კლიფ ბარტონი
კლიფორდ ლი ბარტონი (ინგლ. Clifford Lee „Cliff“ Burton; დ. 10 თებერვალი, 1962, აშშ — გ. 27 სექტემბერი, 1986, შვედეთი) — ამერიკელი მუსიკოსი, უკეთ ცნობილი როგორც ამერიკული თრეშ მეტალ ჯგუფ მეტალიკის ბასისტი. როგორც ბასისტი, იგი ხშირად იყენებდა დისტორშენსა და ჩვეულებრივი გიტარისთვის დამახასიათებელ სხვა ეფექტებს, რაც ყველაზე უკეთ წარმოჩენილია კომპოზიციაში (Anesthesia) Pulling Teeth.
კლიფ ბარტონი | |
---|---|
კლიფი 1985 წელს | |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | კლიფორდ ლი ბარტონი |
დაბ. თარიღი | 10 თებერვალი, 1962 |
დაბ. ადგილი | Castro Valley |
წარმოშობა | კასტრო ველი, კალიფორნია, აშშ |
გარდ. თარიღი | 27 სექტემბერი, 1986 (24 წლის) |
გარდ. ადგილი | Dörarp |
ჟანრ(ებ)ი |
თრეშ მეტალი, სპიდ მეტალი, მძიმე მეტალი |
საქმიანობა | მუსიკოსი, სიმღერების ავტორი |
ინსტრუმენტ(ებ)ი | ბას-გიტარა |
აქტიური | 1980–1986 |
ლეიბლ(ებ)ი | Megaforce, Elektra |
აღსანიშნავი ინსტრუმენტები | |
Rickenbacker 4001 Aria Pro II SB-1000 | |
საიტი | Metallica.com |
კლიფ ბარტონი ვიკისაწყობში |
ბარტონის ადრეული გავლენა არსებითი იყო უნიკალური მუსიკალური სტილის შექმნაში, რითაც მეტალიკა პოპულარული გახდა. კლიფი მეტალიკას 1982 წელს შეუერთდა და ჯგუფის პირველი სამი ალბომის (Kill 'Em All, Ride the Lightning და Master of Puppets) ჩაწერაში მიიღო მონაწილეობა. ყველა მათგანს[1], განსაკუთრებით კი Master of Puppets-ს, დიდი კომერციული და კრიტიკული წარმატება ხვდა წილად.[2] ბარტონი ცნობილი იყო ბას-გიტარის წამყვანი როლით სიმღერებში, სადაც იგი უკრავდა მელოდიურ, სოლოსებურ პარტიებს, რათა გაემყარებინა ჯგუფის ჰარმონიული და რიტმული ფუძე.
კლიფ ბარტონი 1986 წლის 27 სექტემბერს ავტოკატასტროფაში ტურნეს დროს დაიღუპა .[3][4] 2009 წლის 4 აპრილს მეტალიკის დანარჩენ წევრებთან ერთად კლიფიც შეიყვანეს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში.[5] სიტყვით მის ნაცვლად მისი მამა რეი ბარტონი გამოვიდა.
ბიოგრაფია
ადრინდელი წლები
ბარტონი დაიბადა 1962 წლის 10 თებერვალს კალიფორნიაში, ჯენ და რეი ბარტონების ოჯახში. მას ორი უფროსი და-ძმა ჰყავდა, სკოტი და კონი. გაიზარდა სან-ფრანცისკოს რკინიგზის არის მიდამოებში. კლიფის ინტერესი მუსიკისადმი მაშინ გამძაფრდა, როცა მამამისმა კლასიკურ მუსიკას გააცნო. მას შემდეგ მან დაიწყო ფორტეპიანოს გაკვეთილებზე სიარული.
თინეიჯერობის პერიოდში ბარტონს აინტერესებდა როკ-მუსიკა, კლასიკური და განსაკუთრებით მძიმე მეტალი[6]. ბას-გიტარაზე დაკვრა დაიწყო 13 წლის ასაკში, მისი ძმის გარდაცვალების შემდეგ. მისი მშობლები აღნიშნავდნენ, რომ კლიფი ამბობდა: „მე ვაპირებ გამოვიდე საუკეთესო ბასისტი, ჩემი ძმის გულისთვის.“[7] ყოველდღე ექვს საათს დაკვრაში ატარებდა.[8] კლასიკური მუსიკისა და ჯაზთან ერთად კლიფის ადრინდელ გავლენაზე იმოქმედა სამხრეთის როკმა, ქანთრიმ და ბლიუზმა.[8]
სკოლის პერიოდში კლიფმა ჩამოაყალიბა ჯგუფი EZ-Street. სახელწოდება მომდინარეობდა რკინიგზის არის უსახურავო ბარიდან. ჯგუფის სხვა წევრები იყვნენ შემდგომში Faith No More-ისა და ოზი ოსბორნის დრამერი მაიკ ბორდინი და შემდგომში ასევე Faith No More-ის გიტარისტი „ბიგ“ ჯიმ მარტინი.[9] EZ-Street იყო ჯიმ მარტინის ჯგუფი და კლიფი იქ თავს მთლად კარგად ვერ გრძნობდა. მისივე თქმით, ისინი იყვნენ რაღაც ბარის ჯგუფის მაგვარი და ძირითადად შემოიფარგლებოდნენ 1970-იანი წლების როკ ქავერების შესრულებით. პრაქტიკული შედეგი კი ის იყო, რომ კლიფი არ იყო დაინტერესებული ამგვარი მუსიკის შექმნით.[10] ბარტონმა და მარტინმა გააგრძელეს ერთად დაკვრა სტუდენტობის პერიოდშიც. მათი მეორე ჯგუფი Agents of Misfortune 1981 წელს შეტანილი იქნა ჰეიუარდის არის შემოქმედებითი დეპარტამენტის „ჯგუფების ბრძოლაში“. ბარტონთან და მარტინთან ერთად ჯგუფში დრამებზე მათი მეგობარი დეივიც უკრავდა.[10] მათი გამოსვლა ჩაწერილი იქნა ვიდეოზე, რომელშიც შესაძლებელია ბარტონის ადრეული საფირმო დაკვრის ხილვა. ვიდეო შეიცავს კლიფის დაკრულ მონაკვეთებს, რომლებიც მალე მეტალიკის ორ სიმღერაში აისახა: კლიფის საფირმო სოლო (Anesthesia) Pulling Teeth-ში და For Whom the Bell Tolls-ის შესავალი.[8] 1982 წელს ბარტონი შეუერთდა ჯგუფ Trauma-ს. ეს ჯგუფი იყო კიდევ ერთი, სადაც კლიფი თავს მთლად კარგად ვერ გრძნობდა. კლიფის თქმით, ის ჯგუფს „მხოლოდ გამოცდილების მისაღებად შეუერთდა“.[10] კლიფის მშობლების განცხადებით, ახალგაზრდა კლიფი უმეტეს დროს თავის ჯგუფებთან რეპეტიციებში ატარებდა, სადაც მას თანდათან უყალიბდებოდა თავისი ორიგინალური დაკვრის სტილი და ტექნიკა.[11]
მეტალიკა
მეტალიკა ეძებდა ბას-გიტარისტს რონ მაკგოვნის შესაცვლელად, რომელმაც ჯგუფი დატოვა დეივ მასტეინთან უთანხმოების გამო.[12] 1982 წელს Trauma გაემგზავრა ლოს-ანჯელესში კლუბში Whisky a Go Go გამოსასვლელად.[8][13] მსმენელებს შორის იყვნენ მეტალიკის წევრები ჯეიმზ ჰეტფილდი და ლარს ულრიხი, რომლებიც სპეციალურად კლიფის მოსასმენად იყვნენ მოსულები. კლიფის დაკრული რომ მოისმინეს, თავდაპირველად ეგონათ, უნიჭიერესი გიტარისტი უკრავდა. ჰეტფილდი იხსენებს:
დაადგინეს რა, რომ მოსმენილი სინამდვილეში იყო კლიფის სოლო ბას-გიტარაზე, შესთავაზეს მას მეტალიკაში გაწევრიანებულიყო. კლიფი მაშინვე არ დათანხმდა. თუმცა წლის ბოლოსთვის, რაც კლიფი დარწმუნდა, რომ „Trauma ცოტათი კომერციული ხდებოდა,“[14] დათანხმდა წინადადებას, მაგრამ ლოს-ანჯელესში გადასვლის იდეამ დიდად არ მოხიბლა და მეტალიკის წევრებს უთხრა, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუკრავდა მათთან, თუ ჯგუფი გადაბარგდებოდა სან-ფრანცისკოს მახლობლად, ქ. ელ ქერიტოში.[8] ჯეიმზს და ლარსს ისე სურდათ ბარტონი ჯგუფში, რომ დათანხმდენ მის პირობას.[15]
ბარტონის პირველი ნამუშევარი მეტალიკასთან ერთად იყო Megaforce Demo. დემო No Life 'til Leather, რომელიც ჯგუფში კლიფის მოსვლამდე ჩაწერეს, ჯონი ზაზულას, Megaforce Records-ის მფლობელის ხელში მოხვდა.[16] ჯგუფი გაემგზავრა ოულდ ბრიჯში, ნიუ-ჯერსი, და სწრაფად გააფორმა კონტრაქტი ჯონის ლეიბლთან.[16] მეტალიკის პირველი ალბომი Kill 'Em All შეიცავს ბარტონის ცნობილი ბას სოლოს ნაწილს, (Anesthesia) Pulling Teeth, რომელშიც კარგადაა ასახული სხვადასხვა ეფექტების გამოყენება ბარტონის მიერ,[17] მაგ.: ვაუ პედალის (მანამდე ვაუ პედალს თითქმის ექსლუზიურად მხოლოდ ექვს სიმიანი გიტარისტები იყენებდნენ[8]). აღსანიშნავია, რომ ალბომის სახელწოდების მოფიქრება კლიფს მიანდეს.[18]
მეტალიკის მეორე ალბომში Ride the Lightning ჩანს ჯგუფის მუსიკალური ზრდა.[19] ბარტონის სიმღერის წერის შესაძლებლობები იზრდება, ალბომის რვა სიმღერიდან ექვსი მისი დაწერილია.[19] ბარტონის დაკვრის სტილი და ეფექტების გამოყენება განსაკუთრებით კარგად ჩანს ორ სიმღერაში: For Whom the Bell Tolls,-ის შესავალში და წამყვანი ბასი The Call of Ktulu-ში. ამ უკანასკნელის უმეტესი ნაწილი კლიფის დაწერილია.[20]
მუსიკალურმა ზრდამ, რომელსაც წარმოაჩენს Ride the Lightning, მრავალი მუსიკალური ლეიბლის ყურადღება მიიქცია.[16] მეტალიკამ კონტრაქტი გააფორმა ლეიბლთან Elektra Records და დაიწყო მესამე ალბომზე მუშაობა. 1986 წელს გამოცემული ალბომი Master of Puppets აღიარებულია საუკეთესოდ როგორც თრეშის, ისე ზოგადად მეტალის არსებობის მანძილზე.[21] ბარტონი ამ ალბოშიც რამდენიმე სიმღერის დაწერაში მონაწილეობდა, რომელთაგან ყველაზე შესამჩნევია ინსტრუმენტალი Orion, რომელიც კიდევ ერთხელ ასახავს ბარტონის წამყვანი ბასის დაკვრის სტილს. ბარტონის ბასის ხაზი ამ ალბომში უფრო მეტად კომპლექსური და თვალსაჩინო გახდა.[22] ალბომში ასევე შესულია კლიფის საყვარელი მეტალიკის სიმღერა - Master of Puppets.[14] Master of Puppets იყო მეტალიკის პირველი კომერციული გარღვევა მისი არსებობის განმავლობაში,[23] მაგრამ ბოლო კლიფთან ერთად.
ბარტონის ბოლო გამოსვლა მეტალიკასთან ერთად შედგა 1986 წლის 26 სექტემბერს სტოკჰოლმში, შვედეთი.[10] ბარტონის ერთ-ერთი ბოლო გამოსვლის უფასოდ გადმოქაჩვა შესაძლებელია მეტალიკის საიტიდან.[24]
სიკვდილი
Master of Puppets -ის მხარდამჭერი ევროპული Damage Inc. ტურნეს დროს ჯგუფის წევრები უჩიოდნენ ავტობუსის მოუხერხებელ და უკომფორტო საძინებლებს. 26 სექტემბრის საღამოს გადაწყვიტეს კარტი ეთამაშათ იმის გასარკვევად, ვინ ამოირჩევდა პირველი საძინებელს.[25] კლიფმა მოიგო კარტში ტუზ ყვავით (რომელსაც ასევე „სიკვდილის კარტსაც“ უწოდებენ[26]) და აირჩია კირკის საძინებელი. დილის შვიდ საათს რამდენიმე წუთი ეკლდა, როცა მძღოლმა მართვაზე კონტროლი დაკარგა და ავტობუსი რამდენიმეჯერ ამობრუნდა, მძღოლის ვერსიით, ყინულზე მოცურდა.[27] ამ დროს ყველას ეძინა. ეს მოხდა დორარპის მახლობლად, შვედეთის სამხრეთ აგრარულ ნაწილში, ორი მილით ჩრდილოეთით ლიუნგბაიდან.[28] ჯეიმზმა, ლარსმა და კირკმა უმნიშვნელო დაზიანებები მიიღეს, ხოლო კლიფი ფანჯრიდან გადმოვარდა და ავტობუსის ქვეშ მოყვა. უკვე იყო თუ არა კლიფი მკვდარი, გაურკვეველი რჩება. ამწეს, რომელიც ავტობუსს ეწეოდა, ბაგირი გაუწყდა და ავტობუსი მეორედ დაეცა კლიფს.[27][28] ჯეიმზი იხსენებს:
„მე ვხედავდი რიგორ იწვა იგი ავტობუსის ქვეშ. მახსოვს, ავტობუსის მძღოლი ცდილობდა გამოეძრო გადასაფარებელი მის ქვეშიდან, რათა დანარჩენებს გამოგვეყენებინა. აქ მე წამოვიძახე: „ხელი არ ახლო, შენი დედაც!“ მე მზად ვიყავი მომეკლა იგი. არ ვიცი ნასვამი იყო თუ არა. ვიცი მხოლოდ, რომ ის საჭესთან იჯდა და კლიფი უკვე აღარ იყო...[3]“
|
მოგვიანებით ჯეიმზმა განაცხადა, რომ პირველი შთაბეჭდილებით მას ეჯერა, რომ ავტობუსის ამოტრიალება მძღოლის ბრალი იყო, რადგან ინციდენტის შემდეგ ალკოჰოლის სუნი ამოსდიოდა პირიდან. მისივე განცხადებით, მან დიდი მანძილი გაიარა ფეხით უკან გზაზე ყინულის ძებნაში, მაგრამ ვერაფერი იპოვა.[3] ადგილობრივმა ფოტოგრაფმა ლენარტ უენბერგმა, რომელიც ავარიის სცენას შეესწრო, შეკითხვაზე რამდენად დიდი იყო ალბათობა, რომ ავარია ყინულს გამოეწვია, უპასუხა, რომ ეს შეკითხვა არ უნდა დაესვათ, რადგან გზა მშრალი იყო, ხოლო ტემპერატურა ორი გრადუსი ცელსიუსით (37 ფარეჰეიტით). ეს ვერსია დადასტურდა ასევე ლიუნგბაის დეტექტივის არნ პეტერსონის მიერ ადგილობრივი გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში, სადაც აღნიშნული იყო, რომ გზაზე ნაპოვნი თვლების კვალი ზუსტად ემთხვეოდა კვალს, რომლის ნახვაც მაშინ შეიძლება, როდესაც მძღოლს სძინავს საჭესთან. თუმცა მძღოლმა დაიფიცა, რომ მთელი დღე ეძინა და სრულიად დასვენებული იყო. ამ მტკიცებულებას ადასტურებდა სხვა ტურნეს ავტობუსის მძღოლი.[27] მძღოლი უდანაშაულოდ ცნეს და არავითარი სანქციები არ იქნა მის მიმართ გატარებული.[29]
ბარტონის სხეულს კრემაცია ჩაუტარდა და ნაცარი გაფანტული იქნა მაქსველის რანჩოში.[25] ცერემონიაზე დაუკრეს ინსტრუმენტალი Orion, ხოლო ბარტონის დაწერილი ტექსტი (რომელიც მოგვიანებით ბარტონისადმი მიძღვნილი სიმღერის To Live Is To Die ტექსტიც გახდა) „Cannot the Kingdom of Salvation take me home?“ ამოტვიფრულია კლიფის მემორიალურ ქვაზე.
მემკვიდრეები
ბარტონის სიკვდილმა მეტალიკის არსებობა საეჭვო გახადა. დარჩენილმა წევრებმა გადაწყვიტეს, რომ კლიფის სურვილი იქნებოდა მათ გაეგრძელებინათ და, კლიფის ოჯახისაგან დალოცვის მიღების შემდეგ, დაიწყეს კლიფის შემცვლელის ძიება.[30]
მეტალიკის მომდევნო ბასისტი გახდა ჯეისონ ნიუსტედი აუდიენციის შემდეგ. ნიუსტედი ამბობდა, რომ ჯგუფმა იგი ბოლომდე არ ან ვერ მიიღო. ჯეისონი თავის როლს მეტალიკაში ადარებდა გოლიათის ფეხსაცმელების ტარებას, რომლებიც მას წინა პატრონისგან დარჩა. 2001 წელს სწორედ ეს დაასახელა ჯგუფიდან წასვლის ერთ-ერთ მიზეზად, რომ დანარჩენი წევრები მას სრულყოფილ წევრად არ მიიჩნევდნენ.[31]
ალბომის St. Anger ჩაწერის დროს ბას-პარტიებს მეტალიკის მუსიკალური პროდიუსერი ბობ როკი ასრულებდა. ჩაწერების დამთავრების შემდეგ მეტალიკამ მოაწყო სამ თვიანი აუდიენცია და ბოლოს ახალ ბასისტად შეარჩიეს რობერტ ტრუჰილო, მანამდე არც თუ ისე უცნობი წევრი ჯგუფებისა Suicidal Tendencies, Black Label Society და ოზი ოსბორნის ბენდი.[32] ჯგუფის ახალი წევრი მხურვალედ იქნა მიღებული. კირკ ჰემეტმა ერთ-ერთ ინტერვიუში ხაზი გაუსვა, რომ რობერტი, განსხვავებით ჯეისონისგან, მედიატორის დახმარების გარეშე უკრავს, ისევე, როგორც კლიფი.
წვლილის დაფასება
კლიფს ეძღვნება მეტალიკის პირველი ვიდეო Cliff 'Em All, რომელიც 1987 წელს გამოვიდა. ამ ვიდეოთი ჯგუფი ცდილობს გვიჩვენოს კლიფის უნიკალური პიროვნება და სტილი. მასში ნაჩვენებია ის სამწელიწადნახევარი, რომელიც კლიფმა მეტალიკაში გაატარა. ვიდეო ნაკრებში წარმოდგენილია ფანების საკონცერტო ჩანაწერები, ზოგიერთი პროფესიონალურად ჩაწერილი საფილმო და სატელევიზიო ვიდეოები, რომლებიც არასოდეს გამოყენებულა და ასევე კლიფის ზოგიერთი საუკეთესო სოლო, პირადი ფოტოები და ცოცხალი კონცერტები. ვიდეო მთავრდება Orion-ის მელოდიური შესავლით კლიფის ფოტოების ფონზე. ფილმი, გარდა იმისა რომ აშკარად კლიფზეა ფოკუსირებული, აძლევს ფანებს საშუალებას თვალი შეავლონ მეტალიკის ნაკლებად დოკუმენტირებულ ადრეულ კარიერას.[33]
კლიფს ბარტონს ეძღვნება ასევე 1988 წლის ალბომში ...And Justice for All შესული ინსტრუმენტალი To Live Is To Die. მუსიკა მოიცავს კლიფის მიერ სიკვდილის წინა პერიოდში დაწერილ რიფებს, რომელიც სიმღერებში არ ასახულა. სიმღერის სახელწოდება არის ასევე კლიფის საყვარელი ფრაზა. მიუხედავად იმისა, რომ To Live is to Die ინსტრუმენტალად ითვლება, დასასრულისკენ შეიცავს რამდენიმე წინადადებას ტექსტის სახით, რომელიც დაწერილია კლიფის მიერ. ტექსტს ჰეტფილდი კითხულობს:
„When a man lies he murders
Some part of the world These are the pale deaths Which men miscall their lives All this I cannot bear To witness any longer Cannot the kingdom of salvation Take me home?...“ |
ყველაზე უფრო ცნობილი ბარტონისადმი მიძღვნილი სიმღერა, რომელიც მეტალიკას არ ეკუთვნის, არის თრეშ მეტალ ჯგუფ Megadeth-ის In My Darkest Hour. Megadeth-ის დამფუძნებლის დეივ მასტეინის განცხადებით, გაიგო რა ბარტონის გარდაცვალების ამბავი, დაჯდა და დაწერა ეს სიმღერა ერთი ამოსუნთქვით.[34] თუმცაღა ტექსტი არანაირად არ უკავშირდება ბარტონის სიკვდილს. დეივი მეტალიკის გიტარისტი იყო პირველ ხანებში და კლიფს კარგად იცნობდა. მისი შესრულება კლიფთან ერთად დოკუმენტირებულია ფილმში Cliff 'Em All, სახლში გადაღებული ვიდეოს სახით.
თრეშ მეტალ ჯგუფმა ანთრაქსმა კლიფს მიუძღვნა მათი ალბომი Among the Living,[27] რომელიც მათ შემოქმედებაში საუკეთესოდ ითვლება. ასევე მეტალ ჩარჩმა მიუძღვნა ალბომი The Dark.
2006 წლის 3 ოქტომბერს მემორიალური ქვა გაიხსნა ავარიის ადგილის მახლობლადაც.
2009 წლის 4 აპრილს მეტალიკის დანარჩენ წევრებთან ერთად კლიფიც შეიყვანეს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში.[5] სცენაზე ჯგუფთან ერთად სიტყვით მის ნაცვლად მამამისი რეი ბარტონი გამოვიდა და აღნიშნა, რომ კლიფის დედა მეტალიკის დიდი ფანი იყო.
2009 წელსვე გამოიცა ჯოელ მაკივერის მიერ შედგენილი კლიფის ბიოგრაფია „იცხოვრო, ნიშნავს, მოკვდე. მეტალიკის კლიფ ბარტონის ცხოვრება და სიკვდილი“, რომელსაც წინასიტყვაობა კირკ ჰემეტმა დაურთო.[35] წიგნს კი სახელი კლიფის დაწერილი ბოლო სიმღერის მიხედვით დაარქვეს, რომელიც შესულია კლიფის გარდაცვალების შემდგომ გამოსულ ალბომში ...And Justice for All მერვე ტრეკად.
სტილი და გავლენა
ბარტონის დაკვრის სტილი საკმაოდ მრავალფეროვანი იყო მძიმე მეტალის შემსრულებელი ბასისტისთვის, დაწყებული სწრაფი და ტექნიკური პარტიებიდან ვირტუოზული და მელოდიური სოლოებით დამთავრებული. კლიფი არასოდეს ხმარობდა მედიატორს.
ბარტონის დაკვრის სტილის ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა იქონიეს ჯგუფის მოუტერჰედის ლიდერმა ლემიმ, გედი ლიმ ჯგუფ რაშიდან, ჯაზის შემსრულებელმა ბასისტმა სტენლი კლარკმა[36], გიზერ ბატლერმა Black Sabbath-იდან, ჯგუფებმა Blue Öyster Cult[36], The Misfits, Queen და Thin Lizzy,[14][37] მუსიკოსებმა: ჯიმი ჰენდრიქსი, ულრიხ როთი, რუდოლფ შენკერი და ტონი აიომი.[14] კლიფი უპირატოსებას ყოველთვის კლასიკურ ოთხსიმიან ბას-გიტარას ანიჭებდა, კონცერტების დროს კი ყოველთვის უკრავდა ფირმების Rickenbacker, Alembic და Aria ინსტრუმენტებზე.
ჯეიმზ ჰეტფილდი ყოველთვის აღნიშნავდა, რომ კლიფს ჯგუფზე უდიდესი გავლენა ჰქონდა. მომავალი კლასიკური პიანისტი, ბარტონი ფართოდ იყენებდა მუსიკალური თეორიის ცოდნას და ასწავლიდა მას ჯგუფის დანარჩენ წევრებსაც. სწორედ ბარტონმა შეადგინა მეტალიკის მრავალი კომპოზიციის სტრუქტურა, მათ შორის ისეთი შედევრებისა, როგორებიცაა: Master of Puppets, Orion, For Whom the Bell Tolls, Damage, Inc., Fade to Black და The Call of Ktulu.[27]
კლიფი გატაცებული იყო ლავკრაფტის შემოქმედებით, რაც აისახა კიდეც როგორც ჯგუფის სინგლების ყდებზე, ასევე ზოგიერთი კომპოზიციის სახელწოდებასა (The Call of Ktulu) და ტექსტში (The Thing That Should Not Be). ჯგუფი The Misfits ბარტონმა შეაყვარა კოლექტივს, რასაც შედეგად მოყვა მათი სიმღერების Last Caress/Green Hell და Die, Die My Darling ასახვა ქავერებში.
დისკოგრაფია
მეტალიკასთან ერთად
- სტუდიური ალბომები
- Kill 'Em All (25 ივლისი, 1983)
- Ride the Lightning (30 ივლისი, 1984)
- Master of Puppets (3 მარტი, 1986)
- დემოები
- No Life 'til Leather (10 ივლისი, 1982) (დაწერა მაგრამ არ უკრავს)
- Megaforce (10 იანვარი, 1983)
- Horsemen of the Apocalypse (1983)
Trauma-სთან ერთად
- კრებულები
- Metal Massacre Vol.II (1982)
ფილმოგრაფია
- Cliff 'Em All (26 ნოემბერი, 1987[38])
საინტერესო ფაქტები
- 188 სანტიმეტრიანი სიმაღლით კლიფ ბარტონი რჩება მეტალიკის ყველაზე მაღალ წევრად.
- მისი სიკვდილის შემდეგ ყველა ევროპულმა ტურისტულმა ავტობუსებმა დაიწყეს ხის დაფების დამონტაჟება სალონებში, რომელთაც ხელი უნდა შეეშალათ ფანჯრიდან მძინარე კაცის გადმოვარდნისთვის. პირობითად, ამ დაფებს „ბარტონის დაფებს“ უწოდებენ.
- ოფიციალურ ვიდეოში Cliff 'Em All შესაძლოა დავინახოთ, როგორ ეწევა კლიფი მარიხუანას თავის მეგობარ დენი დონატოსა და ლუი მარტინთან ერთად.
- მეტალიკის რეპერტუარიდან კლიფის საყვარელი სიმღერაა Master of Puppets.
- 2009 წლის ივნისში გამოვიდა წიგნი „To live is to die. Life and death of Metallica’s Cliff Burton“ („იცხოვრო, ნიშნავს, მოკვდე. მეტალიკის კლიფ ბარტონის ცხოვრება და სიკვდილი“), რომლის ავტორიცაა მუსიკალური ჟურნალისტი ჯოელ მაკივერი.
- კლიფის საყვარელი ჯგუფი იყო Black Sabbath.
აღჭურვილობა
ბას-გიტარები
გამაძლიერებლები
- Mesa/Boogie 4x12".[39]
- თვითნაკეთი 1x15"
- Mesa/Boogie Mesa 400+.[39]
ეფექტები
- Chrome Tel-Ray Morley Power Wah Boost[39] (არ გამოდის 1983 წლის შემდეგ).
- იყენებს კომპოზიციებში Seek & Destroy და For Whom the Bell Tolls
- Electro-Harmonix Sovtek Big Muff.[39]
- იყენებს კომპოზიციებში (Anesthesia) Pulling Teeth, Seek & Destroy და For Whom the Bell Tolls
- Electro-Harmonix Bass Balls.
ლიტერატურა
- ქრაისტი, იან (2003). Sound of the Beast: The Complete Headbanging History of Heavy Metal. HarperCollins. ISBN 0-380-81127-8.
- სიმონდსი, ჯერემი (2008). The Encyclopedia of Dead Rock Stars: Heroin, Handguns, and Ham Sandwiches. Chicago Review Press. ISBN 1556-52754-3.
- მაკივერი, ჯოელ (2004). Justice for All: The Truth about Metallica. Omnibus Press. ISBN 0-7119-9600-8.
- მაკივერი, ჯოელ (2009). To live is to die. Life and death of Metallica’s Cliff Burton. Jawbone Press. ISBN 190600224X.
- პილსბარი, გლენ ტ. (2006). Damage Incorporated: Metallica and the Production of Musical Identity. Routledge. ISBN 0-415-97374-0.
- ბერლინგერი, ჯო (2004). Metallica: this monster lives : the inside story of Some kind of monster. St. Martin's Press. ISBN 0312-33311-0.
- ჩირაზი, სტეფან (2004). So What! The Good, The Mad and The Ugly. Broadway Books. ISBN 0-340-83581-8.
- პატერფორდი, მარკ (2000). Metallica: In Their Own Words. Omnibus Press. ISBN 0-7119-8440-9.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
- ↑ მეტალიკა ჩარტებში, Allmusic.com, წაკითხვის თარიღი 12 მარტი, 2007
- ↑ მეტალიკის დისკოგრაფია. Billboard.com. წაკითხვის თარიღი: 2 ივნისი, 2009
- ↑ 3.0 3.1 3.2 მეტალიკა, 16 ივნისიდან 27 სექტემბრამდე, 1986 წელი. დაარქივებული 2007-12-17 საიტზე Wayback Machine. MTV.com. MTV Networks. წაკითხვის თარიღი: 2 ივნისი, 2009
- ↑ 1986 წლის მოვლენები. დაარქივებული 2013-02-14 საიტზე Wayback Machine. Metallica.com. წაკითხვის თარიღი:2013-02-07
- ↑ 5.0 5.1 Metallica, Run D.M.C. Lead Rock Hall Inductees. Billboard.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-01-14. ციტირების თარიღი: 2009-01-14.
- ↑ მაკივერი (2004), გვ. 114
- ↑ ო. ჰარალდი. ინტერვიუ კლიფის მშობლებთან. Allmetallica.com. ციტირების თარიღი: 2007-12-09.
- ↑ 8.0 8.1 8.2 8.3 8.4 8.5 8.6 დევიდ ელეფსონი. (თებერვალი, 2005) მეტალ ბასის მეფე. ჟურნალი Bass Player. ციტირების თარიღი: 2007-04-27.
- ↑ მაკივერი (2004), გვ. 25
- ↑ 10.0 10.1 10.2 10.3 metal-george-ის კლიფ ბარტონის გვერდი. დაარქივებული 2016-03-03 საიტზე Wayback Machine. Capital.net. წაკითხვის თარიღი: 2007-26-04.
- ↑ მაკივერი (2004), გვ. 116
- ↑ მაკივერი (2004), გვ. 110-111
- ↑ მაკივერი (2004), გვ. 69
- ↑ 14.0 14.1 14.2 14.3 კლიფ ბარტონის ინტერვიუ. Metallicaworld.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-29. ციტირების თარიღი: 2007-04-26.
- ↑ JoyZine - მეტალიკის ინტერვიუ რონ ქუინტანასთან. Artistwd.com. წაკითხვის თარიღი: 2010-09-30
- ↑ 16.0 16.1 16.2 მეტალიკის ისტორია, ნაწილი პირველი. Metallica. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-04-18. ციტირების თარიღი: 2007-04-26.
- ↑ მაკივერი (2004), გვ. 153
- ↑ მაკივერი (2004), გვ. 150-153
- ↑ 19.0 19.1 Ride the Lightning. Allmusic. ციტირების თარიღი: 2007-04-26.
- ↑ მაკივერი (2004), გვ. 172
- ↑ რობერტ დიმერი. 1001 Albums You Must Hear Before You Die, გვ.548.
- ↑ სიმონდსი (2008), გვ. 215
- ↑ მეტალიკა > ჩარტები და ჯილდოები > ბილბორდის ალბომები.. წაკითხვის თარიღი 2007-26-04.
- ↑ LiveMetallica.com > Vault.. წაკითხვის თარიღი 2007-31-08.
- ↑ 25.0 25.1 Cliff in Our Minds ბიოგრაფია. Cliff In Our Minds. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-10-15. ციტირების თარიღი: 2007-12-09.
- ↑ სიკვდილის კარტი - ფსიქოლოგიური ოპერაციები. Psywarrior.com. წაკითხვის თარიღი: 2010-09-30
- ↑ 27.0 27.1 27.2 27.3 27.4 მაკივერი (2004), გვ. 159-165
- ↑ 28.0 28.1 მეტალიკის ისტორია, ნაწილი მეორე. Metallica. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-23. ციტირების თარიღი: 2006-12-23.
- ↑ სატელევიზიო სერია Behind the Music: Metallica, 22 ნოემბერი, 1998. მოძიების თარიღი: 9 დეკემბერი, 2007
- ↑ მეტალიკა 1986 წლის ოქტომბრიდან 1987 წლის მარტამდე. დაარქივებული 2009-04-11 საიტზე Wayback Machine. MTV.com. წაკითხვის თარიღი: 2007-11-30
- ↑ დევიდ ბაშამი, ბასისტი ჯეისონ ნიუსტედი ტოვებს მეტალიკას. დაარქივებული 2008-07-26 საიტზე Wayback Machine. MTV.com. წაკითხვის თარიღი: 2007-12-03
- ↑ დოკ. ფილმი Some Kind of Monster, მეტალიკა, 2004 წლის იანვარი, პარამაუნტ პიქჩერზი
- ↑ იან ქრაისტი (2003). Sound of the Beast: The Complete Headbanging History of Heavy Metal. HarperCollins. ISBN 0-380-81127-8.
- ↑ Megadeth - So Far, So Good... So What! en. Megadeth.rockmetal.art.pl. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-04-24. ციტირების თარიღი: 2009-12-24.
- ↑ BLABBERMOUTH.NET - მეტალიკის გიტარისტი წინასიტყვაობას ურთავს კლიფ ბარტონის პირველად გამოცემულ ბიოგრაფიას.. Roadrunnerrecords.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-30. ციტირების თარიღი: 2009-12-30.
- ↑ 36.0 36.1 მაკივერი (2004), გვ. 117
- ↑ კლიფ ბარტონი: ინფორმაცია Answers.com-დან. Answers.com. წაკითხვის თარიღი: 2010-09-29
- ↑ Cliff 'Em All-ის პროფილი imdb.com-ზე. imdb.com. წაკითხვის თარიღი: 2010-09-29
- ↑ 39.0 39.1 39.2 39.3 39.4 39.5 39.6 კლიფ ბარტონის აღჭურვილობის სია en. Metallicaworld.co.uk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-04-11. ციტირების თარიღი: 2009-12-24.
წინამორბედი: რონ მაკგოვნი |
მეტალიკის ბასისტი 1982 - 1986 |
შემდეგი: ჯეისონ ნიუსტედი |