მეფის დაბრუნება
„მეფის დაბრუნება“ (ინგლ. The Return of the King) — ჯ.რ.რ. ტოლკინის ეპიკური რომანის „ბეჭდების მბრძანებელი“ მესამე წიგნი, რომლის მოქმედებას ადგილი აქვს შუახმელეთში. წიგნი გამოვიდა 1955 წლის 20 ოქტომბერს.
„მეფის დაბრუნება“ | |
---|---|
The Return of the King | |
ორიგინალური გამოცემის ყდა | |
ავტორი | ჯ.რ.რ. ტოლკინი |
ქვეყანა | ინგლისი |
ენა | ინგლისური |
სერია | ბეჭდების მბრძანებელი |
ჟანრი | ფენტეზი |
გამომცემელი | George Allen & Unwin |
გამოცემის თარიღი | 20 ოქტომბერი, 1955 |
მთარგმნელი | ნიკა სამუშია |
ქართულად გამოიცა | იანვარი 2011 |
მედია | მაგარი და რბილი ყდები |
გვერდი | 467 (2011 წლის ქართული გამოცემა) |
წინამორბედი | „ორი ციხე-კოშკი“ |
ISBN |
99940-34-14-7 (2011 წლის ქართული გამოცემა) |
სახელწოდება
რედაქტირებათავდაპირველად ტოლკინს ამ რომანის ერთი წიგნის სახით გამოცემა სურდა. ეს ნიშნავს, რომ ექვს ნაწილად დაყოფილი რომანი, დამატებითი მასალებით, უნდა გამოცემულიყო ერთიანი სახით. გამომცემელმა კი, როდესაც საუბარი მიდიოდა ცალკე წიგნებზე, მას მესამე წიგნის გამოცემისათვის შესთავაზა სხვა სახელი, თუმცა ტოლკინი თავად უპირატესობას ანიჭებდა „მეფის დაბრუნებას“.[1]
მოკლე შინაარსი
რედაქტირებაწიგნი V: ბეჭდის ომი
რედაქტირებაგანდალფი და პიპინი მიემგზავრებიან მინას ტირითში, გონდორის სამეფოში, რათა დენეთორს, გონდორის მოურავს, ამცნონ, რომ მის ქალაქს მალე საურონის ჯარები მოადგებიან. პიპინი საჯაროდ დებს ფიცს, რომ ემსახურება დენეთორს, ვინაიდან თვლის, რომ ბორომირი, დენეთორის ვაჟი, მისი და მერის დაცვისას იქნა მოკლული. ჯარი სულ უფრო და უფრო მოიწევს მინას ტირითის კედლებთან, ხოლო დენეთორი სულ უფრო მეტ უიმედობას განიცდის. ბორომირის უმცროსი ძმა ფარამირი ბრუნდება შინ, მაგრამ დენეთორი მას უბრძანებს, ოსგილიათი დაიცვას. ბრძოლის დროს ფარამირი სასიკვდილოდ არის დაჭრილი. მას სახლში გადმოასვენებენ. ჩანს, თითქოს იგი მკვდარია. სასოწარკვეთილი დენეთორი გადაწყვიტავს, დაწვას მისი და საკუთარი თავიც. მინას ტირითს კი ამ დროს ორკები ახვევია.
ამასობაში როჰანი|როჰანში თეოდენი და მისი როჰირიმები ისვენებენ ჰორნბურგის დაცვის შემდეგ. არაგორნი შემთხვევით იხედება პალანტირში და ხვდება, რომ საურონი ახალ დარტყმას აპირებს. იგი გადაწყვიტავს, გონდორის დასახმარებლად გაემგზავროს. მას აქვს სურვილი დაეხმაროს სამეფოს ფიცის გამტეხთა არმიით. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც შეჰპირდნენ მეფე ისილდურს, რომ დაეხმარებოდნენ საურონთან ბრძოლისას. მაგრამ გადამწყვეტ მომენტში მათ უარი თქვეს დახმარებაზე. ამიტომ, სამუდამო წყევლის ძალის ქვეშ მყოფნი, ისინი კვლავ ცხოვრობენ დუნჰაროუს ტერიტორიაზე სულების სახით და ელოდებიან, რომ მეფის მემკვიდრე მოუხმობს ერეხის ქვასთან და ისინი ფიცით დათქმულს აღასრულებენ. არაგორნს ეხმარებიან ლეგოლასი და გიმლი, ისევე როგორც არნორის მზვერავები (რუხი რაზმი). მეფე თეოდენი ამასობაში, როჰირიმებთან ერთად, თავად მიემგზავრება გონდორის დასახმარებლად. მერის, რომელსაც სწადია მეომრების დახმარება, თეოდენი უარს ეუბნება და უბრძანებს, ედორასში დარჩეს. მიუხედავად ამისა, ჰობიტს თან გაიყოლებს მეომარი დერნჰელმი. გადაცმული მერი იმალება როჰირიმებს შორის.
მორდორის ჯარს წინ მიუძღვის ანგმარის გრძნეული მეფე. ჯარი არღვევს ქალაქის დაცვას, მაგრამ მათ როჰირიმები უტევენ. არაგორნი ამასობაში, ფიცის გამტეხებთან ერთად ანადგურებს მტრის დასახმარებლად მოვლენილი უმბარელ მეკობრეებს, რითაც ფიცის გამტეხნი აღასრულებენ დანაპირებს და სამუდამოდ ტოვებენ სამყაროს. არაგორნი ათავისუფლებს უმბარელთა მიერ დატყვევებულ გონდორელებს, რომლებიც მას უერთდებიან. მორდორის ჯარები შეცბუნებულები არიან სამეფო დროშის დანახვით, რომელიც მომდგარ გემებზეა აფრიალებული.
პელენორის მინდვრებზე ბრძოლაში გრძნეულ მეფეს დაჭრის დერნჰელმი, რომელიც ეოვინი აღმოჩნდება. მას მერიც ეხმარება. ამგვარად, როჰანი თავისუფლდება, მაგრამ ომში იღუპება არაერთი გონდორელი და როჰანელი, ისევე როგორც მეფე თეოდენი. დენეთორი ცდილობს, ფარამირთან ერთად თავი დაიწვას, მაგრამ განდალფი და პიპინი გადაარჩენენ უკანასკნელს, რომელსაც შემდგომში არაგორნი განკურნავს. დენეთორი იღუპება.
არაგორნი ასევე განკურნავს მერისა და ეოვინს, რომლებიც გრძნეულმა მეფემ დაჭრა. იციან რა, რომ საურონისათვის შემდეგი დარტყმის მომზადება მხოლოდ დროის საკითხია, განდალფი და არაგორნი გადაწყვიტავენ ჯარები ბნელ კარიბჭესთან შეკრიბონ, რათა მტრის თვალი ფროდოსა და სემს აარიდონ, რომლებმაც უხილავად ბედისწერის მთამდე უნდა მიაღწიონ და გაანადგურონ ძალაუფლების ბეჭედი. ბნელ კარიბჭესთან იწყება დიდი ბრძოლა. მოკლული ტროლი ეცემა პიპინზე, რომელიც დიდი არწივების მოახლოებისას გონებას კარგავს.
წიგნი VI: მეფის დაბრუნება
რედაქტირებასემი, რომელიც ბეჭედს ფროდოს მაგივრად ატარებს, თავის მეგობარს ორკებისგან გადაარჩენს, კირით უნგოლზე მდებარე ციხე-კოშკიდან. ორი ჰობიტი დახეტიალობს მორდორის უდაბურ მიწებზე. მათ ხვდება ორკთა ლაშქარი, რომელიც ორკებად გადაცმულ მეგობრებს მათთან ერთად სვლას აიძულებს. თუმცა ისინი მაინც გარბიან.
განდალფის გეგმა წარმატებულია: მორდორია თითქმის დაიცალა, ყველა დარჩენილი ორკის ძალა მიმართულია დასავლეთის ჯარების მოგერიებაზე. ფროდო და სემი ბედისწერის მთასთან ახლოს არიან. როდესაც ფროდო მზად არის, ბეჭედი ოროდრუინის გულში ჩააგდოს, იგი გადაწყვეტილებას იცვლის, ბეჭდის ძალას ემორჩილება და ბეჭედს თითზე იკეთებს. ამ დროს გამოქვაბულში ჩნდება გოლუმი, რომელიც ჰობიტებს ფარულად მიჰყვებოდა. იგი ფროდოს ახტება და თითს აჭამს. მას შემდეგ, რაც ბეჭედს იბრუნებს, იგი უზომოდ გახარებულია, მაგრამ წონასწორობას კარგავს და ცეცხლოვან ლავაში ეშვება, ბეჭედთან ერთად. ამით ბეჭედიც სამუდამოდ განადგურებულია.
შუახმელეთის საურონის ბატონობისგან თავისუფალია. ფროდოსა და სემს მორდორის ნანგრევებიდან გიგანტური არწივები გადაარჩენენ. საურონის დაცემის შემდეგ მისი ჯარები პანიკაში არიან და თავს გაქცევით შველიან. საურონი ერთი წამით ჩნდება გიგანტური აჩრდილის სახით, რომელიც ცდილობს ადამიანთა ჯარებამდე მიაღწიოს, მაგრამ მისი ძალა ილევა და აჩრდილი ქარს მიაქვს. მისი ქვეშევრდომი ადამიანები შეწყალებულები არიან და შინ ბრუნდებიან.
არაგორნი გონდორის მეფე ხდება. მისი მეფედ აღმასვლის პროცესი იწყება მინას ტირითთან. ამ ცერემონიისას ოთხივე ჰობიტი უმაღლესი წოდებებით არის დაჯილდოებული, ბეჭდის ომში დამსახურებათა გამო. ფარამირი სამართავად ითილიენს იღებს. მეფე ელესარი მას გონდორის მოურავობასაც მიანიჭებს. ფარამირი და ეოვინი ქორწინდებიან. არაგორნი ქორწინდება არვენთან, ელრონდის ასულთან.
დამშვიდობებათა შემდეგ ჰობიტები ბრუნდებიან შინ. მაგრამ მაზრა განადგურებული ხვდებათ, ხოლო მისი მაცხოვრებლები დამონებულები არიან ლოტო სეკვილ-ბეგინსის მიერ, რომელიც თავის მხრივ ვინმე „შარკის“ მიერ იმართება. შარკი მთლიანად აკონტროლებს მაზრას და ამისათვის იყენებს მის მხარეს გადასულ ადამიანებსა და იზენგარდის ნახევარორკებს. მის მიერ ასევე დაწყებული იქნა ქვეყნის სრულიად უადგილო ინდუსტრიალიზაცია, რომლის ფარგლებშიც ამოჩეხილი იქნა მრავალი ხე. ჰობიტების ოთხეული ადგენს მაზრის გათავისუფლების გეგმას. ისინი ჰობიტების აჯანყებას სათავეში უდგებიან და წყლისპირასთან ბრძოლაში ადამიანებზე იმარჯვებენ.
ჰობიტები ბრუნდებიან შინ, მაგრამ ბეგ-ენდის კართან ხვდებიან შარკის, რომელიც აღმოჩნდება სარუმანი და მის მსახურ გრიმა ენაგესლს. მიუხედავად იმისა, რომ სხვა ჰობიტები სარუმანს მოკვლას უპირებენ, ფროდო მას შეიცოდებს და განდევნილად აცხადებს. დამარცხებული სარუმანი გრიმას უხეშად მიმართავს. პასუხად უკანასკნელი თავის ბატონს ყელს ჭრის. გაქცეულ გრიმას ჰობიტი მშვილდოსნები კლავენ.
მაზრა დროთა განმავლობაში ჩვეულ ცხოვრებას უბრუნდება. მრავალი ხე ხელახლა აღმოცენდება, დანგრეული შენობები ხელახლა იგება. სემი ქორწინდება როზი კოტონთან, რომელიც დიდი ხნის მანძილზე უყვარდა. მერი და პიპინი ბაკლენდსა და ტუკბოროუს ააყვავებენ. მაგრამ ფროდო ვერ ეგუება თავის ჭრილობებს (როგორც პირდაპირი, ასევე გადატანითი მნიშვნელობით). განდალფთან, ბილბო ბეგინსთან და ელფებთან ერთად იგი ტოვებს შუახმელეთს. სემი, მერი და პიპინი შინ ბრუნდებიან. წიგნი სრულდება სემის შინ დაბრუნებით, რომელიც თავის ოჯახს ხვდება.
შეფასება
რედაქტირებაგამოცემის The New York Times ფურცლებზე ვისტენ ჰიუ ოდენმა მეფის დაბრუნებას მაღალი შეფასება მისცა, ხოლო მთლიანად ბეჭდების მბრძანებელს უწოდა ჟანრის შედევრი.[2]
ადაპტაციები
რედაქტირება- მეფის დაბრუნება, 1980 წლის ანიმაციური ფილმი, რომელიც ტელევიზიისთვიის შეიქმნა, გახმოვანებული ორსონ ბინისა და ჯონ ჰიუსტონის მიერ.
- ბეჭდების მბრძანებელი: მეფის დაბრუნება, 2003 წლის ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოს მფლობელი ფილმი, გადაღებული რეჟისორ პიტერ ჯექსონის მიერ.
- თეატრი
- ბეჭდების მბრძანებელი, მიუზიკლი
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ კარპენტერი, ჰამფრი, რედ. (1981), ჯ. რ. რ. ტოლკინის წერილები, ბოსტონი: Houghton Mifflin, no. 140, ISBN 0-395-31555-7
- ↑ Auden, W.H.. (22 January 1956) At the end of the Quest, Victory. The New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 ნოემბერი 2014. ციტირების თარიღი: 28 December 2010.