სამხედრო დანაშაული
სამხედრო დანაშაული[1] (ზოგიერთ წყაროში აღნიშნულია როგორც ომის დანაშაული) — დანაშაულის სახე, რომელიც ჩადენილია შეიარაღებული კონფლიქტის მიმდინარეობის დროს. აღნიშნული დანაშაულები ძირითად შემთხვევაში არღვევენ ომის ან საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის კანონებსა და ნორმებს. სამხედრო დანაშაულების უმეტესობა ჩადენილია არამებრძოლი, სამოქალაქო და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. სამხედრო დანაშაულებანი მოიცავს: მკვლელობებს, წამებას, გაუპატიურებას, მძევლად აყვანასა, იძულებით შრომას და ა. შ.
პასუხისმგებლობა სამხედრო დანაშაულებისათვის და ტრიბუნალები
რედაქტირებაპირველი მსოფლიო ომის შემდეგ, ვერსალის საზავო ხელშეკრულებით, გერმანიის სახელმწიფოს დაეკისრა ვალდებულება თავად გაესამართლებინა სამხედრო დანაშაულების ჩადენაში ბრალდებული პირები. აღნიშნულის საფუძველზე, 1921 წელს გაიმართა ლაიფციგის სასამართლო პროცესები, თუმცა სამხედრო დანაშაულში ბრალდებული 901 პირიდან 888 გამართლდა ან გათავისუფლდა. შესაბამისად, მხოლოდ ერთეული პირები მისცეს პასუხისგებაში ჩადენილი დანაშაულებისათვის.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, საერთაშორისო სასამართლო პროცესებმა გაცილებით დიდი მასშტაბები შეიძინა, რითიც დაიწყო საერთაშორისო სისხლის სამართლისა და მისი ინსტიტუტების ჩამოყალიბების პროცესი. განსაკუთრებით აღსანიშნავია, ნიურნბერგისა და ტოკიოს პროცესები და მათ ფარგლებში შექმნილი საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალების საქმიანობა.
ნიურნბერგის პროცესის ფარგლებში, საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალი შეიქმნა საბჭოთა კავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის შეთანხმებით. ყურადსაღებია, რომ ნიურნბერგის პროცესზე ნაცისტური გერმანიის პოლიტიკური ელიტა გასამართლდა არა გერმანული კანონმდებლობით, არამედ ახლად შემოღებული საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებით და მათ მიენიჭათ საერთაშორისო დამნაშავეების სტატუსი.
ტოკიოს პროცესი, წარმოადგენდა იაპონიის საერთაშორისო სამხედრო დამნაშავეთა სასამართლო პროცესს, რომლებმაც საერთაშორისო დანაშაული ჩაიდინეს მშვიდობის, ადამიანურობის, ომის კანონებისა და ჩვეულებათა წინააღმდეგ. აღნიშნული პროცესის ფარგლებში მოქმედებდა საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალი, რომელიც შეიქმნა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებულ სახელმწიფოთა საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე.
1990-იან წლებში, მას შემდეგ რაც ნაცისტური გერმანიის ლიდერები ნიურნბერგის სასამართლოს წინაშე წარსდგნენ, ხოლო იაპონელი ოფიციალური პირები ტოკიოში გასამართლდნენ, ნახევარი საუკუნის განმავლობაში პირველად შეიქმნა საერთაშორისო სისხლის სამართლის ორი ტრიბუნალი, რომელთა უფლებამოსილებად განისაზღვრა, ბრალდებულების გასამართლება იმ სამხედრო დანაშაულებისათვის, რომლებიც ჩაიდინეს კონკრეტულ კონფლიქტებში.
ყოფილი იუგოსლავიისათვის შექმნილი საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალი, დაფუძნებულია ჰააგაში, შეიქმნა გაეროს უშიშროების საბჭოს 808 რეზოლუციით, 1993 წლის თებერვალში. მისი იურისდიქცია შეზღუდულია ყოფილ იუგოსლავიაში 1991 წლის შემდეგ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებებით და მოიცავს დანაშაულთა ოთხ კატეგორიას: 1949 წლის ჟენევის კონვენციის სერიოზული დარღვევები, ომის კანონებისა და ჩვეულებების დარღვევები, გენოციდი და დანაშაულები კაცობრიობის წინააღმდეგ.
ყოფილი იუგოსლავიის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის მიერ, განხილულ საქმეებს შორის უმნიშვნელოვანესია ყოფილი იუგოსლავიის პრეზიდენტის სლობოდან მილოშევიჩის საქმის განხილვა, რომელსაც გენოციდის, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისა და ომის წარმართვის კანონებისა და წესების უხეში დარღვევის ბრალდებები წაუყენეს.
რუანდის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალი, დაფუძნებულია არუშაში (ტანზანია), შეიქმნა უშიშროების საბჭოს 955-ე რეზოლუციით 1994 წლის ნოემბერში. მისი იურისდიქცია შეზღუდულია რუანდაში ან რუანდის მოქალაქეების მიერ მეზობელ სახელმწიფოებში 1994 წელს ჩადენილი დანაშაულებით. ის მოიცავს სამი კატეგორიის დანაშაულებს, როგორც ეს განსაზღვრულია ტრიბუნალის სტატუტში: გენოციდი; დანაშაულები კაცობრიობის წინააღმდეგ და 1949 წლის ჟენევის კონვენციების საერთო მე-3 მუხლისა და II დამატებითი ოქმის დარღვევები, რომლებიც შეეხება არასაერთაშორისო შეიარაღებულ კონფლიქტებს.
სამხედრო დანაშაულების თანამედროვე ცნების ჩამოყალიბება
რედაქტირებასამხედრო დანაშაულების ცნების ჩამოყალიბებაში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა, ნიურნბერგის საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალის წესდებამ, სადაც სამხედრო დანაშაულებანი განიმარტა, როგორც ომის კანონების ან ადათ-წესების დარღვევა, რომელიც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგი სახის დანაშაულებით: მკვლელობა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები სამოქალაქო მოსახლეობისადმი არასათანადო მოპყრობა, მათი დეპორტაცია მონური შრომის გამოყენების მიზნით ან ნებისმიერი სხვა მიზნით, სამხედრო ტყვეებისადმი არასათანადო მოპყრობა, მათი მკვლელობა, მძევლების აყვანა, საზოგადოებრივი ან კერძო საკუთრების ძარცვა, ქალაქების, დასახლებების ან სოფლების განადგურება, რომლებიც არ გამომდინარეობდა სამხედრო აუცილებლობით.
ნიურნბერგის საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალის მიერ, პირველად განისაზღვრა, რომ ზემოაღნიშნული დანაშაულებისათვის, მათ შორის, სამხედრო დანაშაულებისათვის, პასუხისმგებლობის დაკისრება შესაძლებელია და უნდა განხორციელდეს ინდივიდუალურად. პირველად განხორციელდა სახელმწიფოს ხელმძღვანელ პირთა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემა უმძიმესი საერთაშორისო დანაშაულების ჩადენისთვის. ტრიბუნალის წესდების თანახმად, საერთაშორისო სამართლის წინააღმდეგ ჩადენილი ზემოაღნიშნული დანაშაულებები ჩაიდინეს კონკრეტულმა პირებმა და არა აბსტრაქტულმა წარმონაქმნებმა, შესაბამისად მხოლოდ იმ პირების დასჯით, რომლებიც ამგვარი დანაშაულების ჩადენაში არიან მხილებულნი, შესაძლებელი იქნება მომავალში საერთაშორისო სამართლის დებულებების შესრულება. ასევე, ნიურნბერგის პროცესზე პირველად იქნა გამოყენებული პრინციპი, რომლის თანახმადაც პასუხისმგებლობისგან არ თავისუფლდება პირი, რომელიც ასრულებდა დანაშაულებრივ ბრძანებას.
ნიურნბერგის საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალის წესდებით ჩამოყალიბებული ზემოაღნიშნული პრინციპები, რომლებიც ასევე აისახა ტრიბუნალის განაჩენში, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, 1946 წლის 11 დეკემბერს და 1947 წლის 27 ნოემბერს მიღებული რეზოლუციებით აღიარა საერთაშორისო სამართლის პრინციპებად.
ნიურნბერგის პროცესზე აღიარებული პრინციპები, საფუძვლად დაედო 1968 წელს მიღებულ კონვენციას „სამხედრო დანაშაულთა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთა მიმართ ხანდაზმულობის ვადის გამოუყენებლობის შესახებ“.
1949 წლის 12 აგვისტოს ჟენევის კონვენციები
რედაქტირებაშემდგომ ნაბიჯს, სამხედრო დანაშაულების ცნების ჩამოყალიბებაში, წარმოადგენდა 1949 წლის 12 აგვისტოს მიღებული ჟენევის ოთხი კონვენცია. ჟენევის კონვენციების შემუშავებამ შესაძლებელი გახადა სამხედრო დანაშაულების მასშტაბების გარკვევა. ჟენევის 1949 წლის კონვენციები და მათი დამატებითი ოქმები, განსაზღვრავენ ომისა და შეიარაღებული კონფლიქტების მიმდინარეობის წესებს და იცავენ იმ პირთა უფლებებს, რომლებიც არ მონაწილეობენ საბრძოლო მოქმედებებში.
ჟენევის პირველი კონვენციით, მოქმედ არმიაში დაჭრილთა და ავადმყოფთა ხვედრის გაუმჯობესების შესახებ, იკრძალება სამხედრო ნაწილების დაჭრილი და ავადმყოფი მებრძოლების, სამხედრო ტყვეებსა და მშვიდობიან მოსახლეობის სიცოცხლის ხელყოფა და მათი წამება. აღნიშნული პირები უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ სათანადო სამედიცინო მომსახურებითა და მოვლით.
ჟენევის მეორე კონვენცია შეეხება, ზღვაში შეიარაღებული ძალების შემადგენლობიდან დაჭრილთა, ავადმყოფთა და გემის დაღუპვის შედეგად წყალში აღმოჩენილ პირთა ბედის გაუმჯობესებას.
ჟენევის 1949 წლის მესამე კონვენციით კი, რომელიც შეეხება ტყვეთა რეჟიმს, შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად, სამხედრო ტყვეობაში აღმოჩენილ პირებს, განსაზღვრულია რომ ზემოაღნიშნულ პირებს უნდა მოეპყრონ ჰუმანურად, დაიცვან მათი ღირსება, უზრუნველყონ შესაბამისი საკვებით. დაუშვებელია ტყვეების წამება, მათზე ძალადობა და შეურაცხყოფის მიყენება. კონვენციის თანახმად, ანალოგიური მოპყრობაა განსაზღვრული იმ პირთათვის, რომლებიც ტყვედ ჩავარდნენ საომარი მოქმედებების მიმდინარეობის პერიოდში, მათი პროფესიული საქმიანობის შესრულებისას, მაგალითად ჟურნალისტები და ექიმები.
ჟენევის მეოთხე კონვენცია, ომის დროს სამოქალაქო მოსახლეობის დაცვის შესახებ, ფოკუსირებულია ომის დროს სამოქალაქო პირების უფლებების დაცვაზე. კონვენციის თანახმად, შეიარაღებული კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა, ყოველთვის უნდა განასხვაონ ერთმანეთისგან სამხედრო პირები და მშვიდობიანი მოსახლეობა. მხარეებმა ყველა ძალისხმევა უნდა გამოიყენონ, რათა კონფლიქტის მიმდინარეობის მიუხედავად, სამოქალაქო პირებს შეუნარჩუნდეთ ნორმალური ცხოვრების პირობები, დაცულნი იყვნენ სიცოცხლის ხელყოფის, წამების, ძარცვის, რეპრესიებისა და ტყვეობისაგან.
რომის წესდება
რედაქტირება1998 წლის 17 ივლისს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უფლებამოსილ წარმომადგენელთა დიპლომატიურ კონფერენციაზე მიღებულ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდების მე-8 მუხლში გაიწერა სამხედრო დანაშაულებანის კრისტალიზებული, უნივერსალური და ზუსტი ფორმულირება.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდების მე-8 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „სამხედრო დანაშაულები“ ნიშნავს, 1949 წლის 12 აგვისტოს ჟენევის კონვენციების მძიმე დარღვევებს, კერძოდ, რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ ქმედებას, რომელიც მიმართულია იმ პირების ან საკუთრების წინააღმდეგ, რომლებიც დაცულნი არიან ჟენევის კონვენციის შესაბამისი დებულებით. ასეთ ქმედებებს განეკუთვნება: განზრახ მკვლელობა; წამება ან არაადამიანური მოპყრობა, მათ შორის ბიოლოგიური ექსპერიმენტები; მძიმე ტანჯვის, სხეულის მძიმე დაზიანების ან ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება; საკუთრების უკანონო, უაზრო და ფართომასშტაბიანი განადგურება და მითვისება, რაც არ არის გამართლებული სამხედრო აუცილებლობით; სამხედრო ტყვის ან სხვა დაცული პირის იძულება, იმსახუროს მოწინააღმდეგე სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებში; სამხედრო ტყვის ან სხვა დაცული პირისთვის სამართლიანი და ნორმალური სასამართლო განხილვის უფლების განზრახ ჩამორთმევა; უკანონო დეპორტაცია ან გადაადგილება ან უკანონო თავისუფლების აღკვეთა; მძევლების აყვანა.
სამხედრო დანაშაულები საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტის დროს
რედაქტირებარომის სტატუტის თანახმად, სამხედრო დანაშაულს წარმოადგენს იმ კანონებისა და ჩვეულებების მძიმე დარღვევები, რომლებიც საერთაშორისო სამართლის შესაბამისად გამოიყენება საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტების დროს, კერძოდ, ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი ქმედება:
- განზრახ თავდასხმა სამოქალაქო მოსახლეობაზე, როგორც ასეთზე, ან ცალკეულ სამოქალაქო პირებზე, რომლებიც უშუალოდ არ მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში;
- განზრახ თავდასხმა სამოქალაქო ობიექტებზე, ე.ი. იმ ობიექტებზე, რომლებიც არ წარმოადგენენ სამხედრო სამიზნეს;
- დარტყმების განზრახ მიყენება ჰუმანიტარულ დახმარებაში ან სამშვიდობო მისიაში გაეროს წესდების შესაბამისად მონაწილე პერსონალზე, ობიექტებზე, მასალებზე, ქვედანაყოფებზე ან სატრანსპორტო საშუალებებზე, სანამ მათ აქვთ დაცვის უფლება, რომელიც ენიჭება სამოქალაქო პირებს ან სამოქალაქო ობიექტებს შეიარაღებული კონფლიქტების საერთაშორისო სამართლის შესაბამისად;
- განზრახ თავდასხმა, როდესაც ცნობილია, რომ ასეთი თავდასხმა გამოიწვევს სამოქალაქო პირთა შემთხვევით დაღუპვას ან დაზიანებას ან სამოქალაქო ობიექტების დაზიანებას ანდა ბუნებრივი გარემოს ფართომასშტაბიან, ხანგრძლივ და მნიშვნელოვან ზიანს, რომელიც აშკარად იქნება აღმატებული კონკრეტული და უშუალოდ მოსალოდნელი საერთო სამხედრო უპირატესობაზე;
- ნებისმიერი საშუალებით ქალაქებზე, სოფლებზე, საცხოვრებლებზე ან შენობებზე თავდასხმა ან მათი დაბომბვა, რომლებიც არ არიან დაცული და არ წარმოადგენენ სამხედრო სამიზნეს;
- იმ მებრძოლის მოკვლა ან დაჭრა, რომელმაც დაყარა იარაღი ან აღარ გააჩნია დაცვის საშუალება და უსიტყვოდ დანებდა;
- დროებით ცეცხლის შეწყვეტის აღმნიშვნელი ალმის, ეროვნული დროშის ანდა გაერო-ს ან მოწინააღმდეგის განმასხვავებელი სამხედრო ნიშნის და ფორმის, აგრეთვე ჟენევის კონვენციებით გათვალისწინებული განმასხვავებელი ემბლემების არასათანადო გამოყენება, რამაც ადამიანთა სიკვდილი ან მათი მძიმე ფიზიკური დაზიანება გამოიწვია;
- ოკუპაციის განმახორციელებელი სახელმწიფოს მიერ თავისი სამოქალაქო მოსახლეობის ნაწილის პირდაპირ ან არაპირდაპირ გადაყვანა მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ან ოკუპირებული ტერიტორიის მთელი მოსახლეობის ან მისი ნაწილის დეპორტაცია ან გადაადგილება ამ ტერიტორიის საზღვრის ფარგლებში ან მის გარეთ;
- რელიგიური, საგანმანათლებლო, ხელოვნების, სამეცნიერო ან საქველმოქმედო მიზნებისთვის განკუთვნილ შენობებზე, ისტორიულ ძეგლებზე, საავადმყოფოებზე ან ავადმყოფთა და დაჭრილთა თავშეყრის ადგილებზე დარტყმების განზრახ მიყენება, თუ ისინი არ წარმოადგენენ სამხედრო სამიზნეს;
- მოწინააღმდეგის განკარგულებაში მყოფი პირების ფიზიკური დამახინჯება ან მათზე ნებისმიერი სახის სამედიცინო ან სამეცნიერო ექსპერიმენტების ჩატარება, რაც გაუმართლებელია აღნიშნული პირის სამედიცინო, სტომატოლოგიური ან სტაციონარული მკურნალობის თვალსაზრისით, ამასთან, არ ხორციელდება ამ პირის ინტერესებიდან გამომდინარე და იწვევს ამ პირის ან პირთა სიკვდილს ან სერიოზულ საფრთხეს უქმნის მათ ჯანმრთელობას;
- მოწინააღმდეგე ერის ან მისი შეიარაღებული ძალების პირთა ღალატით მკვლელობა ან მათთვის ჭრილობის მიყენება;
- იმის გამოცხადება, რომ არ იქნება არავითარი დანდობა;
- მოწინააღმდეგის საკუთრების განადგურება ან ხელში ჩაგდება, თუ ეს განადგურება ან ხელში ჩაგდება განპირობებული არ იყო იმპერატიული სამხედრო აუცილებლობით;
- იმის გამოცხადება, რომ მოწინააღმდეგე მხარის მოქალაქეთა უფლებები და სარჩელები სასამართლოში გაუქმებული, შეჩერებული ან მიუღებელია;
- მოწინააღმდეგე მხარის მოქალაქეთა იძულება, მონაწილეობა მიიღონ მათი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ სამხედრო მოქმედებებში, მიუხედავად იმისა, იყვნენ თუ არა ისინი ომის დაწყებამდე მეომარი მხარის სამსახურში;
- ქალაქის ან ადგილმდებარეობის გაძარცვა, თუნდაც იერიშით აღებისას;
- შხამიანი ნივთიერების ან მოწამლული იარაღის გამოყენება;
- მხუთავი, მომწამვლელი ან სხვა აირების, აგრეთვე ყოველგვარი მსგავსი სითხის, მასალის ან საშუალების გამოყენება;
- ისეთი ტყვიების გამოყენება, რომლებიც ადვილად იხლიჩება ან ბრტყელდება ადამიანის სხეულში, როგორიცაა მყარგარსიანი ტყვიები, რომელთა გარსი არ ფარავს ტყვიის მთელ გულს ან აქვს ნასერები;
- ისეთი იარაღის, საბრძოლო მასალის ან ტექნიკის, აგრეთვე ბრძოლის წარმოების ისეთი მეთოდების გამოყენება, რომლებიც იწვევენ გადაჭარბებულ ზიანს ან გაუმრთლებელ ტანჯვას, ან იწვევს შეიარაღებული კონფლიქტების საერთაშორისო სამართლის განურჩეველ დარღვევას, ამასთან, თუ ასეთი იარაღი, საბრძოლო მასალა ან ტექნიკა, აგრეთვე ბრძოლის წარმოების ასეთი მეთოდები ექვემდებარება საყოველთაო აკრძალვას და შესწორების სახით შეტანილია წინამდებარე წესდების დანართში 121-ე და 123-ე მუხლების სათანადო დებულებების შესაბამისად;
- ადამიანის ღირსების შელახვა, კერძოდ, შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი მოპყრობა;
- გაუპატიურება, სექსუალური დამონება, პროსტიტუციის იძულება, იძულებითი ორსულობა, რაც განსაზღვრულია მე-7 მუხლის 2 პუნქტის (ფ) ქვეპუნქტით, ძალადობით სტერილიზაცია ან სქესობრივი ძალადობის სხვა სახე, რომელიც ასევე წარმოადგენს ჟენევის კონვენციების მძიმე დარღვევას;
- სამოქალაქო ან სხვა დაცული პირის თანდასწრების გამოყენება ცალკეული პუნქტების, რაიონების ან შეიარაღებული ძალების სამხედრო მოქმედებებისგან დაცვის მიზნით;
- დარტყმების განზრახ მიყენება იმ შენობებზე, მასალებზე, სამედიცინო დაწესებულებებზე ან სატრანსპორტო საშუალებებზე და პერსონალზე, რომლებიც საერთაშორისო სამართლის შესაბამისად იყენებენ ჟენევის კონვენციებით გათვალისწინებულ განმასხვავებელ ემბლემებს;
- ომის წარმოების საშუალების სახით სამოქალაქო მოსახლეობაში შიმშილის განზრახ გამოწვევა სასიცოცხლო მნიშვნელობის საგნების ჩამორთმევით, მათ შორის ჟენევის კონვენციებით გათვალისწინებული დახმარების გაწევისათვის განზრახ ხელის შეშლა;
- თხუთმეტი წლის ასაკამდე ბავშვების გაწვევა ან შეგროვება ეროვნულ შეიარაღებულ ძალებში სამსახურისთვის ან მათი გამოყენება სამხედრო მოქმედებებში აქტიური მონაწილეობის მისაღებად.
სამხედრო დანაშაულები არასაერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტის დროს
რედაქტირებარომის სტატუტი განსაზღვრავს ასევე, სამხედრო დანაშაულებათა სახეებს არასაერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტის მიმდინარეობს შემთხვევებშიც. სტატუტის თანახმად სამხედრო დანაშაულებებს განეკუთვნება არასაერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაში, 1949 წლის 12 აგვისტოს ჟენევის ოთხი კონვენციისათვის საერთო მე-3 მუხლის სერიოზული დარღვევები, კერძოდ, რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი ქმედება, ჩადენილი იმ პირთა წინააღმდეგ, რომლებიც აქტიურ მონაწილეობას არ იღებენ საომარ მოქმედებებში, მათ შორის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შემავალი იმ პირების წინააღმდეგ, რომლებმაც დაყარეს იარაღი ან აღარ შესწევთ ბრძოლის უნარი ავადმყოფობის, მიღებული ჭრილობის, პატიმრობის ან სხვა მიზეზის გამო: ძალადობა, ჩადენილი ადამიანის სიცოცხლის ან პიროვნების წინააღმდეგ, კერძოდ, ნებისმიერი ფორმით ჩადენილი მკვლელობა, დასახიჩრება, სასტიკი მოპყრობა ან წამება; ადამიანის ღირსების შელახვა, კერძოდ, შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი მოპყრობა; მძევლების აყვანა; განაჩენის გამოტანა ან მისი აღსრულება დადგენილი წესით დაფუძნებული წინასწარი სასამართლო განხილვის გარეშე, იმ ყველა სასამართლო გარანტიის დაცვით, რომლებიც საყოველთაოდ სავალდებულოდ არის აღიარებული.
ზემოაღნიშნული, შეეხება არასაერთაშორისო ხასიათის შეიარაღებულ კონფლიქტებს და ამრიგად არ გამოიყენება შიდა წესრიგის დარღვევისა და დაძაბულობის დროს, როგორიცაა არეულობა, ძალადობის ცალკეული და სპორადული აქტები ან სხვა ანალოგიური ხასიათის აქტები. იგი ეხება შეიარაღებულ კონფლიქტებს სახელმწიფოს ტერიტორიაზე, როდესაც მიმდინარეობს ხანგრძლივი შეიარაღებული კონფლიქტი სამთავრობო ძალებსა და ორგანიზებულ შეიარაღებულ დაჯგუფებებს შორის ან ორ ან მეტ დაჯგუფებას შორის. რომის სტატუტშივე გაწერილია, რომ მსგავსი ვითარების არსებობის შემთხვევაში არაფერი ხელყოფს მთავრობის პასუხისმგებლობას დაიცვას ან აღადგინოს სამართალი და წესრიგი სახელმწიფოში ან ყველა კანონიერი საშუალებით დაიცვას სახელმწიფოს ერთიანობა და ტერიტორიული მთლიანობა.
გარდა ამისა, სტატუტის მე-8 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამხედრო დანაშაულს წარმოადგენს, არასაერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტების დროს გამოყენებული საერთაშორისო სამართალით დამკვიდრებული კანონებისა და ჩვეულებების სხვა მძიმე დარღვევები, კერძოდ, რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი ქმედება:
- დარტყმების განზრახ მიყენება სამოქალაქო მოსახლეობაზე, როგორც ასეთზე ან ცალკეულ სამოქალაქო პირებზე, რომლებიც არ მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში;
- დარტყმების განზრახ მიყენება იმ შენობებზე, მასალებზე, სამედიცინო დაწესებულებებზე ან სატრანსპორტო საშუალებებზე და პერსონალზე, რომლებიც საერთაშორისო 8 დარტყმების განზრახ მიყენება ჰუმანიტარულ დახმარებაში ან სამშვიდობო მისიაში გაეროს წესდების შესაბამისად მონაწილე პერსონალზე, დანადგარებზე, ობიექტებზე, მასალებზე სატრანსპორტო საშუალებებზე, სანამ მათ აქვთ ის დაცვის უფლება, რომელიც ენიჭება სამოქალაქო პირებს ან სამოქალაქო ობიექტებს შეიარაღებული კონფლიქტების საერთაშორისო სამართლის შესაბამისად;
- რელიგიური, საგანმანათლებლო, ხელოვნების, სამეცნიერო ან საქველმოქმედო მიზნებისთვის განკუთვნილ შენობებზე, ისტორიულ ძეგლებზე, ჰოსპიტლებზე ან ავადმყოფთა და დაჭრილთა თავშეყრის ადგილებზე განზრახ დარტყმების მიყენება, თუ ისინი არ წარმოადგენენ სამხედრო ობიექტებს;
- ქალაქის ან ადგილმდებარეობის გაძარცვა, თუნდაც იერიშით აღებისას;
- გაუპატიურება, სქესობრივი მონობა, პროსტიტუციის იძულება, იძულებითი ორსულობა, რაც განსაზღვრულია მე-7 მუხლის 2(ფ) პუნქტით, ძალადობით სტერილიზაცია ან სქესობრივი ძალადობის სხვა სახე, რომელიც ასევე წარმოადგენს ჟენევის ოთხი კონვენციისთვის საერთო მე-3 მუხლის მძიმე დარღვევას;
- თხუთმეტი წლის ასაკამდე ბავშვების გაწვევა ან შეგროვება ეროვნულ შეიარაღებულ ძალებში ან დაჯგუფებებში სამსახურისთვის ან მათი გამოყენება სამხედრო მოქმედებებში აქტიური მონაწილეობის მისაღებად;
- ბრძანების გაცემა იმის შესახებ, რომ კონფლიქტთან დაკავშირებული მიზეზების გამო სამოქალაქო მოსახლეობა გადაყვანილი იქნას სხვა ადგილას, თუ ამას არ მოითხოვს აღნიშნულ სამოქალაქო პირთა უსაფრთხოება ან აუცილებელი სამხედრო მიზეზები;
- მოწინააღმდეგე მხარის მებრძოლის ღალატით მკვლელობა ან ჭრილობის მიყენება;
- იმის გამოცხადება, რომ დანდობა არ იქნება;
- კონფლიქტში მონაწილე მოწინააღმდეგე მხარის განკარგულებაში მყოფი პირების ფიზიკური დასახიჩრება ან მათზე ნებისმიერი სახის სამედიცინო ან სამეცნიერო ექსპერიმენტების ჩატარება, რომლებიც გაუმართლებელია აღნიშნული პირის სამედიცინო, სტომატოლოგიური ან სტაციონარული მკურნალობის თვალსაზრისით, ამასთან, არ ხორციელდება ამ პირის ინტერესებიდან გამომდინარე და იწვევს ამ პირის ან პირთა სიკვდილს ან სერიოზულ საფრთხეს უქმნის მათ ჯანმრთელობას;
- მოწინააღმდეგის საკუთრების განადგურება ან ხელში ჩაგდება, თუ ეს განადგურება ან ხელში ჩაგდება განპირობებული არ იყო იმპერატიული სამხედრო აუცილებლობით.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო
რედაქტირება1998 წლის 17 ივლისს ქალაქ რომში, 120 სახელმწიფოს მიერ მიღებული სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დამაარსებელი „რომის სტატუტის“, 2002 წლის 1 ივლისს ძალაში შესვლის შედეგად, დაარსდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC), რომლის მთავარ დანიშნულებას საერთაშორისო სისხლის სამართლის ნორმებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენთა დაუსჯელობისთვის ბოლოს მოღება და მსგავსი დანაშაულებების თავიდან აცილების ხელშეწყობა წარმოადგენს.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო იურისდიქციას ახორციელებს იმ დანაშაულთა მიმართ, რომლებიც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდებით. ასეთი სახის დანაშაულებს კი წარმოადგენს: გენოციდი; ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშული; სამხედრო დანაშაული და აგრესიის დანაშაული.
სამხედრო დანაშაულები საქართველოში
რედაქტირებასაქართველოს მიერ 2003 წელს რომის სტატუტის რატიფიცირების შემდეგ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო უფლებამოსილია განახორციელოს საკუთარი იურისდიქცია იმ დანაშაულებებთან მიმართებაში, რომლებიც გათვალისწინებულია რომის სტატუტით და რომლებიც ჩადენილია საქართველოს ტერიტორიაზე ან საქართველოს მოქალაქეთა მიერ 2003 წლის 1 დეკემბრის შემდგომ.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო აწარმოებს გამოძიებას საქართველოში 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით შეიარაღებული კონფლიქტის კონტექსტში ჩადენილი ომისა და ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების თაობაზე.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიება ფოკუსირებულია სავარაუდო დანაშაულებზე, რომელიც ჩადენილია შეიარაღებული კონფლიქტის კონტექსტში, 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრამდე ე. წ. სამხრეთ ოსეთსა და მის გარშემო, მათ შორის: ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები: მკვლელობები, იძულებითი გადაადგილება, შევიწროება და სამხედრო დანაშაულები: მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმები, განზრახ მკვლელობა, მშვიდობიან მოსახელობაზე განზრახ შეტევა, ქონების განადგურება და ძარცვა.
საქართველოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ურთიერთობას აწესრიგებს საქართველოს კანონი „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ“.
ლიტერატურა
რედაქტირება- Robert Cryer (2007). An introduction to international criminal law and procedure. Cambridge University Press. ISBN 978-0-521-87609-4.
- Yôrām Dinstein (2004). The conduct of hostilities under the law of international armed conflict. Cambridge University Press. ISBN 978-0-521-54227-2. ციტირების თარიღი: November 14, 2010.
- Hagopian, Patrick (2013). American Immunity: War Crimes and the Limits of International Law. Amherst, MA: University of Massachusetts Press.
- Horvitz, Leslie Alan; Catherwood, Christopher (2011) Encyclopedia of War Crimes & Genocide, Revised, New York: Facts on File. ISBN 978-0-8160-8083-0. ISBN 0-8160-8083-6
- Malcolm N. Shaw (November 24, 2008). International law. Cambridge University Press. ISBN 978-0-521-72814-0. ციტირების თარიღი: November 14, 2010.
- Gary D. Solis (2010). The Law of Armed Conflict: International Humanitarian Law in War. Cambridge University Press. ISBN 978-0-521-87088-7. ციტირების თარიღი: November 14, 2010.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Australian Bunker And Military Museum - abmm.org დაარქივებული 2022-03-30 საიტზე Wayback Machine.
- Amnesty International. Amnesty International. ციტირების თარიღი: July 29, 2015.
- International criminal jurisdiction. International Committee of the Red Cross. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-03-17. ციტირების თარიღი: 2020-10-12.
- Cambodia Tribunal Monitor. Northwestern University School of Law Center for International Human Rights and Documentation Center of Cambodia. ციტირების თარიღი: December 17, 2008.
- Burns, John. (January 30, 2008) Quarter, Giving No. Crimes of War Project. დაარქივებულია ორიგინალიდან — December 31, 2008. ციტირების თარიღი: December 17, 2008.
- Human Rights First; Command's Responsibility: Detainee Deaths in U.S. Custody in Iraq and Afghanistan
- TheRule of Law in Armed Conflicts Project
- Iraqi Special Tribunal
- Crimes of War Project
- Rome Treaty of the International Criminal Court
- Special Court for Sierra Leone
- UN International Criminal Tribunal for the former Yugoslavia
- UN International Criminal Tribunal for Rwanda
- Ad-Hoc Court for East Timor
- CBC Digital Archives -Fleeing Justice: War Criminals in Canada
- A Criminological Analysis of the Invasion and Occupation of Iraq By Ronald C. Kramer and Raymond J. Michalowski
- Sri Lanka's Killing Fields: War Crimes Unpunished YouTube-ზე
- Investigating Human Rights – Reaching Out to Diaspora Communities in U.S. for War Crimes Tips (FBI)
- [1] UK's Geneva Conventions (Amendment) Act 1995 – which bans War Crimes
- Understanding the International Criminal Court