გიტარა
გიტარა — სიმებიანი ჩამოსაკრავი მუსიკალური საკრავი. ძირითადად იკვრება თითებით ან მედიატორით. ძირითადად იგი არსებობს ექვს, შვიდ და თორმეტსიმიანი. ტრადიციულად, გიტარა მზადდება სხვადასხვა ხისაგან, ხოლო სიმები ცხოველების ნაწლავებისაგან. თუმცა სიმების ტრადიცია არ არის შენარჩუნებული, და თანამედროვე სიმები არის ნეილონის და ფოლადის. ზოგიერთი თანამედროვე გიტარა დამზადებულია პოლიკარბონატით. არსებობს გიტარის ძირითადი ორი ოჯახი: აკუსტიკური და ელექტრო. გიტარა ვოკალის თანხლებისთვისაა მოსახერხებელი.
აკუსტიკური გიტარა (და სხვა მსგავსი ინსტრუმენტები) ამოჭრილი კორპუსით უკვე ათას წელზე მეტია გამოყენებაში. თანამედროვე აკუსტიკური გიტარის სამი ძირითადი ტიპი არსებობს: კლასიკური გიტარა (ნეილონის სიმებიანი), ლითონის სიმებიანი აკუსტიკური გიტარა და არქტოპ გიტარა. აკუსტიკური გიტარების ტონალობა წარმოქმნილია სიმების ვიბრაციით, რომელსაც აძლიერებს გიტარის კორპუსი. კლასიკური გიტარა ხშირად იკვრება როგორც სოლო ინსტრუმენტი თითების ამოკვრის ტექნიკით. ელექტრო გიტარა იქნა წარმოდგენილი 1930-იან წლებში. ელექტრო გიტარებმა მალევე მოახდინა გავლენა თანამედროვე კულტურაზე. გიტარა არის მიჩნეული მთავარ ინსტრუმენტად ისეთ მუსიკის ჟანრებში, როგორიცაა ბლუზი, ბლუგრასი, ქანთრი, ფლამენკო, ჯაზი, ხოტა, მარიაჩი, რეგი, როკი, სოული და ბევრი სხვა პოპის ფორმებში.
ისტორია
რედაქტირებაგიტარის სამშობლო ცნობილი არ არის. ვარაუდობენ, რომ იგი წარმოიშვა ძველ საბერძნეთში, მაგრამ შემდგომში მისი მეორე სამშობლო გახდა ესპანეთი, სადაც VIII—IX საუკუნეებში ეს საკრავი ფართოდ გავრცელდა. ესპანეთიდან გიტარა მთელ ევროპაში გავრცელდა. საქართველოში ის მე-19 საუკუნეში შემოვიდა და მტკიცედ დამკვიდრდა. ქართულ, ხალხურ და ქალაქურ ბევრ სიმღერას გიტარა უწევს თანხლებას.
გიტარის სამშობლო აღმოსავლეთია. თარი სპარსულად სიმს ნიშნავს, ხოლო თარის წინდებულები (დუ-ტარი, სი-ტარი) ოდესღაც სიმთა რიცხვს გამოხატავდა. დუ ნიშნავდა ორს, სი- სამს. ასე რომ ”გიტარა” ნიშნავდა სამსიმიანს.
ჩვენს ერამდე დიდი ხნით ადრე გიტარა აღმოსავლეთიდან საბერძნეთში მოხვედრილა, იქ, დროთა განმავლობაში დაივიწყეს, რომ ”სიტარი” სამსიმიან საკრავს ნიშნავდა და ასეთი სახის ოთხ და მრავალსიმიან სხვა საკრავებსაც "სიტარი", შემდეგ კი გიტარა შეარქვეს.
ბაროკოს ეპოქაში ბაროკოს გიტარა (ლუტა, მანდოლინა, ბარბათი და ა.შ.) ხშირად იყენებოდა კამერულ ორკესტრებში. ამ ინსტრუმენტს იყენებდნენ: ანტონიო ვივალდი, იოჰან სებასტიან ბახი და სხვები.
რომანტიზმის პერიოდში გიტარას ხშირად იყენებდა ნიკოლო პაგანინი.
გიტარა ძალიან გავრცელებულია თანამედროვე მუსიკაში.
საქართველოში
რედაქტირებასაქართველოში გიტარა შემოვიდა რუსეთიდან XIX საუკუნის შუა წლებში. შვიდსიმიანი გიტარა ფართოდ გავრცელდა ქართულ ქალაქურ ყოფაში, განსაკუთრებით ქუთაისში და ზოგადად დასავლეთ საქართველოში, სადაც იგი მყარად დამკვიდრდა არა მარტო ქალაქურ, არამედ სოფლის ყოფაშიც. გიტარასთან მჭიდროდაა დაკავშირებული ქართული ქალაქური მუსიკალური შემოქმედების ე. წ. „დასავლური შტოს" ჩამოყალიბება, რომელიც თანდათანობით მთელ საქართველოში გავრცელდა.
შვიდსიმიანი გიტარის წყობა საქართველოში ნაწილობრივ შეიცვალა (რე, სი, სოლ, რე, დო, სოლ, რე) და შეიქმნა რამდენადმე განსხვავებული წყობა, რომელსაც ზოგჯერ „ქუთაისურსაც" უწოდებენ. საქართველოში პროფესიულ მუსიკაში გიტარა გამოიყენეს მელიტონ ბალანჩივაძემ ოპერა „თამარ ცბიერის" შექმნისას და ვიქტორ დოლიძემ ოპერაში „ქეთო და კოტე" (ორივე კომპოზიტორი თავადაც შესანიშნავი გიტარისტი იყო). გიტარის თანხლებით მღეროდნენ ვარინკა წერეთელი, დები იშხნელები, ვალიკო ძაგნიძე და შალვა. ჩხიკვაძე, ინოლა გურგულია და სხვ.; ცნობილი პედაგოგ-შემსრულებლები — ვ. გიორგაძე, ი. ქავთარაძე, გ. ესებუა, ა. ნიკოლაიშვილი, თ. გამიდაძე, გ. ცაგარეიშვილი, ო. რამიშვილი, ტ. ბერიმელიძე, გ. ბარბაქაძე; საგიტარო ხელოვნების განვითარებაში თვალსაჩინო წვლილი მიუძღვით: ს. ნაცვალაძეს, გ. და ჯ. ბაღაშვილებს; ჯაზური და როკ-მუსიკის ცნობილი შემსრულებლები არიან თემურ ყვითელაშვილი და კაკო ვაშალომიძე (ელექტროგიტარა).
აწყობა
რედაქტირებაგიტარის აწყობის სხვადასხვა ვარიანტები არის გამოყენებული. ყველაზე გავრცელებული ტონალობაში, რომელიც ცნობილია როგორც "სტანდარტული ტონალობა", სიმები არის აწყობილი დაბალი E-დან მაღალ E-მდე. ყველა სიმის ჩამოკვრისას მიიღება აკორდი - Em7/add11.
სიმების ტონალობის სიმაღლეები მოცემულია ცხრილში:
სიმი | ნოტი | სიხშირე | მეცნიერული სიმაღლე |
---|---|---|---|
1 (უმაღლესი) | e' | 329.60 Hz | E4 |
2 | b | 246.90 Hz | B3 |
3 | g | 196.00 Hz | G3 |
4 | d | 146.80 Hz | D3 |
5 | A | 110.00 Hz | A2 |
6 (უდაბლესი) | E | 82.40 Hz | E2 |
შემდეგი დაფა აჩვენებს ნოტების სახელებს სტანდარტულ ტონალობაში აწყობილი გიტარის ექვსი სიმის თორმეტ ლადში.
0 | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
E | F | F♯ | G | A♭ | A | B♭ | B | C | C♯ | D | E♭ | E |
B | C | C♯ | D | E♭ | E | F | F♯ | G | A♭ | A | B♭ | B |
G | A♭ | A | B♭ | B | C | C♯ | D | E♭ | E | F | F♯ | G |
D | E♭ | E | F | F♯ | G | A♭ | A | B♭ | B | C | C♯ | D |
A | B♭ | B | C | C♯ | D | E♭ | E | F | F♯ | G | A♭ | A |
E | F | F♯ | G | A♭ | A | B♭ | B | C | C♯ | D | E♭ | E |
ლიტერატურა
რედაქტირება- თუშიშვილი გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 36-37.
- თუშიშვილი გ., „გიტარის კვალდაკვალ“, თბ., 1981.