ტომ ბომბადილი
ტომ ბომბადილი — პერსონაჟი ჯ.რ.რ. ტოლკინის ლეგენდარიუმში. იდუმალი ფიგურა, რომელიც არდის დასაბამიდან არსებობდა. ცხოვრობდა რა უღრან ტყეში, იგი ირგვლივ ყოველივეს მართავდა. მიუხედავად იმისა, რომ ტომი სიკეთის მხარეს იყო, მისი არდის ომებში პირდაპირი მონაწილეობის შესახებ ცნობილი არაფერი არის.
ტომი ნახსენებია ჰობიტების თქმულებებში და ლექსებში, როგორიც არის „ტომ ბომბადილის თავგადასავლები“. როგორც პერსონაჟი, ჩნდება „ბეჭდების მბრძანებელში“.
წარმოშობა
რედაქტირებატომის წარმოშობა უცნობია, თუმცა, ცნობილია, რომ იგი უკვე არსებობდა, როდესაც არდაში ბნელი მბრძანებელი გამოჩნდა, რაც ნიშნავს, რომ იგი ვალარების მოსვლამდეც არსებობდა. ტოლკინი უარყოფდა, რომ ტომი თავად ერუ ილუვატარი იყო[1].
ტომის როლი ადრეულ ეპოქებში უცნობია, თუმცა ვარაუდობენ, რომ იგი იქნებოდა უამრავი ბრძოლის თუ ომის მომსწრე. მისი ურთიერთობა გარე სამყაროსთან ბოლომდე ნათელი არ არის, თუმცა, აშკარაა, რომ იგი სხვადასხვა ხალხის თქმულებებში მოხვდა - როგორც ელფების, ასევე ჯუჯების და ადამიანების.
მესამე ეპოქაში ბომბადილი ცხოვრობდა ძველისძველ ტყეში, თავის მეუღლე ოქროკენკრასთან ერთად. ცნობილია, რომ ბაკლენდის მოსახლეობა და ფერმერი მეგოტი მას კარგად იცნობდნენ.
ვინაიდან იყო მხიარული[2] და კეთილმოსურნე, თავისუფალი ხალხის ნაწილი მას პოტენციურ მოკავშირედ თვლიდა. მაგალითად, შუაველში გამართული საბჭოს დროს ელრონდი და ერესტორი ახსენებენ, რომ კარგი იქნებოდა მისი იქ ყოფნა. თუმცა, განდალფი თვლიდა, რომ ტომი თავისი თავის ბატონი იყო და არ შეეძლო ბეჭდის დამორჩილება თუ სხვების დაცვა. იგი, მისი თქმით, ჩაკეტილი იყო საკუთარ საზღვრებში და „იქიდან არაფრის დიდებით არ გამოვიდოდა, ალბათ, სანამ ქვეყნიერება არ გარდაიქმნებოდა“.
ბეჭდის ომის პერიოდი
რედაქტირებამესამე ეპოქის 3018 წლის 26 სექტემბერს ტომი შეხვდა ოთხ ჰობიტს. აქედან ორი, მერიადოკი და პერეგრინი, დაიპყრო ბებერმა ტირიფმა. ტომმა, როგორც ტყის პატრონმა, ჰობიტები გადაარჩინა და თავისთან მიიყვანა.
ჰობიტებმა მასთან ორი ღამე დაჰყვეს და ტომმა მრავალი ზღაპარი თუ ლექსი უამბო. მან ეშმაკურად აიძულა ფროდო, ეამბო ბეჭდის შესახებ და ბეჭედი თავადაც გაიკეთა, მაგრამ არაფერი დაემართა. როდესაც ბეჭედი ფროდომ გაიკეთა, ტომი მას მაინც ხედავდა.
მეორე დილით ტომმა სტუმრები გააფრთხილა ნისლიანი ყორღანების შესახებ და ასწავლა სიმღერა, რომელიც უნდა წაემღერათ, თუკი საფრთხე ემუქრებოდათ. როდესაც ჰობიტები ყორღანებზე გამოიჭირეს, ტომი მათ კვლავ დაეხმარა და თან მოიყვანა მერიადოკის კუთვნილი პონიც. დიდი განძეულიდან, რომელიც ყორღანებში იყო დამარხული, მან ყოველ ჰობიტს ხმალი გადასცა და გაუშვა სერისკენ, ფუნდუკ „ყალყზე შემდგარი პონის“ საძიებლად.
ეტიმოლოგია და სხვა სახელები
რედაქტირებაელფებისთვის და დუნედაინებისთვის ტომი ცნობილი იყო „იარვაინ ბენ-ადარის“ სახელით. ანდუინთან და როჰანში მცხოვრები ხალხი მას იცნობდა, როგორც ორალდს (Orald). ეს ძველი ინგლისურიდან აღებული სიტყვაა, რაც ნიშნავს „ძალიან ძველს“. ჯუჯებს შორის ტომს იცნობდნენ, როგორც ფორნს. Forn ძველ სკანდინავიურში აღნიშნავს უძველესი დროიდან მოსულს.
ცნობილია, რომ „ტომ ბომბადილი“ ბაკლენდური სახელია, რომელიც ჰობიტების ქრონიკაში მოგვიანებით ჩაიწერა.
ადაპტირებებში
რედაქტირებატომი არ ფიგურირებს რომელიმეში სამი ძირითადი დადგმიდან - რალფ ბაკშის ფილმში, BBC-ის 1981 წლის რადიო-სერიალში და პიტერ ჯექსონის ფილმებში. მიუხედავად ამისა, იგი გამოჩნდა სხვა ადაპტირებებში - მაგალითად, ვიდეო თამაშებში. პიტერ ჯექსონის ფილმებთან დაკავშირებულ საკოლექციო ბარათებს შორის არის დამატებითი, რომელზეც მას ჰარი უელერჩუ განასახიერებს[3].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ტომ ბომბადილი — საიტზე Tolkien Gateway
სქოლიო
რედაქტირება- ↑ (1981) ჯ. რ. რ. ტოლკინის წერილები. Houghton Mifflin. ISBN 0-395-31555-7.
- ↑ ტოლკინი, ჯ. რ. რ. (1987). ბეჭდის საძმო. Del Rey, ნიუ-იორკი, გვ. 154.
- ↑ McCracken, Kathy. (22 July 2004) The Making of the Weta "Book Cards": Casting and Costuming. Decipher Inc. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-03-19. ციტირების თარიღი: 2006-07-03.