ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ქსენოფობია (ბერძნ. ξενοφοβία - „უცხოს შიში“, — ξένος ქსენოს — „უცხო“ და φόβος ფობოს — „შიში“) — უცხოს ან უჩვეულოს მიმართ შიში.[1] ტერმინი ხშირად გამოიყენება უცხოელთა ან განსხვავებულ ადამიანთა მიმართ შიშის მინიშნებად. მაგ. რასიზმი ხშირად ქსენოფობიის ერთ-ერთ ფორმად განიხილება. მეცნიერულ ფანტასტიკაში ქსენოფობია უცხოპლანეტელთა ან არადედამიწური წარმოშობის საგანთა მიმართ შიშს ნიშნავს. ქსენოფობია ემყარება რწმენას, ცრუს ან ნამდვილს, რომ განხილვის სუბიექტი (ან ობიექტი) რაღაცით უცხოა.

ამერიკული ქსენოფობიური პლაკატი, რომელზეც აღბეჭდილია ჩინელების გასახლების აქტი.

არსებობს ფუნდამენტალისტურ-შოვინისტურ დოგმებზე დამყარებული რელიგიურ-კულტურული ქსენოფობია, როდესაც ერთი რელიგიური ჯგუფი განიცდის შიშს და სიძულვილს მისგან განსხვავებული რელიგიური ფასეულობების მქონე ადამიანთა მიმართ.

არსებობს რელიგიურ-ანთროპოცენტრისტული ქსენოფობია, რომელიც ამტკიცებს, რომ ადამიანთა რასა არის „ღმერთის“ მიერ შექმნილი უმაღლესი რასა, ხატი უზენაესი ძალისა, რომელსაც (თუ იგი დაიცავს მცნებებს) საიქიო ცხოვრებაში ელის ცათა სასუფეველში ნეტარება „ღმერთთან“, ხოლო ყველა სხვა ანთროპომორფული ჰუმანოიდური რასები (დემონები, უცხოპლანეტელები, დაცემული ანგელოზები, ნიფილიმები ე.ი. დაცემულ ანგელოზთა და ადამიანთა გენეტიკური და სულიერი ჰიბრიდები და ა.შ.) წარმოადგენენ სულის არმქონე და ცხონების პერსპექტივის არმქონე პრიმიტიულ და საშიშ, ბინძურ, „ღვთაებასთან“ დაპირისპირებულ ძალებს, რომელთაც არ აქვთ სიცოცხლის უფლება, არ შეუძლიათ „სამოთხეში“ მოხვედრა და რომელთათვისაც საუკეთესო შემთხვევაში გამზადებულია სამუდამო სატანჯველი ე.ი. ჯოჯოხეთი იგივე გეენა (ან ტარტაროზი). ქსენოფობიის ეს ტიპი ყველა არაადამიანურ სიცოცხლის ფორმას განიხილავს უღვთო და უსჯულო ბოროტ ძალად და სასიკვდილო საფრთხედ, რომელსაც შეუძლია ადამიანის გადაყვანა „ცხონების“ გზიდან „სულიერი დაღუპვის“ გზაზე. ქსენოფობიის ეს იდეური სისტემა ახდენს კულტურულ-რელიგიური იზოლაციონიზმის და ექსტრემისტული შოვინიზმის პროპაგანდირებას და აგიტირებას მასებში. ქსენოფობიის ერთ-ერთი ფორმაა – გნოსეოფობია ანუ უცხო ე.ი. ტრადიციული რელიგიური დოგმებისგან განსხვავებული (მეცნიერული, ფილოსოფიური და ა.შ.) ცოდნის პარანოიდალური და ისტერიული შიში.

ქსენოფობიაში ფობიის ორი ობიექტია. პირველია საზოგადოებაში მოსახლეობის გარკვეული ჯგუფი, რომელიც ამ საზოგადოების წევრად არ მიიჩნევა. ხშირად ესენი არიან ახალი იმიგრანტები, თუმცა ქსენოფობია შეიძლება მიმართული იყოს ამ საზოგადოებაში საუკუნეების განმავლობაში არსებული ჯგუფის წინააღმდეგაც. ამ ფორმის ქსენოფობია შეიძლება მიზეზი გახდეს ისეთი ძალადობრივი რეაქციებისა, როგორიცაა იმიგრანტთა მასობრივი დევნა, ან უარეს შემთხვევაში, გენოციდი.

ქსენოფობიის მეორე ფორმა ძირითადად კულტურულ განსხვავებებს ეყრდნობა და ფობიის ობიექტი კულტურული ელემენტებია, რომელიც საზოგადოების მიმართ უცხოდ მიიჩნევა. ყველა კულტურა გარე სამყაროს ზეგავლენის ქვეშ იმყოფება, თუმცა კულტურული ქსენოფობია ხშირად სპეციფიურია, მაგ. უცხო სიტყვათა სესხება ეროვნულ ენაში. ის იშვიათად იწვევს ადამიანთა წინააღმდეგ აგრესიას, თუმცა შეიძლება საფუძველი გახდეს პოლიტიკური კამპანიებისა კულტურული და ლინგვისური სიწმინდის დაცვისთვის.

ქსენოფობია მწვავე პრობლემა იყო პირველი და მეორე მსოფლიო ომების შემდეგ დასავლეთ ევროპასა და ამერიკაში, როდესაც დაბრუნებულ ომის ვეტერანებს სამსახურისა და საცხოვრებელი ადგილისთვის უცხოელებთან მოუწიათ კონკურენცია. მას შედეგად ამბოხი, რასობრივი კონფლიქტები და საერთო არასტაბილურობა მოჰყვა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Oxford Standard English Dictionary' (OED). Oxford Press, 2004, CDROM version.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ქსენოფობია“-დან