ბეჭდის საძმო
„ბეჭდის საძმო“ (ინგლ. The Fellowship of the Ring) — ჯ.რ.რ. ტოლკინის ეპიკური რომანის „ბეჭდების მბრძანებელი“ პირველი წიგნი, რომლის მოქმედებას ადგილი აქვს შუახმელეთში. წიგნი გამოიცა 1954 წლის 24 ივლისს. წიგნი შედგება პროლოგისგან, რომელშიც მოთხრობილია ჰობიტებსა და სხვა საკითხებზე, რასაც მოჰყვება წიგნები I და II.
„ბეჭდის საძმო“ | |
---|---|
The Fellowship Of The Ring | |
პირველი გამოცემა | |
ავტორი | ჯ.რ.რ. ტოლკინი |
ქვეყანა | ინგლისი |
ენა | ინგლისური |
სერია | ბეჭდების მბრძანებელი |
ჟანრი | ფენტეზი |
გამომცემელი | George Allen & Unwin |
გამოცემის თარიღი | 24 ივლისი, 1954 |
მთარგმნელი | ნიკა სამუშია |
ქართულად გამოიცა | 2009 წლის ნოემბერი |
მედია | მაგარი და რბილი ყდები |
გვერდი | 539 (2009 წლის ქართული გამოცემა) |
წინამორბედი | ჰობიტი |
მომდევნო | „ორი ციხე-კოშკი“ |
ISBN |
99940-34-04-8 (2009 წლის ქართული გამოცემა) |
დეტალური შინაარსი
რედაქტირებაპროლოგი
რედაქტირებაწიგნი იწყება პროლოგით, რომელიც შეიცავს ბეჭდის შექმნის, ჰობიტების და მაზრის ისტორიებს.
წიგნი I: წყვდიადის დაბრუნება
რედაქტირებათხრობა იწყება ბილბო ბეგინსის დაბადების დღის აღნიშვნით. გარდა მრავალი ნათესავისა, მასზე მოწვეულები არიან ჯუჯები და ჯასოსანი განდალფი. ბილბო და მისი ბიძაშვილისშვილი ფროდო ერთ დღეს აღნიშნავენ დაბადების წლისთავს.
წვეულების დროს ბილბო ყველას წინაშე მოულოდნელად აკეთებს განცხადებას და სამუდამოდ ემშვიდობება შაირის მოსახლეობას. ჯიბეში იგი მოულოდნელად გაიკეთებს თითზე მაგიურ ბეჭედს და ქრება. უხილავი ბილბო შინ ბრუნდება და აპირებს შაირიდან შუაველში წასვლას. ამ დროს კარგად გამოჩნდება, რომ ბეჭედს ცუდი თვისებებიც აქვს - მისი ბოროტი ძალა იზიდავს ბილბოს და არ აძლევს საშუალებას, დატოვოს იგი. განდალფი მაინც დაითანხმებს ბილბოს, ხოლო მისი წასვლის შემდეგ კონვერტში შეფუთულ ბეჭედს გადასცემს ფროდოს შესანახად. ამასობაში, ბილბოს კარს მოაწყდება მეზობლებისა და ნათესავების ბრბო, რომელსაც სურს საჩუქრების მიღება. მათ შორის გამოირჩევიან სეკვილ ბეგინსები, ოტო და ლობელია, ცოლ-ქმარი, რომელთაც სძულთ ბილბო, ისევე როგორც ბილბოს და შაირის ბევრ მცხოვრებს სძულს ისინი.
რამდენიმე ხნის შემდეგ ბეგ ენდში, ფროდოს საცხოვრებელში, ბრუნდება გელდალფი. იგი უყვება ფროდოს ბეჭდის საზარელ ისტორიას და უხსნის, რომ ბეჭედი სჭირდება შუახმელეთის მთავარ მტერს, საურონს, და იგი ყველანაირად ცდილობს, დაიბრუნოს ბეჭედი, რომელიც მას დაუბრუნებს ძალას და შუახმელეთში ბატონობის საშუალებას მიანიჭებს. განდალფი სთავაზობს ფროდოს მორდორში, ოროდროუნის ქვესკნელში ამ ბეჭდის ჩაგდებას, რადგანაც ეს ბეჭდის განადგურების ერთადერთი საშუალებაა. ფროდო თანხმდება, ხოლო გენდალდი აღმოაჩენს რომ მათ საუბარს უსმენდა სემ გემჯი, ფროდოს მეგობარი და მეეზოვე. სასჯელის სახით განდალფი სემს მოსთხოვს ფროდოსთან ერთად ამ მოგზაურობაში გამგზავრებას. მოგზაურობა გადაიდება შემოდგომისათვის, მაგრამ შუალედში განდალფი აღელვდება, დაეჭვდება და მიემგზავრება იზენგარდში, უმაღლესი მაგის, სარუმანის სანახავად. ფროდო, რომელსაც იგი სთხოვს მოცდას, რამდენიმე თვეში თავად დატოვებს ბეგ ენდს, სემ გემჯისთან და პერეგრინ (პიპინ) ტუკთან ერთად, მიჰყიდის რა მანამდე მთელ ბეგ ენდს ლობელიას (რომლის მეუღლეც გარდაიცვალა რამდენიმე წლით ადრე).
გზად ჰობიტები პირველად იხილავენ შავ მხედარს და შეხვდებიან ელფებს. ამის შემდეგ ისინი მიდიან სტუმრად მეგოტთან, ჰობიტთან, რომელსაც ჰყავს ავი ძაღლები. ფროდოს კარგად ახსოვს, რომ ბავშვობაში იგი შეიპარა მეგოტის ბოსტანში. თუმცა, მეგოტი აპატიებს ფროდოს და კარგად უმასპინძლდება. ამის შემდეგ მეგოტი გააცილებს მათ საკუთარი ურმით, გზაში კი ისინი ხვდებიან მერიადოკ ბრენდიბაკს, ფროდოს კიდევ ერთ მეგობარს. ერთად ისინი მცირე დროს გაატარებენ ბაკლენდში, მაგრამ შემდეგ მიემგზავრებიან სოფელ ბრიში. გზად მათ საკუთარი ტოტებით დაიჭერს მოხუცი ტირიფი, მაგრამ ჰობიტების დასახმარებლად ჩნდება ტომ ბომბადილი, ტოლკინის ლექსების პერსონაჟი. ბომბადილთან ჰობიტები ისვენებენ ორ დღეს, შემდეგ კი აგრძელებენ გზას. ისინი კვლავ ხიფათში არიან - ამჯერად ისინი აღმოჩნდებიან ყორღანების დაბლობზე, სასაფლაოს მსგავს ადგილზე, სადაც ყველა უმალ კვდება. ფროდოს დაძახებაზე ბომბადილი აქაც ჩნდება და ათავისუფლებს ნახევრადმკვდარ ჰობიტებს. ამის შემდეგ ისინი მიემგზავრებიან ბრიში.
ბრიში ისინი შეჩერდებიან სასტუმრო მოცეკვავე პონიში, რომლის მეპატრონეც, ბარლიმენ ბატერბერი თბილად მიიღებს ჰობიტებს. მაგრამ ფროდო მალავს ნამდვილ გვარს, რათა არავინ გაიგოს იგი - მას ეშინია, რომ მტერი შეიტყობს, თუ სად არის ბეჭედი (შავმა მხედრებმა იციან, რომ ბეჭედი აქვს ვინმე ბეგინსს), ამიტომაც თავს ანდერჰილის გვარის წარმომადგენლად ასაღებს. სასტუმროს მთავარი დარბაზის (სადაც დიდი ღრეობაა) კუთხეში იგი შეამჩნევს უცნაურ მამაკაცს, რომელიც საკუთარ სახეს მალავს. მამაკაცი იხმობს ფროდოს და თავს წარადგენს, როგორც მაწანწალას. იგი აფრთხილებს ფროდოს, რომ მას უცნაური შავოსნები ეძებენ. ამასობაში მთვრალი პიპინი კინაღამ მოჰყვება ყველაფერს ჰობიტების მიზნებზე (მოგზაურობაზე შუაველში და ბეჭდის ისტორიაზე) და ფროდო ცდილობს, ხალხის ყურადღება გაფანტოს. იგი ადის მაგიდაზე, მღერის მხიარულ სიმღერას, მაგრამ გადმოვარდება, ხოლო ბეჭედი მოულოდნელად აღმოჩნდება მის თითზე და ფროდო ქრება. ეს დიდ ხმაურს გამოიწვევს, ხოლო მოცეკვავე პონიში მყოფი ორი უცნაური მომსწრე ტოვებს იქაურობას.
სასტუმროს ერთ-ერთ ნომერში მაწანწალა უხსნის ფროდოს, რომ საშიშროება მართლაც დიდია და აუცილებელია ბრიდან წასვლა. ამასობაში ბარლიმან ბატერი ფროდოს გადასცემს განდალფის წერილს, რომელიც ამ უკანასკნელმა მას რამდენიმე თვის წინ დაუტოვა. წერილში წერია, რომ მაწანწალა განდალფის მეგობარია.
ამ დროს ოთახში შემორბის მერიადოკი, რომელიც შეატყობინებს ყველას, რომ სოფელში გამოჩნდნენ შავი მხედრები. არაგორნი ვარაუდობს, რომ ისინი ჰობიტებს ძიებას დაიწყებენ იმ ოთახში, რომელსაც მრგვალი ფანჯრები აქვს (შაირში ყველა ჰობიტის სახლს აქვს მრგვალი ფანჯრები და კარები).
ღამით შავი მხედრები შედიან სასტუმროს იმ ნომერში, სადაც, მათი ვარაუდით უნდა იყვნენ ჰობიტები. ისინი ხმლებით ანადგურებენ საძინებელს, მაგრამ აღმოაჩენენ, რომ ჰობიტების მაგივრად საწოლებში ბალიშები ეწყო. ჰობიტები გადარჩენილები არიან, მაგრამ აღმოჩნდება, რომ შავმა მხედრებმა მათი პონები წაიყვანეს.
მეორე დილით მაწანწალა ჰობიტებს წაიყვანს ბრიდან. რამდენიმე დღის შემდეგ ისინი აღმოჩნდებიან ქარების გორაზე (ამონ სული). არაგორნი დროებით ტოვებს ჰობიტებს და სადღაც ახლოს დადის, ამასობაში კი ოთხეულს მიუახლოვდება შავოსნების ჯგუფი. ერთ-ერთი მათგანი, ანგმარელი მეფე-ჯადოქარი მხარში დაჭრის ფროდოს. არაგორნის ებრძვის შავოსნებს, შემდეგ კი, ჰობიტებთან ერთად, მიემართება შუაველში. გზად მათ ხვდება ელფი გლორფინდელი. ამასობაში ფროდოს ჭრილობა უფრო მეტად მწვავდება და გლორფინდელი მას უშვებს მარტო, პონიზე ამხედრებულს. ფროდოს დაედევნებიან შავოსნები, მაგრამ მდინარე, რომელსაც ფროდო გადაკვეთავს, აბობოქრდება და, თეთრ ცხენებად ქცეული, დაემხობა შავოსნებს. დაღლილი და სიკვდილის პირას მდგარი ფროდო გონებას კარგავს.
წიგნი II: ბეჭდის საძმო
რედაქტირებაფროდო იღვიძებს ელრონდის სახლში, შუაველში. განდალფი, რომელიც იქვე იმყოფება, უყვება მას, რომ სარუმანმა უღალატა ჯადოქრების ორდენს და საურონთან ერთად ცდილობს შუახმელეთის დამონებას.
მოგვიანებით, როდესაც იგი უკეთ იგრძნობს თავს, ფროდო აღმოაჩენს, რომ ელრონდის სახლში ცხოვრობს ბილბო, რომელიც აქვე წერს თავის მემუარებს. ისინი ერთად ესწრებიან ელრონდის საბჭოს, სადაც ასევე შუახმელეთის სხვადასხვა ნაწილიდან მოვლენილები არიან: ჯუჯა გიმლი, ელფი ლეგოლასი და გონდორის წარმომადგენელი ბორომირი. საბჭოზე გადაწყდება, რომ ფროდო (საკუთარი სურვილით) წაიღებს ბეჭედს მორდორში და ჩააგდებს მას ოროდრუინის ქვესკნელში, სადაც იგი შეიქმნა. ფროდოს დახმარებას სთავაზობენ როგორც ლეგოლასი, გიმლი და ბორომირი, ასევე არაგორნი, განდალფი და მისი შაირელი მეგობრები - სემი, პერეგრინი და მერიადოკი. ბილბოს სურს მათთან ერთად გამგზავრება, თუმცა ყველა თვლის, რომ მისი როლი ბეჭდის ისტორიაში დასრულებულია. მაგრამ იგი მაინც ეხმარება ფროდოს და სჩუქნის მითრილის პერანგს და თავის ხმალს სახელად ნესტარი. ხოლო არაგორნისათვის აღადგინეს ხმალი ნარსილი, რომელიც დამსხვრეული იქნა ადამიანებისა და ელფების უკანასკნელი გაერთიანებისას. არაგორნმა მას ანდურილი უწოდა.
საერთო ჯამში, შუაველში რამდენიმე თვის ყოფნის შემდეგ ბეჭდის გასანადგურებლად შექმნილი საძმო, რომელიც შედგა ცხრა პირისგან, გეზს იღებს მორდორისაკენ. მოქმედება მიმდინარეობს დეკემბრის თვეში.
ისინი მიდიან დათოვლილი კარადრასის მთების გავლით, სადაც მათ ვარგები ესხმიან თავს. განდალფის დახმარებით, რაზმი გადარჩენილია და ყველა მიემართება მორიაში, ჯუჯების მიწისქვეშა სამეფოში. იქ ისინი აღმოაჩენენ, რომ მთელი სამეფო განადგურებულია მტრის მიერ. მორიაში მოულოდნელად ჩნდებიან ორკები.რაზმი შესძლებს მათ თავიდან მოცილებას, მაგრამ შეეხაჯება ახალ მტერს - ბალროგს, ბნელეთის დემონს. განდალფი ებრძვის მას კჰაზად-დუმის ხიდზე, მაგრამ ბალროგი ვარდება ქვესკნელში და თან ითრევს განდალფსაც.
გულგატეხილი რაზმი ტოვებს მორიას და, არაგორნის მეთაურობით, მიემართება ლოტლორიენში. გზად მათ ხვდება ელფი ჰელდირი, რომელიც ლოტროლიენის გზაზე მიჰყვება. რაზმი შედის კარას გალადრონში, ელფების სამეფოში, რომელსაც ბევრი თვლის საშიშ ტყედ და კუდიანის საცხოვრებლად. მათთან შესახვედრად გამოდიან კელებორნი და გალადრიელი.
ლოტლორიენში სტუმრობისას სემი და ფროდო იხედებიან გალადრიელის სარკეში (დიდ თასში, რომელიც კარას გალადონის სამხრეთ დაბლობზე მდებარე ბაღში იდგა). სემი ხედავს შაირის შესაძლო მომავალს, რომელიც მხოლოდ შესაძლო მომავალია. ფროდო ხედავს საშინელ თვალს - საურონის თვალს, რომელიც მას იხმობს. იგი შეშინებულია და საკუთარ ბეჭედს სთავაზობს გალადრიელს. გალადრიელი უძლებს ცდუნებას და ფროდო კიდევ ერთხელ რწმუნდება, რომ ბეჭედი მხოლოდ მისი ტვირთია.
რაზმი მიუყვება ამონ ჰენის დიდ მდინარეს და მის მარჯვენა მხარეს გადმოდის ნაპირზე. იქ დაბანაკებულ რაზმს დროებით ტოვებს ფროდო - რათა საკუთარ მიზნებსა და ფიქრებში გაერკვიოს. მასთან მიდის ბორომირი, რომელმაც კარგად იცის, რომ ბეჭდის დახმარებით მას საშუალება მიეცემა, გადაარჩინოს გონდორი და მამის, დენეთორის წინაშე კიდევ ერთხელ მოიპოვოს ნდობა და დიდება. იგი ცდილობს წაართვას ფროდოს ბეჭედი, მაგრამ ფროდო იკეთებს ბეჭედს, ქრება და გარბის. ბორომირი უეცრად ხვდება, რომ საშინელი შეცდომა ჩაიდინა და უბრუნდება საძმოს. სემი გამქრალია. იგი გარბის მდინარესთან და ხედავს, რომ ფროდო ცდილობს ნავით გაქცევას. ფროდო თვლის, რომ მარტო უნდა წაიღოს ბეჭედი, მაგრამ სემს არ შეუძლია მისი მარტო გაშვება. ორივე მიემართება ემინ მუილის მთებთან, საიდანაც შესაძლებელია მორდორში მოხვედრა.
მთავარი მოქმედი პირები
რედაქტირება- ფროდო ბეგინსი: ახალგაზრდა ჰობიტი, რომელსაც ანდეს ბეჭდის ბედი
- სემუაიზ გემჯი (სემი): ჰობიტი, რომელიც შაირში ცხოვრებისას ბილბოსა და ფროდოს მებაღე იყო. იგი ფროდოს საუკეთესო მეგობარია.
- მერიადოკ ბრენდიბაკი (მერი): კიდევ ერთი ჰობიტი და ფროდოს მეგობარი.
- პერეგრინ ტუკი (პიპინი): ჰობიტი, რომელიც მოგზაურობს ფროდოსთან, მერისთან და სემთან ერთად.
- რუხი განდალფი: იდუმალი ჯადოქარი, რომელიც მონაწილეობს ფროდოს მოგზაურობაში. იგი ეხმარება ფროდოს, სანამ არ ვარდება მორიას ქვესკნელში
- არაგორნი (მაწანწალა): ჩრდილოეთიდან მოსული მეკვლე, რომელიც აღმოჩნდება მეფის ტახტის მემკვიდრე
- ლეგოლასი: გამოცდილი მშვილდოსანი ელფი, რომელიც მონაწილეობს მოგზაურობაში შუაველიდან.
- გიმლი: ჯუჯა, გლოინის ვაჟი. იგი ასევე მონაწილეობს მოგზაურობაში და იბრძვის ნაჯახით.
- ბორომირი: დენეთორის ვაჟი, რომელსაც შეაცდენს ბეჭედი.
- გოლუმი: ბოროტი არსება, რომელიც აქა-იქ ჩნდება წიგნში. იგი თვალს ადევნებს ფროდოს და მის რაზმს.