გიორგი (გოგი) გაბრიელის ძე ცაბაძე (დ. 24 აგვისტო, 1924, თბილისი — გ. 30 ნოემბერი, 1986, გორი) — ქართველი კომპოზიტორი, საქართველოს სახალხო არტისტი (1973), თბილისის საპატიო მოქალაქე, ქართული ქალაქური საესტრადო სიმღერის, ოპერეტის, მუსიკალური კომედიისა და მიუზიკლის ფუძემდებელი.

გოგი ცაბაძე
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 24 აგვისტო, 1924(1924-08-24)
დაბ. ადგილი თბილისი
გარდ. თარიღი 30 ნოემბერი, 1986(1986-11-30) (62 წლის)
გარდ. ადგილი გორი
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საკომპოზიტორო კლასი. მუშაობდა ფილარმონიაში, საქართველოს ტელევიზიაში. 1973 წლიდან პედაგოგურ მოღვაწეობას ეწეოდა საესტრადო სასწავლებელში. 1956-1975 წლებში იყო საქართველოს ფილარმონიის საესტრადო მუსიკალური განყოფილების გამგე. 1976 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა საცირკო-საესტრადო სასწავლებელში.

ჯერ კიდევ 1943 წელს, მეორე მსოფლიო ომის უმძიმეს ზამთარში, თბილისის 27-ე სკოლაში სრულიად ახალგაზრდა თენგიზ აბულაძემ დადგა ვალერიან გუნიას პიესა „და-ძმა“. სპექტაკლი, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა, მუსიკალურად გააფორმა ასევე სრულიად ახალგაზრდა გოგი ცაბაძემ.

კომპოზიტორს დიდი პოპულარობა მოუტანა სიმღერებმა: „მთაწმინდის მთვარე“, „თბილისის მუხამბაზი“, „ქუჩა-ქუჩა“, „მეფაიტონე“ და სხვა მრავალი. განსაკუთრებით აღსანიშნავია კომპოზიტორის მუსიკალური კომედიები, ოპერეტები და მიუზიკლები. იგი ამ რთული ჟანრის 20-მდე ნაწარმოების ავტორია, ესენია: „სიმღერა სიყვარულზე“, „ჩვენი ნაცნობები“, „ტრფობის ბადეში“, „კურკას ქორწილი“, „იეთიმ გურჯი“, „მეტეხის ჩრდილში“, „შესანიშნავი სამეული“, „იტალიური რომანი“ და სხვა. აღსანიშნავია, რომ ცაბაძე თავად იყო საკუთარი სიმღერების უბადლო შემსრულებელი. ავტორია აგრეთვე საგუნდო და დრამატული ნაწარმოებებისა, მისი მუსიკა ჟღერს ფილმებში: „ვერის უბნის მელოდიები“, „მხიარული რომანი“, „მოიტაცეს თამარ ქალი“.

დაჯილდოვებული იყო ხალხთა მეგობრობისა და „საპატიო ნიშნის“ ორდენით.

გოგი ცაბაძე სცენაზე, სიმღერისას გარდაიცვალა. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • კაკულია.ლ, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 181.
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 391, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება