ანასტასია რომანოვა
დიდი მთავარი ანასტასია ნიკოლოზის ასული (რუს. Вели́кая княжна́ Анастаси́я Никола́евна, დ. 5 (18) ივნისი 1901, პეტერჰოფი — გ. 16/17 ივლისი, 1918, ეკატერინბურგი) — იმპერიული რუსეთის ბოლო მმართველი ნიკოლოზ II-სა და მისი მეუღლე ალექსანდრა ფეოდოროვნას მეოთხე ქალიშვილი. დახვრეტილია ოჯახთან ერთად იპატიევის სახლში ბოლშევიკების საიდუმლო სამსახურის ძალების მიერ.
დიდი მთავარი ანასტასია ნიკოლოზის ასული რომანოვა Великая княжна Анастасия Николаевна Романова | |
---|---|
დაიბადა | ანასტასია ნიკოლოზის ასული რომანოვა 18 ივნისი, 1901 პეტერჰოფი, რუსეთის იმპერია |
გარდაიცვალა | 17 ივლისი, 1918 (17 წლის) ეკატერინბურგი, რსფსრ (დახვრეტა) |
დაკრძალვის ადგილი | რუსეთის ახალწამებულთა ტაძარი |
ეროვნება | რუსი |
ტიტული | დიდი მთავარი |
რელიგიური მრწამსი | მართლმადიდებელი |
მშობლები | ნიკოლოზ II ალექსანდრა ფეოდოროვნა |
ხელმოწერა |
მისი დაღუპვის შემდეგ 30-მდე ქალმა განაცხადა, რომ სასწაულებრივად გადარჩენილი დიდი მთავარი ანასტასია იყო. მათგან ყველაზე განთქმული იყო ანა ანდერსონი. ანდერსონის გარდაცვალების შემდეგ 1994 წელს მის სხეულზე დნმ-ის ანალიზის ჩატარებით გაირკვა, რომ ის სამეფო ოჯახს არ ენათესავებოდა.[1] მოარულ ხმებს მის შესაძლო გადარჩენაზე მხარს უმაგრებდა საბჭოთა მმართველობის წლებში მისი დაკრძალვის ადგილის გაურკვევლობა. 1991 წელს ეკატერინბურგთან აღმოჩენილ ერთობლივ საფლავში იპოვეს მეფის, მისი მეუღლისა და სამი ქალიშვილის ნეშტი, თუმცა ალექსეი ნიკოლოზის ძისა და ერთ-ერთი დის (ანასტასიის ან მარიამის) ნეშტი იქ არ ყოფილა.
მისი გადარჩენის შესაძლებლობა სრულიად უკუგდებულ იქნა. 2008 წლის იანვარს, რუსმა მეცნიერებმა გამოაცხადეს, რომ 2007 წლის აგვისტოში ეკატერინბურგთან ნაპოვნი ყმაწვილი ბიჭისა და ახალგაზრდა გოგონას დასახიჩრებული სხეულები 13 წლის მეფისწულისა და ერთ-ერთი დიდი მთავრისა უნდა ყოფილიყო. ამავე წლის 30 აპრილს სასამართლო ექსპერტიზამ ეს მოსაზრება დაადასტურა.[2] 2009 წლის მარტში დნმ-ის ტესტის ანალიზის შედეგები გამოაქვეყნა აშშ-ის შეიარაღებული ძალების დნმ-ის იდენტიფიცირების ლაბორატორიამ, რომელმაც დაადასტურა მეფის ოთხივე ასულის ნეშტის ნათესაური ვარაუდის სარწმუნოობა, და, შესაბამისად, რომელიმე მათგანის გადარჩენის ალბათობა გამოირიცხა.[3]
ანასტასია დაკრძალულია მშობლებთან და და-ძმებთან ერთად რუსეთის ახალწამებულთა ტაძარში რუსული საარქიეპისკოპოსო ეკლესიის იუბილეზე 2000 წლის აგვისტოში. უფრო ადრე, 1981 წელს საზღვარგარეთ მყოფმა რუსულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ოჯახის კანონიზაცია მოახდინა. მისი სახელი მოიხსენიება ძველი სტილით 4 ივლისს. მის პატივსაცემად შავიზღვისპირა გუბერნიაში ერთ-ერთ სოფელს ანასტასიევკა ეწოდა.
ბიოგრაფია
დაბადება
დაიბადა 1901 წლის 5 (18) ივნისს ცარსკოე სელოში. მისი დაბადებისას მეფის ოჯახს უკვე სამი ქალიშვილი (ოლღა, ტატიანა და მარია) ჰყავდა. მემკვიდრე ვაჟის არყოლა პოლიტიკურ სიტუაციას კიდევ უფრო ძაბავდა: პავლე I-ის მიერ მიღებული გვირგვინის გადაცემის აქტის მიხედვით, ტახტზე ასვლა ქალს არ შეეძლო, ამიტომ, საიმპერატორო ტახტი მეფის უმცროს ძმას მიხეილს უნდა გადასცემოდა. ეს კი ბევრს ხელს არ აძლევდა, უპირველეს ყოვლისა — იმპერატრიცა ალექსანდრას. ვაჟის გაჩენის მცდელობებში, ის სულ უფრო და უფრო იფლობოდა მისტიციზმში. ჩერნოგორიელი პრინცესების მილიცა და ანასტასია ნიკოლაევნების დახმარებით, სამეფო კარზე ეროვნებით ფრანგი, ვინმე ფილიპი, გამოჩნდა, რომელიც თავს ჰიპნოტიზიორსა და ნერვების მკურნალს უწოდებდა[4]. მან იმპერატრიცას ვაჟის შეძენა უწინასწარმეტყველა, თუმცა, ქვეყანას გოგონა, ანასტასია, მოევლინა. ნიკოლოზმა თავის დღიურში ასეთი რამ ჩაწერა:
„დაახლოებით 3 საათზე ალიქსს ძლიერი ტკივილები დაეწყო. 4 საათზე ავდექი, ჩემს ოთახში შევედი და ჩავიცვი. ზუსტად დილის 6-ზე ქალიშვილი ანასტასია შეგვეძინა. ყველაფერი სწრაფად და მშვენიერ პირობებში მოხდა, მადლობა უფალს, გართულება არ მოჰყოლია. იმის წყალობით, რომ ყველაფერი მაშინ დაიწყო და მაშინვე დასრულდა, სანამ ყველას ეძინა, ორივე ჩვენგანს განმარტოებისა და სიმშვიდის გრძნობა დაგვეუფლა! ამის შემდეგ მაგიდას მივუჯექი ტელეგრამების დასაწერად, რაც დედამიწის ყველა კუთხეში უნდა დამეგზავნა ნათესაობისთვის. საბედნიეროდ, ალიქსი თავს კარგად გრძნობდა. პაწაწა 11½ გირვანქას იწონის, სიგრძით კი 55 სმ-ია.[5]“
|
იმპერატორის მიერ დღიურში გაკეთებული ჩანაწერი ზოგიერთი მკვლევარის მტკიცებას ეწინააღმდეგება, რადგან, მოარული ხმებით, ნიკოლოზ მეფე ქალიშვილის დაბადებამ იმდენად განხიბლა, რომ კარგა ხანს არ შედიოდა ცოლისა და ახალშობილის სანახავად[6]. დიდმა მთავარმა ქსენიამაც, მოქმედი იმპერატორის დამ, ეს მოვლენა ასე აღნიშნა:
„რა განხიბვლაა! მეოთხე და ისიც გოგო! მას ანასტასია დაარქვეს. დედამ დამიტელეგრაფა ამის შესახებ და მომწერა: ალიქსმა ისევ გოგო გააჩინაო.[5]“
|
დიდ მთავარს სახელი ანასტასია ჩერნოგორიელი პრინცესის, იმპერატრიცას ახლო დაქალის ანასტასია ნიკოლაევნას პატივისცემით დაარქვეს[7]. ჰიპნოტიზიორმა ფილიპმა, რომ არ დაბნეულიყო, ახალშობილს უცებ „საოცარი ცხოვრება და განსაკუთრებული ბედისწერა“ უწინასწარმერტველა[7]. მარგარეტ იგერი, ავტორი მემუარებისა „ექვსი წელი რუსეთის საიმპერატორო კარზე“ იხსენებდა, რომ „ანასტასიას ეს სახელი მამამისის მიერ პეტერბურგის გაფიცული სტუდენტების შეწყალებისა და მათთვის უფლებების აღდგენის პატივსაყოფად დაარქვეს[8], რადგან „ანასტასია“ „ცხოვრებაში დაბრუნებულს“ აღნიშნავს. ამ წმინდანის ხატზე, როგორც წესი, შუა გახსნილი ჯაჭვია ხოლმე გამოსახული“.
ბავშვობა
ანასტასია ნიკოლაევნას სრული ტიტული ასე ჟღერდა: მისი საიმპერატორო უდიდებულესობა, დიდი მთავარი რუსეთისა ანასტასია ნიკოლოზის ასული რომანოვა, მაგრამ, მას ასე არავინ უწოდებდა, ოფიციალურად მას სახელითა და მამისსახელით მიმართავდნენ, შინ კი „პატარას“, ნასტინკას, ნასტიასა და სიდაბლისა და სიმსუქნის გამო „კუბიშკას“, ხოლო ანცობისა და ეშმაკუნობისთვის „შვიბსიკს“ ეძახდნენ. როგორც თანამედროვენი იხსენებდნენ, იმპერატორის შვილებს ფუფუნებით არ ათამამებდნენ. ანასტასია ოთახს უფროს დასთან — მარიასთან იყოფდა.[7] ოთახის კედლები ნაცრისფრად იყო შეღებილი, ჭერზე კი პეპლები ეხატა. კედლებზე ხატები და ფოტოები ეკიდა. მოძველებული ავეჯი თეთრ და მწვანე ფერებში იყო გადაწყვეტილი, ირგვლივ უბრალო, თითქმის, სპარტანული გარემო სუფევდა. კუშეტი ამოქარგული ბალიშებით, ჯარისკაცის საწოლი, რომელზეც დიდი მთავარი იწვა. ეს საწოლი მოძრავი იყო, რათა ზამთრობით, ოთახის უფრო ნათელ და თბილ ადგილზე გადაეტანათ, ზაფხულობით კი, ხანდახან აივანზეც კი გაჰქონდათ სიცხისა და ჩახუთულობისგან თავდასაცავად. ეს საწოლი არდადეგებზე ლივადინის სასახლეშიც მიჰქონდათ, სწორედ ამ საწოლზე ეძინა ციმბირში გასახლებულ დიდი მთავარს. მეზობლად მდებარე, ფარდებით გაყოფილი ერთი დიდი ოთახი ბრწყინვალე კნეინების ბუდუარად იყო მოწყობილი. კნეინების ცხოვრება ერთფეროვნად მიედინებოდა: საუზმე დილის 9 საათზე, მეორე საუზმე 13:00 ან 12:30-ზე კვირაობით. 5 საათზე— ჩაი, რვაზე —საერთო ვახშამი; ამასთან, საკვები მეტად უბრალო და არაგულმისავალი იყო. საღამოობით გოგონები შადრებს ხსნიდნენ ან ქარგვით იყვნენ დაკავებულნი, ამდროს, მეფე ნიკო მათ ხმით უკითხავდათ. დილაადრიან ცივი აბაზანის მიღება ევალებოდათ, საღამოს კი თბილი აბაზანის, რომელშიც რამდენიმე წვეთ სუნამოს აპკურებდნენ; ანასტასიას სუნამო კოტის ჩამატება მოსწონდა იის სურნელის გამო. ეს ტრადიცია ეკატერინე პირველის შემდეგ შემორჩენილიყო. გოგონების პატარაობაში წყლიანი სათლი სააბაზანოში მოსამსახურეს შეჰქონდა, რომ წამოიზარდნენ, ეს მათ მოვალეობად იქცა. სულ ორი აბაზანი იდგა — პირველი, დიდი ( ჯერ კიდევ ნიკოლოზ პირველის დროიდან შემორჩენილი, ტრადიციისამებრ, ვინც მასში იბანავებდა, პორტიკზე ავტოგრაფი უნდა დაეტოვებინა) და მეორე — უფრო მცირე ზომის — გოგონებისთვის.
აღდგომას განსაკუთრებული მოლოდინით ელოდნენ — ამ დღეს ბრწყინვალე კნეინები მამიდა ოლღა ალექსანდროვნათან საბავშვო ბალებს ესწრებოდნენ. წყველაზე საინტერესო ის საღამო იყო, როდესაც ანასტასიას ახალგაზრდა ოფიცერთან ცეკვის ნება დართეს.
დიდი მთავრის მიერ მიწერილი წერილი ბიძაშვილ დიქისადმი: „17 მარტი, 1910 წელი. ჩემო ძვირფასო დიქ. შენი ნახვა მინდა. როგორი ამინდია თქვენსა? ლონდონში ახლა სულ მარტო ხარ? როდის მოახერხებ შენი დების ნახვას?“ როგორც იმპერატორის დანარჩენმა შვილებმა, ანასტასიამაც საშინაო განათლება მიიღო. აღზრდა რვა წლის ასაკში დაიწყო; პროგრამაში ფრანგული და ინგლისური ენები, ისტორია, გეოგრაფია, საღმრთო რჯული, საბუნებისმეტყველო საგნები, ხატვა, გრამატიკა, ასევე ცეკვები და დახვეწილი მანერების გაკვეთილები შედიოდა. დიდი სწავლისმოყვარეობით ანასტასია არ გამოირჩეოდა, გრამატიკის ატანა საერთოდ არ ჰქონდა და საშინელი შეცდომებით წერდა. არითმეტიკას კი, ბავშვური უშუალობით, „ღორობას“ უწოდებდა. ინგლისური ენის მასწავლებელი სიდნეი გიბსი იხსენებდა, რომ ერთხელ მეფის ასულმა მისი მოსყიდვა ყვავილების თაიგულით სცადა, ნიშნის ასამაღლებლად, უარის შემდეგ კი ეს ყვავილები რუსული ენის მასწავლებელს — პეტროვს მიართვა.
ოჯახი, ძირითადად, ალექსანდრეს სასახლეში ცხოვრობდა და ასეულობით ოთახიდან, მხოლოდ, რამდენიმეს იკავებდა; ხანდახან ზამთრის სასახლეშიც გადადიოდნენ, ვინაიდან, სასახლე მეტისმეტად დიდი და ცივი იყო, მარია და ანასტასია იქ ხშირად ავადმყოფობდნენ. ივნისის შუა რიცხვებში ოჯახი საიპმერატორო იახტა „შტანდარტით“ მიემგზავრებოდა, მეტწილად, ფინეთის კუნძულოვანი ნაპირებისკენ. მოკლე ექსკურსიებისთვის კუნძულებზე გადმოდიოდნენ და სეირნობდნენ. ისვენებდნენ ლივადინის სასახლეში. ძირითად ნაგებობებში საიმპერატორო ოჯახი თავსდებოდა, მიშენებებში —დაცვა და მსახურები. ბანაობდნენ თბილ ზღვაში, საკუთარი ხელით აგებდნენ სილის კოშკებს. ხანდახან კი ქალაქში იპარებოდნენ, რათა ეტლებით ესეირნათ და მაღაზიები მოევლოთ. პეტერბურგში ამის გაკეთება თითქმის მოუხერხებელი იყო, რადგან მეფის ოჯახის ქუჩაში გამოჩენა და ხალხმრავლობით აჟიოტაჟის ატეხვა ერთი იყო. ხანდახან, სამეფო ოჯახის კუთვნილ, პოლონეთის მამულებსაც სტუმრობდნენ, სადაც ნიკოლოზ მეფეს ნადირობა უყვარდა.
გრიგორი რასპუტინი
როგორც ცნობილია, გრიგორი რასპუტინი იმპერატრიცა ალექსანდრა ფეოდოროვნას 1905 წლის 1 ნოემბერს წარუდგინეს. უფლისწულის ავადმყოფობა საიდუმლოებას წარმოადგენდა, ამიტომ, სასახლეში „მუჟიკის“[9] გამოჩენას არასასიამოვნო ხმების დარხევა მოჰყვა. რასპუტინმა სამეფო ოჯახში მალევე მოიპოვა გავლენა. დედის ზეგავლენით, ხუთივე შვილი სწრაფადვე შეეგუა ახალმოსულს და რწმენით განიმსჭვალა „წმინდა მოხუცებულისადმი“, ამიტომაც მას საკუთარ განცდებსა და აზრებსაც კი უმხელდნენ. დიდი მთავრინა ოლღა იხსენებდა, რომ ერთხელ, მეფის თანხლებით, საბავშვო საძინებელში შევიდა, იქ კი თეთრ საღამურებში ჩაცმულ ბავშვებს ძილისწინ რასპუტინი ლოცავდა.
„„მომეჩვენა, რომ ყველა ბავშვი ძალიან მისჩვეოდა მას, — აღნიშნავდა დიდი მთავრინა. — ბავშვები მისდამი სრული ნდობით იყვნენ აღვსილნი“.[10]“
|
ასეთივე ნდობა ჩანს „მოხუცი გრიგორის“ მეფის ოჯახისადმი მიწერილ ბარათშიც, რომელიც 1909 წლით თარიღდება:
ანასტასია სწერდა რასპუტინს:
„ჩემო საყვარელო, ძვირფასო და ერთადერთო მეგობარო.
როგორ მინდა ხელახლა თქვენთან შეხვედრა. დღეს სიზმრად გნახეთ. მე ყოველთვის დედასგან ვგებულობ ხოლმე, როდის გვინახულებთ, ბედნიერი ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა ეს მოლოცვა გამოგიგზავნოთ. გილოცავთ ახალ წელს, დაე, მან ჯანმრთელობა და ბედნიერება მოგიტანოსთ. მუდამ მახსოვხართ, ძვირფასო მეგობარო, რადგან ყოველთვის კეთილი იყავით ჩემს მიმართ; დიდი ხანია აღარ მინახიხართ, მაგრამ ყოველ საღამოს თქვენს ხსენებაში ვარ. გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს. დედა მპირდება, რომ თქვენი ჩამოსვლისთვის აუცილებლად შევხვდებით ანასთან. ეს აზრი კი სიხარულით მავსებს. თქვენი ანასტასია.[13]“ |
იმპერატორის გუვერნანტი სოფია ივანეს ასული ტიუტჩევა შოკირებული იყო რასპუტინის ბავშვებზე ამხელა გავლენით და განსაკუთრებით ღიზიანდებოდა, როდესაც მოხუცი საბავშვო საძინებლებში იოლად შედიოდა; მან ეს ამბავი მეფემდეც კი მიიტანა. მეფემ გუვერნანტის მხარე დაიჭირა, მაგრამ, ალექსანდრა ფეოდოროვნამ და გოგონებმა მამას წინააღმდეგობა გაუწიეს და „წმინდა მოხუცი“ შეუპოვრად დაიცვეს.
„„ისე მეშინია, რომ ს. ი. ჩვენს მეგობარზე რაიმე ავს იტყვის, — სწერდა დედას ტატიანა 1910 წლის 8 მარტს — ვიმედოვნებ, რომ ჩვენი გადია მისდამი სიკეთეს გამოიჩენს.“[14]“
|
იმპერატრიცას მოთხოვნით, ტიუტჩევა სამსახურიდან გაათავისუფლეს. როგორც ჩანს, „წმინდა მოხუცი“ თავს ზეტმეტის უფლებას ნამდვილად არ აძლევდა, მაგრამ პეტერბურგში იმდენად ბილწი ხმები დაირხა, რომ იმპერატორის და-ძმაც კი აუმხედრდა მოხუც მკურნალს. ნიკოლოზის დამ ქსენია ალექსანდროვნამ ძმას სასტიკი წერილი მისწერა, სადაც რასპუტინი ხლისტობაშიც კი დაადანაშაულა. ქსენიას ამ „ცრუპენტელა მოხუცის“ საქციელი და ბავშვებთან „წარმოუდგენელი“ სიახლოვე აღიზიანებდა. ხელიდან ხელში გადადიოდა საიდუმლო წერილები და კარიკატურები, სადაც რასპუტინისა და იმპერატრიცას, ასევე გოგონებისა და ანა ვირუბოვას ურთიერთობა იყო ასახული. იმისათვის, რომ სკანდალი ჩაეცხრო, იმპერატრიცას წყენის მიუხედავად, მეფემ რასპუტინი სასახლიდან დროებით გაუშვა. „წმინდა მოხუცი“ კი წმინდა ადგილების მოსალოცავად გაემგზავრა. მოენეების საქმიანობის მიუხედავად, იმპერატორის ოჯახის ურთიერთობა რასპუტინის მკვლელობამდე — 1916 წლის 17 დეკემბრამდე არ შეცვლილა მის მიმართ.
ა. ა. მორდვინოვი იხსენებდა, რომ რასპუტინის მკვლელობის შემდეგ ოთხივე მეფისწული დათრგუნული და დაუნჯებული იყო, ისინი ერთ-ერთი საძინებლის დივანზე ჩახუტებულები ისხდნენ, თითქოს, ესმოდათო, რომ რუსეთი ისეთ მოძრაობაში მოსულიყო, რომლის გაკონტროლებაც მოკლე ხანში შეუძლებელი შეიქმნებოდა.[15] რასპუტინს მკერდზე იმპერატორის, იმპერატრიცისა და ხუთივე ბატონიშვილის ხელმოწერილი ხატი დაადეს. მის საფლავზე საგუშაგოს აღმართვა იყო დაგეგმილი, თუმცა, შემდგომში განვითარებულმა მოვლენებმა ეს ჩანაფიქრი განუხორციელებილი დატოვა.[16]
პირველი მსოფლიო ომი
თანამედროვეთა გახსენებით, პირველი მსოფლიო ომის გამოცხადების დღეს ანასტასია დედასთან და დებთან ერთად მწარედ ტიროდა. ტრადიციისამებრ, 14 წლის ასაკში იმპერატორის ყოველი ქალიშვილი რუსეთის ერთ-ერთი პოლკის საპატიო მეთაური ხდებოდა. 1901 წელს, მეფისწულის დაბადებასთან დაკავშირებით, წმინდა ანასტასიას სახელი მიიღო კასპიის 148-ე ფეხოსანთა პოლკმა და საპოლკო ზეიმის აღნიშვნაც წმინდანის დღეს - 22 დეკემბერს გადაწყდა. პეტერგოფში საპოლკო ეკლესიაც ააგეს არქიტექტორ მიხაილ ვერჟბიცკის პროექტით.[17] 14 წლისა ანასტასია საპატიო მეთაური-პოლკოვნიკი გახდა, რაზეც ნიკოლოზმა დღიურში შემდეგი ჩანაწერი გააკეთა: „ამიერიდან პოლკს მისი საიმპერატორო უდიდებულესობის, დიდი მთავარი ანასტასიას სახელობის ფეხოსანთა პოლკი ეწოდა“.
ომიანობის დროს იმპერატრიცამ სასახლის ბევრი ოთახი ჰოსპიტლად აქცია. უფროსი დები ოლღა და ტატიანა მოწყალების დები გახდნენ, ხოლო უმცროსი მარია და ანასტასია ჰოსპიტალის პატრონესებად დაინიშნენ. ორივე და დაჭრილთათვის საკუთარი ფულით ყიდულობდნენ წამლებს, უკითხავდნენ მათ წიგნებს, უქსოვდნენ, ბანქოსა და ჭადრაკს ეთამაშებოდნენ, მათი კარნახით წერილებს წერდნენ, თეთრეულს უკერავდნენ, სახვევებს ადებდნენ და საღამოობით სატელეფონო საუბრებით ართობდნენ.[18]
„დღეს ერთ-ერთ ჩვენს ჯარისკაცს ვუჯექი და კითხვას ვასწავლიდი. მასაც ძალიან მოსწონდა ეს — აღნიშნავდა ანასტასია — მან წერა–კითხვა, აქ, ჰოსპიტალში ისწავლა. ორი გარდაგვეცალა; არადა, წუხელ არ იყო, რომ ერთად ვისხედით.[7]“
|
მარია და ანასტასია დაჭრილთათვის კოცერტებს აწყობდნენ, რათა ტკივილებისგან გამოწვეული წუხილი როგორმე შეემსუბუქებინათ მათთვის. მთელი დღეები ჰოსპიტალში გაჰყავდათ, ოღონდ კი გაკვეთილები გაეცდინათ. ანასტასია თავისი ცხოვრების დასასრულამდე ამ დღეებს იხსენებდა:
„„მახსოვს დიდი ხნის წინ რომ მოვინახულეთ ჰოსპიტალი. იმედია, ყველა ჩვენი დაჭრილი საბოლოოდ ცოცხალი დარჩა. თითქმის ყველა მათგანი ცარსკოე სელოდან წაიყვანეს. გახსოვს ლუკანოვი? ისეთი უბედური და თავაზიანი იყო ერთდროულად, და ბავშვივით სულ ჩვენი სამაჯურებით თამაშობდა. მისი სავიზიტო ბარათი ალბომში ჩამრჩა, ალბომი კი ცარსკოეში დამრჩენია. ახლა საძინებელში ვარ, მაგიდასთან ვზივარ და ვწერ, მაგიდაზე კი ჰოსპიტლის ფოტოები აწყვია. იცი, საოცარი დრო იყო ჰოსპიტალს რომ ვნახულობდით. ხშირად ვიხსნებთ ხოლმე ამას, ასევე ჩვენს სატელეფონო საუბრებს და ათას რამეს“...[7]“
|
შინა პატიმრობისას
ლედის დენის გახსენებით, (იულია ალექსანდროვნა ფონ დენი), რომელიც ალექსანდრა ფეოდოროვნას უახლოესი დაქალი იყო, 1917 წლის თებერვალში, გაგანია რევოლუციის დროს, ბავშვებს, ერთი-მეორის მიყოლებით, წითურა შეხვდათ. ანასტასია სულ ბოლოს ჩაწვა, როდესაც სასახლე უკვე გარშემორტყმული იყო ამბოხებული ჯარით. მეფე იმდროს მოგილიოვში მთავარსარდლად იყო, სასახლეში კი მხოლოდ იმპერატრიცა და ბავშვები დარჩენილიყვნენ. 1917 წლის 2 მარტის ღამეს, ლედი დენი სასახლეში დარჩა და ჟოლოსფერ ოთახში დაწვა ანასტასიასთან ერთად. ბავშვებს, ნერვიულობის თავიდან ასაცილებლად, აუხსნეს, რომ გარსმომდგარი ჯარებიც და სროლების შორეული ხმებიც სამხედრო სწავლების ფარგლებში ეწყობოდა და მეტი არაფერი. ალექსანდრა ფეოდოროვნა ბავშვებისგან სიმართლის დამალვას იქამდე ცდილობდა, სანამ კი შესაძლებელი იქნებოდა. 2 მარტს ცნობილი გახდა, რომ მეფე ჩამოაგდეს.
ოთხშაბათს, 8 მარტს, სასახლეში გრაფი პავლე ბენკენდორფი მივიდა და დროებითი მმართველობის გადაწყვეტილება აუწყა დამხვედრთ, რომ საიმპოერატორო ოჯახი შინა პატიმრობაში უნდა დარჩენილიყო ცარსკოე სელოში. უნდა შედგენილიყო იმ პირთა სია, ვისაც სურვილი ექნებოდა სამეფო ოჯახთან დარჩენილიყო შინა პატიმრობისას და ლედი დენმაც მყისვე შესთავაზა თავისი კანდიდატურა. 9 მარტს მამის სამეფო ტახტიდან მოკვეთის შესახებ ბავშვებსაც შეატყობინეს. რამდენიმე დღეში ნიკოლოზიც დაბრუნდა.
შინა პატიმრობაში ცხოვრება მეტად მოსაწყენი აღმოჩნდა. სადილისას კერძების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა, რადგან, პერიოდულად, სამეფო სუფრის მენიუ ქვეყნდებოდა და ისედაც გამძვინარებული ბრბოისთვის ზედმეტი მიზეზის მიცემა ნადვილად არ იყო საჭირო. ცნობისმოყვარენი ღობეებიდან ხშირად უჭვრეტდნენ ხოლმე პარკში მოსეირნე ოჯახს, ამიტომაც, სეირნობის რაოდენობა და ხანგრძლივობაც შეამცირეს. 1917 წლის 22 ივნისს გოგონებისთვის თმის გადაპარსვის გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რადგან მათ მაღალ სიცხეს ვერ უგდებდნენ და ძლიერ წამლებზე ჰყავდათ, რამაც თმის ბუდობრივი ცვენა გამოიწვია. ალექსეიმაც მოითხოვა გადაეხოტრათ, რითიც დედის უკმაყოფილება გამოიწვია. ყველაფრის მიუხედავად, ბავშვების აღზრდა-განათლება ჩვეული რეჟიმით გრძელდებოდა. მთელი პროცესო ჟიიარმა, ფრანგულის მასწავლებელმა ითავა; თავად ნიკოლოზ მეფე ბავშვებს გეოგრაფიასა და ისტორიას ასწავლიდა. ბარონესა ბუქსჰევდენმა ინგლისურისა და მუსიკის გაკვეთილები ითავა. მადემუაზელ შნაიდერი არითმეტიკას ასწავლიდა, გრაფინია ჰენდრიკოვა კი ხატვას. ალექსანდრა მართლმადიდებლობას ასწავლიდა.
უფროსი და ოლღა, იმის მიუხედავად, რომ მისი განათლება დასრულებული იყო, ხშირად მაინც ესწრებოდა ხოლმე მეცადინეობებს და უკვე ნასწავლის სრულყოფას ახდენდა. იმდროს ჯერ კიდევ იყო იმედი, რომ სამეფო ოჯახს უცხოეთში გაეღწია. მაგრამ, გეორგ V-მ, რომლის პოპულარობაც ქვეშევრდომთა თვალში დღითი დღე ეცემოდა, გადაწყვიტა არ გაერისკა და სამეფო ოჯახი გაწირა, რითიც მინისტრთა კაბინეტის შოკირება გამოიწვია. საბოლოო ჯამში, დროებითმა მმართველობამ მეფის ოჯახობის ტობოლსკში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო. გამგზავრების წინადღეს მათ მსახურებთან დამშვიდობება, საყვარელი ადგილების —— პარკის, ტბორებისა და კუნძულების უკანასკნელად ნახვა მოახერხეს. ალექსეიმ თავის დღიურში ჩაწერა, რომ სწორედ იმდღეს, თავის უფროს და ოლღას ხელი ჰკრა და წყალში ჩააგდო.
1917 წლის 12 აგვისტოს, იაპონიის წითელი ჯვრის დროშით მავალი მატარებელი, დასავლეთის გზიდან ყველასათვის საიდუმლოდ გავიდა.
ტობოლსკი
26 აგვისტოს ორთქლმავალ „რუსით“ საიმპერატორო ოჯახი ტობოლსკში ჩავიდა. მათთვის განკუთვნილი სახლი ჯერ მზად არ იყო, ამიტომ პირველი რვა დღე მათ ხომალდზე გაატარეს. როგორც იქნა, ბადრაგის თანხლებით, ოჯახი გუბერნატორის ორსართულიან სახლში მიიყვანეს, სადაც მათ ამიერიდან უნდა ეცხოვრათ. გოგონები მეორე სართულზე, კუთხის საძინებელ ოთახში დააბინავეს. ანასტასიამ თავისი კუთხე ფოტოებითა და ნახატებით მორთო. გუბერნატორის სახლში ცხოვრება მეტისმეტად დუნედ მიედინებოდა—მთავარ გართობას სახლთან ჩამვლელების ფანჯრიდან ცქერა წარმოადგენდა. დილის 09:00-დან გაკვეთილები, შემდეგ ერთსაათიანი შესვენება და მამასთან ერთად გასეირნება. 12:00-დან 13:00-მდე ისევ მეცადინეობა. სადილი. 14:00-დან 16:00 საათამდე სეირნობა, ან შინაურული სპექტაკლი, ზამთრობით კი თვითნაკეთი ბორცვებიდან დაცურება. ანასტასია, მისივე თქმით, გატაცებით ამზადებდა შეშას და კერავდა. ამის შემდეგ, განრიგის მიხედვით, საღამოს მსახურება და დასაძინებლად წასვლა. სექტემბერში ოჯახს უახლოეს ეკლესიაში დილის ლოცვაზე დასწრების ნება დართეს. ჯარისკაცები ლამის ეკლესიის კარამდე ცოცხალ დერეფანს უქმნიდნენ. ადგილობრივი მოსახლეობის დამოკიდებულებას მეფის ოჯახისადმი უფრო თბილი ეთქმოდა. ანასტასიამ მოულოდნელად გასუქება დაიწყო. ამის თაობაზე იმპერატრიცამ დაქალსაც კი მისწერა: „ანასტასია, თავისდა გასაკვირად, გასუქდა და რამდენიმე წლის წინანდელ მარიას დაემსგავსა — ასეთივე დიდრონი წელი და მოკლე ფეხები... ვიმედოვნოთ, რომ ეს ასაკთან ერთად გაივლის...“
„საშინლად კარგად მოვაწყეთ კანკელი სააღდგომოდ, როგორც წესია, სულ ნაძვის ხისგან არის, და ყვავილებიც დავდგით. ფოტოებიც გადავიღეთ, იმედია, გამოვა. ხატვას ვაგრძელებ, ამბობენ, არა უშავსო, სასიამოვნოა. საქანელებზე ვქანაობდით, ჩამოვარდნა კი ისეთი საოცარი იყო. წუხელ იმდენჯერ მოვუყევი დებს, რომ მოსწყინდათ კიდეც, კიდევ არაერთხელ მოვუყვებოდი ვინმეს, მაგრამ, აღარავინ არის. არადა, იმდენი რამ მაქვს მოსაყოლი თქვენთვისაც და შენთვისაც. ჩემს ჯიმის გაეღვიძა და ახველებს, ამიტომაც სახლში ზის; თავს გიკრავთ ორივენი. კაი ამინდი იყო. სიამოვნებისგან ყვირილიც კი მოგინდებოდა. ყველაზე მეტად გავირუჯე, აკრობატს დავემსგავსე სულ! ეს დღეები კი ულამაზოდ და მოსაწყენად მიდის; ცივა, ამ დილას კინაღამ გავიყინეთ, მაგრამ, შინ არ დავბრუნებულვართ... დიდი ბოდიში, მაგრამ, საზეიმო დღეების მოლოცვა დამავიწყდა თქვენთვის, გკოცნით, სამჯერ კი არა, უთვალავჯერ. სიხარულო, ყველანი გმადლობთ წერილისთვის.“
| |
(ეს წერილი ანასტასიამ დას, მარიას, მისწერა აღდგომის კვირას, 1917 წელს.)
|
„ეს დღეები ჩვენთან მზიანი ამინდი დაიჭირა, უკვე დაცხება. ძალიან სასიამოვნოა! ამიტომაც, ვცდილობთ მეტი დრო ჰაერზე გავატაროთ. ბორცვიდან აღარ ვეშვებით ხოლმე, არადა, ჯერ კიდევ დგას, თუმცა კი გააფუჭეს და გარდი-გარდმო სანიაღვრეები ამოუთხარეს, რომ აღარ დავცურებულიყავით. არა უშავს; ეტყობა ამით დაწყნარდნენ, რადგან, უკვე ბევრს ესობოდა თვალში. საშინელი სისულელე და უსუსურობაა, ხომ? ჩვენ კი სხვა გასართობი ვიპოვეთ. შეშას ვხერხავთ, ვაპობთ და ვჭრით, სასარგებლოც არის და სახალისოც. უკვე კარგადაც გამოგვდის. ამით ბევრს ვეხმარებით, არადა, ჩვენთვის გართობაა. ბილიკებსა და სადარბაზოსაც ვასუფთავებთ, მეეზოვეებად ვიქეცით. ჯერ სპილოდ არ გადავქცეულვარ, მაგრამ, ალბათ ახლო მომავალში არც უმაგისობა იქნება. არ ვიცი რატომ მომდის, ალბათ ნაკლები მოძრაობის გამო. — ბოდიში მომიხდია საშინელი ნაწერის გამო, რაღაც ხელს ვეღარ ვამოძრავებ. მთელი კვირა სახლში ვისხედით და ვმღეროდით. ეკლესიაშიც ვიყავით, როგორც იქნა. ზიარებაც შეიძლება ჩვენთვის. აბა, თქვენ როგორ ხართ და რასა იქმთ? ჩვენსა განსაკუთრებული არაფერია რომ მოგწეროთ. ახლა კი უნდა მოვრჩე, რადგან ჩვენს ეზოში გავდივართ სამუშაოდ. ყველანი გეხვევით შენც და დანარჩენებსაც. აბა კარგად. დეიდა სულიკო.“
| |
(ეს სტრიქონები კი სხვა წერილიდან არის, რომელიც დიდი მთავარი ქსენია ალექსანდროვნასადმია მიმართული.)
|
ეკატერინბურგი
1918 წლის აპრილში მეოთხე მოწვევის სრულიად რუსეთის აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმმა ყოფილი მეფის მოსკოვში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო, მისი გასამართლების მიზნით. დიდი ხნის ჭოჭმანის შემდეგ ალექსანდრამაც გადაწყვიტა ქმრის თანხლება, ოღონდ, დახმარებისთვის მას ქალიშვილი მარია დასჭირდებოდა, რომელიც მათ უნდა გაჰყოლოდა. დანარჩენები მათ ტობოლსკში უნდა დალოდებოდნენ. ოლღას მოვალეობას ავადმყოფ ძმაზე ზრუნვა შეადგენდა, ტატიანას მოვალეობას —დიასახლისობა, ხოლო ანასტასიას მოვალეობას — ყველას გართობა. გართობის საქმე ცოტა გაუჭირდა ანასტასიას, რადგან მშობლების გაცილების წინა ღამეს მთელი ოჯახი ფხიზლობდა, დილაუთენია კი, როდესაც მათი სახლის წიშკარს გლეხური ეტლი მიადგა, სამივე ქალიშვილმა ცრემლიანი თვალებით გააცილა მშობლები ეზოს ჭიშკრამდე.
დაცარიელებულ სახლში ცხოვრება მძიმედ და უხალისოდ მიედინებოდა. ბავშვები მკითხაობდნენ წიგნების მიხედვით, ერთმანეთს ხმით უკითხავდნენ ან სეირნობდნენ. ანასტასია ძველებურად ქანაობდა საქანელაზე და ავადმყოფი ძმის გართობას ცდილობდა. სამეფო ოჯახთან ერთად დაღუპული, ლეიბ-მედიკოსის ვაჟის, გლებ ბოტკინის გახსენებით, ერთხელ მან ანასტასია შენიშნა სარკმელთან და მის დასანახად დაიხარა. დაცვამ კი იგი უმალვე გააძევა ამის გამო და დახვრეტით დაემუქრა, თუ კიდევ ითავხედებდა და მიუახლოვდებოდა მეფის ასულების ფანჯრებს.
1918 წლის 3 მაისს ცნობილი გახდა, რომ ნიკოლოზის, ალექსანდრასი და მარიას მოსკოვს გამგზავრება რაღაც მიზეზით გადაიდო და ისინი იძულებულნი შეიქმნენ ეკატერინბურგში დარჩენილიყვნენ ინჟინერ იპატიევის სახლში. სახლი ახალი ხელისუფლების მიერ სპეციალურად მეფის გვარის განსათავსებლად იყო გამოყოფილი. სწორედ ამ დროით დათარიღებულ წერილში იმპერატრიცა ქალიშვილებს მედიკამენტების ყაირათიანად გამოყენებას ავალებდა — ამ სიტყვის ქვეშ კი ძვირფასეულობა იგულისხმება, რომელთა წამოღებაც მათ უნდა მოეხერხებინათ. უფროსი დის ტატიანას ხელმძღვანელობით ანასტასიამ წამოღებული ძვირფასეულობა კაბის კორსეტში ჩაიკერა— ხელსაყრელი პირობების შემთხვევაში, ამ ძვირფასეულობით ისინი თავისუფლებისა და გადარჩენისკენ წასვლის საშუალების ყიდვას აპირებდნენ. 19 მაისს გადაწყდა, რომ დარჩენილი ქალიშვილები და იმხანად საგრძნობლად მომაგრებული ალექსეი მშობლებსა და მარიას უნდა შეერთებოდნენ ეკატერინბურგში. მომდევნო დღეს, 20 მაისს, ოთხივენი ისევ ორთქლმავალ "რუსში" ჩასხდნენ და ტიუმენისკენ გასწიეს. თვითმხილველთა გახსენებით, გოგონები ჩაკეტილი კარეტებით მიჰყავდათ, ალექსეი კი თავის დენშიკთან ერთად მიდიოდა. კაიუტაში მათთან შესვლა ექიმისთვისაც კი აკრძალული იყო. 22 მაისს გემი ტიუმენს მიადგა, საიდანაც ოთხივენი სპეცმატარებლით წაიყვანეს ეკატერინბურგში. ამ დროს ანასტასია მაინც კარგ გუნებაზე იყო; ამ მოგზაურობის შესახებ მის წერილში იუმორის ნოტებიც კი ისმის:
23 მაისს, დილის 9 საათზე მატარებელი ეკატერინბურგის სადგურში ჩამოდგა. აქ ბავშვებს მათთან ერთად მყოფი ფრანგულის მასწავლებელი ჟიიარი, მატროსი ნაგორნი და ფრეილინები ჩამოაცილეს. მატარებელს ეკიპაჟები მიაყენეს და 11 საათისთვის ოლღა, ტატიანა, ანასტასია და ალექსეი ინჟინერ იპატიევის სახლში მიიყვანეს.
"განსაკუთრებული დანიშნულების სახლში" ცხოვრება ერთფეროვნად მიედინებოდა. ადგომა დილის 9-ზე, საუზმე. 14:30 სადილი, 17-ზე შუადღის ჩაი და ვახშამი საღამოს 20:00. დასაძინებლად ოჯახი 22:30 წვებოდა. ანასტასია დებთან ერთად კერავდა და ბაღში მუშაობდა, აგრეთვე ბანქოს თამაშობდა და დედას სასულიერო ლიტერატურას უკითხავდა. ოდნავ მოგვიანებით, გოგონებს პურის გამოცხობაც ასწავლეს, რაც მათ ძალიან მოეწონათ. 1918 წლის 18 ივნისს, სამშაბათ დღეს ანასტასიამ თავისი უკანასკნელი და რიგით მე-17 დაბადების დღე გადაიხადა. იმ დღეს მშვენიერი ამინდი დაიჭირა, მხოლოდ საღამოსკენ გაავდრდა. იასამანი ყვაოდა. გოგონებმა პური გამოაცხეს და ალექსეი ბაღში გაიყვანეს, მალე მთელი ოჯახი მათ შეუერთდათ. საღამოს 8 საათზე ივახშმეს და რამდენიმე ხელი ბანქოც ითამაშეს. დასაძინებლად, ჩვეულებრივ, 10:30 დაწვნენ.
დახვრეტა
მიჩნეულია, რომ მეფის ოჯახის დახვრეტის გადაწყვეტილება ურალის საბჭომ ოფიციალურად 16 ივლისს მიიღო ქალაქის თეთრგვარდიელებისთვის შესაძლო გადაცემისა და თითქოს მეფის ოჯახის გადასარჩენი შეთქმულების აღმოჩენის შემდეგ. 16 ივლისის ღამეს, 23:30 ურალსაბჭოს ორმა განსაკუთრებით უფლებამოსილმა პირმა სამეფო ოჯახის წევრების დახვრეტის წერილობითი ბრძანება დაცვის რაზმის მეთაურს პ. ზ. ერმაკოვსა და სახლის კომენდანტს, საგანგებო საგამოძიებო კომისიის კომისარ ი. მ. იუროვსკის გადასცა. დასჯის მეთოდის შესახებ მოკლეხნიანი კამათის შემდეგ მეფის ოჯახობა გააღვიძეს და ვითომც სროლებისას კედლიდან ანასხლეტი ტყვიებით დაღუპვის თავიდან აცილების მიზნით ქვედა, ნახევრად სარდაფისებურ კუთხის ოთახში ჩასვლა შესთავაზეს. იაკობ იუროვსკის ანგარიშის მიხედვით, რომანოვები ბოლო წუთამდე ვერაფერს ხვდებოდნენ.
სარდაფში, იმპერატრიცას მოთხოვნით, სკამები ჩაიტანეს, სადაც ის და მეფე ნიკოლოზი დასხდნენ ვაჟიშვილთან ერთად. ანასტასია დების გვერდით უკან იდგა. გოგონებს თავიანთი ხელჩანთებიც ჩაეტანათ, ანასტასიას კი საყვარელი მწევარი ჯიმი, რომელიც გადასახლების მთელი პერიოდის განმავლობაში მეფის ასულს არ მოუშორებია. არსებობს მონაცემები, რომ პირველი ზალპის შემდეგ ანასტასია, ტატიანა და მარია ცოცხლები დარჩნენ, ისინი კაბებში ჩაკერებულმა ძვირფასეულობამ იხსნა. მოგვიანებით, გამომძიებელ სოკოლოვის მიერ გამოკითხული მოწმეების დაკითხვის თანახმად, ანასტასია სიკვდილს ყველაზე დიდხანს ებრძოდა, ამიტომაც, მის მოსაკლავად, ხიშტებითა და ბარებით მოუწიათ მოქმედება.
ისტორიკოს ედვარდ რაძინსკის მიერ მოკვლეული მასალებით, ყველაზე დიდხანს ანა დემიდოვამ, ალექსანდრას პირისფარეშმა იცოცხლა, რომელმაც ძვირფასეულობით სავსე ბალიში აიფარა დაცხრილვისას. ოჯახის წევრთა ცხედრებთან ერთად ანასტასიას ცხედარიც მათი საწოლებიდან მოხსნილ ზეწრებში გაახვიეს და „ოთხი ძმის გაკვეთილში“ წაიღეს დასამარხად. ადგილზე გვამები, ხიშტებითა და გოგირდმჟავის გამოყენებით, საბოლოოდ დაამახინჯეს და ერთ-ერთ ძველ გაუქმებულ მაღაროში ჩაყარეს. მოგვიანებით, გამომძიებელმა სოკოლოვმა ანასტასიას მწევრის, ჯიმის გვამი იპოვა. დახვრეტის შემდეგ დიდი მთავრების ოთახში ანასტასიას ნახელავი უკანასკნელი ნახატი იქნა აღმოჩენილი — „საქანელა ორ არყის ხეს შორის“.
დახასიათება
თანამედროვეთა მოგონებით, ანასტასია იყო დაბალი და ჩადგმული, ღია წაბლისფერი, მოწითურო თმებითა და მამისგან გამოყოლილი ცისფერი თვალებით. გოგონას თავისუფალი და ლაღი ხასიათი ჰქონდა, ლაპტის, ფანტისა და სერსოს თამაში იტაცებდა; შეეძლო დამალობანას თამაშისას სასახლეში საათობით ერბინა დაუღალავად. იოლად ძვრებოდა ხეებზე და ხშირად ბავშვური ჯიუტობის გამო ხიდან არაფრით აღარ ჩამოდიოდა. უსაზღვრო ფანტაზიის უნარი ჰქონდა. არც თუ იშვიათად, დებს, ძმასა და ახალგზარდა სეფექალებს ცხვირზე მარწყვის წვენს უსვამდა. ანასტასიამ შემოიტანა მოდაში თმაში ჩაწნული ყვავილები, რაც მას ძალიან ახარებდა.
ანასტასია უფროს დას, მარიას, თითქმის არ სცილდებოდა, ძმას აღმერთებდა და საათობით ართობდა მას, როდესაც ეს უკანასკნელი მორიგი სნეულების გამო ლოგინს ეჯაჭვებოდა. ანა ვირუბოვა იხსენებდა, რომ „ანასტასია თითქოს ვერცხლის წყლისგან იყო ჩამოსხმული, ვიდრე სისხლისა და ხორცისგან“. ერთხელ, სამი-ოთხი წლისა იქნებოდა, კრონშტადტში მაღალჩინოსანთა მიღებაზე მაგიდის ქვეშ შეძვრა და სტუმრებს ფეხებზე დაუწყო ფხაჭვნა, ვითომ, ძაღლი იყო. რის გამოც, მამისგან მკაცრი შენიშვნა მიიღო. მას კომედიური მსახიობის მკაფიოდ გამოხატული ნიჭი ჰქონდა, ხშირად გარშემომყოფთ აჯავრებდა ლაპარაკს, რაც იმდენად ოსტატურად გამოსდიოდა, რომ ალექსეიმ ერთხელ უთხრა: „ანასტასია, თეატრში უნდა გამოდიოდე, ძალიან სასაცილო იქნება, მერწმუნე!“
რაზეც მოულოდნელი პასუხი მიიღო, რომ ახალგაზრდა მეფისწული თეატრში ვერ გამოვიდოდა, რადგან, სხვა მოვალეობები ჰქონდა დაკისრებული. ხანდახან თავისი ხუმრობით ხალხს იმდურებდა კიდეც. ერთხელ, გუნდაობისას, მან უფროს და ტატიანას გუნდა ისე ძლიერად მოარტყა სახეში, რომ ამ უკანასკნელმა თავი ვეღარ შეიკავა და დაეცა; თავად ანასტასია კი, საკუთარი საქციელით შეშინებული დიდხანს ტიროდა დედის კალთაში. დიდი მთავრინა ნინა გრიგორიევნა მოგვიანებით იხსენებდა, რომ პატარა ანასტასია მას სიმაღლეს ვერაფრით პატიობდა და თამაშისას ხან ფეხს უდებდა, ხან კი კაწრავდა.
„თავისი ხუმრობით ყოველთვის დაუშვებლის ზღვარს უახლოვდებოდა — იხსენებდა მეფის ოჯახთან ერთად მოკლული ლეიბ-მედიკოსის ვაჟი გლებ ბოტკინი — ყოველთვის რისკავდა იქამდე, რომ შეიძლებოდა დაესაჯათ კიდეც.“
|
აკურატულობითა და წესრიგით პატარა ანასტასია არ გამოირჩეოდა, უკანასკნელი იმპერატორის კარზე აკრედიტებული ამერიკის ელჩის მეუღლე ჰელი რივზი იხსენებდა, რომ ერთხელ თეატრში, ხელ-პირ მოთხუპნული ანასტასია შოკოლადს შეექცეოდა გემრიელად, თეთრი ხელთათმანების მოხსნა კი დავიწყნოდა. ჯიბეებში სულ შოკოლადები და კანფეტი ეწყო, რასაც ყველას უხვად ჩუქნიდა.
ანასტასიას ცხოველებიც უყვარდა. თავიდან მას ძაღლი ჰყავდა, მეტსახელად შვიბსიკი, რომელსაც არაერთი სახალისო ამბავი უკავშირდება. პატარა ანასტასია დაწოლაზე უარს აცხადებდა სანამ ძაღლსაც არ მიუწვენდნენ. ერთხელ შვიბსიკი დაკარგა და მანამ ეძახდა ოთხფეხა მეგობარს, სანამ ტახტის ქვემოდან არ გამოაძვრინა. 1915 წელს, როდესაც შვიბსიკი ინფექციის შედეგად გარდაეცვალა, ანასტასია რამდენიმე კვირის განმავლობაში უნუგეშო მდგომარეობაში იმყოფებოდა. დებთან და ძმასთან ერთად ძაღლი გამოიგლოვა და პეტერჰოფში საბავშვო კუნძულზე მიაბარა მიწას. შემდგომ მან ჯიმი გაიჩინა.
ანასტასიას უყვარდა ხატვა, რაც არც თუ ურიგოდ გამოსდიოდა. სიამოვნებით უკრავდა ძმასთან ერთად გიტარასა და ბალალაიკაზე, ქსოვდა, კერავდა, უყურებდა კინოფილმებს, გატაცებული იყო, იმხანად მოდური, ფოტოგრაფირებით, ჰქონდა საკუთარი ფოტოალბომი; სულ ტელეფონზე იყო ჩამოკიდებული, ანდაც კითხულობდა ან საწოლზე გორაობდა. ომის დროს, მშობლებისგან მალულად, მოწევა დაიწყო, რასაც უფროსი დის, ოლღას, კომპანიაში ახერხებდა. დიდ მთავარს კარგი ჯანმრთელობა არ ჰქონია. ბავშვობიდან ტერფების ტკივილი აწუხებდა, რაც ფეხის ბერა თითების თანდაყოლილ გაღუნულობას მიეწერებოდა (ლათ. hallux valgus). ამ სინდრომით იქნა მოგვიანებით ერთ-ერთ თვითმარქვია ანასტასიასთან - ანა ანდერსონთან გაიგივებული. სუსტი წელი ჰქონდა, თან, კუნთების გამამაგრებელი ვარჟიშის თავიდან ასაცილებლად, მასთან მისულ მასაჟისტ ქალს ხან ბუფეტში, ხანაც საწოლის ქვეშ ემალებოდა. უმცირესი განაკაწრების დროსაც კი მას სისხლდენა ანომალიურად დიდხანს არ უჩერდებოდა, რასაც ექიმები დედისგან გამოყოლილ ჰემოფილიას უკავშირებდნენ.
როგორც მეფის ოჯახის მკვლელობის გამომძიებელი გენერალი მ.კ. დიტერიხსი მოწმობს: "დიდი მთავარი ანასტასია 17 წლის ასაკის მიუხედავად, სულ მთლად ბავშვი იყო. ასეთ შთაბეჭდილებას ის საკუთარი გარეგნობითა და მხიარული ხასიათით ტოვებდა." «кубышка», ასე აბრაზებდნენ დები. მას ადამიანების სუსტი მხარის შემჩნევა და იმიტირების კარგი უნარი ჰქონდა. ის ბუნებრივად ბოძებული ნიჭის მქონე კომიკოსი იყო. ხშირად, ყველას აცინებდა, თან საკმაოდ სერიოზულ გამომეტყველებას არ კარგავდა. ხშირად შილერის და გოეთეს პიესებს კითხულობდა, უყვარდა მალო და მოლიერი, დიკენსი და შარლოტ ბრონტე. კარგად უკრავდა როიალზე და დედასთან ერთად სიამოვნებით ასრულებდა ოთხ ხელში შოპენის, გრიგის, რახმანინოვისა და ჩაიკოვსკის პიესებს.
ფრანგულის მასწავლებელი ჟიიარი ასე იხსენებდა მას:
ნეშტების აღმოჩენა
„ოთხი ძმის“ მიჯნა სოფელ კოპტიაკიდან რამდენიმე კილომეტრში, ეკატერინბურგის მახლობლად მდებარეობს. ერთ-ერთი ორმო იუროვსკის რაზმმა ამოთხარა მეფის ოჯახის წევრებისა და მათი მსახურების ჩასამარხად. ადგილის გასაიდუმლოება თავიდანვე ვერ მოხერხდა, რადგან მიჯნაზე ეკატერინბურგისკენ მიმავალი გზა გადის და დილაადრიან პროცესია სოფლელმა გლეხის ქალმა ნატალია ზიკოვამ შეამჩნია, შემდეგ კი რამდენიმე სხვა ადამიანმაც. წითელარმიელებმა ისინი იარაღის მუქარით გაყარეს საიდუმლო ადგილიდან. იმავე დღეს, ოდნავ მოგვიანებით, მიჯნაზე სროლის ხმები გაისმა. უჩვეულო მოვლენით გაოცებული ადგილობრივი მოსახლენი რამდენიმე დღეში მიჯნას ეწვივნენ, ანუ როდესაც ალყა უკვე მოხსნილი იყო და რამდენიმე ძვირფასი ნივთიც აღმოაჩინეს, რაც, როგორც ჩანს, ჯალათებს სიჩქარეში დარჩენოდათ.
1919 წლის 23 მაისიდან 17 ივნისის ჩათვლით გამომძიებელი სოკოლოვი ხსენებული მიდამოების დაზვერვასა და ადგილობრივების გამოკითხვას აწარმოებდა. 6 ივნისიდან 10 ივლისამდე ადმირალ კოლჩაკის ბრძანებით, განინა იამას გათხრები დაიწყო, რასაც თეთრგვარდიელთა ქალაქიდან უკან დახევამ შეუშალა ხელი. 1991 წლის 11 ივლისს განინა იამაში, დაახლოებით, ერთი მეტრის სიღრმეში, ცხედრების ნაშთები აღმოაჩინეს, რომელთა იდენტიფიცირების შემდეგ დადგინდა, რომ ისინი მეფის ოჯახის წევრებსა და მათ მსახურებს ეკუთვნოდათ. გვამი, სავარაუდოდ ანასტასიას კუთვნილი, აღინიშნა ნომრით 5. მასთან დაკავშირებით ეჭვებიც გაჩნდა — სახის მთელი მარცხენა მხარე სულ დამსხვრეული იყო. რუსი ანთროპოლოგები ნაკუწების შეერთებასა და ერთიანი სახის აღდგენას ლამობდნენ, რათა მოწყვეტილი ნაწილი აღედგინათ. ურთულესი სამუშაოების შემდეგ შედეგი მაინც საეჭვო იყო. რუსი სპეციალისტები ნაპოვნი ჩონჩხის სიმაღლიდან ამოდიოდნენ და ფოტოებს ადარებდნენ, ამერიკელმა მკვლევარებმა კი ეს ეჭვქვეშ დააყენეს. მათი აზრით, დაკარგული სხეული სწორედ ანასტასიასი უნდა ყოფილიყო, რადგან არც ერთი ცხედრის გამოკვლევამ არ აჩვენა განუვითარებელი ჩონჩხის ნიშნები, ვთქვათ, განუვითარებელი ლავიწი ან სიბრძნის კბილები, ანდაც, განვითარებადაუსრულებელი ნეკნები ზურგში, რომლის აღმოჩენასაც ელოდნენ ისინი 17 წლის გოგონას გვამის მიგნებისას.
1998 წელს, როდესაც საიპმერატორო ოჯახის წევრთა ცხედრები საბოლოოდ იქნა მიწას მიბარებული, 5’7" სიგრძის სხეული ანასტასიად იქნა სახელდებული. დახვრეტამდე ექვსიოდე თვით ადრე გადაღებულ ფოტოზე გოგონა თავის დებზე რამდენიმე დიუმით დაბალი ჩანს. მეცნიერებს ნაკლებსარწმუნოდ ეჩვენებათ, რომ ანასტასია თავისი სიცოცხლის ბოლო თვეებში შესამჩნევად გაზრდილიყო. მისი რეალური სიმაღლე დაახლოებით 5’2" იყო. ეჭვების საბოლოოდ გაფანტვა 2007 წელსღა მოხერხდა, როდესაც ე. წ. პეროსენკოვის ტბორზე ახალგაზრდა ქალ-ვაჟის ნეშტები აღმოჩნდა, რომელთა იდენტიფიცირებისას დადგინდა, რომ ისინი ბატონიშვილები ალექსეი და მარია იყვნენ. გენეტიკურმა ექსპერტიზამ პირველადი დასკვნები დაადასტურა. მოცემული ინფორმაცია ოფიციალურად რუსეთის პროკურატურასთან არსებულმა საგამოძიებო კომიტეტმა 2008 წლის ივლისში დაადასტურა და დაადგინა: აღმოჩენილი ნაშთები ეკუთვნის რუსეთის იმპერატორის მიემკვიდრეებს დიდ მთავრინა მარიასა და ბატონიშვილ ალექსეის.
ცრუ ანასტასიები
დარხეული ხმები იმის შესახებ, რომ მეფის ერთ-ერთი ქალიშვილი გადაურჩა სიკვდილს—ან იპატიევის სახლიდან გაქცევით, ანდაც ჯერ კიდევ რევოლუციამდე, ერთ-ერთი პირისფარეშის სახელს ამოფარებული გადაიხვეწა, რუს ემიგრანტებში დიდი პოპოლარობით სარგებლობდა იმპერატორის ოჯახის დახვრეტიდან დიდი ხნის განმავლობაში. რიგი ადამიანების მიერ ანგარების მიზნით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მეფის უმცროსი ქალიშვილი ანასტასია შეიძლებოდა გადარჩენილიყო, 30-ზე მეტი ცრუ-ანასტასიას გამოჩენა მოჰყვა. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თვითმარქვია ანა ანდერსონი იყო, რომელიც ამტკიცებდა, რომ ჯარისკაცმა, გვარად ჩაიკოვსკიმ მისი სარდაფიდან ამოყვანა შეძლო, როდესაც დაინახა, რომ ის ცოცხალი იყო.
ამავე ისტორიის სხვა ვერსია გააჟღერა ყოფილმა ავსტრიელმა სამხედრო მოხელემ ფრანც სვობოდამ სასამართლო პროცესზე, როდესაც ანა ანდეროსნი ცდილობდა „მამამისის“ იპოთეკური მემკვიდრეობის მიღების მიზნით სახელის აღდგენას. სვობოდამ განაცხადა, რომ თვითონ გადაარჩინა დაჭრილი მთავრინა, თანაც, მისი ვერსიით, ანასტასია „შეყვარებული მეზობლის“, ვინმე „ ხ“-ს სახლში გადაიყვანა მალულად. ეს ვერსია ბევრ უზუსტობას შეიცავდა, მაგალითად, კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტს, რაც იმ მომენტში ყოვლად შეუძლებელი იყო, მთელ ქალაქში დიდი მთავრის გაქცევის შესახებ გამოკრული აფიშებისა და მისი უშედეგო ძებნის შესახებ, რომელთაც არაფერი მოუტანიათ.
იმხანად ეკატერინბურგში მყოფმა დიდი ბრიტანეთის გენერალუმა კონსულმა თომას ჰილდებრანდ ფრესთონმა ეს მოსაზრებები არ გაიზიარა. ამის მიუხედავად, ანდერსონი მთელი ცხოვრების განმავლობაში სასამართლო პროცესების დაუსრულებელ წრებრუნვაში იმყოფებოდა თავისი „მეფური წარმომავლობის“ დასამტკიცებლად, მის სიცოცხლეში საბოლოო გადაწყვეტილება გამოტანილი არ ყოფილა. ანდერსონმა წიგნიც კი დაწერა სათაურით: „მე, ანასტასია“.
ანა ანდერსონის გარდაცვალების შემდეგ, 1984 წელს დნმ-ანალიზით დადგინდა, რომ იგი სინამდვილეში ფრანცისკა შანკოვსკაია იყო და ბერლინის ქარხანაში მუშაობდა, სადაც უბედური შემთხვევის შედეგად, სერიოზულად დაიჭრა და ფსიქიკური შოკი მიიღო, რისგანაც მთელი ცხოვრება ბოლომდე ვერ განიკურნა.
სხვები
კიდევ ერთი ცრუ-ანასტასია მხატვარი ევგენია სმიტი (ევგენია სმეტისკო) იყო, რომელმაც აშშ-ში „მემუარებიც“ გამოუშვა, სადაც თავისი „სასწაულებრივი გადარჩენა“ აღწერა. მან საკმაო ყურადღება მიიქცია და სახელის სპეკულირებით ფინანსურადაც მოითბო ხელი. ანასტასიის გადარჩენის ხმები განსაკუთრებით მას მერე დაირხა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეფისწული შეიძლებოდა მეზობელ სახლში მიმალულიყო და მერე მატარებლით გადახვეწილიყო; ამიტომ, 1918 წელს ყველა ახლომდებარე სახლსა და ახლოსჩავლილ მატარებელს ჩხრეკდნენ. ანასტასიას შორეული ნათესავის უფლისწულ ივან კონსტანტინეს-ძის მეუღლე ელენა პეტროვნა იხსენებს, რომ პერმში 1918 წელს მასთან საკანში ახალგაზრდა გოგონა შეიყვანეს, რომელიც ამბობდა რომ ანასტასია იყო. ელენამ კი დაცვას უთხრა, რომ გოგონას არ იცნობდა, ამიტომაც, ქალიშვილი უკანვე გაიყვანეს.
კანონიზაცია
უკანასკნელი მეფის ოჯახის ახალწამებულთა ჩინით კანონიზაცია ჯერ საზღვარგარეთ გადახვეწილმა რუსულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ მოახდინა 1981 წელს. რუსეთში კი კანონიზაციისთვის მზადება 1991 წლიდან დაიწყო, როდესაც განინა იამას გათხრები განახლდა. არქიეპისკოპოს მელქისედეკის დალოცვით, 7 ივლისს მიჯნაში მოსახსენიებელი ჯვარი აღმართეს. 1992 წლის 17 ივლისს მეფის ოჯახის წევრთა ნეშტების ჩამარხვის ადგილას პირველი საარქიეპისკოპოსო საჯვარო მსვლელობა მოეწყო.
ლიტერატურა
- (რუსული) ტანეევა (ვირუბოვა) А. А. Страницы моей жизни[მკვდარი ბმული] / იულია რასულინა . — М.: Благо, 2000. — 320 с. (თარგმანი ინგლისურად.: Vyrubova, Anna. Memories of the Russian Court. alexanderpalace.org.)
- (ინგლისური) Dehn, Lili (1922). The Real Tsaritsa. alexanderpalace.org.
- (ინგლისური) Gilliard, Pierre. Thirteen Years at the Russian Court alexanderpalace.org.
- (ინგლისური) Eagar, Margaret (1906). Six Years at the Russian Court. alexanderpalace.org.
- (რუსული) Kurth, Peter (1983). Anastasia: The Riddle of Anna Anderson. Back Bay Books. ISBN 0-316-50717-2. (რუსულად: Курт, Питер. Анастасия. Загадка великой княжны. — მ. ზახაროვი, 2005. ISBN 5-8159-0472-4).
- (რუსული) Massie, Robert K. (1967). Nicholas and Alexandra. Dell Publishing Co. ISBN 0-440-16358-7. (რუსულად: Мэсси, Роберт. Николай и Александра. Биография. — მ. ზახაროვი, 2006. ISBN 5-8159-0630-1.)
- (რუსული) Maylunas Andrei, Mironenko Sergei (eds), Galy, Darya (translator) (1997). A Lifelong Passion, Nicholas and Alexandra: Their Own Story. Doubleday. ISBN 0-385-48673-1. (რუსულად: ა. მეილუნასი, ს. მირონენკო «Николай и Александра. Любовь и жизнь.» — М.: პროგრესსი, 1998. — 655 с. — ISBN 5-93006-001-0.)
- (ინგლისური) Christopher Peter, Kurth Peter, Radzinsky Edvard (1995). Tsar: The Lost World of Nicholas and Alexandra. Little Brown and Co. ISBN 0-316-50787-3.
- (რუსული) Maylunas Andrei, Mironenko Sergei (eds), Galy, Darya (translator) (1997). A Lifelong Passion, Nicholas and Alexandra: Their Own Story. Doubleday. ISBN 0-385-48673-1. (რუსულად: ა. მეილუნასი, ს. მირონენკო Николай и Александра. Любовь и жизнь. — М.: პროგრესსი, 1998. — 655 с. — ISBN 5-93006-001-0.)
- (ინგლისური) King Greg, Wilson Penny (2003). The Fate of the Romanovs. John Wiley and Sons, Inc. ISBN 0-471-20768-3.
- (რუსული) Radzinsky, Edvard (1992). The Last Tsar. Doubleday. ISBN 0-385-42371-3. (რუსულად როძინსკი Николай II: жизнь и смерть. — М.: АСТ, 2007. — 510 с. — ISBN 978-5-17-043315-2, 978-5-9713-4632-6.)
- (ინგლისური) Lovell, James Blair (1991). Anastasia: The Lost Princess. Regnery Gateway. ISBN 0-89526-536-2.
- (ინგლისური) Vorres, Ian (1985). The Last Grand Duchess London, Finedawn Press (3rd edition)
- (ინგლისური) Occleshaw, Michael (1993). The Romanov Conspiracies: The Romanovs and the House of Windsor. Orion Publishing Group Ltd. ISBN 1-85592-518-4.
წინაპრები
16. ნიკოლოზ I | ||||||||||||||||
8. ალექსანდრე II | ||||||||||||||||
17. შარლოტ პრუსიელი | ||||||||||||||||
4. ალექსანდრე III | ||||||||||||||||
18. ლუი II, ჰესეს დიდი თავადი | ||||||||||||||||
9. მარია ალექსანდროვნა | ||||||||||||||||
19. უილჰელმინა (ბადენი) | ||||||||||||||||
2. ნიკოლოზ II | ||||||||||||||||
20. ფრიდრიხ ვილჰელმი (შელსვიგ-ჰოლშტაინ-ზონდერბურგ-გლუკსბურგელი) | ||||||||||||||||
10. კრისტიან IX (დანია) | ||||||||||||||||
21. ლუისა კაროლინა ჰესელ-კასელი | ||||||||||||||||
5. დაგმარ დანიელი | ||||||||||||||||
22. უილიამ ჰესელი | ||||||||||||||||
11. ლუისა ჰესე-კასელი | ||||||||||||||||
23. ლუისა შარლოტი (დანია) | ||||||||||||||||
1. რუსეთის დიდი მთავარი ანასტასია რომანოვა | ||||||||||||||||
24. ლუი II, ჰესეს დიდი თავადი (= 18) | ||||||||||||||||
12. კარლ ჰესელი | ||||||||||||||||
25. უილჰელმინა (ბადენი) (= 19) | ||||||||||||||||
6. ლუი IV, ჰესეს დიდი თავადი | ||||||||||||||||
26. ვილჰელმ პრუსიელი | ||||||||||||||||
13. ელისაბედ პრუსიელი | ||||||||||||||||
27. მარი ანა ჰესე-ჰამბურგელი | ||||||||||||||||
3. ალექსანდრა ფეოდოროვნა | ||||||||||||||||
28. ერნესტ I (საქსენ-კობურგ-გოთა) | ||||||||||||||||
14. ალბერტ საქსენ-კობურგ-გოთელი | ||||||||||||||||
29. ლუისა (საქსენ-გოთა-ალტენბურგი) | ||||||||||||||||
7. ალისა, ჰესეს დიდი თავადი | ||||||||||||||||
30. ედვარდ ავგუსტუსი, კენტის თავადი | ||||||||||||||||
15. დედოფალი ვიქტორია | ||||||||||||||||
31. ვიქტორია (საქსენ-კობურგ-ზაალფელდი) | ||||||||||||||||
სქოლიო
- ↑ Massie (1995), pp. 194–229
- ↑ დნმ ანალიზით დადასტურდა მეფის შვილების ნეშტის სარწმუნოობა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-29. ციტირების თარიღი: 2009-06-13.
- ↑ საიდუმლო გაიხსნა: რომანოვების ორი გაუჩინარებული შვილის იდენტიფიცირება დნმ-ის ანალიზით. Plos One. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-01-26. ციტირების თარიღი: 2009-05-05.
- ↑ ფილიპი სამშობლოში შარლატანის რეპუტაციის მქონე იძებნებოდა სასამართლოს მიერ, არასათანადო განათლებით საექიმო პრაქტიკისთვის.
- ↑ 5.0 5.1 Макеевич, А.. ; Макеевич, Г.В ожидании престолонаследника რუსული. Цесаревич Алексей. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-19. ციტირების თარიღი: 21 августа 2008.
- ↑ Massie (1967), p. 153
- ↑ 7.0 7.1 7.2 7.3 7.4 Anastasia Nicholaievna Romanova. Anastasia Nicholaievna Romanova - Russia's Favorite Young Woman. ციტირების თარიღი: 18 августа 2008.
- ↑ Eagar, Margaret (1906). Six Years at The Russian Court. C.L. Bowman, გვ. 283.
- ↑ მუჟიკს რუსეთში მდაბიო წარმოშობის მამაკაცს უწოდებდნენ.
- ↑ Massie (1967), pp. 199–200
- ↑ ფრაგმენტი წიგნიდან ვარლამოვი ა. ნ. გრიგორი რასპუტინი. - М: Молодая гвардия, 2007. - ил. - (Жизнь замечат. людей)
- ↑ Maylunas, Andrei, Mironenko, et al. (1997), p. 321
- ↑ ანასტასიას წერილები. ანასტასია ნიკოლოზის ასული რომანოვა - რუსეთის ფავორიტი ახალგაზრა ქალი. ციტირების თარიღი: 18 აგვისტო 2008.
- ↑ მაილუნას, ანდრეი, მირონენკო, და სხვ.. (1997), გვ. 330
- ↑ მაილუნასი და მირონენკო (1997), გვ. 507
- ↑ მაილუნასი და მირონენკო (1997), გვ. 511
- ↑ რუსლან აბასალიევი, კასპიის 148-ე ფეხოსანთა პოლკის ისტორიისთვი. გამომც. „ნევა“ - 2007, №10
- ↑ მ. კრავცოვა (2003). „ქალიშვილების აღზრდა“, ბავშვების აღზრდა სამეფო მოწამეობრივი წმინდანების მაგალითზე (რუსული). მათლმადიდებლური გამომცემლობა „ბლაგო“. [მკვდარი ბმული]