთესი კონსტრუქციის იყო და პერსონალი ბევრად უკეთ იყო გაწვრთნილი, ხოლო კართაგენელები დატვირთულები მოდიოდნენ, რაც ურთულებდა მათ საქმეს. ამის გარდა, რომაულ გემებზე საუკეთესო ჯარისკაცები იყვნენ, ხოლო კართაგენულზე ახალბედები. ეგატის კუნძულთან რომაელებმა მოუჭრეს კართაგენელებს გზა. წინა წლების მარცხების შემდეგ კართაგენელები ზერელედ უყურებდნენ რომაულ ფლოტს და არ ელოდნენ მათგან სერიოზულ ხიფათს.
ეგატის კუნძულებთან ბრძოლაში კართაგენი სასტიკად დამარცხდა, რომაელებმა 50 გემი ჩაძირეს, 70 გემი და 10 000 ჯარისკაცი ტყვედ ჩაიგდეს[11].
დამარცხების შემდეგ კართაგენელებს აღარ შეეძლოთ სიცილიაში მყოფი არმიის შენახვა, ამიტომ ბარკას განუსაზღვრელი ძალაუფლება მიანიჭეს. ბარკას კი აღარც მატერიალური და აღარც ადამიანური რესურსები არ ჰქონდა რათა გაეგრძელებინა ბრძოლა, ამიტომ ლუტაციუსს გაუგზავნა ელჩები სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის. რომიც უკვე ძალიან გამოფიტული იყო, და დათანხმდა მოლაპარაკებებზე.
სამშვიდობო ხელშეკრულება
ლუტაციუსი და ჰამილკარი შემდეგ პირობებზე შეთანხმდნენ: კართაგენელები უნდა წასულიყვნენ სიცილიიდან, გამოსასყიდის გარეშე გაეთავისუფლებინათ ტყვეები, არ უნდა ეომათ სირაკუზასთან და რომის სხვა მოკავშირეებთან, ამასთან ერთად 20 წლის მანძილზე უნდა გადაეხადათ 2200 ტალანტი ვერცხლი.
რომში სახალხო კრებამ არ მოიწონა ეს პირობები და სიცილიაზე გამოსაძიებლად 10-კაციანი კომისია გაგზავნეს. კომისიამ კონტრიბუციას 1000 ტალანტი მიამატა და გადახდის ვადა 10 წლით შეამცირა, პირობებს კი დაამატა, რომ სიცილიის გარდა რომისთვის უნდა გადაეცათ იტალიასა და სიცილიას შორის მოქცეული სხვა კუნძულებიც. ასე დამთავრდა პირველი პუნიკური ომი. ბარკა გადადგა მხედართმთავრის თანამდებობიდან, ხოლო ლუტაციუსი რომში ტრიუმფით დაბრუნდა.
აპიანე წერს, რომ კართაგენიდან რომში ელჩობა სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის ჩამოვიდა. დელეგაციის შემადგენლობაში იყო ტუნისის ბრძოლის შედეგად დატყვევებული, მარკუს ატილიუს რეგულუსიც. მან გაუმხილა სენატორებს კართაგენის სავალალო მდგომარეობა, და დაარწმუნა ისინი ან გაეგრძელებინათ ომი, ან გაემკაცრებინათ პირობები.
პირველი პუნიკური ომი, რომელიც 24 წელი გრძელდებოდა, პირველი იყო, რომელშიც რომმა აპენინის ნახევარკუნძულის გარეთ ექსპანსია დაიწყო. გამართლდა პიროსის სიტყვები იმის შესახებ, რომ იგი მშვენიერ სარბიელს უტოვებდა რომს და კართაგენს. ეს ორი სახელმწიფო ერთმანეთის უტოლდებოდა სამხედრო ძალით, შესაბამისად, ბრძოლა მძიმე და თანაბარი იყო. რომისთვის გამარჯვება არ იყო ადვილი. ამ გამარჯვებამ რომს უბიძგა გაეგრძელებინა ხმელთაშუა ზღვის კუნძულებზე ექსპანსია, მით უმეტეს რომ მას უკვე შესანიშნავი ფლოტი და საზღვაო ბრძოლების გამოცდილება ჰქონდა. ამრიგად ეს ომი იყო ხმელთაშუა ზღვისპირეთში ჰეგემონიისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი.
იხილეთ აგრეთვე
სქოლიო
- ↑ გოლდსვორთი, გვ.66
- ↑ პოლიბიოსი - ისტორია, 1:7
- ↑ გოლდსვორთი, გვ.67
- ↑ პოლიბიოსი - ისტორია, 1:10
- ↑ გოლდსვორთი, გვ.69
- ↑ პოლიბიოსი - ისტორია, 1:11
- ↑ 7.0 7.1 იოანე ზონარა - შემოკლებული ისტორია
- ↑ ფლორუსი, XVIII, 2
- ↑ დიოდორე სიცილიელი, XXIII წიგნი, 3
- ↑ პოლიბიუსის ცნობებით. დიოდორის ცნობით რომაელები 210 გემით
- ↑ პოლიბიუსის მიხედვით.
ლიტერატურა
რესურსები ინტერნეტში
- Polybius on the First Punic War დაარქივებული 2008-10-16 საიტზე Wayback Machine.