დანიელი
დანიელი (ებრ.: דָּנִיּאֵל, თანამედროვე Daniyyel ტიბერიული Dāniyyêl ;სპარს.: دانيال, Dâniyal ან Danial, ასევე Dani, داني ; არაბ.: دانيال, Danyal "მსაჯული ჩემი–ღმერთი" 600 წ. ქრისტეს შობამდე. ხსენების დღე: ძვ.სტ. 17.12; ახ. სტ. 30.12) — დანიელის წიგნის ცენტრალური ფიგურა, ბიბლიის ერთ-ერთი უდიდესი წინასწარმეტყველი.
დანიელის ცხოვრება
რედაქტირებაროდესაც ნაბუქოდონოსორი შეიჭრა იუდეაში და დაანგრია წმინდა ქალაქი იერუსალიმი, ქალაქში დარჩენილი მოსახლეობა ტყვედ წაიყვანა ბაბილონში. მეფემ საჭურისთა მთავარს უბრძანა, ტყვეთა შორის გამოერჩია სამეფო მოდგმიდან და დიდებულთაგან უნაკლო, შესახედავად მშვენიერი, ყველა სიბრძნეში დახელოვნებული, ნიჭიერი და სწავლის უნარიანი ყმაწვილები, რომელთაც შეეძლებოდათ მეფის კარზე სამსახურის გაწევა და ქალდეველთა მწიგნობრობისა და ენის შესწავლა. მეფის ბრძანება შეასრულეს. მეფემ ყმაწვილებს განუწესა ულუფა თავისი სუფრიდან და ის ღვინო, თავად რომ სვამდა. მან ბრძანა სამი წელიწადი ეწვრთნათ ისინი და ისე წარედგინათ მის წინაშე. ამ ყმაწვილებში იუდაელთაგან იყვნენ: დანიელი, (ხ)ანანია, (ყ)აზარია და მისაელი. სასახლეში მათ სახელები შეუცვალეს: დანიელს - ბელტეშაცარი უწოდეს, ხანანიას - შადრაქი, მისაელს - მეშაქი, ყაზარიას - ყაბედ-ნეგო. დანიელმა გადაწყვიტა არ გაუწმინდურებულიყო სამეფო ულუფითა და ღვინით, ვინაიდან ეს ულუფა იმ ცხოველთა და ფრინველთა ხორცით მზადდებოდა, რომლის ჭამაც აკრძალული იყო მოსეს რჯულით და ამასთან ის ხორცი ბაბილონის ღმერთის შესაწირიდან იყო. მან საჭურისთა მთავარს სთხოვა მისთვის და მისი სამი მეგობრისთვის ეძლიათ მხოლოდ ბოსტნეული და წყალი. საჭურისთა მთავარს პირველად შეეშინდა, ვაითუ ყმაწვილები გახდნენ და მეფე გამირისხდესო, მაგრამ დანიელმა სთხოვა, რომ ათი დღე გამოეცადა ისინი. ათი დღის შემდეგ ყმაწვილებს სახე უფრო გაულამაზდათ და ტანადაც უფრო სრულად გამოიყურებოდნენ, ვიდრე ის ჭაბუკები, სამეფო სუფრიდან რომ იღებდნენ ულუფას.
ღმერთმა დანიელსა და მის სამ მეგობარს მისცა სიბრძნე. ამასთან დანიელი აგრეთვე დააჯილდოვა ყოველგვარი ხილვისა და სიზმრის ახსნის ნიჭით.
სამი წლის შემდეგ მეფემ ბრძანა მიეყვანათ ამორჩეული ჭაბუკები. როცა მათ გამოესაუბრა, მიხვდა, რომ დანიელისა და მისი სამი მეგობრის მსგავსი არვინ იყო, ამიტომაც მხოლოდ ისინი დატოვა თავის სამსახურში. რაც არ უნდა ეკითხა მეფეს, ჭაბუკები ათჯერ უფრო გონივრულ პასუხს სცემდნენ, ვიდრე მისი ყველა სხვა მოგვი და შემლოცველი.[1]
ნაბუქოდონოსორის შემდგომ ბაბილონის მეფე გახდა მისი ვაჟი ბელსაცარი. ერთხელ მან ნადიმი გაუმართა თავის ათას დიდებულს. ნადიმზე მან ბრძანა, რომ ოქრო-ვერცხლის ჭურჭელი გაეშალათ, რომელიც ნაბუქოდონოსორის მიერ იყო ტაძრიდან მოტაცებული. როცა ის ჭურჭელი მოიტანეს, მეფემ, მისმა დიდებულებმა და მათმა ცოლებმა იმ სასმისებით დაიწყეს ღვინის სმა და ადიდეს თავიანთი ოქროს, ვერცხლის, რვალის, რკინის, ქვისა და ხის ღმერთები.
უეცრივ სამეფო დარბაზში, სადაც წვეულება იყო, გამოჩნდა კაცის თითები, რომელთაც კედელზე წერა დაიწყეს, სასანთლის წინ. ამის დანახვაზე მეფეს შიშისგან ფერი ეცვალა, მოდუნდა და მუხლები აუკანკალდა. მან იყვირა, მომიყვანეთ ბაბილონელი ბრძენი კაცები, რათა აეხსნათ, თუ რა ეწერა კედელზე. იგი ამ სიტყვების ამხსნელს ჰპირდებოდა, რომ სამეფოს მესამედმთავრად გახდიდა. მაგრამ ბაბილონელმა სწავლულებმა ვერ ახსნეს, თუ რა ეწერა კედელზე.
დედოფალმა ეს რომ გაიგო, პალატში შევიდა და მეფეს უთხრა, რომ დანიელში არის ღმერთის სული, გონიერება და ცოდნა, უნარი სიზმრების ახსნისა, იგავთა განმარტებისა და ხლართების გახსნისა. მოიყვანეს დანიელი და მეფემ სთხოვა, ამოეკითხა ის გაუგებარი სიტყვები და განემარტა მათი მნიშვნელობა.
დანიელმა ბელსაცარს უთხრა, რომ ღმერთი მრისხანებდა მის ამპარტავნებასა და გულმხეცობაზე. და იმის გამოც, რომ წმინდა სასმისებით სვამდა ღვინოს და ამ დროს კერპებს ადიდებდა. მან უთხრა, რომ კედელზე წერია: ”მენე, მენე, თეკელ უფარსინ”. და ეს სიტყვები ასე განიმარტება: მენე - დაითვალა ღმერთმა შენი სამეფოს დღეები და დაასრულა იგი; თეკელ - სასწორზე აიწონე და მსუბუქი აღმოჩნდი; უფარსინ - გაიყოფა შენი სამეფო და მიდიელებსა და სპარსელებს მიეცემა იგი.
მაშინ მეფის ბრძანებით დანიელს ძოწეული ჩააცვეს, კისერზე ოქროს შიბი ჩამოჰკიდეს და სამოფოს მესამედმთავრად გამოაცხადეს.
იმავე ღამეს აღსრულდა ის, რაც ღმერთმა უწინასწარმეტყველა ბელსაცარს: მოკლეს იგი და მისი სამეფო მიდიელთა მეფე დარიოსმა დაიპყრო.[2]
მეფე დარიოსი, რომელმაც ბელსაცარის ტახტი დაიპყრო, ამპარტავანი კაცი იყო და თაყვანს კერპებს სცემდა. მაგრამ მას ძლიერ უყვარდა დანიელი მისი სიბრძნისა და მაღალი სულიერების გამო. მან გადაწყვიტა თავის სამეფოსათვის 120 სატრაპი დაენიშნა, რათა მათ გაეგოთ სამეფოში ყველაფერი, ხოლო მათ სათავეში სამი მთავარი დაუდგინა. მათ შორის ერთ-ერთი დანიელი იყო. სატრაპები მათ წარუდგენდნენ ხოლმე ანგარიშს, რათა მეფეს დიდი შრომა არ დასწოლოდა. სხვა მთავრებსა და სატრაპებზე მეტად დანიელი აღზევდა. დარიოსი ფიქრობდა მის მთელი სამეფოს მთავრად დადგინებას. მაშინ სხვა მთავრებმა და სატრაპებმა საბაბს დაუწყეს ძებნა, რომ დანიელისთვის ბრალი დაედოთ, მაგრამ ვერაფერი უპოვნეს, ვინაიდან ”ერთგული იყო იგი და რაიმე შეცოდება ან დანაშაული არ აღმოაჩნდა”.
ბოლოს მათ მზაკვრული გეგმა შეადგინეს: იცოდნენ, რომ დანიელი ხშირად ლოცულობდა თავისი ღმერთის მიმართ. ამიტომ მეფეს სთხოვეს გამოეცა ბრძანება, რომლითაც 30 დღის მანძილზე აიკრძალებოდა ღმერთის ან კაცის მიმართ რაიმეს თხოვნა, გარდა მეფისა. ხოლო ვინც ამ ბრძანებას დაარღვევდა, ლომების ხაროში ჩაეგდოთ. მეფე ამ იცოდა ამ თხოვნის ნამდვილი მიზეზი და დაეთანხმა ამ ბრძანების გამოცემას.
დანიელი ბრძანების მიუხედავად, არ წყვეტდა ღმერთის მიმართ ლოცვას. მას ჩვეულებად ჰქონდა დღეში სამჯერ მოეყარა მუხლი და ელოცა თავისი ქორედის სარკმელთან. ლოცვაში დანიელი იღებდა ძალას, ნუგეშსა და კურთხევას. ხალხი, რომელთაც სძულდათ დანიელი, დაუდარაჯდნენ და თავს მაშინ წაადგნენ, როდესაც იგი ლოცულობდა უფლის წინაშე და მოწყალებას სთხოვდა მას.[3] დანიელის მოძულენი მივიდნენ დარიოს მეფესთან და უთხრეს, რომ დანიელი მეფეს არად აგდებდა, არც მის ბრძანებას მიიჩნდვდა რამედ, დღეში სამჯერ ლოცულობდა თავისი ღმერთის მიმართ. ეს რომ მეფემ გაიგონა, დაღონდა და გადაწყვიტა რაიმეთი ეშველა დანიელისათვის, მაგრამ მეფეს უმალვე მოაგონეს, რომ მისი ხელით გამოცემული ბრძანების დარღვევა არ შეიძლებოდა. მაშინ მეფემ ბრძანა დანიელი ლომების ხაროში ჩაეგდოთ. დარიოსმა იცოდა რა, რომ დანიელის ღმერთი დიდი ღმერთი იყო, უთხრა მას: შენი ღმერთი, რომელსაც შენ ერთგულად ემსახურები, ის გადაგარჩენსო. შემდგომ მეფე დაბრუნდა სასახლეში და შეწუხებული უვახშმოდ დაწვა. მას მთელი ღამე არ სძინებია. განთიადზე ის ხაროსთან მივიდა და ნაღვლიანი ხმით ჩასძახა დანიელს: ცოცხალი ღმერთის მსახურო დანიელ, თუ შეძლო შენი გადარჩენა იმ ღმერთმა, ერთგულად რომ ემსახურებიო? დანიელი გამოეპასუხა დარიოსს: ჩემმა ღმერთმა ანგელოზი გამომიგზავნა, მან პირი შეუკრა ლომებს და მათაც არა მავნეს რა, ღვთის წინაშე სუფთა აღმოვჩნდი. და არც შენს წინაშე მიმიძღვის ბრალიო. დიდად გაიხარა დარიოსმა და ბრძანა მისი ხაროდან ამოყვანა. მან ნახა, რომ დანიელი მართლაც უვნებელი იყო. მეფის ბრძანებით, მოიყვანეს ის ხალხი, რომლებმაც დააბეზღეს უცოდველი დანიელი და ლომებთან ჩაყარეს. მხეცებმაც ჰაერშივე დაიჭირეს და დაფლითეს ისინი.
ამის შემდგომ დარიოსმა ეპისტოლეები დაწერა და თავისი სამეფოს ყოველ კუთხეში გააგზავნა. ამ წერილებით იგი ბრძანებდა, რომ ყველას ეღიარებინა დანიელის ღმერთი, რადგან იგი არის ცოცხალი ღმერთი, რომლის ხელმწიფება მარადიული და დაუსრულებელია. იგი ეხმარება და იხსნის მისი სახელის მოიმედეებს, სასწაულებს ახდენს ცაზე და დედამიწაზე. მან იხსნა დანიელი ლომებისაგან.
დანიელის გარდაცვალების ზუსტი თარიღი უცნობია. იგი კვიროს მეფის დროსაც ცოცხალი იყო[4], ე.ი. უკვე ას წელს მიღწეული. დანიელს უცხო მიწაზე 80 წელზე მეტ ხანს მოუწია ცხოვრება. სავარაუდოდ გარდაიცვალა ქალაქ სუზიში, ირანი. გადმოცემის თანახმად, აქვე მდებარეობს მისი საფლავი. თუმცაღა არსებობს უამრავი სხვა ვერსია: კირკური (ერაყი), ასევე ბაბილონი, ეგვიპტე, სამარყანდი (უზბეკეთი), ტარსუსი (თურქეთი)...
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 373.