გოლდა მეირი
გოლდა მეირი (ებრ. גּוֹלְדָּה מֵאִיר, ნამდვ. ფამ მეერსონი, დაბ. მაბოვიჩი; დ. 3 მაისი, 1898, კიევი — გ. 8 დეკემბერი, 1978, იერუსალიმი, ისრაელი) — ისრაელის მე-4 პრემიერ-მინისტრი (1969–1974).
გოლდა მეირი | |
---|---|
ებრ. גולדה מאיר | |
დაბადების თარიღი | 3 მაისი, 1898[1] [2] [3] [4] [5] |
დაბადების ადგილი | კიევი ან რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი | 8 დეკემბერი, 1978[3] [6] [7] [8] [2] [4] [5] (80 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | West Jerusalem |
მოქალაქეობა |
ბრიტანული მანდატი პალესტინაში ისრაელი |
განათლება | უისკონსინ-მილუოკის უნივერსიტეტი, North Division High School და Wisconsin State College of Milwaukee |
მეუღლე/ები | Morris Meyerson |
შვილ(ებ)ი | Menachem Meir |
ჯილდოები | Colorado Women's Hall of Fame[9] , ისრაელის პრემია, ბარ-ილანის სახელობის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, honorary doctor of Brandeis University, Order of the Quetzal, Order of the Liberator, Order of the Equatorial Star, Order of José Matías Delgado და იერუსალიმის საპატიო მოქალაქე |
გოლდა მეირი დაიბადა კიევში, რუსეთის იმპერიაში (ამჟამად უკრაინა) მოიშე-იცხოკისა და ბლიუმა მაბოვიჩების ოჯახში. ოჯახთან ერთად ემიგრაციაში გადავიდა მილუოკიში, უისკონსინი (აშშ) 1906 წელს. დაამთავრა პედაგოგიური კოლეჯი, ასწავლიდა საშუალო სკოლებში. 1915 წელს შევიდა მემარცხენე სიონისტთა ორგანიზაცია „პოალეი ციონ“ და პალესტინაში გადავიდა მეუღლესთან მორის მეიერთან ერთად 1921 წელს. 1956 წელს დავიდ ბენ-გურიონის თხოვნით შეიცვალა გვარი მეირით.
1924 წლიდან თელ-ავივში ცხოვრობდა. მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე პროფკავშირებში და სამთავრობო ორგანიზაციებში, 1949 წლამდე კნესეთში არჩევამდე. 1949-56 წლებში შრომის მინისტრია, 1956–1966 წლებში კი საგარეო საქმეთა მინისტრი.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი გახდა ლევი ეშკოლის გარდაცვალების შემდეგ. მისი მმართველობის პერიოდში მმართველ პარტიაში სერიოზული უთანხმოებები და დავები ხდებოდა, რაც განპირობებული იყო ლიდერული ხედვის უკმარისობით და სტრატეგიული შეცდომებით. საბოლოოდ ეს უთანხმოებები 1973 წელს განკითხვის დღის ომის წარუმატებლობის მიზეზი გახდა. გოლდა მეირმა ლიდერობა იცხაკ რაბინს გადასცა.
გარდაიცვალა 1978 წელს იერუსალიმში და დაკრძალულია იქვე, ჰერცელის მთაზე. 1982 წელს მასზე გადაიღეს მხატვრული ფილმი „ქალი, რომელსაც გოლდა ერქვა“.
ბიოგრაფია
რედაქტირებაადრეული ცხოვრება
რედაქტირებაგოლდა მეირი დაიბადა 1898 წლის 3 მაისს რუსეთის იმპერიაში, ქალაქ კიევში. მისი მშობლები გახლდნენ ბლუმ ნაიდიჩ-მაბოვიჩი და მოიშე-იცხოკ მაბოვიჩი. ავტობიოგრაფიაში მეირი წერს, რომ მისი ადრეული მოგონებები სწორედ მამასთან არის დაკავშირებული. მოიშე-იცხოკ (მოსე) მაბოვიჩი მუშაობდა დურგლად, დედა ბლიუმა ნაიდიჩ-მაბოვიჩი იყო დიასახლისი. გოლდას ჰყავდა ორი და: შეინა(1889-1972) და ციპკა (იგივე კლარა, 1902-1981, რომელიც ყველაზე უმცროსი იყო). მაბოვიჩების ოჯახის კიდევ ხუთი შვილი ჩვილობაში მძიმე სენით გარდაიცვალა. გოლდა ყველაზე მეტად დაახლოებულ იყო შეინასთან და გარკვეული პერიოდი ისინი ერთად ცხოვრობდნენ.
XX საუკუნის დასაწყისში კიევის გუბერნია არაერთხელ გახდა ებრაელების დევნის ადგილი, რის გამოც ცარისტული რუსეთის დატოვება უამრავ ებრაელს მოუწია. გამონაკლისი არც გოლდას ოჯახი ყოფილა. მაბოვიჩები 1903 წელს პინკსკში (ბრესტის ოლქი, ბელორუსი) დაბრუნდნენ მეირის ბებია-ბაბუის სახლში. ამავე წელს მოსე მაბოვიჩი გაემგზავრა ამერიკის შეერთებულ შტატებში შემოსავლის წყაროს მოსაძიებლად. სამ წელიწადში, 1906 წელს გოლდა დებთან და დედასთან ერთად ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში შტატ უისკონსინში, ქალაქ მილუოკში დასახლდნენ.
მეოთხე კლასში გოლდამ და მისმა მეგობარმა რეგინა ჰამბურგერმა დაარსეს „ახალგაზრდა დების ამერიკული საზოგადოება“, რომლის ძირითადი მიზანი გახლდათ იმ მოსწავლეებისათვის თანხის შეგროვება, რომელთაც არ შეეძლოთ წიგნებისათვის და გადასახადისათვის საჭირო სახსრების მოძიება. აღსანიშნავი იყო გოლდას სიტყვით გამოსვლები, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს თანხის უდიდესი ნაწილის შეგროვებაში. სახსრები ძირითადად მოხმარდა სახელმძღვანელოების შეძენას. ამასთანავე ადგილობრივ გაზეთში გამოქვეყნდა ფოტო, რომელზეც „ახალგაზრდა დების საზოგადოება“ იყო ასახული. საზოგადოების სურათი იყო პირველი ფოტო, რომელზედაც გოლდა მეირი გახლდათ აღბეჭდილი.
დენვერში ცხოვრება
რედაქტირება1912 წელს გოლდამ დაამთავრა პირველი საფეხურის სკოლა და გადაწყვიტა სწავლა დენვერში განეგრძო. მას არ გააჩნდა თანხა, რათა სამგზავრო ბილეთი ეყიდა. 14 წლის ასაკში მან დაიწყო ემიგრანტების ინგლისურ ენაში მომზადება. ავანსის სახით კი ერთ საათში 10 ცენტს იღებდა. ასევე ნახევარ განაკვეთზე მუშაობდა მილუოკის ბიბლიოთეკაში. მშობლები ეწინააღმდეგებოდნენ მის გეგმებს, მაგრამ გოლდა მაინც გაემგზავრა დენვერში. გოლდამ მათ გამოსამშვიდობებელი წერილი დაუტოვა, სადაც წერდა რომ არ ენერვიულათ მასზე.
დენვერში ცხოვრობდნენ მისი უფროსი და შეინა და მისი მეუღლე შამაი კორნგოლდი,შვილთან იუდიტთან ერთად. ამ პერიოდში ამერიკის მასშტაბით მხოლოდ დენვერში მდებარორებდა ისეთი საავადმყოფო, სადაც მკურნალობდნენ ემიგრანტ ებრაელებს. ამ საავადმყოფოს პაციენტების ნაწილი მეგობრობდა კონგოლდებთან და ხშირად სტუმრობდნენ მათ. მათ შორის ასევე იყვნენ სიონისტებიც. ამ პერიოდმა დიდი გავლენა მოახდინა გოლდა მეირის ცნობიერების ჩამოყალიბებაზე. დენვერში ის შეხვდა თავის მომავალ მეუღლეს მორის მეერსონს. ავტობიოგრაფიაში მეირი წერს:
შეინა მიიჩნევდა, რომ გოლდა ჯერ კიდევ ბავშვი იყო და მის მიმართ საკმაოდ მკაცრი გახლდათ. მათ საკმაოდ სერიოზული კამათიც კი მოუვიდათ, რის შედეგადაც გოლდამ დატოვა შეინას სახლი. მეირი მოეწყო ერთ-ერთ ატელიეში სამუშაოდ და იქირავა პატარა ოთახი. ერთი წლის შემდეგ კი მამისაგან წერილი მიიღო, რომელშიც მამა მას წერდა:
„თუ შენთვის დედაშენის სიცოცხლე მნიშვნელოვანია აუცილებლად უნდა დაბრუნდე შინ.“
|
ამიტომაც გოლდა იძულებული გახდა სახლში დაბრუნებულიყო.
სიონისტური მოღვაწეობა
რედაქტირება1914 წელს გოლდა დაბრუნდა მილუოკში. მათი ცხოვრება ნელ ნელა ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა, მამამ მუდმივი სამსახური დაიწყო, ოჯახი ახალ სახლში გადავიდა საცხოვრებლად მეათე ქუჩაზე. გოლდამ საშუალო სკოლაში ჩააბარა, რომელიც 1916 წელს დაასრულა, იმავე წელსვე მოეწყო პედაგოგიურ კოლეჯში მილუოკში (დღეს - ვისკონსინის უნივერსიტეტი მილუოკში). 17 წლის ასაკში გოლდა შეუერთდა მემარცხენე სიონისტურ ორგანიზაციას „პოალეი ციონს“. 1917 წლის 24 დეკემბერს მეირი დაქორწინდა მორის მეერსონზე, რომელიც იზიარებდა მის სიონისტურ-სოციალისტურ მოსაზრებებს.
1921 წელს იგი თავის მეუღლესთან, მეგობართან, დასთან — შეინასთან და მათ შვილებთან ერთად მილუოკიდან საცხოვრებლად გადავიდა პალესტინაში, იმ დროისათვის საკმაოდ პატარა ქალაქ თელ-ავივში, რომელიც 12 წლით ადრე დაარსეს გადასახლებულმა ებრაელებმა.
ებრაელები პალესტინაში აარსებდნენ სასოფლო-სამეურნეო, კოოპერატიულ დასახლებებს, სადაც გაერთიანებულები იყვნენ ფერმერები. ისინი ცხოვრობდნენ კერძო საკუთრების გარეშე. ამგვარ კოოპერატიულ მეურნეობებს კიბუცები ეწოდებოდა. გოლდა მეირი ამ პერიოდში კერძოდ ამზადებდა მოსწავლეებს ინგლისურ ენაში, რის გამოც მას და მის მეუღლეს მერხავიის კიბუცში გაწევრიანება საკმაოდ გაუჭირდათ, თუმცა, მაინც მოახერხეს. მთელი 1920-30-იანი წლების განმავლობაში მას გაძლიერებულ ებრაულ პროფკავშირში წამყვანი თანამდებობები ეკავა. მისი მთავარი ამოცანა ევროპიდან გამოხიზნული ებრაელებისთვის საცხოვრებლების მომზადება და პალესტინის ინგლისური ადმინისტრაციის წინააღმდეგ მოქმედება იყო.
- მოგვიანებით იხსენებდა მეირი.
მერხავიაში დაიწყო გოლდა მეირის პოლიტიკური კარიერა. თავდაპირველად ის აირჩიეს დასახლების თავმჯდომარედ, შემდეგ კიბუცების მოძრაობის დელეგატად, სადაც გოლდა შეხვდა მუშათა მოძრაობის არაერთ ლიდერს, მათ შორის მოვავალი პრემიერ-მინისტრი ბენ-გურიონიც გახლდათ. გოლდა მეირი მას ჯერ კიდევ მილუოკში იცნობდა.
1929 და 1930 წლებში გოლდა მეირი ხშირად მიემგზავრებოდა ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ამერიკის შეერთებულ შტატებში იგი იმყოფებოდა მუშა ქალთა კავშირის ყრილობაზე. ორჯერ იმყოფებოდა ინგლისში, აქ უშუალოდ წარმოადგენდა მუშათა მოძრაობას. ამ დროისათვის გოლდა მეირს უკვე ჰყავდა ორი შვილი - მენაჰემი და სარა.
მნიშვნელოვანია ასევე იმის აღნიშვნაც, რომ გოლდა მეირმა 1938 წელს მონაწილეობა მიიღო ევიანისტურ კონფერენციაში, რომელშიც მონაწილეობას იღებდა 32 ქვეყანა და გადაწყვეტილებას იღებდნენ ებრაელი დევნილების საკითხთან მიმართებით.
1940-იან წლებში გოლდა მონაწილეობას იღებდა ებრაელი მოსახლეობის საპროტესტო აქციებში, რომლებიც ბრიტანეთისგან მოითხოვდნენ პალესტინისათვის დამოუკიდებლობის მინიჭებას. გოლდა აირჩიეს ებრაული სააგენტო „სოხნუტ“-ის პოლიტიკური დეპარტამენის ხელმძღვანელად.
1947 წლის 29 ნოემბერს გაერთანებული ერების ორგანიზაციის სხდომაზე ნიუ-ორკში მიიღეს გადაწყვეტილება პალესტინის ორ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ დაყოფასთან დაკავშირებით. მოცემულ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა 33 სახელმწიფომ, მათ რიგებში იყვნენ საბჭოთა კავშირი და ამერიკის შეერთებული შტატებიც, 13 ქვეყანამ კი ამ გადაწყვეტილების მიღებაზე უარი განაცხადა. ცამეტივე არაბული სახელმწიფო გახლდათ. იმავე დღეს გოლდა მეირმა არაბული ქვეყნების წარმომადგენლებს მიმართა მშვიდობისა და მეგობრობის მოწოდებით.
მაგრამ არაბებმა მაინც არ დაუჭირეს მხარი გაეროს მოცემულ გადაწყვეტილებას. ებრაელებმა გადაწყვიტეს იარაღით ხელში დაეცვათ საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობა. მეირი ამერიკაში გაემგზავრა, სადაც სიტყვით გამოვიდა არაერთ ღონისძიებაზე და დახმარება სთხოვა პარტნიორ ქვეყნებს. ექვსი კვირის განმავლობაში გოლდამ 50 მილიონი აშშ დოლარი შეაგროვა. ბენ-გურიონმა განაცხადა:
„ოდესღაც, როდესაც დაიწერება ისტორია, იქ აუცილებლად იქნება საუბარი ებრაელ ქალბატონზე, რომელმაც მოაგროვა ფული. მის მიერ მოგროვებული ფული აუცილებელი იყო დამოუკიდებელი სახლემწიფოს ჩამოსაყალიბებლად.“
|
1948 წლის 14 მაისს გოლდა მეირი იყო მათ შორის, ვინც ხელი მოაწერა ისრაელის დამოუკიდებლობის დეკლარაციას. საერთო ჯამში აქტს ხელი მოაწერა 38 ადამიანმა,რომელთა შორის ორი ქალბატონი იყო - გოლდა მეირი და რაჰელ კოენ-კაგანი. თავად მეირი საკუთარ მოგონებებში ამის შესახებ წერს:
მომდევნო დღეს (1948 წლის 15 მაისს) ისრალზე განხორციელდა შეიარაღებული თავდასხმა ეგვიპტის, სირიის , ლიბანის , იორდანიისა და ერაყის გაერთიანებული სამხედრო შენაერთების მიერ. სწორედ ასე დაიწყო ომი დამოუკიდებელი ისრაელისთვის.
რუსეთში მოღვაწეობა
რედაქტირება1948 წლის მაისში დამოუკიდებელი ისრაელის შექმნის შემდეგ, სექტემბერში მეირი წარდგენილი იყო პირველ დიპლომატიურ წარმომადგენლად მოსკოვში. დამოუკიდებლობისათვის ბრძოლასთან ერთად, ახალგაზრდა ისრაელს დასჭირდა იარაღის დიდი მარაგი. პირველი სახელმწიფო რომელმაც დე-იურედ აღიარა ისრაელი გახლდათ საბჭოთა კავშირი. სწორედ ის გახდა იარაღის პირველი მსხვილი მიმწოდებელი ქვეყნისთვის.
1948 წლის სექტემბერში გოლდა მეირი დაინიშნა ისრაელის პირველ ელჩად საბჭოთა კავშირში. ამ თანამდებობაზე ის 1949 წლის მარტამდე იყო. გოლდა პირველ ქნესეთში 1949 წელს აირჩიეს.
ამ თანამდებობაზე მცირე დროის განმავლობაში ყოფნის მიუხედავად, გოლდამ მოახერხა უამრავი მომხრის შემოკრება მოსკოვის სინაგოგაში. ეს მოვლენა აღბეჭდილი იყო ისრაელის ბანკნოტებზე, რომლებიც 10 000 შეკელისა და 10 ახალი შეკელის ოდენობით ფასდებოდა. მეერი შეხვდა ვიაჩისლავ მოლოტოვსაც და სხვა საბჭოთა ლიდერებს. გოლდამ პირადად აუწყა საბჭოთა კავშირში მცხოვრებ ებრაელებს მათი სახლემწიფოს დამოუკიდებლობის მოპოვების შესახებ.
გოლდა არ საუბრობდა რუსულ ენაზე. კრემლში, ვიაჩისლავ მოლოტოვის მეუღლემ, პოლინა ჟემჩუჟინამ მეირს შემდეგნაირად მიმართა: „მე ებრაელის ქალიშვილი ვარ!“ (Ich bin a yiddishe Tochter). 1949 წელს იგი აირჩიეს ისრაელის შრომის მინისტრად.
„ის 7 წელი,რომელიც მე შრომის მინისტრის თანამდებობაზე გავატარე, ეჭვგარეშეა, იყო ყველაზე ბედნიერი დრო ჩემს ცხოვრებაში. ამ სამსახურმა მე საოცარი კმაყოფილება მომიტანა.“
|
1958-1966 წლებში მეირი გახლდათ საგარეო საქმეთა მინისტრი, რა დროსაც მან საკუთარი შესაძლებლობები და ნიჭი უფრო მეტად დაანახა ებრაულ საზოგადოებას. ბენ-გურიონის დაჟინებული თხოვნით მაშინ ჯერ კიდევ მეირსონის გვარით ცნობილი გოლდა, ივრითულ გვარზე გადავიდა - მეირი, რაც ნიშნავს „განმანათლებელს“.
1956 წელს ისრაელში დაიწყო სინოისტური კამპანია, როგორც მოგვიანებით მეირმა აღნიშნა „1956 წელს ისრაელის ბრძოლა ეგვიპტესთან მხოლოდ ერთ მიზანს ატარებდა - ებრაული სახელმწიფოს გადარჩენა“.
გოლდა მეირი ცდილობდა ჩიხიდან გამოსვლას, რომელშიც იმჟამინდელი ისრაელი იყო აღმოჩენილი არაბული დაპირისპირების შედეგად. სამწუხაროდ, მისი არც ერთი გამოსვლა არ იყო სათანადოდ გაგებული და აღქმული არაბული მხრიდან, თითოეულ შეხვედრას ისინი დემონსტრაციულად ტოვებდნენ და ყველანაირად უშლიდნენ ხელს მშვიდობის დამყარებას.
გაეროს გენერალური ასამბლეის მეცხრე სესიაზე ისრაელი მკაცრად გააკრიტიკეს და მოსთხოვეს, გაეთავისუფლებინა ოკუპირებული ტერიტორიები. გოლდა მეირი ცდილობდა ამ რთული სიტუაციიდან რაიმე გამოსავალი მოეძებნა, როგორმე დაერეგულირებინა ჩიხში შესული ებრაულ-არაბული ურთიერთობები, მაგრამ მისი მოწოდებები არ იშეისმინეს არაბებმა. არაბული სახელმწიფოების ელჩები ერთმანეთის მიყოლებით ტოვებდნენ შენობას და არ სხდებოდნენ სალაპარაკო მაგიდასთან მეირის წინაშე.
მეირი მიიჩნევდა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის უმთავრესი მოვალეობა იყო ჩამოეყალიბებინა მეგობრული ურთიერთობა განვითარებად ლათინური ამერიკისა და აფრიკის ქვეყნებთან. მეირმა აფრიკული ქვეყნების დახმარების ეფექტური სისტემა შექმნა, პირველ რიგში ეს გულისხმობდა მათი განათლების დონის ამაღლებას. აფრიკელები ებრაელების სახით ხედავდნენ მეგობარს, რომელიც მათ დასახმარებლად იყო მოსული. იერუსალიმში ხშირად იხსენებდნენ, თუ როგორ აწყობდა გოლდა საკუთარ სახლში აფრიკული სიმღერისა და ცეკვის საღამოებს, როდესაც ჩამოდიოდნენ აფრიკული დელეგაციები.
1962 წელს მეირი ეწვია შორეულ აღმოსავლეთს. იაპონიაში მან ერთ კვირაზე მეტი გაატარა, სადაც ის იმპერატორს, პრემიერ-მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. მოგვიანებით ის იხსენებდა:
ამ პერიოდში ისრაელისათვის მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენდა „მფარველის“ მოძიება. სწორედ ამისკენ მოუწოდებდა გოლდა მეირი ამერიკას, რომ მათთვის ისრაელი გამხდარიყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი. გოლდამ იცოდა, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივანი ებრაული წარმოშობის იყო, მას იმედი ჰქონდა, რომ სწორედ ამიტომ მას დიდი დამხარების აღმოჩენა შეეძლო ისრაელისათვის. მეირის ერთ-ერთ წერილში, რომელიც გაგზავნეს ჰენრი კესინჯერის სახელზე, გამოხატული იყო თხოვნა იმის შესახებ, რომ პირველხარისხოვან ახლოაღმოსავლურ პრიორიტეტად ამერიკის შეერთებულ შტატებს - ისრაელი გამოეცხადებინა. წერილის გაგზავნიდან მალევე გოლდა მეირმა ჰენრი კისინჯერის საპასუხო წერილი მიიღო, სადაც ხაზგასმით ეწერა:
„მინდა თქვენ ინფორმაცია მოგაწოდოთ, პირველ რიგში - მე ამერიკის შეერთეული შტატების მოქალაქე ვარ, მეორე რიგში - ქვეყნის სახელმწიფო მდივანი, ხოლო მესახე რიგში - ებრაელი.“
|
გოლდამ მას უპასუხა:
„თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ჩვენ, ისრაელში, მარჯვნიდან მარცხვნივ ვკითხულობთ.“
|
1966-1968 წლებში გოლდა მეირი წარმოადგენდა სოციალ-დემოკრატიული სიონისტური პარტიის - მაპაის (ისრაელის მუშათა პარტია) გენერალურ მდივანს. ხუთი წლის განმავლობაში იგი თავმჯდომარეობდა ისრაელის ხელისუფლებას (1969-1974 წწ.).
გოლდა იშვიათად წერდა წერილებს, თუმცა მისი თითოეული გამოსვლა გაეროს გენერალურ ასამბლეასა თუ სხვა მნიშვნელოვან ყრილობაზე იყო სრულად მის მიერ დაწერილი, თუმცა ზედმიწევნით არასდროს მიჰყვებოდა დაწერილ ტექსტს. როგორც ის თავის მოგონებებში წერს, მისთვის მნიშვნელოვანი იყო მთავარი სათქმელი გადმოეცა ხალხისათვის გასაგებად. მას ორატორული ნიჭი ჰქონდა.
გოლდა არასდროს არ მიდიოდა ისეთ კომპრომისებზე, რომლებსაც შეეძლო სახელმწიფოს ღირსებისათვის ზიანი მიეყენებინა. სწორედ ამით ხსნის უამრავი მეცნიერი მის მიერ ხისტად მიღებულ არაერთ გადაწყვეტილებას.
მიუნხენის ოლიმპიადა
რედაქტირება1972 წლის ზაფხულში მიუნხენში მიმდინარე ოლიმპიური თამაშების დროს პალესტინური წარმოშობის სამხედრო დაჯგუფება „შავი სექტემბერი“ ისრაელის ოლიმპიურ ნაკრებს სასტიკად გაუსწორდა. ამის შემდგომ მეირმა მოუწოდა მსოფლიოს მოეძებნათ და გასწორებოდნენ ყველას, ვინც მონაწილე იყო ამ ტერაქტისა: „გადავარჩინოთ ჩვენი მოქალაქეები და დავგმოთ ჩადენილი უსიტყვო დანაშაულებრივი ქმედებები“.
გოლდას ამ განცხადებას არანაირი გავლენა არ ჰქონია, რის შემდეგაც მან უბრძანა „მოსადს“, რომ დაეწყოთ იმ ადამიანებზე ნადირობა, რომლებიც ტერაქტში გარეულები იყვნენ. ამასთანავე, მისი დაჟინებული თხოვნით დაჯგუფება „პელპისა“ და „შავი სექტემბრის“ თავმჯდომარეები უნდა ეპოვათ. „მოსადმა“ დავალება დამაკმაყოფილებლად შეასრულა და ტერაქტის ორგანიზატორები დასაჯა. 1986 წელს გამოვიდა სატელევიზიო ფილმი სახელწოდებით „გედეონის ხმალი“ (Sword of Gideon), რომელიც დაფუძნებული იყო ჯორჯ ჯონასის წიგნ „შურისძებაზე“. ამის შემდეგ ამავე მოვლენებზე 2005 წელს სტივენ სპილბერგმა გადაიღო ფილმი „მიუნხენი“.
იომ-ქიფურის ომი
რედაქტირებამომდევნო წლები, როდესაც გოლდა მეირი ხელისუფლების მეთაური გახდა, საკმაოდ რთული აღმოჩნდა ისრაელისათვის. ყველაზე ტრაგიკული იყო იომ-ქიფურის ომი. როგორც ცნობილია, ომი დაიწყო ისრაელის ჯარის მარცხით, რომელმაც ვერ შეძლო წინასწარ გაეთვალა ეგვიპტისა და სირიის მიერ დარტყმისათვის მზადება. ომის ბოლოსათვის ისრაელის ჯარი იმყოფებოდა დამასკოდან 35 კილომეტრში, ხოლო 101 კილომეტრში ქაიროდან. ამ ომის დასრულება დიდწილად არის გოლდა მეირის დამსახურება. ეგვიპტესა და ისრაელს შორის მშვიდობიანი შეთანხმების შესახებ ტექსტს ხელი მოეწერა 1973 წლის 11 ნოემბერს ქაირო-სუეცის გზაზე. ხელმომწერები იყვნენ - ისრაელის გენერალი ახზარან იარივა და ეგვიპტის გენერალი აბდელ გამაზი. 71 წლის გოლდა მეირი პრემიერ-მინისტრის სტატუსით დააბრუნეს აქტიურ პოლიტიკაში. ხუთი ურთულესი წლის განმავლობაში ებრაელი ერის „კეთილშობილმა ბებიამ“ ძალზე სერიოზული მოლაპარაკებები აწარმოა საერთაშორისო თანამეგობრობასთან და გამარჯვებით დაასრულა იომ ქიფურის უმძიმესი ომი. მაშინ, როდესაც მოშე დაიანმა სურვილი გამოთქვა გადადგომის შესახებ, გოლდამ უარყო სარდლის მოთხოვნა. მეირმა თქვა, რომ დაიანი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებას ცდილობდა.
გადადგომა
რედაქტირებაისრაელის მიერ იონ-ქიფურის ომში გამარჯვების შემდეგ, 1973 წლის დეკემბრის არჩევნებში პარტია „მაარახმა“, რომელსაც მეირი ხელმძღვანელობდა, დაამტკიცა საკუთარი ლიდერობას და ხმათა 39,6% აიღო. თუმცა სამხედრო დანაკარგებისა, პარტიის შიგნით მიმდინარე დავებისა და კოალიციური ხელისუფლების აუცილებლობის გამო მეირმა გადაწყვიტა გადამდგარიყო. 1974 წლის 11 აპრილს მინისტრთა კაბინეტი, რომელსაც გოლდა მეირი ხელმძღვანელობდა გადადგა. შიდაპარტიული არჩევნების შედეგად გოლდას ადგილი დაიკავა იცხაკ რაბინმა. ამით მეირის პოლიტიკური კარიერა დასრულდა.
ჯილდოები
რედაქტირება- 1971 — გოლდა მეირი დააჯილდოვეს მედლით „იერუსალიმის განთავისუფლებისთვის“.
- 1974 — „ამერიკელმა დედებმა“ გოლდა მეირს „მსოფლიოს დედის“ წოდება მიანიჭეს.
- 1974 — მეირს მიენიჭა ასევე ჯეიმზ მედისონის ჯილდო „დაუღალავი საზოგადოებრივი შორმისავის“, რომელიც მას პრინსტონის უნივერსიტეტის საზოგადოებამ გადასცა.
- 1975 — გოლდა მეირს მიენიჭა ისრაელის პრემია საზოგადოებასა და ისრაელის სახლემწიფოსათვის გაწეული წვლილისთვის.
- 1985 — მერი შეიყვანეს კოლორადოს ქალთა დიდების დარბაზის სიაში (Colorado Women's Hall of Fame).
გარდაცვალება
რედაქტირება1978 წელს გოლდა მეირი იერუსალიმში, ლიმფომით გარდაიცვალა. ნიუ-იორკში აღმართულია ძეგლი მის პატივსაცემად. ასევე ცნობილია ისიც, რომ ცხოვრების ბოლომდე ის დღეში 12 ჭიქამდე ყავას სვამდა და 2 კოლოფ სიგარეტს მაინც ეწეოდა.
გოლდა მეირმა დაწერა მემუარები „ჩემი ცხოვრება“.
1982 წელს დიდ ბრიტანეთში გადაიღეს მხატვრული ფილმი „ქალბატონი სახელად გოლდა“, რომელშიც გოლდა მეირის როლს ასრულებდა ცნობილი შვედი მსახიობი ინგრიდ ბერგმანი (ეს მისი უკანასკნელი როლი იყო).
გოლდა მეირი მოხსენებულია ვლადიმერ ვისოცკის ორ სიმღერაში:
- „ლექცია საერთაშორისო მდგომარეობაზე“ („აი ადგილი გოლდა მეირის ადგილი დაიკარგა იქ კი,ჩვენი ხალხის მეოთხედი იყო“)
- „დათუნია შიფმან“ („დათუნიამ მნიოვნიკის გზაზე შეგვატყობინა: „გოლდა მეირი დავიჭირე რადიოგადამცემში“).
გოლდა მეირის პატივსაცემად ნიუ-იორკში ერთ-ერთ ქუჩას მისი სახელი დაარქვეს.
ლიტერატურა
რედაქტირება- Елена Муравьева. Голда Меир: Золото нации // Журнал «Самиздат».
- Golda Meir: An Outline of a Unique Life (англ.) (недоступная ссылка). Дата обращения 25 марта 2011. Архивировано 21 августа 2011 года.
- Голда Меир. Моя жизнь: Перевод с иврита Р. Зерновой, Предисловие и общая редакция Я. Цура, Чимкент: "Аурика", 1997. - 560 с; ил. - ("Женщина-миф"), (c) "Библиотека Алия", 1985,OCR Васильченко Сергей
- Леонид Млечин. Чёрный сентябрь. alefmagazine.com.
- Опубликованы неизвестные подробности теракта на Олимпиаде в Мюнхене и операции по ликвидации боевиков. NEWSru.com (25 января 2006).
- Avner, Yehuda (2010). The Prime Ministers: An Intimate Narrative of Israeli Leadership. Toby Press. P.219
- http://mastsavlebeli.ge/?p=2891 დაარქივებული 2021-10-17 საიტზე Wayback Machine.
- UN Secretariat Item: Letter – The American Whig-Cliosophic Society : James Madison Award for Distinguished Public Service – 1974 – Golda Meir" (PDF). Archives-trim.un.org. Archived from the original (PDF) on December 26, 2012. Retrieved November 25, 2012.
- "Israel Prize Official Site – Recipients in 1975 (in Hebrew)"
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- პრემიერ-მინისტრი გოლდა მეირი — ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი.
- ქნესეთის წევრი, გოლდა მეირი
- ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
- ებრაული სააგენტო ისრაელისთვის. დაარქივებული 2006-10-01 საიტზე Wayback Machine.
- ქალთა საერთაშორისო ცენტრი.
- გოლდა მეირის სურათები დაარქივებული 2007-02-06 საიტზე Wayback Machine.
- გოლდა მეირი დაარქივებული 2020-09-21 საიტზე Wayback Machine.
- გოლდა – პედაგოგი და პრემიერი დაარქივებული 2021-10-17 საიტზე Wayback Machine.
- გოლდა მეირი — ერთადერთი „მამაკაცი“ ისრაელის მთავრობაში
- ჰენრი კისინჯერი და გოლდა მეირი
- გოლდა მეირის პასუხი ჰენრი კისინჯერს
- Hostages killed in gun battle Daily Telegraph, September 5, 1972.
- 16. "Past National Mothers of The Year". Archived from the original on March 23, 2011.
- Colorado Women's Hall of Fame, Golda Meir
- Лекция о международном положении დაარქივებული 2021-10-23 საიტზე Wayback Machine.
- Варианты "Мишка Шифман"
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Find a Grave — 1996.
- ↑ 2.0 2.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 4.0 4.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ 5.0 5.1 Munzinger Personen
- ↑ Encyclopædia Britannica
- ↑ SNAC — 2010.
- ↑ ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.
- ↑ https://www.cogreatwomen.org/project/golda-meir/