ახალი მსოფლიო წესრიგი (შეთქმულების თეორია)
„ახალი მსოფლიო წესრიგი“ (ლათ. „Novus Ordo Seclorum“; ინგლ. „New World Order“, შემოკლებით „NWO“) — ტერმინი შეთქმულების თეორიაში, რომელიც აღნიშნავს მიზანს ტოტალიტარული, ერთიანი მსოფლიო მმართველობის დამყარებისაკენ[2][3][4][5][6].
შეთქმულების თეორიაში „ახალი მსოფლიო წესრიგის“ შესახებ არსებული საერთო თემის მიხედვით, ფარული ელიტა ამზადებს გლობალურ შეთქმულებას, რათა საბოლოო ჯამში გააკონტროლოს მთელი მსოფლიო — ჩამოაყალიბოს მსოფლიო მმართველობა, მისი მეშვეობით ჩაანაცვლოს სუვერენული სახელმწიფოები და ყოველივე ამას, როგორც კაცობრიობის ისტორიული პროგრესის კულმინაციური პერიოდის საფუძველს, გაუწიოს იდეოლოგიური პროპაგანდა. პოლიტიკასა და ეკონომიკაში მიმდინარე მნიშვნელოვანი პროცესები იმართება უკანონო, და ამასთან, ძალზედ გავლენიანი გაერთიანებების მიერ. მრავალრიცხოვანი ისტორიული და მიმდინარე მოვლენები განიხილება, როგორც ფარულ შეთქმულებათა ეტაპები, საბოლოო მიზანს კი წარმოადგენს მსოფლიო ბატონობა, რაც მიიღწევა ფარულ პოლიტიკურ შეკრებებზე სათანადო გადაწყვეტილებების მიღებით[2][3][4][5][6].
1990-იანი წლების დაწყებამდე, „ახალი მსოფლიო წესრიგის“ კონსპირაცია შეზღუდული იყო ორი ამერიკული „კონტრკულტურით“ — ანტისახელისუფლებო და ფუნდამენტალისტურ-ქრისტიანული, რომელიც დაკავშირებული იყო „მეორედ მოსვლასა“ და ანტიქრისტეს გამოჩენასთან[7]. სკეპტიკოსებს მიაჩნიათ, რომ კონსპირაციული თეორიები „ახალი მსოფლიო წესრიგის“ შესახებ, არა მარტო „აიტაცეს“ სტიგმატიზირებული ცოდნის მაძიებლებმა, არამედ ფართოდ გავრცელდა მასობრივ კულტურაში, რის შედეგადაც დადგა არნახული პერიოდი — მოსახლეობა აქტიურად ემზადება აპოკალიფსისათვის. პოლიტოლოგები აღელვებულები არიან, რადგან ამ მასობრივმა ისტერიამ შესაძლოა დამანგრეველი ზიანი მიაყენოს მსოფლიოს პოლიტიკურ ცხოვრებას[3][5].
ტერმინის ისტორია
XX საუკუნის განმავლობაში, ისეთმა ცნობილმა პოლიტიკოსებმა, როგორებიც არიან ვუდრო უილსონი და უინსტონ ჩერჩილი, მრავალჯერ გამოიყენეს ტერმინი „New World Order“, როგორც მსოფლიოს პოლიტიკური აზროვნების ძირეული ცვლილებისა და ძალთა ბალანსის გამომხატველი ახალი ეპოქა. ეს ეპოქა მათ მიაჩნდათ, როგორც იდეალური შესაძლებლობა, განეხორციელებინათ ჩანაფიქრი — ჩამოეყალიბებინათ მსოფლიო ხელისუფლება, რომელიც მოაგვარებდა გლობალურ პრობლემებს. სწორედ ამ იდეამ უბიძგა პროგრესულ კაცობრიობას ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციების შექმნისაკენ, როგორებიც არიან გაერო, ნატო, ბრეტონ-ვუდსის სისტემა, ვაჭრობისა და ტარიფების გენერალური შეთანხმება. ყოველი მათგანი გათვლილი იყო, როგორც ძალთა ბალანსი ამერიკის შეერთებული შტატების სასარგებლოდ, ასევე სახელმწიფოთა შორის ურთიერთობათა მარეგულირებელი მექანიზმი, რომელიც კაპიტალიზმის სფეროში მშვიდობიან პერიოდს დაამკვიდრებდა. ამასთან, აღნიშნული გაერთიანებები ულტრაკონსერვატების მხრიდან ყოველთვის წარმოადგენდა გარკვეული კრიტიკის საგანს, რომელიც სათავეს იღებს 1930-იანი წლებიდან[8].
კაცობრიობა მიესალმა აღნიშნული საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სისტემების შექმნას, რაც ძირითადად განაპირობა ორმა მსოფლიო ომმა (I და II მსოფლიო ომი), „დემოკრატიული დეფიციტის“ გამო კი შეუძლებელი იყო მორიგი გლობალური შეიარაღებული დაპირისპირების თავიდან აცილება. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია დაარსებულ იქნა 1945 წელს, ამერიკელი ბანკირებისა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ — მხარეები შეთანხმდნენ, რომ გაერო მუდამ დარჩებოდა დამოუკიდებელ, მიუკერძოებელ ორგანიზაციად; შესაბამისად ჩამოყალიბდა მსოფლიო ფედერალისტური მოძრაობა, რომელსაც, ერთი შეხედვით, არაფერი აქვს საერთო „ახალ მსოფლიო წესრიგის“ კონსპირაციულ გაგებასთან[9].
ბრიტანელმა მწერალმა ჰერბერტ უელსმა, მიითვისა ტერმინი „ახალი მსოფლიო წესრიგი“ და განმარტა, როგორც ტექნოკრატული მსოფლიოს და გეგმიური ეკონომიკის სინონიმი[10]. მიუხედავად მისი იდეების პოპულარობისა, საბოლოო ჯამში მათ პროგრესი ვერ განიცადეს, რადგან უელსმა ვერ შეძლო საკუთარი საქმიანობით ინტელიგენციის ყურადღების მიპყრობა, რომელსაც მისეული განმარტების კოორდინირება უნდა მოეხდინა[11].
1947-1957 წლებში არსებული ე.წ „წითელი საფრთხის“ (იგულისხმება კომუნიზმი) პერიოდში, ამერიკელი აგიტატორები (რომლებზეც სერიოზული ზეგავლენა იქონია კანადელი კონსპიროლოგის, უილიამ გაი ქარის ნაშრომებმა) საზოგადოებაში მასობრივად ავრცელებდნენ უსაფუძლო შიშს მასონების, ილუმინატებისა და ებრაელებისადმი, რომლებიც, მათი თქმით, კომუნისტური ინტერნაციონალის კონსპირაციის მამოძრავებელ ძალას წარმოადგენდნენ. „უღმერთო კომუნიზმისაგან“ მომდინარე საშიშროება — ათეისტური და ბიუროკრატიული მსოფლიო მმართველობა დემონიზირებულ იქნა, როგორც „Red Menace“ (წითელი საფრთხე), ამიტომაც იგი აპოკალიფსური მილენარიზმის კონსპირაციის ყურადღების ცენტრში მოექცა. აგიტატორების თქმით, კომუნიზმი სერიოზულ საფრთხეს შეუქმნიდა აშშ-ის პოლიტიკური უფლებების ძირეულ იდეებს. ლიბერალიზმი და პროგრესივიზმი, რომლებიც ქადაგებენ სოციალურ კეთილდღეობას და სახელმწიფოებს სთავაზობენ ურთიერთთანამშრომლობის პროგრამებს, საბოლოო ჯამში მოსახლეობას მიიყვანენ „მსოფლიო კომუნიზმამდე“[12].
მემარჯვენე პროპაგანდისტული ჯგუფები, როგორიცაა, მაგალითად „ჯონ ბირჩის საზოგადოება“, 1960-იანი წლებიდან აქტიურად ავრცელებდნენ კონსპირაციულ თეორიებს — ისინი ირწმუნებოდნენ, რომ, როგორც აშშ-ის, ასევე საბჭოთა კავშირის ხელისუფლება იმართებოდა კორპორაციული ინტერნაციონალისტების (ნეოლიბერალების), ბანკირებისა და კორუმპირებული პოლიტიკოსების მიერ, რომლებიც გაეროს გამოყენებით „ერთიანი მსოფლიო მმართველობის“ („ახალი მსოფლიო წესრიგის“ პერიფრაზი) დამყარებას ისახავენ მიზნად. ამერიკელი მწერალი, მერი დევისონი, სკუთარ წიგნაკში „The Profound Revolution“ (1966), იკვლევს კონსპირაციულ ნიშნებს აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის შექმნის პროცესში (1913). ავტორის მტკიცებით, აღნიშნული სისტემის შემქმნელმა საერთაშორისო ბანკირებმა 1921 წელს ჩამოაყალიბეს საერთაშორისო ურთიერთობათა საბჭო, როგორც ფარული ხელისუფლება. მოგვიანებით, როდესაც მერი დევისონმა საკუთარი წიგნაკი გამოაქვეყნა, მრავალმა მკითხველმა „საერთაშორისო ბანკირები“ მიიღო, როგორც მინიშნება „გლობალური ებრაული საბანკო შეთქმულებისადმი“, რომლის სულისჩამდგმელადაც როტშილდების გვარი მოიაზრება[12].
ტერმინი „ახალი მსოფლიო წესრიგი“ ფარული ელიტის მიერ გამოიყენება, როგორც სახელმწიფო სუვერენიტეტის განადგურების სინონიმი — აღნიშნულს საკუთარ წიგნებში („None Dare Call It Conspiracy“ (1971); „Rockefeller: Campaigning for the New World Order“ (1974); „Say „No!“ to the New World Order“ (1987)) დაბეჯითებით ამტკიცებდა ამერიკელი მწერალი გარი ალენი. კომუნიზმის რღვევის შემდეგ, ულტრამემარჯვენეთა მორიგი „განტევების ვაცი“ გახდა გლობალიზმი, რომელიც კომუნიზმის მსგავსად, „ახალი მსოფლიო წესრიგის“ სასარგებლოდ მოქმედებდა[12].
1990 წლის 11 სექტემბერს, აშშ-ის კონგრესზე, „ახალი მსოფლიო წესრიგისადმი“ მიმართულ გამოსვლაში, ჯორჯ ბუშმა (უფროსი) საზოგადოებას გააცნო საკუთარი მიზნები ცივი ომის დასრულების შემდეგ პოსტ-საბჭოურ სახელმწიფოებთან თანამშრომლობის შესახებ:
დღემდე, მსოფლიო, რომელსაც ჩვენ ვიცნობდით, შეიცვალა — გაიყო ეკლიანი მავთულებითა და ბეტონის კედლებით, კონფლიქტებითა და „ცივი ომით“. ახლა, ჩვენ უკვე შეგვიძლია დავინახოთ მომავალი ახალი მსოფლიო, რომელშიც არსებობს ახალი მსოფლიო წესრიგის სავსებით რეალურია პერსპექტივა. უინსტონ ჩერჩილმა სიტყვებში „მსოფლიო წესრიგი“, იგულისხმა „სამართლიანობის პრინციპები და პატიოსანი თამაში... სუსტის დაცვა ძლიერისაგან...“, მსოფლიო, სადაც გაერთიანებული ერების ორგანიზაცია თავისუფალია „ცივი ომის“ ჩიხისაგან და მზად არის მშვიდად განახორციელოს დამფუძნებელთა ისტორიული ხედვები. მსოფლიო, სადაც თავისუფლებასა და ადამიანთა უფლებების პატივისცემას ყოველი ერი იგრძნობს[13].
„The New York Times“-მა აღნიშნა, რომ პროგრესისტები ახალ მსოფლიო წესრიგს აცხადებდნენ, როგორც აშშ-ის იმპერიალური ზრახვების რეალიზაციის ძირითად საშუალებად, კონსერვატორებმა კი დაიწუნეს უსაფრთხოების ყოველგვარი ღონისძიება და კატეგორიულად გამორიცხეს გაეროს აღორძინების რაიმე პერსპექტივა[14]. ამასთან, ამერიკელმა ჟურნალისტმა ჩიპ ბერლეტმა (რომლის დაკვირვების ძირითად ობიექტს წარმოადგენს აშშ-ის მემარჯვენე მოძრაობა) აღნიშნა:
როდესაც პრეზიდენტმა ბუშმა განაცხადა, რომ აშშ-ის ახალი საგარეო პოლიტიკა ხელს შეუწყობდა ახალი მსოფლიო წესრიგის შექმნას, ამ ფორმულირებამ ელექტრო შოკივით დაუარა მოსახლეობას, რადგან ფრაზა მათ აღიქვეს, როგორც საზარელ ერთიან მსოფლიო მმართველობად „კოლექტივიზაცია“. ზოგიერთმა ქრისტიანმა პრეზიდენტის განცხადება მიიღო, როგორც გაფრთხილება ბოლო ჟამს მსოფლიო ლიდერთა მხრიდან ღალატის შესახებ. ანტიკომუნისტებმა კი დაინახეს აშშ-ის სუვერენიტეტის განადგურებისა და გაეროს მეშვეობით ტირანული კოლექტივიზმის თავს მოხვევის რეალური შესაძლებლობა[12].
ამერიკელი ტელეევაგნელისტი, პეტ რობერტსონი, საკუთარი წიგნით „The New World Order“ (1991), გახდა აშშ-ის უახლესი ისტორიის შესახებ კონსპირაციული თეორიების ყველაზე ცნობილი პოპულარიზატორი. „ახალი მსოფლიო წესრიგი“ — ეს არის ერთი დიდი სპექტაკლი, რომელშიც ფედერალური სარეზერვო სისტემა, საერთაშორისო ურთიერთობათა საბჭო, ბილდერბერგის კლუბი და სამმხრივი კომისია კულისებიდან მართავენ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს, ეტაპობრივად გვიბიძგებენ ერთიანი მსოფლიო მმართველობისადმი, რომელსაც საბოოლოდ სათავეში ჩაუდგება ანტიქრისტე[5].
დროთა განმავლობაში ე.წ „კონსპირაციულმა ტელევიზიებმა“ ფართო აუდიტორიას ეტაპობრივად ჩაუნერგეს სხვადასხვა პოპულარული შეთქმულების თეორიები, რომლებიც დაკავშირებულია „ახალ მსოფლიო წესრიგთან“ — საბოლოო ჯამში კი მივიღეთ ერთგვარი სუბკულტურა. აღნიშნულის მტკიცებულებად ხშირად მოიხსენიება 1993-2002 წლების პოპულარული ტელე-სერიალი „The X-Files“, 1997 წლის ფილმი „Conspiracy Theory“, 1998 წლის ფილმი „The X-Files: Fight the Future“[5].
XXI საუკუნის დასაწყისში, განსაკუთრებით კი 2007-2012 წლის ეკონომიკური კრიზისის პერიოდში მრავალმა პოლიტიკოსმა, მათ შორის გორდონ ბრაუნმა[15] და ჰენრი კისინჯერმა[16], გლობალური ფინანსური სისტემის რეფორმისადმი მიმართულ გამოსვლაში ახსენეს ტერმინი „ახალი მსოფლიო წესრიგი“. აღნიშნულმა განცხადებებმა მხოლოდ ხელი შეუწყვეს „ახალი მსოფლიო წესრიგის“ კონსპირაციზმის გაღვივებას. ასევე აღსანიშნავია, ამერიკელმა პოლიტოლოგმა დიქ მორისმა, „Fox New Channel“-ზე განახცხადა, რომ კონსპიროლოგები, რომელთაც შეშლილებად თვლიან, სინამდვილეში სრულ ჭეშმარიტებას ამბობენ და კაცობრიობას ნამდვილად ელის ერთიანი მსოფლიო მმართველობა[17][18], თუმცა მედია-ჯგუფებმა იგი მრავალგზის გააკრიტიკეს, გამორიცხეს აღნიშნული თეორიის არსებობა და ყოველგვარ აზრს მოკლებულად მიიჩნიეს თეორიის მომხრეთა აგიტაცია[19][20][21][22].
2009 წელს გამოშვებულ იქნა დოკუმენტური ფილმი „New World Order“ — მისი კვლევის საგანია შეთქმულების თეორიები და თეორეტიკოსები (მაგალითად, ალექს ჯონსი - ამერიკელი რადიო-წამყვანი), რომლებიც აქტიურად ცდილობენ შეთქმულთა გამოაშკარავებასა და მხილებას[23]. საბოლოო ჯამში აღნიშნული კონსპირაციული თეორიების საზოგადოებაში გავრცელებამ და პოპულარიზაციამ შექმნა ერთგვარი „ალიანსი“ — მემარჯვენე პოპულისტები (როგორიცაა ალექს ჯონსი) გაერთიანდნენ ამავე იდეოლოგიური მიმართულების მქონე რეპერებთან — „KRS-One“, „Professor Griff“, „Public Enemy“ (ჯგუფი), და „Immortal Technique“, რომლებიც უპირისპირდებიან არსებულ პოლიტიკურ სისტემას[24].
კონსპირაციული თეორიები
არსებობს მთელი რიგი კონსპირაციული თეორიები, რომლებიც პირდაპირ არიან დაკავშირებულნი „ახალ მსოფლიო წესრიგთან“:
ბოლო ჟამი
XIX საუკუნიდან მოყოლებული, „აპოკალიფსური ათასწლეულის“ არაერთი ქრისტიანი ესქატოლოგი სერიოზული სიფრთხილით ეკიდებოდა გლობალურ შეთქმულებათა თემას, რადგან მათი შეხედულებით, აღნიშნული კონსპირაციების საბოლოო მიზანი იყო ტირანული მსოფლიო მმართველობის ჩამოყალიბება, რომელიც წარმოადგენდა ბიბლიურ წინასწარმეტყველებათა აღსრულებას, კერძოდ იგულისხმება ეზეკიელის წინასწარმეტყველება, დანიელის წინასწარმეტყველება და გამოცხადება იოანესი, იგივე „აპოკალიფსი“[25]. ესქატოლოგები ირწმუნებიან, რომ ხალხი, რომელმაც სიმდიდრისა და ძალაუფლების მიზნით სული მიჰყიდა სატანას, იქცნენ უბრალო მარიონეტებად მის ხელში. კაცობრიობა ეტაპობრივად მიდის ტირანული მსოფლიო მმართველობისადმი, რომელსაც ბოლოს სათავეში ჩაუდგება „უწმინდური სამება“ — სატანა, ანტიქრისტე და ცრუ-წინასწარმეტყველი. მრავალი თანამედროვე ქრისტიანულ-კონსპირაციული თეორიის თანახმად, ცრუ-წინასწარმეტყველი იქნება უკანასკნელი რომის პაპი, მეორე ვერსიის თანახმად „ნიუ-ეიჯის“ (იგულისხმება სპირიტულ-რელიგიური და არა მუსიკალური მიმდინარეობა) გურუ, მესამე ვერსიის თანახმად კი ფუნდამენტალისტურ-ქრისტიანული ორგანიზაციის (მაგალითად, „The Fellowship“) ლიდერი. ანტიქრისტე კი აღმოჩნდება ევროპის კავშირის პრეზიდენტი ან გაეროს გენერალური მდივანი[5][25]. რასაკვირველია, ამ თეორიებს ჰყავდა კრიტიკოსები, მათ შორის თვით ქრისტიანთა შორის — 1993 წელს, ისტორიკოსმა ბრიუს ბერონმა საკუთარ სტატიაში გააკრიტიკა კონსპირაციული თეორიები „ბოლო ჟამის“ შესახებ[26]. ასევე აღსანიშნავია გრეგორი კემპის წიგნი: „Selling Fear: Conspiracy Theories and End-Times Paranoia“ (1997)[3]. პიტერ გომესი (ქრისტიანული პროგრესივიზმის წარმომადგენელი) აფრთხილებს ქრისტიანებს, რომ „უწმინდურ სულს“ ქრისტიანობისა და ცრუ-რელიგიათა აღრევით შეუძლია დაამახინჯოს საღვთო წერილი და კაცობრიობის ისტორია[27][28].
მასონები
თავისუფალი მასონები — მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი გაერთიანება (იგივე საძმო), რომელიც XVI—XVII საუკუნეების მიჯნაზე აღმოცენდა ბრიტანეთში. მთელი ამ ხნის განმავლობაში სწორედ მასონთა წინააღმდეგ იყო მიმართული ყველა კონსპირაციული თეორია თუ ბრალდება (რომლის მიხედვითაც, მასონები აკონტროლებდნენ პოლიტიკურ პროცესებს და კაცობრიობა მიჰყავდათ ერთიანი ტოტალიტარული მმართველობისაკენ, რომელიც დაეფუძნებოდა მასონურ პრინციპებსა და ტრადიციებს ან უშუალოდ მასონთა მიერ იქნებოდა მართული)[12].
მასონური სიმბოლიზმისა და რიტუალების ბუნება თავდაპირველად გაიგივებული იყო სატანიზმთან, შემდგომ მასონების სამიზნედ მიიჩნევდნენ რელიგიასა და სახელმწიფოებრიობას, რომელთა განადგურებითაც ისინი ხელში ჩაიგდებდნენ მსოფლიოს მართვის სადავეებს. აღსანიშნავია, რომ შოტლანდიელი მწერლის, ჯონ რობისონის კონსპირაციული თეორიები ფართოდ გავრცელდა და ხელი შეუწყო აშშ-ში ანტიმასონურ „აფეთქებას“[12]. 1980-იან წლებში, ფრანგმა მწერალმა ლეო ტაქსილმა გამოაქვეყნა საკუთარი ნაშრომები, რომლებშიც მასონებს ბრალად სდებდა ლუციფერის, როგორც უმაღლესი არსების თაყვანისცემას. მოგვიანებით ფრანგმა მწერალმა აღიარა, რომ მის „ბრალდებაში“ ყოველივე სიცრუე იყო — მიუხედავად ამ ფაქტისა, კონსპიროლოგებს მაინც მტკიცედ სწამდათ რომ ტაქსილის ბრალდებები სიმართლეს შეესაბამებოდა[29].
კონსპიროლოგთა ნაწილი მიიჩნევს, რომ აშშ-ის დამფუძნებლებმა (ჯორჯ ვაშინგტონი, ბენჯამინ ფრანკლინი) ჩააქსოვეს მასონური სიმბოლიზმი ამერიკულ საზოგადოებაში — კერძოდ, სახელმწიფო ბეჭედზე, ამერიკულ ერთ დოლარიანზე, ვაშინგტონის რუკაზე და ა.შ[5]. შესაბამისად, ამერიკელი მასონები მიიჩნიეს „ბავარიელი ილუმინატების“ მემკვიდრეებად — ისინი იყენებენ ოკულტურ ძალას, რათა წარმატებით დაასრულონ „მასონური ღმერთის“ გეგმა. მასონებს სწამთ, რომ „მსოფლიოს უდიდესმა არქიტექტორმა“ აშშ-ს დააკისრა „დედამიწაზე უფლის სამეფოს“ შექმნა — მასონური მსოფლიო მმართველობა „ახალ იერუსალიმში“, რომელსაც მართავს მასონური „მესია“[30].
თავად მასონები კატეგორიულად უარყოფენ კონსპიროლოგთა ბრალდებებს. მათი თქმით, თავისუფალი მასონობა ქადაგებს რაციონალიზმს, ოკულტური სიმბოლიზმი კი არავითარ განსაკუთრებულ და ზებუნებრივ ძალას არ მოიცავს[31]. გარდა ამისა, ლათინური ფრაზა „Novus Ordo Seclorum“, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო ბეჭდის უკანა მხარეს გაჩნდა 1782 წლიდან, ხოლო ამერიკულ ერთ დოლარინზე 1935 წლიდან, ითარგმნება, როგორც „საუკუნეთა ახალი წყობა“ და მხოლოდ მიანიშნებს იმ პერიოდზე, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები გახდა დამოუკიდებელი სახელმწიფო, კონსპიროლოგები კი მას თარგმნიან, როგორც „ახალი მსოფლიო წესრიგს“. მასონები ამტკიცებენ, რომ მიუხედავად მასონურ მითოლოგიაში სოლომონის ტაძრის განსაკუთრებული მნიშვნელობისა, ისინი არ აპირებენ მის აღდგენას, როგორც ამას კონსპიროლოგები ვარაუდობენ — „აშკარაა, რომ ამ ქმედებამ შესაძლოა მიგვიყვანოს უდიდეს რელიგიურ ომამდე, რომლის მსგავსიც კაცობრიობას ჯერ არ უნახავს“[32]. მიუხედავად ამისა, აღსანიშნავია, რომ მასონებს აქვთ ორგანიზაციები, რომლებიც სარგებლობენ უფლებით, თავიანთ მასონურ ლოჟებში გამართონ პოლიტიკური დისკუსიები.
„Grand Orient de France“-ის (მასონური ორგანიზაცია) მკვლევარი ტრევორ მაკ-კეოუნი:
იმის მტკიცება, რომ „თავისუფალი ქვისმთლელები“ [მასონები] ცდილობენ „მასონური მმართველობის“ დამყარებას, ალოგიკურია — მასონური ლოჟები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან, შესაბამისად იმას, რასაც ერთნი ქადაგებენ, სხვა დამოუკიდებელი მასონური ლოჟები შესაძლოა კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ — ანუ, მათ ერთმანეთისაგან განსხვავებული რწმენა და პრინციპები აქვთ. ტერმინი „მასონური მმართველობა“ ყოველგვარ აზრს მოკლებულია, ვინაიდან თითოეულ მასონურ ლოჟას აქვს თავისებური წარმოდგენა იმის თაობაზე, თუ რას ნიშნავს კარგი ხელისუფლება[33].
ილუმინატები
ილუმინატების ორდენი იყო განმანათლებლობის ეპოქის ფარული საზოგადოება, რომელიც 1776 წლის 1 მაისს ბავარიაში (გერმანია) დააარსა პროფესორმა ადამ ვაისჰაუპტმა. საზოგადოება მოიცავდა სეკულარიზმის, ლიბერალიზმის, რესპუბლიკანიზმის და სხვა მიმდინარეობათა წარმომადგენლებს. 1785 წელს ბავარიის მმართველმა კარლ IV თეოდორმა ორდენის წინააღმდეგ „გაილაშქრა“, საბოლოო ჯამში მისი კამპანია ფარული საზოგადოებების აღკვეთის მიზნით, წარმატებული აღმოჩნდა[34].
XVIII საუკუნის მიწურულს, ჯონ რობისონი და ფრანგი იეზუიტი მღვდელი, აუგუსტინ დე ბარუელი ავრცელებდნენ მოსაზრებას, რომ ილუმინატები „გადაურჩნენ“ დევნას და სწორედ ისინი იდგენენ საფრანგეთის დიდი რევოლუციისა და „ტერორის მმართველობის“ უკან. ილუმინატებს მიაწერდნენ ევროპის „რევოლუციური ტალღის“ აგორებას, რისი მეშვეობითაც ისინი ცდილობდნენ განმანათლებლობის ხანის რადიკალურ იდეათა (ანტიკლერიკალიზმი, ანტიმონარქიზმი, ფემინიზმი) გავრცელებასა და მსოფლიო ნოოკრატიის დამყარებას. ილუმინატთა შეთქმულება — XIX საუკუნის საზოგადოების მაღალი წრეების ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემას წარმოადგენდა, ამ შეთქმულებათა შიშმა კი საბოლოო ჯამში საზოგადოება მიიყვანა 1848 წლის რევოლუციებამდე (ავსტრიის იმპერია, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ვლახეთი და მოლდოვა)[35].
XX საუკუნეში, ფაშიზმის პროპაგანდისტები არა მარტო ავრცელებდნენ ინფრომაციას ილუმინატების შეთქმულების შესახებ, არამედ ამტკიცებდნენ, რომ ილუმინატების ფარული საზოგადოება ემსახურება ებრაულ ელიტას, რომელმაც მისცა ბიძგი ფრანგულ კაპიტალიზმსა და საბჭოთა კომუნიზმს, რათა „დაყოს და იბატონოს“ მთელ მსოფლიოზე. ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ევანგელისტი ჯერალდ ბარტონ უინროდმა და სხვა ფუნდამენტალისტმა ქრისტიანმა თეორეტიკოსებმა (რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ ჰუმანიზმს, მოდერნიზმსა და ლიბერალიზმს) ფართოდ გაავრცელეს ილუმინატთა კონსპირაციები — მათი შეხედულებით, ე.წ „საძმოები“ („თავის ქალა და ძვლები“, „ბოჰემური კლუბი“, საერთაშორისო ურთიერთობათა საბჭო, სამმხრივი კომისია) წარმოადგენენ ილუმინატთა ორგანიზაციებს, რომელთა მეშვეობითაც უნდა დამყარდეს „ახალი მსოფლიო წესრიგი“[5].
„სიონელ ბრძენთა ოქმები“
„სიონელ ბრძენთა ოქმები“ წარმოადგენს ერთგვარ ჩანაწერთა კრებულს, რომელიც პირველად გამოქვეყნდა რუსეთში, 1903 წელს. კრებულის მიხედვით, ებრაულ-მასონური შეთქმულების მონაწილენი მიზნად ისახავენ მსოფლიოზე გაბატონებას — ერთიან მსოფლიო მმართველობას სათავეში ჩაუდგებიან ებრაელები, როგორც „უფლის რჩეული ერი“[36]. აღნიშნული ანტისემიტური კრებული შეიცავს ჯონ რობისონისა და აუგუსტინ დე ბარუელის ნაშრომებში არსებულ ანტიმასონურ აგიტაციას, აკრიტიკებს განმანათლებლურ ლიბერალიზმს. კრებულში განვითარებულია მოსაზრება, რომ როგორც თავისუფალი მასონების, ისე ილუმინატების სათავეში დგანან ებრაელები[12].
ირლანდიელმა ჟურნალისტმა, ფილიპ გრეივსმა, 1921 წელს გაზეთ „The Times“-ში გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც მან განაცხადა, რომ კრებულში არსებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა და მეტიც, საქმე გვქონდა პლაგიატთან. არსებობს ოფიციალური დოკუმენტი, რომლის თანახმადაც, რუსმა ჟურნალისტმა, მატვეი გოლოვინსკიმ კრებულის ტექსტში ჩართო ფრაზები წიგნიდან „Dialogue aux enfers entre Machiavel et Montesquieu“ (XIX საუკუნის სატირული ნაწარმოები, რომელიც მიმართული იყო ნაპოლეონ III-ის წინააღმდეგ)[37].
ანტისემიტური და ანტიმასონური ისტერიის გაღვივების გამო „ოქმებმა“ სათავე დაუდეს მსოფლიო ტოტალიტარული მმართველობის ახალ შეთქმულების თეორიებს, რომლებიც თანამედროვე კონსპირაციულ ლიტერატურაშიც ჩნდებიან. მაგალითად 1982 წლის წიგნის „The Holy Blood and the Holy Grail“ ავტორებმა დაასკვნეს, რომ „ოქმები“ წარმოადგენდა ყველაზე დამაჯერებელ არგუმენტს, რომელიც ადასტურებდა სიონის პრიორატის არსებობასა და მის საქმიანობას. ისინი ადასტურებდნენ, რომ ეს ფარული საზოგადოება მიზნად ისახავდა თეოკრატიული „ევროპის შეერთებული შტატების“ დამყარებას[38]. აღსანიშნავია, რომ სიონის პრიორატი დროთა განმავლობაში ჟურნალისტებმა გამოამჟღავნეს[39], ზოგიერთი ქრისტიანი ესქატოლოგის აზრით, „სიონელ ბრძენთა ოქმები“ ამტკიცებს, რომ სიონის პრიორატი წარმოადგენდა იოანეს გამოცხადებაში არსებულ წინასწარმეტყველებათა აღსრულებას, მეტიც — ის ადასტურებდა ანტიქრისტიანული შეთქმულების არსებობას, რომლის საბოლოო მიზანს წარმოადგენს „ახალი მსოფლიო წესრიგის“ დამყრება[40].
„მრგვალი მაგიდა“
ბრიტანეთის „იმპერიალური საუკუნის“ (1815-1914) დროს, სესილ როდსმა (ინგლისში დაბადებული, სამხრეთ აფრიკელი ბიზნესმენი, პოლიტიკური მოღვაწე) გამოთქვა ფარული საზოგადოების დაფინანსების სურვილი, რაც დაეხმარებოდა საკუთარი მიზნის მიღწევაში:
ფარული საზოგადოების დაარსების, განვითარებისა და გაფართოებისათვის, მის ნამდვილ მიზანსა და ობიექტს უნდა წარმოადგენდეს მთელ მსოფლიოში ბრიტანეთის მმართველობის გაფართოება, ემიგრაციის სისტემის სრულყოფა, ბრიტანეთის მიერ ყველა იმ უცხო ტერიტორიის კოლონიზაცია, რომელზეც შესაძლებელია საარსებო პირობების შექმნა, კერძოდ კი მთელი აფრიკის კონტინენტის, წმინდა მიწის [იერუსალიმი], ევფრატის ხეობის, კვიპროსის, სამხრეთ ამერიკის, წყნარი ოკეანის კუნძულების, ჩინეთისა და იაპონიის სანაპიროების კოლონიზაცია, ამერიკის შეერთებული შტატების გამოცხადება „ბრიტანული იმპერიის“ განუყოფელ ნაწილად, ამ სისტემის „ინაუგურაცია“ პალამენტში და ბოლოს, ისეთი ძალაუფლების შექმნა, რომელიც არ დაუშვებს ომებს და ხელს შეუწყობს კაცობრიობის პროგრესული იდეების განხორციელებას[41].
მოგვიანებით, როდსმა აზრი შეიცვალა და 1902 წელს დააარსა „როდსის სტიპენდია“, რომელიც გადაეცემოდა ოქსფორდის უნივერსიტეტის ამერიკელ, ბრიტანელ და გერმანელ სტუდენტებს. რეალურად ამ ჩანაფიქრის მიზანს წარმოადგენა დიდ სახელწმიფოებს შორის მეგობრული და მშვიდობიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება — აშშ-ის, ბრიტანეთისა და გერმანიის მომავალ ლიდერებს ჩამოუყალიბდებოდათ ერთმანეთის მსგავსი მსოფლმხედველობა[41].
1909 წელს ალფრედ მილნერმა და ლიონელ კერტისმა დააარსეს მოძრაობა „მრგვალი მაგიდა“, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა დიდ ბრიტანეთსა და მის კოლონიებს შორის პოზიციათა დაახლოება. მოგვიანებით, კერტისმა დააარსა საერთაშორისო ურთიერთობათა სამეფო ინსტიტუტი. საკუთარ წიგნში „The Commonwealth of God“ (1938), ლიონელ კერტისი აგიტაციას უწევდა ახალი იმპერიალური ფედერაციის შექმნას[42].
1917 წელს, ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელმა და ფაქტობრივად, არარსებულმა საერთაშორისო ურთიერთობათა საბჭომ დაიწყო თანამშრომლობა ნიუ-იორკის აკადემიკოსებთან, რომელთაც ვუდრო უილსონმა დაავალა აშშ-ის საერთაშორისო პოლიტიკის საკითხების მოწესრიგება. ეს ჯგუფი, რომელიც შედგებოდა ამერიკელი და ბრიტანელი პოლიტიკოსების, იურისტების, ფინანსისტებისა და მეწარმეებისაგან, 1921 წელს საბოლოოდ ჩამოყალიბდა, როგორც საერთაშორისო ურთიერთობათა საბჭო. საბჭოს პირველი პროექტი „Foreign Affairs“ 1922 წელს გამოქვეყნდა კიდეც[43].
1973 წელს, ამერიკელი ბანკირის, დევიდ როკფელერის (რომელიც საერთაშორისო ურთიერთობათა საბჭო-ს თავმჯდომარეობდა) ინიციატივით დაარსდა სამმხრივი კომისია, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა აშშ-ს, ევროპასა და იაპონიას შორის თანამშრომლობის გაღრმავება. ხშირ შემთხვევაში, სამმხრივი კომისია განხილება, როგორც საერთაშორისო ურთიერთობათა საბჭოს ქვე-ორგანიზაცია.
ლარი მაკდონალდი (ჯონ ბირჩის საზოგადოების რიგით მეორე პრეზიდენტი, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრი) გამოეხმაურა გარი ალენის წიგნს „The Rockefeller File“ (1976):
როკფელერები და მათი მოკავშირეები კაპიტალიზმისა და კომუნიზმის შერწყმით მიზნად ისახავენ დაამყარონ ერთიანი მსოფლიო მმართველობა, რომელსაც თავად გააკონტროლებენ... ვგულისხმობ თუ არა შეთქმულებას? დიახ, ვგულისხმობ. დარწმუნებული ვარ, რომ არსებობენ საერთაშორისო მასშტაბის შეთქმულებები, რომელთა უკან წარმოუდგენლად ბოროტი განზრახვების მქონე ძველი თაობის წარმომადგენლები დგანან[44].
2002 წლის მემუარებში, დევიდ როკფელერი წერს:
უკვე საუკუნეზე მეტია, რაც იდეოლოგიური ექტრემისტები „ეჭიდებიან“ ფართოდ გახმაურებულ ინციდენტებს... რათა დაგვადანაშაულონ ჩვენ, როკფელერები, თითქოს ჩვენ ვაკონტროლებთ აშშ-ის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინსტიტუტებს. ზოგს იმისიც კი სჯერა, რომ როკფელერები ფარული საზოგადოების წევრები ვართ, რომელიც ებრძვის ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებს, მოგვიხსენიებენ „ინტერნაციონალისტებად“, თითქოს სხვა შეთქმულებთან ერთად ვცდილობთ შევქმნათ უფრო ინტეგრირებული პოლიტიკურ-ეკონომიკური სტრუქტურა - ერთიანი მსოფლიო, როგორც ამას უწოდებენ. თუკი ყოველივე ზემოაღნიშნული ბრალდებაა, მაშინ მე უდანაშუალო ვარ და ვამაყობ ამით[45].
2007 წლის 13 ნოემბერს, კანადელ ჟურნალისტთან, ბენჯამინ ფულფორდთან ინტერვიუში, დევიდ როკფელერმა განახცადა:
მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენ გვჭირდება ერთიანი მსოფლიო მმართველობა. ჩვენ გვჭირდება მსოფლიო ქვეყნების მმართველები, რომლებიც ითანამშრომლებენ. მე ვერ წარმომიდგენია, რომ შეიძლება არსებობდეს ალბათობა ან თუნდაც სურვილი — გვყავდეს მსოფლიო ხელისუფლება, რომელსაც აირჩევენ მსოფლიოს ერები... არსებობს ადამინთა ჯგუფი, რომელსაც მიაჩნია, რომ მე ვმართავ მსოფლიოს. ვფიქრობ, ისინი ნამდვილი შეშლილები არიან. ეს ბრალდება სრულიად უაზრო და უსაფუძვლოა, ეს არ არის სიმართლე და არასოდეს იქნება, მისი სერიოზულ პრობლემად წარმოჩენა კი უპასუხისმგებლობად მიმაჩნია[46].
„New Age“
ბრიტანელმა ოკულტისტმა და რელიგიურ-სინკრეტული მოძრაობა „ნიუ ეიჯ“-ის ერთ-ერთმა თანადამაარსებელმა, ალისა ბეილმა, 1940 წელს იწინასწარმეტყველა ანტიჰიტლერული კოალიციის გამარჯვება გერმანია-იტალია-იაპონიის კავშირზე (მეორე მსოფლიო ომში) და ახალი პოლიტიკურ-რელიგიური მსოფლიო წესრიგის დამყარება. მსოფლიო მმართველობა ბეილს მიაჩნდა უელსისეული „Open Conspiracy“-ის კულმინაციად, ამასთან იქვე აღნიშნავდა, რომ ეს ყველაფერი სინარქიულ ელფერს ატარებდა — ამზადებდა კაცობრიობას უფლის მეორედ მოსვლისა და „მერწყულის ეპოქის“ დადგომისათვის. ბეილის თანახმად, ადამიანთა გარკვეული ჯგუფი, რომელსაც ეწოდება „დიადი თეთრი საძმო“ (Great White Brotherhood), მუშაობს „შიდა გეგმებზე“, რათა მეთვალყურეობა გაუწიოს „ახალ მსოფლიო წესრიგზე“ გადასვლას, მაგრამ დღესდღეობით, ღნიშნული ჯგუფის წევრების ვინაობა ცნობილია ოკულტიზმით დაკავებულ მეცნიერთა ვიწრო წრისათვის, რომლებიც მათთან კავშირს ტელეპათიის მეშვეობით ამყარებენ[47].
ამერიკელი მწერალი, მერილინ ფერგიუსონი, თავის წიგნში „The Aquarian Conspiracy“ (1980), ნიუ-ეიჯს განიხილავს, როგორც ცრუ-რელიგიას, რომელიც ქრისტიანობას „ახალი მსოფლიო წესრიგით“ ჩაანაცვლებს[48]. სკეპტიკოსების თვლიან, რომ ტერმინი „მოძრაობა ნიუ ეიჯი“ არასწორია და კონსპიროლოგები მას იყენებენ ნებისმიერი ახალი რელიგიური მოძრაობის მიმართ, რომელიც არ არის ფუნდამენტალისტურ-ქრისტიანული. მათი აზრით, ყველაფერს, რაც არ არის ქრისტიანული, კონსპიროლოგები ყოველთვის ჯიუტად მიიჩნევენ ანტიქრისტიანულად[49].
პარადოქსია, რომ 2000 წლიდან დაწყებული, დღემდე, „ახალი მსოფლიო წესრიგის“ პროპაგანდას ახორციელებენ სწორედ „New Age“-ის ოკულტისტები, რომლებიც მიმართავენ სტიგმატიზირებულ ცოდნას — ალტერნატიული მედიცინა, ასტროლოგია, კვანტური ფსიქოლოგია, სპირიტუალიზმი და თეოსოფია[5]. კონსპიროლოგები ამტკიცებენ, რომ გლობალისტები, რომლებიც „ახალი მსოფლიო წესრიგის“ სასარგებლოდ მოქმედებენ, ბოროტად იყენებენ ოკულტიზმს — მაგალითად, 2012 წლის 21 დეკემბერი „ახალი მსოფლიო წესრიგის“ დამყარების თარიღად იყო შერჩეული, რითაც ბოროტად გამოიყენებოდა ბოლო დროს ფართოდ გავრცელებული 2012 წლის „ფენომენი“[5].
„მეოთხე რაიხი“
კონსპიროლოგები ხშირად იყენებ ტერმინს „მეოთხე რაიხი“, როგორც „ახალი მსოფლიო წესრიგის“ სინონიმს, რითაც ხაზს უსვამენ იმ გარემოებას, რომ მსოფლიო ხელისუფლების იდეოლოგია გერმანული „მესამე რაიხის“ მსგავსი იქნება. ამასთან, ზოგიერთი კოსპიროლოგი იყენებს ამერიკელი ჟურნალისტის, ედვინ ბლეკის (ავტორი წიგნისა „Nazi Nexus“) კვლევების შედეგებს, კერძოდ, ზოგიერთი ამერიკული კორპორაცია და საქველმოქმედო ფონდი, რომელთა მონაწილეობამაც სერიოზული როლი ითამაშა მესამე რაიხის ბრძოლისუნარიანობაში, დღესდღეობით მონაწილეობენ შეთქმულებაში, რომლის მიზანია „მეოთხე რაიხის“ აღორძინება. ამერიკელი მწერალი და ჟურნალისტი ჯიმ მარსი თვლის, რომ ზოგიერთმა ყოფილმა ნაცისტმა, რომლებიც გადაურჩნენ ნაცისტური გერმანიის იმპერიის დაცემას და მიიღეს თავშესაფარი ისეთი ორგანიზაციებისაგან, როგორებიცაა ODESSA და Die Spinne, ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომიდან მოყოლებული, ფარულად მუშაობდნენ, რათა ნაციზმის ცალკეული პრინციპები (მილიტარიზმი, იმპერიალიზმი, მოქალაქეთა მასობრივი კონტროლი, კორპორატივიზმი) ფართოდ გაევრცელებინათ მსოფლიოს კულტურულ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში[50].
უცხოპლანეტელთა შემოჭრა
ჯერ კიდევ 1970-იანი წლებიდან, „ახალი მსოფლიო წესრიგის" კონსპირაცია შეიცავდა სხვა პლანეტებიდან თუ პარალელური განზომილებებიდან შემოღწეული უცხო ცივილიზაციების (მაგალითად ე.წ. რუხი უცხოპლანეტელები) არსებობას, რომელთაც საკმაოდ დიდი ადგილი ეკავათ ამერიკელი და ბრიტანელი მწერლების, მილტონ უილიამ კუპერისა და დევიდ აიკის შეთქმულების თეორიებში[5][51].
აღნიშნულ თეორიებში განვითარებულია მოსაზრება იმის შესახებ, რომ უცხოპლანეტელები ჩვენს შორის უკვე მრავალი საუკუნის განმავლობაში არსებობდნენ, მაგრამ ხელისუფლება საზოგადოებას უმალავს მათ ფარულ შემოჭრას და დამკვიდრებას ჩვენს პლანეტაზე. იმპერიალიზმითა და სახეობრივი დისკრიმინაციით მოტივირებული უცხოპლანეტელები დღემდე ფარულად მანიპულირებენ განვითარებებითა და პროგრესული ცვლილებებით ადამიანთა შორის, რათა უფრო ეფექტურად გააკონტროლონ და გამოიყენონ ადამიანისეული რესურსები. ზოგიერთი თეორიის თანახმად, უცხოპლანეტელთა ნაწილმა მიიღო ადამიანთა ფორმა, რათა მარტივად შერწყმოდნენ საზოგადოებას და გაეკონტროლებინათ წამყვანი პოზიციები მსოფლიო სახელმწიფოების ხელისუფალთა რიგებში, კორპორაციებში, რელიგიურ გაერთიანებებში, საბოლოო მიზანს კი წარმოადგენს პლანეტის სრული კონტროლი[52]. მითური ფარული ორგანიზაცია, სახელწოდებით „Majestic 12“ ხშირად წარმოდგენილია, როგორც ფარული ხელისუფლება, რომელიც თანამშრომლობს უცხო ცივილიზაციებთან, ასევე ხელს უწყობს ადამიანთა მოტაცებებს, სანაცვლოდ კი იღებს დახმარებას სამხედრო დანიშნულების მქონე „მფრინავი თეფშების“ განვითარებასა და გამოცდაში (ტესტირების პროცედურა ხორციელდება „ზონა 51“-ში), რათა აშშ-ის სამხედრო ძალებმა სრულ დომინანტურ პოზიციას მიაღწიონ[5].
სკეპტიკოსები, რომლებიც მხარს უჭერენ ფსიქოსოციალურ ჰიპოთეზას ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესახებ, თვლიან, რომ „ახალი მსოფლიო წესრიგისა“ და „ამოუცნობი მფრინავი ობიექტის“ კონსპირაციული თეორიების მსგავსება არა მარტო ბოლო დროს ფართოდ გავრცელებული ხელისუფლებისადმი უნდობლობისა და უცხოპლანეტელთა შესახებ არსებული თეორიების პოპულარობის, არამედ მემარჯვენეთა და უფოლოგისტთა გაერთიანების შედეგია. ბარკუნი აღნიშნავს, რომ თუ კონსპიროლოგების აზრით, დედამიწის გაკონტროლებას აპირებენ უცხოპლანეტელები, გამოდის რომ „ტრადიციული განტევების ვაცის“ (მასონები, ილუმინატები, ებრაელები და ა.შ) როლი ამ შეთქმულებაში კნინდება ან სრულიად გამოირიცხება[5].
„Brave New World“
(„Brave New World“ — რადიკალურად შეცვლილი სამყარო, არსებობა, რომელშიც ტექნოლოგიურ პროგრესს გააჩნია როგორც დადებითი, ისე უარყოფითი შედეგები.)
ანტიმეცნიერებისა და ნეო-ლუდიზმის მომხრე კონსპიროლოგები თავიანთ თეორიებში ყურადღებას ამახვილებენ ტექნოლოგიურ განვითარებებზე. ისინი თვლიან, რომ მოდერნიზმით შეპყრობილი ძალაუფლების გლობალური ელიტა ტრანსჰუმანიზმის მეშვეობით ცდილობს განავითაროს და შემდეგ გამოიყენოს კაცობრიობის ტექნოლოგიური პროგრესი, რათა ჩამოყალიბდეს, როგორც „პოსტ ადამიანთა მმართველი კლასი“. თეორიებში აღწერილ მომავალში მოვლენები იმდენად დიდი ტემპებით განვითარდება, რომ ჩვეულებრივი ადამიანები ვერ შეძლებენ წინასწარ განჭვრიტონ, ან საერთოდ შეიმეცნონ მათ ირგვლივ მიმდინარე ცვლილებების არსი. კონსპიროლოგები შიშობენ, რომ ამ ყველაფრის შედეგი იქნება „დიდებული ახალი მსოფლიოს“ გამოცხადება, როგორც დისტოპია, სადაც „ჩვეულებრივ ადამიანთა“ კლასი გადაშენდება[53].
ამერიკელი სოციოლოგი ჯეიმზ ჰაგსი თვლის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების დამაარსებელთაგან მრავალი გავლენიანი წევრი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ადამიანთა „გაუმჯობესებას“ ტექნოლოგიური მიღწევებით, ამის მაგალითია ჯორჯ ბუშის (უმცროსი) მიერ დაარსებული „პრეზიდენტის ბიოეთიკის საბჭო“ (The President's Council on Bioethics), რომელმაც საერთაშორისო შეთანხმებით აკრძალა ადამიანთა კლონირება და გენეტიკური მანიპულაცია. ის ასევე ამტკიცებს, რომ კონსპიროლოგები ვერ აფასებენ, თუ რეალურად რამდენად შეზღუდულია ტრანსჰუმანური მოძრაობა[54].
მსოფლიო მმართველობის დამყარების შესაძლო ხერხები
არსებობს რამდენიმე შეხედულება იმის თაობაზე, თუ როგორ აპირებენ „ახალი მსოფლიო წესრიგის“ სულის ჩამდგმელნი მის განხორციელებას:
გრადუალიზმი
ჩვეულებრივ, კონსპიროლოგები თვლიან, რომ „ახალი მსოფლიო წესრიგის“ დამყარება მოხდება გრადუალისტური გზის გამოყენებით — ეტაპობრივად და აუჩქარებლად, ეს ყველაფერი კი ჩვენს თვალწინ ხდება:
- აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის დაარსება 1913 წელს;
- ერთა ლიგის დაარსება 1919 წელს;
- საერთაშორისო სავალუტო ფონდის დაარსება 1944 წელს;
- მსოფლიო ბანკის დაარსება 1944 წელს;
- გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დაარსება 1945 წელს;
- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაარსება 1948 წელს;
- ევროპის კავშირის დაარსება 1993 წელს;
- მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის დაარსება 1995 წელს;
- აფრიკის კავშირის ფორმირება 2002 წელს;
- სამხრეთ ამერიკის ერთა კავშირის დაარსება 2008 წელს.
ყოველი მათგანი კი საბოლოო მიზნის მხოლოდ ეტაპს წარმოადგენს[5].
ამერიკელ მემარჯვენე პოპულისტებს შორის გავრცელებული კონსპირაციული თეორიის თანახმად, „ახალი მსოფლიო წესრიგის“ ჩამოყალიბებისაკენ მიმართული შემდეგი ეტაპი იქნება „ჩრდილოეთ ამერიკის კავშირის“ (რომლის წევრებიც იქნებიან ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა და მექსიკა) დაარსება და მისი ვალუტის შემოღება, რომელსაც უკვე მოიხსენიებენ, როგორც „Amero“[55]. თეორიაში ასევე განვითარებულია მოსაზრება იმის შესახებ, რომ საზოგადოებისათვის უცნობი ინტერნაციონალური ელიტა მიზნად ისახავს შეცვალოს აშშ-ის ხელისუფლება ტრანსნაციონალური ხელისუფლებით, ამიტომაც კონსპიროლოგებს სწამთ, რომ კანადას, აშშ-სა და მექსიკას შორის საზღვარი ფარულად იშლება გლობალისტების მიერ, რომელთა საბოლოო მიზანია ჩრდილოეთ ამერიკული სახელმწიფოების ნაციონალური ხელისუფლების ჩანაცვლება ევროპის კავშირის მსგავსი პოლიტიკური კავშირითა და ბიუროკრატიით[56].
სკეპტიკოსების მტკიცებით, ჩრდილოეთ ამერიკული კავშირი არსებობს მხოლოდ წინადადების სახით, რომელსაც შეიძლება წავაწყდეთ აკადემიკური თუ პოლიტიკური შინაარსის სტატიებში და რომელიც ერთი შეხედვით იდეალურია, მაგრამ სინამდვილეში არარეალისტურად უდგება სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ პრობლემებს. აღნიშნულ სტატიათა დიდი ნაწილი დავიწყებას მიეცა, მაგრამ გარკვეული ნაწილი მაინც მოექცა კონსპიროლოგთა ყურადღების ქვეშ და შესაბამისად, ხელი შეუწყო უსაფუძვლო ქსენოფობიის გაღვივებას[56].
2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის შედეგად, 2009 წლის მარტში ჩინეთმა და რუსეთის ფედერაციამ სასწრაფოდ დაიწყეს ახალი საერთაშორისო სარეზერვო ვალუტის განხილვა და გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციამ შესთავაზა საერთაშორისო სავალუტო ფონდის სესხის სპეციალური უფლებების მნიშვნელოვნად გაფართოება. კონსპიროლოგები შიშობენ, რომ აღნიშნული წინადადება რეალურად ემსახურება ერთიანი მსოფლიო ვალუტის შექმნას „ახალი მსოფლიო წესრიგისათვის“[57][58].
პოლიტოლოგები მსჯელობენ, რომ ვინაიდან ნაციონალური ხელისუფალნი და ინსტიტუტები რეალურად არაეფექტურნი არიან კონკრეტული სახელმწიფოების ფარგლებს გარეთ არსებული გლობალური პრობლემების წინააღმდეგ, უხლოეს ათწელეულში რეგიონალიზმი გახდება მთავარი ძალა, რომელიც გულისხმობს ძალაუფლების „კონცენტრირებას“ გარკვეულ რეგიონალურ ცენტრებში: დასავლეთი ევროპა მოექცევა ბრიუსელში, დასავლეთი ნახევარსფერო მოექცევა ვაშინგტონში, აღმოსავლეთი აზია მოექცევა პეკინში, აღმოსავლეთი ევროპა მოექცევა მოსკოვში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია და დიდი ოცეული კი დროთა განმავლობაში ევროკავშირის მსგავსად უფრო გავლენიან ორგანიზაციებად ჩამოყალიბდებიან. ამ შემთხვევაში იბადება კითხვა, თუ როგორ მოახდენენ ურთიერთზემოქმედებას აღნიშნული რეგიონალური ცენტრები[59].
Coup d'état (პუტჩი)
ამერიკელი მემარჯვენე პოპულისტი კონსპიროლოგები თვლიან, რომ „ახალი მსოფლიო წესრიგის“ დამყარება მოხდება ფარული ჯგუფის მიერ ინსცენირებული პუტჩის მეშვეობით, რის შედეგადაც მსოფლიოს ქვეყნები დაექვემდებარებიან ტოტალიტარულ მსოფლიო ხელისუფლებას, რომელსაც გააკონტროლებს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია. ამ სამხედრო გადატრიალების შემდეგ შეჩერდება კონსტიტუციის მოქმედება, გამოცხადდება საომარი მდგომარეობა, სამხედრო მაღალჩინოსნები კი დაინიშნებიან სახელმწიფოს მეთაურებად[60].
თეორეტიკოსები შიშობენ, რომ მოხდება იარაღის ტარების საყოველთაო აკრძალვა, რაც განმტკიცდება კანონმდებლობით, ასევე საგანგებო მდგომარეობის სააგენტოების (როგორიცაა „F.E.M.A“ — Federal Emergency Management Agency) ლტოლვილთა ბანაკები გამოყენებულ იქნება, როგორც საკონცენტრაციო ბანაკები, სადაც სავარაუდო „დისიდენტებს“ მოათავსებენ, რადგან არასათანადო ძალისხმევის გამო ისინი უბრალოდ ვერ შეძლებენ ერთმანეთისაგან გაარჩიონ „ახალი მსოფლიო წესრიგის“ დადგომის რეალური საფრთხეები და უბრალო, პაციფისტი „დისიდენტები“[22].
2000 წლის დადგომამდე, ზოგიერთი სურვივალისტი უსაფუძვლოდ იმედოვნებდა, რომ აღნიშნულ პროცესს მოქმედებაში მოიყვანდა იმ დროისათვის ნაწინასწარმეტყველები საზოგადოებრივი კოლაფსი[61]. კონსპიროლოგებს მტკიცედ სწამთ, რომ 11 სექტემბრის ტერორისტული აქტის (რომელიც მათი შეხედულებით ინსცენირებული იყო აშშ-ის სადაზვერვო სამსახურების მიერ, რათა შეერთებული შტატების ხელისუფლებას „ხელები გახსნოდა“ შიდასახელმწიფოებრივი პოლიტიკური რეპრესიებისა და ახლო აღმოსავლეთში საომარი ოპერაციების განხორციელებისათვის) შემდეგ, კიდევ ერთი, უფრო კატასტროფული ტერორისტული აქტის განხორციელება გამოიწვევს სახელმწიფოებრივი უსაფრთხოების შესახებ პრეზიდენტის დირექტივის (ე.წ „Executive Directive 51“) გამოცემას, რომელიც მიმართული იქნება აშშ-ის პოლიციურ სახელმწიფოდ გადაქცევის პროცესის დასრულებისაკენ[62]. „პუტჩის თეორიისადმი“ სკეპტიკურად განწყობილი პირები თვლიან, რომ მოსალოდნელი სამხედრო გადატრიალების, გაეროს სამხედრო ძალების მიერ ოკუპაციის უსაფუძვლო შიში განპირობებულია „აპოკალიფსური მილენარიზმით“, რომლის თანახმადაც, იდეალიზირებული საზოგადოების (მაგალითად, კონსტიტუციური სახელმწიფო, ჯეფერსონისეული დემოკრატია, „ქრისტიანული ნაცია“, „თეთრი ნაცია“) ჩამოყალიბებას აფერხებს გლობალისტთა და ლიბერალ-ჰუმანისტთა მიერ მოწყობილი შეთქმულებები[12].
მასობრივი მეთვალყურეობა
კონსპიროლოგების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარება ხორციელდება მასობრივი მეთვალყურეობისა და კონტროლის, საქონელზე სპეციალური შტრიხ-კოდის, ე.წ „Universal Product Code“-ის დაწესების, და ბოლო დროს მეტად გავრცელებული RFID-ტეგირებისა თუ ადამიანთა სხეულში მიკროჩიპების იმპლანტირების მეშვეობით[5].
თეორეტიკოსთა მტკიცებით, ხელისუფლება და კორპორაციები ცდილობენ რადიოსიხშირულ იდენტიფიკაციის (RFID — Radio-frequency identification) მეშვეობით თითოეული მოქალაქის ნაბიჯის გაკონტროლებას, როგორც ეს აღწერილია ჯორჯ ორუელის ცნობილ ნაწარმოებში „1984“. ქრისტიანი კონსპიროლოგები თვლიან, რომ ჩიპების იმპლემენტაცია უნდა შეჩერდეს, რადგან მათი მტკიცებით, თანამედროვე მონაცემთა ბაზის, კომუნიკაციების ტექნოლოგიებისა და ინდენტიფიცირების სისტემის შერწყმამ შესაძლებელი გახადა ბიომეტრიული ნიშნის შექმნა, რაც მათი აზრით ძალიან ჰგავს იოანეს გამოცხადებაში (ბიბლიის ბოლო თავი) ნახსენებ „მხეცის ბეჭედს“[5].
2002 წლის იანვარში დაწინაურებული კვლევის პროექტების სააგენტომ (DARPA — Defense Advanced Research Projects Agency) დააარსა ე.წ „IAO“ (Information Awareness Office), რითაც გააერთიანა „DARPA“-ის რამდენიმე პროექტი, რომლებიც მიმართულნი არიან ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებისაკენ, რათა დაცულ იქნას ეროვნული უსაფრთხოება. მასობრივი კრიტიკისა და ნეგატიური დამოკიდებულების გამო, 2003 წელს აშშ-ის კონგრესმა შეწყვიტა მისი დაფინანსება[63]. მასობრივი კრიტიკის საფუძველი იყო თავად ორგანიზაციის ლოგოზე გამოსახული პირამიდა 13 საფეხურით, მის თავზე არსებული „ყოვლის მხედველი თვალი“, რომელიც დედამიწას დაჰყურებს და ლათინური ფრაზა — „Scientia Est Potentia“ (ცოდნა ძალაა). ყოველივე აღნიშნულმა კონსპიროლოგთა ეჭვები კიდევ უფრო გაამძაფრა — თვალი და პირამიდა მასონთა სიმბოლოებად მიიჩნევა[64], შესაბამისად ივარაუდება, რომ XIII საუკუნის ფარული საზოგადოებები კვლავაც არსებობენ და „ახალი მსოფლიო წესრიგის“ დამყარებისაკენ ისწრაფვიან[34][35].
რიჩარდ ლენდსი, ამერიკელი ისტორიკოსი და ბოსტონის უნივერსიტეტში არსებული მილენარიზმის შემსწავლელი ცენტრის („Center for Millennial Studies) დამაარსებელი, თვლის, რომ ახალი ტექნოლოგიების გაჩენა ერთგვარ პანიკას იწვევს. მისი თქმით, 1436 წელს იოჰან გუტენბერგის მიერ საბეჭდი დაზგის შექმნამაც კი აპოკალიფსური მღელვარება გამოიწვია მოსახლეობაში. შტრიხ კოდები, სოციალური უსაფრთხოების ნომერი — ყოველივე ეს მოსახლეობაში ქმნის „ბოლო ჟამის“ მოახლოების საშიშროებას, თუმცა საბოლოო ჯამში ეს მოლოდინი ან ცრუ-განგაშად გამოცხადდება, ან სერიოზულად აღარ აღიქმება მას შემდეგ, რაც მოსახლეობა შეეგუება ტექნოლოგიურ ცვლილებებს[65]. ლიბერტარიანელთა მტკიცებით, მეთვალყურეობის პრივატიზება და მასობრივი კონტროლის სისტემის ზრდა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობაში ჩარევის ლეგიტიმურ საფუძვლებს ქმნის[66], ამასთნ, სკეპტიკოსები თვლიან, რომ მასობრივი მეთვალყურეობა სხვა სახის პრობლემაა და იგი უნდა გამოეყოს „დიდი ძმის“ (ჯორჯ ორუელის „1984“-დან) შესახებ პარანოიას და რელიგიურ ისტერიას ანტიქრისტეს შესახებ[5].
ოკულტიზმი
შეთქმულების თეორიის ქრისტიან კონსპიროლოგებს სჯერათ, რომ არსებობს უძველესი ოკულტური შეთქმულება, დაწყებული გნოსტიციზმით და შემდგომ უკვდავყოფილი მისი მემკვიდრეებით — კაბალისტები, კათარისტები, ტამპლიერები, ჰერმეტისტები, როზენკროიცერები, თავისუფალი მასონები და ილუმინატები — ისინი ცდილობენ დაამხონ ქრისტიანობის ფუძემდებლური იდეები, მის ნაცვლად შემოიღონ ერთიანი მსოფლიო რელიგია და დაამყარონ „ახალი მსოფლიო წესრიგი“, რომელშიც კაცობრიობა ეთაყვანება ანტიქრისტეს[5]. უფრო ფართოდ რომ ითქვას, ისინი ვარაუდობენ, რომ გლობალისტები, რომლებიც ცდილობენ მსოფლიო ბატონობის შექმნას, ოკულტური გზებით იმართებიან დემონების, დაცემული ანგელოზებისა და ლუციფერის მიერ. მათ სჯერათ, რომ ზემოაღნიშნული შეთქმულები იყენებენ ოკულტურ მეცნიერებებს (ნუმეროლოგია), სიმბოლოებს, რიტუალებს, რათა დაამყარონ მსოფლიო ბატონობა[5].
მაგალითისათვის, 1979 წელს, აშშ-ის შტატ ჯორჯიაში, უცნობი ქველმოქმედის ინიციატივით აიგო გიგანტური გრანიტის მეგალითები, რომლებიც გამოიყენებოდა როგორც საათი, კომპასი და კალენდარი. ამ მონუმენტზე აღბეჭდილია სხვადასხვა ენაზე შესრულებული 10 “მითითება“, რომლებითაც სავარაუდოდ უნდა იხელმძღვანელონ ბოლო ჟამს გადარჩენილმა ადამიანებმა, რათა შექმნან უფრო განათლებული და მტკიცე ცივილიზაცია. მონუმენტზე მოცემულია შემდეგი მითითებები:
- მოსახლეობის რაოდენობა არასოდეს არ უნდა აღემატებოდეს 500,000,000-ს, რათა მუდმივი ბალანსი იყოს ბუნებასთან;
- გონივრულად არეგულირეთ შობადობა, რათა აამაღლოთ ცხოვრებისადმი შეწყობის, შეგუების ღირებულება და კაცობრიობის მრავალფეროვნება;
- მოძებნეთ ერთი ენა, რომელიც გააერთიანებს კაცობრიობას;
- გამოიჩინეთ შემწყნარებლობა გრძნობების, რწმენის, ტრადიციების მიმართ;
- დაე სამართლიანმა კანონებმა და მიუკერძოებელმა სასამართლომ დაიცვას ხალხები და ერები;
- დაე ყოველმა სახელმწიფომ თავად მოაგვაროს შიდა ურთიერთობები, საერთაშორისო სასამართლოში კი წარმოაჩინოს საყოველთაო პრობლემები;
- ერიდეთ უმნიშვნელო სასამართლო დავებს და უსარგებლო სახელმწიფო პირებს;
- შეინარჩუნეთ წონასწორობა პირად უფლებებსა და საზოგადოებრივ ვალდებულებებს შორის;
- უპირველეს ყოვლისა დააფასეთ სიმართლე, სილამაზე და სიყვარული, ესწრაფეთ უსასრულობასთან ჰარმონიას;
- ნუ იქნებით სიმსივნე დედამიწისათვის, იზრუნეთ ბუნებაზე.
კონსპიროლოგთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მათ საქმე აქვთ ახალ, ანტიქრისტიანულ „ათ მცნებასთან“. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მონუმენტი რამდენიმე საუკუნეა არსებობს, ამიტომ გამორიცხული არ არის, ავტორის განზრახვა დღეს მოსახლეობამ არასწორად მიიღოს და მის შესახებ მცდარი წარმოდგენა შეექმნას[67].
დემოგრაფიული კონტროლი
კონსპიროლოგები თვლიან, რომ მსოფლიო ბატონობა ასევე დამყარდება მოსახლეობის შობადობის კონტროლით, რათა უფრო მარტივად განახორციელონ ადამიანთა მოქმედებებზე მეთვალყურეობა[5]. მოსახლეობის რაოდენობის ზრდის შეჩერება ძირითადად ხორციელდება სექსუალური ჯანმრთელობისა და ოჯახის დაგეგმარების პროგრამების მეშვეობით — ისინი მოუწოდებენ მოსახლეობას აბსტინენციის, კონტრაცეფციისა და აბორტისაკენ, ან განზრახ, პირდაპირ ამცირებენ მოსახლეობას გენოციდის მეშვეობით, უსარგებლო ომებით, ეპიდემიებით, ვირუსებით, ვაქცინებით, ბუნებრივი კატაკლიზმებით, რომლებსაც რეალურად განგებ იწვევენ HAARP-ის (High Frequency Active Auroral Research Program) მეშვეობით და ა.შ. სკეპტიკოსების აზრით, მოსახლეობის რაოდენობის ზრდის კონტროლის შიში შეიმჩნეოდა ჯერ კიდევ 1940-1950-იან წლებში, ე.წ „მეორე წითელი საფრთხის“ (კომუნიზმი) დროს, როდესაც მემარჯვენე ფრთის წარმომადგენლები რუტინულად ეწინააღმდეგებოდნენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამებს, წყლის ფტორირებას, მასობრივ ვაქცინაციას, რითაც ამტკიცებდნენ, რომ ისინი იყვნენ იმ სისტემის ნაწილი, რომელიც ცდილობდა კომუნისტური რეჟიმის დამყარებას აშშ-ში. მათ შეხედულებებზე სერიოზული ზეგავლენა მოახდინა ოპოზიციამ იმ უმნიშვნელოვანესი სოციალური და პოლიტიკური მოვლენემისადმი, რომლებიც მოხდა უკანასკნელი წლების განმავლობაში: ინტერნაციონალიზმის, განსაკუთრებით კი გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და მისი პროგრამების ზრდა; სოციალური კეთილდღეობის უზრუნველყოფა, კერძოდ, „რუზველტის ახალი კურსის“ მეშვეობით შექმნილი სხვადასხვა პროგრამები; სახელმწიფოს მიერ აშშ-ის სოციალურ სტრუქტურებს შორის უთანასწორობის აღმოფხვრა[68].
გონების კონტროლი
კრიტიკოსთა ნაწილი სახელმწიფოს, კორპორაციებსა და მასობრივ მედიას ადანაშაულებს მომეტებულ სოციალურ კონტროლში, ისინი შიშობენ რომ „ახალი მსოფლიო წესრიგის“ დამყარება მოხდება გონების კონტროლის გზით — არსებობს ფართო სპექტრი ისეთი საშუალებებისა, რომელთაც შეუძლიათ ადამიანთა მიერ თავიანთი ფიქრების, მოქმედებების, ემოციებისა და გადაწყვეტილებების კონტროლის მოშლა. ასეთ საშუალებებად მიიჩნევა: პროექტი „MK Ultra“; პროექტი „Monarch“; ფსიქოლოგიური ოპერაციები, როგორიცაა წყლის ფტორირება, სუბლიმაციური რეკლამები, მიკროტალღური სმენითი ეფექტი ("Silent Sound Spread Spectrum") და ამ ეფექტის გამომწვევი იარაღი „MEDUSA“; პარაფსიქოლოგიური ოპერაციები („Stargate Project“) მასებზე ზემოქმედებისათვის[69].
სკეპტიკოსტა მტკიცებით, გონების კონტროლის, მოსახლეობის რაოდენობის ზრდისა და შობადობის კონტროლის, ოკულტიზმის, მასობრივი მეთვალყურეობის, „დიდი ბიზნესის“, მსოფლიო ხელისუფლების და გლობალიზაციის აკვიატებული შიში კონსპიროლოგთა მხრიდან განპირობებულია 2 ფაქტორის ერთდროული არსებობით: 1) მოჭარბებული ინდივიდუალიზმი და 2) ძალაუფლების ნაკლებობა. პირველი ფაქტორი ეხება ისეთ ადამიანებს, რომლებიც ზრუნავენ პირად უფლებაზე, გააკეთონ საკუთარი არჩევანი და სურვილისამებრ, პირად ცხოვრებაში ჩარევისა და ფართო სისტემებისადმი (როგორიცაა სახელმწიფო) ვალდებულებებისაგან თავისუფლად წარმართონ თავიანთი ცხოვრება, მაგრამ ერთ პიროვნებაში ამ ფაქტორისა და საკუთარი უძლურების შეგრძნების გაერთიანება იწვევს მუდმივ ღელვას პირადი ავტონომიურობის დაკარგვის გამო. როდესაც ადამიანები გრძნობენ, რომ მათ არ შეუძლიათ თავიანთ დამოუკიდებლობის „დემონსტრირება“, ისინი განიცდიან კრიზისს და თვლიან, რომ უფრო დიდმა ძალებმა მოახდინეს მათი თავისუფლების უზურპაცია[70][71].
სავარაუდო შეთქმულები
საზოგადოების დიდ ნაწილს სჯერა, რომ მსოფლიოს კულისებიდან მართავს შეთქმულთა გავლენიანი ელიტა (კრიპტოკრატია) — მცირე საიდუმლო ჯგუფი, რომელიც მიზნად ისახავს შეცვალოს მმართველობის არსებული სისტემები და ყოველი სახელმწიფო დაუქვემდებაროს მსოფლიო ხელისუფლებას. წარსულში შეთქმულებად მოიხსენიებდნენ კომუნისტებს, რომელთაც სურდათ მსოფლიო კომუნიზმის დამყარება, თუმცა 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლამ აღნიშნულ თეორიას ბოლო მოუღო. ამის შემდეგ კონსპიროლოგებმა ყურადღება გადაიტანეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაზე, როგორც „ახალი მსოფლიო წესრიგის“ მთავარ მამოძრავებელ ძალაზე[72].
პოლიტოლოგი დევიდ როტკოფი, საკუთარ წიგნში („Superclass: The Global Power Elite and the World They Are Making“ — (2008)) ამტკიცებს, რომ მსოფლიოს 7 მილიარდიან მოსახლეობას აკონტროლებს ფარული ელიტა, რომლის წევრთა რაოდენობა 6000-ს არ აღემატება. XX საუკუნემდე მსოფლიოს ყველაზე გავლენიან სახელმწიფოთა მმართველებმა ინტერნაციონალური მოძრაობების ორგანიზატორთა (როკფელერებისა და როტშილდების გვარი) და ხელმძღვანელთა (კათოლიკური ეკლესია და რომის პაპი) თანადგომით ჩამოაყალიბეს გლობალური ელიტა. როტკოფის თანახმად, XXI საუკუნის დასაწყისში მოხდა საერთაშორისო ვაჭრობის, მოგზაურობის, კომუნიკაციების გაფართოება, ცალკეული სახელმწიფოების ძალაუფლების შესუსტება; გლობალური ბიზნესის, ფინანსური თუ თავდაცვითი ინდუსტრიის ლიდერებმა არა მხოლოდ დააწინაურეს გლობალური ელიტა, არამედ თავისუფლად შეაღწიეს სახელმწიფოთა ხელისუფლების “მაღალ ეშელონებში“. მისი მტკიცებით, გლობალური ელიტის ზეგავლენა ნაციონალურ პოლიტიკაზე საკმაოდ კონსტრუქციულია, თუმცა ყოველთვის პირად ინტერესზეა გათვლილი[73].
კონსპიროლოგები თვლიან, რომ „უმაღლესი კლასის“ ოჯახებმა დააფუძნეს და დააფინანსეს ისეთ საზოგადოებები, როგორებიცაა: ბილდერბერგის კლუბი, ბოჰემური კლუბი, რომის კლუბი, საერთაშორისო ურთიერთობათა საბჭო, თავის ქალა და ძვლები, სამმხრივი კომისია და სხვა მსგავსი გაერთიანებები, რომლებიც ილუმინატების იდეოლოგიის გამგრძელებლებად მიიჩნევიან და შეთქმულების მეშვეობით ცდილობენ დაამყარონ ტოტალიტარული მსოფლიო წესრიგი, რომელსაც გააკონტროლებს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და საერთაშორისო ანგარიშსწორებათა ბანკი, რისთვისაც გამოყენებულ იქნება მოსახლეობის მასობრივი მეთვალყურეობა, სახელმწიფოებრივი ტერორიზმი, მასობრივი საინფორმაციის საშუალებების კონტროლი. ყოველისმომცველი პროპაგანდით ჩამოაყალიბდება კულისებიდან მართული „მსოფლიო ლიდერის“ კულტი, რომელიც მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, ჩამოაყალიბონ მსოფლიო ხელისუფლება, როგორც კაცობრიობის ისტორიის პროგრესის კულმინაცია[5].
მარქსისტები არ ეთანხმებიან მემარჯვენე პოპულისტი კონსპიროლოგების მოსაზრებებს, ამასთან, მიაჩნიათ, რომ გლობალური ელიტა მიზნად ისახავს ჩამოაყალიბოს პლუტოკრატია, სადაც იბატონებს ნეოლიბერალიზმი და ნეოკონსერვატიზმი, სათავე დაედება გლობალურ კაპიტალიზმს, რათა მაქსიმალურად იქნას დაცული ტრანსნაციონალური კორპორაციების ინტერესები[74].
ამერიკელი ლინგვისტი, პოლიტოლოგი და ფილოსოფოსი ნოამ ჩომსკი (ავტორი წიგნისა „World Orders Old and New“) „ახალ მსოფლიო წესრიგს“ ხშირად ადარებს ცივი ომის შემდგომ პერიოდს, როდესაც ბრძანებებს გასცემდა „ახალი მსოფლიო“. ნატოს მიერ (მონაწილეობა მიიღო აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ, ბელგიამ, საფრანგეთმა, გერმანიამ, იტალიამ, ესპანეთმა, თურქეთმა, დანიამ, ნორვეგიამ, პორტუგალიამ, ნიდერლანდებმა) სერბეთის (ყოფილი იუგოსლავია) დაბომბვას ჩომსკი შემდეგნაირად გამოეხმაურა:
ამ თავდასხმების მიზანი არის მთავარი იმპერიალისტური ძალების წამყვანი როლის წარმოჩენა, ამერიკის შეერთებული შტატებისა კი, როგორც საერთაშორისო ურთიერთობების უდავო „არბიტრის“. სწორედ ეს არის „ახალი მსოფლიო წესრიგი“ — საერთაშორისო რეჟიმი, რომლისთვისაც დამახასიათებელია მუდმივი ზეწოლა და ძლევამოსილი კაპიტალისტური სახელმწიფოების მიერ სუსტი სახელმწიფოების დაშინება[75].
კრიტიკა
სკეპტიკოსები „ახალი მსოფლიო წესრიგის“ თეორიის მომხრეებს ბრალს სდებენ მცდარი დასკვნების ფართოდ გავრცელებაში, თითქოს კაცობრიობის ისტორიაში მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენები უთუოდ ავისმომასწავებელია. კონსპირაციზმი — ეს არის მსოფლმხედველობა, სადაც ისტორიულ მოვლენათა გამოაშკარავებაში ცენტრალური ადგილი უკავიათ შეთქმულების თეორიებს და არა სოციალურ თუ ეკონომიკურ ძალებს.
ამერიკელი პროფესორი, ფსიქოლოგი და სოციოლოგი, ჯორჯ უილიამ დომჰოფი, შეისწავლა რა „ძალაუფლების თეორია“, 2005 წელს საკუთარ წიგნში „There Are No Conspiracies“ წერს:
არსებობს რამდენიმე პრობლემა კონსპირაციულ მსოფლმხედველობასთან დაკავშირებით, რომელიც არ შეესებამება ძალაუფლების სტრუქტურების შესახებ არსებულ ინფორმაციას, პირველი — თეორიის თანახმად, მატერიალურად შეძლებულ და მეტად განსწავლულ ადამიანთა მცირე ჯგუფი მიისწრაფვის ძალაუფლებისაკენ, რისთვისაც აკეთებენ ისეთ რაღაცებს, რაც არ შეესაბამება იმ როლებს, რომლებიც მათ სავარაუდოდ უნდა ჰქონდეთ. მდიდარი კაპიტალისტები ცდილობენ დაამყარონ ახალი მსოფლიო წესრიგი, არჩეული სახელმწიფო პირები ცდილობენ შეაჩერონ კონსტიტუციის მოქმედება, რითაც შეძლებენ მიმართონ დიქტატურას — ასეთი ტიპის ეჭვები მუდამ არსებობდა, თუმცა მიუხედავად იმის მტკიცებისა, რომ „ამჯერად ეს ნამდვილად მოხდება“, რეალურად არც არაფერი ხდებოდა. ყოველივე აღნიშნული ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ სახელმწიფო პირები მოქმედებენ უბრალო, ადამიანური მოტივებით, როგორიცაა, მაგალითად, მატერიალური სარგებლის მიღება. რა თქმა უნდა მათ სურთ, რაც შეიძლება „დიდი ფული გააკეთონ“ და მუდამ ფართო მასების მიერ იყონ არჩეულნი, ყოველივე ამის სურვილმა კი მათ შესაძლოა არც თუ მოსაწონი ქმედებები განახორციელებინოს, მაგრამ არა იმ დონემდე რომ შექმნან ერთიანი მსოფლიო ხელისუფლება ან შეაჩერონ კონსტიტუციის მოქმედება[72].
საერთაშორისო ურთიერთობათა ჟურნალ „Diplomatic Courier“-ის რედაქტორი მარკ პეტრიჯი 2008 წლის სტატიაში „One World Government: Conspiracy Theory or Inevitable Future?“ წერს:
ვფიქრობ, რომ „გლობალური ხელისუფლება“ კიდევ 200 წელიწადი არ გვემუქრება, ერთი რამის გამო — ნაციონალიზმი, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება გლობალიზმს, აღმავლობას განიცდის. მსოფლიო ლიდერთა და ჩვეულებრივ მოსახლეთა ნაწილი აღშფოთებულია ვაშინგტონის ქედმაღლობითა და მედიდურობით, რომელიც დამახასიათებელია აშშ-ის უნიპოლარიზმის 20 წლის განმავლობაში. რუსეთი თავიდან ჩამოყალიბდა როგორც ზესახელმწიფო, ამასობაში კი უგო ჩავესმა გაამძაფრა მოსახლეობის განწყობა საკუთარი ანტი-ამერიკული რიტორიკით. აღსანიშნავია, რომ გლობალური მმართველობის ჩამოყალიბების მცდელობები აშკარად წარუმატებელია. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის დოჰას მოლაპარაკებათა რაუნდი „მოკვდა“, კიოტოს ოქმიც წარუმატებელი აღმოჩნდა. გაერომ ვერ შეძლო შეეჩერებინა აშშ-ის შეჭრა ერაყში, გენოციდი დარფურის რეგიონში, ირანის მხრიდან ურანის გამდიდრება[59].
მარქსისტები უარყოფენ შეთქმულების თეორიებს, განსაკუთრებით კი „ახალი მსოფლიო წესრიგის“ თეორიას, რადგან ის ქმნის „ცრუ შეგნებას“[74], მათი მტკიცებით:
შეთქმულების “თეორიები“ არ შეიცავენ რაიმე სარწმუნო ანალიზს იმ სისტემისა, რომელიც ყოველდღე მილიარდობით ადამიანს ჩაგრავს. ისინი არ ასახელებენ იმპერიალიზმსა და კაპიტალიზმს, როგორც მთავარ პრობლემებს, ამის ნაცვლად საზოგადოებრივ პრობლემებს მიაწერენ იმპერიალისტურ სახელმწიფოთა ცალკეულ ლიდერებს, რომლებიც მეტ ნაკლებად მაღლა დგანან იმ სისტემაზე, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ. ასეთი ტიპის „თეორიები“ არა მხოლოდ ყალბი და ანტი-მარქსისტულია — ისინი არ აძლევენ ხალხს იმის საშუალებას, რომ თავიანთი რისხვა და სიძულვილი მიმართონ უშუალოდ სისტემისადმი, რომელიც მსოფლიოში არსებული პრობლემის უკან დგას[74].
ამერიკელი პროფესორი, რიჩარდ ჰაგსი თავის სტატიაში „Revelation, Revolutions, and the Tyrannical New World Order“ წერს:
... ამ საერთო სურათის მთავარი ელემენტი არის ანტიქრისტეს პიროვნება, რომელიც შთააგონებს და მართავს ახალ მსოფლიო წესრიგს... წლების განმავლობაში თეოლოგები თვლიდნენ, რომ ანტიქრისტე იყო საბჭოთა კავშირი, თუმცა 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ დარწმუნდნენ, რომ ანტიქრისტეს საერთო უფრო არაბულ სამყაროსა და ისლამთან უნდა ჰქონოდა, შესაბამისად ეს თეოლოგები თვლიან, რომ ისლამი ტირანული მსოფლიო მმართველობის მამოძრავებელი ძალაა. სწორედ აქედან ვასკვნით, თუ საიდან გააჩნია „ახალი მსოფლიო წესრიგის“ იდეას ასეთი დიდი პოტენციალი, რომ პოლიტიკოსები აშკარად არასწორი მიმართულებით მიჰყავს, ეს აღტაცებული თეოლოგები კი, რასაკვირველია, მიესალმებიან ისლამური სამყაროს წინააღმდეგ ომს. როგორც ბილ მოიერსმა თქვა, „ისლამთან ომი ახლო აღმოსავლეთში არათუ საშიში, პირიქით, მისასალმებელია — როგორც აუცილებელი „ხანძარი“ თავისუფლებისაკენ მიმავალ გზაზე“. მეტიც, თეოლოგები კოოპტირებას უწევენ ამერიკის შეერთებულ შტატებს, როგორც მათი ხედვის განხორციელების იარაღს — მას ღმერთი გამოიყენებს, რათა დაამარცხოს ანტიქრისტე და სამართლიანობის მტრები. სწორედ ამიტომ უჭერდა მხარს ტიმ ლაჰეი აშშ-ის მიერ ერაყის ოკუპაციას. უფრო მეტად შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ თეოლოგები მხარს უჭერენ ამ მიზნით ბირთვული იარაღის გამოყენებას. ისინი მუდამ თვლიდნენ, რომ ბოლო ჟამს, არმაგედონის ბრძოლაში ღმერთი გაანადგურებს მის მტრებს, მაგრამ მეორე მსოფლიო ომიდან მოყოლებული, ისინი უფრო და უფრო მეტად აიგივებენ არმაგედონს ბირთვულ იარაღთან, შესაბამისად გარდაუვლად მიიჩნევენ მის გამოყენებას[25].
„ქრისტიან პატრიოტთა მოძრაობის“ მიმართ დევიდ აიკმა განაცხადა:
არ ვიცი, რა უფრო არ მომწონს, მსოფლიო, რომელსაც გააკონტროლებს საძმო [იგულისხმა ე.წ „ბაბილონური საძმო“], თუ მსოფლიო, რომლითაც თქვენ გსურთ ამ უკანასკნელის ჩანაცვლება[5].
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა
- Matthew N. Lyons (2000). „Right-Wing Populism in America: Too Close for Comfort“.
- Gregory S. Camp (1997). „Selling Fear: Conspiracy Theories and End-Times Paranoia“.
- Robert Alan Goldberg (2001). „Enemies Within: The Culture of Conspiracy in Modern America“.
- Michael Barkun (2003). „A Culture of Conspiracy: Apocalyptic Visions in Contemporary America“.
- Mark Fenster (2008). „Conspiracy Theories: Secrecy and Power in American Culture“.
- Patrick J. Buchanan (1999). „A Republic, Not an Empire: Reclaiming America's Destiny“.
- J. Hughes (1991). „Better Living Through World Government: Transnationalism as 21st Century Socialism“. ციტირების თარიღი: 2013-02-06. დაარქივებული 2013-12-31 საიტზე Wayback Machine.
- H. G. Wells (1940). „The New World Order“. ციტირების თარიღი: 2013-02-06. დაარქივებული 2013-01-15 საიტზე Wayback Machine.
- H. G. Wells (2006). „The Open Conspiracy“.
- Walter W. Wagar (1997). H. G. Wells and the World State.
- Chip Berlet (1998). „Dances with Devils: How Apocalyptic and Millennialist Themes Influence Right Wing Scapegoating and Conspiracism“.
- George Romero (2011). „The Rescue“.
- Peter J. Gomes (1996). „The Good Book: Reading the Bible with Mind and Heart“.
- Paul Coughlin (1999). „Secrets, Plots & Hidden Agendas: What You Don't Know About Conspiracy Theories“.
- Arturo De Hoyos (2010). „Is It True What They Say about Freemasonry?“.
- John Spargo (1921). „The Jew and American Ideals“. [მკვდარი ბმული]
- Michael Baigent (1982). „The Holy Blood and the Holy Grail“.
- John E. Flint (1976). „Cecil Rhodes“.
- Lionel Curtis (1938). „The Commonwealth of God“.
- David Rockefeller (2002). „Memoirs“.
- Laurence H. Shoup (2004). „Imperial Brain Trust: The Council on Foreign Relations and United States Foreign Policy“.
- Alice Bailey (1975). „The Externalization of the Hierarchy“. ციტირების თარიღი: 2013-02-06. დაარქივებული 2009-08-05 საიტზე Wayback Machine.
- Constance Cumbey (1985). „The Hidden Dangers of the Rainbow: The New Age Movement and our Coming Age of Barbarism“.
- Jim Marrs (2008). „The Rise of the Fourth Reich: The Secret Societies That Threaten to Take Over America“.
- Phillip Darrell Collins (2006). The Ascendancy of the Scientific Dictatorship: An Examination of Epistemic Autocracy, From the 19th to the 21st Century.
- James H. Hughes (2004). Citizen Cyborg: Why Democratic Societies Must Respond to the Redesigned Human of the Future.
- Daniel Levitas (2004). The Terrorist Next Door: The Militia Movement and the Radical Right.
- Jay Stanley (2004). The SurveillanceIndustrial Complex: How the American Government Is Conscripting Businesses and Individuals in the Construction of a Surveillance Society. დაარქივებული 2012-10-10 საიტზე Wayback Machine.
- Richard Halworth Rovere (1959). Senator Joe McCarthy.
- Timothy Melley (2000). Empire of Conspiracy: The Culture of Paranoia in Postwar America.
- David Rothkopf (2008). Superclass: The Global Power Elite and the World They Are Making.
სქოლიო
- ↑ Lewis and Short, A Latin Dictionary: Founded on Andrews' Edition of Freund's Latin Dictionary: Revised, Enlarged, and in Great Part Rewritten by Charlton T. Lewis, Ph.D. and Charles Short, LL.D. დაარქივებული 2013-05-22 საიტზე Wayback Machine. The Clarendon Press, Oxford, 1879, s. vv.
- ↑ 2.0 2.1 Matthew N. Lyons (2000)
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 Gregory S. Camp (1997)
- ↑ 4.0 4.1 Robert Alan Goldberg (2001)
- ↑ 5.00 5.01 5.02 5.03 5.04 5.05 5.06 5.07 5.08 5.09 5.10 5.11 5.12 5.13 5.14 5.15 5.16 5.17 5.18 5.19 5.20 5.21 Michael Barkun (2003)
- ↑ 6.0 6.1 Mark Fenster (2008)
- ↑ Chip Berlet (September 2004) Interview: Michael Barkun
- ↑ Patrick J. Buchanan (1999)
- ↑ J. Hughes (1991)
- ↑ Herbert G. Wells (1940)
- ↑ Walter W. Wagar (1977)
- ↑ 12.0 12.1 12.2 12.3 12.4 12.5 12.6 12.7 Chip Berlet (1998)
- ↑ President Bush's speech to Congress. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-05-31. ციტირების თარიღი: 2013-02-06.
- ↑ New York Times, November 20, 1990 — "George Bush Meet Woodrow Wilson" დაარქივებული 2015-06-09 საიტზე Wayback Machine.
- ↑ Gordon Brown calls for new world order to beat recession
- ↑ Henry Kissinger - „The chance for a new world order“
- ↑ George Romero (2011), გვ. 246
- ↑ Dick Morris - „Conspiracy Theorists were right“
- ↑ Media Matters for America (10 April 2009) - „Black helicopter alert! Conservative media suggest Obama supporting one-world government“
- ↑ Joshua Holland (12 June 2009). - „The Terrorist Threat: Right-Wing Radicals and the Eliminationist Mindset“ დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine.
- ↑ Paul Krugman (11 June 2009) - „The Big Hate“
- ↑ 22.0 22.1 Anti-Defamation League. (16 November 2009) Rage Grows in America: Anti‑Government Conspiracies. ADL Special Reports. Anti-Defamation League.
- ↑ „New World Order“ (2009)
- ↑ Travis L. Gosa „Counterknowledge, Racial Paranoia, and the Cultic Milieu: Decoding Hip Hop Conspiracy Theory“ დაარქივებული 2013-02-14 საიტზე Wayback Machine.
- ↑ 25.0 25.1 25.2 Richard T. Hughes - „Revelation, Revolutions, and the Tyrannical New World Order“
- ↑ A Summary Critique. Christian Research Journal, Winter 1993, pp. 44–45
- ↑ Tom Sine - „Suspicions of Conspiracy: How a Spirit of Fear can Distort Scripture and History“
- ↑ Peter J. Gomes (1996)
- ↑ Arturo De Hoyos (2010)
- ↑ „The Masonic Foundations of the United States“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-04. ციტირების თარიღი: 2013-02-06.
- ↑ Trevor W. McKeown - „Doesn't the satanic design of Washington, DC’s streetplan prove that there’s a masonic conspiracy?“ Anti-masonry Frequently Asked Questions
- ↑ „Rebuilding the Temple“
- ↑ Trevor W. McKeown - „Does Freemasonry have a secret political agenda?“ Anti-masonry Frequently Asked Questions
- ↑ 34.0 34.1 „The European Illuminati“ New England and the Bavarian Illuminati (Grand Lodge of British Columbia and Yukon A.F. & A. M.)
- ↑ 35.0 35.1 Trevor W. McKeown A Bavarian Illuminati primer
- ↑ Soviet Jewry: Hearing before the Subcommittee on Human Rights and International Organizations, United States Congress. House. Committee on Foreign Affairs. Commission on Security and Cooperation in Europe 1983. p. 56
- ↑ John Spargo (1921)
- ↑ Michael Baigent (1982)
- ↑ '60 Minutes', 30 April 2006, presented by Ed Bradley, produced by Jeanne Langley, CBS News - The Secret of the Priory of Sion
- ↑ Barbara Aho „The Merovingian Dynasty: Satanic Bloodline of the AntiChrist & False Prophet“ დაარქივებული 2009-12-12 საიტზე Wayback Machine. 1997
- ↑ 41.0 41.1 John E. Flint (1976)
- ↑ Lionel Curtis (1938)
- ↑ History of CFR – Council on Foreign Relations
- ↑ Larry P. McDonald - Introduction to „Rockefeller File“
- ↑ David Rockefeller (2002)
- ↑ Benjamin Fulford interviews David Rockefeller (2007)
- ↑ Alice Bailey (1975)
- ↑ Constance Cumbey (1985)
- ↑ Trevor W. McKeown - „Has Freemasonry become part of the New Age movement?“ Anti-masonry Frequently Asked Questions
- ↑ Jim Marrs (2008)
- ↑ The Ten Most Popular Conspiracy Theories. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-27. ციტირების თარიღი: 2013-02-06.
- ↑ Jan Frel — Inside the Great Reptilian Conspiracy: From Queen Elizabeth to Barack Obama -- They Live! დაარქივებული 2013-03-26 საიტზე Wayback Machine. August 31, 2010
- ↑ Phillip Darrell Collins (2006)
- ↑ James H. Hughes (2004)
- ↑ Drake Bennett — The Amero Conspiracy November 25, 2007
- ↑ 56.0 56.1 Holland, Joshua (June 15, 2007). „Debunking the North American Union Conspiracy Theory“. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 4, 2014. დამოწმება journal საჭიროებს
|journal=
-ს (დახმარება) - ↑ Bachmann: No foreign currency. Star Tribune (March 26, 2009).
- ↑ Ali Frick The Right-Wing Echo Chamber In Action: How A Conspiracy Travels From Drudge To Obama, Via Fox News March 25, 2009
- ↑ 59.0 59.1 Mark C. Partridge, (December 14, 2008). „One World Government: Conspiracy Theory or Inevitable Future?“. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 17, 2009. დამოწმება journal საჭიროებს
|journal=
-ს (დახმარება)CS1-ის მხარდაჭერა: დამატებითი პუნქტუაცია (link) - ↑ Daniel Levitas (2004)
- ↑ BBC News Special Report (1998-10-05). „Death to the New World Order“.
- ↑ Ron Rosenbaum. (2007-10-19) Who Will Rule Us After the Next 9/11?.
- ↑ Total/Terrorism Information Awareness (TIA): Is It Truly Dead?. Electronic Frontier Foundation (official website) (2003). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-03-25.
- ↑ Morris, S. Brent. (1 January 2009) The Eye in the Pyramid. Short Talk Bulletin. Masonic Service Association. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 დეკემბერი 2009.
- ↑ Baard, Mark (2006-06-06). „RFID: Sign of the (End) Times?“. Wired.com.
- ↑ Jay Stanley (2004)
- ↑ Laycock, Joseph (2009). „10 Commandments of the Anti-Christ: Mysterious "Guidestones" Madden Conspiracy Theorists and Christian Fundamentalists“. დამოწმება journal საჭიროებს
|journal=
-ს (დახმარება) - ↑ Richard Halworth Rovere (1959)
- ↑ Evan Harrington (1996). „Conspiracy Theories and Paranoia: Notes from a Mind-Control Conference“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-03-17. დამოწმება journal საჭიროებს
|journal=
-ს (დახმარება) - ↑ Ilan Shrira (2008). „Paranoia, 9/11, and the roots of conspiracy theories“. დამოწმება journal საჭიროებს
|journal=
-ს (დახმარება) - ↑ Timothy Melley (2000)
- ↑ 72.0 72.1 Domhoff, G. William (2005). „There Are No Conspiracies“. დამოწმება journal საჭიროებს
|journal=
-ს (დახმარება) - ↑ David Rothkopf (2008)
- ↑ 74.0 74.1 74.2 Party for Socialism and Liberation (1 September 2010). „Daniel Estulin and the phony Bilderberg conspiracy“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 აგვისტო 2011. დამოწმება journal საჭიროებს
|journal=
-ს (დახმარება) - ↑ Chomsky, Noam (1999). „US-NATO bombs fall on Serbia: the "New World Order" takes shape“. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი:
|1=
და|2=
(დახმარება); დამოწმება journal საჭიროებს|journal=
-ს (დახმარება)