თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია
ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია — საქართველოში პირველი უმაღლესი სამუსიკო სასწავლებელია. წლების მანძილზე იგი იყო ამიერკავკასიაში ევროპული ყაიდის ერთადერთი სამუსიკო სასწავლებელი. კონსერვატორიის დაბადების თარიღია 1917 წლის 1 მაისი. 1924 წელს მას მიენიჭა სახელმწიფო კონსერვატორიის სტატუსი, 1947 წლიდან იგი ქართველი მომღერლის - ვანო სარაჯიშვილის სახელს ატარებს.
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორი | |
---|---|
დაფუძნდა | 1917 |
ატარებს სახელს | ვანო სარაჯიშვილი |
ტიპი | კონსერვატორია |
მისამართი | ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩა, #8 |
ქვეყანა | საქართველო |
https://tsc.edu.ge |
შენობა
რედაქტირებაყოფილი მუსიკალური სასწავლებლის შენობა 1901-1904 წლებში აშენდა არქიტექტორ ალექსანდრ შიმკევიჩის პროექტით. შენობის ფასადზე არაცენტრალურად მოთავსებული, კოლონებით მონიშნული პორტალი და მის ზემოთ მდებარე გიგანტური ბრტყელი პილასტრები შოთა რუსთაველის გამზირიდან ამავალი მიტროფანე ლაღიძის ქუჩის პერსპექტივას ასრულებს. ნაგებობა ეკლექტური სტილისაა: ფასადის გაფორმებაში რენესანსულ-ბაროკული არქიტექტურის ელემენტებია გამოყენებული, ინტერიერის მორთულობა მოდერნის ნიშნებს შეიცავს.
შენობამ მრავალი ცვლილება განიცადა: 1942 წელს ორსართულიან ნაგებობას კიდევ ორი სართული დააშენეს, რამაც უხვად მორთული ანტაბლემენტი იმსხვერპლა. 1937-42 წლებში აშენდა დიდი საკონცერტო დარბაზი. 1930-იან წლებშივე შენობის გვერდით ფასადზე მოათავსეს ანტონ რუბინშტეინის ქანდაკება, მუსიკოსისა, რომელმაც 1891 წლის 24 აგვისტოს გამართული კონცერტის მთელი შემოსავალი თბილისის მუსიკალური სასწავლებლის აგებას მოახმარა.
ისტორია
რედაქტირებასხვადასხვა წლებში თბილისის კონსერვატორიას ხელმძღვანელობდნენ ცნობილი ქართველი და რუსი მუსიკოსები, მათ შორის ნ. ნიკოლაევი, ახალი ქართული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებლები ზაქარია ფალიაშვილი, დიმიტრი არაყიშვილი, შემდგომში გამოჩენილი კომპოზიტორები გრ. კილაძე, ი. გოკიელი, ი. ტუსკია, ოთარ თაქთაქიშვილი, ს. ცინცაძე, ნ. გაბუნია. 90-იანი წლების შემდეგ თბილისის კონსერვატორიის აღორძინებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის პროფესორ მანანა დოიჯაშვილს. 2012 წლიდან 2019 წლამდე კონსერვატორიას სათავეში ედგა კომპოზიტორი რეზო კიკნაძე. 2019 წლიდან კონსერვატორიის რექტორია მუსიკისმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ნანა შარიქაძე.
თბილისის კონსერვატორიის დაარსებას მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან წინ ინტენსიური მუსიკალური ცხოვრება უძღოდა - ქართული საზოგადოება ეზიარა საოპერო ხელოვნებას, დასავლეთ ევროპულ და რუსულ კლასიკურ მუსიკას, გავრცელდა მუსიკალური განათლება, გაჩნდა ეროვნული მუსიკალური კადრების აღზრდის აუცილებლობა. თბილისის კონსერვატორია დაარსდა სამუსიკო სასწავლებლის ბაზაზე, რომლისთვის სახსრების შეგროვება 1891 წელს ანტონ რუბინშტეინის საქველმოქმედო კონცერტით დაიწყო. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის, როგორც აკადემიური სამუსიკო უმაღლესი სასწავლებლის ჩამოყალიბება მოხდა პეტერბურგის და მოსკოვის კონსერვატორიებთან მჭიდრო შემოქმედებითი კავშირის შედეგად. მისი პროფესორ-მასწავლებლების პირველი თაობა სწორედ ამ კონსერვატორიების აღზრდილი რუსი და ქართველი მუსიკოსები იყვნენ. თანდათან კონსერვატორიის პროფესორ-მასწავლებელთა რიგები ქართველი მუსიკოსებით შეივსო.
არსებობის მანძილზე თბილისის კონსერვატორიამ აღზარდა მრავალი გამოჩენილი მუსიკოსი, მათ შორის ქართველ კომპოზიტორთა მთელი თაობა. განსაკუთრებით მაღალი დონე გამოარჩევს ქართულ საშემსრულებლო სკოლას, რომელთა სახელები გასცდა საქართველოს ფარგლებს. ძალზედ დიდია პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსებზე გამარჯვებულ სტუდენტთა თუ კურსდამთავრებულთა სია.
თავდაპირველად კონსერვატორია წარმოადგენდა 4-წლიან სასწავლებელს და 2-წლიან უმაღლეს სამუსიკო სკოლას. 30-იანი წლებიდან უმაღლესი განათლების საბჭოური სისტემის გავრცელების შემდეგ დამკვიდრდა 5-წლიანი სწავლება. 90-იანი წლებიდან კონსერვატორია გადავიდა უმაღლესი სამუსიკო განათლების ორსაფეხურიან სისტემაზე (ბაკალავრიატი - 4 წელი, მაგისტრატურა 2 წელი). ქ. ქუთაისში 1970 - 2007 წლებში ფუნქციონირებდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ფილიალი.
ამჟამად კონსერვატორია აერთიანებს 18 საშემსრულებლო, საკომპოზიტორო და სამუსიკისმცოდნეო კათედრებს, ძველი ქართული საერო და სასულიერო მუსიკის ლაბორატორიას, პედაგოგიური პრაქტიკის სექტორს, საშემსრულებლო პრაქტიკის სექტორს, საოპერო სტუდიას, ბიბლიოთეკას, კონსერვატორიის ისტორიის მუზეუმს, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს. გარდა ამისა, კონსერვატორიასთან არსებობს ექსპერიმენტული სამუსიკო სკოლა.
უმაღლესი სამუსიკო განათლების თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინება და პედაგოგიური გამოცდილების საუკეთესო ტრადიციების განვითარება ზრდის თბილისის კონსერვატორიის პრესტიჟს რესპუბლიკის ფარგლებს გარეთაც და ხელს უწყობს მის ორგანულ ჩართვას მუსიკალური აღზრდის საერთაშორისო სისტემაში. კონსერვატორიაში ეწყობა სხვადასხვა სახის მუსიკალური ფორუმები, რესპუბლიკური და საერთაშორისო კონკურსები, მასტერკლასები, თემატური საღამოები თუ საკონცერტო ციკლები, ხორციელდება საოპერო დადგმები სტუდენტთა ძალებით. კონსერვატორიის საოპერო სტუდიის სცენაზე ფეხი აიდგეს ზ. ანჯაფარიძემ, პ. ბურჭულაძემ, ი. ალიბეგაშვილმა და მრავალმა სხვა, დღეს მსოფლიოში აღიარებულმა მომღერალმა.
დაარსების დღიდან კონსერვატორია საკონცერტო ცხოვრების მნიშვნელოვან ცენტრად იქცა. მცირე საკონცერტო დარბაზის გარდა, რომელმაც ფუნქციონირება 1904 წლიდან დაიწყო, 1941 წელს აშენდა დიდი საკონცერტო დარბაზი. როგორც არქიტექტურული ძეგლი, ის შესულია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში (არქ. შ. თავაძე). სხვადასხვა წლებში კონსერვატორიაში კონცერტებს მართავდნენ მსოფლიოში სახელგანთქმული მუსიკოსები. 20-30-იან წლებში - ა. ჰოროვიცი, ე. პეტრი, დ. შტიდრი, ო. რიდი. მოგვიანებით ხშირი იყო გამოჩენილ საბჭოთა შემსრულებელთა - ს. რიხტერის, დ. ოისტრახის, ე. გილელსის, ს. როსტროპოვიჩის კონცერტები. 60-იანი წლებიდან, პოლიტიკური დათბობის პირობებში, აღდგა უცხოელი მუსიკოსების გამოსვლების ტრადიცია. დარბაზს ამშვენებს “Alexander Schuke”-ის ფირმის 3 მანუალიანი, 40 რეგისტრიანი ორგანი, რომლის კურთხევაც მოხდა 1964 წელს. 80-იანი წლების მეორე ნახევრიდან ქვეყანაში მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის გამო ათი წლით შეწყდა დიდი დარბაზის ფუნქციონირება.
90-იანი წლების მეორე ნახევრიდან, პროფესორ მანანა დოიჯაშვილის ინიციატივით, დაიწყო დარბაზის აღდგენა-რეკონსტრუქცია. 1997 წლიდან იგი კვლავ იქცა დედაქალაქის მნიშვნელოვან კულტურულ ცენტრად, რომელსაც გააჩნია საკუთარი ციფრული ხმის ჩამწერი სტუდია, მოძრავი სცენა, საორკესტრო ორმო და ყველა ის შესაძლებლობა, რომელიც პასუხობს თანამედროვე საკონცერტო დარბაზების საერთაშორისო სტანდარტებს და ამავე დროს სპექტაკლების დადგმის საშუალებას იძლევა.
2022 წლის 14 სექტემბერს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში ინსტრუმენტების დეფიციტის აღმოფხვრაზე მუშაობა დაიწყო. კომპანია „სტეინვეი ენდ სანს“ (STEINWAY & SONS) გაფორმდა რამდენიმეწლიანი სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, ეტაპობრივად, 2025 წლამდე, კონსერვატორიას გადაეცემა 78 როიალი.[1][2][3]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ძიძაძე ე., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 607-608.
- საქართველოს ძველი ქალაქები: თბილისი, მეორე გამოცემა, თბ., 2006, ISBN 99940-0-923-0.
- ძიძაძე ე., ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, თბილისი, 1970