შეთქმულების თეორია
შეთქმულების თეორია (ინგლ. conspiracy theory, ასევე ცნობილია როგორც „კონსპირაციული თეორია“) — ჰიპოთეზათა ერთობლიობა, რომელიც სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე მოვლენებს ან ისტორიის სვლას წარმოაჩენს, როგორც ადამიანთა გარკვეული ჯგუფის შეთქმულების შედეგს, რომელიც მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს „კულისებიდან“ მართავს. შეთქმულების თეორია ასევე შეიძლება განხილულ იქნას როგორც „ელიტის თეორიის“ ერთ-ერთი ვარიანტი[1].
შეთქმულების თეორიის წარმოშობის საფუძვლები
რედაქტირებათეორიის წარმოშობის ერთ-ერთ ძირითად მიზეზს წარმოადგენს ადამიანის ერთგვარი სოციალური და ფსიქოლოგიური მოთხოვნილებები — იგი პირდაპირაა დაკავშირებული სტერეოტიპიზაციის[2], პროექციის მექანიზმებსა და ესკაპიზმის ფენომენთან. საზოგადოებრივ ცხოვრებაში შეთქმულების თეორიის წარმატებულად დამკვიდრების მიზეზად ასევე სახელდება სოციალური უთანასწორობა და მასზე ადამიანთა მწვავე იდეოლოგიური რეაგირება[2].
პროექციის მექანიზმში იგულისხმება, რომ შეთქმულების თეორიის მომხრეს, როგორც წესი, შეთქმულების მონაწილეებზე გადააქვს საკუთარი პოზიტიური და ნეგატიური პიროვნული თვისებები, რითაც შეთქმულთა პიროვნული ხასიათი უკიდურესად მძაფრდება — ერთი მხრივ, შეთქმულების მონაწილეები, ფაქტობრივად, დემონებად იქცევიან, მათ მიეწერებათ როგორც ბოროტი განზრახვები, ისე ამორალური პიროვნული თვისებები, ეს კი თეორიის მომხრეს აძლევს საშუალებას, მოიხსნას ნებისმიერი მორალური შეზღუდვა, სინდისის ქენჯნა, თავი დააღწიოს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, ვინაიდან ასეთი მონსტრების (შეთქმულების თეორიის მონაწილეთა სახით) განადგურების გამო, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების ნაცვლად, ის გმირად უნდა შერაცხონ. მეორე მხრივ, შეთქმულებს ანიჭებენ გარკვეული სახის განსაკუთრებულ შესაძლებლობებს (გონებრივი შესაძლებლობები, წინასწარი განჭვრეტის უნარი, მიზანსწრაფულობა და ა.შ).
კოგნიტური დისონანსისაგან გათავისუფლებისაკენ სწრაფვას ბოლოს მივყავართ იქამდე, რომ, როგორც წესი, ძალიან რთულია შეთქმეულების თეორიის არარსებობაში დავარწმუნოთ პირი, რომელმაც ერთხელ უკვე აღიქვა და ძირეულად შეიმეცნა მისი არსი. ყველა ფაქტი, რომელიც ეწინააღმდეგება თეორიას და გამორიცხავს მის არსებობას, იგნორირდება ან ხდება მათი კატეგორიული უარყოფა თეორიის მომხრეთათვის დამახასიათებელი ტიპობრივი საშუალებებით — შესაძლებელია, საწინააღმდეგო არგუმენტთა შერაცხვა შეთქმულთა პროვოკაციული საქმიანობის გამოხატულებად ან აღნიშნულ არგუმენტთა ინტერპრეტირება იმგვარად, რომ საბოლოო ჯამში მათ არა უარყონ, არამედ პირიქით, კიდევ უფრო გაამყარონ მოწინააღმდეგის პოზიცია. შესაძლოა, ნებისმიერი, ერთი შეხედვით სრულიად უწყინარი ადამიანი, რომელსაც არავითარი წარმოდგენა არ აქვს შეთქმულების თეორიის შესახებ, გარკვეული ძალისხმევის შედეგად ჩაებას მის მიერ შემოთავაზებულ „თამაშში“. აღნიშნული, უმბერტო ეკომ შემდეგნაირად ჩამოაყალიბა:
თუ ჩვენ დავუშვებთ იმის ალბათობას, რომ სამყაროში არსებობს თუნდაც ერთი ამოსავალი წერტილი, რომელიც არ წარმოადგენს რაიმე განსხვავებულის ნიშანს, ჩვენ მაშინვე ვცილდებით ჰერმეტული აზროვნების ჩარჩოებს[3].
კონსპიროლოგია
რედაქტირებამოქმედი ან ადრეულ წარსულში არსებული შეთქმულებების, ფარული ჯგუფების (ელიტური თუ ოლიგარქიული), სექტების, სპეცსამსახურების თუ სხვა ობიექტების გამოკვლევისა და კლასიფიკაციის მცდელობამ, ასევე იმ ინფორამაციის მოძიებამ, რომელსაც ამა თუ იმ მიზეზით მალავენ ფართო საზოგადოებისაგან, საბოლოოდ გამოიწვია ისეთი სამეცნიერო მიმართულების ჩამოყალიბება, როგორიცაა კონსპიროლოგია. ასე, მაგალითად, ინგლისელი პუბლიცისტი ლორენს გარდნერი ირწმუნებოდა, რომ სტიუარტების გვარი მომდინარეობდა თვით იესო ქრისტესგან (მეროვინგებისა და კაროლინგების დინასტიების მეშვეობით)[4][5]. ამერიკელი პუბლიცისტი და ბრიტანული სპეცსამსახურის ყოფილი წევრი ჯონ კოლემანი საკუთარ წიგნში „კომიტეტი-300. მსოფლიო ხელისუფლების საიდუმლოებანი“ ირწმუნებოდა, რომ მსოფლიოში არსებობს საიდუმლო ორგანიზაცია, რომელიც შედგება ბრიტანეთის, აშშ-ის და რამდენიმე სახელმწიფოს ელიტური ჯგუფებისაგან. მათი მიზანია შეამცირონ პლანეტის მოსახლეობა 1 მილიარდამდე[6].
აღსანიშნავია რენე ალლო, ფრანგი ისტორიკოსი და ფილოსოფოსი (ჰერმეტიზმის სფეროში), რომელმაც დიდი დრო დაუთმო მესამე რაიხის ისტორიას. საკუთარ წიგნში „ჰიტლერი და ფარული ორგანიზაციები“ (ფრანგ. „Hitler et les sociétés secrètes, enquête sur les sources occultes du nazisme“) რენე ალლო აღწერს „თულეს საზოგადოების“ შექმნის ისტორიას, რომელიც დაკავშირებულია ნაციზმის ესქატოლოგიურ ასპექტებთან. რენე ალლო ასევე აღნიშნავს მწვანე ფერის სიმბოლიზმს ე.წ „ეზოთერიკულ ჰიტლერიზმში“, სიმბოლიზმი მან დაუკავშირა ისლამს, რენე ასევე მიუთითებს შუცშტაფელის რაიხსფიურერის, ჰაინრიხ ჰიმლერის საყვარელი კალმის მელნის მწვანე ფერზეც[7].
მიმდინარეობის მოწინააღმდეგეები ადანაშაულებენ კონსპიროლოგებს იმაში, რომ რეალურად ისინი არ იძიებენ რაიმე ფაქტებს, რომლებიც საბოლოოდ უარყოფენ ან დაადასტურებენ ამა თუ იმ შეთქმულების არსებობას. ამის ნაცვლად კონსპიროლოგები ნებისმიერ ფაქტს შეთქმულების არსებობის დასადასტურებლად იყენებენ. ყველა დანარჩენი ფაქტი, რომელიც უარყოფს შეთქმულების რომელიმე თეორიას, კონსპიროლოგიაში ყოველთვის შესაძლებელია გაქარწყლებულ იქნას ძალიან მარტივი არგუმენტების მეშვეობით — „თქვენ არ გაქვთ რეალური წარმოდგენა აღნიშნული ინფორმაციის შესახებ“ ან „მათ სურდათ, რომ თქვენ სწორედ ასე გეფიქრათ“.
შეთქმულებათა ტიპოლოგია
რედაქტირებაგლობალური შეთქმულებები
რედაქტირებაგლობალური შეთქმულებები — ამ ტიპის შეთქმულებათა უმრავალესობისათვის დამახასიათებელი ნიშანი არის იმის გამოცხადება, რომ არსებობს სრულიად უცნობი (ან ნაკლებად ცნობილი) ფარული საზოგადოება, რომელიც დაარსებულია ადამიანთა გარკვეული ჯგუფის მიერ მსოფლიოზე გაბატონების მიზნით. აღნიშნული საზოგადოების მოღვაწეობა გამოიხატება ისტორიულ პროცესებში, რომლებიც თეორიის მომხრეთათვის უკიდურესად ნეგატიური ხასიათისაა. გლობალური შეთქმულების თეორიის მომხრეები პოსტულირებენ მთელ რიგ კავშირებს ისტორიულ და თანამედროვე მოვლენებს შორის, რომლებიც გლობალური შეთქმულების მონაწილეთა საბოლოო მიზნის ცალკეულ ეტაპებს წარმოადგენენ[8][9].
როგორ წესი, გლობალური შეთქმულების თეორიები პოპულარობის პიკს აღწევენ ეკონომიკური ან/და პოლიტიკური არასტაბილურობის, კრიზისის პერიოდში. შესაბამისად, საზოგადოების ფართო მასებს არ სურთ შეეცადონ გაეცნონ პრობლემის ობიექტურ მიზეზებს, ამიტომაც პოულობენ „მარტივ გამოსავალს“ — ეძებენ მტრებს, რომლებიც კრიზისს ხელოვნურად ქმნიან. აქედან გამომდინარე, გლობალური შეთქმულების თეორია გზას უხნის მასობრივ ქაოსს, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც მმართველი ელიტის სასარგებლოდ (შავი ასეული რუსეთის იმპერიაში), ასევე მის წინააღმდეგ (ნაციზმი ვაიმარის რესპუბლიკაში). ამის გამო გლობალური შეთქმულების თეორია კრიზისულ სიტუაციაში ფართო მასებით მანიპულირების ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ იარაღად იქცევა, ამასთან მისმა „არასწორად“ გამოყენებამ შესაძლოა გაუთვალისწინებელი შედეგები გამოიწვიოს.
ეკონომიკური შეთქმულება
რედაქტირებაბოლო დროს ფართოდ გავრცელთა სხვადასხვა ეკონომიკური კრიზისების გამომწვევ მიზეზთა ახსნა — ეკონომიკურ კრიზისებს ხელოვნურად ქმნიან მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ბანკები და უმდიდრესი ოჯახები, რათა გააკონტროლონ მსოფლიოს ეკონომიკური სისტემა (თეორიის მომხრეები მიუთითებენ, რომ ეკონომიკური კრიზისები არ არსებობდნენ საბანკო სისტემისა და სხვა ფინანსური სტრუქტურების შექმნამდე). ეკონომიკური შეთქმულების მომხრეები არ განიხილავენ ეკონომიკურ კრიზისს, როგორც თანამედროვე ეკონომიკურ სისტემაში მიღებული ობიეტური ეკონომიკური წესების კანონზომიერ გამოვლინებას[10]
მწარმოებელთა შეთქმულება
რედაქტირებაარსებობს ჰიპოთეზა მწარმოებელთა შეთქმულების არსებობს შესახებ: ივარაუდება, რომ ეს უკანასკნელნი თანმხდებიან, აწარმოონ უხარისხო, მალფუჭებადი და შეუსაბამოდ ძვირი პროდუქცია და დაბრკოლება შეუქმნან ხარისხიანი პროდუქციის გავრცელებას, რათა ხარჯების შემცირებით მაქსიმალური სარგებელი მიიღონ. აქედან გამომდინარე ჩნდება კითხვა — რამდენად მიზანშეწონილია მწარმოებელთა აღნიშნული ქმედება ჩაითვალოს შეთქმულებად, ვინაიდან იგივე შეიძლება განხორციელდეს უბრალო ინტერესების თანხვედრის გამო (სწორედ ისე, როგორც ბანქოს თამაშის დროს, მოთამაშეთა ნაწილი მოქმედებს ერთი მოთამაშის წინააღმდეგ, რომლის მარცხიც დანარჩენთათვის მომგებიანია — ანუ, მოხდა ინტერესთა თანხვედრა). მიუხედავად ამისა, 1990-იან წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარდა სასამართლო პროცესთა მთელი სერია — ხელისუფლების წარმომადგენლებმა თამბაქოს უმსხვილესი მწარმოებლები დაადანაშაულეს შეთქმულებაში, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა ადამიანთა ჯანმრთელობისათვის თამბაქოს მავნებლობის შესახებ ინფორმაციის დამალვა საზოგადოების ფართო მასებისათვის (თამბაქოს განაწილების შესახებ შეთანხმება)[11].
კომპიუტერული შეთქმულება
რედაქტირებაარსებობს ვერსია, რომ კომპიუტერული პროგრამების მწარმოებლები, კომპიუტერული რესურსებისადმი სულ უფრო მეტად მოთხოვნად (იგულისხმება სისტემური მოთხოვნილება) პროდუქტებს აწარმოებენ, რათა არ შემცირდეს ძვირადღირებულ აპარატურაზე მოთხოვნა. პროგრამული უზრუნველყოფის „ინფლაციის“ ფენომენის რაციონალური ახსნა მდგომარეობს იმაში, რომ კომპიუტერული რესურსების ფასების მკვეთრად კლების პირობებში, თუნდაც ცუდი კომპიუტერული პროგრამება მოთხოვნადი ხდება, ამიტომაც მისი მწარმოებლისათვის გაცილებით მომგებიანია, საერთოდ არ იღელვოს პროდუქტის ოპტიმალურობაზე — რითაც შეამცირებს დამუშავეს ვადებს (შესაბამისად ხარჯებსაც), ვინაიდან გამოიყენებს უბრალო (შესაბამისად ნაკლებად ხარისხიან) რესურსებს, ასეთი მიდგომით კი შესაძლებელი ხდება ნაკლებად კვალიფიციურ პროგრამისტთა მომსახურების გამოყენება. „კომპიუტერული შეთქმულების“ მომხრეებს მიაჩნიათ, რომ კომპიუტერული ანტივირუსების მწარმოებლები თავად ქმნიან ვირუსებს და ავრცელებნ მათ ვებ-სივრცეში (ან უკიდურეს შემთხვევაში, აფინანსებენ ასეთ საქმიანობას), რათა მათ მიერ წარმოებულ პროდუქტზე მოთხოვნა არ შემცირდეს[12][13].
ბანკირთა შეთქმულება
რედაქტირებაძირითადად განიხილება „ეკონომიკურ შეთქმულებასთან“ ერთად და გარკვეულწილად უკავშირდება პოლიტოლოგიას — ამ კონსპირაციული ვარიანტის ზოგიერთი ასპექტი ემთხვევა მარქსიზმის პოლიტიკურ დოქტრინებს[14].
ნავთობმწარმოებელთა შეთქმულება
რედაქტირებააღნიშნული კონსპირაციული კონცეფციის თანახმად, უმსხვილესი ნავთობკომპანიების მფლობელები აბრკოლებენ ალტერნატიული ენერგეტიკის განვითარებას, რათა არ დაუშვან „ენერგეტიკული რევოლუცია“. 2008 წელს, ევროკომისიამ გამოააშკარავა ე.წ „პარაფინის შეთქმულება“, რომელშიც მონაწილეობდნენ „ExxonMobil“, „Total“, „Sasol Limited“ და სხვა წამყვანი ნავთობკომპანიები, რომლებიც საიდუმლოდ შეთანხმდნენ, დაეწესებინათ მაღალი ფასები პარაფინზე[15].
ავტომწარმოებელთა შეთქმულება
რედაქტირებაეს კონსპირაციული კონცეფცია ხშირად განიხილება ნავთობმწარმოებელთა შეთქმულებასთან ერთად. მისი არსი მდგომარეობს იმაში, რომ მთელი მსოფლიოს ავტომწარმოებლები მალავენ წარმოების იაფ, ეკონომიურ და ეკოლოგიურად უსაფრთხო ტექნოლოგიებს, რათა შეინარჩუნონ მომხმარებელთა მოთხოვნა ავტონაწილებზე, ზეთსა და საწვავზე. ამ მხრივ აღსანიშნავია 2006 წლის ამერიკული დოკუმენტური ფილმი „ვინ მოკლა ელექტრომობილი“[16].
სპორტსმენთა შეთქმულება
რედაქტირებაგამომდინარე იქიდან, რომ სპორტში საკმაოდ დიდი „ფული ტრიალებს“, აღნიშნული თეორიის მომხრეები თვლიან, რომ ამა თუ იმ სპორტული შეჯიბრის შედეგი წინასწარ არის განსაზღვრული — ანუ „ნაყიდია“, სპორტსმენთა შეჯიბრი და ბრძოლა კი უბრალო ფიქციაა, რომელიც სანახაობისთვისაა განკუთვნილი[17].
მონდიალისტური შეთქმულება
რედაქტირებამონდიალისტური შეთქმულება — კონსპიროლოგიის უახლესი ფორმა, რომლის მიზანია ამხილოს და გამოაშკარავოს „მსოფლიო ხელისუფლების საიდუმლოებანი“. შეთქმულების ამ ვარიანტის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ დაკვირვების ძირითადი ობიექტია ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც განსაკუთრებული გეოპოლიტიკური ცენტრი თავისი სპეციფიკური და სადავო კულტურული თუ ფუტურისტული კონცეფციით[6].
არაოფიციალური საერთაშორისო ორგანიზაცია ბილდერბერგის კლუბი, მრავალი კონსპიროლოგის მიერ განიხილება, როგორც ფარული მსოფლიო ხელისუფლება.
კონსპიროლოგთა განცხადების თანახმად, სამმხრივი კომისიის (საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შედგება ჩრდილოეთ ამერიკის, დასავლეთ ევროპის და აზიის (იაპონიისა და სამხრეთ კორეის სახით) წარმომადგენლებისაგან) ნამდვილ მიზანს წარმოადგენს მის დაქვემდებარებაში მყოფი მსოფლიო ხელისუფლების შექმნა. ბოჰემური კლუბი, რომელიც აერთიანებს ამერიკული საზოგადოების გავლენიან წევრებს, კონსპიროლოგების მიერ ითვლება ერთგვარ ადგილად, სადაც წყდება აშშ-ის შიდასახელმწიფოებრივი და საერთაშორისო პოლიტიკის ძირითადი საკითხები[18].
მასონური შეთქმულება
რედაქტირებამასონური შეთქმულების თეორიის მომხრეებად ხშირ შემთხვევაში გვევლინებიან რელიგიური კონტრრევოლუციონერები, კათოლიკე თუ მართლმადიდებელი კონსერვატორები და ფუნდამენტალისტები. მასონური შეთქმულების გამოაშკარავება ძირითადად ხორციელდება თეოლოგიური მოძღვრების მეშვეობით. თეორიის მომხრეები ირწმუნებიან, რომ მსოფლიოს ყველა (ან თითქმის ყველა) მმართველი, ასე თუ ისე ემორჩილება მასონთა ნებას[19]
ებრაული შეთქმულება
რედაქტირებაებრაული შეთქმულება — ფართოდ გავრცელებული კონსპირაციული კონცეფცია, რომელსაც აქვს ორი ძირითადი „მიმართულება“: თეოლოგიური (ამ შემთხვევაში კრიტიკის საგანს წარმოადგენს იუდაიზმის რელიგიური ასპექტები) და რასობრივი (ებრაელთა შურისძიება: რასიზმი სხვა ნაციათა მიმართ). აქვე აღსანიშნავია შეთქმულების თეორიის კიდევ ერთი სახე, რომლის სახელწოდებაა „ებრაულ-მასონური შეთქმულება“ და შესაბამისად, საკუთარ თავში აერთიანებს ებრაული და მასონური შეთქმულებების კონცეფციას[10][20]
არაბული შეთქმულება
რედაქტირებაარაბული შეთქმულება — გლობალური ისლამისტური შეთქმულება, რომელიც მიმართულია დასავლური ცივილიზაციის წინააღმდეგ. შეთქმულების ძირითად მიზანს, კონსპიროლოგების აზრით, წარმოადგენს დასავლეთ ევროპაში ისლამისტური თეოკრატიის დამყარება, ასევე აშშ-ისა და ისრაელის განადგურება. შეთქმულების მხარდამჭერ იდეოლოგიად ითვლება ფაშიზმი ან კომუნიზმი[21]
სექტების შეთქმულება
რედაქტირებაეს საკმაოდ ძველი კონსპირაციული კონცეფცია გულისხმობს ნეოსპირიტუალისტურ შეთქმულებას, რომელიც პოლიტიკურ აქტივობას განმარტავს, როგორც მისტიურ მოძრაობას (იგულისხმება რელიგიად ქცეული სპირიტული მიმდინარეობა „New Age“)[22].
უცხო ცივილიზაციების არსებობის დაფარვისაკენ მიმართული შეთქმულება
რედაქტირებააღნიშნული თეორიის მომხრეები თვლიან, რომ მსოფლიოს მმართველები ფლობენ გარკვეულ ინფორმაცის „უცხოპლანეტელთა“ შესახებ, თუმცა საზოგადოების ფართო მასებს უმალავენ ჭეშმარიტებას, რათა დაიცვან საზოგადოებრივი უსაფრთხოება, არ დაუშვან ქაოსი მსოფლიოში ან ითანამშრომლონ უცხოპლანეტელებთან პირადი გამორჩენის მიზნით (მაგალითად, არაამქვეყნიური ტექნოლოგიების ხელში ჩაგდება, რათა დაამყარონ ტოტალური კონტროლი დედამიწაზე ან უცხოპლანეტელთა მიერ ჩვენი პლანეტის კოლონიზაციის დროს საკუთარი სიცოცხლის შეინარჩუნება)[19].
მცირე შეთქმულებები
რედაქტირებამცირე შეთქმულებათა მაგალითები:
- კონსპიროლოგთა ნაწილი მიიჩნევს, რომ აპოლო 11-ის მისია, დაშვებულიყო მთვარეზე, სინამდვილეში წარმოადგენდა უბრალო ინსცენირებას, რომელიც ცნობილია „მთვარის შეთქმულების“ სახელწოდებით. არსებობს საპირისპირო ვერსიაც — მისიის ინსცენირებაზე საუბარი განგებ წარმოიშვა იმისათვის, რათა არ გახმაურებულიყო უცხოპლანეტელთა მთვარეზე ბინადრობის შესახებ ინფორმაცია.
- 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული აქტები — სინამდვილეში განახორციელა არა ალ-ყაიდამ, არამედ აშშ-ის სპეცსამსახურმა.
- ჯონ ფიცჯერალდ კენედის მკვლელობა დაგეგმა აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ.
- პოლ მაკ-კარტნი გარდაიცვალა 1966 წელს და ჩანაცვლებულ იქნა ორეულით, რომელიც დღემდე ცოცხალია.
- 2010 წლის ანომალიური სიცხე სინამდვილეში HAARP-ის ნამოქმედარი იყო.
თეორიის შეფასებები
რედაქტირებაპენსილვანიის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის, ჯორჯ ენტინის აზრით, „შეთქმულების თეორია“, რომელსაც კონსპიროლოგები სამეცნიერო თეორიად მიიჩნევენ, სინამდვილეში არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივი მითების, გამოცანებისა და ჭორებისაგან. შეთქმულების თეორია, ჩვეულებრივ, გამოიყენება, როგორც რთული საზოგადოებრივი მოვლენების „მარტივი“ ახსნა—განმარტება. პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სხვა საზოგადოებრივ სფეროებში მიმდინარე პროცესები წარმოადგენს ორი ან რამდენიმე პირის კოორდინირებული მოქმედების შედეგს. ეს მოქმედებები ყოველთვის შესაძლოა შევრაცხოთ „შეთქმულებად“. თუმცა ჯერ კიდევ ადამ სმითი თვლიდა, რომ ეკონომიკურ პროცესებში პირთა მოქმედების ძირითად მოტივს წარმოადგენს პირადი სარგებლის მიღება. კარლ მარქსი კი მიიჩნევდა, რომ საერთო ჯამში პოლიტიკა ეკონომიკაზეა დამოკიდებული — ექვემდებარება მის ინტერესებს. შეთქმულების თეორიის რეალურ ამოცანას წარმოადგენს არა შეთქმულთა გამოაშკარავება, არამედ თითქოს შეთქმულთა გამოაშკარავების მიზნით გარკვეულ მოვლენათა მისტიფიკაცია.
შეთქმულების თეორიის ძირითად სპეციფიკას წარმოადგენს ობიექტის (პირი, ფირმა, კორპორაცია, ნაცია, სახელმწიფო) არაოფიციალური, საკმაოდ დაუკონკრეტებელი და გაურკვეველი „მხილება“ (ვინაიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა საქმე მისულიყო სასამართლომდე და სავარაუდოდ, ბრალმდებელი მხარე პროცესში დამარცხდებოდა), ამას გარდა, კონსპიროლოგიაში დიდ როლს თამაშობს ფარული, არაინსტიტუციონალური ძალაუფლება.
რეალური პოლიტიკური მოქმედებები მოითხოვენ საიდუმლოებას არა მარტო გეგმის შემუშავების, არამედ ამ გეგმის რეალიზაციის დროსაც. ამიტომაც, არც ისე ადვილია, ერთმანეთისაგან გავმიჯნოთ ჩვეულებრივი პოლიტიკა და შეთქმულება. კონსპიროლოგია მოკლებულია ჯანსაღ აზროვნებას, არ ემყარება რაიმე დამაჯერებელ არგუმენტებს, არ ამოწმებს მათ სანდოობას და ცოტა რამ თუ იცის რეალური შეთქმულებების შესახებ. კონსპიროლოგია მაგონებს პარანოიდის აზროვნებას, რომელსაც ყველგან ეჩვენება შეთქმულებები, მათ შორის თავად მის წინააღმდეგაც კი — თეორიის მომხრეებს მიაჩნიათ, რომ შეთქმულთა მიერ განხორციელებული მოქმედებები მიმართულია მათ წინააღმდეგ[23].
შეთქმულების თეორიის ყველაზე სუსტ წერტილს წარმოადგენს — ისტორიული მოვლენისადმი გარკვეული დამატებების შექმნა: მართალია, რეალურად, ამა თუ იმ მოვლენის მიზეზი შეიძლება საკმაოდ რუტინული იყოს (უბედური შემთხვევა, კატასტროფა, ეპიდემია და ა.შ), მაგრამ კონსპიროლოგები მოვლენათა ოფიციალურ ვერსიების ანაცვლებენ თავიანთი ვერსიით — ყველაფრის უკან დგას ყოვლისშემძლე ფარული ორგანიზაცია, რომელიც იდეალური სიზუსტით თვლის ყველაფერს, არასოდეს უშვებს შეცდომას, მისი წევრები კი ერთიანი მიზნისაკენ ისწრაფვიან. ამგვარი დათქმა საკმაოდ საეჭვოა და ნაკლებსავარაუდოა, რომ მოვლენები, რომლებშიც მოქმედებდა ამგვარი ტიპის გაერთიანება, დიდი ხნის განმავლობაში დარჩეს გაუხმაურებელი: ისტორია გვიჩვენებს, რომ ადრე თუ გვიან, რეალურად არსებული შეთქმულებები საჯაროდ განიხილებიან (მაგალითად, უოტერგეიტის სკანდალი)[24].
ლიტერატურა
რედაქტირებასამეცნიერო-პუბლიცისტური ნაშრომები
რედაქტირება- Peter Knight (2000). „Conspiracy Culture“.
- Даниэль Пайпс (2000). „Заговор: объяснение успехов и происхождения параноидального стиля“.
- Джордж Энтин (2000). „Теории заговоров и конспиративистский менталитет“.
- Ральф Эпперсон. „Невидимая рука“. ციტირების თარიღი: 2012-08-30. დაარქივებული 2012-11-20 საიტზე Wayback Machine.
- Laurence Gardner (1996). „Bloodline of the Holy Grail: The Hidden Lineage of Jesus Revealed“.
კონსპიროლოგიური ნაშრომები
რედაქტირება- А.Дугин (2005). „Конспирология“. დაარქივებული 2007-07-27 საიტზე Wayback Machine.
- John Coleman (1991). "The Conspirators Hierarchy, the Committee of 300".
- С. Нилус. „Протоколы Сионских мудрецов“. ციტირების თარიღი: 2012-08-30. დაარქივებული 2008-10-22 საიტზე Wayback Machine.
- Дуглас Рид (1986). „Спор о Сионе. 2500 лет еврейского заговора“. დაარქივებული 2012-09-10 საიტზე Wayback Machine.
- Цыганков А. (1995). „Современные политические режимы: структура, типология, динамика“.
- А.Селянинов (1911). „Тайная сила масонства“.
- Richard S. Levy (2005). „Antisemitism: a historical encyclopedia of prejudice“.
- Michael Barkun (2003). „A Culture of Conspiracy: Apocalyptic Visions in Contemporary America“.
- Richard Roeper (2008). „Debunked!: Conspiracy Theories, Urban Legends, and Evil Plots of the 21st Century“.
- Bat Ye'or (2005). „Eurabia: The Euro-Arab Axis“.
ფილმები
რედაქტირება- დროის სული, დროის სული — დამატება და დროის სული — შემდეგი ნაბიჯი — პიტერ ჯოზეფის დოკუმენტურ ფილმების სერია, რომელშიც განხილულია 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული აქტები, აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის ეკონომიკური შეთქმულება და სხვა თეორიები
- სიკეთის იმპერია — დოკუმენტური ფილმი აშშ-ის პოლიტიკის შესახებ
- საიდუმლო — 2006 წლის ამერიკული დოკუმენტული ფილმი, რომელიც შეეხება „შეთქმულების თეორიას“
- ფარენჰეიტი 9/11 — დოკუმენტური ფილმი რომელიც შეეხება 11 სექტემბრის შეთქმულებას
- შეთქმულების თეორია — 1997 წლის მხატვრული ფილმი, რომლის სიუჟეტის მიხედვითაც, მთავარი გმირს, (მელ გიბსონს), აწუხებს პარანოიდული იდეა, მას ყველგან შეთქმულებები ეჩვენება
ბესტსელერები
რედაქტირება- ჯეიმზ გრეიდის რომანი „კონდორის ექვსი დღე“
- დენ ბრაუნის რომანები „და ვინჩის კოდი“ და „ანგელოზები და დემონები“
- უმბერტო ეკოს რომანი „ფუკოს ქანქარა“
- ლოურენს ნოლფოკის რომანი ლამპრიერეს ლექსიკონი
- რობერტ შისა და რობერტ უილსონის ტრილოგია „The Illuminatus!“
- ალექსანდრე ექშტეინის იუმორისტული ფანტასტიკა „სავსე მთვარის ადამიანები“
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Цыганков (1995)
- ↑ 2.0 2.1 Jamie Bartlett and Carl Miller. (2011) A Bestiary of the 9/11 Truth Movement: Notes from the Front Line. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-01.
- ↑ Umberto Eco. (1988) „Foucault's Pendulum“.
- ↑ „The man who would be king“. The Guardian (March 24, 1999).
- ↑ Laurence Gardner (1996)
- ↑ 6.0 6.1 John Coleman (1991)
- ↑ Дугин (2005)
- ↑ Селянинов (1911)
- ↑ Thomas Jones. (2005) „Short Cuts“.
- ↑ 10.0 10.1 Richard S. Levy (2005)
- ↑ „Власти США обвиняют табачные компании в преступном сговоре и требуют 280 миллиардов“. Lenta.ru (2004). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-14.
- ↑ „Why there is no global antivirus software conspiracy“. Techrepublic.com (2005). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-10-23.
- ↑ Angus Kidman. (2012) 10 Biggest Computer Security Myths Busted - Myth #9. Security software companies write most viruses. lifehacker.com.au.
- ↑ „Blaming the Jews: The Financial Crisis and Anti-Semitism“. Adl.org (2008).
- ↑ „Еврокомиссия оштрафовала "парафиновую мафию" на миллиард долларов“. Lenta.ru (2008).
- ↑ Sony Pictures Classics — დოკუმენტური ფილმი „Who Killed The Electric Car?“
- ↑ Richard Roeper (2008), გვ. 80
- ↑ Philip Weiss. (1989) „Masters of the Universe Go to Camp: Inside the Bohemian Grove“. Spy Magazine, pages 59-76.
- ↑ 19.0 19.1 Michael Barkun (2003)
- ↑ ADL report "Jewish "Control" of the Federal Reserve: A Classic Anti-Semitic Myth". დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-06-29. ციტირების თარიღი: 2012-08-31.
- ↑ Bat Ye'or (2005)
- ↑ William Cooper - „New Age Conspiracy“ (საჯარო ლექცია 4 ნაწილად)
- ↑ Джордж Энтин (2000)
- ↑ Даниэль Пайпс (2000)