თრანდუილი
თრანდუილი — პერსონაჟი ჯ.რ.რ. ტოლკინის ლეგენდარიუმში. ბნელტევრის ელფთა მეფე, ლეგოლასის მამა, ოროფერის ძე, სინდარული წარმოშობის ელფი.
თრანდუილი | |
---|---|
თრანდუილი | |
წოდებები | ბნელტევრის ელფთა მეფე |
ბიოგრაფიული ცნობები | |
რასა | სინდა |
ნაწარმოები | ჰობიტი |
ისტორია
რედაქტირებათრანდუილის ხალხს ძირითადად სილვანი, ანუ ტყის ელფები შეადგენდნენ. ცნობილია, რომ მეორე ეპოქის დაახლოებით 1000 წლამდე თრანდუილმა იმოგზაურა ლინდონიდან. იმ პერიოდში ანდუინის აღმოსავლეთ მხარეს არსებული ტყე ჯერ კიდევ „დიდი მწვანე ტყის“ სახელით იყო ცნობილი.
სხვადასხვა ვერსიით, სწორედ თრანდუილმა დააარსა ტყის სამეფო, სხვა ვერსიებით - ოროფერმა. ბევრი წყარო თანხმდება, რომ თრანდუილიც და ოროფერიც იბრძოდნენ უკანასკნელი კავშირის ბრძოლაში. ოროფერი მოკლული იქნა. 3441 წელს საურონის დამარცხების შემდეგ (მეორე ეპოქაში) თრანდუილი დაუბრუნდა მწვანე ტყეს. მესამე ეპოქის დაახლოებით 1050 წელს ეს ტყე წყვდიადმა მოიცვა და მას „ბნელტევრი“ (ინგლ. Mirkwood) ეწოდა. იქ გაჩნდნენ დიდი ობობები და სხვა უცნაური არსებები, ხოლო დოლ გულდურზე აშენდა ციხესიმაგრე, რომელსაც საურონი მართავდა.
თრანდუილი და მისი ხალხი ცხოვრობდნენ ბნელტევრის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში. დასახლებები ააშენეს ტყის მდინარესთან, მიწისქვეშა გამოქვაბულებში. მათ სამეფოს დიდი კარიბჭე იცავდა. მიუხედავად წყვდიადისა, ტყის ელფებს საკუთარი მაინც უყვარდათ. რომანში „ჰობიტი“ აღწერილია, რომ თრანდუილი ატარებდა წითელი ფოთლების და კენკროვნების გვირგვინს. გაზაფხულობით ეს გვირგვინი ტყის ყვავილებისგან კეთდებოდა. გარეგნობაში აგრეთვე გამოირჩეოდა ოქროსფერი თმა.
2941 წელს თრანდუილმა და მისმა რაზმმა დაიჭირეს ჯუჯა თორინი, რომელმაც ზეწოლის მიუხედავად, არ უამბო, თუ სად მიემართებოდა. მოგვიანებით ელფებმა დაიჭირეს სხვა ჯუჯებიც, ხოლო ბილბო ბეგინსი, რომელიც მათ თან ახლდა, ახლადმოპოვებული ბეჭდის დახმარებით, უხილავი დაჰყვებოდა. მოგვიანებით მან მოახერხა მეგობრებთან ერთად მდინარით, კასრებზე ამხედრებული გაპარულიყო.
დრაკონ სმაუგის განადგურების შემდეგ თრანდუილს მიუვიდა ხმა, რომ მარტოსული მთა თავისუფალი იყო და იგი, თავის ლაშქართან ერთად, გაემართა მთისკენ, რათა იქ დამალული განძის საკუთარი ნაწილი მიეღო. ამ განძზე პრეტენზია ადამიანებს და ჯუჯებსაც ჰქონდათ. აქვე მოხდა დიდი ბრძოლა ორკებთან და ვარგებთან, რომელსაც ხუთი ლაშქრის ბრძოლას უწოდებენ. ამ ომში დაიღუპნენ თორინი და კიდევ ორი ჯუჯა, ფილი და კილი.
ხუთი ლაშქრის ბრძოლის დასრულების შემდეგ ბილბომ თრანდუილს სიმბოლურად გადასცა ყელსაკიდი, რომელიც ვერცხლისა და მარგალიტებისგან იყო დამზადებული. თრანდუილმა მას „ელფთა მეგობარი“ უწოდა და ეს სახელი ბილბოს ელფებს შორის ბოლომდე გაჰყვა.
3018 წლის 21 მარტს თრანდუილის სამეფოში არაგორნის მიერ დამწყვდეული იქნა გოლუმი, რომელიც მოგვიანებით გაიპარა. მაშინ თრანდუილის ძე ლეგოლასი შუაველში წავიდა, სადაც ამის შესახებ ელრონდის საბჭოს უამბო. მოგვიანებით იგი ბეჭდის საძმოს წევრი გახდა.
ბეჭდის ომის პერიოდში ბნელტევრი საურონის ლაშქრებმა ცეცხლში გაახვიეს. 3019 წლის 15 მარტს ელფებმა ისინი უკუაქციეს. 6 აპრილს თრანდუილი შეხვდა კელებორნს, ლოთლორიენის მბრძანებელს, რომლის ძალებმა დოლ გულდური აიღეს. წყვდიადი დროთა განმავლობაში გაიფანტა. ტყეს ერინ ლასგალენი, მწვანე ფოთოლთა ტყე ეწოდა, სადაც ელფები კიდევ მრავალი წელი ცხოვრობდნენ.
სახელები და ეტიმოლოგია
რედაქტირებათრანდუილის სახელის ახსნა-განმარტება არსად არის წარმოდგენილი. არსებობს ვერსია, რომ იგი ნიშნავს „დიდი მდინარის გაღმა“ - thar (გაღმა, მიღმა), anda (გრძელი) და duin / duil (მდინარე).
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- თრანდუილი — საიტზე Tolkien Gateway