მანანა დოიჯაშვილი

ქართველი პიანისტი, საქართველოს სახალხო არტისტი
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დოიჯაშვილი.

მანანა დოიჯაშვილი (დ. 5 ნოემბერი, 1947 — გ. 17 იანვარი, 2023[3]) — ქართველი პიანისტი, საქართველოს სახალხო არტისტი, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი (2000–2012 წლებში), რექტორის პირველი მოადგილე და პროფესორი, საქართველოს მუსიკალური კონკურსების ფონდის დირექტორი.

მანანა დოიჯაშვილი

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 5 ნოემბერი, 1947(1947-11-05)[1]
დაბ. ადგილი თბილისი[1]
გარდ. თარიღი 17 იანვარი, 2023(2023-01-17)[2] (75 წლის)
ჯილდოები ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კავალერი, Knight of the Order of the Star of Italian Solidarity და Enescu Prize

მანანა დოიჯაშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია პროფესორ თენგიზ ამირეჯიბის ხელმძღვანელობით. ჯორჯე ენესკუს სახელობის კონკურსზე ბუქარესტში (1970), ბედრჟიხ სმეტანას სახელობის კონკურსზე ჩეხოსლოვაკიაში (1974) და სიდნეის პირველ (1977) საერთაშორისო კონკურსებზე გამარჯვებებმა მას დიდი აღიარება მოუტანა. მის საშემსრულებლო ხელოვნებას კარგად იცნობენ რუსეთის, ბულგარეთის, ფინეთის, ამერიკის, ესპანეთის, ავსტრიის, გერმანიის, არგენტინის, კორეის, ავსტრალიის და სხვა ქვეყნების მუსიკოსები და კლასიკური მუსიკის მოყვარულები.

მისი თაოსნობით ხანგრძლივი უმოქმედობის შემდეგ აღდგა და თბილისის მუსიკალურ ცხოვრებას დაუბრუნდა კონსერვატორიის დიდი დარბაზი; მანანა დოიჯაშვილი გახდა საქართველოში საკონკურსო მოძრაობის სულის ჩამდგმელი: მან ჩაუყარა საფუძველი საქართველოს მუსიკოს-შემსრულებელთა (1995) და პიანისტთა თბილისის საერთაშორისო კონკურსებს (1997). გარდა ამისა იგი არის ყოველწლიური ფესტივალის — „საახალწლო მუსიკალური შეხვედრები“ — ინიციატორი და ორგანიზატორი. მანანა დოიჯაშვილის ინიციატივით ჩამოყალიბდა ტრადიციული მრავალხმიანობის საერთაშორისო სიმპოზიუმი (I — 2002 წელს; II — 2004 წელს)

2005 წელს მანანა დოიჯაშვილს მიენიჭა საფრანგეთის რესპუბლიკის „ლიტერატურისა და ხელოვნების ორდენის რაინდის“ და „მშვიდობის ელჩის“ საპატიო წოდებები. 2004 წელს საშემსრულებლო ხელოვნებაში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოვდა რუსეთის საშემსრულებლო ხელოვნების ფონდის პრემიით. 2003 წელს მანანა დოიჯაშვილმა მიიღო ქართველი მუსიკოსებისათვის უმაღლესი ჯილდო — ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემია. 1999 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება