ბეჭდების მბრძანებელი

ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „ბეჭდების მბრძანებელი“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. ბეჭდების მბრძანებელი ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია.

ბეჭდების მბრძანებელი (ინგლ. The Lord of the Rings) — ეპიკური ფენტეზის ჟანრის რომანი, რომლის ავტორია ბრიტანელი, ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი და მწერალი ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი. ნაწარმოების შექმნის პირველ ეტაპზე ავტორს ჩაფიქრებული ჰქონდა ადრე გამოცემული რომანის „ჰობიტი“ გაგრძელება, თუმცა მოგვიანებით ის უფრო მასშტაბურ ნაშრომში გადაიზარდა. მისი დიდი ნაწილი დაიწერა 1937—1949 წლებში და მისი შექმნა მეორე მსოფლიო ომის პერიოდს დაემთხვა [1]. დღემდე გაყიდულია რომანის 150 მილიონზე მეტი ასლი.[2]

ბეჭდების მბრძანებელი
The Lord of the Rings

პირველი ერთტომიანი გამოცემა
წიგნები
ავტორი ჯ. რ. რ. ტოლკინი
მთარგმნელი ნიკა სამუშია
ქვეყანა გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო
ენა ინგლისური
ჟანრი ფენტეზი
სათავგადასავლო
გამომცემელი George Allen & Unwin (გაერთიანებული სამეფო)
პირველი გამოცემა
  • 29 ივლისი 1954
  • 11 ნოემბერი 1954
  • 20 ოქტომბერი 1955
ქართული გამოცემა 2009-2011
მედია რბილი და მაგარი ყდები
გვერდი 1216 გვ. (მთლიანად)
წინამორბედი ჰობიტი

რომანის სახელწოდებაში იგულისხმება მთავარი უარყოფითი პერსონაჟი, ბნელი მბრძანებელი საურონი[note 1], რომელმაც ადრეულ პერიოდში შექმნა ერთი ბეჭედი, ძალაუფლების ბეჭდების დასამორჩილებლად და შუახმელეთის დასაპყრობად. თხრობა იწყება შაირში და მოიცავს მთელ შუახმელეთს, რომელშიც მოგზაურობენ ჰობიტები, ფროდო ბეგინსი, სემუაიზ გემჯი, მერიადოკ ბრენდიბაკი და პერეგრინ ტუკი, ისევე, როგორც მათი მეგობრები - ადამიანები, არაგორნი და ბორომირი, ელფი ლეგოლასი, ჯუჯა გიმლი და ჯადოსანი განდალფი.

ნამუშევარი თავდაპირველად დაგეგმილი იყო, როგორც ორი წიგნი, სადაც მეორე იქნებოდა სილმარილიონი, მაგრამ ამის წინააღმდეგი იყო გამომცემელი. [4][5] ეკონომიკური მიზეზით ბეჭდების მბრძანებელი დაყოფილი იქნა სამ ტომად, რომლებიც გამოიცემოდა 1944 ივლისიდან 1955 წლის 29 ოქტომბრამდე.[4][6] წიგნების სახელწოდებებია ბეჭდის საძმო, ორი ციხე-კოშკი და მეფის დაბრუნება. სტრუქტურულად, რომანის თითო ნაწილი დაყოფილია ორ წიგნად, რაც ქმნის ექვს წიგნს. მესამე ტომს დანართების სახით ახლავს დამატებითი მასალა. არის გამოცემები, სადაც სამივე წიგნი ერთ ტომშია გაერთიანებული. არსებობს ბეჭდების მბრძანებლის თარგმანი მსოფლიოს მრავალ ენაზე და მრავალი გამოცემა.

ტოლკინის რომანის თემები და შექმნის ისტორია არაერთი განხილვისა და შეფასების საგნად ქცეულა. მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანი ნაშრომია, ქრონოლოგიურად წარმოადგენს ტოლკინის მიერ 1917 წელს დაწყებული ეპიკური ნაწარმოების უკანასკნელ სიუჟეტს[7], პროცესისას, რომელსაც ავტორი მითოპოეიას უწოდებდა. ამ და სხვა ადრეულ ნამუშევრებზე გავლენა იქონიეს ფილოლოგიამ, მითოლოგიამ, რელიგიამ და ავტორის უკმაყოფილებამ ინდუსტრიალიზაციით, ისევე, როგორც პირველი მსოფლიო ომის მოვლენებმა და მასში ტოლკინის მონაწილეობამ.[1] ითვლება, რომ ბეჭდების მბრძანებელმა იქონია გავლენა თანამედროვე ფენტეზიზე. ტოლკინის შემოქმედების გავლენა იმდენად დიდია, რომ სიტყვები ტოლკინური (Tolkienian) და ტოლკინისტური (Tolkienesque) შეტანილია ოქსფორდის ინგლისურის ლექსიკონში.[8]

ბეჭდების მბრძანებლის მტკიცე პოპულარობას მოჰყვა პოპულარულ კულტურაში მისი არაერთი ასახვა, ტოლკინის სახელობის საზოგადოებების ჩამოყალიბება [9] და ტოლკინისა და მისი ნამუშევრების შესახებ სხვა წიგნების გამოცემა. ბეჭდების მბრძანებელმა გავლენა მოახდინა და კვლავ ახდენს მხატვრობაზე, მუსიკაზე, ფილმებზე, ტელევიზიაზე, ვიდეო თამაშებზე და შემდგომ ლიტერატურაზე. რომანის ადპატაციებს შორის არის რადიო სერიალები, თეატრალური დადგმები და წარმატებული ეკრანიზაცია.[10]

სიუჟეტის შეჯამება

რომანის მოვლენებამდე ათასობით წლით ადრე ბნელმა მბრძანებელმა საურონმა შექმნა ერთი ბეჭედი, რომელსაც ძალაუფლების სხვა ბეჭდები უნდა ემართა. ეს ბეჭდები ეკუთვნოდა ადამიანებს, ელფებსა და ჯუჯებს. მოგვიანებით საურონი განადგურდა ელფთა და ადამიანთა გაერთიანებისას. ისილდურმა, ადამიანთა მმართველმა, მას ხელიდან თითი მოჰკვეთა და ბეჭედი დაიტოვა, ხოლო საურონმა ფიზიკური ფორმა დაკარგა. მოგვიანებით ისილდურს თავს დაესხნენ და მოკლეს ორკებმა, ხოლო ბეჭედი დაიკარგა მდინარე ანდუინში, ზამბახის მინდვრებთან.

გავიდა 2000-ზე მეტი წელი და ბეჭედი იპოვა ჰობიტმა დეაგოლმა. მეგობარი [11] სმეაგოლი მოექცა ბეჭდის გავლენის ქვეშ და მიითვისა ბეჭედი, მოკლა რა დეაგოლი. იგი განდევნილი იქნა მშობლიური მხარიდან და ნისლიან მთებში გადაიხვეწა, სადაც ბეჭედმა მისი სიცოცხლე გაახანგრძლივა და ასწლეულების განმავლობაში აქცია საზიზღარ არსება გოლუმად. ბეჭედი, რომელსაც „საუნჯეს უწოდებდა“, მან დაკარგა. იგი, როგორც მოთხრობილია „ჰობიტში“, იპოვა ბილბო ბეგინსმა. ამასობაში საურონმა დაიწყო ძალის მოკრება და მორდორი დაინრუბა. გოლუმმა დაიწყო ბეჭდის ძიება, მაგრამ დატყვევებული იქნა ბნელი მბრძანებლის მიერ, რომელმაც აიძულა, ეთქვა, რომ ბეჭედი წაართვა შაირელმა „ბეგინსმა“. გოლუმი გაუშვეს, ხოლო საურონმა ბეჭდის საძიებლად გააგზავნა ერთგული მსახურები, ბეჭდის-აჩრდილები, ნაზგულები.

ბეჭდის საძმო

ამბის თხრობა იწყება ბილბოს 111-ე დაბადების დღით, შაირში. ფროდო ბეგინსს ბილბოსგან მემკვიდრეობით გადაეცემა ბეჭედი. მოხუცი ბეგინსი კარ-მიდამოს ტოვებს და შორს მიემგზავრება. მიუხედავად იმისა, რომ ბეჭდის ნამდვილი საიდუმლო ჯერ არავინ იცის, ჯადოსან განდალფ რუხს ეჭვები უჩნდება. ხანგრძლივი მოგზაურობის და ბეჭდის შესახებ ცნობების შეგროვების შემდეგ იგი ჰობიტების მხარეში ბრუნდება და ფროდოს ურჩევს, დატოვოს სახლი და ბეჭედიც თან გაიყოლოს. ფროდო ჰობიტონიდან მეგობრებთან, სემ გემჯისთან, მერიადოკ ბრენდიბაკთან, პერეგრინ ტუკთან და ფრედეგარ ბოლჯერთან ერთად მიდის და სახლდება კრიკორმოში. ფრედეგარის გარდა, ყველა სახლს დროულად ტოვებს, ვინაიდან მას ნაზგულები მიაგნებენ. გადარჩენილები ტომ ბომბადილის მიერ, ისინი ჩერდებიან სერში, სადაც ხვდებიან მაწანწალას, რომელიც მოგვიანებით არაგორნი, ისილდურის მემკვიდრე აღმოჩნდება. მასთან ერთად ჰობიტები გზას განაგრძობენ, მაგრამ მათ კვლავ ნაზგულები მისდევენ და ავდარწვეროზე თავს ესხმიან. ფროდო დაჭრილია მორგულის ხმლით. მოგზაურები საბოლოოდ აღწევენ ბრუინენის ფონამდე, სადაც ფროდო მეორე ნაპირზე გადადის. ნაზგულებს ადიდებული წყალი წალეკავს.

ფროდოს შუაველში კურნავენ. აქ იგი პოულობს ბილბოსაც. ელრონდის მიერ მოწვეულ საბჭოზე განიხილება ბეჭდის ზოგადი ისტორია, სარუმანის საურონის მიერ თავის მხარეს მოქცევა (მასთან განდალფის ტყვეობის ჩათვლით) და ბეჭდის ბედი. გადაწყდება, რომ ბეჭედი უნდა განადგურდეს, მაგრამ უცნობია, ვინ აიღებს საკუთარ თავზე ასეთი ტვირთის ზიდვის პასუხისმგებლობას. საბოლოოდ, ფროდო ამბობს, რომ ამ ამოცანას საკუთარ თავზე აიღებს. ასე იკრიბება რაზმი „ბეჭდის საძმო“, რომელშიც შედიან სემი, მერი, პიპინი, არაგორნი, განდალფი, გიმლი, ელფი ლეგოლასი და გონდორის მოურავის ძე ბორომირი.

ნისლიან მთებში წარუმატებელი მოგზაურობის შემდეგ, რაზმი გეზს იცვლის, ბრუნდება და გადის უფრო სახიფათო გზას მორიაში. იქ მოგზაურები აღმოაჩენენ ბალინისა და სხვა ჯუჯების სამარხს. ორკების იერიშის მოგერიების შემდეგ ისინი ხვდებიან საზარელ ბალროგს, რომელსაც განდალფი უპირისპირდება. ბალროგი მარცხდება, მაგრამ ორივე ეცემა ქვესკნელში. დაღლილები და დამწუხრებულები, მოგზაურები ლოთლორიენში ჩერდებიან, სადაც მათ რჩევებს აძლევენ გალადრიელი და კელებორნი.

ლორიენის ელფთა ძღვენით და ნავებით ისინი მდინარე ანდუინზე მოგზაურობენ და ჩერდებიან ამონ ჰენთან. ბორომირი ბეჭედზე ფიქრობს და ცდილობს, ფროდოს წაართვას. ჰობიტი გარბის და გადაწყვიტავს, გზა ეულად გააგრძელოს, მაგრამ სემი მიხვდება მისი ჩანაფიქრს და მეგობარს მიჰყვება.

ორი ციხე-კოშკი

სარუმანისა და საურონის ორკები კლავენ ბორომირს და მერი და პიპინი თან მიჰყავთ. მათ არაგორნი, გიმლი და ლეგოლასი მისდევენ. ჰობიტები სარუმანის ბრძანებით, იზენგარდში უნდა მიიყვანონ. როჰანის სამეფოში ორკებს ხოცავენ როჰანელი მხედრები. მერი და პიპინი ფანგორნის ტყეში იმალებიან, სადაც მათ ხვდება უხუცესი ენტი ხისწვერა. არაგორნი, გიმლი და ლეგოლასი ამასობაში ჰობიტების კვალს პოულობენ და ტყეში აწყდებიან თეთრ მოხუცს, რომელიც ამქვეყნად კვლავ მოვლენილი განდალფი აღმოჩნდება, ამჯერად არა რუხი, არამედ უფრო ძლიერი, თეთრი. დაარწმუნებს რა, რომ მერი და პიპინი უსაფრთხოდ არიან, ჯადოსანს ისინი ედორასში, როჰანის სატახტო ქალაქში მიჰყავს. იქ მმართველი თეოდენი სარუმანის მსახურ გრიმა ენაგესლის ზემოქმედებისგან თავისუფლდება და განდალფის რჩევით, ხალხი გადაჰყავს ჰელმის ხრამის ციხესიმაგრეში. ჯადოსანი მათ ტოვებს და დახმარებისთვის სხვაგან მიემგზავრება.

ენტები, მერისა და პიპინის გავლენით, ანადგურებენ იზენგარდს და სარუმანი ორთანკის ციხე-კოშკში გამომწყვდეული რჩება. განდალფის თხოვნით, ხისწვერა თეოდენის დასახმარებლად აგზავნის ჰუორნების ლაშქარს. განდალფი და როჰანელთა დიდი ლაშქარი ჰელმის ხრამში მიემართებიან და დაწყებულ ბრძოლაში თეოდენს ეხმარებიან. სარუმანის ძალების განადგურების შემდეგ, მეფე და სხვები იზენგარდისკენ მიემგზავრებიან, სადაც სარუმანი უარს ამბობს მეფის მოწყალებაზე. განდალფი მას მთელ ძალაუფლებას ართმევს. მოგვიანებით პიპინი იხედება პალანტირში, რომელსაც სარუმანი მანამდე საურონთან კავშირისთვის იყენებდა. განდალფი მინას-ტირითისკენ მიემართება და პიპინი თან მიჰყავს.

ფროდო და სემი იჭერენ გოლუმს, რომელიც მათ მორიიდან მიჰყვებოდა. ისინი აიძულებენ, მორდორისკენ გზა უჩვენოს. მაგრამ შავი კარიბჭე დახურული და საიმედოდ დაცული ხვდებათ, ამიტომ გოლუმის მიერ შემოთავაზებული საიდუმლო გზით მიემართებიან. ისინი ფარამირს, როჰანის მოურავის უმცროს ძეს ხვდებიან. გოლუმი იკარგება, მაგრამ ღამით კვლავ ჩნდება ითილიენში, სადაც ფარამირს ჰობიტები დაკითხვაზე მიჰყავს. ფროდო იძულებულია, მათ გოლუმი მიუყვანოს, რის გამოც არსება ბრაზდება. იგი გადაწყვიტავს, ფროდო წაიყვანოს დიდ ობობა ბაბაჭუათან, კირით უნგოლის გვირაბებში. მას შემდეგ, რაც მოგზაურებს ათავისუფლებენ და ისინი საბოლოოდ კირით უნგოლზე აღმოჩნდებიან, ფროდოს აბრუებს ობობის ნესტარი. მაგრამ ამ დროს გიგანტურ არსებას სემი ესხმის. ბაბაჭუას მოგერიების შემდეგ იგი იღებს ბეჭედს და ფროდოს ტოვებს, მაგრამ იქვე მისული ორკების საუბრიდან აღმოაჩენს, რომ ფროდო ჯერ ცოცხალია და უბრალოდ გონედაკარგულია, ამიტომ ორკებს ფარულად მიჰყვება.

მეფის დაბრუნება

საურონი იწყებს დიდ იერიშს გონდორზე. განდალფი მინას-ტირითში ჩნდება და მოურავ დენეთორს მოახლოებული საფრთხის შესახებ აფრთხილებს. ქალაქი ალყაშია და დენეთორი, მოტყუებული საურონის მიერ, კარგავს იმედს და თავს იკლავს (ამასთან, იგი კინაღამ კლავს ფარამირსაც). არაგორნს მხოლოდ ერთი არჩევანი მაქვს - მან უნდა გაიაროს მკვდართა ბილიკი, რათა დაიხმაროს ხალხი, რომელმაც ოდესღაც დაარღვია ფიცი გონდორის წინაშე და იქცა აჩრდილებად. ამ დიდ უხილავ ლაშქართან ერთად არაგორნი აჩერებს უმბარელ მეკობრეებს, რომლებიც მდინარით საურონის ძალების დასახმარებლად მიემართებიან. დახმარების შემდეგ იგი აუწყებს მკვდრებს, რომ მათი ფიცი აღსრულდა და ისინი საბოლოოდ თავისუფლდებიან წყევლისგან. არაგორნი, ლეგოლასი და გიმლი როჰანში შედიან და უერთდებიან ბრძოლას პელენორის მინდვრებზე. თეოდენი იღუპება. იკრიბება უკანასკნელი საბჭო, რომელიც განიხილავს, თუ რას მოიმოქმედებენ როჰანთან და გონდორთან ერთად.

სემი ამასობაში ფროდოს პოულობს და უბრუნებს ბეჭედს. ისინი მორდორში მოგზაურობენ. საურონის ყურადღების მისაქცევად, რათა ამ უკანასკნელმა არ იპოვოს ბეჭედი, არაგორნი მორდორის შავი კარიბჭისკენ მიუძღვება გონდორისა და როჰანის გაერთიანებულ ლაშქრებს. სასოწარკვეთილი ლაშქრები უპირისპირდებიან მტერს, ამასობაში კი დაუძლურებული ფროდო ვეღარ უმკლავდება ტვირთს. ბედისწერის მთაში შესული, იგი ჩერდება და აღარ აგდებს ბეჭედს. ყველაფერი იცვლება, როდესაც ჩნდება გოლუმი, რომელიც მას ახტება და აგლეჯს ბეჭდიან თითს. გახარებული გოლუმი თავს ვერ მართავს და ეცემა ცეცხლოვან ქვესკნელში, სადაც ბეჭედიც განადგურდება. საურონი საბოლოოდ კარგავს ძალას, ყველა ნაზგული ქრება, მორდორი ინგრევა, ხოლო საურონის ლაშქრები თავზარდაცემულები გარბიან და არაგორნი იმარჯვებს.

ბეჭდის ომის დასრულებასთან ერთად, არაგორნი ხდება არნორისა და გონდორის მეფე და ქორწინდება ელფ არუენთან, ელრონდის ასულთან, რომელიც მოკვდავთა ბედისწერას ირჩევას. სარუმანი იზენგარდიდან გარბის და, ახალ სამეფოს დაარსების იმედით, მთელ შაირის იპყრობს. ოთხი ჰობიტი, შაირში დაბრუნებისას, აღმოაჩენს, რომ ყველაფერი შეიცვალა და ვინმე „შარკის“ გაბატონებასთან ერთად ჩამოყალიბდა ერთგვარი დესპოტური წყობა. ფროდო და მისი მეგობრები იწყებენ აჯანყებას, რომელშიც მათ ყველა უერთდება, გარდა შარკის ერთგული მოღალატე ჰობიტებისა. საბოლოოდ აღმოჩნდება, რომ შარკი სინამდვილეში სარუმანია, რომელიც ამასობაში დასახლდა ფროდოს სახლში (რომელიც ფროდომ წასვლის წინ სეკვილ-ბეგინსებს მიჰყიდა). სარუმანს კლავს გრიმა ენაგესლი, ხოლო გრიმას - ჰობიტი მშვილდოსნები. ბეჭდის ომი ამით საბოლოოდ სრულდება.

მერის და პიპინს აღიარებენ გმირებად, სემის ცოლი ხდება როზი კოტონი, ხოლო გალადრიელის ძღვენით აღდგენილია მაზრის ფლორა. თუმცა, ვინაიდან ბეჭედს დიდი ხნის განმავლობაში ზიდავდა, ფროდო კვლავ გრძნობს ტკივილს სხეულსა და სულში. საბოლოოდ, წლების შემდეგ, ბილბოსთან და განდალფთან ერთად, იგი რუხი ნავსადგურიდან უკვდავი მიწებისკენ მიემგზავრება. თხრობა მთავრდება სემის შინ დაბრუნებით, თუმცა დანართებში ნათქვამია, რომ „დასავლეთ მხარის წითელი წიგნი“, რომელშიც ბილბოს და სხვა ჰობიტების ჩანაწერები იქნა დატოვებული, სემმა დაუტოვა თავის ასულ ელანორს. მითითებულია, რომ, როგორც ბეჭდის უკანასკნელი მზიდავი, ისიც უკვდავი მიწებისკენ გაემგზავრა.

მთავარი პერსონაჟები

უარყოფითი პერსონაჟები
  • საურონი, ბეჭდის მბრძანებელი, დაცემული მაია, რომელიც ელფებს საუკუნეების წინ დაეხმარა ბეჭდების შექმნაში.
  • ნაზგულები, ანუ ბეჭდის-აჩრდილები, ადამიანები, რომლებიც საურონმა მოისყიდა და გარყვნა, მას შემდეგ, რაც გადასცა ძალაუფლების ბეჭდები.
  • ანგმარის გრძნეული მეფე, ნაზგულთა მბრძანებელი, საურონის ყველაზე ძლიერი მსახური, საურონის ლაშქარის მეთაური.
  • სარუმანი, ჯადოსანი, რომელსაც თავად სურს ბეჭდის ფლობა. მოტყუებული საურონის მიერ პალანტირის მეშვეობით, როგორც განდალფი, იგი მაია არის.
  • გრიმა ენაგესლი, სარუმანის იდუმალი მსახური და როჰანის მოღალატე, რომელიც თეოდენის გონებას წამლავს „რჩევებით“.
  • გოლუმი, მდინარესთან მცხოვრები ჰობიტი სმეაგოლი, ბეჭდის მიერ ქცეული საზარეულ არსებად.
  • ბაბაჭუა, მინას მორგულის უღელტეხილზე მცხოვრები გიგანტური ობობა.
  • ბალროგი, ცეცხლოვანი არსება მორიის მაღაროებიდან.

წიგნის შექმნის ისტორია

ბეჭდების მბრძანებელი არის ჰობიტის, მანამდე განვითარებული ისტორიის გაგრძელება. ეს უკანასკნელი გამოვიდა 1937 წელს, ტოლკინმა იგი სპეციალურად თავისი შვილებისათვის დაწერა.[12] ჰობიტის პოპულარობის გამო მკითხველები და გამომცემლები ითხოვდნენ ისტორიის გაგრძელებას და, 45 წლის ასაკში ტოლკინმა კვლავ დაიწყო ჰობიტების თავგადასავალზე ფიქრი. 1949 წელს მან დაასრულა წიგნზე მუშაობა, ხოლო გამოსცა მხოლოდ 1955 წელს. იმ დროისათვის ტოლკინი უკვე 63 წლის იყო.

თავდაპირველად იგი არც აპირებდა ჰობიტის გაგრძელების დაწერას და მუშაობდა რამდენიმე საბავშვო წიგნზე, როგორიც იყო როვერანდომი. ტოლკინი კვლავაც მუშაობდა არდისა და სილმარილების ისტორიებზე. ეს წიგნი, სახელწოდებით სილმარილიონი, მისი გარდაცვალების შემდეგ გამოვიდა, 1977 წელს.[13] სხვადასხვა ტოლკინისტი თვლის, რომ სილმარილიონი მისი საუკეთესო ნაშრომია [14], რადგანაც მასში კარგად განიხილება ისტორია და შუახმელეთის ენები. მიუხედავად ამისა, ბეჭდების მბრძანებელი ტოლკინის ყველაზე ცნობილი და პოპულარული ნაწარმოებია.

ახალი ჰობიტის წერა ტოლკინმა 1937 წლის დეკემბერში დაიწყო. რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ამოტივტივდა მთავარი ბეჭდის თემა, ხოლო ნაწარმოებს შეუერთდა რამდენიმე მოტივი სილმარილიონიდან. წიგნის პირველ თავში კვლავ გამოჩნდა ბილბო, თუმცა სახელწოდება ბეჭდების მბრძანებელი მხოლოდ 1938 წლის გაზაფხულზე დაიბადა. თავდაპირველად ბილბო უნდა წასულიყო კიდევ ერთ მოგზაურობაში. შემდეგ ტოლკინმა იფიქრა, რომ კარგი იქნება, თუკი მთავარი გმირი ბილბოს შვილი იქნება, მაგრამ მოიგონა ფროდოს პერსონაჟი. ბერძნული ლეგენდის მიხედვით, ფროდო იყო ერთ-ერთი გმირის ძმისწული, რომელსაც გააჩნდა დიდი ძალის მქონე იაღაღი. ასე გაჩნდა ფროდო.

ტოლკინის პარალელური საქმიანობის გამო, წიგნი ნელი ტემპებით იქმნებოდა. 1943 წელს მას საერთოდ არაფერი დაუწერია და დაუბრუნდა წიგნს მხოლოდ 1946 წელს. პირველი ვერსიის ასლი მან გამომცემელს გაუგზავნა 1947 წელს. წიგნზე მუშაობა დასრულდა 1948 წელს, მაგრამ, კორექტირების გამო, გამოცემა გადაიდო 1949 წლამდე.

გამომცემლობასთან ალენი და ანვინი წარმოქმნილი პრობლემების გამო, ტოლკინმა თქვა, რომ მიმართავს გამომცემლობა კოლინზს. იგი აპირებდა სილმარილიონისა და ბეჭდების მბრძანებლის ერთად გამოცემა, რაც ალენსა და ანვინს არ სურდათ. კოლინზთან გასაუბრებისას მილტომ უოლდმენმა გამოხატა იმედი, რომ წიგნი გამოჩნდება, 1952 წლისათვის. რადგანაც ასე არ მოხდა, ტოლკინმა დათმო პოზიციები და მისწერა ალენსა და ანვინს: „დიდი სიამოვნებით დავთანხმდები ამ წიგნის ნებისმიერი ნაწილის გამოცემაზე“.

ბეჭდების მბრძანებლის წარმატების შემდეგ, ტოლკინმა გადაწყვიტა მისი გაგრძელების, ახალი აჩრდილის დაწერა, სადაც გონდორელები უბრუნდებიან ბნელ კულტს და არაგორნის შვილის, ელდარიონის წინააღმდეგ აჯანყებას ამზადებენ. ტოლკინს ნახევრამდეც არ მიუყვანია ეს წიგნი, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე გვერდი შეტანილია წიგნში შუახმელეთის ხალხი. ტოლკინი დაუბრუნდა სილმარილიონს, მაგრამ ვერ მოასწრო მისი დასრულება. მისი საქმე 1977 წელს დაასრულა მისმა შვილმა, კრისტოფერ ტოლკინმა.

გამოცემა

ბეჭდების მბრძანებელი გამოიცა სამ ნაწილად: ბეჭდის საძმო (პირველი და მეორე წიგნი), ორი ციხე-კოშკი (მესამე და მეოთხე წიგნი), მეფის დაბრუნება (მეხუთე და მეექვსე წიგნი, დამატებებთან ერთად). ისინი თანმიმდევრობით გამოვიდა ბრიტანეთში 1954 წლის 21 ივლისს, 11 ნოემბერს და 20 ოქტომბერს (1955 წლის). უფრო მოგვიანებით ყველა წიგნი გამოვიდა აშშ-ში. შესაბამისად, შედარებით დიდ ინტერვალს ჰქონდა ადგილი მეორე და მესამე წიგნების გამოცემის შორის შექმნილ ინტერვალს. თავდაპირველად, მესამე წიგნის სახელწოდება, რომელიც ტოლკინმა შესთავაზა გამომცემლებს, იყო ბეჭდის ომი, მაგრამ ალენმა და ანვინმა მეფის დაბრუნება უფრო მოიწონეს.[15]

 
წიგნის 1968 წლის გამოცემა, სამივე ნაწილი ერთი სახით, ბრიტანეთი. გარეკანის ავტორი პოლინ ბეინსი

წიგნების გამოცემამდე ტოლკინს ჰონორარი არ მიუღია, ხოლო მას შემდეგ, რაც ისინი დიდი ტირაჟით გაიყიდა, მან დიდი თანხა მიიღო. სამივე წიგნს, რომელიც ერთ წიგნშია გაერთიანებული, ტოლკინი ტრილოგიას უწოდებდა, თუმცა, თავდაპირველი იდეის თანახმად, წიგნი მაინც ერთიანი ნაწარმოები იყო და არა ნაწილებად დაყოფილი. ზოგიერთი მას ნოველასაც უწოდებს, თუმცა უფრო კორექტულია ტერმინის რომანი გამოყენება.

1999 წლის ბრიტანული (ISBN 0-261-10387-3) შვიდწიგნიანი გამოცემის მეშვიდე წიგნი მეფის დაბრუნებისგან ცალკე წარმოგვიდგენს დამატებებს. თითოეული წიგნს საკუთარი სახელი გააჩნია:

  1. ბეჭედი მიემგზავრება
  2. ბეჭედი აღმოსავლეთისაკენ მიემართება
  3. იზენგარდის ღალატი
  4. ბეჭედი დასავლეთისაკენ მიემართება
  5. ბეჭდის ომი
  6. მესამე ეპოქის დასასრული [1] დაარქივებული 2007-12-05 საიტზე Wayback Machine.

წიგნში ბეჭდების მბრძანებლის ისტორია სახელები იზენგარდის ღალატი, ბეჭდის ომი და მესამე ეპოქის დასასრული კრისტოფერ ტოლკინმაც გამოიყენა.

წიგნის სახელწოდება ინგლისურად შემოკლებით გამოითქმის, როგორც LotR ან LR (ტოლკინი იყენებდა LR-ს), ხოლო ცალკეული წიგნები — FR ან FotR (ბეჭდის საძმო), TT ან TTT (ორი ციხე-კოშკი) და RK ან RotK (მეფის დაბრუნება).

სხვადასხვა გამოცემა

 
წიგნის 50-ე საიუბილეო გამოცემა

წიგნის პირველი ტირაჟის შემდეგ გამოვიდა კიდევ რამდენიმე ვერსია. ამჟამად ყველაზე ცნობილი გამოცემებია ISBN 0-618-34399-7 (ერთ წიგნად) და ISBN 0-618-34624-4 (სამ წიგნად). 1960-იანი წლების დასაწყისში დონალდ ვოლჰაიმმა, აშშ გამომცემლობის ეის ბუკს გამოშვებული ბეჭდების მბრძანებელი საავტორო უფლებებით დაცული არ იყო, რადგანაც იქაური გამოცემის ყდა განსხვავდებოდა ბრიტანულისგან და საერთოდ არ იყო ტოლკინის მიერ მოწონებული. ტოლკინმა ამაზე ინფორმაცია გაავრცელა ყველგან, სადაც შეეძლო, რათა მისი მოყვარულები არ მოტყუებულიყვნენ. მოგვიანებით, ოფიციალური გამოცემა, როგორც იქნა, გამოვიდა.

1965 წლისათვის აშშ-ში წიგნი ნამდვილ კულტურულ ფენომენად იქცა. თუმცა, ტოლკინი დაინტერესდა მისი პირველი გამოცემითაც და ერთ დროს უკანონო გამოცემა უკვე გამოვიდა ბეჭდების მბრძანებლის მეორე ვერსიის სახით. მიუხედავად ამისა, ეის ბუკსის წიგნი მაინც ტოლკინის საავტორო უფლებების დარღვევად მიიჩნიეს.[16]

გარდა ამისა, სხვადასხვა დროს გამოჩნდა წიგნის ახალი გამოცემებიც, განსაკუთრებით, 1990-იანებში. გამოვიდა.ჰაუტონ-მიფლინის სამწიგნიანი ვერსია, მყარი ყდით, ალან ლის ფერადი ილუსტრაციებით. 2004 წლის საიუბილეო ვერსია გამოვიდა დიდი წიგნის სახით.

დღემდე ბეჭდების მბრძანებელი მრავალ ენაზეა ნათარგმნი [17] ტოლკინს, რომელიც მრავალი ენის სპეციალისტი იყო, თავად აქვს წაკითხული და შეფასებული მათი დიდი ნაწილი. თარჯიმნებისათვის მან აგრეთვე შექმნა ბეჭდების მბრძანებლის საკუთარი სახელების თარგმნის სახელმძღვანელო. ამ წიგნის მიხედვით, ყველა ენაში განსხვავებაა ამა თუ იმ სახელისა თუ გვარის თარგმნაში. მაგალითად „ბეგინსი“ ითარგმნება. გერმანულად „bag“ (ანუ ჩანთა) არის Beutel, შესაბამისად, ბილბოს გვარი არის „Beutlin“.

ქართული გამოცემა

„ბეჭდების მბრძანებლის“ ქართული თარგმანი გამოსცა „გია ქარჩხაძის გამომცემლობამ“. წიგნი თარგმნა ნიკა სამუშიამ.

წელი სათაური ISBN
2009 ბეჭდის საძმო 9789994034048
2010 ორი ციხე-კოშკი 9789994034130
2011 მეფის დაბრუნება 9789994034147

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

შენიშვნები

  1. ეს ხაზგასმულია თავში „ელრონდის საბჭო“, სადაც გლორფინდელი ამბობს: „თუნდაც რომ მოვახერხოთ, ადრე თუ გვიან ბეჭდების მბრძანებელი მაინც შეიტყობდა მის ადგილსამყოფელზე და მთელ თავის ძალას ამ სამალავისკენ მიმართავდა.“[3]

სქოლიო

  1. 1.0 1.1 World War I and World War II. National Geographic. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 ივნისი 2006. ციტირების თარიღი: 16 June 2006.
  2. Wagner, Vit. (16 April 2007) Tolkien proves he's still the king. Toronto Star. ციტირების თარიღი: 8 March 2011.
  3. ტოლკინი, ჯ.რ.რ. (1954), ბეჭდის საძმო, ბეჭდების მბრძანებელი, ბოსტონი: Houghton Mifflin (გამოქვეყნების თარიღი: 1987), The Council of Elrond, ISBN 0-395-08254-4
  4. 4.0 4.1 Reynolds, Pat. The Lord of the Rings: The Tale of a Text. The Tolkien Society. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 თებერვალი 2009. ციტირების თარიღი: 5 February 2011.
  5. კარპენტერი, ჰამფრი, რედ. (1981), ჯ. რ. რ. ტოლკინის წერილები, ბოსტონი: Houghton Mifflin, #126., ISBN 0-395-31555-7
  6. The Life and Works for JRR Tolkien. BBC (7 February 2002). ციტირების თარიღი: 4 December 2010.
  7. Doughan, David. J. R. R. Tolkien: A Biographical Sketch. TolkienSociety.org. ციტირების თარიღი: 16 June 2006.
  8. Gilliver, Peter (2006). The Ring of Words: Tolkien and the Oxford English Dictionary. Oxford University Press. ISBN 0-19-861069-6. 
  9. Gilsdorf, Ethan (23 March 2007). „Elvish Impersonators“. The New York Times. ციტირების თარიღი: 3 April 2007.
  10. The Lord of the Rings. The Lord of the Rings. ციტირების თარიღი: 2012-12-26.
  11. ტოლკინი, ჯ.რ.რ. (1954), ბეჭდის საძმო, ბეჭდების მბრძანებელი, ბოსტონი: Houghton Mifflin (გამოქვეყნების თარიღი: 1987), "The Shadow of the Past", ISBN 0-395-08254-4 ხშირად თვლიან, რომ ისინი ბიძაშვილ-მამიდაშვილები არიან, მაგრამ ტოლკინი მათ მეგობრებს უწოდებს. ერთ-ერთ წერილში (ჯ.რ.რ. ტოლკინის წერილები, #214) იგი წერს, რომ ისინი აშკარა ნათესავები იყვნენ.
  12. ბეჭდების მბრძანებელი: Genesis. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-07-24. ციტირების თარიღი: 2006-06-14.
  13. შიფი, ტომ (2003). გზა შუახმელეთისგენ, Revised and expanded edition, ჰოუტონ მიფლინი. ISBN 0-618-25760-8. 
  14. შიფი, ტომ (2000). ჯ.რ.რ. ტოლკინი: საუკუნის ავტორი. ჰარპერ კოლინზი. 
  15. ტოლკინი, ჯ.რ.რ (2000). ბრძოლა ბეჭდისთვის: ბეჭდების მბრძანებლის ისტორია, ნაწილი მესამე. ჰოუტონ მიფლინი. ISBN 0-618-08359-6. 
  16. ეისენ, დარვუდი & ქ. ვ. კრისტოფერ რ. ტოლკინი et al., 794 F. Supp. 85, 23 U. S.P. Q.2d 1150 (S. D.N. Y. 1992), affirmed without opinion, 990 F.2d 623 (2nd Cir. 1993)
  17. "რამდენ ენაზე გადაითარგმნა ”ჰობიტი” და ”ბეჭდების მბრძანებელი”?. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-05-30. ციტირების თარიღი: 3 June, 2006.
  ლიტერატურის პორტალი — დაათვალიერეთ სხვა სტატიები ლიტერატურის შესახებ.