ტერმინს „საურონი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ საურონი (მრავალმნიშვნელოვანი).

საურონი /ˈsrɒn/ — პერსონაჟი ჯ.რ.რ. ტოლკინის ლეგენდარიუმში. მასთან არის დაკავშირებული შუახმელეთში დატრიალებული უბედურებების დიდი რაოდენობა.

საურონი
სხვა სახელები ანატარი, სასტიკი გორთაური, თუ
წოდებები მაირონი, ტარ-მაირონი, მორდორის ბნელი მბრძანებელი
ბიოგრაფიული ცნობები
რასა მაია
დაბადება სამყაროს შექმნამდე
გარდაცვალება უკვდავი, მაგრამ განადგურდა მესამე ეპოქის 3019 წლის 25 მარტს
ნაწარმოები ბეჭდების მბრძანებელი
სილმარილიონი
ჰობიტი
დაუსრულებელი თხზულებები
ჰურინის შვილები

იგი პირველად ჩნდება „ჰობიტში“, სადაც ნახსენებია, რომ განდალფი ებრძოდა ვინმე ნეკრომანტს (რომელიც სინამდვილეში საურონია).

საურონთან არის დაკავშირებული ძალაუფლების ბეჭდების ამბავი.

მესამე ეპოქაში, 3019 წლის 25 მარტს საურონი, რომელმაც ვერ დაიბრუნა ფიზიკური სახე, განადგურებული იქნა ფროდო ბეგინსის მიერ მისი მთავარი ბეჭდის ოროდრუინის ქვესკნელში ჩაგდებისთანავე.

ძველი დრო და პირველი ეპოქა

რედაქტირება

საურონი იყო მაია - ერთ-ერთი მათგანი, ვინც ეხმარებოდა და ემსახურებოდა ვალარებს. იგი გაჩნდა სამყაროს შექმნამდე და თავდაპირველად ბოროტი არ ყოფილა[1]. ემსახურებოდა ვალა აულეს, რომელსაც ექვემდებარებოდა სამყაროს მატერიები. სწორედ ამ ვალასგან, რომელიც მჭედელი იყო, საურონმა შეისწავლა ჭედვის ხელოვნება.

მაგრამ საურონს იზიდავდა მელკორის ძალაუფლება. მას ჰქონდა სამყაროს შეცვლის საკუთარი გეგმა და ამის მიღწევის საუკეთესო საშუალებას მელკორთან ხედავდა. მისი სახელით საურონმა შემდგომში არაერთი ბოროტება აღასრულა.

მორგოთი დასახლდა უტუმნოს ციხესიმაგრეში, შუახმელეთის შორეული ჩრდილოეთით. საურონს გადაეცა სხვა ციხესიმაგრე - ანგბანდი, რომელიც ისეთ ადგილზე იდგა, რომ მზად იყო ვალართა შემოტევისთვის. ძალათა ბრძოლაში მორგოთი დატყვევებული იქნა მათ მიერ, მაგრამ საურონი დაიმალა ანგბანდის მღვიმეებში და გაექცა მართლმსაჯულებას.

სამი საუკუნის შემდეგ მორგოთი გაექცა ვალარებს, მოიპარა სილმარილები და დაბრუნდა შუახმელეთში. მას გაჰყვნენ ფეანორი და ნოლდორები, რომლებმაც დადეს ფიცი სილმარილების დაბრუნებაზე. მაშინ მოხდა ძვირფასი ქვების ომი. იგი გრძელდებოდა პირველი ეპოქის დარჩენილი წლების განმავლობაში.

საურონი კვლავ ემსახურებოდა მორგოთს. ანგბანდი მორგოთის მიერ აღდგენილი იქნა. როდესაც იგი ტოვებდა ციხესიმაგრეს, მოურავად საურონს ტოვებდა. ამასობაში კი საურონმა დიდი გამოცდილება მიიღო, გახდა ძლიერი და სასტიკი. მისი ყველას ეშინოდა. სწორედ მან შექმნა სხვადასხვა უცნაური არსება, რომელთა შორის იყო თურინგვეთილი, ღამურა, რომელსაც საურონი შიკრიკად იყენებდა.

პირველი ეპოქის დაახლოებით 457 წელს, საურონმა იერიში მიიტანა ელფთა ციხესიმაგრე მინას ტირითზე (ტოლ სირიონის კუნძულზე). შეშინებულმა ელფებმა იქაურობა დატოვეს. ტოლ სირიონს ამიერიდან ეწოდა მაქცია მგლების კუნძული და მას საურონი მართავდა. ამ წერტილიდან, მისი დახმარებით, მორგოთის ძალები გადადიოდნენ ბელერიანდში.

მორგოთის ბრძანებით საურონმა მოკლა ბარაჰირი, მათი ბელადი, ვინც ეწინააღმდეგებოდა მორგოთს. მან აგრეთვე მოატყუა გორლიმი, ბარაჰირის ერთ-ერთი მიმდევარი, და დაარწმუნა იგი, რომ დაკარგულ ცოლთან შეახვედრებდა. გორლიმმა გათქვა ბარაჰირის ადგილსამყოფელი, ხოლო საურონმა უამბო, რომ მისი ცოლი უკვე მკვდარი იყო. მანვე მოკლა გორლიმი, რითაც დაპირება აღასრულა.

საურონის ჯარების ერთ-ერთმა მეთაურმა ბრძოლაში ბარაჰირს მოჰკვეთა ბეჭდიანი ხელი, რათა დაემტკიცებინა, რომ მათი მისია დასრულებული იყო. თუმცა ბარაჰირის ძემ, ბერენმა თავად მოკლა ეს მეთაური და დაიბრუნა მამის ბეჭედი.

ბერენისა და საურონის გზები გადაიკვეთა მაშინ, როდესაც მეფე თინგოლმა მშვენიერი ლუთიენის სანაცვლოდ ბერენს პირობად წაუყენა სილმარილის დაბრუნება. ფინროდ ფელაგუნდთან და მის რაზმთან ერთად ბერენი მიუახლოვდა მაქცია მგლების კუნძულს. მათ მიიღეს ორკთა გარეგნობა, მაგრამ საურონი მიუხვდა ჩანაფიქრს. რაზმი დამარცხდა. ბერენი და ფინროდი საურონმა ორმოში ჩააგდო და იქ მაქციებს მხოლოდ ბერენი გადაურჩა.

შემდეგ საურონს ლუთიენი დაუპირისპირდა, გიგანტურ ძაღლ ჰუანთან ერთად. მათ წინააღმდეგ ბნელმა მბრძანებელმა გამოუშვა მგლები, მაგრამ ყველა მათგანი, მათ შორის, დრაუგლუინიც, დამარცხდა. საურონი თავად გამოვიდა დიდი საზარელი მგლის გარეგნობით.

თუმცა, ამჯერად უკვე საურონი იქნა დამარცხებული. მან დაკარგა საკუთარი სხეული და დაჭრილმა, ტაურ-ნუ-ფუინის ტყემდე მიაღწია, სადაც მას შემდეგ დიდი შიში გავრცელდა.

პირველი ეპოქის დასასრულს მორგოთი დამარცხებული იქნა რისხვის ომში. ვალარებმა იგი სამუდამოდ გადააგდეს სამყაროდან და სიცარიელეში გაუშვეს. ვალა მანუეს მახარობელ ეონვეს წინაშე შეშინებულმა საურონმა აღიარა ვალართა უზენაესობა. ეონვეს მას შესთავაზა მანუესთან, უკვდავ მიწებში მისვლა, რათა იქ განესაჯათ. მაგრამ დარცხვენილი საურონი გაიქცა და განაგრძო ბოროტების თესვა.

მეორე ეპოქა

რედაქტირება

მეორე ეპოქის დაახლოებით 500 წელიწადს საურონმა კვლავ მოიკრიბა ძალა. იგი დარწმუნებული იყო, რომ რისხვის ომის შემდეგ ვალარებმა დაივიწყეს შუახმელეთი და აპირებდა მის ათვისებას. მორგოთისგან განსხვავებით მას არ სურდა იქაური ხალხის პირდაპირ განადგურება, არამედ მათი მართვა ჰქონდა დაგეგმილი. ამ მხრივ იგი, რა თქმა უნდა, თავის ბატონზე უფრო ბრძენი გამოდგა.

შორეული აღმოსავლეთითა და სამხრეთით საურონმა შერყვნა ხალხის აზროვნება და ისინი ბოროტების მხარეს მოაქცია. ძირითადად ადამიანები მას ადვილად ემორჩილებოდნენ, მაგრამ ნუმენორელთა მომხრობა არც თუ იოლი იყო. ისინი ამ პერიოდში იწყებდნენ შუახმელეთის სანაპიროების ათვისებას და საურონი ვერ ბედავდა მათთან შეხვედრას.

მეორე ეპოქის დაახლოებით 1000 წელს საურონი გამაგრდა მორდორში. ამ მიწას სამი მხრიდან იცავდნენ მთები. შიგ გულში იდგა ვულკანური წარმონაქმნი - მთა, სახელად „ბედისწერის მთა“. სწორედ მის ძალას იყენებდა საურონი თავისი ნაკეთობების მოსამზადებლად. მორდორში მან ააგო ბარად-დურის, ბნელი კოშკის ციხესიმაგრე.

შუახმელეთის დამონების მცდელობისას საურონმა სცადა ელფთა გადმობირება, ვინაიდან მათი ძალა დიდებული იყო. დაახლოებით 1200 წელს იგი გადავიდა ერიადორში და თავი წარადგინა ვალართა მიერ გამოგზავნილად. საკუთარ თავს ანატარს, ძღვენთა მბრძანებელს უწოდებდა. მეფე გილ-გალადმა მისი ბოროტების შესახებ ჯერ არ იცოდა, მაგრამ არც ენდობოდა, ამიტომ მის ლინდონში შეშვებაზე უარი თქვა.

შემდეგ საურონი ერეგიონს ეწვია, სადაც ცხოვრობდნენ კელებრიმბორი და ელფი მჭედლები. საურონმა კარგად გამოიყენა ის ფაქტი, რომ მათ სურდათ თავისი ხელოვნების სრულყოფა. ისინი მოექცნენ ბნელი მბრძანებლის გავლენის ქვეშ და მისი დავალებით, შექმნეს ძალაუფლების ბეჭდები (1500 წელს).

საურონი დაბრუნდა მორდორში და დაახლოებით 1600 წელს დაიწყო საკუთარი ბეჭდის შექმნა - მისი ძალით სურდა დანარჩენი ბეჭდების მართვა. ძალაუფლება ამით მეტად გაფართოვდა. მაგრამ აქ რამდენიმე დაბრკოლება ჩნდებოდა - თუკი ვინმე ამ ბეჭედს მიითვისებდა, იგი თავად გახდებოდა საურონის მბრძანებელი. ასევე, თუ ბეჭედი განადგურდებოდა, საურონიც განადგურდებოდა და იარსებებდა მხოლოდ აჩრდილის სახით. მაგრამ საურონს ამაზე არც უფიქრია - მას ვერ წარმოედგინა, რომ ეს ბეჭედი ვინმეს ხელში აღმოჩნდებოდა.

და როდესაც იგი პირველად წარდგა მათ წინაშე ბეჭდით, ელფები მიხვდნენ, რომ მოტყუებულები იყვნენ და დამალეს საკუთარი ბეჭდები - ნარია, ნენია და ვილია. საურონმა ელფებს დიდი ომი გამოუცხადა. მან დაიპყრო ერიადორი (1695) და იერიში ერეგიონზეც მიიტანა. ლინდონიდან დახმარება ელრონდის სახით მოვიდა. მას ერეგიონის ჯარებიც შეუერთდნენ, მაგრამ მტრის ძალა უფრო შთამბეჭდავი აღმოჩნდა. ერეგიონი მთლიანად განადგურდა. საურონმა მიითვისა ცხრა ბეჭედი და აწამა კელებრიმბორი, რათა დაედგინა, თუ სად იმალებოდა კიდევ შვიდი, მაგრამ სამი ბეჭედი ამასობაში შორს იყო. კელებრიმბორს არაფერი უთქვას. საურონმა მოკლა იგი და მისი გვამი მტრის ჯარმა შუბზე თავის წინ ჩამოატარა. ელრონდის ჯარები ჩრდილოეთით გაიქცნენ, ხოლო ჯუჯები დაიმალნენ კჰაზად-დუმის მთისქვეშეთის სამეფოში.

1699 წელს საურონი თავს დაესხა ერიადორს. გილ-გალადი მას წინ აღუდგა. როდესაც 1700 წელს გამოჩნდა ნუმენორელთა ფლოტი, საურონის ძალამ უკან დაიხია. იგი 1701 წელს კვლავ მორდორში დარჩა - ამჯერად მხოლოდ პირად მცველებთან ერთად. მაგრამ მან აღადგინა ძალები, გაზარდა ორკთა ჯარები და სხვა საზარელი არსებებიც შექმნა. მან გააძლიერა გავლენა რუნისა და ჰარადის ხალხებზე, მორდორის აღმოსავლეთითა და სამხრეთით. თავი გამოაცხადა რა მათ მეფედ, მან შემდეგი ნაბიჯები გადადგა. საურონმა გარყვნა ნუმენორელთა (სავარაუდოდ) ცხრა ხელმწიფე, გადასცა რა მათ ცხრა ბეჭედი. ისინი იქცნენ ბეჭდის-აჩრდილებად, ნაზგულებად, რომლებიც პირველად 2251 წელს გამოჩნდნენ.

მოძლიერებასთან ერთად, იზრდებოდა საურონის სიამაყეც. მან თავი გამოაცხადა ადამიანთა მეფედ და მსოფლიოს მბრძანებლად. ზღვასთან დაბანაკებულ ნუმენორელებზე იგი ხოლმე მცირე იერიშებს მიიტანდა - რასაც მანამდე ვერ ბედავდა. საურონს ეზიზღებოდა ნუმენორელები და ერიადორში მათი მნიშვნელოვანი წვლილის გამო ამ ხალხზე შურისძიებას აპირებდა.

მაგრამ ნუმენორელთა ძალა კვლავ დიდი იყო. არ-ფარაზონი, შემდგომში ნუმენორის უკანასკნელი მეფე, შუახმელეთში დიდი ფლოტით გადმოვიდა (3262) და საურონისგან მოითხოვა დამორჩილება. მტრის ჯარი მას წინ ვერ აღუდგა. საურონი მიხვდა, რომ პირდაპირი იერიშით ვერ გაიმარჯვებდა, მაგრამ კვლავ სწამდა, რომ ნუმენორელთა განადგურება ჯერ კიდევ წინ იყო. ამიტომ ბარად-დურიდან გამოვიდა და თავი ნუმენორელთა ჯარს ჩააბარა.

ნუმენორის მეფენი დროთა განმავლობაში ჩამოშორდნენ ელფებსა და ვალარებს. მათ უარჰყვეს ერუს, მთავარი შემქმნელის ძალა. არ მოსწონდათ, რომ ადამიანთა საერთო ბედს იზიარებდნენ და ერთ დღეს მოკვდებოდნენ, ასევე ისიც, რომ უკვდავ მიწებში მოხვედრა მათთვის შეუძლებელი იყო. საურონი ხედავდა ამას და არ-ფარაზონს საკუთარ მითითებებს აძლევდა. ნუმენორში საურონის ყოფნისას ხალხის აზროვნება სრულიად შეიცვალა. მათ ერთმანეთის მოკვლაც კი დაიწყეს - იმ იმედით, რომ უკვდავებას შეიძენდნენ. მაშინ საურონმა არ-ფარაზონი დაარწმუნა, რომ ღირდა უკვდავი მიწებისაკენ გამგზავრება, რასაც უკვდავების შეძენა მოჰყვებოდა. 3319 წელს მეფე სწორედ ასე მოიქცა, მაგრამ განრისხებულმა ერუმ გაანადგურა ნუმენორის კუნძული. ერუსადმი ერთგულ ნუმენორელთა ნაწილი, ელენდილის და მისი ვაჟების, ისილდურისა და ანარიონის ჩათვლით, გადარჩა და 3320 წელს შუახმელეთში დააარსა გონდორისა და არნორის სამეფოები. საურონის სული დაბრუნდა მორდორში. მას კვლავ ემორჩილებოდა გადარჩენილ ნუმენორელთა ნაწილი - რომელთა აზროვნება შერყვნილი იყო - ესენი იყვნენ ბნელი ნუმენორელები.

ხალხთა დამორჩილების ამოცანა საურონისთვის კვლავ უმთავრესი იყო. მან დაიპყრო მინას ითილი, ისილდურის ციხესიმაგრე მორდორის საზღვართან. ანარიონმა იგი ოსგილიათსა და მინას ანორში არ შეუშვა.

ადამიანთა ჯარები, ელენდილის მეთაურობით და ელფთა ლაშქრები, გილ-გალადის მეთაურობით გაერთიანდნენ საურონის წინააღმდეგ უკანასკნელი ალიანსის ომში. 3434 წელს მორდორთან მოხდა დაგორლადის ბრძოლა. საურონის ძალებმა უკან დაიხიეს და ბნელი მბრძანებელი 3441 წლამდე ბარად-დურში დაიმალა. სწორედ აქამდე გაგრძელდა მისი მიწის ალყაში მოქცევა. საბოლოოდ იგი გამოვიდა ციხესიმაგრიდან. საურონი ბედისწერის მთასთან ებრძოდა ელენდილსა და გილ-გალადს. იგი განადგურებული იქნა. გილ-გალადი და ელენდილი დაიღუპნენ, მაგრამ ისილდურმა საურონს ხმალ ნარსილით თითი მოჰკვეთა. ბეჭედი მის ხელში გადავიდა, ხოლო საურონის სულმა დატოვა სხეული.

მესამე ეპოქა

რედაქტირება

ისილდურს ბეჭედი არ გაუნადგურებია. მან დაიტოვა იგი, მაგრამ მესამე ეპოქის 2 წელს მოკლული იქნა ორკთა მიერ, ზამბახის მინდვრებზე. ამის შემდეგ ბეჭედი მდინარე ანდუინშიდაიკარგა. ვინაიდან ამ ბეჭედში მოქცეული იყო საურონის დიდი ძალა, ბნელი მბრძანებლის სული დასუსტებული იყო. 1000 წლის მანძილზე იგი იმალებოდა. ბარად-დური განადგურდა, მორდორს იცავდნენ შუახმელეთის ხალხები. 1050 წელს საურონმა მწვანე ტყესთან ააგო ახალი ციხესიმაგრე, დოლ გულდური. მწვანე ტყეს ამიერიდან ბნელტევრიეწოდა. თავდაპირველად საურონის ვინაობა არავინ იცოდა და მას ნეკრომანტს უწოდებდნენ.

მესამე ეპოქის მეორე ათასწლეულში შუახმელეთში ბოროტი არსებები გაჩნდნენ. ნისლიან მთებში ორკები გამოჩნდნენ, ხოლო მთის ძირებში ბალროგმა გაიღვიძა. გონდორი და არნორიდაიპყრეს მტრებმა. ჩანდა, რომ ამ ყველაფრის უკან მხოლოდ ერთი არსების სურვილი იდგა.

ჩრდილოეთით ნაზგულთა მბრძანებელმა, დაახლოებით 1300 წელს დააარსა ანგმარის სამეფო. მისი ჯარები თავს ესხმოდნენ არნორის დუნედაინებს შემდგომი საუკუნეების მანძილზე. მესამე ეპოქის 1975 წელს ფორნოსტის ბრძოლის შემდეგ ნაზგულთა მბრძანებელი ჩამოშორდა ჩრდილოეთს, მაგრამ ამ დროისათვის დუნადანთა დასუსტების გამო ჩრდილოეთ-სამეფოს არსებობა დასრულდა და ისინი მომთაბარე ხალხად იქცნენ.

სამხრეთით დიდი ჭირი გავრცელდა, რომელიც აღმოსავლეთის ქარებმა მოიტანეს. გონდორის მეფე და მისი მრავალი მოახლე მესამე ეპოქის 1636 წელს სწორედ ამ უბედურებამ შეიწირა. მოსახლეობის შემცირების გამო მორდორის დაცვაც შესუსტდა. ჩანდა, რომ ჭირი საურონის ნამოქმედარი იყო. იგი მოედო მთელ ერიადორს და ანადგურებდა ჩრდილოეთში დარჩენილ დუნედაინებსაც.

1851 წელს საურონის მსახურებმა შეკრიბეს რუნის მოსახლეობის ნაწილი, ცნობილი, როგორც ოთხთვალების მხედრები. მეფე ნარმაკილ II, გონდორის მმართველი, მოკლული იქნა მათთან ბრძოლისას. გონდორმა დაკარგა დიდი ტერიტორია ანდუინის აღმოსავლეთით და ემინ მუილი. ნარმაკილის ძე კალიმეჰტარი მესამე ეპოქის 1899 წელს შეებრძოლამეურმეებს, მაგრამ ისინი გაერთიანდნენ კჰანდისა და ჰარადის ხალხებთან (სამხრეთით) და გონდორზე საპასუხო დარტყმა მიიტანეს, მესამე ეპოქის 1944 წელს. მეფე ონდოჰერიმოკლული იქნა და გონდორი კვლავ თითქმის დაინგრა. ეარნილმა, სამხრეთელთა ჯარის მეთაურმა, დაამხო ბოროტი მხედრები ’ბანაკის ბრძოლაში’.

მესამე ეპოქის 1980 წელს ნაზგულთა მბრძანებელი დაბრუნდა მორდორში და სხვებიც იხმო, რათა დაეწყოთ საურონის დაბრუნებისთვის მომზადება. მესამე ეპოქის 2002 წელს მინას ითილი აღებული იქნა და ეწოდა მინას მორგული. მინას ითილიდან ნაზგულებმა მოიპარეს ითილის ქვა, ანუ პალანტირი, რომელიც საურონს, ბარად-დურში გადაეცა.

მესამე ეპოქის 2050 წელს გონდორის მეფე ეარნური ნაზგულთა მბრძანებელმა პაექრობაზე გამოიწვია. მაგრამ იგი მინას მორგულში დაიკარგა. ამიერიდან ჩამოყალიბდა მოურავის სახით გონდორის მართვის ტრადიცია. საურონი გარკვეული დროის განმავლობაში რჩებოდა დოლ გულდურში და ძალას იკრებდა. ეჭვი იმის შესახებ, რომ ნეკრომანტი და საურონი ერთი და იგივე არსება იყო, განდალფ რუხს, ვალართა მიერ მოვლენილ ისტარს (ჯადოსანს) ჰქონდა. მესამე ეპოქის 2063 წელს ჯადოსანი ეწვია დოლ გულდურს, მაგრამ საურონი გაიქცა აღმოსავლეთისაკენ და იქ რამდენიმე საუკუნის მანძილზე რჩებოდა. მშვიდობამ დროებით დაისადგურა. მესამე ეპოქის 2460 წელს საურონი დაბრუნდა - და უფრო მომძლავრებული.

ძალაუფლების სრულად აღსადგენად საურონს ესაჭიროებოდა მთავარი ბეჭედი, რომელიც დაკარგული იქნა ზამბახის მინდვრებთან. საურონმა იცოდა, სად დაიკარგა იგი და ეძებდა მას. მესამე ეპოქის 2463 წელს ბეჭედი იპოვა ჰობიტთა ერთ-ერთი რასის წარმომადგენელმა - დეაგოლმა. ბეჭდის მითვისების მიზნით იგი მოკლა მეგობარმა სმეაგოლმა, რომელიც ბეჭდის მიერ სრულიად შერყვნა და განადგურებული იქნა. იგი იქცა საზარელ არსებად, რომელსაც გოლუმი დაერქვა. ბეჭედს იგი ინახავდა ნისლიანი მთების ქვეშ, თითქმის 500 წლის განმავლობაში.

ორკთა რაოდენობამ შუახმელეთში იმატა. მათ გადაკეტეს ნისლიან მთებთან მისადგომი გზები და სხვა არსებებთან ერთად, მორიაში დასახლდნენ. მორდორში წარმოიშვა ბნელ ურუკთა ნაირსახეობა - ორკების, რომლებსაც უფრო დიდი ძალა გააჩნდათ. 2475 წელს ურუკები თავს დაესხნენ ითილიენს და მიუხედავად იმისა, რომ მათი იერიში მოიგერიეს და უკან დაახევინეს, ოსგილიათი უდაბური გახდა.

ბნელტევრის აღმოსავლეთით ცხოვრობდა ადამიანთა ტომი, რომელსაც ბალქოთებს უწოდებდნენ. ისინი, ორკებთან ერთად, მესამე ეპოქის 2510 წელს, ჩრდილო-დასავლეთ გონდორში კალენარდონს დაესხნენ. კელებრანტის მინდვრის ბრძოლაში ახალგაზრდა ეორლი მხარში ამოუდგა გონდორს და გაანადგურა მტრის ძალები. ეორლსა და მის ხალხს გადაეცა კალენარდონის მიწები. ამ ადგილს როჰანი ეწოდა. მესამე ეპოქის 2758 წელს ახალი იერიში პირდაპირ როჰანსა და გონდოზე იქნა მიტანილი, მაგრამ მათი გაერთიანებით მტერი კვლავ უკუიქცა.

მესამე ეპოქის 2845 წელს საურონმა შეიპყრო თრაინ II, დურინის საგვარეულოს მეფე და დაეუფლა ჯუჯათა შვიდ ბეჭედს. მესამე ეპოქის 2850 წელს განდალფი დაბრუნდა დოლ გულდურში და მომაკვდავი თრაინი იპოვა. იგი დარწმუნდა, რომ ნეკრომანტი საურონი იყო, რომელიც ეძებდა ბეჭედსა და ისილდურის მემკვიდრეს. 2851 წელს შედგა თეთრი საბჭოს კრება, სადაც განდალფმა მოითხოვა დოლ გულდურზე დიდი იერიშის მიტანა. მაგრამ ამ გადაწყვეტილების მიღება შეაფერხა სარუმანმა, საბჭოს ხელმძღვანელმა. მას სინამდვილეში თავად სურდა ბეჭდის მითვისება და შიშობდა, რომ საურონის ზამბახის ველებთან გამოჩენა ამაში მხოლოდ ხელს შეუშლიდა.

საურონის მოახლეთა ინიციატივით, ჰარადელებმა მესამე ეპოქის 2885 წელს მიიტანეს მორიგი იერიში გონდორზე. მათ დაიპყრეს ითილიენი, მაგრამ უკუქცეულნი იყვნენ გონდორისა და როჰანის გაერთიანებული ჯარების მიერ. ითილიენში კვლავ ჩნდებოდნენ ურუკები და იქაური მოსახლეობა ამოიძირკვა.

მესამე ეპოქის 2941 წელს განდალფმა კვლავ ითხოვა დოლ გულდურის აღება. ამჯერად სარუმანი დაეთანხმა, ვინაიდან უკვე იცოდა, რომ საურონი ბეჭედს აქტიურად ეძებდა. საურონი ამ იერიშს მომზადებული შეხვდა, დატოვა დოლ გულდური და ფარულად მორდორში დაბრუნდა.

როგორც საურონმა, ასევე თეთრმა საბჭომ, არაფერი იცოდნენ, რომ მესამე ეპოქის 2941 წელს მთავარი ბეჭედი მოძებნა ბილბო ბეგინსმა, რომელიც თან ახლდა განდალფსა და 13 ჯუჯას ერებორისკენ სახიფათო მოგზაურობისას. განდალფმა იცოდა, რომ ბილბომ ჯადოსნური ბეჭედი იპოვა, მაგრამ არც იფიქრებდა, რომ ეს სწორედ მთავარი ბეჭედი იყო. მესამე ეპოქის 3001 წელს იგი გადაეცა ფროდო ბეგინსს, ბილბოს მემკვიდრეს.

საურონმა მესამე ეპოქის 2951 წელს გამოაცხადა საკუთარი თავის შესახებ და სამი წლის თავზე ბედისწერის მთა კვლავ მოექცა ცეცხლსა და ფერფლში. ბარად-დურის აღდგენის დაწყებასთან ერთად, საურონმა ჯარები მოაძლიერა. ამჯერად მას ემსახურებოდა ურიცხვი ორკი თუ ტროლი, რომელთა შორის ასევე იყვნენ განსაკუთრებული ტროლები - ოლოგ-ჰაების სახეობის. მათ შეეძლოთ მზის შუქის ატანაც. საურონის მხარეს მოექცნენ სხვადასხვა ხალხები - აღმოსავლელები და ჰარადელები. ხამული და 1-2 სხვა ნაზგული დოლ გულდურში გადავიდნენ.

ამჯერად საურონის ხელთ იყო ითილის ქვა. მისი გამოყენებით ბნელი მბრძანებელი ესაუბრებოდა სარუმანს, რომელსაც იზენგარდში, ციხე-კოშკ ორთანკში მსგავსი პალანტირი ჰქონდა. ასე მოიქცია საურონმა იგი თავის მხარეს. თუმცა, სარუმანს არ სურდა მხოლოდ მისი მორჩილება. იგი აპირებდა როჰანის დამონებას, მოგვიანებით კი ბეჭდის მითვისებაც გადაწყვიტა. დენეთორს, გონდორის მოურავს, საკუთარი პალანტირი ჰქონდა - ანორის ქვა. მისი აზროვნება საურონმა ვერ შერყვნა, მაგრამ იმდენი უბედურება აჩვენა, რომ დააჯერა, თითქოს გონდორი მალე დამარცხდებოდა.

3017 წელს გოლუმი დაჭერილი იქნა მორდორთან და დაკითხული იქნა ბარად-დურში. მისგან საურონმა შეიტყო ვინმე ბეგინსისა და მაზრის შესახებ. მისი ბრძანებით, არსება გაათავისუფლეს, იმ იმედით, რომ ბეჭედთან ბნელ მბრძანებელს სწორედ იგი მიიყვანდა.

ბეჭდის ომი

რედაქტირება

მესამე ეპოქის 3018 წლის 20 ივნისს საურონის ბრძანებით ნაზგულებმა იერიში მიიტანეს ოსგილიათზე. საურონს სურდა გონდორის ძალების შემოწმება და ნაზგულთა რეალური ზრახვების დაფარვა - სინამდვილეში ისინი აპირებდნენ მაზრაში ბეჭდის ძიებას.

მესამე ეპოქის 3018 წელს ბეჭდის-აჩრდილები მიადგნენ მაზრას და აღმოაჩინეს, რომ ბეჭედი ფროდოსთან იყო. მაგრამ ამ დროისათვის ფროდო უკვე გაქცეული იყო დაშუაველისკენ მიემართებოდა. შუაველში გადაწყდა, რომ ფროდო კვლავ წაიღებდა ბეჭედს, ოღონდ ამჯერად - ბედისწერის მთისაკენ, მორდორში, რათა იგი საბოლოოდ გაენადგურებინათ.

მორდორში საურონმა ნაზგულებს გადასცა დრაკონების მსგავსი მფრინავი არსებები. თავდაპირველად ისინი არ კვეთდნენ ანდუინის საზღვარს და აღმოსავლეთ მის მხარეს იმალებოდნენ. ერთ-ერთი მათგანი ჩამოგდებული იქნა ლეგოლასის მიერ, მესამე ეპოქის 3019 წლის 23 თებერვალს.

26 თებერვალს ფროდომ, ბეჭდის საძმოს დაშლამდე, თითზე ბეჭედი გაიკეთა და დაინახა საურონი, მაგრამ განდალფი ამ დროს მათ ფიქრებში ჩაერია და ცდილობდა, საურონისთვის გზა აებნია. ფროდომ დაიმორჩილა საკუთარი თავი, მოიხსნა ბეჭედი და ამონ ჰენი დატოვა.

საურონმა მოგვიანებით შეიტყო ორი ჰობიტის შესახებ, რომლებიც იზენგარდში წაიყვანეს, მაგრამ არ იცოდა, რომელ ჰობიტებზე იყო საუბარი - სინამდვილეში კი ესენი იყვნენმერიადოკ ბრენდიბაკი და პერეგრინ ტუკი. 5 მარტს პიპინმა (პერეგრინმა) შემთხვევით შეიხედა ორთანკის პალანტირში და საურონს ეგონა, რომ იგი ფროდო იყო. მაგრამ ბნელი მბრძანებელი ასევე დაეჭვდა - ხომ არ დარჩა ბეჭედი სარუმანთან?

მეორე დილით არაგორნმაც ჩაიხედა ორთანკის-ქვაში და საურონს ამცნო, რომ იგი ისილდურის მემკვიდრე იყო. მან ასევე უჩვენა საურონს ხმალი, რომლითაც მას მოჰკვეთეს ბეჭდიანი თითი - ახლა უკვე აღდგენილი ხმალი. დაეჭვებულმა საურონმა მთელი ყურადღება გადაიტანა არაგორნსა და სხვებზე, ამასობაში კი ფროდომ მიაღწია მორდორამდე.

პელენორის მინდვრებზე ბრძოლაში განადგურდა საურონის ძალების მხოლოდ მცირე ნაწილი, საბოლოო ბრძოლა კი უნდა შემდგარიყო ბნელ კარიბჭესთან, მორდორის მისადგომებთან. როდესაც ობობა ბაბაჭუაისგან დანესტრილი ფროდო კირით უნგოლის კოშკში მიიყვანეს, მას არ აღმოაჩნდა ბეჭედი. სინამდვილეში იგი ჰქონდა სემ გემჯის, მის მეგობარს, რომელმაც მოასწრო ბეჭდის მოხსნა, სანამ მას მტერი იპოვიდა. ორკთა მეთაურმა შაგრატმა ბარად-დურში მოიტანა ფროდოს კუთვნილი მითრილის პერანგი, სემის ხმალი და ელფთა მიერ მოცემული მოსასხამი. განრისხებულმა საურონმა შაგრატი მოკლა.

ცალკე ამბავი ეხება საურონის პირს - მის საზარელ ემისარს, რომელმაც განდალფსა და სხვებს წარუდგინა ნადავლი, ფროდოს კუთვნილი ნივთები. მასთან შეხვედრის შემდეგ დაიწყო უკანასკნელი ბრძოლა მორდორთან. ამასობაში ფროდომ მიაღწია ბედისწერის მთამდე. სწორედ მაშინ იგრძნო საურონმა, რომ ხელიდან ეცლებოდა ყველაფერი. ყველა მისი ქვეშევრდომი უკუიქცა, ბედისწერის მთისაკენ, მაგრამ უკვე გვიანი იყო. გოლუმმა მოგლიჯა ფროდოს ბეჭდიანი თითი და გახარებულმა, წონასწორობა ვერ შეიკავა და მთის გულში გადაეშვა. ბეჭედი მასთან ერთად განადგურდა.

საურონის ფიზიკური ფორმა განადგურებული იქნა და აღარასოდეს აღდგენილა. სული მისი იყო დაკარგული და უძლური. მორდორის თავზე გადაიშალა გიგანტური ღრუბელი, რომელიც ქარმა დაშალა. მიუხედავად იმისა, რომ საურონისადმი ერთგული არსებები კვლავ დაძრწოდნენ შუახმელეთში, ბნელი მბრძანებელი სამუდამოდ იქნა განადგურებული.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება