ძაგნიძე და ჩხიკვაძე
ძაგნიძე და ჩხიკვაძე — ქართული ვოკალურ-ინსტრუმენტული დუეტი ვალერიან (ვალიკო) ძაგნიძისა (1912-1967) და შალვა (ჟუტუ) ჩხიკვაძის (1914-1976) შემადგენლობით. ითვლებიან საქართველოს ესტრადის ვოკალურ-ინსტრუმენტული ხელოვნების ფუძემდებლებად და კლასიკოსებად.
ვალიკომ და შალვამ 1937 წელს გაიცნეს ერთმანეთი მოზარდ მაყურებელთა თეატრში, 1938 წელს დუეტი შეიქმნა. თავდაპირველად თვითონ ჰქმნიდნენ და ასრულებდნენ ფელეტონებს („რესტორანში“, „რუმბა"“ და სხვ.; ავტორი შ. ჩხიკვაძე), ასევე იყენებდნენ ცნობილი მუსიკალური ნაწარმოებების თემებს (ზ. ფალიაშვილის ოპერიდან „დაისი“, „ცანგალას“ თემა „ღვინოვ კახურო“; სიმღერა „სულიკოს“ თემა), რითაც მეტად გაითქვეს სახელი. იმავე პერიოდში, კერძოდ 1938 წელს ქმნიან პირველ ვოკალურ-ინსტრუმენტულ კომპოზიციებს („მოცინარე ლალი“, „ნუ, ნუ სტირი“, „თურმე, როგორ მყვარებიხარ“), სადაც გამოიკვეთა მათი შემოქმედების სტილის და ჟანრის ხაზი. ამ ყველაფერმა ბიძგი მისცა ქართული ესტრადის შემდგომ განვითარებას.
მეორე მსოფლიო ომის დროს დაჭრილი ჯარისკაცების გართობისთვის იქმნებოდა არტისტული ბრიგადები, ასეთ ბრიგადებთან ერთად დუეტმაც 600-მდე კონცერტი გამართა. ომის დამთავრების შემდგომ იქმნება პირველი მათი ჰიტი „ჩემო ჩიტუნია“ (ავტორი — შ. ჩხიკვაძე). სიმღერა მისი პოპულარობის გამო გამოყენებულ იქნა რეისორ ნიკოლოზ სანიშვილის ფილმში „ბედნიერი შეხვედრა“. 50-იანი წლების მეორე ნახევარში „ჩემო ჩიტუნიას“ ასრულებენ იმ დროის თითქმის ყველა მომღერლი თუ ორკესტრი (გურამ ბზვანელის კვარტეტი; გპი-ს ჯაზ-ორკესტრი იოსებ ტუღუშის ხელმძღვანელობით, სიმღერის ორკესტრული ვერსია). 1949 წელს კომპოზიტორ თენგის ჩოჩუას მშვენიერ მელოდიაზე (ტექსტი ოთარ მამფორიასი) იქმნება „ძაგნიძის და ჩხიკვაძის“ კიდევ ერთი ვოკალურ-ინსტრუმენტული კომპოზიცია „ყაყაჩო“ (შ. ჩხიკვაძის არანჟირება), რომელიც შესრულების დღიდან დღევანდლამდე ერთ-ერთ საუკეთესო სიმღერად ითვლება. ამ დროისთვის ვ. ძაგნიძე და შ. ჩხიკვაძე ფილარმონიის მომღერლები არიან. მათი პოპულარობიდან გამომდინარე ოფიციოზმა გადაწყვიტა გამოეცათ ფირფიტა, სადაც ერთი სიმღერა საბჭოთა იდეოლოგიის თემას უნდა მიძღვნოდა. სიმღერის ტექსტის შექმნა მიანდეს პოეტ რეზო ყენიას, რომელმაც გადაწყვიტა თემატიკის ცენტრში ქართველი მშრომელი-გმირი ქალი ყოფილიყო. კომპოზიტორ შოთა მილორავას და „ძაგნიძე და ჩხიკვაძის“ თანამშრომლობით, ქართულ საცეკვაო ჰარმონიაზე შეიქმნა კომპოზიცია „ოქროს ვარსკვლავიანო“. ფირფიტაზე ჩაიწერა კიდევ ორი ჰიტი: კომპოზიტორ გოგი ცაბაძის „თეთრი მტრედი“ (ოთარ რაზმაძის ტექსტზე, არანჟირება შ. ჩხიკვაძისა) და კომპოზიტორ სანდრო მირიანაშვილის „მიყვარხარ“ (ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსზე). 1989 წელს ჟურნალისტ ოთარ ნოზაძის თაოსნობით მოხდა ამ სიმღერების გაწმენდა და გამოიცა მინი ალბომი „მაგ შენი ბაღის ყაყაჩო“.
1961 წელს, პირველებს ესტრადის მომღერალთა შორის, მიენიჭათ საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტის წოდება.[1]
მუსიკალურ დუეტს მიღებული აქვს მონაწილეობა ფილმებში: „საბუდარელი ჭაბუკი“ და „ბედნიერი შეხვედრა“.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- მაგ შენი ბაღის ყაყაჩო — dspace.nplg.gov.ge
- დოკუმენტური ფილმი "ძაგნიძე და ჩხიკვაძე"