იოჰან გუტენბერგი
იოჰან გუტენბერგი (დ. 1394-99 შორის (ან 1406), მაინცი — გ. 3 თებერვალი. 1468,იქვე ) — გერმანელი გამომგონებელი, ევროპის პირველი მესტამბე. გამოიგონა და დაამზადა ცალკეულ ასონიშანთა ლიტერები და მათი ზომის შესაბამისი სახარვეზო მასალა (პირველი სტანდარტული დეტალები ევროპული ტექნიკის ისტორიაში). შექმნა შრიფტის ჩამოსასხმელი და საბეჭდი დაზგები. შეიმუშავა შრიფტისათვის ლითონის შედგენილობისა და საბეჭდი საღებავის რეცეპტურა. ეწეოდა ინტენსიურ ექსპერიმენტულ მუშაობას ბეჭდვის ტექნოლოგიის დარგში. 1438 წელს სტრასბურგში შექმნა ამხანაგობა, რომლის მიზანი იყო წიგნის ბეჭდვის ორგანიზაცია. სტრასბურგის საბუთების მიხედვით, გუტენბერგის პირველი წიგნი 1440 წელს გამოუცია, რაც ნაბეჭდი პროდუქციით არ დასტურდება. მისი პირველი ნაბეჭდი პროდუქცია „ფრაგმენტი განკითხვის დღისა“ (1445) უნდა იყოს. შემდეგ გამოუცია ელიუს დონატუსის (IV ს.) ლათინური ენის გრამატიკა, თურქული კალენდარი (1454); კათოლიკური ეპარქიის ეკლესიათა სია, რამდენიმე ინდულგენცია (1456) და სხვ. მასვე მიაწერენ იოანე ბალბას (XIII ს.) ლათინური განმარტებითი ლექსიკონის (1460), 42-სტრიქონიანი ბიბლიისა (რომელიც პოლიგრაფიულ-მხატვრული შესრულების მხრივ XV საუკუნის 50-იანი წლების შედევრია) და სხვა გამოცემებს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 320.