ტროლი (შუახმელეთი)
ტროლები ჯ.რ.რ. ტოლკინის ლეგენდარიუმში — გიგანტური, ნაკლებად განვითარებული არსებები.
ისინი უფრო მეტად ემსახურებოდნენ მტერს, ვიდრე საკუთარ თავზე ზრუნავდნენ. ადამიანის მსგავსი ფიზიკური მონაცემების მქონე, ხშირად ტლანქი ტროლების ფეხებს, რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, თითები არ გააჩნდათ, ხოლო სისხლი შავი ფერის ჰქონდათ.
როგორც წესი, ისინი გონებრივად განუვითარებლები იყვნენ. რამის აშენების ან შექმნის ნიჭი არ ჰქონდათ. ამის სანაცვლოდ იპარავდნენ ხალხის ქონებას და მას თავიანთ გამოქვაბულებში მალავდნენ. საკუთარი ენა არ ჰქონდათ, თუმცა ზოგიერთი ერიადორელი ქვის ტროლი საუბრობდა საერთო ენაზე, ხოლო საურონმა მათ ნაწილს ასწავლა ბნელი ენა.
ტროლები არაჩვეულებრივად მძლავრები იყვნენ. მოკვლა მათი თითქმის შეუძლებელი იყო. მაგრამ სისუსტე ერთად-ერთი ჰქონდათ - მზის შუქზე ისინი სამუდამოდ ქვავდებოდნენ.
ტროლები ცხოვრობდნენ მორდორში, ბნელტევრის სამხრეთით, მორიის მთებთან და ნისლიან მთებში და ერიადორის გარკვეულ ტყეებშიც. ისინი სხვადასხვა ადგილას იკეთებდნენ საცხოვრებელს. არსებობდნენ გამოქვაბულის ტროლები, გორის ტროლები და მთის ტროლები. შესაძლებელია, რომ თოვლიან ადგილებში თოვლის ტროლებიც არსებობდნენ. ასეთი იყო ჰელმ უროსხელი - თუმცა მსგავსი არსებების შესახებ არაფერია ცნობილი. ქვის ტროლები, შესაძლოა, ასევე გამოირჩეოდნენ, მაგრამ, მეორე ვერსიით, ასე უწოდებდნენ ყველა გაქვავებულ ტროლს.
მაგრამ, სხვა ვერსიით ტროლები თავად წარმოიშვნენ ქვისგან. ამბობენ, რომ ისინი შექმნა მორგოთმა, ალბათ, ელფების ერთგვარი პაროდიისათვის. ტოლკინი თავად არ იყო დარწმუნებული მათი წარმოშობის თეორიის შესახებ:
„არ ვარ დარწმუნებული მათზე. ვფიქრობ, ისინი უფრო ყალბები იყვნენ...მაშასადამე...ისინი ქვის სახეს იღებდნენ, როდესაც არ ექცეოდნენ სიბნელეში. მაგრამ ამ ქვის ტროლების გარდა ბევრი სხვაც არის, რომელთა წარმოშობის დადგენა შესაძლებელია“ — ჯ.რ.რ. ტოლკინის წერილები, #153
სხვა ტიპის ტროლებში ტოლკინი სავარაუდოდ გულისხმობდა ოლოგ-ჰაებს, ტროლის ზებუნებრივ სახეობას, რომელიც საურონმა მესამე ეპოქის დასასრულს შექმნა. უცნობია, როგორ მოხდა ეს, მაგრამ ტოლკინი ოლოგ-ჰაების განხილვისას ვარაუდობს, რომ აშკარა იყო, რომ ეს იყო პრიმიტიული ადამიანური ტიპის დამახინჯება.
ოლოგ-ჰაი, როგორც ცნობილია, მზის შუქისადმი გამძლე იყო და სხვა ჯიშებზეც უფრო მეტად ეშმაკური. კანი ოლოგ-ჰაებს უფრო სქელი ჰქონდათ, მათ იცოდნენ ბნელი ენა, თუმცა თავად იშვიათად საუბრობდნენ. ისინი ცხოვრობდნენ საურონის სამფლობელოსთან, დოლ გულდურთან, სამხრეთ ბნელ ტყესთან და მორდორის მთებში. ოლოგ-ჰაები მთლიანად საურონის მიერ იმართებოდნენ და მხოლოდ მასზე მუშაობდნენ.
საურონის მომძლავრებასთან ერთად, ტროლები შუახმელეთში სულ უფრო და უფრო საშიშ არსებებს წარმოადგენდნენ. არაგორნის პაპა, არადორი, მაგალითად, მოკლული იქნა 2930 წელს, ამ შემთხვევაში – გორის-ტროლების მიერ.
2941 წელს, თავისი ცნობილი მოგზაურობისას, ბილბო გადაეყარა სამ ტროლს - ტომს, ბერტს და უილიამს. სამივემ დაიჭირა ის, მაგრამ ვერა და ვერ მოიფიქრა, რა ბედი უნდა ეწიოს მას, ამ საუბარში კი დადგა განთიადი, რომელმაც ისინი ქვად აქცია. ამის შემდეგ განდალფმა, ბილბომ და ჯუჯებმა მათი გამოქვაბული აღმოაჩინეს, სადაც იპოვეს ხმლები - გლამდრინგი, ორკრისტი და ნესტარი - ეს უკანასკნელი წლების შემდეგ ფროდო ბეგინსმა საკუთარი ბიძისგან მიიღო. გზად შუაველში მან აგრეთვე საკუთარი თვალით იხილა გაქვავებული სამეული. თუმცა, თავადაც შეხვდა გამოქვაბულის ტროლს - მორიაში, სადაც ტროლი მის მიერ ნესტარით ფეხში იქნა დაჭრილი.
ტროლები აქტიურად მონაწილეობდნენ ბეჭდის ომის უშუალო ბრძოლებშიც. პელენორის მინდვრებზე გამართულ შერკინებაში მათ მინას ტირითის კარიბჭე გრონდად წოდებული საბრძოლო ბატარეით დაანგრიეს.
მორანონის ბრძოლა მიმდინარეობდა დღისით. ამიტომ არსებობს ვარაუდი, რომ მასში ოლოგ-ჰაები მონაწილეობდნენ. მათ ბევრი ადამიანი გაანადგურეს, მეთაურმა კი დაჭრა ბერეგონდი და უკვე მისწვდა მის ყელს, როდესაც პერეგრინ (პიპინ) ტუკმა დაჭრა ის თავის ხმლით, რომელსაც მოგვიანებით „ტროლის დაღუპვა“ უწოდა. მოგვიანებით გიმლიმ ცოცხალი პიპინი ამ ტროლის გვამის ქვეშ აღმოაჩინა.
საურონის დაცემის შემდეგ ტროლებმა დაკარგეს გონება და ლოგიკური აზროვნების უნარი. ნაწილმა თავი მოიკლა, ნაწილი კი დაიმალა. მეოთხე ეპოქის განთიადზე გონდორელები და როჰანი|როჰანელები კვლავ ნადირობდნენ საურონის მსახურებზე. ვარაუდობენ, რომ ტროლები კვლავ საშიშროებას წარმოადგენდნენ.
სინდარულად „ტროლი“ არის „ტოროგ“. ბნელ ენაზე იგივე სიტყვა ჟღერს ასე - „ოლოგ“. დაბოლოება „ჰაი“ არის კრებითი მრავლობითი რიცხვის აღმნიშვნელი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ტროლები — საიტზე Tolkien Gateway