ჰენრი ალფრედ კისინჯერი (ინგლ. Henry Kissinger; დ. 27 მაისი, 1923 — გ. 29 ნოემბერი, 2023) — ამერიკელი სახელმწიფო მოღვაწე, დიპლომატი და საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი. მუშაობდა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის და ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის თანამდებობებზე, რიჩარდ ნიქსონის და ჯერალდ ფორდის საპრეზიდენტო ადმინისტრაციებში.[1] ებრაელი ლტოლვილი, რომელიც 1938 წელს ოჯახთან ერთად ნაცისტური გერმანიიდან გაიქცა, იგი გახდა ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი 1969 წელს და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი 1973-1977 წლებში. ვიეტნამში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების წარმოებისთვის, კისინჯერმა მიიღო 1973 წლის ნობელის პრემია მშვიდობის განმტკიცების დარგში. მისი დაჯილდოება საკამათო გახდა და კომიტეტის ორი წევრი პროტესტის ნიშნად გადადგა.[2] რეალპოლიტიკის პრაქტიკოსმა,[3] კისინჯერმა, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკაში 1969 და 1977 წლებში.

ჰენრი კისინჯერი
Henry Kissinger
ჰენრი კისინჯერი Henry Kissinger
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
22 სექტემბერი, 1973 – 20 იანვარი, 1977
პრეზიდენტი  რიჩარდ ნიქსონი
ჯერალდ ფორდი
წინამორბედიუილიამ როჯერსი
მემკვიდრესაირუს ვენსი

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1969 – 1975
პრეზიდენტირიჩარდ ნიქსონი
ჯერალდ ფორდი

დაბადებული27 მაისი, 1923
ფიურტი, გერმანია
გარდაცვლილი29 ნოემბერი, 2023 (100 წლის)
კენტი, კონექტიკუტი
პოლიტიკური პარტიარესპუბლიკელი
რელიგიაიუდაიზმი

კისინჯერი რჩება საკამათო და პოლარიზებულ ფიგურად ამერიკულ პოლიტიკაში. ერთი მხრივ დაგმობილია, როგორც ომის დამნაშავე მრავალი ჟურნალისტის, პოლიტიკური აქტივისტის და უფლებადამცველი იურისტის მიერ,[4][5][6][7] მეორე მხრივ პატივცემულ, ძალზე ეფექტურ აშშ-ს სახელმწიფო მდივნად მიიჩნევს საერთაშორისო ურთიერთობების მრავალი ცნობილი მეცნიერი.[8]

ჰენრი კისინჯერი ასოცირდება ისეთ საკამათო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებთან, როგორიცაა აშშ-ს მონაწილეობა 1973 წლის ჩილეს სამხედრო გადატრიალებაში, ამერიკის მხარდაჭერა არგენტინის სამხედრო ხუნტისა და პაკისტანისადმი, ბანგლადეშის ომის დროს, მიუხედავად გენოციდისა, რომელიც განხორციელდა მისი მოკავშირეების მიერ.

პოსტის დატოვების შემდეგ, კისინჯერმა ჩამოაყალიბა საერთაშორისო გეოპოლიტიკური საკონსულტაციო ფირმა - „Kissinger Associates“. კისინჯერმა დაწერა ათზე მეტი წიგნი დიპლომატიური ისტორიისა და საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ იგი რჩება საკამათო ფიგურად ამერიკულ პოლიტიკაში, რომელსაც ბევრი ჟურნალისტი, პოლიტიკური აქტივისტი, იურისტი და უფლებადამცველი მიიჩნევს ომის დამნაშავედ. თუმცა, მას ასევე აფასებენ, როგორც საკმაოდ წარმატებულ სახელმწიფო მდივნად და აღიარებულია საერთაშორისო ურთიერთობების ბევრი გამოჩენილი მეცნიერის მიერ.

ადრეული ცხოვრება და განათლება

რედაქტირება

კისინჯერი დაიბადა ჰაინც ალფრედ კისინჯერის სახელით, 1923 წელს გერმანიის ქალაქ ბავარიაში, ფიურტში, გერმანელი ებრაელების ოჯახში. მამამისი, ლუი კისინჯერი (1887–1982) სკოლის მასწავლებელი, ხოლო დედამისი, პაულა (შტერნ) კისინჯერი (1901–1998), ლოტერსჰაუზენელი დიასახლისი იყო. კისინჯერს ჰყავს უმცროსი ძმა, ვოლტერ კისინჯერი (დაიბადა 1924). ახალგაზრდობაში კისინჯერი სიამოვნებით თამაშობდა ფეხბურთს მისი საყვარელი კლუბის ახალგაზრდული ფრთის შემადგენლობაში, SpVgg Fürth-ში, რომელიც იმ დროის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი იყო.[9] 1938 წელს, როდესაც კისინჯერი 15 წლის იყო, ნაცისტური დევნის შედეგად ოჯახთან ერთად გაიქცა გერმანიიდან. მისი ოჯახი მცირე ხნით ემიგრაციაში წავიდა ლონდონში, ინგლისში, სანამ 5 სექტემბერს ნიუ-იორკში ჩავიდოდა.

საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, კისინჯერი ჩაირიცხა ნიუ-იორკის კოლეჯში, სწავლობდა ბუღალტრულ აღრიცხვას. მან სწავლა შეწყვიტა 1943 წლის დასაწყისში, როდესაც ჩაირიცხა აშშ-ის არმიაში.[10]

კისინჯერმა სკოლის წლები გაატარა ზემო მანჰეტენის ვაშინგტონ-ჰეიტსის კვარტალში, სადაც ცხოვრობდნენ ებრაული წარმოშობის გერმანელი მიგრანტები. მიუხედავად იმისა, რომ კისინჯერი სწრაფად ასიმილირდა ამერიკულ კულტურასთან, მას არასდროს დაუკარგავს მკაფიო გერმანული აქცენტი. ჯორჯ ვაშინგტონის საშუალო სკოლაში პირველი სასწავლო წლის დასრულების შემდეგ, სკოლაში სწავლა ღამით დაიწყო, ხოლო დღის განმავლობაში მუშაობდა საპარსი ფუნჯების ქარხანაში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, კისინჯერი ჩაირიცხა ნიუ-იორკის კოლეჯში, სწავლობდა ბუღალტრულ აღრიცხვას და პარალელურად აგრძელებდა მუშაობას. სწავლა შეწყვიტა 1943 წლის დასაწყისში, ვინაიდან ის გამოიძახეს ამერიკის ჯარში.

ჯარის პერიოდი

რედაქტირება

კისინჯერმა ძირითადი წვრთნები გაიარა სამხრეთ კაროლინაში, კერძოდ, სპარტანბურგის კამპუსში. 1943 წლის 19 ივნისს, 20 წლის ასაკში, მიიღო აშშ-ს ნატურალიზებული მოქალაქეობა. ჯარიდან იგი პენსილვანიის ლაფაიეტის კოლეჯში გააგზავნეს, ინჟინერიის სასწავლებლად, მაგრამ პროგრამა გაუქმდა და უკან დააბრუნეს, სადაც გაიცნო გერმანიიდან ჩამოსული ებრაელი ემიგრანტი ფრიც კრამერი, რომელმაც შენიშნა კისინჯერის გერმანულის ცოდნა და ინტელექტი და ორგანიზება გაუწია მის დანიშვნას სამხედრო დაზვერვის დივიზიონის განყოფილებაში.

ომის დასრულების შემდეგ, კისინჯერი დანიშნეს ქალაქ კრეფელდის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად. ამის მიზეზი გერმანულენოვანი კადრების ნაკლებობა იყო ამ ტერიტორიის სადაზვერვო შტაბის დივიზიონში. აღნიშნული თანამდებობის შემდეგ კისინჯერი გადაიყვანეს კონტრდაზვერვის კორპუსში, სადაც გახდა სპეციალური აგენტი, სერჟანტის წოდებით.

შემდგომ, მას დაქვემდებარებაში გადაეცა ჰანოვერის რაზმი, რომელიც გესტაპოს ოფიცრებსა და დივერსანტებს პოულობდა, რისთვისაც მას ბრინჯაოს მედალი მიენიჭა. 1945 წლის ივნისში, კისინჯერი დაინიშნა ბენსჰაიმის რაზმის სარდლად, ბერგშტრასეს რაიონში და დე-ნაციფიკაციის პოლიტიკას ატარებდა. 1946 წელს, კისინჯერი ასწავლიდა კემპ კინგის ევროპული სარდლობის სადაზვერვო სკოლაში.

აკადემიური კარიერა

რედაქტირება

ჰენრი კისინჯერმა მიიღო ხელოვნების ბაკალავრის პოლიტიკურ მეცნიერებაში ჰარვარდის კოლეჯიდან, 1950 წელს. მან მაგისტრის და დოქტორის ხარისხი მიიღო ჰარვარდის უნივერსიტეტში, 1951 და 1954 წლებში. 1952 წელს, ჯერ კიდევ ჰარვარდის კურსდამთავრებული სტუდენტი, მსახურობდა ფსიქოლოგთა სტრატეგიის საბჭოს დირექტორის მრჩევლად.[11]

მისი სადოქტორო ნაშრომი სახელწოდებით „მშვიდობა, ლეგიტიმურობა და თანასწორობა“ იყო პირველი, რომელშიც კისინჯერმა შემოიღო „ლეგიტიმურობის“ კონცეფცია, სადაც მან განსაზღვრა: „ლეგიტიმურობა რა კონტექსტშიც იგულისხმება, არ უნდა აგვერიოს სამართლიანობაში. ეს აღნიშნავს საერთაშორისო შეთანხმებების შესრულების ხასიათს და მისაღებ მიზანსა და საშუალებებს შიდა პოლიტიკაში“.

კისინჯერი დარჩა ჰარვარდში, როგორც ფაკულტეტის წევრი ხელმძღვანელ დეპარტამენტში და, რობერტ ბოუისთან ერთად დააარსა საერთაშორისო საქმეთა ცენტრი 1958 წელს, სადაც მსახურობდა ასოცირებულ დირექტორად. 1955 წელს, იგი იყო ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ოპერაციების საკოორდინაციო ბორდის კონსულტანტი.[12] მან გამოაქვეყნა წიგნი ბირთვული იარაღი და საგარეო პოლიტიკა.[13]   1956 წლიდან 1958 წლამდე მუშაობდა ძმებ როკფელერების ფონდში, მისი სპეციალური კვლევების პროექტის დირექტორად.[14] იგი იყო ჰარვარდის თავდაცვის კვლევების პროგრამის დირექტორი 1958 და 1971 წლებში. ის ასევე იყო ჰარვარდის საერთაშორისო სემინარის დირექტორი 1951-1971 წლებში.

აკადემიის გარეთ, იგი მსახურობდა კონსულტანტად მრავალი სამთავრობო სააგენტოსა და სადაზვერვო ჯგუფისთვის, მათ შორის ოპერაციების კვლევის ოფისის, იარაღის კონტროლისა და განიარაღების სააგენტოს, სახელმწიფო დეპარტამენტის და კორპორაცია RAND-ის კონსულტანტად.[14]

ამერიკის საგარეო პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად, კისინჯერი ჩაერთო ნელსონ როკფელერის საპრეზიდენტო კამპანიაში და გახდა მისი გუნდის საგარეო პოლიტიკის მრჩეველი. ის მხარს უჭერდა როკფელერს 1960, 1964 და 1968 წლებში. 1968 წლის რესპუბლიკური პარტიის პრაიმერისში გაიმარჯვა რიჩარდ ნიქსონმა. კისინჯერი დაუკავშირდა ნიქსონის შტაბის ხელმძღვანელს და მას განუცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებდა, რათა ნიქსონს დახმარებოდა გამარჯვებაში. 1969 წლის იანვარს ნიქსონი გახდა პრეზიდენტი, ხოლო კისინჯერი დაინიშნა ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლად.

საგარეო პოლიტიკა

რედაქტირება

კისინჯერი პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონის დროს, იყო ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი და სახელმწიფო მდივანი ხოლო ჯერალდ ფორდის ადმინისტრაციაში სახელმწიფო მდივანი. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტობის ბოლო დღეს ნიქსონმა უთხრა ფორდს, რომ კისინჯერის დატოვება ახალ ადმინისტრაციაში მნიშვნელოვანი იყო და ის ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დატოვეს.

ნიქსონსა და კისინჯერს შორის ურთიერთობა უჩვეულოდ მჭიდრო იყო, რომელსაც ადარებენ ვუდრო უილსონისა და პოლკოვნიკ ჰაუსის, ფრანკლინ დელანო რუზველტის და ჰარი ჰოპკინის ურთიერთობებს. სამივე შემთხვევაში, სახელმწიფო დეპარტამენტს ენიჭებოდა მნიშვნელოვანი როლი საგარეო პოლიტიკის შემუშავებაში.

რეალპოლიტიკის დამცველმა კისინჯერმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკაში 1969-1977 წლებში. ამ პერიოდში მან გააფართოვა საერთაშორისო დაძაბულობის განტვირთვის პოლიტიკა. ამ პოლიტიკამ გამოიწვია მნიშვნელოვანი წინსვლა ამერიკა-საბჭოთა კავშირის ურთიერთობაში და გადამწყვეტი როლი ითამაშა 1971 წლის მოლაპარაკებებში ჩინეთის პრემიერ-მინისტრ ჟოენლაისთან.

მოლაპარაკებები დასრულდა ამერიკის და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შორის დაახლოებით, რაც მოიცავდა ახალი სტრატეგიული, ანტისაბჭოთა და ჩინურ-ამერიკული გეგმის შემუშავებას. 1973 წელს კისინჯერს, ლე დიკ თხოსთან ერთად, გადასცეს ნობელის პრემია, ვიეტნამიდან ამერიკული ჯარის გაყვანის და ცეცხლის შეწყვეტისთვის. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ცეცხლის შეწყვეტა არ იყო ხანგრძლივი.

პრეზიდენტმა ნიქსონმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს „აღორძინების“ მიზნით, კისინჯერს მისცა თავისუფლება საკუთარი გუნდის ფორმირებაში. მის გუნდში შედიოდნენ პოლკოვნიკი ალექსანდრე ჰაიგი, მორტონ ჰალპერინი და ენტონი ლეიკი. კისინჯერს ჰქონდა ნეგატიური წარმოდგენა ვაშინგტონის ბიუროკრატიაზე, რაც აღნიშნა თავის სადოქტორო დისერტაციაში: „ბიუროკრატიის არსი უსაფრთხოების დაცვაა; მისი წარმატება გაანგარიშებაა. სიღრმისეული პოლიტიკა ვითარდება შემოქმედების შედეგად... ბიუროკრატიები შექმნილია იმისთვის, რომ თავისი საქმე შეასრულოს.“ კისინჯერმა დაინახა თავისი თეორიის შესრულების შესაძლებლობა და არაპროგნოზირებადი სტრატეგიის მეშვეობით ცდილობდა დიპლომატიური ბალანსი ამერიკის შეერთებული შტატების მხარეს გადაეხარა.

საერთაშორისო დაძაბულობის განტვირთვის პოლიტიკა და ჩინეთი

რედაქტირება

კისინჯერი ცდილობდა საბჭოთა კავშირზე დიპლომატიური ზეწოლა, ჩინეთის მეშვეობით მოეხდინა. თავდაპირველად, როდესაც დაინიშნა ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლად, არ იყო დაინტერესებული ჩინეთით, ხოლო მთავარი მიზეზი ჩინეთთან დაახლოების ნიქსონი იყო. პრეზიდენტობის დაწყებისთანავე ნიქსონი ეძებდა არხებს ჩინეთთან მოლაპარაკებების დასაწყებად. მოლაპარაკებების პირველი მცდელობა მოხდა ფარულად. 1969 წლის ზაფხულიდან ნიქსონი და კისინჯერი სხვადასხვა საშუალებებით უკავშირდებოდნენ ჩინურ მხარეს - ჟოენლაის და მაო ძედუნს. კისინჯერს ჰქონდა ორი ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, 1971 წლის ივლისსა და ოქტომბერში (პირველი ვიზიტი გასაიდუმლოებული იყო). პრემიერ მინისტრ - ჟოენლაისთან შეხვედრა მოხდა პაკისტანის და რუმინეთის დიპლომატიური კორპუსის შუამავლობით და პრეზიდენტების მონაწილეობით, რადგან არ არსებობდა პირდაპირი კომუნიკაციის არხი აშშ-ჩინეთს შორის.[15]

პეკინში ვიზიტის დროს მთავარ საკითხს წარმოადგენდა ტაივანი. ჩინეთი მოითხოვდა ამერიკის შეერთებული შტატებისგან, ტაივანის აღიარებას, როგორც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლეგიტიმურინაწილი. ასევე ითხოვდა, რომ ამერიკას გაეყვანა ძალები ტაივანიდან და დასრულებულიყო რეჟიმის სამხედრო მხარდაჭერა. ამ საკითხების გადაწყვეტის შემდეგ, ჩინურ-ამერიკულ ურთიერთობებს მეტი მნიშვნელოვანი პრობლემა არ ექნებოდა. კისინჯერმა ხელი მოაწერა შეთანხმებას, ამერიკის ძალების ტაივანიდან გაყვანის შესახებ და განაცხადა, რომ პირობების ორი მესამედი შესრულდება ვიეტნამის ომის დასრულების შემდეგ და დანარჩენი- ჩინურ-ამერიკული ურთიერთობების გაუმჯობესების შედეგად.

1971 წლის ოქტომბერში კისინჯერი მეორე ვიზიტით იმყოფებოდა ჩინეთში. ამჯერად, საუბარი ეხებოდა ჩინეთის საკითხს. კერძოდ, თუ რომელი ხელისუფლება (იგულისხმება ჩინეთი და ტაივანი) უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში. მოკავშირის დაკარგვის შიშით, ამერიკა ცდილობდა კომპრომისის მიღებას და სურდა ორივე მხარე ყოფილიყო გაეროს წევრი, მიუხედავად იმისა, რომ კისინჯერს ეს მიაჩნდა არსებითად განწირულ იდეად.

მეორე ვიზიტის დროს კისინჯერმა პრემიერ-მინისტრთან აღნიშნა, რომ კვლევების მიხედვით, ამერიკელების 62% სურს ტაივანი დარჩეს გაეროს წევრად და თხოვა ენლაის განეხილა „ორი ჩინეთის“ იდეა. ჟოენლაიმ კატეგორიული უარი განაცხადა ამ წინადადებაზე. კისინჯერმა გააკრიტიკა ჯორჯ ბუში, რომელიც მაშინ იყო ამერიკის ელჩი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში. კისინჯერს არ მოეწონა ბუშის მუშაობა, როდესაც გენერალურმა ასამბლეამ, ხმის მიცემით, ტაივანი გაუშვა გაეროდან და ჩინეთს მისცა ადგილი უსაფრთხოების საბჭოში.

კისინჯერის ვიზიტებმა გზა გაუხსნა 1972 წლის შემაჯამებელ შეხვედრას ნიქსონს, ჟოენლაის და ჩინეთის კომუნისტური პარტიის თავმჯდომარე- მაო ძედუნს შორის, ისევე როგორც ორ ქვეყანას შორის ოფიციალური ურთიერთობების ჩამოყალიბებას და 23 წლიანი დიპლომატიური იზოლაციის დასრულებას, რომლის შედეგი იყო სტრატეგიული ანტისაბჭოთა ალიანსის შექმნა.

კისინჯერის დიპლომატიურმა მუშაობამ ხელი შეუწყო აშშ-ჩინეთს შორის ეკონომიკური და კულტურული საქმიანობის განახლებასა და დედაქალაქებში დე-ფაქტო საელჩოების გახსნას. თუმცა, ურთიერთობების სრული ნორმალიზაცია ვერ მოხდა 1979 წლამდე, ვინაიდან უოტერგეიტის სკანდალმა სერიოზული ზიანი მოუტანა ნიქსონის ადმინისტრაციას და ამასთან ერთად, ამერიკა მაინც აღიარებდა ტაივანის ჩინურ რესპუბლიკას.

ვიეტნამის ომი

რედაქტირება

ინდოჩინეთის სამხედრო კონფლიქტში, კისინჯერი მონაწილეობდა პრეზიდენტ ნიქსონის მიერ ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლად დანიშვნამდეც. ჯერ კიდევ ჰარვარდში ყოფნის დროს, კისინჯერი მუშაობდა საგარეო პოლიტიკის კონსულტანტად თეთრი სახლისთვის და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისთვის.

1965 წლის აგვისტოში ჰენრი ლოჯმა, კისინჯერის ძველმა მეგობარმა და მომავალში ელჩმა ხოშიმინში, სთხოვა კისინჯერს, რომ კონსულტანტის სტატუსით ჩამოსულიყო ვიეტნამში. კისინჯერი ორი კვირით გაემგზავრა ვიეტნამში 1965 წლის ოქტომბერ-ნოემბერში, შემდეგ კიდევ 10 დღით 1966 წლის ივლისში და რამდენიმე დღით იმავე წლის ოქტომბერში. მოგვიანებით ის გახდა შუამავალი ვაშინგტონის და ჰანოის მოლაპარაკებებში, მშვიდობის აღდგენის მიზნით.

ნიქსონის მიზანი მშვიდობის დამყარება და ვიეტნამის ომის დასრულება იყო, ამიტომ მას უნდოდა კონფლიქტის დიპლომატიურად დარეგულირება. კისინჯერის დახმარებით, ნიქსონმა განახორციელა ვიეტნამიზაციის პოლიტიკა, რომელიც მიზნად ისახავდა აშშ-ის ჯარების ეტაპობრივ გაყვანას, ხოლო სამხრეთ ვიეტნამის არმიის საბრძოლო კონტინგენტის გაძლიერებას, რათა დამოუკიდებლად დაეცვათ თავისი მთავრობა ეროვნული ფრონტისგან

1969 წლის ჟურნალ „ForeignAffairs“-ში გამოქვეყნებულ სტატიაში, კისინჯერმა გააკრიტიკა გენერალი უილიამ უესტმორტლენდი, რადგან ვიეტნამელი კომუნისტები უფრო იყვნენ მზად ომისთვის და დანაკარგებისთვის, ვიდრე ამერიკა. საბოლოოდ, ამან გამორიცხა სამხედრო გზით ომის დასრულება და გადავიდა მოლაპარაკებების მაგიდასთან პარიზში. კისინჯერს ეჭვი ეპარებოდა ნიქსონის თეორიაში, რომ ეს ყველაფერი საბჭოთა კავშირს ბერკეტებს მისცემდა ამერიკის პოლიტიკაზე ზეგავლენის მოსახდენად.

ჰენრი უფრო დარდობდა სამხრეთ ვიეტნამის საბოლოო ბედისწერაზე. კისინჯერი დაინტერესდა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს, შეიარაღებული ძალების და სახელმწიფო დეპარტამენტის ექსპერტების შეხედულებით ვიეტნამის საკითხზე. აზრთა სხვადასხვაობა იყო ომზე, სამხრეთ ვიეტნამზე და ხოშიმინის მთავრობაზე, ამიტომ კისინჯერმა უთხრა ნიქსონს, რომ თავისუფალი იყო გადაწყვეტილების მიღებაში.

1969 წლის მარტში კისინჯერმა საირუსვენსი გააგზავნა მოსკოვში. მთავარი მიზანი იყო საბჭოთა კავშირის დარწმუნება სამხრეთ ვიეტნამთან ისეთი სახის დიპლომატიური ურთიერთობის დარეგულირებაში, რომელიც ამერიკისთვის ხელსაყრელი იქნებოდა. თავის მხრივ, ამერიკა წავიდოდა გარკვეულ დათმობებზე ბირთვული იარაღის განიარაღების მოლაპარაკებებში.

ამავდროულად, კისინჯერი შეხვდა საბჭოთა კავშირის ელჩს ანატოლი დობრინინს, რომ გაეფრთხილებინა ნიქსონის განზრახვებთან დაკავშირებით, რომელსაც უნდოდა კონფლიქტის ესკალაცია ვიეტნამში. ნიქსონმა და კისინჯერმა გაითამაშეს „კარგი პოლიციელი- ცუდი პოლიციელი“ და შედეგად ცდილობდნენ დობრინინი დაერწმუნებინათ, რომ ნიქსონი გააძლიერებდა სამხედრო მოქმედებებს, თუ საბჭოთა კავშირი არ დაარეგულირებს ვიეტნამის საკითხს. კიდევ ერთ შეხვედრაზე კისინჯერმა გააფრთხილა დობრინინი, რომ სსრკ-ს უფრო ძლიერი ზეწოლა უნდა განეხორციელებინა ჩრდილოეთ ვიეტნამზე, სანამ ნიქსონმა საშიში ქმედება არ ჩაიდინა. გეგმა ჩაიშალა და საბჭოთა კავშირი ზეწოლას არ ახდენდა ვიეტნამზე. მეტიც, მიუხედავად ვიეტნამში ომისა, ისინი თანახმა იყვნენ ამერიკასთან ურთიერთობების გაუმჯობესებაზე.

1969 წლის 4 აგვისტოს კისინჯერი პარიზში შეხვდა ქუან ტუს. ჰენრიმ გაიმეორა აშშ-ისა და ჩრდილოეთ ვიეტნამის ძალების ურთიერთთანამშრომლობის ამერიკული შეთავაზება სამხრეთ ვიეტნამთან მიმართებაში, რაც ტუმ უარყო. ჰენრი წინააღმდეგი იყო ვიეტნამიზაციის სტრატეგიის, გამოთქვა გარკვეული ეჭვი სამხრეთ ვიეტნამის არმიის შესაძლებლობების შესახებ. სექტემბერში კისინჯერმა მოახსენა ნიქსონს, რომ უარი ეთქვა დეესკალაციაზე და განაცხადა, რომ ამერიკული ჯარის საბრძოლო მოქმედებების გაგრძელება ვიეტნამში რჩება ინსტრუმენტად მოლაპარაკებებისთვის.

მან აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებს უნდა განეახლებინა ჩრდილოეთ ვიეტნამის დაბომბვა და სანაპიროების დაკავება. მოგვიანებით, კისინჯერმა წარადგინა გეგმა, რასაც მან უწოდა „ველური, სადამსჯელო“ დარტყმა ჩრდილოეთ ვიეტნამზე, კოდური სახელწოდებით „DuckHook“. თავდაცვის მინისტრმა მელვინლეირდმა გააფრთხილა ნიქსონი, რომ ბირთვული იარაღის გამოყენება ჩრდილოეთ ვიეტნამში მკაცრად არარეკომენდირებული იყო და დაარწმუნა გეგმის უარყოფაში.

1970 წლის მარტში მეზობელ კამბოჯაში გადატრიალება მოხდა. ახალმა ხელისუფლებამ ქვეყნიდან კომუნისტების განდევნა გადაწყვიტა. საპასუხოდ ჩრდილო ვიეტნამელებმა დაიწყეს წარმატებული სამხედრო ოპერაციების ჩატარება კამბოჯაში. დასახმარებლად ამერიკამ იქ სამხედრო ნაწილები გაგზავნა, რაც მასობრივი საპროტესტო აქციების მიზეზი გახდა, ამიტომ ორი თვის შემდეგ, ამერიკულმა სამხედრო ნაწილებმა, ნიქსონის ბრძანებით, კამბოჯის ტერიტორია დატოვეს.

1971 წლის მაისში, კისინჯერი დაბრუნდა პარიზში და შეხვდა ლე დიკ თხოს. ჩრდილოეთ ვიეტნამის მოთხოვნა იყოთხოს გადადგომა, რაც სერიოზულ დაბრკოლებას წარმოადგენდა. კისინჯერისთვის თხო იყო წესრიგის გარანტი და ლე დიკმა შესთავაზა მას, რომ ამერიკელებს მხარი აღარ დაეჭირათ ნგუენ ვან თხეუსთვის.

1972 წლის დასაწყისში ნიქსონმა დაიკვეხნა, რომ მან 1969 წლის ივლისიდან ვიეტნამიდან 400000 ამერიკელი სამხედრო გამოიყვანა. კისინჯერი ისევ უკმაყოფილო იყო იმით, რომ ის კარგავს მყარ პოზიციებს მოლაპარაკებებში თხოსთან. იმავე წელს ნიქსონმა საჯაროდ განაცხადა, რომ კისინჯერი საიდუმლო მოლაპარაკებებს აწარმოებდა თხოსთან. საბოლოო ჯამში, პრეზიდენტს სწორი მიაჩნდა საბჭოთა კავშირთან და ჩინეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება და სანაცვლოდ, ამ ორი ქვეყნიდან გაჩერდებოდა იარაღის მიწოდება ჩრდილოეთ ვიეტნამში.

1973 წლის 27 იანვარს ხელი მოეწერა პარიზის მშვიდობის ხელშეკრულებას, რომლითაც ამერიკულმა სამხედრო ნაწილებმა ვიეტნამი დატოვეს. ამავე წლის 29 მარტს ამერიკელებმა ჯარის გაყვანა დაასრულეს. შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სამხრეთ ვიეტნამელების მხრიდან არ შესრულდა და კვლავ აგრძელებდნენ ომს. საბოლოოდ, 1975 წლის 30 აპრილს კომუნისტებმა საინოგში დამოუკიდებლობის სასახლეზე დროშა აღმართეს, რითაც ომი დასრულდა.

ჩრდილოეთ ვიეტნამის პოლიტბიუროს წევრ ლე დიკ თხოსთან ერთად, კისინჯერს მიენიჭა ნობელის პრემია 1973 წლის 10 დეკემბერს, პარიზის სამშვიდობო შეთანხმებებში ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებში მუშაობისათვის.

არაბულ-ებრაული დავა

რედაქტირება

1970 წელს ეგვიპტის პრეზიდენტი ნასერი გარდაიცვალა და მის ნაცვლად ანვარ ალ-სადათი დაინიშნა. ამ პიროვნებას კისინჯერზე მეტად სჯეროდა მოულოდნელობის დიპლომატიის. ნასერის დროს ეგვიპტე და საუდის არაბეთი იყვნენ ჩართულნი ე. წ. „არაბულ ცივ ომში“, თუმცა სადათს კარგი ურთიერთობა ჰქონდა საუდის არაბეთის მეფე ფეისალთან და შექმნა ალიანსი ყველაზე დასახლებულ და ყველაზე მდიდარ არაბულ სახელმწიფოებთან.

კისინჯერმა აღიარა, რომ ვიეტნამის ომმა და პარიზის მოლაპარაკებებმა უყურადღებოდ დატოვა არაბულ-ეგვიპტური კავშირი. სადათის სურვილი იყო ამერიკასთან დაახლოება და საბჭოთა კავშირთან ურთიერთობის შორს დაჭერა. 1973 წლის აპრილში, ვაშინგტონში, საუდის არაბეთის ნავთობის მინისტრი კისინჯერს შეხვდა. საუბრის თემა იყო მეფე ფეისალის უკმაყოფილება ამერიკის მიმართ და მეფეს სურდა, რომ ამერიკას დაერწმუნებინა ისრაელი მიწების დაბრუნებაში, რომელიც 1967 წლის ექვსდღიანი ომის შედეგად დაიკავეს.

მოგვიანებით ინტერვიუში, მინისტრმა აღნიშნა კისინჯერის არასერიოზულობა მოლაპარაკებების დროს. „TheWashingtonPost“-თან ინტერვიუში, მინისტრმა იამანმა გააფრთხილა ყველა, რომ ფეისალი განიხილავს ნავთობის ემბარგოს დაწესებას. ამერიკელებს და კისინჯერს მიაჩნდათ, რომ ისინი იტყუებოდნენ და მათ არაფერი გამოუვიდოდათ.

1973 წლის სექტემბერში ნიქსონმა გაათავისუფლა მაშინდელი სახელმწიფო მდივანი - როჯერსი და მის ადგილას დანიშნა კისინჯერი. მოგვიანებით ჰენრიმ აღნიშნა, რომ მას არ ჰქონდა საკმარისი დრო ახლო აღმოსავლეთის უკეთესად შესასწავლად და 1973 წლის 6 ოქტომბერს ეგვიპტემ და სირიამ შეუტიეს ისრაელს. დოკუმენტების მიხედვით ნათელია, რომ კისინჯერმა გვიან შეატყობინა ნიქსონს იომ-ქიფურის ომის დაწყების შესახებ, რომიგი არ ჩარეულიყო.

კისინჯერი დაპირდა ისრაელის პრემიერ-მინისტს გოლდა მეირის, რომ ამერიკა აანაზღაურებდა დაკარგულ აღჭურვილობას, თუმცა ჯერ უნდოდა გადაედო იარაღის მიწოდება ისრაელში. მას ეს მშვიდობის მისაღწევად კარგისაშუალება ეგონა, გაეროს უსაფრთხოების საბჭოს 242-ე რეზოლუციის შესაბამისად. ომის მიმდინარეობისას, კისინჯერმა ჩართო ამერიკული შეიარაღებული ძალები, რომელიც ემოციურ რეაქციად შეაფასეს შექმნილ ვითარებასთან მიმართებაში.

6 ნოემბერს კაიროში ჩატარებულ სამიტზე, კისინჯერმა ჰკითხა სადათს, თუ როგორი იყო ფეისალი და მან უპასუხა: „ბატონო ჰენრი, ის ალბათ გააგრძელებს თავის ქმედებებს კომუნიზმის და ებრაელების წინააღმდეგ. მეფე ფეისალისთვის ორი ყველაზე დიდი სიძულვილი იყო კომუნიზმი და სიონიზმი, რადგან იგი თვლიდა, რომ საბჭოთა კავშირი და ისრაელი ერთად ებრძოდნენ ისლამს.“ 7 ნოემბერს ჰენრი გაფრინდა ერ-რიადში და შეხვდა მეფე ფეისალს და სთხოვა, რომ დასრულებულიყო ნავთობის ემბარგო და სანაცვლოდ, ამერიკული მხარე იქნებოდა მიუკერძოებელი კონფლიქტში.

მიუხედავად ამისა, მეფემ უარი თქვა ემბარგოს მოხსნაზე. 1974 წლის 19 მარტსფეისალმამაინც გააუქმა ემბარგო, მას შემდეგ, რაც სადათმა დაარწმუნა ამერიკის მიუკერძოებლობაში და კისინჯერის დაპირებაში, საუდის არაბეთში იარაღის გაყიდვასთან დაკავშირებით. ეს დაპირება ვერ სრულდებოდა, რადგან იყო საშიშროება ამ იარაღის ისრაელის წინააღმდეგ გამოყენების.

კისინჯერმა ისრაელზე ზეწოლა მოახდინა, რომ ახლად დაკავებული მიწის ნაწილი დაებრუნებინა არაბული მხარისთვის. 1973-1974 წლებში კისინჯერი ხშირად დაფრინავდა თელ-ავივს, კაიროსა და დამასკოს შორის და ცდილობდა კონფლიქტის დარეგულირებას. ის შეხვდა სირიის პრეზიდენტ ჰაფეზ ასადს, რომელთანაც სირთულეებს წააწყდა. საპირისპიროდ, სადათთან შეხვედრები ნაყოფიერი გამოდგა და უკეთესობისკენ წაიყვანა ამერიკა-ეგვიპტის ურთიერთობები. საბოლოოდ, 1978 წელს შედგა კემპ-დევიდის შეთანხმება, რომლის მიხედვით ისრაელმა ეტაპობრივად გაათავისუფლა სინის ნახევარკუნძული და ეგვიპტემ აღიარა ისრაელის სახელმწიფო.

სპარსეთის ყურე

რედაქტირება

კისინჯერის მთავარ პრობლემას წარმოადგენდა სპარსეთის ყურეში საბჭოთა კავშირის შესაძლო გავლენის გაძლიერება. 1972 წლის მაისში ნიქსონი და კისინჯერი ჩავიდნენ თეირანში და შეხვდნენ შაჰ მოჰამედ რეზა ფეჰლევის, სადაც დაარწმუნეს შაჰი, რომ ამერიკისგან იარაღის ყიდვა არ წარმოადგენს პრობლემას.

ამავე დროს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, ირანთან და ისრაელთან ერთად მხარს დაუჭერდნენ ქურთ პარტიზანებს, რომლებიც ერაყისგან დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ. კისინჯერმა მოგვიანებით აღნიშნა, რომ ვიეტნამის შემდეგ, შუა აღმოსავლეთში ამერიკული ძალების განლაგების შესაძლებლობა არ არსებობდა, ამიტომაც ირანი სპარსეთის ყურეში ამერიკის სუროგატი უნდა ყოფილიყო.

ერაყზე შემდგომი ზეწოლის მოსახდენად, 1974-1975 წლების ზამთარში, ამერიკის და ირანის მეშვეობით, პარტიზანული ომი გადავიდა ჩვეულებრივ საბრძოლო მოქმედებაში. 1975 წლის მარტში მოჰამედ რეზამ ხელი მოაწერა შეთანხმებას ერაყის ვიცე-პრეზიდენტ, სადამ ჰუსეინთან.

თურქეთის ინტერვენცია კვიპროსში

რედაქტირება

1967 წლიდან აშშ-ს მთავრობას და საბერძნეთის სამხედრო რეჟიმს შორის იყო სტაბილური ურთიერთობა. 70-იანი წლების პირველ ნახევარში კისინჯერი, რომელიც სახელმწიფო მდივანი იყო, წააწყდა პრობლემებს ბერძნული ხუნტას გადატრიალებისა და 1974 ივლისში კვიპროსში თურქეთის შეჭრის სახით.

„TheNewYorkTimes“-მა შეიტყო, რომ კისინჯერი და სახელმწიფო დეპარტამენტი წინასწარ იყვნენ ინფორმირებული მოსალოდნელი გადატრიალების შესახებ.

იოანის ზიგდისი, მაშინდელი საბერძნეთის პარლამენტის წევრი, ამტკიცებდა, რომ კვიპროსის კრიზისი გახდება კისინჯერის უოტერგეიტის სკანდალის ტოლფასი. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ კისინჯერმა იცოდა გადატრიალების შესახებ და ეს წაახალისა.

კისინჯერი იყო ანტიამერიკული განწყობების სამიზნე, რომელიც იმ დროს ბერძნული საზოგადოების მნიშვნელოვანი მახასიათებელი იყო, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. 1974 წლის აგვისტოში თურქეთის შემოჭრის მეორე ეტაპის შემდეგ, ფართომასშტაბიანი აქციები დაიწყო. არაერთი ლოზუნგი იყო კისინჯერის მისამართით, როგორიცაა „კისინჯერი მკვლელია“, „კვიპროსი - ეს არ არის ვიეტნამი“ და სხვა. რამდენიმე წლის შემდეგ, კისინჯერმა გამოთქვა მოსაზრება, რომ კვიპროსის საკითხი მოგვარდა 1974 წელს.

ლათინური ამერიკა

რედაქტირება

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განაგრძო მემარჯვენე მთავრობებთან ურთიერთობის აღიარება და დაახლოება, როგორც დემოკრატიულ, ისე ავტორიტარულ რეჟიმებთან. 1974 წელს დაიწყო მოლაპარაკებები პანამის არხის საკითხის დარეგულირებაზე, რამაც საბოლოოდ გამოიწვია ტორიხოს-კარტერის ხელშეკრულებები და არხის პანამისთვის გადაცემა.

კისინჯერმა თავდაპირველად მხარი დაუჭირა ამერიკას და კუბას შორის ურთიერთობების ნორმალიზებას, რომელიც 1961 წლიდან გაყინული იყო. თუმცა, მან მალევე შეცვალა აზრი. მას შემდეგ, რაც კუბის რევოლუციური შეიარაღებული ძალები მონაწილეობდნენ ანგოლასა და მოზამბიკის საბრძოლო მოქმედებებში. კისინჯერმა განაცხადა, რომ თუ კუბა თავის ძალებს არ გაიყვანს, ურთიერთობა არ ნორმალიზდება, რაზეც კუბამ უარი თქვა.

ინტერვენცია ჩილეში

რედაქტირება

ჩილეს სოციალისტური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის- სალვადორ ალიენდეს გამარჯვებამ 1970 წლის არჩევნებში, სერიოზული შეშფოთება გამოიწვია ვაშინგტონში. ალიენდე გამოირჩეოდა ღიად სოციალისტური და პროკუბური პოლიტიკით. ნიქსონის ადმინისტრაციამ, კისინჯერის და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მონაწილეობით, ხელი შეუწყვეს სამხედრო გადატრიალებას, მაგრამ გეგმა წარმატებული არ აღმოჩნდა.

შეერთებულ შტატებსა და ჩილეს შორის ურთიერთობები სალვადორ ალიენდეს მმართველობის პერიოდში გაიყინა. ამასთან ერთად, ჩილემ მოახდინა აშშ-ს ნაწილობრივ მფლობელობაში არსებული სპილენძის მაღაროების და ITT კორპორაციის სრული ნაციონალიზაცია.

საპასუხოდ, ამერიკამ ჩილეს ეკონომიკური სანქციები დაუწესა და CIA გამოყოფდა თანხებს ალიენდეს მმართველობის საწინააღმდეგო დემონსტრაციებისა და გაზეთ „ElMercurio“-ში პროპაგანდისთვის.

ალიენდეს თანამდებობის დაკავების ხელის შესაშლელად ყველაზე სწრაფი გზა იყო, ჩილეს კონგრესის დარწმუნება, ხორხე ალესანდრის არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადება, რის შემდეგ, ალესანდრი თავისი შუამავლების მეშვეობით, მზად იქნებოდა რამდენიმე დღეში დაეტოვებინა პრეზიდენტის პოსტი და დაინიშნებოდა ხელახალი არჩევნები.

ალიენდეს გადაყენების ამ არასამხედრო გეგმას შეარქვეს - Track 1. ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მეორე გეგმა შემუშავებული იყო სამხედრო გადატრიალების მოსაწყობად.

1973 წლის 11 სექტემბერს, ალიენდე მოკლეს სამხედრო გადატრიალების დროს, რომელსაც ხელმძღვანელობდა შეიარაღებული ჯარების მთავარსარდალი აუგუსტო პინოჩეტი, რომელიც გახდა პრეზიდენტი. 2000 წელს CIA-ს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში, სახელწოდებით „CIA-ს საქმიანობა ჩილეში“, ნაჩვენებია, რომ ამერიკა და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო აქტიურად უჭერდნენ მხარს სამხედრო ხუნტას მეშვეობით ალიენდეს დამხობას და მომავალშიც თანამშრომლობდნენ მათთან.

1976 წლის სექტემბერში, პინოჩეტის რეჟიმის მოწინააღმდეგე, ორლანდო ლეტელიერი, მოკლეს ვაშინგტონში. კისინჯერი დაეხმარა ორლანდოს ციხიდან გამოსვლაში. მოგვიანებით დადასტურდა, რომ პინოჩეტს ღიად ჰქონდა გაცხადებულილეტელიერის მკვლელობა. ეს იყო საიდუმლო ოპერაცია „კონდორის“ ნაწილი, რომლის მიხედვითაც ხდებოდა პოლიტიკური რეპრესიები და მკვლელობები სამხრეთ კონუსის რეგიონში. ამ ოპერაციაში მონაწილეობას კისინჯერსაც აბრალებდნენ.

არგენტინა

რედაქტირება

კისინჯერი მიყვებოდა იგივე ხაზს არგენტინასთან მიმართებაში, რასაც ჩილეში. 1976 წელს არგენტინელმა სამხედროებმა, ხორხე ვიდელას მეთაურობით, ჩამოაგდეს ისაბელ პერონის არჩეული მთავრობა, რის შემდგომ დაიწყეს პოლიტიკური რეპრესიები.

1987 წელს, ჟურნალ „TheNation“-ის ოქტომბრის ნომერში, ჟურნალისტური გამოძიების შედეგად, გავრცელდა ვერსია, რომ 1976 წლის ივნისში სანტიაგოში, სასტუმრო კარერაში გამართულ შეხვედრაზე, კისინჯერმა სამხედრო ხუნტას "მწვანე შუქი" მისცა. იგულისხმება რეპრესიების გატარება მემარცხენე პარტიზანებზე და დისიდენტებზე, რომელთა დიდი ნაწილი საკონცენტრაციო ბანაკებში ჰყავდათ.

აღმოსავლეთ ტიმორი

რედაქტირება

პორტუგალიის დეკოლონიზაციის პროცესმა აშშ-ის ყურადღება მიიპყრო. კერძოდ, აღმოსავლეთ ტიმორი, რომელიც ინდონეზიის არქიპელაგის შემადგენლობაში შედის, 1975 წელს დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ინდონეზიის პრეზიდენტი სუჰარტო იყო ამერიკის ძლიერი მოკავშირე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში და დაიწყო არმიის მობილიზება, რომ მოეხდინა აღმოსავლეთ ტიმორის ანექსია.

1975 წლის დეკემბერში სუჰარტომ, ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაში, კისინჯერთან და პრეზიდენტ ფორდთან შეხვედრაზე განიხილა შეჭრის გეგმა. კისინჯერმა და ფორდმა აღნიშნეს, რომ აშშ-ინდონეზიის ურთიერთობა დარჩება ძლიერი და ისინი არ იყვნენ ამ გეგმის წინააღმდეგნი. მათ სურდათ აღნიშნულის განხორციელება სწრაფად და განაცხადეს, რომ ეს გადაიდებოდა, სანამ ისინი ვაშინგტონში არ დაბრუნდებოდნენ. სუჰარტოს გეგმა ერთი დღით გადაიდო და 7 დეკემბერს ინდონეზიურმა ჯარებმა განახორციელეს იერიში პორტუგალიის ყოფილ კოლონიაზე. ამერიკამ განაგრძო იარაღის მიწოდება ინდონეზიისთვის, ხოლო სუჰარტომ მოახდინა ანექსირება.

მომავალი საქმიანობა

რედაქტირება

კისინჯერმა დატოვა თანამდებობა, როდესაც ჯიმი კარტერმა 1976 წლის არჩევნებში ფორდი დაამარცხა. ჰენრიმ განაგრძო პოლიტიკური კონსულტირება და მუშაობა პოლიტიკურ ჯგუფებში, როგორიცაა სამმხრივი კომისია. მას შესთავაზეს კათედრა კოლუმბიის უნივერსიტეტში, რომლის წინააღმდეგიც იყვნენ სტუდენტები, რის გამოც მან კათედრა ვერ დაიკავა. ამის შემდეგ, ის დაინიშნა ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტში.

1982 წელს კისინჯერმა დააფუძნა საკონსულტაციო კომპანია „KissingerAssociates“. 1989 წლის სექტემბერში „TheWallStreetJournal“-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კისინჯერს ჰქონდა ეკონომიკური ინტერესები აშშ-ჩინეთის მოლაპარაკებების შედეგად შექმნილ „ChinaVentures, Inc.“-ის ფორმირებით. ქალაქ დელავერში შექმნილი საპარტნიორო კომპანია, რომლის დირექტორი და საბჭოს თავმჯდომარე იყო კისინჯერი. მისი მიზანი იყო 75 მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტირება საერთო საწარმოში, რომელიც უკავშირდებოდა მთავარი კომერციული ავტომობილის წარმოებას ჩინეთში. საბჭოს წევრები იყვნენ ჰენრის საკონსულტაციო კომპანიის ძირითადი კლიენტები.

1995-2001 წლებში კისინჯერი იყო დირექტორთა საბჭოს წევრი „Freeport-McMoRan“-ში, სპილენძის და ოქროს მწარმოებელ ტრანსნაციონალურ კომპანიაში. 2000 წლის თებერვალში ინდონეზიის მაშინდელმა პრეზიდენტმა აბდურაჰმან ვაჰიდმა იგი დანიშნა პოლიტიკურ მრჩეველად და ასევე იყო აშშ-აზერბაიჯანის სავაჭრო პალატის საპატიო მრჩეველი.

2002 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებული სკანდალის საპასუხოდ, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ჩამოაყალიბა კომისია, რომელიც გაუწევდა რეკომენდაციას რეფორმებს. ამ კომისიაში მუშაობდა ჰენრი კისინჯერიც და მუშაობის ბოლოს მიენიჭა საერთაშორისი ოლიმპიური კომიტეტის საპატიო წევრის სტატუსი.

2000-2006 წლებში იყო ეიზენჰაუერის ფონდის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე და პოსტის დატოვების შემდეგ მიიღო დუაიტ ეიზენჰაუერის მედალი ლიდერობისა და გაწეული სამსახურისთვის. 2002 წლის ნოემბერში კისინჯერი დაინიშნა ეროვნული კომისიის თავმჯდომარედ, რომელიც იძიებდა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტულ აქტებს თუმცა პოსტი ერთ თვეში დატოვა, ინტერესთა კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად. 2008 წლის დეკემბერში კისინჯერს მიენიჭა ამერიკის პატრიოტის ჯილდო, ეროვნული თავდაცვის საუნივერსიტეტო ფონდის მიერ.

ხედვები ამერიკის საგარეო პოლიტიკაზე

რედაქტირება

იუგოსლავიის ომი

რედაქტირება

კისინჯერმა ინტერვიუებში და რამდენიმე სტატიაში, რომელიც მან მისცა იუგოსლავიის ომების დროს, გააკრიტიკა ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, მათ შორის ბოსნია-ჰერცეგოვინას სუვერენულ სახელმწიფოდ აღიარებასთან დაკავშირებით, რაც მან აღწერა უგუნურ მოქმედებად. მთავარი იყო ის, რომ ჰენრიმ უარყო წარმოდგენა იმის შესახებ, რომ სერბები და ხორვატები არიან აგრესორები ან სეპარატისტები. კისინჯერი არაერთხელ აფრთხილებდა დასავლეთს, რომ ის არ უნდა იღებდეს მონაწილეობას კონფლიქტებში, რომლის ფესვები ასწლეულებს ითვლის. ის ასევე კრიტიკულად აფასებდა დასავლეთის მონაწილეობას კოსოვოს ომში და რამბუის შეთანხმებას:

რამბუის ტექსტი, რომელიც სერბეთს მოუწოდებს მიიღოს ნატო-ს ჯარები მთელი იუგოსლავიის მასშტაბით, იყო პროვოკაცია და დაბომბვის დაწყების საბაბი. ეს არ არის დოკუმენტი, რომლის მიღებაც ნებისმიერ სერბს შეუძლია და სურს. ეს იყო საშინელი დიპლომატიური დოკუმენტი, რომელიც არასოდეს არ უნდა ყოფილიყო ასე წარმოდგენილი.

2006 წელს გამოცემულ ბობ ვუდვორდის წიგნში წერია, რომ კისინჯერი რეგულარულად ხვდებოდა პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს და ვიცე-პრეზიდენტ დიკ ჩეინს, ერაყის ომთან დაკავშირებით რჩევების მისაცემად. კისინჯერმა ვუდვორდთან ჩაწერილ ინტერვიუებში დაადასტურა , რომ რჩევა იგივე იყო, რაც მან 2005 წლის 12 აგვისტოს „TheWashingtonPost“-ში მიცემულ ინტერვიუში თქვა: „აჯანყებულთა დამარცხება ერთადერთი გამოსადეგი სტრატეგიაა.“

2006 წელს BBC-სთან ინტერვიუში კისინჯერს ჰკითხეს, არის თუ არა ერაყში გამარჯვების იმედი დარჩენილი და მან უპასუხა:

 
„თუ გამარჯვებაში გულისხმობთ ერაყის მთავრობის შექმნას და ფუნქციონირებას, რომელიც აკონტროლებს სამოქალაქო ომს და მხარს დაუჭერს დემოკრატიულ განვითარებას, მე არ მჯერა, რომ ეს შესაძლებელია...“

პიტერ რობინსონთან 2008 წლის აპრილში მიცემულ ინტერვიუში, კისინჯერი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ის ემხრობოდა 2003 წელს ერაყში შეჭრას, ბუშის ადმინისტრაცია ზედმეტად თავდაჯერებული იყო და ენდობოდა თავის არგუმენტებს ომის სასარგებლოდ. კისინჯერმა გააკრიტიკა ადმინისტრაცია მცირე სამხედრო კონტინგენტის შეყვანის, ერაყის არმიის დაშლისა და გარკვეულ მოკავშირეებთან ურთიერთობის გაფუჭების გამო.

კისინჯერი ესწრებოდა პეკინის 2008 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალს. რამდენიმე თვით ადრე, გავრცელდა ინფორმაცია ჩინეთში ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებთან დაკავშირებით და სიკვდილით დასჯის შემთხვევებზე. კისინჯერმა განუცხადა ჩინეთის ოფიციალურ პრესსამსახურს:

 
„ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა დავაშოროთ ოლიმპიური თამაშები ნებისმიერ პოლიტიკურ უთანხმოებას. მე ველოდები, რომ თამაშები გაგრძელდება იმ სტილით, რომელიც მისთვის დამახასიათებელია. ეს არის ერების მეგობრობა და სხვა ფორუმებზე განიხილება სხვა საკითხები.“

იგი არაერთხელ აღნიშნავდა ინტერვიუებში და თავის წიგნში ჩინეთის შესახებ, რომ მისი აზრით, ჩინეთის სურვილია აღადგინოს თავისი ისტორიული მნიშვნელობა და კაცობრიობის მთავარი მრჩეველი გახდეს.

კისინჯერის პოზიცია აშშ-ირანის მოლაპარაკებების საკითხთან დაკავშირებით იყო ის, რომ „ნებისმიერი პირდაპირი მოლაპარაკება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ბირთვული დავა, სავარაუდოდ წარმატებული იქნებოდა, თუ ისინი დაიწყებდნენ დიპლომატიური კორპუსის მეშვეობით საუბარს და შემდგომ უკვე სახელმწიფოს მეთაურების ჩართვით.“ 2016 წელს კისინჯერმა თქვა, რომ ახლო აღმოსავლეთის ყველაზე დიდი პრობლემა არის ირანის პოტენციური დომინირება რეგიონში, რომელიც არის იმპერიალისტური და ჯიჰადისტური განწყობებით.

2014 წლის უკრაინის კრიზისი

რედაქტირება

2014 წლის 5 მარტს, ყირიმის რეფერენდუმამდე 11 დღით ადრე, „TheWashingtonPost“-მა გამოაქვეყნა კისინჯერის სტატია. მან ხაზი გაუსვა ოთხ მთავარ პუნქტს:

  • უკრაინას უნდა ჰქონდეს უფლება თავისუფლად აირჩიოს თავისი ეკონომიკური და პოლიტიკური გაერთიანებები, მათ შორის ევროპასთან.
  • უკრაინა არ უნდა გაწევრიანდეს ნატოში - იმ პოზიციის განმეორება, რომელიც შვიდი წლის იყო.
  • უკრაინას უნდა ჰქონდეს უფლება შექმნას ნებისმიერი მთავრობა, რომელიც შეესაბამება ხალხის გამოხატულ ნებას. შემდეგ, უკრაინელი ლიდერები შეარჩევენ შესაბამის შერიგების პოლიტიკას მათი ქვეყნის სხვადასხვა ნაწილებს შორის. განიხილება ფინეთის მსგავსი მოდელი.
  • უკრაინამ უნდა შეინარჩუნოს სუვერენიტეტი ყირიმზე

კისინჯერმა აღნიშნა, რომ იგი ხედავს უკრაინას, როგორც შესაძლო გეოგრაფიულ შუამავალს რუსეთსა და დასავლეთს შორის. 2016 წლის დეკემბერში კისინჯერმა ურჩია არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპსე ღიარებინა ყირიმი, როგორც რუსეთის ნაწილი.მისი აზრით, ეს იქნებოდა ამერიკას და რუსეთს შორის მჭიდრო კავშირები სდამყარების მცდელობა, რომელიც ყირიმი სანექსიის შემდეგ ჩიხში შევიდა.

საზოგადოების აღქმა

რედაქტირება

უილიამის და მერის კოლეჯის მეცნიერები კისინჯერს ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე ეფექტურ სახელმწიფო მდივანს უწოდებენ. ეს მოიცავს 1965-2015 წლების პერიოდს. ბევრი ჟურნალისტი, პოლიტიკური აქტივისტი, იურისტი და უფლებადამცველი მას მიიჩნევს ომის დამნაშავედ.

თუმცა, კისინჯერის ისტორიკოსის და ბიოგრაფის, ნილ ფერგიუსონის თანახმად, მისი ომის დამნაშავედ შერაცხვა ორმაგ სტანდარტებს ეხება, ვინაიდან ეს არა მხოლოდ კისინჯერის დაბრალდებაა, არამედ სხვა სახელმწიფო მდივნების და პრეზიდენტების.

2001 წლის სექტემბერში ჩილეს გენერალური შტაბის ყოფილი უფროსის, გენერალ რენე შნაიდერის ნათესავებმა, კისინჯერზე შეიტანეს სარჩელი ვაშინგტონის ფედერალურ სასამართლოში და 2002 წელს ლონდონის უმაღლეს სასამართლოში. საქმე ეხებოდა კისინჯერის დადანაშაულებას 1969-1975 წლებში ვიეტნამში მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურებას. ყოფილ სახელმწიფო მდივანს ბრალდებული მხარე ედავებოდა ომის დანაშაულის ჩადენას და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს.

ოჯახი და პირადი ცხოვრება

რედაქტირება

1949 წლის 6 თებერვალს ჰენრი კისინჯერმა ცოლად შეირთო ენ ფლეიშერი და მათ შეეძინათ ორი შვილი, ელიზაბეტი და დევიდი. ჰენრი და ენი განქორწინდნენ 1964 წელს. 1974 წლის 30 მარტს იგი დაქორწინდა ნენსიმაგინესზე. დღესდღეობით, ცხოვრობენ კენტში და ნიუ-იორკში. კისინჯერის ვაჟი, დევიდი იყო ხელმძღვანელი NBC Universal-ში. 1982 წლის თებერვალში, 58 წლის ასაკში, ჰენრი კისინჯერს ჩაუტარდა კორონალური არტერიის ოპერაცია.

2023 წლის 29 ნოემბერს ჰენრი კისინჯერი კონექტიკუტის შტატში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა 101 წლის ასაკში.[16]

ჯილდოები, ღირსებები და ასოციაციები

რედაქტირება
  • კისინჯერმა და ლე დიკ თხომ ერთობლივად მიიღეს 1973 წლის ნობელის მშვიდობის პრემია პარიზის სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობისთვის, რითაც მოითხოვდნენ ვიეტნამის ომიდან ამერიკული ძალების გაყვანას. (ლე დიკ თხომ უარი თქვა ჯილდოს მიღებაზე იმ მოტივით, რომ ასეთი „ბურჟუაზიული სენტიმენტალურობა“ არ იყო მისთვის დამახასიათებელი[40] და რომ სინამდვილეში მშვიდობას ვერ მიაღწია ვიეტნამმა.) კისინჯერმა თავისი ფულადი ჯილდო ქველმოქმედებას შესწირა, არ დაესწრო დაჯილდოების ცერემონიას.[40]
  • 1973 წელს, კისინჯერმა მიიღო აშშ-ს სენატორის ჯონ ჰეინზის ჯილდო ღირსეული საჯარო სამსახურისთვის.[17]
  • 1976 წელს კისინჯერი გახდა ჰარლემ გლობეტროტერის პირველი საპატიო წევრი.[18][19]
 
კისინჯერი LBJ ბიბლიოთეკაში 2016 წელს

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. The Nobel Peace Prize 1973 en-US. ციტირების თარიღი: February 4, 2019
  2. The Nobel Prize: A History Of Genius, Controversy, and Prestige. 
  3. „Henry Kissinger: Realpolitik and Kurdish Genocide“. March 24, 2013. ციტირების თარიღი: March 1, 2019.
  4. „Henry Kissinger: Realpolitik and Kurdish Genocide“. March 24, 2013. ციტირების თარიღი: March 1, 2019.
  5. „As Door Opens for Legal Actions in Chilean Coup, Kissinger Is Numbered Among the Hunted“. March 28, 2002. ციტირების თარიღი: December 14, 2015.
  6. Protesters Heckle Kissinger, Denounce Him for 'War Crimes' (January 30, 2015). ციტირების თარიღი: December 14, 2015.
  7. „Does Hillary Clinton see that invoking Henry Kissinger harms her campaign?“. February 13, 2016. ციტირების თარიღი: October 23, 2016. "[...] many consider Kissinger a war criminal, most famously Christopher Hitchens, who, in a lengthy two-part article for Harper's in 2001 (later expanded into the book and documentary, The Trial of Henry Kissinger), laid out his case that Kissinger should be brought up on charges 'for war crimes, for crimes against humanity, and for offenses against common or customary or international law, including conspiracy to commit murder, kidnap, and torture'.
  8. „The Best International Relations Schools in the World“. February 3, 2015. ციტირების თარიღი: August 8, 2015.
  9. Hesse, Uli. (February 17, 2012) Go Furth and Conquer. ESPN Soccernet. ციტირების თარიღი: May 3, 2012.
  10. Isaacson 1992.
  11. Henry Kissinger – Biography. NobelPrize.org. ციტირების თარიღი: December 30, 2006.
  12. Henry Kissinger – Biography. NobelPrize.org. ციტირების თარიღი: December 30, 2006.
  13. Nuclear weapons and foreign policy. Harper & Brothers. 
  14. 14.0 14.1 Henry Kissinger – Biography. NobelPrize.org. ციტირების თარიღი: December 30, 2006.
  15. [https://china.usc.edu/getting-beijing-henry-kissingers-secret-1971-trip Getting To Beijing: Henry Kissinger's Secret 1971 Trip
  16. 100 წლის ასაკში გარდაიცვალა ჰენრი კისინჯერი
  17. National Winners | public service awards. Jefferson Awards.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 24, 2010. ციტირების თარიღი: February 15, 2014.
  18. „Halem Globetrotters still inspire hoop screams“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-05-05. ციტირების თარიღი: 2020-06-30.
  19. „Harlem Globetrotters History“. Harlem Globetrotters. დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 5, 2014. ციტირების თარიღი: May 5, 2014.
  20. "National Book Awards – 1980". National Book Foundation. Retrieved March 16, 2012.
  21. Kissinger, Henry Alfred[მკვდარი ბმული] in Who's Who in the Twentieth Century, Oxford University Press, 1999
  22. International Olympic Committee: Mr Henry Kissinger. Retrieved February 20, 2014.