ტეოტიუაკანი
ტეოტიუაკანი (ესპ. Teotihuacan) — ძველი მესოამერიკული ნაქალაქარი მექსიკაში. მდებარეობს მეხიკოს ველის ერთ-ერთ განშტოებაში, მეხიკოს შტატში, მეხიკოდან 48 კილომეტრით ჩრდილო-აღმოსავლეთით. დღეისათვის ძეგლი ცნობილია ამერიკის კოლუმბამდელ ეპოქაში აშენებული, არქიტექტურულად მნიშვნელოვანი მრავალი მესოამერიკული პირამიდით. გარდა პირამიდების კომპლექსისა და მრავალი საცხოვრებელი სტრუქტურისა, ტეოტიუაკანს გააჩნია ანთროპოლოგიური მნიშვნელობაც. განსაკუთრებით კარგადაა შემონახული „მიცვალებულთა გამზირი“ და მის გასწვრივ არსებული სტრუქტურების გაცრეცილი კედლის მხატვრობა. გარდა ამისა, ტეოტიუაკანი ახდენდა სუფთა ობსიდიანის ხელსაწყოების ექსპორტს, რომლებიც საკმაოდ მაღალი პრესტიჟით გამოირჩეოდა და ფართოდ გამოიყენებოდა მთელ მესოამერიკაში.[1]
ტეოტიუაკანი* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | მექსიკა |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | I, II, III, IV, VI |
სია | [2] |
რეგიონი** | ლათინური ამერიკა |
კოორდინატები | 19°41′32″ ჩ. გ. 98°50′39″ დ. გ. / 19.69222° ჩ. გ. 98.84417° დ. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1987 (11-ე სესია) |
ნომერი | 414 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
ქალაქი სავარაუდოდ ძვ. წ. 100 წელს დაარსდა, თუმცა, ძირითადი ნაგებობების მშენებლობა განუწყვეტლივ მიმდინარეობდა ახ. წ. დაახლოებით 250 წლამდე.[2] მისი განვითარება ახ. წ. VII-VIII საუკუნემდე გაგრძელდა, მაგრამ ძირითადი ნაგებობები გაიძარცვა და დაიწვა დაახლოებით 550 წლისთვის. თავის ზენიტში, დაახლოებით ახ. წ. I ათასწლეულის პირველ ნახევარში, ტეოტიუაკანი კოლუმბამდელი ამერიკის უდიდესი ქალაქი იყო, რომლის მოსახლეობაც სავარაუდოდ 125 000-ს ან მეტს აღწევდა[2][3] და შედეგად, იმ დროინდელი მსოფლიოს სიდიდით მინიმუმ მეექვსე ქალაქი იყო.[4] დაახლოებით I საუკუნიდან, ტეოტიუაკანი მექსიკის მთიანეთის ახალი რელიგიური ცენტრი გახდა. თანდათანობით, ქალაქი ახალი მსოფლიოს უმსხვილეს და ყველაზე დასახლებულ ცენტრად იქცა. აღსანიშნავია, რომ ჭარბი მოსახლეობის განთავსების მიზნით, ტეოტიუაკანში მრავალსართულიანი საცხოვრებლებიც შენდებოდა.[2] ტერმინი „ტეოტიუაკანი“ (ან „ტეოტიუაკანო“) ასევე გამოიყენება ძეგლთან დაკავშირებულ მთლიან ცივილიზაციასა და კულტურულ კომპლექსთან მიმართებაში.
მიუხედავად იმისა, რომ დღემდე დავის საგანს წარმოადგენს იყო თუ არა იმ დროისათვის ტეოტიუაკანი რაიმეს ცენტრი, მისი გავლენა მთელ მესოამერიკაზე, კარგად დასტურდება. ტეოტიუაკანის გავლენის ფაქტები წარმოდგენილია ვერაკრუსისა და მაიას რეგიონის მრავალ ძეგლზე. გვიანდელი აცტეკები ტეოტიუაკანის ნახვის შემდეგ ამტკიცებდნენ, რომ მათ და ტეოტიუაკანოებს საერთო წარმომავლობა ჰქონდათ. ასევე დავის საგანია ტეოტიუაკანის მაცხოვრებელთა ეთნიკურობის საკითხი. შესაძლო ვარიანტებს შორისაა ნაჰუა, ოთომი ან ტოტონაკის ეთნიკური ჯგუფები. მეცნიერები ასევე ვარაუდობენ, რომ შესაძლოა ტეოტიუაკანი მულტიეთნიკური სახელმწიფო იყო.
ქალაქი და არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს თანამედროვე მეხიკოს შტატში, სან-ხუან-ტეოტიუაკანის მუნიციპალიტეტში, ქალაქ მეხიკოდან 48 კილომეტრით ჩრდილო-აღმოსავლეთით. ძეგლის სრული ფართობი 83 კმ²-ია. 1987 წელს ტეოტიუაკანი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა. ამ დროისათვის, ის მექსიკის ყველაზე მონახულებადი არქეოლოგიური ძეგლია.
სახელი
სახელი ტეოტიუაკანი ნაჰუატლზე მოლაპარაკე აცტეკებმა უწოდეს მას შემდეგ, რაც ქალაქი დაეცა, დაახლოებით 550 წლისთვის. სახელი განიმარტება როგორც „ღმერთების დაბადების ადგილი“,[5] რაც ნაჰუას ხალხის მითებიდან მომდინარეობს. ნაჰუატლის მკვლევარი თელმა სულივანი სახელს განმარტავს როგორც „მათი ადგილი, ვინც ღმერთების გზას ფლობს“.[6] ეს იმიტომ, რომ აცტეკებს სჯეროდათ, თითქოს ღმერთებმა სამყარო ამ ძეგლთან შექმნეს.
ქალაქის თავდაპირველი სახელი უცნობია, თუმცა, როგორც მაიას რეგიონის იეროგლიფური ტექსტებიდან ირკვევა, ეს ხალხი მას პუჰს, ანუ „ლერწმების ადგილს“ უწოდებდა.[7] ეს კი იმას ნიშნავს, რომ კლასიკური პერიოდის მაია ტეოტიუაკანს ლერწმების ადგილად მოიხსენიებდა, ისევე როგორც პოსტკლასიკურ ცენტრალურ მექსიკურ დასახლებებს — ტოლანს, ტულას, ჩოლულას.
ძეგლის დასახელება მეოცე საუკუნის ადრეულ წლებში დიდი დავის საგანი იყო. მკვლევარები ვერ თანხმდებოდნენ, რა სახელით იყო აღწერილი ის XVI საუკუნის ქრონიკებში, ტეოტიუაკანით, ტულა-იდალგოთი თუ ტოლანით. თუმცა, ამჟამად უკვე ცხადია, რომ ტოლანი ნაჰუას ზოგადი ტერმინია დიდი დასახლების აღსანიშნავად. მესოამერიკული ურბანული კონცეფციით, ტოლანი მეტაფორაა, რომლითაც აღნიშნავდნენ მეხიკოს ველის ტბებიან, ლერწმიან გარემოსა და ხალხმრავალ ქალაქებს.[8]
ისტორია
წარმოშობა და დაარსება
ტეოტიუაკანის ადრეული ისტორია საიდუმლოებითაა მოცული, მისი დამაარსებლების წარმოშობა კი დღემდე გაურკვეველია. მრავალი წლის მანძილზე, არქეოლოგებს მიაჩნდათ, რომ ის ტოლტეკებმა ააშენეს. ეს წარმოდგენა ეფუძნებოდა კოლონიური პერიოდის ტექსტებს, მაგალითად ფლორენტინის კოდექსს, რომელიც ძეგლს ტოლტეკებს უკავშირებდა. თუმცა, ნაჰუატლის სიტყვა „ტოლტეკი“ ზოგადად ნიშნავს „უმაღლესი დონის ოსტატს“ და შესაძლოა ყოველთვის არ აღნიშნავდეს იდალგოს შტატში ერთ დროს მოსახლე ტოლტეკების ცივილიზაციას. იქიდან გამომდინარე, რომ ტოლტეკების ცივილიზაცია ტეოტიუაკანის შემდგომ საუკუნეებში ყვაოდა, ეს ხალხი ამ ქალაქის დამაარსებელი ვერ იქნება.
გვიანდელი ფორმაციის პერიოდში, ცენტრალურ მექსიკაში მრავალი ურბანული ცენტრი არსებობდა. მათ შორის მოწინავე იყო კუიკუილკო, ტესკოკოს ტბის სამხრეთ ნაპირთან. მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ ვულკან შიტლის ამოფრქვევამ შესაძლოა გამოიწვია მასობრივი ემიგრაცია ცენტრალური და ტეოტიუაკანის ხეობებისაკენ. ამ მოსახლეებმა შესაძლოა დააარსეს ტეოტიუაკანი ან დააჩქარეს მისი ზრდა.
მკვლევართა სხვა ჯგუფს ტეოტიუაკანის დამაარსებლად ტოტონაკის ხალხი მიაჩნდა. არსებობს იმის მტკიცებულებები, რომ ტეოტიუაკანში ცხოვრობდა ხალხების გარკვეული ნაწილი, რომლებიც იმიგრირებულნი იყვნენ იმ არეალებიდან, სადაც იგრძნობოდა ტეოტიუაკანოს ცივილიზაციის გავლენა, მათ შორის აროან საპოტეკები, მისტეკები და მაია. ტეოტიუაკანის აღმშენებლებმა მექსიკის აუზზე გეოგრაფიული უპირატესობა მოიპოვეს. ჭაობიან ნიადაგზე მათ ააშენეს ამაღლებული ადგილები, რომელთაც ჩინამპებს უწოდებდნენ. ამან განაპირობა არხების წარმოქმნა, რამაც თავის მხრივ კანოეების ტრაფიკი გამოიწვია, რომლებითაც ქალაქის ირგვლივ მდებარე ფერმებიდან საკვები მოჰქონდათ. ტეოტიუაკანის უძველესი შენობები ძვ. წ. 200 წლით თარიღდება. უდიდესი პირამიდის — მზის პირამიდის მშენებლობა ახ. წ. 100 წელს დასრულდა.[9]
ზენიტი
ქალაქმა განვითარების მწვერვალს ახ. წ. 450 წელს მიაღწია, როდესაც ის იმ ძლევემოსილი კულტურის ცენტრი იყო, რომლის გავლენაც მთელს მესოამერიკის რეგიონზე ვრცელდებოდა. განვითარების პიკში, ქალაქი 30 კმ²-ზე მეტ ტერიტორიას მოიცავდა, მოსახლეობა კი დაახლოებით 150 000 ადამიანს აღწევდა, ზოგიერთი ვარაუდით კი 250 000-ს.[10] ქალაქის სხვადასხვა რაიონში ტეოტიუაკანის გავლენის ზონიდან მოსული ხალხი სახლობდა, რაც სამხრეთით, გვატემალამდე გრძელდებოდა. აღსანიშნავია, რომ ქალაქს აკლია საფორტიფიკაციო და სამხედრო სტრუქტურა-ნაგებობები.
ტეოტიუაკანისა და მაიას რეგიონის ცენტრების პოლიტიკური და კულტურული ურთიერთქმედებების ბუნება დიდხანს გრძელდებოდა და მნიშვნელოვანი არეალები ხშირად ხდებოდა დავის საგანი. არსებითი გაცვლა-გამოცვლა და ურთიერთობა საუკუნეების მანძილზე გრძელდებოდა, პრეკლასიკურიდან შუა კლასიკურ პერიოდამდე. გვიანდელ კლასიკურ პერიოდში მაიას ცენტრებში ფეხი ჰქონდა მოკიდებული „ტეოტიუაკანისგან შთაგონებულ იდეოლოგიებსა“ და მოტივებს, რაც ტეოტიუაკანის დასუსტების შემდეგაც დიდხანს გაგრძელდა.[11] თუმცა, მკვლევარებს შორის დავის საგანია ტეოტიუაკანის გავლენის სივრცე და ხარისხი. ზოგიერთს მიაჩნია, რომ მას ჰქონდა პირდაპირი და მილიტარისტული გავლენა; სხვები კი ამტკიცებენ, რომ „საგარეო“ შტრიხები იყო შერჩევითი, შეგნებული და ორმხირვად მიმართული კულტურული დიფუზია. აღმოჩენები აჩვენებს, რომ თავის ურთიერთქმედებებში სხვა ცენტრებთან, ტეოტიუაკანი არც ისე განსხვავებული იყო ისეთი გვიანდელი იმპერიებისგან, როგორებიცაა ტოლტეკების და აცტეკების იმპერიები.[12][13] დამტკიცებულია, რომ ტეოტიუაკანს დიდი გავლენა ჰქონდა პრეკლასიკურ და კლასიკურ მაიაზე, უფრო მეტიც, დაიპყრო მაიას რემდენიმე ცენტრი და რეგიონი, მათ შორის ტიკალი და პეტენის რეგიონი, გარდა ამისა, ის გავლენას ახდენდა მაიას კულტურაზე.
ტეოტიუაკანში არსებული არიქტექტურული სტილი ფართოდაა გავრცელებული საკმაოდ მოშორებულ მესოამერიკულ ძეგლებზე, რაც ზოგიერთ მკვლევარს აფიქრებინებს ტეოტიუაკანის შორეულ ურთიერთობებსა და პოლიტიკურ ან სამხედრო დომინანტობას.[14] ტეოტიუაკანთან დაკავშირებული სტილი ტალუდ-ტაბლეროს სახელითაა ცნობილი, რომელშიც სტრუქტურის შიდა ნაწილი გარეთ დამრეცად გამოდის (ტალუდი) და იკვეთება მართკუთხა პანელით (ტებლერო). ამ სტილის ნაირსახეობები გავრცელებულია მაიას რეგიონის რამდენიმე ძეგლზე, მათ შორის ტიკალში, კამინალხუიუში, კოპანში, ბეკანში, ოშკინტოკში, განსაკუთრებით კი პეტენის აუზსა და ცენტრალური გვატემალის მთიანეთში.[15] ტალუდ-ტაბლეროს სტილის ადრეული გამოვლინება ტეოტიუაკანზე ადრეულ კლასიკურ პერიოდს მიეკუთვნება; როგორც ჩანს, ის სათავეს იღებს ტლაშკალა-პუებლის რეგიონიდან, პრეკალასიკურ პერიოდში.[16] ტიკალის მაგალითზე, ანალიზების საშუალებით დადგინდა ტალუდ-ტაბლეროს სტილის ადგილობრივი ვარიანტების განვითარება; აღმოჩნდა, რომ აქ მას ჯერ კიდევ V საუკუნემდე გამოიყენებდნენ ტეოტიუაკანის მსგავს იკონოგრაფიულ მოტივებში. პრეკლასიკური პერიოდის დასასრულიდან, ტალუდ-ტაბლეროს სტილი მთელს მესოამერიკაში გავრცელდა სავარაუდოდ ტეოტიუაკანის გავლენით. უცნობია, როგორ და საიდან შეაღწია სტილმა მაიას რეგიონში.[17]
ქალაქი მრეწველობის ნამდვილი ცენტრი იყო. განვითარებული იყო მეთუნეობა, ოქრომჭედლობა და ხელოსნობა. ტეოტიუაკანი განთქმულია უზარმაზარი რაოდენობის ობსიდიანის არტეფაქტების წარმოებით. დღემდე არაა ცნობილი ტეოტიუაკანოს ტექსტების ან იდეოგრამების არსებობის შესახებ. მაიას ქალაქებში აღმოჩენილი წარწერებიდან ნათელი ხდება, რომ ტეოტიუაკანელი დიდებულები და ადგილობრივი მმართველები მოგზაურობდნენ ისე შორის, როგორიც ჰონდურასია და შესაძლოა იპყრობდნენ კიდევაც. მაიას წარწერებში აღწერილია როგორც მას მკვლევარებმა უწოდეს „ხელშუბიანი ბუ“ — სავარაუდოდ ტეოტიუაკანის მმართველი, რომელიც 60 წელზე მეტხანს მეფობდა და თავისი ახლობლები ჰყავდა დანიშნული ტიკალისა და უაშაქტუნის მმართველებად გვატემალაში.
მეცნიერთა წარმოდგენა ტეოტიუაკანის კულტურის შესახებ ეფუძნება არქეოლოგიას, კედლის მხატვრობას, რომლითაც მორთულია ძეგლი, და მაიას იეროგლიფურ წარწერებს, რომლებშიც აღწერილია მათი შეხლა-შემოხლა ტეოტიუაკანელ დამპყრობლებთან. კედლის მხატვრობის ათობით ათასი ნიმუში დაახლოებით 450-650 წლებში შეიქმნა. მხატვართა ოსტატობა შეუდარებელია მთელი მესოამერიკის მასშტაბით და შედარებულია რენესანსის ხანის ფლორენციელი მხატვრების ოსტატობასთან.[18]
კოლაფსი
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ახ. წ. VII-VIII საუკუნეში ქალაქს დამპყრობლები დაესხნენ თავს, რომელთაც ის გაძარცვეს და გადაწვეს. შედარებით ბოლოდროინდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ გადაწვით ძირითადად მმართველი კლასის შენობა-ნაგებობებია დამწვარი. ზოგიერთს მიაჩნია, რომ გადაწვის მიზეზი შიდა აჯანყება იყო. მათი აზრით, შემოსევის თეორია რეალობას მოკლებულია, რადგან ქალაქის ადრეული არქეოლოგიური გათხრები ექსკლუზიურად ფოკუსირებული იყო სასახლეებსა და ტაძრებზე, რომელთაც ზედა კლასი მოიხმარდა. რადგან ეს ძეგლები გადამწვარია, არქეოლოგებმა მიიჩნიეს, რომ მთლიანი ქალაქიც დაწვეს. თუმცა, ახლა უკვე ცნობილია, რომ ნგრევა ძირითადად შეეხო მიცვალებულთა გამზირის გასწვრივ მდებარე მთავარ სამოქალაქო ნაგებობებს. როგორც ჩანს, ზოგიერთი ქანდაკება დაამსხვრევის გზით გაანადგურეს, ფრაგმენტები კი მიმოფანტეს.
მოსახლეობის შემცირება დაახლოებით VI საუკუნიდან იწყება, რასაც ზოგიერთი შიდა აჯანყების ჰიპოთეზას უკავშირებს. ტეოტიუაკანის დაცემა თანხვედრაში მოდის ხანგრძლივ გვალვასთან, რაც 535–536 წლების კლიმატის ცვლილებით იყო გამოწვეული. ეკოლოგიური ფაქტორით გამოწვეული კოლაფსის ჰიპოთეზას ამყარებს არქეოლოგიური მასალებიც — VI საუკუნეს მიკუთვნებული ახალგაზრდების ჩონჩხების რაოდენობის ზრდა, რომელთა გარდაცვალების მიზეზიც შიმშილობაა. ეს აღმოჩენები წინააღმდეგობაში არ მოდის ზემოთ ნახსენებ თეორიებთან, რადგან, საომარ პირობებს, შდა აჯანყებას და გვალვით გამოწვეულ შიმშილს ერთდროულადაც შეეძლო ქალაქის დაცემა გამოეწვია.[19] რაც შეეხება ახლომდებარე სხვა ცენტრებს — ჩოლულას, შოჩიკალკოსა და კაკაშტლას, რომლებიც ძალაუფლებისათვის ტეოტიუაკანთან ჭიდილში იყვნენ, ამ უკანასკნელის დაცემის შემდეგ, უკონკურენტოდ დარჩნენ. ამ ძეგლების ხელოვნება და არქიტექტურა ტეოტიუაკანის ფორმებს ეჯიბრება, თუმცა, ასევე წარმოდგენილია იკონოგრაფიისა და მოტივების ეკლექტიკური მიქსი მესოამერიკის სხვა რეგიონებიდან, განსაკუთრებით მაიას რეგიონიდან.
კლასიკური პერიოდის მესოამერიკის ქალაქი-სახელმწიფოების უცაბედი განადგურება უცხო არ არის. მომდევნო საუკუნეებში, მსგავსი ფაქტი განიცადა მაიას ბევრმა ქალაქმა; მოვლენათა მთელ ამ სერიას ხშირად კლასიკური მაიას კოლაფსს უწოდებენ. სულ ახლოს, მორელოსის ხეობაში, 900 წელს დაანგრიეს და გადაწვეს შოჩიკალკო, 1150 წელს კი იგივე ბედი ტულას ეწია.[20]
კულტურა
არქეოლოგიური კვლევები ცხადყოფს, რომ ტეოტიუაკანი მრავალეთნიკური ქალაქი იყო, სხვადასხვა რაიონებში სახლობდნენ ოთომი, საპოტეკები, მისტეკები, მაია და ნაჰუას ხალხები. ტოტონაკები ყოველთვის იჩემებდნენ, რომ ისინი იყვნენ ქალაქის ერთადერთი აღმშენებლები. იგივეს იმეორებდნენ აცტეკებიც, თუმცა, არქეოლოგიური მასალით ბოლომდე არც ერთი ისტორია არ დასტურდება.
2001 წელს, ამერიკელმა ლინგვისტმა ტერენს კაუფმანმა წარმოადგინა ლინგვისტური მტკიცებულებები, რომელთა თანახმად, შესაძლებელია იმის ვარაუდი, რომ ტეოტიუაკანის მნიშვნელოვანი ეთნიკური ჯგუფი ტოტონაკანის ან მიხე-სოკეს ლინგვისტურ ჯგუფს მიეკუთვნებოდა. მეცნიერი ამ ფაქტს მესოამერიკის ენებზე ტოტონაკანისა და მიხე-სოკეს გავლენის ასახსნელად იყენებს. სხვა მკვლევარებს მიაჩნიათ, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ოთომის ეთნიკური ჯგუფის უნდა ყოფილიყო, რადგან ამ პერიოდში ტეოტიუაკანის გარშემო ოთომის ენაზე საუბრობდნენ.[21]
რელიგია
1992 წლის ნაშრომში, „ძველი მექსიკისა და მაიას ღმერთები და სიმბოლოების ილუსტრირებული ლექსიკონი“, მილერი და ტაუბე რვა ღვთაებას ასახელებენ:[22]
- ქარის ღმერთი;
- დიადი ქალღმერთი;
- ფრთოსანი გველი. ტეოტიუაკანის მნიშვნელოვანი ღვთაება; ყველაზე მეტად დაკავშირებულია ფრთოსანი გველის პირამიდასთან;
- ძველი ღმერთი;
- ომის გველი. ტაუბე გამოყოფს ორ განსხვავებულ გველ ღვთაებას, რომელთა გამოსახულებებიც ფრთოსანი გველის პირამიდაზეა: ფრთოსანი გველი და როგორც ის უწიდებს „ომის გველი“. სხვა მკვლევრები უფრო სკეპტიკურები არიან;[23]
- ბადისებური იაგუარი;
- პულკეს ღმერთი;
- ნაყოფიერების ღმერთი. ძირითადად ცნობილია ფიგურებიდან და დაკავშირებულია საოჯახო რიტუალებთან.[24]
ესთერ პასტორი კიდევ ერთ ღვთაებას ამატებს:[25]
- გატყავებული ღმერთი. ძირითადად ცნობილია ფიგურებიდან და დაკავშირებულია საოჯახო რიტუალებთან.[24]
მეცნიერებს შორის არსებობს კონსენსუსი, რომ ტეოტიუაკანის მთავარი ღვთაება იყო ტეოტიუაკანის დიადი ქალღმერთი.[26] სამოქალაქო დომინანტი არქიტექტურაში დომინანტია პირამიდა. პოლიტიკა სახელმწიფო რელიგიას ეფუძნებოდა; რელიგიური ლიდერები პარალელურად პოლიტიკური ლიდერებიც იყვნენ.[27]
ტეოტიუაკანში არსებობდა ადამიანის მსხვერპლად შეწირვის ტრადიცია: პირემიდების გათხრებისას, აღმოაჩინეს მსხვერპლად შეწირული ადამიანებისა და ცხოველების ნეშტები. მკვლევარებს მიაჩნიათ, რომ ადამიანის მსხვერპლშეწირვას ძღვენის მირთმევის მიზნით მიმართავდნენ მაშინ, როდესაც შენობებს გააფართოვებდნენ ან ახალს ააშენებდნენ. მსხვერპლები სავარაუდოდ ბრძოლების დროს დატყვევებული ადამიანები იყვნენ, რომელთაც სპეციალური რიტუალით სწირავდნენ მსხვერპლად და სჯეროდათ, რომ ამით ქალაქი აყვავდებოდა.[28] ზოგიერთს თავს ჰკვეთდნენ, ზოგს გულს აცლიდნენ, ზოგს თავში რამდენიმე დარტყმით კლავდნენ, ზოგს კი ცოცხცლად წვავდნენ. ცხოველებს, რომლებიც წმინდად მიაჩნდად და წარმოადგენდნე მითური ძალაუფლების სიმბოლოს, გალიაში დამწყვდეულებს ასევე ცოცხლად წვავდნენ. მათ შორის იყო მგლები, არწივები, შავარდნები, ბუ და შხმიანი გველებიც კი.[29]
ტეოტიუაკანში აღმოჩენილია ქვის მრავალი ნიღაბი. მიჩნეულია, რომ ნიღბებს დაკრძალვის დროს იყენებდნენ.[30] თუმცა, ამ ფაქტს ზოგიერთი მკვლევარი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს და შენიშნავს, რომ ნიღბები სამარეში გამოვლილს არ ჰგავს.[31]
საცხოვრებლები
ტეოტიუაკანი საცხოვრებელი და სამუშაო არეალების ერთგვარი ნარევი იყო. ზედა კლასის საცხოვრებლებს როგორც წესი, წარმოადგენდა სტრუქტურა, რომელშიც დაახლოებით 60-80 დიდგვაროვანი ოჯახი ცხოვრობდა. ასეთი საცხოვრებლები მობათქაშებული იყო, ყოველი სექციის ყოველ კედელი დეკორირებული იყო კედლის მხატვრობით. ეს სტრუქტურები და აპარტამენტების კომპლექსები როგორც წესი, ქალაქის ცენტრში მდებარეობდა. მექსიკის აუზის ვრცელი ტბები მოსახლეობას საშუალებას აძლევდა ეცხოვრა მის გარშემო და ტბებში აეგო შემაღლებული ადგილები ასევე საცხოვრებლად, ჩინამპებისთვის, ჭაობის სასუქისთვის.
სხვა სექციებში ცხოვრობდნენ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფები და იმიგრანტები. ქალაქის ამ ნაწილებში მრავალ სხვადასხვა ენაზე საუბრობდნენ.
არქეოლოგიური ძეგლი
ცოდნა ტეოტიუაკანის უზარმაზარი ნანგრევების შესახებ ბოლომდე არასოდეს დაკარგულა. ქალაქის დაცემის შემდეგ, იქ სხვადასხვა ახალმოსახლეები ცხოვრობდნენ. აცტეკების ხანაში, ქალაქი სამომლოცველო ადგილი იყო და ტოლანის მითთან ასოცირდებოდა; მიაჩნდათ, რომ სწორედ აქ შეიქმნა მზე. დღეისათვის კი, ტეოტიუაკანი მექსიკის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული არქეოლოგიური ღირსშესანიშნაობაა.
გათხრები და კვლევები
XVII საუკუნის ბოლოს, კარლოს დე სიგუენსა ი გონგორამ (1645–1700) მზის პირამიდის გარშემო გათხრები ჩაატარა.[32] მცირე გათრები გაგრძელდა XIX საუკუნეშიც. 1905 წელს, მექსიკელმა არქეოლოგმა ლეოპოლდო ბატრესმა განახლებისა და რესტავრაციის მასშტაბური პროექტი წამოიწყო.[33] 1910 წელს, დამოუკიდებლობისათვის ომის ასი წლისთავისათვის, მზის პირამიდა აღდგა. შემდგომი გათხრები 1920-იან წლებში ჩატარდა მანუელ გამიოს ხელმძღვანელობით. სხვადასხვა სექციები გაითხარა 1940-1950-იან წლებშიც. პირველი ყველაზე მსხვილი, მთლიანი ძეგლის მომცველი გათხრებისა და რესტავრაციის პროექტი 1960-1965 წლებში ჩაატარა მექსიკის ანთროპოლოგიისა და ისტორიის ეროვნულმა ინსტიტუტმა ხორხე აკოსტას ხელმძღვანელობით. პროექტის მთავარი მიზანი იყო მიცვალებულთა გამზირის გაწმენდა, მის გასწვრივ მდებარე სტრუტქურების აღდგენა და კეცალპაპალოტლის მოედნის გათხრა.
1971 წელს, „ხმისა და შუქის“ შოუს დაყენებისას, მუშებმა მზის პირამიდის ქვეშ ტუნელის შესასვლელი და გამოქვაბულთა სისტემა აღმოაჩინეს.[34] მიუხედავად იმისა, რომ მკვლევარებს დიდხანს სჯეროდათ, რომ ეს ბუნებრივი გამოქვაბულები იყო, ბოლო კვლევებმა დაამტკიცა, რომ ისინი მთლიანად ადამიანის ხელითაა შექმნილი.[35] მზის პირამიდის ინტერიერი ბოლომდე არასოდეს გათხრილა.
1980-82 წლებში, ფრთოსანი გველის პირამიდისა და მიცვალებულთა გამზირის კომპლექსის გათხრებისა და რესტავრაციის სხვა მასშტაბური პროგრამა განხორციელდა. მთავრის პირამიდასთან ბოლო პერიოდში ჩატარებული გათხრების შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზარდა ცოდნა სხვადასხვა კულტურულ ტრადიციათა შესახებ.
2005 წელს, ძლიერი წვიმის შედეგად, გამოჩნდა მთვარის პირამიდის ქვეშ არსებული ტუნელის შესასვლელი, რომლის სიგრძეც 330 ფუტი აღმოჩნდა. ასევა აღმოაჩინეს აქეთ-იქით მდებარე ოთახები. 2013 წელს, ტუნელი და ოთახები გამოიკვლიეს მართვადი რობოტით Tlaloc II-TC; პროცესს პროექტ ტლალოკის დირექტორი, არქეოლოგი სერხიო გომეს ჩავეს უძღვებოდა. ერთ-ერთ ოთახში, რობოტმა უცნაური, ტეოტიუაკანის ყვითელი სფეროები აღმოაჩინა, რომელთა გულიც თიხისგან იყო დამზადებული და დაფარული იყო პირიტის ჟანგვით მიღებული იაროზიტით. ვარაუდობენ, რომ ერთ დროს სფეროები მეტალის იყო და ბრილიანტებით იყო მორთული. როგორც არიზონის უნივერსიტეტის პროფესორმა ჯორჯ კოუგილმა აცხადებდა, „ისინი ნამდვილად უნიკალურია, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს, რას შეიძლება ისინი ნიშნავდეს“. პირამიდის ქვეშ აღმოჩენილ სხვა ნივთებს შორისაა კვარცითა და ჟადეთი დაფარული ნიღბები, ახ. წ. 100 წლით დათარიღებული თიხის ჭურჭელი. ჯგუფი ტუნელის კვლევას კვლავ განაგრძობს.[36]
2014 წლის ნომბერში, დიდი რაოდენობით ვერცხლისწყალი აღმოაჩინეს 60 ფუტის სიღრმეში მდებარე ოთახში, ტეოტიუაკანის სიდიდით მესამე პირამიდის, 1800 წლის ასაკის — „ფრთოსანი გველის ტაძრის“ ქვეშ მდებარეობს. იქ ასევე აღმოჩნდა ჟადეს ქანდაკებები, იაგუარის ნარჩენები, რეზინის ბურთებითა და ამოკვეთილი ნაჭუჭებით სავსე ყუთი.[37]
ძეგლის გეგმა
ქალაქის ცენტრალური ქუჩა, რომელსაც „მიცვალებულთა გამზირს“ უწოდებენ (ნაჰუატლის სიტყვა მიკოატლის თარგმანი), გარშემორტყმულია შთამბეჭდავი საცერემონიო არქიტექტურით, მათ შორსააა უზარმაზარი მზის პირამიდა (სისიდით მესამე მსოფლიოში — ჩოლულის დიდი პირამიდისა და გიზის დიდი პირამიდების შემდეგ). გამზირის გასწვრივ მდებარეობს ტალუდ-ტაბლეროს სტილი მრავალი პატარა პლატფორმა. აცტეკებს მიაჩნდათ, რომ ისინი საფლავები იყო, ამიტომაც უწოდეს გამზირს ეს სახელი.
მიცვალებულთა გამზირის ბოლოში არის ციტადელი, რომელიც მოიცავს ფრთოსანი გველის ტაძრის ნანგრევებს. ეს ტერიტორია ფართო მოედანი ყოფილა, რომელიც გარშემორტყმული იყო ტაძრებით და წარმოადგენდა ქალაქის რელიგიურ და პოლიტიკურ ცენტრს. „ციტადელი“ მას ესპანელებმა უწოდეს, რომელთაც მიაჩნდათ, რომ ის ციხესიმაგრე იყო. ხალხი მთელს ქალაქში მიმოფანტულ ვრცელ შენობებში ცხოვრობდა. ბევრ შენობაში გახსნილი იყო სახელოსნო, სადაც ხელოსნები თიხის ჭურჭელსა და სხვა ნივთებს ამზადებდნენ.
ტეოტიუაკანის გეოგრაფიული გეგმა კარგი მაგალითია მესოამერიკული ქალაქისა და დასახლებების ტრადიციული დაგეგმარებისა. ურბანული ბადე ზუსტად ჩრდილოეთიდან 15.5º-ით მიემართება. ერთ-ერთი თეორიის თანახმად, ამის მიზეზი ისაა, რომ ზაფხულში, მზე ყოველდღე სწორედ ამ კუთხიდან ამოდის. ასეთ განლაგებას მოსახლეობა დროის განსასაზღვრად, მოსავლის დასათესად და ძირითადი რიტუალებისთვის იყენებდა. სხვა თეორიის მიხედვით კი, მესოამერიკის მრავალი უძველესი ქალაქი საორიენტაციოდ რეგიონის უმაღლეს მთას იყენებდა. ტეოტიუაკანის შემთხვევაში, არ ჩანს ის მთა, რომელიც შესაძლოა ქალაქის ორიენტირი იყოს, რადგან ტეოტიუაკანის კომპლექსი გარშემორტყმულია უფრო დაბალ მთათა ქედით.[38] მთლიანი ქალაქისა და მიმდებარე რეგიონების მასშტაბით არსებული წერაქვისებურად მომრგვალებული წრეები ნათელყოფენ, როგორ შეეძლო ხალხს ქალაქისთვის შორი მანძილიდან მიეგნო. საორიენტაციოდ გამოდგებოდა პირამიდებიც.
ქალაქის ერთ-ერთი ნაწილი, სიუდადელა მიკაოტლის ფაზაში დასრულდა, მზის პირამიდა კი დამატებებისა და განახლებების კომპლექსურ სერიებს განიცდიდა. სიუდადელას დასავლეთით, მიცვალებულთა გამზირის გასწვრივ, აშენდა დიდი კომპლექსი, რომელიც სავარაუდოდ ქალაქის ბაზრობა იყო. ურბანულ ცენტრში არსებული ამ ზომის სავაჭრო ადგილი სახელმწიფო ორგანიზებულობის ძლიერი გამოვლინებაა. ტეოტიუაკანი იმდენად დიდი და კომლპექსური იყო, რომ ის ნამდვილად იყო სიცოცხლისუნარიანი იმისათვის, რომ პოლიტიკური ცენტრი ყოფილიყო.
სიუდადელა დიდი, სტრუქტურებით გარშემორტყმული ადგილია, სადაც 100,000 ადამიანის დატევაა შესაძლებელი. მისი ნაგებობების ასაშენებლად დაახლოებით 700,000 მ³ მასალაა გამოყენებული. მისი ცენტრალური ღირსშესანიშნაობაა კეცალკოატლის ტაძარი, რომელსაც გარს აკრავს დიდგვაროვანთა აპარტამენტები.
განვითარებიდან მომდინარე საფრთხე
ტეოტიუაკანის არქეოლოგიური პარკი განვითარებიდან მომდინარე ზემოქმედების საფრთხის ქვეშ დგას. 2004 წელს, მეხიკოს შტატის გუბერნატორმა არტურო მონტიელიმ, Wal-Mart-ის ქსელს პარკის მესამე არქეოლოგიურ ზონაში სუპერმარკეტის აშენების ნება დართო. გამოცემა Counterpunch.org-ის თანახმად, მშენებლობის დროს აღმოჩენილი ფასდაუდებელი არტეფაქტები ადგილობრივმა მუშებმა უბრალოდ დაწვეს.[39]
ბოლო დროს, გაცხოველებული კამათის საგანი გახდა Resplandor Teotihuacano — მასიური ხმისა და შუქის მოწყობილობები, რომლებიც ტურისტებისთვის განკუთვნილი ღამის შოეუების მოსაწყობად დაამონტაჟეს.[40][41] კრიტიკოსების აზრით, პროექტის განხორციელების დროს, გაუბურღა მრავალი ქვა, რითაც ძეგლს გამოუსწორებელი ზიანი მიადგა.
გალერეა
-
მზის პირამიდის ხედი წინიდან.
-
მზის პირამიდის მარცხენა მხარე.
-
კეცალკოატლის სასახლის შიდა ეზო.
-
გამომწვარი თიხის ფიგურები.
-
იაგუარი, კედლის მხატვრობა.
-
მარმარილოს ნიღაბი, მე-3 მე-7 საუკუნე.
-
გველის ნიღაბი, მე-3 მე-6 საუკუნე.
-
ფირუზის ნიღაბი, მე-3 მე-6 საუკუნე.
-
ოცელოტის თაბაშირის ქანდაკება ტეოტიუაკანიდან, მე-5 მე-6 საუკუნე. სავარაუდოდ, იგი სარიტუალოდ გამოიყენებოდა როგორც კონტეინერი, მსხვერპლად შეწირულ ადამიანთა გულების ჩასაყრელად. (ბრიტანეთის მუზეუმი)[42]
-
კოლექტიური სამარხის დეტალი. ფრთოსანი გველის პირამიდა, ახ. წ. 200 წ. ყველა ნეშტს ხელები ზურგს უკან აქვს შეკრული.
-
ატეტელკოს კედლის მხატვრობის დეტალი. ახ. წ. 450-650.
-
ხედი მთვარის პირამიდიდან
-
ხედი მზის პირამიდიდან
-
ასასვლელი მზის პირამიდაზე
-
მთვარის პირამიდა
-
მზის პირამიდის მწვერვალი
-
მთვარის პირამიდაზე ასასვლელი კიბეები
-
ხედი მზის პირამიდიდან
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
- სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკაში დაარქივებული 2014-07-22 საიტზე Wayback Machine.
- მესოამერიკის ფოტო არქივები: ტეოტიუაკანი დაარქივებული 2008-11-08 საიტზე Wayback Machine.
- ტეოტიუაკანის კვლევების გზამკვლევი დაარქივებული 2008-11-01 საიტზე Wayback Machine.
- ინფორმაცია და ისტორია დაარქივებული 2018-11-18 საიტზე Wayback Machine.
- ფოტო-გალერეა
- მიცვალებულთა გამზირის 360°-იანი პანორამა დაარქივებული 2016-08-08 საიტზე Wayback Machine.
ბიბლიოგრაფია
- Berrin, Kathleen (1993). Teotihuacan: Art from the City of the Gods. New York: Thames and Hudson. ISBN 0-500-23653-4. OCLC 28423003.
- Braswell, Geoffrey E. (2003). „Introduction: Reinterpreting Early Classic Interaction“, რედ. Geoffrey E. Braswell: The Maya and Teotihuacan: Reinterpreting Early Classic Interaction. Austin: University of Texas Press, გვ. 1–44. ISBN 0-292-70587-5. OCLC 49936017.
- (1992) რედ. Brown, Dale M.: Aztecs: Reign of Blood and Splendor, Lost Civilizations series. Alexandria, VA: Time-Life Books. ISBN 0-8094-9854-5. OCLC 24848419.
- Cheek, Charles D. (1977). „Excavations at the Palangana and the Acropolis, Kaminaljuyu“, რედ. William T. Sanders: Teotihuacan and Kaminaljuyu: a Study in Prehistoric Culture Contact. University Park: Pennsylvania State University Press, გვ. 1–204. ISBN 0-271-00529-7. OCLC 3327234.
- Coe, Michael D. [1962] (1994). Mexico: From the Olmecs to the Aztecs. New York: Thames & Hudson. ISBN 0-500-27722-2. OCLC 50131575.
- Coe, Michael D. (1986). Atlas of Ancient America. New York: Facts on File. ISBN 0-8160-1199-0.
- Cowgill, George L. (1992). „Teotihuacan Glyphs and Imagery in the Light of Some Early Colonial Texts“, რედ. Janet Catherine Berlo: Art, Ideology, and the City of Teotihuacan: A Symposium at Dumbarton Oaks, 8th and 9th October 1988. Washington, DC: Dumbarton Oaks Research Library and Collection, გვ. 231–46. ISBN 0-88402-205-6. OCLC 25547129.
- Cowgill, George (1997). „State and Society at Teotihuacan, Mexico“ (PDF online reproduction). Annual Review of Anthropology. Palo Alto, CA: Annual Reviews Inc. 26 (1): 129–161. doi:10.1146/annurev.anthro.26.1.129. ISSN 0084-6570. OCLC 202300854.
- Davies, Nigel (1982). The Ancient Kingdoms of Mexico. England: Penguin Books. ISBN 0-14-013587-1.
- Heyden, Doris (1975). „An Interpretation of the Cave underneath the Pyramid of the Sun in Teotihuacan, Mexico“. American Antiquity. Menasha, WI: Society for American Archaeology. 40 (2): 131–147. doi:10.2307/279609. JSTOR 279609. OCLC 1479302.
- Kaufman, Terrence. (2001) Nawa linguistic prehistory. Mesoamerican Language Documentation Project. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-03. ციტირების თარიღი: 2015-10-19.
- Laporte, Juan Pedro (2003). „Architectural Aspects of Interaction Between Tikal and Teotihuacan during the Early Classic Period“, რედ. Geoffrey E. Braswell: The Maya and Teotihuacan: Reinterpreting Early Classic Interaction. Austin: University of Texas Press, გვ. 199–216. ISBN 0-292-70587-5. OCLC 49936017.
- Malmström, Vincent H. (1978). „Architecture, Astronomy, and Calendrics in Pre-Columbian Mesoamerica“ (PDF). Journal for the History of Astronomy. 9: 105–116. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF Reprinted) — 2006-11-03. ციტირების თარიღი: 2007-01-17.
- Miller, Mary (1993). The Gods and Symbols of Ancient Mexico and the Maya: An Illustrated Dictionary of Mesoamerican Religion. London: Thames & Hudson. ISBN 0-500-05068-6. OCLC 27667317.
- Millon, René (1993). „The Place Where Time Began: An Archaeologist's Interpretation of What Happened in Teotihuacan History“, რედ. Berrin, Kathleen: Teotihuacan: Art from the City of the Gods. New York: Thames and Hudson, გვ. 16–43. ISBN 0-500-23653-4. OCLC 28423003.
- Pasztory, Esther (1992). "Abstraction and the rise of a utopian state at Teotihuacan", in Janet Berlo, ed. Art, Ideology, and the City of Teotihuacan, Dumbarton Oaks, pp. 281-320.
- Schele, Linda (1998). The Code of Kings: The Language of Seven Sacred Maya Temples and Tombs. New York: Scribner. ISBN 0-684-80106-X. OCLC 37819972.
- Sugiyama, Saburo (2003). Governance and Polity at Classic Teotihuacan; in Julia Ann Hendon, Rosemary A. Joyce, "Mesoamerican archaeology". Wiley-Blackwell.
- Séjourné, Laurette,Un Palacio en la ciudad de los dioses, Teotihuacán, Mexico, Instituto nacional de antropología e historia, 1959.
- Séjourné, Laurette (1962) El Universo de Quetzalcóatl, Fondo de Cultura Económica.
- Séjourné, Laurette (1966) Arqueología de Teotihuacán, la cerámica, Fondo de Cultura Económica.
- Séjourné, Laurette (1969) Teotihuacan, métropole de l'Amérique, Paris, F. Maspero.
- Šprajc, Ivan; Sprajc, Ivan (2000). „Astronomical Alignments at Teotihuacan, Mexico“. Latin American Antiquity. Washington, DC: Society for American Archaeology. 11 (4): 403–415. doi:10.2307/972004. JSTOR 972004.
- Taube, Karl A. (2000). The Writing System of Ancient Teotihuacan (PDF), Ancient America series, Barnardsville, NC: Center for Ancient American Studies. OCLC 44992821.
- Varela Torrecilla, Carmen (2003). „Teotihuacan and Oxkintok: New Perspectives from Yucatán“, რედ. Geoffrey E. Braswell: The Maya and Teotihuacan: Reinterpreting Early Classic Interaction. Austin: University of Texas Press, გვ. 249–72. ISBN 0-292-70587-5. OCLC 49936017.
- Weaver, Muriel Porter (1993). The Aztecs, Maya, and Their Predecessors: Archaeology of Mesoamerica, 3rd, San Diego: Academic Press. ISBN 0-01-263999-0.
- Webmoor, Timothy (2007). „Reconfiguring the Archaeological Sensibility: Mediating Heritage at Teotihuacan, Mexico“ (online digital publication). Symmetrical Archaeology [2005–, collaboratory directors T. Webmoor and C. Witmore]. PhD thesis. Stanford Archaeology Center/Metamedia Lab, Stanford University. ციტირების თარიღი: 2008-06-02.
სქოლიო
- ↑ Ancient Mexico and Central America
- ↑ 2.0 2.1 2.2 Teotihuacan. Heilbrunn Timeline of Art History. Department of Arts of Africa, Oceania, and the Americas, The Metropolitan Museum of Art.
- ↑ Millon, p. 18.
- ↑ Millon, p. 17, who says it was the sixth largest city in the world in AD 600.
- ↑ Archaeology of Native North America by Dean R. Snow.
- ↑ Millon (1993), p.34.
- ↑ Mathews and Schele (1997, p.39)
- ↑ Miller and Taube (1993, p.170)
- ↑ Millon (1993), p.24.
- ↑ Malmström (1978, p.105) gives an estimate of 50,000 to 200,000 inhabitants. Coe et al. (1986) says it "might lie between 125,000 and 250,000". Millon, p. 18, lists 125,000 in AD 600. Taube, p. 1, says "perhaps as many as 150,000".
- ↑ Braswell (2003, p.7)
- ↑ Mexico's Pyramid of Death. National Geographic (2006). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-01-05. ციტირების თარიღი: 2008-02-26.
- ↑ Sacrificial Burial Deepens Mystery At Teotihuacan, But Confirms The City's Militarism. ScienceDaily (2004). ციტირების თარიღი: 2008-02-26.
- ↑ See for example Cheek (1977, passim.), who argues that much of Teotihuacan's influence stems from direct militaristic conquest.
- ↑ See Laporte (2003, p.205); Varela Torrecilla and Braswell (2003, p.261).
- ↑ Braswell (2003, p.11)
- ↑ Braswell (2003, p.11); for the analysis at Tikal, see Laporte (2003, pp.200–205)
- ↑ Davies, p. 78.
- ↑ Kaufman (2001, p.4)
- ↑ Snow, Dean R. (2010). Archaeology of Native North America. Prentice Hall, გვ. 156.
- ↑ * Wright Carr; David Charles (2005). „El papel de los otomies en las culturas del altiplano central 5000 a.C - 1650 d.C“. Arqueología mexicana (ესპანური). XIII (73): 19.
- ↑ Miller & Taube, pp. 162–63.
- ↑ Sugiyama (1992), p. 220.
- ↑ 24.0 24.1 Pasztory (1997), p. 84.
- ↑ Pasztory (1997), pp. 83–84.
- ↑ Cowgill (1997), p. 149. Pasztory (1992), p. 281.
- ↑ Sugiyama, p. 111.
- ↑ Coe (1994), p. 98.
- ↑ Sugiyama: 109, 111
- ↑ Birmingham Museum of Art (2010). Birmingham Museum of Art : guide to the collection. Birmingham, AL: Birmingham Museum of Art, გვ. 83. ISBN 978-1-904832-77-5.
- ↑ Pasztory (1993), p. 54.
- ↑ Tunnel under Pyramid of the Feathered Serpent under exploration in 2010
- ↑ es:Leopoldo Batres
- ↑ Heyden (1975, p.131)
- ↑ Šprajc (2000), p. 410
- ↑ Rossella Lorenzi, Discovery.com, Robot finds mysterious spheres in ancient temple, 1/5/13
- ↑ [1]
- ↑ Teotihuacan History.
- ↑ Ross, John (February 27 – March 1, 2009). „Teotihuacan Gets Mickey-Moused“. Counterpunch.org Weekend Edition. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 5, 2011. ციტირების თარიღი: ოქტომბერი 19, 2015.
- ↑ Prensa Latina, Protesters Demand Stop on Pyramid Project, Banderas News, February 2009.
- ↑ Prensa Latina, Tourists reject sound and light show at Mexican pyramids, TwoCircles.net, February 18, 2009.
- ↑ British Museum Collection
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 414 ინგლ. • რუს. • ფრ. |